ცნობილი ბრენდის ისტორია – Gillette

gillette-01

ვაგრძელებ ცნობილი ბრენდის ისტორიებს და ამჯერად კინგ კემპლ ჯილეტის შესახებ გიამბობთ, რომელმაც ბევრი წვალების შემდეგ, ნულიდან შექმნა უზარმაზარი კორპორაცია და თავს უიღბლო ადამიანად თვლიდა. ის წუხდა, რომ ვერ განახორციელა თავისი გლობალური მიზნები და ვერ „გადააკეთა“ მსოფლიო, მაგრამ მიუხედავად ამისა, კაცობრიობა დღემდე მისი ძალიან მადლიერია. კინგმა ხომ ადამიანები ყოველდღიური ტანჯვისაგან გაანთავისუფლა, როდესაც უსაფრთხო საპარსი სამართებელი („ბრიტვა“) გამოიგონა.

ყველაფერი კი ჩვეულებრივად, გამდიდრების ხანგრძლივი და უშედეგო მცდელობებიდან დაიწყო.

51229750_King_Camp_Gillette King_Kemp_ZHillett

მომავალი „სამართებლების მეფე“ 1855 წელს, ვისკონსინის შტატში, ქალაქ „ფონდ დუ ლაკ“-ში დაიბადა. მამამისი ტექნიკის მაღაზიის მფლობელი გახლდათ და შეპყრობილი იყო გამოგონებებით. ის გამუდმებით აუმჯობესებდა ყველაფერს, რაც ხელთ მოხვდებოდა. იგივეს აკეთებდნენ კინგის ძმებიც. მას შემდეგ, რაც 1871 წელს, ხანძარმა მაღაზია გაანადგურა, უფროსი ჯილეტი ნიუ იორკში გაემგზავრა და პატენტების აგენტად დაიწყო მუშაობა. 16 წლის კინგიც მამას გაჰყვა  და დამოუკიდებლად დაიწყო ფულის შოვნა. ის ტექნიკის ფირმის პროდუქციის კომივოიაჟერი გახდა.

მრავალი წლის მანძილზე მოგზაურობდა ქვეყნიდან ქვეყანაში და მრავალფეროვან საქონელს ყიდდა. მან დიდი გამოცდილება დააგროვა კლიენტებთან ურთიერთობაში და მათ დარწმუნებაში, რაც მომავალში ძალიან გამოადგა. მთელი ამ ხნის მანძილზე, ის არ წყვეტდა ორიგინალური მექანიზმების გამოგონების მცდელობებს, მაგრამ არც ერთს  არ მოუტანია მისთვის დიდი ფული. კინგი მიხვდა, რომ აუცილებელი იყო ახალი გამოგონება, რომელიც ბაზარზე ნამდვილ გადატრიალებას მოახდენდა და ავტორს მილიონერად აქცევდა.

15-zabawne-0105-24297

 

ბოსმა, სახელად უილიამ პეინტერმა ურჩია, რომ რაიმე პრაქტიკული, იაფი და ერთჯერადი გამოყენების საგანი გამოეგონებინა, რაშიც მყიდველს არ დაენანებოდა ფულის გადაყრა. ეს რჩევა, ჯილეტს იდეაფიქსად ექცა. მან ყველა ადამიანური მოთხოვნილება გაიხსენა, მაგრამ უშედეგოდ.

1895 წელს, ზაფხულის ერთ დილას, კინგმა შეამჩნია, რომ მისი სამართებლის პირი დაჩლუნგებულიყო. მისი გალესვა მხოლოდ სახელოსნოში იყო შესაძლებელი. უცებ, მას თავში გენიალური იდეა მოუვიდა და სარკის წინ დიდხანს იდგა გაღიმებული. საკუთარ თავს უამრავი კითხვა დაუსვა და ძალიან გაუხარდა, როდესაც პასუხი ყველაფერს გასცა. კინგმა ახალი საპარსი მოწყობილობის კონსტრუქცია წარმოიდგინა: – ორი ფირფიტა, რომელთა შორისაც გალესილი ფოლადის ნაჭერი იდებოდა (რომელიც სამართებლის ფუნქციას შეასრულებდა) და ლათინური ასო T-ს ფორმის სახელური.

0_b4e4a_3133c76e_XL.jpeg

ასეთი სამართებლით მძიმედ დაშავება გამორიცხული იყო. ღრმა ჭრილობისაგან ორი ფირფიტა დაიცავდა, ხოლო, როდესაც პირი დაჩლუნგდებოდა, მას უბრალოდ შეცვლიდნენ ახლით. კინგს ისღა დარჩა, თავისი იდეა განხორციელებაში მოეყვანა.

– „მე არაფერი მესმოდა სამართებლებში, მით უმეტეს ფოლადის თვისებებში“. – აღიარა ჯილეტმა მოგვიანებით. მან იყიდა ფოლადის „ლენტის“ გორგალი, რომელიც საათების მექანიზმისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მასალა, პარსვისათვის გამოუსადეგარი იყო. გადიოდა თვეები, წელიწადი, მაგრამ კინგი კვლავ აგრძელებდა უნაყოფო ძიებას, რაშიც თავისი დანაზოგი – 25 000 $ დაეხარჯა.

