მდუმარე სასტუმრო

Image

1. გოგონა არსაიდან

არავის ეგონა, თუ მეთიუ ოდესმე დაქორწინდებოდა. უფრო მეტიც, – შეყვარებულთან ერთად ის არავის დაუნახავს… ყველა შეგუებული იყო მის უცნაურობებს და მისი სიმარტოვე არავის უკვირდა.
ხომ იცით, პატარა დასახლებებში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, სწრაფად ვრცელდება ხოლმე ახალი ამბები. ყველამ თითქმის ყველაფერი იცის ერთმანეთის შესახებ. ნაიადაც სწორედ ასეთი ადგილი იყო, ქალაქისაგან საკმაოდ მოწყვეტილი.

ხშირად ადგილებს, რომელთაც უცნაური სახელები ჰქვიათ, რაიმე ლეგენდა უკავშირდება. ამ სოფელსაც სწორედ ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად დაერქვა სახელი – “ნაიადა”.

ნაიადა – წყლის, ნაკადულის, მდინარის ან წყაროს ნიმფას ჰქვია. ნაიადას მკვიდრნი სიამაყით ყვებიან ლეგენდას ნიმფაზე, რომელიც თურმე წელიწადში ორჯერ, გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობისას, როცა დღისა და ღამის ხანგრძლივობა ერთმანეთს უტოლდებოდა, მდინარიდან ამოდიოდა და ჩანჩქერის ქვეშ, უზარმაზარ ლოდზე ჩამომჯდარი ივარცხნიდა გრძელ, ფაფუკ თმას თავისი ოქროს სავარცხლით.

თუ ნიმფა სავარცხელს დაკარგავდა, ის ვეღარ დაუბრუნდებოდა წყალქვეშა სამყაროს მანამ, სანამ სავარცხელს არ იპოვიდა.

ლეგენდის თანახმად, ერთმა მოხერხებულმა მეთევზემ შეძლო, ნიმფასთვის სავარცხელი მოეპარა და საგულდაგულოდ დაემალა, დამწუხრებული ნაიადა კი სახლში წაეყვანა და ცოლად შეერთო.

საბრალო ნიმფას აღარასოდეს გაუღიმია.

მეთევზე ხედავდა, როგორ დარდობდა და მისტიროდა მშობლიურ წყალქვეშა სამყაროს მისი ცოლი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ელეოდა მას…

მხოლოდ ათი წლის შემდეგ დაუბრუნა ოქროს სავარცხელი და სახლის ზღურბლთან მდგარი კარგა ხანს გაჰყურებდა, როგორ მირბოდა მდინარისკენ გახარებული ნაიადა. მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. აი, ასეთ ლეგენდას ინახავდა ეს პატარა სოფელი.

მეთიუს სახლი იმ ჩანჩქერთან სიახლოვეს იდგა, სადაც გადმოცემის თანახმად, ნაიადა თმას ივარცხნიდა ბუნიობისას.

***

გოგონა, რომელიც მეთიუსთან ერთად მოულოდნელად გამოჩნდა, მანამდე არავის ენახა. ის არ იყო აქაური. საინტერესოა, სად უნდა გაეცნოთ ერთმანეთი და რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ ყოველგვარი შეხვედრისა და ურთიერთობის გარეშე გადაეწყვიტათ დაქორწინება…

მეთი უპატრონო ბავშვთა სახლში იზრდებოდა. როდესაც სრულწლოვანი გახდა, ის ბავშვთა სახლში მომუშავე ძიძამ წამოიყვანა და იშვილა. მათ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. სოფია ძალიან კეთილი ქალი იყო.

მეთიუ 28 წლის იყო, როდესაც სოფია გარდაიცვალა, მანამდე კი, ორი წელი ლოგინად იყო ჩავარდნილი.

მეთი ყოველ დილა-საღამოს ასეირნებდა მას გორგოლაჭებიანი სავარძლით, რომელიც თვითონვე ააწყო. მას პირადი ცხოვრება, ფაქტობრივად, არც ჰქონდა.

” ცენტრში” მხოლოდ საყიდლების გულისთვის ჩამოდიოდა, ხანდახან “ჯონის ბარს” სტუმრობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისაგან ყურადღება ნამდვილად არ აკლდა, პირველ რიგში, მისი ფიზიკური მონაცემების გამო.

მიუხედავად იმისა, რომ მეთიუ სიტყვაძუნწი იყო და ადამიანებთან იშვიათად შედიოდა კონტაქტში, გოგონების დაყოლიება “ერთი ღამისთვის” მისთვის სირთულეს არ წარმოადგენდა. მის ქცევაში იყო რაღაც იდუმალი და ამოუცნობი. ვერასოდეს მიხვდებოდი, როდის რას ფიქრობდა, როგორ ხასიათზე იყო ან რას აპირებდა… ქალებსაც, ალბათ, ეს იდუმალება იზიდავდათ, მაგრამ ხანგრძლივ ურთიერთობას მასთან, როგორც ჩანს, არავინ ცდილობდა; ან შეიძლება მეთიუს ჰქონდა რაღაც ბარიერი და ახლოს არავის უშვებდა…

***

მეთიუს ცოლს ღია წაბლისფერი, გრძელი თმა ჰქონდა და ძალიან მუქი, თითქმის შავი ფერის თვალები. ფერმკრთალი იყო, მაგრამ ლამაზი.

– ალბათ, ინტერნეტით გაიცნო! – გადაულაპარაკა ლუდის ბარში მომუშავე მიმტანმა გოგონამ ბარმენს, თან, მეთიუს ცოლს თვალს არ აშორებდა. ბარის ღია კარიდან კარგად ჩანდა წითელწინწკლებიან კაბაში გამოწყობილი გოგონა, რომელიც მაღაზიის ვიტრინასთან იდგა და ვერ გადაეწყვიტა, შესულიყო თუ არა შიგნით.

– ლამაზია! – თქვა ბარმენმა და ჩაის ტილოთი ჭიქა გაამშრალა.

– ჰო… არა უშავს… – ისე, ვინ იფიქრებდა, რომ ეს ოდესმე ცოლს მოიყვანდა…მეეჭვება, ამ გოგომ დიდხანს გაუძლოს…

– რატომ, ელი?

– მეთს თავისი სამყარო აქვს! ნახევარ დღეს ძილში ატარებს. ღამით კიდევ ხან ტყეში დაბორიალობს, ხან მდინარესთან დადგება და წყალში კენჭებს ისვრის… რამდენჯერ გამღვიძებია ღამის ოთხ ან ხუთ საათზე, ფანჯრიდან გამიხედავს და დამინახავს მდინარის პირას ჩამომჯდარი. შენ მისი ოთახი უნდა ნახო! ისეთი უცნაური კოლექცია აქვს…

– რისი?

– რა ვიცი… ყველანაირი ხარახურის! – ქვების, ნიჟარების, რაღაც ცხოველების რქების და ბევრი უცნაური სიმბოლოს. პირველად რომ ვნახე, შიშისაგან კინაღამ გული წამივიდა. ვუდუს მიმდევარი მეგონა!

– და შენ როდის ნახე მისი კოლექცია? – ჰკითხა ბარმენმა ელის და დაეჭვებით გადახედა. ელი დაიბნა. მიხვდა, რომ ზედმეტი წამოროშა და ბარმენს ზურგი აქცია.

– რა ვიცი, ჯონ… ადრე…

დაბნეულმა ჩაიბურდღუნა და უახლოეს მაგიდას სველი ნაჭრით დაუწყო წმენდა, რომელიც ისედაც სუფთა იყო.

ელის მეთიუს სახლში გატარებული ის უცნაური ღამე გაახსენდა და გული აუჩქროლდა. მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს უფიქრია მეთთან სერიოზულ ურთიერთობაზე და იმ ღამის შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა, გააცნობიერა, რომ მისი დაქორწინების ამბავმა მასზე ძალიან იმოქმედა.

***

ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ ბარში ახალდაქორწინებულმა წყვილმა შემოაბიჯა.

2. უცნაური სურვილი

Image

– გამარჯობა, ჯონ! – მიესალმა მეთიუ ბარმენს და დახლზე ათდოლარიანი დაუდო.
– გაგიმარჯოს, მეგობარო! გილოცავ დაქორწინებას! არაჩვეულებრივი არჩევანია, მინდა გითხრა!..
– მადლობა! – თქვა მეთიუმ და ელის მისალმების ნიშნად თავი დაუქნია. მეთიუს ცოლმა ჯონს გაუღიმა და თავის ქმარს დაკუნთულ მკლავზე ნაზად მოუჭირა ხელი.

– ლუდი ხომ ცივია? – ჰკითხა მეთიუმ ბარმენს.

– რა თქმა უნდა! აბა, ისე როგორ?..

– ძალიან დაცხა! ანა, სადმე დაჯექი და მეც ახლავე მოვალ!

ელი სამზარეულოში გავიდა და პატარა სარკმლიდან მეთის ცოლს გახედა, რომელიც ვენტილატორთან ახლოს დამჯდარიყო და პატარა სარკეში იყურებოდა.

– მისმინე, ჯონ! მანქანის დაქირავება მინდა რამდენიმე დღით… მე და ანამ გადავწყვიტეთ, თაფლობის თვე “ფორესტ ფლეისში” გავატაროთ…

– “ფორესტში?” – ჯონს გაოცებისაგან თვალები გაუფართოვდა. – იქ რა დაგკარგვიათ?.. ოღონდ ახლა არ მითხრა, რომ…

– მგონი, სწორად გაიფიქრე… – “მდუმარე სასტუმროში” მივდივართ! სულ რაღაც ერთი კვირით…

– გამაოცე, ძმაო… – სიდს დაელაპარაკე! მამამისის მანქანას მაინც არ იყენებს, წესით, სიამოვნებით მოგაქირავებს!

– დღესვე შევუვლი! მადლობა შენ!

მეთიუმ ორი კათხა ლუდი აიღო და მაგიდისაკენ გაემართა.

ელი სამზარეულოდან მხოლოდ მაშინ გამოვიდა, როცა მეთი და მისი ცოლი ბარიდან გავიდნენ.

– რაო? რა გითხრა?

– “მდუმარე სასტუმროში” აპირებენ წასვლას… ეტყობა, ეგ გოგოც კაი უცნაურია!

– “მდუმარე სასტუმრო” რა უბედურებაა?

– არ გაგიგია? – გაუკვირდა ჯონს.

– არა…

– მართლაც რომ უბედურებაა! სადღაც, გადაკარგულში რომ ააშენეს… შუაგულ ტყეში. იქ მხოლოდ გიჟი და არანორმალური თუ წავა!

– და რა ხდება ასეთი იმ სასტუმროში?

– “ჰორორის” სტილშია რა… შესახედად ძაან საზარელია. მოჩვენებების სახლს ჰგავს… მომსახურე პერსონალი სხვადასხვა კოსტიუმში გამოწყობილი, დაგრიმული დადის… ვამპირები, მოჩვენებები, ორკები და რა ვიცი… ადმინისტრატორი გრაფი დრაკულაა! სასტუმროს გალავანზე თავის ქალებია ჩამოცმული… ნეტა ვის მოუვიდა აზრად მაგის გაკეთება? არაფრის დიდებით იქ არ შევიდოდი… რომელ ღამის გატარებაზეა საუბარი… ელექტროობაც არ არის, მხოლოდ სანთლები… ირგვლივ ტყე, სამარისებური სიჩუმე… ნეტა რა სიამოვნება უნდა მიიღონ იქ?

– ალბათ, ადრენალინი… რომ წარმოვიდგინე, ჟრუანტელმა დამიარა და ისე რა იქნება… კი მაგრამ, იქ მიჰყავს ახალმოყვანილი ცოლი?

