ქალური ბლოგიკა: არ იცის, მაგრამ დარწმუნებულია

question-mark-chalk-board-woman-thinking-hplead

ქმარი: – სად არის შაქარი, ქალო? 

ცოლი: – ათი წლის მანძილზე რით ვერ დაიმახსოვრე? ყავის ქილაშია, რომელსაც ფურცელი აქვს მიკრული და აწერია – “მარილი”, მაგრამ ახლა მაგაში არ არის!.. 

ძალიან უცნაური რამაა ეს “ქალური ლოგიკა”! თითქოს არსებობს, მაგრამ ამავდროულად, თითქოს არ არის… მაგრამ იქ, სადაც ადამიანის გონება უძლურია, სწორედ ქალური ლოგიკა იმარჯვებს. ისიც ფაქტია, რომ როდესაც მამაკაცს ეზარება ჩაუღრმავდეს ქალის აზრებს, მარტივად იძვრენს თავს შაბლონური ფრაზის დახმარებით: – “ქალური ლოგიკაა რა!”

ბევრი მამაკაცი ვერც აცნობიერებს ბოლომდე, თუ რა საოცარი არსებაა ქალი, ზოგჯერ პარადოქსულიც. ქალს სურს მოსწონდეს იმათაც, ვინც თვითონ არ მოსწონს! ყველა ქალი ფიქრობს, რომ განსაკუთრებულია და ყოველმა მათგანმა შესანიშნავად იცის, რომ ის “ყველა” არ არის.

ქალები კიდევ იმიტომ არიან მაგრები, რომ შეუძლიათ ყველაფერს პოზიტიურად შეხედონ. მაგალითად, რაც უფრო ემატებათ ასაკი, მით უფრო მეტად თავხედდებიან სარკეები; არ არსებობენ მსუქანი ქალები, არსებობს უბრალოდ ვიწრო ტანსაცმელი და ა. შ.

ქალებმა ისიც იციან, რომ მათი ძალა კაცების სისუსტეშია. ეს უკვე კაცებმაც იციან! ისიც იციან, რომ ქალს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ეკამათონ, თუ მისი დაკარგვა უნდათ.

ერთი სიტყვით, ვიფიქრე, რომ ყველაზე ქალურ ჟურნალს (რომელსაც ამ წუთებში კითხულობთ) მოუხდებოდა ბლოგი ქალური ისტორიებით. მსუბუქი საკითხავი, სახალისო, აქტუალურ თემებზე.

ისე, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორი განწყობით გადაშლის ჟურნალს მკითხველი, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორი განწყობა დარჩება მას პირველი სტატიის წაკითხვის შემდეგ: – კმაყოფილი გააგრძელებს ჟურნალის ფურცვლას თუ პირიქით, – უკმაყოფილოდ დახურავს და იმაზე დაიწყებს ფიქრს, რა ტყუილად გადაყარა ფული.

ამიტომაც, ძალიან საპასუხისმგებლოა, როდესაც პირველი პოსტი უნდა წერო. ვაცნობიერებ ჩემს მნიშვნელოვან მისიას და პირობას ვდებ, მაქსიმალურად მოვუხმო ჩემს ქალურ ლოგიკას და მომდევნო გვერდებზე კმაყოფილი გაგიშვათ.

ერთ ამბავს მოგიყვებით! ამას წინათ, ერთი ჩემი მეგობარი ბიჭი (ბოიფრენდი არა, უბრალოდ, მეგობარი ბიჭი) მიყვებოდა, რომ ერთხელაც გადაწყვიტა, სამსახურიდან კინოში გაევლო. სეანსის დაწყებამდე 15 წუთით ადრე მივიდა სალაროსთან, მაგრამ მინაზე განცხადება დახვდა გაკრული: – “18:50 სთ-ის სეანსზე ბილეთები არ არის”.

