ანაბელის პორტრეტი

f_4e2307788f692

უკვე მეორედ გამოაღვიძა ანდრო უცნაურმა შეგრძნებამ ღამით, თითქოს ოთახში მის გარდა კიდევ იყო ვიღაც. მარცხენა ხელით ჩამრთველი მოძებნა და ბრა აანთო.

– როი!

ყოველი შემთხვევისთვის ხმადაბლა დაუძახა თავის ძაღლს, რომ დარწმუნებულიყო  ჩუმად ხომ არ შემოიპარა საძინებელში. ოთახში მის გარდა არავინ იყო.

ძილი გაუკრთა. ელექტრონულ საათს დახედა, რომელიც ტუმბოზე იდგა – ღამის ოთხის ნახევარი იყო. გუშინაც ზუსტად ამ დროს, იგივე შეგრძნებით გამოეღვიძა.

ლოგინში წამოჯდა და ლამაზი ქერათმიანი გოგონას პორტრეტს შეხედა, რომელიც საწოლის პირდაპირ, კედელზე ეკიდა. გოგონას ფართო  ცისფერი  თვალები ჰქონდა. სევდიანად იყურებოდა და პირზე იდუმალი ღიმილი დასთამაშებდა. „ჯოკონდას ღიმილი“ – სწორედ ასე დაარქვა ხუმრობით ანდრომ ანაბელის პორტრეტს, როდესაც პირველად ნახა.

ეს პორტრეტი მას ერთად გატარებულ დროს ახსენებდა.  ალბათ ანაბელიც გრძნობდა, რომ მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდებოდა და უნდოდა, თავისი ნაწილი ამ პორტრეტის სახით, სამუდამოდ ანდროსთან დარჩენილიყო და ხანდახან მაინც გაეხსენებინა მისი თავი.

ანაბელი გერმანელი იყო. ბერლინში დეიდასთან ერთად ცხოვრობდა და საქართველოში მივლინებით იყო ჩამოსული. მას შვიდი ახალგაზრდა მხატვარი უნდა შეერჩია  და მათი ნახატები გამოფენისთვის წაეღო. ამ შვიდი მხატვრიდან ერთ-ერთმა, ძალიან მოინდომა მისი დახატვა და პატივისცემის ნიშნად, პორტრეტი აჩუქა კიდეც.

ანდრომ ანაბელი  როკ-ფესტივალზე გაიცნო, სადაც მისი ბენდიც უკრავდა. ძალიან მოეწონა და მალევე დაახლოვდნენ. ერთ თვეში  ანაბელი თავის ქვეყანაში გაემგზავრა. გარკვეული პერიოდი ინტერნეტით ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს, მერე ისევ დაბრუნდა და ერთი წელი ანდროს სახლში ცხოვრობდა. შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე,  ნელ-ნელა ყველაფერი გაჩვეულებრივდა და გაუფერულდა. ანდროს მობეზრდა ანაბელის ზედმეტად წყნარი და გაწონასწორებული ხასიათი და  ინტერესი დაკარგა. მისი ბენდი სულ უფრო პოპულარული ხდებოდა და შესაბამისად, თაყვანისმცემელი გოგონების რიცხვმაც იმატა. ანდროს ახლა უკვე ექსპრესიული და თამამი ქალები იზიდავდა. ხედავდა, როგორ ატარებდნენ მისი ბენდის წევრები დროს და ძალიან მოუნდა თავისუფლება. ჰოდა,  გადაწყვიტა კიდეც ამ ურთიერთობისთვის წერტილი დაესვა.

ანაბელს აქ ანდროს გარდა, არავინ ჰყავდა და გერმანიაში დაბრუნდა. მან ძალიან მტკივნეულად განიცადა დაშორება, მაგრამ ეცადა, არ დაენახებინა ანდროსთვის თავისი განცდები. სახსოვრად საკუთარი პორტრეტი დაუტოვა და მისი ცხოვრებიდან გაქრა.

