განქორწინებულის დღიურები

1. welcome back

Image

ჩვენი ცხოვრება გზას ჰგავს. როდესაც ვიბადებით, მთავარი გზა უკვე გაყვანილი გვხვდება და პირველ ნაბიჯებს სწორედ ამ გზაზე ვადგამთ, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, მხოლოდ ერთი გზით სიარული საშინლად მოსაბეზრებელი იქნებოდა! 

სწორედ ამიტომ ჩვენ თავად გაგვყავს პატარ-პატარა, დამატებითი გზები და ბილიკები, რომლებიც ხან სწორად მიდიან, ხან აღმართზე მიიკლაკნებიან, ხანაც სწრაფად ეშვებიან ქვემოთ. ხანდახან ჩიხში შევყავართ და უკანსვლით გვიწევს დაბრუნება. ხან კი ისეთ საინტერესო ადგილას აღმოვჩნდებით, რომ უკან მოხედვის სურვილი გვიქრება, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჩვენს მთავარ გზაზე  ვბრუნდებით…

ჩვენ გაგვყავს გზები…ბევრი… ძალიან ბევრი გზა გაგვყავს. ხშირად ვნანობთ, რატომ გადავდგით ესა თუ ის ნაბიჯი… სიარულით ვიღლებით და გვინდა, რომ გზა დამთავრდეს, მაგრამ ამ დროს ჩვენი გზები სხვის მიერ გაყვანილ გზებს კვეთენ და ჩვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანები შემოდიან! – ეს კი ყველაზე საინტერესოა!

ადამიანები სხვადასხვანაირები არიან! თეორიულად შეიძლება მათი რამდენიმე ჯგუფად დაყოფა, მაგრამ ყოველი მათგანი მაინც ცალკე ინდივიდია! ჩვენ მათზე მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა გვექმნება. პირველ რიგში, ერთმანეთს სახეზე ვაკვირდებით. სახე ადამიანის უნიკალური კოდია, რომელიც არასოდეს მეორდება!

სახე პროექტორს ჰგავს, რომელიც ჩვენს შინაგან მდგომარეობას აჩვენებს და ასხივებს. შინაგანი განწყობა სხვებსაც შეიძლება გადაედოთ. შეიძლება კარგად ვინიღბებოდეთ ღიმილით, მაგრამ დაკვირვებული თვალი აუცილებლად შეამჩნევს სევდას, რომელსაც ვმალავთ… მე ხშირად ვიღიმი…

ჩემს ახალ გზაზე ზედმეტად სიმშვიდეა. არაფერი ხდება და ამ სიჩუმის “მოსმენით” დავიღალე, მაგრამ მაინც ვიღიმი, რადგან ვიცი, რომ ყველა გზა ადრე თუ გვიან სადღაც მიგვიყვანს და ვიცი, რომ ყველაფერი დროებითია… ერთი წლის წინ ლევანის გზამ სხვისი გადაკვეთა. ახალი, ფერადი და ხმაურიანი გზა.

ძალიან ძნელია, ასეთ გზას მშვიდად აუარო გვერდი. ის ამოუცნობი ძალით თავისკენ გიზიდავს და ხვდები, რომ შენი გზა მასთან შედარებით გაუფერულდა და გახუნდა…

ყველაზე ძნელი პირველი ნაბიჯის გადადგმაა. ადამიანები იმდენად ვეფლობით რუტინაში, რომ ხშირად ვალდებულებები და შეჩვევა – სიყვარულში გვერევა. ძალიან გვიჭირს ცხოვრების წესის შეცვლა, რადგან სიახლის შიში გვიპყრობს. შეიძლება ახალი ემოცია და გრძნობა უფრო ადვილად დავთმოთ, ვიდრე შეჩვეულს დავაღწიოთ
თავი. თვალს ბევრ რამეზე ვხუჭავთ. 

იმედგაცრუებებსაც ვეჩვევით, ხოლო რაც გვაკლია, იმ წარმოსახვითი სამყაროდან ვივსებთ, რომელიც ჩვენვე შევქმენით. იქ ჩვენი ალტერნატიული “მე” სავსე ცხოვრებით ცხოვრობს. მას აქვს ის, რასაც ჩვენ ვერ მივაღწიეთ. ეს სამყარო ჩვენი თავშესაფარია…

მე და ლევანმა ვცადეთ, რომ გაგვეყვანა ახალი გზა, რომელზეც ერთად ვივლიდით, მაგრამ ალბათ ის არ აღმოჩნდა საკმარისად საინტერესო… მე კვლავ ჟურნალში ვმუშაობ, რედაქტორის მოადგილედ. რედაქტორი ისევ ბერბიჭა გოჩაა, უცნაური ხასიათით… ლევანი მეათე თვეა, ამერიკაშია. საინტერესო შემოთავაზება მიიღო სამსახურიდან და დათანხმდა. 

ჩვენ განვქორწინდით. ბავშვების მოვლაში მშობლები მეხმარებიან. და მე ახალი ბინა მაქვს. შესაბამისად, ძველში აღარ ვცხოვრობ და არ ვიცი, როგორ არიან ჩემი სიპათიური და უსიმპათიო მეზობლები. თითქმის ერთი წელია მათ შესახებ არაფერი მსმენია. ჰო, კიდევ მაჩო გაინტერესებთ ალბათ. – მაჩო ესპანეთშია! ჯერ კიდევ მაშინ წავიდა, სანამ მე და ლევანი განვქორწინდებოდით.

ერთი წელია, არაფერი დამიწერია! – ახლა, მგონი, საინტერესო გზა ვიპოვე და მინდა, ჩემი ცხოვრების ამ პერიოდზეც მოგიყვეთ! გოჩამ თავის კაბინეტში მიხმო. ამ ერთი წლის განმავლობაში მოახერხა და თავის კაბინეტში “ჰიგიენის დისციპლინა” დაამყარა (თვითონ ასე ეძახის). 

– “სუკონკები!”

შემახსენა, სანამ კარის ზღურბლს გადავაბიჯებდი. მეც მოუხერხებლად შევდექი ქეჩებზე  და მისი მაგიდისაკენ გავსრიალდი.

– დაჯექი! იცი, ჩემს ძველ სამსახურში ქალებს მაგიდის უჯრაში “ტაპოჩკები” ან ჩუსტები ეწყოთ და სამსახურში მოსვლისთანავე ფეხზე გამოიცვლიდნენ ხოლმე!

– მართალია! ეგ მეც მახსოვს, ბატონო გოჩა! პატარა რომ ვიყავი, დედაჩემის სამსახურში ყველა ასე აკეთებდა და “ჩულქების” უსიამოვნო სუნი იდგა ხოლმე… 

– სხვა დრო იყო მაშინ, სხვა დრო… 

– ამის სათქმელად დამიძახეთ?

– არა, არა! ახალი ამბავი მაქვს! ერთი კვირის წინ “ყოფილი ცოლების კლუბი” გაიხსნა. განქორწინებულ, სასოწარკვეთილ ქალებს აერთიანებს, რომლებიც რეაბილიტაციას გადიან. კლუბის მფლობელს სურს, რომ შენ იქ მიხვიდე…

– კი, მაგრამ… მე რომ არ ვარ სასოწარკვეთილი?

ვუთხარი გოჩას და ფართოდ გავიღიმე.

– განა უნდა ჩაეწერო შიგა? უნდა მიხვიდე, დაესწრო სეანსებს, გაესაუბრო ქალებს და  მერე შენი შთაბეჭდილებებით სტატია დაწერო. ახლა ამ კლუბის საიტსაც აკეთებენ და კარგი იქნება, თუ საიტზე ასატვირთ ინფორმაციასაც დაწერ. კლუბის მეპატრონეს უნდა, რომ მაინცდამაინც შენ დაწერო.

– და ვინ არის კლუბის მეპატრონე?

– ჩემი ნაცნობია, მაგრამ აუდიტორიისთვის ჯერჯერობით უცნობია! გარკვეულ ეტაპზე არ უნდა, რომ გამოჩნდეს. ასე თქვა, ეს კლუბი საქველმოქმედო მიზნებით გავხსენი და არ არის საჭირო პირადი რეკლამაო.

– მერე ეგ რეკლამა არ არის, ბატონო გოჩა? ჯერ ხალხის ინტერესს გამოიწვევს და ოდესღაც გამოჩნდება! პიარია რა…

გოჩამ ეშმაკურად მოჭუტა თვალები (ნეტა დაგანახათ, რა სასაცილოა, როდესაც ასეთ გრიმასას მიიღებს ხოლმე).

– არ გითხრათ, რატომ უნდა, რომ მაინცდამაინც მე დავწერო სტატია? ისეთი რა არის, რასაც ჩვენი რომელიმე ჟურნალისტი ვერ გააკეთებდა?

– შენი ნოველა წაიკითხა, აი, ის, გათხოვილი ქალის ცხოვრებაზე რომ დაწერე და მოეწონა! ასე თქვა, ყველაზე კარგად თეა გადმოსცემს ჩემს სათქმელსო.

– აჰა! გასაგებია… (თქვენთვის ჯერ არ მითქვამს, რომ ნოველა დავწერე გათხოვილი ქალის ცხოვრებაზე). 

– ჰო, კიდევ რა! აქცენტი გააკეთე იმაზე, რომ ასეთი კლუბი აქამდე არ ყოფილა საქართველოში და ამ მხრივ, ეს ნოვატორია!

– როდის უნდა მივიდე?

– ხვალ, თერთმეტ საათზე! მისამართს მაიკო გეტყვის. ნუ გეშინია, ბევრნი არ არიან ჯერ! შვიდი თუ რვა ქალია. რამდენიმე სეანსს დაესწარი, გაიცანი ის ქალები, ოღონდ “დრეს კოდი” დაიცავი. ძალიან არ გამოიპრანჭო. იმათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაითვალისწინე! არ დაითრგუნონ…

– ჩემი ჩაცმულობით?

– რადგან იმ კლუბში ჩაეწერნენ, ესე იგი, დეპრესიაში არიან. შენ კიდევ, ჩემზე კარგად უნდა იცოდე, რა აღიზიანებთ დეპრესიაში მყოფ ქალებს!

– გავითვალისწინებ!

ვუთხარი გოჩას და უკან გამოვსრიალდი. ერთხელაც იქნება, ეს ქეჩები შემიწირავს… 

არა, ნეტა მაიკოს როგორ შეაქვს ამითი ყავა? ალბათ, ეკითხება: – “ბატონო გოჩა, როგორ გესიამოვნებათ, ყავა ქეჩებით მოგართვათ თუ ჩვეულებრივად?”

ჩემს კაბინეტში ფხუკუნით შევედი. მაიკო იქ დამხვდა (ხომ გახსოვთ? – მაჩოს შეყვარებული იყო, სანამ ეს უკანასკნელი ესპანეთში გაქუსლავდა). რამდენჯერაც გოჩას კაბინეტიდან გამოვდივარ, იმდენჯერ ჩემთან შემოდის, რომ იცინოს.

– რა უნდოდა, გოგო?

– ვაიმე, რა ვიცი! ვიღაცამ განათხოვარი ქალების კლუბი დააარსა. სტატია და about-ი დაწერე საიტისთვისო. ხვალ სეანსს უნდა დავესწრო. თან გამაფრთხილა, ტანსაცმელი ფრთხილად შეარჩიე, რომ ის ქალები არ დათრგუნოო…

– ვერ არის რაა!

– მისამართს მაიკო გეტყვისო…

– მაგიდაზე დაგიდე წეღან. ეგ რაღაც ფურცელი უნდა შეავსო და ხვალ რომ მიხვალ იქ, მდივანს დაუტოვო. ფორმალურად ეგრეა საჭიროო. გეგონება პრეზიდენტის რეზიდენციაში გიბარებდნენ.

მაიკო კაბინეტიდან გავიდა. “ის რაღაც ფურცელი” ჩანთაში ჩავიდე. სახლში შევავსებ!

დღემ სწრაფად გაირბინა. ბავშვები დავაწვინე და მე ჩემს საყვარელ ფილმს – “ამელის” ვუყურე. ყელში ბურთი გამეჩხირა. უცებ საშინლად მომინდა სიკეთის კეთება და ვიღაცების დახმარება. გავაცნობიერე, რომ ძალიან დიდი ხანია, მსგავსი ემოციები აღარ განმიცდია. 

ძალიან შევიცვალე. რაღაცნაირად, გრძნობები და შეგრძნებები გამიქვავდა… რატომ ვარ ასე? ფრიგიდული ხომ არ გავხდი ნეტა? ავფორიაქდი.

მერე ჩემი მდგომარეობა გავიხსენე. რა საშინლად ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ ლევანს სხვა ქალი უყვარდა. მეგონა, ყველაფერი დამთავრდა და ჰაერში დავრჩი გამოკიდებული უსაყრდენოდ. 

ადამიანი ყველაფერს ეგუება! თურმე ღალატსაც… თავიდან ეს წარმოუდგენელი გეჩვენება. იმ აზრის დაშვებაც არ გინდა, რომ აპატიებ! როდესაც ფაქტის წინაშე დგები – შოკირებული ხარ. მერე სიბრაზე გიპყრობს. ამას შინაგანი გამოფიტვა მოჰყვება. გგონია, რომ გამოშიგნული და ცარიელი ხარ… შემდეგ საკუთარი თავის მიმართ სიბრალული 
და არასრულფასოვნების კომპლექსი გიპყრობს – ეს უკვე დეპრესიაა! 

ოდესღაც ამ დეპრესიასაც ამარცხებ და აცნობიერებ, რომ იმ საშინელებამ, რაც გამოიარე – გაგაძლიერა და შეგცვალა! გამოგაცოცხლა!

შემდეგ ცდილობ, საკუთარ თავს და სხვებსაც დაუმტკიცო შენი სიძლიერე და ახალი შემართებით წინ მიიწევ. როდესაც უკვე დასტაბილურდები, ნანობ, რატომ გაფლანგე ამდენი დრო ტირილსა და გოდებაში. ფიქრობ, მეორედ რომ გიღალატონ, ასე აღარ ინერვიულებ და პირდაპირ იმ ეტაპზე გადახტები, საიდანაც იწყება ჩვენი ცხოვრების კიდევ ერთი ახალი გზა.

ანკეტის შევსება დავიწყე. ყველაფერი ჩავწერე და იმ გრაფაზე შევჩერდი, სადაც სოციალური სტატუსი უნდა ჩამეწერა.

ოჯახური მდგომარეობა: – განქორწინებული მივაწერე და ღიმილით მოვიგერიე სევდა, რომელიც ამ ერთმა სიტყვამ მომგვარა.

2. ყოფილი ცოლების კლუბი

Image

როგორ ჩავიცვა? – თავისუფლად, სპორტულად თუ აკადემიურად? არ მინდა, ჩემი აკადემიური კოსტიუმით ხაზი გავუსვა იმას, რომ სამსახურიანი ქალი ვარ! 

– ეს სასოწარკვეთილ დიასახლისებს მხოლოდ გააღიზიანებს და კიდევ ერთხელ გაახსენებს იმას, თუ როგორ გაფლანგეს დრო სამზარეულოში ჯდომითა და ქმრების ლოდინით, რომლებმაც არ დააფასეს მათი თავგანწირვა და უღალატეს.

შავი და ნაცრისფერი არ მინდა! დეპრესიული ფერებია… წითელი და ოქროსფერი კიდევ ზედმეტად საზეიმოა! რა უნდა ვიზეიმო? – სხვების უბედურება?.. 

თეთრი უმანკოების ფერია… არა, იდეაში ფერი საერთოდ არაა, მაგრამ ნუ, მაინც… რომელი უმანკო და კდემამოსილიც მე ვარ… თან თავიანთი ქორწილი არ გაახსენდეთ (თუ ჰქონიათ) და უფრო ღრმა დეპრესიაში არ გადავარდნენ…

ჯანდაბა! რა დღეში ჩამაგდო ამ “ტიკებიანმა” ბერბიჭამ! მთელი გარდერობი საწოლზე გადმოვყარე და როგორც იქნა, არჩევანი უნივერსალურ სამოსზე შევაჩერე, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში გადაგარჩენს – ჯინსი (!!!)

ჯინსი და ყავისფერი სვიტერი – სადა და ნეიტრალური. 

დიქტოფონი ჩანთაში ჩავიგდე და კლუბში წავედი, რომელიც პრესტიჟულ უბანში, ახალაშენებული კორპუსის ქვემოთ გაუხსნიათ. ძალიან კარგად იყო გარემონტებული. შესასვლელში მდივანი გოგონა იჯდა, “ხელოვნურად დაყენებული” ღიმილით. მივესალმე და ფურცელი მაგიდაზე დავუდე. 

ეგრე გაღიმებულმა დახედა და ნაზი ხმით მითხრა: – ამ დერეფანს გაუყევით და მარცხნივ მესამე კარიაო.

ასეც მოვიქეცი. მესამე კარი შევაღე და საშუალო ზომის ოთახში აღმოვჩნდი. პირველი, რაც თვალში მომხვდა, ხელოვნური ბუხარი იყო, ცეცხლის იმიტაციითა და ტკაცა-ტკუცის ხმით. რბილ იატაკზე წრიულად “პუფი-სავარძლები” დაელაგებინათ… 

ოთახში პატარა სცენაც იყო მოწყობილი. ბუხრის გვერდით, დაბალ ხის მაგიდაზე ხილით სავსე ლანგარი და სხვა სასუსნავები ეწყო. მოშორებით ყავისა და ჩაის აპარატი იდგა. მოკლედ, კლუბის დამფუძნებელ მისტერ ან მისის იდუმალებას ყველაფერი კარგად ჰქონდა მოფიქრებული (ან პროფესიონალებს მიანდო ეს საქმე).

სავარძლებში გოგოები ისხდნენ. გონებაში სწრაფად გადავთვალე – შვიდნი იყვნენ, შვიდი ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებული (ფიზიკურად) ქალი. 

– თქვენ თეა ხართ, ჟურნალიდან? გიცანით! – მობრძანდით, ფსიქოლოგიც მალე მოვა!

გოგონა, რომელიც შესვლისთანავე სავარძლიდან ადგა და ჩემ შესახვედრად გამოემართა, მაქსიმუმ 27 წლის თუ იქნებოდა. ჩემსავით გამხდარი იყო და ძალიან საყვარელი სახე ჰქონდა.

მეც გავიღიმე და ყველას ერთად მივესალმე.

– მე თქვენი ნოველა წავიკითხე, გათხოვილ ქალზე. – ძალიან მომეწონა! ისე, კარგი იქნებოდა, თქვენც რომ ყოფილიყავით ამ კლუბში, როგორც ინსტრუქტორი.

– დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის, მაგრამ ინსტრუქტორობაზე რა მოგახსენო…
გამეცინა. 

– მე სალომე მქვია!

მითხრა მან და ხელი ჩამომართვა. რაღაცნაირად გული დამეწვა. რა უნდა ასეთ პატარა გოგოს ამ “დეპრესირებულ” ქალებთან?

– მე თეა მქვია და უფრო კომფორტულად ვიგრძნობ თავს, თუ პირდაპირ საუბრის “შენობით” ფორმაზე გადავალთ. 

ცარიელ პუფში ჩავჯექი და ჩემი ბლოკნოტი გადავშალე.

– ბარემ თქვენს სახელებსაც ჩავიწერ, თორემ ჩემი ამბავი რომ ვიცი, სანამ სახლში მივალ, დამავიწყდება! 

– თამუნა!

დაბალი, კაცივით ბოხი ხმით დაიძახა ერთ-ერთმა, რომელსაც კისრიდან “კლოში” უცნაური პონჩო ეცვა და ორმაგად მსუქანს აჩენდა (ერთმაგადაც ძალიან მსხვილი იყო). თითებზე მასიური ბეჭდები ეკეთა, სხეულის სიმძიმისაგან პუფი ბოლომდე დაეფუშა და საჯდომი თითქმის ხალიჩაზე ედო. 

კლუბის წევრების სახელებს რომ ვიწერდი, ოთახში ფსიქოლოგი შემოვიდა. იქნებოდა ასე – 45-50 წლის. მკაცრი გამომეტყველებითა და მოკლე, ღია იასამნისფრად შეღებილი თმით ძალიან ჰგავდა ჩემი ბავშვობის კოშმარს – ჩემს მეზობელ თამარას, რომელიც პირველ სართულზე ცხოვრობდა და მისი სიკვდილივით მეშინოდა. 

დარწმუნებული ვიყავი, რომ “ჯადობაზი” იყო (რატომღაც ასე ეძახდნენ უფროსები). მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა “ჯადობაზის” მნიშვნელობა მაშინ არ ვიცოდი, მის კართან მარტოს გავლა ჩემთვის ნამდვილი გამოცდა იყო. თითქმის არასოდეს კეტავდა კარს და თითქმის ყოველდღე დადიოდნენ მასთან ქალები სამკითხაოდ.

ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა (მაინც რა არის ეს ბავშვობის შიშები). ჩართული დიქტოფონი იმ პატარა მაგიდაზე დავდე და სავარძელში მოხერხებულად მოვთავსდი.

ფსიქოლოგი ხმადაბლა მომესალმა და თავისი ადგილი დაიკავა.

– აბა, გოგოებო! ჩემო ლამაზებო და კარგებო… როგორ ვართ?

თავი უცებ საბავშვო ბაღში ვიგრძენი. ახლა ყველამ ერთხმად თუ დაიძახა – “კარგაადო”, შთაბეჭდილება ნამდვილად წამიხდება.

იასამნისფერთავა პასუხს არც დაელოდა, პირდაპირ გააგრძელა ლაპარაკი.

– რადგან დღეს ჟურნალისტი გვესწრება, მოდით, თავიდან გავიაროთ ის მომენტი, როდესაც ყველამ თქვენ-თქვენი ისტორია მოყევით… ბაბი, შენგან დავიწყოთ!

მიმართა ყველაზე დათრგუნულგამომეტყველებიან გოგოს.

– მე ბაბი მქვია, 28 წლის ვარ… 

– თქვი, ნუ გერიდება! შენს ისტორიას კი არ დაწერს, უბრალოდ, წარმოდგენა რომ შეექმნას, როგორ ვმუშაობთ… თამამად! მკერდზე მოყევი!

“ჩემი ჩაცმულობა კი არა, მგონი, ეს ქალი თრგუნავს ამ გოგოებს თავისი კატეგორიული ტონით…”

– მე კომპლექსები მაწუხებდა. ძალიან დიდხანს ვაწოვე ძუძუ ბავშვს და მკერდი საერთოდ გამიქრა. ვატყობდი, რომ ქმარს აღარ მოვწონდი, როგორც ქალი. ჩემს მკერდზე ხშირად ხუმრობდა – “ზილიონკა” წაისვი და მოგირჩებაო… იუმორის გრძნობა მეც მაქვს, მაგრამ არ მესმის, რა საჭიროა ასეთი ბოროტი ხუმრობა… ერთხელ “ფეისბუქი” დარჩა ჩართული და წავიკითხე, ვიღაც ქალს რასაც სწერდა… საშინელება იყო! სურათები რომ ვნახე, ყველა სურათში “მოღრიალებული დეკოლტე” ეცვა და დიდი მკერდი უჩანდა… 

– ყოჩაღ! ხედავ, აღარ გეშინია მტკივნეულ თემაზე საუბრის. ეს პროგრესია, ბაბი!
“დავიჯერო, ეს მეთოდი მართლა ამართლებს? ადამიანს ძალით აყოლინებ იმას, რისი გახსენებაც ტკივილს აყენებს”… – გავიფიქრე ჩემთვის და ბლოკნოტში ჩავინიშნე ჩემი შენიშვნა.

– მოკლედ რაა, ეს “ფეისბუქი” ოჯახებს ანგრევს!

თქვა პონჩოიანმა და ჩაიხითხითა.

– ყველაზე მეტად ის მეწყინა, რომ იმის ნაცვლად, თავი გაემართლებინა, აქეთ მე დამადანაშაულა, შენი თავისთვის რომ მიგეხედა თავის დროზე, ეს არ მოხდებოდაო!

– ეგ კარგი თავის გასამართლებელი საბუთი აქვთ! გადაყვები და ყველაფერში აქეთ გადანაშაულებენ!
ისევ პონჩოიანი ჩაერთო. როგორც ჩანს, ეს ყველაზე აქტიური წევრია აქ.

– მე არ იყო ეგ პრობლემა. მე შვილი არ გაჩნდა, ი პატამუ რაზაშლის.
თქვა რუს-ქართველა, სასიამოვნო გარეგნობის ქალმა, რომლის სახელიც წეღან ჩავიწერე – ზოი ჰქვია.

– სალომე! მე ყველაზე პატარა ვარ, – 25-ის. ერთი შვილი მყავს. არ ვიცი, მღალატობდა თუ არა ჩემი ქმარი! გვიან მოდიოდა სახლში მთვრალი… საშინელი სიმთვრალე აქვს! სამჯერ წამოვედი დედაჩემთან. ბავშვის ხათრით ვბრუნდებოდი, მაგრამ სმას მაინც ვერ დაანება თავი… ბავშვს შიშები დაეწყო მერე… შვილსაც არ ერიდებოდა, ყველაფერს ლეწავდა. მთელი ავეჯი დაამტვრია. დასაჯდომი სკამი არ დატოვა. ავდექი და წამოვედი! ოფიციალურადაც გავშორდი. ძლივს ჩემი შვილი ცოტა გამოცოცხლდა… ბავშვს აუტიზმი დამართა ლამის! 

– შენს ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი! ბავშვის გამუდმებით სტრესში ყოლას იმის გამო, რომ ფორმალურად ჰყავდეს მამა, ჯობია სულ არ ჰყავდეს… როგორც წესი, განქორწინების მერე უმეტესობა ცუდი მამებისა, კარგი მამა ხდება და შაბათ-კვირას ერთად გატარებული დრო იმაზე მეტ დადებით შედეგს იძლევა, ვიდრე ერთ ჭერქვეშ გატარებული ფუჭი კვირები. თანაც, უკვე დამტკიცებული ფაქტია, რომ ბავშვის ფსიქიკას მშობლების სკანდალების ყურება ათასჯერ მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე ცალკე ცხოვრება დედასთან. 

პირადად მე, არც ის მომწონს, როდესაც შვილის გამო მშობლები მსხვერპლს იღებენ და ოჯახს ფორმალურად ინარჩუნებენ. ბავშვები იზრდებიან და მშობლების თავგანწირვა აღარ აინტერესებთ! მათ უკვე თავიანთი ცხოვრება აქვთ და ამ დროს რა გამოდის? ჩვენ ვხვდებით, რომ სულ ტყუილად გაგვიღია მსხვერპლი, თურმე ეს არავის სჭირდებოდა! ამ დროს სინანული გვიპყრობს, რადგან დროს უკან ვერ დააბრუნებ და სიცოცხლის ბოლომდე დაგრჩება განცდა, რომ ყველაფერი გამოტოვე… 

წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა, როდესაც სიბერეში განსაკუთრებული მოგონებებიც არ გექნება… როდესაც იფიქრებ, რომ ღირებული არაფერი გაგიკეთებია და ცხოვრებამ გვერდით ჩაგიარა! 

მეც არ ვიცი, რატომ ჩავერთე უცებ და ჩემი აზრები რატომ გადმოვაფრქვიე. ოთახში ოხვრის ხმები გაისმა. როგორც ჩანს, ეს აქტუალური და ბევრისთვის მტკივნეული თემაა… 

ფსიქოლოგმა უკმაყოფილო მზერით დაიძახა:

– ნათია!

ახლა ნათიამ დაიწყო.

– მე ნათია ვარ, 35 წლის… ჩემმა ქმარმა ჩვენს სახლში მოიყვანა ვიღაცა კახპა და ჩვენს საწოლში ჩააწვინა. შევუსწარი და სულ თმით ვითრიე… ჩემი ქმარი ჩვენს გაშველებას ცდილობდა, მაგრამ იმასაც კარგად მოხვდა… მერე იმ გოგოს “ფეისბუქის” ყველა მეგობარს სათითაოდ მივწერე, როგორი კახპაა!

– ამ საქციელმა შვება მოგგვარა?

ვერ მოვითმინე და ვკითხე. ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. ყოველთვის მაინტერესებდა, რას განიცდიდნენ “ნაღალატევი” ცოლები, რომლებიც ქმრის საყვარლებს უტყაპუნებდნენ…

– ჩემი უპირატესობა ვიგრძენი! 

– შვება უპირატესობის შეგრძნებამ მოგგვარა თუ იმისმა ცემამ?.. იქნებ გინდოდა, მასაც ისევე სტკენოდა, როგორც შენ?.. 

– შეიძლება… არ ვიცი! არ მიფიქრია მაგაზე!

– არადა, ამაზე დაფიქრება ნამდვილად ღირს! ხშირად რატომღაც არ ვფიქრობთ ხოლმე იმაზე, რაც მნიშვნელოვანია და ვერიდებით პრობლემის გამომწვევი მიზეზების ძებნას. – როგორ ფიქრობთ, ზოგადად რა სწყინთ ღალატში? ის, რომ ქმარმა სხვასთან დაამყარა სექსუალური კავშირი თუ ის ფაქტი, რომ მოგატყუეს?

ყველა დაფიქრდა. 

– ალბათ, ორივე ერთად! რა არის, იცი? მერე გზიზღდება კაცი, რომელიც სხვასთან იყო… ვეღარ წარმოგიდგენია, იმასთან როგორ უნდა იცხოვრო…

თქვა ბაბიმ (ძალიან მეცინება ხოლმე, როდესაც სქესობრივ აქტს “ცხოვრებას” ეძახიან). 

– მე კი ვფიქრობ, რომ ყველაფერი საბოლოოდ ეგოიზმამდე მიდის. როდესაც ქმრის ღალატს იგებ, ცდილობ, გაარკვიო ყველა დეტალი, რა მოეწონა თავის საყვარელში და რის გამო გიღალატა! აღმოაჩენ, რომ ეს ის თვისებებია, რომლებიც შენ გაკლდა და ვერ შეუვსე ცარიელი ადგილი შენს პარტნიორს. 

ხვდები, რომ შენმა ქმარმა იპოვა ის, რისი დეფიციტიც ჰქონდა! რეალურად, ის კი არ გწყინს, რომ მან სხვასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი, არამედ ის, რომ იმ ვიღაცამ შენ რაღაცაში გაჯობა! – ეს კი ეგოიზმია!

– ვაიმეე… ამ კუთხით არასოდეს მიფიქრია ღალატზე! 

წამოიძახა თამუნამ.

– მე ხომ არ გავიდე? მგონი, ხელს გიშლით…

იკითხა ფსიქოლოგმა და ალმაცერად გადმომხედა.

– მაპატიეთ, მაგრამ სტატიისთვის მჭირდება, ამ ქალბატონებს ბოლომდე გავუგო! 
არ დავუთმე.

– ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ ადამიანებს გვახასიათებს ეს. არ გვიყვარს ფიქრი იმაზე, რაც არ გვაწყობს! არ გვიყვარს საკუთარ თავში პრობლემების ძებნა და ვცდილობთ, ისეთი გარემო მოვძებნოთ, რომელიც ამ პრობლემას დაგვავიწყებს!

– საყვარლის გაჩენა საშინელებაა! ერთჯერად ღალატს კაცები არ აღიქვამენ ღალატად. “სპორტულ ინტერესს” ეძახიან…
თქვა ბაბიმ.

– იცით, ჩემი ქმარი თამაშებს გადაჰყვა. ტოტალიზატორით დაიწყო და კაზინოთი დაამთავრა… სასწაულ ვალებში გადავარდა! ოქროული გამიყიდა, ბინა ჩადო… მთელი ცხოვრება დამინგრია… – მე ეკა მქვია! 31-ის ვარ…

– ეგ გამოუსწორებელი სენია! 

ჩაილაპარაკა ზორბა თამუნამ (ეს, მგონი, კარგი ზედმეტსახელი მოვუფიქრე) და მაგიდაზე ვაშლს გადასწვდა. 

– პრობლემები ყველას აქვს, მაგრამ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს! – გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს! ნებისმიერი სიტუაციიდან შეიძლება გამოსავალის პოვნა. დრო რომ გადის, უმეტეს შემთხვევაში, ვრწმუნდებით, რომ “რაც ხდება, უკეთესისკენ” – სრული ჭეშმარიტებაა!

სიტყვა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების კაკუნმა გამაწყვეტინა, რომელიც დერეფნიდან მოისმა. ვიღაც ძალიან ენერგიულად ადგამდა ფეხებს.

დეჟავუ დამემართა! ნუთუ ნაბიჯების ტემპი მეცნო?.. – შეუძლებელია!

ის ვიღაც ჩვენი ოთახის კართან გაჩერდა. მისი ფეხსაცმელების კაკა-კუკი ჩემი გულის ბაგა-ბუგის ხმამ ჩაანაცვლა. კარი რომ შემოთხლიშა (შემოაღო ძალზედ მსუბუქი ნათქვამი გამოვიდოდა), აი, მაშინ გავქვავდი ადგილზე…

– მმმ… მმმ…. მმააკკ…

ზუსტად ისე დამება ენა, როგორც ძველ, კეთილადსახსენებელ დროს, როდესაც ჩემი სიმპათიური მეზობლის კარზე დავრეკე ზარი და მის ნაცვლად, ხელში მისი ცოლი შემრჩა…

როგორც მიხვდით, ოთახში კლუბის მერვე წევრი შემოვიდა და ჩემს დანახვაზე თვალები დაყვლიპა. ორივემ თითქმის ერთდროულად წამოვიძახეთ:

– შენ აქ რა გინდა???…

ელდანაცემმა ბლოკნოტი ძირს დავდე და აშარაშკას შესახვედრად წამოვიზლაზნე. 

3. რა ჩაიდინა ჩემმა სიმპათიურმა მეზობელმა

Image

– ისე როგორ გაყიდეთ ბინა, რომ არაფერი მითხარი? ნომერი მაინც დაგეტოვა! ლევანს როდის დაშორდი? როგორ? რანაირად? ცალკე ცხოვრობს? ალიმენტს იხდის? 

ტყვიამფრქვევივით მომაყარა მაკამ კითხვები.

– ძალიან გთხოვთ, პირადი ურთიერთობები სეანსის გარეთ არკვიეთ! – იასამნისფერ ფსიქოლოგს მოთმინების ფიალა გადაევსო. 

– კაი, კაი, მერე მომიყევი!!! – მითხრა მაკამ და ქურთუკი ნერვიულად გაიხადა.

– როგორც მივხვდი, ერთმანეთს იცნობთ…

– ვიცნობთ რომელია, ქალბატონო იზოლდა! თეა ჩემი მეზობელი და დაქალი იყო. მერე გადაცხოვრდნენ და…

“საინტერესოა, ნეტა როდის ვიყავი მისი დაქალი?” 

– მაკა, რახან მოხვედი, ბარემ შენც მოყევი კიდევ ერთხელ, რატომ მიიღე განქორწინების გადაწყვეტილება. სტატიისთვის არის საჭირო, რომ თავიდან გავიაროთ ეს ეტაპი.

– “ღმერთო, ნეტა როდის დაშორდნენ ეგ და სანდრო?..” – გავიფიქრე და ისევ ჩემს სავარძელში ჩავჯექი.

– თავიდან უნდა მოვყვე? – ძალიანაც კარგი! სადაც გინდა, იქ დაბეჭდონ! თუ საჭირო გახდება, ტელევიზორშიც გამოვალ!

“ნამდვილად რაღაც საშინელება ჩაიდინა სანდრომ!” – გავიფიქრე და მაკას მოსასმენად მოვემზადე. 

– პატარა შესავალს გავაკეთებ, ქალბატონო იზო! გოგოებს მინდა ვუთხრა, რომ ყველა კაცი ღალატობს ცოლს! უბრალოდ, ზოგი ისე აკეთებს, რომ ცოლმა 100 წელი ვერაფერი იეჭვოს. ადრე მეც მეგონა, რომ გამონაკლისები არსებობდა, მაგრამ შევცდი. დროის საკითხია უბრალოდ, ვინ როდის გააკეთებს ამას. ადრე თუ გვიან, ეგ გარდაუვალია!

ცნობისმოყვარეობამ ამიტანა. როგორც ჩანს, სანდრომ უღალატა, მაგრამ ვისთან?.. 

– მოკლედ, გოგოებო… ათი წელია, რაც გათხოვილი ვარ! მე არ ვიცი, რას აკეთებდა ჩემი ქმარი ჩემ ზურგსუკან და არც მაინტერესებს… მე მაგას თავიდანვე ვუთხარი, რაც გინდა, ის ქენი, ოღონდ მე არ გავიგო-მეთქი! ჰოდა, აქამდე არაფერი გამიგია, მაგრამ სამი თვის წინ ისეთი რაღაცა გავიგეეე…

ბოლო სიტყვა გაწელა და ავად შემომხედა. დამჯდარზეც მუხლები მომეკვეცა. უცებ მეგონა, მეცემოდა და თვალებს ამომკაწრავდა, მაგრამ გადავრჩი… 

– იწერ?

მკითხა მშვიდი ტონით.

– ჰაა?.. აა, კიი…

– მოკლედ, ერთხელაც შემთხვევით გავიგე, რომ ჩემი ვაჟბატონი დღიურებს წერდა… სერიალის ვამპირივით!

– მე პირველად გავიგე, კაცი დღიურებს წერდეს! – თქვა ბაბიმ და გაიცინა.

– აქამდე არ ვიცოდი, წერა თუ ეხერხებოდა! ის დღიურიც სამსახურში ჰქონია დამალული, საწერი მაგიდის უჯრაში, საქაღალდეების ქვემოთ, სპეციალური საფარის ქვეშ.

უცებ ის შემთხვევა გამახსენდა, წყნეთში რომ ვიყავით და ელენემ სანდროს ჩანთაში წერილი რომ ნახა: – “დახურე ჩანთა, დაუნოო”… – საწყალი სანდრო! სახლში არ ეყოფოდა შერლოკ ჰოლმსი ცოლი? როგორც ჩანს, მაკამ გააფართოვა თავისი საშინელი თვისებების არეალი…

მექანიკურად ხელი მაგიდისაკენ წავიღე და ფინიკი ავიღე. მინდოდა, რამენაირად აღელვება დამეფარა.

– და რას წერდა იმ დღიურში ამისთანას?

ვკითხე და ფინიკი პირში ჩავიდე.

– სასიყვარულო ლექსებს ვიღაც გოგოზე… რაღაც ჩანაწერებს, თავის ფიქრებს, თუ როგორ ოცნებობს, რომ იმ ბოზანდარას თმები შიშველ მკერდზე დაეფინოს საწოლში… როგორ დაიხვევდა მის აბრეშუმივით ლოკონებს თითებზე და უსასრულოდ ატრიალებდა! – გაგიგონიათ?

ამის გაგონებაზე ფინიკი გადამცდა და ხველა ამიტყდა.

– კი მაგრამ, იქნებ უბრალოდ წერდა და არა მიზანმიმართულად? რა, აუცილებელია, ვინმე კონკრეტული ქალისთვის მიეძღვნა? – ჰკითხა სალომემ და ზურგზე მუშტი დამიბრახუნა.

– არა – არა – არა – არა – არა (!!!!!) ვიცი მე, რომ ვიღაცას უძღვნიდა! ისეთი გრძნობით იყო ნაწერი… თან აღწერდა კიდეც იმ გათახსირებულს! – ლერწამივით ტანიო, თხელი ფეხებიო, აბრეშუმის თმებიო, ნაზი ხელებიო…

მე მგონი, ცხოვრებაში პირველად გავწითლდი. 

– ვვ… ვინმეზე გაქვს ეჭვი?

ძლივს ამოვთქვი. სანამ ამ ისტორიის მოყოლას დაამთავრებდა, ათი სიკვდილი გავათავე.

– ჰოო, მგონი, ვიცი, ვისზეც წერდა! ერთია, მაგასთან მუშაობს… მთლად ლერწამი არაა, მაგრამ სიყვარული ხომ ბრმაა? 

– ჰოო, ჰოო… რა თქმა უნდა! ბრმა არის, აბა, რა ჯანდაბაა!

– მე მაინც მჯობდეს! ნამდვილი ჯოჯოა!

– დარწმუნებული ვარ!

ვუთხარი და შვებით ამოვისუნთქე! კიდევ კარგი, მე არა ვარ ეჭვმიტანილთა სიაში.

– მაგისი ხარახურა ჩემოდანში მოვაქციე და სახლიდან გავუძახე!

– თავისი სახლიდან?.. უფრო სწორად, თქვენი…

– დიახაც! სადაც უნდა, იქ იცხოვროს! ახლა რამდენადაც ვიცი, ბიძაშვილთან ცხოვრობს… ჰოდა, ასე ჩემო იმანოოო…

– მაკა! ხომ არ იჩქარე გადაწყვეტილების მიღება? იქნებ მართლა არ არსებობს ის გოგო…

– არაფერიც! თვითონ აღიარა! თვალებში მიყურებდა და ისე! დიახაც, არსებობს და ძალიან მიყვარსო! ეგრე ცხოვრებაში არავინ მყვარებიაო…

– ნუ, იესლი სკაზალ, ზნაჩიტ ეტა ტაკ! – თქვა ზოიმ.

– ვერ მოვისვენებ, სანამ არ გავიგებ, ვინაა ის გათახსირებული! იცი, რას ვუზამ? ჯერ თმით ვითრევ, მერე ფრჩხილებით დავკაწრავ და დავასახიჩრებ, რომ არავინ შეხედოს ზედ! მერე სანდროს გოლფის ჯოხს ავიღებ და იმით დავჟეჟავ!

– აბა, მაკა! ჩვენ ხომ უკვე ვისაუბრეთ მაგაზე, საყვარელო? გახსოვს, აგრესიის ფორმები რომ განვიხილეთ? შენ რაც გჭირს, ეგ მტრული აგრესიაა და უნდა ებრძოლო. 

შეახსენა იასამნისფერთავამ. ღმერთო, რა დავაშავე, რომ ეს გოგო ჩემს ცხოვრებას “ლაიტ მოტივად” გასდევს? ან სანდროს რაღა დაემართა? ეს ჩუმ-ჩუმად პოემების წერა რაღა იყო… 

არა, ხომ შეიძლება ერთხელაც ყელში ამოუვიდეს ყველაფერი და ბოლომდე უთხრას სიმართლე მაკას? რა მეშველება? ხომ არ აჯობებს, სანდროს შევხვდე და დაველაპარაკო? ვთხოვო, რომ ენას კბილი დააჭიროს?

როგორც იქნა, აშარაშკამ დაასრულა თავისი გამოსვლა. გოგოებს გადავხედე. ყველა შეღონებული სახით იჯდა. ეტყობათ, რომ დიდად არ ეპიტნავებათ აშარაშკა ( ან კი რა საპიტნავებელია?).

ამის შემდეგ საუბარი ფსიქოლოგმა დაიწყო. დეპრესიის დამარცხების მეთოდებზე ისაუბრა. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ჩემი აზრით, ამ გოგოებს სხვა რაღაცაც სჭირდებათ, უფრო რომ წახალისდნენ. 

ვფიქრობ, რომ არ უნდა იგრძნონ თავი, როგორც პაციენტებმა მკურნალობის პროცესში.

გადავწყვიტე, სტატიის გარდა, ჩემი მოსაზრებებიც დამეწერა, რომელსაც უშუალოდ კლუბის დამფუძნებელს გავუგზავნიდი. იქნებ ამ კუთხითაც დაინტერესდეს და თავისი კლუბი გაამრავალფეროვნოს.

სეანსის ბოლოს გოგოებს მომავალ შეხვედრამდე დავემშვიდობე. მაკამ მკლავში ხელი ჩამავლო და გასასვლელისაკენ გამომყვა.

– ხუთი წუთი გცალია, რომ დაგელაპარაკო?

– ხუთი კიი… 

– ძალიან ვარ გაბრაზებული სანდროზე! რაც წამოვედი, ბავშვი არ უნახავს, ქალო!

– რას ამბობ?

გულწრფელად გამიკვირდა.

– არა, განა თვითონ არ უნდა?! – მე არ ვანახებ! არ არის ღირსი…

– არ ხარ მართალი, მაკა! ბავშვმა რა დააშავა? 

– მოღალატე მამა რაში სჭირდება?

– მისთვის ხომ არ უღალატია?

– დედის ღალატი შვილის ღალატიცაა! რაღაც მინდა გთხოვო…

– რა ხდება?

– მოკლედ, ყველანაირად ცდილობს, რომ შემხვდეს! კარს არ ვუღებ! ხან ბიძაშვილი მომიგზავნა და ხან ვინ. ისიც გაიგო, აქ რომ ჩავეწერე და გაგიჟებულია! შენ ხომ ხუთშაბათსაც მოხვალ? ჰოდა, თუ ვინიცობაა, მოვიდა…

– სად? აქ?

– ჰო! ვიცი, რომ აპირებს! გაგიჟებულა, აქ რომ ჩავეწერე, მაგისმა ძმაკაცმა მითხრა. მოკლედ, მე დავიმალები და შენ უთხარი რომ მისი დანახვაც არ მინდა! გადაეცი, იმ ბოზთან წაეთრეს, ვისაც ლექსები დაუწერა!

– გინდა, რომ მე დაველაპარაკო სანდროს? ვუთხრა, რომ იმ ბოზ… მაკა, ხომ იცი, არ მიყვარს სხვის ურთიერთობებში ჩარევა…

– არ ჩაერიო მერე! უბრალოდ, ჩემი სიტყვები გადაეცი! გეხვეწები რაა… 
მაკა მომეხუტა და გულზე მაკოცა. 

– ყავა დავლიოთ და შენზე მომიყევი. თქვენ რაღა დაგემართათ, ქალო? იმ გათახსირებულმა წაიყვანა ლევანი?

– არა კაცო, ძაღლი ხომ არაა ამხელა კაცი. სად უნდა წაეყვანა? უბრალოდ, ასე გადავწყვიტეთ… არ მინდა ამაზე ლაპარაკი… თან, რედაქციაში უნდა მივიდე! ბევრი საქმე მაქვს.

– მე, გენაცვალე, მაღაზიაში ლიუბას ვართმევ ხოლმე შენს ჟურნალებს და ვკითხულობ. მერე ვუბრუნებ, რომ გაყიდოს…

– რას ლაპარაკობ…

– შენ კი დაგავიწყდი, მაგრამ…

– არ დამავიწყდი! შენს თავს რა დამავიწყებდა? 

ბედზე ტაქსმა გამოიარა და ხელი დავუქნიე. 

– გაიქეცი და მოკლედ, რაც გითხარი… ხუთშაბათს გნახავ!

ტაქსი რომ დაიძრა, შვებით ამოვისუნთქე. თავში ათასნაირი აზრი მიტრიალებდა. ჩემს სიმპათიურ მეზობელთან შეხვედრაზე ფიქრმა ამაფორიაქა. ნუთუ ხუთშაბათს მართლა მოვა?..

4. რატომ არ მაქვს ფლირტი ანონიმებთან?

Image

გვიანობამდე არ დამეძინა. ჩემს ყოფილ მეზობელთან შესაძლო შეხვედრაზე ფიქრმა ამაფორიაქა. ყველაზე მეტად კონფლიქტური სიტუაციები მძულს. ღმერთმა არ ქნას, რომ მაკამ გაიგოს ოდესმე იმ თმის სამაგრის ამბავი. 

არ მინდოდა, აშარაშკაზე ფიქრში ჩამძინებოდა (კოშმარებიღა მაკლია სრული ბედნიერებისთვის). ამიტომ “ფეისბუქზე” შევედი. მას შემდეგ, რაც სოციალურ სტატუსში “დაოჯახებული” აღარ მიწერია, უცნობი მამაკაცების წერილებს ვეღარ ავუდივარ. 

ამ ანონიმურმა პროფილებმა ხომ საერთოდ ტვინი წაიღო. დაირქმევენ რაღაც cool სახელებს და აღარ იციან, რა ქნან. საინტერესოა, რა აქვთ ამისთანა დასამალი? მე ვფიქრობ, ან ოჯახური მდგომარეობა, ან გარეგნობა, ან ასაკი (ან სამივე ერთად). ადრე რამდენიმეს გავესაუბრე (ინტერესის გამო) და მალევე ვინანე. 

ჯერ ერთი, ინტელექტის სერიოზული დეფიციტი ვიგრძენი; მეორეც ერთი, გაცვეთილი და ბანალური კომპლიმენტები, აი, წინასწარ რომ ხვდები, რას მოგწერს; მესამეც ერთი – ყველა იმას “ჩალიჩობს”, რომ სექსი “გაიჩალიჩოს” (როგორ გავრითმე). ჰოდა, მე მაგის არც სურვილი მაქვს, არც ნერვები და არც დრო. 

ჩემი ბიძაშვილი ელენე მეუბნება, რას გიშლიან, იფლირტავე და გაერთე, ნეტაი შენო, მაგრამ რითი უნდა გავერთო? არა, ზოგადად ფლირტში ცუდს ვერაფერს ვხედავ, საკმაოდ სასიამოვნო შეგრძნება და განტვირთვის მშვენიერი საშუალებაა. 

მსუბუქი ფლირტი სავსებით ბუნებრივ მოვლენად მიმაჩნია და არაფერ ამორალურს ამაში ვერ ვხედავ, მაგრამ როგორც მინიმუმ, ცოტათი მაინც ხომ უნდა მოგწონდეს ის ადამიანი, რომ ფლირტის სურვილი გაგიჩნდეს? მე კიდე ვინ უნდა მომეწონოს, როცა წარმოდგენაც არ მაქვს, ვინ იმალება ამ “გამოფხეკილი” ავატარების მიღმა?

მით უმეტეს, განქორწინებულ, შვილებიან ქალს, სოციალურ ქსელში სერიოზული ურთიერთობებისთვის არავინ მისწერს! – ესაა ჩემი კომენტარი!

ამჯერად ორი შემოსული წერილი დამხვდა. ერთი ელენესგან იყო, მეორე ვიღაც უცნობისაგან. 

– როგორ ხარ, თეე? შენი ნოველა წავიკითხე და ვფიქრობ, ძალიან ბევრი გვაქვს საერთო მე და შენ Smile
მწერდა ვიღაც tatia-tatia, რომელსაც ავატარად ანტონიო ბანდერასის სურათი ედო. მის პროფილზე გადავედი. სქესი მდედრობითი ეწერა და მოწერიდან ნახევარი საათის წინ იყო დარეგისტრირებული. 

სხვა მეგობრები არ ჰყავს. სავარაუდოდ, სპეციალურად შექმნა ეს პროფილი, რომ ჩემთვის მოეწერა! რა საინტერესოა… თან, შინაურულად რომ მომმართა? ჩვენი ჟურნალის მკითხველები ხშირად მწერენ ხოლმე და ყოველთვის ოფიციალური ფორმით. ამან კიდევ პირდაპირ – “თეე”… 

– გიცნობ?

– არაა! მაგრამ ძალიან მინდა, ახლოს გაგიცნო და ვიმეგობროთ…

– Smile

– ვიცი, რომ უცნაურია, მაგრამ მომწონს, როგორც წერ და ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთ სიხშირეზე ვართ! Wink აი, შენი ტერმინი გამოვიყენე Smile

– ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა. 

– ისე, მეც ბევრი რამე გადამხდა! ცუდია, წერა რომ არ მეხერხება!  ახლა ხომ არ გაცდენ?

– არა. 

– შეიძლება შეგეკითხო? ის ნოველა შენზეა?

– არა! უბრალოდ, ნოველაა… ყველა პერსონაჟი ფიქტიურია. 

– შენ გათხოვილი ხარ, მგონი…

– უკვე აღარ.  

– რაა? Frown

– ერთი წელია, რაც განქორწინებული ვარ! რატომ მეკითხები?

– რა ვიცი, ისე… გამიკვირდა. შენნაირ გოგოს რატო უნდა დაენგრეს ოჯახი… 

– ყველაფერი ხდება!

– მართალია, და რაც ხდება, უკეთესისკენ Wink

– ალბათ, ასეა Smile

– კარგი, ახლა არ მოგაცდენ. საქმე გექნება! მოგვიანებით შეგეხმიანები, კაი?

– კარგი Smile ისე, შენი სურათი რატომ არ გიდევს?

– მე არ მიყვარს სურათების გადაღება! 

– თათია გქვია?

– კი, თეე… Smile 

– კარგი მაშინ Wink დროებით…

თათიას დავემშვიდობე და “ფეისბუქიდან” გამოვედი. ინტუიცია მკარნახობს, რომ ვიღაც ნაცნობი უნდა იყოს. “ვორდი” გავხსენი და სტატიის წერა დავიწყე. ერთი აბზაცი დავწერე და ჩავფიქრდი. იმ გოგოებზე მეფიქრებოდა. უცებ ერთმა იდეამ დამკრა თავში და ჩემი ბიძაშვილის ნომერი ავკრიფე. 

– ელეე… როგორ ხარ?

– რახან შენ გაგახსენდი, რაღა მიჭირს!

– ნუ გოიმობ რაა…


– კაი, კაი… შენ რა ქენი? იყავი იმ კლუბში?

– შენ საიდანღა გაიგე?

– დედაშენმა მითხრა. მოვკვდი გოგო სიცილით, იქ რომ წარმოგიდგინე! ვაიმე, ახლაც მეცინება… რა სიტუაცია იყო? ძაან გოიმთა პარადია?

– ნეტა არ ფხუკუნებდე ბებიაჩემის გაფუჭებული მაგნეტოფონივით… მისმინე! შენ რომ გყავს ის იმიჯმეიქერი თუ სტილისტი ვიღაც, სერიოჟა…

– სერგეი გოგო, რა სერიოჟა! სანტეხნიკი კი არაა…

– ჰოო, რა მნიშვნელობა აქვს? მოკლედ, ერთი გადაურეკე მაგას და ჰკითხე, რამდენს იღებს რაა!

– მისვლა გინდა?

– წერილი უნდა მივწერო იმ კლუბის დამფუძნებელს და რაღაც მინდა შევთავაზო!

– იმ გოგოების ვიდზე მოყვანა გინდა?

– შენ მაინც ხომ იცი, რა კარგად მოქმედებს ახალი იმიჯი განწყობაზე? კი, ძალიან ბანალურია, მაგრამ სამაგიეროდ, ბევრჯერ ნაცადი და ეფექტური მეთოდია!

– “ფრითი ვუმენს” უყურე? თუ იმას, რა ჰქვია იმ კინოს, პრინცესას დღიურიო თუ რაღაც… გაბანჯგვლული წარბებით როა თავიდან და ვიდზე რო მოიყვანენ…

– ვაიმე, დღიური აღარ გამახსენო!

– დღიურს რაღას ერჩი? 

– მერე მოგიყვები!

– კარგი, კარგი! დავურეკავ და საქმის კურსში ჩავაყენებ. მერე გადაურეკე და რაც გინდა, ჰკითხე. ცოტა მეძვირეა ეგ, მარა ზატო მაგარია რაა! გახსოვს, რა უქნა ჩემს თმას?

– მაგას რა დამავიწყებს, შოკი იყო… 

– და როგორ მჭრიდა? გავგიჟდი… თან ფენით მიბერავდა და ჰაერში დატრიალებულ თმას ჭრიდა…

– კაი ხოო, ნუ შეიჭერი როლებში…

– აუ, ისე რა კარგი მოიფიქრე… ყოჩაღ შენ!

– გნახავ ამ დღეებში! უნდა გაგაგიჟო, ვინ დადის იმ კლუბში…

– რა იცი ეს დაინტრიგება ადამიანის!

– გოგოები გამოდით ჩემთან ხვალ საღამოს, ყველას ერთად უნდა მოგიყვეთ!

– კაიი… გაკოცე!

წერილის წერას ღამის ოთხ საათზე მოვრჩი და გათანგული საწოლზე დავეგდე. დილით ბავშვებმა გამაღვიძეს, კინაღამ სკოლაში დაგვაგვიანდა. სკოლიდან პირდაპირ სამსახურში წავედი. გოჩა ჯერ არ იყო მოსული.

– მაიი… გეხვეწები, ყავა გამიკეთე რა, თორე თავი გამისკდება სადაცაა…

– რა დაგემართა?

– რავი, ყველაფერი ერთად!

მოსაცდელი ოთახის დივანზე გადავწექი.

– ვაიმე, ცუდად ხარ?

– არა, არა! ძალიან ცოტა მეძინა, წერილს ვწერდი… გოჩა რო მოვა, უნდა ვუთხრა, იმ დამფუძნებელს
გაუგზავნოს… 


– რა დაწერე?

– ყველაფერი! რა მომეწონა და რა არა. მე რას დავამატებდი… კიდევ, ერთი იდეა შევთავაზე. კარგმა იმიჯმეიქერმა რომ შეუცვალოს იმიჯი იმ გოგოებს…

– ჰოო, რა კარგად მოგიფიქრებია! 
მაიკო გავიდა და ცოტა ხანში ყავის ჭიქებით დაბრუნდა. 

– შენ ესპრესო გაგიკეთე! გამოგაცოცხლებს.

– შენ გაიხარე!

ლამის ღიპიანი კაცივით დავლოცე და ყავის დასალევად წელში გავსწორდი.

– ესე იგიი, მაი… გუშინ ისეთი ვინმე გამეჩითა იმ კლუბში, რომ აი, არ ვიცი… ბედის ირონიაა რაა!

– ვინ?

– ჩემი მეზობელი გახსოვს შენ? მაკა?

– დარტყმული? მოიცა, რაღაცას ეძახდი შენ მაგას…

– აშარაშკას!

– ჰოო… მერე? იქ რას აკეთებს?

– რეაბილიტაციას გადის.

– ქმარს გაშორდა? იმ სიმპათიურ ბიჭს?

– ჰო… და ზეგ რომ მივალ, სავარაუდოდ, ისიც მოვა!

– აშარაშკა?..

– არა, მაგის სიმპათიური მეზობელი… ქმარი… ტფუუ, უფრო სწორად ჩემი… 

– ანუ შენი სიმპათიური მეზობელი და იმისი ქმარი მოვლენ?

– ჰოო… ეგ ორივე ერთი და იგივეა ოღონდ!

– ვაიმე, დამაბნიე…

– ძაან არეული ვარ!

მე და მაიკოს სიცილი აგვიტყდა. გიჟებივით ვიცინოდით, როდესაც ლიფტი გაიღო და პორტფელიანი გოჩა გამოვიდა. 

– რა კარგ ხასიათზე ხართ? მარტო ხართ?

– დიახ, ბატონო გოჩა… ყავა გნებავთ?

ჰკითხა მაიკომ და სიცილის მეორე ტალღამ გადაგვიარა ორივეს. 

– იმედია, მე არ დამცინოდით!

– ოჰ, როგორ გეკადრებათ… მაიკოს ვუყვებოდი კლუბზე და ვუთხარი, მის მეპატრონეს წერილი 
დავუწერე-მეთქი…

– სასიყვარულო?

– არა, რას ამბობთ! პირიქით…

– რა პირიქით?

– ცოტა კრიტიკული! და იმედი მაქვს, გადასცემთ…

ცოტა სული მოვითქვი. სიცილისაგან ლოყები და მუცლის კუნთები მტკიოდა.

– კრიტიკა კარგია! შენი დაწერილი ჯანსაღიც იქნება… აბა, გამომიწოდე!

– ჯერ ვერ გამოგიწვდით, ამოსაპრინტერებელია! ფლეშკაზე მაქვს…

– მაშინ ფლეშკა გამომიწოდე!

გაიღიმა გოჩამ. ძირს დაგდებულ ჩანთაში ხელი ჩავყავი და ფლეშკა ამოვიღე. 

– ფაილს ჰქვია – “ყოფილი ცოლების კლუბი”.

– წავიკითხავ და გადავუგზავნი! მაია, გენაცვალე, ყავა კაბინეტში შემომიტანე.

– ახლავე…

კოფეინის ორმაგმა დოზამ გამომაფხიზლა. ჩემს კაბინეტში შევედი, რომ კორექტორისთვის მასალა გადამეგზავნა. ჟურნალის დიზაინერიც მალე მოვიდა და აწყობილი გვერდები მანახა. ამ ამბავში ვიყავი, როდესაც გოჩამ თავის კაბინეტში მიხმო.

ჩაფიქრებული იჯდა და მონიტორს შეჰყურებდა. თავისი “სუკონკები” არც გახსენებია (მეც ბოროტად ვისარგებლე).

– მოდი!

უხმოდ შევედი და მის მოპირდაპირედ დავჯექი.

– შენი წერილი წაიკითხეს და წარმომადგენელს მოგამაგრებენ. სტილის შეცვლის იდეა ძალიან მოეწონა იმას… გოგოების გართობის კუთხითაც დაინტერესდა. იმის წარმომადგენელი დღესვე მოვა და დააკვალიანე იმ სტილისტის ამბებში შენებურად.

– ძალიან კარგი…

კაბინეტში გახარებული დავბრუნდი. დაახლოებით ერთ საათში “იმის წარმომადგენელიც” მოვიდა. რომ იტყვიან ხოლმე, “მოხეული ტიპიაო”, – ეგეთი იყო. თავი გადაპარსული ჰქონდა და შეხსნილი თეთრი პერანგიდან სქელი ოქროს ჯაჭვი მოუჩანდა. მსახიობი როა, ბილი ზეინი, ხომ იცით? – უცებ ეგ გამახსენდა.

5 – ბილი ზეინი პატა და მარტინი ოთხზე

Image

კლუბის ინკოგნიტო დამფუძნებლის წარმომადგენელი ისე სწრაფად შემოვარდა ჩემს ოთახში, რომ ფეხზე წამოდგომაც ვერ მოვასწარი. 

ორ ნაბიჯში უკვე ჩემს მაგიდასთან გაჩნდა და ხელი ისე ძლიერად ჩამომართვა, ლამის თითები დამამტვრია. სანამ პირს გავაღებდი, დამასწრო და თავისი სახელი მამცნო – პატა! თანაც დამიზუსტა, პაატა არ დამიძახო, პატა მქვიაო! კიდევ, პირდაპირ “შენობითი” ფორმა არჩია სასაუბროდ. 

საუბარიც არ ერქვა იმას, რაც ჩვენ ორს შორის მოხდა! ასე მეგონა, რეკორდის დამყარებას ცდილობდა, რაც შეიძლება მოკლე დროში, რაც შეიძლება ბევრი სიტყვა ჩაეკვეხებინა. 

აქამდე პრაქტიკაში ყველაზე სწრაფმოლაპარაკე ადამიანი მხოლოდ აშარაშკა შემხვედრია, მაგრამ ამან საერთოდ გადაუჯოკრა. 

სერგეისთან დავარეკინე. ყველაფერზე თვითონ შეუთანხმდა და სალონში ვიზიტის დროზეც მოილაპარაკეს. სერგეისთან ლაპარაკს რომ მორჩა, მითხრა, კარგი იქნება, თუ სტატიაში ამ “იმიჯის დღესაც” დაამატებო. 

ამას ის მოაყოლა, რომ კლუბის მეპატრონე ახლო მომავალში ივენთის მოწყობას გეგმავს გოგოებისთვის და უნდა მეც ვითანამშრომლო, თუ რა თქმა უნდა, თანახმა ვიქნები. 

ერთი სიტყვით, ისე სწაფად მოვარდა და გავარდა, რომ ყავის შეთავაზებაც ვერ მოვასწარი. ახლა კიდევ უფრო მეტად დამაინტერესა კლუბის მფლობელის ვინაობამ. ეს საწყალი ბილი ზეინი პატა, ალბათ, სულ გადარბენებზე ჰყავს. ეტყობა, ყველა საქმეს ამას ავალებს, დღე-ღამეში 24 საათი არ ჰყოფნის და იმიტომაცაა ასე, აჩქარებული კადრივით. 

რა გასაკვირია? – ჩვენთან ხომ სულ ასე ხდება? სად ვიცით ჩვენ სამუშაო გრაფიკის ნორმალურად დაცვა? მოთხოვნები და პრეტენზიები ყველას დიდი აქვს (რასაც ხელფასებზე ვერ ვიტყვი). ვირივით ამუშავებენ ადამიანებს და კაპიკებს უხდიან…

ვერ ვიტან ამ “არ მოგწონს? – მიბრძანდის” ფსიქოლოგიას რაა! რა უბედურებაა!

წასვლის წინ კიდევ ვეცადე, გოჩასთვის წამომეცდენინებინა როგორმე კლუბის მფლობელის ვინაობა, მაგრამ ეშმაკურად ჭუტავდა თვალებს და ვერაფრით გავტეხე. 

– მაინც გავიგებ! უკვე მოვიფიქრე, რას ვერ აღუდგება წინ! ჩემს სახლში რამდენიმე თანამშრომელს დავპატიჟებ ვახშამზე, გოჩას დავათრობ და მხურვალე სამბას ჩავურთავ! სწორედ სამბას ცეკვის დროს დავუსვამ კითხვებს და დარწმუნებული ვარ, რაღაცას წამოვაცდენინებ!

მე მე არ ვიყო, თუ არ გავიგო იმ ინკოგნიტოს ვინაობა (მომნატრებია ჩემი ერთ-ერთი საყვარელი შეგრძნება, როდესაც “რაღაც უნდა გავიგო”)!!!

ბავშვებს გავუარე და სახლში წავედით. ერთ საათში გოგოებიც მოვიდნენ. ელენე, თიკა (გახსოვთ, ალბათ, ჩემი დაქალი, მოდელების სააგენტოდან), სოფო (პირველი ღამის რომ ეშინოდა, ის) და ქეთი (სამშობიაროს). ნამცხვრები და მარტინი მოიტანეს.

– დღეს ჩემთან დარჩით რაა! რამდენი ხანია, “პიჟამაფართი” არ მოგვიწყვია?

– მე შემიძლია! სიამოვნებით!

თქვა ელენემ და თაროდან ჭიქები გადმოიღო მარტინისთვის.

– პრინციპში, მეც შევძლებ!

თქვა თიკამ. სოფო დასარეკად საძინებელში გავიდა. ალბათ, ქმარს უნდა დაურეკოს. ყველა ნაბიჯს უთანხმებს ხოლმე. თან ახლა ფეხმძიმედაა… ქეთიც დარჩება. გვიგულავია და ეგ არის.

– რაო, რა გითხრა?

ჰკითხა ელემ სოფოს, რომელიც აწითლებული შემოვიდა სამზარეულოში.

– იმ პირობით დარჩი, თუ სასმელს არ დალევ და ადრე დაიძინებო.

– ნეტა მერეც ეგრე იზრუნებს, ბავშვი რო გაჩნდება?

გაეცინა ქეთის.

– აბა, რას იზამს, გოგო! 

– სასმელს ისედაც არ დაგალევინებდით! მოძალადეები კი არ ვართ.

გამეცინა მეც. რამდენი ხანია, ჩემს გოგოებთან არ მილაპარაკია გულით. ბავშვებმა რომ დაიძინეს, სამზარეულოდან ჩემს საძინებელში გადავინაცვლეთ და მარტინიც გავიყოლეთ. 

– გვაღირსე ახლა შენი “ნიუსი”, ერთი სული მაქვს!

მითხრა ელენემ და ხალიჩაზე წამოკოტრიალდა. სოფო ჩემს საწოლზე წამოწვა. თიკა და ქეთიც საწოლზე ჩამოსხდნენ. მე ბალიში ავიღე და ელენეს შევუერთდი ხალიჩაზე.

– რა ნიუსი?


იკითხა ქეთიმ.

– ახალი ამბავი აქვს ამას ჩვენთვის მოსაყოლი!

– ჰოო… უნდა გაგაგიჟოთ!

– რაა?

– “ყოფილი ცოლების კლუბში” იცი ვინ დადის რეაბილიტაციაზე?

– ჩემი ყოფილი ქმრის ყოფილი მეორე ცოლი?

– უიმე, არა, ელ… შენ და შენი ბრაზილიური სერიალიღა მაკლდით! ვინ და აშარაშკა!

– ვაიმე, არარსებოოოობს!

ელენე ხალიჩაზე გადაწვა სიცილისაგან.

– კიდევ კარგი, ძირს ვიწექი… – ღადაობ?

– არა, მართლა!

– მოიცა, ეგ და სანდრო დაშორდნენ?

ქეთის თვალები გაუფართოვდა. 

– კი… თქვენ მიზეზი არ იცით! მე მგონი, ჩემზე წერდა რაღაცებს დღიურში და მაკამ იპოვა! კიდევ კარგი, ჩემი სახელი არ იყო ნახსენები…

– გადარჩენილი ხარ!

– ნამდვილად! მოგკლავდა…

– ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არაა! სანდრო ხუთშაბათს მოსვლას აპირებს იმ კლუბში და მაკას უნდა, რომ მე დაველაპარაკო. თვითონ არ იკარებს და არც ბავშვს ანახებს.

– დებილი…

– მოიცა, იმან იცის, რომ იქ შენ იქნები?

– არა! საიდან ეცოდინება? მე თვითონაც არ ვიცოდი, იმ კლუბში რო ვიქნებოდი…

– აუ, ყველაფერს მივცემდი, თქვენი შეხვედრის სცენა რომ დამანახა!

თქვა ელენემ და ბალიში გამომიქანა. 

– მოიცა რაა, არ გინდა ახლა რომანტიკული რაღაცები! 

– რა არ გინდა? როდემდე უნდა იყო ეგრე?

– ძალიან კარგად ვარ ასე! მშვიდად. არავინაც არ მჭირდება. მით უმეტეს, აშარაშკას ყოფილი ქმარი.

– უიმე, რეებს ეუბნები ელენე, მეორედ ხო არ გათხოვდება?

შეიცხადა სოფომ (როგორ იცვლებიან ხოლმე ქალები ორსულობის დროს).

– რა პრობლემაა? მესამედ და მეოთხედ არ თხოვდებიან, თუ რაა?

– რა სისულელეა! ერთხელ რო გათხოვდები, მეორედ როგორღა უნდა გააკეთო ეგ სისულელე! –

თქვა ქეთიმ. 

– ყველაზე დიდი “პრიკოლი” რა არის, იცი? სანდროს უნდა გადავცე, რომ იმ ბოზთან წაეთრეს, ვისაც ლექსები დაუწერა.

გოგოები სიცილისაგან კინაღამ გალურჯდნენ. 

– მუცელს მომაშლევინებთ თქვენ მეე! თქვა სოფომ და ხელი მუცელზე მოიკიდა.

– ლევანი რას შვრება? – მკითხა თიკამ.

– რავი, ყოველდღე თუ არა, დღეგამოშვებით მაინც გვირეკავს სკაიპით და ბავშვებს ელაპარაკება. მეეც…

– ჰყაავს ვინმე?

– მე რა ვიცი? ეყოლება ვინმე… აბა, ერთი წელი ისე ხო არ იქნება?
ვუთხარი და რაღაცნაირად მაინც არ მესიამოვნა. რა არის მაინც ეს ქალური ეგოიზმი. 