მან ყველა სპეციალური მაღაზია შემოიარა ბოსტონსა და ნიუ იორკში. ცდილობდა გაერკვია, როგორ შეიძლებოდა გაემყარებინა თხელი ფოლადის ნაჭერი. მასაჩუსეთის ინსტიტუტის ყველაზე ავტორიტეტული სამეცნიერო ცენტრის სპეციალისტებიც კი მხრებს იჩეჩავდნენ, ხოლო მეგობრები და კოლეგები ურჩევდნენ კინგს, თავიდან ამოეგდო „ბოდვა“, რაზეც 6 წელი დახარჯა.

ამდენი წვალების შემდეგ, როგორც იქნა, 1901 წელს, კინგ ჯილეტი ბედმა ინჟინერ-მექანიკოს უილიამ ნიკერსონს შეახვედრა, რომელმაც  სამართებლის გამყარების ტექნოლოგია მოიფიქრა. საქმე „მკვდარი წერტილიდან“ დაიძრა. კინგმა T-ს ფორმის უსაფრთხო სამართებლის წარმოებაზე პატენტი აიღო.

brand59

1902 წელს Gillette Safety Razor Company -ამ დაიწყო უსაფრთხო საპარსების წარმოება, რომელსაც საცვლელი პირები ჰქონდა. კომპანიამ შეძლო ინვესტორების მოზიდვა. 1903 წლიდან დაიწყო სერიული წარმოება. ჯინგს დიდი ძალისხმევის ფასად უწევდა ინვესტორების შენარჩუნება და მათი დარწმუნება იმაში, რომ ახალ პროდუქტს ცოტა დრო სჭირდებოდა იმისთვის, რომ ბაზარზე ფეხი მოეკიდა. მისი მოლოდინი როგორც იქნა გამართლდა. მომდევნო წელს, 100 000-ზე მეტმა ამერიკელმა შეიძინა ჯილეტის პროდუქცია. ხოლო 1908 წელს შემოსავალმა 13 მილიონს გადააჭარბა.

ახალი სამართებლები 5$ ღირდა. გაყიდვები დღითი-დღე იზრდებოდა. მიზეზი მარტივი იყო, კომპანია სამართებლის პირებს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ყიდდა. ზოგჯერ კი უფასოდაც არიგებდა. ეს სტრატეგია , რომელიც თავდაპირველად სასოწარკვეთილებისაგან იყო გამოწვეული, მარკეტინგის ყველა სასწავლო წიგნში შევიდა როგორც „სატყუარას მოდელი“. ძირითადი პროდუქტი (საპარსი მოწყობილობა) იყიდებოდა თვითღირებულებაზე იაფად და მოგება სახარჯ მასალებზე (სამართებლის პირებზე) კეთდებოდა.

ჯილეტის გამოგონება, მამაკაცებს დღეში მინიმუმ 20 წუთ დროს უზოგავდა. რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა. 1915 წელს, კომპანია „ჯილეტმა“ 450 000 სამართებელი და 70 მილიონი სამართებლის პირი გაყიდა. კინგმა თავის გამოგონებას – „უდიდესი – წვრილმანებს შორის“ უწოდა.

ფაქტობრივად ორ წელიწადში ჯილეტი მილიონერი გახდა. არა მხოლოდ თავისი გამოგონების წყალობით, არამედ როგორც ნიჭიერი მეწარმე. მისი მთავარი მიღწევა იყო არასტანდარტული მარკეტინგული სვლა, რომელიც შემდგომ კლასიკურ ნიმუშად იქცა. თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდული პროდუქციით მომხმარებელი შეაჩვია თავის ნაწარმს და აიძულა ეყიდათ უფრო და უფრო მეტი საცვლელი პირები.

wtf-fail-0

1906 წელს, კინგმა სადისტრიბუციო ქსელი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გააფართოვა და თავისი პატენტი კიდევ 20 წლით გააგრძელა, რამაც მის კომპანიას საშუალება მისცა დიდი ხნის განმავლობაში შეენარჩუნებინა მონოპოლია. კონკურენტებს, რომლებიც ცდილობდნენ მისი პატენტისთვის გვერდი აევლოთ, ჯილეტი სასამართლო პროცესებზე დევნიდა, ხოლო ყველაზე მსხვილ და დაჟინებულ კომპანიებს უბრალოდ ყიდულობდა.

უსაფრთხო საპარსი მექანიზმის ბიზნესს ხელი პირველმა მსოფლიო ომმაც შეუწყო. სამხედროები ყოველთვის მოწესრიგებულები უნდა ყოფილიყვნენ, რისთვისაც დრო და პირობები არ ჰქონდათ, ამიტომ ჯილეტის საპარსი სწორედ რომ იდეალური გამოსავალი იყო მათთვის. დაიბადა სლოგანი: „ეს უნდა ჰქონდეს ყოველ სამხედროს“. აშშ-ს არმიამ 3,5 მილიონი საპარსი შეისყიდა. ფრონტიდან დაბრუნებულმა სამხედროებმა, სახლებშიც გააგრძელეს ერთჯერადი უსაფრთხო სამართებლის ხმარება. შედეგად, სხვადასხვა ქვეყნებში სოკოებივით ვრცელდებოდა კომპანიის ფილიალები. შემოსავლები იზრდებოდა, მაგრამ დადგა დრო, როდესაც 20 წლიან პატენტს ვადა გაუვიდა. ჯილეტს შეატყობინეს, რომ რამდენიმე კომპანია მზად იყო გამოეშვა მისი გამოგონება ძალიან დაბალი ფასებით.