– ჰო…

ელის აღარაფერი უთქვამს, თავისი ცვლა დაამთავრა და სახლში დაბრუნდა. შხაპი მიიღო და მანსარდაზე, თავის ოთახში ავიდა. მისი ფანჯრიდან კარგად ჩანდა მეთიუს სახლი. ვერანდაზე სინათლე ენთო. მეთი ხის დაწნულ საქანელა-სავარძელში იჯდა და რაღაც წიგნს კითხულობდა. სამზარეულოს ფანჯარაში ანას სილუეტი ჩანდა, გაზქურასთან ფუსფუსებდა. ცოტა ხანში ლანგრით ვახშამი გამოიტანა ვერანდაზე.

ელი იქამდე უყურებდა მათ, სანამ თვითონაც არ შეაწუხა კუჭმა. გაახსენდა, რომ შუადღის მერე არაფერი ეჭამა.

მას ჩვევად ჰქონდა ფანჯრიდან მეთიუს თვალთვალი. ყოველთვის აინტერესებდა, რას აკეთებდა ეს უცნაური ბიჭი. აინტერესებდა მისი სამყარო. ალბათ, ამიტომაც გადაწყვიტა გასულ ზაფხულს მასთან მისვლა და ერთი ღამის გატარება… ეს გადაწყვეტილება ადვილად არ მიუღია.

როდესაც მეთიუს სახლისკენ მიდიოდა, ძალიან ეშინოდა, მაგრამ რაც უფრო მეტად ეშინოდა, მით უფრო მეტად უძლიერდებოდა სურვილი… მაშინ პირველად გააკვირვა საკუთარმა თავმა…

– “რა საინტერესოა!.. ნეტა საიდან მოიყვანა ეს გოგო… ან რატომ აირჩიეს ის სასტუმრო?.. იმის მაგივრად, რომ სადმე მხიარულ, ლამაზ ადგილას წასულიყვნენ… რომელი წყვილი ირჩევს ასეთ საშინელ ადგილს თაფლობის თვის გასატარებლად?”

ფიქრობდა ელი და თან ძეხვს ჭრიდა. ფიქრებში გართულმა თითქმის მთლიანად დაჭრა ძეხვი. ტაფა გაზზე შემოდგა, კარაქის ნაჭერი დააგდო და ძეხვის ნაჭრები დაალაგა. ტაფა აშიშხინდა. ელიმ ძეხვი ორივე მხრიდან კარგად შებრაწა, ნაწილი თეფშზე გადმოიღო და ჭამას შეუდგა.

– რა სუნი დაატრიალე, ელ? – სამზარეულოში ელის უმცროსი და შემოვიდა.

– მეგონა, გეძინა…

– მეძინა და მგონი, ამ სუნმა გამაღვიძა! ჩემთვისაც არის?

– რაც დავჭერი, სულ შევწვი… მისმინე, მეგ! – შენ გსმენია რამე “მდუმარე სასტუმროზე?”

– როგორ არა! აქედან არაა ძაან შორს! მაგათ თავიანთი საიტიც აქვთ, დაგუგლე! ნომრების დაჯავშნა ინტერნეტითაცაა შესაძლებელი…

– მართლა? და რა ღირს ეგ სიამოვნება?

– რა სიამოვნება, ელ… მანდ როგორ უნდა ისიამოვნოს კაცმა?

– ვხუმრობ… მე დღეს გავიგე პირველად და დამაინტერესა…

– ვაკანსიებიც ჰქონდათ გამოცხადებული ადრე! კარგად კი იხდიდნენ… არ გინდა? სექსუალური ზომბი იქნები…

მეგიმ ძეხვიან თეფშს ხელი დასტაცა და სიცილით გაიქცა თავისი ოთახისკენ. ელი მეგის ნათქვამმა დააფიქრა. ოთახში ასვლისთანავე ჩართო ლეპტოპი და “მდუმარე სასტუმროს” საიტზე შევიდა. ვაკანსიები ისევ იყო: – “სისხლიანი მერის”, “ქალიშვილი-მოჩვენების” და ტროლის. ეს უკანასკნელი მამრობითი სქესის, ათლეტური აღნაგობის მამაკაცი უნდა ყოფილიყო.

ელის უცებ საკუთარ თავზე ნერვები მოეშალა და ლეპტოპი დახურა. ვერაფრით ვერ გაეგო, რატომ იმოქმედა მასზე ასე ძალიან მეთიუს დაქორწინების ამბავმა.
სინათლე ჩააქრო და სასწრაფოდ საბანში გაეხვია.

მეთიუს სახლშიც ჩამქრალიყო შუქები… მხოლოდ ვერანდაზე ენთო ერთი ნათურა. მაგიდაზე ცარიელი ჩაის ჭიქები იდგა…

გამთენიისას ელი ძლიერმა ჭექა-ქუხილის ხმამ გააღვიძა. კოკისპირული წვიმა ისე უცბად წამოვიდა, რომ გაღებულ ფანჯარასთან, იატაკზე რამდენიმე წამში გუბე დააყენა.

ელიმ ფანჯარა მიხურა და თან მეთიუს სახლს გახედა.. ისეთი ნისლი იყო, რომ ირგვლივ არაფერი ჩანდა, გარდა ყვითელი, მრგვალად მბჟუტავი სინათლისა. როგორც ჩანს, მეთიუს ვერანდაზე ისევ ენთო ნათურა.

ელი ისევ საწოლში შეწვა, თვალები დახუჭა და წვიმის ხმაურს ყური დაუგდო. მას ძალიან უყვარდა სახურავზე მოხვედრილი წვიმის წვეთების ხმა. იმ სიზმარზე დაიწყო ფიქრი, რომელიც ცოტა ხნის წინ ესიზმრებოდა:

ღამე იყო. ელი თეთრ, ძველებურ მანქანასთან იდგა და პირქუშ სასტუმროს უყურებდა. მანქანის ფარები ენთო, მაგრამ მძღოლი არსად ჩანდა. ელის ძალიან უსიამოვნო განცდა დაეუფლა. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იყო. ელი სასტუმროსთან მიახლოებას ვერ ბედავდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს იქ რაღაც ბოროტება იყო ჩაბუდებული. თითქოს, სასტუმროს ბნელი ფანჯრებიდან მას უთვალთვალებდნენ.

ელის გაუხარდა, რომ ქუხილის ხმამ გააღვიძა და ის კოშმარი აღარ გაგრძელდა. წვიმის ხმაურმა საგრძნობლად იმატა. თითქოს მის თავთან ვიღაცები იდგნენ და ჩაქუჩებს აბრახუნებდნენ…

– ელ, გძინავს?

ოთახის კარი ოდნავ გაიღო და მეგის შეშინებული სახე გამოჩნდა.

– არა!

– სეტყვაა! მოვალ რა შენთან…

– სეტყვა? – მოდი, მოდი, მშიშარა!

ელი საწოლში წამოჯდა და საბანი გადასწია, რომ მეგიც დაწოლილიყო.

– მეჯავრება სეტყვა!

თქვა მეგიმ და საბანი ყურებამდე გადაიფარა.

– რამდენი ხანია არ ყოფილა! ბოლოს სეტყვა როცა იყო, შენ პატარა იყავი, – ათი წლის. მე აივანზე გავედი და ჭიქაში მოვაგროვე…

– მახსოვს! თეთრი მრგვალი და მსხვილი ბურთები იყო… მერე შენ ერთი ცალი პირში ჩაიდე და წუწნა დაიწყე… გემრიელიაო, მითხარი.

– შენც გაჭამე და…

– საშინელი ანგინა დამმართე!

მეგის და ელის სიცილი აუტყდათ. ნაიადაში სეტყვა მართლა ძალიან დიდი ხანია, აღარ ყოფილა. ელი საწოლზე მუხლებით დადგა და შუბლით ფანჯრის მინას მიეყრდნო. ყველაფერი გადათეთრებული იყო.

– დღეს შენ ვერ წახვალ სამსახურში! ვის გაახსენდება ასეთ ამინდში ლუდი? არა მგონია, ვინმემ სახლიდან დღეს ცხვირი გამოყოს.

– ჯონი ისეთი გიჟია, სეტყვის კი არა, მგლის არ ეშინია.

ელი ისევ მეთიუს სახლს უყურებდა. ნისლი გაფანტულიყო. ვერანდაზე სინათლე აღარ ენთო. მაგიდიდანაც აელაგებინა ვიღაცას ჭიქები.

– სულ მინდოდა შენთვის მეკითხა, ელ… ის უცხოპლანეტელი მოგწონს?

– რა უცხოპლანეტელი? – თავი გამოიშტერა ელიმ.

– იცი, ვისზეც გეუბნები! – მეთიუს ვგულისხმობ… ხშირად დამინახიხარ ეზოდან ფანჯარასთან მდგარი… სულ მის სახლს უყურებ… აი, ახლაც!

– აქედან სხვას რას უნდა ვუყურო, მეგ? მეთიუს სახლისა და მდინარის მეტი არაფერი ჩანს!

– მომეწონა მაგისი ცოლი… ლამაზი გოგოა! მე მგონი, ინტერნეტით გამოიწერა…

– რას ჰქვია გამოიწერა? ნივთი ხო არაა?

– აბა, რა უნდა ვიფიქრო? გარიგებით არავინ გაურიგებდა. ნათესავი მაგას არ ჰყავს და მეგობარი… ვერც იმას დავიჯერებ, რომ სოციალურ ქსელში ისეთი გახსნილი და ენაკვიმატია, რომ გოგო უნახავად დაითანხმა ცოლობაზე. უცნაურია ეს ყველაფერი… ძალიან უცნაური. ჰოდა, ვიფიქრე, რომ ალბათ რაღაც სპეციალურ საიტზე დარეგისტრირდა, ცოლებს და ქმრებს რომ ირჩევენ ხოლმე… და ალბათ იქიდან…

– არა მგონია! აქ რაღაც სხვა ამბავი უნდა იყოს…

– რა ამბავი? ნუ, თუ ის გოგონა ნიმფაა და ოქროს სავარცხელი მოპარა, მაშინ არ ვიცი. –გაეცინა მეგის.

– აღარ მეძინება! წავალ, ყავას ავადუღებ და აქ ამოვიტან!

– მართლა? რა კარგიაა! – მე ცოტა ჯინჯერი ჩამიყარე რაა!

– ნეტა რა მოგწონს მაგ ჯინჯერიან ყავაში, საზიზღრობაა…

ელიმ აბრეშუმის ხალათი მოიცვა და სამზარეულოში ჩავიდა. სანამ ყავა მოადუღა და ფინჯნებში დაასხა, სეტყვამაც გადაიღო. ელიმ კარი გამოაღო და ზღურბლთან დაყრილი სეტყვა მუჭით აიღო ხელში. ამჯერად არ იყო ისეთი მსხვილი, როგორიც ადრე… ხელი გაეყინა.

თავის ოთახში ლანგრით ხელში დაბრუნდა, მაგრამ მეგის ჩასძინებოდა. ლანგარი საწერ მაგიდაზე დადო და ფანჯარასთან მივიდა. აღარ წვიმდა. ელიმ ფანჯარა გამოაღო. სასიამოვნო სიგრილე შემოიჭრა ოთახში. ელი კარგა ხანს იდგა და ხარბად ისუნთქავდა ტყიდან წამოსულ სურნელს… მიწის, ბალახების, ყვავილების… – საოცარი სუნი იყო…

მერე ფანჯრის რაფას ზურგით მიეყრდნო. თან ყავას სვამდა და თავის მძინარე დას უყურებდა. ელი მეგიზე ექვსი წლით უფროსი იყო, მაგრამ ფაქტობრივად, დედასავით უვლიდა…

16 წლის იყო, როდესაც დედამ ოჯახი მიატოვა და სხვა მამაკაცთან ერთად სადღაც გაემგზავრა… სახსოვრად მხოლოდ წერილი დატოვა, სადაც ბოდიშს უხდიდა ყველას…

ეს ამბავი გოგონების მამამ ძალიან მძიმედ გადაიტანა. მათ სახლიდან საკმაოდ მოშორებით ფერმა და პატარა სახლი ჰქონდათ. უფრო სწორად, ქოხი, სადაც ჩარლი კვირაში ხუთ დღეს ატარებდა. შინ მხოლოდ ვიქენდებზე ბრუნდებოდა. შაბათობით ისინი ოჯახურ სადილს მართავდნენ, ხოლო კვირა დღეს, ჩარლის პიკაპით მდინარეზე მიდიოდნენ სათევზაოდ და საპიკნიკოდ.

