დოპენგანგერი

???????????????????????????????????????????????????

მე არ ვიცოდი რა იყო  ნამდვილი კოშმარი, სანამ  “ძილის დამბლა”  არ გამოვცადე. საკუთარ საწოლში, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში  პარალიზებული ვიწექი და ჰაერში მოლივლივე უცნაურ მასას შეშინებული ვაკვირდებოდი. არათუ განძრევა, არამედ თვალის დახამხამებაც კი არ შემეძლო… მთელი არსებით ვგრძნობდი, რომ ის ცოცხალი ორგანიზმი იყო და ზემოდან მაკვირდებოდა, მსწავლობდა… სუნთქვა მიჭირდა. თითქოს ჰაერიც კარაქივით შედედდა, ან ის მასა გავრცელდა და ოთახის მთელი  სივრცე დაიკავა – არ ვიცი.

უცნაური, ჯადოსნური მოწითალო ფერი ერეოდა სიბნელეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს საძინებელში ყველაფერი თავის ადგილზე იყო, მაინც მქონდა შეგრძნება, რომ თითქოს სხვა განზომილებაში ვიყავი. თითქოს ვიღაცამ ჩემი ოთახის ყოველი დეტალის ზუსტი ასლი გააკეთა, რომ ვერაფერს მივმხვდარიყავი…

ჩემი სხეულის ყოველი უჯრედი ცდილობდა, რაღაც იმპულსი გამოეცა, რომ განძრევა შემძლებოდა. მინდოდა დამეყვირა, წამომჯდარიყავი, ხელი მაინც გამენძრია, მაგრამ დამბლა დაცემულივით ვიწექი და შიშით ველოდი მოვლენების განვითარებას.

არა, – ამას შიშსაც ვერ დავარქმევ! ეს შიშზე გაცილებით საშიში რამაა! როდესაც გრძნობ, რომ რაღაც ზებუნებრივი ძალა გაკონტროლებს, მთლიანად მის ხელში ხარ, აბსოლუტურად უძლური და წარმოდგენა არ გაქვს რა მოგელის, რადგან არ იცი, რასთან გაქვს საქმე. უბრალოდ გრძნობ,  რომ ამ რაღაცას შენთვის კარგი ნამდვილად არ უნდა.

თითქოს დრო გაჩერდა. ბლანტმა მასამ, თავისი გამჭვირვალე სხეულიდან წვრილი საცეცები გამოყო. ეს საცეცები ქალის დაგრძელებულ და გაწელილ თითებს მივამსგავსე, რომელიც ჯერ მკერდზე შემეხო, შემდეგ კი ნელ-ნელა ყელისაკენ დაიძრა.  შიშისგან მუცელში უხილავი ჭიანჭველები ამიფუთფუთდნენ და კანზე ბეწვი წამომეშალა.  იმ რაღაცის შიგნით, მკვეთრად დეფორმირებული ადამიანის სახეს მოვკარი თვალი, რომელიც თითქოს დნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ გამჭვირვალე მასის შიგნით ძალიან დამახინჯებულად მოჩანდა, მისი უსიცოცხლო მზერა მაინც ნაცნობი მეჩვენა.

მკერდზე სიმძიმე ვიგრძენი. თითქოს უხილავი ლოდი დამადეს და სუნთქვა კიდევ უფრო გამიჭირდა. ვგრძნობდი, როგორ მასობდა წვრილ ნემსებს სხეულის ყოველ წერტილში. ბოლოს, საცეცები ყელზე შემომხვია და ჩემი დახრჩობა სცადა, მაგრამ ძალა არ ეყო.

მე ვიცოდი, რომ არ მეძინა, რადგან ფიქრი და აზროვნება შემეძლო. ვცდილობდი კონცენტრაცია ჩემი ოთახის კონკრეტულ საგნებზე მომეხდინა,  რომ გამოვფხიზლებულიყავი. უცებ გავაცნობიერე, რომ ჩემი თუთიყუშების გალია არ იდგა კომოდზე.

დავრწმუნდი, რომ ეს ოთახი მხოლოდ ილუზია, ჩემი ნამდვილი ოთახის ასლი, ფანტომი იყო… ხოლო, ამ რაღაც არსებას არ აწყობდა, რომ გამღვიძებოდა…

სამარისებული სიჩუმე იდგა. არც საათის და არც თუთიყუშების ხმა არ მესმოდა. ვეცადე წარმომედგინა, როგორ წიკწიკებდა ჩემი საძინებლის საათი და ცოტა ხანში შორიდან მართლა ჩამესმა მისი ხმა.  როგორც იქნა თვალების დახუჭვა შევძელი. უკვე თუთიყუშების ხმებიც მესმოდა და გამეღვიძა.

