იქ, სადაც მთავრდება გზა, იწყება – OFF-ROAD

10628588_319149894932350_5215985086028962247_n

ერთხელ მაინც თუ დაფიქრებულხართ იმაზე, რა აიძულებს ასობით ადამიანს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მიატოვონ საქმეები (მიუხედავად მათი მნიშვნელობისა), ჩაყარონ მანქანაში კარვები, საძილე ტომრები და სხვა საჭირო ნივთები, გადალახონ ასობით და ზოგჯერ ათასობით კილომეტრი, თუნდაც ორი დღით, იმისთვის, რომ მოხვდნენ იქ, სადაც გზა მთავრდება. სადაც ცას მტვრის ღრუბლები ფარავს, სადაც სიჩუმეს ძრავისა და ჯალამბარის ავისმომასწავებელი ხრიალი არღვევს. სადაც ჭუჭყსა და ტალახს ყველაზე მეტი ფასი აქვს. სადაც კვდება შიში. სადაც ურთიერთობები ადამიანებს შორის მით უფრო სუფთაა, რაც უფრო მეტი წინააღმდეგობის გადალახვა უწევთ. სადაც ჰაერი სიცხისა და ადრენალინის საოცრად დიდი რაოდენობისგან თრთის და მზადაა ნებისმიერ წამს იფეთქოს.
ეს უგზოობის სულია და თუ ერთხელ მაინც გამოცდით მას, ის აღარასოდეს დაგტოვებთ, და თქვენც, იმ ასობით ადამიანის მსგავსად, მიატოვებთ საქმეებს, რომ ხელახლა შეიგრძნოთ ეს ყველაფერი. კვლავ აღმოჩნდეთ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც რატომღაც ძალიან ძვირფასი ხდებიან თქვენთვის. აუცილებლად გამონახავთ დროს, ჩაძვრეთ უკვე თქვენთვის „საყვარელ ტალახში“, რათა ღირსეულად გამოაღწიოთ იქიდან. ისწავლოთ სიარული იქ, სადაც პრინციპში შეუძლებელია გავლა და ამ ყველაფრის მერე, თქვენ საკუთარი თავით ძალიან ამაყი იქნებით, რადგან „თქვენ ეს შეძელით!544301_10151497239514659_835398413_n

ერთი შეხედვით სუფთა მამაკაცური საქმეა, არა? თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ოფროუდერი ქალებიც არსებობენ, თანაც აქ, საქართველოში. ალბათ ძალიან გამიმართლა, რადგან სრულიად შემთხვევით, გონიოს ერთ-ერთი სასტუმროს კაფეში შევხვდი მათ. ჩემი ყურადღება მაშინვე მიიპყრო მათმა სამოსმა. მუქი ლურჯი კაბის სტილის, გრძელი ბლუზონები ზურგზე წარწერით – Georgian off-road federation. ეს ორი ქალბატონი დედა-შვილი – მაია გოშაძე და მარიამ ნანობაშვილი გახლავთ. ორივეს პროფესია განსხვავებულია და არავითარი კავშირი არ აქვს ოფროუდთან. მაია პროფესიით ჩოგბურთის მწვრთნელია, მარიამი კი მარკეტოლოგი. მათ საყვარელი ჰობი აერთიანებთ და ეს ოფროუდია.