როდესაც ელის დედა ძალიან მოენატრებოდა ხოლმე, სკივრიდან მის ძველ კაბებს ამოიღებდა და იცვამდა. მეგიც ბაძავდა მას… თუმცა, ის უფრო თამაშობდა, ვიდრე დედის მონატრებას იკლავდა.

18 წლიდან ელიმ უკვე მუშაობა დაიწყო. თავიდან ნაჭრების მაღაზიაში, გამყიდველის დამხმარედ მუშაობდა, საკაბე ნაჭრებს ზომავდა და მაკრატლით ჭრიდა, მაგრამ ხელებზე ალერგია დაემართა და იძულებული გახდა, წამოსულიყო. შემდეგ ჯონისთან, ბარში დაიწყო მუშაობა და კარგა ხანს შემორჩა. ჯონი მას ყოველთვის კარგად ექცეოდა.

ელის ახსოვს, რომ პერიოდულად სოფია მათთან მოდიოდა ხოლმე. პატარა ელის ხშირად უთამაშია მის ვერანდაზე, ოღონდ მაშინ მეთიუ ჯერ კიდევ ბავშვთა სახლში იზრდებოდა. როდესაც პირველად დაინახა ელიმ სოფიას სახლში ახალგაზრდა, ათლეტური აღნაგობის მამაკაცი, ძალიან გაუკვირდა, რადგან ყველამ იცოდა, რომ სოფიას ნათესავები ძალიან შორს ცხოვრობდნენ და კავშირი, ფაქტობრივად, გაწყვეტილი ჰქონდათ.

ელის მეთიუს თვალთვალი ჩვეულებად ექცა. თავიდან ფანჯრიდან უყურებდა, როგორ ჩეხდა მეთიუ შეშას, წელზევით შიშველი… ელიმ რამდენჯერმე სცადა მასთან კონტაქტში შესვლა, როდესაც მეთი მდინარეზე იყო, მაგრამ ურთიერთობა მაინც ვერ ააწყო მასთან. მეთიუ მხოლოდ რამოდენიმე წინადადებით შემოიფარგლებოდა ხოლმე და აგრძნობინებდა, რომ მისთვის უინტერესო იყო.

ელის რაღაცნაირად იზიდავდა ეს ბიჭი. თავისი ოთახიც იმიტომ მოიწყო მანსარდაზე, რომ ფანჯრიდან კარგად დაენახა სოფიას სახლი. მეთიუ თავის გაკეთებული მშვილდ-ისრით ერთობოდა ხოლმე. საოცრად კარგად არტყამდა მიზანში. ხანდახან დანასაც ესროდა ხეს.

სოფიას გარდაცვალების მერე ელი უფრო მეტ შინაგან სიახლოვეს გრძნობდა მეთთან… იცოდა, რომ მეთიც მასავით მარტოსული იყო.

ერთ მშვენიერ დღეს საბოლოოდ გადაწყვიტა, მოულოდნელად დადგომოდა თავზე მეთიუს. დიდხანს ივარცხნიდა თავის ჟღალ თმას სარკის წინ… პერანგზე პირდაპირ პენუარი მოიცვა და ისე გაემართა მეზობელი სახლისაკენ…

3. სიზმრების დამჭერი

Image

ღამის სამი საათი იყო, როდესაც ელი მეთიუს ეზოში შევიდა. მეთიუს არ ეძინა. ვერანდაზე, მოქანავე სავარძელში იჯდა და წიგნს კითხულობდა. ელის დანახვაზე შეკრთა, წიგნი გვერდით გადადო და ფეხზე წამოდგა.

შეშფოთებულმა ჰკითხა, – რამე ხომ არ შეგემთხვათო და როდესაც მიხვდა, თუ რისთვის იყო მოსული მასთან ელი, ბევრი აღარ ულაპარაკია, ხელში აიყვანა და საძინებელი ოთახისაკენ გაემართა.

მეთიუ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ელი ქალიშვილი იყო. მას ძალიან გაუკვირდა ელის გადაწყვეტილება, მაგრამ ზედმეტი კითხვები არ დაუსვამს.

ელი მეთიუს ლოგინში იწვა და საწოლის თავზე ჩამოკიდებულ უცნაურ ნივთს აკვირდებოდა. ტყავის წვრილ ზონრებზე მრგვალი და ბრტყელი ბადისმაგვარი საგანი ეკიდა, რომელსაც ბოლოში ბუმბულები ემაგრა. ბადე ხელით იყო ნაქსოვი და ობობის ქსელს წააგავდა.

– ეს “სიზმრების დამჭერია!”

წამოიძახა მოულოდნელად მეთიუმ და უცნაურ საგანს თითით შეეხო.

– რა არის?

– “სიზმრების დამჭერი”… ინდიელები ამას საძინებელ ოთახში, საწოლთან სიახლოვეს კიდებენ…

– რისთვის?

– იმისთვის, რომ ცუდი სიზმრებისაგან თავი დაიცვან… ლეგენდის თანახმად, ლაკოტას ტომის შამანი მთებში იყო წასული, როდესაც ხილვა მოუვიდა. მას სიბრძნის მასწავლებელი, უდიდესი შამანი, სახელად იკტომი გამოეცხადა ობობის სახით და საიდუმლო ენაზე დაუწყო ლაპარაკი. მერე აიღო რგოლი, რომელზეც დამაგრებული იყო ცხენის კუდი, ბუმბულები და ზედ ქსელის ქსოვა დაიწყო. ის შამანს ცხოვრების ციკლზე ესაუბრებოდა.

უთხრა, რომ ჩვენი ცხოვრება ბავშვობიდან იწყება. მერე ვიზრდებით და ვბერდებით, რითიც ისევ ბავშვებს ვემსგავსებით, რადგან სხვების მზრუნველობას ვსაჭიროებთ. ამითი ციკლი სრულდება! მაგრამ ცხოვრების სხვადასხვა მომენტში ჩვენ ძალიან ბევრნაირ ძალას ვეჯახებით… ზოგიერთი მათგანი ზიანს გვაყენებს, ზოგსაც პირიქით, ჩვენი შველა შეუძლია.

თუ კეთილი ძალების მოსმენას შევძლებთ და გავეხსნებით მათ, ისინი სიამოვნებით დაგვეხმარებიან და საჭირო მიმართულებას დაგვანახებენ. მაგრამ, თუ შენი არჩევანი არასწორი აღმოჩნდება, მაშინ შეიძლება “ცხოვრების ხაფანგში” მოყვე და დაზიანდე.

ასე რომ, ელი, ამ ძალებს შველაც შეუძლია და ბუნების ჰარმონიაში ჩარევაც. – სიზმრების დამჭერი – იდეალური წრეა – ცენტრში ხვრელით. ბადე ჩვენს კეთილ სურვილებს და ფიქრებს დაიჭერს, ხოლო ბოროტი აზრები, კოშმარები ამ ხვრელის მიღმა გაივლიან… “სიზმრების დამჭერის” გამოყენებით, შეიძლება მიზანსაც მიაღწიო. სიზმრები ხომ იდეების საწყისია? ყოველ შემთხვევაში, ასე თვლიან ინდიელები…

– საინტერესოა…

დაბნეულად ჩაილაპარაკა ელიმ და თავი უცნაურად იგრძნო.

– გინდა ჩემი კოლექცია გაჩვენო?

– კოლექცია?..

მეთიუ საწოლიდან წამოდგა. შარვალი ჩაიცვა და ელის თავისი პენუარი მიაწოდა. შემდეგ ერთ-ერთ ოთახში გაიყვანა, სადაც თაროებზე ლამაზად დაწყობილი უამრავი ნივთი ელაგა. იქ იყო ქვები, რომლებზეც გაურკვეველი სიმბოლოები იყო გამოსახული; სპილოს ძვლისაგან დამზადებული პატარა უცნაური ფიგურები; ეშვები და ბევრი სხვა ნივთი, რომლის მსგავსი ელის არასოდეს ენახა…

იქვე რკინის მაგიდა იდგა, რომელზეც ბევრი იარაღი ეწყო. ბასრი საჭრელი დანები, სხვადასხვა ზომის ქლიბები და სხვა… ელის, ცოტა არ იყოს, შეეშინდა კიდეც.

– ეს მედალიონი მინდა რომ გაჩუქო! მე თვითონ გავაკეთე…

მეთიუმ თაროდან ტყავის ზონარზე ჩამოკიდებული მედალიონი გადმოიღო და ელის კისერზე ჩამოჰკიდა. მედალიონი სპილოს ძვლისაგან იყო დამზადებული და უცნაური სიმბოლო ჰქონდა გამოსახული.

– ამ სიმბოლოს დაცვის მაგიური ძალა გააჩნია! ავი სულებისაგან დაგიცავს…

– მადლობა… ძალიან ლამაზია!

თქვა ელიმ და მეთიუს უცნაურობებისადმი რეალური შიში შეიგრძნო. უცებ ძალიან მოუნდა სახლში დაბრუნება.

გარკვეული პერიოდი სახლში გამოიკეტა და გარეთ ცხვირის გაყოფა აღარ უნდოდა. მეგი გაფრთხილებული ჰყავდა, რომ თუ მეთიუ გამოჩნდებოდა, მისთვის ეთქვა, რომ ელი მამასთან გაემგზავრა. დეპრესიიდან ჯონიმ იხსნა, რომელმაც თითქმის ძალით გამოიყვანა ოთახიდან და აიძულა, ბარში დაბრუნებულიყო.

რამდენჯერმე შემთხვევით მაინც შეხვდა მეთიუს, მაგრამ თვალი აარიდა… ხოლო, როდესაც ის ბარში მოვიდა, სამზარეულოში შეიყუჟა და არ გამოსულა.

მეთიუ მიხვდა, რომ ელი მას გაურბოდა. ერთხელაც ზურგჩანთა მოიკიდა და ორი კვირით სადღაც გადაიკარგა.

მერე ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

ანას გამოჩენამ ელის გულში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა. ახლა უფრო და უფრო ხშირად იხსენებდა მეთიუს სახლში გატარებულ ღამეს და თავის უაზრო საქციელს ნანობდა. იქნებ როგორ სჭირდებოდა მეთიუს მასთან ურთიერთობა?..

***
დილის რვა საათი ხდებოდა. ელიმ ნელ-ნელა დაიწყო მზადება სამსახურში წასასვლელად. ფეხზე ბოტები ჩაიცვა და მეთიუს გაკეთებული მედალიონი ჩამოიკიდა.
პირველად…

– დღეს ცხელი ჩაის და ყავის დღე გვექნება! საკმაოდ ცივა! – ბარში შესვლისთანავე უთხრა მას ჯონიმ.

– თუ შემოვიდა ვინმე საერთოდ, კიი…

– რაღაც არ მომწონხარ დღეს… გადაღლილი სახე გაქვს! ცუდად გეძინა? სეტყვამ ხომ არ შეგაშინა?

– სეტყვამ არა! ისე, ზოგადად გადავიღალე…

– მერე გამოუშვი ერთი კვირა შენი და და დაისვენე!

– ჩემი და?

– ჰოო, რა გაიკვირვე? დიდი გოგოა უკვე! შენ მაგხელა რო იყავი, უკვე სტაჟიანი ბარის მენეჯერი გერქვა!

– მიმტანი, ჯონ…

– მენეჯერი, რომელიც მიმტანის მოვალეობასაც ითავსებს! – გაიღიმა ჯონმა და ცეცხლზე ჩაიდანი შემოდგა. – სანამ ბარს გავაღებთ, ცხელი ჩაი დავლიოთ…

– ასეთი კეთილი როგორ ხარ, ჯონ?