მას შემდეგ სამი თვე გავიდა და არც ერთხელ არ დაურეკავს. არც წერილი მოუწერია. არც ანდრო იკლავდა თავს  რეკვით. თავიდან ცოტათი განიცდიდა სინდისის ქენჯნას, მაგრამ ამანაც მალევე გადაუარა. თითქმის მთელ დღეებს თავის ბენდთან ერთად, სარეპეტიციოში ატარებდა. საღამოობით კლუბში უკრავდა. ერთობოდა და  სახლში სულ უფრო და უფრო იშვიათად მოდიოდა. თავისი დობერმანი დას მიუყვანა, რადგან მისი მოვლის დრო არ რჩებოდა.

ცხოვრების ასეთმა რეჟიმმა რამდენიმე თვეში დაღალა და გამოფიტა. ამას ისიც დაერთო, რომ კლუბი სარემონტო სამუშაოების გამო, დროებით დაიკეტა და ჯგუფის წევრებმაც დასასვენებლად წასვლა გადაწყვიტეს.  ანდრო მათ არ გაჰყვა, თავისი ძაღლი წამოიყვანა და როგორც იქნა, წესიერად გამოიძინა. სახლიდან გასვლა აღარ უნდოდა. მთელი დღეები დივანზე იწვა, ლუდს სვამდა და ტელევიზორს უყურებდა. ხან მუსიკას წერდა.  ბოლო რამდენიმე ღამეს კი, ზუსტად ერთსა და იმავე დროს,  საშინელმა შეგრძნებამ გამოაღვიძა. პირველად თითქოს ვიღაცის სუნთქვა იგრძნო ყურთან, მაგრამ ამას სერიოზული მნიშვნელობა არ მიანიჭა და ყველაფერი გადაღლას დააბრალა.  მომდევნო ღამეს, როის უფლება მისცა მის საძინებელში დაეძინა. გარდა ამისა, გადაწყვიტა ოთხ საათამდე ეფხიზლა, რომ ის დრო როგორმე გადაეგორებინა და აღარ გაღვიძებოდა. დარწმუნებული იყო, რომ ამის მერე ყველაფერი ნორმაში ჩადგებოდა.

ლეპტოპი საწოლზე დადო და ფილმი ჩართო. სამი საათი რომ ხდებოდა, საშინლად მოერია ძილი, მაგრამ რომ არ დასძინებოდა  ადგა და ოთახში გაიარ-გამოიარა. როის ანაბელის პორტრეტის ქვემოთ, ხალიჩაზე ეძინა. სავსე მთვარე იყო. ფანჯრიდან თეთრი სინათლე შემოდიოდა და ანაბელის ნახატს ეცემოდა. მისი ქერა თმა თეთრად მოჩანდა. ანდრო ისევ წამოწვა და ნახატს მიაშტერდა. შუქ-ჩრდილები ისე ეცემოდა ანაბელის სახეს, რომ  ბოროტ ალქაჯს წააგავდა საშინელებათა ფილმიდან.

ანდრომ საათს შეხედა. დისპლეიზე ციფრები წითლად ენთო – 03:30. უცებ, კედლიდან ფხაჭუნი შემოესმა და გაიხედა. ნანახმა თავზარი დასცა.  ნახატზე გოგონა გამქრალიყო და მხოლოდ ცარიელი ფონიღა მოჩანდა.  თითქოს ტილოს, შიგნიდან  ვიღაც ფრჩხილებით კაწრავდა და გარეთ გამოღწევას ცდილობდა. ნახატის ზედაპირს ორი ხელისგულის ანაბეჭდი დაეტყო და ამოიბურცა.

ანდროს გაეღვიძა. შუბლი ცივი ოფლის წვეთებით ჰქონდა  დაცვარული. სინათლე აანთო და პორტრეტს შეხედა, რომელიც ჩვეულებრივად  ეკიდა და ანაბელიც ძველებურად, უმანკო სახით იღიმოდა.

შუქზე როისაც გაეღვიძა და ჰაერში რამდენჯერმე შეჰყეფა. ანდრომ საათს შეხედა – ისევ ის მაგიური ციფრები – 03:30 ანათებდა წითლად. ლეპტოპი საწოლზე იდო და ფილმის ტიტრები გადიოდა.  როგორც ჩანს, ანდროს ფილმის ყურებაში  ჩაეძინა და ყველაფერი სიზმარში ნახა.

