სამხედრო საიდუმლო – მკვდარი ზონა (ჩერნობილში გაგზავნილი ქართველი ლიკვიდატორის მოგონებები)

760599736

1986 წლის 25 აპრილი, უკრაინის ქალაქ „პრიპიატის“ 43000 მაცხოვრებლისთვის ერთი მშვენიერი გაზაფხულის თბილი დღე იქნებოდა, მაგრამ საშინელი კატასტროფის გამო, ეს დღე მათ მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდა. ქალაქიდან 3 კმ-ის დაშორებით, ატომურ ელექტროსადგურზე – АЭС, ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ადამიანი სამუშაოდ მიემართებოდა. იმ დღეს, მეოთხე ენერგო ბლოკში, რეაქტორის 176 თანამშრომელმა რეაქტორზე ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა, ელექტროენერგიის მოხმარების ეკონომიის მიზნით. ექსპერიმენტი ღამის 23 საათზე დაიწყო. რა მოხდა АЭС-ზე, სანამ ქალაქს მშვიდად ეძინა?

 ექსპერიმენტის დროს შეცდომა იქნა დაშვებული. რეაქტორის აქტიურ ზონაში ჯერ დეტონაციები დაიწყო, რამაც ელექტროსადგურის ფუნდამენტის ვიბრირება გამოიწვია. მალევე, ამ ყველაფერს ძლიერი აფეთქება მოჰყვა. რეაქტორის 1200 ტონიანი სახურავი ჰაერში ავარდა. ლუმინესცენტური განათება გამოირთო. დაბნელდა. სატელეფონო ხაზი გაწყდა. ნაგებობა მტვრით გაივსო. როდესაც სინათლე ისევ აღდგა, მესამე ბლოკის მთავარი ცირკულარული ტუმბოების უფროსი ოპერატორი და უფროსი ინჟინერ-მექანიკოსი 412-ე ფლიგელის სანახავად გაემართნენ. განათება ძალიან სუსტი იყო. 10 წუთის შემდეგ, აფეთქების ხმა განმეორდა. ნაგებობაში ბეტონი ჩამოინგრა და  შესასვლელ-გამოსასვლელები ჩახერგა. ყველაფერი მტვრის ღრუბელში გაეხვა. მილები დაზიანდა და ნაგებობაში წყალმა დაიწყო დინება. კვამლისგან და რადიოაქტიური მტვერისგან ნახევრად ცნობიერებადაკარგული АЭС -ის თანამშრომლები, მაღალი რადიაციული ზონებიდან გასასვლელს ეძებდნენ…

დაახლოებით 200 ტონა რადიოაქტიურმა საწვავმა წვა დაიწყო, რეაქტიული ღრუბელი ცაში აიჭრა და გავრცელება დაიწყო. ხელისუფლებამ მომხდარი ავარიის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გააკეთა და პრობლემის აღმოფხვრა სცადა. ადგილზე სამხედროები გაუშვეს და ხანძრის ჩაქრობა, ვერტმფრენებიდან ჩამოყრილი ქვიშით სცადეს. 28 ადამიანმა რადიაციის სასიკვდილო დოზა მიიღო და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მათ შორის იყვნენ პილოტებიც. საღამოს, ქალაქში რადიაციის დოზა 600000-ჯერ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ევაკუაცია მხოლოდ მესამე დღეს დაიწყეს. დაბინძურებული ზონიდან დაახლოებით 200 000 ადამიანი იქნა ევაკუირებული. ავარიიდან პირველი 6 თვის მანძილზე, უხილავ მტერთან ბრძოლა დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დაიწყო. მათ შორის იყვნენ ათასობით დაღუპული უსახელო გმირები… თუმცაღა, სწორედ მათი წყალობით მოხდა მეორე აფეთქების თავიდან აცილება, რომელიც ნახევარ ევროპას მიწასთან გაასწორებდა.

iuri tugushi

48 სთ-ის შემდეგ, ქალაქში მხოლოდ სამხედროები და სამეცნიერო დელეგაციის წევრები დარჩნენ. გადაწყდა მეოთხე ბლოკის სარკოფაგის ქვეშ მოქცევა, რომლის აშენება ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენდა. ერთადერთი გამოსავალი  ადამიანების რეაქტორთან ახლოს მისვლა იყო, რაც სიკვდილის ტოლფასი იყო.

