სიზმარში ნანახი სახლის ისტორია

Image

ის, რაც ახლა უნდა მოგიყვეთ, ჩემი ფანტაზიის ნაყოფი ნუ გეგონებათ! გაგიკვირდებათ და შენობა, რომლის შესახებაც უნდა გიამბოთ – სიზმარში ვნახე.

არ იფიქროთ, რომ ზღაპრებისა და საოცრებების მჯერა. ვინმეს რომ მოეყოლა, ალბათ არც მე დავუჯერებდი. მეორე წელია, რაც სახლების ძიებით ვარ დაკავებული და ხშირად ვნახულობ ძველ, გამოშიგნულ შენობებს, რომლებშიც დავდივარ, ვათვალიერებ, ან გასასვლელს ვეძებ. – ეს ბუნებრივია, რადგან ადამიანებს ესიზმრებათ ის, რაზეც ხშირად ფიქრობენ.

სიზმრები ოდესღაც ნანახის ან ყურმოკრულის, შემდგომ კი ჩვენს არაცნობიერში დალექილის გამოვლინებაა, მაგრამ უცნაური ისა არის, რომ შენობა, რომელიც დამესიზმრა, რეალობაში არასოდეს მინახავს და მის შესახებ არაფერი მსმენია. Image

აი, რა ვნახე სიზმარში:

ჩემი რედაქტორი მობილურზე მირეკავს და მეუბნება, რომ რედაქციაში ვიღაც ქალი მელოდება.  „და ქალის“ რედაქტორების ოთახში ავდივარ და უსიამოვნო გარეგნობის, მოხუც ქალს ვხედავ, რომელიც ჩემს დანახვაზე სკამიდან დგება და მეუბნება, რომ ერთი შენობა უნდა მაჩვენოს.

ორივე ქუჩაში აღმოვჩნდით. ყველაფერი ნაცრისფერია. დაახლოვებით ისე, როგორც ნაწვიმარ და მოღრუბლულ დღეს იცის ხოლმე. ქუჩაც თითქოს მეცნობა, მაგრამ ვერ ვხვდები სად ვარ. მოხუცს თაღში შევყავარ და ეზოში ჩერდება. ძველ ყვითელ სახლს ვხედავ, რომელსაც „ჩეკა“ აწერია. მზერა აბრაზე გადამაქვს და ვცდილობ რამდენჯერმე წავიკითხო ქუჩის სახელი, რომ არ დამავიწყდეს, მაგრამ გაღვიძებისას არ მამახსოვრდება…

შენობიდან კაცი გამოდის და მეუბნება, რომ მე აქ არ უნდა ვიყო. მოხუცი ქალი საშინლად ბრაზდება და მოულოდნელად ცეცხლს წაუკიდებს მას. კაცი შენობაში შერბის. მე კიდევ, შეშინებული ვიღებ ჯიბიდან მობილურს და სასწრაფოში ვრეკავ… კავშირი ცუდია. ტელეფონი შრიალებს. მინდა მისამართი ვუკარნახო, მაგრამ ვერ ვამბობ… მოხუცი აღარსად ჩანს. უცებ, ეზოში ექიმები შემორბიან და მეკითხებიან, სად არის დაზარალებული. მე მათთან ერთად იმ ძველ სახლში შევდივარ.

სახლი შიგნიდან ცარიელია. დერეფნებში ძველი, აყრილი პარკეტია და იქაურობა მტვრითაა სავსე. დამწვარი კაცი იქვე წევს. ექიმები მასთან მიდიან და საკაცეზე გადაჰყავთ. მე კი, მოულოდნელად პატარა ოთახში აღმოვჩნდები და ცივი ჰაერის ძლიერი ნაკადის ბიძგს ვგრძნობ, რომელიც ოთახის ხან ერთ კუთხეში მიმაგდებს, ხან მეორეში…

მეღვიძება.

Image

„ჩეკისტების“ შესახებ ვიცოდი, რა საშინელი საქმიანობითაც იყვნენ დაკავებული, მაგრამ აბრევიატურის განმარტება არასოდეს მიკითხავს. საწოლიდან ავდექი  და კომპიუტერი ჩავრთე, რომ „ჩეკას“ მნიშვნელობა მომეძია: – „чрезвычайная комиссия(საგანგებო კომისია).

