კარსანი ლეგენდა თუ სინამდვილე ?

13533341_10205044864760608_5655847095586772203_n

ლეგენდები და მითები ოდითგანვე არსებობდა. მათ საფუძვლად ზღაპრული, სასწაულებრივი და ხშირად დაუჯერებელი ამბები უდევს, რომელსაც შესაძლოა მართლა ჰქონდეს რეალური საფუძველი. ზოგს მათი სჯერა, ზოგი კი მიიჩნევს, რომ მითები და ღამის კოშმარები უბრალოდ ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია და რეალობასთან კავშირი არ აქვს, მაგრამ საკმარისია, საგნების ჩვეული მდგომარეობა დაირღვეს, რომ ყველაზე ურწმუნო ადამიანებიც კი ინსტინქტურად გრძნობენ, როგორ იცვლება მათი შეხედულებები ამ საკითხზე.

ქალაქური ლეგენდები ერთ-ერთია იმ თემებიდან, რომელიც ყოველთვის იწვევდა და იწვევს საზოგადოების ინტერესს. ჩვენ გვაინტერესებს ყველაფერი, რაც ჩვენი ცნობიერებისთვის დაფარულია. გვიზიდავს ყოველივე, რაც იდუმალებითა და ბურუსითაა მოცული. ჩვენს ქვეყანაში ბევრი საინტერესო მითი და ლეგენდა არსებობს, მაგრამ ამჯერად, თქვენს ყურადღებას მხოლოდ ერთ-ერთ მათგანზე შევაჩერებ და მოგიყვებით, თუ რატომ მომინდა მისი გამოძიება.

მისტიკის მიმართ ლტოლვა ბავშვობიდან მქონდა. თავს ყველაზე კომფორტულად ძველ, მიტოვებულ ადგილებში ვგრძნობდი… მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ სწორედ ეს არის ჩემი ინტერესის საგანი და საკუთარი ჰობი – პროფესიას შევუთავსე. დავიწყე წერა ქალაქური ლეგენდების, ძველი შენობების ისტორიების შესახებ. შესაბამისად, ბევრსაც ვეძებდი… ელექტრონულ ფოსტაზე მკითხველის წერილებიც მომდიოდა. ზოგს რომელიმე შენობის ისტორიის გაგება სურდა, ზოგიც ყურმოკრულ ამბებს მიზიარებდა. ერთ ასეთ წერილში, მკითხველი სოფელ „კარსანზე“ ინფორმაციის მიწოდებას მთხოვდა. მაშინ, „კარსანზე“ არაფერი მსმენოდა და ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში ვცადე. ძალიან გამაკვირვა იმ ფაქტმა, რომ  „ვიკიპედიაში“ განთავსებული მწირი ინფორმაციის გარდა, ვერაფერი ვნახე. მოგეხსენებათ, რომ „ვიკიპედია“ არ წარმოადგენს სანდო წყაროს, რადგან იქ გვერდის შექმნა ნებისმიერს შეუძლია. რაც შეეხება ინფორმაციას, ის მართლა ძალიან საინტერესო იყო:

– „ქართული საისტორიო-sაეკლესიო ტრადიციის მიხედვითიბერიის მეფეებს ნაბუქოდონოსორისაგან დევნილი ებრაული თემისთვისმიუციათ კარსანი სამკვიდროდ. 1904 წელს, თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის განყოფილება  გაიხსნარომელიც 1935 წლიდანგადაიტანეს დუშეთშიამ პერიოდისაა სოფელში დღემდე შემორჩენილი ობსერვატორიის ნაგებობა. თვითმხილველების გადმოცემით,II მსოფლიო ომის პერიოდში, აქ ლავრენტი ბერიას ხელმძღვანელობით ფიზიკოსები საიდუმლო იარაღზე მუშაობდნენრის გამოცხეობა მოქალაქეებისგან დაცლილი და გადაკეტილი ყოფილა. ომის შემდგომ, შენობა გადაეცათ არქეოლოგებსრომლებიც არმაზისხევიბაგინეთიკარსნის არქეოლოგიურ ნაკრძალში მუშაობდნენმოგვიანებითამ კომპლექსში განთავსდა ტუბსავადმყოფოლანდშაფტურიპირობებისა და დიდი დასახლებებიდან იზოლაციის გამოსავადმყოფომ ფუნქციონირება შეწყვიტა 1980-იანი წლების ბოლოს. 2002 წლის აღწერის მონაცემებით, კარსანში ცხოვრობდა 9 კაცი.“

