მკვდარი ზონა: ჩერნობილში გაგზავნილი ქართველი ლიკვიდატორის მოგონებები

Capture

„აფეთქება.   აეს-ის (ატომური ელექტროსადგური) მეოთხე ენერგობლოკი ისე ძლიერად შეზანზარდა, რომ ჭერიდან ფილები ჩამოცვივდა. ლუმინესცენტური განათება გამოირთო. დაბნელდა. სატელეფონო ხაზი გაწყდა. ნაგებობა მტვრით გაივსო. როდესაც სინათლე ისევ აღდგა, მესამე ბლოკის მთავარი ცირკულარული ტუმბოების უფროსი ოპერატორი და უფროსი ინჟინერ-მექანიკოსი 412-ე ფლიგელის სანახავად გაემართნენ. განათება ძალიან სუსტი იყო. 10 წუთის შემდეგ, აფეთქების ხმა განმეორდა. ნაგებობაში ბეტონი ჩამოინგრა და  შესასვლელ-გამოსასვლელები ჩახერგა. ყველაფერი მტვრის ღრუბელში გაეხვა. მილები დაზიანდა და ნაგებობაში წყალმა დაიწყო დინება. კვამლისგან და რადიოაქტიური მტვერისგან ნახევრად ცნობიერებადაკარგული აეს-ის თანამშრომლები, მაღალი რადიაციული ზონებიდან გასასვლელს ეძებდნენ…“

საკმაოდ ბევრი დაწერილა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის საშინელ ავარიაზე, რომელიც 1986 წლის 26 აპრილს მოხდა. ეს უდიდესი კატასტროფა იყო კაცობრიობის ისტორიაში, რომელსაც ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო სკალით, მეშვიდე კატეგორია მიენიჭა.  დაბინძურებული ზონიდან  დაახლოებით 200 000 ადამიანი იქნა ევაკუირებული. ბირთვულმა აფეთქებამ რეაქტორის ნგრევა გამოიწვია, რის შედეგადაც საკმაოდ დიდი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება მოხდა. რეაქტორიდან რადიოაქტიური ნივთიერებების ამოფრქვევის შეჩერება მხოლოდ 1986 წლის მაისის ბოლოს მოხერხდა. სსრკ-ს მთელი რესურსებისა და ათასობით ლიკვიდატორის მეშვეობით.

ლიკვიდატორები სხვადასხვა ქვეყნებიდან მოჰყავდათ სამუშაოდ. ისინი ყოველდღიურად უმძიმეს და ძალიან სახიფათო სამუშაოს ასრულებდნენ,  აეს -ის განადგურებულ მეოთხე ენერგობლოკში და ზოგადად ჩერნობილის ზონაში. მათ ცხოვრება და მუშაობა უწევდათ ექსტრემალურ პირობებში.  ამ გლობალური კატასტროფის არადამამშვიდებელი პროგნოზის და მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით, ძნელი არ უნდა იყოს იმის წარმოდგენა, თუ რა ხდებოდა ჩერნობილის ზონაში იმ ფატალურ დღეებში.

CHERNOBIL6

ლიკვიდატორებს მაღალი ანაზღაურება ჰქონდათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათი უფლებები გარკვეულწილად მაინც ირღვეოდა. კერძოდ, ადგილი ჰქონდა მათ იძულებით, ან მოტყუებით წაყვანასაც.

იური ტუღუში აფეთქების შემდეგ ძალიან მალე წაიყვანეს ჩერნობილში, სადაც მან 6 თვე ურთულეს პირობებში გაატარა. სახლში დაბრუნებულს, ჯანმრთელობის პრობლემებიც შეექმნა.

ბ-ნო იური, რას საქმიანობდით ჩერნობილში წასვლამდე და როგორ მოხდა თქვენი გაწვევა?