დილა იყო. რეაქციები შენელებული მქონდა.  საწოლში გაჭირვებით წამოვჯექი. ბოლომდე გამოფხიზლებული არ ვიყავი და იმ კოშმარისგან მიღებული საშინელი შეგრძნებისგანაც ასე უცებ ვერ განვთავისუფლდი. სკამზე გადაკიდებულ  ხალათს გადავწვდი და მოვიცვი. საწოლიდან ავდექი და ხალიჩაზე ფეხშიშველამ გავიარე. ხალიჩის ხაოიანი ზედაპირი ვერ შევიგრძენი. სინათლეც საეჭვოდ თეთრი იყო. რაღაც ისე არ ხდებოდა,  როგორც უნდა ყოფილიყო… ნუთუ ესეც ილუზიაა? იქნებ მეგონა, რომ გავიღვიძე და სინამდვილეში, ძილის სხვა ფაზაში გადავედი?

კომპიუტერის მაგიდაზე დადგმულ ჭიქას გადავწვდი და გუშინდელი დარჩენილი ყავის ბოლო რამდენიმე ყლუპი მოვსვი. გემო ვერ ვიგრძენი. ისევ დავხუჭე თვალები და უცებ წონასწორობა დავკარგე… თითქოს ჰაერში დამატრიალეს და ფეხშიშველა ფეხებით რაღაც სველ და წებოვან ზედაპირზე დამაყენეს.

სუნთქვა აღარ მიჭირდა. თვალები გავახილე. ჩემს წინ ჭაობი იყო. მომწვანო-მონაცრისფრო ჭაობი. წყლის ზედაპირზე მოდებული ხავსი ძალიან ჰგავდა მყარ ზედაპირს.   ჭაობის წყალი არ იძვროდა. უბრალოდ,  დროდადრო ამობუყბუყდებოდა ხოლმე. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ფსკერიდან   ვიღაცეები მიყურებდნენ. ცაც ჭაობის ფერი იყო  და ძნელად თუ შეამჩნევდით ცისა და მიწის გადაკვეთის ხაზს. ყველაფერი მოჩვენებითს, გამოგონილს ჰგავდა. თითქოს დროც  თვლემდა…  როგორც ეს ჭაობი, როგორც ეს ცა… როგორც ყველაფერი…

უკან შევბრუნდი და პატარა გორაკი დავინახე. ვიცოდი, რომ იქით უნდა წავსულიყავი, სხვაგან წასასვლელი მაინც არსად იყო. ნაბიჯი გადავდი და ისევ რაღაც წებოვან მასაში ჩავეფალი.  მიწას დავხედე და შიშისაგან თმა ყალყზე დამადგა. მიწა გაჟღენთილი იყო მკვდარი და ნახევრად გახრწნილი ცხოველებით… ისინი ყველგან იყვნენ. ალბათ საკუთარ ჯოჯოხეთში მოვხვდი, სადაც ჩემს ფობიასთან მომიწევდა თანაცხოვრება.

თვალები ისევ დავხუჭე და მიმართულება გორაკისკენ ავიღე.  წინ შეძლებისდაგვარად სწრაფად წავედი, რომ რაც შეიძლებოდა მალე გადამელახა ეს კოშმარი. რაც უფრო მეტად ვუახლოვდებოდი გორაკს, მით უფრო ცოტა ხორცი ჰქონდა შერჩენილი მიწიდან ამოჩრილ ძვლებს. გორაკის სიახლოვეს კი მხოლოდ ცარიელი თეთრი ძვლებიღა დარჩა, რომლებიც ფეხებში მესობოდა. ვცდილობდი მათ შორის დამედგა ფეხი, მაგრამ ადგილი ფაქტობრივად აღარ იყო.

უცებ ადამიანის თავის ქალას დავაბიჯე. ქვედა ყბა გამოძრავდა და დაკრეჭილი კბილები შემზარავად გაღრჭიალდა. თითქოს ეს თავის ქალაც მე მიყურებდა იმ ორი გამოცარიელებული ღრმულით, სადაც ადრე თვალები  ჰქონდა…

როგორც იქნა, გორაკამდე მივაღწიე. ფეხები  მწვანე ბალახზე შევიწმინდე და სწრაფად ავირბინე მაღლა. ერთადერთი სურვილი, რომელიც მამოძრავებდა – ამ საშინელი ადგილიდან  თავის დაღწევა იყო.  გორაკზე ვიღაც იდგა და ჭაობს გაჰყურებდა. მეც მის გვერდით დავდექი.

