ქალური (ბ)ლოგიკა – რაზე ფიქრობს ქალი VS რაზე ფიქრობს კაცი

სანამ „ბლოგიალს“ დავიწყებდე, მინდა ახალი წელი მოგილოცოთ და ბევრი სიხარული, წარმატებები, ჯანმრთელობა და ბარაქა გისურვოთ. ახალი წელი ერთ-ერთია იმ დღესასწაულებს შორის, რომლის აღნიშვნის პერიოდში, ქალები ძალიან ვიღლებით. თითქმის ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია: საყიდლები, ორგანიზაციული საკითხები, სამზარეულოში ტრიალი, სახლის დალაგება, სტუმრების მიღება-გასტუმრება. მამაკაცები ახალი წლის პერიოდშიც კი იოლად გამოდიან. დივანზე წამოგორებული უყურებენ საახალწლო გადაცემებს, ჭამენ-სვამენ და არიან განცხრომაში. ვისაც საყვარელი ჰყავს, ის ორმაგად ქეიფობს. ხან თავის სახლში, ხან „იმ ქალთან“. ისე, მე თუ მკითხავთ, კაცს მხოლოდ მაშინ ჰყავს ერთდროულად ბევრი ქალი, როცა არც ერთი მათგანი არ ვარგა კაპიკად.

მამაკაცური ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, – ყველა ქალი „ქათმისტვინაა“, ამის ხაზგასმა  მათ ირონიანარევი ღიმილით ძალიან უყვართ, მაგრამ საკმარისია, რაიმე მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის წინაშე დადგნენ, რომ მაშინვე ამბობენ: – „ცოლთან გავივლი კონსულტაციასო“…

როგორც წინა ბლოგიკაში დაგპირდით, დღეს კაცისა და ქალის აზრებს დავუპირისპირებ ერთმანეთს და ერთ ამბავს გიამბობთ. წარმოიდგინეთ სიტუაცია:

ახალგაზრდა მამაკაცმა, სახელად საბამ, მეგობართან გაიცნო ახალგაზრდა ქალი, სახელად სალი. მათ ერთმანეთი მოეწონათ და თავიანთი ასაკიდან გამომდინარე (საბა 36 წლისაა, სალი 30-ის), დრო აღარ დაკარგეს და მალე დაიწყეს შეხვედრები. ხან კინოში წავიდნენ, ხან რესტორანში, ხან სკვერში და ხან კაფეში. შეხვედრებმა რეგულარული ხასიათი მიიღო.

ერთხელ, როდესაც ისინი საბას მანქანით საახალწლოდ მორთულ ქუჩებში სეირნობდნენ, სალის თავში ერთმა აზრმა გაუელვა და დაუფიქრებლად, მომენტალურად გადააქცია სიტყვებად:

დღეს ზუსტად 6 თვე გახდა, რაც გაგიცანი… გახსოვდა?

მანქანაში სიჩუმემ დაისადგურა. სალის ეს სიჩუმე ზედმეტად ხმამაღალი ეჩვენა და გონებაში ქალურ ლოგიკას მოუხმო: – „ჯანდაბა! არ უნდა მეთქვა, ხო? ალბათ ფიქრობს, რომ ვცდილობ ვალდებულებებისკენ ვუბიძგო… ამ ვალდებულებების აღება ეტყობა არ უნდა, ან არ არის დარწმუნებული, რომ ღირს… ალბათ ფიქრობს, რომ მისი თავისუფლების შეზღუდვა მინდა… ჰო, ნამდვილად ასე ფიქრობს…“

საბა ფიქრობს: – „ვა, უკვე ექვსია, ტო?“

სალი ფიქრობს: – „ნეტა სადამდე მივა ეს ურთიერთობა, საით მივექანებით? ქორწინებისკენ?.. სიკვდილამდე რო ერთად უნდა იყო… ნეტა მე თუ ვარ მზად ამისთვის? რაღაც არ მგონია… ვიცნობ კი ამ ადამიანს საკმარისად კარგად?“

საბა ფიქრობს: „-ე.ი. გამოდის, რომ ივნისში დავიწყეთ შეხვედრა. ზუსტად იმის მერე, რაც ეს მანქანა ვიყიდე… ტფუი! ზეთის შეცვლა დამავიწყდა…“

სალი ფიქრობს: – „გაბრაზდა! სახეზე აწერია! იქნებ უფრო მეტ სიახლოვეს ელოდებოდა ჩემგან? ალბათ ვაგრძნობინე რომ არ ვარ მზად… ამიტომ იქნება ჩუმად… არაფერს ამბობს თავის გრძნობებზე. ეშინია, უარყოფილი არ დარჩეს…“