კინგმა ამჯერადაც დაასწრო ყველას და თავისი სამართებლის ფასი 1$-ით ნაკლებად გამოუშვა, ვიდრე მათ კონკურენტებს შეეძლოთ. ახალმა სარეკლამო კონცეპციამაც კარგად იმუშავა: – საპარსი, როგორც მამაკაცურობის აპოთეოზი. პოსტერზე – „შენ უკვე გაიზარდე, შვილო!“ გამოსახული იყო მამა, რომელიც საზეიმოდ ჩუქნის შვილს უსაფრთხო საპარსს. ხოლო, ჯილეტის ყველაზე ცნობილი სლოგანი – „Gillette  – the best a man“ (ჯილეტი – საუკეთესო მამაკაცისთვის) უფრო მოგვიანებით გამოჩნდა.

katharine-mcphee-gillette-03

კინგი არ ხარჯავდა ფულს გემებზე, ჯიშიან ცხენებზე, შამპანიურის აბაზანებსა და ახალგაზრდა საყვარლებზე. მას მოგზაურობა უყვარდა და მოსწონდა, როდესაც ყველგან სცნობდნენ, თავისი გამოგონების შეფუთვაზე გამოსახული დამფუძნებლის პორტრეტის გამო. კინგი მთელი ცხოვრება ცოლის ერთგული დარჩა. ხოლო მისი ვაჟი – კინგ უმცროსი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრად დანიშნა. თვითონ კალიფორნიაში გაემგზავრა საცხოვრებლად, სადაც ფერმა და ფორთოხლის პლანტაციები გააკეთა.  ექიმებისგან იცოდა ფორთოხლის სამკურნალო თვისებების შესახებ და ამერიკელი ბავშვების ფორთოხლით უზრუნველყოფას აპირებდა.

ეს რომანტიკული ოცნება 1929 წლის დიდმა კრიზისმა ჩაშალა. მისმა კომპანიამ გაუძლო, მაგრამ აქციის მფლობელებმა და კომპანიონებმა დამფუძნებელი თავიდან მოიშორეს. კინგმა ვეღარ გადაიტანა ახალი ბრძოლა გაჭირვებასთან და 1932 წლის ივლისს თავის ფორთოხლის სამოთხეში გარდაიცვალა. მისი შექმნილი კორპორაცია მალევე გაფურჩქნის ხანას დაუბრუნდა და მუდმივად აფართოვებდა საქმიანობის სფეროებს. Gillette-მა შეიძინა ისეთი დიდი კომპანიები, როგორიცაა braun, oral-B, Waterman და Parker, Duracell.

313_angled

1980-იან წლებში, ჯილეტი ათასზე მეტი სახეობის პროდუქციას აწარმოებდა. იცვლებოდა და იხვეწებოდა ცნობილი საპარსიც. 2005 წელს, მან გიგანტი კომპანია Procter & Gamble შეისყიდა. დამფუძნებლის გამოსახულება შეფუთვაზე შენარჩუნებული იქნა, როგორც იმ ეპოქის მოგონება, როდესაც ბიზნესი განუყოფელი იყო რომანტიკისაგან.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 1926 წელს, კომპანია Gillette 25 წლის აღსანიშნავად კინგმა განაცხადა: „მე არ ვიცი, სხვა მსგავსი პროდუქტი, ყოველდღიური ინდივიდუალური მოხმარებისა, როგორიც ჩვენი უსაფრთხო სამართებელია. ჩემი მოგზაურობის დროს ის მე ყველგან მხვდებოდა. ჩრდილოეთ ნორვეგიის  მეთევზეების დასახლებიდან დაწყებული – საჰარას უდაბნომდე დამთავრებული.“ ჯილეტის სამართებლებმა გამოსაცვლელი პირებით მომხმარებელი საგნების დიდი ხნით მოხმარებას გადააჩვია და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში – ერთჯერადი ჭურჭელი, ერთჯერადი წიგნები და მთლიანად – „ერთჯერადების“ მთელი ფილოსოფია შემოიტანა.

5

კინგი თავის ყველაზე თამამ ოცნებებშიაც კი ვერ წარმოიდგენდა, თუ რამდენად ფართო გამოყენება ექნებოდა მის გამოგონებას. ის მთელი ცხოვრება უტოპიური პროექტების განხორციელების ფიქრში იყო, მიუხედავად ამისა, მან მართლა შეძლო გარკვეულწილად შეეცვალა მსოფლიო, თუმცა არა იმ მიმართულებით, როგორც თავად აპირებდა.

Gillette_Logo_blue_highres

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s