სასწრაფოდ მობილიზებულ იქნა 500 000 ლიკვიდატორი, რომელთა შორის იყვნენ სამხედროები, მშენებლები, ჩვეულებრივი მოქალაქეები… მათ უნდა გაეწმინდათ რეაქტორი და მოეხდინათ ლიკვიდაცია. მუშაობა კვირაში 7 დღე, 24 საათის მანძილზე მიმდინარეობდა. ერთ ლიკვიდატორს დღეში მხოლოდ რამდენიმე წუთი შეეძლო იქ გაჩერება. წინააღმდეგ შემთხვევაში რადიაციის სასიკვდილო დოზას მიიღებდა. უმრავლესობა დაიღუპა. ბევრმა კი მხოლოდ 40 წლამდე იცოცხლა. ეს უდიდესი კატასტროფა იყო კაცობრიობის ისტორიაში, რომელსაც ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო სკალით, მეშვიდე კატეგორია მიენიჭა.  რეაქტორიდან რადიოაქტიური ნივთიერებების ამოფრქვევის შეჩერება მხოლოდ 1986 წლის მაისის ბოლოს მოხერხდა. სსრკ-ს მთელი რესურსებისა და ათასობით ლიკვიდატორის მეშვეობით, რაშიც 18 მილიარდი რუბლი დაიხარჯა.

ლიკვიდატორები სხვადასხვა ქვეყნებიდან მოჰყავდათ სამუშაოდ.  მათ ცხოვრება და მუშაობა ექსტრემალურ პირობებში უწევდათ.  ამ გლობალური კატასტროფის არადამამშვიდებელი პროგნოზისა და მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით, ძნელი არ უნდა იყოს იმის წარმოდგენა, თუ რა ხდებოდა ჩერნობილის ზონაში იმ ფატალურ დღეებში.

ლიკვიდატორებს მაღალი ანაზღაურება ჰქონდათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათი უფლებები მაინც ირღვეოდა. კერძოდ, ადგილი ჰქონდა მათ იძულებით, ან მოტყუებით წაყვანასაც. ბევრმა მათგანმა კი არ იცოდა მოსალოდნელი სასიკვდილო საფრთხის შესახებ. ქართველი ლიკვიდატორი – იური ტუღუში აფეთქების შემდეგ ძალიან მალე წაიყვანეს ჩერნობილში, სადაც მან 6 თვე ურთულეს პირობებში გაატარა. სახლში დაბრუნებულს, ჯანმრთელობის პრობლემებიც შეექმნა.

iuri tugushi3

ბ-ნო იური, რას საქმიანობდით ჩერნობილში წასვლამდე და როგორ მოხდა თქვენი გაწვევა?

იური ტუღუში:

ჩერნობილში წასვლამდე მშენებლობაზე ვმუშაობდი. ერთხელაც, დილის 6 საათზე, ჩემთან სახლში უბნის ინსპექტორი და მაიორი მოვიდნენ. საბუთები მომთხოვეს, ქალაქიდან გაუსვლელობაზე ხელწერილი დამაწერინეს და კომისარიატში დამიბარეს. მითხრეს, რომ ყველაფერს იქ გავიგებდი… 2 საათზე მივედი კომისარიატში, სადაც საკმაოდ ბევრი ხალხი დამხვდა. არავინ არაფერი იცოდა.  კომისარიატში გვაცნობეს, რომ ჩერნობილში მივყავდით… მე წასვლის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. განყოფილების უფროსს ჩემი 2 წლის შვილი, კახაც კი მივუყვანე და ვთხოვე, არ გავეშვი. მან მითხრა, რომ 6 თვის მანძილზე, საკმაოდ მაღალი ანაზღაურება მექნებოდა და თანაც, ჩერნობილში კი არ ვიცხოვრებდით, არამედ „სლაუტიჩში“, ახალ ქალაქში, რომელიც ჩერნობილიდან მოშორებით შენდებოდა, მაგრამ ადგილზე ჩასულებს სულ სხვა სიტუაცია დაგვხვდა. როგორც აღმოჩნდა, შენობა, სადაც უნდა გვეცხოვრა, შიგ ჩერნობილში, ავარიის ადგილიდან 30 კმ-ის მოშორებით იყო. ლიკვიდატორების ნაწილმა ბუნტი გამოაცხადა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

რა პირობებში გიწევდათ მუშაობა?