გაეღიმა ელის და ჩაის დასაყენებლად სამზარეულოში გავიდა.

***
ელი და ჯონი ჩაის სვამდნენ, როდესაც ბარის შესასვლელთან თეთრი ძველებური მანქანა გაჩერდა. ელის ფინჯნიანი ხელი ჰაერში გაუშეშდა და გაღებულ კარს შეშინებული მიაჩერდა. თეთრი ძველებური მანქანა თითქოს მისი სიზმრიდან რეალობაში გადმოსულიყო.

ყველაფერს წარმოიდგენდა ელი, გარდა იმისა, რომ იმ მანქანიდან მეთიუ გადმოვიდოდა. მეთიუმ მანქანას შემოუარა, საბურავები შეამოწმა, ბოლოს კაპოტი ახადა და შიგნით ჩაიხედა.

– ეს ვისი მანქანაა, ჯონ?

იკითხა ელიმ და სასწრაფოდ ჩაი მოსვა, რადგან არ უნდოდა, ჯონს მისი აღელვება შეემჩნია.

– ეს არის სიდის მამის ძველი მანქანა, გუშინ რომ ვუთხარი მეთს. როგორც ჩანს, უკვე იქირავა… შენ რატომ გაქვს ასეთი სახე?

– უბრალოდ, ასეთი მანქანა წუხელ სიზმარში ვნახე…

– მანქანა ნახე თუ მეთი?

– მანქანა… ჰოდა, ახლა რომ დავინახე, ცოტა არ იყოს, შემეშინდა! თითქოს ის კოშმარი გაცოცხლდა…

– შანსი არ არის, რომ ეს მანქანა ადრე არ გქონდეს ნანახი… მე რომ გუშინ ვუთხარი მეთიუს, სიდის მამას დაელაპარაკე-მეთქი, ეტყობა, გონებაში ჩაგრჩა და შენმა არაცნობიერმა ამოატივტივა მეხსიერების ბნელი კუნჭულებიდან…

– ალბათ, ეგრეა! შეიძლება პატარაობისას მინახავს სიდის მამა ამ მანქანით…

– ხშირად მოვლენებს, რომლებსაც ძალიან რთულად აღვიქვამთ, სინამდვილეში მარტივი ახსნა აქვს… მეთიუ აქეთ მოდის!

ელი ამჯერად ვეღარ დაიმალებოდა სამზარეულოში. გამბედაობა მოიკრიბა და წელში გაიმართა. მეთიუ ელის მიესალმა და ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა.

– გამარჯობა, ელი… ჯონ!

– გაგიმარჯოს, მეთ… გილოცავ…

ძლივს ამოთქვა ელიმ და იგრძნო, როგორ წამოწითლდა სახეზე.

– მადლობა…

– როგორც ვხედავ, მანქანა მოგაქირავეს…

– ჯონ! მადლობის სათქმელად შემოვიარე! ეს მანქანა მომყიდა, თანაც იაფად. ცოტა ხელის შევლება სჭირდება, მაგრამ მთავარია, რომ ვიშოვე! სიდმა, კარგა ხანია ამისი მოშორება მინდოდაო…

– მაშინ ორმაგად მოსალოცად გქონია საქმე, მეგობარო, ვისკი ჩემზე იყოს!

ჯონი ბართან მივიდა და ვისკის ბოთლი გადმოიღო.

– არ გინდა, ჯონ… ნუ შეწუხდები… დღეს საჭესთან მომიწევს ჯდომა. აი, ცხელ ჩაის ან ყავას კი დალევდა კაცი…

– ელ…

– ახლავე…

ფიქრებიდან გამოერკვა ელი და დაფაცურდა.

– რომელი მოგართვა, მეთ? ყავა თუ ჩაი?

– მოდი, ყავა იყოს… ცოტა რძე ჩამისხი, თუ არ შეწუხდები…

ელი სამზარეულოსკენ გაემართა. ნაბიჯებს რომ ადგამდა, ფეხები უკანკალებდა და ერთი-ორჯერ ლამის მუხლებიც კი მოეკვეცა… საკუთარ თავზე ნერვები მოეშალა.

– ჯანდაბა!

ჩაიბურდღუნა და აპარატში ყავა ჩაყარა დასაფქვავად. მეთიუ და ჯონი რაღაცაზე ლაპარაკობდნენ. ელიმ ყური დაუგდო, მაგრამ სიტყვები ვერ გაარჩია. აპარატის ხმაური მათ ხმას ახშობდა.

– შენი მეუღლე სად არის? – ჰკითხა ელიმ, როდესაც ყავის ჭიქა ბარის დახლზე დადგა.

– რომ წამოვედი, ჯერ კიდევ ეძინა! იცი, ელ… ძალიან უნდა შენი გაცნობა…

– ჩემი? – დაიბნა ელი.

– ჰო… მე როცა გასული ვარ, მოწყენილია ხოლმე… ჩვენ ხომ მეზობლები ვართ, რაც არ უნდა იყოს…

“რაც არ უნდა იყოს”-ში ალბათ იმ ღამეს გულისხმობს, – გაიფიქრა ელიმ.

– მე მთელ დღეებს აქ ვატარებ, მაგრამ ჩემი და თითქმის სულ სახლშია… თან, ჩემგან განსხვავებით, ბევრი ლაპარაკი უყვარს! ასე რომ… როცა მოუნდება, შეუძლია მეგის შეუაროს…

– კარგი, გადავცემ! ანა ძალიან კარგი გოგოა… კეთილი და მხიარულია…

– ეჭვიც არ მეპარება…

ჩაილაპარაკა ელიმ და ნაძალადევად გაიღიმა. შემდეგ ბარს მოშორდა და მაგიდების წმენდა დაიწყო. მეთიუ ყავას აუჩქარებლად სვამდა და დროდადრო ელისკენ გამოიხედავდა ხოლმე. ელის თითქოს მოეჩვენა, რომ მეთიუ მის მკერდს უყურებდა. თვითონაც დაიხედა, ღილი ხომ არ გამეხსნაო და უცებ მიხვდა, რომ მეთიუ მის მედალიონს უყურებდა.

– ფუ, რა იდიოტი ვარ! როგორ არ მოვიხსენი, როცა დავინახე… რას იფიქრებს ახლა…

ელი ისე ანერვიულდა, რომ ხელები აუკანკალდა. ჯონის ეს ამბავი არ გამოჰპარვია.

– რა გჭირს შენ დღეს, პატარა, ხომ არ გაცივდი? მოდი, ასე მოვიქცეთ! დღეს ბარს არ ვამუშავებ და დასვენების დღეს გამოვაცხადებ… არა მგონია, მაინც ვინმე მოვიდეს. ყველა თავის დასეტყვილ მოსავალზე დარდობს ალბათ! მოიხსენი წინსაფარი და მეთს გაჰყევი… – ხომ სახლში მიდიხარ, მეთ?

– არ გინდა, ჯონ…

ელის ხმა ძლივს ამოუვიდა.

– კი, კი… სახლში მივდივარ და წავიყვან ელის!

მეთიუ ფეხზე წამოდგა, ჯინსის უკანა ჯიბიდან საფულე ამოიღო, რომ ყავის საფასური გადაეხადა.

– ყავაზე დღეს მე გპატიჟებ!.. სანაცვლოდ, ამ გოგოზე ხარ პასუხისმგებელი!

მეთიუს გაეცინა და საფულე ჯიბეში ჩაიბრუნა. ელი ისევ ყოყმანობდა.

– გაჰყევი! ერთი გზა გაქვთ მაინც…

არ მოეშვა ჯონი. წინააღმდეგობის გაწევას არავითარი აზრი აღარ ჰქონდა. ელიმ წინსაფარი მოიხსნა და მეთიუს ლანდივით აედევნა უკან.

4. მოულოდნელი სტუმარი

Image

– იცი, შენ პირველი ხარ, ვინც ჩემს მანქანაში ზის!უთხრა მეთიუმ ელის და მანქანა დაქოქა.

– მართლა?.. მერე ანას ხომ არ ეწყინება?

მორიდებული ხმით ჩაეკითხა ელი, ჟაკეტის ღილები ბოლომდე შეიკრა და მედალიონი შიგნით მოაქცია.

– რა უნდა ეწყინოს?.. ბავშვი ხომ არ არის…

– ჰო… რა ვიცი…

მეთიუმ მანქანა დაძრა და ცოტა ხნის შემდეგ ისევ გააგრძელა ლაპარაკი.

– მგონი, ჩემი ნაჩუქარი სამკაული გიკეთია…

– ძალიან მომწონს… ლამაზია!

დაბნეულად ჩაილაპარაკა ელიმ და სახეზე ოდნავ წამოწითლდა.

– მაშინ ისე მოულოდნელად გაიქეცი, რომ ვერ მოვასწარი, მაგ მედალიონის შესახებ მომეყოლა ბოლომდე…

– მახსოვს, რომ მითხარი ავი თვალისაგან დაგიცავსო…

– ნახაზს დააკვირდი!

ელი იძულებული გახდა, ღილები ისევ შეეხსნა და მედალიონი გამოეჩინა.

– ეს სიმბოლო რამდენიმე ათასი წლის წინ შექმნეს, როგორც ავი თვალისაგან დაცვისა და წარმატების ნიშანი… ქვემოთ სანსკრიტულ ენაზე აწერია სიტყვა, რომელიც “კარგ იღბალს” ნიშნავს!

– რა ენაზე?

– სანსკრიტული ენა, უძველესი ინდური ენაა… იგივე ნიშანი თუ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით იქნება გამოსახული, ის საპირისპირო ეფექტს მოიტანს… ანუ უბედურებას, ცუდ ბედს…

– გასაგებია…

მეთიუ ელის მედალიონს ორი თითით შეეხო და შემთხვევით ხელი ნიკაპზე მოუხვდა. ელი შეკრთა…

– იცი, შენ მგონი ჩემი გატაცებით შეგაშინე მაშინ… შევცდი, არ უნდა მეჩვენებინა შენთვის ჩემი კოლექცია…

მეთიუს ხმაში რაღაცნაირი გულისწყვეტა იგრძნობოდა.

– არა, უნდა გეჩვენებინა! – ეს მე მოვიქეცი უაზროდ! არც კი ვიცი, რა გითხრა…

– არაფერი არ უნდა მითხრა, ელ… შენ არ ხარ ვალდებული, ახსნა-განმარტება მომცე…

– ჰო, მაგრამ…

– დავივიწყოთ, რაც მოხდა, კარგი? არ მინდა, დაძაბულობა იგრძნობოდეს, როდესაც ერთმანეთს შევხვდებით ხოლმე…

– ეგ არც მე არ მინდა, მეთ…

ელის სახლამდე უხმოდ იარეს. სანამ ელი მანქანიდან გადავიდოდა, როგორც იქნა, გაბედა იმის კითხვა, რაც მთელი გზა უტრიალებდა თავში…

– იმ სასტუმროში მართლა მიდიხართ?

– დღეს და ხვალ მანქანას მოვაწესრიგებ და ზეგ წავალთ! – გაეღიმა მეთიუს.

– შეიძლება შეგეკითხო?..

– რა თქმა უნდა, ელი. ყოველთვის უნდა იკითხო ის, რაც გაინტერესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხებს ვერასოდეს მიიღებ!

– რატომ გადაწყვიტეთ იმ სასტუმროში წასვლა?

– მე ყოველთვის მინდოდა იქ წასვლა, მაგრამ მარტო ხომ არ წავიდოდი? საბედნიეროდ, ანა არ აღმოჩნდა საშუალოსტატისტიკური გოგონა, რომლებიც ასეთი ადგილების ხსენებისას წივილ-კივილს ატეხენ ხოლმე. მასაც ძალიან აინტერესებს. ჰოდა, თავგადასავალს მოვიწყობთ…

– გასაგებია… კარგი, მეთ… მადლობა, რომ მომიყვანე! ანას შეგიძლია გადასცე, რომ როცა მოესურვება, შეუძლია გვესტუმროს! შენთან ერთადაც, რა თქმა უნდა!

