როგორ დავძლიოთ არასრულფასოვნების კომპლექსი?

Image

სახლის საქმეები, ბავშვები, საყიდლები – ყველაფერი თქვენი გასაკეთებელია! თითქოს, წინასწარ დაპროგრამირებული რობოტი ხართ, რომელიც ყველაფერს უკვე მექანიკურად აკეთებს. სად გაქრა თქვენი ამბიციები? თქვენი ოცნება? მიზნები?… ნუთუ იმისთვის ისწავლეთ, რომ შემდეგ ყველაფერი დაგევიწყათ?..

ან იმისთვის, რომ –  „სამსახური-საწოლის“ პრინციპით გეცხოვრათ და ყოველდღიური ერთფეროვნებით გადაღლილებს, ჩაკეტილი წრიდან თავის დაღწევის სურვილიც კი დაგეკარგათ? – ეს ალბათ ბევრისთვის ნაცნობი და მტკივნეული თემაა.  რამდენიმე წლის წინ მეც ასე ვიყავი. მეგონა, რაც ვიცოდი ყველაფერი დამავიწყდა და თუ ოდესმე გასაუბრებაზე წავიდოდი, შევრცხვებოდი და დაცინვის ობიექტი გავხდებოდი.

სამწუხაროდ, ბევრი ვერ ახდენს საკუთარი თავის რეალიზაციას. აქ კი აუცილებლად გამოიჩენს თავს არასრულფასოვნების კომპლექსი და სოციალური ფობიები… მაგალითად, როდესაც საზოგადოებაში იმყოფებით და გაუცხოვებას გრძნობთ. ფიქრობთ რომ არავისთვის ხართ აქტუალური და არავინ მოგისმენთ.

ამის გამო, ადამიანები ყველაზე და ყველაფერზე გამწარებულები ხდებიან,  საკუთარ თავში იკეტებიან, ან ზედმეტად მოკრძალებულად იქცევიან და ძალიან ეშინიათ მათკენ მომართული მზერისა და ცდილობენ ვიღაცეების  ჭორაობის ობიექტი არ გახდნენ.  ამასთან, გულში ოცნებობენ, რომ გახდნენ ლიდერები, მაგრამ რეალობაში აგრძელებენ ჩრდილში ყოფნას.

გამუდმებული წარუმატებლობის გამო, ნელ-ნელა გროვდება უარყოფითი ემოციური ფონი: წყენა, დარდი, შიში, სასოწარკვეთა. გადაუჭრელი პრობლემები და კონფლიქტები არაცნობიერში ილექებიან და ცხოვრების მუდმივ ნეგატიურ ფონს ქმნიან.

როგორ გადავლახოთ კომუნიკაციის შიში და არასრულფასოვნების კომპლექსი? – დავიწყოთ მარტივით. ცურვას ვერ ისწავლით, თუ წყალში არ შეხვალთ. თქვენ მანამდე ვერ ისწავლით საკუთარი აზრების გამოთქმას, სანამ არ გამოთქვამთ! სიმშვიდე და არასრულფასოვნების კომპლექსის არქონა, სხვადასხვა სიტუაციებში, სხვადასხვა ადამიანებთან კომუნიკაციის პრაქტიკიდან მომდინარეობს. რაც მეტია გამოცდილება, მით ნაკლებია საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემაც. ნამდვილ ცვლილებებს მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როდესაც რაღაც ახალს მოსინჯავთ. უნდა გესმოდეთ, რომ შედეგს ერთ დღეში ვერ მიიღებთ, აუცილებლად მოგიწევთ რამდენიმე ეტაპის გადალახვა და ამისთვის მზად უნდა იყოთ!

იმისთვის, რომ თავი საზოგადოებაში თავისუფლად იგრძნოთ, ორიენტირება საუბრის პროცესზე უნდა მოახდინოთ და არა თქვენს შინაგან მდგომარეობაზე. არსებობს საინტერესო პარადოქსი: თქვენ ადამიანებზე კარგ შთაბეჭდილებას ახდენთ მაშინ, როდესაც შეწყვეტთ საკუთარ ემოციებზე კონცენტრაციას. გაიხსენეთ, როგორ ამყარებენ ბავშვები კონტაქტს? ადვილად და ბუნებრივად, არ ფიქრობენ იმაზე, თუ რას იფიქრებენ მათზე სხვები. შიშები და კომპლექსები ყველა ადამიანს აქვს და არც თქვენ ხართ გამონაკლისი. ყურადღება მიაქციეთ თქვენი მოსაუბრის რეაქციებს, ჟესტებს, მიმიკებსა და ინტონაციებს. თუ თქვენ საკუთარ ემოციებზე იფიქრებთ, ბუნებრივია ვერ შეძლებთ თქვენი მოსაუბრის გაგებას. – ესეც  კომუნიკაციის მარცხი!

არსებობს კიდევ ერთი უცნაური წესი, გზა წარმატებისაკენ. თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ არავისთან არ ხართ „ვალში“ (!!!) იცხოვრეთ პირველ რიგში საკუთარი მორალური კანონებით და არა გარშემომყოფების. პარადოქსი იმაშია, რომ ის ადამიანები, რომელთაც სინამდვილეში შეუძლიათ შეგაფასონ თქვენი ღირსებებიდან გამომდინარე, ამას არ გააკეთებენ! ხოლო, თუ ვინმე ამრეზით გიყურებთ და ზურგსუკან გკიცხავთ, ეს არ არის ის ადამიანი, ვისი აზრიც უნდა გაითვალისწინოთ!