– ფეისბუქი საერთოდ გააუქმა…

– ლევანს არც ჰქონდა ფეისბუქი!

– ლევანი არა, – სანდრო!

– უი, სულ დამავიწყდა, რომ შენ გყავდა მეგობრებში სანდრო. 

– ეს თურმე სად დაფრინავს! პირველი სიყვარული გაგახსენდა, ქეთ?
სიცილი აუტყდა თიკას. 

– მე კიდე, ის ჩვენი თამაში არ მავიწყდება! რა მაგარი იყო… არ გინდა, ის გოგოები რო წაიყვანო?

– სად? პეინთბოლზე?

– ჰოო…


– არა მგონია, უნდოდეთ… თან, ჯერ არ ვიცი, რა ტიპები არიან. ჯერ უნდა გავიცნო, რომ მივხვდე, რა გაუსწორდებათ. ისე, მეც ვფიქრობ, რომ მარტო ფსიქოლოგის რატრატის მოსმენა არ უშველით. ეგეთი რაღაცები უფრო სჭირდებათ, მარა, აი, ნამდვილად არ მაქვს სურვილი, მაკას ომობანა ვეთამაშო! ცხოვრებაში არ მეყოფა მაგისი თავდასხმები?

– ჰაჰააა, უი, სულ დამავიწყდა მაკა!

– ვაიმე, ამას აშკარად ახალი თავგადასავალი ელოდება! 
თქვა თიკამ. 

– გახსოვთ, მე რა დავარქვი ამას? – ჰკითხა ელენემ გოგოებს.

– ჰოო, “თავგადასავალა”… მარა ამ ბოლო დროს რაღაც მოუკლო…

– ყველა ხელიდან შემოეცალა და! ლევანი ამერიკაში, ის მაჩო თუ ბაჩო – ესპანეთში, მეზობელი კი კაცმა არ იცის, სად!

– ბიძაშვილთან! თავის ბიძაშვილთანაა…

ვუთხარი ქეთის და ყველას სიცილი აგვიტყდა. ეტყობა, სასმელმაც ცოტათი იმოქმედა. ყველაზე მაგარი მეგობრებთან ერთად დროის გატარებაა! საუკეთესო განტვირთვა! ფაქტობრივად, ამ მოცემულ მომენტში ბედნიერი ვარ (რა ცოტა გვყოფნის ქალებს).

სოფოს საწოლი მისაღებ ოთახში, გასაშლელ ტახტზე გავუმზადეთ. მალე დაიძინა. ჩვენ ღამის ხუთ საათამდე ვხორხოცებდით. მეორე ღამეა, თითქმის ვათენებ! 

დილით სამსახურში აღარ წავედი. გამოვიძინე. ბავშვები ელენემ წაიყვანა სკოლაში და უკან მობრუნებისას ხინკალი ამოიტანა. დილაადრიან მოვხარშეთ. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, პახმელიას უხდება! 

შუადღისას უკვე კარგად ვიყავი. სახლიდან ყველანი ერთად გამოვედით. კლუბში ქეთიმ მიმიყვანა მანქანით. სანამ შენობაში შევედი, აქეთ-იქით გავიხედ-გამოვიხედე, მაგრამ სანდრო არ ჩანდა. არც მაკა მოვიდა (კიდევ კარგი). 

ამჯერად, ქალბატონი იზოლდა გოგოებს წარმოსახვით სპექტაკლს ათამაშებდა. სათითაოდ გამოიყვანა ყველა და წარმოადგენინა, ვითომ სადღაც ბარში, შემთხვევით დაინახეს ყოფილი ქმარი სხვა ქალთან ერთად და როგორ მოიქცეოდნენ.

– ქცევის ყველაზე ოპტიმალური მოდელი უნდა შევიმუშავოთ! აკონტროლეთ ემოციები!
ვუყურებდი და უცებ ის რაღაც ივენთი გამახსენდა და წარმოვიდგინე, რომელიმე ბარში რომ მოგვეწყო მაგარი შოუ, სადაც ეს გოგოები გამოვიდოდნენ და სხვადასხვა ნომერს წარმოადგენდნენ.

მათ ყოფილ ქმრებს კი სამსახურებში მოსაწვევებს გავუგზავნიდით ისე, რომ არ სცოდნოდათ ცოლების მონაწილეობის შესახებ არაფერი…

სადღაც ჰოლივუდში გავფრინდი მგონი (თან რა ინფანტილური იდეები შემიპყრობს ხოლმე ხანდახან).

– შაბათს ყველანი სალონში მიდიხართ! ყველას ახალ იმიჯს მოგარგებენ. ეს თეას იდეა იყო და მეც მომეწონა.

იასამნისფერთავას სიტყვებმა გამომაფხიზლა. გამიკვირდა, რომ მოიწონა ჩემი იდეა. გოგოებს გადავხედე. ყველა კმაყოფილი ჩანდა. წამოსვლის წინ სალონის მისამართი ავუხსენი და შეხვედრის დროც დავთქვით. მეც წავყვები… იქნებ მეც შევიცვალო იმიჯი. რამდენი ხანია, თმა არ შემიჭრია.

შენობიდან გამოვედი და გაჩერებისაკენ გავემართე. აღარც მაკა მახსოვდა და აღარც ჩემი მეზობელი. 
უცებ ზურგსუკან ნაცნობი ხმა მომესმა.

– თეა?..

ვიღაცამ ოდნავ გაოცებული ტონით წარმოთქვა ჩემი სახელი. ეგრევე მივხვდი, თუ ვინ იდგებოდა ჩემ ზურგსუკან… 

6. რამ მომიკლა ჩემს სიმპათიურ მეზობელთან ყავის დალევის სურვილი?

Image

უკან მივიხედე. სანდრო თავისი მანქანიდან გადმოსულიყო და გაკვირვებული სახით მიყურებდა. მანქანა კორპუსის გვერდით გაეჩერებინა. 

ძალიან შეცვლილი მეჩვენა. თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი. “საკაიფოდ” ეცვა და რაც მთავარია, სახე ძალიან დალაგებულ-დაწყნარებულ-დასვენებული ჰქონდა (არ მიკვირს, რატომაც). ერთი სიტყვით, ახლა ბევრად სიმპათიურად გამოიყურებოდა, ვიდრე მაშინ.

გავუღიმე და მისკენ გავემართე. თვითონაც წამოვიდა ჩემკენ.

– როგორ ხარ?

ვკითხე და გადავკოცნე. 

– რამდენი ხანია, არ მინახიხარ…

– დიდი…

– რას ვიფიქრებდი, აქ თუ გნახავდი? გიყურებ და არ მჯერა, რომ შენ ხარ! აქ რას აკეთებ? არ მითხრა, რომ შენც აქ დადიხარ…

– არა, არ დავდივარ! – უფრო სწორად, დავდივარ, ოღონდ ისე არა, როგორც შენ წარმოიდგინე.
სანდრო დაბნეული მომაჩერდა.

– მოკლედ, ამ კლუბის შესახებ უნდა დავწერო და…

– აა, ახლა გავიგე! და, მაკა?.. ნახავდი, ალბათ…

– იმ დღეს ვნახე! დღეს არ არის… როგორც შენ არ ელოდი ჩემს აქ დანახვას, ისე არ ველოდი მეც მაკას… 

– წარმომიდგენია, რა დაგემართებოდა… ალბათ, მოგიყვა ჩვენზე…
მკითხა სანდრომ და ოდნავ წამოწითლდა.

– რაღაცები მომიყვა… კიდევ, მთხოვა დაგლაპარაკებოდი… მაკას რომც არ ეთხოვა, მე მაინც ვაპირებდი შენთან ლაპარაკს…

– მართლა?

– ჰო…

– სახლში მიდიხარ?

– კი!

– გაგიყვან და თან ვილაპარაკოთ!

– კარგი…

სანდრომ მანქანას შემოუარა და კარი გამოაღო. ჩავჯექი. ცოტა ხანში თვითონაც ჩაჯდა და გასაღები გადაატრიალა.

– რაო მაკამ? გამლანძღა, ხო?

– ჰო… ასე გადმოგცა, იმ ბოზთან წავიდეს, ვისაც ლექსებს უწერდაო…

– და ამას შენ მეუბნები… ღმერთო, რა ბედის ირონიაა! – გაეცინა სანდროს.

– ესე იგი, სწორად მივხვდი? ის ლექსები ჩემზე იყო?

ვკითხე და უცებ გამახსენდა, მაკა რომ ყვებოდა სანდროს ჩანაწერებზე: – იმ გოგოს თმები მკერდზე მეფინოსო და თავი ისე უხერხულად ვიგრძენი, რომ მეტი აღარ შეიძლება.

– ჩემი შთაგონება შენ იყავი, კიი… – ჩემი მუზა!

ჩაილაპარაკა გაღიმებულმა. კიდევ კარგი, თან მანქანას ატარებდა და ჩემკენ იშვიათად იხედებოდა. მის მზერას ნამდვილად ვეღარ გავუძლებდი ამ სიტუაციაში. 

– ალბათ, არ გჭირდება ამის თქმა ჩემგან, მაგრამ ძალიან მადლობელი დაგრჩები, თუ მაკას არასოდეს ეტყვი, შენი ლექსების ადრესატი ვინ არის…

– ეგ იგივეა, ჩემი ხელით გამოგჭრა ყელი და მერე თავი მოვიკლა. – გაეცინა სანდროს. 

– ნუ გეშინია მაგის! მე არ ვეტყვი და სხვა, მით უმეტეს… ეს ჩვენ გარდა არავინ იცის. ლევანი როგორ არის, მართლა?

– კარგად! ამერიკაშია…

– ვა, როდის წავიდა?

– ერთი წლის წინ… როცა გავშორდით, მაშინ…

– გაშორდით?

სანდრო ჩემკენ შემობრუნდა და მოულოდნელობისაგან კინაღამ საჭე გაექცა.

– არ იცოდი?

– საიდან?

– რავი, ნიკასგან, მაგალითად…

– ნიკას ძალიან იშვიათად ვნახულობ. რაც ცოლი მოიყვანა და მუშაობა დაიწყო…

ცოტა ხნით უხერხული პაუზა ჩამოვარდა.

– მაკამ თუ გითხრა, ბავშვს რომ მიმალავს?

– მითხრა და მეც ვუთხარი, რომ სისულელეს აკეთებს!

– დაგიჯერებდა!

თქვა სანდრომ და ისევ გაიცინა. პირველად ვნახე, ამდენს რომ იცინოდეს… თურმე, როგორ უხდება თან სიცილი. მაინც რა სასწაულია ეს თავისუფლება!

– იცი, ხშირად მიფიქრია თქვენზე… 

ვუთხარი და შეუმჩნევლად თვალი გავაპარე მანქანის გვერდითა სარკისაკენ. მაინტერესებდა, როგორ გამოვიყურებოდი.

– რა საერთო გვქონდა, არაა?

– ჰო…

– საერთოდ არანაირი! უბრალოდ… ჯერ ერთი, მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი… თან, მაკა ფეხმძიმედ იყო…

– მოიცა, მაგის გამო მოიყვანე ცოლად, რომ ფეხმძიმედ იყო?.. ჩემთვის ეგ არასოდეს უთქვამს!

– რატო იტყოდა?

– ახლა გასაგებია… 

– თქვენ იმ გოგოს გამო დაშორდით?

– არა, არა! მერე შევრიგდით და ბოლოს ისევ დავშორდით… ალბათ იმიტომ, რომ იმ პერიოდში ორივე ძალიან დამსხვრეულები ვიყავით… 

– არ ვაპირებდი კითხვას… მეც არ ვიცი, რატომ გკითხე. ახლა რას აკეთებ? როგორ ხარ?

– კარგად! ჟურნალს ვუშვებ და ბავშვებს ვზრდი. ძალიან კარგად ვარ! მშვიდად და სტაბილურად.

სანდროს აღარაფერი უთქვამს. უბრალოდ, ამოიოხრა. სახლამდე უხმოდ ვიარეთ. აშკარად ისიც ჩემსავით დაძაბული იყო. ჩემს კორპუსს რომ მივუახლოვდით, მანქანა გავაჩერებინე. 

– აი, აქ ვცხოვრობ ახლა!

– ძალიან გამიხარდა შენი ნახვა! 

– შენი ნახვა მეც გამიხარდა… რაც შეეხება მაკას, კიდევ დაველაპარაკები! 

– აზრი არა აქვს მასთან ლაპარაკს, შეუვალია! მაგას ჯობია უთხრა, სანდრომ გადმოგცა, თუ ბავშვს არ მაჩვენებ, დაფინანსებას შეგიწყვეტ და იმ სირობა კლუბში ვეღარ ივლი-თქო.

ორივეს გაგვეცინა. 

– მგონი, ეგ გაჭრის! 

– არ გინდა, ერთხელ ყავა დავლიოთ სადმე?

მითხრა სანდრომ და ისეთი თვალებით შემომხედა, კინაღამ დავთანხმდი, მაგრამ მერე აშარაშკა გამახსენდა, დეტალურად რომ აღწერდა, როგორ გაუსწორდებოდა “იმ ბოზანდარას” სანდროს გოლფის ჯოხით და სიმპათიურ მეზობელთან ყავის დალევის სურვილი დასაწყისშივე ჩავკალი. 

– სანდრო, არ მინდა პრობლემები მაკასთან… მაკაც რომ არ იყოს, ისედაც…

– ვიცი, მესმის… ძალიან გვიან გადაიკვეთა ჩვენი გზები… მილიონჯერ მაინც მაქვს დატრიალებული თავში ვერსიები, რა მოხდებოდა, ცოტა ადრე რომ გამეცანი…

სანდრომ ისევ ამოიოხრა და სევდიანად გამიღიმა. მერე მოულოდნელად ჩემკენ გადმოიხარა და ლოყაზე მაკოცა (რაც ცოლს გაშორდა, აშკარად გამბედაობა შემატებია). 

– ყველაფერი ძალიან კარგად მესმის! აი, ჩემი სავიზიტო ბარათი. გქონდეს, მაკას თუ დაელაპარაკები, გამაგებინე, რას გეტყვის.

– აუცილებლად! მადლობა, რომ მომიყვანე…

კარი გავაღე და მანქანიდან გადმოვედი. ლიფტში რომ შევედი, გამახსენდა, როგორ მხვდებოდა ხოლმე დილაობით სანდრო იმ ძველი სახლის ლიფტში და წარსულის ნოსტალგია შემომაწვა…

კარი დედამ გამიღო. დღეს ჩემთან რჩება. ბავშვებს ხალიჩაზე ჩემი ბავშვობის დროინდელი “მიუნჰაუზენის” თამაში გაეშალათ და კამათლითა და “ფიშკებით” თამაშობდნენ. თურმე დედაჩემმა შემთხვევით იპოვა და ბავშვებს წამოუღო. 

– გშია, დედიკო? პიურე და კატლეტები გაგიკეთეთ. ბავშვებმა კარგად ჭამეს.

– ჰო, შევჭამ ცოტას.

– ბევრი არ მოგივიდეს, არ გასუქდე.

მითხრა დედამ და სამზარეულოში წავიდა. 

უცებ ძალიან მომინდა, პატარა ვიყო და არ მიწევდეს ათას დებილობაზე ფიქრი. გამახსენდა, ავად რომ ვიყავი და დედა მივლიდა ხოლმე. საწოლში მაჭმევდა, მიკითხავდა ზღაპრებს და საკუთარი პატარაობის შემშურდა.

ხალიჩაზე ჩემს შვილებს შევუერთდი და მათთან ერთად ვითამაშე მიუნჰაუზენი. შემდეგ დედასთან ერთად ვივახშმე და ჩემს კაბინეტში გავედი. ბევრი სტატია დამიგროვდა წასაკითხი.

შუალედში “ფეისბუქზე” შევედი. იმ გოგოს ისევ მოუწერია.

tracy chapman-ის სიმღერის, promise-ის ლინკი გამოუგზავნია. ლინკის ქვემოთ ეწერა: – “ეს სიმღერა შენია!”

სიმღერას მოვუსმინე. ძალიან ლამაზი სიტყვები ჰქონდა. განსაკუთრებით იმ სიტყვებზე გავამახვილე ყურადღება: -i’ll find my way back to you, if you’ll be waiting… კიდევ უფრო მეტად გამიღრმავდა ეჭვი, რომ “თათია” ბიჭია.

– აქ ხარ?

მივწერე და პასუხის მოლოდინში ეკრანს მივაჩერდი.

– მოსულხარ 🙂

– მადლობა ლინკისთვის. ლამაზი სიმღერაა 🙂 რატომაა ჩემი?

– რა ვიცი, შენსავით თბილია!

– და შენ საიდან იცი, მე თბილი ვარ თუ ცხელი? )))

– გეტყობა! შენ ორივე ერთად ხარ. ცხელი ყინულივით 🙂 

– ბიჭი ხარ, ხო?

– მართლა არ ვარ ბიჭი!!! რატომ იფიქრე, რო ბიჭი ვარ? :))))

– გოგოები არ მიძღვნიან ხოლმე ასეთ სიმღერებს 🙂

– ეს ჩემი საყვარელი სიმღერაა და ვიფიქრე, რომ შენც მოგეწონებოდა! 

– რადგან “ერთ სიხშირეზე” ვართ? 🙂

– ჰო 🙂

– შენ სად ხარ ახლა?

– პარიზში ვარ, თე…

-“ეს ისევეა პარიზში, როგორც მე აფრიკაში” – გავიფიქრე ჩემთვის. თუ გოგოა, ეს ტყუილები რაში აწყობს და თუ ბიჭია, ესე იგი, კარგად მიცნობს და იცის, როგორ ჩამაგდოს ინტერესში… ნეტა ვინაა?
ცნობისმოყვარეობამ მომიცვა. 

რო მივაწვე, გინდა თუ არა, აღიარე, რომ ბიჭი ხარ-მეთქი, შეიძლება საერთოდ გააუქმოს ეს გვერდი. მოდი, ავყვები თამაშში და ვნახავ ერთი, რა უნდა!

– მანდ ცხოვრობ?

– კი. მეხუთე წელია აქ ვარ! ძალიან მენატრება თბილისი. 

– “აფერისტი” – გავიფიქრე ჩემთვის.

– ჩამოსვლას არ აპირებ?

– ალბათ, მალე ჩამოვალ! ერთი სული მაქვს! ძალიან მინდა, პირადად გაგიცნო… 

– მოიცა, თუ ხუთი წელია პარიზში ხარ, ჩემი ნოველა რანაირად წაიკითხე?

– რა ეჭვიანი ხაარ :))))) როგორ და მეგობარმა ჩამომიტანა რამდენიმე ქართული ჟურნალი. ასეც რომ არ იყოს, ონლაინში წავიკითხავდი 🙂 რა პრობლემაა?

ახლა გამახსენდა, რომ ჩემი ნოველა ჟურნალის საიტზეც არის ატვირთული. 

– კარგი, მჯერა 🙂 შენ გათხოვილი ხარ?

– არა! სანამ წამოვიდოდი, მიყვარდა ერთი… ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც წამოვედი, ეგეც იყო… მეგონა, დავივიწყებდი, მაგრამ თურმე მხოლოდ მეგონა…

– ვწუხვარ. 

– არა უშავს! ყველაფერი წინაა 🙂 ახლა უნდა გავიდე. მერე კიდევ მოგწერ, კაი?..

– საწინააღმდეგო არაფერი მაქვს 🙂 უბრალოდ, შენი სურათი გამომიგზავნე, არ მიყვარს, როცა არ ვიცი, ვის ველაპარაკები!

– მე კიდე მეგონა, სწორედ ეგ გიყვარდა :)))) კაი, გამოგიგზავნი აუცილებლად! და…

– ?

– მალე გნახავ, თეე :*

კომპიუტერი გამოვრთე და დასაწოლად წავედი. გინდა ქალური ინტუიცია დაარქვით, გინდა სხვა რამ, მაგრამ თითქმის დავრწმუნდი, რომ ბიჭი მწერს. რაღაცნაირად, ფარულ ფლირტს ვგრძნობ. გადავწყვიტე, თავი გავისულელო და თამაშში ავყვე. ვნახოთ ერთი, ვინ აღმოჩნდება.

თურმე როგორ მომნატრებია ეს ინტრიგები. მეც არა ვთქვი, რა მაკლდაა?

7. რამ გამოიწვია მიწისძვრა ბერბიჭა რედაქტორის კაბინეტში?

Image

როგორც იქნა, შაბათიც გათენდა. ჩვენი ჟურნალის ფოტოგრაფმა სახლში გამომიარა და სალონში ერთად წავედით. 

გოგოები უკვე იქ იყვნენ. სერგეის რამდენიმე მათგანი უკვე სარკის წინ დაესვა და მუშაობდა. დივანზე ვიჯექი და სალომეს ველაპარაკებოდი, როდესაც მაკამ სალონის კარი შემოაღო. მისმა დანახვამ შოკში ჩაგვაგდო. 

ეტყობა, ძალიან ეცადა, რომ ყველაზე (და განსაკუთრებით, სერგეიზე) ძლიერი შთაბეჭდილება მოეხდინა და ხაზი გაესვა იმისთვის, რომ თავის გარეგნობაზე ისედაც ზრუნავს.

მოდი, მის აღწერას ფეხებიდან დავიწყებ! პირველი, რაც თვალში მომხვდა, მისი “პაუწინა ჩულქები” იყო. ალბათ, წინა ღამეს “მულენ რუჟს” უყურა და “კან-კანის” ცეკვამ შთააგონა. ისეთ მაღალ პლატფორმებზე იდგა, რომ ფეხებს ძლივს ადგამდა. 

ტანთ “გიპიურის” მოკლე კაბა ემოსა, სტენდალის ფერებში. საწყალი სერგეი შემოსვლისთანავე გააგიჟა. ჩანთიდან ჟურნალი ამოაძვრინა და სახეზე მიაფარა.

– უყურე, ასეთი “მიორტვი ვარდისფერი” თმა “კრიკ მოდაა” ახლა! 

– შენ არ მოგიხდება ეტატ ცვეტ! ჯერ ერტი, ეტა ავანგარდ! ი კტამუ ჟე, ტვოი ცვეტ ლიცა ნი პადაიძიოტ! ი მაკიაჟი ნუჟნა სწორად შერჩევა!

მოსალოდნელი ომი თავიდან რომ ამეცილებინა, სერგეი გვერდზე გავიყვანე და მივახვედრე, რომ ყველასთვის უკეთესი იქნება, თუ მაკა სალონს დაკმაყოფილებული დატოვებს. 

სერგეი ყველაფერს მიხვდა და მაკა თავის ასისტენტს გადააბარა, რომელმაც თმა “მკვდარ ვარდისფრად” შეუღება.

თითქმის ნახევარი დღე იქ დავყავით. ეს ბიჭი მართლა პროფესიონალია. ისე კარგად შეურჩია ყველას ვარცხნილობა, რომ უკეთეს შედეგს ვერც კი წარმოვიდგენდი. მაკიაჟი პროფესიონალმა ვიზაჟისტმა გაუკეთა. ბოლოს ფოტოსესიაც მოვაწყვეთ. სერგეიმ ჩაცმულობაზეც მისცა რჩევები გოგოებს. 

ზორბა თამუნას ურჩია, რომ ფაშფაშა ტანსაცმელზე უარი ეთქვა, რადგან ის მოსაზრება, რომ ფაშფაშა ტანსაცმელი მსუქანს ვიზუალურად უფრო გაახდუნებს – მცდარია. 

თმის ფერი მეც შევიცვალე. სერგეიმ თმა უფრო გამიმუქა, ცოტათი შემჭრა. 

– ოემჯიი!

წამოიძახა მაკამ, როდესაც საკუთარი თავი სარკეში შეათვალიერა.

– ჰა?

– ო-ემ-ჯიი, – “ომაიგაად” ანუ… – ვერ მიხვდი? OMG! არასოდეს გაგიგია?

– არა…

– ხო მიხდება?

– ძალიან სხვანაირი ხარ! ჯერ ვერ შეგაჩვიე თვალი…

ვუთხარი და გამიკვირდა, როგორ შევძელი სიცილის შეკავება. “ო-ემ-ჯი”-ს მარტო ეგ თუ მოიფიქრებდა…

სალონიდან ყველანი კმაყოფილები გამოვედით. ნეტა როგორ მიაღწევს შინ მშვიდობით თავისი “პაუწინა ჩულქებითა” და “მიორტვი ვარდისფერი” თავით? ალბათ, ყოველ ნაბიჯზე მანქანები გაუჩერებენ…

– გოგო, ვეღარ გკითხე იქა, სანდრო იყო გუშინ?

მკითხა მაკამ, როგორც კი გოგოებს დავემშვიდობე და გაჩერებისაკენ წავედი.

– მოვიდა! – შენ რატო არ იყავი?

– ბავშვს სიცხემ აუწია, კიღამ გავგიჟდი. 

– უი, ახლა როგორ არის?

– კარგად! მერე, რაო იმ ვაჟბატონმა ერთი, რა ბრძანა? გადაეცი კარგები, მე რაც დაგაბარე?

– ის გადავეცი… იმანაც გადმოგცა რაღაც…

– რაო?

– აღარ დავაფინანსებ და კლუბში ვეღარ ივლის, თუ ბავშვს არ მანახებსო…

– ხედავ, რას მიკეთებს? ხედავ შენაა? გამოსავალის არდატოვება ჰქვია ამას!!!

– არც შენ დაუტოვე სხვა გამოსავალი და…

– მართლა რო გააკეთოს…

– ანახე ბავშვი, მაკა! თან ავად თუ არის, გაუხარდება… ვერ ხვდები, რომ ბავშვსაც სჯი მაგით?

მაკა მოლბა. ერთი სული მქონდა, როდის წავიდოდა. მანქანებიდან უკვე ალმაცერად გვიყურებდნენ.

– ხვალ შაბათია და გაასეირნოს “ბომბორაში”…

– ძალიან კარგი… 

– თან, წასაყვანად რომ მოვა, ჩემს ახალ იმიჯსაც ნახავს და გულზე გასკდება! იფიქრებს, რა საეჭვოდ გალამაზდა, ნეტა ვინმე ხო არ ჰყავსო… ხო გადასცემ შენ, რომ შაბათს ან კვირას წაიყვანოს ბავშვი?

– კარგი, ვეტყვი. ოღონდ მობილურის ნომერი მომწერე მერე… გავიქეცი ახლა, ბევრი საქმე დამიგროვდა სამსახურში და აუცილებლად უნდა შევიარო.

მაკას აღარ ვუთხარი, რომ სანდრომ თავისი სავიზიტო ბარათი მომცა.

– კარგი, ძვირფასო! აბა, შენ იცი… მპუა! მე ცოტას გავივლი ფეხით. ახალ იმიჯს “დავტესტავ”…

ტაქსი გავაჩერე და ჩავჯექი. კარი რომ უნდა მიმეხურა, უცებ ვიღაც ბიჭი გაჩნდა და კარს ხელი ჩაავლო. კინაღამ ხელი მოვაყოლე. 

– აუ, დაიკო… ძმურად, ჩავჯდები და მეტრომდე გამწიე რაა!

– გადი დაიკარგე აქედან! – შეუტია წინიდან მძღოლმა.

– ორი ნაბიჯია, რა იყო, ტო…

– თუ ორია, შენც ადექი და გადადგი! კლიენტს რას აწუხებ!

ბიჭმა ხელი ჩაიქნია და მანქანას მოშორდა. ამ ბოლო დროს, რომ ვუკვირდები, ასე მგონია, 90-იანი წლები ბრუნდება, თავისი ძველი ბიჭებითა და ავარებით, რაც ძალიან არ მსიამოვნებს. “ჩემი კაი” და “სიმონებიღა” გვაკლია სრული ბედნიერებისთვის.

არა, მაინც რა ჯადო მჭირს ისე… სულ დაქნეულებს რომ ვიზიდავ? 

გოჩამ სამსახურში მისვლისთანავე გამომკითხა, რა ხდებოდა სალონში. ვუთხარი, რომ გოგოები ძალიან გახალისდნენ და ხვალ ფოტოგრაფი სურათებსაც მოიტანდა. გოჩამ მითხრა, რომ რაც კი იდეა მომივა, ყველაფერი ჩამოვწერო და შევუტანო. 

რა საეჭოდ აქტიურობს ეს კაცი? რაშია საქმე? ასეთი რა ახლობელია ის დამფუძნებელი, რომ ტყავიდან ძვრება? მეტი საქმე არა აქვს?

ჩემს კაბინეტში შევედი და მასალების კითხვა დავიწყე. მაიკოსაც ბევრი საქმე ჰქონდა. კორექტორები თავიანთ ოთახში იყვნენ შეყუჟულები. არ გასულა ორი საათი, რომ მოულოდნელად გოჩას კაბინეტიდან საშინელი ბრაგვანის ხმა გაისმა.

თავიდან მეგონა, რაღაც აფეთქდა. ყველაფერი აზანზარდა. დერეფნის ბოლოდან ქალების კივილი მოისმა:

– მიწისძვრა!

გიჟივით წამოვხტი და გოჩას კაბინეტისაკენ თავპირისმტვრევით გავიქეცი. მეგონა, ცოცხალი აღარ დამხვდებოდა.

სასწაული სურათი გადამეშალა თვალწინ: გოჩას ოთახის ცენტრში ბილი ზეინი პატა იწვა გულაღმა გაშხლართული. ერთი ქეჩა თავქვეშ ედო, მეორე ეტყობა, ფეხი რომ გადაადგა, მაშინ გასრიალდა და გოჩას მაგიდის ქვეშ შევარდა. თავად გოჩა კი გაფითრებული სახით იჯდა და ფეხზე ვეღარ დგებოდა. 

ჩემ უკან ჟურნალის მთელი შემადგენლობა შეიკრიბა. 

– სასწრაფოდ სასწრაფოში დარეკეთ ვინმემ!

დაიძახა გოჩამ და დაფაცურდა. მეც ეგრევე დაზარალებულთან გავჩნდი და მაჯა შევუმოწმე. გული უცემდა და სუნთქავდა. უბრალოდ, როგორც ჩანს, გონება დაკარგა. აბა, რა იქნებოდა? “ფეხშველა თავს” რომ დაათხლიშავ მეტლახზე მთელი ძალით…

მაიკომ სასწრაფო გამოიძახა. გოჩამ პატას დივანზე დაწვენა მოინდომა, მაგრამ არ დავანებე. შეიძლება ტვინის შერყევა აქვს ან რაღაც მოიტეხა. არაფრით არ შეიძლება მისი განძრევა, სანამ ექიმი არ ნახავს.

თვალები რომ გაახილა, მივხვდი, არ ახსოვდა, როგორ წაიქცა. შეშინებული იყურებოდა ქვემოდან ზემოთ. შეეშინდებოდა, აბა რა? ათი პირდაღებული კაცის თავი რომ დაგყურებს ერთდროულად…

– პატა, როგორ ხარ? გტკივა რამე?

– რა მოხდა?

თავის წამოწევა დააპირა, მაგრამ ტკივილი იგრძნო და ისევ უკან დადო.

– ფეხი აგისრიალდა და დავარდი.

უთხრა გოჩამ და დამნაშავესავით აიწურა. სასწრაფო მალე მოვიდა. როგორც გაირკვა, არც ტვინის შერყევა აქვს და არც სხვა ტრავმა. მოკლედ, გადარჩა! არადა, რა სასაცილოა, ერთმა ქეჩამ კინაღამ დაღუპა და მეორე ცალმა გადაარჩინა. იმედია, გოჩა ახლა მაინც მოაშორებს კაბინეტიდან ამ ოთხმოცდაათიანი წლების გადმონაშთს. არ გააჭირა საქმე თავისი “ფეხსაცმლისძირისბაქტერიაფობიით”?

როგორც მოგვიანებით გავიგე, პატა ივენთის დასაგეგმად მოვიდა და გოჩას ნახვის მერე ჩემთან აპირებდა შემოსვლას. სამწუხაროდ, ჩვენი შეხვედრა ჩაიშალა და პატა სახლში წაიყვანეს გამოსაშუშებლად. ივენთი კი სამ კვირაში იგეგმება. წასვლას ვაპირებდი, როდესაც ჩემს კაბინეტში მაიკო შემოვიდა.

– ჰალილუია!

წამოიძახა და შავი ცელოფნის პარკი დამანახა.

– რა გაქვს მანდ?

– გამოიცანი…

– რა ვიცი… რამე “ნამიოკი” მაინც მითხარი.

– დასრიალებს!

– გველი?

ინსტინქტურად წამოვიძახე.

– არა, გოგო! ქეჩებია, ქეჩები… გოჩამ – მოაშორე აქედანო.

– გაახარებს ღმერთი იმ პატას! ცოტა ადრე მაინც მოსულიყო და წაქცეულიყო!

– შენ ეგა თქვი. ისე, მე და შენ კი უნდა აღვნიშნოთ, წესით, ეს ამბავი.

– წამო ჩემთან! წითელი ღვინო მაქვს სახლში და გლინტვეინს გავაკეთებ უცებ!

მე და მაიკო ერთად გამოვედით და მისი მანქანით წავედით ჩემს სახლში. მოკლედ, ყველას ჰყავს მანქანა, ჩემ გარდა. აი, რა მაკლია სრულ ბედნიერებამდე.

ბავშვებმა რომ დაიძინეს, მე და მაიკო დივანზე მოვეწყვეთ და გლინტვეინს მივეძალეთ. 

– რა ხდება შენკენ? რედაქციაში ვერ გელაპარაკები ხოლმე პირადზე. ნუნუს და ლეილას ცალი ყური ჩემი კაბინეტისკენ აქვთ ხოლმე გამოშვერილი სატელიტური თეფშივით.

– ორი ჭორიკანა. არაფერი განსაკუთრებული. ერთი ბიჭი გავიცანი ამას წინათ. ძალიან კარგი ბიჭია, ბაჩოსგან განსხვავებით…

– ბაჩო არ გირეკავს ხოლმე?

– მირეკავს არა… მეტი საქმე არა აქვს!

– კი მაგრამ, ისე კარგად იყავით ერთად ბოლოს…

– ვაიმე, თე… ეგ ბიჭი სერიოზულ ურთიერთობას ვერავისთან ვერ დაამყარებს. ბოლო შეხვედრაზე შემცივდა. საღამო იყო და თხელი კაბა მეცვა. თავისი ტყავის “კურტკა” გაიხადა და მომაწოდა. რომ ჩავიცვი, მეუბნება – ეს “გუჩია” და იცოდე, არ გაოფლიანდე შიგნითო.

– ეგ რა სათქმელი იყო… დებილი…

– მაგას თავისი თავის გარდა არავინ არ უყვარს, დამიჯერე! გოგო, ძალიან გვიანია და წავალ, თორე გაგიჟდებიან ჩემები.

მაიკო გავაცილე და მეც დავწექი. ძილის წინ ტელეფონით “ფეისბუქში” შევიჭყიტე. თათია მწერდა:

– თე, რაღაც მინდა გკითხო… უცნაურად მოგეჩვენება, მაგრამ მაინც გკითხავ! – აი, უცებ ბარათზე თანხა რომ ჩაგირიცხო, ერთ-ერთ იდუმალ და ზღაპრულ კუნძულზე, ქოხი- სასტუმრო რომ დავჯავშნო ერთი კვირით – ჩამოხვალ?..

8. გაუთვალისწინებელი შემთხვევა პაემანზე

Image

ამ ბოლო დროს რატომღაც ხშირად მახსენდება ჩემი თინეიჯერობის პერიოდი. საკმაოდ გვიანობამდე შემორჩა ჩემში ინფანტილიზმი. შეიძლება ითქვას, რომ 15 წლიდან ახალი ცხოვრება დავიწყე. ჩემს ცხოვრებაში ორი დაუჯერებელი რამ მოხდა: 

1. პირველად ვიგრძენი სერიოზული ლტოლვა ბიჭის მიმართ (პირველ სიყვარულს რომ ეძახიან, ის); 

2. როგორც იქნა, დაბადების დღეზე განსხვავებული საჩუქარი (სუნამო) მაჩუქეს. მანამდე რატომღაც მხოლოდ ტრუსებსა და (ხანდახან) პლუშის სათამაშოებს მჩუქნიდნენ. როგორი ტრუსი აღარ მქონდა – უბრალო, ბრალიანი, ხელოვნური, ბაფთიანი, “ნედელკა” და რა ვიცი… ჰოდა, იმას ვამბობდი, მაშინ სად იყო ინტერნეტი? 

დროც, ალბათ, იმიტომ გადიოდა თითქოს ნელა… ახლა კიდევ, შევძვრებით ამ ვირტუალურ სამყაროში და უსასრულობამდე “ვსქროლავთ” “ფეისბუქის” მთავარ გვერდზე.

საწოლში წამოვჯექი და წარმოვიდგინე, რა დამემართებოდა, ეს მესიჯი ლეპტოპის ეკრანზე კი არა, წერილის სახით რომ მომსვლოდა… კარგად მახსოვს ის შეგრძნებები, რომლებსაც დასასვენებლად წასულს, ფანჯრიდან შემოყრილი წერილები მგვრიდა. რომ არ ვიცოდი, ადრესანტი ვინ იყო და როგორც ნივთმტკიცებას, ისე ვამოწმებდი ფურცელს, კალიგრაფიას, სუნს… 

ვირტუალურმა სამყარომ თითქოს ინდივიდუალობა წაგვართვა. სტანდარტული შრიფტი, შაბლონები, სმაილები… ვერ ჩახედავ თვალებში მოსაუბრეს, რომ მიხვდე, გულწრფელია თუ თამაშობს. აქ ნებისმიერი ვინმე შეგიძლია იყო…

– ეს კითხვა რატომ დამისვი? ან, როგორ პასუხს ელოდები ჩემგან? – მივწერე თათიას.

– მაინტერესებს, მართლა მოგწონს ასეთი იდუმალი რაღაცები თუ არა! ან, რამდენად რისკიანი ხარ Undecided

– ვინ იტყვის უარს იდუმალი კუნძულის სასტუმროში წასვლაზე?

– კითხვა არასწორად დასვი. უფრო სწორი იქნებოდა, რომ გეკითხა: – ვინ იტყვის უარს ვირტუალური უცნობისაგან ასეთ შემოთავაზებაზე? – პასუხი ისედაც იცი!

– “კი” რომ გითხრა? ეს რას მოგცემს?

– გამიხარდება! იმიტომ, რომ მე წავიდოდი… შენ რაც შეგეხება, მგონია, რომ ექსტრიმი გაკლია! გიყვარს და არ გაქვს.

– ეს დასკვნა საიდან გამოიტანე?

-შენი ნაწერებიდან… 

– მე კიდევ მგონია, რომ ჩემს ნაწერებზე გაცილებით ბევრი რამ იცი და არ მეუბნები…

– ვინ იცის…  შეგიძლია მითხრა, ამ წუთებში რისი გაგება გინდა ყველაზე მეტად?

– რატომაც არა! – მაინტერესებს, ვინ არის “ყოფილი ცოლების კლუბის” დამფუძნებელი.

– აქამდე ვერ გაიგე? მიკვირს…

– რატომ ვითომ?

– იმიტომ, რომ ცნობისმოყვარე ხარ და იქამდე არ მოისვენებ, სანამ არ გაიგებ იმას, რაც გაინტერესებს!

– მოდი, მოვრჩეთ ამ მასკარადს და მითხარი, რომელი ხარ?

– აი, ეს ვარ!

მომწერა “თათიამ” და სურათი გამომიგზავნა. ტელეფონის კამერით იყო გადაღებული, ვიღაც შავგვრემანი გოგო, რომელიც ეიფელის კოშკის წინ იდგა. ფოტო გავადიდე და დავაკვირდი. უცხოელს არ ჰგავდა, “ქართული სახე” ჰქონდა.

– საიდან უნდა ვიცოდე, რომ ეს ხარ?

– თუ მოინდომებ, ადვილად გაიგებ!  ხვალ ისვენებ? გაქვს რამე გეგმები?

– დილით ბავშვები უნდა გავისტუმრო თავიანთ მეორე ბებია-პაპასთან. მერე არაფერი დამიგეგმავს…

– მეორე ბებია-პაპა რომელია? 

– ჩემი ყოფილი დედამთილ-მამამთილი… 

– გასაგებია! ახლა უნდა წავიდე, თე, წარმატებულ დღეს გისურვებ! დროებით :*

ტელეფონი ტუმბოზე დავდე, თავი – ბალიშზე… ფაქტია, რომ ვინც უნდა იყოს, ძალიან კარგად იცის, როგორ დამაინტრიგოს. ნეტავ რა აქვს ჩაფიქრებული? ხომ შეიძლება, კლუბის მფლობელი აღმოჩნდეს? მაგრამ გაუგებარია, რა უნდა ჩემგან…

უცებ ერთმა აზრმა გამინათა გონება. მისი გამოგზავნილი ფოტო დესკტოპზე გადმოვიწერე და “გუგლში” ავტვირთე. წყაროს ვერ მივაგენი, მაგრამ ის მაინც გავარკვიე, რომ ინტერნეტიდან არ გადმოუწერია.

ძლივს დამეძინა. მთელი ღამე კუნძული და პაპუასები მესიზმრებოდა. დილით მესიჯის ხმამ გამაღვიძა. ტუმბოზე მობილურს გადავწვდი.

– chemtan shexvedra xom ar gadmoifiqre? 🙂 tu gadmoifiqre, mashin sagamos sadme yava davliot. Sandro

ჯანდაბა!!! სულ დამავიწყდა, რომ მაკას ნათქვამი გადამეცა მისთვის. არადა, მაშინვე გამომიგზავნა სანდროს ნომერი. 

სასწრაფოდ გადავურეკე.

– სანდრო, როგორ ხარ?

– ნეტა ამ სიტყვებით იწყებოდეს ჩემი ყოველი დილა… კარგად, შენ როგორ ხარ?

– შერცხვენილი და გაბრაზებული…

– ვისთან? ვისზე?

– შენთან და საკუთარ თავზე! მაკამ მთხოვა გადმომეცა შენთვის, რომ შაბათ-კვირას ბავშვი წამოგეყვანა… მე კიდე, სულ გამომივარდა თავიდან…

– დავიწყოთ იქიდან, რომ მაკა არ გთხოვდა! მაკა არასოდეს არავის არ სთხოვს, მაგან მარტო მოთხოვნა იცის. ჰოდა, მეორეც ერთი, გუშინ არ ვიყავი ქალაქში… ასე რომ, მაგაზე არც იდარდო! ახლა გავალ და გავასეირნებ საბას. 

– რაც შეეხება ყავას… გადმოფიქრებაზე ვფიქრობ…

– დალაპარაკება მინდა შენთან, იმ რაღაცა კლუბთან დაკავშირებით…

– კარგი, მაშინ შევხვდეთ…

– შვიდისთვის გამოგიარო?

– გამომიარე!

– კარგი… მაშინ საღამომდე.

– საღამომდე…

მობილური გავთიშე და ავდექი. ნეტა რა უნდა მითხრას იმ კლუბზე? მე მგონი, უბრალოდ, მიზეზია… ბავშვებს ჩავაცვი და ვასაუზმე. მალე ჩემი ყოფილი მამამთილი მოვიდა მანქანით და წაიყვანა. გვიანობამდე არ მოვლენ. 

სკაიპი ჩავრთე და ლევანს დავურეკე. იქ ახლა ღამეა. დიდხანს გადიოდა ზარი. ის იყო, გათიშვას ვაპირებდი, რომ მოულოდნელად კამერა ჩაირთო და კადრში ვიღაცა გოგო გამოჩნდა. იასამნისფერი ღამის მაისური და შორტი ეცვა. პირველი, რაც თვალში მომხვდა, პიჟამაზე წარწერა იყო: – forget me not.

სასწრაფოდ გავთიშე კამერა და სკაიპიდანაც გამოვედი. რაღაც უსიამოვნო განცდა დამეუფლა. ალბათ, ესეც ყოფილი ცოლის ეგოიზმია. აბა, სხვა რა არის ეჭვიანობა, თუ არა ეგოიზმი? რა არის ეჭვიანობის არსი? ის, რომ არ გინდა, შენი საყვარელი მამაკაცი სხვასთან ერთად ნახო. გინდა, რომ 24 საათი მარტო შენზე ფიქრობდეს და შენით იყოს დაკავებული… აქამდე არასოდეს ვყოფილვარ ეჭვიანი და იმედია, არც ახლა გადამიბრუნდება რაღაცა ტვინში.

ეს იასამნისფერიც რას ამეკვიატა! სადაც გავიხედავ, ყველგან რაღაც იასამნისფერი…

ყურადღება რომ გადამეტანა, ჩემს ბიძაშვილს დავურეკე. მისი უდარდელი და თავისუფალი ხასიათი ახლა სწორედ ისაა, რაც მჭირდება.

– ელ, სად ხარ?

– სარეპეტიციოში…

ჩურჩულით მითხრა ელენემ.

– რას რეპეტიციობ?

– მერე მოგიყვები! გადმოგირეკავ მალე…

– კარგი, კარგი…

ყურმილი გავთიშე და ახლა ქეთის დავურეკე. ბავშვები “ბომბორაზე” წაუყვანია. თიკა დღეს მორიგეა, ვიცი… სოფოს სხვა დროს შევეხმიანები, ახლა არ მაქვს სენტიმენტების თავი. ჯერ ერთი, ყველაფერზე გული უჩუყდება და მეორეც, ასჯერ მაყოლინებს მშობიარობის პროცედურებს. – მე კიდევ მშობიარობა მინდაა?

ტელევიზორის წინ მოვკალათდი, ყავა დავიდგი და “დისქავერი” ჩავრთე. mythbusters გადიოდა. როგორ მიყვარს ეს გადაცემა და სულ ვოცნებობ, რომ რამე ლეგენდა მეც დავანგრიო. 

ყურება ელენეს ზარმა შემაწყვეტინა. 

– გოგო…

– ჰა?

– არ მეცალა წეღან! ერთი ტიპი გავიცანი ამას წინათ, ვალტორნისტია!

– რისისტიი?

– ვალტორნა, არ გაგიგია, საკრავი როა?

– როგორ არა…

უცებ სიცილი ამიტყდა.

– რა გაცინებს?

– ის ანეკდოტი გამახსენდა უცებ, საქსაფონზე…

– რომელი?

– ქალი რო ურეკავს ახლობელს, გია, ჩემი ქმარი შოკირებული დაბრუნდა შენგან გუშინო… ასე მითხრა, გიას ოქროს უნიტაზი ჰქონია და მართალიაო?..

– მერე იმან რაო?

– უი, მაგ გაოხრებულმა ჩამი***ა საქსაფონშიო?

– ჰა-ჰა-ჰააა, ჰა-ჰა-ჰაა, ავყირავდი!

– მაგას არ მოუყვე ახლა!

– უნდა მოვუყვე! გადავაკეთებ ვალტორნაზე. “მამენტ”, უფრო ფართო ხვრელი აქვს…

– მეც არა ვთქვი, სად სარეპეტიციოშია-მეთქი? აუტეხეთ უკვე ჟღარუნი საკრავებს?

– უიმე, როგორ იცი ხოლმე რაა! ხო არ ვეცემოდი გოგო… 

– რა ვიცი, რა ვიცი…

– რაღაც კარგ ხასიათზე ჩანხარ! რა ხდება?

– საღამოს შეხვედრა მაქვს!

– ვისთან?

– სანდროსთან… ოღონდ, კლუბზე უნდა დამელაპარაკოს!

– მიზეზია ეგ!

– მეც ასე ვფიქრობ…

– შეხვდი და ილაპარაკე! ნეტაი შენ…

– ჰო… წეღან ლევანს დავურეკე სკაიპით და ვიღაც ქალმა ჩართო კამერა. 

– მერე?

– არაფერი…

– დაიგრუზე?

– თითქოს არა და ამ დროს ჰოო…

– როგორი იყო?

– რავი, უცხოელი…

– ნუ, ეგ თავისთავად!

– ვერ მოვასწარი დაკვირვება. ეგრევე გავთიშე…

– მერე დაგირეკავს ალბათ ლევანი…

– ალბათ. კაი, წავედი ახლა, ცოტას დავწერ!

საღამომდე რა აღარ გავაკეთე. ცოტა დავწერე, სახლი დავალაგე, საჭმელიც გავაკეთე. “ვგუგლე”, “ვსქროლე”, ასე მეგონა, დრო გაჩერდა. რა უცნაური მოვლენაა, როცა გინდა, რომ დრო მალე გავიდეს, ლოკოკინასავით მიიზლაზნება და როცა პირიქით, – აშარაშკასავით სწრაფად გარბის… 

შხაპი მივიღე, მოვწესრიგდი და ამასობაში შვიდი საათიც გახდა. სანდრო უკვე ქვემოთ მელოდა. ამჯერად მე დავასწარი და სანამ მანქანიდან გადმოვიდოდა, მაქანის კარი გამოვაღე და დავჯექი.

– მშვენივრად გამოიყურები! შეცვლილი მეჩვენები… გიხდება შოკოლადისფერი თმა.

– მადლობა…

– არაფრის… მარა, მაკას რა უქნია ტოო, საკუთარი თავისთვის?..

– არ მოგეწონა?

ვკითხე და სიცილი ამიტყდა.

– სულ გაგიჟდა, ჩემი დედა ვატირე… იმ თმის ფერი პომადა ესვა. კარი რო გააღო, იმენა შემეშინდა! ეგეთი რაღაცები მაინც არ იცოდა, ახლა სულ აიშვა ტო…

სანდრომ მანქანა ერთი რესტორნის წინ გააჩერა. 

– აქ რა გვინდა?

– ვივახშმოთ…

– აკი ყავაო?

– ყავა დავაყოლოთ!

– სანდრო…

– კარგი რა!

– კარგი…

გამეღიმა და მანქანიდან გადმოვედი. კამათის თავი ნამდვილად არ მქონდა. რომც მეკამათა, მე შენ გეტყვი, ადვილად გადავათქმევინებდი? თავის ყოფილ ცოლთან კამათის გამოცდილების ფონზე, ჩემი რა უსუსური იქნებოდა, პეპლის გაფართხალებასავით…

რესტორანში არ იყო ბევრი ხალხი. სანდრო ყველაზე მოყუჩებული ადგილისაკენ გაემართა და მეთორმეტე მაგიდასთან გაჩერდა. სკამი გამომიწია, დავჯექი. მაგიდა თავიდან ვერ დავინახე, რადგან დიდი დეკორატიული ლამპიონები ეფარებოდა. სამაგიეროდ, მაგიდიდან კარგად ჩანდა დარბაზი. ჯაშუშებისთვის ეს ადგილი ნამდვილი მისწრება იყო.

როგორც კი დავსხედით, ოფიციანტი მოგვიახლოვდა და მენიუ დაგვიდო. როგორ მომწონს ბიჭი მიმტანები შავი ან თეთრი (უფრო შავი) წინსაფრებით. თან, რა სიმპათიურებს არჩევენ ხოლმე პრესტიჟულ რესტორნებში. 

ბერძნული სალათა ავირჩიე, სანდრომ ხორცის ასორტი და წითელი ღვინო დაამატა. ოფიციანტმა შეკვეთა დაიმახსოვრა და წავიდა. 

– ხომ დალევ?

– ცოტას კი! ბევრს არა…

– მახსოვს შენი სიმთვრალე…

გაიცინა სანდრომ. მე კიდევ დავფიქრდი, ნეტა რომელი გაახსენდა? – პირველად რომ გვესტუმრა, მე რომ კარი შემეშალა და მის დივანზე თმისსამაგრი დავტოვე თუ წყნეთში?..

– რა გაინტერესებდა იმ კლუბზეე?

სიტყვა ბანზე ავუგდე.

– ჰა? აა, ჰო… მაინტერესებს, საიდან მოხვდა მანდ მაკა! როგორც გავიგე, ჯერ ძალიან ცოტა წევრი ჰყავთ…

– მაკას გაუგებარი რა დარჩებოდა ამქვეყნად? ეგ მე სულაც არ მიკვირს. ისე, ეგ კლუბი უცხო ხილია ჯერ ჩვენთვის. თუ გაინტერესებს, შევეკითხები, საიდან გაიგო…

– მფლობელი ვინაა?

– აზრზე არა ვარ! მკაცრად გასაიდუმლოებულია! ჩემმა რედაქტორმა იცის და არ ამბობს. თან, მგონია, რომ მისი ახლობელია… ძალიანაა ჩართული ესეც. ან შეიძლება სარგებელს იღებს რამეს…

– საინტერესოა, რატო არ ამხელს ვინაობას…

– სამ კვირაში ივენთი იგეგმება. ჰოდა, ტიპი, რომელსაც ორგანიზაცია ევალებოდა, დაეცა და ვერ დაველაპარაკე…

– შენ რომ დაგინახავდა, დაეცემოდა, აბა, რა მოუვიდოდა!

– არა კაცო, ქეჩაზე გასრიალდა. – ნუ, რა მნიშვნელობა აქვს…

– უსაშველოდ საყვარელი ხარ, იცი?

– კარგი რაა… რაღა დროს ჩემი საყვარლობაა!

– ახლა უფრო…

– ოოო…

– აი, კიდევ…

– ეს შენ გეჩვენება ასე! სინამდვილეში ჩვეულებრივი ვარ! 

– არ მჯერა! მაგრამ არ გედავები… არ მინდა თავი უხერხულად იგრძნო.

დიალოგი რესტორნის მომღერალმა გაგვაწყვეტინა. ჩვენი ოფიციანტიც მოვიდა და ლანგრიდან რაღაც ფაფისმაგვარი კერძი გადმოიღო.

– ეს რა არის?

შეეკითხა სანდრო. ოფიციანტი დაბნეული მოგვაჩერდა.

– კუსკუსი…

– რა კუსკუსი? ჩვენ არ შეგვიკვეთავს ეგეთი რაღაც…

– რის უსიო? – ვერაფერი ვერ გავიგე და სანდროსკენ გადავიხარე.

– აუჰ, მაპატიეთ… ოცდამეერთე მაგიდაზე მიმქონდა და მეთორმეტეში ამერია! ბოდიში…

– არა უშავს. ყველაფერი ხდება.

დაამშვიდა სანდრომ. ოფიციანტმა კუსკუსი უკან წაიღო.

– ხო წარმოგიდგენია, თე… რა უცნაური “როჟა” უნდა იყო, რომ ასეთ რესტორანში კუსკუსი შეუკვეთო…

ჩამძახა ყურში სანდრომ.

– მე არასოდეს მიჭამია ეგ კუსკუსი!

– შევუკვეთო? ღომს წააგავს…

– არაა! გული მიგრძნობს, რომ არ მომეწონება!

– არ მოგერიდოს!

ორივეს გაგვეცინა. მე ოფიციანტს თვალი გავაყოლე. რატომღაც დამაინტერესა, ვინ შეუკვეთა კუსკუსი. 

ოფიციანტი სცენის მარცხენა კუთხეში მდგარ მაგიდასთან გაჩერდა. ლამპიონი არ მაძლევდა საშუალებას, გამერჩია, თუ ვინ იჯდა ოცდამეერთე მაგიდასთან. ამიტომ ფეხზე წამოვდექი და ისე გავიხედე. 

მოულოდნელობისაგან თავზარი დამეცა. წამიერად სანდროც კი დამავიწყდა… ყველაფერს წარმოვიდგენდი, ამის გარდა.

ოცდამეერთე მაგიდასთან, არც მეტი, არც ნაკლები – ჩემი რედაქტორი გოჩა და კლუბის იასამნისფერთავა ფსიქოლოგი – იზოლდა ისხდნენ…

9. სამოცდაცხრის საიდუმლო

Image

– რა მოხდა? ვინ დაინახე? – მკითხა სანდრომ და თვითონაც ფეხზე წამოდგა, რომ გაეხედა.
– ის კაცი ჩემი რედაქტორია! 

– მერე?

– ის ქალი კიდე კლუბის ფსიქოლოგი… რას აკეთებენ ერთად?

– ის ქალია კლუბის ფსიქოლოგი?

– ჰო…

– ვა! როგორც ჩანს, კუსკუსს ჭამენ…

– და როგორც ჩანს, ერთმანეთს იცნობენ! 

უცებ ლაპარაკი შევწყვიტე და სანდროსაკენ მკვეთრად შევტრიალდი.

– შენ იცოდი, რომ ესენი აქ იქნებოდნენ? ასეთი დამთხვევა შეუძლებელია… 

სანდრომ რაღაცის სათქმელად პირი გააღო, მაგრამ უცებ გაჩუმდა და ჩაფიქრდა. მისმა რეაქციამ უფრო გამიღრმავა ეჭვი.

– თათია ხარ!

ძალიან მტკიცე ტონით წარმოვთქვი და გამჭოლი მზერა მივაპყარი.

– ვინ ვარ? – შეცბა.

– თათია!

– ეგ როგორ გავიგო?

– ფეისბუქზე მწერს ვიღაცა, ვითომ თათია… მე ვფიქრობ, რომ ბიჭია! გუშინ ღამე ველაპარაკე და დილით შენი მესიჯი მომივიდა…

– ჩემთან რა კავშირშია ეს ყველაფერი? რაღაც ვერ გავიგე…

– გუშინ მკითხა, ყველაზე ძალიან რისი გაგება გაინტერესებსო და ვუთხარი, კლუბის მეპატრონის ვინაობის-მეთქი…

– თე, მე არავითარი კავშირი არ მაქვს ამ ყველაფერთან! გეფიცები… გამოგიტყდები, კლუბზე დალაპარაკება არ იყო შენთან შეხვედრის მიზანი. თუმცა, მეც ძალიან მაინტერესებს შიდა სამზარეულო, საიდან მოხვდა მანდ მაკა. შენი რედაქტორი კიდევ თვალით არასოდეს მინახავს, მაგრამ არის ერთი რაღაც… უცნაური…

– რა?

– გამოდის, რომ ეს რესტორანი შემთხვევით არ ამირჩევია! არც დრო…

– ანუ?

– მეილზე მომივიდა რესტორნის დღევანდელი “ივენთის” ანონსი. 19:30 საათიდან ეს მომღერალი იმღერებს და სასიამოვნო სიურპრიზი გელითო… 

– და მეილი ვისგან მოგივიდა? რესტორნის სარეკლამო ოფიციალური მეილი იყო?

– მისამართს არ დავკვირვებივარ! მოიცა, ვნახავ…

სანდრომ ტელეფონი ამოიღო და თავისი მეილი გახსნა. 

– არ არის რესტორნის მეილი. შეხედე, ვიღაცა კერძო პირის სახელითაა გამოგზავნილი… 

სანდროს მობილურის ეკრანს დავხედე – archi69@gmail.com.

– რას ფიქრობ?

მკითხა სანდრომ, როცა ორივე დავსხედით.

– ალბათ, არჩილი ჰქვია. თუ რესტორნის მენეჯერია ან ვინმე staff-იდან, მაშინ არ ვიცი… უცნაური დამთხვევაა ძალიან!

– მოიცა, მივწერ ახლა, ჩემი მეილი საიდან გაქვს-მეთქი, შევეკითხები…

– კარგი აზრია. ნეტა მაკამ ხომ არ გაიგო თმის სამაგრის მფლობელის ან შენი ლექსების ადრესატის ვინაობა და სპეციალურად გვიწყობს რამეს?

საკუთარმა სიტყვებმა შემაშინა.

– მაკა ვერ მოითმენდა და პირდაპირ მოგვივარდებოდა შენ ან მე. მაგდენი ჭკუა სად აქვს, რომ ინტრიგები ხლართოს… მე არ ვიცი მისი სპონტანური ხასიათის ამბავი? იმ დღესაც, დღიური რომ იპოვა, სამსახურში გამომიარა. არ იცოდა, რომ მე ადრე წამოვედი სახლში. გიჟივით ხო მოვარდა? მე აბაზანაში ვიყავი, შხაპს ვიღებდი.

ჯერ კართან დადგა, რაღაცა შემეკითხა, მერე თვითონვე უპასუხა თავის თავს, თვითონ იჩხუბა საკუთარ თავთან, რაღაცები დაამტვრია, დალეწა და აბაზანიდან უკვე განქორწინებული გამოვედი.

მიუხედავად იმისა, რომ განერვიულებული ვიყავი, სიცილი ამიტყდა. ოფიციანტმა, როგორც იქნა, ჩვენი შეკვეთა მოიტანა, მაგრამ მადა საერთოდ დაკარგული მქონდა.

– თე, ნუ ღელავ! ყველაფერს გავარკვევ. ეს გოჩა კიდე ვერ დაგინახავს. რომც დაგინახოს, მერე რა? რას აშავებ? თვითონ უფრო გაუტყდება, იმ ქალთან რო გამოიჭირე.

რამდენიმე ლუკმა უხალისოდ დავღეჭე. სამაგიეროდ, ღვინო გადავკარი არაყივით. იქნებ ცოტა დაძაბულობა მომეხსნას. გოჩა და იზო შეხმატკბილებულად ისხდნენ და გუგულებივით ჭუკჭუკებდნენ. სანამ ჩვენ ვივახშმეთ, ერთი-ორჯერ იცეკვეს კიდეც. აშკარად ნათელია, რომ ერთმანეთს ეპრანჭებიან. 

ამ ჩუმჩუმელა გოჩას როგორი კუსკუსი და კურკური სცოდნია, ხედავ შენ?..

რესტორანში ხალხმა იმატა. თითქმის ყველა მაგიდა შეივსო. ის მომღერალი საკმაოდ კარგად მღეროდა. ცოტა დავმშვიდდი…

– სანდრო, კარგად დაფიქრდი, ვინ შეიძლება იცოდეს…

– გიჟი გგონივარ? არავისთვის არაფერი მითქვამს, ჩემი უახლოესი ძმაკაცისთვისაც კი… გამორიცხულია, მაკას ეს გაეგო. ყოველ შემთხვევაში, ჩემი მხრიდან…

– უბრალოდ, ვცდილობ გავერკვე. შენ არაფერს გაბრალებ! ნეტა რა სიურპრიზზე იყო ლაპარაკი იმ მეილში? 

– აზრზე არა ვარ!

მე და სანდრო ცოტა ხანს კიდევ დავრჩით. დიდხანს ვეღარ გავძელი. ცოტა არ იყოს, შიშმაც ამიტანა. ნამდვილად არ მინდა, ვიღაცის პროვოკაციის მსხვერპლი აღმოვჩნდე. თან, ყოველ წამს ველოდი, რომ რესტორანში აშარაშკა შემოვარდებოდა გოლფის ჯოხით. 

სანდრომ ანგარიში მოითხოვა. ოფიციანტი გაღიმებული სახით დადგა მაგიდასთან.

– თქვენი უკვე გადახდილია!

– რას ჰქვია? ვინ გადაიხადა?

სანდრო სახეზე წამოწითლდა და დაიძაბა.

– ქალბატონის კეთილის მსურველმა…

– მოიცა, მოიცა! ერთი კარგად გამარკვიე, ჩემი ძმა!

– სანდრო…

სანდროს მკლავზე ხელი მოვკიდე და ოფიციანტს მივუბრუნდი.

– აქ რაღაც გაუგებრობა იქნება! გაგვარკვიეთ, ვინ და როდის გადაიხადა?

– სახელი არ უთქვამს. ახალგაზრდა გოგონა იყო. აი, იქით იჯდა, მესამე მაგიდასთან. წავიდა უკვე…

– და რა თქვა?

– მეთორმეტე მაგიდასთან ჩემი მეგობარი ზისო და ანგარიში მოითხოვა. ასე გადაეცით, ეს სიურპრიზია კეთილის მსურველისაგანო და გოგო მიხვდებაო, თქვენზე…

– ჩემზე?

გავოგნდი.

– დიახ, თქვენზე თქვა! მეტი აღარაფერი უთქვამს. გადაიხადა და წავიდა.

– როგორი გოგო იყო?

– ჩვეულებრივი… შავგვრემანი, სიმპათიური, საშუალო სიმაღლის.

– დარწმუნებული ხარ, რომ ვარდისფერი თმა არ ჰქონდა? – ჰკითხა სანდრომ. 

– შავის და ვარდისფერის გარჩევა ნამდვილად შემიძლია…

– კარგი, ამას არაფერი ეცოდინება, სანდრო! წავიდეთ აქედან…

რესტორნიდან ორივე დაბნეულები გამოვედით. ჩემს კორპუსამდე ისე ვიარეთ, რომ საერთოდ არ ამოგვიღია ხმა. სანდრომ მანქანა სადარბაზოს წინ გააჩერა და მომიბრუნდა.

– შენ სულ ასეთ სტრანნი სიტუაციებში რატო ეძრობი, ჰა? გაქვს რაიმე ვერსია იმ შავგვრემან გოგოზე? რატო თქვა, გოგო მიხვდებაო?

– ჩემიანი რომ ყოფილიყო ვინმე, მოვიდოდა. ყოველ შემთხვევაში, მაინც გადავურეკავ გოგოებს და ვკითხავ! ერთი მოსაზრება კი მაქვს, მაგრამ ჯერ უნდა დავრწმუნდე! შენ პასუხი როგორც კი მოგივა მეილზე, მაშინვე დამირეკე, კაი?

– რასაკვირველია! შენც გამაგებინე, თუ გაარკვევ რამეს…

– კარგი. წავედი, თორე სადაცაა ბავშვები მოვლენ… მადლობა საღამოსთვის.

– მადლობა შავგვრემან გოგოს გადაუხადე… მაგარი სიურპრიზი იყო!

– ჰო, სიურპრიზი…

წამოვიძახე ხმამაღლა და გავშეშდი.

– რა?

– ხომ თქვი, მეილში ეწერა, სიურპრიზი გელითო?

– ჰო… მერე? 

– რაღა მერე? გოჩა და იზო, კეთილისმსურველი… ეს ყველაფერი კავშირშია ერთმანეთთან! მთავარია, მაკასთანაც არ იყოს კავშირში… მე ვფიქრობ, ორივესთვის აჯობებს, თუ ერთმანეთს აღარ შევხვდებით. განსაკუთრებით, ასეთ სიტუაციაში…

– თე, ჩვენ ორივე თავისუფალი ადამიანები ვართ! გარდა ამისა, ცუდი არაფერი გაგვიკეთებია. უბრალოდ, ვივახშმეთ.

– ფორმალურად თავისუფლები ვართ, მაგრამ სხვა ფაქტორი ნუ დაგავიწყდება. შენც კარგად იცი…

– ვიცი და ნეტა იცოდე, როგორ მძულს ეგ ფაქტორი! კარგი, გაიქეცი ახლა. მე გავიგებ, ვინაა ის არჩი თუ შმარცი და რა პონტში მომწერა მეილი. 

მანქანიდან გადავედი. სახლში ასვლის მერეც, კარგა ხანს ვერ მოვეგე გონს. გოგოებს გადავურეკე, მაგრამ რა თქმა უნდა, არც ერთი არ ყოფილა იმ რესტორანში. ბავშვებმა რომ დაიძინეს, მხოლოდ მაშინ მოვახერხე კომპიუტერთან მისვლა. 

– აქ ხარ? – მივწერე “თათიას”.

– კი. როგორ ხარ? როგორ ჩაიარა დღემ? დაისვენე?

– იცი, რა მაინტერესებს? შენ ახლა თბილისში ხარ?

– არა, მაგრამ ალბათ უკვე ძალიან მალე ჩამოვალ. რატომ მეკითხები?

– არაფერი, ისე…

მივწერე და მის პროფილში შევედი. ინფორმაციის გრაფა ჩამოვშალე და საკონტაქტო მეილის ძებნა დავიწყე, მაგრამ, როგორც ჩანს, დაბლოკილი ჰქონდა. 

– ხომ არაფერი გაგირკვევია უქმროდ დარჩენილი ქალების კლუბის მფლობელზე?

– არა, არაფერი… არც გამხსენებია. დღეს ჩემს მეგობართან ერთად ვიყავი…

– რა ჯობია მეგობრებთან ერთად ყოფნას. ალბათ, ბევრი იჭორავეთ…

– არა! – ბიჭი მეგობარია.

– აა, გასაგებია… შენ გჯერა გოგოსა და ბიჭს შორის წმინდა მეგობრობის? 

– მე მყოლია ბიჭი მეგობრები… თანაც, არაერთი. 

– მერე? ლტოლვა არ შეგიმჩნევია?

– ჩემი მხრიდან არა და იმათი არ ვიცი, შეიძლება… 

– მე დარწმუნებული ვარ, შანსი რომ ჰქონოდათ, სიამოვნებით გააღრმავებდნენ შენთან ურთიერთობას სხვა კუთხითაც. 

– რატომ ფიქრობ ასე?

– ჭკვიანი ხარ, ლამაზი… რომელი კაცი იტყოდა უარს შენზე?

– :)) რა ვიცი… სკაიპი გაქვს?

– კი.

– მეტყვი შენს id-ს?

– tatia.mik ახლა დამამატებ?

– მოგვიანებით! ახლა უნდა გავიდე. შხაპს მივიღებ და დავწვები, თორე ძალიან ვარ დაღლილი…

– კარგი 🙂 მაშინ ტკბილ ძილს გისურვებ :*

– დროებით…

ფეისბუქი გავთიშე თუ არა, მაშინვე სკაიპი გავხსენი და ძებნაში თათიას id-ი ჩავწერე. ჩემმა ეჭვმა გაამართლა. არა, მაინც რა გენიოსი ვარ! საკუთარი თავი ვაღიარე… სკამის საზურგეს კმაყოფილი მივეყუდე და თათიას სკაიპის ანგარიშის იმეილს ამაყად დავაცქერდი.

archi69@gmail.com – ესეც ჯეკ პოტიი! როგორც ჩანს, ჩვენს თათიას სინამდვილეში არჩილი ჰქვია. ნეტა ვინ ოხერია? ან ვისი სურათი გამომიგზავნა? სავარაუდოდ, მაგ გოგოს გამოაგზავნიდა რესტორანშიც. ალბათ, ახლობელია და ენდობა. თუ კლუბის მეპატრონეა, რა ინტერესი აქვს ჩემ მიმართ? ან რაში სჭირდებოდა, რომ მე გოჩა და იზო ერთად მენახა? იქნებ ვიღაც სხვაა და ამ უცნაური მეთოდით ცდილობს, რაღაც შემატყობინოს?

ერთადერთი, რაც ამ ყველაფერთან ვერ დავაკავშირე – სანდროა. გაუგებარია, საიდან გაიგო მის შესახებ და რა იცოდა, რომ იმ რესტორანში მე წამიყვანდა? ან საერთოდ წავიდოდა… თუ რა თქმა უნდა… თუ რა თქმა უნდა, სანდროს არ იცნობს და წინასწარ არ მოილაპარაკეს… ან არჩი 69 თვითონაა სანდრო. შესაბამისად, თათიაც… ვაიმე, ახლა ნამდვილად გავგიჟდები!