– მადლობა, ელი…

ელი მეთიუს მანქანიდან გადმოვიდა და სახლისაკენ სწრაფი ნაბიჯით გაემართა. ბოტები შესასვლელშივე გაიხადა და იქვე, კართან მდგარ დიდ სკივრზე ჩამოჯდა. ჯერ ისევ აჩქარებით უცემდა გული. მეთიუსთან სიახლოვემ მას ძველებური ლტოლვა გაუღვიძა. მანქანაში თავი ძლივს შეიკავა, რომ ხელით არ შეხებოდა მას. ამ წუთებში საშინლად სძულდა საკუთარი თავი იმის გამო, რომ თავისივე დაუდევრობით დაკარგა მეთიუ…

ელიმ იცოდა თავისი ხასიათი… იცოდა, რომ ამ საქციელს ვერასოდეს აპატიებდა თავს… მაგრამ ისიც ძალიან კარგად იცოდა, რომ მეთიუზე ფიქრის უფლება არ ჰქონდა! იცოდა, რომ მეთი უნდა გაეშვა… რადგან მას უკვე სხვა ჰყავდა…
და იმ სხვასაც ჰყავდა მეთი…

***

– შენ ხარ, ელ?

სამზარეულოდან მეგის ხმა მოისმა.

– ჰო…

– ხომ გითხარი, ტყუილად წახვალ-მეთქი… წვნიანი გავაკეთე! ჯერ კიდევ ცხელია. არ გასინჯავ?

– მოგვიანებით… ცოტა ხნით წამოვწვები…

ელი თავის ოთახში ავიდა და ფანჯრიდან გადაიხედა. მეთიუს მანქანა ეზოში იდგა. ანაც იქ იყო. მოძრაობებზე ეტყობოდა, რომ გახარებული იყო. ელიმ ფარდა დახურა და საწოლზე წამოწვა. საკუთარ თავს მეთიუზე ფიქრი აუკრძალა.

აღარ უნდოდა უკიდურესობაში გადავარდნა, მისი ნაკლი ხომ სწორედ ეს თვისება იყო. თუ რაღაცაზე ჩაიციკლებოდა, სხვა აღარაფერი აინტერესებდა.

– შენთან ვალში ვარ! – წვნიანი ამოგიტანე!

კარი მეგიმ შემოაღო. ხელში ლანგარი ეჭირა.

– მადლობა, მეგ…

ელი საწოლში წამოჯდა და მეგის წვნიანი გამოართვა.

– იცი, ბარში მეთიუ შემოვიდა დღეს… მანქანა უყიდია! მერე ჯონმა ფაქტობრივად აიძულა, სახლში წამოვეყვანე…

– მართლა?

მეგი ელის ფეხებთან ჩამოჯდა.

– გითხრა რამე?

– მაგის ცოლს ჩვენი გაცნობა უნდა! მოწყენილია, როდესაც მარტოა სახლში…

– მერე?

– ვუთხარი, მოვიდეს-მეთქი… აბა, რა უნდა მექნა?

– ნეტა მართლა მოვა? ძალიან მაინტერესებს, როგორი გოგოა! სიამოვნებით მოვისმენდი მათი გაცნობის ისტორიას!

– გემრიელი წვნიანია! ნელ-ნელა იხვეწები კულინარიაში!

– ჰო… ხვალ მამა ჩამოვა და რამე გემრიელს გავაკეთებ!

– მეგ…

– ჰო…

– რამე რო იყოს, შეგიძლია ერთი კვირით ჯონის ბარში შემცვალო?

– “რამე რომ იყოს”?.. – რა უნდა იყოს, ელ?.. დასვენება გინდა?

– რაღაც მინდა მოვსინჯო! გახსოვს, სასტუმროზე რომ გკითხე? ვაკანსიები მართლა ჰქონიათ…

– ხუმრობ, არა?

– სერიოზულად ვამბობ! ამ მდგომარეობის შეცვლა მინდა… ცოტა ხნით მაინც! იცი რა კარგად იხდიან? რასაც მე აქ მთელი თვის განმავლობაში ვიღებ, იქ ერთ კვირაში ავიღებ… ერთადერთი, შენი დარდი მაქვს! მარტო არაფრის დიდებით არ დაგტოვებ! ხვალ მამას მინდა დაველაპარაკო… იქნებ ერთი კვირით დარჩეს…

– არ მინდა მამა! ჯენის ვეტყვი… სიამოვნებით გადმოვა ჩვენთან ერთი კვირით!

– ჰო, ეგეც შეიძლება…

– ელ… სიმართლე მითხარი! იმ სასტუმროში მეთიუს გამო მიდიხარ?

– რასაკვირველია, არა! უბრალოდ, დაემთხვა… მაგ სასტუმროს შესახებ ადრე რომ მცოდნოდა, ადრე წავიდოდი… უბრალოდ, ახლა გავიგე მისი არსებობის შესახებ…

– შენ ვერ იტან მოჩვენებებს…

– ჰო, მაგრამ ისინი ხომ არ არიან ნამდვილები?

– არ არის ეგ რაღაც შენი, ელ… არა მგონია, იქ თავი კომფორტულად იგრძნო!

– დროა, რაღაცები შევცვალო! თორე სადაცაა დავმწნილდები… იქ მომსახურე პერსონალს გავიცნობ… თუ ძალიან შემეშინდება, დავბრუნდები, რა პრობლემაა?

– კარგი, ელ… ხვალ მამას დაველაპარაკოთ. შენ ჯონისთან მოაგვარე ჩემი საკითხი…

– ჯონმა თვითონ შემომთავაზა დღეს, ერთი კვირით შენი და გამოუშვი და დაისვენეო…

– ჰოდა, ძალიან კარგი! ისე, მაინც ვერ წარმომიდგენიხარ შენ მაგ ამპლუაში, მაგრამ რადგან ასე გადაწყვიტე…

– ყველაზე საყვარელი და ხარ მთელ მსოფლიოში!

– შენს მერე!

მეგი ელის ჩაეხუტა. საღამომდე ოთახიდან აღარც გამოსულან, საწოლზე წამოგორებულები ტელევიზორს უყურებდნენ. შვიდი საათი ხდებოდა, როდესაც კარებზე ვიღაცამ ზარი დარეკა.

– ვინ უნდა იყოს?

მეგი კარის გასაღებად კიბეზე დაეშვა. ცოტა ხანში საფეხურები სირბილით ამოირბინა და აქოშინებულმა თავი კარებში შემოყო.

– ელი, ჩქარა ჩამოდი! – მეთიუს ცოლი გვესტუმრა…

5. სისხლიანი მერი

Image

ანა შემოსასვლელში იდგა და ხელში ვაშლის ღვეზელი ეჭირა. გრძელი ნაწნავი მხარზე გადმოეგდო და იღიმოდა.

– ცუდ დროს ხომ არ მოვედი?

– არა, პირიქით… სწორედ ახლა ვაპირებდით ყავის დალევას!

თქვა მეგიმ და ანას ღვეზელიანი თეფში გამოართვა.

– ჩემი ღვეზელი ყავას ძალიან უხდება!

– ღვეზელს დავჭრი და ყავასაც მე მოვადუღებ! თქვენ მანამდე მისაღებ ოთახში დასხედით…

– არ გინდათ ოფიციალურობა რაა… მე ძალიან მიყვარს სამზარეულოში ყოფნა. ყველაზე მეტ დროს, მგონი, იქ ვატარებ!

თქვა ანამ და გაიცინა.

– მართლა? – ჩვენც სამზარეულოში გვიყვარს ყავის დალევა! მაშინ აქეთ წავიდეთ…

მეგიც გამხიარულდა. ღვეზელით ხელში სამზარეულოსაკენ გაიჭრა.

– რა მაგარია! თქვენი სამზარეულოს ფანჯრები ტყის მხარეს გადის… ვგიჟდები, ისე მიყვარს ტყე!

ელის მოეჩვენა, რომ ანა ფამილარულად და ზედმეტად თავისუფლად იქცეოდა. ელი უფრო გრძნობდა თავს სტუმარივით, ვიდრე ანა. სამზარეულოში თავისუფლად მიმოდიოდა და ყველაფერს ათვალიერებდა.

ბოლოს მაგიდასთან დაჯდა და ელის მიმართა, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე დამუნჯებულივით იყო:

– თქვენც ხომ მოხვალთ ხოლმე ჩვენთან? მე ძალიან მიყვარს, როცა ვინმე მოდის სტუმრად… ვერ ვიტან მარტოობას!

– მართლა? მე კიდევ პირიქით ვარ… მარტოობა მიყვარს! 

– ელი საღამომდე ბარშია ხოლმე, შაბათ-კვირას კი მამა ჩამოდის… მე უფრო თავისუფალი ვარ მაგ მხრივ და სიამოვნებით გადმოვალ ხოლმე შენთან!

მეგი ეცადა, ელის უკმეხად ნათქვამი გამოესწორებინა.

– ძალიან კარგი! 

გაიღიმა ანამ.

– მალე ალბათ ელიც წავა…

გააგრძელა მეგიმ, მაგრამ ელიმ მოასწრო და მაგიდის ქვეშ ფეხი გაჰკრა.

– წავა? სადმე მიდიხარ, ელი?

ანამ ცნობისმოყვარე მზერით გადახედა.

– დეიდა უნდა მოვინახულო! ვერ ყოფილა კარგად…

მეგიმ გაოცებული სახით გადახედა ელის. მათ არავითარი დეიდა არ ჰყავდათ. უცებ მიხვდა, რომ ელის არ სურდა ანასთან მდუმარე სასტუმროს ხსენება და ენას კბილი დააჭირა.

– სამწუხაროა…

– ანა, შაქარს რამდენს იყრი ხოლმე?

მეგიმ ყავის აპარატიდან ყავადანი გამოიღო, რომ ფინჯნებში ჩამოესხა.

– ერთნახევარი კოვზი ჩამიყარე!

– გემრიელი ღვეზელია…

– მადლობა, ელი! მიხარია, თუ მოგეწონა. თქვენ ამ სახლში მარტო ცხოვრობთ?

– ჩვენ და მამა! ოღონდ მამა მარტო შაბათ-კვირას მოდის ხოლმე…

– და არ გეშინიათ?

– რისი? ნაიადა ყველაზე მშვიდი ადგილია! აქ, ფაქტობრივად, ცუდი არაფერი ხდება… შენ საიდან ხარ, ანა?

მეგიმ ყავა ფინჯნებში დაასხა და თვითონაც მაგიდას მიუჯდა.

– ჩემი სახლი აქედან საკმაოდ შორსაა! კანადაში ვცხოვრობ!

– კანადაში?

გაიმეორა გაოცებულმა ელიმ.

– მერე აქ რომელმა ქარმა გადმოგაგდო?

ჩაეკითხა მეგი.

– გაინტერესებთ, მეთიუ როგორ გავიცანი, ხომ?

გაეცინა ანას და ყავას კოვზით დაუწყო მორევა.

– ეგეც გვაინტერესებს!

უთხრა მეგიმ და ღვეზელი გადაიღო.

– ეგ ყველას აინტერესებს… მოკლედ, დაახლოებით ერთი წლის წინ ექსპედიციაში ვიყავი… აქედან არც ისე შორს! ჩემი მეგობარი იყო რაღაც პროექტში და მათ გუნდს გავყევი. კარვებით ვიყავით. ერთხელაც ისინი მღვიმეების დასათვალიერებლად წავიდნენ. მე რაღაც ვერ ვგრძნობდი თავს კარგად, ამიტომ დავრჩი…

– მარტო დარჩი?