– „მოხვედი?“ – მკითხა ჩახრინწული ხმით.  სახეს მარიდებდა, მაგრამ მაინც შევნიშნე მისი არაბუნებრივი კანის ფერი. მეც ჭაობს გადავხედე და ათასობით ადამიანის თვალი დავინახე, რომლებიც ფსკერიდან  მოჩანდა. თვალები მე მიყურებდნენ. კიდევ ერთხელ დამიარა მთელს სხეულში ჟრუანტელმა. ჩემმა ტვინმა კი მეხსიერების ბნელი კუნჭულიდან  ფრაზა ამოაგდო: – „დამხრჩვალი ადამიანები სამუდამოდ ფსკერზე რჩებიან და არასოდეს ამოტივტივდებიან ზემოთ!“

გვერდით მდგომი ჩემკენ შემობრუნდა და მოულოდნელად პირი გააღო. ძალიან, ძალიან ფართოდ გააღო პირი, შემზარავი ხმა ამოუშვა და ხელი მკრა. გორაკიდან – ჭაობის წყალში ჩავვარდი და ჟელეს მაგვარ ნივთიერებაში ჩავიძირე. მოწითალო ელექტრონული ჭიაყელები ჩემს გარშემო ქაოსურად მოძრაობდნენ. მივხვდი, რომ რაღაცნაირად, იმ მოლივლივე მასის შიგნით აღმოვჩნდი, რომელიც ცოტა ხნის წინ საწოლის ზემოდან დამყურებდა.

sleep_paralysis_by_nile_can_too-d4k0xav

 უცებ საკუთარი თავი დავინახე. ზემოდან ვუყურებდი,  როგორ მეძინა საწოლში გულაღმა.  კარგა ხანს ვაკვირდებოდი ჩემს შეწუხებულ სახეს, რომელიც ალბათ იმ კოშმარისგან იყო გამოწვეული, რომელიც ამ წუთებში მესიზმრებოდა. ვუყურებდი, როგორ იცვლებოდა ჩემს სახეზე  დროდადრო მიმიკები…

ამ ნივთიერებაში გახვეულს მოძრაობა ძალიან მიჭირდა. მინდოდა ხელები მაინც გამეყო გარეთ და საკუთარი თავი გამეღვიძებინა. თითები საცეცებივით დამიგრძელდა და ჩემს ფიზიკურ სხეულს შევეხე… მგონი მანაც შემამჩნია, რადგან თვალები გაახილა…

მე ახლა მისი ასტრალური ორეული ვიყავი,  დოპენგანგერი.

საკუთარ თავს ყელში ხელები წავუჭირე და ვახრჩობდი. ენერგია თითქმის მთლიანად გამომაცალა იმ სხეულმა, რომლის შიგნითაც ვიყავი მოქცეული. მივხვდი, რომ ის მძინარე ადამიანების ენერგიით საზრდოობდა. უბრალოდ ისრუტავდა მათ…

– „გაიღვიძე! გაიღვიძე!“ – დავძახოდი საკუთარ სხეულს, მაგრამ ყოველი პირის გაღებისას, იმ საძაგელ ჟელესმაგვარ ნივთიერებას ვყლაპავდი.

– „გაიღვიძეეე!“ – საკუთარი ხმა ექოსავით ჩამესმა და თვალები გავახილე.  ჟანგბადი ხარბად ჩავისუნთქე, შუბლიდან ცივი ოფლი მოვიწმინდე, დაბუჟებული სხეული ავითრიე და შუქის ასანთებად წავლასლასდი.

Advertisements

10 thoughts on “დოპენგანგერი

  1. მე თავი იმ წიტელი ჯელეს მაგვარ არსებაში მეგონა, სუნთქვა შეკრული ვკითხუონბდი და მხოლოდ მაშინნ ამოვისუნთქე როცაკითხვა დავამთავრე .