10580705_669227809830326_8187329903351664902_o

მოდით, ორი სიტყვით ავუხსნათ მკითხველს, რა არის ოფროუდი?
მარიამი
ოფროუდი არის სპორტის სახეობა ავტომოყვარულებისთვის. იქ, სადაც მთავრდება გზა, აღარ არის ასფალტი, იწყება ოფროუდი. ეს არის ავტომობილისა და ეკიპაჟის (პილოტი და შტურმანი) გამოცდა. ბევრი ადრენალინი, გუნდური თამაში. ძალიან რთულია მარტომ გაიარო ტრასა. გჭირდება გუნდი, რომელსაც ხან შენ დაეხმარები, ხან ისინი დაგეხმარებიან და ერთად აღწევთ საერთო მიზანს. ამასთან, ბუნებით უნდა იყო ექსტრემალი. ხშირად სადაც გიღამდება, იქ გითენდება. უნდა შეგეძლოს რისკზე წასვლა. კომფორტსაც უნდა მოცილდე.
საქართველოში როდის შეიქმნა ოფროუდერების კლუბი?
საქართველოში კლუბი ოფიციალურად 2006 წელს დაარსდა. მანამდე უბრალოდ შეიკრიბნენ მეგობრები და დაბოდიალობდნენ საქართველოს მასშტაბით. ძირითადად „ნივები“ ყავდათ, თუმცა იყო რამდენიმე „სამურაი“. ახლა დაახლოებით 20-მდე წევრია, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებიც გასვლებსა და შეჯიბრებში იღებენ მონაწილეობას.
მაია
შეჯიბრებები არის სხვადასხვა ტიპის. არის ისეთი შეჯიბრი, სადაც მეტ-ნაკლებად პილოტს შეუძლია შტურმანის გარეშე გამოსვლა. ეს არის ე.წ. „თრაიალი“. ახლახანს მივიღეთ მონაწილეობა მე და მარიამმა თურქეთში. არის კიდევ „ორიენტირება“, რომელიც ძალიან რთულია და ფაქტობრივად შეუძლებელია მარტომ რამე გააკეტო.

1523996_10202606270621297_7771334102946033810_o

რა ხდება ორიენტირებაზე?
ორიენტირება უნდა გაიარო ტყეში. ზოგჯერ ღამე. ჯიპიეს ნავიგაციის გარეშე არაფერი გამოგივა. შეჯიბრის მომზადება იწყება შემდეგნაირად: ორგანიზატორები, რამდენჯერმე შედიან ტყეში (არ უნდა იყოს დაცული ტერიტორია) იწყება ადგილების დაზვერვა, სირთულის განსაზღვრა. არსებობს ტრასების სხვადასხვა კატეგორია. ტერიტორია დაახლოებით 30 დან 50 კმ-ის რადიუსის უნდა იყოს. საკმაოდ შრომატევადია ამ ტრასის მომზადება. ორგანიზატორები ამოწმებენ თავისი მანქანებით, არის თუ არა ძალიან დიდი საშიშროება. მონაწილეების უსაფრთხოება პირველ ადგილზეა. შემდეგ, დილის 10 საათიდან იწყება ტურნირი და საღამოს 6- 7 სთ- მდე გრძელდება. დაწყებიდან ნახევარი სთ-ით ადრე გეძლევა კოორდინატები, რომლებიც უნდა შეიყვანო ჯი-პი-ეს-ში, მოძებნო და რაც შეიძლება სწრაფად გაიარო.

38503_

რა ევალება შტურმანს?
შტურმანს ძალიან მნიშვნელოვანი მისია აკისრია. მას ევალება ყველაფერი, საჭის ტრიალის გარდა. აკონტროლებს მარშრუტს, სასურველია არ შეცდეს. ტყეში უამრავი გასასვლელებია. უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საით წავიდნენ. გადავიდეს ძნელად გასავლელ ადგილებში და პილოტს მისცეს მიმართულება, როგორ წავიდეს. სასწრაფოდ გადმოხტეს მანქანიდან და გახსნას ჯალამბარი, საჭიროებისამებრ მიაბას ხეზე, თუ მანქანა ვეღარ დადის, სრიალებს ტალახში და ა.შ. შტურმანობა საკმაოდ მძიმეა. მანქანა როცა მყავდა, პილოტი ვიყავი. როცა აღარ მყავდა, შტურმანი. ახლა მანქანა მყავს ისევ პილოტი ვარ და კარგად ვიცი რა არის შტურმანის მუშაობა.