იური ტუღუში:

CHERNOBIL1

– ჩერნობილში წასვლამდე მშენებლობაზე ვმუშაობდი. ერთხელაც, დილის 6 საათზე, ჩემთან სახლში უბნის ინსპექტორი და მაიორი მოვიდნენ. საბუთები მომთხოვეს, ქალაქიდან გაუსვლელობაზე ხელწერილი დამაწერინეს და კომისარიატში დამიბარეს. მითხრეს, რომ ყველაფერს იქ გავიგებდი… 2 საათზე მივედი კომისარიატში, სადაც საკმაოდ ბევრი ხალხი დამხვდა. არავინ არაფერი იცოდა.  კომისარიატში გვაცნობეს, რომ ჩერნობილში მივყავდით… მე წასვლის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. განყოფილების უფროსს ჩემი 2 წლის შვილი, კახაც კი მივუყვანე და ვთხოვე, არ გავეშვი. მან მითხრა, რომ 6 თვის მანძილზე, საკმაოდ მაღალი ანაზღაურება მექნებოდა და თანაც, ჩერნობილში კი არ ვიცხოვრებდით, არამედ „სლაუტიჩში“, ახალ ქალაქში, რომელიც ჩერნობილიდან მოშორებით შენდებოდა, მაგრამ ადგილზე ჩასულებს სულ სხვა სიტუაცია დაგვხვდა. როგორც აღმოჩნდა, შენობა, სადაც უნდა გვეცხოვრა, შიგ ჩერნობილში, ავარიის ადგილიდან 30 კმ-ის მოშორებით იყო. ლიკვიდატორების ნაწილმა ბუნტი გამოაცხადა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

რა პირობებში გიწევდათ მუშაობა?

– მისვლიდან მეორე დღეს, დილის 6 საათზე გაგვაღვიძეს, სამხედრო ფორმები ჩაგვაცვეს, გვასაუზმეს და  აეს-ში წაგვიყვანეს. ექსკურსია მოგვიწყეს. გვკითხეს, ვინ რომელ ადგილებში ვისურვებდით მუშაობას.

CHERNOBIL2

სპეციალური ფორმები  თუ ჩაგაცვეს,   აირწინაღები გეკეთათ?

– გვეცვა ჩვეულებრივი სამხედრო ფორმა. გვეკეთა რესპირატორები, რომელსაც რამდენიმე საათიანი მოქმედების ვადა აქვს.

ქართველები რამდენი იყავით? რა გევალებოდათ?

– 25 ქართველი ვიყავით. 2 თბილისიდან, დანარჩენი სხვადასხვა რეგიონებიდან. 45 წელზე ზემოთ, არავის იღებდნენ. ასევე, უცოლშვილოებს. ყოველ დღე, ავარიის ადგილზე ავტობუსით მივყავდით. ჩვენი მუშაობის დრო, დღეში 3-დან 5 წუთს შეადგენდა. როგორც კი წითელი ნათურა აინთებოდა, მაშინვე ვტოვებდით ობიექტს და ვბრუნდებოდით უკან. ერთსა და იმავე ადგილზე ორჯერ არ მივყავდით. ყოველ დღე იცვლებოდა ლოკაცია. ყველა ლიკვიდატორს ორნაირი დოზიმეტრი გვეკეთა. ერთი რადიაციის ყოველდღიურ დოზას განსაზღვრავდა, ხოლო მეორეს 15 დღეში ერთხელ ვაბარებდით მონაცემების ასაღებად.. ენერგობლოკში ყოველდღიურად, მონაცვლეობით ჩავდიოდით და რადიოაქტიურ ბეტონს ვანგრევდით. ნანგრევებს პლასტიკის ტომრებში ვყრიდით და ლიფტით ვუშვებდით ქვემოთ.  რადიოაქტიური მასალები სპეციალური სატვირთო მანქანებით მიჰქონდათ, რომლებიც გარედან ტყვიით იყო დაფარული და სამარხებში ყრიდნენ. სამარხები მიწისქვეშ იყო განთავსებული.

ყაზარმებში დაბრუნებულებს დეზაქტივაციას გვიტარებდნენ.

CHERNOBIL11

რა პროცედურებს მოიცავდა დეზაქტივაციის  პროცესი?