მეგი მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო და სმენად გადაიქცა. ელისაც აინტერესებდა ანას მონათხრობი, მაგრამ ინდიფერენტულ გამომეტყველებას ინარჩუნებდა.

– მარტო დავრჩი! ძალიან დაიგვიანეს… დაახლოებით ვიცოდი, საითაც წავიდნენ და მეც იქით გავემართე… გზაში მაინც შემხვდებიან-მეთქი… ჰოდა, დავიკარგე. ძალიან ბევრი ვიარე. მერე მდინარის ხმა მომესმა და იმ ხმის მიმართულებით წავედი… ნაიადას მდინარეს მივადექი და ქვემოთ ჩავუყევი. ბევრი ვიარე. როგორც იქნა, სულიერსაც მოვკარი თვალი…

– მეთი?

ჩაეკითხა ელი და გული მოეწურა.

– კი, მეთიუ იყო! მდინარის მეორე ნაპირზე იდგა! ვკითხე, სად ვარ-მეთქი, მაგრამ ვერ გავაგონე… ჩანჩქერთან მოვხვდით და წყლის ხმაურში არაფერი ისმოდა. თვითონაც მიყვიროდა რაღაცას. ბოლოს ჟესტების ენით მივახვედრე, რომ დავიკარგე…

– ვაიმე… რა მაგარიაა! როგორ მიყვარს ასეთი ისტორიების მოსმენაა!

წამოიძახა მეგიმ აღფრთოვანებული სახით.

– მერე ორივემ გზა გავაგრძელეთ… მდინარეს ისევ ქვევით მივუყვებოდით… დროდადრო შევისვენებდით ხოლმე და გადაძახილ-გადმოძახილით ველაპარაკებოდით ერთმანეთს… ძალიან სასაცილო სანახავები ვიყავით…

– ეგ როდის იყო, ანა? შეგიძლია ზუსტად მითხრა?

ჰკითხა ელიმ.

– როგორ არა! შარშან, სექტემბრის ბოლოს…

– ” მაშინ, როცა სადღაც გაემგზავრა ზურგჩანთით” – გაიფიქრა ელიმ და სიმწრისაგან ჭიქას ისე მაგრად მოუჭირა ხელი, კინაღამ დაფშვნა. ელის მეთიუსთვის თავი რომ არ აერიდებინა, ის არსად არ წავიდოდა და შესაბამისად, ვერც ანას შეხვდებოდა… ესე იგი, გამოდის, რომ მათ შეხვედრაში თვითონაა დამნაშავე…

– მერე, მერე?

მეგი ინტერესში ჩავარდნილიყო.

– როგორც იქნა, “ბეწვის ხიდამდე” მივაღწიეთ. მეთი თავისი მხრიდან წამოვიდა, მე ჩემი მხრიდან და ზუსტად ხიდის შუაში შევხვდით ერთმანეთს…

– კი, მაგრამ… ის ერთი წელი სად იყავი?

– მეთიუ დამეხმარა ჩემების მოძებნაში. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და საკონტაქტო ინფორმაცია გავცვალეთ. მერე, გარკვეული პერიოდი რატომღაც არ შევხმიანებივართ ერთმანეთს… ერთხელ, შემთხვევით მისი ელექტრონული ფოსტის მისამართი ვიპოვე და მივწერე. რამდენიმე თვის განმავლობაში, ინტერნეტით ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. ბევრი საერთო ინტერესები აღმოვაჩინეთ და…

ანამ გაიღიმა, ყავა მოსვა და ისევ განაგრძო.

– მეთი ძალიან კარგი ადამიანია! მიუხედავად იმისა, რომ უცნაურია და ისეთი რაღაცები აინტერესებს, რასაც ბევრი ვერ გაიგებს… მე სწორედ ეს მომეწონა მასში… რომ არავის არ ჰგავს!

ელიმ მეტი ვეღარ გაძლო და საპირფარეშო მოიმიზეზა, რომ ცოტა ხნით გარიდებოდა სიტუაციას.

აბაზანაში შეიკეტა და სარკეში დიდხანს უყურებდა საკუთარ ანარეკლს. ის ახლა იმ სიძულვილის მარცვალს ებრძოდა, რომელიც მის გულში გაჩნდა. ასეთი რამ პირველად განიცადა ელიმ და ძალიან შეეშინდა! შეეშინდა, რომ იმად არ გადაქცეულიყო, რაც ყველაზე მეტად სძულდა! მას სძულდა შურიანი და ბოროტი ადამიანები. ვერ წარმოედგინა, როგორ შეიძლება სძულდეთ ადამიანებს ერთმანეთი…

“იქნებ ეს განსაცდელია, რომელიც ღმერთმა მომივლინა გამოსაცდელად?”…

გაიფიქრა ელიმ. რაც არ უნდა იყოს, ძლიერი უნდა ვიყო! მე ამ ყველაფერს გადავლახავ!
– მტკიცედ უთხრა თავის გამოსახულებას სარკეში და წელში გაიმართა. ხელი შემთხვევით ნიჟარის გვერდით მდგარ ჭიქას გაჰკრა და წააქცია. ჭიქაში ბროწეულის წვენი იყო. ეტყობა, მეგიმ შემოიტანა, როდესაც აბაზანას იღებდა. მას ძალიან უყვარდა აბაზანაში ნებივრობის დროს წვენის წრუპვა.

ბროწეულის წვენი ელის ორივე ხელზე გადაესხა და ნიჟარა სულ გააწითლა. რამდენიმე წვეთი სარკესაც მოხვდა. ელიმ ჯერ ხელებზე დაიხედა, მერე სარკეს შეხედა და უნებლიეთ აღმოხდა სიტყვები:

– სისხლიანი მერი…

სასწრაფოდ მოასუფთავა იქაურობა და სამზარეულოში დაბრუნდა.

– რამდენჯერ უნდა გითხრა, მეგ… აბაზანაში ნუ შეგაქვს ჭიქები… წაიქცა და ბროწეულის წვენი ზედ გადამევლო!

– ვაი… გამოტანა დამავიწყდა! ვერ დავლიე, ძალიან მჟავე იყო… მაპატიე, ელ…

შეწუხებული მეგი ფეხზე წამოხტა და ელის ჩაის ტილო მიაწოდა.

– კარგი, არა უშავს… ავალ, გამოვიცვლი…

– მე უკვე მივდიოდი… ძალიან გამიხარდა თქვენი გაცნობა და როგორც კი მოგზაურობიდან დავბრუნდებით მე და მეთიუ, აუცილებლად გვესტუმრეთ!

ანა მხიარული სახით წამოდგა და კარისაკენ გაემართა.

– პირობას გაძლევ! მე გაგაცილებ…

უკან აედევნა მეგი. ელიმ მხოლოდ კარებამდე მიაცილა და მალევე შემობრუნდა უკან. ცოტა ხანში მეგიც დაბრუნდა. სწრაფად აირბინა კიბის საფეხურები და ელის ოთახში შევიდა.

– ძალიან საყვარელია, არა? მხიარული და კონტაქტური… მეთიუსაგან რადიკალურად განსხვავდება! ნეტა ბედნიერები იქნებიან ერთად? როგორ ფიქრობ?

– მე რა ვიცი…

უხალისოდ ჩაილაპარაკა ელიმ და საწოლზე მოწყვეტით დაეშვა.

– რა დაგემართა შენ? ანას მოსვლის წუთიდან ხასიათი გაგიფუჭდა! მე ვერ მომატყუებ! ამიტომ კეთილი ინებე და მითხარი, რა ხდება შენს თავში! როდის იყო, ერთმანეთს რამეს ვუმალავდით და საიდუმლოებები გვქონდა?

მეგი ნაწყენი სახით ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა და პატარა, გაბუტული ბავშვივით გამობურცა ტუჩები.

– ჩემი თავი მაკვირვებს… მეგონა, აღარ მაინტერესებდა მეთი… მეგონა, ჩემი გატაცება თუ არ ვიცი, რა დავარქვა… წარსულში დარჩა! მაგრამ, თურმე, მხოლოდ მეგონა…

– ასეც ვიცოდი!

წამოიძახა მეგიმ და ელის მიუახლოვდა.

– გიყვარს?

– საქმე იმაშია, რომ არ ვიცი… არ ვიცი, მიყვარს, მომწონს თუ რაღაც პათოლოგიური გრძნობა მაქვს… ფაქტია, რომ არანორმალურად მიზიდავს… ახლა ათასჯერ უფრო მეტად, ვიდრე ადრე და არ ვიცი, რა გავაკეთო… უფრო სწორად, ვიცი, რაც არ უნდა გავაკეთო, მაგრამ ვერ ვაკეთებ… ვიცი, რომ არ უნდა ვიფიქრო მასზე, მაგრამ თავს ვერ ვერევი…

– მდუმარე სასტუმროც…

– ჰო… მეთიუს გამო გადავწყვიტე! ახლა აღარ ვიცი…

– ელ, არ ღირს იქ წასვლა, დამიჯერე! რისთვის უნდა წახვიდე? რომ იმათი ბედნიერების ყურებით დაიტანჯო? თანაც, არა მგონია, ეს სიყვარული იყოს! უფრო, ალბათ, ეგოიზმია…

– სააბაზანოში რომ ბროწეულის წვენი გადამესხა… თითქოს ნიშანივით იყო… სისხლიანი მერი, ლეგენდის მიხედვით, ხომ სააბაზანოში ჩნდება…

– ნუ გადავარდები მისტიკაში! სისხლიანი მერი არა, ისა კიდე… აი, სწორედ ამიტომ არ უნდა წახვიდე იქ! ხომ ხედავ, უკვე რანაირი აზრები მოგდის თავში?

– მართალი ხარ…

– მაგას ჯობია, მართლა დასასვენებლად წახვიდე სადმე! დაისვენო…

– მაგალითად?

– თუნდაც მამას გაჰყვე ფერმაში… ერთი კვირით! ლამაზი ბუნებაა იქ და განიტვირთები, დაისვენებ!

– ლამაზი ბუნება აქაც არის…

– სამაგიეროდ, მეთიუ არ არის იქ…

ელის მეგის ნათქვამზე გაეცინა.

– ეგრე რა! მიყვარს, როცა იცინი! – გრილზე შემწვარი ხორცი… – აბა, როგორ ჟღერს?

– გემრიელად! – არაჩვეულებრივი იდეაა! ტკბილს რომ შევჭამ, ყოველთვის მშივდება…

– ჩავალ, ცეცხლს ავანთებ. შენ მანამდე გამოიცვალე!

ელიმ ტანსაცმელი გამოიცვალა და ის იყო, ქვემოთ უნდა ჩასულიყო, რომ მანქანის ხმა შემოესმა. ფანჯრიდან გადაიხედა და პიკაპი დაინახა, რომელიც მათ სახლს უახლოვდებოდა.

– მამა?..

გაკვირვებით წამოიძახა ელიმ და კიბეზე დაეშვა.

6. სახლი ტყეში

Image

ელი და მეგი თითქმის ერთდროულად გამოვიდნენ სახლიდან.
– დღეს ხომ ნამდვილად პარასკევია?
– ხომ მშვიდობაა, მამა?

– ყველაფერი რიგზეა! მომენატრა ჩემი გოგოები…

ჩარლი ორივეს სათითაოდ გადაეხვია.

– საქმეებს ადრე მოვრჩი და გულმა აღარ მომითმინა! თანაც, გამახსენდა, რომ მეგის სეტყვის ძალიან ეშინოდა…

– მე უკვე დიდი გოგო ვარ, მამა!

– ჩემთვის ისევ პატარა ხარ, ძვირფასო! – ელი, საბარგულში ხორცი, ყველი, კვერცხი და კიდევ რაღაცებია…

– ამოვალაგებ!

ელი პიკაპისკენ გაემართა.

– მა, ჩვენ ხორცის შეწვას ვაპირებდით გრილზე. რა კარგია, რომ მოხვედი…

მეგი ჩარლის კისერზე ჩამოეკიდა.