1465260_10152030714014659_794348960_n

რა მანქანებით ღებულობენ მონაწილეობას ოფროუდში?
მარიამი
სხვადასხვანაირი. მთავარია იყოს 4X4 -ზე, მაღალი გამავლობის. შეიძლება იყოს ხელით მოდიფიცირებული, ან საწარმოდან გამოსული ახალი მანქანა. მანქანის მომზადების მიხედვით ირჩევა კატეგორია შეჯიბრზე. რაც მეტი ცვლილება აქვს განცდილი მანქანას, ის უფრო რთულ კატეგორიაში ხვდება. მას აქვს დანამატები, რომელიც უძლიერებს მის თავდაპირველ მოცემულობას. ყველაზე მარტივ, ახალი მანქანებისთვის განკუთვნილ კატეგორიას „ტურიზმი“ ჰქვია. ისინი თითქმის ხელუხლებელია. ამ მანქანებისთვის ძალიან გამარტივებული ტურისტული გზები კეთდება, რომ უბრალოდ, ნავიგაციით ადვილი ადგილები იპოვონ. ასეთი მანქანის პატრონებს ეშინიათ მანქანის დაზიანების. არის მანქანები, რომლებიც შეჯიბრიდან დაბრუნებისას მთლიანად ყავისფერია. მათ პატრონებს არ ეტყობათ რა ფერის ტანსაცმელი ეცვათ, რა მანქანით არიან. დიდი ტალახის მასა მოგორავს. ჩვენ დაახლოებით ვცნობთ, ვინ შეიძლება გადმოვიდეს ამ მანქანიდან, როდესაც ის აფინიშებს.

8444e11028c7

მსოფლიოს მასშტაბით ტარდება ტურნეები?
რა თქმა უნდა. ძალიან ცნობილი შეჯიბრებები ტარდება მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენთან ახლოს, მაგალითად რუსეთში, ჰქვია „ლადოგა“. საკმაოდ რთული შეჯიბრია. რამდენიმე ეტაპისაგან შედგება. ძირითადად ჭაობებია, სადაც მანქანა თუ არ მოამზადე სპეციალურად, ფიზიკურად ვერ გაივლი. აზრი არ აქვს შეჯიბრზე გასვლას. ეს ძალიან სერიოზული შეჯიბრია და იქ მონაწილეობა ძალიან პრესტიჟულად ითვლება.
რა ასაკიდან ატარებთ მანქანას?
მაია
ძალიან ადრე დავიწყე. მართვის მოწმობა 1984 წელს ავიღე. თითქმის 30 წელიწადია.
რატომ გიზიდავთ ეს ჰობი?
ძალიან მიყვარს ბუნება და ადამიანები, რომლებიც გუნდურად მოქმედებენ. იმდენი თავგადასავალია რომ მგონი თმებიდანაც ადრენალინი გამომდის. 2008 წლიდან ვარ ოფროუდის კლუბში.

1521427_10203208689125858_310254836_n 1920016_722588527772444_294854831_n

მარიამი
მე ძალიან მალევე ჩამითრია ამ ყველაფერმა. როდესაც პირველად მოვიდა სახლში დედა, ვერ მივხვდი რო დედა იყო, რადგან აბსოლუტურად ტალახიანი იყო. მხოლოდ კბილები უჩანდა თეთრად. ხშირად დადიოდა ოფროუდერებთან ერთად და ძალიან საინტერესოდ მეჩვენა ეს სპორტი.
რა უნდა გეცვას შეჯიბრის დროს?
შეჯიბრის დროს გარკვეული წესები უნდა დაიცვა. აუცილებლად უნდა გეხუროს ჩაფხუტი და გეკეთოს უსაფრთხოების ღვედი. მანქანიდან ყველაფერი უნდა ამოიღო, ან მიაბა, რადგან ყველაფერი დაფრინავს და შეიძლება თავში მოგხვდეს.
ავტოსპორტთან თუ გქონდათ რაიმე კავშირი მანამდე?
არა. სხვა ოფროუდერებიც სხვადასხვა პროფესიის და ინტერესის ადამიანები არიან. შეიძლება ვერასოდეს დააკავშირო მათი პროფესია ამ სფეროსთან.

1913423_697009117004620_7125732781315657514_o 10155420_10202210909854420_2703401990208450656_n

როგორია გუნდური გასვლები?
მარიამი
ყველანი ძალიან მეგობრულები არიან. როდესაც გადიხარ ვიღაცასთან ერთად, გიწევს გადაწყვეტილებების მიღება, ვთქვათ როგორ გაიყვანოთ მანქანა რთული ადგილებიდან რომ არ დაზიანდეს, არ გადაყირავდეს. ხვდები, რომ სხვანაირი ურთიერთობები ყალიბდება. ყველანი მზად არიან რომ დაგეხმარონ. შეგიკეთონ მანქანა.
საქართველოში ვინ ეძებს გზებს, სადაც შეჯიბრი უნდა ჩატარდეს?
კლუბის გამგეობაში 9 ადამიანია. ადგილების მოძიება იმის მიხედვით ხდება, თუ რა ტიპის შეჯიბრი უნდა ჩატარდეს. ხშრად არის გასხვლები კახეთში, თბილისის შემოგარენში. მონაწილეები ყველაზე ბოლოს იგებენ ადგილმდებარეობას, რადგან არ მოხდეს წინასწარ მისვლა და ობიექტის დაზვერვა. თანაბარ პირობებში იყოს ყველა მონაწილე.

