თბილისის მიწისქვეშეთი – შახტი-ლაბორატორია

Image

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბავშვი ვიყავი, უცნაური ლტოლვა მქონდა მიტოვებული შენობებისადმი…  ჯერ კიდევ არ მქონდა გაცნობიერებული, თუ რატომ ვგრძნობდი თავს ყველაზე კომფორტულად ისეთ ადგილებში, სადაც სხვები არ შედიოდნენ… იქნებოდა ეს მიტოვებული კოტეჯი თუ გამოშიგნული შენობა… იქ თავს სხვაგვარად ვგრძნობდი…

განცდა, რომელიც ასეთ ადგილებში მეუფლებოდა, ერთდროულად შიშიც იყო, სიამოვნებაც, ადრენალინიც, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა… და მერე მივხვდი! – მივხვდი, თუ რატომ შემიყვარდა დროსგან და ხალხისაგან მივიწყებული ადგილები…

Image

ყველა ადამიანს აქვს რაღაც საკრალური, ჩვევა, რაც მხოლოდ მისია… რაც ეხმარება ცხოვრების რთულ მომენტებში, რასთან ერთადაც მარტო რჩება საკუთარ თავთან. იმუხტება ახალი ენერგიით და გრძნობს, რომ ისევ სავსეა…

ეს რაღაც, შეიძლება ადგილი იყოს, შეიძლება რაიმე ნივთი ან თუნდაც ადამიანი… შეიძლება იყოს უბრალოდ ჩვევა… მიზანი ერთია! – ადამიანები პერიოდულად ვსაჭიროებთ „გადატვირთვას“… ჩემთვის, ეს რაღაც – შენობებია, რომლებიც წარსულთან მაკავშირებენ… მაკავშირებენ რაიმე ლეგენდასთან, საიდუმლოსთან, ისტორიასთან… – სწორედ ასე შეიქმნა რუბრიკა – „შენობის ისტორია“.

ძალიან მინდა, რომ  ახალი წლიდან, ამ ციკლის მეორე სეზონი მიწისქვეშეთის თემას მივუძღვნა. ბევრმა არ იცის, რომ თბილისში ძალიან ბევრი გვირაბები, სარდაფები და ბუნკერებია, რომელთაც თავისი ისტორია აქვთ. თბილისი კი ბევრ საინტერესო ლეგენდას მოიცავს… მთავარია მათი მოსმენა ვისურვოთ და დავინტერესდეთ! როგორც სტივენ კინგი იტყოდა: – „ როდესაც მთავარი გზიდან გადაუხვევთ, მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ  საინტერესო შენობას შეხვდებით…“

ბევრი ადამიანისაგან მსმენია, რომ სააკაძის მოედნის ქვეშ, საკმაოდ დიდ ფართობზე მიწისქვეშა ლაბორატორიაა. მოგეხსენებათ, როგორ ვრცელდება ხალხში მსგავსი თემები… მეც გადავწყვიტე მეპოვნა ყოფილი საიდუმლო ლაბორატორია, სადაც ლეგენდის თანახმად,  სამხედროები გაურკვეველ ცდებს ატარებდნენ…

ImageImage

ჭორები იქით იყოს და ძიებამ ძალიან საინტერესო სიმართლე მაპოვნინა. ძალიან ბევრმა არ იცის, რომ ქართველებს ყველაზე დიდი სასწავლო შახტი-ლაბორატორია გვქონია, მთელს მსოფლიოში… ლაბორატორია, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია!

მისი განლაგების სიღრმე მიწის ზედაპირიდან 16დან- 30 მეტრამდეა, ხოლო გვირაბების სიგრძე – 1200 მეტრი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანის ნებართვით, მიწისქვეშა შახტ-ლაბორატორიაში  საათზე მეტი გავატარე და ყველაფერს გავეცანი. მოგზაურობა – ძალიან საინტერესო, ხოლო შთაბეჭდილება – დაუვიწყარი იყო.

შახტი- ლაბორატორია ჰორიზონტალური, დახრილი, ვერტიკალური გვირაბებისა და კამერების ერთობლიობას წარმოადგენს, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე სამთო-შახტური მოწყობილობებით, მექანიზმებით, საწარმოო პროცესების მართვის ავტომატიზებული საშუალებებითა და მიწისქვეშა ელექტრომომარაგების მთელი სისტემით.