სამზარეულოში გამოვიდა, მაცივრის წყალი დალია და მისაღებ ოთახში ტელევიზორი ჩართო. დივანზე  მალევე ჩაეძინა და დილამდე მშვიდად ეძინა. კოშმარი აღარ უნახავს. დილით როიმ გააღვიძა, გასეირნება უნდოდა.

საღამოს მეგობრები დაადგნენ  და გვიანობამდე დარჩნენ.  სიზმარი აღარც გახსენებია. ორი საათი ხდებოდა, როდესაც ბიჭები წავიდნენ. ანდრომ არყის ცარიელი ბოთლები სამზარეულოში გაიტანა და გასარეცხი თეფშები ნიჟარაში ჩაყარა. საკმაოდ მთვრალი იყო. თავის ოთახში ბანცალით ავიდა და გაუხდელად დაწვა საწოლში. შედარებით მშვიდად ეძინა. არაფერი დასიზმრებია, მხოლოდ ერთხელ იგრძნო, როგორ შეეხო  ლოყაზე რაღაც ცივი და სველი.

– როი, გადი აქედან…

ჩაიბურდღუნა და მეორე გვერდზე გადაბრუნდა. დილით ფხაჭუნის ხმამ გამოაღვიძა. საწოლში წამოჯდა. გათენებული იყო. როი საძინებელი ოთახის დაკეტილ კარს გარედან თათებით ფხაჭნიდა. როგორც ჩანს, პატრონის გაღვიძებას ცდილობდა. ანდრო კართან მივიდა და სახელური ჩამოსწია. კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი. ეტყობა მექანიკურად ჩაკეტა ნასვამმა, როდესაც დასაძინებლად შემოვიდა. უცებ შეჩერდა და დაფიქრდა. თითქოს ცივი წყალი გადაასხეს. თავში ერთადერთი აზრი უტრიალებდა: – თუ როის გარეთ ეძინა, ვინ ულოკავდა სახეს ძილში?

ანდროს მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა და ხელი იმ ლოყაზე მოისვა, რომელზეც  დარწმუნებული იყო აქამდე, რომ ძაღლმა ალოკა. გადაწყვიტა შემდეგი ღამე მარტოს აღარ გაეტარებინა და ერთ გოგონას დაურეკა, რომელთანაც რამდენჯერმე ჰქონდა ფიზიკური კონტაქტი.  მარკეტში ჩავიდა, რაღაცეები იყიდა და ვიდრე  სალომე მოვიდოდა, ფოტოაპარატის პატარა შტატივზე თავისი პატარა ციფრული კამერა დამაგრა და ტანსაცმლის კარადის თაროზე ისეთნაირად დადგა, რომ კადრში საწოლი გამოჩენილიყო. კამერას ტანსაცმელები გადააფარა და მხოლოდ ობიექტივი გამოაჩინა.

იმ ღამეს სალომესთან ერთად ეძინა და კოშმარი აღარ უნახავს. მეორე დღეს, როგორც კი მარტო დარჩა, ჩანაწერი ლეპტოპში გადაიტანა და ყურება დაიწყო.  ღამის სამ საათამდე არაფერი მომხდარა. როგორც კი ოთხის ოცი წუთი გახდა, მძინარე სალომე საწოლში წამოჯდა და კამერისკენ გამოიხედა.  სალომე თითქმის მთელი საათი გაუნძრევლად იჯდა და თვალს არ აშორებდა კამერის ობიექტივს. სიბნელის გამო, კარგად არ ჩანდა მისი სახე, მაგრამ ანდროს მოეჩვენა, რომ სალომეს მთელი ამ ხნის განმავლობაში პირი გაღებული ჰქონდა და მგონი არც თვალებს ახამხამებდა.

ერთი საათის მერე, კადრი წამიერად გაითიშა და  როდესაც გასწორდა, სალომე აღარ იყო წამომჯდარი. ორივეს მშვიდად ეძინათ. ანდრომ  რამდენჯერმე გადაახვია ჩანაწერი. პერიოდულად აპაუზებდა და აკვირდებოდა. მერე, ვიდეოდან ფოტო გააკეთა და განათება და კონტრასტი შეცვალა. უცებ, ისეთი რაღაც დაინახა, რომ მოულოდნელობისაგან კინაღამ გული გაუსკდა. სალომე  თავი ბალიშიდან არც წამოუწევია, უბრალოდ  „მეორე სალომე“, ან რაღაც სხვა არსება იჯდა და კამერას უყურებდა. თითქოს სალომეს სხეულიდან  მისი ორეული ამოძვრა.