საკუთარ თავს ხვალამდე ამ საკითხზე ფიქრი ავუკრძალე. კარგა ხანს ვიდექი ცხელი შხაპის ქვეშ. მერე დავიძინე. დილით ბავშვები სკოლაში წავიყვანე და რედაქციაში მივედი. მარტო მაიკო იყო მოსული. 

– რა ადრე მოხვედი?

– სახლში აღარ მივბრუნებულვარ, სკოლიდან პირდაპირ წამოვედი… მოუსვენრად ვარ!

– რატო? რამე მოხდა? ყავა არ დავლიოთ?

– აუ, კი რაა! გუშინ ძალიან გიჟური საღამო მქონდა!

– მომიყვები?

– აშარაშკა ხო იცი? მაგის ქმარს შევხვდი, კლუბთან დაკავშირებით უნდოდა დალაპარაკება. ყავა დავლიოთო და მოკლედ, რესტორანში მიმიყვანა… მივედით და რას ვხედავ? – გოჩა და კლუბის ფსიქოლოგი იზოლდა არ სხედან ერთ-ერთ მაგიდასთან?

– ვაიმეე… რას ამბობ! მერე? დაგინახეს?

– ვერა… ჩვენი მაგიდა მოფარებულში იყო, კიდევ კარგი. მაი, შენ ერთხელ მაინც შესწრებიხარ, რომ გოჩა კლუბის მეპატრონეს ელაპარაკებოდეს ტელეფონით? აბა, გაიხსენე. ან არასოდეს დაუვალებია მეილის გაგზავნა მასთან?

– რო ელაპარაკებოდეს, მე მგონი, არა… მეილებს ბევრს მაგზავნინებს, მაგრამ არ ვიცი, რომელია კლუბის მეპატრონის მეილი. გოგო, ერთი ეჭვი მაქვს, იცი?.. გოჩაზე…

– აბა?

– ეგ რაღაც კლუბი მაგისი ხო არ არის? თან შენც ამბობ, რომ კლუბის ფსიქოლოგთან ერთად ვახშმობდა… როგორ შეატყვე, საქმიანი ვახშამი იყო?

– არაა, რა საქმიანი. რომანტიკულ-ეროტიკული… კუსკუსს ჭამდნენ, მერე იცეკვეს კიდეც. 

– მეეჭვება, რომ მაგისაგან სიმართლე გავიგოთ… ძალიან შეუვალია. იმ პატას მეტი შანსია, რამე წამოაცდენინო, ვიდრე ამას.

– უი, ისე მართალი ხარ, ხო იცი?.. პატა… ერთ საათში დავურეკავ და შეხვედრას ვთხოვ. ივენთს მოვიმიზეზებ.

– ჰოო… ჭკვიანურია! ვკვდები, ისე მაინტერესებს, რა კავშირი აქვს გოჩას ამ კლუბთან…

– მე კიდე ერთი ეჭვი მღრღნის! აშარაშკას ქმარზე… მეილი მიუვიდა ვიღაცა არჩი69-ისგან, იმ რესტორნის ივენთის ანონსი იყო და სიურპრიზი გელითო… მივედით და გოჩა არ დაგვხვდა? მერე კიდე, ვიღაცამ გადაიხადა ჩვენი ანგარიში და მოკლედ რაა… აი, სრული ქაოსი მაქვს თავში… ვერაფერს ვერ ვფიქრობ! 

– რა მეილი თქვი? არჩი 69?..

– ჰო!

– მაგ მეილზე გავაგზავნე მე რაღაც წერილი, გოჩას დავალებით… 

– რაა? როდის?

– ზუსტად არ მახსოვს. მოვძებნი, რა პრობლემაა?

– დარწმუნებული ხარ, რომ ეს მეილი იყო?

– კი კი! 69 დამამახსოვრდა და დაჟე გავიფიქრე კიდეც, ალბათ ნათესავს ან მეგობარს უგზავნის გოჩა, ასეთ არაოფიციალურ მეილზე-მეთქი… 

– სასწრაფოდ მანახე!

მაიკოს კომპიუტერს გიჟებივით ვეცით. რედაქციის მეილზე შევედით და გაგზავნილი წერილების თვალიერება დავიწყეთ. რამდენიმე გვერდი ჩამოვშალეთ და უცებ თვალში ნაცნობი მეილი მეცა -archi69@gmail.com.

– გახსენი…

მაიკომ მეილი გახსნა. ორივემ ცხვირები ლამის ეკრანს მივადეთ… “ვორდის” დართული ფაილი იყო გაგზავნილი. 

– ჩამოტვირთე ჩქარა!

მაიკომ ვორდის დოკუმენტი დესკტოპზე გადმოიწერა და გახსნა. ჩემი წერილი იყო, რომელიც კლუბის მფლობელისთვის მინდოდა გამეგზავნა და ფლეშკა გოჩას მივეცი. ჩემი ტექსტის ბოლოს წითელი შრიფტით გოჩას P.S. იყო მიწერილი:

– “აი, ეს შენიშვნები აქვს. დღეს პატას დავიბარებ და შევახვედრებ. შენ საღამოს დამირეკე და გამაგებინე რას აპირებ, როდის ჩამოდიხარ.”

მეტი არაფერი ეწერა. არც სახელი, არც გვარი, არაფერი… 

– წაშალე ახლა ეს!

– ამ კომპიუტერში ჩემ გარდა არავინ შემოდის, მაგრამ წავშლი მაინც. გოგო, ვინაა ეს არჩი 69? ვითომ ესაა დამფუძნებელი?

– სავარაუდოდ… 

– როდის ჩამოხვალო… ეტყობა, საზღვარგარეთაა წასული… და ეს 69 რა ასოციაციას იწვევს შენში?

– სექსის პოზის მეტი არაფერი მახსენდება! 

– იქნებ 69 წელშია დაბადებული? რამდენი წლის გამოდის?

– 45-ის… შეიძლება! ან 45 წლისაა, ან აზაბოჩენი, მაგრამ მე სხვა რაღაცაზე ვფიქრობ… 

ვიღაცამ ლიფტი გამოიძახა. როგორც ჩანს, გოჩა მოვიდა.

10. ის, რაც განქორწინებულ ქალებს დაამუნჯებს

Image

სანამ გოჩა ლიფტიდან გამოვიდოდა, მაიკომ ფართხა-ფურთხით დახურა მეილის ფანჯარა და ყავის აპარატთან დადგა. გოჩამ რომ შემოიხედა, ორივემ უცოდველი ბატკნის სახეები მივიღეთ. 

– ყავას ხარშავთ? რა ადრე მოსულხარ დღეს შენა, ცუნცულ?

მკითხა და თან თვალი ჩამიპაჭუნა. 

– სახლში აბრუნება დამეზარა! ბატონო გოჩა, თქვენთან მინდოდა დალაპარაკება… 

– რაზე? წამო, აბა, ჩემთან…

გოჩა თავისი კაბინეტისაკენ გაემართა. მე უკან გავყევი. შესვლისთანავე გაიხადა პალტო, საკიდზე ჩამოკიდა, სახელოები და საყელო გაუსწორა და მაგიდასთან დაჯდა.

– რაზე გინდოდა დალაპარაკება?

– ხომ არ გაგიგიათ, პატა როგორ არის?

– კარგად არის! სწორედ გუშინ ველაპარაკე. მოსვლას აპირებს დღის პირველ ნახევარში და შენთანაც შემოვა, იმ ივენთთან დაკავშირებით უნდა დაგელაპარაკოს.

– ივენთზე მარტო კლუბის წევრები უნდა იყვნენ თუ მათი ფსიქოლოგიც იქნება?
ვკითხე და გოჩას რეაქციას დავაკვირდი.

– ეგ არ ვიცი… რატომ მეკითხები?

– ისე, უბრალოდ. სცენარზე ვფიქრობ და მაინტერესებს… და თქვენ იცნობთ იმ ქალს? ფსიქოლოგს?

– არა, კაცო! მე საიდან უნდა ვიცნობდე? შენ რაღაც არ გესიმპათიურება ეგ ქალბატონი, ვგონებ…

– არა, მთლად მასეც ვერ ვიტყოდი… მაგრამ არც აღფრთოვანებული ვარ. უკეთესიც შეიძლებოდა მოეძებნათ. თქვენ ხომ იცნობთ იმ მისტერ თუ მისის იდუმალებას? ჰოდა, მეგონა, ეს ქალიც გეცოდინებოდათ…

– ვერ ისვენებ ახლა შენა! გაინტერესებს ვინ არის, არაა? მკითხა გოჩამ და ის სასაცილო გრიმასა მიიღო.

– ისე ასაიდუმლოებთ მის ვინაობას, რომ დამაინტერესებდა, აბა, რა იქნებოდა? თან, მაინცდამაინც ჩემ მიმართ რომ გამოიჩინა ინტერესი… უნდა, რომ ყველაფერი მე დავწერო – სტატია, about-ი, ივენთი, იის, ეეს… უფლებაც მომცა, რომ კლუბის შიდა სამზარეულოში ჩავერიო… 

– მესმის შენი. ცნობისმოყვარე გოგონა ხარ! ხომ გითხარი, შენი ხედვა მოსწონს, აზროვნების სტილი, გემოვნება… 

– ჰო, ეგ უკვე მითხარით…

– გპირდები, როცა დრო მოვა, აუცილებლად გაიგებ მის შესახებ და შეხვდები კიდეც!

– და როდის მოვა ეგ დრო?

– დრო გვიჩვენებს…

გოჩას კაბინეტიდან რომ გამოვედი, მაიკო ჩემს ოთახში მელოდა.

– რა უთხარი?

მკითხა ჩურჩულით.

– შევაპარე, ფსიქოლოგს იცნობ თუ არა-მეთქი…

– მერე იმან რაო?

– არაო…

– მერე შენ რა უთხარი?

– კლუბის მფლობელზე ვკითხე და დრო გვიჩვენებს, როდის მოვა თქვენი გაცნობის დროო… ეგ არაფრის მთქმელი არ არის, მაი… როგორც ჩანს, პატა დღეს აპირებს მოსვლას. აღარ დავურეკავ. დავჯდები ახლა და ივენთზე ჩამოვყრი რაღაც იდეებს…

– მიდი. ყავა მაგიდაზე დაგიდგი.

– კარგი გოგო ხარ!

მაიკო გავიდა. მე დავფიქრდი. რამ შეიძლება გაამხიარულოს ყველაზე მეტად ოჯახდანგრეული ქალები? კარგი მუსიკა, საჭმელ-სასმელი, ცეკვა-თამაში – ეს ყველაფერი გასაგებია და ისედაც იქნება, მაგრამ რაღაც განსაკუთრებულიც მინდა! რამე გიჟური… ისეთი, რომ მოულოდნელობისაგან ყველა დამუნჯდეს…

უცებ ერთმა (არცთუ ისე ორიგინალურმა, მაგრამ ეფექტურმა) იდეამ გამინათა გონება და სიცილი ამიტყდა. წარმოვიდგინე, გახურებული ივენთის დროს მოულოდნელად რომ შემოიჭრას სტრიპტიზიორი მამაკაცი და ცეკვა რომ დაიწყოს… 

პირველ რიგში, აშარაშკას სიფათი დამიდგა თვალწინ. ალბათ, ღაწვებზეც ისეთი ფერი დაედება, როგორიც თმაზე აქვს… არა, ისე საინტერესოა, როგორ მოიქცევა? არა მგონია, თვალებზე ხელები აიფაროს. ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ძალიან გათამამდა. ალბათ, გამოეცეკვება!

საკუთარმა ფიქრებმა გამამხიარულა. გაღიმებული სახით ვიჯექი და სადღაც უსასრულობაში ვიყურებოდი. ბუმბერაზი პატა ისე მოუახლოვდა ჩემს მაგიდას, რომ ვერც გავიგე. მგონი, მას მერე, რაც ქეჩაზე გასრიალდა, ნაბიჯებს ფრთხილად ადგამს… 

ფეხზე წამოვდექი და ხელი ჩამოვართვი. ამჯერად არ ჰქონდა ისეთი ძლიერი “სხვატკა”, როგორც პირველად. ლაპარაკითაც შედარებით ნელა და დინჯად ლაპარაკობდა. 

– რავა ხარ? ძაან ხაშზე მოვედი, ხო?

– არაა, ყავაზე მომისწარი. ზუსტად ივენთზე ვფიქრობდი და ერთი იდეა მომივიდა… ყავას ხომ დალევ ჩემთან ერთად?

– უარს არ ვიტყვი…

ღილაკს თითი დავაჭირე და მაიკოს ყავის მომზადება ვთხოვე. 

– რა იდეა მოგივიდა?

– ცოტა ისეთია…

– უკვე დამაინტერესა.

– ჯერ ის საღამო წარმოვიდგინე… სადღაც, ბარში ან კლუბში… ან თუნდაც კლუბის დარბაზში რომ მოგვეწყო. შეიძლება თბილისის ფარგლებს გარეთაც გასვლა… ეს ფინანსებზეა დამოკიდებული. მოკლედ, ლამაზი გარემო, საჭმელი, სასმელი, დიჯეი, ცეკვა, მოკლედ, როგორც ხდება რაა…

– მერე?

– შუა ივენთის დროს რო გავათამაშოთ პრიზი…

– ჰო… კარგი აზრია! 

– ეს პრიზი უნდა იყოს ყველაზე მოულოდნელი, წარმოუდგენელი… სავარაუდოდ, იფიქრებენ, რომ “დიასახლისური” პრიზები იქნება. მაგალითად, უთო, ბლენდერი, მიქსერი, ფენი… მაგრამ პრიზი ერთი უნდა იყოს და ისეთი, რომ მოულოდნელობისაგან ყველა დამუნჯდეს…

– ვერაფრით წარმოვიდგინე, რა შეიძლება იყოს… მაინტერესებს.

ფეხზე წამოვდექი და ოთახის ცენტრალურ ნაწილში გადავინაცვლე.

– წარმოიდგინე! – შემოვაგორებთ დიდ, ლამაზად შეფუთულ ყუთს, რომელსაც გამარჯვებული გახსნის! ყუთიდან ამოხტება სიმპათიური ბიჭი და დაიწყებს ცეკვას! თან გაიხდის…

პატა შეიშმუშნა და პირზე ხელი მიიფარა. უცებ ვერ მივხვდი, რა ემოციას გამოხატავდა.

– მაგარია!

– მართლა?

– ძალიან!

პატამ რამდენჯერმე ჩაიფხუკუნა და ბოლოს სიცილი აუტყდა. ბევრნაირი სიცილი მომისმენია ცხოვრებაში, მაგრამ ასეთი არასოდეს! ისე სასაცილოდ იცინოდა, რომ თავი ვერც მე შევიკავე. 

– ჰუჰუჰუუუჰუუუ… უცებ წარმოვიდგინე… ჰუჰუჰუუუ… ის რო ყავთ, ისა… პონჩიკა, პონჩიკა! რა ქვია მაგას? ჰუჰუუუ ჰუჰუუუ…

– თამუნაა?

– ჰო! თამუნა, თამუნა! ჰუჰუჰუუუ… ერთი როა კიდე, ისტერიჩკა! “ვაჟნად” რო დადის სულ… ეგ რას იზამს, ეგა?.. მაიცა, ახლავე უნდა დავურეკო უფროსს და ვუთხრა! 

ყურები ვცქვიტე. აი ისიც, – იდეალურად “ჩამოვარდნილი მომენტი”… 

– ახლავე ეტყვი? მოეწონება? პატა, შენ მაინც მითხარი, ვინ არის… მაგას თუ ვერ მეტყვი, მაშინ ასაკი მაინც მითხარი… ან ზოდიაქო… რა ვიცი, რამე… როგორია? რატომ ფიქრობ, რომ ეს იდეა მოეწონება?

– აუ, ვინაობას ვერ გაგიმხელ, თია! სხვა რაც გინდა მთხოვე, მაგის გარდა! ეგრევე სამსახურს დავკარგავ… 

– მესმის, მაგრამ ინტერესი მკლავს! გეფიცები, რომ კრინტს არავისთან დავძრავ! რამე მითხარი, გთხოვ…

– კარგი, ასაკს გეტყვი მიახლოებით… ახალგაზრდაა და თანამედროვედ აზროვნებს, ჭკვიანია!

– მადლობა! ოღონდ თია არ დამიძახო რაა, ჭირივით მეჯავრება! ალბათ ისევე, როგორც შენ არ გიყვარს პაატას როცა გეძახიან… და სქესი? სქესს მეტყვი?

პატამ ცოტა ხანს იყოყმანა. მერე ჩემკენ გადმოიხარა და ჩამჩურჩულა:

– მამრობითი…

– ასეც ვიცოდი!

– არ გამთქვა!

– რას ამბობ… 

პატამ მობილური ამოიღო, ფეხზე ადგა და ოთახში მოჰყვა ბოლთის ცემას. სამწუხაროდ, ვერ მოვასწარი მისი მობილურის ეკრანის დანახვა. იმედი მქონდა, რომ ლაპარაკში მაინც წამოსცდებოდა თავისი უფროსის სახელი, მაგრამ შევცდი. სტრიპტიზის იდეა მოუყვა. იცინოდა. სახეზე კმაყოფილება ჰქონდა აღბეჭდილი. 

როგორც მივხვდი, “ისიც” კმაყოფილი იყო და იცინოდა… სიცილს რომ მორჩნენ, პატამ ბოლო 2 წუთის განმავლობაში მარტო “კარგი” იძახა… სავარაუდოდ, მითითებები მიიღო თავისი ბოსისგან.

– რაო? – ვერ მოვითმინე და ვკითხე, როგორც კი ლაპარაკს მორჩნენ.

– ძალიან მოეწონა! იმდენი დავალება მომაყარა ახლა, რო ძლივს დავიხსომე. ფურცელი არა გაქ? ჩამოვწერ, სანამ თავიდან არ გამომივარდა…

პატას ფურცელი მივაწოდე. მაგიდასთან დაჯდა და წერა დაიწყო. ბოლოს ფურცელი ხელში აიღო და გადაამოწმა.

– ესე იგი, ახლა წავალ კლუბში, წამოვიღებ პროგრამას და წავიღებ დიზაინერთან. იმისგან წამოვიღებ კატალოგს და მივუტან შალიკაშვილს… ეს აარჩევს და უკან წავიღებ. მერე სად უნდა წავიდე? ჰო, ეს რამდენიმე სააგენტო უნდა ვნახო, სტრიპტიზზე გავიგო, წამოვიღო ფლაერები ან პროგრამა, რაც იქნება და ავიდე იმასთან…

– ვაიმეეე, სულ ასე გარბენინებს?

– როგორ ასე?

პატამ მზერა ფურცლიდან ჩემზე გადმოიტანა.

– აი, მუხა მოგცემს რკოსა, რკოს მიუტან ღორსა, ღორი მოგცემს ჯაგარსა… ვაიმე, მე გავგიჟდი შენ მაგივრად…

– მე მიჩვეული ვარ!

– ალბათ, გიღირს…

– გულუხვი არის, კიი… ნამდვილად… ზოგიერთებისაგან განსხვავებით, კარგად უხდის თანამშრომლებს…

– ძალიან კარგი… მიხარია, თუ ასეა!

მაიკომ ყავა შემოიტანა და პატას მაგიდაზე დაუდგა. 

– შენზე რომ იყოს დამოკიდებული, სად მოაწყობდი ივენთს? – მკითხა პატამ.

– სადმე, თბილისის გარეთ… განსხვავებულ გარემოში! მაგალითად, ტყის პირას პატარა სასტუმროს ვიქირავებდი… ან ზღვის პირას…

– მშვენიერია… როგორც ვატყობ, კარგად გესმის, რა სურთ ქალებს… 

– იმედია…

გავუღიმე. პატამ ყავა დალია და წავიდა. კარგია, ის მაინც გავიგე, რომ “არჩი 69” ახალგაზრდა მამაკაცია! თან, რაღაც უაზრო “ტიკები” არ სჭირს ქალთა კდემამოსილებაზე… სტრიპტიზის იდეა მოეწონა…

დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა. საღამოს ბავშვები ვაბანავე და სკაიპში შევედი. “თათია” დავიმატე კონტაქტებში. ლევანს შვიდჯერ ჰქონდა დარეკილი. შესული არ ვიყავი, რომ მომწერა.

– დაგირეკო?

პასუხს არ დაუცადა, ისე დარეკა. 

– მარტო ხარ? – დავასწარი.

– ჰო… როგორ ხართ?

– კარგად!

– სად არიან ბავშვები?

– ვაბანავე და წვანან უკვე. შევუტან ლეპტოპს… შენ როგორ ხარ?

– მეც კარგად… გუშინ შენ რეკავდი, ხო?

– ჰო… მე ვიყავი. ის გოგო რომ დავინახე, მომერიდა… დავიბენი, არ ვიცოდი, რა მეთქვა! ხო არ გაბრაზდა?

– არა, რა იყო გასაბრაზებელი? იცის, რომ ცოლი მყავდა…

– ჰოო…

(როგორი უსიამოვნო განცდა ყოფილა, როდესაც წარსულში მოგიხსენიებენ)…

– რა ჰქვიაა? – ვერ მოვითმინე. ლევანს გაეცინა.

– ვიცოდი, რომ მკითხავდი, – მელისა ჰქვია!

– გამშვიდებს ხოლმე?

ვკითხე და სიცილი ამიტყდა.

– ჩემი მტერი ჩავარდა შენს ყბაში! – გაეცინა ლევანს. 

– პიჟამაზე როგორ ეწერა? – არ დამივიწყოო…

– სად დაინახე! რა ტიპი ხარ… მოგეწონა?

– ვინ, მელისა? – სახეზე არც შემიხედავს, ეგრევე ძუძუები მეცა თვალში. ისე დადგა ვებკამის წინ, რომ კადრში მარტო ეგ ჩანდა. ეგრე მოგხიბლა, სანამ შენს საძინებელში გადმოინაცვლებდა?..

– დაახლოებით, ჰოო… მისმინე… ხვალ ფულს ვაგზავნი.

– მერე? დავხვდე?

– რა კარგ ხასიათზე ხარ დღეს, რა ხდება? გაიცანი ვინმე?

– ნწ, ჯერ არა! და არც მინდა. იცი რა კარგად ვარ ასე?

– შენ იმ ქალთა რიცხვს მიეკუთვნები, ვინც სულ მარტო უნდა იყოს…

– რატომ ვითომ?

– გათხოვება გცვლის… მე ასეთი უფრო მომწონხარ! თავისუფალი… სულ სხვანაირი ხარ. ფერადი, სავსე… შენ თვითონ ამჩნევ ამას? თავისუფლების გემო შეიგრძენი? გრძნობ, რომ შენ გარშემო ტრიალებს დედამიწა?

– შენსავით ვერა, როგორც ჩანს! მაგრამ ბევრ რამეს სხვა თვალით ვუყურებ… კარგი, შევუტან ბავშვებს ლეპტოპს, სანამ დაიძინეს…

– მიდი.

ლეპტოპი ბავშვების ოთახში შევიტანე და მაგიდაზე დავდე. მე გამოვედი. რა უცნაური შეგრძნება მაქვს ლევანის მიმართ… რაღაცნაირად მენატრება. ჩემი აზრით, შეჩვევაც ერთგვარი სიყვარულია. 

მეცნიერებს რომ დავუჯეროთ, სიყვარული დაავადებაა და მაქსიმუმ 4 წელი გრძელდება. მერე ნელ-ნელა (ან ჩქარ-ჩქარა) განელდება ვნება, პარტნიორებს ერთმანეთი ბეზრდებათ და რჩება სხვა კომპონენტები, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს წყვილს და ამ კავშირის გაწყვეტას ძალიან ართულებს…

ბავშვებმა რომ დაიძინეს, საწოლში შევწექი და ლეპტოპი მუხლებზე დავიდე. თათია ისევ არ გამოჩენილა. ჩემი მიწერილიც არ უნახავს… 

ფილმს ვუყურე, მერე ლეპტოპი გამოვრთე და დავიძინე. თერთმეტ საათზე ყოფილი ცოლების კლუბში მივედი. გოგოები აერობიკის გაკვეთილზე იყვნენ შესულები და ვარჯიში დაწყებული ჰქონდათ. მათთვის ხელი რომ არ შემეშალა, ცოტა მოშორებით დავჯექი და თვალს ვადევნებდი, როგორ იმეორებდნენ რაღაც ილეთებს… მაკა ისე გამეტებით იქნევდა ხელ-ფეხს, რომ ალბათ თავის წარმოსახვაში ყოფილი ქმრის ტრფობის საგანს (ანუ მე) უსწორდებოდა…

მარჯვენა ფეხზე ბჟრიალი ვიგრძენი. შარვლის ჯიბეში ჩემი მობილური რეკავდა. დარბაზიდან გამოვედი და ეკრანს დავხედე. პატა რეკავდა…

– ჰო, პატა! გისმენ…

– თია! …უუფრო სწორად, თეა… ახალი ამბავი მაქვს შენთვის… გეგმები შეიცვალა!

– რა გეგმები?

– ივენთის ვადამ გადმოიწია! მოკლედ, ამ ვიქენდებზე მივდივართ…

– მივდივართ? რაა?.. რაღა დარჩა ვიქენდებამდე?

– ყველაფერი მოესწრება! შაბათს 8 მარტია და “იმას” უნდა, რომ დაამთხვიოს… 

– გასაგებია! ნუ, თუ ყველაფერი ესწრება, მაშინ კარგია… და სად მივდივართ?

– გაოცდები… სად მივდივართ და… ბათუმში!

11. დიდი შეთქმულების პატარა დეტალები

Image

მოულოდნელობისაგან კინაღამ ტელეფონი გამივარდა. ამას ნამდვილად არ ველოდი. ამხელა გზაზე მიჰყავს ეს გოგოები ერთი საღამოს გულისთვის? როგორც მინიმუმ, ორმაგი ხარჯი მაინც ექნება… 
– ბათუმში? ეს იმან გადაწყვიტა? – ვკითხე პატას.

– კი! შეგიძლია უთხრა გოგოებს, რომ თადარიგი დაიჭირონ? შაბათს დილით გავალთ და საღამომდე იქ ვიქნებით. რვაზე წვეულება დაიწყება და ღამეს სასტუმროში გავათევთ. კვირას ღამე წამოვალთ. 

– ვეტყვი, როგორც კი ვარჯიშს მორჩებიან…

– კარგი. მადლობა, თია… კიდევ შეგეხმიანები!

– არაფრის, პაააატა!

მისი სახელის შუა ნაწილი შეძლებისდაგვარად გავწელე. იქნებ ასე მაინც დაიმახსოვროს, რომ თია არ უნდა დამიძახოს…

დარბაზში რომ დავბრუნდი, გოგოებიც “გაწელვებს” აკეთებდნენ. ტრენერს აშარაშკასათვის ხელები მოეკიდა და თავისკენ ექაჩებოდა. მაგის მკლავებს კიდე გაწელვა უნდა? ისედაც რვაფეხის საცეცებივით აქვს დაგრძელებული და სადაც საჭირო არაა, ყველგან ჰყოფს… 

– კარგით, გოგოებო. დღეისთვის საკმარისია! ერთბაშად არ დალიოთ ბევრი წყალი! ერთი საათი არაფერი ჭამოთ. ვარჯიშიდან ერთი საათის განმავლობაში კუნთები მუშაობას განაგრძობენ…
ტრენერმა გოგოები დაარიგა და გასახდელისაკენ გაემართა. ზორბა თამუნა ხალიჩაზე იყო გაშხლართული და ვეღარ დგებოდა. 

– როგორ ხარ, თეა?

სალომე მომიახლოვდა და გადამკოცნა.

– კარგად, შენ როგორ ხარ? როგორ ხართ, გოგოებო?
მივესალმე ყველას. ფეხზე ადგომის თავი არავის ჰქონდა. 

– რა კარგი ბიჭი იყო ის სერგეი… ყველას ძალიან მოეწონა ჩემი ვარცხნილობა. – მითხრა სალომ.

– ძალიან მოგიხდა! ყველას ძალიან მოგიხდათ… 

– სპასიბა ტიბე, სოლნიშკა! – მითხრა ზოიმ და სკამზე გადაკიდებული პირსახოცით შუბლი შეიმშრალა.

– მე კიდევ ერთი კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის… 

გოგოები ჩემ გარშემო შემოიკრიბნენ. ივენთის შესახებ რომ ვუთხარი, სიხარულისაგან დაღლილობაც გადაავიწყდათ. რომ გამოიცვალეს, სეანსის ოთახში გადავინაცვლეთ. იზოლდა უკვე იქ იყო. კარგ ხასიათზე ჩანდა. მომეჩვენა, რომ თითქოს თვალები სხვანაირად უციმციმებდა. ვითომ გოჩაა ამის მიზეზი?

– იმ დღეს ხო იცი, სანდრო რო მოვიდა?..

მაკამ მაინც გამომიჭირა მარტო, როდესაც ყავის აპარატთან მივედი.

– ჰოო? რაო მერე?

– კარი რომ გავუღე, გაგიჟდა. ყბა ჩამოუვარდა, რომ დამინახა. ეჭვიანობს, ქალო!

– მართლა? ვისზე?

– გინდა თუ არა, მითხარი, რისთვის მიხვედი იმ კლუბში, ვინ დაგპატიჟაო… 

– ისე, მაგისი კითხვა მეც მინდოდა შენთვის და ვერ მოვახერხე აქამდე. როგორ მოხვდი აქ? საიდან გაიგე კლუბის შესახებ?

– მეილზე მომივიდა გოგო მოწვევა. ყოფილი ცოლების კლუბი იხსნება და პირველი ნაკადი უფასო იქნებაო. მერე დეტალები გავარკვიე და ჩემს თავს ვუთხარი – რატომაც არა, მაკა-თქო? წინ რა გიდგასო?

– მეილი ვისი სახელით მოგივიდა, გახსოვს მისამართი? თუ არ დაკვირვებიხარ?

– მე და არდაკვირვება ქალოო? დავაკვირდი რომელია! ცხრაჯერ მივწერე… ყველაფერს ვარკვევდი. ეგრევე კი არ გამოვიქეცი?

– როგორი მეილი იყო?

– მოიცა… გეტყვი…

მაკა დაფიქრდა.

– ჰო, რაღაცა – არჩი ოთხმოცდათექვსმეტი… არა, დაიცა, გატყუებ… 

– სამოცდაცხრა?

– ჰო! არჩი სამოცდაცხრა… როგორ მიხვდი?

– როგორც ვიცი, ეგ ამ კლუბის მფლობელის მეილია. 

– რას მეუბნები? თვითონ აგზავნის წერილებს? კი მაგრამ, მდივანი არა ჰყავს?

– ეყოლება, ალბათ… შენ რა მისწერე? იმან რა გიპასუხა? არ დაინტერესდი, საიდან გაიგო შენი იმეილი?.. 

– ეგ კი ვერ მოვიფიქრე, რო მეკითხა, საიდან გაიგო ჩემი მეილი, გოგო… ეგ რა თქვი! ნეტა მაგის ეშმაკი გამხადა და გამაგებია ერთი, ვინ ოხერია… 

– მაკა, დაიკავე შენი ადგილი, ძვირფასო. ვიწყებთ!

ლაპარაკი იასამნისფერთავამ გაგვაწყვეტინა. რატომღაც არ გამკვირვებია ეს სიახლე. ახლა ბოლომდე დავრწმუნდი, რომ კლუბის მფლობელი ძალიან კარგად მიცნობს ჩემი მეზობლებიანად, რედაქტორიანად და ვინ იცის, კიდევ ვიანად…

– აბა, როგორ ვართ? რა შეიცვალა ამ რამდენიმე დღის მანძილზე თქვენთან? ახალმა იმიჯმა გამოიღო რაიმე შედეგი?

– ჩემთან კი, ქალბატონო იზო! რაღაცნაირად გავხალისდი… მაშინ რომ გვითხარით, სახლში რომ მიხვალთ, თქვენი პრობლემა კარებს გარეთ დატოვეთო, ჩემმა პრობლემამ არაფრის დიდებით არ მოინდომა სადარბაზოში დარჩენა და მაინც შემომყვა სახლში. ბავშვების ნახვას ვერ ამიკრძალავო! არადა, მაგის დანახვა აღარ მინდა! 

– ყოფილ ქმარს გულისხმობ, ბაბი?

– დიახ…

– პრობლემის გარეთ დატოვება მის მოგვარებას გულისხმობს. შეეგუე, რომ ბავშვების გამო მოგიწევს ხოლმე მისი ნახვა. ისიც მშობელია! 

– ვიცი, ვიცი… 

– აააააააა ვაიმეეეეე… მიშველეეეთ!!!! გოგოებო, ფრჩხილი მოვიტეხეეეეეეეეეე!!!
მოულოდნელად იმხელა ხმაზე იკივლა აშარაშკამ, რომ შიშისაგან კინაღამ ყველას ადგილზე ინსულტი დაგვემართა.

– მერე რა გაღრიალებს ასე, გოგო? გული გამისკდა!

აროხროხდა გაბრაზებული თამუნა. 

– ვეღარ გამომიღია ყურიდან… აი, მოიცა, მოიცა… გამოვიდა…

– გადარჩი მაკაა? – ვკითხე და ხელსახოცი მივაწოდე.

– მგონი, კი… აუ, ივენთამდე არ გაიზრდება ეს ფრჩხილი. რამდენი ხანია ვიზრდიიი…

– დასაკრობი ფრჩხილები იყიდე და ერთი ცალი დაიკარი. ვინ რას მიხვდება…
ურჩია ნიამ. იასამნისფერთავამ ამოიოხრა და გოგოების დამოძღვრას შეუდგა. სეანსის ბოლომდე დავრჩი. წამოსვლისას გოგოებმა მკითხეს, ივენთზე როგორ უნდა ჩაეცვათ. მეც ვუთხარი, რაც გიხდებათ და რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ, ის ჩაიცვით-მეთქი. ზორბა თამუნა აფორიაქებული სახით იდგა.

– მე რა ჯანდაბა უნდა ჩავიცვა, არ ვიცი! აღარაფერში აღარ ვეტევი… ყველაფერი დამიპატარავდა, მძივის გარდა! ისიც მარტო მაჯაზე მეტევა…

– თამუნა, დიეტას არ იცავ?

ჩაეკითხა სალომე.

– მე დეპრესია რომ მაქვს, სულ ვჭამ! ჩემი ქმარი გაუთავებლად მეჩხუბებოდა, დაჯექი დიეტაზეო. გამიგე კარგი დიეტა-მეთქი, ერთხელაც ვუთხარი და მომიბრუნდა – ვიციო! ოღონდ ძალიან მძიმე დიეტააო. მზად ვარ-მეთქი… კარგი, მოდი ყბა მოგტეხოო და სიცილი ატეხა. – აი, ამის მერე საერთოდ შემძულდა ყოველგვარი დიეტა!

– რა უაზრო ხუმრობაა, თამუნა! მარა, დიეტა კი არ უნდა შეგძულებოდა, შენი ქმარი უნდა შეგძულებოდა, ეგ რომ გითხრა! -აღშფოთდა ბაბი (ეს მისთვისაც მტკივნეული თემაა, იმ მკერდის ამბავს თუ გავითვალისწინებთ). 

გოგოებს დავემშვიდობე და სამსახურში წამოვედი. ჟურნალი სტამბაში გავუშვით და თავისუფალი დრო რომ დამრჩა, სკაიპში შევედი. პირველი, თათია მეცა თვალში. მწვანედ ანათებდა. ჩემი შესვლა და მისი მოწერა ერთი იყო. 

– თეე, როგორ ხარ? 🙂

– კარგად. შენ?

– მეც არა მიშავს… რა ხდება ახალი? გცალიაა?

– კი… ისეთი არაფერი! სამსახურში ვარ. შაბათს ბათუმში მივდივართ…

– რა ხდება ბათუმში?

– “ყოფილი ცოლების კლუბის” ივენთია.

– რა კარგია! გაერთობი… შენ რა ქენი, ხომ არ გაგიგია შემთხვევით კლუბის მფლობელზე რამე?

– “უყურე შენ, როგორ აინტერესებს, რამდენად ვარ ინფორმირებული…” გავიფიქრე და ვიგრძენი, როგორ მომაწვა სისხლში ადრენალინი. ამ წუთებში ყველაფერს მივცემდი იმისთვის, რომ მისი ვინაობა გამეგო. 

– იცი, აღარ მაინტერესებს, ვინ არის! 

– მართლა? რატომ?

– ვინც არ უნდა იყოს, მაგარი გოიმია!

– 😀 😀 😀 ჰაჰაააა, რატომ ფიქრობ ასე?

– რამდენიმე ძალიან ბანალური იდეა შევთავაზე და აღფრთოვანდა!

– :))))))))))) ძალიან საყვარელი ხარ! სხვები რას ამბობენ მასზე? კლუბის წევრებს არ აინტერესებთ, ვინ არის?

– კი, როგორ არა! ყველას ერთი სული აქვს, როდის გაიგებენ… მე არ მჯერა, რომ გამოჩნდება… 

– რატომ?

– რადგან ასე გამწარებული იმალება, ესე იგი, რაღაც მართლა აქვს დასამალი… მე ვფიქრობ, რომ გამოჩენა უტყდება!

– რა პონტში?

– რა ვიცი… იქნებ მახინჯია, ლილიპუტი…

– როგორ გამამხიარულე :))))))))))

– ან იმდენად მაგარია, რომ უტყდება იმ კლუბის მფლობელობა, მაგრამ ამ შემთხვევაში, გაუგებარია, რატომ დააარსებდა? 

– იქნებ თვითონაც ყოფილი ცოლია და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე უნდა, რომ დაეხმაროს ქალებს?

– მოიცა რაა! არ მჯერა მე მაგის…

– მაშინ, ვისაც სჯერა, ისინი გაატარე :)))

– ახლა გავიფიქრე, ნეტა, ამას მომწერს თუ არა-მეთქი და ისე აგიხდა ყველაფერი :))

– კაი, მაშინ ახლა არაფერს აღარ მოგწერ! გეცოდინება, რაც უნდა მოგწერო და საერთოდ, ესეც გეცოდინებოდა, რო ამას ვწერდი… 

– მაშინ ის მომწერე, რაც არ ვიცი! მაგალითად, რას აკეთებ მანდ, პარიზში?

– ვსწავლობ და ვმუშაობ! გაჭირვებას გამოვექეცი…
“უკიდეგანო აფერისტი!” – გავიფიქრე ჩემთვის, მაგრამ, რაც უფრო მეტს მწერს, მით უფრო მეტად მომწონს… რატო, არ ვიცი. 

– სამწუხაროა! იმედია, ახლა კარგად ხარ!

– რა შედარებაა! ამოვისუნთქე… 

– მიხარია… უი, თათია!!!

– ჰოუ…

– იმედია, არ გეწყინება. ახლა უნდა გავიდე. ბავშვები მელოდებიან!

– მიდი… როცა დრო და სურვილი გექნება, ხო მომწერ?

– კი… მოგწერ!

– კარგი. აბა, შენ იცი! წარმატებულ დღეს გისურვებ!

– მეც…

მთელი გზა ვფიქრობდი, რატომ აირჩია ბათუმი… პატას გადავურეკე და ვკითხე, რომელ სასტუმროში მივდიოდით, მაგრამ ჯერ არ იცის. ან არ მეუბნება… 

სამმა დღემ სწრაფად გაირბინა და შაბათი დილაც გათენდა. ბავშვებთან ჩემი მშობლები დავტოვე და დილის ათზე კლუბში მივედი. გოგოები უკვე გარეთ იყვნენ შეგროვილნი და სამარშრუტო ტაქსის წინ მელოდნენ, რომელიც სპეციალურად დაექირავებინა პატას. იასამნისფერთავა არ მოდიოდა. მხოლოდ კლუბის რვა წევრი, მე და პატა. საწყალი, შემეცოდა ამდენ ქალში…

მოხერხებულობა გამოვიჩინე და ფანჯარასთან დავჯექი, სალომეს გვერდით. მაკა უკან მოხვდა, ზორბა თამუნას გვერდით. კარგია, გზაში დაატერორებს ხოლმე და ტვინს ვეღარ გაბურღავს. პატა მძღოლის გვერდით დაჯდა და ჯიბიდან დისკი ამოიღო. მთელი გზა ბობ მარლის ვუსმენდით. შოფრის “რიმტარირო” სიმღერებს ნამდვილად სჯობს…

გზაში ორჯერ გავჩერდით. პირველად ვჭამეთ, მეორედ ზესტაფონის “ლავაცა” დავლიეთ. ჩემი საყვარელი ყავაა! ხუთი საათი ხდებოდა, როდესაც ბათუმში შევედით. პატამ მობილური ამოიღო და სადღაც დარეკა. მერე მძღოლს ჩუმად გადაულაპარაკა რაღაც და როდესაც სასტუმრო “თანამგზავრის” ტერიტორიაზე შევედით, ორგანიზმში ჰაერის უკმარისობა ვიგრძენი. თითქოს ველოდი კიდეც ამას… ეს სწორედ ის სასტუმროა, სადაც წელიწადნახევრის წინ მედია-სემინარებს გვიტარებდა ჯუზეპე სპანიოლო. 

სასტუმროს ფოიეში ადმინისტრატორი შემოგვეგება. ცოტა ხანში ყველას ჩვენ-ჩვენი გასაღები გვეჭირა ხელში და ნომრებში ავდიოდით. მესამე სართულის კორიდორს რომ მივუყვებოდი, ფეხები მიკანკალებდა… ჩემს ნომერთან შევჩერდი… – ექვსი. ზუსტად ის ნომერია, სადაც მაშინ ვიყავი… 

ძალ-ღონე მოვიკრიბე და გვერდითა კარს მივუახლოვდი. აქ მაშინ ბაჩო იყო… ხელი მუშტად შევკარი და გაუბედავად დავაკაკუნე. 

არავინ გააღო. გაღება ვცადე, მაგრამ დაკეტილი აღმოჩნდა.

– დაგეხმაროთ?

დამლაგებელი გოგონა მომიახლოვდა, რომელიც თეთრეულისთვის განკუთვნილ გორგოლაჭებიან კალათს მიაგორებდა.

– ამ ნომერში არის ვინმე გაჩერებული? – ვკითხე და შევეცადე, ღიმილით ნერვიულობა შემენიღბა.

– არა, არავინ! მეცხრე ნომერი თავისუფალია…

– კარგით, მადლობა!

ვუთხარი გოგონას და ჩემს ნომერში შევედი. უცებ ხელიდან ჩანთა გამივარდა…

– მეცხრე ნომერიო?.. ბაჩოს ყოფილი ნომერი ცხრა ყოფილა, ჩემი კი – ექვსი… ექვსი და ცხრა… “სამოცდაცხრის” საიდუმლო, მგონი, ამოვხსენი, მაგრამ… ეს “არჩი” ვინღაა?

12. სტრიპტიზი წარმოუდგენელი დასასრულით

9861bb37b6f24cd24dc8ceb8fa538e3c

წვეულებამდე რამდენიმე საათიღა დარჩა. კაბა, რომლის ჩაცმასაც ვაპირებ, ფრთხილად ამოვიღე ჩანთიდან და საკიდზე ჩამოვკიდე.

ძალიან ლამაზი, თხელი ცისფერი კაბაა, რომელიც ჩვენი ჟურნალის ივენთისთვის ვიყიდე, მაგრამ არ მცმია, რადგან ის ივენთი ჩაიშალა.

მგზავრობამ ძალიან დამღალა და ცოტა ხნით საწოლზე წამოვწექი, თვალები დავხუჭე და გავიტრუნე. რა სიჩუმეა! მე მგონი, ამ სასტუმროში ჩვენ გარდა არავინ არის. არადა, იმ ზაფხულს რა ამბავი იყო? გადავსებული იყო აქაურობა. სიწყნარე მენატრებოდა და თან ყოველ ღამე, გვერდითა ნომრიდან მაჩოს ინტიმური ცხოვრების დეტალებს ვისმენდი…

უცებ ძალიან ცხადად გამახსენდა ყველაფერი. ასე მეგონა, წარსულში დავბრუნდი და არაფერი შეცვლილა. ეს მდგომარეობა უცნაურად მესიამოვნა. ვიწექი და ვგრძნობდი, როგორ მეპარებოდა რული. არ შევეწინააღმდეგე და დავნებდი. ბურანში რომ წავედი, მობილურმა დარეკა. ზარის ხმაზე გიჟივით წამოვხტი. ჩემი დაქალი ქეთი რეკავდა.

– ჰო, ქეთ…

– ჩახვედი?

– კი… წამოწოლილი ვიყავი და თითქმის ჩამეძინა.

– ჩემი სიკვდილი…

– სიკვდილი კი არა, გაგიჟდები, რა უნდა გითხრა! ზუსტად იმ სასტუმროში მოვხვდი, შარშანწინ რომ ვიყავი და თან იგივე ნომერში!

– რას ამბობ?! რა საოცარი დამთხვევაა…

– დამთხვევა არა, შუშუ! ხომ იცი, არ მჯერა მე ეგეთი რაღაცების… შემთხვევით არაფერი ხდება! ვიღაცამ სპეციალურად მოაწყო ყველაფერი ისე, რომ აქ აღმოვჩენილიყავი.

– უიმე, პარანოია არ დაგეწყოს, მეშინია! ვის უნდა მოეწყო ეგეთი რამე, გოგო? ვის რაში სჭირდება?

– რომ გამოვიძიებ, აუცილებლად გეტყვი!

– და რას იძიებ?

– ჯერ წარმოდგენაც არ მაქვს!

– სულ გაგიჟდი, ხო? ჯანმრთელად ხარ? – ქეთის სიცილი აუტყდა.

– რა დროს ავადმყოფობაა? მოკლედ, წავედი ახლა, მოვემზადები ნელ-ნელა…

– მიდი, მიდი… ფრთხილად იყავი, რაა! რამე შარში არ გაეხვიო შენებურად.

– ვეცდები…

ტელეფონი საწოლზე დავაგდე, მუცელზე გადავბრუნდი და სახე ბალიშში ჩავრგე, მაგრამ სუნთქვა გამიჭირდა და უკან ამოვრგე. მომეჩვენა, თითქოს შორიდან კარის დახურვის ხმა გაისმა. კლუბის “სასტავი” კორიდორის მეორე ბოლოში მოხვდა. მხოლოდ მე აღმოვჩნდი ყველასაგან მოწყვეტილი. ვგონებ, არც ეს უნდა იყოს უბრალო დამთხვევა!

საწოლზე წამოვჯექი და მივაყურადე. არ მომჩვენებია. მეცხრე ნომერში ვიღაც მართლა დადიოდა, ოღონდ ნაბიჯებს ძალიან ფრთხილად ადგამდა. აი, კარადის გასრიალების ხმაც გავიგე და სასწრაფოდ ფეხზე წამოვხტი.

წინდებიანი გავვარდი აივანზე და ტიხარს, რომელიც ამ ორი ნომრის აივნებს ჰყოფდა, ზურგით ავეკარი. უნდა გავიხედო! მაგრამ ისიც რომ იყურებოდეს? უხერხული არ გამოვა? – თუმცა უკვე ყველაფერზე ვარ წამსვლელი, ოღონდ კი გავიგო, რა უნდა ჩემგან ამ არჩის. – რაც იქნება, იქნება!

ძალიან ფრთხილად გავიხედე მეზობელი ნომრისაკენ. აივნის კარი დაკეტილი იყო, ფარდა სანახევროდ გადაწეული.

მხოლოდ საწოლის ბოლო ნაწილი მოჩანდა. თეთრ გადასაფარებელზე შავი შარვალი და პერანგი იყო გადაკიდებული… ფეხის წვერებზე ავიწიე, ცოტათი კიდევ გადავიხარე და ფეხსაცმელიც დავინახე. მამაკაცის შავი კლასიკური ფეხსაცმელი… მოულოდნელად ოთახის სიღრმიდან რაღაცა შავი გამოფრინდა და აივნის კარს დაეჯახა შიგნიდან.

უცებ ყვავი მეგონა და გაოცებისაგან კინაღამ აივნიდან გადავვარდი, მაგრამ ძირს რომ დავარდა, დავინახე, რომ შლაპა იყო.

შლაპას ეგრევე მოჰყვა შავი ნიღაბიც, რომელიც საწოლზე დაეცა. სასწრაფოდ შემოვბრუნდი. ნეტა დამინახა და იმიტომ ისროლა ის შლაპა თუ უბრალოდ, საწოლზე უნდოდა დაეგდო და ააცილა? ან ის ნიღაბი რაში სჭირდება, თუ ნორმალურია?

მოიცა, იქნებ არანორმალურია? იქნებ მანიაკია და ამომიჩემა? – უსიამოვნო განცდა დამეუფლა. ღამე რომ შემომივარდეს ნომერში და რამე მიქნას, ვის რას გავაგონებ?

საწოლზე მუხლებით დავდექი და კედელს ყური მივადე. ძალიან შორიდან, ყრუდ წყლის ხმა ისმოდა. როგორც ჩანს, ჩემი იდუმალი მეზობელი შხაპს იღებს. დამლაგებელი გოგოსთვის რომ გეკითხა, მეცხრე ნომერი ცარიელი იყო, თუ რა თქმა უნდა, ახლა არ შესახლდა. იქნებ ადმინისტრატორმა მითხრას, ვინ აიღო მე-9 ნომერი?

ფეხსაცმელები ჩავიცვი, კარი გასაღებით გადავკეტე და ლიფტისაკენ გავემართე, მაგრამ კორიდორში პატა შემეჩეხა.

– შენთან მოვდიოდი…

– რა ხდება?

– დარბაზს არ ნახავ? გადახედე შენი თვალით, კორექტივები შეიტანე…

– ქვემოთ მივდიოდი მაინც და წამო… ჯერ დარბაზს ვნახავ!

მე და პატა ლიფტით ჩავედით და დარბაზისაკენ გავემართეთ. ჯერ ის დიდი დარბაზი გავიარეთ, სადაც ჯუზეპეს პატივსაცემად გამოსამშვიდობებელი წვეულება იყო. ისევ ნოსტალგია შემომაწვა. დიდი დარბაზიდან მცირეში გავედით. აქ უფრო მეტი სიმყუდროვეა.

დიზაინში წითელი ფერი დომინირებს. კარაოკესთვის ეკრანი მზად იყო. იქვე იყო ბარიც. დიჯეის აპარატურა მოეტანა და აწყობდა. ტყავის წრიული ფორმის დივნებს შუა მრგვალი მაგიდები იყო ჩალაგებული.

– აბა, რას იტყვი?

– მშვენიერია! მომწონს…

– ნახე, აქ ძელიც არის. სტრიპტიზიორი გამოიყენებს…

– უი, ეგ კინაღამ დამავიწყდა! შენ შეარჩიე, პატა?

– სტრიპტიზიორი? – არა, იმან შეარჩია თვითონ. ახლახან ჩამოვიდა, სასტუმროშია უკვე…

– ვინ ჩამოვიდა, იის?

მოულოდნელობისაგან თვალები გამიფართოვდა. ე.ი. მეცხრე ნომერში არჩი დაბინავდა… ალბათ, წვეულებაზე იმ ნიღბით შემოვა, რომ არ იცნონ… ჩემმა ცნობისმოყვარეობამ პიკს მიაღწია.

– არა, იმას აქ რა უნდა? ის აქ 100 წელი არ მოვიდოდა! – სტრიპტიზიორზე გეუბნები…

– აა, მოიცა, სტრიპტიზიორიც თბილისიდან ჩამოვიდა?

– ჰო… კაკ რაზ შენ გვერდით შეხვდა ნომერი.

ახლა უკვე ნათელი გახდა ჩემთვის შავი ნიღბის და შლაპის საიდუმლო. როგორც ჩანს, ეს მისი საცეკვაო კოსტიუმია. მე კიდევ რა აღარ ვიფიქრე… ხანდახან ისე მიკვირს, საიდან მაქვს ასეთი მდიდარი ფანტაზია… ქეთის თქმის არ იყოს, მართლა პარანოია ხომ არ მეწყება? ან უკვე დაწყებულიც მაქვს და ვერ ვხვდები.

სავარაუდოდ, იმ არჩიმ დაგეგმა ისე, რომ ეს სტრიპტიზიორი ჩემ გვერდითა ნომერში მოეხვედრებინა! ნამდვილად ასე იქნება, მაგრამ ეს რატომ გააკეთა? ვიღაც ძალიან მაგრად მეკაიფება და ალბათ, სიცილისაგან კვდება…

უცებ გადამეკეტა და პატას კოსტიუმის საყელოში ჩავაფრინდი.

– პატა, მითხარი, რა გავაკეთო, რომ მითხრა, ვინ არის?

– აუჰ…

– ვიცი, რომ ვერ მეუბნები, შეიძლება დაგემუქრა კიდეც, არ უთხრაო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მიცნობს… ამ სასტუმროში, ამავე ნომერში წელიწადნახევრის წინ ვიყავი… ეს შეუძლებელია, დამთხვევა იყოს. ამიტომ უნდა მითხრა, ვინაა! რასაც გინდა, იმას დავიფიცებ, რომ ჩვენ შორის დარჩება ყველაფერი, რასაც მეტყვი…

პატამ ფრთხილად გამაშვებინა ხელები, საყელო შეისწორა და დიჯეის გადახედა, რომელიც გაშტერებული გვიყურებდა.

– ძალიან მინდა, რომ გითხრა, თია, მაგრამ არ შემიძლია! ეს შენ თვითონ უნდა გაიგო! დამშვიდდი, იმაზე მალე გაიგებ, ვიდრე შენ წარმოგიდგენია!

– კარგი, როგორც გინდა, ისე მოიქეცი! მაგრამ იცოდე, რომ მე მაინც გავიგებ! შეგიძლია იმასაც გადასცე! ყველაფერს გავიგებ! ჰო, და კიდევ ერთი! ერთხელაც თუ დამიძახებ თიას, ავდგები და ისეთ ზედმეტსახელს შეგარქმევ, რომ მთელი ცხოვრება ვეღარ მოიშორო… დამიჯერე, კარგად მეხერხება ზედმეტსახელების შერჩევა, პააატა!

გაბრაზებულმა პატა დარბაზში დავტოვე და ჩემს ნომერში ავბრუნდი. ადმინისტრატორი აღარც გამხსენებია. ლიფტში გავიფიქრე, ზედმეტი ხომ არ მომივიდა-მეთქი… ამ პატას თავისიც ეყოფა, “შისტიორკასავით” რომ არბენინებს “ის”…

სრული ბედნიერებისთვის კართან მაკა დამხვდა. როგორც ჩანს, ჩემს კარზე დიდხანს აბრახუნებდა. ძალიან შეშფოთებული სახით იდგა.

– დედაა, რა მანერვიულე, ქალო! სად იყავი? ვიფიქრე, გაზით ხო არ გაიგუდა-მეთქი!

– რა უნდა მაკა სასტუმროს ნომერში გაზს? – ქვემოთ ვიყავი… დარბაზს ამზადებენ და ვნახე.

– მართლა? როგორ მაინტერესებს! ქალო, ხო იცი, იმ მილიონერს რო მივწერე?

– რომელ მილიონერს?

– კლუბის დამფუძნებელს…

– საიდან იცი, მილიონერია თუ ასიონერი?

– იქნება ქალო! აბა, გიჟია, ფულები ასე პრანტოს?

– და რა მისწერე? მოიცა, ჩემთან შევიდეთ…

კარი გავაღე და ორივე ნომერში შევედით.

– რა მივწერე და გამარჯობა, როგორ ხარ – მე კარგად, ჩემი მეილი საიდან გაიგე-მეთქი…

– რა გიპასუხა?

– ვარკეთილში, ერთ-ერთ გაჩერებაზე ვნახე, ბოძზე ეწერა ფლომასტერითო, ქალო…
პირდაპირ შუა ოთახში ჩავიკეცე და ძლივს გადავრჩი, რომ სიცილისაგან არ მოვკვდი… ამდენი ცხოვრებაში არ მიცინია. მორიდების გრძნობაც დამავიწყდა და სირცხვილისაც. ძლივს დავწყნარდი.

– მოიცა, მართლა ასე მოგწერა?

– აბა, გატყუებ? გამაშაყირა, არა?

– ჰო, აბა რა ქნა?.. შენ მისწერე კიდე რამე?

– უფრო მეტ პატივსა გცემთ, თუ მეტყვით, ვინ გითხრათ ჩემი მეილი და ისე ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადე! მადლობა, რომ არსებობთ და ასეთ კარგ საქმეს ემსახურებით-მეთქი…

– და რაო?

– მე არ ვარ კლუბის დამფუძნებელი, მისი მენეჯერი ვარო…

– რაის მენეჯერი… პატას და იმ მდივანი გოგოს მეტი მე იქ არავინ მინახავს…

– ჰო, არც მე! წავედი ახლა, ჩავიცვა და გავიკრასკო, არ მინდა, დავაგვიანო… შენც გაცდენ თან.

– კარგი, მეც მოვწესრიგდები!

მაკა რომ გავისტუმრე, ისევ აივნიდან გავიხედე. სტრიპტიზიორს ფარდები ბოლომდე გადაეფარებინა. საერთოდ არაფერი ჩანდა. ყველაზე დიდი პრიკოლი ის იქნება, ამ სტიპტიზიორმა წვეულების მერე აშარაშკა რომ “ააგდოს” და ღამე მათი “ცხოვრების” ხმების მოსმენა მომიწიოს…

ძაან “ჰორორში” გადავვარდი.

მეც რა მჭირს… ნომერში შევბრუნდი და ჩაცმა დავიწყე. ძლივს შევიკარი ზურგზე ელვა. მარტო იმიტომ არის კარგი ქმარი, რომ კაბის ელვა შეგიკრას…

მაკიაჟი გავიკეთე და თმას მივადექი… ჩემი “ბრაუნის” თმის დასახვევი უთო ამოვიღე და ლოკონები გავიკეთე. სულ ბოლოს ფეხსაცმელი ჩავიცვი. ისე იშვიათად ვიცვამ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, რომ იმედია, სირაქლემასავით არ ვივლი.

სარკეში საკუთარი თავი საბოლოოდ შევათვალიერე. არა მიშავს… კლატჩი ავიღე და ნომრიდან გამოვედი. მე-9 ნომერს რომ გავცდი, გავჩერდი… მკვეთრად შემოვბრუნდი და კარზე დავაკაკუნე. მუსიკის ხმა ისმოდა. სტრიპტიზიორი creed-ის Time-ს უსმენდა… მუსიკალური გემოვნება კარგი ჰქონია…

მუსიკა შეწყდა. ნაბიჯების ხმა გავიგე… მეორედაც დავაკაკუნე, ამჯერად უფრო დაჟინებით…

– რომელი ხარ?

ცოტა არაბუნებრივად ბოხი ხმით დაიძახა.

– ცნობისმოყვარე ვარვარა!.. და შენ?

– ცუღლუტობის დრო არ მაქვს, ვინც არ უნდა იყო! ნახვამდის…

– ნახვამდის! არც ისე შორსაა ჩვენი ნახვის დრო…

კარს მოვშორდი და გოგოების ნომრებისკენ წავედი. სად წამივა? ძალიან მალე ვნახავ ტანსაცმლიანსაც და მის გარეშეც…

კლუბის წევრებს ორკაციანი ნომრები აქვთ. სალომეს ვარდისფერი შიფონის კაბა ეცვა, მკერდთან მძივებით გაწყობილი. ზოის – კლასიკური კოსტიუმი და ქვედაბოლო. ყველანი კორიდორში შევიკრიბეთ. მაკას ლეოპარდის პრინტიანი მოკლე და მოტმასნული კაბა ეცვა და ზუსტად ასეთივე პრინტის ფეხსაცმელი.

კომპლიმენტების გაცვლით ყველამ გული რომ იჯერა, ქვემოთ ჩავედით. დიჯეი უკვე უკრავდა. პატა თეთრ შარვალ-კოსტიუმში იყო გამოწყობილი, ნეფეს ჰგავდა. მასთან მივედი და მოვუბოდიშესავით… მეგობრულად მომითათუნა ხელი მხარზე და ღიმილით მითხრა, რომ არ სწყენია.

ორ მაგიდასთან გავნაწილდით. ფურშეტის მაგიდა ცალკე იდგა. ყველა იმას იღებდა, რაც უნდოდა. მხოლოდ თამუნამ გადაუარა ყველაფერს, ყველაფერი “გასინჯა”, პირველი, მეორე, დესერტი, ჩიზქეიქი, შოკმანჟე, ხილი… ბოლოს იმ დივანზე გადაწვა და ღრმად დაიწყო სუნთქვა. როგორც სპილო – კმაყოფილია, მაგრამ როგორც ქალი -არა!

ცეკვით ყველამ იცეკვა. აშარაშკა საწყალ პატას მიახტა ლეოპარდივით და სამი ცეკვა ზედიზედ აცეკვა. ოფლი ხვითქად გადასდიოდა. მერე კარაოკეს ჯერი მოვიდა. სასმელი ყველას მოკიდებული გვქონდა და ბღავილი დავიწყეთ. ამ სცენას ვეღარ გაუძლო პატამ და ცოტა ხნით დაგვტოვა. 12 საათი გახდა თუ არა, მუსიკა შეწყდა. დიჯეიმ რაღაც განსაკუთრებულის დაკვრა დაიწყო.

ბასებს ბოლომდე აუწია. განათებამ იკლო. მე კარების წინ დავდექი და გამოვაცხადე, რომ ახლა გათამაშება დაიწყებოდა. პატამ ოქროსფერი ყუთი შემოიტანა. გოგოებმა სათითაოდ ჩაყვეს ხელი და ბარათები ამოიღეს. მხოლოდ თამუნას შეხვდა მომგებიანი.

პატამ სთხოვა, ყველა თავის ადგილზე დამჯდარიყო და თვითონ შემოსასვლელი კარი გააღო. ორმა ბიჭმა დიდი შეფუთული ყუთი შემოაგორა, რომელიც თამუნამ გახსნა და კინაღამ იქვე ჩაიკეცა, როდესაც ყუთიდან სტრიპტიზიორი მამაკაცი ამოხტა, შავი ზოროს სტილის შლაპითა და ნიღბით, რომელიც მარტო თვალებს უფარავდა. შარვლის ქამარი ისე ჰქონდა გაჭერილი, გეგონებოდათ, გველს ახრჩობსო…

გოგოები სიცილით კვდებოდნენ. ზორო ძალიან სექსუალურად ცეკვავდა და ნელ-ნელა იხდიდა. ჯერ მანტია მოიხსნა და თამუნას შემოახვია. მერე თეთრი პერანგი გაიხადა. შარვალი რომ მიაყოლა და მაგიდაზე ახტა, ჟანგბადის უკმარისობა ვიგრძენი… ვუყურებდი და ვფიქრობდი, ასეთი სრულყოფილი სხეული საიდან აქვს, ნეტა ფოტოშოპიდან ხომ არ გადმოხტა-მეთქი.

ზორო ყველასთან სათითაოდ მიდიოდა და ეტმასნებოდა. ყველა ჭარხლებივით გააწითლა. საოცარი პლასტიკით ამოძრავებდა გენიტალიას…

ბოლოს მე მომიახლოვდა, უკნიდან შემომიარა და ყურში ჩამჩურჩულა:

– როგორ ხარ, ვარვარა?

გავოგნდი. საიდან მიხვდა, რომ მე ვიყავი? მისკენ შევბრუნდი და სახეზე დავაკვირდი. უცებ მარჯვენა ხელი წელზე მომკიდა და ზედ ამეკრო. ასე აგრძელებდა ცეკვას.

– ასე მგონია, სამოთხეში ვარ! შენ?

ჩამჩურჩულა ყურში.

– მე ავტობუსში!

გაიცინა…

– როგორ მომნატრებიხარ!

ვეღარ მოვითმინე და ნიღაბი ჩამოვგლიჯე… და…

– ღმერთო ჩემო!.. არ არსებობს!.. შენ? შეენ?..

მისი მკლავებიდან თავი გავინთავისუფლე და უკან დავიხიე. ვუყურებდი და თვალებს არ ვუჯერებდი, რომ ჩემ წინ მაჩო იდგა.

P.S. ოემჯიიი….. 🙂

13 (თარსი). რა მოხდა ჩემსა და ნახევრად შიშველ მაჩოს შორის სასტუმროს ნომერში

ee7dadccace306f1d19c0b66b38688c2

რამდენიმე წუთის განმავლობაში გაშეშებული ვიდექი და დამუნჯებული ვუყურებდი ტრუსისა და წინდების ამარა დარჩენილ ბაჩოს, რომელიც ჩემ წინ იდგა და მოთმინებით ელოდა ჩემ გამოფხიზლებას.

გოგოებიც მიხვდნენ, რომ რაღაც ხდებოდა და გაოცებულები მოგვაჩერდნენ.

– ჩაიცვი ერთი, უნდა დაგელაპარაკო!

ვუთხარი ბაჩოს. ძირს დაგდებული შარვალი ავიღე და ვესროლე.

– რატომ? ჩაუცმელი არ მოგწონვარ?

– სერიოზულად მინდა დაგელაპარაკო და საკუთარ აზრებზე უნდა მოვახდინო კონცენტრაცია და არა შენი იდეალური სხეულის ნაწილებზე! ასე რომ, ჩაიცვი! ნუ, თუ, რა თქმა უნდა, სხეულის ენით არ აპირებ ჩემთან ლაპარაკს… იმედია, ენაც სხეულის შესაბამისად, ძველებურად ელასტიური გაქვს…

– თუ ძაან გინდა, ჩავიცვამ. უბრალოდ, “შიშველი კაცის ეფექტს” გიტარებდი…

– ეგ ესპანეთში ისწავლე?

– არა, ეს შენგან ვისწავლე! აღარ გახსოვს? ადრე რომ ხუმრობდი, ქალს შიშველი უნდა დაადგე და უარს ვეღარ გეტყვისო?

– მსგავსი არაფერი მითქვამს! ვიღაცაში გეშლები!

– შენ როგორ უნდა შემეშალო ვიღაცაში? ისე, ესპანეთში ბევრი რაღაც ვისწავლე! კარგად თუ მოიქცევი, შენც გაგიზიარებ გამოცდილებას!

ბაჩომ გაიცინა და შარვლის ჩაცმა დაიწყო.

– ამ ბოლო დროს რაღაც ნამეტანი გულუხვი გახდი! კარგად მოქცევაზე კიდევ შენ ნუ იღებ ხმას!

– თეა, რა ხდება აქ?

ვეღარ მოითმინა აშარაშკამ და გვერდით ამომიდგა. ბაჩომ შარვალი შეიკრა, მაკასთან მივიდა და თავისი პერანგი გამოართვა, რომელიც ამ უკანასკნელს გაუცნობიერებლად ჰქონდა მკერდზე მიხუტებული.

– განსაკუთრებული არაფერი, მაკა! ეს სტრიპტიზიორი ჩემი ნაცნობია!

ბაჩომ პერანგი შემოიცვა, მაგრამ ღილები არ შეუკრავს. დიჯეის ხელით ანიშნა, მუსიკისთვის დაეწია ხმა და გოგოებისაკენ შემობრუნდა.

– პირველ რიგში, hi, მოგესალმებით ყველას! მინდა გითხრათ, რომ მე ვარ ამ კლუბის ერთ-ერთი მფლობელი და ამასთან, იდეის ავტორიც…

– ერთ-ერთი? მოიცა, ორ-ორიც არსებობს?

ბაჩოს სიტყვა გავაწყვეტინე.

– კი, ორ-ორიც არსებობს. ოღონდ ის გარკვეული მიზეზების გამო ჯერ background-ში დარჩება! როგორც მიხვდით, მე და თეა ერთმანეთს ვიცნობთ… ჩვენ ძალიან კარგი პარტნიორები და მეგობრები ვიყავით.

– გინდათ თქვათ, რომ სინამდვილეში სტრიპტიზიორი არ ხართ? ვერ დავიჯერებ!

თქვა მაკამ და შემომხედა. ალბათ, ჩემი რეაქცია აინტერესებდა, რომ მიმხვდარიყო, მართალს ამბობდა თუ არა ბაჩო.

– არ არის სტრიპტიზიორი! ჟურნალისტია, ჩემსავით… უბრალოდ, სისხლში აქვს გამჯდარი ყველაფერი, რაც სექსთანაა კავშირში… გამოუსწორებელი მექალთანე, ნარცისი და მორიელია! – ეს უკანასკნელი ზოდიაქოთი…

– მოდით, დავსხდეთ ცოტა ხნით!

თქვა ბაჩომ და მაგიდისაკენ გაემართა. ჩემი და ზოის გარდა, ყველა გარს შემოეხვია.

– კტო ონ, სოლნიშკა?

– დოლგაია ისტორია, ზოი! ზავტრა რასკაჟუ…

– ონ შტო, პრავდა ვლადელეც ეტავა ზავიდენია?

– დუმაიუ, შტო და…

– იმედი მაქვს, რომ ივენთი მოგეწონათ! მე შორიდან გიცნობთ ყველას. დაჟე თქვენი სახელები ვიცი და თქვენი ისტორიებიც!

– კლუბი რატომ დააფუძნეთ? – შეეკითხა სალომე.

– ჩემს მეგობართან ერთად გავაკეთე! ტყუილი არ მევასება და რო არ მოგატყუოთ, პირადი მიზნები მქონდა… რომლის შესახებაც ახლა ვერ ვილაპარაკებ! მაგრამ, მთავარია, რომ გაამართლა და ძაან გამიხარდება, თუ დაგეხმარათ რამეში…

– ჩვენ ჯერჯერობით ძალიან კმაყოფილები ვართ! – უთხრა თამუნამ.

– ძალიან კარგი! თეა, შენ არ შემოგვიერთდები?

– არა! მე დაგელოდები. ლაპარაკს რომ მორჩები…

– ჩვენზე რა იცი?

შეეკითხა უცებ სალომე.

– ბევრი რამე! მაგალითად ის, რომ არ ღირს ნერვიულობა პატარა მკერდზე. პირადად მე არ მევასება დიდი ძუძუები. მე ფორმას ვაქცევ ყურადღებას! ასე რომ, სულ ტყუილად ნერვიულობ პატარა მკერდზე. დიდი ამბავი, პირველი ნომერი თუ გაქვს… სამაგიეროდ, შეხედე! – ფეხი გაქვს ორმოცი.

– ბაჩო!

დავუძახე და თვალები დავუბრიალე.

– თქვენ გაგიმართლათ, თეა რომ გაიცანით! გიყურებთ და გაოცებული ვარ თქვენი ახალი იმიჯით. აშკარად პროფია ის იმიჯმეიქერი… კარგად ქერავს იმიჯს… შენ სახის კანი გადაგიჭიმა თუ ლიფი არ გაცვია?

ახლა თამუნას მიუბრუნდა. მეტი ვეღარ მოვითმინე. მთვრალია თუ რა სჭირს?.. მასთან მივედი, გაღეღილ პერანგში ხელი ჩავავლე და მაგიდიდან ავაყენე.