ImageImage

ლაბორატორიას, რომლის კოლექტივიც ადრე 12 კაცისაგან შედგებოდა და ოთხ „დამლაგებელს“ მოიცავდა, ამჯერად 2 დამლაგებელი უვლის. მათი წყალობით დღემდე ფუნქციონირებს ყველა მექანიზმი თუ მოწყობილობა. ეს ორი ადამიანი გახლავთ სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის სრული პროფესორი – უშანგი კავთიაშვილი და სასწავლო შახტი-ლაბორატორიის ლაბორანტი – მერაბ მაისურაძე, რომელთაც დამათვალიერებინეს შახტი-ლაბორატორია და მომიყვნენ ის, რასაც ახლა მე თქვენ გიამბობთ…

ერთხელ მაინც თუ გიფიქრიათ, რა რთული და სარისკოა მიწისქვეშა სამუშაოები? რამხელა რისკზე მიდიან ადამიანები, რომლებიც პროფესიად მიწისქვეშეთს ირჩევენ? სასარგებლო წიაღისეულის მიწისქვეშა მოპოვება, მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობა ძალიან სახიფათო საქმიანობაა და დიდ ფსიქოლოგიურ დატვირთვასთან არის დაკავშირებული, რაც განსაკუთრებით მძიმეა დამწყები სამთო ინჟინრისათვის. ბევრი ვერ უძლებს მიწისქვეშეთში მუშაობას და წარმოებას ტოვებს.

Image

მიწისქვეშა სამთო სამუშაოთა პროცესების მთელი კომპლექსის გათვალისწინებით დაპროექტდა სასწავლო შახტი-ლაბორატორია, რომლის მშენებლობა და სათანადო მანქანებით, მექანიზმებით, სატრანსპორტო საშუალებებითა და დანადგარებით აღჭურვა 1986-1991 წლებში განხორციელდა. ამ ორიგინალური სასწავლო ობიექტის ავტორთა კოლექტივს, 1993 წელს, მისი შექმნისათვის საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო პრემია მიენიჭათ.

შახტი-ლაბორატორია დაკავშირებულია ტექნიკური უნივერსიტეტის მესამე კორპუსთან და იქ მოხვედრა მხოლოდ ორი გზითაა შესაძლებელი: – ლიფტითა და სათადარიგო საკიბე განყოფილებით (რომელიც მესამე კორპუსშია), ასევე,  მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან შახტში შესვლა ხდება კაპიტალური თარაზული გვირაბით-შტოლნით, საიდანაც დაიწყო გვირაბის მშენებლობა.

შახტში ზამთარ-ზაფხულ ერთი და იგივე ტემპერატურა – 16-18 გრადუსია. გვირაბის მშენებლობას მილიონნახევარი მანეთი მოხმარდა. დანარჩენი აღჭურვილობა და მექანიზმები, ლაბორატორიას ყოფილის სტუდენტების მიერ (რომლებიც ამჟამად სამთო საწარმოების მთავარი ინჟინრები  არიან) უსასყიდლოდ გადაეცა.

Image

ჰორიზონტალურ გვირაბს – კვერშლაგი ჰქვია. დახრილს კი – ბრემსბერგი. ბრემსბერგი აღჭურვილია ჯალამბრით (საშახტე ვაგონის მაღლა ასატანი მოწყობილობა), რომელიც ცალბოლოიანი ბაგირით აწევას ემსახურება.  ასეთ გვირაბებში, როგორც წესი,  ფეხით მოძრაობა აკრძალულია, რადგან ტროსის გაწყვეტისა და ვაგონის დაგორების საფრთხე არსებობს. ხალხის გადასაყვანად ბრემსბერგის სასვლელში დამონტაჟებულია კიდული მონოსავარძლური საბაგირო გზა, რომლითაც გადაადგილების საშუალება მეც მომეცა.

Image

გვირაბის სანგრევებში სტუდენტები სრულყოფილად ითვისებენ გაყვანის ოპერაციათა მთელ კომპლექსს, მათ შორის ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების უსაფრთხო შესრულების ჩვევებს, რითაც საშუალება ეძლევათ, რეალურად აითვისონ ამფეთქებლის პროფესია.