მისვლიდან მეორე დღეს, დილის 6 საათზე გაგვაღვიძეს, ჩვეულებრივი სამხედრო ფორმები ჩაგვაცვეს, გვასაუზმეს და  АЭС -ში წაგვიყვანეს. ექსკურსია მოგვიწყეს. გვკითხეს, ვინ რომელ ადგილებში ვისურვებდით მუშაობას. გვეკეთა რესპირატორები, რომელსაც რამდენიმე საათიანი მოქმედების ვადა აქვს.

ქართველები რამდენი იყავით? რა გევალებოდათ?

25 ქართველი ვიყავით. 2 თბილისიდან, დანარჩენი სხვადასხვა რეგიონებიდან. 20-დან 30 წლამდე ასაკის ბიჭები მოჰყავდათ.  უცოლშვილოები არ დაიშვებოდნენ. ყოველ დღე, ავარიის ადგილზე ავტობუსით მივყავდით. ჩვენი მუშაობის დრო, დღეში 3-დან 5 წუთს შეადგენდა. როგორც კი წითელი ნათურა აინთებოდა, მაშინვე ვტოვებდით ობიექტს და უკან ვბრუნდებოდით. ერთსა და იმავე ადგილზე ორჯერ არ მივყავდით. ყოველ დღე იცვლებოდა ლოკაცია. ყველა ლიკვიდატორს ორნაირი დოზიმეტრი გვეკეთა. ერთი რადიაციის ყოველდღიურ დოზას განსაზღვრავდა, ხოლო მეორეს 15 დღეში ერთხელ ვაბარებდით მონაცემების ასაღებად.  ენერგობლოკში ყოველდღიურად, მონაცვლეობით ჩავდიოდით და რადიოაქტიურ ბეტონს ვანგრევდით. ნანგრევებს პლასტიკის ტომრებში ვყრიდით და ლიფტით ვუშვებდით ქვემოთ.  რადიოაქტიური მასალები სპეციალური სატვირთო მანქანებით გაჰქონდათ, რომლებიც გარედან ტყვიით იყო დაფარული და სამარხებში ყრიდნენ. სამარხები მიწისქვეშ იყო განთავსებული. ყაზარმებში დაბრუნებულებს დეზაქტივაციას გვიტარებდნენ.

რა პროცედურებს მოიცავდა დეზაქტივაციის  პროცესი?

ეს იყო ქიმიური აბანო, სადაც შედიოდი და ქიმიური ხსნარებით იბანდი. გამოსასვლელში აპარატურა იდგა. უნდა შესულიყავი აპარატში, რომელსაც ადამიანის გამოსახულება ეხატა. თუ სხეულის რომელიმე ნაწილზე რადიაცია დარჩენილი გქონდა, ადამიანის გამოსახულებაზე წითლად აღიბეჭდებოდა და ისევ აბანოში უნდა შებრუნებულიყავი.  ზოგჯერ 5-ჯერ და 10-ჯერ გვიწევდა დაბანა. სამუშაოდან დაბრუნებულები ტანსაცმელს ვაბარებდით და აბანოდან გამოსულებს ახალი ფორმები გვეძლეოდა. სასადილოში შესვლამდეც გვიწევდა შემოწმება სპეციალურ აპარატზე, რადგან რადიაციული მტვერი ძირითადად ფეხებზე რჩებოდა. შენობის შესასვლელთან სპეციალური ჭურჭელი იდგა, სადაც ქიმიური ხსნარი ესხა. ამ ხსნარში უნდა გაგვერეცხა ჩექმები.

სასტიკად გვეკრძალებოდა სიგარეტის მოწევა, მაგრამ ბიჭები წესებს ხშირად არღვევდნენ. ზოგი ხეებიდან მოწყვეტილ ხილს ჭამდა, რის შედეგადაც კუჭის ძლიერი ტკივილით მიჰყავდათ…

იხილეთ სრულად: 

http://www.newspaper.ge/?p=2665

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s