კოლექციონერი

 

 მეთექვსმეტე სართულის სახურავიდან ყველაფერი ისეთი პატარა ჩანდა, რომ ლაშას კინაღამ სუნთქვა შეეკრა. მას ბავშვობიდან ჰქონდა სიმაღლის შიში. ყველაფერი ჯერ კიდევ სველი იყო. სახურავზეც დიდი გუბეები იდგა. ანიკა სახურავის კიდეზე იდგა და ქუჩებს გაჰყურებდა. გზებზე ხალიჩასავით დაფენილი ყვითელი და წითელი ფოთლები ძალიან ლამაზად მოჩანდა. სახურავის ანტენაზე სიცივისგან მობუზული მტრედი იჯდა. ლაშა თავს არაკომფორტულად გრძნობდა. ანიკასთან პირველი შეხვედრა სულ სხვანაირად წარმოედგინა. ბანალური, მაგრამ კომფორტული პაემანი კაფეში ან კინოში ბევრად ერჩია ნაწვიმარ სახურავზე უაზროდ დგომას. ანიკას კი ეტყობოდა, რომ კომფორტის ზონიდან გამოსვლა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. უფრო მეტიც, მოწონდა-კიდეც უჩვეულო ადგილები.

– ცოტა უკან გამოდი რა, არ გადავარდე!

ბოლო თხუთმეტი წუთის განმავლობაში პირველად სიჩუმე ლაშამ დაარღვია. ანიკა არ განძრეულა.

– გაიგე, რა გითხარი?

– კი.  – ხედავ იმ ველოსიპედიან ბიჭს?

ლაშამ ოდნავ წინ წაიწია და ფრთხილად გადაიხედა ქვემოთ. მართლა მიდიოდა ველოსიპედით თავზე კაპიუშონწამოფარებული ბიჭი.

– ვხედავ, მერე?

– ნეტა რა ისტორია აქვს… ბიჭს, რომელიც წვიმაში ველოსიპედით დადის, აუცილებლად საინტერესო ისტორია ექნება…

ანიკა უცებ ლაშასკენ მოტრიალდა.

– როგორ გრძნობ თავს?

– უკეთესადაც შეიძლებოდა… როგორც ჩანს, არ ცხოვრობს ჩემში კარლსონი…

ანიკას გაეღიმა.

– რომ გითხრა, ოცდამეექვსე ბიჭი ხარ, ვისაც შევხვდი-მეთქი, დაიჯერებ?

– თუ ოცდახუთივე ასეთ ადგილებში მიგყავს-ხოლმე, რატომაც არა?

ანიკას ისევ გაეღიმა.

– მართლა ოცდამეექვსე ვარ?

– კი! და ოცდახუთივეს მხოლოდ თითოჯერ შევხვდი…

– რატომ? დავიჯერო არც ერთი არ მოგეწონა?

– ნწ… არც ერთი!

– აბა რაღატომ ხვდები?

– თუ არ შეხვდი, როგორ გაიგებ, მოგეწონება თუ არა?

– სავარაუდოდ აღარც მე შემხვდები მეორედ…

ანიკამ მაჯის საათს დახედა.

– შენ ჯერ კიდევ გაქვს დრო. საათი და თხუთმეტი წუთი…

– და რა უნდა გავაკეთო ამ დროში?

– ნუ, როგორც მინიმუმ, ეგ კითხვა არ უნდა დასვა…

ლაშას გაეღიმა. ის კარგად ხვდებოდა, რომ ყველაზე უჩვეულო გოგოსთან ჰქონდა საქმე, ვინც კი ცხოვრებაში შეხვედრია.  ინტერესიც სულ უფრო იზრდებოდა მის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ თავს ძალიან სულელურად გრძნობდა, ოცდარვა წლის კაცი სახლის სახურავზე წვიმაში რომ იდგა უცნობ გოგოსთან ერთად, მაგრამ გულის სიღრმეში რაღაცნაირად მოწონდა კიდეც ეს უცნაურობა.

– რამე კონკურეტულს ეძებ, თუ დაწუნებული „კავალრების“ კოლექციას აგროვებ?

– ყველა ეძებს რაღაცას… უბრალოდ, ზოგმა არც კი იცის, რომ ეძებს… ან, ეძებს, მაგრამ არ იცის რას…

– აბა, მე რას ვეძებ?

– ცოლს.

– საიდან დაასკვენი?

