ჭინკებზე ნადირობა

the_little_demon_by_miss_pathetica

ბევრი ადამიანი თვლის, რომ 13 – თარსი რიცხვია და ცამეტ რიცხვში მნიშვნელოვანს არაფერს გეგმავს. სასტუმროებშიც  როგორც წესი, მეცამეტე ნომერი არ არსებობს! ანუ, მეთორმეტე ნომერს პირდაპირ – მეთოთხმეტე მოყვება ხოლმე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ცამეტი ჩემი საყვარელი რიცხვია და ამბავი, რომელიც უნდა მოგიყვეთ, სწორედ ამ ასაკში გადამხდა თავს.

ერთი სიტყვით,  ცამეტი წლის ვიყავი, როდესაც  მშობლებმა ერთ პატარა, ძალიან უცნაურ სოფელში წამიყვანეს, რომელიც ჩემმა მფრინავმა პაპამ გვიყიდა. ალბათ დაინტერესდებით, რატომ იყო ეს სოფელი უცნაური… საქმე იმაშია, რომ აქ მხოლოდ 75 ადამიანი ცხოვრობდა და თითქმის ყველა მათგანი მოხუცი იყო. ეს კიდევ არაფერი. ამ სოფელში ერთ ქართულ სიტყვასაც კი ვერ გაიგონებდით, რადგან მარტო ბერძნები ცხოვრობდნენ.

სახლი, რომელიც პაპამ იყიდა, სოფლის ბოლოში, ყველაზე მაღლა  იყო. მის უკან ტყე იწყებოდა, ხოლო აივნიდან უსასრულო ჰორიზონტი იშლებოდა. სახლს გარე ფასადი ცისფერი ჰქონდა.  თეთრი წყაროს რაიონიდან, დაახლოებით ორი საათი ტყეში გაყვანილი გზით უნდა გევლო, რომ სოფლამდე მისულიყავი. გზა როგორც ჩანს, ძალიან დიდი ხნის წინ გაიყვანეს და არც ერთხელ არ შეუკეთებიათ. გარკვეული მონაკვეთები ზედ კლდის პირზე გადიოდა და ძალიან დიდი სიფრთხილე იყო საჭირო რომ მანქანა არ გადაჩეხილიყო.

სამაგიეროდ, ტყე იყო ულამაზესი. გზის ორივე მხარეს მაყვლის ბუჩქები ყვაოდა და საოცარ სურნელს ავრცელებდა. მე უკან ვიჯექი, ცხვირი ფანჯარაში მქონდა გაყოფილი და ტყის სუნს ხარბად ვისუნთქავდი, როდესაც მოულოდნელად მანქანის საქარე მინას არწივი დაეჯახა. მამამ მანქანა სწრაფად დაამუხრუჭა. არწივმა უზარმაზარი ფრთები აიქნია და მძიმედ აფრინდა. სახსოვრად კი აბლაბუდის მსგავსი ბზარი დაგვიტოვა.

ჯანჯღარ-ჯანჯღარით, როგორც იქნა შესასვლელსაც  მივადექით.  გაცვეთილ აბრას შევხედე, რომელზეც  ეწერა – „ივანოვკა“. სოფელში ნელი სვლით შევედით. გზად არავინ შეგვხვედრია. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს  რაღაც უბედურება მოხდა და სოფელი დაცარიელდა. ჩვენი სახლის პოვნა არ გაგვჭირვებია. როგორც პაპამ გვითხრა, ყველაზე მაღლა, ზედ ტყის პირას იდგა. პატარა, კოხტა ცისფერი სახლი. დაბლა მარნითა და ამბარით. ზემოთ დიდი აივნით, რომელსაც რკინის ვერცხლისფერი რიკულებიანი მოაჯირი ჰქონდა.

old-blue-8x10

სახლი დანახვისთანავე მომეწონა. უცნაურ განწყობას გიქმნიდა… გვერდით დიდი ძველებური აგურის ფეჩი ჰქონდა მიშენებული, რკინის უზარმაზარი გადმოსაწევი კარით. სახლის კედლები ძალიან სქელი იყო და შიგნით სასიამოვნოდ გრილოდა. მიწური იყო. ერთ ოთახში ყვითელი ლინოლეუმი დაეგოთ, ხოლო მეორეში ძველი ხალიჩა ეფინა. ოთახებში რკინის საწოლები, ძველებური ხის ჭურჭლის სერვანდი, მაგიდა და მასიური ტანსაცმლის კარადა იდგა, რომელსაც ფერადი მოზაიკით გაწყობილი, დაბურული სარკე ჰქონდა.