მოგეხსენებათ, ინფორმაციის არარსებობა – ესეც გარკვეული ინფორმაციაა. უცნაურია, რომ სოფლის ისტორია, რომელიც ისტორიული და უძველესი ქალაქის, „მცხეთის“ მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და მნიშვნელოვანია, როგორც ისტორიული, ასევე არქეოლოგიური თვალსაზრისით, თანაც ასეთ საინტერესო ლეგენდას ინახავს, ფაქტობრივად უცნობია ჩვენთვის.

– ნამდვილად დასახლდა იქ ნაბუქოდონოსორისაგან დევნილი ებრაული თემი?

– ვინ იყო ლონგინოზ კარსნელი?

– რა აღმოჩენები იქნა გაკეთებული კარსანში, არქეოლოგიური გათხრების დროს?

– რა ბედი ეწია გეოფიზიკურ ობსერვატორიას?

– იყო თუ არა იქ საიდუმლო ლაბორატორია და მუშაობდნენ თუ არა ფიზიკოსები საიდუმლო იარაღზე?

– არის თუ არა მიწისქვეშა ნაგებობები და თუ არის, რა დანიშნულება ჰქონდა ადრე?

– რატომ შეწყვიტა ფუნქციონირება ტუბსიდპანსერმა?

– ეს არის კითხვები, რომელიც გამიჩნდა და გადავწყვიტე, ჩემით მეპოვა პასუხები. ძიების პროცესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ჩემ მიერ მოპოვებული პასუხები – ახალ კითხვებს აჩენდა. ჩვენი ქვეყნის წარსული, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამაა, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. უნდა ვიცოდეთ ვინ ვართ და საიდან მოვდივართ. უნდა ვიცოდეთ, რა ისტორიას ინახავს მიწა, რომელზეც ვცხოვრობთ. სწორედ ამიტომ, შევეცდები ქრონოლოგიურად გიამბოთ ისტორია სოფელ „კარსანზე“, რომელიც უდავოდ ძალიან საინტერესოა და რამდენიმე ეტაპისაგან შედგება.

(იხილეთ პრომო ვიდეო) კარსანი ლეგენდა თუ სინამდვილე ?

მოგზაურობა „კარსანში“

„კარსანი“ – სავარაუდო ეტიმოლოგია – „კარისანი“ ე.ი. არმაზციხის სამხრეთი კარის მიმდებარე ტერიტორია. მცხეთის რაიონის სოფელი „კარსანი“ თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 700 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ის მცხეთიდან  8 კმ-ითაა დაშორებული. სანამ მის მოსანახულებლად წავიდოდი, გადავწყვიტე ჯერ თბილისელი დიგერები მეპოვა და მიწისქვეშა ნაგებობების შესახებ მეკითხა. თუ არ იცით, აქვე განვმარტავ, რომ დიგერები ურბანული მკვლევარები არიან, რომლებიც მიწისქვეშ დაეხეტებიან და ისეთი ადგილების აღმოჩენა უყვართ, რომელიც ბევრმა არ იცის. დიგერობა ჰობია და არა პროფესია. რამდენიმე დიგერი ინტერნეტში, ფორუმზე ვიპოვე, შემდეგ, სოციალურ ქსელში მოვძებნე და მივწერე, მაგრამ დიგერები ასე ადვილად არ უზიარებენ უცნობებს ინფორმაციას, რომელსაც ფლობენ. განსაკუთრებით ინტერნეტში, რადგან ხშირად, მათი საქმიანობა არალეგალურია და იმისთვის, რომ გასაიდუმლოებულ გვირაბში ან ბუნკერში მოხვდნენ, მათ გარკვეული აკრძალვების დარღვევა უწევთ.

