საიდუმლო სამხედრო ნაწილი 28661 – სახელწოდებით “ზვეზდა”

zvezda

საიდუმლო სამხედრო ობიექტები, მიწისქვეშა კომუნიკაციების საიდუმლო ხაზები,  ბუნკერები, მიწისქვეშა რადიოსადგურები – ოფიციალურად „არ არსებობს“, რადგან სახელმწიფო  საიდუმლოს წარმოადგენს და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მათზე ინფორმაცია საზოგადოებისთვის ყოველთვის  დახურული იყო და იქნება. საიდუმლო სამხედრო ობიექტების შესახებ ლეგენდები და მითები ყოველთვის არსებობდა. თუ ლეგენდებს დავუჯერებთ, საქართველოში, ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს  ბევრი საიდუმლო მიწისქვეშა ობიექტი აშენდა. ერთ-ერთი გავრცელებული ლეგენდის თანახმად, მცხეთაში ძალიან გრძელი, საიდუმლო  მიწისქვეშა გვირაბი იყო, რომელიც სოფელ ლამისყანას უკავშირდებოდა.

არსებული ლეგენდით დავინტერესდი და ამ ადგილების მონახულება გადავწყვიტე. ძალიან გამიმართლა, რადგან გავიცანი ყოფილი სამხედრო პირი, რომელიც ლამისყანის სამხედრო ნაწილში წლების მანძილზე მსახურობდა და ფაქტობრივად, ცოცხალი მატიანე გახლავთ.

აი, რა მიამბო მან:

– საიდუმლო სამხედრო ნაწილი – 28661, სახელწოდებით „ზვეზდა“ სამი ობიექტისაგან შედგებოდა, რომლებიც განთავსებული იყო მცხეთაში, კასპის რაიონის სოფლებში: – „ლამისყანასა“ და „საქადაგიანოში“. აღნიშნული ნაწილის პირველი ობიექტი მცხეთაში, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აშენდა. მიწისქვეშა ობიექტის მშენებლობაზე სხვებთან ერთად გერმანელი ტყვეებიც მუშაობდნენ. ლამისყანასა და საქადაგიანოში სამხედრო ნაწილების მშენებლობა კი  XX საუკუნის 60-იან წლებში, თითქმის ერთდროულად  დაიწყო და 70-იან წლებში ექსპლოატაციაში გაეშვა. აღსანიშნავია, რომ მცხეთაში არსებულ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის, მარშალ ფეოდორ ტოლბუხინის (1947-1949 წწ.)  აგარაკი აშენდა, რომელიც შემდგომშიც ცნობილი იყო როგორც „ტოლბუხინის აგარაკი“. მის ეზოში ფარშავანგებიც კი დასეირნობდნენ.

13  1211

   მტრისთვის შეუმჩნეველი და უსაფრთხო რომ ყოფილიყო,  სამივე სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე,  მიწისქვეშ სპეციალური ნაგებობები იყო  აშენებული, სადაც განთავსებული იყო  რადიოსადგურები, რომელთა მეშვეობითაც ხდებოდა სხვადასხვა სახის სამხედრო საიდუმლო  ინფორმაციის მიღება, დამუშავება და გადაცემა.  აღნიშნული სამხედრო ობიექტები ავტონომიური ელექტროენერგიითა და  წყლით უზრუნველყოფილნი იყვნენ.

– ლამისყანის სამხედრო ნაწილი 40 ჰექტარ ფართობზე იყო განთავსებული და დაახლოებით 60-მდე სხვადასხვა ეროვნების სამხედრო მოსამსახურე მსახურობდა. მას ათმაგი ეკლიანი მავთულხლართი ჰქონდა გარშემორტყმული. შესასვლელთან 3-სართულიანი კორპუსი იდგა, რომელსაც ორი სადარბაზო ჰქონდა. გათბობით, ცხელი წყლითა და ყველანაირი კომფორტით უზრუნველყოფილი 18 კეთილმოწყობილი ბინა, აქ მომუშავე ოფიცრებისა და მეთაურებისთვის იყო განკუთვნილი. ობიექტზე განთავსებული იყო ყაზარმა, кпп, სასადილო, საწყობი, საგუშაგოები, (რომელიც ტერიტორიას დღისა და ღამის განმავლობაში იცავდა), აბანო, წყლის რეზერვუარი, საქვაბე. სულ ბოლოს კი მთავარი ობიექტი – მიწისქვეშა რადიოსადგური იყო.