ჩვენს გვერდით მოხუცი კაცი ცხოვრობდა, აფანასი ერქვა.  დილა-საღამოს თავისი სახლის ჭიშკართან დაჯდებოდა  და ხელში კრიალოსანს ათამაშებდა. გამუდმებით ჩამესმოდა ორი სიტყვა: – „ელა“ და „კალიმერა“, რაც ბერძნულად „მოდის“ და „გამარჯობას“ ნიშნავს. მოგვიანებით მეც ასე ვესალმებოდი ბერძნებს.  ვსეირნობდი ფიჭვნარში და ხშირად ვსტუმრობდი ძველი ბერძნული ამფითეატრის ნანგრევებს. აქ ყოფნა განსაკუთრებით მსიამოვნებდა. თან დროს ვკლავდი, რადგან ხმის გამცემი არავინ მყავდა…

ერთხელ აფანასიმ მომიყვა, რომ „ივანოვკას“ ნამდვილი სახელი „ხუნძური“ ყოფილა, რომელიც სამკურნალო ნაყოფის მომცემი მცენარის – ხუნძურმწორის ხის საპატივსაცემოდ დაარქვეს. ეს მცენარე მრავლად ხარობდა ტყეში. ხუნძურეთი  ოდესღაც თავად – ივანე ბარათაშვილს ეკუთვნოდა. მან ეს მიწები იჯარით მისცა ბერძნებს. მათ კი, დათქმულ ვადაში ვერ შეძლეს საფასურის გადახდა. ივანემ დაიბარა სოფლის წარმომადგენლობა და გამოუცხადა, რომ დარჩენილ ოცდახუთ მანეთს აღარ გადაახდევინებდა. სანაცვლოდ, ბერძნებს უნდა დაერქმიათ ამ სოფლისთვის მისი სახელი.  ასე გაჩნდა „ივანოვკა“, სადაც მე, ერთადერთმა ქართველმა გოგომ ჭინკებზე ნადირობა გავაჩაღე.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

ერთხელ, მამამ სათევზაოდ ტბაზე წამიყვანა, რომელიც სოფლიდან სამ კილომეტრში იყო. თან ორი ანკესი წავიღეთ. გზის გარკვეული მონაკვეთი ხევის პირზე გადიოდა. უცებ, ძალიან უცნაური სურათი გადაიშალა ჩემს თვალწინ. ხევის სიღრმეში, ყველაზე ჩაღრმავებულ ადგილას სახლი დავინახე. მხოლოდ ერთი დაკლაკნილი ბილიკი ამოდიოდა ხევზე და ტყეში იკარგებოდა. სახლს მზე არასოდეს უდგებოდა, რადგან ზემოდან ფიჭვნარი დაბურული ტყე ეფარა ქუდივით. კარგა ხანს ვაკვირდებოდი. მაინტერესებდა, ცხოვრობდა თუ არა ამ ღვთისაგან მივიწყებულ ადგილას ვინმე, მაგრამ არავინ დამინახავს. ეზოში ფიცრებით გაკეთებული ხის გრძელი მაგიდა იდგა და ზედ რაღაცეები ელაგა. შორიდან არ ჩანდა რა ნივთები იყო. ერთი შეხედვით, თითქოს იყო ნიშნები იმისა, რომ სახლი არ იყო მიტოვებული.

სახლის ყურებაში მამას ჩამოვრჩი, სიჩქარეში ხის ტოტს მივარტყი თავი და კინაღამ ხევში გადავვარდი. ტბაზე დიდხანს ვთევზაობდით, მაგრამ ორი პატარა ხამსას მეტი ვერაფერი დავიჭირეთ და ისიც ისევ წყალში გავუშვით. ვერც უკან დაბრუნებისას ვნახე ვერავინ. მოულოდნელად, იმ ვიწრო ბილიკზე ცხვრის ფარას შევეჩეხეთ  და ძლივს გადავრჩით, რომ მეცხვარე ძაღლებმა არ დაგვგლიჯეს. მამამ მითხრა, რომ აქ წამოსვლა აღარ ღირდა. გული დამწყდა, რადგან ძალიან მინდოდა გამეგო იმ სახლის ამბავი.

მეზობელ აფანასის უკვე კარგად ვიცნობდი და რუსულად ველაპარაკებოდი ხოლმე. იმ სახლის ამბავიც მას ვკითხე და აღმოჩნდა, რომ სოფელ „ვიზიროვკასთან“ გაგვივლია, სადაც ერთადერთი სახლი იდგა. მთელი ღამე ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა იქ ცხოვრება. ყოველგვარი პირობების გარეშე, ველურად. ზამთარში მარტო მგლები თუ გესტუმრებიან. რამე რომ დაგჭირდეს, ვერც მეზობელს დაუძახებ და სასწრაფო დახმარებასაც ვერ გამოიძახებ.  თუ მოკვდები, სავარაუდოდ ვერავინ გაიგებს. ან, თუ გაიგებს, ძალიან დიდი ხნის მერე.  ერთი სიტყვით, რაღა რობინზონ კრუზოს უკაცრიელი კუნძული და რაღა „ვიზიროვკა“.