მათთან დაკავშირების ალტერნატიული გზა მოვნახე და იმ ლუდის ბარს ვესტუმრე, სადაც დიგერები კვირაში ერთ-ერთ დღეს, ტრადიციულად იკრიბებიან და ერთმანეთს თავიანთ აღმოჩენებს უზიარებენ. მათ მიწისქვეშა ნაგებობის არსებობა დამიდასტურეს. ამის შემდეგ, თავად წავედი „კარსანის“ სანახავად. სამხედრო გზიდან იწყება აღმართი (დაახლოებით 4 კმ), მიხვეულ-მოხვეული ვიწრო გზა ადის სოფელში. ასახვევთან კი პატარ-პატარა შენობების ნანგრევებია შემორჩენილი, რომელიც ყაზარმებს, საწვრთვნელ ბაზას ჰგავს. შესაძლოა ადრე „კარსანში“ ასასვლელ გზას მართლაც იცავდნენ სამხედროები…

გეოფიზიკური ობსერვატორიის (და შემდგომში ტუბ საავადმყოფოს) ყოფილი შენობა სანახევროდ დანგრეულია და შიგნით შესვლა საფრთხის შემცველია. ჭერი და იატაკი ზოგან მთლიანად, ზოგან კი სანახევროდ ჩაშლილია. ზოგ ოთახში ავეჯის დამტვრეული ნაწილები, სამედიცინო პერსონალის ნივთები, შპრიცები, წამლები, ექიმის ჩანაწერები, დამსხვრეული ჭურჭელი გვხვდება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ იქაურობა დაარბიეს და სწრაფად მიატოვეს. ცნობილია, რომ ტუბის ჩხირი მზისგან დაცულ ადგილზე წლების მანძილზე ცოცხლობს და ტუბერკულოზით დაინფიცირების საშიშროებას ქმნის.

შენობის სიახლოვეს პატარა ზომის ორმოა, რომელსაც ადრე სავარაუდოდ სახურავი ჰქონდა, მაგრამ ახლა აღარ აქვს. ორმოთი ვიწრო გვირაბში ვხვდებით, რომელსაც პატარა ზომის კვადრატული ფორმის ოთახში მივყავართ. ოთახში შესასვლელი აგურითაა ამოშენებული, რომელიც აშკარად მოგვიანებითაა გაკეთებული. აგურის კედელი იმ დონეზეა გამონგრეული, რომ გადაძრომა შესაძლებელი იყოს. ოთახს აქვს საჰაერო მილი. ცენტრში კი უცნაური დანადგარის კარკასია შემორჩენილი, რომელიც ამწეს ჰგავს. დანადგარს აქვს სადენი, რომლის საშუალებით, სავარაუდოდ მოქმედებაში მოდიოდა. ყურადღებას იქცევს დანადგარის ქვედა ნაწილი, რომელიც აგურითა და ცემენტით არის დალუქული. ღრიჭოდან ნათლად ჩანს რკინის ჟანგიანი, წრიული ფორმის დეტალი, რომელიც შესაძლებელია ლუკის სახურავს წარმოადგენდა. თუ ასეა, გამოდის, რომ მიწისქვეშ კიდევ არსებობდა -2 სართული.

ხევის პირას კიდევ ერთი უცნაური ნაგებობაა, რომელიც ვიწრო და ბნელი კორიდორებით რამდენიმე წრიული ფორმის დარბაზს უკავშირდება. დარბაზები მრგვალია და ჭერიც მომრგვალებული აქვს. ზოგი მათგანი ცისფრად არის შეღებილი, ზოგი კი წითელია. აქ, ისევე როგორც პირველ მიწისქვეშა ობიექტზე, ბევრი ღამურაა. ყურადღებას იქცევს კედლებზე ამოკაწრული უცნაური წარწერები. მაგალითად: -„ночевали с 3/5 на 4/5 58 г. и дрожали от страха!!! Справляли праздник кукурузы ели жаренную собаку”.

„კარსნის“ ტერიტორიაზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც არის, სადაც ამჟამად არავინ ცხოვრობს.

პირველი ებრაელები „კარსანში“, ვინ იყო ლონგინოზ კარსნელი?

იმის გასარკვევად, მართლა დასახლდა თუ არა „კარსანში“ პირველი ებრაული თემი, ბიბლიოთეკას ვეწვიე და საკმაოდ ბევრი მასალა გადავამუშავე. როგორც ისტორიის ფურცლებიდან ირკვევა, პირველად ებრაელები საქართველოში 26 საუკუნის წინ გამოჩნდნენ.