ბევრი ძებნის შემდეგ, შენობაც ვიპოვე, რომელიც ინგოროყვას 22 ნომერში (ყოფილი დერჟინსკის ქუჩა) მდებარეობს. შენობა მართლა ყვითელი და ძველია. სამსართულიანი, საკმაოდ დიდი სახლი, თავიდან სომეხ ვაჭარს – ვინმე სელიკოვს   ეკუთვნოდა. თურმე, სახლს მიწისქვეშ დიდი სარდაფები ჰქონია, სადაც უმოწყალოდ აწამებდნენ და ხვრეტდნენ უდანაშაულო ადამიანებს.

ჩემი კამერა ავიღე და მის სანახავად წავედი. შენობა საკმაოდ  სავალალო მდგომარეობაშია. გარეთა ფასადი რესტავრაციას საჭიროებს. პირველი, რაც თვალში მეცა –  ორი მემორიალური დაფა იყო. ერთზე ეწერა: – “ამ სახლში 1918-1921 წ. წ. ცხოვრობდა გამოჩენილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე გრიგოლ ლორთქიფანიძე“; მეორეზე კი: -„ამ სახლში 1906 წლის 17 ივლისს ვერაგულად მოკლეს ცნობილი ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე შიო ჩიტაძე“.

ImageImage

სახლს ორი სადარბაზო აქვს, რომლებიც ბნელი, საშინელი და ვიწრო ლაბირინთივით დაკლაკნილი დერეფნით უკავშირდება ერთმანეთს. ყველაფერი საგულდაგულოდ დავათვალიერე. სარდაფში ჩასასვლელი ორი კარიდან, ერთი მთლიანად ამოუშენებიათ, ხოლო მეორე დაკეტილი დამხვდა. ზედა სართულის დერეფანში ისეთი სიბნელე იყო, რომ ფარნის გარეშე ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამდით. შენობა ამჟამად საცხოვრებელი სახლია. აქ მცხოვრებნი ალბათ იმდენად არიან მიჩვეულები ბნელ ლაბირინთებში სიარულს, რომ ნათურის საჭიროებას „ვეღარ ხედავენ“.

ImageImageImage

მესამე სართულზე ავედი. როგორც ვიცი, აქ, სადღაც ბერიას კაბინეტი იყო. დერეფნებში ძველი ხის კარადებია შემორჩენილი. სხვენზე ასასვლელი კიბეც ვიპოვე, რომელიც სქელი ჯაჭვითა და დიდი ბოქლომითაა დაკეტილი. ჩვენამდე მოღწეულ ლეგენდებს თუ დავუჯერებთ, ამ სხვენზე ადამიანის ძვლები და თავის ქალები უპოვიათ.

Image

შენობაში 1892-1906 წლებში სათავადაზნაურო ვაჟთა სკოლა განთავსდა. 1904 წელს, ექვთიმე თაყაიშვილის რეკომენდაციით, კიევიდან თბილისში ახალგაზრდა  ფილოლოგი, ისტორიკოსი და პედაგოგი შიო ჩიტაძე მოიწვიეს. რომელიც ჯერ რუსულის პედაგოგად, ხოლო შემდეგ, სკოლის დირექტორად დანიშნეს. ის იბრძოდა იმისთვის, რომ სასწავლებელში სწავლება ქართულ ენაზე ყოფილიყო.  ასეთი სასწავლებლის არსებობა კი ცხადია, რუსეთის რეჟიმისთვის სულაც არ იყო სასურველი. შიო ჩიტაძე ეწინააღმდეგებოდა მათ  პოლიტიკას, რის გამოც არ უნდა იყოს ძნელი მისახვედრი, რომ ასეთ გავლენიან და მებრძოლ ადამიანს მიზანში ამოიღებდნენ.

1906 წელს, სასწავლებელში ტერორისტები შეიჭრნენ და შიგნიდან ყუმბარა ესროლეს პოლიცმეისტერ ვინმე მარტინოვს, რომელსაც არაფერი დაშავებია. ტერაქტთან მოსწავლეებსა და მასწავლებლებს არავითარი შეხება არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, შენობა ჯარმა დაარბია. მათ სცემეს და დაჭრეს სკოლის პედაგოგები. შიო  თავისი ოჯახით ამ შენობაშივე ცხოვრობდა. ის უმოწყალოდ ხიშტზე  ააგეს, ხოლო მისი ბინა დაარბიეს.  ამ დროს, შიო ჩიტაძე ძალიან ახალგაზრდა, 33 წლისა იყო…

Image

შიოს მეუღლემ  მისი  გარდაცვალებიდან მე-40 დღეს  საწამლავი დალია. მათ სამი შვილი ჰყავდათ, რომელიც მამიდამ გაზარდა.