10285116_697007643671434_3002110521230354759_o 10462422_669227376497036_387411107359779065_o

სპონსორები ყავს ოფროუდს?
მაია
სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან ჭირს სპონსორები. მაგალითად ,თურქეთში ყველა ქალაქის კლუბს თავისი სპონსორი ყავს. აქ რატომღაც არ ფიქრობენ ავტოსპორტზე. ჩვენი კლუბი ძალიან კარგად არის განვითარებული. ჩამოდიან თურქები, სომხები, რუსები, ირანელები და იღებენ მონაწილეობას ტურნეებში. ჩენი რელიეფი ძალიან კარგია.
რა სიხშირით ტარდება საქართველოში შეჯიბრი?
მხოლოდ სეზონზე. ზამთარში ფაქტობრივად შეუძლებელია ჩატარება. სეზონი არის გაზაფხული-შემოდგომა. წლის განმავლობაში დაახლოებით 3-4 შეჯიბრი გამოდის. თურქეთში გაცილებით მეტია. წელს 2 შეჯიბრი იყო 1 კვირის შუალედით. სეზონზე სულ 10-მდე შეჯიბრი გამოდის, სადაც შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ქართველმა ოფროუდერმა. ზამთარში ძირითადად გასვლები გვაქვს თოვლში.

10418464_10202679877821431_4915661889376999923_n 10505329_956444271048550_6768347996584126773_n