-„მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფემან წამოსყვნა იერუსალიმ და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს ქართლს და მოითხოვეს მცხეთელთა მამასახლისისაგან ქუეყანა ხარკითა. მისცა და დასხა არაგუსა ზედა, წყაროსა, რომელსა ჰქვიან ზანავი და რომელი ქვეყანა აქუნდა მათ ხარკითა, აწ ქვიან ხერკ, ხარკისა მისთვის.“

„მათი რაბი შეგებებიათ მცხეთაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენში იუდაიზმი გაცილებით ადრე გავრცელებულა, ვიდრე ჩვენთან ებრაელები დასახლდნენ“. (ლეონტი მროველი).

„შემდგომად კუალად მოვიდნენ ლტოლვილნი ურიანი ნაბუქოდონოსორისაგან დასაბამით ძალ, და დასხნა იგინიცა მცხეთელ მამასახლისმან ხერკს, არაგვს ჩრდილოდ კერძოდ.“ (ვახუშტი ბატონიშვილი).

„კარსანი“ არსად არის ნახსენები, შესაძლოა მას იმ პერიოდში სხვა სახელი ერქვა. საინტერესოა, სად მდებარეობდა „ხერკი“? ასე ხომ არ ეძახდნენ უწინ „კარსანს?“

– „ხერკი“, როგორც ირკვევა, ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი იყო ძველ საქართველოში, ხოლო შუა საუკუნეებში კი ადმინისტრაციული ერთეული მდ. „არაგვის“ დინების სამხრეთით, მარცხენა მხარეს და მოიცავდა ახლანდელი „მცხეთისა“ და „დუშეთის“ რაიონების ტერიტორიის ნაწილს. ვ. ბატონიშვილის ლოკალიზაციით, მას აღმოსავლეთით საზღვრავდა ერწოს მთა, სამხრეთით –  ზედაზნის მთა, ჩრდილოეთით – ნიკორნა-ბოკოწანს შორის მდებარე მთები, დასავლეთით მდინარე „არაგვი“. ხერკის ცენტრი იყო „ზედაზნის“ ციხე. ანტიკურ ხანაში „ხერკი“ „მუხრანთან“ ერთად, მცხეთის „სამოქალაქოს,“ ე.ი. მცხეთის საგამგებლო რეგიონს ქმნიდა. (ჯ. გვასალია).

რაც შეეხება ლონგინოზ კარსნელს, ქრისტეს კვართის საქართველოში შემობრძანების რამდენიმე მონათხრობი არსებობს: – „მირიან მეფემ გაიხარა, ყველა ურია მოიხმო და ჰკითხა, ეს ამბავი სიმართლეს თუ შეესაბამებოდა „და მათ აუარეს მართალი და არა უარ-ყვეს და თქუეს, ვითარმედ: „აქეთ წარვიდეს ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კანისელი და თალენავ და მისაელ“ და კუართისა მის თქუეს წილით ხუედრებაი ამათი, ხოლო ადგილი იგი უარ-ყვეს.“ (“მოქცევაი ქართლისაი”).

„ესმათ სიტყვა და წავიდნენ: ელიოს მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. როცა ისინი მივიდნენ, შეესწრნენ უფლის ვნებას დიდ პარასკევ დღეს და მოიტანეს მათ უფლის კვართი მცხეთას“. „ელიოზ მცხეთელი და მისი ამხანაგი ლონგინოზ კარსნელი წავიდნენ იერუსალიმს და იხილეს ჯვარცმული ქრისტე“ (აბიათარ მღვდელი).

ივ. ჯავახიშვილი მსჯელობს ამ საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ პირველი თხრობის მიხედვით, კვართის მცხეთაში მომტანი ელიოზი და ლონგინოზ კარსნელია. ეს უკანასკნელი თხრობაში უცბად ჩნდება. არ ჩანს მისი ვინაობა, წარმომავლობა და კვართის ჩამოტანისთანავე უცბადვე ქრება. მისი აზრით, ლონგინოზის სახელი განგებაა დამატებული, რაც შემთხზველის მიერ ჭეშმარიტი თხრობის შესაქმნელად უნდა იყოს გამიზნული. მეორე თხრობაში ლონგინოზზე არაფერია ნახსენები. მესამე თხრობაში მასში არც სახარებით არის ამბავი დადასტურებული, არც ლონგინოზია ელიოზის თანამეგზურად დასახელებული. ავტორს სურს, მკითხველი დაარწმუნოს, რომ თხრობა სანდო კაცის ხელით დაწერილა. ეს ჩვეულებრივი ხერხია შატბერდისეული ცხოვრების დამწერისა. იმისთვის, რომ უფრო მეტი დამაჯერებლობა შემატოს.