ეს სახლი ფენტეზის ჟანრის ფილმისთვის მისწრება იყო, რადგან მოთხრობებსა და ფილმებში სწორედ ასეთ ადგილებში ცხოვრობენ ჯადოქრები და ალქაჯები. ყველასაგან მოშორებით, მალულად, ტყეში ან ხევში შემალულ ქოხში ეწევიან თავიანთ შავ-ბნელ საქმიანობებს.

ძალიან მომინდა იმ სახლთან მივპარულიყავი და რადაც არ უნდა დამჯდომოდა, მისი მეპატრონე დამენახა, მაგრამ ტბის გზიდან  „ვიზიროვკაში“ მისასვლელი გზა არ იყო. მე კიდევ არ ვიცოდი, სად ამოდიოდა ის ვიწრო და დაკლაკნილი ბილიკი.

ალქაჯებსა და ჯადოქრებზე ფიქრში ჩამეძინა და დილის ექვს საათზე, რაღაც ხმაურმა გამომაღვიძა, რომელიც სხვენიდან ისმოდა. თითქოს ვიღაცეები კონსერვის ქილით ფეხბურთს თამაშობდნენ. ჩემი საწოლი ფანჯარასთან იდგა, რომელსაც ძალიან განიერი რაფა ჰქონდა და ტუმბოს მაგივრად ვიყენებდი. ყოველი შემთხვევისთვის ფანჯრიდან გავიხედე, რომელიც აივანის მხარეს გადიოდა. სხვენზე ასასვლელი კიბეც აივანზე იყო აყუდებული. უცებ წითური მელია დავინახე, რომელიც კიბესთან დასუნსულებდა. ხმაურზე დაფრთხა და გაიქცა.

იმ დღეს არავისთვის არაფერი მითქვამს. მეორე დილასაც იგივე ხმამ გამაღვიძა და ამჯერად ეს ამბავი მოხუც აფანასის მოვუყევი. აფანასი დაფიქრდა და სერიოზული გამომეტყველებით მითხრა, ჭინკები იქნებოდნენო. მათ უყვართ გამთენიისას სხვენზე თამაშიო. მანამდე ჭინკებზე მხოლოდ გაკვრით თუ მსმენია რამე. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ეშმაკის შესახედაობა ჰქონდათ, ტანით კი პატარები იყვნენ. თხის ჩლიქები და კუდი ებათ. მისმა  სიტყვებმა ისე დამაინტრიგა, რომ შუადღის სამ საათზე, როდესაც მზე ყველაზე კარგად გაანათებდა სხვენს, ჭინკების სანახავად, გულისფანცქალით ავედი კიბეზე, სხვენის კარს მხრებით მივაწექი და გავაღე.

ასახდელი კარი ხმაურით გადავარდა უკან და მტვრის კორიანტელი დააყენა.  სანამ სხვენში ფეხს დავდგამდი, ჯერ თავი ავყავი და ისე მოვათვალიერე იქაურობა. სხვენი უზარმაზარი იყო. თავისუფლად გაკეთდებოდა ორი საძინებელი. დამტვრეული კრამიტებიდან მზის სხივები შემოდიოდა. ხის ძელებზე დამპალი თოკის ნარჩენები კონწიალობდა, რომელზეც ალბათ სახლის პატრონები კაკალს კიდებდნენ ტომრებით. როდესაც დავრწმუნდი, რომ იქ არავინ იყო, სხვენზე ავედი. პირველად ხის დაწნულ გოდრებთან მივედი, რომელიც აბლაბუდით იყო ამოვსებული.  ნაპირებში კი ხახვისა და ნივრის ნაფცქვენები ეყარა. სხვენის შუაგულში ჟანგიანი კონსერვის ქილა ეგდო.

იქ გამეფებული აურამ, სიძველისა და სიდამპლის სუნმა და განათებამ თითქოს სხვა სამყაროში გადამაგდო.  მიუხედავად იმისა, რომ მეშინოდა და ყოველ წუთას უკან-უკან ვიხედებოდი, მაინც დავიარე ყველა კუთხე და კუნჭული.  კონსერვის ქილასთანაც მივედი და ფეხი წავკარი. ქილა გაგორდა და ზუსტად ისეთი ხმა გამოსცა, როგორიც გამთენიისას მაღვიძებდა. უცებ, გონება ერთმა გიჟურმა აზრმა გამინათა და გადავწყვიტე ჭინკებისთვის მახე დამეგო.