„ვისაც ესმის, არ აფასებს, ხოლო ვინც აფასებს – იმას არ ესმის!“ – ეს ძველი ჩინური გამონათქვამია. მხოლოდ ამ პრინციპის საფუძველზე შეძლებთ შიშების დამარცხებას. თქვენში ახალი შესაძლებლობების გახსნას, შინაგან თავისუფლებას, წარმატებას, სიხარულს, გარშემომყოფთა გაგებასა და ლიდერობას მიაღწევთ.

ჩაუღრმავდით თქვენს ფობიას და გაიხსენეთ ყველა უსიამოვნო სიტუაცია, რომელიც თქვენი ცხოვრებაში მომხდარა. ეცადეთ პრობლემას ემოციის გარეშე შეხედოთ და შეაფასოთ. დაინახოთ მიზეზი.

გთავაზობთ ფსიქოლოგების მიერ შემოთავაზებული მარტივ რეცეპტს:

განმარტოვდით და წარმოიდგინეთ ყველაზე საშინელი სიტუაცია: – თქვენ საზოგადოების ცენტრში იმყოფებით, სადაც ყველა გიყურებთ, თქვენკენ თითს იშვერენ და დაგცინიან. შემდეგ კი ცეცხლზე გწვავენ მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ „სხვანაირად“ იქცეოდით და „არასწორად“ საუბრობდით. წარმოსახვაში თქვენი ფერფლი ქოთანში მოაქციეთ და წარმოიდგინეთ, თუ როგორ აღსდექით ფენიქსივით ფერფლიდან და ხელახლა დაიბადეთ. გაიარეთ იმ ხალხში, ვინც დაგცინოდათ! გაიარეთ ამაყად! თქვენ გეჯახებიან, ხელს გკრავენ, მაგრამ რამდენჯერაც დაეცემით, იმდენჯერვე  წამოდექით და შეიგრძენით, რომ ყოველი ადგომისას უფრო ძლიერი ხდებით. თქვენი შიშები კი, ყოველ ჯერზე მცირდება და მცირდება.

ამის შემდეგ, აიღეთ ფურცელი და ჩამოწერეთ ყველა ის საშინელი კოშმარი, რომელიც შეიძლება შეგემთხვათ ადამიანებთან საუბრის დროს. აიღეთ მეორე ფურცელი, სადაც დადებით მომენტებს დაწერთ, რომლებიც შიშების მოშორების შემდეგ შეგემთხვევათ.

ორივე ფურცელი ერთმანეთის გვერდიგვერდ დააწყეთ და აწონ-დაწონეთ: – რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? რომელი გადაწონის ამ ორიდან? გარშემომყოფების აზრის შიში თუ მომავალი შინაგანი სიმშვიდე, ფსიქოლოგიური გაწონასწორებულობა და ცხოვრებისეული წარმატება? თქვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი ფურცელი დაწვით და ფერფლი ქარს გაატანეთ. ხოლო მნიშვნელოვანი კედელზე გაიკარით და რეგულარულად გადაიკითხეთ.  ეს იქნება თქვენი ცხოვრების არჩევანი.

მე კი იმედს ვიტოვებ, რომ სწორ არჩევანს გააკეთებთ. ამის შემდეგ, თავისუფლად შეგიძლიათ პრაქტიკაზე გადასვლა. ადამიანებთან ურთიერთობის ნებისმიერი შანსი გამოიყენეთ. სასურველია თუ თავიდან ეს ადამიანები თქვენი ახლობლები და ნაცნობები იქნებიან. გნებავთ ოჯახის წევრებით დაიწყეთ.  ესაუბრეთ მათ სხვადასხვა თემებზე. გამოთქვით თქვენი მოსაზრება და ნუ შეგეშინდებათ შეცდომის, რადგან უშეცდომო არავინაა.

დასაწყისისთვის რეზულტატს მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანი მხოლოდ პროცესია! ესეც თქვენი სამუშაო დევიზი: – „ყოველდღიურად მინიმუმ 2-3 ფრაზა „გავცვალო“ მინიმუმ 2-3 უცნობ ადამიანთან“ ეს შეგიძლიათ მაღაზიაში ან სკვერში გააკეთოთ, როდესაც ბავშებს გაასეირნებთ (თუ გყავთ). საკუთარი მონდომება დაგანახებთ, რამდენად გინდათ არასრულფასოვნების კომპლექსის მოშორება.

და ბოლოს, გაიხსენეთ ომარ ხაიამის სიტყვები: – „ჩვენზე ცუდად ფიქრობს ის, ვინც ჩვენზე უარესია! – მას, ვინც ჩვენზე უკეთესია, ჩვენთვის არა სცალია!“

ჟურნალი “…და ქალი”

Advertisements

2 thoughts on “როგორ დავძლიოთ არასრულფასოვნების კომპლექსი?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s