არის ერთი ვერსიაც, რომ ლონგინოზ კანისელი (ლ. მროველთან კარსნელი. სავარაუდოდ, კანისი და კარსანი ერთი და იგივეა) ალბათ სობის-კანანელთა წარმომადგენელი იყო (საქ-ოს გეოგრაფიის ნარკვევები).

გეოფიზიკური ობსერვატორია

იმისთვის, რომ ობსერვატორიის ისტორია გამომეკვლია, დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორიის ხელმძღვანელს, რობერტ გოგუას შევხვდი. ასევე, გავეცანი მაია მანიას წიგნს, რომელშიც საქართველოს გეოფიზიკური ობსერვატორიების ისტორიაა მოთხრობილი.

1904 წელს, თბილისის ქუჩების ელექტროფიკაციამ შეაფერხა გეოფიზიკური ობსერვატორიის მუშაობა და მისი ქალაქიდან გადატანა გადაწყდა. ობსერვატორიაში ძირითადად უცხოელები (გერმანელები, პოლონელები, ესტონელები)  მუშაობდნენ, რადგან ჩვენ ჯერ არ გვყავდა სპეციალისტები. თბილისის ობსერვატორიის დირექტორმა, პოლონელმა – შტეფან ჰლაზეკმა „კარსანში“ დაზვერვითი ექსპედიცია ჩაატარა. 1910 წ. დამრეც რელიეფზე მშენებლობა დაიწყო და 1913 წ. დასრულდა.

„კარსნის მაგნიტური კომპლექსის ნაგებობები: მთავარი შენობა, დიდი და მცირე პავილიონები აბსოლუტური დაკვირვებისათვის და საცხოვრებელი ბინები. მაგნიტოგრაფებისა და მაგნიტომეტრებისთვის განკუთვნილი მიწისქვეშა პავილიონი.“

როგორც ჩანს, წრიულ-დარბაზებიანი ნაგებობა სწორედ ობსერვატორიას ეკუთვნოდა, მაგრამ ბ-ნმა რობერტმა, მეორე მიწისქვეშა ნაგებობაში გადაღებული დანადგარის ფოტოს – ობსერვატორიის ხელსაწყოებთან კავშირი უარყო. როგორც ჩანს, მსგავსი მოწყობილობა გეოფიზიკური ობსერვატორიების სამუშაოებისთვის არასოდეს გამოიყენებოდა.

იქ მომუშავე გერმანელებისთვის, ობსერვატორიის სიახლოვეს საცხოვრებელი სახლები აშენდა, რადგან „კარსანში“ მისასვლელი გზა საკმაოდ რთული იყო. იყო მხოლოდ საურმე გზა, მიხვეულ-მოხვეული ბილიკებით, სადაც გადაადგილება საკმაოდ საფრთხილო იყო. გეოფიზიკურმა ობსერვატორიამ სოფელ „კარსანში“ 1935 წლამდე იფუნქციონირა. შემდეგ, რკინიგზის გაყვანამ მუშაობები შეაფერხა, რადგან მიწა ბიძგებს იძლეოდა და კვლევებს ხელს უშლიდა. ობსერვატორია დუშეთში გადავიდა, ხოლო უცხოელებმა საქართველო 1918 წელს დატოვეს. 1946 წელს, „კარსანი“ „ბაგინეთის“ ექსპედიციას გადაეცა.

როგორც ბ-ნმა რობერტმა მითხრა, გეოფიზიკური ობსერვატორიის მუშაობას რომ ხელი არ შეშლოდა, „კარსნის“ ტერიტორია დაცული იყო. 500 მ. რადიუსში იკრძალებოდა ყოველგვარი მშენებლობა. სავსებით ლოგიკურია, რომ ლეგენდის წყაროდ ეს ფაქტიც მივიჩნიოთ. დაცული იყო ტერიტორია, სადაც რაღაც კვლევები ტარდებოდა.