– თუ გვამცირებ, მაშინ იცოდე, რომ ჩვენ საკუთარი ქმრებისაგან სწორედ მაგიტომ წამოვედით და არც კლუბიდან წასვლა გაგვიჭირდება! – უთხრა გაბრაზებულმა სალომემ.

– არ მიაქციოთ ყურადღება ამას! ეს ყველასთან ასეთია! არ დაგცინით, უბრალოდ, ასეთია!
ვეცადე, სიტუაცია გამენეიტრალებინა.

– ნაღდად არ მინდოდა თქვენი წყენინება… გაერთეთ კარგად! ახლა ტორტს შემოატანინებს პატა და იცეკვეთ, იმხიარულეთ…

ბაჩო დარბაზიდან გამოვათრიე და ლიფტისაკენ წავედი. უკან მომყვებოდა და თან სიცილით კვდებოდა. ლიფტთან რომ დავდექით, ხელი გავუშვი და ღილაკს თითი დავაჭირე.

– სად მიგყავარ? აუ, შემომხედე რაა! ერთი წელია, არ მინახიხარ, ტოო… როგორ მომენატრე! არ მელაპარაკები? გაბრაზდი? კარგი რაა… შემომხედე…

ლიფტის კარებს ჯიუტად არ ვაცილებდი თვალს. ლიფტში რომ შევედით, არც მაშინ შევხედე.

– აუცილებელი იყო ეგ ხუმრობის პროვოკაცია გოგოებთან? არ იცოდი, რომ გაბრაზდებოდნენ? შენ ხომ საკმარისი გამოცდილება გაქვს ქალებთან და იცი, რაზე ბრაზდებიან ხოლმე…

– მე ისიც ვიცი, როგორ უნდა დაამშვიდო გაბრაზებული ქალი!

– როგორ?

– მოშორებით უნდა დადგე და შორიდან ესროლო საფულე…

– აუტანელი ხარ!

– თე, სად მივდივართ?

– ნომერში!

– მართლა?

– აბა, სად დაგელაპარაკო? კორიდორში?

– ბაზარი არ არის! პირიქით, მაგრა გამიხარდა! ხო იცი, რამდენი ხანია ვოცნებობ შენთან ერთად ერთ ნომერში მოხვედრაზე?

– მე “თათიასთან” ძილს არ ვაპირებ!

– არც მე! რა დამაძინებს გოგო შენთან?

ლიფტიდან გამოვედი და ჩემი ნომრისაკენ გავემართე და უცებ დამარტყა თავში, რომ კლატჩი დაბლა დამრჩა.

– ჩემთან შევიდეთ, რა მნიშვნელობა აქვს, სად დავსხდებით, შენს საწოლზე თუ ჩემსაზე? მაინც თუ ლაპარაკს აპირებ მარტო… პატას გადავურეკავ, რომ ჩანთა ამოგიტანოს მერე.

– ჯანდაბას შენი თავი, შევიდეთ!

ბაჩომ შარვლის ჯიბიდან გასაღები ამოიღო და კარი გააღო. შესვლა წესიერად არც დავაცადე, ეგრევე კითხვები დავაყარე.

– რა მაიმუნობა იყო ახლა ეს? როდის ჩამოხვედი? კლუბი მართლა შენ გახსენი? თათიაც შენ ხარ, ხო?

– ერთბაშად მაინც ნუ დამახრჩობ კითხვებით… ვაჰ, ვინ ხარ შენ, ტო…

– ხომ გითხარი უკვე, ცნობისმოყვარე ვარვარა-მეთქი… მადლობა თქვი, რომ არ გცემე!

– მადლობა…

– არაფრის…

ბაჩოს ისევ სიცილი აუტყდა და ჩემკენ წამოვიდა. მე უკან დავიხიე.

– არ მომიახლოვდე!

– გოგო, მართლა მაგრად მომენატრე და ჩაგეხუტები რაა! რა გჭირს, ტო?

– კიდე მე რა მჭირს? კიდე მე? ნამუსი ესპანეთში დაგრჩა თუ?..

– რა გინდა, ყველაფერს აგიხსნი-მეთქი, მეტი რა ვქნა?

– დაიწყე!

საწოლზე ჩამოვჯექი. ბაჩო ცოტა ხანს კიდევ იდგა და გაღიმებული სახით მიყურებდა. მერე გვერდით მომიჯდა.

– არა! აქ არა! სკამზე დაჯექი!

– სად ხედავ აქ სკამს?

– მე რა ვიცი… წარმოიდგინე…

– გეშინია ჩემი?

– მეშინია არა ისა კიდე…

– კანკალებ?

– მოჩვენებები დაგეწყო?

– მოდუნდი, კი არ შეგჭამ! ყოველ შემთხვევაში, ვეცდები…

– საქმეზე გადავიდეთ! გეყო ღლაბუცი… დაიწყე ახლა, როდის დაგეგმე ეს ცირკი? გოჩამ, იასნა, ყველაფერი იცოდა! ახლა ვხვდები, რატომაც ჭუტავდა ეგრე იმ წვრილ თვალებს და აქლემივით რატომ იჯღანებოდა! ვაიმეე, დაგაჯღანებთ მალე ორივეს, დამაცადეთ მე თქვენ….

– რა საყვარელი ხარ გაბრაზებული! ვერ გიძლებ…

– საქმეზე გადადი!

– მოკლედ, შენი ამბავი მე არ ვიცოდი…

– რა ამბავი?

– ქმარს რო გაშორდი…

– ეგ რა შუაშია?

– თავშია! გვიან გავიგე… შენ ძალიან კარგად იცი, რა შეგრძნებები მქონდა შენ მიმართაც… იცი, რომ სულერთი არ იყავი არასოდეს ჩემთვის და ძალიან მინდოდა შენთან ყოფნა, მაგრამ გათხოვილი რომ იყავი, თავს ვიკავებდი.

– მაიკო ხომ შეგიყვარდა?

– შემიყვარდა არა ის კიდე… მე და სიყვარული, გოგო? ღადაობ?

– აბა, რას ერჩოდი იმ გოგოს?

– სიმართლე თუ გაინტერესებს, შენი ეჭვიანობა მინდოდა. ხო იცი, თე… არ მეხერხება ეს სერიოზული ურთიერთობები მე…

– ვიცი, მაგრამ ეს ამხელა ამბავი ჩემთან შესაძლო არასერიოზული ურთიერთობის გამო მოაწყვე?

– შენთან არასერიოზული ძალიანაც რომ მინდოდეს, არ გამომივა! შენთან სულ სხვანაირი ვარ… თე, პირველი ადამიანი ხარ, ვინც საკუთარი თავი სხვა კუთხით დამანახა! გაიხსენე, იუმორშიც როგორ ვგავართ მე და შენ… და საერთოდ, ყველაფერში! ამიტომ, როგორც კი გავიგე, რომ თავისუფალი ხარ…

– მე თავისუფალი არ ვარ, ბაჩო! ორი შვილი მყავს და ნამდვილად არ ვარ მზად ახალი ურთიერთობის დასაწყებად! მით უმეტეს, შენთან! გარდა ამისა, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, დამიჯერე, არც შენ მოინდომებ ჩემთან ურთიერთობის გასერიოზულებას!

– ვითომ რატომ?

– იმიტომ, რომ მე განქორწინებული ვარ და ორი შვილი მყავს!

– მე კიდევ თავისუფალი აზროვნების მქონე, უკომპლექსო ადამიანი ვარ! სასიამოვნოა შენი გაცნობა…

– შენს მშობლებს ძალიან გაუხარდებათ, რომ გაიგონ, რომ ორშვილიანი ქალი გიყვარს?

– ეგეთი რაღაცა მეორედ არ მითხრა, იცოდე! ყველას თავისი ცხოვრება აქვს და არავინ ვიცით, ვის რა მოგველის.

– როდის გაიგე, ქმარს რომ გავშორდი?

– პერიოდულად გოჩას ვეკონტაქტებოდი, ჟურნალის ამბებს ვიგებდი და შენზე ვეკითხებოდი, როგორ არის-მეთქი! აი, ბოლოს, ერთად რომ დავიწყეთ მუშაობა მე და შენ, მაგ პერიოდში მივხვდი, რომ მაგრა დამენძრა და ეგრევე მოვხიე აქედან! არ მინდოდა ცალმხრივის აკიდება ნაღდად… დაახლოებით ორი თვის წინ გავიგე და ეგრევე ამ კლუბზე დავიწყე ჩალიჩი. გოჩა მაგრა დამეხმარა!

– კლუბის გახსნა რა საჭირო იყო? ის მეორე გოჩაა?

– მაგას ჯერ ვერ გეტყვი, ეგეც სიურპრიზია!

– ვეღარ ვიტან სიურპრიზებს! და თათიაზე რას მეტყვი?

– ვინ თათია? ვერ ვხვდები…

– “არჩი 69” ხომ შენი მეილია? არ უარყო! ეგ უკვე გამოვიძიე და ვიცი, რომ შენია!

– კი, ჩემია, მერე?

– მერე ის, რომ მაგ მეილიდან მიუვიდა ჩემს ყოფილ სიმპათიურ მეზობელს რესტორნის მიპატიჟება და მის ცოლს კიდევ ამ კლუბში. გარდა ამისა, თათიას სკაიპიც ამ მეილითაა რეგისტრირებული! გოჩაც ამ მეილზე აგზავნიდა ჩემს წერილებს…

– ეს ყველაფერი რანაირად გაიგე, გაფიცებ? გიჟი ხარ, გიჟი…

– მთავარია, რომ გავიგე! ეს თათია გასაგებია, მაგრამ სანდროსა და მაკასთან ვერაფრით დაგაკავშირე…

– იტოგში რაა, ჩემი და გათხოვდა ამ ერთი თვის წინ. ჩემი სიძე აღმოჩნდა ამ სანდროს თანამშრომელი და ძმაკაცი. ჩემი სიძე სკაიპით გავიცანი. თითქმის ყოველ საღამოს ველაპარაკებოდი ჩემს დას. ერთხელ მომიყვა ჩემმა სიძემ, თავისი თანამშრომლის ცოლი გაეძროო და მაგიდა დაუშმონაო.

დღიური თუ რაღაცა უპოვაო, კაროჩე… მაცინა მაგრა! რო ყვებოდა, სახელები ახსენა… სანდრო და მაკა… ეგრევე გვარი ვკითხე და რო მითხრა, გამოვსლევდი ტო… შენგან ხო ვიცოდი ეგ ამბები მე? გახსოვს, რო მომიყევი, მაგარი აშარაშკააო და წყნეთში რო გესტუმრნენ… დაჟე, ამ მაკას სურათებიც რო მანახე, შენს დაბადების დღეზე გადაღებული, გახსოვს?

– ჰო… მერე?

– რო დავრწმუნებულიყავი, ამ ჩემს სიძეს გამოვაგზავნინე იმ ტიპის სურათი.

– სანდროს სურათი?

– ხო რაა! ხოდა, მერე ვთხოვე, ის რაღაც დღიური წაეკითხა ამას, როცა სანდრო არ იქნებოდა ოფისში. ჩემმა სიძემ, კაროჩე, დაასკანერა და გამომიგზავნა! იმენა მაგარი შეყვარებულია ის საცოდავი…

– ვერ ხარ! და საიდან იცოდი, რომ რესტორანში მე წამიყვანდა?

– საიდან და ჩემს სიძეს მოუყვა, შენ რო გაგაძრო სადღაც შემთხვევით და ვისარგებლეთ რა… მე მეილი გავუგზავნე და ჩემმა სიძემ მაგ რესტორანს ძირი გააგდებინა ქებით. თან შეუჩნდა, წაიყვანე ის გოგოო…

– არ ხარ შენ ნორმალური! გოჩაც შენ დაპატიჟე?

– იასნა! მინდოდა, დაგენახა. შენ გევასება ეგეთი რაღაცები, ვიცი…

– და ის შავგვრემანი გოგო ვინ იყო, საფასური ვინც გადაიხადა?

– ეგ ჩემი დაა! კიდევ რა გაინტერესებს?

– მაკა რატომ გინდოდა კლუბში?

– ეგ გაგიჩალიჩე!

მითხრა სანდრომ და გაიცინა.

– მადლობა! ძალიან დამავალე! გადამეხადოს ეს სიკეთე…

– თე… ძაან გაბრაზებული ხარ ჩემზე?

– კი!

– აუ, აუუ…

– ტინგიცა ხარ რაა! ვერ გაიზარდე!

– თე, მოიცა, ჯერ არ წახვიდე რა! მოიცა, წვენს დაგისხამ… თუ გინდა, რამე უფრო მაგარი დავლიოთ!

– წვენი დამისხი… ნერვიულობისაგან ყელი გამიშრა!

ბაჩომ თაროდან წვენი აიღო და ჭიქისთვის აბაზანაში გავიდა. ცოტა ხანში უკან დაბრუნდა და ჭიქა მომაწოდა. ბოლომდე გამოვცალე.

– არ გინდა, რამდენიმე დღით დავრჩეთ?

– სად?

– აქ! მე და შენ…

– სულ გაგიჟდი, ხო? ბოჟიალობ რაღაცას!

– შენ თუ არ გინდა, ჩვენ შორის არაფერი არ იქნება! დაიძინე შენს ნომერში… უბრალოდ, დავისვენოთ, ვისეირნოთ… რავი…

– მე დილით გოგოებთან ერთად მივდივარ თბილისში!

– სულ არ გაგიხარდა ჩემი ნახვა? სიმართლე მითხარი…

– გამიხარდა, მაგრამ სხვა რაღაცებმა გადაფარა ეს სიხარული… ჰო, მართლა! 69 ჩემი და შენი ნომრების ნომრებია, ხო?

– ჰო…

– და არჩი? არჩია ის მეორე?

– არა! ჩემი სახელია არჩილი… საბუთებით აჩიკო ვარ. მარა, ნუ, ბაჩოს მეძახის ყველა ბავშვობიდან…

– არ ვიცოდი ეგ… კარგი, წავედი მე…

ფეხზე წამოვდექი და კარისკენ გავემართე, მაგრამ უცებ თავბრუ დამეხვა. ოთახი სულ გადათეთრდა და სიმწრის ოფლმა დამასხა. წავბარბაცდი და ისევ საწოლზე დავჯექი.

– რა გჭირს?

– მგონი, წნევა დამივარდა… არ ვიცი…

– მოიცა, წამოწექი ცოტა ხნით! წყალს მოგიტან…

ბაჩომ ბალიში თავქვეშ დამიდო და წამომაწვინა.

– უკეთ ხარ?

მთელი არსებით ვცდილობდი გამოფხიზლებას, მაგრამ უცებ ისე საშინლად მომინდა ძილი, თითქოს ვიღაცამ ქუთუთოებზე გირები ჩამომკიდა. თვალები თავისით დამეხუჭა და…

P.S. იმას, თუ რამდენად თარსი რიცხვია ჩემთვის 13, შემდეგ ეპიზოდში შევიტყობთ 🙂

14. რომანტიკა “ჰორორის” სტილში

4f7d48746a0ce6f4d542c004107fa2a0

გაღვიძებისთანავე თვალები მზის სინათლემ მომჭრა, რომელიც პირდაპირ საწოლს ანათებდა. სანამ გავაცნობიერებდი, რა მოხდა წინა ღამეს, რაღაც მომენტში თავი ჩემს ნომერში მეგონა.

პირველი, რაც დავინახე, ჩემი ცისფერი კაბა იყო, რომელიც საკიდით სარკეზე უცნაურად ეკიდა. ძალიან გამიკვირდა, მე ხომ არასოდეს ვკ…

– ღმერთო ჩემო!

გავიფიქრე და საწოლში გიჟივით წამოვჯექი. ამ დროს საბანი მკერდიდან ჩაცურდა და მივხვდი, რომ საცვლების ამარა ვიწექი. წამიერად ყველაფერი გამახსენდა და თავზარი დამეცა. გავაცნობიერე, რომ ბაჩოს ნომერში მეძინა.

– ბაჩო!

დავუძახე. არავინ მიპასუხა. სწრაფად ავდექი საწოლიდან და კაბა ჩამოვხსენი, რომ ჩამეცვა. ამ დროს კარი გაიღო და ნომერში ბაჩო შემოვიდა. ხელში ლანგარი ეჭირა, ზედ ორი ყავის ჭიქა და კრუასანები ელაგა.

კაბა წინიდან ავიფარე და ზურგით კედელს მივეყრდენი.

– არ შემოხვიდე!

– გაიღვიძე? – ისე შემეკითხა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.

– ეს რა მიქენი?

მაქსიმალურად ვეცადე, წონასწორობა შემენარჩუნებინა და წყობიდან არ გამოვსულიყავი.

– რა უნდა მექნა, გოგო? უნახავი და მხეცი კი არ ვარ, შენი ძილით მესარგებლა!

– კაბა ვინ გამხადა, აბა?

– კაბა მე…

– გამარჯობა მერე! (ეს ფრაზა რაღაც აშარაშკას სტილში გამომივიდა. აშკარად არ ვარ ფორმაში).

– გაგიმარჯოს…

გაეცინა ბაჩოს და ლანგარი მარცხენა ხელში გადაიტანა, რომ კარი გასაღებით გადაეკეტა.

– სიტყვებს ვერ ვპოულობ, რომ გაგლანძღო! ყოველგვარ ზღვარს გადახვედი! ამას არასოდეს გაპატიებ! გააღე ახლა ეგ კარი და გამატარე, უნდა წავიდე!

– შიშველი?

– ღმერთოო, რას იფიქრებენ გოგოები… ვაიმე, რომელი საათია? თბილისში ვარ წასასვლელი…

– პირველის ნახევარია. შენ ნუ გეშინია, გოგოები არაფერს იფიქრებენ!

– რატომ?

– იმიტომ, რომ წავიდნენ!

საწოლისკენ უკუსვლით დავიხიე და ზედ მოწყვეტით დავეშვი.

– როგორ თუ წავიდნენ? სად წავიდნენ?

– თბილისში!

– მაბოლებ! უჩემოდ არ წავიდოდნენ ეგენი! მე რატო… მოიცა, მე რა დამემართა გუშინ? ცუდად ვიყავი?

– ნწ, – დაგეძინა! ნუ გეშინია, მთელი ღამე გიყურებდი და პულსს გიკონტროლებდი.

– იმ წვენში გაურიე რამე?

– ჰო… ძილის წამალი. მე ვსვამდი ესპანეთში, ინსომნია რომ მჭირდა…

– ინსომნია კი არა, შიზოფრენია გჭირს შენ! ახლა რომ გიჩივლებ, ინსომნია მერე იკითხე! ეს როგორ გააკეთე? როგორ გაბედე…

– კარგი რა, დაწყნარდი… აბა, რა მექნა? შენი ნებით არ დარჩებოდი…

– და ახლა რა შეიცვალა? ავდგები, ჩავიცვამ და წავალ მატარებლით ან სამარშრუტო ტაქსით…

– ნწ…

– რა ნწ?

ბაჩოს გაეღიმა და სინი მაგიდაზე დადგა.

– ყავა დალიე, გამოგაფხიზლებს!

– ისედაც გამოფხიზლებული ვარ!

– ჰო, იმას გეუბნებოდი, რომ ვერსადაც ვერ წახვალ!

– ვითომ რატომ?

– გაჩვენო?

– რა უნდა მაჩვენო?

– მოიცა!

ბაჩომ მაგიდიდან ლეპტოპი აიღო და გვერდით მომიჯდა.

– ერთი წამი მაცადე, ჩავიცვა!

– აა, კაი… მიდი…

– შებრუნდი, დებილო!

– კაი, შევბრუნდები, რომ არ დავინახო ის, რაც გუშინ უკვე დავინახე.

– მანიაკო! რომ ჩავიცვამ, უნდა მოგკლა… დამაცადე…

კაბა გადავიცვი და ელვა სანახევროდ შევიკარი. ახლა მაგის ჩალიჩის თავი არ მქონდა.

– მომეცი აქ ეგ ლეპტოპი!

თითქმის გამოვგლიჯე ხელიდან და მუხლებზე დავიდე.

– რა ვნახო?

– აი, ეგ ფოლდერი გახსენი…

დესკტოპზე დაგდებული ფოლდერი გავხსენი და ელდა მეცა. სანამ მეძინა, ბაჩოს სურათები გადაუღია. ვითომ ჩემთან ერთად იწვა. ვისაც არ უნდა ენახა, არავინ დაიჯერებდა, რომ ერთად არ გვეძინა და ეს ფოტოები დადგმული იყო.

სიმწრისაგან თვალები დამებინდა, ლეპტოპი დავხურე და ბაჩოს მკვლელის მზერით შევხედე.

– ეს რატო გადაიღე? რაში გჭირდება?

– მინდა, რომ დღესაც დარჩე და მთელი დღე ჩემთან ერთად გაატარო!

– უარი რომ გითხრა?

– მაშინ ამ ფოტოებს ფეისბუქზე ავტვირთავ! შენსაზე… მაიკოს და გოჩასაც გავუგზავნი… კიდე ვის შეიძლება…

– მაშანტაჟებ?

– ცოტაც ხო…

– და ეგ კაცური საქციელია?

– იცი რა? – არ მაინტერესებს! შენ დღესაც დარჩები ბათუმში. წამოხვალ იქ, სადაც მე გეტყვი. არ წამოხვალ და რაც გითხარი, გავასაჯაროებ სურათებს!

– შენ ამას არ იზამ!

– არ გირჩევ შემოწმებას! ვიცი, ახლა გძულვარ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ გადაგივლის… და მერე მოგეწონება!

– შენ მართლა ვერა ხარ! რა დავაშავე… ვინ დამწყევლა…

– თე, ერთი რამ იცოდე. მე შენთვის ბრძოლას აღარ შევწყვეტ! ბოლომდე ვიბრძოლებ! ღამე რომ გიყურებდი მძინარეს, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ საშინლად მიზიდავ! ამოუცნობი ძალით…
მაგნიტივით…

– ეგრე იმიტომ გგონია, რომ თავიდანვე იცოდი, რომ ჩვენს ურთიერთობას განვითარება და მომავალი არ ექნებოდა! ახლა, როცა გაიგე, რომ თავისუფალი ვარ, სულ გადაგეკეტა! მაგრამ გუშინ რაც გააკეთე, მაგას სახელი არა აქვს!

– თითიც არ დამიკარებია შენთვის! გარდა იმისა, რომ კაბა გაგხადე!

– მაგას მეც მივხვდი როგორღაც… კარგი და რატომ გინდა, რომ დავრჩე?

– რო დარჩები, მერე გაიგებ!

– არჩევანს არ მიტოვებ და… მომაწოდე ეგ ყავა! ცოტა აზრზე მაინც მოვიდე…
ბაჩომ ლეპტოპი გვერდზე გადადო და ყავა მომაწოდა. ნელა ვსვამდი და ვცდილობდი, გონებაში ქაოსური აზრები დამელაგებინა.

– შეიძლება ითქვას, რომ მე ვა-ბანკზე წავედი! სასწორზე დავდე ყველაფერი… და იცოდე, რომ ეს სპონტანურად არ გამიკეთებია! ამაზე ბევრი ვიფიქრე! გზას ვეძებდი, შენამდე მოსასვლელ გზას… არაა ადვილი შენი გულის მოგება! თე, მისმენ?

– მესმის, კი.. გაბრუებული ვარ ჯერ კიდევ… აუუუ, კოლგოტიც გამხადე?

– არ გამახსენო! ძლივს გაგხადე ეგ… ვინ მოიგონა ეგ დეგენერატობა? ეშმაკები ხართ ეს ქალები რაა… ალბათ, ადრე ქალებს “ნასკები” რო არ დაეკარგათ, ტრუსებს მიაკერეს და კოლგოტი დაარქვეს…

– ვაიმეე, წავედი… გამოვიცვლი, შხაპს მივიღებ…

– საათნახევარი გაქვს!

– რას მელაპარაკები?

– აბა, რა გინდა, გოგო? მთელი დღე მალოდინო და მთელი დღე დამაკარგვინო? სამზე მოგაკითხავ!

– ვერ გიტან!

ჯავრი ბაჩოს კარზე ვიყარე და მთელი ძალით გამოვიჯახუნე. შხაპმა ცოტა აზრზე მომიყვანა, მაგრამ საშინელ მდგომარეობაში მაყენებდა იმაზე ფიქრი, რომ ამ დეგენერატმა კაბა გამხადა. სირცხვილით აღარ ვიცოდი, სად წავსულიყავი… დამაცადოს, შური თუ არ ვიძიო, ნახავს!

დედას დავურეკე და ვუთხარი, რომ ჩვენი ჩამოსვლა ერთი დღით გადაიდო. მერე ჩემი შარვალი, თხელი სვიტრი და ქურთუკი ჩავიცვი. საფულე მაგიდაზე დამხვდა. როგორც ჩანს, პატამ ამოიტანა. სამი საათი გახდა თუ არა, ბაჩომაც მოაკაკუნა. ჯინსის შარვალი, “ბათინკები” და ტყავის ქურთული ეცვა. ცალ მხარზე ზურგჩანთა ჰქონდა გადაკიდებული.

– წავედით?

– ჰო…

– ოღონდ ეგ “პრონწკი” ჩანთა დატოვე და რისი წამოღებაც გინდა, ჩემს ზურგჩანთაში ჩადე!

– შენ რას გიშლის ჩემი ჩანთა, ვერ გავიგე?

– მე არაფერს, შენ შეგიშლის, დამიჯერე!

– კარგი…

ჩანთიდან მობილური, ერთჯერადი ცხვირსახოცი და საფულე ამოვიღე.

– საფულეც არ დაგჭირდება!

– ოჰ… დამტანჯე რა!

საფულე უკან ჩავაბრუნე. მობილური ბაჩოს ჩანთაში ჩავაგდე, ჩემს ქურთუკს პატარა ჯიბეები აქვს. მარტო ცხვირსახოცი დავიტოვე. სასტუმროდან რომ გამოვედით, ეზოში ტაქსი გველოდა. ბაჩომ უკანა კარი გამოაღო. ჯერ მე დავჯექი, მერე თვითონაც გვერდით მომიჯდა.

– წავედით, ძმა!

უთხრა მძღოლს. იმანაც დაქოქა მანქანა და უსიტყვოდ დაძრა ადგილიდან. როგორც ჩანს, წინასწარ იყვნენ მოლაპარაკებულები.

– კიდე გაბრაზებული ხარ?

– სულ ასე ვიქნები!

– მთელი ცხოვრება?

– დიახ!

– სიცოცხლის ბოლომდე?

– ვაიმეე, არჩილ! თავი დამანებე რაა!

ბაჩომ სახე ფანჯრისკენ მიაბრუნა. როგორც მივხვდი, იცინოდა. ახლა უფრო მეტად მომინდა შურისძიება და ფიქრი დავიწყე, რა შეიძლებოდა გამეჩალიჩებინა მისთვის!

კარგა ხანს ვიარეთ და ტაქსმა ტრასიდან რაღაც საშინელ გზაზე გადაუხვია. ისე ვჯანჯღარებდი, რომ კიდევ კარგი, საჭმელი არ მქონდა ნაჭამი, თორემ უეჭველი გული ამერეოდა. ამას ისიც დაერთო, რომ ამ ვიწრო გზაზე ძროხებს გადავეყარეთ და კუს ნაბიჯით მივიწევდით წინ.

– რა დურაკი ცხოველია რაა! ვერ ხვდება, რომ გაიწიოს!

შეღონებულმა ჩავიბურდღუნე.

– შენ როგორ ფიქრობ, რამდენ ხანს ცოცხლობს ძროხა?

– რა იყო, ცუდად ხარ?

– არა, საყვარელო! მე არც ცუდად ვარ და მით უმეტეს, არც ძროხა!

– საყვარლები ესპანეთში მოიკითხე! ჰო, ძროხა არა ხარ, მართალია… ხარი ხარ შენ, ხარი!

ტაქსის მძღოლმა სარკიდან გამოგვხედა. ალბათ, გავაგიჟეთ საწყალი. როგორც იქნა, ძროხებსაც გავცდით. ნახევარი საათი კიდევ ვიარეთ და უცებ ადგილი მეცნო.

– რა ჭკვიანი ხარ, არჩილ! და რა საოცრად უსაზღვროა შენი ფანტაზია! ინტერნეტში წაიკითხე – “10 რჩევა, თუ როგორ მოიგო ქალის გული?” და იქ ეწერა, რომ ყველაზე დასამახსოვრებელი დღე, რაც გქონდათ, დააკოპირეთო?

– “ვედმა!” რა მწარე ენა გაქვს!

– რა გეშველება…

ვუთხარი, მანქანიდან გადმოვედი და “დაწყევლილ სახლს” შევხედე.

– დამცინი, მაგრამ ხომ ვერ მიხვდი აქამდე, რო აქ მომყავდი? ჰა, ჭკუის კოლოფო?

– თავიდან ეგ ვიფიქრე, მაგრამ მერე რაღაც შემოვლითი გზებით რომ მატარე, გადავიფიქრე… რატომღაც მეგონა, რამე უფრო ორიგინალურს მოიფიქრებდი! რა ადვილად გასაშიფრი ხარ!

– მე რა ვქნა, დაგელოდოთ?

გამოგვძახა მძღოლმა მანქანიდან. ზუსტად ერთხმად წამოვიძახეთ მე და ბაჩომ, – მე “დიახ,” იმან – “არა”.

– არა, არა! ნუ დაგველოდებით!

გაუმეორა ბაჩომ. მძღოლმა მანქანა დაქოქა და წავიდა. “დაწყევლილი სახლი” ისევ ისე იდგა, როგორც მაშინ დავტოვე. უბრალოდ, ხის ღობე მთლიანად გადაქცეულიყო.

– წამო, კროშკა!

მითხრა ბაჩომ და შენობისაკენ გაემართა. მეც უხალისოდ გავყევი უკან. ჯერ თვითონ შევიდა, მერე მე. როგორც ჩანს, ყველას აღარ ეშინია ისე ამ სახლის “წყევლის”, რადგან ცარიელი ბოთლები და ჩამწვარი სანთლები ეყარა ძირს.

– ნახე, ეტყობა ახალგაზრდები მოდიან ხოლმე აქ. პროგრესია!

– აქ კია პროგრესი, შენი ტვინისაგან განსხვავებით!

– გოგო, დაგიჭერ ერთხელაც და გაგაჩუმებ… კოცნით…

– ჰო, აბა, დებატებში არ ვარგიხარ და სხვა რა გზა გექნება? რა ვაკეთოთ ახლა აქ? რისთვის წამომათრიე? აქ მოსვლას პლაჟზე გავსულიყავით, ან გვეჭამა რამე…

– გშია?

– ისე რა!

– იმ სოფელში გავიაროთ მერე და გაჭმევ! თუ გინდა, სნიკერსს მოგცემ.

– არ მინდა შენი სნიკერსი!

ოთახის სიღრმეში შევედი და თვალიერება დავიწყე. ბოთლებს დავაკვირდი. ზოგი ლუდის იყო, ზოგი არყის. ბაჩოს ფოტოაპარატი ამოეღო და სურათებს იღებდა.

– ბაჩო, მოდი აქ! ნახე…

ძველი დაფლეთილი ნოხი ფეხით გადავწიე და იატაკს დავაჩერდი. წითელი საღებავით რაღაც უცნაური სიმბოლო ეხატა.

– ვა! რა არის ეს, ტო? ეს იყო ადრე აქ?

– არა… არ მინახავს!

– აშკარად არ იყო!

ბაჩომ სურათი გადაუღო.

– უყურე… ეს ჩამწვარი სანთლები ამ რაღაცის გარშემოა დალაგებული…

– უი, მართლა!

– სხვა ოთახები ვნახოთ აბაა!

ვთქვი და მეორე ოთახში გავედი. ის ძველი საწოლი ისევ ისე იდგა. კარადა აღარ იყო. შეიძლება დაჩეხეს და შეშად გამოიყენეს. საწოლის თავზე, კედელზეც ისეთივე ნიშანი იყო დახატული, როგორიც პირველი ოთახის იატაკზე. ჩამწვარი სანთლები საწოლის თავზე იყო დაკრული.

– გადაიღე ერთი ესეც! რა საინტერესოა, რა უნდა იყოს… რამე რიტუალებს ხო არ ატარებენ ნეტა აქ?

– სად, გოგო, რაღაცა მიყრუებული სოფლის ბოლოს?

– ჰო, რა იყო? სოფელი უძახე და იქ უფრო ხდება ეგეთი რაღაცები, ვიდრე ქალაქში! ჩემი ბიძაშვილი ელენე ხო კახეთიდანაა? და ისეთი რაღაცები აქვს მოყოლილი, თმა ყალყზე დაგიდგება! თუმცა შენ ისედაც ყალყზე გიდგას თმა, ზღარბივით…

– წამო, წავიდეთ აქედან, მაგის დედაც…

– მოიცა, სხვენიც ვნახოთ და წავიდეთ! რაღაც, მუღამში შევედი…

– შენ კიდე დამცინე… ვიცი რაა, რაც გევასება! მარა არ გინდა ახლა ეგ სხვენი. დაგავიწყდა, რომ კინაღამ ჩამოვარდი მაგ სხვენის კიბიდან?

– შენ ხო აქ ხარ? დამიჭერ, რა პრობლემაა?

სხვენის კიბე ფრთხილად ავიარე. კრამიტის სახურავი მთლად გაუბედურებულა. ფაქტობრივად, ნახევრად გადახდილი იყო.

– რა საშინელი სუნია, ფუ…

თქვა ბაჩომ და ცხვირზე ხელი მოიჭირა. მე იმ დიდი დაწნული გოდრებისაკენ გავემართე და უცებ თავით რაღაცას მივედე. ის რაღაც ჩემს თავს ზემოთ გაქანავდა.

– ნელა, გოგო! წინ იყურე!

– რა იყოო? – ვიკითხე შეშინებულმა და ზემოთ ავიხედე.

– თოჯინაა!

უცებ ის ძველი საშინელი თოჯინა გამახსენდა, ადრე საწოლზე რომ ეგდო. კისერზე თოკი ჰქონდა მობმული, ძელზე ეკიდა და ჩამომხრჩვალივით ქანაობდა აქეთ-იქით. ძალიან უსიამოვნო სანახავი კი იყო, ღმერთმანი…

გოდრებისკენ წავედი და რიგრიგობით ჩავიხედე. მესამე გოდორს დავხედე თუ არა, იმხელა ხმაზე ვიყვირე, რომ ბაჩო ერთ წამში ჩემთან გაჩნდა. სწრაფად შემოვტრიალდი და სახე მის მკერდში ჩავრგე.

– ვაიმე, ვაიმე…

– რა იყო? რა ნახე?

ბაჩოს აჩქარებული გულისცემა ყურში ჩამესმა.

– კატაა… მკვდარი კატა იყო… გახრწნილი…

– მერე რა გაკივლებს, გოგო? – გული გამიხეთქე! ვიფიქრე, ტრუპია-მეთქი…

– ტრუპი კი არა, საშინელი ფობია მაქვს მკვდარი ცხოველების და ფრინველების… ვაიმე, ძალიან
ცუდად ვარ! ახლა ჩავიკეცები… წამიყვანე აქედან როგორმე…

ბაჩომ ხელი გადამხვია და კიბისკენ წავედით. ჯერ თვითონ ჩავიდა და მერე მე დამეხმარა. გარეთ შურდულივით გამოვვარდი და ღრმად დავიწყე სუნთქვა. მთელი სხეული მიცახცახებდა.

– ჩემი სიკვდილი გინდოდა? ძალიან ცუდად ვარ! რა საშინელება იყო ეს… გული მერევა…

– შენ მამალი მგლის არ გეშინია და მკვდარი კატის შეგეშინდა? რა იყო, გიკბენდა?
ბაჩოს სიცილი აუტყდა.

– ნუღარ მახსენებ რაა…

– ვააჰ, ძლივს არ გავიგე, რისი გეშინია? – კაი, წამო, წამო…

სოფლისკენ წავედით. რამდენჯერაც ის კატა გამახსენდებოდა, იმდენჯერ ვჩერდებოდი და ვცდილობდი, ყურადღება სხვა რაღაცაზე გადამეტანა. ხეებს ვაკვირდებოდი…

– ტუალეტში გინდაა?

– არა, საიდან მოიტანე…

– არ მოგერიდოს, თუ გეფსია, მითხარი!

– ვაიმე, არ მეფსია, რას ჩამაცივდი? სახე გამიყვითლდა თუ? ჯერ კიდევ არ ამომდის მეხსიერებიდან ის… აღარ ვიტყვი, რაც…

რამდენიმე სახლი გავიარეთ. გარეთ არავინ ჩანდა. მოსახვევში რომ შევუხვიეთ, ბირჟა გამოჩნდა, სადაც ხანშიშესული ქალები ისხდნენ.

– რა გეგმა გაქვს? – ვკითხე ბაჩოს.

– რა გეგმა უნდა მქონდეს?

– მოიცა, არაფერი გეგმა არ გაქვს და ის მანქანა გაუშვი?

– ჰო! თავგადასავალი მინდოდა… მაშინაც ასე არ წამოვედით?

– და კარგ დღეშიც ჩავცვივდით! ვკითხოთ ამ ქალებს, წესიერი მანქანა ვის ჰყავს და დავბრუნდეთ სასტუმროში.

– არ დავათვალიეროთ აქაურობა?

– და რა არის აქ დასათვალიერებელი? სოფლის სახლებს ვუყუროთ? თუ სასაფლაო დავათვალიეროთ, რომ გამოვიარეთ?

– კაი ხო… ნუ წუწუნებ! მაშინ ბულვარზე გავისეირნოთ და სადმე ვჭამოთ!

– ეგრე ჯობია ნამდვილად!

ის ქალები გაჩუმდნენ და ინტერესით გვათვალიერებდნენ. ჩვენც მათთან მივედით და ზრდილობიანად მივესალმეთ. მანქანა რომ მოვიკითხეთ, ერთ-ერთი ქალი ადგა და თავისი სახლისკენ წაგვიყვანა. ეზოში მოიცადეთო, გვითხრა და თვითონ სახლში შევიდა. “ზურიკოს” იძახდა. ცოტა ხანში ახალგაზრდა ბიჭი გამოჰყვა მთქნარებით.

ბაჩომ მას ხელი ჩამოართვა და ჰკითხა, ბათუმის ბულვართან რამდენად წაგვიყვანდა. ზურიკომ მხრები აიჩეჩა და – შენ რას გადაიხდიო, კითხვა შეუბრუნა. მოკლედ, ფინანსური მხარე რომ გაარკვიეს, მანქანაში ჩავსხედით. გზაში ვერ მოვითმინე და დაწყევლილ სახლზე ჩამოვაგდე საუბარი. ბაჩოც ამყვა და ზურიკოს ჰკითხა, შესული თუ იყო ერთხელ მაინც შიგნით.

ზურიკოსაგან გავიგეთ, რომ სოფლის ახალგაზრდები მაგ სახლს ინტიმური მიზნებისთვის იყენებენ, რადგან იქ არავინ არ დაადგებათ თავზე. დიალოგი რომ გახურდა, ბაჩო ფრთხილად სატანისტების თემასაც შეეხო. ჰკითხა, იყვნენ თუ არა ამ სოფელში სატანისტები, ან რაიმე უცნაური რელიგიის ან კულტის მიმდევრები.

ზურიკოს სიცილი აუტყდა. კარგა ხანს იცინა და მერე აგვიხსნა, რომ მაგ სახლში ვიღაცებმა ცოტა ხნის წინ რაღაცა ფილმის სცენა გადაიღეს. ის სანთლები და ნიშნებიც ამიტომ მიახატეს. – რა საინტერესოა! ნეტა ვინ ან რა გადაიღო? სიამოვნებით ვნახავდი…

ბათუმის ბულვართან ჩამოვედით და პირველივე რესტორანში შევედით საჭმელად. ისე ძალიან აღარ ვიყავი გაბრაზებული ბაჩოზე, მაგრამ მაინც არ ვიმჩნევდი ამას.

ბულვარში ბევრი ვისეირნეთ. რაღაცები დავათვალიერეთ და სასტუმროში საკმაოდ გვიან დავბრუნდით. ბაჩოს ბოლო მოთხოვნა შევასრულე და ჩაის დასალევად სასტუმროს სასადილოში ჩავყევი. ვიღაცა მთვრალი კაცები ქეიფობდნენ. ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ დიდხანს ვეღარ გავძელი. ბაჩომ ჩემს ნომრამდე მიმაცილა.

– ჯერ შენ შედი!

– რას ბავშვობ, გოგო? შედი და ჩაიკეტე თუ გინდა შიგნიდან! კი არ შემოგივარდები!

– ეგრეც მოვიქცევი! ჩემი მოვალეობა უკვე მოვიხადე! ხოდა, შენ ხვალ ჩემ თვალწინ წაშლი იმ სურათებს და დაიფიცებ, რომ სადმე ფლეშკაზე არ შეინახე!

– ბაზარი არ არის! არ მჭირდება შენი დაშანტაჟება! მაინც ვერსად წამიხვალ! ადრე თუ გვიან
მიხვდები, რომ მე გიყვარვარ!

– მიყვარხარ? – სიცილი ამიტყდა.

– რა თქმა უნდა, გიყვარვარ! უბრალოდ, ჯერ შენც არ იცი ეს…

– ეგ თავდაჯერებულობა დაგღუპავს შენ!

– მიდი, მიდი… ძილის წინ “კონკიას” უყურე და დაიძინე! ოღონდ ყურება ბოლოდან დაიწყე და პირიქით უყურე, რომ გაიგო, სად არის ქალის ადგილი ცხოვრებაში!

– შე საწყალო! მე ისედაც მშვენივრად ვიცი, სადაც არის…

– სიმართლე მითხარი, დღეს არ გაგისწორდა? ცოტა მაინც?

– ჩემი მობილური მომეცი, მართლა!

ბაჩოს ტელეფონი გამოვართვი, აღარაფერი აღარ ვუპასუხე და ჩემს ნომერში შემოვედი. კარი გასაღებით ჩავკეტე და გათანგული საწოლზე დავეგდე. მის ბოლო შეკითხვაზე დავფიქრდი. რაც უნდა გასაკვირი იყოს, იმ ყველაფრის მერე თითქოს კმაყოფილი ვიყავი… ჩემი პირველი შთაბეჭდილება ბაჩოზე ნელ-ნელა იმსხვრეოდა. ოღონდ არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი.

მობილურის ეკრანს დავხედე. მაიმუნ ბაჩოს უხმო რეჟიმზე გადაუყვანია. ნეტა როდის მოასწრო? ოთხი შემოსული ზარი იყო: ორი ელენესგან, ერთი მაკასგან და ერთიც ქეთისგან. გადარეკვას აზრი არ ჰქონდა, ძალიან გვიანი იყო. გახდა რომ დავაპირე, კორიდორში ხმაური გაისმა. მგონი, ის მთვრალი ნაქეიფარი კაცები ამოვიდნენ და სავარაუდოდ, თავიანთ ნომრებს ვერ აგნებდნენ. მე დავწექი და ეგრევე დამეძინა. შუაღამისას კაკუნის ხმამ გამაღვიძა. ნამძინარევი წამოვდექი და კართან მივლასლასდი. არ გამიღია, შიგნიდან დავიძახე:

– ვინ არის?

მამაკაცის ბოხი ხმა გაისმა.

– ბოდიში, გენაცვალე… რობერტის ვეძებთ და ამ ნომერში ხომ არის?

აშკარად რომელიღაცა იყო იმ მთვრალების სასტავიდან. ის იყო, უნდა მეპასუხა, რომ რობერტი აქ არ იყო, უცებ ერთმა ბოროტმა აზრმა გამიელვა თავში და მივხვდი, რომ ბაჩოზე შურის საძიებლად მშვენიერი შანსი მომეცა.

– აა, რობერტი მეცხრე ნომერშია!

გავძახე კარებიდან და ისევ საწოლში შევწექი. ყრუდ მესმოდა კაცების ლაპარაკი. ეს ბოხი ხმით როგორ ეუბნებოდა დანარჩენებს, რომ რობერტი მეცხრე ნომერში ყოფილა. საბანში გავეხვიე და გაღიმებულს დამეძინა.

15. ბიჭი, რომელმაც აღმაფრთოვანა

c8b6e28cc2bfe470a9e60aa7bc2a2670

თორმეტის ნახევარზე გამეღვიძა. როგორც მივხვდი, ბაჩოს ჯერ კიდევ სძინავს, რადგან არც მომაკითხა და არც დამირეკა.

საწოლიდან ავდექი, პირი დავიბანე, ჩავიცვი, მოვწესრიგდი და გოჩას გადავურეკე. უნდა გავაფრთხილო, რომ დღეს ვერ მივალ და თათბირი ან უჩემოდ ჩაატაროს, ან ხვალისთვის გადადოს.
მის მაგივრად ვიღაც ქალმა მიპასუხა:

– ალო!

– უკაცრავად, მე ბატონ გოჩას ვურეკავდი…

– გოჩას სძინავს!

– გაიღვიძეებს? – მოულოდნელობისაგან დავიბენი და სისულელე ვკითხე.

– უიმე, იმედია!

ის ქალიც დავაბნიე. არა, გოჩას ორშაბათს რომ თორმეტ საათამდე სძინავს, ეს მერვე საოცრების ტოლფასია. ეტყობა, რაღაც ძაააალიან განსაკუთრებული მოხდა. იქნებ ყველაზე მგზნებარე ღამე ჰქონდა ცხოვრებაში, ასე ძილად რომ მივარდა? საინტერესოა, ბაჩო რას იტყვის, როცა გაიგებს?

სიტყვამ მოიტანა და ნეტა გადარჩა საერთოდ ბაჩო? ბუნდოვნად მახსოვს, ძილში რაღაც ხმები ჩამესმოდა, მაგრამ იმდენად დაღლილი და გათიშული ვიყავი, რომ ბალიშიდან თავიც ვერ ავწიე.

დაახლოებით ხუთი წუთი ვუბრახუნე კარზე. თან მობილურითაც ვურეკე. ნომერში იყო, რადგან ზარის ხმა მესმოდა.

როგორც იქნა, გავაგონე. კარი რომ გააღო, ისეთი წაშლილი სახე ჰქონდა, რომ შემეშინდა… თანაც, შარვლით ეძინა…

– კიდევ კარგი, შენა ხარ და სხვა ვიღაც არა! მოდი…

მითხრა და საწოლისკენ წალასლასდა. შევედი და კარი მივხურე.

– გეძინა? ხომ კარგად ხარ? ვინ სხვა უნდა ვიყო? რა გჭირთ დღეს შენ და გოჩას, რა ძილქუში დაგეცათ?

– ნუ დამატეხე კითხვების ცუნამი, გოგო, თავი მისკდება! ამ ერთი ღამის განმავლობაში ყველაფერი დამეცა, ძილქუშის გარდა. გუშინდელი ღამე კოშმარი იყო! მამენტ, მეგონა, მოვკვდი და ჯოჯოხეთში ჩავვარდი…

– ასეთი რა მოხდა?

ვკითხე და კედელთან დამნაშავესავით ავიწურე.

– ორი წუთი დამელოდე რა, არ წახვიდე… წყალს შევისხამ და მოვალ…
ბაჩო აბაზანაში შევიდა პირის დასაბანად. ოთახი მოვათვალიერე, მაგრამ საეჭვო ვერაფერი შევნიშნე. ვიფიქრე, ღამე ხომ არ იჩხუბა-მეთქი, მაგრამ ჩხუბის კვალი არაფერს ეტყობოდა. ამასობაში ბაჩოც გამოვიდა აბაზანიდან.

– ცოტა აზრზე მოვალ და ვისაუზმოთ. ასეთი “ბესპრედელი” არ მახსოვს თუ მქონია ტო…

– ვაიმე, აღარ იტყვი, რა მოხდა?

– შენ რო მიგაცილე და შემოვედი, გავიხადე რა, მეთქი დავწვები, დავისვენებ, მარა ვინ დაგასვენა? ვიღაცამ დააკაკუნა. მე შენ მეგონე და წამოვხტი. ვაღებ კარს და მთვრალი მასტი დგას და ირწევა. აი, რესტორანში რო ქეიფობდნენ, იმ სასტავიდან რა…

– მერე?

ვკითხე ბაჩოს და რომ არ გამცინებოდა, ტუჩზე ვიკბინე.

– რობერტა აქააო? – მეკითხება. შევხედე, მერე “ტრუსიკზე” დავიხედე და ვეუბნები, – როგორ ფიქრობ, აქ იქნება რობერტა-მეთქი?

სიცილი ვეღარ შევიკავე…

– რა გაცინებს, გოგო… ჯერ სადა ხარ, მოიცა! გითხრა! კაროჩე, ბოდიში, ბოდიშიო და კარს რო ვხურავ, თან იჭვრიტება. ეჭვი შეეპარა ეტყობა. მოკლედ, დავკეტე კარი და დავწექი. ის იყო, ბურანში წავედი და კიდე აკაკუნებს. ტვინში ამასხა! მეთქი, ახლა ვაგინებ! გავაღე და სხვა როჟაა. ესეც ირწევა, ფეხზე ძლივს დგას, მარა ეს უფრო დაჟინებული “მასტია” რა…

– დაჟინებული… ვაიმე, აღარ შემიძლია…

სიცილისაგან ვეღარ ვსუნთქავდი…

– იცინე, ხო, იცინე… შენ რა გენაღვლება! შენთან კი არ დაუკაკუნებიათ… ხოდა, – პრასტი ბრატ,
რობერტას ვეძებთო – მეუბნება და უცებ დაადო თავი და შემოქანდა. ოღონდ იმენა შემოქანდა რა!

– მოიცა, მოვსულიერდე… მერე?

– გინების თავი არ მქონდა. პრინციპში, არც აზრი ჰქონდა გინებას, ძაან გატიალებული იყო. მეთქი, ჯანდაბას, ნახავს, რო არაა აქ რობერტა, დარწმუნდება და წავა. სანამ აბაზანაში არ შეიხედა, არ წავიდა. ნუ, როგორც იქნა, დავწექი და დამეძინა. მძინავს და ძილში მესმის, ვიღაცა ისე აბრახუნებს, კარი ჩამოიღო… მეთქი, ვსოო, ცხვირ-პირს გავუნგრევ… ავდექი, გავაღე. დგას ვიღაც სირი, ტრუსიკ-მაიკით… ვაფშე სხვა როჟა.

არ დავაცადე და მივახალე – არ არის აქ რობერტა, არა-მეთქი! მეუბნება – მანდ თუ არ არის, აბა, საიდან იცი, რო რობერტას ვეძებო? მანახეო! წადი დაიძინე და მეც დამაძინეთ-მეთქი! დავკეტე კარი. არ გაჩერდა!

– მგონი, სიცილით ვკვდები…

– გავაღე, რო მეგინებინა და უცებ დაეჯახა ამ კარს და შიგნით შემოვარდა. რეაქციის მიცემა ვერც მოვასწარი. ეგრევე აივნის კარებს მივარდა. აი, აქ გადამეკეტა! მოვკიდე ხელი და წავათრიე კარისკენ… მიხვდა, რო ძაან გავბრაზდი და მიბოდიშებს, ჩვენი ძმა დაიკარგა, რობერტა და ვიცით, აქ რომ შემოვიდაო. – საიდან იცით? ვინ გითხრათ, მომიყვანეთ აქ, იმას უნდა მოუ…

– გაჩუმდიი!

წამოვიძახე და ბაჩოს პირზე ხელი მივაფარე.

– როლში შევიჭერი, პრასტი… ვიცი, რო არ გიყვარს გინება…

– არა, მაგიტომ არა! უბრალოდ… მე ვუთხარი…

– ბატონო?

ბაჩოს თვალები გაუფართოვდა.

– ჯერ ჩემთან დააკაკუნეს, რობერტას ვეძებთო… და ვუთხარი, რობერტი მეცხრე ნომერშია-მეთქი…

– აუ! აუ, ახლა… აუ იმენა… ახლა რას გიზამ შენ, იცი?..

– თითსაც ვერ დამაკარებ! ერთით-ერთია!

ბაჩო ჯერ გაშტერებული მიყურებდა. როგორც ჩანს, ბოლომდე კიდევ ვერ გადახარშა, რაც ვუთხარი.

– ღადაობ? რა გამიჩალიჩე, გოგო, თუ ხვდები? მთელი ღამე არ მეძინა! ის ტიპი ხო ძლივს გავაგდე, იდგა და ირწეოდა კარგა ხანს…

– ეგრე მოგიხდება!

– ძლივს დავიძინე! ყოველ წამს ველოდი, რომ დააკაკუნებდნენ… გამთენიისას კიდე ხმაურმა გამაღვიძა. ვახელ თვალს და ვიღაცა ხნიერი ქალი დგას ჩემს საწოლთან და “ვედმასავით” არ დამყურებს? რა დამემართებოდა, მითხარი?

– ეგ ვინღა იყო? ან როგორ შემოვიდა, კარი არ ჩაკეტე?

– როგორ არ ჩავკეტე! გასაღებით გააღო. დამლაგებელთან ერთად შემოსულა. დამლაგებელი აივანზე იყო გასული… თან, ამ “ვედმამ” რო დაინახა, თვალები გავახილე, ხრინწიანი ხმით მეუბნება, – დაიძინე, დაიძინე, გენაცვალე! ყურადღებას ნუ მოგვაქცევ, რაღაცას ვამოწმებთო…

სიცილისაგან ყველა კუნთი მტკიოდა.

– ისიც კი ვიფიქრე, იმ სახლიდან ხო არ გადმომყვა რაღაცა წყევლა-მეთქი… ხოდა, მოდი ახლა, უნდა დაგბრიდო!

ბაჩო ჩემკენ წამოვიდა. მე დავუსხლტი და საწოლს ამოვეფარე.

– რო გკითხოს კაცმა, ჩემთან სექსი არ გინდა და ეგრევე საწოლისკენ გარბიხარ! – მითხრა ბაჩომ და გაეცინა.

– გუშინ გითხარი, ეგ თავდაჯერებულობა დაგღუპავს-მეთქი, მაგრამ ვინ დამიჯერა?

– კაი, წამო, ვჭამოთ რამე… ორმაგი ყავა უნდა დავლიო, თორე ამხელა გზას ეხუმრები?

– რითი მივდივართ, მართლა?

– ჩემი მანქანით!

– მოიცა, შენ აქ მანქანით ჩამოხვედი და ტაქსი იქირავე გუშინ იქ წასასვლელად?

-ჰო, აბა რა! ადვენტურე მინდოდა! წამო ახლა… რაღაც ძაან გაგიტკბა ჩემს საწოლთან დგომა! თუ გინდა, დავრჩეთ, დაწექი და დაწოლილზეც დაგატკბობ…

– მაგის თავი გაქვს, რო მარიაჟობ ტყუილად?..

ნომრიდან ერთად გამოვედით და სასტუმროს რესტორანში ჩავედით. საუზმეზე დაგვაგვიანდა და სასადილო სადილამდე არ გაიღებოდა. გემრიელად ვჭამეთ, ყავაც დავაყოლეთ და მაჩოს მანქანაში ჩავსხედით.

– ხო არ გავისეირნოთ სადმე და საღამოს წავიდეთ თბილისში?

– არა, არა! ბავშვები მელოდებიან!

– კარგი, როგორც იტყვი! არ დაგაძალებ.

– როგორი დამჯერი გახდი უცებ. მოგიხდა გუშინდელი ღამე, ხო იცი?

– შენ ეგ ამბავი ეგრე მარტივად არ შეგრჩება! პასუხს აგებ მალე.

– რა ვქნა, მიყვარს ანგარიშის გათანაბრება!

– ჯერ რა დროს ანგარიშის გათანაბრებაა? ყველაფერი ახლა იწყება!
მშვიდობიანად ვიმგზავრეთ. ერთხელ გავჩერდით და წავიხემსეთ. ბაჩომ სახლამდე მიმიყვანა და წავიდა. რა საინტერესოა, როგორ შეიძლება შეგეცვალოს განწყობა ადამიანების მიმართ… პირველად რომ ვნახე ბაჩო, ვერ ავიტანე. ასე მეგონა, რამდენადაც გარეგნულად სიმპათიურია, იმდენად ცარიელია შიგნიდან-მეთქი.

მერე დავმეგობრდით და მივხვდი, რომ საკმაოდ განათლებულია და ჩემთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება აქვს! – კარგი იუმორის გრძნობა!

საკუთარ თავთან ბოლომდე გულახდილი რომ ვიყო, ბოლოს, სანამ ესპანეთში წავიდოდა, რაღაცნაირად მომწონდა კიდეც… უფრო სწორად, მიზიდავდა. რომ წავიდა, გული ძალიან დამწყდა. განსაკუთრებით, გამოსამშვიდობებელი საღამო რომ მოაწყო და მითხრა, რომ რაღაც პერიოდი საერთოდ არ დამიკავშირდებოდა, რადგან ძალიან უჭირდა თავისი გრძნობების მოთოკვა.

სიმართლე გითხრათ, მისი უდარდელი ხასიათი და სიხალისე ძალიან დამაკლდა. ალბათ, ეს იმის ბრალიცაა, რომ ადამიანებს ძალიან ვეჩვევი ხოლმე.

სახლში რომ მივედი, ბავშვებს სკაიპი ჰქონდათ ჩართული და ლევანს ელაპარაკებოდნენ. დედაჩემი სამზარეულოში ფუსფუსებდა.

– ჩამოხვედი? კარგი დრო გაატარე? კაი იყო?

მკითხა ლევანმა, კამერაში რომ დამინახა.

– არა უშავდა. შენ რას შვრები?

– მე ალბათ მალე შვებულებას ავიღებ და სააღდგომოდ ჩამოვალ. ბავშვები ძალიან მენატრებიან…

– მართლა? კარგია…

– რა ჩამოგიტანოთ? მოიფიქრე მერე და დამაბარე!

– ბავშვებს ჩამოუტანე რამე, რომ გაუხარდეთ… მე არაფერი არ მინდა!

– მოიცა რა! რას ჰქვია არ გინდა?.. მოიფიქრე, მოიფიქრე და მერე მითხარი.

– თუ რამე მომაფიქრდება, გეტყვი. მარტო ჩამოდიხარ?

– ხო, აბა, ვისთან ერთად უნდა ჩამოვიდე?

– რა ვიცი, ის გოგო რო გყავს…

ლევანს გაეცინა.

– არა, არა! მარტო მოვდივარ…

– კაი… მერე დაგელაპარაკები, ახლა უნდა ვამეცადინო ესენი, თორემ ვერაფერს ვეღარ მოასწრებენ.

– მიდი. აბა, თქვენ იცით…

სკაიპი გავთიშე. ბავშვები ვამეცადინე, ვაბანავე, დავაწვინე, მეც ვიბანავე და ძლივს მივათრიე ფეხები საწოლამდე. დილით, ბავშვები რომ წავიყვანე სკოლაში და მოვბრუნდი, ბაჩომ დამირეკა. ნახევარ საათში გამოგივლი და სამსახურში ერთად წავიდეთო. მხოლოდ ახლა გავაცნობიერე, რომ ყოველდღე მომიწევს მისი ნახვა სამსახურში. ოღონდ არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი.

გზაში ცოტა ვილაპარაკეთ. მე ვთხოვე, რომ მაქსიმალურად შეეკავებინა თავი სამსახურში და სასტუმროში მომხდარი ამბები არავისთვის მოეყოლა. ჯერ ერთი, არ მინდა, ეს ლეილა-მეილების სალაპარაკო თემად იქცეს. მეორეც, მაიკოსთან ძალიან უხერხულად ვიგრძნობ თავს და მესამე კიდე ის, რომ არ შემიძლია ეს რომანტიკული რაღაცები… ამ ბოლო დროს, ფეისბუქზე კომპლიმენტებს რომ მწერენ, ისიც კი მაღიზიანებს! ისე, რანაირი ქალი ვარ, მე თვითონაც ვერ გავიგე… შეიძლება ქალს ეს აღიზიანებდეს?..

სამსახურში რომ მივედით, ბაჩო ყველას სათითაოდ მიესალმა. მაიკო საკმაოდ ცივად შეხვდა. როგორც ჩანს, მაინც ვერ აპატია ურთიერთობის გაწყვეტა. როდესაც ბაჩო გოჩას კაბინეტში შევიდა, მაიკომ დრო იხელთა ჩემთან დასალაპარაკებლად.

– გოგო, მართლა ეს სულელია იმ კლუბის დამფუძნებელი? შოკში ვარ! არ გითხრა, რა ჯანდაბად უნდოდა, რომ გახსნა?

– არა… არ უთქვამს! შენ არ იცი, იქ რეები მოხდა… იმ გახურებულ ივენთზე რო შემოვიდა უცებ!
სტრიპტიზის ამბავი არ მიხსენებია. საერთოდაც, ძალიან მსუბუქად მოვუყევი და ის აღარ მითქვამს, მეორე დღეს რომ დამტოვა და რაც გადაგვხდა თავს. ბაჩოც არაფერს იტყვის და არც არის საჭირო. მაიკო რომ გავიდა, მერე ბაჩო შემოვიდა და კარი მიხურა.

– რა არის? კარს რატო კეტავ?

– კარის დანიშნულება ეგ არის! უნდა გააღო და დაკეტო. რო მცოდნოდა, შენ საერთოდ არ გამოიყენებდი ამ კარს დანიშნულებისამებრ, მაშინ საერთო ოთახში დაგსვამდი, ქალებთან და დიზაინერთან ერთად! აუ, გინდა ახლა გაგხიო სიცილით? გოჩას ველაპარაკე… არ გაინტერესებს, რატო ეძინა გუშინ ასე გვიანობამდე?

– ვაიმე, როგორ არ მაინტერესებს! რატო?

– რატო გოგო და ღამე ვიაგრა დაულევია! საკმაოდ გვიან დაიწყო მოქმედებაო და ანოტაციაში რაც კი ჩამოთვლილი იყო, ყველა გვერდითი მოვლენა დამემართაო…

– ვაიმეე, ცუდად გახდა?

-ჰო რა! წნევა, თავის ტკივილი და რა ვიცი…

– ვაიმე, საწყალი… ეგ იმასაც გეტყოდა, ვისთვის დალია ის ვიაგრა…

– რაში გაინტერესებს?

– მარტო ის მითხარი, იზოლდა იყო?

ბაჩო გაჩუმდა და ჩაეღიმა.

– რას ნიშნავს ეგ ჯოკონდას ღიმილი?.. მითხარი რაა!

– ჰო, იზოსთან იყო!

– ჰაჰაჰა, ჰააა, ჰაა, ვაიმე, არ შემიძლია!

– რა გინდა, გოგო, რას დასცინი?.. მაგათაც ხომ უნდათ სექსი! თან, ჩემი აზრით, მშვენიერი წყვილია! შენ რატო არ დაგევასა ეგ ქალი, ვერ გავიგე…

– სად ამოთხარე, ისე?

– იზოო? რეკომენდაცია გაუწიეს… კარგი სპეციალისტიაო. თავისი ოფისი თუ კლინიკა ჰქონია და რიგები უდგასო…

– ხოო, აქ ხო ეგრეა! სახელი რო გაუვარდებათ, მერე ყველა იმასთან მიდის.

– წავედი, რაღაც საქმეზე უნდა გავიდე და საღამოს მე გაგიყვან სახლში!

– მაშინ მაიკოც უნდა გაიყვანო!

– ვითომ რატომ?

– იმიტომ, რომ სხვანაირად არ გამოვა!

– არ შეიძლება, რომ ერთხელ მაინც არ გამირთულო ცხოვრება? კარგი, როგორც იტყვი… ოღონდ ჯერ იმას მივიყვან!

– არა, ჯერ მე…

– ოოჰ, ხანდახან რა ჯიუტი ხარ!

– უფრო სწორად, ხანდახანის გარდა, ყოველთვის ჯიუტი ვარ!

ბაჩო რომ წავიდა, თათბირზე შევედი. ჟურნალისტები მოვიდნენ და დავალებები გადავუნაწილე. კაბინეტში რომ დავბრუნდი, მოსაცდელში ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი მელოდა. დამინახა თუ არა, ფეხზე წამოდგა და მომესალმა. ჩემზე ოდნავ მაღალი იყო. წაბლისფერი თმა და ყავისფერი თვალები ჰქონდა. რაღაცნაირი შარმი ჰქონდა გამოხედვაში, თორემ განსაკუთრებულად სიმპათიური არ იყო.

– გცალიათ, რომ გაგესაუბროთ?

– კი, მობრძანდით!

ვუთხარი და ჩემი მაგიდისაკენ გავემართე. ის მოპირდაპირე მხარეს დაჯდა და სკამი რაც შეიძლება, ახლოს მოსწია.

– გისმენთ…

– მე ჟურნალისტი ვარ. ჩემი “სივი” მოვიტანე და ამ საქაღალდეში კიდევ ჩემი ნაშრომებია. თუ მოახერხებთ, იქნებ გაეცნოთ… სამსახურის დაწყება მინდა თქვენს ჟურნალში…

– იცით, ჩვენი შტატი შევსებულია, მაგრამ მე აუცილებლად გადავხედავ თქვენს სტატიებს.

– ეგ იმას ნიშნავს, რომ იმედი არ მქონდეს?!

– არა, რატომ?

– იმიტომ, რომ როდესაც ასე გეუბნებიან, არასოდეს გირეკავენ!

გაეღიმა ბიჭს.

– თქვენი სახელი შემახსენეთ?..

– ირაკლი…

– ირაკლი, სხვები არ ვიცი, რას და როგორ ამბობენ, მაგრამ მე რასაც ვიტყვი, იმას აუცილებლად ვასრულებ! და საერთოდაც, არ მიყვარს ცარიელი დაპირებები… საქმე იმაშია, რომ ვცდილობთ, ჟურნალისტები თანაბრად დავტვირთოთ, რომ ჰონორარი ყველას დამაკმაყოფილებელი მაინც გამოუვიდეს… ხომ იცით, ზოგადად რა დაბალი ჰონორარებია ქართულ პრესაში?… ამიტომ, თუ ვინმე ძალიან ორიგინალურად და განსხვავებულად არ წერს, აღარ ვიღებთ, გესმით?

– ვიცი და ჩემთვის ჰონორარი არ არის მთავარი! მე მაინტერესებს კონკრეტულად თქვენს ჟურნალში მუშაობა…

– და რატომ კონკრეტულად ჩვენთან?

– იმიტომ, რომ არ არის ყვითელი პრესა და ძალიან საინტერესო, შემეცნებითი ხასიათის სტატიები გაქვთ! მარტო ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ყველა ყვითელ, მდაბიო ხარისხის ჟურნალს დავხურავდი და მხოლოდ ამ სტილის ჟურნალებს დავტოვებდი… მიუხედავად იმისა, რომ ყვითელი პრესა გაცილებით რეიტინგულია, მე ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში შესაძლებელია მკითხველის “გადმოყვანა” გემოვნებიან პროდუქტზე…

ირაკლის რომ ვუსმენდი, საკუთარი თავი გამახსენდა, ჯუზეპეს ტრენინგებზე რომ ვამტკიცებდი იგივეს და ძალიან დადებითად განვეწყვე მის მიმართ. საკმაოდ დალაგებულად ლაპარაკობდა და თავის აზრებს ძალიან დამაჯერებლად გამოთქვამდა.

– ჩემთან რატომ შემოხვედით? რედაქტორს რატომ არ გაესაუბრეთ?

– რედაქტორი აღარ დამხვდა. შეუძლოდ იყო და წავიდაო, ასე მითხრა მდივანმა გოგონამ.

– გასაგებია! კარგი, ირაკლი… გპირდები, რომ აუცილებლად გაგაგებინებთ ნებისმიერ პასუხს!

– მადლობა!

ირაკლი ფეხზე წამოდგა და ხელი ჩამომართვა. რომ წავიდა, მის სტატიებს გადავხედე და განვცვიფრდი. ამ ბიჭს საოცარი წერის მანერა და სტილი აქვს! თან, ისეთ საინტერესო თემებზე წერს, რომ მეტი არ შეიძლება! უცებ მივხვდი, რომ ირაკლი ჩვენი ჟურნალისთვის ნამდვილი მარგალიტი იქნება! კითხვაში ისე გავერთე, რომ ვერ გავიგე, როგორ შემოვიდა ჩემს ოთახში ბაჩო.

– რას კითხულობ ამისთანას?

– შენ ხარ? ვაიმე, ერთი ბიჭი იყო მოსული, სამსახურის დაწყება უნდა ჩვენთან და თავისი სტატიები დატოვა! აი, შოკში ვარ, რასაც ჰქვია, ბაჩო! ეს ბიჭი ხელიდან გასაშვები არ არის!

– არ გავუშვათ მერე! ვინ ბიჭია? სიმპათიურია?

– ისე რა…

– მაშინ აიყვანე, თუ გინდა! – გაიცინა ბაჩომ.

– არა, მართლა ძალიან განათლებულია! გადახედე რა… აი, ეს ნახე! გაგიჟდები, რა ადგილებზე წერს! პირველად რომ გავიგე… ძველი რადიოსადგურები აქვს ნაპოვნი, მიწისქვეშა…

– სად, კაცო?

– საქართველოში! სხვადასხვა ადგილას.. კიდე, რაღაც საიდუმლო ადგილები… ლაბორატორიები, ბუნკერები….

– გაჩერდი, გოგო, არ დაგვხურონ! როგორ შეიძლება მაგის დაბეჭდვა.

– სხვაც ბევრი საინტერესო რამე აქვს, მე უბრალოდ ყველაზე მეტად ამან დამაინტერესა! დაბეჭდვით ყველაფერს ვერ დავბეჭდავთ, ცხადია, მაგრამ ზოგიერთი შეიძლება…

– ნეტა სად პოულობს ამ ადგილებს?

– მგონი, დიგერებთან მეგობრობს! ხო იცი, დიგერები ვინ არიან? ურბანული მკვლევარები… არც არქეოლოგები, არც სამარხების მძარცველები, უბრალოდ, თავგადასავლების მოყვარულები არიან, მიტოვებული შახტების და კატაკომბების მაძიებლები… ადრე ვუყურე დოკუმენტურ ფილმს რუს დიგერებზე, მაგრამ ჩვენც თუ გვყავდა, არ ვიცოდი…

– ჰო, გამიგია დიგერობა! რა ვიცი, თე… გოჩასაც დაებაზრე ხვალ და მიიღე ეგ ბიჭი… რაღაც სიახლეს შემოიტანს, იმედია…

– ჰო… მეც ვფიქრობ, რომ რაღაც სიახლეს აუცილებლად შემოიტანს!

16. როგორ გავიგე კლუბის მეორე მფლობელის ვინაობა

98a859d08fa26898ee680ded4a7cc2b5

როგორც იქნა, about-ის წერას მოვრჩი და სტატიაც გავაშანშალე. საათს რომ შევხედე, გული გამისკდა. ღამის სამ საათამდე მიწერია.