ანდრომ ეს ყველაფერი „ფლეშკაზე“ გადაიტანა და თავის ნაცნობს სამსახურში მიადგა, რომელიც ერთ-ერთ არხზე ოპერატორად მუშაობდა. დათომ ჩანაწერს უყურა და ანდრო დაამშვიდა, რომ სავარაუდოდ მისმა კამერამ „გაჭედა“ და რაღაცნაირად,  „ორმაგი ექსპოზიცია“ გააკეთა. ერთი კადრი რაღაც დროის მანძილზე გაშეშდა და მეორე კადრს „გადაეფარა“.  მისი კოშმარები კი უბრალოდ სტრესს გადააბრალა და ნევროპათოლოგთან ვიზიტი ურჩია.

იმ ღამეს, ანდრო სახლში აღარ დაბრუნდა და იმ სტუდიაში დაიძინა, სადაც მისი ბენდი იკრიბებოდა სარეპეტიციოდ. ღამის სამ საათზე მობილურის ზარმა გამოაღვიძა. შეწუხებული ხმით ურეკავდა მეზობელი, შენი ძაღლი გააჩუმე, გაუჩერებლად ყეფს და მთელი კორპუსი ფეხზე დააყენაო. ანდრომ სასწრაფოდ დაქოქა მანქანა და სახლში წავიდა.

მანქანა ეზოში დააყენა და გადმოვიდა. კორპუსში სიწყნარე იყო და არც მეზობლების ფანჯრებში ენთო სინათლე. ანდროს გაუკვირდა, ასე მალე როგორ დაიძინესო და თავისი საძინებლის ფანჯარას ახედა. სინათლე ანთებული დარჩენოდა და ფარდების მიღმა მკრთალი ყვითელი შუქი მოჩანდა. უეცრად, ფანჯარასთან ვიღაცის შავმა ლანდმა გაიელვა და საწოლის მიმართულებით წავიდა. ანდროს შიშისგან სუნთქვა შეეკრა და მაშინვე  პატრული გამოიძახა. მანამდე არ ავიდა სახლში, ვიდრე პოლიცია არ მოვიდა.

the-uninvited-window-dark-horror-movies-900x1440

ბინის კარი გარედან დახვდათ დაკეტილი. ბინის გატეხვის არავითარი კვალი არ იყო. არც სახლში იყო ვინმე. როის ანაბელის პორტრეტის ქვეშ, ხალიჩაზე ეძინა და ხმაურზე გაეღვიძა.

– დარწმუნებული ხართ, რომ ვიღაც დაინახეთ? – ეჭვით შეეკითხა ანდროს პატრულის თანამშომელი.

– დავინახე! ადამიანის სილუეტი იყო. ჩემს ოთახში დადიოდა…

ანდროს სახეზე მიტკლის ფერი ედო.

– ბინის გასაღები თქვენს გარდა აქვს კიდევ ვინმეს?

– მხოლოდ  ჩემს დას!

– გამორიცხავთ იმ ფაქტს, რომ თქვენი და ჩვენს მოსვლამდე იყო ბინაში, დაკეტა კარი და წავიდა?

– კი. ჩემი და ასეთ დროს აქ არ იქნებოდა… გამოვრიცხავ.

– მაშინ, ეტყობა ძაღლის ჩრდილი დაინახეთ! ან, ნასვამი ხართ… ღამე მშვიდობისა!

უთხრა უკმაყოფილო სახით პოლიციის თანამშრომელმა ანდროს და წავიდა.

ანდრომ ყველგან აანთო სინათლე.  ანაბელის პორტრეტი ჩამოხსნა და კორიდორში, კედელზე მიაყუდა. მერე  ანაბელის ტელეფონის ნომერი აკრიფა, მაგრამ როგორც ჩანს, გოგონამ ნომერი გააუქმა. ანდრომ ლეპტოპი ჩართო და იმეილი მისწერა. მხოლოდ მაშინ ჩაეძინა, როცა გარეთ ირიჟრაჟა.