სასწავლებლის გაუქმების შემდეგ, შენობა საცხოვრებელ სახლად გადაიქცა. აქ ცხოვრობდა საქ-ოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო და განათლების მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე.

1921 წელს  შენობა საქართველოს საგანგებო საგამოძიებო კომისიას (Груз ЧК) გადაეცა. 1922 წელს კი, ამავე შენობაში განთავსდა ამიერკავკასიის საგანგებო კომისია (ЗакЧК). 1934 წლამდე ამ შენობაში ორივე უწყება  მუშაობდა.

პირველ სართულზე არსებული ოთახები გამოიყენებოდა საერთო საპატიმრო კამერებად. სახლის ღრმა და ბნელი სარდაფებიდან საშინელი ტირილისა და გოდების ხმები გამოდიოდა.

ImageImageImage

იქ პატიმრებს განსაკუთრებული სისასტიკით აწამებდნენ, შემდეგ კი ეზოს კედელთან დააყენებდნენ და ხვრეტდნენ. ერთ დროს, ტყვიით დაცხრილული ხის ღობის ნაცვლად, ახლა ქვის გალავანია.

Image

შენობაში გამეფებულმა მძიმე აურამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დროში ვიმოგზაურე. ვინ იცის, იქნებ სწორედ იმიტომ დამესიზმრა ეს სახლი, რომ მისი ისტორია დამეწერა და ამით პატივი მიმეგო იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც ამ შენობაში იქნენ უსამართლოდ და უმოწყალოდ მოკლულნი… ღმერთმა უწყის, რამდენი მათგანის საფლავია დღემდე უცნობი…

ImageImageImageImageImage

Advertisements

15 thoughts on “სიზმარში ნანახი სახლის ისტორია

  1. როგორ მაინტერესებს ასეთი ძველი შენობებიი… შენი სიზმარი კი, უბრალოდ “სიზმარი” და დამთხვევაა არაა მართლაც..^^

  2. როგორ გამიხარდა რომ იცოდე შენი სიზმრის ამბავი,მეც მესიზმრება სახლები,ქუჩები,ქალაქები თან ისე მკაფიოდ მახსოვს გაღვიძებისას რამოდენიმე წუთი გაშტერებული ვზივარ ლოგინზე.პატარა რომ ვიყავი ქუჩა ვნახე სიზმარში ,რამდენიმე დღის შემდეგ თელავში წავედით ბევრი ბოდიალის შემდეგ მერე ზუსტად იმ ქუჩაზე ვიდექი და ვამტკიცებდი სიზმარში ვნახეთქო პასუხად ისეთი დაცინვა მივიღე 10წელია ხმას არ ვიღებ ჩემ სიზმრებზე…

    • ძალიან საინტერესო ფენომენია! მართალი ხარ, ბევრს არ სჯერა ასეთი რაღაცეების. ამიტომ, ყველასთან არც ღირს ამ თემაზე საუბარი. მე მჯერა და მაინტერესებს 🙂 გამიხარდა, რომ დააკომენტარე :*

  3. თეა მადლობა! დიდი ინტერესით ვკითხულობ თქვენს სტატიებს, მეც უზომოდ მიყვარს ჩემი ქალაქი, განსაკუთრებით ძველი თბილისი. მე თავად ვორონცოვზე ვცხოვრობ, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს, “საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს” უკან. არ ვიცი რამდენად დაინტერესდებით ამ შენობით, ჩემს ბავშვობაში შენობა ოქტომბრის რაიონის რაიკომს ეკუთვნოდა, ხელისუფლება, რომ შეიცვალა ჩუღურეთის გამგეობას გადაეცა, შემდეგ მოქალაქეთა კავშირს და დღესდღეობით კი “საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს” ეკუთვნის. შენობას აქვს უზარმაზი თავშესაფარი, ამ თავშესაფარს რამდენი ჩასასვლელი აქვს ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენს ეზოში, რომ ორი ჩასასვლელი და ამოსასვლელია ეს კი დანამდვილებით ვიცი, ეს ჩასასვლელ-ამოსასვლელები ერთმანეთს დერეფნით უკავშირდება. მოკლედ თავს აღარ შეგაწყენთ, ჩავთვალე რომ ეს ინფორმაცია უნდა მომეწერა თქვენთვის, იქნებ ამ შენობასაც საიტერესო ისტორია აქვს?! პატივისცემით. 🙂

    • ძალიან დამაინტერესა ამ შენობამ და აუცილებლად გავარკვევ რამეს. დიდი მადლობა 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s