მეც არ გამიკვირდა, რატომ მეტკინა ასე ძალიან ზურგი? ყველაფერი “ფლეშკაზე” გადმოვწერე. ხვალ მივართმევ ზოროს… ფეისბუქი ჩაკეცილი მქონდა და ამოვშალე, რომ გამოვსულიყავი, მაგრამ პირადი შეტყობინება დავინახე.

“თათია” მწერდა:

– როგორ ხარ, გოგო… მომენატრა შენთან ჭორაობა! :)))
რა მაიმუნი ვიღაცაა ეს ბაჩო! ღირსი არ არის, სიცოცხლის ბოლომდე თათია რომ დავუძახოო?

– როგორ ვიქნები, გოგო. იმ კლუბის იდიოტმა დამფუძნებელმა სტატია შემიკვეთა და ამ წუთას მოვრჩი!

მივწერე პასუხად.

– მართლა? გაარკვიე ვინ არის? :))))

– გავარკვიე, კიი… მაგრამ იმდენად სულელი ვიღაცა აღმოჩნდა, რომ კლავიატურაზე დაბეჭდვადაც არ ღირს!

– დაგბეჭდავ მე შენ კარგად, გოგო! მოხვალ ხვალ სამსახურში… )) :*

– ნუ მაშინებ რაა 🙂 🙂 დამანებე ახლა თავი, უნდა დავიძინო! ხვალ 8-ზე უნდა ავდგე :((

– ნუ წუწუნებ, მიდი, მიდი… გაკოცე! :*

კომპიუტერი გამოვრთე და ბავშვების საძინებლისაკენ წავლასლასდი, ბავშვებისთვის საბანი რომ გამესწორებინა. ვგიჟდები, როგორ ახერხებენ “ჩიხოლის” შიგნით საბნის ისე აბურდვას, რომ თავს და ბოლოს ვერ გაიგებ… როგორც იქნა, ჩემს საწოლამდეც მივაღწიე და გავითიშე კიდეც. ეტყობა, გაზაფხულის ბრალია, ეს დღეები სულ მეძინება და მოშვებული ვარ.

დილით ბავშვები სკოლაში გავისტუმრე და ისევ საწოლში შევწექი. დამეძინა და სამსახურში ცოტა დაგვიანებით მივედი. პირდაპირ ბაჩოს კაბინეტში შევაჭერი და ფლეშკა გავუწოდე.

– ვერ გამოიძინე?

– ძაან უაზროდ მეძინა! ძილში მივხვდი, რომ მაგვიანდებოდა და გიჟივით წამოვხტი. ეგრევე თავი ამტკივდა…

– ჰოო, გეტყობა! ფანქარი მარტო მარცხენა თვალზე გისვია!

– რას ამბობ? მართლა?

სასწრაფოდ ჩანთა გავხსენი და სარკე ამოვიღე. ბაჩოს სიცილი აუტყდა.

– დეგენერატი ხარ, რა უნდა გელაპარაკო! გადახედე მოკლედ სტატიას და საიტზე დასადებ ტექსტსაც და მითხარი, მოგეწონება თუ არა!

– მე მომეწონება! იმას არ ვიცი, გადავუგზავნი იმეილზე ახლავე.

– კარგი…

ბაჩოს კაბინეტიდან გამოვედი, გოჩა მოვიკითხე, საერთო დარბაზშიც მოვინახულე თანამშრომლები და ბოლოს ჩემს კაბინეტში შევედი. კომპიუტერი ჩავრთე და მეილი გავხსენი. ჟურნალისტების გამოგზავნილი სტატიები უნდა გადმომეტვირთა და წამეკითხა. ბოლო წერილი ბაჩოსგან იყო. თანაც, ხუთი წუთის წინ გამოუგზავნია. კიდევ მაიმუნობს რაღაცას…

მეილი გავხსენი. ბაჩო მწერდა: – “ეს ნახე, თუ მოგეწონება”. წერილს ვორდის ფაილი ჰქონდა დართული. გადმოვიწერე და გავხსენი. ჩემი სტატია იყო ყოფილი ცოლების კლუბთან დაკავშირებით, ახლახან რომ მივეცი ბაჩოს. რა ჯანდაბად მიგზავნის? რამე არ მოეწონა? – გავიფიქრე და ისევ მის კაბინეტში წავედი. ბაჩო თავის გორგოლაჭებიან სავარძელზე გადაწოლილიყო და ფეხები მაგიდაზე დაეწყო.

– რაღაც ვერ ჩავწვდი შენს ხუმრობას… რისთვის გამომიგზავნე ჩემი სტატია უკან?

– ხომ დაგპირდი, კლუბის მეორე მფლობელს გავუგზავნი-მეთქი?

– ჰო, მერე?

– რაღა მერე… ჰოდა, გავუგზავნე. ეგ კლუბი ჩემიც არის და შენიც. უფრო რომანტიკულ გარემოში ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ არ ისურვე ჩემთან ერთად რესტორანში წამოსვლა…

– ბატონო? მოიცა, შენ სულ გააფრინე? რეებს ბოდიალობ?

– ჰო, რა იყო? წილში შემოგიყვანე! ნახევარი შენს სახელზეა. ჩემი ძმაკაცია ადვოკატი და ძაან დამეხმარა. მინდოდა, რომ რაღაც გვქონოდა საერთო მე და შენ, ხოდა, ეს მოვიფიქრე. აბა, მე რა ჯანდაბად უნდა დამჭირვებოდა ეგ კლუბი? ერთმანეთთან დაგვაკავშირებს…

– ბაჩო, მაშაყირებ, ხო?

– არა, გოგო! განახო საბუთები? ჰკითხე პატას ან გოჩას… ყველაფერი იციან მაგათ…

– დავუშვათ, მართლა ასეა! შენგან არაფერი გამიკვირდება, მაგრამ რა ჯანდაბად მინდა მე ეგ კლუბი?
ბაჩო ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა.

– რაც გინდა, ის უქენი მაგ კლუბს. აბა, რა გგონია, რატომ გაგიშვი იქ მაინცდამაინც შენ? მინდოდა, გაგეცნო გოგოები და შეჩვეულიყავი. იმათ, ვიცი, რომ მაგრად ევასები… ხოდა, რა გინდა? მე გაძლევ საშუალებას, რომ განახორციელო შენი გიჟური იდეები… ფანტაზია ჩართე. ნუთუ, არ გაინტერესებს ამ კლუბის მართვა? არ გინდა “ბიზნესვუმენი” გახდე?

ენა ჩამივარდა. პირველად არის, რომ არ ვიცი, რა ვთქვა. ნამდვილი შოკი მივიღე. ყველაფერს მოველოდი მისგან, ასეთი სვლის გარდა.

– მე არ მინდა ეგ კლუბი, ისევ შენზე გადაიფორმე! ჯერ ერთი, ასეთი საჩუქარი როგორ მივიღო? ჩემი არც საყვარელი ხარ, არც ქმარი…

– მეგობარი ხომ ვარ? გოგო, ეგ ბიძაჩემის ფულია! კაცმა მომცა და მითხრა, როგორც გინდა მოიხმარეო და მეც მოვიხმარე… იცი საერთოდ, ვინაა ბიძაჩემიი?

– საიდან უნდა ვიცოდე?

– მაგარი ფულიანია! მოსკოვში აქვს ბიზნესი. ეგ მაგისთვის არაფერი არ არის. ასე რომ, მაგის გამო ოდნავადაც არ იგრძნო თავი დავალებულად… თუ გინდა, საღამოს დავჯდეთ სადმე მე და შენ და მოვიფიქროთ, რა ვუქნათ მაგ კლუბს.

– დღეს არ შემიძლია, ხვალ იყოს…

– კარგი, როგორც იტყვი. ხედავ, რა დამჯერი ვარ?

– ახლა ეს არ აგივარდეს თავში! წავედი, თავზე მაყრია საქმე…

ჩემს ოთახში მაიკო დამხვდა. ალბათ, აინტერესებს, რა ხდება, რატომ დავრბივარ ბაჩოს კაბინეტში წამდაუწუმ.

– ყავის დალევას ვაპირებდი და შენც ხომ არ გინდა?

– სიამოვნებით დავლევდი…

– რაო ბაჩომ? რა დღეშია?

– განსაკუთრებული არაფერი. იმ კლუბის სტატია შევუტანე დილით და მაგაზე ვლაპარაკობდით. გონზე არ არის, რა მოუხერხოს იმ კლუბს და მთხოვა, შენც ჩაერთე ორგანიზაციულ საკითხებშიო…

– მერე, რას ფიქრობ? მოასწრებ ორივეს?

– იქ ისეთი განსაკუთრებული საქმეები არ იქნება. სახლშიც შეიძლება მოვიფიქრო რაღაც სიახლეები. არ არის აუცილებელი, ოცდაოთხი საათის მანძილზე იქ ვიჯდე.

– ეგრე ხო, ეგრე კარგია! ხელფასიც მოგემატება.

– ჰო… ძიძასაც ავიყვან, თორემ შევიკალი ხელში ჩემი მშობლები…

– აბა რა! კაი, წავალ, ყავას გავაკეთებ.

მაიკო რომ გავიდა კაბინეტიდან, დავფიქრდი. როგორც ჩანს, ბაჩოს მართლა ვუყვარვარ, ასეთი რაღაცა რომ მოიფიქრა და გააკეთა. ან იდეაფიქსად ექცა მართლა და ნებისმიერ ფასად ცდილობს, ჩემზეც well დონე გააკეთოს… და მე რა მინდა?.. ან ნეტა როდის დავიღლები მარტო ყოფნით და როდის მომბეზრდება? რამდენიმე წელში?.. ელენე მიმტკიცებს, რომ გაცილებით მალე. ქეთიმ მითხრა, რომ ქალისთვის ოჯახი მაინც პირველ ადგილზე დგას ცხოვრებაში და ყოველთვის ასე იქნება…

მალე ლევანიც ჩამოდის, მაგრამ მე და ლევანმა უკვე დავამთავრეთ ერთმანეთთან ყველაფერი, ამოვწურეთ ჩვენი შესაძლებლობები და მეც ვთვლი, რომ როდესაც წარსულის ძაფს გაწყვეტ, მის გადაბმას აღარ უნდა შეეცადო. გარდა ამისა, ლევანსაც ჰყავს ვიღაც იქ და 90%-ით ვიცი, რომ არც ის შეეცდება დაბრუნებას.

ისე, საკუთარ თავთან ბოლომდე მართალი რომ ვიყო, სუფთა ინტერესის დონეზე, მაინტერესებს სხვა კაცთან ურთიერთობის მოსინჯვა. უბრალოდ, შესადარებლად მაინც. მე ხომ ცხოვრებაში მარტო ერთი კაცი მყავდა? ეს ისე, თეორიულად, თორემ ჯერ ნამდვილად არ ვარ მზად ახალი ურთიერთობებისთვის. თან, რაღაცნაირი შიშიც მაქვს თითქოს, არაცნობიერის დონეზე.

– უკაცრავად, შეიძლება?

კართან ირაკლი იდგა.

– მოდი, ირაკლი.

ვუთხარი და გავუღიმე. ირაკლი შემოვიდა, ჩემ პირდაპირ დაჯდა, ზურგჩანთა ძირს დადო და იქიდან გამჭვირვალე თხელი საქაღალდე ამოიღო.

– აბა, ნახეთ ეს…

– ეს ახალია?

– დიახ!

– ახლავე ვნახავ, ოღონდ “შენობით” ფორმაზე გადმოდი, კარგი? – გავუღიმე.

– კარგი. – მანაც გამიღიმა. საქაღალდე გავხსენი და ფურცლები ამოვიღე. ამ დროს მაიკო შემოვიდა და ყავა შემომიტანა.

– მაი, ირაკლისაც გაუკეთე ყავა, კაი? – ხომ დალევ, ირაკლი?

– დავლევ… მადლობა!

– ახლავე! – თქვა მაიკომ და სანამ კაბინეტიდან გავიდოდა, ირაკლი შეუმჩნევლად შეათვალიერა.

– ეს რა ადგილებია ფოტოზე?

– აქ ადრე ვარ ნაყოფი… პატარა რომ ვიყავი, ბაბუაჩემი მიყვებოდა, რომ კოჯრის მხარეს, ტყეში საიდუმლო სამხედრო საწვრთნელი ბაზა იყო მიწისქვეშ, საიდანაც მეტროს საიდუმლო ხაზით მიდიოდნენ…

– მართლა? ეს მართალია?

– სავარაუდოდ, არა! მოსკოვში ნამდვილად არის ასეთი რაღაცები, მაგრამ აქ ნაკლებად… უფრო ხალხის ფანტაზიის ნაყოფია. ჩემმა ნაცნობმა დიგერებმა ერთი სანტიმეტრიც არ დატოვეს უნახავი… მთელი კოჯრის ტყე აითვისეს. სამი წელი ამას აკეთებდნენ…

– რას ამბობ, მერე?

– ძველი ვაგონი იპოვეს შუაგულ ტყეში. ვინ აიტანდა იქ ვაგონს? ან რანაირად?

– რა საინტერესოა… რა იყო იმ ვაგონში?

– არაფერი, ცარიელი იყო…. მაგრამ ვერც საჰაერო შახტები იპოვეს, ვერც ანტენა… მიწისქვეშა კომპლექსი თუ არსებობს, აუცილებლად უნდა იყოს მიწის ზედაპირზე საჰაერო შახტა. ამით ხვდებიან, სად არის ბუნკერი…

– გასაგებია… ე.ი. არ არის… და ეს რა შენობაა ფოტოებზე?

– ეს ახლა იპოვეს და მინდოდა, რეპორტაჟი გამეკეთებინა. გავყვები, როცა ჩავლენ და ფოტორეპორტაჟს გავაკეთებ… რაღაც ნაგებობაა მიწისქვეშა. თუ არ ვცდები, ორი ფლიგელი აქვს… ნული და მინუს ერთი სართული…

– მეც რომ წამოვიდე, არ შეიძლება?

სისხლში ადრენალინის მოზღვავება ვიგრძენი.

– გოგოები არასოდეს მიჰყავთ… იმიტომ, რომ უსაფრთხო არ არის და თან…. ხო გესმის? რა უნდა ასეთ ადგილას გოგოს…

– მე სიამოვნებით ვნახავდი! ჩემს უსაფრთხოებაზეც მე ვაგებ პასუხს. ბოლო-ბოლო, არ ჩამოვალ ქვემოთ და ზევით დაგელოდებით.

– მაშინ იმათ უნდა დაელაპარაკო, მაგრამ წინასწარ ვიცი, რომ უარს გეტყვიან!

– სოციალურ ქსელში გყავს? მივწერ აბა…

– ფეისბუქზე კი მყავს, მაგრამ ეგენი ონლაინ არაფერს წერენ. საერთოდ… ერთ სიტყვასაც კი… ერთადერთი გზა ის ბარია, სადაც ყოველ პარასკევს იკრიბებიან, ლუდს სვამენ და ლაპარაკობენ. საღამოს შვიდიდან… აი, მანდ შეიძლება დაგელაპარაკონ, მაგრამ ისე უბრალოდ არაფერს გეტყვიან, თუ შენც არ შესთავაზებ რამე საინტერესო ადგილს… მაგრამ, ხომ გეუბნები, ესეც არ გამოგივა!

– რატომ?

– იმიტომ, რომ შენ მათ ისეთს ვერაფერს შესთავაზებ, რაც არ იციან… მე ვცდი, დაველაპარაკები შენზე… მაგრამ გარანტიას ვერ მოგცემ.

– კარგი… დაელაპარაკე შენ… ამ რეპორტაჟის იდეა ძალიან მომწონს. ექსკლუზივი იქნება!

მე და ირაკლიმ ცოტა ხანი კიდევ ვილაპარაკეთ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჭკვიანი ბიჭია, მაგრამ ცოტა უცნაური… თავისი სამყარო აქვს. რაც მეტს ველაპარაკები, უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ჩემს სიხშირესთან ახლოსაა.

ბავშვები სკოლიდან გამოვიყვანე და ჩემებთან დავტოვე. კიდევ კარგი, კერძო სკოლაში შევიყვანე, ხუთ საათამდე იქ არიან და იქ მეცადინეობენ. მე სახლში ავბრუნდი და გამოვიცვალე. ტყავის შარვალი და ჩექმები ჩავიცვი. ზემოდანაც შავი ტყავის ქურთუკი მოვიცვი. მოტოციკლიღა მაკლია მხოლოდ. შვიდი რომ გახდა, მრგვალ ბაღთან ვიყავი და ვიწრო ქუჩას ავუყევი მაღლა. იმდენი ვიარე აღმართზე, რომ ასე მეგონა, იმ ბარამდე ვერასოდეს მივაღწევდი. როგორც იქნა, ბარიც გამოჩნდა.

საკმაოდ უბრალო ბარი იყო. წინ პატარა ეზო ჰქონდა შემოღობილი. რამდენიმე ხის მაგიდა და სკამი გარეთ იყო გამოტანილი, მაგრამ არავინ იჯდა. ჯერ საკმაოდ ცივა გარეთ დასაჯდომად…

შიგნით შევედი. სივრცე აქაც პატარა იყო. შიგნითაც ხის მაგიდა და სკამები იდგა და ერთი დიდი ბარი. მუსიკა ჩართული იყო. ხალხი არც ისე ბევრი. დახლისაკენ გავემართე და ლუდი ვიყიდე.

მაღალ სკამზე დავჯექი და ჯაშუშივით მოვათვალიერე მაგიდებთან მსხდომი ხალხი. ერთ-ერთი კედლის კუთხეში სამი ბიჭი იჯდა და ლუდს სვამდა. მაგიდაზე რაღაც ნახაზები ეწყოთ.

ცოტა ხანს ვუყურე. რაღაცაზე გაცხარებულები კამათობდნენ. ჩემ უკანა მაგიდასთანაც ისხდნენ ბიჭები და მიყურებდნენ. ახლაღა დავაფიქსირე, რომ მარტო მე ვიყავი ამ ბარში გოგო… ჯანდაბა, ელენე მაინც წამომეყვანა…

მეტი აღარ დავიცადე და დიგერების მაგიდისაკენ წავედი. რომ მივუახლოვდი, გაჩუმდნენ და გაკვირვებულებმა შემომხედეს. ასაკით იქნებოდნენ სადღაც 26-27 წლისები…

– გამარჯობა! შემთხვევით მომესმა თქვენი საუბარი და მგონი, საინტერესო ადგილებს ეძებთ, ხომ?

– შენ ვინ ხარ? – მკითხა ერთ-ერთმა დაეჭვებით.

– მეც ვეძებ საინტერესო ადგილებს!

– მართლა? მაგალითად, რა იპოვე?

– რა ვიცი… ძველი რადიოსადგური, გვირაბი-თავშესაფარი, ხუთი ამოსასვლელი რომ აქვს…

– ეგ ხო ყველამ იცის ისედაც…

– და კიდევ აი, ეს!

ვუთხარი და ჩანთიდან დაწყევლილ სახლში გადაღებული ფოტოები ამოვიღე და მაგიდაზე დავუდე. სამივემ დაიტაცა და ყურადღებით დააკვირდა.

– ეს სად არის? – მკითხა ერთმა.

– რა სად არის ბიჭო, ვიცი ეს სახლი… ეს ისაა, კასპერამ რაღაც ფილმი რო გადაიღო ამას წინათ!

ყურები ვცქვიტე.

– მოიცა, ვინ გადაიღო?

– კასპერამ. რეჟისორია, ვიცნობ მე პირადად კარგად… სულ რაღაც მისტიკებს იღებს და ჰორორებს, თავის პონტში რაა! არსად არ უშვებს… თვითონვე ამონტაჟებს… მუღამის პონტში. ჩვენც ვაძლევთ ხოლმე ნაკოლებს… და შენ საიდან იცნობ? ან ჩვენთან რატომ მოხვედი? ინფოს ბარტერი გინდა?

17. როგორ წავედი ტყეში ბიჭებთან ერთად

მე მგონი, იმ დაწყევლილ სახლს მართლა აქვს რაღაც კარმა. ჯერ იყო და, მაშინ დაგვთარსა, ნახევარი გზა მანქანას რომ ვაწვებოდით მე და ბაჩო და მგონი, ახლაც გრძელდება მისი მისტიკური ზემოქმედება.

გაგიჟდები მართლა, რა პატარაა თბილისი. საიდან სად, ვისგან ვის “ამოთხრი”, არა? რას წარმოვიდგენდი, თუ იმ სახლში გადაღებული ფილმის რეჟისორის ვინაობას ასე სწრაფად გავიგებდი?

დაპატიჟებას არ დაველოდე და ბიჭების მაგიდასთან მე თვითონ დავჯექი. ფაქტობრივად, მათ პირად სივრცეში შევიჭერი, მაგრამ თვითონაც ხომ ძირითადად ამით არიან დაკავებულები?

დაუპატიჟებლად და უნებართვოდ იჭრებიან საზოგადოებისთვის “დახურულ” სივრცეებში?

– კასპერას რატომ ეძახიან, მისტიკა უყვარს?
ვკითხე და იდაყვებით მაგიდას დავეყრდენი. ბიჭებს, ცოტა არ იყოს, გაუკვირდათ ჩემი ასეთი თამამი საქციელი და ეჭვის თვალით დამიწყეს ყურება. შეიძლება “მოგზავნილიც” კი ვეგონე…

– მაგ პონტში არ შეურქმევიათ თავიდან. ძაან ფერმკრთალი როჟაა, თეთრი. “პრივიდენიას” ჰგავდა. შენ რა პონტში იყავი მაგ სახლში?  – მკითხა ხუჭუჭთმიანმა. ჩემი აზრით, ეს ყველაზე პატარა უნდა იყოს ასაკით ამ სამიდან.

– მე ჟურნალისტი ვარ და ჟურნალისტურ გამოძიებას ვაწარმოებდი, როდესაც პირველად აღმოვაჩინე ეგ სახლი. ისე, ძალიან მაინტერესებს საინტერესო ადგილები და სიამოვნებით ვნახულობ, როცა ამის საშუალება მომეცემა ხოლმე.

– მარტო დადიხარ? – მკითხა მეორემ, რომელსაც ქუდი ჰქონდა ჩამოფხატებული თავზე.

– პირველად მარტო წავედი, მეორედ მეგობართან ერთად… ეს რა ნახაზებია?
მაგიდაზე გაშლილ ფურცლებს დავხედე. ქუდიანმა სწრაფად მოკრიბა და გადმოაბრუნა.

– ძაან ცნობისმოყვარე ხარ, გეტყობა!

– კი, ძალიან.

– ეგ კარგი თვისებაა დიგერისთვის. აქ მარტო მოხვედი? – მკითხა მესამემ, რომელიც აქამდე ჩუმად იჯდა. თან ბარი მოათვალიერა. ახლა დავფიქრდი, რა საეჭვოდ გამოვიყურები ალბათ მათ თვალში. მარტო მოვედი, ცოტა ხანი ბართან დავჯექი და მაშინვე მათ მაგიდას ვეცი.

უცებ გონება გამინათდა და გავაცნობიერე, რომ ჩემი საქციელით ირაკლისაც უხერხულ მდგომარეობაში ვაგდებდი. რომ დაურეკავს და ეტყვის, ერთი გოგო უნდა წამოვიყვანოო და მე რომ დამინახავენ, რას იფიქრებენ?

მივხვდი, რომ დამალვას აზრი არ ჰქონდა და გადავწყვიტე, მათთვის სიმართლე გამემხილა.

– მოკლედ, გამოგიტყდებით და აქ თქვენ გამო მოვედი! მე ჟურნალში ვმუშაობ. რამდენიმე დღის წინ ერთი ჟურნალისტი მივიღეთ, ბიჭი. მისმა სტატიებმა და ფოტორეპორტაჟებმა ძალიან დამაინტერესა. მითხრა, ფოტო-რეპორტაჟის გაკეთება მინდაო და თქვენ გახსენათ…

– იკაზე ამბობ?

– კი… ვთხოვე, მეც წამოვალ-მეთქი, მაგრამ მითხრა, რომ ჩემი მეგობარი დიგერები უარს იტყვიანო. ჰოდა, ცოტა უზრდელურად კი გამომივიდა, ირაკლის გადავახტი თავზე და პირდაპირ თქვენ მოგძებნეთ. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვგრძნობ თავს ახლა…

– იკამ არ იცის, ახლა აქ რომ ხარ?

– არ იცის და ალბათ, გაუტყდება, მაგრამ რომ მოვდიოდი, რატომღაც ამაზე არ მიფიქრია!

დიგერებმა ერთმანეთს გადახედეს. ქუდიანს გაეღიმა.

– კაი, არ ინერვიულო მაგაზე. ეგ არაფერი… ცნობისმოყვარეობაში ცუდი არაფერი არ არის. ჩვენ სხვა რამე ვიფიქრეთ უბრალოდ… ასე ძალიან თუ გაინტერესებს, წამოდი კვირას, ოღონდ წინასწარ უნდა იცოდე, რომ პირობები არ მოგეწონება. შეიძლება ვერც ჩამოხვიდე ქვემოთ.

– თქვენ მე არ მიცნობთ. დამიჯერე, მომეწონება!

– კაი, ბაზარი არაა! ისე, რა გქვია?

– თეა.

– მე ბექა ვარ! ეს ლუკაა და ის ნიკა…

– ძალიან სასიამოვნოა! ე.ი. მეც რომ წამოვიდე, პრობლემა არ იქნება, ხომ?

– როგორც წესი, უცხოები არ მიგვყავს, მაგრამ შენ წაგიყვანთ.

– ძალიან მიხარია! ისე, იმ ფილმებს ვერსად ვერ ვნახავ, თქვენი მეგობარი რომ იღებს?

– კასპერას ფილმებს? აუ, აზრზე არა ვარ! ეგ ჩვენი ახლო მეგობარი არაა… თუ გაინტერესებს, გაგიგებთ.

– დავინტერესდი… საინტერესოა, რატომ არ ასაჯაროებს? ისე, რა ჰქვია ან რა გვარია?

– აუ, მაგისი სახელი ვინმემ იცის, ტო? კასპერაა რა. ყველა ეგრე ეძახის…
თქვა ხუჭუჭა ლუკამ.

– მგონი, ჯაბა ჰქვია. გვარი არ ვიცი…

– რამხელაა?

– 30 წლამდე იქნება რა! ასე რატო დაგაინტერესა?

– იმიტომ, რომ ამ ჟანრში საქართველოში თითქმის არავინ იღებს ფილმებს, თან უცნაური ტიპი ჩანს, რომ არ ასაჯაროებს. ამის მიზეზიც ექნება და მაინტერესებს. ჩვენს ჟურნალში გავაკეთებდით ინტერვიუს. საინტერესო პერსონებს სულ ვეძებთ…

– დავურეკავ და ვეტყვი. თუ დაინტერესდა, ირაკლას ნომერს მივცემთ!

– ძალიან დამავალებთ! ირაკლის ვეტყვი, რომ თქვენზეც გააკეთოს სტატია, თუ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ იქნებით!

სამივე გაიბადრა. ისევ ერთმანეთს გადახედეს. მე მგონი, იმდენად ახლოს არიან და იმდენად კარგად იცნობენ ერთმანეთს, რომ უსიტყვოდაც ესმით ერთმანეთის.

ბარში ცოტა ხანს კიდევ დავრჩი. ლუდი დავლიე და მერე სახლში წამოვედი. შაბათს დილით ირაკლიმ დამირეკა. მისი ხმა რომ გავიგე, ისეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი, მერჩივნა, მიწა გამხეთქოდა და თან ჩავეტანე. სანამ რამეს მეტყოდა, მე დავასწარი და ჩემი სულსწრაფობისთვის მოვუბოდიშე.

მითხრა, რომ ბექამ დაურეკა და უთხრა, მეც წავეყვანე კვირას. ძალიან სერიოზული ტონი ჰქონდა. ვერ მივხვდი, გაბრაზებული იყო თუ უბრალოდ, ეგეთი ტიპია… რამდენჯერაც ვნახე და ვესაუბრე, ყოველთვის ასეთი სერიოზული და ინერტულია. ალბათ, ემოციებს იშვიათად ამჟღავნებს…

მითხრა, არ გავბრაზებულვარო, მაგრამ შეიძლება ეწყინა, არამკითხე მოამბესავით რომ მოვიქეცი. მის ადგილზე მეც მეწყინებოდა. ბოლოს მითხრა, ხვალ, დილის ათ საათზე გავდივართ და კოლმეურნეობის მოედანთან მოდიო.

ერთი სიტყვით, შევთანხმდით. ჩემს ყოფილ დედამთილს დავურეკე და ვუთხარი, ბავშვები ხვალ წაეყვანათ, რადგან დიდი ხანია არსად წამიყვანია. შაბათს მაინც გავასეირნებ სადმე… გადავწყვიტე, “ბომბორაზე” წავსულიყავით და ქეთის გადავურეკე.

– ქეთ, როგორ ხარ?

– რა ვიცი, გოგო… კარგად. შენ? სად დაიკარგე?

– ბევრი საქმე მქონდა. შემთხვევით დღეს ხომ არ აპირებდი ბავშვების წაყვანას “ბომბორაზე”?

– უი, გოგო, ზურას პიკნიკი უნდა დღეს, მე კიდე კინოში… ხოდა, დილის აქეთია ვჩხუბობთ!

– აა, კაი… ე.ი. კინოში მიდიხართ… ელენეს დავურეკავ აბა! იქნებ წამოიყვანოს ბავშვი.

– კაი, მერე შევხმიანდეთ!

ელენესაც გადავურეკე. ჯერ რაღაც საქმეები მაქვს, თქვენ წადით და მე მოგვიანებით ამოვალო. რაღას ვიზამდი? ბავშვებს ჩავაცვი და მარტოები წავედით. მზიანი ამინდი იყო და “ბომბორაზე” ბევრი ხალხი იყო. რამდენიმე ატრაქციონი მოვიარეთ და მანქანებთან გავჩერდით. სანამ ბავშვები “გონკაობდნენ,” სკამზე ჩამოვჯექი და მობილურს დავაცქერდი. გვერდით ვიღაც მომიჯდა და მთელი ტანით ჩემკენ შემობრუნდა. ვიგრძენი, რომ მიყურებდა. თავი რომ ავწიე და შევხედე, მოულოდნელობისაგან შევკრთი.

– ვა, სანდრო?

ჩემს სიმპათიურ მეზობელს ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა, რომ მეტი არ შეიძლება.

– როგორ ხარ, თეკუნა?

ასე პირველად მომმართა და გადამკოცნა.

– კარგად… შენ როგორ ხარ?

– რავი, ნორმალურად. სამი დღეა შენთან ვაპირებ დარეკვას.

– მერე, რატომ არ დამირეკე?

– რა ვიცი… ბავშვებით ხარ?

– კი… შენ?

– ჰო, მე და საბა ვართ. რა კარგია, ტო… გაერთობიან უფრო ერთად.

– ხო… ე.ი. მაკა უპრობლემოდ გატანს ბავშვს?

– კი, კი… თე, იმ მეილზე რაღაც გავარკვიე.

იმ რესტორნის ამბავი სულ გადამავიწყდა. ნეტა რა გაიგო? იმედია, სიმართლე არ იცის, თორემ ასე მშვიდად არ იქნებოდა…

– მართლა?

– მე ვისთან ერთადაც ვზივარ ოთახში, ჩემი თანამშრომელი ბიჭია და თურმე, იმის ნათესავის რესტორანია და ჩემი მეილიც მაგას მიუცია. მაგანაც მითხრა მაშინ, ძალიან კარგი რესტორანიაო და უფრო ამიტომ წაგიყვანე. ტაკ შტო, არაფერი შეთქმულების თეორია არ ყოფილა. დაემთხვა რა… მარა, ის ფული ვინ გადაიხადა, ეგ ნაღდად ვერ გავიგე!

– მე გავიგე სამაგიეროდ! ჩემმა დაქალმა… შენ არ იცნობ! დაგინახეო და აღარ შეგაწუხეთო…

– აუ, რად უნდოდა ტო? მაგრად ტეხავს! რო ნახავ, მადლობა გადაეცი ჩემგან და უთხარი, ძაან უხერხულშია-თქო…

– კაი, არ არის პრობლემა!

შვებით ამოვისუნთქე. ახლა ბაჩოს და ამის ჩხუბის თავი ნამდვილად არა მაქვს. მირჩევნია, ასე იფიქროს.

სანდრომ თავი გაიგიჟა და ჩემი პლასტიკური ბარათი არსად არ გამატარებინა, ყველაფერზე თვითონ დაგვპატიჟა. შუალედში კაფეშიც დავსხედით. რაც აშარაშკას გაშორდა, სულ სხვა სანდრო გახდა. ისეთი გამოცოცხლებულია, ვერ აგიღწერთ. დღეს განსაკუთრებით კარგ ხასიათზე იყო, ხუმრობდა, იცინოდა… მე კიდევ ჩემი თავი გამოვიჭირე, რომ ფიქრებში სანდროს და ბაჩოს ერთმანეთს ვადარებდი… იმედია, გაზაფხულის ბრალია და სერიოზული არაფერი მჭირს.

სანდრომ სახლში მანქანით წამოგვიყვანა. გზაში ცოტას კიდევ ვლაპარაკობდით. მე კიდევ, იმაზე ვღელავ წინასწარ, რომ ვიცი, მაკა ბავშვს დეტალურად გამოჰკითხავს, როგორ გაასეირნა მამიკომ, რომ გონებაში გამოთვალოს, რამდენი ფული დაახარჯა ბავშვს. საბა კიდევ ბავშვურად მოუყვება, რომ ჩვენ შეგვხვდნენ და მამიკომ ჩემი შვილებიც “აკატავა”.

– რას შვრება მაკა? ბათუმის მერე აღარ მინახავს…

– რას იზამს? დადის იმ კლუბში თავის ვარდისფერი თავით. ერთი მაგ კლუბის მფლობელი გამახევინა შუაზე. მეტი ვერაფერი მოიფიქრა ტო?

– რა ვიცი…

ჩავიბურდღუნე და სახე ფანჯრისკენ მივატრიალე. ნეტავ რას იტყვის სანდრო, როცა გაიგებს, რომ კლუბი გარკვეულწილად ჩემიც არის?

– იმ დღეს ფულის ჩარიცხვა ერთი დღით დავუგვიანე და მირეკავს მაკა. მეკითხება, ფილმი როა, “ძირითადი ინსტინქტი”, მანდ რო მომენტია, შერონ სტოუნი ფეხი ფეხზე რო გადაიდებს, ეგ სცენა გახსოვსო? – კი-მეთქი, ვუთხარი და რას მეუბნება, არ იცი?

– არა…

– ეგ კარგად გახსოვს და ფული რო უნდა ჩაგერიცხა გუშინ, ის ხო დაგავიწყდაო?
სიცილი ამიტყდა.

– ხოდა, ახლა რო გაიგებს ბავშვისაგან, ჩვენც ვიყავით, არ გაგიჟდება?

– გაგიჟდეს! ეგღა მაკლია, ახლა მაგან მაკონტროლოს. საკმარისად გავუძელი ისედაც…

სანამ სახლამდე მივედით, კიდევ ბევრი მაცინა. ბოლოს დავემშვიდობე, მადლობები გადავუხადე და სახლში ავედით. ბავშვები სამეცადინოდ დავსვი და საჭმლის გაკეთება დავიწყე. ბაჩომ დამირეკა, სადმე გავიდეთო, მაგრამ უარი ვუთხარი. ის აღარ გავუმხილე, ხვალ რომ ირაკლის მივყვები. ახლა ეგ არ ამოიჩემოს და სამსახურიდან არ გაუშვას…

კვირას პრაქტიკულად ჩავიცვი და კოლმეურნეობის მოედანზე მივედი. ირაკლი და ის სამი დიგერი ზურგჩანთებით იყვნენ მოსულნი. კოჯრამდე ავტობუსით ვიარეთ, შუა გზაში ჩამოვედით და ტყეში გადავუხვიეთ. დიგერებს რაღაც რუკა ჰქონდათ დახაზული. გავოცდი, ნეტავ როგორ არკვევენ, საით უნდა გაუხვიონ და გამოუხვიონ?

კარგა ბევრი ვიარეთ და ტყეშიც საკმაოდ ღრმად შევედით. დიგერები ძველ ვაგონთან შეჩერდნენ და ზურგჩანთები მოიხსნეს. რაღა დაგიმალოთ და საშინლად დაღლილი ვიყავი, მაგრამ ვცდილობდი, არ შემემჩნია.

– დავისვენოთ!

თქვა ბექამ და ძირს დაჯდა. მეც მოვიხსენი ზურგჩანთა და ბალახებზე დავაგდე. ძველ ვაგონთან მივედი და შიგნით შევიხედე.

– ფრთხილად, აბლაბუდის ქსელებია მანდ! – მომაძახა ლუკამ.

– ვხედავ…

ვუთხარი და ვაგონს წრე დავარტყი. მართლა რა უცნაურია, რა უნდა შუა ტყეში ვაგონს? საიდან მოხვდა აქ? თან, საკმაოდ ძველი ვაგონია… ბავშვობაში რომ მაქვს ნანახი, ისეთი…

ცოტა დავისვენეთ და გზა განვაგრძეთ. ამჯერად ბევრი აღარ გვივლია. რაღაც დამტვრეულ რკინის კონსტრუქციასთან მივედით. შეიძლება ანტენაც იყო ადრე… ცოტა მოშორებით აგურებით შემოვლებული თხრილი იყო. რომ ჩაგეხედათ, დაინახავდით ორ სართულს, ბეტონის იატაკით…

დიგერებმა სპეციალური ქამრის მსგავსი რაღაც გაიკეთეს და თოკი ბეტონიდან გამოსულ რკინის მარყუჟზე დაამაგრეს. მერე გამძლეობა შეამოწმეს და პირველად ბექა დაეშვა ქვემოთ. მივხვდი, რატომ იზიდავთ ასე ძალიან ასეთი რაღაცები… ძალიან მაგარი ადრენალინის შეგრძნებაა, როდესაც ასეთ რამეს პოულობ და დასათვალიერებლად ჩადიხარ…

ბექამ ფეხი ბეტონზე რომ დადგა, თავზე დამაგრებული ფარანი აანთო.

– ხედავ რამეს, ბიჭო?

– კი, კარგად ჩანს ყველაფერი! დაჟე ფარანიც არ დაგვჭირდება… დაეშვით რიგრიგობით!

ჩემსა და ირაკლის გარდა, სამივე ქვემოთ დაეშვა. ჯერ მათ უნდა აეთვისებინათ ტერიტორია და მერე ჩვენც ჩავიდოდით, ოღონდ ზედაპირზე ვიღაც აუცილებლად უნდა დარჩენილიყო და სიტუაცია მაღლიდან ეკონტროლებინა. დიგერები ხვრელში გაუჩინარდნენ. ცოტა ხანში მათი ხმაც აღარ ისმოდა.

– შენ ჩახვალ მერე? არ გეშინია?

მკითხა ირაკლიმ და ბალაზე დაჯდა. მეც დავჯექი და ზურგით ხეს მივეყუდე.

– მეშინია კი არა, ინტერესით ვკვდები! ნეტავ რა ნაგებობაა?

– მე ვფიქრობ, ძველი რადიოსადგური უნდა იყოს… ვნახოთ, მალე გავიგებთ!

– შენ რატომ გაინტერესებს ასეთი ადგილები?

– მე ბავშვობიდან მიყვარს ძველი და მიტოვებული სახლები. საერთოდ სხვა აურაა აქ… აი, ყველა ადამიანს ხომ აქვს რაღაც თავისი, რაშიც განტვირთვას პოულობს? ზოგს ქალაქგარეთ გასვლა ევასება, ზოგს მანქანით ხეტიალი წვიმაში. ზოგს რა და ზოგს რა… ზოგს საერთოდ არც კი აქვს აღმოჩენილი თავში თავისი ინტერესის სფერო და განტვირთვას ვერ ახდენს… ასეთი ადამიანები სულ “დაგრუზულები” არიან.

– ჰოო…

ვუთხარი და ჩემს ინტერესის სფეროზე დავფიქრდი. ნეტავ მე რაში ვახდენ განტვირთვას? ალბათ, მეგობრებთან ერთად დროს გატარებაში… მაგრამ იქნებ მეც მაქვს რაიმე განსაკუთრებული ინტერესი და ჯერაც არ გამიცნობიერებია? საინტერესოა…

– მაგარი საინტერესოა ადამიანი…

– რა მხრივ, ირაკლი?

– ღმერთმა ან რაღაც უზენაესმა ძალამ აზროვნების უნარი მისცა და ბევრი არ იყენებს სწორად.

– როგორ?

მივხვდი, რომ საინტერესო დიალოგი მელოდა წინ.

– ტვინს უაზრო რაღაცებზე ფიქრში ხარჯავს. ადამიანების უმრავლესობას არ უყვარს სიღრმეებში ჩასვლა. არადა, ყველაზე საინტერესო ესაა, შენი სულის ბნელ კუნჭულებში რომ იხედები…

– შენ როგორ ფიქრობ, რატოა ასე?

– რატო არ იხედებიან? – იმიტომ, რომ არ აწყობთ! არ უნდათ იმის დანახვა, რაც იქ დახვდებათ… ურჩევნიათ, სხვები აკრიტიკონ, მაშინ, როცა თავიანთ სიღრმეში რომ ჩაიხედონ, სხვებამდე ვერც მივლენ… არ გიფიქრია, როგორ იბადებიან აზრები?

– როგორ არა! ძალიან ბევრი მიფიქრია ამაზე! მე ისეთი უცნაური აზრები მომდის ხოლმე, რომ მიკვირს, სად მწიფდებიან… როგორ ყალიბდებიან… თითქოს, ეს პროცესი ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება… დაპროგრამებულებივით… ხშირად მომსვლია აზრი, მითქვამს და მერე გამიანალიზებია…

– ღმერთი როგორ წარმოგიდგენია შენ? ენერგიის სახით, ღრუბელზე შემომჯდარი თეთრწვერა მოხუცის თუ როგორ?

– იცი, ამაზეც ბევრი მაქვს ნაფიქრი, მაგრამ ვერანაირი სახე და ფორმა ვერ მოვარგე… მარტო ის ვიცი, რომ უმაღლესი გონია და რამდენი საუკუნეც არ უნდა გავიდეს, ჩვენ ვერასოდეს მივალთ იმ დონემდე, რომ შევიცნოთ ის… ვფიქრობ, რომ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი ღმერთისთვის ძალიან სასაცილოა…

– შენს რწმენაში რამე შეიცვლება, რომ გაიგო, რომ ღმერთი უცხოპლანეტელია? უმაღლესი გონი, რომელმაც ერთხელ ექსპერიმენტი ჩაატარა, ერთ-ერთი პლანეტა ამოირჩია და სიცოცხლე შექმნა. შესადარებლად, აკვარიუმი რომ აიღო, ჩასვა იქ რაღაც არსებები და დააკვირდე. რაღაც არ მოგეწონება და კორექტივები შეიტანო, ჩაერიო… და გიყვარდეს შენი ქმნილება. პირამიდებს რომ აშენებდნენ, ძველად… ხო არის მოსაზრება, რომ უძველესმა ადამიანებმა შეიძლება იმაზე მეტი იცოდნენ, ვიდრე ახლა ჩვენ? იქნებ ღმერთს არ აწყობდა ეს და წარღვნა მოავლინა? მერე ისევ თავიდან დაიწყო…

ან აღარ მოეწონა ის მიმართულება, საითკენაც ადამიანები წავიდნენ? ძალიან ბევრი ბოროტება დაინახა? ქრისტეც ერთ-ერთი საშუალება იყო, რომ გამოვესწორებინეთ? როგორ გგონია, რისთვის ვცხოვრობთ? ვიბრძვით ლუკმაპურისთვის, ვარსებობთ და ბოლოს უნდა მოვკვდეთ. ამაზე ფიქრი მაოგნებს, რომ ერთხელაც აღარ ვიქნები…

– ჩემი ფილოსოფიის ლექტორი გვეუბნებოდა, რომ სიკვდილზე ფიქრი სასარგებლოა! გახსენდება, რამდენი რამ გაქვს გასაკეთებელი ცხოვრებაში… რაღაც აღარ ისმის ამათი ხმა…

ირაკლი ორმოსთან მივიდა და დაიძახა. ჩამიჩუმი არ ისმოდა.

– ვაიმე, რამე ხომ არ დაემართათ? მობილური არ გაქვს რომელიმესი? დავურეკოთ მაინც…

ირაკლიმ ტელეფონი ამოიღო და დარეკა.

– გადის და არ იღებს…

– ვინ?

– ბექა!

– სხვებს დაურეკე…

– სხვების ნომრები არ მაქვს…

ახლა მე ჩავიხედე და დავუძახე, მაგრამ ისევ არაფერი… ორივე ავნერვიულდით.

– ის ქამარი ზედ უკეთია ლუკას, ვერც ჩავალ…

რამდენიმე წუთის განმავლობაში კიდევ ვეძახდით. ის იყო, სამაშველო სამსახურში უნდა დაგვერეკა, რომ ზურგსუკან ხმა მოგვესმა. ტყიდან დიგერები გამოვიდნენ.

– ხო არ შეგეშინდათ?

– ტელეფონს რატო არ იღებდი, ბიჭო?

– აა, ხმა მაქ გათიშული… მეორე ამოსასვლელი ვიპოვეთ, იქიდან ადვილია ჩასვლა. კიბეებია. წამოდით, ჩაგიყვანთ…

მე და ირაკლი ავდექით და ზურგჩანთები მოვიკიდეთ.

– და რა არის ქვემოთ?

– წამოდით და ნახავთ!

გვითხრა ბექამ და წინ გაგვიძღვა.

18 – ყველაზე მისტიკური დღე ჩემს ცხოვრებაში

ყველაზე მეტად პოსტაპოკალიფსურ თემაზე გადაღებული ფილმები მიყვარს, დაცარიელებულ და ნახევრად დანგრეულ ქალაქებში რომ დახეტიალობენ ფილმის გმირები და გადარჩენისთვის იბრძვიან.

ხშირად მიფიქრია, რას გავაკეთებდი პირველად, თუ ასეთი რამ მოხდებოდა. უცხოპლანეტელები თუ შემოიჭრებოდნენ ან ზომბი აპოკალიფსი მოხდებოდა, მაშინ, პირველ რიგში, იარაღების მაღაზიაში გავიქცეოდი, რაიმე მსუბუქ იარაღს შევარჩევდი და ბევრ ტყვიას წამოვიღებდი.

დანასაც… მერე ისეთ საჭმელს ავიღებდი, რომელიც მალე არ ფუჭდება და მანქანის საბარგულს გავავსებდი. ჩავსვამდი ჩემს ოჯახს და სადმე დაუსახლებელ პუნქტში გავიქცეოდი. ხალხმრავალ ადგილებს მოვერიდებოდი და იქ დავიცდიდი.

ძალიან გადავიჭერი ფანტაზიებში, მაგრამ სწორედ ასეთი შეგრძნება დამეუფლა, როდესაც პატარა გორაკს მივუახლოვდით და იქ რკინის ჟანგიანი კარი დავინახე. გახსოვთ, მე რომ მიყვარს კომპიუტერული თამაშები? დაახლოებით ასეთ ადგილებში დავბოდიალობ ხოლმე.

ქვის ვიწრო საფეხურებით ქვევით დავეშვით. ირაკლიმ ხელი მომკიდა, რომ არ დავგორებულიყავი. ბექა ფარნით გვინათებდა გზას.

– ამ მონაკვეთზე ბნელა. მინუს ერთ სართულზე კედლების მეტი არაფერი აღარ არის შემორჩენილი. გაძარცვულია მთლიანად.

რამდენიმე ოთახი მოვიარეთ, რომლებიც ერთმანეთში გადიოდა. კედლების მეტი მართლა არაფერი იყო იქ. ზოგ ადგილას ჭერი იყო ჩამონგრეული და მაღლიდან მზის სინათლე აღწევდა.

– ეს თავშესაფარი იყო? – ვკითხე ბექას.

– არა, ძველი რადიოსადგურია, როგორც ვფიქრობდით… შეიძლება მიმართული სასიგნალო რელეის სადგური იყო…

– როგორი?

– სიგნალების გადამცემ-გადამწოდებელ სადგურებს მიმართული სასიგნალო რელეი ჰქვია. მიკროტალღოვან სიგნალებს იჭერენ, აძლიერებენ და შემდეგ სადგურს უგზავნიან.

– შემდეგი სადგური რა მანძილზე იქნება, სავარაუდოდ?

– გააჩნია გადაცემის სიხშირის სიდიდეს. სადგურებს შორის მაქსიმალური დაცილება დამოკიდებულია სიხშირეების სიდიდეზე. მაგალითად, 2GHz შეიძლება უპრობლემოდ გავრცელდეს 40-100 კმ-ზე. უფრო მაღალი სიხშირეების შემთხვევაში ეს მანძილი მცირდება.

ირაკლი უკან მოგვყვებოდა და თან სურათებს იღებდა.

– ბექა, რა მაინტერესებს…

უცებ წამოგვეწია და ბექას გვერდით ამოუდგა.

– დახურული კავშირები როა, რამდენად საიმედოა ეგ კავშირები და თუ არსებობს დახურული რადიოკავშირის გასაღების გატეხვის შანსი? ვინმემ რო გატეხოს და მოისმინოს?

– თეორიულად შესაძლებელია გასაღების გატეხვა, მაგრამ ალბათობა ძალიან მცირეა. გასაღები, როგორც წესი, 34 ან მეტი სიმბოლოსაგან შედგება და თან ხშირად იცვლება. ისე, რომ ერთი კოდი ჰქონდეს სულ, ეგრე არ ხდება…

– გასაგებია…

– აქ ფრთხილად უნდა ჩამოხვიდეთ!

ბექა რკინის საფეხურებით დაეშვა ქვემოთ. იქ უკვე გვარიანად ბნელოდა. დანარჩენი ორი დიგერიც წამოგვეწია ამ დროს და თავიანთი ფარნებითაც გაანათეს. მინუს 2 სართული შედარებით პატარა იყო. შეიძლება საწყობად იყენებდნენ. ძირს ძველი, დაშლილი აპარატურის ნარჩენები ეყარა. ბექამ ფარანი რაღაცას მიანათა და დაიხარა.

– თუ არ ვცდები, “მოლნიას” ნაწილებია… ლუკა, პარკი გამიშალე, ესენი წავიღოთ…

ირაკლიმ ფოტოები გადაუღო ძველი გადამცემების დამტვრეულ ნარჩენებს. იქვე ეგდო საბჭოთა კავშირის დროინდელი ტელეფონი, რომელსაც ციფერბლატი არ ჰქონდა. ჩემი ბავშვობა გამახსენდა.

დედას რომ მივყავდი თავის სამსახურში, იქ მქონდა ნანახი და სულ მაინტერესებდა მისი დანიშნულება. ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ნივთი იყო ჩემს წარმოდგენაში.

კედლებზეც, მგონი, დენიკინის დროინდელი რუსული პლაკატები იყო გაკრული, მაგრამ სიძველისაგან მთლად გაყვითლებულიყო და თითქმის აღარაფერი ემჩნეოდა.

იქ გამეფებულმა სიჩუმემ, ნესტის სუნმა და გარემომ, სადღაც სხვა განზომილებაში გადამაგდო. რაღაც მომენტში, მთლიანად მოვწყდი რეალობას და ყველაფერს გამოვეთიშე. სანამ დიგერები იმ ხარახურაში იქექებოდნენ და ირაკლი ფოტოებს იღებდა, ერთი სართულით ზემოთ ამოვედი და მარტომ დავიარე იქაურობა. უცნაური სიმშვიდე დამეუფლა და მივხვდი, რომ სწორედ იქ აღმოვჩნდი, სადაც უნდა აღმოვჩენილიყავი…

ალბათ, ყველა ადამიანს აქვს რაღაც ჩვევა, რაც მარტო მისია, რაშიც განტვირთვას პოულობს და ახალი ენერგიით იმუხტება. მაგალითად, ელენესთვის ეს მანქანით სიარულია ქუჩებში. როცა ცუდ ხასიათზეა, უაზროდ დადის ხოლმე მანამ, სანამ არ მობეზრდება. ქეთი აბაზანას გაავსებს, სანთლებს დაიდგამს გარშემო, ჩაწვება წყალში და მუსიკას რთავს. მეც მაქვს რაღაცები, რასთან ერთადაც მარტო ვრჩები და განტვირთვას ვახდენ, მაგრამ ახლა ეს დროისგან მივიწყებული ნაგებობა რომ ვნახე, ყველაფერი გაუფერულდა ამის ფონზე. აი, თურმე როგორი ადგილები აღმიძრავს ყველაზე მძაფრ შეგრძნებებს…

მობილურის ეკრანს დავხედე. ქსელი არ იჭერდა. ცოტა ხანში ირაკლიც ამოვიდა.

– სად წახვედი?

– არსად, ვათვალიერებ…

– მარტომ არ იარო მაინც, სახიფათოა!

– ნუ გეშინია, ვიყურები ფეხქვეშ…

– ნანობ, რომ წამოხვედი?

– ვნანობ? რას ამბობ! ვნანობ კი არა, მგონი, ჩემი ჰობი ვიპოვე, როგორც იქნა! თან, გამახსენდა რაღაც…

– რა გაგახსენდა?

– თითქმის ორი წლის წინ პატარა ჩანახატი დავწერე, ტყეში დაკარგვა მინდოდა და ამიხდა. კოჯრის ტყეში დავიკარგე და იმდენი ვიარე ღამე მარტომ, რომ საბოლოოდ წყნეთში აღმოვჩნდი. ხოდა, იმ “ნოუთში” მეწერა, მინდა მიტოვებული შენობა ვიპოვო და შემეშინდეს, მაგრამ მაინც შევიდე-მეთქი… ჰოდა, ახლა წარმოვიდგინე, მაშინ რომ ეს რადიოსადგური მეპოვა… ალბათ გავგიჟდებოდი კიდეც…

– საინტერესოა! ე.ი. ჯერ დაწერე, ტყეში მინდა დავიკარგოო და მერე აგიხდა?

– ჰო… მე ხშირად მიხდება, რასაც ვწერ ხოლმე!

– მერე დაწერე შენც კარგი რაღაცები… როგორ იმოგზაურე, როგორ მოხსენი ჯეკ პოტი ლატარიაში…

გაეცინა ირაკლის.

– ეგ ეგრე არ მუშაობს!

– რა იცი? გიცდია?

– არა… ასე მგონია… ხომ არ ავიდეთ ზევით?

– ავიდეთ…

მე და ირაკლი მაღლა ამოვედით და როდესაც რადიოსადგური დავტოვეთ, კიდევ ერთი ძალიან მაგარი შეგრძნება დამეუფლა. მზის სინათლეზე რომ გამოვედი და ტყის სურნელი ჩავისუნთქე… საოცარი კონტრასტია! მიწისქვეშეთისა და ტყის სუნი… თან, ხეები რომ ყვავის და გამაბრუებელი სუნი ტრიალებს… აი, ბედნიერების სუნს ვეძახი ამას მე!

– ირაკლი, შენ მაქსიმალისტი ხარ? – ვკითხე ირაკლის და წაქცეულ ხეზე ჩამოვჯექი.

– ვცდილობ! სულ ვიბრძვი ამისთვის, რომ მაქსიმუმი ავიღო ცხოვრებიდან…

– მერე, გამოგდის?

– ხან კი, ხან არა! ძნელია.. მაგრამ ღირს… ძალიან ხანმოკლეა ჩვენი ცხოვრება და ნახევარს ძილში ვატარებთ; რაც რჩება, იმის ნახევარზე მეტს უაზროდ ვხარჯავთ…

– აი, მე მქონდა ეგ განცდა, რომ თითქოს ცხოვრების საუკეთესო მომენტებმა გვერდით ჩამიარა. მე კიდევ ვუყურებ და ვერ ვიღებ… ხელსაც ვერ ვკიდებ, ვერ ვეხები…

– უმეტესობა ასეა! ეს იმიტომ, რომ მოსალოდნელ შედეგებზე იწყებ ფიქრს და შიში გიპყრობს. – ცვლილებების შიში!

– კი, მასეა… და ხშირად ვფიქრობ, რაზე ვიფიქრებ, როცა მოხუცებული, უძლური და ყველასთვის ზედმეტი გავხდები…. კი, შვილებს მაინც უყვარხარ და შვილიშვილებსაც, მაგრამ მათ უკვე თავიანთი ცხოვრება აქვთ და შენთვის აღარ სცალიათ… საკუთარ თავთან რჩები მარტო და შენთან მარტო შენი ფიქრები რჩება…

იხსენებ რაღაცებს, უფრო სწორად, ცხოვრების ფერად ნაგლეჯებს, რომლებიც სიამოვნებას განიჭებს და გეღიმება… ატრიალებ ამ მომენტებს გონებაში ათასჯერ და ხვდები, რომ გეცოტავება… არ გყოფნის. მეტის მოგროვება შეგეძლო, მაგრამ ხან დაგეზარა, ხან ვერ გარისკე, როცა გასარისკი იყო. რუტინამ გაჯობა და ვერ განთავისუფლდი. ალბათ, როგორ მოგინდება, დრო დააბრუნო, წარსული დააბრუნო და სხვა გზით წახვიდე…

– თეა, შენ ყველაფერი წინ გაქვს! ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ და ამ ყველაფერს აცნობიერებ… უნდა აიღო ყველაფერი, რასაც ცხოვრება შემოგთავაზებს!

მითხრა ირაკლიმ და გამიღიმა. მგონი, ირაკლი ჩემს სიხშირეზეა. როდესაც მას ვუსმენ, მგონია, ჩემს სათქმელს ამბობს… ამ დროს თითქოს უემოციოა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სიღრმე აქვს… ძალიან საინტერესო პიროვნება ჩანს…

უცებ ძალიან მომინდა, მის შესახებ უფრო მეტი რამ გამეგო. ვინ არის, სად ცხოვრობს, რა აინტერესებს, რითია დაკავებული, რა მოსწონს, როგორ მუსიკას უსმენს და ა.შ. ყველაზე საინტერესო არის ის პროცესი, სანამ ადამიანს “გახსნი”; როცა ძალიან ცოტა რამ იცი მასზე და გაინტერესებს, სინამდვილეში ისეთია, როგორიც შენ წარმოიდგინე თუ არა.

მე ვფიქრობ, რომ ირაკლი არ ეკუთვნის იმ ადამიანთა კატეგორიას, ვისაც თავის თავზე ლაპარაკი უყვარს. ასე მგონია, რომ გულჩათხრობილი და ჩაკეტილი ადამიანია. შეიძლება მსგავსებასაც ვხედავ ან ვგრძნობ და ეს უფრო მიღვივებს ინტერესს. ასეთი ადამიანები ძალიან საინტერესოები არიან.

მალე დიგერებიც ამოვიდნენ და წამოვედით. შუა გზაში ბაჩომ დამირეკა და რომ ვუთხარი, სადაც ვიყავი, შევატყვე, რომ არ ესიამოვნა. თავი გაიგიჟა, კოლმეურნეობის მოედანზე დაგხვდები და მე წაგიყვან სახლშიო.

ტყიდან რომ გამოვედით, ავტობუსი წამოგვეწია. ჩემ გვერდით ლუკა დაჯდა და გზაში მიყვებოდა რაღაცებს, გაუქმებულ შახტებზე. მერე უცებ რაღაც გაახსენდა და მომიბრუნდა.

– კინაღამ დამავიწყდა! კასპერას ველაპარაკე და გადავეცი, შენ რაც თქვი… ინტერვიუზე.

– მართლა? რა გითხრა მერე?

– ასე მითხრა, თუ ლამაზი გოგოა, მოვიდეს და რაზეც უნდა, ვუპასუხებო.
გაიცინა ლუკამ.

– ოჰო…

– ჰო, უცნაური მასტია.

– ფოტოგრაფს წავიყვან და მივალ.

– შანსი არაა! ვერ იტანს სურათების გადაღებას. ჯობია, ჯერ შენ მიხვიდე და გადასაღებად მერე დაიბარო ან გააგზავნო ფოტოგრაფი. ორივეს ერთად ვერ გაქაჩავს. დაიძაბება და ინტერვიუს გააფუჭებს…

– კარგი, ეგრე ვიზამ! დროზე როდის შევუთანხმდე?

– ხვალ საღამოს მოვიდესო. მერე სადღაც მიდის და ერთი კვირა არ იქნება. ისე, რაღაც იდეინი სურათები აქვს და შეიძლება არც დაგჭირდეს ის ფოტოგრაფი… დოლიძეზე ცხოვრობს. აი, მისამართი დაგიწერე…

ლუკამ ქურთუკის ჯიბეში ჩაიყო ხელი და დაკუჭული ფურცელი ამოიღო.

– დიდი მადლობა!

– არაფრის კაცო… ეს ადგილიც სამაგისოა ისე, ახლა რაც ვნახეთ. რო გაიგოს, მანდაც რაღაცას გადაიღებს.

გაჩერებაზე რომ ჩამოვედით, ბიჭებს დავემშვიდობე და კოლმეურნეობის მოედანზე გადავედი. ბაჩოს მანქანა შორიდანვე დავინახე. როგორც კი შემამჩნია, მაშინვე გადმოვიდა.

– რატო არ მითხარი ტო, იქ თუ მიდიოდი?

უკმაყოფილო სახე ჰქონდა.

– და რატო უნდა მეთქვა? როდის იყო, მოხსენებას გაბარებდი, სად დავდივარ…

– ვიღაც უცხო ტიპებთან წახვედი ტყეში… რო გაეუპატიურებინე ყველას? სად მიდიოდი?

– მოიცა, თუ ღმერთი გწამს! რა სისულელეებს მეუბნები?
ზურგჩანთა მოვიხსენი და ბაჩოს მანქანაში შევაგდე.

– რა მოიცა, გოგო… რა მოიცა?

– ასე თუ ისე, ვერკვევი ადამიანებში, ბაჩო და მანიაკისა და წესიერი ადამიანის გარჩევა შემიძლია როგორღაც… ბავშვი ხომ არ ვარ?

– არ მომწონს მე, იმ ირაკლისთან რო დვიჟენიობ!

– აი, თურმე რაში ყოფილა საქმე!

– რაში?

– ირაკლიში…

– გოგო, რომელი დიგერი შენ მყავხარ? ერთი მითხარი… თავი ლარა კროფტად რო წარმოიდგინე. იქ რო რამე ჩანგრეულიყო და ნანგრევებში მოყოლილიყავი… დაგახურეს თავზე “კასკა” იმ სირებმა?

– არა!
ნერვები მომეშალა, მანქანას შემოვუარე და წინ ჩავჯექი. ბაჩოც ჩაჯდა.

– რანაირი დიგერები არიან, ეგეთ ადგილზე რო ჩაფხუტის გარეშე ჩაგიყვანეს? არა, შენც რო წატუნტულდი… – დიგერი გოგო…

– ეჭვიანი ქმარი!!! აი, ეგღა მაკლდა რაა! შენი ეჭვიანობა!

– ვისზე უნდა ვიეჭვიანო? იმ ლაწირაკებზე? თუ ირაკლიზე?

– ირაკლის რას უწუნებ? ძალიან ჭკვიანი ბიჭია, საინტერესო…

– რას ლაპარაკობ… საინტერესოა?.. დაგაინტერესა?

– ვაიმე, ბაჩო… ნერვების მოსაშლელად მოხვედი?

– მოგწონს ეგ როჟა?

– რო არ მომწონდეს, მივიღებდი სამსახურში? ადამიანი თუ არ მოგწონს, იმასთან ხომ არ დაიჭერ კავშირს?.. ვერც იმეგობრებ, თუ არ მოგწონს და არ გესიმპათიურება… რაზე მალაპარაკებ ახლა, რაც ისედაც იცი… ორჯერ ორი…

– მაგას არ გეკითხები მე! როგორც კაცი, მოგწონს?

– აბა, როგორც ქალი ხომ არ მომეწონება?

– თეა!

– არა, არ მაქვს მის მიმართ განსაკუთრებული ემოციები… უბრალოდ, საინტერესო მოსაუბრეა.

– ისაუბრეთ კიდევაც?

– აბა, მუნჯებივით ხომ არ ვიქნებოდით მთელი დღე?

– კარგი, კარგი…

– რა დაგემართა?

– შენ! შენ დამემართე… კაი, ვსო… გავატარეთ!

ბაჩომ მანქანა დაქოქა და დავიძარით. რომ შევხედე, ისეთი საყვარელი სახე ჰქონდა, კინაღამ გამეცინა. გზაში ნაწყენი გადმომხედავდა ხოლმე…

– არ გშია?

– ძალიან!

– წამო მერე, ვჭამოთ!

– კარგი, ვჭამოთ…

ერთ-ერთ რესტორანში მივედით. მწვადი, ქაბაბი და სალათა შევუკვეთეთ.

– გაბრაზებული ხარ? – ვკითხე ბაჩოს და გავუღიმე.

– რამე რომ მოგსვლოდა…

– არაფერი არ მომივიდოდა!

– ეგ არავინ იცის. როდის უნდა მიხვდე, რომ მე გიყვარვარ?

– რომც მიყვარდე, რა მერე? მაქსიმუმ, საყვარლები ვიყოთ ცოტა ხანი… ძალიან მალე დამთავრდება ყველაფერი!

– რატო ტო?

– იმიტომ, რომ ჯერ ერთი, შენ რომ მიიღებ იმას, რაც გინდა, გადაგივლის ეგ აღტყინება. მერე კიდე, არ დაუპირისპირდები შენს ოჯახს განქორწინებული და ორშვილიანი ქალის გამო. შენი პოზიციიდან ვამბობ…

– მოიცა, შენ ფიქრობ, რომ მარტო სექსისთვის მინდიხარ? ასე ფიქრობ? საღოლ შენ მაშინ!

– მარტო მაგისთვის არა, მაგრამ ძირითადი მიზეზი ეგ არის. ადამიანებს ყველაფერი ბეზრდებათ, ადრე თუ გვიან. დროის საკითხია უბრალოდ… როდის მოგბეზრდება!

– შენ როგორ უნდა მომბეზრდე? ვერ წარმომიდგენია… შენსავით ჯერ არასოდეს არავის მივუზიდივარ, გესმის? არავის! ხანდახან სიგიჟემდე მივდივარ… ოჯახი კი არა, მთელი დედამიწა რომ დამიპირისპირდეს, აზრს ვერ შემაცვლევინებენ… შენ თუ ეგრე იფიქრე, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი უფერულდება, რა გამოდის ტო? რო უარი უნდა თქვა ყველაფერზე? მოკვდები მოწყენილობით… როგორ უნდა იცხოვრო ეგრე ნაცრისფრად ტო…

– მე არ ვამბობ, რომ სექსი ცუდია… ანუ მარტო სექსი რომ გაქვს ადამიანთან… უბრალოდ, ჯერ არ ვარ მზად ამისთვის…

– მზად როგორ უნდა იყო? ეგ სიტუაციამ უნდა მოიტანოს, უნდა გაგიჩნდეს სურვილი. ეგრე თუ მოემზადე სპეციალურად და მისაცემად წახვედი, მაგარი იდიოტობაა…

სიცილი ამიტყდა. ბაჩოსაც გაეცინა. იმ ბათუმის მერე შევამჩნიე, რომ მასთან ყოფნა მსიამოვნებს.

– უი, მართლა! მაიკოს მართლა უთხარი, ჩემს ქურთუკში არ გაოფლიანდეო?

– მოგიყვა? – გაეცინა ბაჩოს.

– რა გაცინებს? ეგ რა სათქმელი იყო?

– ვიღადავე გოგო… მარა მაიკო იუმორთან ცოტა მწყრალადაა… შენ არ გგავს! ვაფშე სხვადასხვა ტიპები ვართ რა… შენთან შემიძლია თავისუფლად ვიხუმრო და ზუსტად ის იმპულსი წამოვა შენგან, რაც მჭირდება! შენთან სულ სხვა როჟა ვხდები და ეს მომწონს!

გვერდითა მაგიდასთან წყვილი იჯდა. უცებ მიმტანმა პატარა ტორტი შემოიტანა მაშხალებით და მათ მაგიდაზე დადო. გოგო გაწითლდა, სახეზე ხელები აიფარა. მერე სურვილი ჩაიფიქრა და სანთლები ჩააქრო. ბიჭმა კოლოფი ამოიღო და გადასცა.

– მოდი, უცებ დავნაძლევდეთ! რა დევს აბა იმ კოლოფში? – მკითხა ბაჩომ.

– ბეჭედი!

– მე სუნამოს ვიტყვი…

მე და ბაჩო დავნაძლევდით ერთ სურვილზე და გოგოს მივაჩერდით, რომელიც ძალიან ნელა ხსნიდა კოლოფს. ბაჩომ მომიგო. კოლოფში მართლა სუნამო იყო.

– გითხარი? ახლა ერთი სურვილი მაქვს და რასაც გეტყვი, იმას გააკეთებ!

– როგორ მიხვდი?

– ეს ბიჭი ხელს არ სთხოვს ამ გოგოს! სექსისთვის უნდა!

– უიმე, შენ რა იცი?

– ვიცი რა… ეტყობა!

– შენ რას აჩუქებდი მის ადგილზე?

– რად უნდა ამას ბევრი ფიქრი, როცა არსებობს iphon5? აიღებ, დარეკავ მაღაზიაში და შეუკვეთავ უცებ ემალის ქვაბს ან სურათის ჩარჩოს…

– ვაიმეე, ვერ ხარ!

გულიანად გამეცინა.

– ის ანეკდოტი გამახსენდა უცებ, რესტორანში ცოლ-ქმარი რო ზის და ფერია რომ მივა…

– მერე?

– თქვენ უკვე 25 წელია ერთად ხართ და რასაც ჩაიფიქრებთ, აგისრულებთო. ცოლმა ისურვა ქმართან ერთად პარიზში მოგზაურობა. ფერიამ აიქნია ჯოხი და საგზური გააჩინა. – შენ რა გინდაო? – ქმარს ჰკითხა… იმან თქვა, მე ჩემზე ოცი წლით ახალგაზრდა ცოლიო. – კარგიო, უთხრა ფერიამ და აიქნია ჯოხი. ეს კაცი 70 წლისად გადააქცია და უთხრა, – ნუ გავიწყდება, რომ ფერიებიც ქალები ვართო…

– ქლიბი გიდევს ჩანთაში? იღლიაში უნდა გავიხახუნო…

– მიდი რაა!