მარიამი
გასვლებზე ხშირად დავდივართ. ზოგი მანქანას ცდის, ხან ვიღაც გეტყვის, – „იქ ვერ ახვალთ, ჩვენი სამხიდიანიც ვერ ადის“. ეს ფაქტობრივად გამოწვევაა. ვიკრიბებით კარგად მომზადებული მანქანებით და ხდება მითების გაბათილება. „იქ ვერ ახვალ“ – ჩვენთვის არ არსებობს!
პირველი გასვლა როგორი იყო?
მაია
ჩემი პირველი გასვლა კლუბის წევრებთან ერთად იყო კოჯორში. ჩემი ნივით. გზები მოყინული იყო და ძალიან სახალისო იყო.
ნივა ყველგან მივა?
არა! ეგ მითი მე მოვკალი! ნივა ყველგან ვერ მივა. არა იმიტომ, რომ ცუდი მანქანაა, უბრალოდ ოფროუდისთვის არ არის. ჩემი ნივა დაიშალა ერთ-ერთი გასვლის დროს.
ახლა რა მანქანა გყავთ?
ახლა „პაჯერო“ გვყავს.
სულ რამდენი ოფროუდერი ქალია საქართველოში?
მარიამი
სამნი ვართ, ჩვენ და ნინო კინწურაშვილი. მაგრამ ჩვენ ორი აქტიურად ვცდილობთ მივიღოთ მონაწილეობა შეჯიბრებებში.
მაია
რაც ყველაზე საინტერესოა, მე მთავარი მსაჯიც ვიყავი მუსულმანურ ქვეყანაში. ეს იყო ძალიან სასაცილო. ბაქოში. გაოცებული მიყურებდნენ, რადგან ოფროუდის ქალი მსაჯი მათთვის ძალიან უცნაური რამ იყო. ქალები არ არიან დიდად ჩართულები ამ სფეროში. ბევრი ტალახში გასვრას ერიდება. იყო შემთხვევები, როდესაც მაღალქუსლებზე შემდგარი მოსულან. განსაკუთრებით ჟურნალისტები.
ძირითადად რა ასაკის ბიჭები არიან?
მარიამი
ყველანაირი. მთავარია მართვის მოწმობა ქონდეთ. 18 წლიდან დაწყებული 55 წლამდე დამთავრებული. ზედა ზღვარი არ არსებობს. სანამ შეგიძლია შეგიძლია მიიღო მონაწილეობა.
მაია
გული მტკივა რომ საქართველოში არ აქვს ხელშეწყობა ამ სპორტს. აქ პრაქტიკულად არაფერი კეთდება. არავითარი ხელშეწყობა. კომპანიები, რომლებიც რეალიზებას უწევენ ავტონაწილებს, საწვავს, ამ სფეროში არიან, მათგანაც არ მოდის დაინტერესება. ბევრი ახალგაზრდა ბიჭი თვითონ აკეთებს თავის მანქანას. როგორც კი ფული ჩაუვარდებათ ხელში, მაშინვე მორბიან და ნაწილებს ყიდულობენ, რომ განაახლონ. ასეთი ადამიანი ნარკოტიკს არასოდეს იყიდის. აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, ძირითადად ჩვენ ვიღებთ პირველ ადგილებს, მაგრამ სამწუხაროდ არასოდეს შუქდება ეს ჩვენთან. ეს შეჯიბრებები არ ითვალისწინებს დიდ პრიზებსა და ფულად ჯილდოს. რა სიამოვნებს ყველაზე მეტად ადამიანს? ის, რომ მივა ვიღაცა და ეტყვის -„რა მაგარი ხარ!“
რა სახის პრიზებია ხოლმე ტურნირებში?
მარიამი
სხვადასხვა სახის. არის საბურავები, აკუმულატორები, ზეთები, საპოხი საშუალებები და სხვა. ძალიან ბევრნაირი პრიზებია. თითქმის სამივე საპრიზო ჩვენია ხოლმე უმეტეს კატეგორიებში.
მაია
საკმაოდ ძვირადღირებული სპორტია. გინდა არ გინდა, რაღაც ნაწილი ზიანდება. რამდენიმენაირი საბურავები უნდა გქონდეს. მინიმუმ 2 კომპლექტი. ძალიან ბევრი მოყვარულია. გულშემატკივრებიც ბევრნი არიან, მაგრამ ყველანაირ შეჯიბრს ვერ უყურებ. „თრაიალის“ ყურება ძალიან აზარტულია. ტერიტორიას ხედავ და ადრენალინი მაყურებელსაც საკმაოდ აქვს. „ორიენტირებაზე“ ტყეში მანქანა რომ შევა 50 კმ რადიუსში, ყურება ძალიან ძნელია. „ტროფი რეიდსაც“ ვერ უყურებთ. „სპრინტს“ უყურებთ. დიდ დიღომში გვაქვს ადგილი, შარშან ჩატარდა ჩემპიონატი. შვიდი სხვადასხვა სირთულის ტრასა უნდა გაევლო ეკიპაჟს მთელი დღის განმავლობაში, 10 დან 6 სთ-მდე,
რა შეგრძნებები გაქვთ ხოლმე?
რეალობას წყდები, არ გესმის არაფერი. არ მახსოვს რას მელაპარაკებოდა შტურმანი. ადექვატურად ვასრულებ ყველაფერს, რასაც მეუბნება, მაგრამ როცა მთავრდება ტურნირი, არ მახსოვს.

შიშის მომენტი?
სტარტს რომ აიღებ, ყველაფერი ქრება. რჩება მარტო ტრასა და ნომრები, რომლებიც უნდა იყოს შენგან მარჯვნივ და უნდა გაიარო. ადრენალინისაგან ხელების კანკალი კარგა ხანს მიგყვება… საჭის დაჭერისგან მკლავები გტკივა. ასევე ჯალამბრის გათრევასაც ძალა უნდა. ორიენტირებაზე დილიდან ხარ შესული და თმის ღერიდან ფეხის თითებაამდე ყველაფერი გტკივა. ტალახიან აღმართზე რომ მიდიხარ, სრიალებ, თან ჯალამბარს მიათრევ. ერთხელ, 100 მეტრში 7ჯერ მომიწია ჯალამბრის გახსნა. ხან მორების თრევა გიწევს, რომ გზა გაანთავისუფლო. ხეზე პირდაპირ მობმა არ შეიძლება, ჯერ მერქნის დამცავი უნდა გაუკეთო. ამ წესს ვიცავთ, რომ არაფერი დავაზიანოთ.

logo_design24big

“და ქალი”

ოქტომბრის ნომერი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s