მეორე დღეს ნევროპათოლოგთან წავიდა. ექიმს ყველაფერი მოუყვა. მან დამამშვიდებელი გამოუწერა და ფსიქოლოგთან ვიზიტი ურჩია. ანდრო მიხვდა, რომ ფსიქოლოგთან მისვლასაც არ ჰქონდა აზრი, რადგან მიზეზის ძებნას ისიც ანდროს ტვინში დაუწყებდა და ამის ნერვები არ ჰქონდა. მართალია, აქამდე არ სჯეროდა პარანორმალური მოვლენების, მაგრამ ამ შემთხვევის გამო დაიჯერა.

სახლში დაახლოებით ცხრა საათისთვის დაბრუნდა, რომ ძაღლი ჩაეყვანა ეზოში. კორიდორში შესვლისთანავე შეამჩნია, რომ ნახატი ადგილზე არ იყო. გული აუჩქარდა, მაგრამ ძალ-ღონე მოიკრიბა და ოთახში შევიდა. როი სამზარეულოდან გამოძუნძულდა და პატრონს შეეგება. ანდრომ ძაღლს ყურადღება არ მიაქცია, სასწრაფოდ საძინებელს მიაშურა. ანაბელის პორტრეტი თავის ადგილზე ეკიდა. ანდროს მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. გამობრუნებას აპირებდა, რომ გადასწორებული საწოლი შენიშნა. არადა, მან არეული დატოვა. არც მტვერი იყო ტუმბოზე. ანდრო სამზარეულოში გავიდა. გაზქურაზე ქვაბით საჭმელი იდგა. მან ჯიბიდან მობილური ამოიღო და თავის დას გადაურეკა.

– მაგდა, შენ იყავი ჩემთან?

– აბა ვინ იქნებოდა? ცოლი შენ არ გყავს და არავინ. ის გოგოც უკან გაუშვი. ახლა მისი ნახატიც ჩამოგიხსნია!

– შენ დაკიდე კედელზე?

– არა, ფეხები გამოიბა და თვითონ ჩამოეკიდა.

ტელეფონში მაგდას სიცილი მოისმა.

– აჯაფსანდალი გაგიკეთე. მაცივარშიც შეიხედე, რაღაცეებია და ეგ ქვაბი ღამე გარეთ არ დატოვო!

– კაი, კაი… მადლობა!

ანდრომ შვებით ამოისუნთქა. რაღაცნაირად, ხასიათზე მოვიდა. აჯაფსანდალი ჭამა და როი ეზოში ჩაიყვანა. ქვემოთ ის მეზობელი შეხვდა, რომელმაც წინა ღამეს დაურეკა. ანდრო მიესალმა და შეწუხებისთვის ბოდიში მოუხადა. კაცმა გაოცებისაგან თვალები დაჭყიტა. არც ძაღლის ყეფა გამიგია და მით უმეტეს, ეგეთ დროს არც შენთვის არ დამირეკავსო. როგორც კი მარტო დარჩა, ანდრომ მობილური ამოიღო და შემომავალ ზარებს დაუწყო თვალიერება. მაშინ პირდაპირ უპასუხა, არც დაუხედავს ეკრანისთვის. შუაღამის 03:30 წუთზე მხოლოდ ერთი ზარი იყო შემოსული, ძალიან უცნაური ნომრიდან – 1110010000

ანდრომ იმ ნომერზე გადარეკა, მაგრამ ავტომატმა უპასუხა, რომ ნომერი არ არსებულია. ანდრომ სახლში აირბინა, საჭირო ნივთები ზურგჩანთაში ჩაყარა და დასთან წავიდა. ის ღამე მის სახლში გაატარა.  მაგდას ყველაფერი მოუყვა.

– იმ გოგოს დაუკავშირდი?

ჰკითხა მაგდამ ძმას.

– ვინ გოგოს?