შახტი-ლაბორატორიაში აგებულია სხვადასხვა დანიშნულების კამერები: წყალამოსაღვრელი, ელექტროქვესადგურის, ელმავლების დეპოს, ხანძარსაწინააღმდეგო მატარებლის, ბრემსბერგის ჯალამბრის, საბაგირო გზის ამძრავის, ტექნოლოგიური მოწყობილობის გამშვები აპარატურის, რის  საშუალებითაც  სტუდენტები საფუძვლიანად სწავლობენ საშახტო სტაციონარული დანადგარების ექსპლუატაციის, მიწისქვეშა ელექტრომომარაგების, ავტომატური მართვისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხებს.

ImageImage

შახტაში ელექტრო მომარაგება 24 საათის განმავლობაში 6000 ვოლტიანი კაბელის საშუალებით ხორციელდება, რომელიც ტრანსფორმატორების საშუალებით დაიყვანება სამომხმარებლო დონეზე. რასაც შახტაში მომუშავე მექანიზმები მოიხმარს. მიწისქვეშა ელექტროქვესადგური კამერული გვირაბში  (დიდი კვეთის, მაგრამ მოკლე სიგრძის გვირაბი) მდებარეობს.

გვირაბში ასევე გაედინება მიწისქვეშა წყლები, რის გამოც ყველაფერი, რაც მეტალისაა იჟანგება.  მიწისქვეშა წყლები 3 მ. სიღრმის და 4 მ. სიგანის ავზში იკრიბება  და მტკვარში გადაიტუმბება.   როდესაც წყლის დონე აიწევს, ავტომატურად ირთვება სატუმბე დანადგარი, რომელიც  წყალს გადატუმბავს.

ImageImage

ლაბორატორიაში სასწავლო პროცესისადმი დიდი ინტერესი გამოიჩნეს აშშ-ს, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, ეგვიპტის, არაბთა გაერთიანებული საემიროს უმაღლესი განათლების მუშაკებმა, ყოფილი სსრკ კავშირის განათლების სახელმწიფო კომიტეტის სამთო განათლების სასწავლო-მეთოდური გაერთიანების სპეციალიზებული საბჭოს წევრებმა და სამთო მექანიკაში საკავშირო კონფერენციის მონაწილეებმა. იუნესკოს გენერალური დირექტორის სპეციალური წარმომადგენლის თხოვნით, რომელიც გაეცნო სასწავლო ლაბორატორიას, იუნესკოში გასაგზავნად გადაღებულ იქნა შახტი-ლაბორატორიის ამსახველი სპეციალური ფირი, რომელიც დაურიგდა მსოფლიოში არსებულ ყველა სამთო პროფილის ინსტიტუტს.

ImageImage

გვირაბებსა და კამერებში დამონტაჟებული დანადგარები ფეთქებადუსაფრთხო კონსტრუქციისაა. საშახტო ფეთქებად-უსაფრთხო ნათურები, რომლებიც დროთა განმავლობაში მწყობრიდან გამოვიდა, დიმიტრი შაშკინის დაფინანსებით შეცვალეს ახლით, რისთვისაც 50 000 ლარი იქნა გამოყოფილი.

აქ შექმნილია ყველა პირობა სტუდენტების ინდივიდუალური მუშაობისათვის. გვირაბებში დამონტაჟებული კამერების საშუალებით, სასწავლო კორპუსის სპეცაუდიტორიებში სალექციო თეორიული კურსის გადაცემა ხორციელდება. სამწუხაროა, რომ მექანიზმების სრულყოფილად ამუშავება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რადგან თითოეული მათგანი დიდი რაოდენობით სამანქანო ზეთს მოიხმარს (100, 200 ლიტრი).

Image

როგორც უკვე მიხვდით, ეს მიწისქვეშა შახტი-ლაბორატორია ერთ-ერთია იმ სიმდიდრეთაგან, რომლითაც ჩვენს ქვეყანას შეუძლია იამაყოს. ასეთი საგანძური არც ისე ბევრი გვაქვს და ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ მათ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომელთა წყალობითაც სასწავლო შახტი-ლაბორატორია დღემდე არსებობს და ფუნქციონირებს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s