– სამსახური უკვე გაქვს. სახლ-კარიც, ორწელიწადში ოცდაათის გახდები და ბერბიჭას სინდრომის ნიშნებს ამჩნევ თავს ზოგჯერ… როგორც ყველა ქართველი კაცი, შენც ფიქრობ, რომ ნამდვილი ქართული ოჯახი შექმნა და გვარი გაამრავლო. ცოტა გეშინია, რომ არ დაგაგვიანდეს…

ლაშას გულიანად გაეცინა.

– საიდან იცი, რომ სამსახური და სახლ-კარი მაქვს? ან, ცოლს ვეძებ თუ საყვარელს?

– „ფეისბუქის“ გვერდს ბევრი რამის თქმა შეუძლია ადამიანზე.

– შენ თვითონ რას ეძებ?

– რაღაც არანაცრისფერს… – რამდენი მეგობარი გყავს ფეისბუქზე?

– რავი, ბევრი…

– მე ვიცი. – ათასორასორმოცდასამი გყავს! – და მე?

– არ ვიცი. არ მინახავს…

– არ დაინტერესდი, რომ მინიმალური ინფორმაცია მაინც მოგეგროვებინა გოგოზე, რომელსაც ხვდებოდი და იმიტომ! როგორც ყველა კაცი, შენც ვიზუალური მონაცემებით დაკმაყოფილდი! მე მხოლოდ ცხრა მეგობარი მყავს ფეისბუქზე, და იცი რატომ?

– არ ვიცი…

– იცი ვინ არის კოლექციონერი?

– კოლექციონერი არის პირი, რომელიც აგროვებს ერთგვაროვან საგნებს…

– მე საინტერესო ადამიანებს ვაგროვებ და სამწუხაროდ, ისინი ძალიან ცოტანი არიან…

– ალბათ ამიტომ არ დაეთანხმე მეგობრობის თხოვნას, რამდენიმე დღის წინ რომ გამოგიგზავნე… – და სად ეძებ ხოლმე მათ?

– ყველგან! „რეალშიც“ და ვირტუალურ სამყაროშიც…

– ვისაც ჩემამდე შეხვდი, შეხვედრის ადგილი ყველას შენ შეურჩიე?

ანიკამ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია და გუბეში გატოპა.

– ხოდა, შეცდომაც სწორედ მანდ დაუშვი! ეგრე ვერასოდეს იპოვი იმას, რასაც ეძებ!

ანიკა შეჩერდა და ლაშას გაკვირვებულმა შეხედა.

– რატომ?

– აი, ნახე! შენ არჩევ ადგილებს, რომელიც შენ მოგწონს და თუ იმას, ვისაც ხვდები, არ მოეწონა იგივე ადგილი, ნაცრისფერს უწოდებ! იქნებ მას უფრო საინტერესო ადგილები მოსწონს და მისი პარამეტრებით შენი ადგილი ბანალურად გამოიყურება? შეუძლებელია ყველას ერთნაირი რაღაცეები მოწონდეს. იმისთვის, რომ სხვა ადამიანის სამყაროში შეიხედო, არჩევანის უფლება მას უნდა მისცე! შენ უნდა წაყვე მას და არა პირიქით…

ანიკა დაფიქრდა.

– მაშინ, შენთვის საინტერესო ადგილას წამიყვანე! ოღონდ, ამისთვის ერთი საათი გაქვს!

სანამ ლიფტი პირველ სართულამდე ჩავიდოდა, ლაშამ გონება დაძაბა, რომ საინტერესო ადგილები გაეხსენებინა, მაგრამ მიხვდა, რომ ასეთი ადგილი არ ჰქონდა. ის მარტო არსად დადიოდა. მხოლოდ სამსახურში, სტუმრად და ზოგჯერ რესტორანში თუ წავიდოდა-ხოლმე მეგობრებთან ერთად.

მანქანის კარი ჯერ ანიკას გაუღო, მერე თვითონაც ჩაჯდა, გასაღები გადაატრიალა და მანქანის გახურებას დაელოდა. მალე დათბა და მინები დაიორთქლა. ანიკამ ღვედი გადაიჭირა და ფანჯარა ხელით გაწმინდა. ეტყობოდა, რომ ერთი სული ჰქონდა, სანამ ლაშას საყვარელ ადგილს ნახავდა. ლაშასაც ძალიან მოუნდა, ანიკაზე შთაბეჭდილება მოეხდინა და მოეხერხებინა ის, რაც მანამდე, ოცდახუთმა ბიჭმა ვერ შეძლო. ამ სურვილმა ისე დაიპყრო, რომ მღელვარებისგან გულიც კი აუჩქარდა. თავი ისე ეჭირა, თითქოს იცოდა სადაც მიდიოდა. მანქანა ადგილიდან დაძრა და გეზი მთავარი ტრასისკენ აიღო. უკვე ბინდდებოდა იყო და ქუჩებში ლამპიონები ინთებოდა.