მე და ბაჩომ ბევრი ვიცინეთ. ვისადილეთ და მერე სახლში წამიყვანა. რომ უნდა გადამეკოცნა, მოულოდნელად თავი დამიჭირა და ტუჩებში მაკოცა. თავიდან ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ მერე ვეღარ… არ ვიცი, რამდენი ხანი მკოცნიდა… მანქანიდან ძლივს გადმოვედი. სადარბაზოში რომ შემოვედი, გული ამოვარდნაზე მქონდა…

მეორე დღეს სამსახურში არ მოსულა. ალბათ, სპეციალურად გააკეთა, რომ ჩემზე ზემოქმედება მოახდინოს ფსიქოლოგიურად. ძალიან ეშმაკი ვინმეა! ჩემი თავი დავიჭირე, რომ მოუსვენრად ვიყავი… თითქოს რაღაც დამაკლდა… წამდაუწუმ კარისკენ ვიხედებოდი… ისე წამოვედი, რომ არც გამოჩენილა და არც დაურეკავს.

ტაქსი გავაჩერე და დოლიძეზე წავედი. მრავალსართულიან კორპუსთან გადმოვედი, რომელსაც საღებავებით ეწერა – “ძლივს აშენდა”. ლიფტით ავედი მეშვიდე სართულზე და ზარი დავრეკე. კარი მაღალმა და გამხდარმა ბიჭმა გამიღო. ეგრევე სახეზე შევხედე. მართლა ძაან თეთრი კანი და ცისფერი თვალები აქვს. სახეზეც უცნაური გამომეტყველება ედო. რომ მიყურებდა, ასე მეგონა, თითქოს სადღაც უსასრულობაში იცქირებოდა… მე მგონი, დაბოლილია.

– გამარჯობა, კასპერ!

ვუთხარი და იდიოტურად ვიგრძენი თავი…

– თუ როგორ მოგმართო?.. – უფრო დავიბენი.

– შენ ხარ ის გოგო?.. რავი, როგორც გაგისწორდება, ისე დამიძახე! მოდი…
კარი ფართოდ გამოაღო. მის სახლში ფეხი შევდგი თუ არა, ძალიან მომინდა უკან წასვლა. ძალიან ვინანე, ფოტოგრაფის გარეშე რომ მოვედი. კასპერას სახლი ისეთი არეული იყო, რომ მეტი არ შეიძლებოდა.

– მაგარი დასალაგებელია სახლი, სორი… აი, აქეთ მოდი!
თვითონ გამისწრო და პატარა ოთახში შევიდა. აქ კომპიუტერი ედგა. მაგიდაზე სამი დიდი საფერფლე იდო. სამივე ნამწვავებით იყო სავსე. ისეთი სიგარეტის სუნი იდგა ოთახში, რომ კინაღამ სუნთქვა შემეკრა. კასპერა კომპიუტერთან დაჯდა და თავისი ფილმი ჩართო.

– ცოტა გადახედე ამას, აზრზე რო მოხვიდე და მერე მკითხე, რაც გინდა, ოკეი?

– ოკეი…

ვუპასუხე და მის გვერდით, სკამზე დავჯექი…

19. რა მოქმედებს ყველაზე მეტად განქორწინებულ ქალზე?

ახალგაზრდა ლურჯთმიანი გოგონა ტყეში დადის და რაღაცას ეძებს. შორიდან მუსიკა ისმის. ვიღაც მძიმე მეტალს უსმენს… ლურჯთმიანი გოგო ჩერდება, მიაყურადებს და იქით გაიქცევა, საიდანაც მუსიკის ხმა მოდის.

კადრში “დაწყევლილი სახლი” ჩანს. მუსიკა უფრო ხმამაღლა ისმის და მის ფონზე ეს სახლი ძალიან საშიშად გამოიყურება. ალბათ, თავიდან ფილმში რომ მენახა, ვერაფრით ვერ წავიდოდი… გოგონა სახლში შედის. ფირსაკრავი ტრიალებს. სახლი ცარიელია.

გოგო იმ სიმბოლოს დაინახავს, რომელიც მე და ბაჩომ ვნახეთ და უახლოვდება. სანთლები ანთია. გოგო სიმბოლოზე დგება. უცებ მოწყვეტით ეცემა და გონებას კარგავს.

კადრში ვიღაცის ხელები ჩანს, რომლებიც თვალებჩაცვენილ თოჯინას ყელზე თოკს შემოახვევს და სხვენის ძელზე კიდებს. თოჯინა ქანაობს. ლურჯთმიანი გოგონა გონს მოდის, მაგრამ სუნთქვა სულ უფრო და უფრო უჭირს. პარალელური მონტაჟით ჩანს იმ ვიღაცის ფეხები, თუ როგორ ჩამოდის სხვენიდან კიბეზე. მისი ფეხსაცმელი წითელი საღებავითაა დასვრილი.

თოჯინა ქანაობს, გოგონა წყლიდან ამოგდებული თევზივით აღებს პირს და თვალებს აატრიალებს. სიკვდილის წინ დაინახავს მას, ვინც მოკლა.

– აქამდე მაქვს დამონტაჟებული. კიდევ რამდენიმე სცენა დარჩა გადასაღები.
მითხრა კასპერამ და ბოთლიდან ლუდი მოსვა. მე კიდევ, ისეთ საშინელ განწყობაზე დამაყენა ამ ფილმმა, რომ მეტი არ შეიძლება. ეს ალბათ იმის ბრალიცაა, რომ მეც ნამყოფი ვარ ამ სახლში.

– რა “ჟუტკია”… მერე რა ხდება, შემდეგ სცენებში? – დავინტერესდი.

– ინტერვიუში უნდა დაასპოილერო?

– არა, არა… მე მაინტერესებს… ვინაა ის ტიპი და რატომ კლავს ამ გოგოს?

– ჰო, ეგ ტიპი ოკულტისტი და ნეკრომანია. ბოლოს იხსნება კვანძი. ამ გოგოს ბათუმში გაიცნობს და თავს აყვარებს რაა… ამ გოგოსაც ევასება. ვერ ხვდება, რო მანიაკია. მერე სიურპრიზს უწყობს და ამ სახლში დაიბარებს…

– საიდან მოგივიდა იდეა, რომ ასეთ თემაზე გადაგეღო ფილმი?

– ბავშვობიდან მევასება ჰორორი, მისტიკა… პატარა რო ვიყავი, იმ პერიოდში ყველა ფეხბურთს, ორდროშობანას, პაროლობანას და ეგეთ რაღაცეებს თამაშობდა. მე კიდე, შემოვიკრებდი ბავშვებს და სცენარს ვყვებოდი რა… ვითომ, მაგალითად, ტყეში დაიკარგნენ, მერე კოშკი გაეძრო, იქ მე ვიჩითებოდი და შემოვუშვებდი, რო ღამე გაეთიათ. მერე ეძრობოდა ჰორორები…

– არ ეშინოდათ იმ ბავშვებს?

– მამენტ კი, მარა ევასებოდათ რა! მერე, ის თუ გახსოვს შენ, ფრედი კრუგერი რო გადიოდა კაბელზე? შიშით ტუალეტში ვერ გავდიოდი, მარა გიჟივით ვუყურებდი…

სანამ ლაპარაკობდა, ჩანთაში ხელი ჩავყავი და დიქტოფონი ჩავრთე.

– არ გიფიქრია, რატომ მოგწონდა ასე ძაან ეს ჟანრი?

– რა ფიქრი უნდა? ვიღაცას კომედია ევასება, ვიღაცას მელოდრამა. მე ჰორორი და მორჩა… შენ ალბათ მაგით იმას მეკითხები, გადახრა მაქვს თუ არა რამე… ხოდა, არ ვიცი… შეიძლება მაქვს კიდევაც… აი, გიჟები რო არიან რა, ჩვენ ხო ვეძახით “გიჟებს”?

ანუ არანორმალურებად მივიჩნევთ. თეორიულად რო დაუშვა ერთი წამით, რო სინამდვილეში ეგენი არიან ნორმალურები და ჩვენ ვართ გიჟები… აი, ჩვენ რის საფუძველზე ვასკვნით, რომ ეგენი არიან გიჟები? – იქიდან, რომ ჩვენ უმრავლესობაში ვართ! ხოდა, იქნებ უმრავლესობა ცდება? და იქნებ ჭეშმარიტება უმცირესობაშია? იქნებ სინამდვილეში პირიქითაა? მაგრამ ჩვენ ისიც კი არ ვიცით, სინამდვილეში რა არის “სინამდვილე”… შეგაშინე, ხო?
– გაიცინა კასპერამ.

– ლუდი არ გინდა?

– არა, მადლობა! არ შემაშინე, უბრალოდ, მოგყვები და მინდა, შენი მოსაზრებები კარგად გავიაზრო.

– კაროჩე, “გიჟი” და “ჭკვიანი” ჩემთვის პირობითი ცნებებია…

– ღმერთის გწამს?

– ნწ, არა! მე მწამს მარტო იმის, რისი დამტკიცებაც შეიძლება!

– ანუ ათეისტი ხარ?

– ეგრე გამოდის…

– ამ ფილმებს რატომ იღებ?

– მევასება!

– და რატომ არ ასაჯაროებ?

– იმიტომ, რომ მკიდია ხალხის აზრი, ვის მოეწონება ჩემი შემოქმედება და ვის არ მოეწონება. რატო ასაჯაროებენ ადამიანები თავიანთ რაღაცეებს? რო ხალხმა ნახოს და რეაქცია მისცეს… ხოდა, მე მკიდია!

– მარტო მაგისთვის არა, კიდევ ფინანსური მხარეც არსებობს…

– მოიცა რა, სად? საქართველოში? საქართველოში კინო მოკვდა! არ არსებობს კინოინდუსტრია… შეიძლება ფილმები დაარქვა იმას, რაც ეკრანებზე გამოდის? – მარაზმია!

– საზღვარგარეთ არ გიცდია შენი ფილმის გაგზავნა?

– ჯერ არა! ნუ, მაგისთვის რაღაც კანალზე უნდა გახვიდე… ეგრე ადვილი არ არის ეგ. თან ხარისხი უნდა იყოს უმაღლესი, გახმოვანება და ვაფშე ყველაფერი.

– შენი ხარჯებით იღებ?

– კამერა მაქვს საკაიფო. ისეთ ფილმებს ვიღებ, რომ დიდი ხარჯი არ სჭირდება. ჩემი აზრით, არ არის აუცილებელი, ფული ჩაათხლიშო უაზროდ იმისთვის, რომ ღირებული შექმნა. მთავარია, განსხვავებულად აზროვნებდე და განსხვავებული ხედვა გქონდეს.

– მსახიობებს არაფერს უხდი?

– არა! ძირითადად, ჩემი მეგობრები არიან ან ნაცნობები… ან ჯერ უცნობები, რომლებიც დამევასა და ნაცნობი გავხადე იმისთვის, რომ ფილმში გადამეღო…

– ადვილად გთანხმდებიან გადაღებაზე? თან ასეთ როლებზე…

– ხან კი, ხან არა…

– შენი ნამდვილი სახელი და გვარი რა არის?

– ალისტერ კროული. – თქვა კასპერამ და გაიცინა.

– სასიამოვნოა! – ვუთხარი და გავიღიმე.

– იცი, ვინაა?

– ალისტერ კროული? როგორ არ ვიცი… საკმაოდ საშიში ადამიანი იყო… ოკულტისტი, მაგი, სატანისტი, მწერალი და კიდევ რაღაცეები…

– რა იცი მის შესახებ?

– ბევრი არაფერი… სატანისტი იყო, თავი ანტიქრისტე ეგონა. თავის თავს “დიდი მხეცი 666”-ს უწოდებდა. წერდა რაღაცეებს, შავი მაგიით იყო გატაცებული და ასე შემდეგ…

– სექსუალური მანიაკიც იყო, ექსპერიმენტებს ატარებდა… გაუკუღმართებულ სექსუალურ ცხოვრებაზე ქადაგებდა და სადიზმში პოულობდა სექსუალურ დაკმაყოფილებას…

– და რატომ გაგახსენდა ეს სატანისტი კროული? მოგწონს?

– როგორც პერსონაჟი, მაგარი საინტერესოა! თან, შენი რეაქცია მაინტერესებდა…

– რა რეაქცია უნდა მქონოდა?

– რამდენჯერაც ამ თემაზე დავიწყე ლაპარაკი გოგოებთან, იმდენჯერ ყველა გამექცა… შენ პირველი ხარ, ვინც დარჩი… არ გეშინია?

– რისი?

– ჩემი არ გეშინია?

– საშიში რომ იყო, ლუკა არ მეტყოდა, მარტო მიდიო…

– დიდი ხანია ლუკას იცნობ?

კასპერა სკამის საზურგეს მიეყრდნო და ბოთლი მოიყუდა.

– დიდი ხანი არ არის, მაგრამ საერთო ნაცნობი გვყავს და იმას ნამდვილად ვენდობი…

– ჰო, ალბათ, მაგ საერთო ნაცნობს დიდი ხანია იცნობ! კაი, არ დაიძაბო… მიყვარს ლამაზი გოგოების შეშინება ცოტათი… ისეთი საყვარლები ხდებიან ამ დროს…

– რატომ გიყვარს?

– სახეზე ვაკვირდები და თუ ის მიმიკა დავიჭირე, რაც მე მინდა, მერე ფილმში გადაღებას ვთავაზობ!

– როგორ ფიქრობ, მე მეშინია ახლა?

– შიშით არა! არ გეშინია, მაგრამ გაქცევაზე ხარ! ფიქრობ, ეს ტიპი ნორმალური არ არის და ვინ იცის, როდის გაიღვიძებს მასში მხეციო…
კასპერამ გაიცინა.

– რაღაც მსგავსი მართლა გავიფიქრე…. ისე, სულ რამდენი ფილმი გაქვს გადაღებული?

– ეს მესამეა!

– პირველი ორი რაზეა?

– ერთი თოჯინებზეა, ბოროტი სულები რო სახლდებიან თოჯინებში და მეორე ერთ ბიჭზეა, რომელიც იღვიძებს და მარტოა სახლშიც და მთელ ქალაქში…

– საინტერესოა! მერე რას აკეთებს?

– დადის, დადის, დაბოდიალობს… რო ღამდება, ისევ სახლში ადის და ჩაიკეტება. მერე ესე მთავრდება, რომ თავის საწოლში ეღვიძება. გარეთ მზეა. ეს გახარებული ადგება და გადის ოთახიდან, უხარია, რო ყველაფერი დაესიზმრა, მარა ბოლო კადრში ჩანს ტუმბოზე დადგმული ჩარჩო, სადაც ოჯახური ფოტოა რა… ამ ფოტოზე ეს ტიპია მარტო და მშობლები და და-ძმა გამქრალია…

– მაგით რისი თქმა გინდოდა?

– ალბათ იმისი, რომ სამყაროში მარტო იქნები თუ არ იქნები მარტო, აბსოლუტურად სულერთია! რადგან სინამდვილეში ყოველთვის მარტო ხარ!

– შენ არ თქვი ცოტა ხნის წინ, სინამდვილეში რა არის “სინამდვილე”, კაცმა არ იცისო?

– ამ პირობით სინამდვილეში, რომელსაც ჩვენ “ვიღებთ”, ადამიანები მარტონი არიან!

– რატომ? ყველას ჰყავს მშობლები ან შვილები, მეგობარი, საყვარელი ადამიანი…

– ჰოდა, ეგ ყველაფერი მოჩვენებითია. რო გენძრევა, იმენა მარტო ხარ! მარტო… არავინ არ გადმოგყვება უფსკრულში…

– არ გადმოგყვება, მაგრამ ხელს მაინც ხომ შეგიშლის, რომ არ გადავარდე? ნუ, შეეცდება მაინც…

– მარტო რაღაც ეტაპამდე. მერე დაიკიდებს…

– ეტყობა, შენ ძალიან არ გაგიმართლა ადამიანებში!

– შეიძლება ასეც ითქვას!

– გინდა ამაზე საუბარი?

– რო გითხრა, სურვილით ვიწვი-მეთქი,მოგატყუებ! მარა, შენ თუ გაინტერესებს, გეტყვი ორი სიტყვით…

– მაინტერესებს!

– 10 წლის ვიყავი, რო გამიტაცეს. მამაჩემი ვიღაცეებთან წილში იყო, ბიზნესი ჰქონდა ვიღაც ნაბიჭვრებთან ერთად. იმათ მამაჩემის მოტეხვა უნდოდათ და გამიტაცეს. გამოსასყიდი მოითხოვეს იმხელა, რო ვაფშე ყველაფერი დავკარგეთ… სახლი, ყველაფერი… ქუჩაში დავრჩით. მერე ერთ შენობაში შეგვასახლეს, რაღაც ყრუ-მუნჯთა სკოლა იყო ადრე.

ერთი ფლიგელი იყო, გაუქმებული და ამბობდნენ, იქ მოჩვენებები დვიჟენიობენო. ერთხელ ჩვენი მეზობელი ბავშვი დაიკარგა, ეძებდნენ… თურმე იქით გასულა და ღრიალით მოვარდა… მოჩვენება დავინახეო… პატარა ბიჭისო…

– დაიჯერე?

– მერე წავედი მეც, ფარნით. ღამე გადავედი… მოჩვენება ვერ ვნახე, მარა რაღაც ხმები მესმოდა, თითქოს ვიღაცა დადიოდა რა… ხოდა, ვგრძნობდი, რო მიყურებდა რაღაცა… მაგრა შემეშინდა! აი, მაგის მერე დავიწყე უჟასობანას თამაში… ჩემი პრინციპი რა არის, იცი? გითხრა?

– კი…

– ადამიანს რისიც გეშინია, ის დაგემართება, ეს 100%-იანია! იზიდავ რა… ჰოდა, მე რაღაცის რომ მეშინია, იმას ვაკეთებ! შენ ვერც კი წარმოიდგენ, რა დიდებული გრძნობაა, როცა შიშს მოერევი და გადალახავ ბარიერს. ყველაზე მაგარი გრძნობაა!

– ახლა რისი გეშინია?

– ახლა არ ვიცი… მგონი, არაფრის… შენ?

– მე ტკივილის… სიკვდილის არ მეშინია იმდენად, რამდენადაც ტკივილის…

– უწამებიხარ ვინმეს?

– არა, რას ამბობ!

– გინდა ფილმში გადაღება? ჩემს ფილმში?

– არა… თან კამერის კომპლექსი მაქვს!

– ამ ლურჯთმიან გოგოს დააკვირდი? სახლში რო შევიდა, სახეზე დააკვირდი?

– კი… მაგრად თამაშობს!

– არ თამაშობდა! ეგ არის ნატურალური ემოციები… არ მითქვამს, როგორ სახლში მოუწევდა შესვლა და იქ რა დახვდებოდა. არ იცოდა. ამიტომ აქვს ასეთი სახე…

– მართლა? და სიტყვაზე, მე რომ გადამიღო, არც მე მეტყვი, რაში მიღებ?

– არ გეტყვი! – გაიღიმა კასპერამ.

– მოკლედ, იფიქრე და პასუხი მითხარი. თუ შენც გაინტერესებს შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი ან შენს არაცნობიერში ჩახედვა, ისეთ რაღაცეებს დაგანახებ, რომ გაოცდები! დელფოს სამისნოზე დაწერილი ცნობილი გამონათქვამების უმეტესობა თურმე ერთი შინაარსის იყო: – “შეიცან თავი შენი”, “რა არის ცხოვრება, თუ არა გზა საკუთარი თავის შეცნობისა…” და ა.შ. ანუ ყველაზე საინტერესო არის ადამიანის პიროვნება. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მიმართულია იმისკენ, რომ საკუთარი თავი შევისწავლოთ…

– აი, მაგაში არ შემიძლია, რომ არ დაგეთანხმო. მეც ვფიქრობ, რომ გასაღები ჩვენშია! გარემოში კი არ უნდა ვეძებოთ პასუხები, არამედ ჩვენს თავში…

– ჰოდა, რა გინდა? ჩაგახედებ შენი სულის ბნელ კუნჭულებში… იქ, სადაც ჯერ არასოდეს ჩაგიხედავს!

– ვიფიქრებ… ახლა უნდა წავიდე… ძალიან საინტერესო იყო შენთან საუბარი!
კასპერა სახეზე დამაკვირდა.

– არ იტყუები!

– არა, არ ვიტყუები… მართლა საინტერესო იყო.

– ოკეი…. ბოდიში არეულობისთვის რა…

– არა უშავს!

კასპერამ კარებამდე მიმაცილა. ლიფტში რომ შევედი, ჩანთიდან დიქტოფონი ამოვიღე და გამოვრთე. ეზოში რომ გამოვედი, რაღაცნაირად ორიენტაცია დავკარგე. მობილურით ტაქსი გამოვიძახე და იქვე, სკამზე ჩამოვჯექი. ტაქსი მალე მოვიდა. სახლში წავედი. მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი, კასპერასთვის თანხმობა რომ მიმეცა, ნეტა რა როლს მომარგებდა ან რა სიურპრიზს მომიწყობდა…

კარი დედამ გამიღო. ძალიან მხიარული გამომეტყველება ჰქონდა სახეზე. ოთახიდან ბავშვების სიცილი მომესმა.

– მოხვედი, დედიკო?

– რა ხდებაა?

კორიდორში შევედი და ქურთუკი გავიხადე.

– შენი თანამშრომელი მოვიდა! რა კარგი ბიჭია, დე… – მითხრა ჩურჩულით.

– ვინ თანამშრომელი? – დავიბენი უცებ.

– მიდი, მიდი… ოთახში არიან!

მისაღებ ოთახში შევედი და ადგილზე გავქვავდი. ხალიჩაზე რაღაც თამაში იყო გაშლილი. ბავშვებს ექიმის ხელთათმანები და ნიღაბი ეკეთათ. ხალიჩაზე იჯდა ბაჩოც, ისიც ხელთათმანებით და ნიღბით.

– სად დადიხარ, გოგო? მოდი, მოდი… გაიკეთე ესენი…

მითხრა ბაჩომ და ხელთათმანები გამომიწოდა.

– აქ რა ხდება? რას აკეთებთ?

– ოპერაციას, დე… იცი, რა მაგარია? ამ კაცს უნდა ამოაცალო ორგანოები ისე, რომ არაფერს არ უნდა შეეხო, თორე დენი დაგარტყამს! – მითხრა ჩემმა ბიჭმა.

– დედი, მე წავალ ბარემ, მამაშენი მელოდება. ძალიან სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, ბაჩო! – უთხრა დედამ ბაჩოს. ისიც ფეხზე წამოდგა და დედაჩემს ხელზე აკოცა. დედაჩემი რომ წავიდა, ბაჩო სამზარეულოში გავიყვანე.

– რას აკეთებ?

– შენი შვილები გავიცანი, რას უნდა ვაკეთებდე?

– რატომ არ გამაფრთხილე?

– რავი, მეგონა, სახლში დამხვდებოდი… გაგიტყდა, რომ მოვედი?

– არა, გასატეხი რა არის, მაგრამ უბრალოდ… არ გელოდი… თან, არც დაგირეკავს, არც სამსახურში არ მოხვედი…

– რა იფიქრე, მითხარი რა?

ბაჩო კედელს მიეყრდნო და ეშმაკურად გაიღიმა.

– ვიფიქრე, რომ სპეციალურად არ მოხვედი და არც დამირეკე… ჩემი რეაქცია გაინტერესებდა!

– იმ კოცნის მერე საერთოდ ვერ დავიძინე, იცი შენ? იცი?

– არ გინდა ახლა მაგაზე ლაპარაკი, ბავშვებმა არ გაიგონ…

– შენ იგრძენი რამე?

– როდის?

– რომ გაკოცე… რამე შეიცვალა?

– არ ვიცი…

ვუთხარი და ონკანი მოვუშვი, რომ წყალი დამელია.

– მითხარი, რომ რაღაც მაინც იგრძენი, თორე გავგიჟდები…

– რაღაც როგორ არ ვიგრძენი, მაგრამ ჯერ არ ვიცი, რა… ბაჩო, ნუ მაჩქარებ…

– არ გაჩქარებ! თუ არ გინდა, საერთოდ არ დაგირეკავ და არც გამოვჩნდები!

– არა, ეგ არ მინდა!

– ბაჩო, შენი ჯერია! ფილტვი ამოგივიდა და ამოიღე! – სამზარეულოში ჩემმა პატარა გოგომ შემოირბინა. ხელში პინცეტი ეჭირა. ბაჩომ ხელში აიყვანა და აკოცა.

– წამო, ამოვიღოთ ფილტვი!

– ყავას გავაკეთებ და მოვალ მეც…

სამზარეულოდან რომ გავიდნენ, უნებურად გამეღიმა. ბაჩომ გადასარევად იცის, როგორ მოიგოს განქორწინებული ქალის გული. შვილები ხომ ყველაზე დიდი სუსტი წერტილია ყველა დედისთვის. ძალიან ბევრს ნიშნავს ის ფაქტორი, როდესაც ბავშვებს მოწონთ ის, ვინც შენც მოგწონს… ბაჩომ კიდევ, ამ საქციელით მაიძულა, უფრო სხვა კუთხითაც დავეფიქრებინე…

ყავა გავიტანე და მათ შევუერთდი. ძალიან სასაცილო თამაში ყოფილა. პინცეტით უნდა ამოაცალო ორგანოები პაციენტს ისე, რომ არაფერს შეეხო. თუ შეეხები, იმხელა ვიბრაციას გამოსცემს, რომ გგონია, დენმა დაგარტყა. ბევრი ვიცინეთ და კარგადაც გავერთეთ. ბავშვები აღარ უშვებდნენ ბაჩოს. ბოლოს იმ პირობით გაუშვეს, რომ კიდევ მოვიდოდა მათთან.

– ხვალ კლუბში წავიდეთ! უნდა გამოვუცხადო ყველას, რომ ნახევარი შენია! – მითხრა ბაჩომ წასვლის წინ.

– ადრე არ არის მაგის თქმა?

– რაღა ადრე? ამდენი დრო გავიდა. თან დავილაპარაკოთ სამომავლო გეგმებზე… რა შეიძლება გაკეთდეს, კარგი?

– კარგი…

– ხვალ გამოგივლი თერთმეტის ნახევრისთვის!

– კარგი…

ბაჩო საკოცნელად გამოიწია, მე კიდევ ინსტინქტურად ლოყა მივუშვირე. კარი რომ დავკეტე, ოთახში შემოვბრუნდი და სათამაშოების ალაგება დავიწყე. დაახლოებით ათ წუთში ისევ გაისმა ზარი.

ვიფიქრე, რომ ბაჩოს რაღაც დარჩა და ეგრევე გავაღე. მოულოდნელობისაგან კინაღამ შევყვირე. სადარბაზოში ლევანი იდგა, ჩანთით ხელში.

– ლევან?.. ჩამოხვედი?..

– როგორც ხედავ! – გამიღიმა.

– აბა, სააღდგომოდო?

– უფრო ადრე მოვახერხე და აღარ გითხარი… შემომიშვებ თუ აქ ვიდგეთ?

– მოდი…

კარი ფართოდ გამოვაღე და ჩემი ყოფილი ქმარი გადავკოცნე.

20. როგორ გავატარე ღამე ყოფილ ქმართან ერთად

ბევრი შემთხვევა ვიცი, როდესაც ადამიანებს აღარ უყვართ ერთმანეთი, მაგრამ კვლავ აგრძელებენ ერთად ცხოვრებას.

იმიტომ, რომ ერთმანეთთან განშორება არ შეუძლიათ, რადგან ასე არიან შეჩვეულები… და რა არის შეჩვევა? ის, რაც ცხოვრების წესად გექცა და სხვაგვარად ვეღარ წარმოგიდგენია. შეჩვევაც საკმაოდ ძლიერი გრძნობაა და რომ დავფიქრდეთ, სიძლიერის დონით შეიძლება დიდად არც ჩამოუვარდებოდეს სიყვარულს.

და სიყვარული რა არის? მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დაავადებაა და 4 წელი გრძელდება. ვთქვათ, სიყვარული ცალკე აღებული გრძნობა კი არა, სხვადასხვა გრძნობისა და შეგრძნების ერთობლიობაა: მოწონება, ვნება, სექსუალური მიზიდულობა, იმედი, ლტოლვა და დაუოკებელი სურვილი, რომ სულ ერთად იყოთ… დროთა განმავლობაში, სიყვარულს ნელ-ნელა აკლდება ეს კომპონენტები და რჩება შეჩვევა.

ერთ დროს მეც ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა მეცხოვრა ლევანის გარეშე. დღემდე ყველას უკვირს ჩვენი დაშორება, რადგან სხვების თვალში მუდამ იდეალური წყვილი ვიყავით.

მე არ მახსოვს შემთხვევა, რომ ერთმანეთისთვის სიტყვიერი (და მით უმეტეს, ფიზიკური) შეურაცხყოფა მიგვეყენებინოს. უბრალოდ, რაღაც პერიოდის მერე ერთმანეთთან დიალოგი შევწყვიტეთ. საინტერესო თემები ამოგვეწურა, ან უბრალოდ, მოთხოვნილება გაგვიქრა. ასეა.

იდეალური წყვილი მერე უბრალოდ კარგი წყვილი ხდება. მე მექანიკური რობოტივით ვატარებდი დღეებს. საკუთარი თავი თვითონ აღარ მომწონდა და ლევანს როგორღა მოვეწონებოდი?
პრინციპში, არც ის იბრძოდა. ორივენი გვიან გამოვფხიზლდით.

აი, ასე ხდება, როდესაც დინებას მიჰყვები და არ ცდილობ, მის საწინააღმდეგოდ გაცურო. ლევანი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ადამიანია მათ შორის, ვინც მყავს. ყოველთვის შემიძლია მისი იმედი მქონდეს. ვიცი, რომ ყოველთვის სწორ რჩევას მომცემს და ალბათ, ერთადერთი ადამიანია, ვინც სწორად შემაფასებს… თვალს გამისწორებს და სიმართლეს მეტყვის… ყოველთვის!

ლევანი დივანზე იჯდა ბავშვებთან ერთად და ჩანთიდან საჩუქრებს იღებდა.

– ეს შენია! – მითხრა და დიდი ზომის ლურჯი პარკი გამომიწოდა.

– ჩემი?

– ჰო, რა გაგიკვირდა? აბა, ისე დაგტოვებდი?

პარკში ტანსაცმელი და სამკაულები ეწყო.

– მგონი, პირველად მიყიდე ყველაფერი ჩემი ზომის. დიდი მადლობა! ძალიან მომწონს…

– მართლა მოგწონს?

– არ იცი, რომ შენი გემოვნება მომწონს?

– ვითომ?

– რა, არ იცოდი? ნუთუ არასოდეს მითქვამს?

– მგონი, არ გითქვამს! არა, ისე, არც არასოდეს დაგიწუნებია ჩემი არჩეული რაღაცები…

– მერე რას ნიშნავს ეგ? – იმას, რომ მომწონს შენი გემოვნება!

– ან იმას, რომ უპრეტენზიო ხარ!

– მე უპრეტენზიო ვარ?

– ძალიან… უფრო სწორად, იყავი. ახლა არ ვიცი, როგორი ხარ!

– კარგია თუ ცუდი?

– რა? უპრეტენზიო რომ ხარ? გააჩნია… ცივი გონებით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ცოლი, შენ თითქმის იდეალური იყავი!

– და ცხელი გონებით?

– ცხელი გონებით რომ გიპასუხო, ბევრი ლაპარაკი მომიწევს…

– მერე რა? – დამიღეჭე! მაინტერესებს…

– კარგი, ოღონდ მერე, ბავშვები რო დაიძინებენ…

– ჩვენ რომ დავიძინებთ, რა უნდა დაუღეჭო დედას, მაა? – დაინტერესდა ჩემი გოგო. მე და ლევანს სიცილი აგვიტყდა.

– როგორ მოენატრეთ მამას! კინაღამ გავგიჟდი უთქვენოდ…

თამაში დაიწყეს. მე სამზარეულოში გავედი ვახშმის მოსამზადებლად. წამიერად მეგონა, რომ არც არაფერი შეცვლილა და უწინდებურად ერთად ვცხოვრობდით. ადრე სულ ვამბობდი, თავისუფლებას არაფერი ჯობია-მეთქი, მაგრამ ადრე თუ გვიან, ალბათ ესეც მოგბეზრდება ადამიანს. საერთოდ ასეა, ვისაც რა არა აქვს, ის უნდება.

ერთად ვივახშმეთ და ლევანმა ბავშვები დასაძინებლად წაიყვანა. მე კარგა ხანს ვიჯექი დივანზე და ტელევიზორს ვუყურებდი. არ მინდოდა, მათი იდილიისთვის ხელი შემეშალა. როგორც იქნა, ლევანიც გამოვიდა.

– ძლივს დაიძინეს!

– ჰო, ძაან აჟიტირდნენ… კარგა ხანია ასე არაფერი გახარებიათ…

– როგორ გაიზარდნენ! მე მაგრად გამიჭირდა ბავშვების გარეშე… კიდევ კარგი, ეს სკაიპი არსებობს.

– ჩაი არ გინდა?

– დავლიოთ! ხვალ რა გეგმები გაქვს ისე?

– მე ვმუშაობ…

– სკოლაში რო არ წავიდნენ ესენი, რამე დაშავდება? დილით მე წავიყვან და მთელი დღე მეყოლება! მერე სამსახურში გამოგივლით და სადმე წავიდეთ, ვივახშმოთ.

– კარგი… დარჩები ხო დღეს?

ლევანმა შემომხედა.

– თუ არ გინდა, არ დავრჩები.

– არა კაცო, სად უნდა წახვიდე ასე გვიან? თან დილით ისევ ხო არ მოხვალ? ამ დივანს გაგიშლი…
ლევანს გაეღიმა.

– მომიყევი, რას შვრები, როგორ ხარ! კარგად გამოიყურები…

– ჰო, რა ვიცი…

– გიჭირს მარტო ბავშვებთან?

– არა! საერთოდ არა! ხუთზე გავუვლი ხოლმე სკოლაში ბავშვებს და მომყავს. თუ საქმე მაქვს, მამაჩემს გამოჰყავს ან დედას… მეხმარებიან ძალიან. შაბათს ან კვირას შენებს მიჰყავთ ხოლმე… შენ?

– მე შევეჩვიე. ხო იცი, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. თავიდან დეპრესია მქონდა…

– რატო არ თქვი?

– რა საჭირო იყო? იცი, ერთ რაღაცას მივხვდი…

– რას?

– შენ ერთადერთი ქალი ხარ, ვისთან ერთადაც შემიძლია დიდხანს ცხოვრება… მართლა გეუბნები. დარწმუნებული ვარ, რომ სხვასთან ამდენ ხანს ვერ გავქაჩავდი…

– რატო? უპრეტენზიო რომ ვარ? – გამეცინა.

– არამარტო! შენ ხო იცი, რომ მე საერთოდ არ ვაპირებდი ცოლის მოყვანას? არასოდეს… მაგრამ შენ გადაატრიალე ყველაფერი ჩემს ტვინში… პირველი მიზეზი, რატო ვერ გშორდებოდი, ის იყო, რომ მიყვარდი! მართლა მიყვარდი… ვერ წარმომედგინა უშენოდ ერთი დღეც კი. ძალიან ძვირფასი ხარ ჩემთვის და გითხრა, რა არის ყველაზე მთავარი?

– რა?

– ჩემთვის მთავარია, რომ ცოცხალი იყო… დანარჩენი ყველაფერი სულერთია! ყველაზე მთავარი ჩემთვის ესაა!

მისმა სიტყვებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. ასეთი რამ მას არასოდეს უთქვამს ჩემთვის. ყელში ბურთი მომაწვა და ფეხზე ავდექი.

– მოიცა, მოვალ ახლავე…

ძლივს ვთქვი და სამზარეულოში გავედი.

– რატო წახვედი? – გამომძახა ლევანმა მისაღები ოთახიდან.

– რა ვიცი, სენტიმენტალური მიზეზების გამო…

– გული აგიჩუყდა?

– ჰო! ჩაის დავასხამ და მოვალ…

ჩაის რომ ვაკეთებდი, ლევანი თვითონ შემოვიდა.

– ის ბაჩო მოგწონს?
შევკრთი.

– ბაჩო რამ გაგახსენა?

– ბავშვებმა მითხრეს, დღეს ყოფილა და საჩუქარი მოუტანია… დღეს პირველად მოვიდა?

– კი…

– და მეც ცუდ დროს გავეძრე ალბათ…

– რა სისულელეა! ბაჩო ჩემი კარგი მეგობარია. კარგი ადამიანია! ცოტა ცანცარაა, მაგრამ ძალიან კეთილია…

– ადრე არ გევასებოდა, მახსოვს!

– მაშინ, ფაქტობრივად, არც ვიცნობდი…

– გაქვს მასთან ახლო ურთიერთობა?

– არა, ლევან! არ ვარ მზად ამისთვის ჯერ…

– ესე იგი, არ მოგწონს ისე, როგორც საჭიროა, თორე ეგრე არ იტყოდი.

– ხო იცი, არ ვარ მე ზოგადად რომანტიკული… ვნებათაღელვა არ მახასიათებს ხოლმე…

– ზედმეტად აკონტროლებ საკუთარ ემოციებს… შენი მუხრუჭები მაგრა მუშაობს. რაღაც მომენტში არ არის ეგ კარგი… ბევრ კარგ რამეს გამაზავ. აიღე ხოლმე ის, რასაც ცხოვრება გთავაზობს, თორე მეორედ შეიძლება აღარ მოგეცეს შანსი. გაიხსენე შენი თავი, სანამ ცოლად გამომყვებოდი… როგორი ფერადი იყავი. ასე მეგონა, შენ გარშემო ბრუნავდა დედამიწა. ეს მე ადრეც გითხარი…

– მახსოვს… და ისიც მითხარი, რომ მე სულ მარტო უნდა ვიყო…

– ჩემთან ცხოვრებამ შენ შეგცვალა. ძალიან ჰაეროვანი იყავი… მე კიდევ ძალიან მიწიერი. როდესაც ორი ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანი იწყებს ერთად ცხოვრებას, რომელიმე აუცილებლად იღებს სადავეს… უფრო ძლიერი უფრო სუსტს თავის სიხშირეზე გადააწყობს. ეს კი მის პერსონას ანადგურებს… ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს შემთხვევაში, ძალიან არ დავაგვიანეთ…

– შენ თავიდან ხვდებოდი, რომ ძალიან განსხვავებულები ვიყავით?

– რა თქმა უნდა! ზუსტად ვიცოდი, რომ ძნელი იქნებოდა შენთან ცხოვრება. ვიცოდი, რომ ზღვარზე ვიქნებოდით და მიუხედავად იმისა, რომ ეს მაშინებდა, ამავდროულად, მიზიდავდა კიდეც… შენ ჩემთვის მიუწვდომელივით იყავი… ოცნება! საშინელი სურვილი მქონდა, ნებისმიერ ფასად ჩემი გამეხადა…

– მიუხედავად იმ პერიოდისა, მე მაინც ვთვლი, რომ შენ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყავი ჩემს ცხოვრებაში. იქნებ სწორედ შენმა პრაგმატულობამ გადამარჩინა? არ გიფიქრია? შენგან ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე, ლევან… შეიძლება უშენოდ საერთოდ დავკარგულიყავი კიდეც… ადაპტაცია ძალიან გამიჭირდებოდა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთმანეთს ვაბალანსებდით. არც ერთი წუთით არ მინანია არასოდეს, რომ შენ გამოგყევი ცოლად…

– მიხარია ამის მოსმენა!

მე და ლევანი გვიანობამდე ვისხედით სამზარეულოში და ვლაპარაკობდით. მერე დივანი გავუშალე და დასაძინებლად ჩემს ოთახში გავედი. დილით, კლუბში რომ მივდიოდი, სამივეს ჯერ კიდევ ეძინა. ბაჩო ეზოში მელოდა მანქანით. ნახევარი გზა ისე გავიარეთ, რომ ხმა არ ამომიღია.

– არ მელაპარაკები?

მომიბრუნდა ბაჩო. ალბათ ფიქრობს, რომ გუშინდელზე ვარ გაბრაზებული. მე კიდევ, უბრალოდ, ჩავფიქრდი…

– როგორ არა!

– აბა, ჩუმად რატო ხარ?

– რავი, მინდა და ვაარ ჩუმად…

– გინდა და ჩუმად ხაარ? მითხარი მერე გოგო, მაგაზე გაწყენინეებ?

– არ შეგიძლია, რომ ყველა ფრაზა სექსს არ დაუკავშირო? შენი ყველა ასოციაცია სექსისკენ მიდის…

– მარტო ჩემი არა, ჩიტო… ყველა ნორმალური ადამიანის. ჩვენი ფიქრების 90% სექსამდე მიდის… ყველაზე ძლიერი ინსტინქტია, რაც გვაქვს! სექსი ამოძრავებს საერთოდ ყველაფერს! სამყაროს… ნებისმიერი ნაცნობობა საპირისპირო სქესთან, საქმიანი იქნება თუ არა, სექსზეა დაფუძნებული…

– მოიცა, ეგ როგორ აბა?

– როგორ და ეგრე! თუ ადამიანი არ გესექსუალურება, იმასთან ვერანაირი კავშირი ვერ გექნება. აი, მაგალითისთვის ლალი ავიღოთ… რატო არ ევასება არავის? ხო კაი ქალია ერთი შეხედვით, მაგრამ სრულიად არასექსუალური… გოჩასაც კი არ მოსწონს.

იმიტომ, რომ ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ დედაა! სულ თავის შვილებზე ლაპარაკობს და აი, როგორ გითხრა რა… – დედაა და მორჩა! მარტო კარგი დედაა… სხვა თვისება არა აქვს! ხოდა, ამიტომ არავისთვის არ არის საინტერესო… თვითონ დაიდო ეს კლიშე, რო დედაა…

– ბაჩო, ძალიან სასაცილო ხარ! – სიცილი ვერ შევიკავე.

– მე არ ვამბობ იმას, რომ ყველასთან სექსი უნდა გქონდეს წარმოდგენილი. არა! ეს უფრო შინაგანი, ფარული შეგრძნებაა. უნდა გრძნობდე შინაგანად, რომ იმ ვიღაცას ევასები რაა და თუ მოგინდება, მოგცემს… ეს რო იცი, შინაგანად მშვიდად ხარ და ურთიერთობ თავისუფლად. და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მასზე ფიქრობ ან მასთან სექსი გინდა. შეიძლება 100 წელიც არ იფიქრო, მაგრამ ეს მუხტი უნდა იგრძნო თავიდან… ვერ აგიხსენი კარგად, რისი თქმაც მინდა…

– არა, მე გავიგე… ბიჭის და გოგოს მეგობრობის შემთხვევაშიც, თუ არ იცი, რომ რაღაც დონეზე, შეიძლება ძალიან ოდნავ, მაგრამ მაინც იზიდავ, როგორც ქალი, ალბათ ვერ იმეგობრებდი… ოღონდ ეს იცი როგორი თემაა? აი, ვიღაცას რომ უთხრა და ზერელედ გადახედოს, შეიძლება თავი გაგიხეთქოს, რა სისულელეებს ამბობო… ჩაღრმავება და დაფიქრება უნდა!

– ხოდა, იმიტომაც მევასები, ყველაფერს რო უღრმავდები… ერთხელ ჩვენს ურთიერთობასაც ჩაუღრმავდი რა!

– გუშინ, შენ რომ წახვედი, ჩემი ყოფილი ქმარი მოვიდა…

– მოიცა, ჩამოვიდა?

– ჰო…

– ღამე?.. დარჩა?

– კი…

– აუ ჩემი…

– ერთად არ გვეძინა, თუ ეს გაინტერესებს!

– რაო?

– არაფერი, ბავშვები ნახა… ვილაპარაკეთ! რა უნდა ყოფილიყო?

– იგრძენი რამე?

– ბაჩო, ჩვენ დავამთავრეთ ყველაფერი. ლევანისთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ყოველთვის ასე იქნება!

– ცუდი რატო უნდა გქონდეს ტო… შენი შვილების მამაა!

– ბავშვებმა უთხრეს, შენ რომ იყავი…

– მერე?

– მითხრა, ნუ იზღუდები ნურაფერში და აიღე ის, რასაც ცხოვრება გთავაზობსო…

– უკვე დამევასა შენი ყოფილი ქმარი – გაეცინა ბაჩოს.

კლუბში ერთად მივედით. გოგოებს ჩემი დანახვა გაუხარდათ, მაგრამ უფრო ძალიან ის გაუხარდათ, ბაჩომ რომ გამოუცხადა, დღეიდან თეა იქნება კლუბის დირექტორიო. მაკა ლამის შოკში ჩავარდა. როგორც კი მარტო დამიგულა, ეგრევე კითხვები დამაყარა. ყველაფერი აინტერესებდა, – საიდან, რა, როდის, როგორ… ცნობისმოყვარეობა რომ დაიკმაყოფილა, მერე “ბომბორაზე” წამინამიოკა.

ვითომ ის აინტერესებდა, სანდრო სათანადო ყურადღებას აქცევდა თუ არა ბავშვს. როგორი ქვეშ-ქვეშა გოგოა…

მერე ყველანი ერთად დავსხედით და სიახლეებზე ვილაპარაკეთ. ყველამ თავისი აზრი გამოთქვა, რა გაუხარდებოდა კლუბთან დაკავშირებით. მე ყველაფერს ბლოკნოტში ვინიშნავდი.

– რას ფიქრობთ იმაზე, რომ ვინმე რეჟისორი მოვიწვიოთ და რამე სპექტაკლი დავდგათ? – ვკითხე უცებ გოგოებს.

– სპექტაკლი? – გაიკვირვა ზორბა თამუნამ.

– ჰო… სამოყვარულო დონეზე. რამე, მსუბუქი, იუმორისტული…

– ვაიმე, არაჩვეულებრივი იდეაა, ჩემი აზრით! ჯერ ერთი, ძალიან საინტერესო პროცესია და თან რა მაგრად გავერთობოდით.

სალომემ ჩემი იდეა აიტაცა. დანარჩენები თავიდან დაბნეულები ჩანდნენ, მაგრამ ეს აზრი ყველას გონებაში დაუჯდა.

– სცენაც გვაქვს აგერ! პრემიერა უნდა მოვაწყოთ სადმე?

– ჯერ ვნახოთ, რა გამოვა აქედან! თუ ყველას ენდომება, მოვაწყოთ, რა პრობლემაა?

– რეჟისორი? – იკითხა მაკამ.

– რეჟისორების მეტი რა არის? ვინმე ახალგაზრდა და კრეატიული გვინდა! თეა, შენ იცნობ ვინმეს? – მკითხა ბაჩომ.

– რეჟისორს? ერთი კი ვიცი, მაგრამ ის არ წამოვა! ის მარტო უჟასებს იღებს… თან, ცოტა საშიში ტიპია. უცნაური…

– მოიცა, ვისზე ამბობ?

– არ გეცოდინება შენ! იმ დღეს ვიყავი და ინტერვიუ ჩავწერე… მოგიყვები მერე!

– ჩვენ რამე სპეციფიკური სცენარი გვინდა! მარტო ქალები ვართ. – თქვა ნიამ.

– მართალია! სცენარისტიც გვინდა… ის რეჟისორი თუ ახალგაზრდაა, იქნებ სხვა ჟანრსაც მოჰკიდოს ხელი? სცენარებს ხომ არ წერს შემთხვევით? – მკითხა სალომემ.

– სცენარებს თვითონ წერს… მაგრამ ის მარტო კინორეჟისორია! არა მგონია, ამაზე წამოვიდეს და არც ღირს… ვინმე სხვა მოვძებნოთ.

– თუ რეჟისორია, ეცოდინება ვინმე მაგას და იქნებ გირჩიოს?

– კარგი, ვკითხავ!

იზოლდა რომ მოვიდა, მე და ბაჩო გოგოებს დავემშვიდობეთ და რედაქციაში წამოვედით. გზაში კიდევ ვილაპარაკეთ.

– ვინ რეჟისორთან იყავი, გოგო?

– დაწყევლილ სახლში რომ ვნახეთ სიმბოლოები, ხომ გახსოვს? მაგის დახატულია! მანდ ფილმს იღებდა…

– სად ამოთხარე?

– იმ დიგერების ნაცნობია!

– ეგ დიგერები რაღაც ხიფათს გადაგყრიან, გული მიგრძნობს. ფოტოგრაფთან ერთად შეხვდი იმ ტიპს?

– არა, მარტო წავედი… თავისი ფილმი მანახა…

– მოიცა, ფილმი განახა?.. სად მუშაობს? ტელევიზიაში?

– არა! თავის სახლში…

ბაჩომ მანქანა დაამუხრუჭა და ჩემკენ შემობრუნდა.

– იმ ტიპთან სახლში მარტო წახვედი?

– ხოო…

– რატომ ხარ ასეთი?

– კარგი, არ დაიწყო ახლა თავიდან! ვარ და რა ვქნა?

– ვერ წარმომიდგენია, ქალი ერთდროულად ძალიან ჭკვიანიც იყოს და სულელიც…

– მე ვარ სულელი?

– ხანდახან…

უცებ საშინლად გავბრაზდი, მანქანიდან გადმოვედი და კარი მივაჯახუნე. ბაჩო დამეწია, მკლავზე ხელი მომკიდა და თავისკენ შემატრიალა.

– სად მიდიხარ?

– სახლში! შენ ალბათ ვერ გააცნობიერე, რომ ვერ ვიტან, როდესაც მაკონტროლებენ…

– რა ჰქვია იმ რეჟისორს, მითხარი ერთი…

– რა მნიშვნელობა აქვს?

– მაინტერესებს!

– მგონი, ჯაბა ჰქვია! ყველა ზედმეტსახელს ეძახის…

– მოიცა, ოღონდ ახლა არ მითხრა, რომ კასპერაზე მელაპარაკები… კასპერასთან იყავი სახლში?

– როგორც ჩანს, ყველა იცნობს მაგ კასპერას ჩემ გარდა! ვინ არის ამისთანა?
ვუთხარი ბაჩოს და შევეცადე, მის გაურკვეველ სახის გამომეტყველებაში (ასეთი პირველად ვნახე მის სახეზე) ამომეკითხა ის, რასაც ახლა განიცდიდა…

21. ბნელი ფიქრები

– წამოდი მანქანაში! – ბაჩომ ხელი მომკიდა და მანქანისაკენ წამათრია. წინააღმდეგობა არ გავუწიე, რადგან ძალიან მაინტერესებდა, რას მომიყვებოდა კასპერაზე.

როგორც პირველი რეაქციიდან მივხვდი, ბაჩო ძალიან ვერ იტანს. ნეტა საიდან იცნობს, ან რა მოხდა მათ შორის?

– შენ იცნობ მაგ ტიპს? – ვკითხე, როგორც კი მანქანაში ჩავსხედით.

– მაქვს ბედნიერება!

ბაჩომ საჭეზე ნერვიულად აათამაშა თითები.

– დაიწყებ მოყოლას? თუ მტვერსასრუტით ამოგქაჩო სიტყვები?

– ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თავის ფილმში გადაღება არ შემოგთავაზა!

– რატომ?

– იმიტომ, რომ თუ მოეწონე და თავის ავადმყოფ ტვინში რამე იდეა დაებადა, არ მოგეშვება, სანამ არ
დაგითანხმებს! თუ ვერ დაგითანხმა, ისეთ რაღაცას გააჩალიჩებს, რომ მაინც გადაგიღებს. შეიძლება არც იცოდე, ისე…

– შენ საიდან იცი?

– მე გადამიღო მაგან ადრე და იქიდან!
მოულოდნელობისაგან ყბა ჩამომივარდა.

– არ გამაგიჟო… მაგის ფილმში შენ ხარ გადაღებული?

– ჰო რა… რამდენიმე წლის წინ. დაიწყო, მაგრამ ვერ დაამთავრა…

– რატო? რა მოხდა?

– ნაბიჭვარია და ის მოხდა! მნიშვნელობა არა აქვს, რა მოხდა! ძაან ცუდი რაღაცა გამიჩალიჩა და ვიცი, რო ეგრე აკეთებს სხვებთანაც. კინაღამ მოვკალი მაშინ, ძლივს გადამირჩა! ჰოდა, არ გავიგო, რომ შენ რაიმე სახის კონტაქტზე გახვედი მაგ სირთან, გესმის? ინტერვიუს დაბეჭდვაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია…

– ბაჩო…

– ჯერ მომისმინე! შენ რო მაგას დაურეკო ან შეხვდე, იცოდე, რომ შემომაკვდება!

– გაგიჟდი? ასეთი არასოდეს მინახიხარ! რა გაგიკეთა ამისთანა, რომ სასიკვდილოდ იმეტებ? რატო არ მიყვები?

– მაგას არასოდეს არ მოგიყვები და საერთოდ, ამოიგდე თავიდან! არაფერში არ გჭირდება შენ ამის ცოდნა. ვიცი, რომ არ მოგასვენებს ეგ შენი ცნობისმოყვარეობა, მაგრამ ამ ერთხელ დამიჯერე… ამ ერთხელ! მაგ კასპერას არ გაეკარო არასოდეს, გესმის? სერიოზული საფუძველი მაქვს იმის, რომ აგიკრძალო! იმენა აგიკრძალო!

– თუ ასეთი საშინელება გაგიკეთა, რომ კინაღამ შემოგაკვდა, რატო არ უჩივლე?

– იმიტომ, რომ მაგ ნაბიჭვარმა იცის, როგორ მიიღოს თავისი ისე, რომ გვერდითი მოვლენები თავიდან აიცილოს… ამიტომ ვერ უჩივის ვერავინ! შენ გგონია, სხვებს არ უნდოდათ?

– ვინ სხვებს?

– ორი მსახიობი, ეს მე რაც ვიცი…

ჩავფიქრდი. ნეტა რატომ ვერ უჩივის ვერავინ? რითი იზღვევს თავს? უცებ კასპერას სიტყვები გამახსენდა, მე რომ მითხრა, შემიძლია ადამიანის სულის სიღრმეში ჩავიდე და ისეთი რაღაც დავანახო, რისი დანახვაც არავის უნდაო… მეც რომ მითხრა, შენს ფობიას შეგახვედრებო… იქნებ ისეთი რაღაცა გააკეთებინა მსახიობებს, რომ ვერ უჩივლეს, რადგან არ უნდოდათ, ეს სხვებს გაეგოთ?

რომ გახმაურებულიყო? აბა, სხვა რა მიზეზი უნდა იყოს? ბაჩო არაფერს მეტყვის. სიმართლე გითხრათ, ცოტა შემეშინდა კიდეც იმ კასპერასი…

– რაზე ფიქრობ? დაიფიცე ახლა, რომ მაგ კასპერასთან აღარ წახვალ და არაფერზე არ დათანხმდები!

– სიტყვას გაძლევ! ეს ფიცი არ შემიძლია რა, სისულელეა! რომანტიზმის პერიოდის გადმონაშთი…

– დაიფიცე! არ ვხუმრობ, თეა… რო გავიგო, მაგ კასპერასთან წახვედი, იცოდე, დავბრიდავ!

– გპირდები, რომ არ შევხვდები. ისედაც არ ვაპირებდი, მაგრამ ინტერვიუს რაც შეეხება, რა უნდა ვუთხრა? ძაან ტეხავს…

– რაც გინდა, ის უთხარი! თუ გინდა, უთხარი, დირექტორმა ნახა და ამიკრძალა დაბეჭდვაო. უთხარი, ვინ არის ჟურნალის დირექტორი და თვითონვე უარს გეტყვის. ან საერთოდ არაფერი არ უთხრა! არ ხარ ვალდებული, ახსნა-განმარტებები ჩააბარო. ტელეფონი მიეცი შენი?

– არა…

– ხოდა, ვერ დაგირეკავს! დაიკიდე რა…

– კარგი, რაღაცას ვიზამ… დაწყნარდი შენ! ესე ხო არ წამოხვალ რედაქციაში?

– იმ შემთხვევაში დავწყნარდები, თუ დამარწმუნებ, რო არ ნახავ მაგ კასპერას…

– მაგის სახლში შევედი თუ არა, მაშინვე ვინანე, მარტო რო წავედი…

– რამე ხო არ გაგიბედა?

– არა, საერთოდ არაფერი!

– ფილმში გადაგიღებო, არ გითხრა?

– კი…

– მოვკლავ ტო!

– მე უარი ვუთხარი… რას მოკლავ? ახლა შენც დამპირდი, რომ არ დაეკონტაქტები! გესმის? ჩემი მიზეზით რამე რო მოგივიდეს, მოვკვდები…

ეს ბოლო სიტყვები თავისით ამომივიდა პირიდან. ბაჩომ შემომხედა. უცებ სახეზე სიძულვილი გაუქრა და ოდნავ გაეღიმა.

– მართლა? მე რო რამე დამემართოს, ინერვიულებ?

– ვინერვიულებ, აბა, რას ვიზამ? ქანდაკება კი არ ვარ!

– მაშინ დავატორმუზე და დავიკიდე, მაგრამ შენს შემთხვევაში, მართლა მოვკლავ! ყველას მოვკლავ, ვინც თითს დაგაკარებს…

– ასეთი ძვირფასი ვარ შენთვის?

– შენ რომ იცოდე, ჩემთვის ვინ ხარ… მეც არ ვიცი, როგორ ვძლებ უშენოდ, თე… შენ რო ვერ გხედავ, ძაან მენძრევა… რას მიშვები, მითხარი ტო? ჯადო გამიკეთე?

გაეცინა ბაჩოს. უცებ რაღაცნაირი სითბო ჩამეღვარა გულში, მისკენ გადავიხარე და ლოყაზე ვაკოცე.

– წავიდეთ ახლა რედაქციაში… დღეს ბევრი საქმე მაქვს!

ბაჩომ სახიდან თმა გადამიწია, ხელით ლოყაზე მომეფერა და მერე მანქანა დაქოქა.

– იცი, ჩვენი პირველი შეხვედრა მახსენდება ხშირად. მერე ბათუმში, აუზზეც… გოგოებს რომ აგიჟებდი ხოლმე… ნუ იმ ღამეებს აღარ გავიხსენებ!

ბაჩოს სიცილი აუტყდა.

– ძაან ვერ მიტანდი მაშინ ხო? მახსოვს… როგორ მეიაზვებოდი ხოლმე…

– არა, ვერ გიტანდი, ცოტა ისეთი ნათქვამია… უბრალოდ, ძალიან მეცინებოდა შენზე… ჩემს დაქალებსაც ვუყვებოდი…

– კაი ტო… აუ, რა ტეხავს!

– რატომ? – გამეცინა.

– შეიძლება მაგის გამო არ გაასერიოზულო ჩემთან ურთიერთობა!

– ეგ რა შუაშია! თან, აღარც ემახსოვრებათ…

– რას ფიქრობდი ჩემზე?

– მაშინ? კარგს არაფერს… ცარიელი მეგონე, ნარცისი… თავში აქვს ავარდნილი-მეთქი…

– რაღა დარჩა? მე იცი, რა მახსოვს? შენ რო მითხარი, შენთვის ადვილია ქალების დაკერვაო… ასეთი გარეგნობა რომ გაქვს, ჩალიჩი არ დაგჭირდებაო!

– მართლა? ასე გითხარი? – სიცილი ამიტყდა.

– ჰო… და დილით სასადილოში რო გაეძრე, დემონი დამესიზმრა, მათრახს მიტყლაშუნებდაო… აუ, რა საყვარელი იყავი მაშინ ტო… კინაღამ გეცი და გაკოცე…

– არა, რას ერჩოდი მაინც იმ გოგოს?

– სხვებისაგან განსხვავებით, მე ეგრევე ვეუბნები ქალებს, რისი იმედი არ უნდა ჰქონდეთ ჩემგან. მაგან ძაან კარგად იცოდა, რომ სექსის გარდა, არაფერი გვექნებოდა… ის ანეკდოტი როა, ძმაკაცები რო ბაზრობენ, ერთი უყვება, გოგოსთან სექსი მქონდაო, დილით რაღაცაზე წავკამათდით და პატრული დამაყენაო.

მეორემ უთხრა, – გაგიმართლაო! მე რო მქონდა სექსი, დილითვე მღვდელი დამაყენაო… საქართველოში ეგრეა! თავისუფალი ურთიერთობები არ ევასებათ ქალებს… აუცილებლად უნდა გაასერიოზულონ, ან გარანტია უნდა ჰქონდეთ, რომ მერე ცოლად მოიყვან. ნუ, გარანტია თუ არა, პერსპექტივა მაინც…

– ეგ იმიტომ, რომ კაცები ხართ ჩაციკლულები, მაინცდამაინც ქალიშვილი გინდათ ცოლად.

– რა შემატყვე, რომ ქალიშვილი მინდა ცოლად?

– ნუ, შენ ერთეული ხარ! და შენ რას ფიქრობდი ჩემზე მაშინ?

– პირველად რომ გნახე, იქ სიტყვით რო გამოხვედი, დაჯილდოების ცერემონიალზე, მაშინ დამევასე, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ვიღაცასაც დაევასე და გაგამარჯვებინა… სახლში რო მივედი, შენი საკონკურსო ნაშრომი წავიკითხე და გამიკვირდა. არ ველოდი რატომღაც ასეთ ნაწერს… მერე, ბათუმში რო წავედით, ძაან უკარება და სტერვა მეგონე. ხოდა, იცი, რისი სურვილი გამიჩნდა? აი, რო მომეთვინიერებინე…

– ცხოველივით? – გამეცინა.

– მაგრა მინდოდა, უცებ დამეჭირე და…

– კაი, აღარ გააგრძელო!

– დაწყევლილ სახლშიც როგორ მინდოდა ტო… გათხოვილი ვარო, რო თქვი, ტვინში სისხლმა ამასხა!

– ხოდა გეუბნები, ჩაბეჭდილი გაქვს გონებაში შენ ეგ და იდეა ფიქსად გექცა! “50 რაღაც, რაც უნდა გააკეთო, სანამ ცოცხალი ხარ” – ნომერი პირველი ჩემთან სექსია შენთვის…

– რეებს მეუბნები? აზრზე არა ხარ ტო, ვაფშე…

რედაქციაში სანამ მივედით, იმდენი ვიცინეთ, რომ კასპერა საერთოდ გადაგვავიწყდა ორივეს. სამსახურში რომ შევედით, ისეთი მხიარული სახეები გვქონდა ორივეს, რომ ყველა სათითაოდ შეგვეკითხა, რა მოხდაო…

ირაკლიც იქ იყო. იმ რადიოსადგურის სტატია და სურათები მოიტანა. ჩემს კაბინეტში შევიყვანე, ფლეშკიდან გადავიწერე და წავიკითხე. ძალიან საინტერესოდ ჰქონდა დაწერილი.

– მშვენიერია!

– მოგეწონა?

– ძალიან… სურათებიც კარგია! კორექტორს ჩავუგდებ ახლა და მერე ავაწყობთ… ირაკლი, რაღაც მინდა შეგეკითხო…

– გისმენ!

ირაკლისკენ გადავიხარე და თითქმის ჩურჩულით ვკითხე.

– შენ იცნობ კასპერას?

– ფილმის პერსონაჟს?

– არა… რეჟისორი როა. დიგერების მეგობარი…

– არა, ეგეთს არ ვიცნობ არავის…

– კარგი, დაიკიდე!

– ლუკამ რომ მოგცა ვიღაცის მისამართი, იმაზე მეკითხები?

– ჰო…

– რამე პრობლემა ხო არ შეგექმნა?

– არა, არაფერი… ისე, მაგ დიგერებზე შეგიძლია, სტატია რომ გააკეთო? როგორ დაიწყეს დიგერობა, რატომ, როგორ იპოვეს ერთმანეთი, რატომ ევასებათ და ასე შემდეგ…

– კი, რა პრობლემაა! გავაკეთებ.

– ძალიან კარგი…

ირაკლი რომ წავიდა, კაბინეტში მაიკო შემოვიდა.

– თე, გცალია?

– შენთვის კი! მოდი…

მაიკო შემოვიდა და კარი მიხურა.

– გოგო, შენთან მინდოდა დალაპარაკება, ბაჩოზე…

– ჰო, რა ხდება?

გული ამიჩქარდა.

– მოკლედ, არ ვიცი, შენ რას ფიქრობ, მაგრამ მე მგონია, რომ უყვარხარ!

– საიდან მოიტანე?

– გოგო, ეტყობა! ადრეც ვამჩნევდი. როცა სამივე ერთად ვიყავით ხოლმე სადმე, ყველაზე მეტს შენ გეკონტაქტებოდა. მარტო რომ ვიყავით, თითქოს სადღაც სხვაგან დაქროდა მაგისი გონება… მოკლედ, ვხვდებოდი რა! ხო იცი, ეგეთ რაღაცას ადვილად ხვდება ქალი… ხოდა, ახლა რატო გეუბნები იცი ამას? თუ შენც გაქვს მის მიმართ რამე გრძნობა, ჩემი ფაქტორი საერთოდ გამორიცხე და ერთი წუთითაც არ იგრძნო თავი უხერხულად ჩემთან…

– მაი…

– თავიდანვე ვხვდებოდი, რომ არაფერი გამოგვივიდოდა… ძალიან სხვადასხვა ტიპები ვართ! შესაბამისად, მალეც დავშორდით… არაფერი არ გვქონია. სექსს ვგულისხმობ…

– მაიკო, შენ არ ხარ ვალდებული, რამე ამიხსნა!

– არ ვარ, მაგრამ მინდა, რომ იცოდე… მე ვფიქრობ, რომ კარგი წყვილი იქნებით. შენ ხარ ადამიანი, ვისთან ერთადაც ბაჩო თავის საუკეთესო მხარეებს ავლენს. ადამიანი, რომელიც კარგ გავლენას ახდენს შენზე და უკეთესს გხდის, არ უნდა გაუშვა ცხოვრებიდან! და მე მგონია, ბაჩოც კარგს გხდის, თე…

– ასეც რომ იყოს, მაი… ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც ურთიერთობას ხელს უშლის… წარმოიდგინე, ბაჩოს მშობლების რეაქცია, როცა გაიგებენ, რომ…

– თუ ერთმანეთი გიყვართ, ეგ მეათეხარისხოვანია! თუ მასთან ყოფნა გინდა, მაგ ბარიერსაც გადალახავ!

– ხოდა, არ ვიცი, რას ვგრძნობ ბაჩოს მიმართ… მასთან ერთად ძალიან კომფორტულად ვარ, თავისუფლად… მომწონს ჩემი თავი, როცა მასთან ერთად ვარ! მაგრამ სიყვარულს რაც შეეხება…

– შენ, მგონი, ახალი ურთიერთობის შიში გაქვს! როცა ვერ ხედავ, ფიქრობ ხოლმე მასზე? გენატრება? ლტოლვა გაქვს? გიზიდავს?

– სიმართლე თუ გაინტერესებს, მაგ ყველაფერს ვბლოკავ გონებაში, რომ არ ვიფიქრო… არ ვიცი, რა იქნება… აჩქარებაც არ მინდა! არც მეორედ გათხოვება… თავისუფალ ურთიერთობას რაც შეეხება, ასე მგონია, რომ დანაშაულის შეგრძნება მექნება…

– ვის წინაშე?

– რა ვიცი… ყველას! შვილების, მშობლების…

– მესმის ეგ… რასაც ამბობ! ბუნებრივია… თითქოს ცოდვას ჩადიხარო, ხო?

– ჰო…

– ყველას აქვს ბედნიერების უფლება, თე… მათ შორის, შენც! სიყვარული არ არის დანაშაული. არც ცოდვა! რა ვიცი, ეს ჩემი აზრია…

– მაი, დიდი მადლობა! ამას სხვა არ გააკეთებდა…

ფეხზე ავდექი და მაიკოს ჩავეხუტე. მისმა ნათქვამმა რატომღაც ძალიან იმოქმედა ჩემზე. საღამოს ლევანმა გამომიარა მამამისის მანქანით და ბავშვებთან ერთად მცხეთაში წავედით. გავისეირნეთ, ვჭამეთ და სახლში დავბრუნდით. ამჯერად ღამე აღარ დარჩა. ბავშვებმა რომ დაიძინეს, ფეისბუქზე შევედი.

ბაჩოს “თათიას” პროფილი გადაუკეთებია თავისი სახელით და Tom odell-ის სიმღერა – another love გამომიგზავნა. რომ ვუსმენდი, ემოციები მომაწვა და იმ მომენტში ისიც კი ვიფიქრე, მიყვარს-მეთქი, მაგრამ ჩემი არასტაბილური ხასიათის ამბავი რომ ვიცი, ყურადღება არ მივაქციე. რა საშინელებაა ეს ცვალებადი ხასიათი…

რაღაც რომ მგონია ხოლმე, რომ ასეა, მეორე დღეს აღმოჩნდება, რომ შევცდი და თურმე ისე ყოფილა…

ვიღაცამ მეგობრებში დამატება გამომიგზავნა. მის პროფილში გადავედი. სახელის ნაცვლად Dark Thoughts უწერია – “ბნელი ფიქრები”. სურათებს გადავხედე, ისინიც სახელის შესაბამისია.

– რომელი ხარ? გიცნობ? – მივწერე.

– ჩემს სახლში იყავი, მაგრამ არ მიცნობ!

უცებ გული საშინლად ამიჩქარდა. სხვას ვის შეიძლება ასეთი “ჟუტკი” პროფილი ჰქონდეს?..

– კასპერ?

– დიახ 🙂 არ გძინავს? შენც ღამურა ხარ, ჩემსავით?

საკუთარ ხელებს დავხედე. გიჟივით მიკანკალებდა. რა ჯანდაბა მჭირს? ასე არასოდეს დავბნეულვარ! რა ვქნა? რა მივწერო?.. მეგობრებში რომ დავიმატო და ბაჩომ ნახოს… მაგრამ ამ სახელით ვერ მიხვდება… არადა, დავპირდი, რომ არ დავეკონტაქტებოდი…

– დაგეძინა?

– არა, აქ ვარ…

– რას შვება ჩვენი ინტერვიუ?

– როგორ მიპოვე?

– ლუკას მეგობრებში ხარ, რა უნდა შენს პოვნას?

– ინტერვიუ… მოკლედ, ვაპირებდი შენთან დარეკვას! საქმე იმაშია, რომ ინტერვიუ ჩვენმა რედაქტორმა დაბლოკა… გარკვეული მიზეზების გამო…

– კაი, დაიკიდე! მე მკიდია 🙂 შენ ის მითხარი, თუ იფიქრე ჩემს შემოთავაზებაზე?

– კი და არ მინდა! არ მინდა ფილმში გადაღება… დაივიწყე ეგ!

– გეშინია?

– არა, უბრალოდ, არ არის ეგ ჩემი…

– ეგ ჯერ არ იცი, იმიტომ, რომ არ გამოგიცდია!

– შენ ადრე ფილმში ერთ ბიჭს იღებდი, ბაჩო ჰქვია…

– ვაუ… შენ საიდან გაიგე?