– ეს იყო ქიმიური აბანო, სადაც შედიოდი და ქიმიური ხსნარებით იბანდი. გამოსასვლელში აპარატურა იდგა. უნდა შესულიყავი აპარატში, რომელსაც ადამიანის გამოსახულება ეხატა. თუ სხეულის რომელიმე ნაწილზე რადიაცია დარჩენილი გქონდა, ადამიანის გამოსახულებაზე წითლად აღიბეჭდებოდა და ისევ აბანოში უნდა შებრუნებულიყავი.  ზოგჯერ 5-ჯერ და 10-ჯერ გვიწევდა დაბანა. სამუშაოდან დაბრუნებულები ტანსაცმელს ვაბარებდით და აბანოდან გამოსულებს ახალი ფორმები გვეძლეოდა. სასადილოში შესვლამდეც გვიწევდა შემოწმება სპეციალურ აპარატზე, რადგან რადიაციული მტვერი ძირითადად ფეხებზე რჩებოდა. შენობის შესასვლელთან სპეციალური ჭურჭელი იდგა, სადაც ქიმიური ხსნარი ესხა. ამ ხსნარში უნდა გაგვერეცხა ჩექმები.

სასტიკად გვეკრძალებოდა სიგარეტის მოწევა, მაგრამ ბიჭები წესებს ხშირად არღვევდნენ. ზოგი ხეებიდან მოწყვეტილ ხილს ჭამდა, რის შედეგადაც კუჭის ძლიერი ტკივილით მიჰყავდათ…

უბედური შემთხვევები ბევრი იყო?

– რამდენიც გინდა. სულ სასწრაფოებით გაჰყავდათ ხალხი.  ჩვენ ფაქტობრივად მოწამლულ ზონაში ვცხოვრობდით. რადიაცია თითქოს თვალითაც კი ჩანდა. ჰაერში რადიაციულ მტვერს ვხედავდით.  ირგვლივ ყველაფერი გადამწვარი და გადაწითლებული იყო: – ნაძვები, ფერმები. მთელი ტერიტორია დაცლილი იყო მოსახლეობისაგან. სახლები გაძარცვული, მანქანები ეგრევე იყო მიტოვებული…

CHERNOBIL4

კვება როგორი იყო?

– კვება ძალიან კარგი იყო. ყველაფერი სხვა ქვეყნებიდან შემოჰქონდათ: – საკვები, სასმელი წყალი. სასმელად მხოლოდ „ნარზანს“ ვიყენებდით. წყალს, რომელსაც სპეციალურ კონტეინერში ასხამდნენ და ჭურჭელსაც იმით რეცხავდნენ.

CHERNOBIL7

საქართველოში დაბრუნებისას, თავს როგორ გრძნობდით?

– უკან დაბრუნებისთანავე პენსიაზე გამიშვეს. 7 თვე ვმკურნალობდი. ძირითადად, ყელი და სასუნთქი ორგანოები მაწუხებდა. გაღიზიანებული მქონდა რადიაციული მტვერის გამო.  დაბრუნებიდან, მალევე დამცვივდა კბილები. თმაც ადრე გამითეთრდა. იქ ყოფნის პერიოდში, თვეში 1000 მანეთს გვიხდიდნენ, აქ ჩამოსულს კი დახმარება მეძლეოდა და კომუნალურ გადასახადებზე პრივილეგიებით ვსარგებლობდი. მერე, ეს ყველაფერი მოიხსნა და ამჟამად, თვეში 7 ლარს ვიღებ მხოლოდ.  ყველა ქართველი ლიკვიდატორი ონკოლოგიურ ცენტრში ვიყავით აღრიცხვაზე. მკურნალობის პროცედურები რამდენჯერმე დამჭირდა.

CHERNOBIL3

 

 

CHERNOBIL9

CHERNOBIL10

ზუსტი ცნობები იმაზე, თუ რამ გამოიწვია ავარია ატომურ ელექტროსადგურზე, უცნობია. ქალაქი დღემდე უკაცრიელია.

CHERNOBIL12

CHERNOBIL13

CHERNOBIL8

თეა ინასარიძე

 

 

 

 

 

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s