– რაზე ფიქრობ?

– აკვარიუმზე. – იცი, მგონია, რომ ჩვენ ყველანი გიგანტურ აკვარიუმში ვართ გამომწყვდეული. ღმერთმა მოგვათავსა და გვაკვირდება, რას ვიზამთ… ჩვენ კი უბრალოდ დავბორიალობთ და საზოგადოებაში მიღებულ წესებს ვემორჩილებით. აკვარიუმის კედლებსაც კი არ ვაწყდებით! არ ვეძებთ გზებს, რომელიც აკვარიუმიდან  გაგვიყვანს… ვიბადებით, ვსწავლობთ, ვმუშაობთ, ვჭამთ, ვმრავლდებით და ვკვდებით. ზოგჯერ ბედნიერი დღეებიც გვექნება… ჩვენ რელიგიასაც კი არ ვირჩევთ დამოუკიდებლად, რადგან მშობლები ბავშვობაშივე ჩვენს მაგივრად აკეთებენ არჩევანს…

– იქნებ არც არის გზა, რომელიც აკვარიუმიდან გაგვიყვანს? ამ ყველაფერზე გამუდმებით რომ იფიქრო, შეიძლება ჭკუიდან შეიშალო…

– იქნებ ერთადერთი გამოსავალი სწორედ ამ ყველაფერზე გამუდმებული ფიქრია? ვინ იქნები მაშინ, თუ არასოდეს იფიქრებ ამაზე და არ ეცდები გზების პოვნას? მაინც, რატომ ეზარებათ ადამიანებს საკუთარ თავში ჩაღრმავება? სამყაროში ყველაზე საინტერესო ხომ საკუთარი თავის შეცნობაა? ნუთუ არავის აინტერესებს, რატომ გაჩნდა? როგორია სინამდვილეში? რა უნდა?

–  სავარაუდოდ, ასეთი გზების ძიებას საბოლოოდ ჩიხში მივყავართ.

– ჩიხი უფრო საინტერესოა, ვიდრე ათიათასჯერ გათელილი გზები, რომელზეც ყოველდღე დავდივართ…

ლაშას უცებ ერთი იდეა მოუვიდა და პირველივე გადასახვევში მკვეთრად შეუხვია. ბრმად მიდიოდა. სადაც კი შესახვევი შეხვდებოდა ყველგან უხვევდა. ქუჩები ნელ-ნელა ვიწროვდებოდა.

– სად მივდივართ?

– ცნობისმოყვარეობა ვეღარ მოთოკა ანიკამ.

– არ ვიცი. საინტერესო ადგილს ვეძებ! ასეთ ადგილს კი მხოლოდ მაშინ იპოვი, როცა მთავარი გზიდან გადაუხვევ…

– როგორ მიხვდები, რომ საინტერესო ადგილი იპოვე?

– უბრალოდ გავჩერდები იქ, სადაც მომეწონება. ადგილებს საინტერესოს ადამიანები და მათი ისტორიები ხდიან! ხოდა, ჩვენ თვითონ შევქმნით ერთ ასეთ ადგილს…

ანიკას ხმა არ ამოუღია, მხოლოდ უცნაურად გაეღიმა. ეს ღიმილი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ლაშა მიმხვდარიყო, ანიკას მისი გადაწყვეტილება მოეწონა. მანქანამ ბოლოჯერ შეუხვია პატარა ქუჩაზე, რომელიც ჩიხი აღმოჩნდა. ქუჩაზე ერთადერთი წითლად განათებული ბარი იყო.

ბარი ძალიან მყუდრო იყო. თბილოდა და სასიამოვნო მუსიკა ისმოდა. ლაშამ ადგილი ფანჯარასთან აარჩია და სასმელი შეუკვეთა.

– მოდი, ვითამაშოთ!

ლაშამ სიტყვები ანიკასთვის სრულიად მოულოდნელი იყო.