– ბაჩო ჩვენი ჟურნალის დირექტორია…

– ჰა-ჰაა… იმიტომაც დაბლოკა! რაო, რა გითხრა ჩემზე? შიზოფრენიკიაო? :)))

– არა, ეგ არ უთქვამს! არაფერი არ მითხრა… მივხვდი, რომ ძალიან ცუდი რაღაც გაუკეთე და გაბრაზებულია შენზე! თან ძალიან…

– სინამდვილეში, კარგ საქმეს ვუკეთებდი… ფობიისაგან უნდა გამენთავისუფლებინა!

– ფობიისაგან? და რა ფობია აქვს ბაჩოს?

– ოოო… ეს უნდა იცოდე… :))))

– მითხარი და მეცოდინება!

– გეტყვი! მხოლოდ ერთი პირობით… ყველაფერს მოგიყვები შენს დირექტორზე, რაც მის შესახებ არ იცი და წარმოდგენაც არ გაქვს, თუ…

– თუ შენს ფილმში ვითამაშებ?

– დიახ, ჩიტო Wink

22. დიდი ვნებათაღელვა

მართალია, კასპერას ნათქვამმა უკიდურეს ინტერესში ჩამაგდო, მაგრამ ამჯერად მაქსიმალურად შევეცადე, გულგრილობა გამომეჩინა და მის პროვოკაციას არ ავყოლოდი.

თუმცა, რაღა დაგიმალოთ და, ძალიან მაინტერესებს ის, რაც ბაჩოზე გავიგე. უფრო სწორად, ის, რაც ბაჩოზე ვერ გავიგე…

– შენ არ მითხარი, ფილმებს იმიტომ არ ვიღებ, რომ სარგებელი ვნახოო?

– ფინანსური კუთხით კი, მაგრამ ჩემს ინტერესებს რაც შეეხება, კომპრომისზე არ მივდივარ. არ იცი, რომ ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს? Wink

– მე არ ვითამაშებ შენს ფილმში, გამორიცხულია!

– გამორიცხული არაფერი არ არის ცხოვრებაში. მიყვარს, როდესაც წინააღმდეგობას მიწევენ გოგოები. ასე უფრო საინტერესოაWink

– მე პირდაპირ უარს გეუბნები და ამაში საინტერესო არაფერი არ არის…

– ოო, ვერ დაგეთანხმები! დარწმუნებული ვარ, რომ ერთი სული გაქვს, როდის გაიგებ, რა შეემთხვა შენს უფროსს! არ გინდა გაიგო და მერე მის წინააღმდეგ გამოიყენო?

– და რატომ უნდა გამოვიყენო მის წინააღმდეგ?

– შენი ბოსი არ არის? ეგეც აუტანელი იქნება. რა, არასოდეს მოუშლია შენთვის ნერვები?

– შენ წარმოიდგინე, არა! არასოდეს! მაგის იმედი ნუ გექნება…

– ესე იგი, მოსწონხარ, რადგან ნერვებს არ გიშლის Smileთუ შენც მოგწონს, მაშინ მისი ფობიის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე!

– ტყუილად მაინტრიგებ! მაინც არაფერი გამოგივა!

– რატო, კერკეტი კაკალი ხარ?

– აქამდე ვერ მიხვდი?

– დავიჯერო, არ გაინტერესებს?

– ძალიან მაინტერესებს, მაგრამ შემიძლია ჩემი ინტერესის მოთოკვა და ემოციების კონტროლი… არ ვაპირებ, ცნობისმოყვარეობის გამო მეგობარს ვუღალატო!

– აუჰ… რა სერიოზულად აღიქვი… ღალატი რა შუაშია?

– აბა, რა არის შუაში? მის ზურგს უკან ჩუმ-ჩუმად რომ დავიწყო ცხვირის ჩაყოფა და იმის გარკვევა, რაც ჩემი საქმე სულაც არ არის, ეგ ღალატი არ გამოდის?

– ცხვირის ჩაყოფა რომ არ გიყვარდეს რაღაცებში, ჩემთან არ მოხვიდოდი სახლში. თანაც მარტო… და მაგის გამო თანახმა ხარ უარი თქვა იმის გაგებაზე, რას მალავს ბაჩო?

– რას უნდა მალავდეს ისეთს, რომ ამად ღირდეს? ყველას აქვს დასამალი რაღაც…

– და მათ შორის ალბათ შენც… შენ რისი გეშინია? რა არის შენი ფობია?

– მე არავითარი ფობია არ მაქვს!

– ყველას ეშინია რაღაცის. თუ შენ ეგეთი მაგარი გოგო ხარ, რომ არაფრის გეშინია, მაშინ შემხვდი ხვალ!

– გოიმი ვარ, რომ ავვარდე? ფიქრობ, რომ რამეში მანაღვლებს, რას იფიქრებ ჩემზე? გგონია, რომ რაღაცების დამტკიცებას დაგიწყებ და პროვოკაციაზე ადვილად წამოვეგები? საერთოდ არ მიცნობ!Smile
– კერკეტი კაკალიც ტყდება, ჩიტო! ეს მხოლოდ დროსა და ზეწოლის ძალაზეა დამოკიდებული Wink

– შენ ჩემზე ვერანაირ ზეწოლას ვერ მოახდენ, ვერც მორალურს და მით უმეტეს, ვერც ფიზიკურს…

– ეგრე რომ მეუბნები, ვიგზნები და მე თუ რაღაც მომინდა, სანამ არ მივიღებ, უკან არ დავიხევ!

– ზედმეტად თავდაჯერებული ხომ არ ხარ?

– ჰორორის რეჟისორს უხდება თავდაჯერებულობა Wink

– წარმატებებს გისურვებ ჰორორებში. ვწუხვარ, რომ ინტერვიუ არ შედგა…

– მე არ გემშვიდობები, იმიტომ, რომ ძალიან მალე შეგხვდები Wink

-ჰო, სიზმარში ალბათ… კარგად იყავი, კასპერ!

– დროებით, კაკალო Kiss

კომპიუტერი გამოვრთე და დასაძინებლად წავედი. მე კი დავიძინე, მაგრამ აი, ჩემი ცნობისმოყვარეობისა რა მოგახსენოთ… მაგას რა დააძინებს? მით უმეტეს, ახლა. ჯანდაბა, ნეტა საერთოდ არ წავსულიყავი იმ კასპერასთან. არა, რა საინტერესოა, რისი ეშინია ბაჩოს? აქამდე არ შემიმჩნევია, რომ რაღაცის შიში ჰქონოდა…

დილით სამსახურში ადრე მივედი. ბაჩოს კაბინეტის კარი ღია დამხვდა. არ მეგონა, თუ მოსული იყო. კორიდორში რომ ჩავიარე, დამინახა და ხელი დამიქნია, შემოდიო. შევედი თუ არა, პატა დავინახე. დივანზე იჯდა და “კუბიკ-რუბიკს” აწყობდა.

– როგორ ხარ, პატა? სად დაგვეკარგე?

– კარგად ვარ! შენ როგორ ხარ? მე გადარბენებზე ვარ სულ. ბაჩომ მითხრა, რომ გაგიგია კლუბის ამბავი.

პატამ გაიცინა და თავისი ფართო კბილები გამოაჩინა.

– რა ამბავი?

– შენზე რო გავაფორმე, მაგას გულისხმობს! – ამიხსნა ბაჩომ.

– აა, ყველამ იცოდით, ჩემ გარდა, ხო? მე კიდევ, დღემდე არ ვიცი, რა ვქნა… ასეთი რამ ჩემთვის არავის არასოდეს არ გაუკეთებია…

– მესმის შენი! დღეს შემოივლი გოგოებთან? ვიღაც სცენარისტი გაიკითხა მგონი ერთმა და შენ გარეშე არ იციან, როგორ მოიქცნენ.

– ცოტა ადრე წავალ და შევივლი… გამიშვებ, ბოს? – მივუბრუნდი ბაჩოს.

– მე წაგიყვან!

– წაყვანა რად მინდა?

– მე მინდა!

– მოკლედ, მე წავედი და მოგვიანებით კლუბში შევხვდებით…

– კარგი, პატა! მიდი და რაც გითხარი, ის გაითვალისწინე! – უთხრა ბაჩომ და როგორც კი კაბინეტიდან გავიდა, კარი მიხურა.

– რა უნდა გაითვალისწინოს პატამ?

– ოჰო-ჰოო-ჰოო, შენი გაუგებარი არ დარჩეს არაფერი. – გაიცინა ბაჩომ და მომიახლოვდა.

– შენ გაგიჟდი? რა საჭირო იყო პატასთან შენი გრძნობების გამოხატვა?

– რაზე ამბობ?

– მე წაგიყვანო, მე მინდაო… რას იფიქრებს?

– შენ როდის იყო, პატების და შმატების აზრები გაინტერესებდა? არ გკიდია, რას იფიქრებს? თან პატამ ისედაც იცის, რომ შენზე ვგიჟდები.

– საიდან იცის?

– გოგო, დებილი კი არ არის ამხელა კაცი. მაგას არ ვარბენინებდი ყველაფერზე? სასტუმროში ჩემს ნომერში რომ გეძინა, ეგეც იცის!

– რა სირცხვილია! ხომ იცის, რომ უბრალოდ მეძინა და სხვა არაფერი?

– ეგ რა პონტში მეთქვა? ეგ იგივეა, რომ გამოვაცხადო, იმპოტენტი ვარ-მეთქი…
გაიცინა ბაჩომ და ხელები მხრებზე მომკიდა.

– აუტანელი ხარ! ესე იგი, პატას ჰგონია, რომ მე და შენ… რა საშინელებაა! ეგ დანაშაული არ უნდა გამოისყიდო ახლა?

– რა გინდა? – გაეღიმა ბაჩოს.

– მითხარი რა, რა გაგიჩალიჩა კასპერამ?

– ასეც ვიცოდი! რა გჭირს ტო? რაში გაინტერესებს, ამიხსენი?

– მაინტერესებს და რა ვქნა?

– მეც ძალიან მაინტერესებს შენი მკერდის ფორმა, მაგრამ გეუბნები, მანახე-მეთქი?

– ეგ სულ სხვა რამეა! – ვუთხარი და ხელები გავაშვებინე.

– უნდა გაკოცო!

– გაგიჟდი? არა!

– რატო? მაშინ რომ გაკოცე, არ მოგეწონა?

– რა მოსაწონი ეგ იყო? – ვუთხარი და წასვლა დავაპირე, მაგრამ ისევ შემაჩერა.

– რას მეთამაშები? და რატომ მაგიჟებ?

– რას გიჟდები მერე? ჯერ ერთი, თუ გოგოს კოცნა გინდა, წინასწარ კი არ უნდა აწარმოო მოლაპარაკებები, ეგრევე უნდა ადგე და აკოცო და მეორეც ერთი, პომადა მისვია.

– მოიცა, შენ მე მასწავლი, როგორ ვაკოცო გოგოს?

– დიახ!

– შენს უნამუსობას საზღვარი არა აქვს! მაგას როგორ მასწავლი, ტო? კოცნა ჩემი მოგონილია!

– გამატარე ახლა, ვინმე არ შემოვიდეს, სირცხვილია!

– კლუბში მე წაგიყვან, გესმის?

– მესმის…

– 3-ისთვის მზად იყავი!

ბაჩოს ძლივს დავუძვერი მკლავებიდან და კაბინეტიდან შურდულივით გამოვვარდი. კიდევ კარგი, ჯერ არავინ იყო მოსული. შუადღემდე საქმეებსაც მოვრჩი და ყავის დასალევად გამოვედი. ამ დროს ლიფტი გაიღო და გოჩა შემოვიდა. ასეთ კარგ ხასიათზე ჯერ არ მინახავს. თვალები უბრწყინავდა.

– სად მიდიხარ? ჩემთან შემოდი! ბაჩოსაც უთხარი და ერთად შემოდით…

– რა ხდება, ბატონო გოჩა? ხომ მშვიდობაა?

– მშვიდობაა, მშვიდობაა – წაიმღერა გოჩამ და თავის კაბინეტში შევიდა.

– რას სჭირს გოგო ამ კაცს? ეს დღეები სულ გვიან მოდის და უცნაურად იქცევა! – მითხრა მაიკომ და გოჩას თვალი გააყოლა.

– რა სჭირს და შეყვარებულია! ვერ ატყობ?

– უიმე… იმ ფსიქოლოგზე, გოგო?

– როგორც ჩანს! წავალ, ბაჩოს დავუძახებ ერთი… საინტერესოა, რა უნდა გვითხრას…

ბაჩოს კაბინეტის კარი შევაღე, რომ მეთქვა, გოჩა გვეძახის-მეთქი. ბაჩო კომპიუტერთან იჯდა და რაღაცას ბეჭდავდა კლავიატურაზე. დამინახა თუ არა, ბეჭდვა შეწყვიტა და რაღაცა სწრაფად დახურა.

– მივდივართ?

– ჯერ არ არის სამი… გოჩამ – შენ და ბაჩო შემოდითო… ვის სწერდი?

– შენ ხომ არ გაინტერესებს ჩემი პირადი ცხოვრება? რატომ მეკითხები?

– თანაც პირადი?.. რა ვიცი, ისე გიჟივით დახურე, თითქოს ცოლმა შემოგისწრო. ცუდ დროს შემოვედი, როგორც ჩანს!

– ეჭვიანობ? – მკითხა და მაგიდიდან წამოდგა.

– ეგღა მაკლია! წამოდი, თუ მოდიხარ!

გოჩას კაბინეტისკენ წავედი. უსიამოვნო შეგრძნება მართლა დამეუფლა. ნუთუ მართლა ვიეჭვიანე? ლევანზე არ ვეჭვიანობდი ხოლმე და ბაჩოზე რა მეტაკა?

გოჩას მაგიდაზე ვისკის ბოთლი და ჭიქები დაეწყო. რომ შევედით, უკვე ჭიქებში ასხამდა.

– რა ხდება, გოჩა? შენ და სამსახურში სასმელი?

– გამომართვი ეს, ბაჩო! თეა, შენც აიღე გენაცვალე…

– რას ვზეიმობთ, ბატონო გოჩა?

ვკითხე და ვისკის ჭიქა გამოვართვი.

– ცოლი მომყავს! დაქორწინება გადავწყვიტე!

– ვაა! კაი ტო, რას მელაპარაკები?.. იზო და შენ?

გოჩამ სასაცილოდ მოჭუტა თვალები.

– დიახ, იზო და მე.

– ძალიან მიხარია, ბატონო გოჩა, ბედნიერები იყავით!

– გაიხარე, თეკუშ!

ასე პირველად მომმართა. მაინც რა არის ეს სიყვარული, რას უშვება ადამიანს… გოჩას ბედნიერება რომ გავიზიარეთ, მე და ბაჩო კლუბში წავედით.

– უყურებ შენ ამ ბებერ ოღრაშს?

– რა გინდა, რას ერჩი? – გამეცინა.

– ჩვენ როდის აღვნიშნავთ ნეტა ერთად ყოფნას?

– ერთად ახლაც ვართ! ყველაზე მეტ დროს ჩემი ნაცნობ-მეგობრებიდან შენთან ვატარებ. მეტი რა გინდა?

– ოო, ბევრი რამე!

კლუბში შევედით. სეანსი ჯერ არ იყო დაწყებული. აშარაშკას წიკვინი კორიდორში ისმოდა. მე და ბაჩო შეღებულ კართან გავჩერდით და მივაყურადეთ. მგონი, ნათიას ელაპარაკებოდა. ნათია ის არის, ქმრის საყვარელი რომ სცემა. პირველივე დღეს მივხვდი, რომ საერთო ენას მალე გამონახავდნენ.

– მაკა, ასეთი მოკლე თმა ეგრე როგორ დაიხვიე? რა კარგად გაქვს!

– ჰო, ქალო! მეც შოკში ჩავვარდი, პირველად სარკეში რომ ჩავიხედე. სიმართლე მითხარი, შენი აზრით ძაან გამომწვევი ხომ არაა?

– რას ამბობ? რა თქმა უნდა არა! პირიქით, ძალიან მაგარია. სტილნი და პუშისტია… მეც სიამოვნებით გავიკეთებდი ეგრე, მაგრამ არ მომიხდება მოკლე თმა, ძაან ფართო სახე მაქვს!

– შენ გაქვს ფართო სახე? სერიოზულად ამბობ? გაგიჟდი ქალო? – არაჩვეულებრივი სახე გაქვს! ზუსტად მოკლე თმისთვისაა შექმნილი… აუცილებლად უნდა შეიჭრა და დაიხვიო! ახლა ისე მოდაშია ასე თმა! კრიკ მოდაა! მე კიდე უფრო მოკლედ მინდოდა შემეჭრა, მაგრამ თავი შევიკავე. ისედაც გრძელი კისერი მაქვს და ძაან მოკლე სტრიჟკაში მთლად ჟირაფს დავემსგავსებოდი.

– გრძელი კისერიი? მთელი ცხოვრებაა ასეთ კისერზე ვოცნებობ! ეგეთი კისერი რომ მქონდეს, რაღა მიჭირდა? ეს საშინელი მხრები ისე აღარ გამოიკვეთებოდა…

– ვაიმე, გამაგიჟებს ეს ქალი! შენნაირ მხრებზე ოცნებობენ, ქალო! ნებისმიერი “შმოტკა” დაგაკვდება! ისეთი ტანი გაქვს… აბა ჩემს ბარძაყებს დახედე…

მე და ბაჩო სიცილს ძლივს ვიკავებდით.

– კაცების დიალოგი გითხრა, ამ თემაზე როგორი იქნებოდა?

– მიდი!

– “ვა, თმა შეიჭერი ტო?” –” ხო” – “კაია!”

– ვაიმე, აღარ შემიძლია ამდენი სიცილი…

– რად უნდა ამას ამდენი ბაზარი ტო?

ზურგსუკან ნაბიჯების ხმა მოგვესმა. სალომე, თამუნა და ზოი მოდიოდნენ. ყველანი ერთად შევედით ოთახში. ცოტა ხანში დანარჩენებიც მოვიდნენ. სალომეს ვიღაც სცენარისტი უპოვია და მისი საკონტაქტო ნომერი მომცა. მაშინვე დავურეკე და სიტუაცია ავუხსენი. იქით კვირაში სცენარის ფაბულას მოიტანს. ვნახოთ, რა გამოვა…

ბაჩომ ცოტა ხანი დაჰყო ჩვენთან, მერე აშარაშკას დაჟინებულ მზერას ვეღარ გაუძლო და გავიდა. ადმინისტრაციის ოთახში ვიქნებიო, ჩამჩურჩულა წასვლის წინ. მაკა ძალიან აჟიტირებული მეჩვენა. ახალი ვარცხნილობა, ახალი ჩასაცმელი… ეტყობა ამ თვეში სანდრო კარგად გამოწურა. როგორც კი მომენტი ჩაუვარდა ხელში, მაშინვე თავისი ტანსაცმლის დემონსტრაცია მოახდინა.

– ეს ფეხსაცმელი გუშინწინ ვიყიდე. შესაფერისი “იუბკა” არ მქონდა და ისიც ვიყიდე. მერე კოფთა ვიყიდე, მაგრამ არც ერთი პალტო არ მოუხდა. ავდექი და ეს პლაშიც ვიყიდე. ამ პლაშს კიდე არც ერთი ჩანთა არ მოუხდა. ხოდა, ეს ჩანთა ვიყიდე და ახლა ეს ფეხსაცმელი არ მიდის ამ ჩანთაზე…

– გოგო, ეს ყველაფერი ყოფილმა ქმარმა დაგიფინანსა? – ჰკითხა ბაიამ.

– აბა რა! შენ არ გაძლევს ფულს?

– მე რასაც მაძლევს, გადასახადებში, ბავშვზე და ჭამაში მიდის…

– მეტი უნდა მოსთხოვო!

– რაც არა აქვს, რა მოვთხოვო?

– მე ადრე ვეჩხუბებოდი ხოლმე და ახლა ახალი მიდგომა დავამუღამე. მშვიდად და წყნარად ველაპარაკები და უფრო მეტს მირიცხავს. თუ გაბრაზებული ვარ რაღაცაზე, მაგას აღარ ვაჩვენებ.

ქათამს ვიყიდი, წარმოვიდგენ, რომ სანდროა, გავტრუსავ, თავს წავაჭრი და ადუღებულ წყალში ვაგდებ!

– რა საშინელებაა! შენ სადისტიც ყოფილხარ, მაკა! – უნებლიეთ წამომცდა.

– ქალო, ქათამი ისედაც მკვდარია და ძაან არ იგრძნოს. სამაგიეროდ, მე ვიმშვიდებ ნერვებს!

– რაღა ნერვებს იმშვიდებ? შენ ისეთი ყოფილი ქმარი გყავს, ბევრმა ინატროს! – უთხრა ზორბა თამუნამ და როხროხა ხმით გაიცინა. მალე ბატონი კოტე მოვიდა. გოგოებს მსახიობის ოსტატობის გაკვეთილს უტარებს. მე ადმინისტრაციის ოთახში გავედი.

– მოხვედი? ლუდი ვიყიდე და მაგ პატარა მაცივრის საყინულეში შეაგდე უცებ რა, გაცივდეს. – მითხრა ბაჩომ და პარკიდან სამი ბოთლი ლუდი ამოიღო.

– მესამე ვისია? – ვკითხე და მაცივარი გამოვაღე.

– პატა მოვა ახლა… არ გაგთიშა მაგ მაკამ ტო? ენერგოვამპირია ნაღდად რა… მე ვერ გავუძელი!

– მე მიჩვეული ვარ! იმუნიტეტი გამომიმუშავდა უკვე მაგ გოგოზე…

– მაგას როგორ ჟიმავდა ის შენი მეზობელი ტო? ეტყობა, ისიც კაი სირია!

– არა, კარგი ბიჭია. მეც სულ მიკვირდა, რამ მოაყვანინა ეს ცოლად-მეთქი… აუ, ბაჩო, მომიყევი რა, კასპერამ რა გაგიკეთა… და რასაც მეტყვი, შეგისრულებ!

– გოგო, ლუდი ჩააციე-მეთქი, მე ჩამაცივდიო, კი არ გითხარი… რა გამიჭირე საქმე ტო? რაღაცის ფობია მქონდა, მაგ კასპერამ გაიგო და გადაღების დროს გაუფრთხილებლად გააძრო რა… ეგ პონტი იყო. დაივიწყე!

– თუ დაწვრილებით მომიყვები, ერთ სურვილს შეგისრულებ! რასაც მეტყვი!

– ყველაფერს?

– ჰო…

– ცოლად გამომყვები?

– ეგ ძაან გლობალური სურვილია!

– ერთი ღამე დარჩები ჩემთან?

– კი…

– აზრზე ხარ? ყველაფერზე მაღლა შენი ცნობისმოყვარეობა დგას… სექსზეც თანახმა ხარ, ოღონდ ის გაიგო… შენ საშიში ქალი ხარ, თეა!

– სექსზე თანახმა ვარ-მეთქი, არ მითქვამს!

– აბა, ჩემთან თუ დარჩები ღამე, კარტი ვითამაშოთ? თუ ნარდი?

– კარგი, დაივიწყე ეგ! უბრალოდ, ვეცადე, იქნებ წამომეცდევინებინა შენთვის რამე… სისულელე გავაკეთე და ძალიან მრცხვენია. მაპატიე, კაი?

ბაჩოს მივუახლოვდი და თვალებში ჩავხედე. ძალიან გულდაწყვეტილი სახე ჰქონდა. გავაცნობიერე, რა საშინლად მოვიქეცი და გული შემეკუმშა. მერჩივნა, მიწა გამხეთქოდა და თან ჩავეტანე.

მექანიკურად ბაჩოს მოვეხვიე. მის გულისცემას ვგრძნობდი მკერდით და უცებ მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. ალბათ, მანაც იგრძნო ჩემი გულისცემა და მთელი ძალით ჩამიხუტა. მერე გამიშვა და საკოცნელად გამოიწია, მაგრამ ამ დროს კარზე პატამ დააკაკუნა.

ბაჩომ ხმადაბლა ჩაიბურდღუნა – “რა დროს ეს იყოო” და კარის გასაღებად წავიდა. მე ისევ მაცივარი გამოვაღე და სახე ლამის შიგნით შევყავი.

საყინულედან წამოსული სიცივე მესიამოვნა. თანაბრად დავიწყე სუნთქვა, რომ დავწყნარებულიყავი. არ მინდოდა, პატას ასეთი დავენახე. თითქოს უცებ ჰორმონები აფეთქდა და შიგნით გადატრიალება მოხდა. კარგა ხანია ასეთი რაღაც არ მიგრძვნია…

ნახევარი არც მესმოდა, რაზე ლაპარაკობდნენ პატა და ბაჩო. მერე რაღაც მოვიმიზეზე და გარეთ გამოვედი. მზე იყო და ძალიან თბილოდა. კორპუსის წინ აყვავებული ტყემლის ხეები იდგა და გაზაფხულის სუნი ვიგრძენი. თვალები დავხუჭე და სახე მზეს მივუშვირე. თითქოს ქუჩის ხმაურმა სადღაც უკანა პლანზე გადაინაცვლა.

– თბები? – ვიღაცის ხმა ჩამესმა. თვალები გავახილე და მოულოდნელობისაგან კინაღამ მუხლები მომეკვეცა.

– შენ აქ საიდან გაჩნდი?

– მიწიდან ამოვძვერი! მოჩვენების სახელი ტყუილად კი არ მქვია…

– მითვალთვალებდი?

– რა მდიდარი ფანტაზია გაქვს! არა, რა გითვალთვალებდი… ჟურნალის რედაქციაში დავრეკე და გიკითხე. მდივანმა გოგომ თქვა, სადღაც კლუბში წავიდაო. მერე მისამართი ვკითხე, ხოდა, წამოვედი… შენთან დალაპარაკება მინდა!

– ახლავე გაქრი აქედან! ბაჩო შენობაშია და რომ დაგინახოს, კარგი დღე არ დაგადგება!

– თუ არ გინდა, რომ ბაჩომ დაგვინახოს, მაშინ იქით გავიდეთ… ორი წუთი მინდა, რომ დაგელაპარაკო!

– სერიოზულად გეუბნები, წადი ახლავე! შენთან ლაპარაკს გუშინ მოვრჩი…

კასპერას პასუხს აღარ დაველოდე და შენობისკენ წავედი, მაგრამ ხელი მომკიდა და შემაჩერა.

– მოიცა, ნუ გარბიხარ, მომისმინე!

– არა-მეთქი… თავი დამანებე!

– არ წავალ, სანამ არ მომისმენ!

– იდექი მაშინ, რა გიყო…

ვეცადე, ხელი გამენთავისუფლებინა, მაგრამ კიბორჩხალას მარწუხივით მიჭერდა. უცებ ზურგს უკან ბაჩოს ხმა გავიგე და ადგილზე გავქვავდი.

– რა ხდება აქ?

უკან მივიხედე. პატა და ბაჩო კლუბის შესასვლელთან იდგნენ და გვიყურებდნენ. ბაჩოს გამომეტყველებას აღარ აგიღწერთ, თქვენც ჩემსავით რომ არ შეგეშინდეთ…

23. ბერბიჭას ქორწილის პირველი ღამე

c6b95fee9b04472b734aa8afca3b578e

ზოგჯერ გარკვეული ადამიანები ძალიან გვიან შემოდიან ჩვენს ცხოვრებაში, მაშინ, როდესაც ძალიან ძნელია რაიმეს შეცვლა და შეიძლება აზრიც აღარ ჰქონდეს.

როდესაც ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი არ გაძლევს საშუალებას, რადიკალური ნაბიჯი გადადგა. მე მშურს იმ ადამიანების, ვისაც შეუძლიათ თვალი დახუჭონ ყველაფერზე და გარისკონ იმის აღება, რაც ძალიან სურთ…

ბედნიერება ზოგჯერ დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. ვერ იქნები ბოლომდე თავისუფალი, თუ წარსულს მიეჯაჭვები და გამუდმებით მოსალოდნელ შედეგებზე იფიქრებ. ვგიჟდები ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ 50 დოლარით ჯიბეში გადაკვეთონ საზღვარი და თავგადასავლების საძებნელად წავიდნენ; მიზნისთვის ბრძოლა ნულიდან დაიწყონ…

მე ძალიან ბევრს ვფიქრობ. ვფიქრობ, რას იფიქრებენ ჩემი შვილები, მშობლები, ნათესავები, თანამშრომლები და სხვები ჩემზე, თუ ცხოვრებას ბაჩოს დავუკავშირებ… ვფიქრობ, რას იფიქრებენ ბაჩოს მშობლები, ნათესავები, მეგობრები, როცა გაიგებენ, რომ მე განათხოვარი და ორშვილიანი ვარ…

ეს, ალბათ, მეტ-ნაკლებად ყველა განქორწინებული ქალის პრობლემაა. გამოდის, რომ მე ბევრად მეტს ვფიქრობ სხვებზე, ვიდრე საკუთარ სურვილებზე…

და რა მინდა მე? არის ბაჩო ის ადამიანი, ვისთან ერთადაც დილაობით გაღვიძება მინდა? – საქმე იმაშია, რომ არ ვიცი… ხანდახან მგონია, რომ მიყვარს, ხან შიში და ეჭვები მიპყრობს. ვიცი ის, რომ მასთან ერთად თავს კარგად ვგრძნობ. მას ყოველთვის შეუძლია გამაღიმოს. არ მინდა, რომ ოდესღაც ეს ურთიერთობაც გახუნდეს და გაუფერულდეს.

ლევანის სიტყვებიც მახსენდება, როდესაც მითხრა, რომ მე ყველაზე კარგად მაშინ ვარ, როდესაც მარტო ვარ! იქნებ აჯობებს, რომ განსაკუთრებული ურთიერთობები არ გაღრმავდეს და დაუსრულებელი დარჩეს? რომ ისინიც არ გაჩვეულებრივდეს? ადამიანებს ხომ ყველაფერი ბეზრდებათ ოდესღაც?

როდესაც მარტო დავრჩებით საკუთარ თავთან, როდესაც ყველაზე სათუთ ფიქრებს, რომლებსაც არავის ვუმხელთ და გულში ვინახავთ – ჭიქა ყავას მივატანთ, სასიამოვნოდ და სევდიანად გაგვეღიმება, გული აგვიჩქროლდება და ვიფიქრებთ, რომ ჩვენი სიხშირის ადამიანი, რომელთან შეხვედრის ბედნიერებაც ოდესღაც მოგვეცა, ახლა სადღაც არის და ისევე ტკბილად აგონდები, როგორც შენ გაგონდება ის…

ეს ფიქრი ერთდროულად მტკივნეულიცაა და სასიამოვნოც. შეიძლება ემოციებმა, რომლებიც ამ მომენტებში დაგვეუფლება, სიძლიერით ჩვეულებრივი მრავალწლიანი ურთიერთობაც კი გადაწონოს.

არასოდეს დამავიწყდება ბაჩოს სახის გამომეტყველება, როდესაც მე და კასპერა ერთად დაგვინახა. ისეთი სახით შემომხედა, თითქოს რაღაც დიდი შეთქმულების თეორიის მონაწილე ვიყავი. სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა ჩვენკენ და ყოველგვარი შესავლის გარეშე, კასპერას ქურთუკის საყელოში ჩაავლო ხელები.

– რას აკეთებ აქ? – გამოსცრა კბილებში.

– ეს ქუჩა შენი საკუთრებაა? მე მგონი, შენს სახლში არ ვართ და “პრავებს” ნუ “მიკაჩავებ”, ძმაო!

– ახლა კარგად მომისმინე! დაახვიე აქედან და არ დაგინახო თეასთან მიახლოებული, გაიგე, ძმაო?

კიდევ კარგი, პატა იქ იყო, ბაჩოს ხელი გააშვებინა, მე კიდევ დრო ვიხელთე და მათ შორის ჩავდექი.

– ერთი წუთით, ორივემ მომისმინეთ! მე არ ვიცი, რა მოხდა თქვენ შორის და არც მაინტერესებს…

– მართლა, თე? არ გაინტერესებს? აბა, რატომ ჩამოხვედი ამ სირთან შესახვედრად? ხო გთხოვე, დაივიწყე ეს ამბავი-მეთქი…

– ეჭვიანობის პონტი გაიჩითა?! მოიცა, თქვენ ორნი…

– გააკონტროლე შენი სიტყვები, თორე კბილებს ჩაგიმტვრევ, შე ნაბიჭვარო…

– ვის ეუბნები მაგას?

– ეეე ეე… დაწყნარდით! ბაჩო, ცალკე დაგელაპარაკები და ყველაფერს აგიხსნი. კასპერა შემთხვევით შემხვდა…

– დებილი გგონივარ, ტო? რაღა აქ შეგხვდა? რაღა ახლა? შენ რატო გამოვარდი გარეთ?

– არ გამოვვარდი, უბრალოდ, გამოვედი, ჰაერზე…

– ნაწილობრივ, შემთხვევით შემხვდა! მე დავრეკე ჟურნალის რედაქციაში, დალაპარაკება მინდოდა და
მითხრეს სადაც წავიდა. ჰოდა, წამოვედი რა! პრობლემაა რამე? შენ ვინ გეკითხება საერთოდ, მე ვის დაველაპარაკები?

– კასპერ, ვისაც გინდა, იმას ელაპარაკე, მაგრამ თეას შეეშვი!

– თორემ?

– ერთხელ ხო გადამირჩი? აი, მეორედ შანსი არ გექნება! ამ გოგოს არ ეხები, გაიგე-მეთქიი?

– საინტერესოა, ხიდიდან რომ აგდებდნენ თეას, მაშინაც ასე დაიცავდი?

კასპერას ამ გაურკვეველი ფრაზის შემდეგ საოცრება მოხდა. ბაჩომ ყოველგვარი კონტროლი დაკარგა საკუთარ თავზე და კასპერას ეცა. ორივე ძირს გაგორდა… ისეთი გამეტებით ურტყამდა ბაჩო, რომ პატასაც კი გაუჭირდა მათი გაშველება. რამდენიმე წამში გარს ხალხი შემოგვეხვია. პატრულიც გაჩნდა და ბაჩო მანქანისკენ წაათრიეს.

მე შოკში ვიყავი, მთელი სხეული მიკანკალებდა და არ მახსოვს, რას ვყვიროდი… ბოლოს ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ოთხივე განყოფილებაში წაგვიყვანეს და ჩვენება ჩამოგვართვეს.

დაახლოებით საათნახევარი დავყავით პოლიციის შენობაში. ბაჩო და კასპერა ცალ-ცალკე შეიყვანეს და განცხადება დააწერინეს. შემდეგ ჯერ კასპერა გაუშვეს, მერე ჩვენ. პატამ ტაქსი გააჩერა და ისევ კლუბში დავბრუნდით. დაცვის გარდა, ყველა წასული დაგვხვდა. ბაჩომ პატა სახლში გაუშვა, ჩვენ კი მის მანქანაში ჩავსხედით. ნელ-ნელა ვუბრუნდებოდი რეალობას…

– ბაჩო, რა იყო ეს?..

– კაი, ხო… აღარ გვინდა ამაზე… მარა, ერთად რო დაგინახეთ, იცი, რა დამემართა? რა აღარ ვიფიქრე…

– წარმომიდგენია…

– მოასწრო, რისი თქმაც უნდოდა?

– ვერა. უფრო სწორად, არ ვათქმევინე…

– მართლა?

ბაჩო გაკვირვებული შემობრუნდა ჩემკენ.

– მართლა, ჰოო! რატო გიკვირს?

– შენგან მიკვირს… ტიპი რაღაცას გეუბნებოდა თავისი სურვილით და შენ არ ათქმევინე ტო? ნეტა რას ნიშნავს ეს?

– იმას, რომ შენთან ურთიერთობა ძვირფასია ჩემთვის და არ მიღირს ვიღაცა კასპერას ნაბოდვარის გამო ყველაფრის გაფუჭება…

– ვერ წარმოიდგენ, როგორ მიხარია ამის მოსმენა, თე…

– წარმოვიდგენ! – გავუღიმე ბაჩოს.

– შენთვის რომ გაეჩალიჩებინა ისეთი რაღაცა, რაც მე გამიჩალიჩა, მართლა დავბრიდავდი…

– რატომ გითხრა, ხიდიდან რო აგდებდნენ თეას, მაშინაც დაიცავდიო? მაგაზე გადაგეკეტა და კონტროლი დაკარგე. რამე კავშირშია იმ ძველ ამბავთან?

ბაჩომ სიგარეტს მოუკიდა და რამდენიმე წამით ჩაფიქრდა.

– კი, კავშირშია! პირდაპირ კავშირშია…

– გასაგებია! ასეც ვიფიქრე… კარგი, დავივიწყოთ ეს შემთხვევა! წამიყვან სახლში?

– კი…

ბაჩომ მანქანა დაქოქა.

– შენ სად წახვალ?

– არ ვიცი… სახლში, ალბათ. დავისვენებ…

– ჰო, დაისვენე!

სახლამდე უხმოდ ვიარეთ. ბაჩომ მანქანა ჩემი კორპუსის სადარბაზოსთან მიაყენა და ისე, რომ ჩემკენ არ გამოუხედავს, უცებ დაიწყო.

– თე, მე ძალიან უცნაური ფობია მაქვს… გეფიროფობია!

– ეგ რას ნიშნავს? არ ვიცი…

– ხიდების შიში! ხიდების შიში მაქვს… ხიდზე ვერ გადავდივარ… რო მომკლა, ხიდზე ფეხს ვერ შევადგამ.

– რა უცნაურია!

– კასპერა ფილმში რომ მიღებდა, ქალაქგარეთ გავედით რა, ბუნებაში… ერთი სცენა იყო, ორ ტიპს მივყავდი ტყეში თავზე ტომარაჩამოცმული და ხელებშეკრული. ხოდა, არ გამაფრთხილა და თურმე ბეწვის ხიდზე არ გადამიყვანეს? შუამდე რომ მივედით, უცებ ტომარა მომხსნეს…

ბაჩომ ისევ სიგარეტს მოუკიდა.

– მერე?

– რა მერე ტო? ხელები შეკრული მაქვს თოკით და შუა ხიდზე ვდგავარ… როგორ არ მოვკვდი, მიკვირს… მერე რაც მოხდა, დეტალებს გამოვტოვებ.

– და ამას მიმალავდი? რატო არ მითხარი აქამდე?
ბაჩომ შემომხედა.

– შენ კი არა, თე… ამას ყველას ვუმალავ! რა უნდა მეთქვა? რომ ამხელა კაცი ხიდზე ვერ გადავდივარ? არ იფიქრებდი, რა სირია ეს ჩემისაო?

– რა სისულელეა, ბაჩო! თითქოს არ მიცნობდე…

– შენ შეიძლება ვერ გააცნობიერო, ისე დაგეკარგოს ყველანაირი გრძნობა ჩემ მიმართ… თუ გაქვს, რა თქმა უნდა! იმედი მაქვს, რომ გაქვს… დღეს რაღაც ვიგრძენი შენგან…. პირველად, ძლივს რაღაც წამოვიდა და მერე უცებ კასპერა გაეძრო და…

ბაჩომ ამოიოხრა და მუშტი საჭეს დასცხო.

– საერთოდ არაფერი შეცვლილა ჩემთვის, გესმიის? მე სიბნელის ფობია მაქვს და კიდევ მკვდარი ცხოველების… უნდა შეგძულდე ამის გამო?

– ეგ სხვა პონტია…

– არაფერი სხვა პონტი არ არის! შიში შიშია! დიდი ამბავი, ხიდების თუ გეშინია…

– და არ ფიქრობ ახლა, რომ მხდალი ვარ?

– ვფიქრობ, რომ ძალიან სასაცილო და საყვარელი ბიჭი ხარ, ამას რომ მეკითხები. – გამეცინა.

– ნეტა მართლა ასე იყოს…

– მართლა ასეა! გიფიქრია, საიდან მოდის ეგ შიში? როგორც წესი, ყველა ფობია ბავშვობიდან მოდის… რამე შეგემთხვა ხიდზე?

– კი… მაგრამ ახლა არ მინდა ამის გახსენება! ისედაც, ჩემი გულის ბნელ კუნჭულში ჩაგახედე…

– მადლობა, რომ მომიყევი… წავედი და სისულელეებზე არ იფიქრო! არც იმ კასპერას აღარ შეხვდე, კაი? საერთოდ დაანებე თავი!

– არის უფროსო! არ მაკოცებ წასვლის წინ?

– აქ არა! დამინახავენ… მარტო ლოყაზე.

– კაი, სულ არაფერს ჯობია…

ბაჩო გადავკოცნე და მანქანიდან გადმოვედი. სახლში არავინ იყო. მაცივარზე ლევანის წერილი დამხვდა, მწერდა, რომ ბავშვები თავისთან წაიყვანა. ტანსაცმელი გამოვიცვალე და ელეს დავურეკე. ყველაფერი მოვუყევი.

– გოგო, ეგ ბაჩო თავიდან არ მომწონდა, მაგრამ შენ რო მიყვები რაღაცებს, ლამის მეც შემიყვარდეს! შენ რას გრძნობ? რო ჩაეხუტე, რა იგრძენი?

– ყველაფერი ერთად… თითქოს შეგრძნებები დაბლოკილი მქონდა და უცებ ამოხეთქა! პატა რო არ მოსულიყო, არ ვიცი, რა მოხდებოდა იქ…

– რას აპირებ?

– აზრზე არა ვარ! იმას, ვიცი, რომ სერიოზული გეგმები აქვს, მაგრამ მე აღარ მინდა გათხოვება!

– არ გათხოვდე მერე, შე ქალო! რა აუცილებელია? ახლა ის არ მითხრა, რომ იმიტომ იკავებ თავს, ვიღაცებმა მეძავად რომ არ მოგნათლონ.

– აუ, რა ვიცი…

– ეგ მომენტი გაქვს შენ, ვიცი მე! და გეუბნები, სულელი ხარ! ჯერ ერთი, ვინ რას გაიგებს და მეორეც ერთი, არ გკიდია სხვების აზრი? ვერ ვხვდები, რატო ითვლება სექსი რაღაცა საშინელებად რაა… ურთიერთობის ფორმაა ესეც და აუცილებელი. იმიტომ ინგრევა ამდენი ოჯახი, რომ მერე აღმოაჩენენ, რო თურმე სექსში ვერ თავსდებიან…

– გოგო, ვერ წარმომიდგენია სხვა კაცთან და რა ვქნა?

– უიმეე, შენ მიეცი და წარმოდგენა აღარ დაგჭირდება, რა! შენც ახლა “სოჩიკი” დაგიწერს…

– რა გიჟი ხარ! – სიცილი ამიტყდა.

– არ გინდა და იყავი ეგრე! შენ თვითონ არ იცი, რა გინდა… საღოლ ბაჩოს, ამდენი ხანი რომ გაგიძლო და ხელი არ ჩაიქნია აქამდე…

– ნეტა შენი უდარდელი ხასიათი მომცა!

– გოგო, ამ დღეებში გამოვალ. ლევანის ნახვაც მინდა თან, ხო იცი, როგორ მიყვარს?

– გამოდი, გამოდი… რაღაც სუფრას აპირებს მგონი ლევანი ამ დღეებში…

– ძალიან კარგი! მოკლედ, წავედი და იფიქრე იმაზე, რაც გითხარი!

ელენესთან ლაპარაკს რომ მოვრჩი, შხაპი მივიღე და წამოვწექი. ალბათ სტრესის ბრალია, უცებ ძილმა წამართვა თავი და არ ვიცი, რამდენ ხანს მეძინა. მობილურის ზარმა გამაღვიძა. უცნობი ნომერი იყო.

– გისმენთ…

– ვაიმე, რამდენი ვინერვიულე, ქალო! შენი მობილურის ნომერი ძლივს გავიგე. ჯერ ნათიას დავურეკე, იმან თამუნას ტელეფონი მომცა, თამუნამ სალომესი და სალომემ იცოდა შენი… მობილურით ვრეკავ! სადა ხართ? დაიჭირეს ბაჩო? ციხეშია? მობილურით ვრეკავ გოგო და სანამ გაითიშება, მითხარი ორი სიტყვით, მშვიდობაა თუ არა? კიღამ გავგიჟდი, რო გავიგე… ხო იცი, უფლება გაქვს, რო ბაჩოს ნახვა მოითხოვო! კარაკოშკიდან დაგალაპარაკებენ…

– არ არის ციხეში, მაკა! არ დაუჭერიათ… ყველაფერმა კარგად ჩაიარა. სათითაოდ დაგვკითხეს და გამოგვიშვეს…

– უი, მადლობა ღმერთს… რას ამბობ, ქალო! რას ამბობ… გადარჩენილები ხართ! კაი, მობილურით ვრეკავ და მერე მომიყევი დაწვრილებით, რისი გამოისობით ატყდა ეგ ჩხუბი…

– კარგი, მადლობა მაკა!

ღმერთო ჩემო, მე მგონი, მაკა ერთადერთი ადამიანია, ვინც ჩემზე უფრო მეტად ცნობისმოყვარეა.
სამზარეულოში გავედი და ჩაი ავიდუღე. ლევანიმ ბავშვები მოიყვანა.

– რა სახე გაქვს? რამე მოხდა? – მკითხა დანახვისთანავე. მეც მოვუყევი ყველაფერი.

– ბათუმში რო იყავი მაშინ, იმ სემინარებზე… მაშინაც მოგწონდა ხო ეგ ბაჩო?

– არა კაცო! არ მომწონდა… პირიქით, მაღიზიანებდა.

– და მერე? ერთად როცა მუშაობდით?

– მერე ვმეგობრობდით უბრალოდ… მაშინ მაიკოს ხვდებოდა ეგ.

– არ გეკითხები, ვის ხვდებოდა. შენ თუ გევასებოდა-მეთქი?

– განსაკუთრებულად არა!

– და ახლა?

– ახლა არ ვიცი… ძალიან შეიცვალა, ან მე გავიცანი უფრო კარგად, არ ვიცი. ძალიან კარგი ადამიანია, პოზიტიური, ყურადღებიანი, მხიარული…

– გქონდათ უკვე რამე თუ ჯერ არა?

– გაგიჟდი? შენ და ელენემ პირი ხომ არ შეკარით?

– რაში ვერ ეწყობით შენ და ბაჩო?

– არ ვიცი… ჯერჯერობით ყველაფერში ვეწყობით. ხასიათში, იუმორში…

– თუ ადამიანი ახერხებს იმას, რომ სახეზე სულ ღიმილი გქონდეს და მოგწონდეს შენი თავი ისეთი, როგორიც მასთან ხარ, მაშინ ის ადამიანი არ უნდა დაკარგო. ყველას არა აქვს ბედნიერება, რომ თავის სიხშირეს შეხვდეს…

– და რო აღმოჩნდეს, რომ არ ყოფილა შენი სიხშირე და უფრო დაახლოებით ყველაფერი გაფუჭდეს? იქნებ ჯობია, ისე დარჩეს ყველაფერი, როგორც არის?

– თუ მართლა უყვარხარ, ეგრე დიდხანს ვერ გაქაჩავს. ცოდოა! მაგის გარანტიები არ არსებობს, თე… უბრალოდ, შენ უნდა გადაწყვიტო, რას აირჩევ, მაგრამ ის გაითვალისწინე, რომ თუ ამ ურთიერთობაზე უარს იტყვი, ყოველთვის დაგრჩება შეგრძნება, რომ რაღაც კარგი გაუშვი ხელიდან…

– როგორც შენ მაგდაზე, ხო?

– მოდი, ასე ვიტყვი! – მე არ ვნანობ იმ არჩევანს, რომელიც მაშინ გავაკეთე!

ლევანის ნათქვამმა კიდევ უფრო მიმაახლოვა ბაჩოსთან ახლო ურთიერთობის გადაწყვეტილებასთან. ამ კვირამაც მშვიდად ჩაიარა, ექსცესების გარეშე. არც კასპერა გამოჩენილა. შაბათი დილაც გათენდა. საქმე იმაშია, რომ შაბათს გოჩას და იზოს მოკრძალებული ქორწილი იყო, რომელსაც გოჩა თავის აგარაკზე, ვიწრო წრეში აღნიშნავს. არავითარი რესტორანი… ორ საათზე ხელი მოაწერეს და დაახლოებით 30 კაცი მის აგარაკზე წავედით. მე და მაიკო ბაჩოს მანქანაში ვისხედით.

ეზოში სუფრა დაგვხვდა გაშლილი. ყველაფერი ძალიან ლამაზად იყო გაწყობილი. იზოს კრემისფერი ვიწრო კაბა და კოსტიუმი ეცვა, ოღონდ თმა გადაუღებია შავად.

სტუმრებიდან ჩვენ სამისა და გოჩას ორი ძმიშვილის გარდა, ყველა ჩვენზე გაცილებით უფროსი იყო. მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან კარგი დრო გავატარეთ. გოჩას ქორწილი სამეჯლისო ცეკვების გარეშე როგორ ჩაივლიდა? ისეთი ცეცხლი დაანთეს გოჩამ და იზომ, რომ ყველაზე ხანშიშესული სტუმრებიც კი ააცეკვეს.

მე, ბაჩო, მაიკო და გოჩას ძმიშვილები – ნუცა და ვატო გაუჩერებლად ვცეკვავდით. ღამის სამ საათზე გოჩა და იზო “დასაძინებლად” წავიდნენ. სტუმრების ნაწილი დიდი ხნის წინ დაიშალა, ხოლო ვინც დარჩა, ოთახებში გადანაწილდნენ. მაიკოს სავარძელშივე ჩაეძინა. მე და ბაჩო გარეთ, პატარა აუზთან ვისხედით და ვლაპარაკობდით.

– რა კარგი სახლი ჰქონია გოჩას!

– კი, საკმაოდ.

– ჩემი ოცნებაა საკუთარი სახლი! პატარა ეზოთი…

– მართლა? მე ვიშენებ, იცი?

– სად?

– შინდისში… გარშემო ტყეა და იცი, რა ხედია? ერთხელ უნდა წაგიყვანო…

– მანდ აპირებ ცხოვრებას?

– რატომაც არა? თბილისიდან ორ ნაბიჯშია…

– მაგარია!

– ნეტა რას აკეთებენ გოჩა და იზოლდა, არ გაინტერესებს მათი პირველი ღამე? – მკითხა ბაჩომ და მათ ფანჯარას ახედა.

– ვაიმე, ძალიან! მაგრამ რა იცი, რომ პირველია? აუ, ახლა იცი, რა წარმოვიდგინე? ხელში აყვანილი რო შეჰყავს საძინებელში იმ თავისი “სუკონკებით”…

– არა, არა! ეგრე კი არა, იზოლდა რო წევს და გოჩა ქეჩებით რო მისრიალდება საწოლთან!

– იქაც ქეჩებით არ შეუსრიალდეს, თორე საწოლთან მისრიალებას ვინღა დაეძებს?

მე და ბაჩო სიცილისაგან კინაღამ გავიგუდეთ. თან, ორივეს სასმელი გვქონდა მოკიდებული. ბაჩომ ამტეხა, გინდა თუ არა, მეორე სართულის აივანზე გავიპაროთ ჩუმად და ფანჯარაში შევიჭყიტოთო. მეც ჭკუა აღარ მომეკითხებოდა. ფეხსაცმელები გავიხადე, ხელში დავიჭირე, რომ კიბეზე კაკუნის ხმა არ გამოეწვია და ორივე ქურდებივით ავიპარეთ მეორე სართულის აივანზე…

24.  ერთი ღამის თავგადასავალი

28ae2c085c11c3cff0bb8bbe3676c642

– შშშ! ჩუმად, ჩუმად! შშშშ…
– ნუ მეშიშინები, ბაჩო! ისედაც ჩუმად მოვდივარ…

მე და ბაჩო მეორე სართულზე ავედით და გოჩას საძინებელს ფეხაკრეფით ჩავუარეთ. მერე პატარა ოთახში შევედით, რომლიდანაც აივანზე გასასვლელი კარი იყო. ოთახში დივანი, ტელევიზორი და წიგნების დიდი კარადა იდგა.

ამ დივანზე თამადა გაშხლართულიყო გულაღმა და პირდაღებულს ეძინა. მე და ბაჩომ ბანცალით გავიარეთ ოთახი და როგორც კი აივნის კარი გამოვაღეთ, თამადამ ისეთ ხმაზე ატეხა ხველა, მგონი, ფილტვებიც ამოაყოლა.
უცებ მისი ხლუჩუნი რაღაც ცხოველის ხმას მივამსგავსე და შეშინებული ბაჩოს ავეკარი.

– ნუ გეშინია, გოგო, – როლანდია! – დამამშვიდა და აივანზე გავიდა. მეც გავყევი.

– რა სჭირს, იხრჩობა?

– რა ვიცი, მაგის დედაც… დახურე კარი!

კარი მივხურე და სიცილის ახალმა ტალღამ წამომიარა. ყოველთვის ასე მემართება, როგორც კი ალკოჰოლურ სასმელს დავლევ… ისედაც ერთჭიქიანი ვარ და დღეს მგონი ოცი ჭიქა დავლიე. რო იტყვიან – თოფივით ღვინოაო, მართლა ეგეთი იყო. სუყველა გათიშა, თამადიდან დაწყებული, ახალგაზრდებით დამთავრებული. უბრალოდ, ბაჩომ ძალიან ცოტა დალია.

მე სტაბილურად მთვრალი ვარ. სადღაც, ტვინის სიღრმეში ვხვდები, რომ სისულელეს ვაკეთებთ, მაგრამ ინერციით მივყვები ბაჩოს. აბა, ფხიზელი რომ ვიყო, გოჩას ფანჯარაში დავუწყებდი ჭვრიტინს?..

– რა კაი სიმთვრალე გაქვს. – მითხრა ბაჩომ, როცა აივანზე გავედით. მე ისევ ვიცინოდი.

– მგონი, ვერასოდეს გავჩერდები… პროფესორის “კრანი”! პროფესორის “კრანი”! პროფესორის “კრანი”…

გავიმეორე სამჯერ და მომენტალურად დავსერიოზულდი.

– რა იყო ეს? ვინ პროფესორი? რა “კრანი”? – გაოცდა ბაჩო.

– გაატარე, მაინც ვერ გაიგებ!

– შენ მითხარი და გავიგებ თუ ვერა, ეგ ჩემი პრობლემაა!

– კაი… პატარა რომ ვიყავი, სადღაც 10-11 წლის, დედაჩემმა მე და ჩემი ბიძაშვილი – ელენე ვერტებროლოგთან წაგვიყვანა…

– ეგ რისი ექიმია?

– ხერხემლის რაა… აი, სქოლიოზს და რაღაცეებს რო მკურნალობს…

– ჰო, მერე?

– ძალიან გადაღრძუებული კაცი იყო! იქნებოდა სადღაც, ოთხმოცდაუკანასკნელის… თან, თვითონ კითხვის ნიშანს ჰგავდა, ჰოდა, მის ოთახში რო შევედით და დავინახეთ, მე და ელენეს ისეთი სიცილი აგვიტყდა, ვეღარც გავჩერდით… თან ყრუც იყო. ანკეტის შევსება დაიწყო და დედაჩემს უსვამდა კითხვებს.

დედამ ვერაფერი რომ ვერ გააგონა, ბოლოს მივიდა და ყურში ჩასძახოდა. მე და ელე პირსაბანთან ვიდექით და სარკიდან ვუყურებდით ერთმანეთს. ბოლოს ისეთი ისტერიკა დაგვემართა, რომ იმ კაცმა კაბინეტიდან გამოგვყარა. დედაჩემი გაგიჟებული იყო, ვეღარ გვაწყნარებდა. ხოდა, მაგის მერე მე და ელენემ დასაწყნარებელი მეთოდი მოვიფიქრეთ.

თუ უაზრო სიცილი აგვივარდებოდა, უნდა გვეთქვა “პროფესორის კრანი” და დავსერიოზულებულიყავით. ეტყობა, ფსიქოლოგიურად შთავინერგეთ თუ რა იყო, არ ვიცი, მაგრამ დღემდე, რამდენჯერაც სიცილი ამიტყდება და ამ ფრაზას ვამბობ, მაშინვე ვწყნარდები…

– რა იყო აქ გაუგებარი? – გაიცინა ბაჩომ.

– ჰე, რა ვქნათ ახლა?

ჩავჩურჩულე ბაჩოს და ნეფე-პატარძლის ოთახის ფანჯარას გავხედე.

– რა შორს ყოფილა!

– ჰოო, ქვემოდან არ ჩანდა ასე შორს…

ორივე მოაჯირთან მივედით. აივნის გაყოლებაზე, სადღაც ერთ მეტრში იყო ფანჯარა.

– ხედავ რამეს? სინათლე უნთიათ?

– ასე ახლოს ნუ მიჩურჩულებ ყურში, მეღუტუნება!

მითხრა ბაჩომ და მოაჯირიდან გადაიწია. მე უკნიდან მივუახლოვდი და წელზე ხელები შემოვხვიე.

– რას აკეთებ?

– გიჭერ! რო არ გადავარდე…

– შენ მე დამიჭერ გოგო? არა, ესე ვერ მივწვდები… ერთი ფეხი რო გადავყო მოაჯირს გარეთ? ხო დავინახავ?

– არა, არა! მეშინია! თან იმათ რომ დაგვინახონ? რა უხერხული იქნება…

– როგორ დაგვინახავენ? ქორწინების პირველ ღამეს ვინ იყურება გოგო ფანჯარაში?

– რა ვიცი, მაინც ასაკში არიან და იქნებ ჰაერის უკმარისობა სჭირთ?

– ჰაერის კი არა, სექსის უკმარისობა სჭირთ მაგათ! ახლა გასაქანს აძლევენ ალბათ ფანტაზიას და მარჯვე ხელებს…

პირზე ხელი ავიფარე და ფხუკუნი ავტეხე.

– აუუ, რა დროს სიცილია! თქვი დროზე ის პროფესორის ხერხემალი თუ რაღაც…

– აღარ შემიძლია… კაი, მიდი, გადაყავი ფეხი, ოღონდ მალე…

ბაჩომ მარჯვენა ფეხი მოაჯირის მეორე მხარეს გადაჰყო, მარცხენა ხელი მაგრად მოკიდა მოაჯირს, მარჯვენათი ფანჯრის რაფას გადასწვდა და ფანჯარაში შეიხედა. მეც ცოცხალი თავით არ ვუშვებდი ხელს.

– ჩანს რამეე? – ვკითხე ჩურჩულით.

– მოიცა, თვალი შეეჩვიოს…

– ჩქარა, ასე მგონია, ვიღაცა შემოვა!

ბაჩო უკანვე გადმობობღდა.

– სძინავთ!

– არ არსებობს!

– სძინავთ და…

– იქნებ უკვე ქნეს?

– ესე სწრაფად? კურდღელი ხო არაა ამხელა კაცი…

– რა ვიცი, შენ არ თქვი, სექსის უკმარისობა აქვსო?

ისევ აგვიტყდა სიცილი. ერთმანეთს პირზე ვაფარებდით ხელს. უცებ ბაჩომ წელზე ხელი შემომხვია, თავისკენ მიმიზიდა და მაკოცა. თავიდან შევეწინააღმდეგე, მერე მოვეშვი და თითქოს სადღაც ჩავიძირე. მერე პირიქით, საშინელი ვნება მომაწვა, ბაჩო კედელზე მივანარცხე და ახლა მე თვითონ ვაკოცე. მერე უცებ აზრზე მოვედი და ხელი ვკარი.

– რა არასტაბილურად იქცევი, თეა!

პიჯაკი შეისწორა და ისევ მომიახლოვდა. გული საშინლად მიცემდა. უცებ ვიგრძენი, როგორ გავორდი. ჩემში “მეორე მემ” გამოიღვიძა და პირველს ბრძოლა დაუწყო. არადა, პირველს ძალიან უნდოდა ბაჩოსთან…

– ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ბევრი დავლიე… პირველად, ისე შევედი ჩემი მეზობლის სახლში და ისე მაკოცა, რომ არაფერი მახსოვს! არ მინდა ახლაც რამე შემეშალოს! სანამ ამას ვხვდები, ჯობია დავამუხრუჭო!

– რამდენს ფიქრობ… არ გინდა სიმართლეს თვალი გაუსწორო და აღიარო, რომ ჩვენ შორის ეს მომენტი კარგა ხანია უკვე მომწიფდა!

– რომელი მომენტი?

– იცი რომელიც… და არ უარყო, რომ არ გინდა! თან, ვის გაუგია ქორწილი “პირველი ღამის” გარეშე? ის ცრურწმენა მაინც არ გაგიგია? – “ქორწინების ღამეს სიძის სახლში სექსი თუ არ იქნება, ცოლ-ქმარი სიამოვნებას ვერასოდეს იგრძნობს და ეს წყევლა ყველა მის სტუმარს გადაეცემაო?”

– მართლა? რა სისულელეა! პირველად მესმის…

– როგორ ყველაფერს იჯერებ! ახლა მოვიგონე. – გაეცინა ბაჩოს. მე კაბა გავისწორე და ოთახში შევბრუნდი. როლანდის გაღვიძებია. წიგნების კარადასთან იდგა შუბლით მიყრდნობილი. ხმაურზე თავი ოდნავ ასწია და რაღაც გაუგებარი წამოიძახა.

– აეეერომელი ხარ მანდა… სადა ვარ?..

ბაჩომ ხელი ჩამავლო და ოთახიდან სწრაფად გამიყვანა.

– ნაღდად ეფსია მაგას და ვერ ხვდება, სად არის…

– ვაიმე, მერე? ცოდოა! გაგვეყვანა ტუალეტში…

– ძაან გამტყვრალია! ვერ მიაღწევს ტუალეტამდე… შეიძლება ჩაფსმულიც იყოს უკვე… ეგ მათრევინე ახლა კიდე. თავის თავს დააბრალოს ხვალ! ზომა რომ არ იცის…

– რა ეგონა, იმხელა ყანწებით რო სვამდა?..

ბაჩომ მთელი სახლი შემომატარა. სათითაოდ აღებდა კარებს და ოთახებს ამოწმებდა, მაგრამ ყველგან ვიღაცას ეძინა. მე უცებ საშინელი დაღლა ვიგრძენი. ძილი საშინლად მომერია.

– ბაჩო, ძალიან დავიღალე…

– ვიცი, ვიცი! თავისუფალ ოთახს ვეძებ…

– მეეჭვება, რომ იპოვო!

– წამო მანქანაში! სადმე სასტუმრო როგორ არ იქნება?

– აქ რა უნდა სასტუმროს? სოფელში ვართ!

– ტრასაზე გავიდეთ და რაღაცას ვიპოვით.

– რას გადაეკიდე ამ სასტუმროებს? მანქანაში გადავწიოთ სავარძელი და იქ დავიძინოთ. არ გვინდა სასტუმრო!

– კარგი, როგორც იტყვი.

მე და ბაჩო უკანა ეზოში გავედით და მის მანქანაში ჩავსხედით. ბაჩომ ჩემი სავარძელი ბოლომდე გადასწია. თვალები თავისით მეხუჭებოდა და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ამ ყველაფერს სიზმარში ვხედავდი.

– შენთან ერთად ჯოჯოხეთშიც გამისწორდებოდა, ასე მგონია! იცი, რამეს რო ვაკეთებ, სულ შენზე ვფიქრობ. წარმოვიდგენ, რას მეტყოდი, როგორი სახე გექნებოდა…

– მართლა?..

– გეფიცები! ძალიან ცუდ ხასიათზე რომ ვარ, მარტო შენ შეგიძლია ჩემი გაცინება…

– შენ როდესმე ხარ ხოლმე ცუდ ხასიათზე?

– ყოველ ღამე! ძილის წინ… როცა წარმოვიდგენ, რომ შეიძლება შენ იყო ჩემ გვერდით და არ ხარ…

– კიდე მელაპარაკე, მსიამოვნებს…

ჩავილუღლუღე და ხელისგული ლოყის ქვეშ ამოვიდე. ბაჩომ პიჯაკი გაიხადა და დამაფარა. თან რაღაცებს მელაპარაკებოდა. დამეძინა. არეულ-დარეული სიზმრები მესიზმრებოდა. მერე, ძილში სასიამოვნო მოძრაობა შევიგრძენი და თვალები გავახილე. პირველი, რაც დავინახე, ხეები იყო, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით, ჯარისკაცებივით მიდიოდნენ ჩვენი მანქანის გასწვრივ…

უცებ გონება გამინათდა და გავაცნობიერე, რომ ხეები კი არ მიდიოდნენ, ჩვენ მივდიოდით…
წამოვჯექი და წინ გავიხედე. ტრასაზე ვიყავით.

– რომელი საათია? სად მივდივართ?

– გუგლის რუკაზე ერთი სასტუმრო ვიპოვე… თითქმის მივედით! ჯიპიესით მივდივართ.

– გაგიჟდი? რა სასტუმრო? ხომ გითხარი, არ მინდა-მეთქი…

– რა გჭირს, გოგო? დაიძინებ ადამიანურად, დილით შხაპს მიიღებ… რა იყო, ჩემი გეშინია? ცალ-ცალკე ავიღოთ ნომრები და ეგ იქნება!

– ხოდა, რატო უნდა გადაყარო ფული?

– იაფიანი სასტუმროა, ვნახე უკვე ინტერნეტში, დამშვიდდი…

პატარა, ორსართულიან სასტუმროს მალე მივადექით. ყველა ფანჯარა ჩაბნელებული იყო, შესასვლელის გარდა. ადმინისტრატორს ეძინა და ზარის ხმაზე მთქნარებით გამოვიდა. სანამ ბაჩო დარეგისტრირდა, მე ძველებურ ხის საათს შევხედე. ხუთი საათი იყო. სქელ თოკზე ჩამოკიდებული მრგვალი სფერო აქეთ-იქით ქანაობდა და მძიმე ხმას გამოსცემდა. ჩემი პატარაობა გამახსენდა.

ზუსტად ასეთი საათი ჰქონდა ბებიაჩემს და ინტერესით ვათვალიერებდი ხოლმე მის მექანიზმს.
ადმინისტრატორი გაჩეჩილთმიანი ბიჭი იყო. ბაჩოს გასაღებები რომ გადასცა, მე უცნაურად შემათვალიერა. ალბათ გაურკვევლობაში იყო და გონებაში სავარაუდო სცენარს ხაზავდა.

ერთი ღამისთვის მისული წყვილი რომ ვყოფილიყავით, ცალ-ცალკე ნომრებს არ ავიღებდით… თან, მე საღამოს კაბაში ვიყავი გამოწყობილი, ბაჩო კლასიკურ შარვალ-კოსტიუმში (დამავიწყდა, რომელი ბრენდის).

– რამე ხომ არ გნებავთ?

– ჯერ არა! დილით საუზმის საშუალება იქნება?

– რა თქმა უნდა! გნებავთ, ნომრებში მოგართმევთ… 22 22-ზე დარეკეთ და შეუკვეთეთ. ტელეფონი ნომერშია.

– მადლობა!

მე და ბაჩო მაღლა ავედით. მე მგონი, ჩვენ გარდა ამ სასტუმროში არავინ იყო.

– კიდე ექვსი და ცხრა ნომრები ხომ არ აიღე?

– არაა! თარსია ეგ ორივე… შენი რვა ნომერია, ჩემი ათი. რომელი გინდა?

– სულერთია!

– აიღე რომელიმე!

– კაი, რვა მომეცი…

ბაჩოს გასაღები გამოვართვი და ჩემი ნომრის კარი გავაღე.

– აბა, ძილი ნებისა! დაისვენე…

მითხრა ბაჩომ და თავისი ოთახისკენ წავიდა.

– მოიცა!

– ჰო…

– შემოდი…

– შენთან? დარწმუნებული ხარ? – სახე გაუნათდა ბაჩოს.

– არა…

ვთქვი, ღრმად ამოვისუნთქე და უკანსვლით შევედი ნომერში. ბაჩოც შემომყვა, კარი დაკეტა და ერთ წამში უკვე პირისპირ ვიდექით. ცხვირთან მის თბილ სუნთქვას ვგრძნობდი. აღელვებისაგან ლამის გული საგულედან ამომივარდა. არც ბაჩო იყო კარგ დღეში… ჯერ თითებით შემეხო ტუჩებზე, მერე მაკოცა და ხელში ამიყვანა. ინერციით საწოლისკენ წავედით. ჩემმა “მეორე მემ” უკანასკნელად გაიბრძოლა და ბოლოს ისიც მიენდო ბედს…

25. ვნებიანი ღამე სასტუმროში

ბაჩომ თმა გადამიწია და ყურთან ახლოს მაკოცა. მერე ნელ-ნელა ტუჩებისკენ წამოვიდა. მე კედელს ავეკარი. მთელი სხეული მიკანკალებდა…

უცებ ხელში ამიყვანა და საწოლზე დამაწვინა, თვითონ ზემოდან მომექცა და ჩემი კოცნა გააგრძელა. თან, მარჯვენა ხელით კაბის შესაკრავს დაუწყო ძებნა.

– შუქს არ ჩააქრობ? – ჩავჩურჩულე ყურში.

– არა! მინდა, რომ გხედავდე…

ბაჩომ კაბის თასმების გახსნა დაიწყო, მაგრამ ნერვებმა უმტყუნა. უცებ ფხრიწინი გამესმა და ვიგრძენი, როგორ შემომახია კაბა. თან გაუჩერებლად მკოცნიდა. ასეთი აგზნებული არასოდეს მინახავს…

მე გული საშინლად მიცემდა. მგონი, ჩემი ქორწინების პირველ ღამეს არ მინერვიულია ამდენი, როგორც ახლა. ეს გაჩახჩახებული სინათლეც მძაბავდა…

ბაჩომ ალბათ იგრძნო, წამოდგა და ჩააქრო. ფანჯრიდან მთვარის შუქი შემოდიოდა და საწოლს ეცემოდა. ნერვიულობისაგან სიცივემ ამიტანა. ბაჩომ პერანგი გაიხადა, გვერდით დამიწვა და მთელი სხეულით მომეკრო.

მისი სიმხურვალე ცივ კანზე საშინლად მესიამოვნა. თვალები დავხუჭე. ბაჩოს გახშირებული სუნთქვა მესმოდა და მის სუნამოს სუნს ვგრძნობდი. ამ ყველაფერს ერთად ვეღარ გავუძელი და დაგროვილმა ვნებამ ამოხეთქა. საკუთარ თავზე კონტროლი მთლიანად დავკარგე.

გარეთ დაიქუხა და ოთახი ელვამ წამიერად გაანათა. მერე კიდევ რამდენჯერმე დაიგრუხუნა და წვიმამაც დაუშვა. მგონი, ბუნებასაც კი გაუხარდა ჩვენი ამბავი და რომანტიკული საჩუქარი გაგვიკეთა.

არ ვიცი, რამდენი ხანი არ გვეძინა და არც ის მახსოვს, როდის დავიძინეთ. დროის შეგრძნება დაკარგული მქონდა. წვიმა არ გაჩერებულა და ვერ მივხვდი, როდის გათენდა.