როგორც გავიგე, ივანოვკაში იმიტომ ცხოვრობდნენ მხოლოდ მოხუცები, რომ ახალგაზრდობა საბერძნეთში იყო წასული სამუშაოდ და მშობლებს იქიდან ეხმარებოდნენ. სოფელში არც ერთი მაღაზია არ იყო. პურსაც კი ვერსად იყიდდი. დედა რძის ნაწარმს და კვერცხს ბერძნებისაგან ყიდულობდა. ერთხელ მე გამაგზავნა კვერცხების საყიდლად. დიასახლისმა რომ დამინახა, ბერძნული კანფეტები გამოიტანა და მაჩუქა. „კიბოს კისერის“, ირისის, ნუგასა და უბრალო ჯემიანი კარამელების ფონზე, ამ კანფეტებს ჩემთვის ბედნიერების გემო ჰქონდა.

კვერცხებიანი კალათი აივანზე დავტოვე და სხვენისაკენ გავიქეცი. წინა დღეს კონსერვის ქილის გარშემო ფქვილი მოვაბნიე და ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი ჭინკების ნაფეხურებს.

სხვენზე ფთხილად ავედი. გული აჩქარებით მიცემდა. კონსერვის ქილა დაწნულ გოდრებთან იყო მიგორებული. ფქვილი სულ მიმოფანტულიყო. ნაფეხურები არ ემჩნეოდა. თითქოს იქაურობა ვიღაცას ცოცხით გადაეგავა.

თაგვები მაშინვე გამოვრიცხე და აფანასის სანახავად სახლიდან გარეთ გამოვედი.

გარეთ არ დამხვდა. ჭიშკარი ღია იყო და ეზოდან ჟოლოთი დახუნძლული ბუჩქები მოჩანდა. როგორც  ჩანს, აივნიდან დამინახა და დამიძახა, შემოდიო. ეზოში შევედი და სახლის კიბეებისკენ გავემართე. მისი  აივანი ჩვენსაზე დიდი იყო და  მუხის სქელი მოაჯირი ჰქონდა.

აფანასისხის მაგიდაზე დიდი ქვაბი შემოედგა და ყველი ამოყავდა. მე მაშინვე ჭინკების ამბავი მოვუყევი.  ოდნავ გაეღიმა და მითხრა, რომ ჭინკები ეგრე ადვილად არ გაყიდიან თავს. ისინი ძალიან მოხერხებულები და ეშმაკები არიან და სანამ თვითონ არ მოინდომებენ, მათ კვალსაც კი ვერ ვნახავდი. მე ვთხოვე უფრო მეტი მოეყოლა ჭინკებზე.

აი, რა მომიყვა აფანასიმ:

თუ ღამ-ღამობით ქათმები აკრიახდნენ, ესე იგი იმ სახლს უკვე ჭინკები დაეპატრონენ. ისე კი მიტოვებული ადგილები მოსწონთ. ყველაზე მეტად თამაში და გართობა უყვართ. თუ რომელიმე ადამიანი ამოიჩემეს, ყველაფერს იზამენ, რომ აცდუნონ და ცუდი საქმეები გააკეთებინონ. თუ ამას ვერ მოახერხებენ, მაშინ საშინლად ბრაზდებიან და შურს იძიებენ. ერთი სიტყვით, აფანასიმ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩემს განზრახვაზე ხელი ამეღო. მაგრამ მან ერთი რაღაც ვერ გათვალა, – ჩემი ხასიათი. როდესაც რაღაცას მიკრძალავდნენ, სწორედ იმის გაკეთება მინდებოდა. ხოლო, თუ რამე დამაინტერესებდა, იქამდე ვერ მოვისვენებდი, სანამ საიდუმლოს ფარდას არ ავხდიდი. ტყუილად კი არ მეძახდა ბებიაჩემი ცნობისმოყვარე ვარვარას?

ორი დღე და ღამე თავს ვიმტვრევდი, რა მომეფიქრებინა. სხვენზე კი ხმაური არ წყდებოდა. მესამე დღეს კონსერვის ქილა დაბლა ჩამოვიტანე. წესით, თუ ჭინკებს საყვარელ სათამაშოს წავართმევდი, განრისხდებოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად მათი მეშინოდა, ცნობისმოყვარეობამ მძლია და სარისკო ნაბიჯიც გადავდგი.

დედას უკვირდა, რა იყო ამისთანა იმ სხვენში, რომ მთელ დღეებს იქ ვატარებდი. მშობლებისთვის ჭინკებზე არაფერი მითქვამს, რადგან ვიცოდი, არ დამიჯერებდნენ და შეიძლება სხვენზე ასვლა აეკრძალათ ჩემთვის. ეს კი არ მაწყობდა. უკვე მაღვიძარაც არ მჭირდებოდა, რადგან ერთსა და იმავე დროს მექანიკურად მეღვიძებოდა და თვალს გავახელდი თუ არა, ჭინკებიც იწყებდნენ როკვას, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გრძელდებოდა. ხოლო, როგორც კი აფანასის მამალი იყივლებდა, მაშინვე გაყუჩდებოდნენ.