ვიდრე ჩემი მეგობარი იდგა და ფიქრობდა, სახლში წასულიყო თუ სხვა კინოთეატრში, სალაროსთან ახალგაზრდა გოგონამ მიირბინა, განცხადება წაიკითხა და მოლარეს ჰკითხა: “ბილეთები საერთოდ არ არის?” ამ ერთი შეხედვით უაზრო კითხვაზე მოლარემ გოგონას უპასუხა: მარტო ერთი ცალია დარჩენილიო. გოგონამ, რა თქმა უნდა, იყიდა ბილეთი და ფილმის საყურებლად შევიდა.

ჩემი მეგობარი კი მთელი საღამო საკუთარი ტექნიკური განათლების ნაკლოვანებებსა და ქალის გონების ღირებულებებზე ფიქრობდა, რომელსაც შეუძლია, განასხვაოს ისეთი ცნებები, როგორებიცაა: “ბილეთები არ არის” და “ბილეთები საერთოდ არ არის”.

ქალებს ერთმანეთის გამხნევებაც გადასარევად შეუძლიათ. როდესაც თავს მარტოსულად გრძნობენ ან საყვარელი მამაკაცი გააბრაზებთ, მაშინვე დაქალთან მიდიან, ყავას დალევენ და ჭორაობაში გულს გადააყოლებენ. ზოგიც დედასთან გარბის. წარმომიდგენია, როგორ უჭირდა ევას. სად ჰქონდა მას დედასთან ან დაქალთან გაქცევის შესაძლებლობა? თავის სადარდებელს ვერავის გაუზიარებდა და შესაბამისად, რჩევებსაც ვერავინ მისცემდა. ახლა კი ყველას ჰყავს ერთი ისეთი დაქალი, რომელსაც რჩევას ჰკითხავს. მაგალითად:

– ჯანდაბა, რა უნდა ვუთხრა???

– სიმართლე!

– რომელი?

– რა ვიცი… მოიფიქრე რამე!. 🙂

კიდევ ერთი რამ მაკვირვებს. გოგონების უმრავლესობას მოძველბიჭო, “მაგარი ტიპები” მოსწონს, მაგრამ როდესაც ასეთი შეყვარებული ჰყავთ, მის “გადაკეთებას” იწყებენ. ბოლოს კი შორდებიან, რადგან აღარ მოსწონთ ასეთი. ან კიდევ, თუ სოციალურ ქსელში (ფეისბუქზე) შეყვარებული არ არის შემოსული, გოგო ფიქრობს, რომ “ქალებშია წასული”; ხოლო, თუ შემოსულია, ე.ი. გოგოებს სწერს.

საერთოდ, ტერმინი “ქალური ლოგიკა” მამაკაცებმა მოიგონეს და შემდეგნაირად ხსნიან მას:
ქალური ლოგიკა – უმეტეს შემთხვევაში ხასიათდება განხილვის საგნის არსის მოულოდნელი ცვლილებით ან ემატება არარსებული ვერსია (მამაკაცის ლოგიკის თვალსაზრისით).

მას ახლავს ემოციური კომპონენტი, რომელიც მკვეთრად ცვლის საკითხს. საშუალოსტატისტიკური კაცები და ქალები განსხვავებულად აზროვნებენ. ამიტომ, მამაკაცის ლოგიკიდან გამომდინარე, ქალის ლოგიკის გაგება საკმაოდ ძნელი ან თითქმის შეუძლებელია.

“კაცის ლოგიკის” ფორმირება ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსებმა მოახდინეს. მისი თავდაპირველი მიზანი მშვიდობის დამყარება და სიმართლის დადგენა იყო. მამაკაცის ლოგიკა სისტემატურია. ფიქრის პერიოდში მამაკაცი აზროვნებს, აყალიბებს თეორიებს, გამოაქვს დასკვნები არსებული ფაქტებიდან.