raw (1) raw (2) raw zvezda zvezda2

    იქ ჩასვლის ნებართვა მხოლოდ მათ ჰქონდათ, ვის საშვზეც  ასო – Ж ეწერა.  ორი ასო –  М და Ж ნიშნავდა იმას, რომ ასეთი საშვის მქონე პირს ცენტრალურ სადგურშიც (მცხეთაში) შეეძლო შესვლა.

მიწისქვეშა შენობის მინუს მეორე სართულზე გადამცემი აპარატები იდგა.  აქ სადღეღამისო მორიგეობა იყო დაწესებული. სხვადასხვა სამხედრო ნაწილებიდან მიღებული დაშიფრული ინფორმაცია, სიტყვა-გასაღების საშუალებით იშიფრებოდა, შემდეგ საპასუხო ინფორმაციის ასევე დაშიფრულად გადაცემა ხდებოდა. პაროლს ყოველ თვე ცვლიდნენ. საიდუმლო ინფორმაციის გადაცემისა და მიღების  უფლება მხოლოდ ნაწილის ოფიცერს ჰქონდა. საიდუმლო რადიოსადგურების ყოველ ობიექტს თავისი კოდური სახელწოდება ჰქონდა:  ლამისყანას – „ლიმანი“, საქადაგიანოს – „როშჩა“, მცხეთას  კი „რადი“.

ლამისყანიდან მოსკოვთან დაკავშირება ცენტრალური სადგურის გავლით ხდებოდა.  ჯერ „რადს“ უნდა დაკავშირებოდი და გეთქვა პაროლი: – „Рубин.“

ნაწილის ტერიტორიაზე 40 მეტრი სიმაღლისა და 20 სმ. დიამეტრის მქონე ანტენები იყო აღმართული. კავშირგაბმულობის კაბელები მიწაში 80 სმ. სიღრმეზე იყო განთავსებული და გარედან ტყვიის დამცავი  საფარი ჰქონდა.

საიდუმლო სამხედრო ნაწილებში აკრძალული იყო სურათების გადაღება, თუმცა მიუხედავად ამ აკრძალვისა, ზოგიერთი სამხედრო მოსამსახურე მაინც ბედავდა ჩუმად ფოტოს გადაღებას.

 DSC_5730 DSC_5803 DSC_5897

 დღეისათვის, მცხეთის  ობიექტისგან სამხედრო ნაწილში შესასვლელი ჭიშკრის მხოლოდ ჩარჩო და გამშვები პუნქტის ნახევრად დანგრეული შენობაა დარჩენილი. მთაში შესმული რკინის ჭიშკარი, რომელიც სავარაუდოდ მიწისქვეშა ნაგებობაში შესასვლელი უნდა იყოს – დალუქულია. ზემოთა მხრიდან (მთაზე), მიწაში ჩამარხული რკინის ძველი ცისტერნის ნაწილი და საჰაერო მილი მოჩანს. იქვე, ტოლბუხინის სახლი დგას, რომელიც დაკეტილია. ეზოში, ამბარის გვერდით, სავარაუდოდ ფარშავანგებისთვის განკუთვნილი გალიაა შემორჩენილი.

მეორე ობიექტი, სოფელ ლამისყანადან ოდნავ  მოშორებით, ხრიოკ ველზე მდებარეობს.   ამ  ნაწილს, ადრე ტყე ჰქონდა გარშემორტყმული, რომელიც ახლა მთლიანად გაჩეხილია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. სამხედრო ნაწილისაგან აღარც ღობე, აღარც შენობები და აღარც ანტენებია დარჩენილი. ყველაფერი დაშლილი და გაძარცვულია.