არქეოლოგიური გათხრები

კარსნისხევში აღმოჩენილი მატერიალური კულტურის ძეგლების მიხედვით, იგი გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანიდან ჩანს დასახლებული. იქ გამოვლენილია აღნიშნული პერიოდის სამარხები, გათხრილია ადრეული შუასაუკუნეების ნასოფლარი და სამაროვანი. 1925 წელს, კარსნისხევის დასასრულს აღმოჩნდა და გაითხარა ადრექრისტიანული ხანის IV-V სს. სამაროვანი. სამარხები წარმოადგენდა ქვიშაქვის დიდრონი ფილებისაგან ნაგებ ბანურსახურავიან ქვაყუთებს, რომლებშიც დადასტურდა სამკაული და ტანისამოსთან დაკავშირებული ნივთები. 1975 წლიდან კარსნისხევში სტაციონარული არქეოლოგიური გათხრები წარმოებს. გამოვლინდა და გაითხარა ძვ. წ. I და ახ. წ. I საუკუნეების კომპლექსური ძეგლი. იგი შედგება მეთუნე-ხელოსანთა დასახლების, საწარმოო უბანისა და სამაროვნისაგან. (ვ. ნიკოლაიშვილი). 1975 წ. გათხრილი სახლები (I და III) გვიანანტიკური ხანით (III-IV ს) თარიღდება.

კარსნისხევის დასასრულს გამოვლენილი ძეგლების ანალიზიდან ირკვევა, რომ მეთუნეთა ნამოსახლარი, სახელოსნო უბანი, მარნები და საწნახელი ასახავს დედაქალაქობის დროინდელი მცხეთის ერთ-ერთი მასაზრდოებელი უბნის ცხოვრებას. კერძოდ, იგი წარმოადგენს არმაზციხის ეკონომიკურ სახსარს ახ. წ. პირველ საუკუნეებში.

სამარხებში აღმოჩენილი იქნა ადამიანთა ჩონჩხებიც. რომელთაგანაც, ზოგი გვერდულად, ზოგი პირაღმა იყო დამარხული და პირი დასავლეთისკენ ეჭირა.

 

შესაძლოა, კედლებზე დატოვებული წარწერები არქეოლოგებს ეკუთვნოდეს, რადგან იქვე მიხატულია ზურგჩანთა და წერაქვი.

ტუბდისპანსერი

იმისთვის, რომ ტუბ საავადმყოფოზე რაიმე ინფორმაცია მომეძია, შსს-ს არქივში წავედი და 1930 წლიდან დაწყებული – 1985 წლამდე დამთავრებული, მცხეთის მუნიციპალიტეტის ოქმებს და დოკუმენტებს გავეცანი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ „კარსანი“ 1980 წლამდე საერთოდ ნახსენები არსად არის. მხოლოდ 1980 წლის დოკუმენტებში გვხვდება მასზე მხოლოდ ორი ცნობა: 1) „ 5/12 კარსნის ტუბსაავადმყოფო. მომუშავე პერსონალთაგან არის 10 კომუნისტი“. 2). „მცხეთის კავშირგაბმულობის კვანძის მისამართით: თხოულობენ ტელეფონის ხაზის აღდგენას.“

მე მოვიძიე ადამიანი, რომელიც იცნობდა „კარსნის“ ადგილობრივ მაცხოვრებელს, რომელიც მუშაობდა ტუბ საავადმყოფოში. ის ქალი, სამწუხაროდ ცოცხალი აღარ არის, მაგრამ სწორედ მისგან გაიგო ჩემმა რესპოდენტმა, თუ რატომ მიატოვეს საავადმყოფო.

 

 

