„რაღაცა მინდა, მაგრამ არ ვიცი რა“ – როგორ გავერკვეთ საკუთარ სურვილებში?

ალბათ ყველა ქალს უთქვამს ერთხელ მაინც: „რაღაც მინდა, მაგრამ რა – არ ვიცი“. – ეს კი დიდი პიროვნული პრობლემაა, როდესაც თავადაც არ ვიცით, რა გვსურს. შესაბამისად, არც შანსები გვექნება, რომ სასურველს მივაღწიოთ. უბრალოდ, დინებას მივყვებით და არ ვცხოვრობთ ისე, როგორც ვოცნებობდით. ჩვენ ვცხოვრობთ ისე, როგორც გამოგვდის… – რა უნდა გავაკეთოთ, რომ საკუთარ სურვილებში გავერკვათ? – მოდით ვიმსჯელოთ, როგორ მივხვდეთ რა გვინდა რეალურად და როგორ მივაღწიოთ სასურველ მიზანს.

ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით, ჩვენს სურვილებსა და შესაძლებლობებს, ჩვენი „მე“-ს სამი შემადგენელი  კომპონენტი განსაზღვრავს: – „ბავშვი“, „ზრდასრული“ და „მშობელი“. შინაგანი ბავშვი – ეს არის ის, ვინც ამბობს „მინდა“. მისი სურვილები შეიძლება იყოს რეალისტურიც და აბსოლუტურად ფანტასტიკურიც. ჩვენი „მე“-ს ზრდასრული ნაწილი ლოგიკით იმართება. ის ბავშვის ზღაპრულ სურვილებს უკუაგდებს და ფიქრობს იმაზე, თუ როგორ მოახდინოს დანარჩენი სურვილების რეალიზება. მშობელი – სკეპტიკოსი და კრიტიკოსია. ჩვენ მუდამ ჩაგვესმის მისი ჩურჩული:  -„ არ შეიძლება“, „არ გამოგივა“, „არ ხარ ვალდებული“. იმისთვის, რომ სასურველი მივიღოთ, უნდა ვისწავლოთ ამ სამი პიროვნული  ნაწილის ჰარმონიაში მოყვანა.

ცხოვრებაში ხშირად ყველაფერი ძალიან რთულია. ზოგმა დაივიწყა თავისი შინაგანი „ბავშვის“ მოსმენა, ვიღაცას ეშინია მოქმედება, „მშობლის“ სკეპტიკური შენიშვნების გამო. მოდით, დასაწყისისთვის გავერკვეთ, რა გვსურს სინამდვილეში. ადამიანი ხშირად ოცნებობს რაღაცაზე, მაგრამ არაფერს აკეთებს მიზნის მისაღწევად. – იქნებ იმიტომ, რომ სინამდვილეში ეს მისი ოცნება სულაც არ არის? იქნებ ეს უბრალოდ გარშემომყოფების გავლენაა? იქნებ ეს ოცნება ვიღაცამ უნებლიედ მოგვახვია თავს? – მოდით, პატარა ექსპერიმენტი ჩავატაროთ!

ფურცელი გაყავით სამ თანაბარ ნაწილად. პირველ სვეტში ჩამოწერეთ თქვენი ყველა ოცნება – რეალისტურიც და ფანტასტიკურიც. მეორე სვეტში, ყოველი ოცნების გასწვრივ მიუწერეთ, – რატომ გინდათ ეს. პირველივე აზრი, რომელიც თავში მოგივათ, შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს. მაგალითად, დავუშვათ დაწერეთ: – „მინდა ჩავაბარო მაგისტრატურაზე“. მის გასწვრივ თქვენ წერთ: – „იმიტომ, რომ მშობლები გავახარო“. – ეს თქვენი სურვილი არ არის, ეს თქვენმა მშობლებმა ჩაგინერგეს. ასეთი ანალიზი დაგეხმარებათ სწორად მოახდინოთ თქვენი სურვილების ფორმულირება და გამორიცხოთ ზედმეტი.

კიდევ ერთი მეთოდი: დეტალურად წარმოიდგინეთ თქვენი სურვილის რეალიზება. მაგალითად, თქვენ დაწერეთ, რომ გინდათ გახდეთ ხელმძღვანელი. წარმოიდგინეთ, რომ უკვე გახდით. – როგორ ჩაივლის თქვენი სამუშაო დღე? რომელ საათამდე ზიხართ ოფისში? როგორ აგვარებთ სამსახურეობრივ კონფლიქტებს? ამ ყველაფრის წარმოდგენით, შეიძლება მიხვდეთ, რომ ხელმძღვანელობა სულაც არ არის თქვენი საქმე…

როდესაც ყველა ზედმეტ სურვილს გადახაზავთ, მესამე გრაფაში დაწერეთ, რა საშუალებებით შეიძლება ამა თუ იმ სურვილის რეალიზება.

იმ შემთხვევაში, თუ გეჩვენებათ, რომ თქვენი ცხოვრებით კმაყოფილი ხართ და არაფერი აღარ გინდათ, წარმოიდგინეთ, რომ თქვენთან გაჩნდა ჯადოქარი. მოდით, ვიფანტაზიოროთ! ჯადოქარს შეუძლია თქვენი ნებისმიერი სურვილის ახდენა. – რა შეიცვლებოდა თქვენს ცხოვრებაში ამ შეხვედრის შემდეგ? ისევ იგივე სამსახურში გააგრძელებდით მუშაობას? ისევ იმავე ქალაქში იცხოვრებდით? იგივე ხალხთან გექნებოდათ კონტაქტი?

ეს ფანტაზია დაგეხმარებათ გაიგოთ, რის შეცვლა გინდათ ცხოვრებაში. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ დაწერილი სურვილები და ოცნებები მართლა წარმოუდგენლად ახდენს გავლენას ადამიანის არაცნობიერზე. როგორც დღის გეგმა, ისე გვეხმარება მოვასწროთ უფრო მეტი. სურვილების სია – ცხოვრების გეგმაა, რომელიც გაიძულებს მიიღო მეტი.

ფსიქოლოგები ამ ტექნიკას აქტიურად მიმართავენ. მაგალითად, გოგონას, რომელსაც არ შეუძლია დაალაგოს თავისი პირადი ცხოვრება, ფსიქოლოგები სთხოვენ, დაწეროს როგორია მისთვის იდეალური პარტნიორი. გარკვეული დროის შემდეგ, ის სასწაულებრივად ხვდება ასეთ მამაკაცს, რეალურ ცხოვრებაში.

თქვენ გჯერათ, რომ დაწერილი სურვილები და ოცნებები გვეხმარება უფრო მეტის მიღწევაში? ან, თავად იცით, რა გინდათ?

ჟურნალი “…და ქალი”

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s