გორაკზე წრიული ფორმის ბეტონის ნაგებობა დგას, რომელიც ადრე წყლის რეზერვუარი იყო. ამ ნაგებობაშივე იყო აბანოც.

საიდუმლო მიწისქვეშა რადიოსადგურში მოხვედრა კი მხოლოდ ბეტონის ორი ვერტიკალური შახტიდანაა შესაძლებელი, რომელსაც  რკინის საფეხურები აქვს კედელში დამაგრებული. ორივე ჩასასვლელი ერთი კორიდორით უკავშირდება ერთმანეთს, საიდანაც კიდევ ერთი, დიაგონალურად მკვეთრად დახრილი ბეტონის კიბე ჩადის, რომლის საფეხურებიც საკმაოდ დაზიანებულია.

მინუს 2 სართულზე, ადრე ჰერმეტული კარი იყო, რომელიც დაახლოებით 20 ტონას იწონიდა და მრგვალი დასატრიალებელი სახელური ჰქონდა. ახლა ის მოხსნილი და დაკარგულია. ეს მიწისქვეშა ნაგებობა ორი სართულისაგან შედგებოდა. პირველ სართულზე  ელექტროგენერატორები იდგა, რომელიც მუდმივი დენის მიწოდებას უზრუნველყოფდა. სამხედრო მეცადინეობების დროს, გენერატორების დიზელზე გადართვა ხდებოდა.

გენერატორების ადგილას დღესაც შეიმჩნევა მაზუთის კვალი. ამჟამად, ნაგებობის მხოლოდ კედლებია დარჩენილი. აპარატურა, მილები, კაბელები და ყველაფერი, რაც მეტალის იყო, დაჭრილი და გაძარცვულია.

DSC_5899 DSC_5934 DSC_5937 DSC_5948

ნაგებობაში ბევრი ოთახებია. ერთ-ერთ ოთახში, დამწვარი წიგნებისა და ჩანაწერების რამდენიმე გადარჩენილი ფურცელი ვიპოვე, სადაც საიდუმლო აპარატურის ინსტრუქციები და სქემები იყო მოცემული. ერთი ოთახის კედელზე, მკრთალად შპალერის ორნამენტები მოჩანს. ასევე, კედელზე დახატული ბუხარი, ზედ შანდლებითა და სანთლებით. სავარაუდოდ ეს მეთაურის კაბინეტი უნდა ყოფილიყო.

1991 წელს, „ზვეზდას“ სამივე ობიექტი თითქმის ერთდროულად დაიცალა.  ნაწილის დაფინანსება შეწყდა, რუსებმა საქართველო დატოვეს. უყურადღებოდ დარჩენილ სამხედრო ნაწილებს კი ეკონომიკურად გაჭირვებული მოსახლეობა წლების მანძილზე ძარცვავდა. ჯართში წასაღები რომ აღარაფერი დარჩათ, კედლების დაშლაზე გადავიდნენ. წასაღებად გამზადებული აგურები ახლაც ალაგია ლამისყანის ნაწილის ტერიტორიაზე. მალე მიწისქვეშა ნაგებობისაგან კედლებიც აღარ დარჩება…

ლეგენდებისაგან განსხვავებით, ეს სამი ობიექტი მხოლოდ მიწისქვეშა კომუნიკაციებით უკავშირდებოდა ერთმანეთს. ხალხში გავრცელებული მითი ამ სამი ობიექტის  შესახებ,  მძაფრ-სიუჟეტიან ზღაპარს უფრო ჰგავს. ზოგჯერ, შეიძლება ყველაზე ბურუსით მოცულ ლეგენდას, ძალიან ჩვეულებრივი ახსნა ჰქონდეს, ან პირიქით… ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ამბის მიღმა, ძალიან საინტერესო და საიდუმლოებით მოცული ისტორია იმალებოდეს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ინტერესი დახურული თემების მიმართ, ყოველთვის არსებობდა და იარსებებს…

“კვირის პალიტრა”

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s