ზვიად დოლიძე

– კარსანში პირველად 2000 წელს აღმოვჩნდი. უნდა გამეკეთებინა რეპორტაჟი. წავედით იმიტომ, რომ გადაგვეღო ახალგაზრდა გერმანელი კაცი, რომელიც იქ თავისი ოჯახით ცხოვრობდა. მაშინ „კარსანში“ არც დენი იყო, არც გაზი და წყალგაყვანილობა. მხოლოდ ერთი წყარო იყო. ფაქტობრივად ადგილობრივი მოსახლეობა არ არსებობდა. ისტორიულად, „კარსანი“ უძველესი სოფელია, სადაც პირველი ებრაელები დასახლდნენ. არქიტექტურის მხრივ, უძველესი ნასახლარი იქნა აღმოჩენილი. საინტერესოა გზის ისტორიაც. ქვაფენილი ტყვე გერმანელებს დაუგიათ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ხელით აგებდნენ 4 კმ მანძილზე და კარავში იძინებდნენ. გზის დაგება ქვემოდან დაიწყეს და კარავთან ერთად, ნელ-ნელა ზევით მიიწევნენ. რაც შეეხება ტუბდისპანსერს, მას ორი განყოფილება ჰქონია. ერთში იყვნენ ჩვეულებრივი პაციენტები, ხოლო მეორეში პატიმარი პაციენტები. მათი პალატები რკინის გისოსებში იყო ჩასმული. როგორც ადგილობრივებმა მიამბეს, არეულობის პერიოდში იქ რაღაც ორგანიზაციის წევრები შეიჭრნენ. ნახევრად არაოფიციალური, გაურკვეველი დაჯგუფება. სავარაუდოდ, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სამედიცინო აპარატურაში იყო ძვირფასი ლითონი და ძარცვის მიზნით დაარბიეს საავადმყოფო. სამედიცინო პერსონალი და პაციენტები, პატიმრების ჩათვლით გაიქცნენ. პრეპარატები, პაციენტთა ანალიზის მასალები, ავეჯი, ჭურჭელი – ყველაფერი განადგურდა თავდასხმის დროს. შემდეგი წლების მანძილზე, ჯართის მოგროვების მიზნით იძარცვებოდა იქაურობა. სახურავი, მილები, გაყვანილობები, ყველაფერი, რის დაშლა და წაღება შეიძლებოდა, გატანილ იქნა. ამჟამად, როგორც ჩემთვის ცნობილია, შენობა იყიდება. არის კიდევ ვერსია, რომ კარსანში დამარხულია მცხეთის რეაქტორის რაღაც ნარჩენი, რომელიც იმ დროს ფუნქციონირებდა. თუმცა, რადიაცია რომ გავზომეთ, ყველაფერი ნორმაში იყო. 

გადავწყვიტე რესპონდენტის ვერსია დამეზუსტებინა. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში ნებისმიერი ტექნოლოგიური სიახლე, განიხილებოდა, როგორც პოტენციური საიდუმლო. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საიდუმლო ლაბორატორია და საიდუმლო იარაღზე მუშაობა კარსანში, ხალხის ფანტაზიის ნაყოფი უფროა, ვიდრე სინამდვილე. ჩემი ვარაუდი ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერებმაც დაადასტურეს. მეცნიერებათა დოქტორი, ბირთვული ენერგეტიკული დანადგარების სპეციალისტი – შუქრი აბრამიძესგან, რომელიც რეაქტორის გახსნის დღიდან, 18 წლის მანძილზე ამ დანადგარის მთავარი ინჟინერი და შემდგომში ობიექტის ხელმძღვანელი იყო, გავიგე, რომ კარსანში იყო რადიო-ქიმიური ლაბორატორია, ხელმძღვანელობდა თამარ ცეცხლაძე. ჰქონდათ გამა-გამოსხივების წყაროები. აკეთებდნენ სტერილიზაციას და გარკვეულ გასხივებას სხვადასხვა ნიმუშებისა. მაგალითად, სათესლე მასალა. სიმინდი, თამბაქო და სხვა. ეს არ იყო გასაიდუმლოებული პროცესი, რადგან გამა-გამოსხივებით კვლევები, იმ პერიოდში ტარდებოდა ღიად, მთელს მსოფლიოში. დასამალი არაფერი იყო. რაც შეეხება რეაქტორის ნარჩენის დამარხვას „კარსანში“, ეს არ დადასტურდა.

იმედი მაქვს, ჩემ მიერ მოძიებული პასუხები და ვარაუდები, ასე თუ ისე პასუხობს იმ ძირითად კითხვებს, რომლებიც დასაწყისში დავსვი. თუმცა, ბევრი რამ კვლავ ბუნდოვანია და სავარაუდოდ, ვერასოდეს გაირკვევა. სამყაროში არსებობს ისეთი საიდუმლოები, რომლებიც  ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გაუხსნელი უნდა დარჩეს.

 

თეა ინასარიძე

მედია ჰოლდინგი – ,,პალიტრა”

,,თანამედროვე ჟურნალისტიკის განვითარების პროექტი”

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s