საბა ფიქრობს: – „გადამცემიც უნდა შევამოწმო. რაც არ უნდა თქვან იმ არიფებმა, მე ვიცი, რომ ჯერ კიდევ არაა დარეგულირებული. ერთი არ მინდა, მითხრან – სიცივის ბრალიაო. აყროლებული ნაგვის მანქანასავით რომ ძაგძაგებს მანქანა. მე კიდე, 600 ლარი გადავუხადე…“

სალი ფიქრობს: -„გაბრაზებულია და არ ვადანაშაულებ! მეც გავბრაზდებოდი მის ადგილას, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, მინდა თუ არა საბას ცოლობა…“

საბა ფიქრობს: – „მეტყვიან გარანტია გავიდაო…“

სალი ფიქრობს: – „რა გულუბრყვილო ვარ! ველოდები ზღაპრულ პრინცს, თეთრ ცხენზე ამხედრებულს, გვერდით კი არაჩვეულებრივი ადამიანი მიზის, რომელიც მომწონს და რომელსაც მართლა ვჭირდები… და ეს ადამიანი ახლა იტანჯება იმის გამო, რომ ეგოისტი და გულუბრყვილო სულელი ვარ!“

საბა ფიქრობს: – „ავიღებ იმ გარანტიას და გავუკეთებ უკან!“

– საბაა! –(წამოიძახა სალიმ).

– ჰა?..

– გეხვეწები, ნუ იტანჯავ ასე თავს, არ უნდა მეთქვა ეს… ღმერთო, რაა… თავს ისე საშინლად ვგრძნობ, როგორც…

(სალი ტირილს იწყებს და თავს მუხლებში რგავს. საბა გაოგნებული და დაბნეულია).

– ეე, რა გჭირს?…

– რა და დებილი ვარ! ვიცი, რომ არასოდეს მოვა ჩემთან თეთრი ცხენი… არასოდეს არ მეყოლება ცხენი…

– რა ცხენი? (საბა ცდილობს სწრაფად ჩაწვდეს ქალური ლოგიკის არსს).

– შენ ახლა ფიქრობ, რომ სულელი ვარ, ხომ?

– რას ამბობ… ეგ საიდან მოიტანე? (საბას უხარია, რომ როგორც იქნა შეძლო სწორი პასუხის გაცემა).

– უბრალოდ, ცოტა დრო მჭირდება… (ამბობს სალი სლუკუნით).

თხუთმეტ წამიანი პაუზა, რომლის განმავლობაში, საბა მაქსიმალური სისწრაფით ფიქრობს, როგორ იპოვოს უსაფრთხო პასუხი. როგორც იქნა, ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს არჩევს:

– კარგი! (ღრმად შეძრული სალი მას მკლავზე ნაზად ეხება) – მართლა გესმის ჩემი?

– რა მესმის?..

– აი, დრო რომ მჭირდება…

– აა, ჰო… აბა რა! (სალი საბას თვალებში უყურებს და აიძულებს ინერვიულოს იმაზე, თუ რას იტყვის კიდევ… თან, თუ ის რაღაც ცხენს ეხება).

– მადლობა… (ამბობს სალი).

ამის შემდეგ, საბას სალი მიჰყავს სახლში. სალი წვება საწოლში, გულში იკრავს პლუშის დათუნიას, როგორც „დატანჯული სული“. ტკბილი ცრემლები უსველებს სახეს, მერე ბალიშსაც… „აიპოდში“ რომანტიკულ მუსიკას უსმენს და ერთად გატარებულ დღეებს იხსენებს. საბა კი გამოცვლის მანქანის ზეთს, შეამოწმებინებს გადამცემს, წავა სახლში, შეჭამს, ლუდს გახსნის და ფეხბურთს ჩაუჯდება. სალი მეორე დღეს დაურეკავს დაქალს (ან დაქალებს) და მთელი დღე ილაპარაკებენ იმაზე, რაც გუშინ მანქანაში მოხდა. მილიონჯერ განიხილავენ ყოველ სიტყვას, ფრაზას, მიმიკას, ინტონაციას, იმისთვის, რომ უმნიშვნელო ნიუანსები დაიჭირონ და ყველა შესაძლო ვარიანტი გათვალონ… ეს განხილვა შეიძლება გაგრძელდეს დღეები, კვირეები, თვეებიც კი. განიხილონ თავიდან და თავიდან, ამასთან, არასოდეს გამოიტანონ ზუსტი დასკვნები და არასოდეს მობეზრდეთ განხილვის პროცესი.

საბას შეიძლება ერთხელ ამოუტივტივდეს გონებაში მანქანის ინციდენტი და თავის მეგობარს (რომელმაც გააცნო სალი), სასხვათაშორისოდ ჰკითხოს: – „ბიჭო, სალის ცხენი ჰყოლია როდესმე?“

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s