ქალურ ლოგიკაში საქმე სხვაგვარადაა. ქალმა მიახლოებით იცის, როგორ უნდა მიიღოს მოცემული პრობლემის პასუხი და ამიტომ საზოგადოებაში მიღებული განხილვის და ლოგიკის კორექტული გზების იგნორირებას ცდილობს. გარდა ამისა, თუ მამაკაცის ლოგიკა, უხეშად რომ ვთქვათ – “კის” და “არას”ეფუძნება, ქალის ლოგიკა ძირითადად – “არ ვიცი”, “ან კი, ან არა”-ზეა დამყარებული.
მაგალითად:

ქალი: – შენ მე უკვე მოგბეზრდი!

კაცი: – რატომ ფიქრობ ასე?

ქალი: – არ ვიცი, უბრალოდ, დარწმუნებული ვარ!

არ იცის, მაგრამ დარწმუნებულია! 🙂 ისე, ქალებს ტყუილებიც უყვართ. ალბათ, ყველას გეცნობათ სიტუაცია, როდესაც ცოლ-ქმარი ერთად აპირებს სადმე წასვლას:

ქმარი: – რას შვრები ამდენ ხანს? კიდევ არ ხარ მზად?

ცოლი: – ახლავეე… 5 წუთში მზად ვიქნებიიი.

ცოლმა იცის, რომ მინიმუმ ნახევარი საათი კიდევ სჭირდება. ქმარმაც გადასარევად იცის, რომ ცოლმა იცის, რომ მან იცის, რომ ცოლმა იცის, მაგრამ რამდენიც არ უნდა იჩხუბოს ქმარმა, ცოლი არასოდეს იტყვის, 40 წუთში მზად ვიქნებიო.

ერთი სიტყვით, უცნაური რამაა ეს ქალური ლოგიკა, მაგრამ რადგან ის განსხვავდება მამაკაცის ლოგიკისაგან, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ცუდია. ქალები ხომ პლანეტა ვენერადან არიან, ხოლო კაცები მარსიდან?

მე იმედი მაქვს, რომ ჟურნალის კითხვის გაგრძელების სურვილი გაგიჩინეთ და არა პირიქით. კიდევ იმის იმედიც მაქვს, რომ მომავალ ნომერსაც არ გამოტოვებთ. წინ ბევრი ქალური თემა გვაქვს, რომლებსაც ჩვენებური ლოგიკით ჩავუღრმავდებით.

ჟურნალი “და ქალი”
(ოქტომბრის ნომერი)

Advertisements

10 thoughts on “ქალური ბლოგიკა: არ იცის, მაგრამ დარწმუნებულია

  1. 😀 😀 😀 კარგი იყო, ბევრი ვიცინე, და ე.ი. საკუთარ თავზეც ვიცინე!

    მადლობა, თი!!!!!!! ❤ :* ❤

  2. ვაიმე რა კარგი რაღაც იყო!
    “ცოლმა იცის, რომ მინიმუმ ნახევარი საათი კიდევ სჭირდება. ქმარმაც გადასარევად იცის, რომ ცოლმა იცის, რომ მან იცის, რომ ცოლმა იცის, მაგრამ რამდენიც არ უნდა იჩხუბოს ქმარმა, ცოლი არასოდეს იტყვის, 40 წუთში მზად ვიქნებიო.” – ამაზე გადაბჟირება დამემართა. ძალიან სახალისო ლოგიკა გვაქვს ქალებს, ყველა შენს მიერ მოყვანილ მოსაზრებასა თუ თეორიას ვეთანხმები, რომ სწორია! 😀 😀 ❤

    • 😀 შემდეგი უფრო სასაცილო გამოვიდა! ნოემბრის პირველ რიცხვებში გამოვა ჟურნალი და აქ მოგვიანებით დავდებ :))

  3. მე ბილეთების გარეშე დარჩენილ ბიჭზე გამეცინა მაგრად 🙂 და დავფიქრდი,ქალებმა ბევრ რამეზე ვიცით პასუხი,მაგრამ მიუხედავად ამისა კითხვას მაინც ვსვავთ…. ზოგჯერ ამართლებს კიდეც ზედმეტად დასმული კითხვები :)))) აი ზუსტად ეს არის ქალური ლოგიკა 😀 😀 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s