– რა ვითამაშოთ?

– შენ ხომ უკვე დამახასიათე? ახლა, მოდი ტელეფონები გავცვალოთ და ყურსასმენებში მოვუსმინოთ ერთმანეთის „ფლეილისტს.“ მართალია, ფეისბუქის გვერდით ბევრი რამის გაგება შეიძლება ადამიანებზე, მაგრამ არანაკლები წარმოდგენა შეგექმნება მასზე, თუ გეცოდინება, რა მუსიკას უსმენს… როცა მოვუსმენთ, მერე კიდევ დავახასიათოთ ერთმანეთი.

– საინტერესოა!

გაეღიმა ანიკას. დარჩენილი ნახევარი საათი ერთმანეთის საყვარელი მუსიკის მოსმენაში გაატარეს. არაფერზე ულაპარაკიათ. უბრალოდ, დროდადრო ეღიმებოდათ. ახლა ლაშაც ანიკას მეთოდებით თამაშობდა და ცხოვრებაში პირველად იგრძნო, რომ აკეთებდა იმას, რაც თავად მოწონდა და არა ისე, როგორც მეგობრები ან ოჯახის წევრები კარნახობდნენ…

– როგორ ალამაზებს ყველაფერს მუსიკა, არა? უსახურ ქუჩებს, მოწყენილ ადამიანებს… ყველაფერს თითქოს მისტიკურ იერს სძენს.

თქვა ლაშამ,, როცა მანქანა დაძრა. გარეთ საკმაოდ ბნელოდა. ანიკამ მის ტელეფონს თავისი ყურსასმენები გამოაძრო და გაუცვალა.

– შენ ინტროვერტი ხარ! საკუთარ თავში ჩაკეტილი… არ გიყვარს პირად თემებზე ლაპარაკი. ყველაფერს რეალისტურად აფასებ და უფრო ფართოდ მოაზროვნე ხარ, ვიდრე დეტალებზე ორიენტირებული… იმედი ხშირად გიცრუვდება ხოლმე. შენც გაქვს შენი სამყარო, მაგრამ იშვიათად იხედები შიგნით…

– შენ პირიქით, იმდენად ხშირად ხარ შენს სამყაროში, რომ რეალობის მიღება აღარ გინდა. რეალობა კი ისეთად უნდა მიიღო, როგორიც არის. რას ვიზამთ, რომ ხშირად სიმართლე ძალიან ბანალურად ჟღერს…

– მე აქ ჩამოვალ! მინდა ცოტა ფეხით გავიარო…

ანიკამ ღვედი შეიხსნა. ლაშამ მანქანა გააჩერა. რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ არაბანალური ვერაფერი მოიფიქრა. ანიკაც უხმოდ გადავიდა მანქანიდან. ლაშა იქამდე გაჰყურებდა წვიმაში მიმავალს, ვიდრე თვალს არ მიეფარა. ძალიან უხდებოდა შემოდგომის წვიმიან ქუჩას ეს წითელ ქურთუკიანი ლამაზი გოგო, რომელიც შემთხვევით ნახა ფილმების ფეისბუქის გვერდზე, სადაც მის საყვარელ ფილმზე ჰქონდა კომენტარი დატოვებული. ჯერ ფილმთან დაკავშირებით მიწერა რაღაც, მერე ზოგად თემებზე გადავიდა და როცა მისი პროფილი დაათვალიერა, შეხვედრაც სთხოვა. ლაშა ნამდვილად არ ელოდა, რომ ანიკა ასე ადვილად და ასე მალე დათანხმდებოდა…

აუჩქარებლად დაძრა მანქანა. სახლში შემოვლითი გზებით წავიდა და პირველად გააცნობიერა, რომ ძალიან ჰყვარებია ღამით მანქანით სიარული მარტოს. უცებ, ფიქრებიდან მობილურის წკაპუნის ხმამ გამოაფხიზლა.

ანიკა „ფეისბუქზე“ მის მეგობრობის თხოვნას დათანხმდა.

– „მეათე“ – გაიფიქრა ლაშამ და უცებ ძალიან მოუნდა თექვსმეტსართულიანი სახლის სახურავზე ყოფნა, ანიკასთან ერთად.

Advertisements

2 thoughts on “კოლექციონერი

  1. ჟრიალის გარეშე ვერ ჩავიკითხე, მაგარი გოგო ხარ შენ! ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s