კონსერვის ქილა ღობეზე ჩამოვაცვი და დავწექი. როგორც ჩანს, ამდენმა ადრე გაღვიძებამ თავისი ქნა და მკვდარივით დამეძინა. შუადღის თორმეტს გადაცილებული იყო, როდესაც დედამ გამაღვიძა, ამდენი ძილით გამოცხვებიო. თვალები გავახილე და ხელი ფანჯრის რაფისკენ წავიღე, რომ საათი ამეღო. უცებ ტკივილი ვიგრძენი და ხელი სასწრაფოდ უკან დავუშვი. რომ დავიხედე, მაჯასთან, რაღაც უცნაური ნაკბენი მქონდა. დაახლოებით სამ სანტიმეტრზე, წრიულად გაწითლებული იყო კანი და შიგნით პატარ-პატარა თეთრი წერტილები მაჩნდა. მკლავი საშინლად მტკიოდა. დედამ სასწრაფოდ წამისვა მალამო და შემიხვია. გაჭირვებით ჩავიცვი და პირის დასაბანად დაბლა ჩავედი. კონსერვის ქილა ონკანთან ეგდო. ცალ მხარეზე პატარა ადგილი შეჭეჭყილი ჰქონდა. როგორც ჩანს, რაღაც მოხვდა და გადმოვარდა. – „ნუთუ ჭინკები გავაბრაზე და სამაგიეროს გადახდა გადაწყვიტეს?“ – გავიფიქრე და სხვენზე ასვლა დავაპირე, მაგრამ მშობლებმა აღარ ამიშვეს, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ იქ დამკბინა რაღაცამ. მალამომ თავისი საქმე გააკეთა და საღამოს ტკივილმაც მიკლო. ქილა ისევ ღობეზე ჩამოვაცვი და ბაწრით მივაბი.  ამ ამბავში რომ ვიყავი, მომეჩვენა, თითქოს ღობის ღრიჭოდან ვიღაც მითვალთვალებდა. ჯერ მოკლე ჩრდილი დავინახე. ჭიშკარი რომ გავაღე და გარეთ გავიხედე არავინ აღარ დამხვდა. ჩამობნელდა თუ არა, გველივით გაიკლაკნა ცაში ელვა, სოფელი თეთრად განათდა, მერე  მაგრად დაიგრუხუნა და კოკისპირულმა წვიმამ დაუშვა. მე ჩემს საწოლში ვიყავი წამოწოლილი და წიგნს ვკითხულობდი. უცებ, ფანჯრის რაფაზე ჭიანჭველების მთელი არმია გაჩნდა, რომლებიც ფანჯრის ღრიჭოდან, ძალიან სწრაფად მოიწევდნენ შიგნით. გიჟივით წამოვხტი, ტილო ავიღე და რაფას მოვუსვი. ჭიანჭველებმა ახლა ქაოსურად დაიწყეს მოძრაობა და სულ სხვადასხვა მხარეს დაიქსაქსნენ. იმდენი იყვნენ, ვერ დათვლიდით. მამამ ადუღებულ ჩაიდანს დაავლო ხელი და რაფას მოასხა. გადარჩენილმა ჭიანჭველებმა უკან დაიხიეს და ისევ იმ ღრიჭოში გაძვრნენ, საიდანაც შემოვიდნენ. ხვრელი სასწრაფოდ ამოვქოლეთ. ეს ამბავიც ჭინკების ოინებს დავუკავშირე.

შუაღამისას წვიმამ გადაიღო. ხმაური ამჯერად სხვენის ზემოდან ისმოდა. თითქოს ვიღაცეები კრამიტის სახურავზე დარბოდნენ. აფანასის მამალმა რომ იყივლა და ირიჟრაჟა, მეც დამეძინა. გაღვიძებისას ზუსტად ისეთივე უცნაური ანაბეჭდი, როგორიც მაჟაზე მქონდა, მკერდზეც აღმოვაჩინე. აშკარა იყო, ძილში რაღაც მკბენდა.

მამამ საწოლი გამოსწია, ლეიბიანად ყველაფერი გადააძრო და საწოლის ქვედა მხარეს ობობების ბუდე იპოვა. ახლა ნათელი გახდა, თუ რა მკბენდა ძილში. მე ქვემოთ ჩავედი, პირი დავიბანე და ქილის შესამოწმებლად ღობესთან მივედი. კონსერვის ქილა ხელუხლებელი დამხვდა. როგორც ჩანს, ჭინკები წვიმაში გარეთ არ გამოდიან. შუადღეს ისევ ავედი სხვენზე. იქ ყოფნა უკვე შემიყვარდა და აღარ მეშინოდა. უფრო მეტიც, წიგნიც კი ამქონდა და ვკითხულობდი. უეცრად, სხვენის სახურავს გარედან რაღაც მაგარი მოხვდა და აივანზე ჩავარდა. სასწრაფოდ ქვემოთ ჩავედი. აივანზე ქაღალდში გახვეული ქვა ეგდო. გარეთ არავინ ჩანდა. ქვას ქაღალდი შემოვაცალე და გადმოვაბრუნე. შიგნითა მხრიდან ქართული ასოებით ეწერა: –  „მე შენ ყოველთვის გხედავ!“