– მგელივით მშია! ახალი ხორცი შევწვათ… სწორედ დღეს დილით დავკალი ბურვაკი.

– შენ აბაზანა მიიღე, დაისვენე… ყველაფერს მე და ელი მივხედავთ!

მეგიმ ჩარლი თითქმის ძალით შეიყვანა სახლში და თვითონ მანქანასთან დაბრუნდა.

– რა კარგია, მამა რომ ჩამოვიდა! ბარემ მასთან ერთად წასვლაზეც უთხარი…

– შენი დატოვება მაინც არ მინდა! ჯენი რომც მოვიდეს, მაინც… ისიც შენხელაა და შენზე უარესად უქრის თავში!

– ვერ ვიტან, როცა პატარასავით მექცევით! მე უკვე ოცი წლისა ვარ!

– კარგი, ვნახოთ, მამა რას იტყვის… მე ხმას არ ამოვიღებ!

გაეცინა ელის და კვერცხებით სავსე კალათი სახლისკენ წაიღო.

ვახშამი უგემრიელესი იყო. შემწვარი ხორცი, სოკოს მარინადთან ერთად და 12-წლიანი დაძველების ღვინო, რომელიც ჩარლიმ სარდაფიდან ამოიტანა.

– მამა, რას იტყვი, ელი რომ წამოვიდეს შენთან, ფერმაში ერთი კვირით?

ჩარლის გაოცებისაგან კინაღამ ჭიქა გაუვარდა ხელიდან. ადრე სულ ეხვეწებოდა გოგოებს, ერთი კვირით მაინც გაჰყოლოდნენ მას, მაგრამ ისეთ წინააღმდეგობას აწყდებოდა, რომ ბოლოს ხელი საერთოდ ჩაიქნია.

– ფერმაში?..

– ვიცოდი, რომ გაგიკვირდებოდა! წამოვალ, ცოტას გადავერთვები… სახლს დაგილაგებ…

– სახლი დალაგებულია, ელი… ალბერტოს ცოლი მოდის ხოლმე ყოველ კვირა დღეს და ალაგებს…

– ალბერტოს ცოლიც დაგისაქმებია!

– უკვე ერთად მოდიან. ალბერტო პირუტყვს უვლის, შაბათ-კვირას. მისი ცოლი ალაგებს და რეცხავს!

– აგიწყვია საქმე და ეგ არის!

გაეცინა ელის.

– ფერმას კარგად უძღვება! ბევრი რამ ვასწავლე… ჰოდა, ახლა ვფიქრობ, რომ ერთი კვირა ის დავტოვო, მეორე კვირას მე ვიყო… მონაცვლეობით. ასე თქვენთან უფრო მეტ დროს გავატარებ!

– ერთი კვირა ჩვენთან, ერთი კვირა ფერმაში. არაჩვეულებრივია!

მეგიმ სიხარულისაგან ტაში შემოჰკრა.

– წამოდი შენც ორშაბათს!

– მეგის ჯენის მოყვანა უნდა, მამა!

– ძალიან მინდა, მამა! ერთი კვირა ჩემთან დარჩება ჯენი…

– მხოლოდ ერთი პირობით! ყოველ ღამე, ათ საათზე შენს ლეპტოპს ჩართავ და კავშირზე გამოხვალ! კამერით!

– არის, უფროსო!

***

ვიქენდმა მხიარულად ჩაიარა. მხოლოდ პიკნიკი ჩაეშალათ კვირა დღეს, რადგან დილიდან გადაუღებლად წვიმდა. ელიმ ფანჯრიდან დაინახა, როგორ ჩაალაგეს ბარგი თეთრ მანქანაში მეთიუმ და ანამ და თაფლობის თვის გასატარებლად გაემგზავრნენ.

ორშაბათს ელისაც მზად ჰქონდა თავისი ჩანთა, სადაც მხოლოდ აუცილებელი ნივთები ჩადო, რადგან არ უყვარდა ბევრი ბარგის ტარება.

ფერმის სახლში იმდენი ხანი აღარ ყოფილა, რომ ყველაფერი ძალიან ეუცხოვა. სახლი ჩარლის კარგად შეელამაზებინა. ეზოც მოესუფთავებინა და თეთრი ვარდები დაერგო.

– რამდენი გიშრომია, მამა!

წამოიძახა ელიმ როგორც კი პიკაპიდან გადმოვიდა. ეზოში მათ ალბერტო შეეგებათ, ელის ჩანთას ხელი დასტაცა და სახლისკენ დიდი ნაბიჯებით გაემართა.

ფერმის სახლიდან საოცარი ჰორიზონტი იშლებოდა. უდიდესი სიამოვნება იყო აქედან მზის ჩასვლის ყურება. სანამ გავარვარებული წითელი ბურთი მთების უკან ჩაცურდებოდა, იფიქრებდი, მის შესახებად მხოლოდ ხელის ერთი გაწვდენაა საჭიროო.

***

ელის ფერმაში მოსვლიდან ოთხი დღე გავიდა. ის დილაობით სახლის წინ, მოქანავე სავარძელში მოკალათებული მიირთმევდა ყავას და ჰორიზონტის ყურებით ტკბებოდა. მერე სადილის კეთებას იწყებდა. ეს პროცესიც სიამოვნებდა, რადგან თავისი სამსახურის გამო სახლში საჭმელს ყოველთვის მეგი აკეთებდა.

მერე ფერმაში მიჰყვებოდა მამას და ცხენზე ჯირითობდა. საღამოს ტელევიზორის საყურებლად, დივანზე სხდებოდნენ და ვახშმობდნენ. 10 საათზე ელი ჩარლის კომპიუტერს ჩართავდა და მეგის და ჯენის ლაქლაქს უსმენდა.

მეთიუს შეგნებულად არ ახსენებდა. არც მეგი ეუბნებოდა რამეს. ან კი რა უნდა ეთქვა? ისინი ხომ წასულები იყვნენ?..

მეხუთე დღე რომ გათენდა, ელიმ რაღაცნაირი შვება იგრძნო. თითქოს უარყოფითი ემოციებისაგან მთლიანად დაიცალა და განთავისუფლდა.

მეთიუს გახსენებაზე ტანჯვა აღარ უგრძვნია და ეს ამბავი ძალიან გაუხარდა. ეს ბოლო დღე იყო. დილით ის და ჩარლი ნაიადაში უნდა დაბრუნებულიყვნენ…

ჩარლი ფერმაში იყო წასული. ელიმ ყავა დაისხა და ჩვეულებისამებრ, თავისი საქანელა-სავარძლისაკენ გაემართა. ის იყო, ფეხები ზემოთ აიკეცა და ჭიქა მოხერხებულად დაიკავა, რომ მანქანის ხმა გაისმა.

გზისკენ გაიხედა და გაიფიქრა, ალბათ, ჩარლის დაავიწყდა რაღაცის წაღებაო, მაგრამ როდესაც მოსახვევიდან მეთიუს თეთრი მანქანა დაინახა, ძარღვებში სისხლი გაეყინა. გულგახეთქილი წამოხტა და ყავა ზედ გადაისხა.

პირველი, რაც გაიფიქრა, ის იყო, რომ მეგის რაღაც საშინელება დაემართა და მეთიუ გამოაგზავნეს…

კიდევ უფრო მეტად განცვიფრდა, როდესაც საჭესთან ანა დაინახა, ხოლო მის გვერდით მეგი.

7. დაკარგული

Image

ელი მანქანას მივარდა, კარი გამოაღო და მეგი თითქმის ძალით გადმოათრია გარეთ. ხელები მხრებზე მოჰკიდა და გაფართოებული თვალებით დააკვირდა, რამე ხომ არ სჭირდა…

– კარგად ხარ? მითხარი, რომ კარგად ხარ…

– მე კარგად ვარ, ელ…

– მაშინ, რა ხდება? ცუდად ვინ არის?
ელიმ ანას შეხედა, რომელიც მანქანიდან გადმოსულიყო და აცრემლებული თვალებით იყურებოდა.

– მეთი…

– მეთი?

წამოიძახა გაოგნებულმა ელიმ. მის თავში ნამდვილი ქაოსი დატრიალდა. თუ მეთიუს რაღაც შეემთხვა, მის ცოლს აქ რა უნდა? რატომ არ არის მასთან?..

– მეთიუ დაიკარგა!

ძლივს ამოთქვა ანამ, სახეზე ხელები აიფარა და აქვითინდა.

– დაიკარგა? რას ჰქვია, დაიკარგა? სად დაიკარგა?..

ელი დაბნეული ხან მეგის მიაჩერდებოდა, ხან ანას.

– სასტუმროში…

– პოლიციას არ შეატყობინეთ?

– შევატყობინეთ და ეძებენ… მაგრამ ამაოდ…

ელიმ ანა ეზოში შეიყვანა, საქანელა-სავარძელში ჩასვა და თვითონაც გვერდით მოუჯდა.

– ახლა დამშვიდდი და ყველაფერი დალაგებულად მომიყევი!

– სასტუმროში რომ ვიყავით, “შავ ოთახში” მოინდომა შესვლა… ვუთხარი, არ გინდა-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა! მე გავბრაზდი და ჩვენს ოთახში ავედი… დილამდე არ შემოსულა… მეგონა, ჩემი შეშინება უნდოდა… მაგრამ არც დილით გამოჩნდა. საუზმეზე მის გარეშე ჩავედი… ყველა გამოვკითხე, პერსონალიც, სტუმრებიც, არავის დაუნახავს… შავი ოთახიც ჩემ თვალწინ გააღეს, მაგრამ არც იქ იყო…

– რა არის ამ “შავი ოთახში”? რატომ არ გინდოდა, რომ იქ შესულიყო?

– შავ ოთახს გარედან აწერია, რომ იქ შესვლის უფლება მხოლოდ მომსახურე პერსონალს აქვს… ისიც, ყველას არა. პერსონალი დაყოფილია რანგებად… ყველა მათგანს წვდომა მხოლოდ გარკვეულ ობიექტებზე აქვს… “მდუმარე სასტუმროს” ლეგენდა აქვს… თურმე, ძველად მაგ შავ ოთახში მონებს აწამებდნენ…

მთელი სასტუმრო ფეხზე დადგა! გამომძიებელი ჩამოვიდა, ყველაფერი გადაჩხრიკა, მაგრამ…

– იქნებ სასტუმროდან წავიდა სადმე? მიმდებარე ტერიტორია არ შეამოწმეს?

– ყველაფერი, ელ… ყველაფერი საგულდაგულოდ გადაჩხრიკეს… მეთიუს რაღაც შეემთხვა, თორემ ამდენი ხნით არ დაიკარგებოდა! ასე არ მანერვიულებდა, ზუსტად ვიცი…

– კარგი, დაწყნარდი…

ელის ანას ნათქვამმა თავზარი დასცა.

– ალბათ, გიკვირს, შენთან რატომ მოვედი…

– სიმართლე გითხრა, ვერ ვხვდები… ალბათ, გაინტერესებდა, მეთიუ აქ ხომ არ იყო?

– არა, არა… სახლში დავბრუნდი თუ არა, თქვენთან გამოვიქეცი… მეგიმ მითხრა, რომ ჩვენს სახლს არავინ მიკარებია… არც სინათლე დაუნახავს და არც ხმაური გაუგია… მერე თქვა, რომ შენ გინდოდა იქ სამსახურის დაწყება და თავი შეიკავე…

– ჰო… ასე იყო…

– მითხრა, ორი გოგოსთვის ვაკანსია ჰქონდათო… ჰოდა, ელ… მე პოლიციის იმედი არ მაქვს! ვგრძნობ, რომ აქ რაღაც სხვა ამბავია! ჩემს ეჭვებს მოგვიანებით გაგიმხელ… ახლა, უბრალოდ, დამეხმარე…

– გინდა, იქ წავიდე და ჩემი კანდიდატურა შევთავაზო?

