ჭონქაძის ქუჩის მშვენება

Image

მე-19 საუკუნისა და მე-20-ე საუკუნის მიჯნაზე, ვაჭრობით გამდიდრებული თბილისის მოქალაქეები, ერთმანეთს მდიდრული და წარმოსადეგი სახლების შენებაში ეჯიბრებოდნენ.

4.6 4.koshki4.4.

ამ სტატიაში ორ შენობას გაგაცნობთ, რომელიც ერთ დროს გუდოვიჩის ქუჩის (ამჟამინდელი ჭონქაძის ქუჩა) მშვენება იყო. თუ ამ  ქუჩაზე გაივლით, თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს №4 და №12-ში მდებარე სახლები.

ჭონქაძის ქუჩის № 4-ში მდებარე ანა მადათოვას სახლი, მართლაც უნიკალური იყო. ეს გახლდათ რომანტიკული მოდერნის სტილის შენობა, ულამაზესი კოშკით. საინტერესო ისაა, რომ სახლი ქუჩის მხრიდან უხილავია. მას მაღალი ქვის გალავანი ფარავს, რომლის ზემოთ ერთ დროს ბაღი იყო გაშენებული. ახლა ჩვეულებრივი ეზოა. გალავნიდან გვირაბით სადარბაზოში მოხვდებით და  გრძელ კიბეს დაინახავთ, რომელიც სახლის ეზოში აგიყვანთ. ასეთი სიდიდის სადარბაზო-გვირაბი, თბილისში არსად გვხვდება. მხოლოდ ამ სადარბაზოდანაა  შესაძლებელი  სახლის მთავარ ეზოში მოხვედრა.

მხოლოდ  ეზოში მოხვედრისას დაინახავთ სახლს, რომელსაც ხის ლამაზი კოშკი ამშვენებს.

ჭონქაძის №4-ში მდებარე ბოზარჯიანცის სახლი, №12-ში არსებული მდიდრული სახლის მთავარი კონკურენტი იყო.

DSC_0197DSC_0208

1915 წელს, მერიამ კონკურსში გამარჯვებულ, ჭონქაძის №12-ში მდებარე შენობას, სპეციალური არქიტექტურული პრემია – „საუკეთესო ფასადი“ მიანიჭა. მას კიდევ, რუსეთის იმპერიის ხუთ საუკეთესო სახლის კონკურსში მე-2-ე პრემია აქვს აღებული. უნდა აღინიშნოს, რომ იმ წელს, პირველი პრემია საერთოდ არ გაცემულა.

სახლი თამბაქოს საწარმოს მფლობელ ვაჭარს, – ბოზარჯიანცს ეკუთვნოდა. ბოზარჯიანცი იყო პირველი თბილისელი, რომელსაც საკუთარი ავტომანქანა ჰყავდა, რომელიც პარიზიდან გამოიწერა, თავისივე მძღოლთან ერთად.

ამ სახლში მრავალი მხატვრული ფილმის სცენები იქნა გადაღებული. მათ შორის იყო „დათა თუთაშხია“.

შენობის არქიტექტორი ოგაჯანოვი გახლდათ. ეს შენობა, მოდერნის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მაგალითია. სახლი შემოსაზღვრულია თაღით, რომელიც ღია-რუხი ფერის მსხვილი ქვისაგანაა აწყობილი. ფოიე კაფელითაა მოპირკეთებული. ამ სახლს, დღესაც ამშვენებს ბროლის მინები.

1917 წელს, ბოზარჯიანცის ოჯახმა ევროპას მიაშურა. პატრონის გარეშე დარჩენილი ძვირფასი სახლი კი მუნიციპალიზებული ბინების რიცხვს მიემატა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელიტის „უბინაო“ ნაწილის საცხოვრებელ სახლად გადაიქცა. ერთი ოჯახის მყუდრო ცხოვრებისთვის გამიზნული სახლი, რომელსაც თბილისელები „მადამ ბოზარჯიანცის სახლს“ უწოდებდნენ, საერთო საცხოვრებელს დაემსგავსა.

DSC_0213

1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში მეთერთმეტე წითელი არმიის შემოსვლისა და საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადების შემდეგ, ყოფილი ბინადრები ახალმა, – წითელმა ელიტამ შეცვალა. მალევე დაიწყო უსიამოვნო მოვლენათა ჯაჭვი. 1923 წლის 19 მაისს, ამიერკავკასიის „ჩეკას“ კოლეგიის სანქციით, სხვა 14 ოფიცერთან და სამოქალაქო პირთან ერთად დახვრიტეს ჭონქაძის №12-ში მცხოვრები – გიორგი (გოგი) ნიკოლოზის ძე ხიმშიაშვილი, საქართველოს დემოკრატიული  რესპუბლიკის არმიის ოფიცერი, კავალერისტი, ამიერკავკასიის ცალკეული წითელი არმიის ქართული ბრიგადის სამოსწავლო ბატალიონის უფროსი, პოლკოვნიკი. ბრალდებად სახელდებოდა საქართველოს რესპუბლიკის  დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ჩამოყალიბებულ კომიტეტთან არსებულ „სამხედრო ცენტრთან“ კავშირი, შეიარაღებული აჯანყებისათვის და ანტანტის ქვეყნების ინტერვენციისთვის ხელშეწყობის მზადება.