ვიგრძენი, როგორ ამიფუთფუთდა მუცელში უხილავი პეპლები. კინაღამ წონასწორობა დავკარგე და იქვე ჩავიკეცე. ვინ მომწერდა ქართულად წერილს სოფელში, სადაც მარტო მოხუცი ბერძნები ცხოვრობდნენ და ქართულად არავინ ლაპარაკობდა?

წერილი შორტის ჯიბეში ჩავიკუჭე და ჩვენი სახლის ღობეს გავხედე. ახლა უკვე კარგად დავინახე, როგორ გაირბინა მოკლე ჩრდილმა აფანასის სახლის მიმართულებით  და მიიმალა. მთელი დღე ყურადღებით ვიყავი და თვალი ღობისაკენ მეჭირა.  ძილის წინ, რომ უნდა დავწოლილიყავი, ჩხარუნის ხმა მომესმა და აივნიდან გადავიხედე.  ქილა ისევ ღობეზე ეკიდა და ოდნავ ირწეოდა. ნიავი საერთოდ არ იყო. ამიტომ, ეზოში ჩავედი და ქილა ჩამოვხსენი. კიდევ ერთი წერილი გადმოვარდა და ჩემს ფეხებთან დაეცა. გული ამიჩქარდა და წერილი ხელისკანკალით გავშალე.

„რა საერთო გაქვს იმ ბებერთან? ან რას აკეთებ მთელი დღე სხვენში? გართობა თუ გინდა, ხვალ, 1 საათზე  წყაროსთან მოდი.“

„იმ ბებერში“ ალბათ აფანასი იგულისხმება! ახლა უფრო მეტად მომიცვა ცნობისმოყვარეობამ და ეს წერილიც ჯიბეში ჩავიკუჭე. არავისთვის არაფერი მითქვამს. იმ ღამეს ძლივს დამეძინა. მეორე დღეს, ყოველიშემთხვევისთვის ჯიბეში მამას დასაკეცი დანა ჩავიდე და „სასეირნოდ წავედი“.

წყარო ჩემი სახლიდან ათი წუთის სავალზე იყო. ჯერ დაღმართი უნდა ჩაგეარა, მერე აღმართი. წყაროს წყალი სამი სხვადასხვა მილიდან მოედინებოდა და პატარა აუზში გროვდებოდა. გარშემო ფერად-ფერადი ტუხტები ყვაოდა. ეს ყვავილი თითქმის ყოველი სახლის ეზოში ხარობდა.

ათი წუთით ადრე მივედი, აუზის ქვაზე ჩამოვჯექი და ჭინკას დავუწყე ლოდინი. როგორც მივხვდი, ის ბევრად ადრე მოსულიყო და იქვე იმალებოდა. ცოტა ხანში  სამალავიდან გამოვიდა და გაღიმებული სახით მომიახლოვდა. სულაც არ იყო საზარელი შესახედაობის. არც თხის ჩლიქები ჰქონდა და არც კუდი. „ჩემი ჭინკა“ ჩემხელა ბიჭი აღმოჩნდა, ისიც თბილისიდან დასასვენებლად იყო ჩამოსული, რომელმაც თურმე ძველი ბერძნული ამფითეატრის ნანგრევებთან დამინახა, უკან გამომყვა, რომ გაეგო რომელ სახლში ვცხოვრობდი.

ერთი სიტყვით, ახალი მეგობარი გამიჩნდა და მალევე, ჩემი ნადირობის ამბავიც მოვუყევი. ჭინკების ამბავზე ბევრი იცინა და მითხრა, რომ სინამდვილეში, ჩემს სხვენზე  სინდიოფალები ცხოვრობდნენ და სწორედ ისინი ხმაურობდნენ ყოველ დილას. ქათმებსაც იტაცებდნენ და სწორედ ამიტომ აკრიახდებოდნენ ხოლმე მეზობლის მძინარე ქათმები ღამ-ღამობით. სინდიოფალებს დიდი, ფაფუკი კუდები აქვთ და ალბათ ის ფქვილიც სირბილის დროს,  კუდებით გადაგავეს. კითხვებს, რომლებიც მოსვენებას არ მაძლევდნენ, მარტივად გაეცა პასუხები…

„ჩემი ჭინკა“ ვიზიროვკის სახლის ამბით ძალიან დაინტერესდა და ერთხელაც, გადავწყვიტეთ იმ სახლთან მისასვლელი გზა გვეპოვა. აქეთ გავიკითხეთ, იქით გავიკითხეთ და მიახლოებული მარშრუტიც გავიგეთ. ოღონდ, ყველა, ვისაც კი იმ სახლის გზას ვეკითხებოდით, ერთი და იგივეს გვიმტკიცებდა, რომ ვიზიროვკაში კარგა ხანია არავინ ცხოვრობს.