ყავის სუნმა გამაღვიძა. თვალები გავახილე და ბაჩო დავინახე, რომელიც საწოლზე ჩამომჯდარიყო და ხელში ყავის ჭიქა ეჭირა.

– შუადღე მშვიდობისა, ჩემო “პანტერა”!

– ნუ დამცინი! რომელი საათია?

ვკითხე და საწოლში წამოვჯექი.

– ოთხის ნახევარია!

– რას ამბობ? კი მაგრამ, ასე რატო ბნელა?

– მოღრუბლულია და ისევ წვიმს… აჰა, გამომართვი! საშინელი ყავაა, მაგრამ სხვა არა აქვთ…
ბაჩომ ჭიქა გამომიწოდა. მკერდზე საბანი ავიფარე, ყავა გამოვართვი და მოვსვი.

– ჰო, ყავის მეტი ყველაფერია…

– ნეტა ჩაი მეთქვა! საუზმე შენ გარეშე არ შევუკვეთე… დავრეკავ ახლა და ვეტყვი, ჩაიც ამოიტანონ.

– რაღა დროს საუზმეა, შეგვიძლია პირდაპირ ვისადილოთ. – გამეცინა.

– მოდი, დღესაც დავრჩეთ! საერთოდ არ გამოვძვრეთ ლოგინიდან.

– არა, არ შემიძლია! სახლში უნდა წავიდე…

– ეჰ…

ყავის ჭიქა ტუმბოზე დავდგი და საწოლიდან წამოვდექი.

– მე აბაზანაში შევალ! შენ მანამდე რამე შეუკვეთე… ჩემთვის სულერთია. მაგრამ აი, ამ გახეული კაბით როგორ უნდა გამოვჩნდე, არ ვიცი…

– ჩემს პიჯაკს მოგახურავ, ვითომ შეგცივდა. ვინ რას მიხვდება? გზად შევიაროთ სადმე და რამეს გიყიდი…

– სოფელში რას მიყიდი? ჩითის ჭრელ ხალათს?

– შენ სოფლის ხალათშიც მშვენიერი იქნები!

გამეცინა და აბაზანაში შევედი. წყალი მოვუშვი და შხაპის ქვეშ დავდექი. მესმოდა, როგორ დარეკა ბაჩომ და როგორ შეუკვეთა საუზმე. ერთჯერადი შამპუნი გავხსენი და თავზე დავისხი. თვალდახუჭული ვიდექი წყლის ქვეშ და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემი სხეული მარტო მე აღარ მეკუთვნოდა…

რაღაცნაირად არ მჯეროდა, რომ ეს მოხდა. ეს გარემოც, ამინდიც… ყველაფერი ძალიან უცხოდ მეჩვენებოდა და ასე მეგონა, თითქოს მე – მე კი არ ვიყავი, არამედ ჩემი ერთ-ერთი ალტერნატიული “მე”-ს რეალობაში მოვხვდი…

სასტუმროს ნომერში საღამომდე დავრჩით. მერე ჩემი გახეული კაბა ჩავიცვი და ბაჩოს პიჯაკში გავეხვიე. დაბლა რომ ჩავედით, ადმინისტრატორმა ბიჭმა რაღაცნაირი, ირონიანარევი მზერა გამომაყოლა.

ალბათ, გულში ფიქრობდა, რომ მეორე ნომერი ალიბისთვის ავაღებინე ბაჩოს.

ჩანთა და მობილური მანქანაში დამრჩენია. ექვსი გამოტოვებული ზარი მქონდა. აქედან ორი მაიკოსგან, რომელიც ალბათ ორივეს გვეძებდა და დანარჩენი ოთხი გოჩასგან.

– შენ არ დაგირეკეს?

ვკითხე ბაჩოს და ღვედი გადავიჭირე.

– მე მობილური გამორთული მქონდა! შენ რომ ბანაობდი, მაშინ გადავურეკე გოჩას და ვუთხარი, რომ სასმელმა გაწყინა და სახლში წაგიყვანე…

– რა კარგად მოგიფიქრებია…

ბაჩომ თვალი ჩამიკრა და მანქანა დაქოქა. ნეტა ახლა რას გრძნობს? ცოტა შეცვლილივით მეჩვენება… იმედია, მარტო მეჩვენება და ხელში მამაკაცის სტანდარტული ვარიანტი არ შემრჩება.

– თე, რაღაც მინდა გკითხო!

– მკითხე მერე…

– სახლში რომ მიხვალ და გადახარშავ ამ ყველაფერს… და რომ ინანო… როგორ მოიქცევი?

– რატომ უნდა ვინანო? იმ წუთებში მოვიქეცი ისე, როგორც საჭიროდ ჩავთვალე. მთავარი ეს არის, რომ მაშინ ასე მინდოდა. საკუთარ გადაწყვეტილებებს პატივი უნდა სცე… შენ რატომ მეკითხები ამას? ხომ არ ნანობ?

– ყველაზე სანუკვარი ოცნება ამიხდა და როგორ ფიქრობ, ვნანობ? უბრალოდ, არ მინდა, რომ შენ ინანო… უფრო სწორად, მეშინია…

– არ გვინდა წინასწარ ამაზე ლაპარაკი. აზრი არა აქვს! ეს სექსი შენ არავითარ პასუხისმგებლობას არ განიჭებს! როგორც ორივეს გვენდომება, ყველაფერი ისე იქნება… აღარ იფიქრო ამაზე!

– ამიტომაც მიყვარხარ!

ბაჩო ჩემკენ გადმოიხარა და მაკოცა. გზაში რაღაც სავაჭრო სახლი შეგვხვდა. ბაჩო გადავიდა და დაახლოებით ნახევარ საათში პარკით ხელში დაბრუნდა.

– მე მგონი, მოგერგება!

პარკიდან მწვანე ფერის თხელი კაბა ამოვიღე და მანქანაშივე ჩავიცვი. წვიმა ისე ასხამდა, რომ ვინმეს რომც ჩაევლო მანქანასთან, მაინც ვერაფერს დაინახავდა.

სახლში დედაჩემი, ბავშვები და ლევანი დამხვდნენ. ასე მეგონა, შუბლზე მეწერა, სად და ვისთან გავატარე გუშინდელი ღამე და საშინლად დავიძაბე. ყველას მივესალმე და საძინებლისაკენ წავედი. ლევანი უკან გამომყვა.

– მშვიდობაა?

– რატომ მეკითხები?

– კაბა გამოგიცვლია.

– შენ ხო ვერაფერს გამოგაპარებს კაცი…

– ეს სად იყიდე?

– ვიყიდე? – კითხვა შევუბრუნე ლევანს და სანამ პასუხს მოვიფიქრებდი, ფეხსაცმლის გახდა დავიწყე.

– ჰო, იარლიყი ზედ გკიდია!

ჯანდაბა! იარლიყის მოძრობა საერთოდ არ გამხსენებია.

– მართლა?.. გუშინ ქორწილში ისეთი ჩხუბი ატყდა… მეც ჩემი ჭკუით გაშველება მინდოდა და მთვრალი კაცების ჯაჯგურს ჩემი კაბა შეეწირა. მერე, გზად, მე და მაიკომ შევიარეთ რაღაც მაღაზიაში და იქ ვიყიდე…

მეც არ ვიცი, საიდან მოვიფიქრე ასეთი რამ, მაგრამ, მგონი, ლევანმა დაიჯერა. მეც შვებით ამოვისუნთქე.

– დედაჩემს არ უთხრა რა, ისედაც ყველაფერზე ნერვიულობს!

– არა, რა უნდა ვუთხრა. ბავშვები ჩვენებთან მყავდა… რადგან მოხვედი, წავალ ახლა მეც…

– რა გეჩქარება? ვივახშმოთ!

– არა, არ მშია! ბიჭებს გავუვლი. სანამ წავალ, ყველას ნახვა მინდა მოვასწრო. დედაშენსაც გავიყოლებ ბარემ.

– კარგი მაშინ…

ლევანი და დედა გავაცილე და ბავშვები დავაწვინე. კონკიას ზღაპარი წავუკითხე და ფინალზე გული ამიჩუყდა. საკუთარ თავზე გამეცინა. ახლა მეც რომანტიკული და ემოციური რომ გავხდე…

ჩემს საძინებელში შემოვედი, გავიხადე, მუსიკა ჩავრთე და დავწექი. მობილურს დავხედე. ბაჩოს არ დაურეკავს, არც მესიჯი მოუწერია… ყოველი შემთხვევისთვის “ფეისბუქიც” შევამოწმე. იქაც არაფერი…

მაიკოს გუშინდელი ქორწილის სურათები დაუდია. რა მხიარული სახეები გვაქვს მე და ბაჩოს სურათებში. ყველგან ვიცინით. ამ მომენტში აზრზეც არა ვართ, რა მოხდება ჩვენ შორის რამდენიმე საათის შემდეგ…

დილით მაღვიძარამ გამაღვიძა. ბავშვები სკოლაში წავიყვანე და სახლში ამოვბრუნდი. ყავა გავიკეთე და სამზარეულოს ფანჯრიდან გავხედე საბავშვო ბაღის შენობას. კარგა ხანს ვუყურებდი, როგორ მიჰყავდათ მშობლებს ბავშვები და თან ყავას ვწრუპავდი. ბაჩოს მესიჯი არც დილით მომსვლია. ნეტა სპეციალურად არ მწერს თუ?..

არ მინდა ამაზე ფიქრი! ლევანის ჩამოტანილი შარვალი და ზედა ჩავიცვი და სამსახურში წავედი. პირველად მაიკოს სანახავად გავემართე. ბაჩოს კაბინეტის კარი მიხურული იყო. ალბათ, ჯერ არ მოსულა.

– გამოჩნდიი? გირეკავდი, გოგო… მერე გოჩამ მითხრა, ცუდად გამხდარა, სძინავს და არ გააღვიძოო…

– ჰო, ბევრი მეძინა! შენ ვინ წამოგიყვანა?

– გოჩას ძმიშვილებმა წამომიყვანეს!

– ბაჩო არ მოსულა, ხო? ალბათ, სძინავს მაგასაც…

– როგორ არა! მოვიდა, დაახლოებით ნახევარი საათი იქნება. თავის ოთახშია.

გული შემეკუმშა. არც გამომიარა, არც დამირეკა! როგორ არ მინდა ვიფიქრო, რომ… არა, არა! ამაზე
ფიქრიც კი არ მინდა!

– ყავა გაგიკეთო?

– არა, მაი… დავლიე სახლში. მადლობა!

– გოგო, ეს იზოლდა კაი ენაჭარტალა ყოფილა! ფსიქოლოგი ეძახე შენ…

– რატომ?

– თავის დაქალს უყვებოდა დილით გოჩაზე, სექსის დროს სულ ფეხის თითები ეკვანძება ხოლმეო…

– შენ რა იცი?

– შემთხვევით გავიგონე!

– საწყალი გოჩა! რა მწარეა ფეხის თითების კრუნჩხვა… თუ რაც ჰქვია…

– ჰო, გოგო! ვინ იცის, იქნებ იმ ქეჩებითაც მაგიტომ დასრიალებდა?..

– არა მგონია, ეგ რამე კავშირში იყოს! კაი, გავალ ცოტა ხნით, ბაჩოს ვნახავ…

ვუთხარი მაიკოს და ბაჩოს კაბინეტისაკენ წავედი. მის კართან ცოტა ხანი გავჩერდი და ვფიქრობდი, შევსულიყავი თუ არა. ბოლოს გულმა აღარ მომითმინა და კარი შევაღე. ბაჩო კომპიუტერთან იჯდა და რაღაცას ბეჭდავდა… ზუსტად ისე, როგორც ამ რამდენიმე დღის წინ. მთლიანად ჩართული იყო და კარის გაღების ხმაც ვერ გაუგია. მხოლოდ მაშინ შემამჩნია, როცა მის მაგიდას მივუახლოვდი. თავი რომ ასწია, შეცბა და დაიბნა.

– ვა, თე… როდის მოხვედი? ვერ გავიგე…

არაფერი არ მითქვამს, ვუყურებდი და ვცდილობდი, მის მზერაში დამეჭირა ის რაღაცა, რისი ეჭვიც გამიჩნდა…

სკაიპიდან გამოსვლის ხმა გავიგონე.

– ცუდ დროს შემოვედი… გავალ!

შევბრუნდი და კარისკენ გადავდგი ნაბიჯი. ბაჩო მაგიდიდან ადგა და ჩემკენ წამოვიდა.

– არა, არა! ჩემს ესპანელ კომპანიონს ვწერდი… ძლივს შემოვიდა სკაიპში.

– გავიდოდი მე, რატო დახურე?

– უკვე ვემშვიდობებოდი, შენ რომ შემოხვედი. გამოიძინე?

– რა ვიცი, კი…

– მე მივედი თუ არა გუშინ სახლში, ეგრევე გავითიშე… შენ ალბათ გაგიკვირდა, რომ აღარ შეგეხმიანე, ხო?

– არ გამკვირვებია!

– გეწყინა?.. კი, გეწყინა…

ბაჩომ გამიღიმა და წელზე ხელები შემომხვია.

– აქ არ ღირს… შემოვა ვინმე!

– ვინც უნდა, ის შემოვიდეს! მე დასამალი არაფერი მაქვს!

– მე მაქვს სამაგიეროდ. არ მინდა, ჭორაობა დაიწყონ ლეილა-მეილებმა…

– იცი რა მემართება ხოლმე, რამდენჯერაც გამახსენდები? მთელ ტანში ჟრუანტელი მივლის! ჩემი ნება რომ იყოს, ერთი კვირა არ გამოგიშვებდი ოთახიდან!

– ბაჩო…

– კარგი, კარგი… როდის იქნები კიდევ ჩემთან?

– ახლაც შენთან ვარ!

– ესე არა… მარტო მე და შენ რომ ვიყოთ, ისე…

– არ ვიცი…

ბაჩოს ხელი გავაშვებინე და კარისკენ გავემართე.

– ლანჩზე გნახავ!

– არც მაკოცებ? ისე მიდიხარ?..

ბაჩომ ისევ შემაჩერა და მაკოცა.

– აი, ისევ… გეხები თუ არა, საშინლად ვიგზნები…

– ჰოდა, იმიტომ გითხარი, აქ არ ღირს-მეთქი!

ბაჩოსგან თავი გავითავისუფლე და ჩემი კაბინეტისაკენ გავემართე. გონებიდან არ ამომდიოდა ბაჩოს სახე… ნეტა ვის წერდა ასე გამწარებული? მაშინაც, შევედი თუ არა, სასწრაფოდ დახურა ფანჯარა. რაღაცნაირად არ მესიამოვნა ეს ყველაფერი. კიდევ კარგი, ბევრი საქმე მქონდა და გადავერთე. ლანჩის დრო რომ მოვიდა, ბაჩომ კორპორატიულ ჩატში ყვავილი გამომიგზავნა. მე ღიმილი მივწერე… იმან გული, მე ისევ ღიმილი… არ გასულა ორი წუთი, რომ ბაჩო შემოვიდა.

– წამოხვალ ლანჩზე?

– ჩადი შენ და მეც მალე მოვალ. ამ სტატიას ჩავიკითხავ ბოლომდე…

– არა, დაგელოდები!

ბაჩო ფანჯარასთან მივიდა და რაფას დაეყრდნო.

– რისთვის უნდა მელოდო?

– რას ჰქვია, რისთვის? აი, ვიცოდი, რომ გეწყინა… დილით რომ არ გამოგიარე, ეგ, ხომ?
დარწმუნებული ვარ, ათას საშინელებას ფიქრობ ჩემზე…

– არ ვფიქრობ საშინელებებს!

ვთქვი და მაგიდიდან ავდექი.

– დილით დედაჩემი გავიყვანე ანალიზებზე და იმიტომ ვერ დაგირეკე… ვიფიქრე, აქ დამხვდებოდი უკვე. რომ მოვედი, ხორხემ დამირეკა, სკაიპში შემოდიო და ეგრევე მაგას დავუწყე ლაპარაკი…

– ნუ იმართლებ თავს, ბაჩო! გუშინაც გითხარი და კიდევ გაგიმეორებ, რომ არავითარი პასუხისმგებლობა და ვალდებულება არ გაქვს ჩემ წინაშე! როგორც მოგინდება, ისე უნდა მოიქცე… ჩვენ ისევ თავისუფლები ვართ!

– ეგრე ნუ ამბობ! მე შენთან მინდა ვიყო… მინდა ვიყო შენი ნაწილი და ამით ვიამაყო…

– წავედით…

გავუღიმე ბაჩოს და ჩანთა ავიღე. ის მომიახლოვდა და ჩამეხუტა. ისე ჩამეხუტა, როგორც იქ, იმ სასტუმროში… წამიერად კინაღამ დამავიწყდა, სად ვიყავი… ახლა კიდევ უფრო მეტად მომინდა მასთან ერთად ყოფნა.

ოთახიდან რომ გამოვედით, გამახსენდა, რომ უნდა მეთამაშა, ვითომ ჩვენ შორის არაფერი ხდება და მაქსიმალურად შემენიღბა ჩემი გრძნობები… სასადილოშიც ძალიან გამიჭირდა გულგრილი სახით ჯდომა თანამშრომლებთან ერთად და მათ კბილიან თუ უკბილო ხუმრობებზე სიცილი.

მივხვდი, რომ ამ ყველაფერს მარტო ვეღარ დავიტევდი და ვიღაცისთვის უნდა გადამეშალა გული.
ამიტომ რაღაც მოვიმიზეზე და სამსახურიდან ადრე გამოვედი. სასწრაფოდ ელენე უნდა მენახა. მხოლოდ ეგ თუ მიშველიდა ახლა…

26. ცოტა რამ სექსის შესახებ

ელენემ სამსახურში გამომიარა და კაფეში წავედით. ყველაფერი რომ მოვუყევი, შვებით ამოვისუნთქე და ცოტა დავმსუბუქდი. ელენეს დიდი გამოცდილება აქვს ამ საკითხში და ჩემგან განსხვავებით, არც კომპლექსები აწუხებს.

– გოგო, რო გაიღვიძე, რა დაგახვედრა?

– საშინელი ყავა, მაგრამ შენ წარმოიდგინე, ესეც მოუხდა იმ სიტუაციას.

– ყვავილები?

– ყვავილს საიდან მოიტანდა იქ? თან ხო იცი, არ მიყვარს ეს რომანტიკული წიაღსვლები… ძალიან ხელოვნური მეჩვენება და მაღიზიანებს…

– ჰო, ისე, არც მე მიყვარს! რომანტიკას ეროტიკა არ ჯობია?
გაიცინა ელემ.

– ახლა მითხარი, როგორ იყო?

– რავი, სხვანაირი… ძალიან უცნაური შეგრძნება მქონდა! თითქოს ეს ყველაფერი ჩემს თავს არ ხდებოდა…

– მეც ეგეთი შეგრძნება მქონდა პირველად… მაგრამ შენ წარმოიდგინე, ქმართან სექსისთვის არ შემიდარებია. ისე, რომ ამბობენ, კაცი ცოლს არ უღალატებს, თუ საწოლში ერთმანეთს ეწყობიან და კარგი სექსი ექნებათო, – ეგ ტყუილია! არ არის აუცილებელი, იმის გამო უღალატო ცოლს, რომ მასთან ცუდი სექსი გაქვს. შეიძლება სუფთა ტექნიკურად მაღალი ხარისხის სექსი გქონდეს, უბრალოდ, გბეზრდება ერთფეროვნება და ეგაა… სხვანაირიც გინდება.

– მაგას რაზე ამბობ?

– რაზე და ჩემი ქმარი რო მღალატობდა, ტირილით თავს ვიკლავდი და ოცდაოთხი საათი იმაზე ვფიქრობდი, რითი მჯობია ის გოგო-მეთქი. სინამდვილეში არაფრითაც არ მჯობდა! არაფრით… უბრალოდ, გაჟიმა რა! ჩვენ კიდევ, მოვთქვამთ და თავს ვიკლავთ, რომ ვიღაცაში გაგვცვალეს. არადა, ღალატი გაცვლა არ არის.

აი, სანამ გავთხოვდებოდი, ერთ ბიჭს შევხვდი, პაემანი გვქონდა და იმან მითხრა, კაცებისთვის სექსი სპორტული ინტერესივით არისო. ჰოდა, მაგის მერე აღარც შევხვედრივარ იმ ტიპს. ახლა ვხვდები, რომ მართალი იყო. უბრალოდ, ქალები სხვანაირად აღვიქვამთ ყველაფერს და ჩვენთვის სექსი ემოციებთან და გრძნობასთან უფრო ახლო კავშირშია, ვიდრე მამაკაცებისთვის… იმიტომაც ვერ გპასუხობდი, რომ მეკითხებოდი, ქმართან უფრო კარგი სექსი გქონდა თუ ამასთანო. ვერ შევადარებ!

– ხო, ვხვდები, რასაც ამბობ! ალბათ, მაგიტომაც ითვლება ცოლის ღალატი უფრო საშინელებად… ცოლი როცა ღალატობს, აუცილებლად რაღაც გრძნობა აქვს იმის მიმართ, ვისთანაც ღალატობს…

– ჰო! გოგო, დღეს გააქტიურებული იყო ბაჩო? რა შეატყვე?

– არ ვიცი, ელე… რაღაც უცნაური მომეჩვენა! რაც საქართველოში დაბრუნდა, დილაობით გამომივლიდა ხოლმე მანქანით და ერთად მივდიოდით რედაქციაში, მაგრამ დღეს არ დაურეკავს. სამსახურში რომ მივედი, უკვე იქ დამხვდა და თან ვიღაცას სწერდა სკაიპში… რო შევედი, სასწრაფოდ დახურა.

– ეგ უკვე აღარ მომწონს! რაო, გითხრა რამე?

– გუშინ, სახლში რომ მივედი, ეგრევე დამეძინაო და დილით დედაჩემი წავიყვანე ანალიზებზე და იმიტომ ვერ დაგირეკეო.

– შეიძლება ეგრეც იყო. შენ რას გიგრძნობს გული?

– დაბნეული ვარ! ამას წინათაც სწერდა ვიღაცას და ზუსტად ეგრე დახურა ფანჯარა, მე რომ შევედი…

– ხოდა, ხვალ რამე მოიმიზეზე და ლანჩზე ცოტა გვიან ჩადი. ყველანი რო წავლენ, შეიარე მაგის კაბინეტში და სკაიპის ისტორია ნახე უცბად.

– გაგიჟდი? არ შემიძლია ეგეთი რაღაცის გაკეთება! ლევანისთვის არ გამიქექია არასოდეს სოციალური ქსელი და არც მობილური… გართულება მაქვს ეგეთ რაღაცებზე! თან კიდე, ვისაც უნდა, იმას მისწეროს, ჩემი ქმარი ხომ არ არის, რომ ვაკონტროლო?

– არ არის, მაგრამ ეგეც თუ მორიგი ნაძირალა აღმოჩნდა, რომელსაც შენი საწოლში შეთრევა უნდოდა და მაგისთვის ჩალიჩობდა, მაშინ საერთოდ დამეკარგება წარმოდგენა მაგ ბიჭზე!

– მეც დამეკარგება, მაგრამ არავინ ვიცით, ვინ რა თვისებებს გამოავლენს მომავალში და როგორ მოიქცევა. ამიტომაც არ უნდა ამყარებდე იმედებს არავისზე. ნერვიულობა არ ღირს! ისე, რო დაუკვირდე, ნერვიულობა ყველაზე ფუჭი განცდაა. რაღაც არ მომხდარა ჯერ და ვნერვიულობთ. წინასწარ რატომ უნდა ინერვიულო, როცა არ იცი, რა მოხდება? არც მერე, როცა რაღაც მომხდარია უკვე… ნერვიულობით ვერაფერს შეცვლი და გამოდის, რომ საერთოდ არ უნდა ინერვიულო არაფერზე.

– ჰო, მაგრამ როდის იყო, ადამიანის ემოციები გონებას უჯერებდა? თუ ეგრე აღმოჩნდა საქმე ბაჩოსთან დაკავშირებით, წესით, მალევე მიხვდები. ეცდება, რომ ნელ-ნელა დისტანცია დაიცვას, გაცივდება, გაუხეშდება…

– ჰო, რა ვიცი… ვნახოთ.

– მთავარია, ეჭვიანობა არ დაიწყო ახლა შენ და არ დაძაბო. ხო იცი, ვერ იტანენ კაცები კონტროლს… თუმცა, შენ არ ხარ ეჭვიანი! ზოგჯერ რამე რო შეეშლება, უნდა გაატარო და აპატიო. ამითი უფრო მოიგებ! ხო იცი, ქალები რა კეთილები ვართ? ჩვენ შეგვიძლია ვაპატიოთ კაცს მაშინაც, როცა დამნაშავე არ არის!

– შენი ვალტორნისტი რას შვრება?

– უბერავს და არის… ძალიან ეჭვიანია, გოგო! რამდენჯერმე ისე გამიჭედა, რო მალე ალბათ დავემშვიდობები. მაგისი ნერვები მაქვს? მივლინებაში იყო წასული და დავისვენე, რასაც ჰქვია! მაგრამ ძალიან ადრე ჩამოვიდა. მოულოდნელად დამადგა სახლში და მეკითხება, რა ხდებოდა კარგი, სანამ მე წასული ვიყავიო? მე ვუთხარი, შენ რომ წასული იყავი, ყველაფერი კარგად იყო-მეთქი და დაიგრუზა.

– შენც რა მწარე ენა გაქვს!

– წესით, ათი დღის მერე უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ მესამე დღეს არ გამომეცხადა? დაასტუკა და უკან გამოიქცა თუ რა ქნა იქ, ვერ გავიგე… მე ვფიქრობ, მომატყუა, 10 დღით მივდივარო. აინტერესებდა, რას გავაკეთებდი მის არყოფნაში…

– იქნებ საერთოდ არ წასულა და ის სამი დღეც აქ იყო?

– შეიძლება ეგრეც იყო, მაგაზე კი არ მიფიქრია… თუ ეგრე იყო, მაშინ პათოლოგი ყოფილა და ეგ არის!

– შეგიძლია სკოლასთან დამტოვო?

– კი, როგორ არა! მეც მანდეთ მოვდივარ!
მე და ელენე კაფედან ერთად გამოვედით. ბავშვები გამოვიყვანე და სახლში წავედი. საღამოს ბაჩომ დამირეკა. შეხვედრა უნდოდა, მაგრამ უარი ვუთხარი, ვერ მოვახერხებდი… მობილური გავუთიშე თუ არა, ლევანმა დარეკა. რესტორანში პატარა სუფრა გავაკეთე და შენ და ბავშვებიც მოდითო. ალბათ, ნათესავ-მეგობრები შეკრიბა. სანამ წავა, უნდა, რომ ყველა ნახოს.

ბავშვებს ჩავაცვი, მეც ჩავიცვი და რესტორანში წავედით. ძირითადად, ლევანის მეგობრები იყვნენ. კიდევ კარგი, თორემ ნათესავების თავი არ მქონდა. დამიწყებდნენ, როგორ დასწყდათ გული, ერთმანეთს რომ დავშორდით. ისედაც ძლივს გადავლახე ეს მომენტი…

სტუმრებს შორის სანდროც იყო. კიდევ კარგი, ყოფილი ცოლის გარეშე. ლევანი და სანდრო ბოლო პერიოდში მეგობრობდნენ. სანდრომ რომ დამინახა, თვალები გაუბრწყინდა და ხელი დამიქნია, აქ დაჯექიო.

სანდროსთან დავჯექი და ბავშვებიც გვერდით დავისვი.

– როგორ ხარ?

– კარგად. შენ რას შვრები, სანდრო?

– მეც არა მიშავს… კარგად გამოიყურები!

– მადლობა.

– მაკა ხომ არ გიშლის ნერვებს? რას შვრება? აგიჟებს იქ ყველას?

– ხშირად ვერ მივდივარ კლუბში. ახლა სპექტაკლის დადგმას ვაპირებთ…

– აუჰ, მაკას რა როლი აქვს?

– ჯერ არ ვიცით…

– გველეშაპი კარგად გამოუვა. – გაეცინა სანდროს.

ჩვენ პირდაპირ ლევანის ყოფილი თანამშრომელი იჯდა და სოციალურ ქსელებს განიხილავდა.

– შეგიძლია ადამიანებზე დაკვირვებებიც აწარმოო! მომენტალურად იგებ, ვინ როგორ ხასიათზეა, სად არის, რას უსმენს, რას უყურებს… ეს საჭმლის ფოტოები ხო საერთოდ, მკლავს! რასაც გააკეთებენ სახლში გოგოები, სურათებს უღებენ. კაცი გურმანი თუ ხარ, პირდაპირ კულინარიული გემოვნების მიხედვით შეგიძლია აარჩიო ცოლი.

– შენ გაქვს ფეისბუქი? – ვკითხე სანდროს.

– არა! გავაუქმე. ვერ დავუჭირე მუღამი. ჰო, მართლა! რაღაც უნდა გითხრა. რაღაცა გავიგე და დარეკვას ვაპირებდი…

– ჩემთან?

– ჰო…

– რამე მოხდა?

– ჩემი თანამშრომელი, ჩემი მეგობარია თან, იმ კლუბის მეპატრონის დის ქმარი აღმოჩნდა…

– მართლა?

– ჰო… და შენ სადაც მუშაობ, მაგ ჟურნალის მფლობელიც ეგ არის! იმ რესტორნიდანაც ჰქონია წილი და ჩემი და სხვა თანამშრომლების მეილები ამ ჩემს მეგობარს მიუცია… იცოდი შენ ეგ?

შევცბი. ძალიან დავიბენი და არ ვიცოდი, რა მეპასუხა.

– კი, სულ ცოტა ხნის წინ გავიგე…

– აქ არის ხო, ის ტიპი? ჩამოვიდა?

– ბაჩო? – კი, ჩამოვიდა!

– ეგ რო გავიგე, თავიდან ვიფიქრე, რომ რაღაცას აჩალიჩებდა, მაგრამ ძალიან წარმოუდგენელია. საიდან გაიგებდა ჩემ შესახებ? ან შენ წაგიყვანდი თუ არა იმ რესტორანში? შანსი არაა, მაგრამ ძალიან უცნაურად დაემთხვა, რაც მართალია, მართალია…

– ჰო, მართლა ძალიან უცნაურად დაემთხვა…

– მარტო ჩამოვიდა თუ ცოლთან ერთად?

– ვინ?

– ეგ ტიპი, ბაჩო, თუ რაც ჰქვია!

– ბაჩოს არ ჰყავს ცოლი.

ვუთხარი სანდროს და უსიამოვნოდ შემაჟრჟოლა.

– როგორ არ ჰყავს! არ იცოდი? ესპანელი ცოლი ჰყავს. იქ მოუყვანია…

უცებ თვალები დამებინდა და სიმწრის ოფლმა დამასხა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გულში დანა ჩამარტყეს.

– დარწმუნებული ხარ? ვინ გითხრა?

– ჩემმა თანამშრომელმა. ხომ გითხარი, მაგისი სიძეა-მეთქი…

თვალწინ ის სცენა დამიდგა, სკაიპში რომ სწერდა ვიღაცას გამწარებული და რომ მითხრა, ჩემი ესპანელი კომპანიონი იყოო… ახლა ყველაფერი ნათელია. ახლა უკვე ვიცი, ვისაც სწერდა და რატომაც დახურა ფანჯარა.

ამის დაჯერება არ მინდოდა. არ მინდოდა, დამეჯერებინა, რომ რასაც ბაჩო მეუბნებოდა, მხოლოდ და მხოლოდ ფარსი იყო და ჩემი საწოლში შეთრევა იყო მისი მიზანი.

ისე ავღელდი, რომ ხელები ამიკანკალდა.

– რა გჭირს?

– არაფერი…

ვუპასუხე და საპირფარეშოში გავედი. სარკის წინ ვიდექი და ჩემს თავს ვუყურებდი. ყელში ბურთი მქონდა გაჩხერილი, მაგრამ მოვახერხე და ტირილი მაინც შევიკავე. ახლა ბევრად ძლიერი ვარ, ვიდრე ორი წლის წინ ვიყავი და ამ დარტყმას უფრო ადვილად გავუძლებ! მაგრამ, ბაჩო… ღმერთო ჩემო… თითქოს გული ხელმეორედ ამომგლიჯეს…

თავი ხელში ავიყვანე და სუფრასთან დავბრუნდი. ერთი სული მქონდა, როდის გავეცლებოდი აქაურობას და ჩემს ოთახში როდის შევიკეტებოდი.

– აბა, რას აკეთებს ქალი სექსის მერე? – დასვა კითხვა ლევანის თანამშრომელმა.

– სიგარეტს ეწევა?

– არა, ხელს გიშლის.

ამ უკბილო ანეკდოტმაც ძალიან იმოქმედა ჩემზე… ალბათ, უკვე მეც ხელს ვუშლი ბაჩოს, მაგრამ არ მესმის, რა საჭირო იყო, კლუბის ნახევარი რომ გადმომიფორმა? ნუთუ ერთი სექსი ჩემთან ამად უღირდა?

თავში ათასი კითხვა მიტრიალებდა, პასუხებს ვერ ვპოულობდი… ლევანმაც შემატყო, რომ ვერ ვიყავი ხასიათზე და ცუდად ყოფნა მოვიმიზეზე. კიდევ კარგი, ბავშვებიც თან მყავდა და ადრე წამოვედი. უფრო სწორად, სანდრომ წამოგვიყვანა.

ბავშვებმა გასაღები გამომართვეს და სადარბაზოში შეცვივდნენ.

– მე რაც გითხარი, იმასთან კავშირში ხომ არ არის შენი ცუდად გახდომა?

– არა, ეგ არაფერ შუაშია! დილიდან ვერ ვიყავი კარგად… არ მინდოდა წამოსვლა, მაგრამ ლევანს უარი ვეღარ ვუთხარი.

– რამე თუ დაგჭირდეს, დარეკე!

– მადლობა, სანდრო… შენ უნდა მიბრუნდე?

– ჰო, ცოტა ხნით მივბრუნდები…

– კარგი, მადლობა, რომ მოგვიყვანე!

– კაი, რა მადლობა!

სახლში რომ შევედი, ცოტა შვება ვიგრძენი. ბავშვებმა რომ დაიძინეს, ჩემს საწოლში ავბობღდი და სახე ბალიშში ჩავრგე. არავის დანახვა აღარ მინდოდა. არც სამსახურში მისვლა… საერთოდ არაფერი. საშინელ იმედგაცრუებას და ტკივილს ვგრძნობდი.

ბაჩოს ესპანელი ცოლი ჰყავს… ბაჩოს ცოლი ჰყავს… ეს ფრაზა გონებაში უსასრულოდ მიტრიალებდა.

თორმეტი საათი რომ გახდა, მობილურმა დამირეკა. ლევანი მეგონა, ალბათ, აინტერესებს, როგორ ვარ. ეკრანისთვის არც დამიხედავს, ისე ვუპასუხე.

– რას შვრება ჩემი პრინცესა?

ბაჩო იყო. ლოგინში წამოვჯექი და ძალ-ღონე მოვიკრიბე, რომ მეპასუხა.

– რომელი პრინცესა? რომელიც ესპანეთში გელოდება თუ სხვა?

– ეგ როგორ გავიგო?

– შენ პირდაპირ! მაგრამ, აი, მე როგორ უნდა გავიგო ეს ყველაფერი, წარმოდგენა არ მაქვს!

– ვინმემ გითხრა, რომ ცოლი მყავს?

ბაჩოს სიტყვებმა უფრო ძლიერი ტკივილი მომაყენა. ხმა ისე ამიკანკალდა, რომ პასუხი ვეღარ გავეცი…

– თე, ახლავე მოვალ შენთან, უნდა დავილაპარაკოთ! ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ ფიქრობ!
მეტი ვეღარ გავძელი და მობილური გამოვრთე. გონებაში ისევ ის ფრაზები დამიტრიალდა.
ბაჩოს ცოლი ჰყავს… ბაჩოს ნამდვილად ჰყავს ცოლი…

27. სიყვარული უპირობოდ

ვინ თქვა, რომ ადამიანები არ იცვლებიან? – რა თქმა უნდა, ადამიანები იცვლებიან; ხანდახან რადიკალურადაც კი.

როდესაც საკუთარ თავს ვიხსენებ, თუ როგორი ვიყავი გათხოვებამდე, მე თვითონ არ მჯერა, რომ ასე შევიცვალე. ალბათ, “ძველი თეადან” მესამედი თუ შემორჩა ჩემს პერსონას.

მე ძალიან გვიან მოვიხსენი ვარდისფერი სათვალე და შეიძლება ითქვას, რომ კარგა ხნის მანძილზე ჩემს წარმოსახვით სამყაროში ვცხოვრობდი, სადაც ყველა გმირი კეთილი იყო. ყველას ვენდობოდი, ყველაფრის მჯეროდა. ვერ წარმომედგინა, რომ ადამიანებს ბოროტების ჩადენა შეეძლოთ.

უნივერსიტეტში ჩაბარება ჩემთვის კომფორტის ზონიდან გამოსვლას ნიშნავდა, რადგან პირველად მოვხვდი ჩემთვის სრულიად უცხო საზოგადოებაში. ჩემ გვერდით აღარ იყვნენ ჩემი კლასელები, რომლებთან ერთადაც თერთმეტი წელი გავატარე და ბავშვობიდან შეჩვეული ვიყავი.

ყოველდღიურად რაღაც ახალს ვიგებდი და არცთუ ისე სასიამოვნო რეალობისთვის თვალის გასწორება მიწევდა. ამის გამო ძალიან, ძალიან ბევრჯერ დავენარცხე ძირს.

ჩემი წარმოსახვითი სამყარო ნელ-ნელა ინგრეოდა. კეთილ და ჰუმანურ პერსონაჟებს არცთუ ისე კეთილგანწყობილი პერსონაჟები ცვლიდნენ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მე გარემოსთან ადაპტირებას ვახდენდი, რასაც ჩემი ოცნებები ეწირებოდა.

ჩემი პერსონა დროთა განმავლობაში იცვლებოდა და იძენდა იმას, რასაც ცხოვრებისეულ გამოცდილებას ეძახიან. მქონდა პერიოდი, როდესაც საკუთარ თავში ჩავიკეტე; პერიოდები, როდესაც მომწონდა ან არ მომწონდა საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვხდებოდი.

ყოველი ახალი საფეხური ახალ გამოცდილებას მძენდა და ერთხელაც მივხვდი, რომ ტკივილის გარეშე არ არსებობს ცხოვრება. მივხვდი, რომ ყოველი მარცხი, რასაც განვიცდით, ჩვენივე კეთილდღეობისთვისაა საჭირო. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ასეა.

მარცხი თუ არ გეცოდინება, გამარჯვებას ვერ დააფასებ. ამიტომაა ასეთი მტკივნეული დანაკარგის შეგრძნება. ამ დროს ვაცნობიერებთ, როგორ ძალიან გვინდოდა ის რაღაც და როგორი ძვირფასი იყო ჩვენთვის…

სულელი ადამიანი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს, ხოლო ჭკვიანი – სხვებისაზეო. თუმცა ძნელია, სხვის შეცდომებზე რამე ისწავლო, რადგან გგონია, რომ შენი შემთხვევა განსაკუთრებულია და ზოგადი პარამეტრებით ვერ შეაფასებ. სამყარო ბალანსზეა აგებული და ყველა ადამიანის ცხოვრებაში მეტ-ნაკლებად თანაბრადაა შავი და თეთრი პერიოდები. ძალიან მტკივნეულია, როდესაც ადამიანში ცდები; როდესაც მისი ერთი საქციელი მთლიანად ამოატრიალებს ყველაფერს, რაც მანამდე გაუკეთებია შენთვის; ხაზს გადაუსვამს ყველაფერს, რისიც გჯეროდა და რისი იმედიც გქონდა.

მთელი ღამის განმავლობაში კინოს ფრაგმენტებივით წარმოვიდგენდი იმ მომენტებს ჩემი ცხოვრებიდან, რომლებშიც ბაჩო ფუნქციონირებდა. გონებაში ფილმივით დამიტრიალდა კადრები: როგორ გავიცანი, როგორ “ვკბენდით” ხოლმე ერთმანეთს. გამახსენდა ჯუზეპე სპანიოლოს მასტერკლასი, სადაც თითქმის ყოველ სემინარზე დებატები გვქონდა გამართული და დანარჩენები კარგად ხალისობდნენ ჩვენზე…

გამახსენდა, როგორ გამომყვა “დაწყევლილ სახლში” და როგორ დამიჭირა, როდესაც კიბეზე ფეხი დამიცდა. მერე, როგორ დავიწყეთ ერთად ჟურნალის კეთება, როგორ წავიდა ესპანეთში, როგორ დაბრუნდა და რეები გააკეთა ჩემი გულისთვის…

ერთი რამ მიკვირს, ნუთუ ამდენი ერთი ღამის გულისთვის იწვალა? ნუთუ ასეთი უნამუსოა და ეს მე ვერ შევამჩნიე? მაგრამ ფაქტია, რომ თავისი ოჯახური მდგომარეობა დამიმალა. ალბათ, პატა და გოჩაც გააფრთხილა, რომ ჩემთვის არაფერი ეთქვათ…

მობილური გამოვრთე, რომ ვეღარ დაერეკა. სადღაც, ნახევარ საათში მანქანის ხმა მომესმა. ვიღაცამ მკვეთრად მოუხვია და ზედ ჩემს კორპუსთან დაამუხრუჭა. ოთახში სინათლე ჩამქრალი მქონდა. ფანჯარას ფრთხილად მივუახლოვდი, ფარდა ოდნავ გადავწიე და გავიხედე. ბაჩოს მანქანა იყო – მოვიდა…

გული უფრო ამიჩქარდა. ბაჩო მანქანიდან გადმოვიდა და ზევით ამოიხედა. მერე მობილური ამოიღო და დარეკა. ალბათ, მე მირეკავდა. რომ არ ვუპასუხე, სადარბაზოსკენ წამოვიდა, მაგრამ ისევ უკან მიბრუნდა. ძალიან გვიანი იყო და ვიცოდი, ამოსვლას ვერ გაბედავდა.

კარგა ხანს იდგა მანქანასთან და მაღლა იყურებოდა. თან მირეკავდა. ბოლოს მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. ისევ საწოლში შევწექი და თავზე საბანი გადავიფარე. ნერვიულობისა და სიცივისაგან ერთიანად მაკანკალებდა.

მოვიდა! მაინც მოვიდა… ნეტა რა უნდა მითხრას? როგორ ახსნის იმას, რომ თავისი ოჯახური მდგომარეობა დამიმალა? კიდევ კარგი, რომ ხვალ შაბათია და სამსახურში წასვლა არ მომიწევს.

აიპოდში წვიმის ხმა ჩავრთე და ყურსასმენები გავიკეთე. გონებაში გოჩას ქორწილის ღამე გაცოცხლდა. თითოეულ წამს შენელებული კადრივით ვიხსენებდი, თითქოს მალე ესეც წაიშლებოდა ჩემი მეხსიერებიდან და მინდოდა მომესწრო, მინდოდა გავფრთხილებოდი. ყოველი წამი ნათლად ჩამებეჭდა გონებაში.

რა უცნაურია ადამიანი. მეგონა, ცრემლების მთელი მარაგი მაშინ დავხარჯე, როდესაც გავიგე, რომ ლევანს მაგდა უყვარდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მსგავს ტკივილს აღარასოდეს განვიცდიდი. თუ კიდევ შემიყვარდებოდა ვიღაც და იმედგაცრუებას ისევ ვიგრძნობდი, მეგონა, ადვილად გადავლახავდი ყველაფერს, მაგრამ ჯერჯერობით თავს უმწეოდ ვგრძნობდი და ეს მაგიჟებდა…

მხოლოდ მაშინ ჩამეძინა, როცა ირიჟრაჟა. არ ვიცი, რომელი საათი იქნებოდა, ძილში ტელეფონის ხმა ჩამესმა. ვიღაც სახლის ტელეფონზე რეკავდა. თვალებიც ვერ გავახილე. გავიგე, როგორ ადგა ჩემი ბიჭი და ტელეფონს უპასუხა. ვიღაცას “თქვენობით” ესაუბრებოდა. ნაბიჯების ხმა მოახლოვდა და ჩემი ოთახის კარი გაიღო.

– დე, შენ გეძახიან!

მითხრა და ყურმილი ლოყაზე მომადო. ცივი საგნის შეხებამ გამომაფხიზლა.

– ვინ არის?

– მაკა დეიდაა!

ჯანდაბა, აშარაშკაღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის… ლოგინში წამოვჯექი და ვუპასუხე.

– გისმენთ…

– გეძინა ქალო?

– ჰო, არა უშავს… რამე მოხდა, მაკა?

– კლუბის გოგოებმა სიურპრიზი მოგიმზადეთ!

– მეე?

– ბათუმში დავილაპარაკეთ, ამინდები რო გამოვა, ექსკურსიაზე წავიდეთო. სალომემ დარეკა გიდების კომპანიაში და პატარა ავტობუსი იქირავა თავისი გიდით. გუშინ ღამე გირეკავდი მობილურზე და გამორთული გქონდა. დილითაც გირეკე. მერე თქვენს ყოფილ ბინაში დავრეკე და “ხაზეიკას” შენი დედამთილის სახლის ნომერი მოვაძებნინე. იქაც დავრეკე და ეგრე გავიგე შენი სახლის ტელეფონი…

– რამდენი გიწვალია, მაკა! მაგრამ არა მგონია, რომ წამოვიდე, რაღაც ვერ ვარ კარგად…

– გაგიჟდი, ქალო? შენთვის გააკეთეს ეს ყველაფერი გოგოებმა და ხო გაგიჟდნენ? დატოვე ბავშვები და კლუბთან მოდი პირველისთვის.

– სად მიდიხართ?

– აქვე, ახლოში… მოხერხებულად ჩაიცვი.

– მარტო გოგოები ვიქნებით?

– ჰო, მძღოლის და გიდის გარდა.

დავფიქრდი. მართალია, ახლა არაფრის თავი არ მაქვს, მით უმეტეს, ექსკურსიის, მაგრამ გოგოებთან ძალიან უხერხული იქნება უარის თქმა და თანაც, რომ დავფიქრდი, მგონი, აჯობებს, წავიდე…

გადავერთვები სხვა რაღაცაზე და ბაჩოზე არ ვიფიქრებ… ბაჩოც ვერ მომაგნებს და დრო მექნება, რომ აზრები დავალაგო, მოვიფიქრო, როგორ მოვიქცე მომავალში. სავარაუდოდ, კლუბზეც მომიწევს უარის თქმა და ალბათ, სამსახურიდანაც წამოვალ… ძალიან არ მინდა, მაგრამ სხვა გზა არ არის. გამოდის, რომ ეს ექსკურსია გოგოებთან დამშვიდობებასავითაც გამოვა.

ისევ ცვლილებები… ალბათ, მალე ეს გზაც დამთავრდება.

– კარგი, მაკა. წამოვალ… პირველზე კლუბთან ვიქნები!

ყურმილი გავთიშე და ავდექი. ნაცემივით ვარ. ბავშვები ვასაუზმე. მე ერთი ლუკმაც ვერ გადავიცდინე ყელში, მხოლოდ ყავა დავლიე. მერე ლევანს დავურეკე და სიტუაცია ავუხსენი. ბავშვებს თავისთან წაიყვანს… სანამ ლევანი მოვიდა, შხაპის მიღებაც მოვასწარი. ჯინსი, ბათინკი და ტყავის ქურთუკი ჩავიცვი. ლევანი რომ მოვიდა, ყველანი ერთად გამოვედით სახლიდან. მე კლუბთან დამტოვეს და თვითონ წავიდნენ. გოგოები უკვე ადგილზე იყვნენ. პატარა ავტობუსი უქირავებიათ.

ტერიტორია მოვათვალიერე, მაგრამ ბაჩო ვერსად დავინახე. მობილური ქურთუკის ჯიბეში ჩავიდე, ოღონდ ჯერ კიდევ არ ჩამირთავს.

ზორბა თამუნას შარვალი, ბოტასები და ტანზე შემოტკეცილი მაისური ეცვა, რის გამოც თავს უხერხულად გრძნობდა.

– ამ სარეცხის მანქანაში რაც გავრეცხე, ყველაფერი შედგა.

– სარეცხის მანქანას კი ნუ აბრალებ, მაცივარს დააბრალე. – წაკბინა მაკამ.

– შენს თმას მიხედე, მაკა! გირჩევნია! – გაბრაზდა თამუნა. მე რომ ვიცი აშარაშკას ამბავი, სკანდალი ატყდებოდა, ამიტომ მათ შორის ჩავდექი და სიტუაციის განეიტრალებას შევეცადე.

– თამუნა, ეტყობა მაღალ გრადუსზე რეცხავ. ოცდაათ გრადუსზე სცადე, აბა!

თამუნამ ხელი მომკიდა და გვერდზე გამიყვანა.

– ვაიმე, ამ მატრაკვეცას ნერვები არა მაქვს! მიკვირს, საერთოდ როგორ გათხოვდა? ან ამდენი ხანი როგორ გაუძლო ქმარმა! ყოველდღე ტრაბახობს, როგორ სცინცლავს ფულებს ყოფილ ქმარს. ეტყობა ის ბიჭიც კაი ჩმორია.

იმ დღეს მოგვიყვა, ერთხელ ქმრის დაბადების დღე იყო და ჩემს ტრუსიკს ფასი ავაძრე და მის მაისურს დავაკარი, დაბადების დღისთვის რომ ვუყიდე და გაგიჟდა, რა ძვირი მიგიციაო… აფერისტი, გოგო! აფერისტი…

– მე ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი მაგისი ხასიათი. ყველაზე კარგი საშუალება ის არის, თუ ყურადღებას არ მიაქცევ! გიჟდება, თუ ვინმე ლაპარაკში ვერ აიყოლია. ერთი დღე ვერ ძლებს, ვინმეს რომ არ ეკამათოს…

– შენც ამან ხომ არ მოგიშალა ნერვები? მოწყენილი მეჩვენები დღეს…

– არა, არა! ცუდად მეძინა…

– რომ იცოდე, როგორ გამიხარდა, როცა გავიგე, რომ კლუბის ნახევარი შენი ყოფილა! ყველას გაგვიხარდა. გოგოები ვლაპარაკობდით ამას წინათ, რა კარგი ბიჭია ბაჩო… და რა კარგი წყვილი იქნებოდით…

– თამუნა, ამ თემაზე არ მინდა ლაპარაკი ახლა! სავარაუდოდ, უარს ვიტყვი კლუბის წილზე…

– რას ამბობ? ეგ რა მითხარი… რატომ? რა მოხდა?

– მაკას ყურამდე არ მივიდეს, რაც გითხარი, თორემ ჩათვალე, მთელი თბილისი გაიგებს. რაღა რუპორით გამოგიცხადებია და რაღა მაკასთვის გითქვამს…

– ვიცი, ვიცი… კარგი, მერე მომიყევი, თუ მოგინდება!

– სად მივდივართ?

– მარტყოფში. სამონასტრო კომპლექსს ვნახავთ და მერე სადმე ტყეში გავშლით სუფრას.

– ძალიან კარგი… მე ავტობუსში ავალ, თორემ ფეხზე ძლივს ვდგავარ.
ვუთხარი თამუნას და ავტობუსში ავედი. ფანჯარასთან დავჯექი და კლუბს გავხედე. რაღაცნაირად გულზე მომხვდა შესასვლელის თავზე ჩამოკიდებული აბრა: – “ყოფილი ცოლების კლუბი”. მერე იმ ადგილს გავხედე, სადაც ბაჩომ და კასპერამ იჩხუბეს და კიდევ უფრო მომეწურა გული.

მალე ყველამ დაიკავა ადგილი და წავედით. გიდი ახალგაზრდა და ენერგიული ბიჭი იყო. მთელი გზა გვიყვებოდა მარტყოფის “ღვთაების მონასტრის” ისტორიას. შუა გზაში რომ ვიყავით, მეტი ვეღარ მოვითმინე და მობილური ჩავრთე. თორმეტი გამოტოვებული ზარი მქონდა ბაჩოსგან და რამდენიმე მესიჯი, სადაც მთხოვდა, როგორც კი წავიკითხავდი ესემესს, მაშინვე დამერეკა.

მობილურს ხმა გავუთიშე და ჯიბეში ჩავიდე. მონასტერს რომ ვათვალიერებდით, ბაჩომ ისევ დარეკა, მაგრამ არ ვუპასუხე. სხვა ადგილებიც დავათვალიერეთ და ბოლოს მძღოლმა ძალიან ლამაზ ადგილას მიგვიყვანა. როგორც ჩანს, ამ ადგილზე მოჰყავთ ხოლმე საქეიფოდ ხალხი. მაგიდა და სკამები შიგ ტყეში იყო ჩადგმული. იქვე იყო მდინარეც. იდეალური ადგილი იყო ბუნებაში საქეიფოდ.

გოგოებმა სუფრა გაშალეს. მე ცოტა გავისეირნე და მდინარის ნაპირას ჩამოვჯექი. თვალები დავხუჭე და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. უცებ ის დღე გამახსენდა, ტყეში რომ გავიქეცი და რომ დავიკარგე.
უცებ მკერდთან ვიბრაცია ვიგრძენი. ისევ რეკავდა მობილური. ეკრანს დავხედე. ამჯერად მაიკო იყო.

– ხო მაი…

– თეე, სად ხარ?

– ექსკურსიაზე ვარ კლუბის გოგოებთან ერთად… რა იყო?

– არაფერი, ბაჩო გეძებს…

– ვიცი…

– რა მოხდა, გოგო?

– რა მოხდა და ბაჩოს ცოლი მოხდა! შენ იცოდი, რომ ჰყავდა?

– რა? ბაჩოს ცოლი ჰყავს?

– დიახ!

– დარწმუნებული ხარ? არა მგონია, ეგ სიმართლე იყოს.

– მაგრამ სიმართლეა! ესპანელი ცოლი ჰყავს და ელოდება ალბათ იქ… როდის ჩავა!

– ვაიმე, რას მეუბნები? გავგიჟდი… გოგო, წეღან დამირეკა, ხომ არ იცი, სად არისო…

– მაიკო, არ უთხრა, სადაც ვარ, კარგი? ახლა არ შემიძლია მაგისი დანახვა… არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა და არ მინდა, რომ ასეთ მდგომარეობაში მნახოს, გაიგე? რო დავწყნარდები, მე თვითონ დავურეკავ!

– კი, კი… ნუ ნერვიულობ შენ, გესმის? ჯერ გავარკვიოთ სიტუაცია და მერე ინერვიულე. შენ არ მასწავლიდი, რომ წინასწარ ნერვიულობა სისულელეაო?

– რაღა წინასწარ? სანდო წყაროდან გავიგე და თანაც თვითონვე დამიდასტურა… მოკლედ რაა… არ უთხრა, რომ ექსკურსიაზე ვარ!

– არ ვეტყვი! შორს ხარ ისე?

– არა, მარტყოფისკენ… “დევის ხევი” თუ რაღაც ჰქვია მგონი ამ ადგილს… ახლა სუფრას შლიან გოგოები უკვე.

– ხოდა გაერთე და არ იფიქრო არაფერზე!

– გავერთობი და დავლევ კიდევაც!

მაიკოსთან ლაპარაკს რომ მოვრჩი, მაგიდასთან დავბრუნდი. ნათიას წითელი ღვინო ჰქონდა წამოღებული. მძღოლს ცეცხლი დაენთო მწვადისთვის, გიდი კიდევ მწვადს შამფურზე აცვამდა.

– მოდით, გოგოებო, ჩვენ გაგვიმარჯოს! ვინც აქ ვართ, ყველამ გამოვცადეთ საკუთარ თავზე ოჯახის დანგრევა! ყველას გვქონდა დეპრესიული პერიოდი, მაგრამ გამოვძვერით… დეპრესიიდან ყველა გამოდის, ადრე თუ გვიან, მაგრამ ამ კლუბმა ეს პროცესი დააჩქარა და რაც ყველაზე მთავარია, ერთმანეთი გავიცანით, დავმეგობრდით… ხოლო, ვისაც “ყოფილი ცოლების კლუბის” გახსნის იდეა მოუვიდა თავში, მან გარკვეულწილად იფიქრა ქალებზე, რომლებსაც ოჯახი დაენგრათ და თავს ცუდად გრძნობდნენ.

წარმოუდგენელია, რომ ეს ადამიანი ცუდი იყოს! ამიტომ ჩვენთან ერთად მასაც გაუმარჯოს! ბაჩოს თამადობით, ყველას დაგლოცავთ!

თამუნამ როხროხა ხმით წარმოთქვა ეს სადღეგრძელო და ერთჯერადი ჭიქა მაღლა ასწია.

– გაგვიმარჯოს და ბაჩოსაც გაუმარჯოს! ჩემი ყოფილი ქმარიც ძალიან სიმპათიურია, მაგრამ ბაჩო მთლად ოცნების მამაკაცია! სტრიპტიზი რო იცეკვა ბათუმში, კინაღამ ინფარქტი მივიღე… მშურს იმ ქალის, ვინც მაგის გემოს გაიგებს საწოლში!

აშარაშკას სიტყვებზე ღვინო გადამცა და ხველა ამიტყდა. სადღეგრძელო მეც დავლიე. მაკა ბაჩოს განხილვას აგრძელებდა. ვითომ ხუმრობით აინტერესებს, საწოლშიც ისეთი მაგარია, როგორ შთაბეჭდილებასაც ტოვებს თუ არა.

ამის მოსმენა აღარ შემეძლო, ამიტომ სასწრაფოდ ჭიქა მოვიმარჯვე და რაც პირველი მომადგა ენაზე – ბუნების სადღეგრძელო დავლიე. სასმელმა ჩემზე კარგად იმოქმედა და ერთი ლექსი გამახსენდა: – “მე ახლა მივხვდი, რატომ სვამენ ღვინოს კაცები”. მწვადიც რომ შეიწვა, ჩვენმა გიდმა ზურამ ავტობუსში მუსიკა ჩართო. ღვინო ყველას მოკიდებული გვქონდა და გოგოებმა ცეკვა დაიწყეს.

– ვაიმე, მაკა! ისე ირწევი, გეგონება ბეწვის ხიდზე დგახარ! – გავძახე აშარაშკას და სიცილი ამიტყდა.

– უი, ბეწვის ხიდზე გამახსენდა! აქ არის ერთი ბეწვის ხიდი. – მომიახლოვდა ზურა.

– სად?

– ცოტა მოშორებით! როგორ ამომივარდა თავიდან. არადა, უნდა მენახებინა!

– მერე, ახლა გვანახე, რა პრობლემაა?

– არა, ახლა არ შეიძლება, ნასვამები ხართ…

– არ გადავალთ, ისე გვანახე. ბეწვის ხიდი ბავშვობის მერე არ მინახავს!

– კარგი, დაგანახებთ მაშინ.

– გოგოებო! ბეწვის ხიდის ნახვა ვისაც გინდათ, წამოდით!

დავიძახე ხმამაღლა და ზურას გავყევი. მარტო სალომე, ზოი და ნათია წამოვიდნენ. დაახლოებით ათი წუთი ვიარეთ და ხიდთან მივედით.

– მთლად ბეწვისაც არ ყოფილა! მყარი ჩანს და განიერია!

– კი, მყარი ნამდვილად არის. – დამეთანხმა ზურა.

– იქით მხარეს რა არის?

– იქით ძირითადად მეთევზეები გადადიან ხოლმე. კარგი ადგილია სათევზაოდ. ადრე კი იყო რაღაც ბილიკი მაგ კლდეზე, მაგრამ ჩამოიშალა და გაუბედურდა.

– ვაიმე, უნდა გადავიდე!

– აკი არ გადავალო? – აფორიაქდა ზურა.

– რისი გეშინია? ისეთი მოაჯირი აქვს, თავის მოკვლა რომ გინდოდეს, ვერ გადახტები!

– კარგი, ოღონდ ფრთხილად…

– მე, სალომე და ზოი ხიდზე შევდექით. ძალიან ოდნავ ირწეოდა. გიდი დაწინაურდა. ჩვენ უკან მივყვებოდით. შუამდე რომ მივედით, სალომემ ფოტოაპარატი ამოიღო და სურათების გადაღება დავიწყეთ.

– იცით, მუსულმანები თვლიან, რომ ბეწვის ხიდი ჯოჯოხეთის თავზე გამავალი გზის ნაწილია. ამბობენ, რომ ადამიანთა სულები ბეწვის ხიდს გაივლიან და ცოდვილები უფსკრულში შთაინთქმებიან.

რაც უფრო ნაკლებად ცოდვილია ადამიანი, მით უფრო ადვილად გადავა ხიდზე. – აგვიხსნა ზურამ. მე გოგოებს გამოვერიდე და ხიდიდან ქვემოთ ჩავიხედე.

– პატარა რომ ვიყავი, მამაჩემმა მითხრა, ბეწვის ხიდზე ისე უნდა გადახვიდე, რომ ძირს არ ჩაიხედო, თორემ თვალები აგიჭრელდება და თავბრუ დაგეხვევაო.

– ეგეც მართალია! – გამომძახა გიდმა, თან გოგოებს სურათებს უღებდა. მე ისევ ვიდექი და წყლის დინებას ვაკვირდებოდი. რაღაც მომენტში ცოტათი მართლა დამეხვა თავბრუ და უცნაური შეგრძნება დამეუფლა. ამ დროს შორიდან ნაცნობი ხმა ჩამესმა და თავი ავწიე. ხიდის სიახლოვეს ბაჩო მომელანდა.

ან ბევრი დავლიე, ან ხიდის ბრალია, მოჩვენებები რომ დამეწყო – გავიფიქრე და თვალები დავხუჭე, მაგრამ რომ გავახილე, ბაჩო ისევ იქ იდგა.

– სალო! იქ ხედავ რამეს?

დავუძახე სალომეს და ბაჩოსკენ თითი გავიშვირე.

– ვაიმე, ეს ბაჩო არ არის? აქ რა უნდა? – გაიკვირვა სალომემ და მომიახლოვდა.

– ეტა ტოჩნა ონ?

თვალებს არც ზოი უჯერებდა. ორივე მისკენ გაემართა. მე ისევ ისე ვიდექი და გული საშინლად მიცემდა.

– არ მოდიხარ? – მკითხა ზურამ.

– არა! თქვენ წადით…

ზურამაც დამტოვა და ნაპირზე გადავიდა. ზოი და სალომე უკვე ბაჩოსთან იდგნენ და რაღაცას ელაპარაკებოდნენ. მდინარის ხმაურში არაფერი ისმოდა. მერე ზურასთან ერთად დანარჩენებთან დაბრუნდნენ და მე და ბაჩო მარტო დაგვტოვეს. მე ხიდის ზუსტად შუა ნაწილში ვიდექი და ბაჩოს თვალს არ ვაშორებდი. მოვიდა! ნეტა როგორ გვიპოვა? თუმცა, ბაჩოა და სხვანაირად როგორ მოიქცეოდა… ალბათ, მაიკოს ათქმევინა.

ბაჩო ხიდს მოუახლოვდა და დამიძახა.

– თე, მოდი რა, ჩემთან! რაღაც უნდა გითხრა…

თითქოს ენა გადავყლაპე და ჩემი ფეხები ხიდის ძირს შეეზარდა. ვერც ხმას ვიღებდი და ვერც ადგილიდან ვიძვროდი. ასე გაშეშებული ვიდექი და ხიდის თოკებს ხელს ვუჭერდი.

– მოდი რა, ნუ ჯიუტობ!

– როგორ გვიპოვე?

როგორც იქნა, ხმა ამოვიღე.

– გადმოდი და გეტყვი! ყველაფერს აგიხსნი! ოღონდ მომისმინე…

ბაჩო ხიდს მოუახლოვდა და ზედ დასაწყისთან გაჩერდა.

– “ვერ გადმოვა” – გავიფიქრე და წელში გავიმართე.

– ჩქარა გადმოდი, რომ გიყურებ, ცუდად ვხდები. – გამომძახა იქიდან.

– არ იყო საჭირო აქ შენი მოსვლა! ვერ მიხვდი, რომ შენთან ლაპარაკი არ მინდოდა?

უცებ ის მოხდა, რასაც ვერ წარმოვიდგენდი. ბაჩომ გაუბედავად შედგა ფეხი ხიდზე. რამდენიმე წამით გაჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა და ჩემკენ წამოვიდა. სახეზე რომ შევხედე, მაშინვე მივხვდი, თუ რას განიცდიდა ამ წუთებში და მეც მისკენ წავედი.

– გაგიჟდი? – ვუთხარი და ხელი მოვკიდე. ხიდი გაქანავდა და ბაჩო სახეზე სულ გაფითრდა.

– გავგიჟდი, აბა, არ გავგიჟდი? მაგრამ სხვანაირად ვერ დაგიმტკიცებდი, როგორი ძვირფასი ხარ ჩემთვის!

მითხრა და თვალებში შემომხედა. მის გულისცემას ვგრძნობდი. უცებ ემოციები მომაწვა და ცრემლები წამომივიდა.

– არ იტირო რა…

– არა, პირიქით, კარგია, თუ ვიტირებ… იცი, რამდენი ხანია არ მიტირია? – ვუთხარი სლუკუნით.

– მე არ ვნანობ, რომ არ გითხარი ცოლზე არაფერი… რომ მეთქვა, იმ შანსსაც დავკარგავდი… ახლა ვიცი, რომ ჩემ მიმართ რაღაცას გრძნობ, იმიტომ, რომ ჩემ გამო ტირიხარ!

– ვინ არის შენი… ცოლი?

ბოლო სიტყვის წარმოთქმა ძალიან გამიჭირდა.

– სტრიპტიზიორია! სტრიპტიზ-ბარში მუშაობს…

– მაგან გასწავლა სტრიპტიზი?

– კი!

– რა საშინელებაა!

– არ არის საშინელება, იმიტომ, რომ ჩვენი ქორწინება ფიქტიურია. ასე მჭირდებოდა საქმისთვის… ბიძაჩემი დიდი ხანია იქ ცხოვრობს და სტრიპტიზ-ბარის გახსნა უნდოდა. ეგ გოგო მაშინ სხვა სტრიპტიზ-ბარში მუშაობდა და გადმოვიბირეთ. უბრალოდ, გარიგება იყო ეგ ქორწინება და მეტი არაფერი! ცარიელი საბუთი… ამის თქმა მინდოდა, მაგრამ არ დამაცადე…

– თუ უბრალო გარიგება იყო და მეტი არაფერი, რატომ დამიმალე?

– არ ვიცი, თე… არ მივანიჭე მნიშვნელობა და ალბათ იმიტომ.

– ლამაზია? გიყვარდა?

– ტანი კარგი აქვს, მაგრამ სახეზე არ ვარგა. მიყვარდა არა, ისა კიდე… კაი რა, რეებზე მალაპარაკებ ტო… ისედაც ლამის გული გამისკდეს ახლა…

– ნუ გეშინია. უბრალოდ, ხიდია, საშიში არაფერი…

– საშიში როგორ არ არის? ხომ შეიძლება ჩაინგრეს?

– მაგ ალბათობით, შეიძლება სახლიდან რომ გამოხვიდე, თავში აგური მოგხვდეს ან თვითმფრინავი ჩამოვარდეს და დაგეცეს… მე მიყურე! მე მიყურე და ისე წამოდი!

სახით ბაჩოსკენ დავდექი, ორივე ხელი მოვკიდე და ნაპირისკენ უკანსვლით წავედი. ხიდიდან ჩამოვედით თუ არა, ბაჩო მომეხვია.

– მე შენ ვერ დაგკარგავ!

– დაგვინახავენ…

– დაგვინახონ მერე! მკიდია… არსად აღარ გაგიშვებ! სულ ჩემთან მეყოლები… აი, იმ სახლს რომ ავაშენებ, ჩემთან წაგიყვან! შენც, შენს შვილებსაც და ერთად ვიცხოვრებთ!

– რეებს მეუბნები? მე აღარ ვაპირებ გათხოვებას! ქორწინება ყველაფერს აფუჭებს…

– მაშინ არც მე მოგიყვან ცოლად!

– ჰო, არ მომიყვანო… არასოდეს მთხოვო ცოლობა!

– კარგი… თუ მაინც წამომცდება ოდესღაც, შენ უარი მითხარი!

– კარგი…

– ძალიან მიყვარხარ!

– მგონი, მეც…

ალბათ, დიდხანს ვიდგებოდით ასე, ცნობისმოყვარე მაკა რომ არ მოსულიყო და გაოცებისაგან თვალები რომ არ გადმოეკარკლა. მე მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყებოდა, კიდევ ერთი ახალი გზა და დღიურების დასაწერად, ალბათ, ვეღარ მოვიცლიდი.

ჩვენ თავად გაგვყავს პატარ-პატარა, დამატებითი გზები და ბილიკები, რომლებიც ხან სწორად მიდიან, ხან აღმართზე მიიკლაკნებიან, ხანაც სწრაფად ეშვებიან ქვემოთ. ხანდახან ჩიხში შევყავართ და უკანსვლით გვიწევს დაბრუნება.

ხან კი ისეთ საინტერესო ადგილას აღმოვჩნდებით, რომ უკან მოხედვის სურვილი გვიქრება, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჩვენს მთავარ გზაზე ვბრუნდებით…

ჩვენ გაგვყავს გზები…ბევრი… ძალიან ბევრი გზა გაგვყავს. ხშირად ვნანობთ, რატომ გადავდგით ესა თუ ის ნაბიჯი… სიარულით ვიღლებით და გვინდა, რომ გზა დამთავრდეს, მაგრამ ამ დროს ჩვენი გზები სხვის მიერ გაყვანილ გზებს კვეთენ და ჩვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანები შემოდიან! – ეს კი ყველაზე საინტერესოა! ეს ჩვეულებრივი კანონზომიერებაა, რადგან მხოლოდ ერთი გზით სიარული საშინლად მოსაბეზრებელი იქნებოდა.

მთავარია, სიახლეებმა არ შეგვაშინოს, არ გავჩერდეთ და ყოველთვის გვქონდეს სურვილი, შევცვალოთ ჩვენი მდგომარეობა, რომელიც არ მოგვწონს…

და არასოდეს დავივიწყოთ, რომ ყოველი ახალი გზა – თავისებურად საინტერესოა.

Advertisements

8 thoughts on “განქორწინებულის დღიურები

  1. ვაიმეეე თეა, ძალიან გთხოვ რააა, მალე გააგრძელეეეე! აი ეს რომ შეწყვიტო, გავფიჟდე შეიძლება, მართლა ოღონდ! გთხოვ, გთხოვ და კიდევ უამრავჯერ გთხოვ! ❤