  2. პირველ რიგში მინდა გითხრა, რომ ნამდვილად მაგარია! ჩემი ისტორიაც თითქმის შენსას გავს, ოღონდ ასტრალურ განზომილებაში არ ვყოფილვარ. ჩემი ოთახიც მიამსგავსა რაღაცამ ილუზიას, უბრალოდ შედარებით ღია ფერები იყო, ნაბიჯების ხმები მესმოდა, წრიალის, თითქოს მარტო არ ვიყავი, ჩემი ძმა სამსახურში წავიდა დილით და რატომღაც კართან დავინახე მისი სახე, ვიფიქრე ალბათ მიხვდა, რომ ცუდად ვარ და უნდა გამაღვიძოს-მეთქი, სამწუხაროდ კარის გვერძე ისე გაირა, არც კი შემოუხედავს.
    საბანს ვწევდი, მაგრამ მაინც არ იწეოდა, ხელებს ვერ ვამოძრავებდი, თითქოს სუნთქვაც მიჭირდა, ეს იყო კოშმარი (რომელიც თურმე მე4დ მქონია, რამდენჯერმე მქონდა აქამდე, მაგრამ ვერაფერს ვხედავდი და არაფერი მესმოდა, უბრალოდ პარალიზებული ვიყავი), ბრძოლით დაღლილმა ვიფიქრე სიკვდილი ჯობს-მეთქი, სულს ,,კარი გავუღე”, პირი გავაღე და საკუთარი სურვილით მივეცი საკუთარ თავს სიკვდილის უფლება, სულმა არ დამტოვა და როგორც იქნა დავიყვირე და ყვირილით გავიღვიძე…
    გუშინაც მქონდა იგივე სიტუაცია, ორმაგი ძილის დამბლა იყო, ანუ მეძინა და პარალიზებული ვიყავი, ამ ძილის სიზმარშიც პარალიზებული ვიყავი ასევე, ჩემი თითოეული კუნთი იბრძოდა, რომ გამეღვიძა, კუნთების დაჭიმვასაც ვგრძნობდი, საბდნიეროდ მეორე ძილის დამბლიდან როგორღაც გამოვედი, წამოვდექი საწოლიდან და მისაღებში გავედი ლასლასით, რატომღაც ოქროსფერი პენუარი მეცვა გულებიანი პიჟამას მაგივრად, პენუარი გავიხადე (არ ვიცი რატომ) და უცებ კარზე ვიღაც არის…! ვიფიქრე წავალ პიჟამას ჩავიცვამ და გავაღებ-მეთქი, მაგრამ გაფიქრებისთანავე მეცვა, რა თქმა უნდა, ისევ ძილის დამბლა! დილით სამსახურში გასტუმრებული დედა უკან მოვიდა, იმ მიზეზით, რომ ყავა დაელია მეზობლებთან ერთად.. უკაცრავად??? სამზარეულოც შეცვლილი იყო და მაშინ 100%ით დავრწმუნდი, რომ გაჭედილი ვარ და რამე უნდა ვიღონო, ველაპარაკებოდი დედას და უცებ რაღაც ვუთხარი, რეალურადაც ვთქვი ის ,,რაღაც” და ჩემმა ხმამ გამაღვიძა… მოკლედ, ვინც არ იცით, მინდა გითხრათ, რომ ეს არის საშინელება, დაიძინეთ და გაიღვიძეთ დროულად, სწორად მიუდექით თქვენს ჯანმრთელობას, რადგან თუ ძალიან გადაიღლებით, დიდი შანსია, რომ თქვენც გამოსცადოთ ეს საშინელება…

    პ.ს. აბიტურიენტი ვარ და ხანდახან გვიან ვიძინებ, და დილის ძილიც მიყვარს, ზუსტად ეს დილის ძილი აღმოჩნდა ჩემთვის კოშმარი!
    მე11 კლასშიც მომსვლია ასეთი ამბები, მაგრამ წელს ძალიან მაწვალებს, სამწუხაროდ ადრე ვეღარ ვიძინებ… მოკლედ თუ ვინმე წაიკითხავს ამას, მინდა გთხოვოთ, რომ მიხედოთ თქვენს ჯანმრთელობას! ეს კოშმარია! საშინელი კოშმარი! რომლიდანაც გამოსვლა ურთულესია!!!

    • ნამდვილად საშინელი განცდაა. ძილის ფაზების დარღვევა იწვევს… მეც რამდენჯერმე დამმართნია. ძნელია, მაგრამ შეეცადე ძილის რეჟიმი როგორღაც მოაწესრიგო 🙂

      • ახლაც არგუმენტირებული ესე უნდა დავწერო 🙂 არ ვიცი რომელ საათამდე მომიწევს ,,ყურყუტი” 😦 იმედია ოდესმე მეშველება…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s