ორი ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი „ჭინკა“ ვიზიროვკისკენ მიმავალ გზას დავადექით. ოღონდ ეს ჩვენი საიდუმლო იყო და არავის არაფერი არ უნდა სცოდნოდა. ფიჭვნარი ტყე გადავჭერით და ტბისკენ მიმავალ ბილიკს დავადექით. მალე ბილიკი ორ ნაწილად გაიყო. ჩვენ იმ მხარეს გავაგრძელეთ სვლა, რომელიც ტბის საპირისპირო მხარეს მიდიოდა. გვირილებით გადაპენტილ ველზე აღმოვჩნდით.  ოთხივე მხარეს მთები მოჩანდა. თაკარა მზეში გავიარეთ ეს ველი და ისევ ტყეში შევედით. ხევი მალევე გამოჩნდა. ამჯერად, მეორე მხარეს აღმოვჩნდი, საიდანაც ის ვიწრო და დაკლაკნილი ბილიკი მიდიოდა სახლთან.

ბილიკზე ჩასვლა ძალიან გაგვიჭირდა, რადგან მიწა ფეხქვეშ იშლებოდა. მცენარეების ფესვებს,  ხეებს და ერთმანეთს ვეჭიდებოდით და როგორც იქნა, სახლამდეც ჩავაღწიეთ.

სახლს ღობე არ ჰქონდა. ფანჯრებს კი მინები. მისი უკანა კედელი მთლიანად სუროს და მღიერას დაეფარა. სახურავზე  კრამიტი იყო აყრილი. მაგიდაზე, რომელიც მაღლიდან დავინახე, რკინის ჟანგიანი იარაღები ეწყო. გატეხილი ცელი, სამკაპა, ჟანგიანი მავთულის დიდი დახვეული გორგალი და ძველი ემალის გამურული ქვაბი. სახლს კარი სანახევროდ ება. ფრთხილად შევედით. სახლი მთლიანად გავერანებული იყო.

შიგნით სულ სამი პატარა ოთახი იყო. პირველში დამტვრეულ-დაჟანგებული ფეჩი, ჩამპალ-ჩაშლილი კარადა, ფეხმოტეხილი მაგიდა და სკამის კარკასები ეყარა. მეორე ოთახში ძველი საწოლი იდგა, რომელსაც ცალ მხარეს ფეხები არ ჰქონდა. კედლები მგონი ძროხის ფუნით იყო გალესილი. მსგავსი არსად მინახავს. მესამე ოთახში რომ უნდა შევსულიყავი, ფეხი რაღაცას წამოვკარი და თავით კედელს შევასკდი.

გამოსახულება ისეთნაირად გადათეთრდა, როგორც  იმ ღამეს ელვამ გაანათასოფელი. ნორმალური თვალთახედვა რომ დამიბრუნდა,  თვალებს არ დავუჯერე.  ჩემი მეგობარი სადღაც გამქრალიყო და ჩემს წინ  ნამდვილი ჭინკა იდგა. შიში არ მიგრძვნია, რადგან  დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ყველაფერი მეჩვენებოდა. თვალები მოვისრისე, მაგრამ ჭინკა არ გაქრა. ისევ იქ იდგა და იკრიჭებოდა.

– „სად არის შოთიკო?“

ვკითხე და შევათვალიერე. ძალიან გამხდარი ჭინკა იყო. დაახლოებით 50 სანტიმეტრი სიმაღლის. წვრილ და გრძელ ფეხებზე იდგა, რომელიც ბოლოში თხის ჩლიქებით მთავრდებოდა.  ხელზე ექვსი თითი ება. ნაცრისფერი იყო. სახე სასაცილო უფრო ჰქონდა, ვიდრე საშიში. თავზე პაწაწინა რქები ედგა. პატარა ცხვირი ჰქონდა, წვრილი თვალები და დაკრეჭილი კბილები. ოთხი ეშვი გარეთ ჰქონდა გამოჩრილი.

– „შოთიკო მე ვარ! სპეციალურად მივიღე ადამიანის სახე, რომ შენ აქ შემომეტყუებინე!“

მითხრა და ისევ დაკრიჭა კბილები.

– რატომ?

– იმიტომ, რომ შენ სათამაშო მოგვპარე! თანაც, ადამიანმა არ უნდა გაიგოს სიმართლე ჭინკებზე. ამიტომ, შენ აქ უნდა დარჩე! სამუდამოდ!