– ანაბელს…

– ვცადე, მაგრამ მობილურის ნომერი გამოცვალა. მეილზე არ მპასუხობს, მაგრამ ანაბელი რა შუაშია? ხვალ ეკლესიაში მივალ და მღვდელს ვთხოვ, სახლი აკურთხოს…

– მე მაქვს სადღაც ანაბელის დეიდის ნომერი…

– საიდან?

– წასული რომ იყო, მაშინ დარეკა მაგ ნომრიდან და ჩავიწერე.

მაგდა კომოდთან მივიდა, ზედა უჯრა გამოაღო და ბლოკნოტი ამოიღო.

– დარეკავ?

– გერმანული არ ვიცი. ის ქალი კი ინგლისურად არ ლაპარაკობს საერთოდ.

– მაშინ, ხვალ სამსახურში რომ წავალ, ჩემს თანამშრომელს დავარეკინებ. იმან იცის.

– რა კავშირში უნდა იყოს ანაბელი ამ ამბავთან? – გაუკვირდა ანდროს.

– შეიძლება არც იყოს, მაგრამ რაღაცნაირი შეგრძნება მაქვს… იმ ნახატს რომ ვკიდებდი, უცნაური განცდა დამეუფლა. მის პორტრეტს რომ შევხედე… აი, ვერ აგიხსნი… თითქოს ცოცხალივით იყო და უხაროდა, რომ თავის ადგილზე დავაბრუნე…

– რა სისულელეა!

თქვა ანდრომ და დასაძინებლად გავიდა. მეორე დღეს, რომ გაიღვიძა, მაგდა უკვე წასული იყო სამსახურში. ყავა გაიკეთა, ისაუზმა და სახლში წავიდა. კიდევ უნდა წამოეღო რაღაც ნივთები.

სახლში სიმშვიდე იყო. ყველაფერი თავის ადგილზე დახვდა. საძინებელში შევიდა. იქაც ყველაფერი რიგზე იყო. მაგიდაზე ტელეფონს დახედა და შეცბა. ტელეფონის ეკრანი ცისფრად ენთო და შემომავალი ზარი იყო დაფიქსირებული.

დარეკვის დრო – 03:30

ნომერი – 1110010000

ანდროს მუხლები მოეკვეცა და სკამზე ჩამოჯდა. უცებ მის ჯიბეშიც აწკრიალდა მობილური. – მაგდა რეკავდა.

– ანდრო! მისმინე… დავარეკინე ჩემს თანამშრომელს ანაბელის დეიდასთან…

– მერე?

– საშინელი ამბავია… არ ვიცი როგორ გითხრა…

– რა მოხდა? მითხარი…

– იმ ქალმა გვითხრა, რომ ანაბელი ორი კვირის წინ გარდაიცვალა…

– რა? როგორ?

ანდრო ფეხზე წამოხტა და ოთახში ნერვიულად დაიწყო ბოლთის ცემა.

– დარწმუნებული ხარ, რომ მზად ხარ ყველაფრის მოსასმენად?

– მითხარი!

– შენგან რომ წავიდა, ფეხმძიმედ ყოფილა…  ერთი თვის წინ ავარიაში მოყვა და მუცელი მოეშალა. მოკლედ, დეპრესიაში იყო… ოთახიდან არ გამოდიოდა. ორი კვირის წინ, დილით დეიდამ თავის ოთახში იპოვა… მთელი კოლოოფი ძილის წამალი დაულევია… ხელში მობილური ეჭირა,  შენი ნომერი ჰქონდა აკრეფილი, მაგრამ როგორც ჩანს, დარეკვის ღილაკს აღარ დააჭირა…  ღამის ოთხის ნახევარი იყო, როცა შენი ნომერი აკრიფა…

ანდრომ ერთი სიტყვაც ვეღარ დაძრა. მობილური ტელეფონი გათიშა, ნახატთან მივიდა და ცრემლიანი თვალებით  მიაშტერდა ანაბელს. ტილოდან ქერა, უმანკო გამომეტყველების ფერმკრთალი ცისფერთვალება გოგონა უღიმოდა… თავისი “ჯოკონდას ღიმილით”.

Advertisements

7 thoughts on “ანაბელის პორტრეტი

  1. უმაგრესია! როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ თეა 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s