მაშინდელი საზოგადოებისთვის, ქართველ ოფიცერთა დახვრეტა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შოკი იყო. გოგი ხიმშიაშვილის მეუღლეს ტრავმის შედეგად ფსიქიკური აშლილობა განუვითარდა.

30-იანი წლების ბოლოს, პარტიის შიდა „წმენდას“, ამ სახლის ბინადარი მეორე ოჯახიც ემსხვერპლა.  ეს გახლდათ სიმონ ჯუღელის ოჯახი, რომელიც 1935 წლის 14 აპრილს, სამსახურში ყოფნის დროს მოულოდნელად გარდაიცვალა. გავრცელებული ვერსიის მიხედვით, იგი მოწამლეს. სიმონი პირველი ბოლშევიკი იყო, რომელიც მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაასაფლავეს. მისი დაკრძალვა გრანდიოზულ დემონსტრაციას ჰგავდა. მისი სახელის უკვდავსაყოფად, საქართველოს სსრ მთავრობამ სპეციალური ღონისძიებები ჩაატარა.

1937 წლის ბოლოს, საყოველთაო ტერორის ფონზე, ლავრენტი ბერიამ საქართველოს კომპარტიის ცეკას პლენუმზე წაკითხულ მოხსენებაში, რომელსაც მეტი დამაჯერებლობისთვის პირდაპირი ციტატები მოჰქონდა, დაპატიმრებული და უკვე დახვრეტილი „ხალხის მტრების“ აღიარებითი ჩვენებებიდან, სიმონ ჯუღელი სახალხო მეურნეობის სფეროში მომუშავე მავნებლებს შორის მოიხსენია და მეტიც, მას 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების ლიდერებთან კავშირი და მათი ხელშეწყობა დააბრალა. შედეგმაც არ დააყოვნა და მთაწმინდის პანთეონიდან მისი ძეგლი და საფლავი ერთ ღამეში გაქრა.

მძიმე ბედი ეწია მისი ოჯახის წევრებსაც. სიმონის მეუღლე ნინა საბახტარაშვილ-ჯუღელს, ყოველივე ამის გამო მძაფრი შელაპარაკება ჰქონდა ლავრენტი ბერიასთან. ნინა იმავე ღამეს დააპატიმრეს, მისი მცირეწლოვანი გოგონები კი ღია ცის ქვეშ, ბედის ანაბარა დატოვეს. მოგვიანებით, ნინას ტროცკისტული ორგანიზაციის წევრობა და საკუთარი მეუღლის სიკვდილი დააბრალეს და დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს. მასთან ერთად, გაასამართლეს მისი მამა, ანტონ საბახტარაშვილი, რომელიც ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმედან იყო ჩამოსული შვილიშვილების მოსავლელად.  76 წლის მოხუცი ანტისაბჭოთა აგიტაციის ბრალდებით, 24 მაისს დახვრიტეს.  იმავე წელს მოსკოვში დააპატიმრეს და დახვრიტეს ნინოს ძმა, ვალერიან საბახტარაშვილი.

1956 წლის 25 ოქტომბერს, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის პროკურატურამ სიმონ ჯუღელის საქმე, მასში დანაშაულებრივი სამხილების არარსებობის გამო დახურა და სავსებით რეაბილიტირებულად ცნო.

ამჟამად, ორივე შენობა საცხოვრებელი სახლია. ჭონქაძის №4-ში მდებარე მენთეშოვის ერთ დროს ულამაზესი სახლი სარესტავრაციოა, ისევე როგორც უმეტესობა იმ ძველი, ისტორიული და გამორჩეული სახლებისა, რომლებიც ერთ დროს ჩვენი დედაქალაქის მშვენებას წარმოადგენდა.

http://500px.com/photo/70651107/a-beauty-of-chonqadze-street-by-roland-shainidze?utm_campaign=photo_upload&utm_content=web&utm_medium=facebook&utm_source=500px

2 comments

  1. დიდი ბოდიში, მაგრამ ჭონქაძის №4-ში მდებარე სახლი არ ეკუთვნოდა მენთეშოვის (თან, არა მენთეშოვია მისი გვარი, არამედ მანთაშევი. ალექსანდრე მანთაშევი). ამ სახლის მეპატრონე ანა მადათოვა იყო.. და ამ სახლის არქიტექტორიც მიხეილ ოგანჯანოვი იყო.
    ბოზარჯანცის ოჯახის წევრები არსად წასულან 1917 წელს. 1921 წელს მათ ეს სახლი ჩამოართვეს და რამდენიმე ოთახი დაუტოვეს, ისინი 1990 წლებამდე მანდ ცხოვრობდნენ, რამდენადაც ვიცი.
    ჯუღელისა და ხიმშიაშვილის გარდა ამ სახლში ცხოვრობდა საშა გეგეჭკორი, ლავრენტი ბერიას ცოლის ახლო ნათესავი და ბერია აქ ხშირი სტუმარი იყო. თავად საშა გეგეჭკორის ისტორიაც საინტერესოა. ასე რომ, ბოდიში ამ კომენტარისათვის, მეგრამ პატარა უზუსტობები გაქვთ ტექტში.

    • გეთანხმებით, ეგ მეც გავიგე… ეს ინფორმაცია თბილისის მერიიდან მქონდა და ამიტომ, ეჭვი ვერ შევიტანე. სამწუხაროდ სტატია ერთი წლის წინ დაიბეჭდა. :/

Leave a comment