მითხრა, ხელები გაშალა  და თავისი 12 ჭუჭყიანი კლანჭი დამანახა. მე ჩემი დასაკეცი დანა გამახსენდა და სასწრაფოდ გავშალე. უბრძოლველად ნამდვილად არ დავნებდებოდი.

– მე არ მინდა აქ დარჩენა!

ვთქვი მტკიცედ და წელში გავიმართე. თან მიკვირდა, რატომ არ ვგრძნობდი საერთოდ  შიშს.

– რომც წახვიდე, გზას მაინც ვერ გაიგნებ!

– შენ მაგაზე არ იდარდო! როგორმე გავიგნებ!

ჭინკამ მოულოდნელად ჩემკენ ისკუპა. მეც დანა მოვიქნიე და სამი ფრჩხილი ერთდროულად წავაცალე. შემზარავად დაიკივლა და გაქრა.  მე კი, უცებ ვიღაცამ უხილავი ხელით სილა გამაწნა და მომენტალურად გამოვფიზლდი.

გავაცნობიერე, რომ ძირს ვიწექი და შოთიკოს შეშინებული სახე ზემოდან დამყურებდა. თურმე გონება დამიკარგავს. მზეში ამდენმა სიარულმაც თავისი ქნა.  სახლში თითქმის ბნელოდა, არადა ჯერ საღამო იყო.  მოკლედ, იმავე ბილიკით გამოვბრუნდით უკან და ერთ საათში უკვე „ივანოვკაში“ ვიყავით.

ეს საუკეთესო ზაფხული იყო, რაც სიცოცხლეში მქონია. ახლა უკვე დიდი გოგო ვარ და საშინლად მწყდება გული ჩემს პატარა ცისფერ სახლზე, რომელიც მშობლებმა რამდენიმე წელიწადში ისევ გაყიდეს. დღემდე, ძალიან ხშირად მესიზმრება პატარა, უცნაური ბერძნების სოფელი, რომელიც გუგლის რუკაზეც კი არ არის აღნიშნული.

ჰო, მართლა! იმ ზაფხულს, როდესაც თბილისში მოვდიოდით, აფანასიმ თავისი კრიალოსანი მაჩუქა, რომელსაც 12 ბურთულა ება: – ცხრა ერთნაირი, ხოლო სამი განსხვავებული… ეს სამი ქვა ჭინკას კლანჭებს წააგავდა. იმ კლანჭებს, რომელიც  ჩემს ხილვაში მოვაჭერი… თორმეტი ბურთულა  წელიწადის თორმეტ თვეს შევადარე.  ცხრა – ჩვეულებრივი, ხოლო სამი განსაკუთრებული, როგორც  ივნისი, ივლისი და აგვისტო.  როგორც ზაფხული, რომელიც ჩემი ყველაზე საყვარელი წელიწადის დროა. 🙂

ნოველა ეძღვნება ჩემს უსაყვარლეს სოფელს – „ივანოვკას“.

დაწერილია რეალური ამბავის მოტივებზე.

getImage[8] getImage[10]
Screenshot 2014-09-13 13.34.15

Advertisements

20 thoughts on “ჭინკებზე ნადირობა

  1. თეა, რაც წამიკითხავს შენი ნოველები,ყველა ერთმანეთზე უკეთესი და საინტერესოა, მე მგონი არ იქნება ურიგო, ბავშვებიც გაგეხარებინა შენი შემოქმედებით…ისე საინტერესოდ დაგვიხატე ამ ნოველით ივანოვკა, ბავშვობაში დამაბრუნე 🙂

    • სხვათა შორის მაქვს გეგმაში რომ ვცადო საბავშვო ნაწარმოების დაწერაც 🙂 მადლობა :*

  2. dzalian kargia :)) ise me rogorc vici chinkebs gansakutrebit cminda giorgisi eshiniat. pirjvari unda gadaicero da krebiano:) rachashi bevria aseti ambavi

  3. RATOMGAC MGONIA IS MOXUCI RAGACAS ESHMAKOBDA…ISE KI CHINKEBZE MEC MSMENIA,GAMIGONIA ROM ICIS ADAMINIS DA GAMSAKUTREBIT BAVSHVIS IERSAXIS MIGEBA DA ASE ITKUEBS XALXS TAVIS SAMKOFELSHI

  4. სუპერ )) როგორც ყოველთვის : )))))))))) ძაან მიყვარხარ თეა !

  5. მშვენიერი ნოველაა, ლამაზად გადმოცემული.. მეც ძალიან მიყვარს ზაფხული,ჩემი სუსტი წერტილია..მაგრამ რა მალე გადის 🙂 მიყვარს თავგადასავლები და ოცნება.. ჩემს ბავშვობაში დავიკარგე წამიერად ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s