– არა, ამას ვერ გთხოვდი… მინდა, რომ შენი სახელით დარეგისტრირდე… მე წავალ, ოღონდ შენი სახელით… ჩემი სახელი რომ ვახსენო, არ მიმიღებენ…

– მივხვდი…

– თქვენ გარდა, აქ არავის ვიცნობ! შენ ჩემი უკანასკნელი იმედი ხარ…

– კარგი! ოღონდ ერთი პირობით… მე დავრეგისტრირდები ჩემი და ჩემი დის სახელით… და იქ მე და შენ ერთად წავალთ! წავალთ და ჩვენს კანდიდატურებს შევთავაზებთ, როგორც – “სისხლიანი მერი” და “ქალიშვილი მოჩვენება!”

მეგიმ შეშინებული სახით გადახედა ელის და იმწამსვე მიხვდა, რომ რამდენიც უნდა ეცადა, მას აზრს ვერ შეაცვლევინებდა. ელის ეს გამომეტყველება მისთვის კარგად იყო ნაცნობი…

***
ელიმ მეგი ჩარლისთან ერთად – ფერმაში დატოვა. შაბათს ისინი ერთად დაბრუნდებოდნენ ნაიადაში. ჩარლი მთელი კვირით დარჩებოდა, ხოლო მეგი ბარში მუშაობას გააგრძელებდა. პრობლემა მოგვარებული იყო.

ელის საკმაოდ გაუჭირდა მეგის დაყოლიება თავის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მან ძლივს დაითანხმა თავისი და, რომ ეს ამბავი საიდუმლოდ შეენახა. ჩარლის უთხრეს, რომ ელის გაგზავნილ განცხადებას, სამსახურის თაობაზე, ერთ-ერთი სასტუმროდან გამოეხმაურნენ და ადგილი შესთავაზეს მენეჯერის თანამდებობაზე. ოღონდ, მხოლოდ გარკვეული ვადით. ვიდრე სასტუმროს მენეჯერი შვებულებიდან არ დაბრუნდებოდა.

ჩარლიმ მეთიუს გაუჩინარების შესახებ არაფერი იცოდა. ანაც პირველად ახლა გაიცნო და ელი გულდამშვიდებულმა გაუშვა, რადგან, როგორც მას უთხრეს, ელისთან ერთად ანაც იმუშავებდა იმავე სასტუმროში.

***
– ელ, ყოველდღე უნდა დამირეკო! წინააღმდეგ შემთხვევაში, მამას ყველაფერს მოვუყვები…

– დარეკვა შენც შეგიძლია, მეგ! ყველაფერი კარგად იქნება! თავს მიხედე…

ამ სიტყვებით დაემშვიდობა ელი თავის დას და ანასთან ერთად ნაიადაში დაბრუნდა.
ჩამოსვლისთანავე სასტუმროს ადმინისტრაციულ ნომერზე დარეკეს და გასაუბრების დრო შეათანხმეს.

– საბუთები რომ მოგვთხოვონ?

ანა ნერვიულობდა.

– მეგის მოწმობის ფოტო იმდენი ხნის წინაა გადაღებული, რომ თვითონ მეგიც კი არ ჰგავს საკუთარ თავს! თმის შეღებვა კი მოგიწევს, რადგან იქ არავინ უნდა გიცნოს!

– ეგ მეც ვიფიქრე! თმის საღებავი უნდა ვიყიდოთ!

– საღებავს მე ვიყიდი! არ ღირს შენი ცენტრში გამოჩენა!

– ამ სიკეთეს, ალბათ, ვერასოდეს გადაგიხდი!

ანა ელის მოეხვია და ატირდა. ელიმ უნებლიეთ წარმოიდგინა, რას გრძნობდა მეთიუ, როდესაც ანა ასე ეხვეოდა ხოლმე მას და ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ვიღაცის უხილავმა ხელმა მისი გული მუჭში მოიქცია და მთელი ძალით მოუჭირა.

***
ელიმ ყველაფერი იყიდა, რაც იქ წასასვლელად დასჭირდებოდათ და ჯონის სანახავად ბარშიც მოასწრო შევლა.

– ელი?.. ჩამოხვედი?

მისი დანახვა ჯონის ძალიან გაუკვირდა.

– შენი და დღეს საერთოდ არ გამოჩენილა! დილიდან ველოდები… ბარს მარტო ვამუშავებ…

– ვიცი, ჯონ… ჩემი ბრალია! საქმე იმაშია, რომ ვაკანსიასთან დაკავშირებით პასუხი მომივიდა. ხვალ დილით მივემგზავრები ერთი კვირით. ჰოდა, მეგი მამასთან დავტოვე! ხვალ ნაიადაში დაბრუნდებიან და ორშაბათიდან ჩვეულებრივ გამოვა სამსახურში.

– სად მიემგზავრები, პატარა?

– ერთ სასტუმროში! მენეჯერი შვებულებაში გადის და დროებით შემცვლელს ეძებენ! კარგადაც იხდიან და გადავწყვიტე, წავიდე…

– კარგად მოქცეულხარ! რაღა მეთქმის… წარმატებებს გისურვებ, ელ…

– მალე დავბრუნდები, ჯონ! აქ იმის სათქმელად შემოგიარე, რომ ყველაფრისთვის დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო! შენ ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით მექცეოდი… ყოველთვის გვერდში მედექი… მაშინაც კი, როცა მე თვითონ აღარ მჯეროდა ჩემი თავის… – მადლობა ამისთვის, ჯონ!

– ისეთი არაფერი გამიკეთებია, რასაც შენ არ იმსახურებდი, ელ… და თან, არ მომწონს ასეთი ფორმით რომ მელაპარაკები! გამომშვიდობებასავით ჟღერს… მე კიდევ ვერ ვიტან დამშვიდობებებს… ასე რომ, წადი ახლა და იცოდე, თავი არ მომანატრო ძალიან! თორემ იქაც მოგძებნი და როგორც შარშან გამოგათრიე სახლიდან, ახლაც ისე წამოგიყვან!

ელის გაეცინა, ფეხის წვერებზე აიწია და ჯონის ლოყაზე აკოცა. ფეხის წვერებზე კი იმიტომ აიწია, რომ ჯონი ძალიან მაღალი იყო, სიმაღლეში მეტრი და ოთხმოცდაჩვიდმეტი სანტიმეტრი… სიმაღლესთან ერთად, ისეთი დაკუნთული იყო, რომ ადგილობრივები – “დიდ ჯონის” ეძახდნენ.

8. საშიში გადაწყვეტილება

Image

ანა ჟღალი ფერის თმამ ძალიან შეცვალა. მოუხდა კიდეც და თითქოს, რაღაცით ელისაც დაემსგავსა… წესით, ადვილი დასაჯერებელი უნდა ყოფილიყო უცხოსთვის ის ტყუილი, რის თქმასაც ისინი აპირებდნენ.

ასეთ ვარცხნილობაში ანა უფრო ჰგავდა ელის დას, ვიდრე მეგი.

თუ სასტუმროში ორივეს აიყვანდნენ, საჭირო ნივთების წამოსაღებად უკან რომ აღარ დაბრუნებულიყვნენ, ყველაფერი წინასწარ ჩაალაგეს.

გზაში ანა ელის სასტუმროს ამბებს უყვებოდა. მიახლოებით აუღწერა იქაურობა, რომ ელის გარკვეული წარმოდგენა ჰქონოდა. ანამ ყველაფერი უამბო, რაც მისი და მეთის იქ ყოფნის პერიოდში გაიგო.

თურმე, სასტუმროს ძალიან ბევრი საიდუმლო გასასვლელი ჰქონია, თვითონ შენობა კი ძალიან ძველი და ისტორიული ყოფილა. შენობამ პატრონი რამდენჯერმე გამოიცვალა. ბოლოს საფუძვლიანად გაარემონტეს და უცნაური სასტუმრო გააკეთეს.

როგორც ჩანს, სასტუმროს მფლობელს დიდად არ სურდა თავისი ვინაობის გამხელა. ან შეიძლება ესეც ერთგვარი ინტრიგა იყო, რათა “მდუმარე სასტუმროს” მიმართ ინტერესი უფრო გაზრდილიყო.

***

“მდუმარე სასტუმრო” ტყის სიღრმეში იყო შემალული. გალავანი მიწაში ჩასობილი უამრავი შუბისაა და სარისაგან გაეკეთებინათ, რომლებზეც ადამიანისა და სხვადასხვა ცხოველის თავის ქალები იყო ჩამოცმული. თავის ქალები, რა თქმა უნდა, იმიტაცია იყო, მაგრამ შესახედად საკმაოდ შემზარავად გამოიყურებოდა…

სასტუმროს ეზოში საფლავის ძველისძველი, ხავსმოკიდებული ქვები იყო, სანახევროდ მიწაში ჩაფლული. ეს საფლავებიც დეკორაციას წარმოადგენდა. ეზოს შუაგულში დამშრალი და დაჭაობებული შადრევანი იყო, ცენტრში გრაფ დრაკულას ქანდაკებით, რომელსაც მარჯვენა მკლავზე ქალი ჰყავდა გადაწვენილი და ყელიდან სისხლს სწოვდა.

ქალის ფიგურას მთელი სხეული მოდუნებული ჰქონდა. ნაკბენი ადგილიდან წვრილ ზოლად გადმოდიოდა წყალი და ჩამოვარდნილ მკლავზე მიედინებოდა.

კიდევ კარგი, რომ დღე იყო, თორემ ელის ალბათ შიშისაგან გული გაუსკდებოდა.

სასტუმროს უკანა ეზოც ჰქონდა, სადაც ძველი აკლდამა იყო. აკლდამა დალუქული იყო და ეკლიანი მცენარის ტოტებს თითქმის მთლიანად დაეფარათ შესასვლელი კარი.

ელი და ანა ისეთ დროს მივიდნენ, როდესაც სასტუმროში “მკვდარი საათი” იყო გამოცხადებული. ყოველ დღე, სადილის შემდეგ, ერთი საათის განმავლობაში, სასტუმრო გარედან იკეტებოდა და არავის ჰქონდა თავისი ნომრიდან გამოსვლის უფლება.

სწორედ ამიტომ იყო სამარისებური სიჩუმე, რაც ირეალურობის განცდას უფრო უმძაფრებდა ელის…

სასტუმროს დიზაინი მთლიანად გოთიკის სტილში იყო გადაწყვეტილი, ბოლოში მომრგვალებული და წაწვეტებული სარკმლებითა და შეისრული თაღებით. შენობის შესასვლელი კარებიც უზარმაზარი იყო. კარებს მეტალისაგან დამზადებული საშინელი დემონის თავი ჰქონდა მიმაგრებული, რომელსაც კბილებით ზარის დასარეკი ღილაკი “ეჭირა”.

ანამ დემონს პირში თითი შეუყო და ზარი დარეკა. შიგნიდან კივილის, ყმუილისა და სხვა შემზარავი ხმები მოისმა.

– ეს ზარის ხმაა! არ შეგეშინდეს!

გადაულაპარაკა ანამ ელის.

– ღმერთო, შენ გვიშველე…

ჩაილაპარაკა ელიმ და მთელი ძალ-ღონე მოიკრიბა, რომ აღელვება დაეფარა.
კარი მაღალმა, გამხდარმა მამაკაცმა გააღო. სახეზე თეთრი გრიმი ესვა. თვალებში წითელი ფერის ლინზები ჰქონდა ჩასმული. შუა საუკუნეების დროინდელი ფორმა ეცვა და სისხლისფერი მოსასხამი ჰქონდა წამოსხმული.

– გამარჯობა! ჩვენ გასაუბრებაზე მოვედით!

თითქმის ჩურჩულით უთხრა ანამ და გაუღიმა.

– გამომყევით…

თეთრსახიანი მსახური გოგონებს სასტუმროს დიდ დარბაზში შეუძღვა, იქიდან კი გვირაბის მაგვარ კორიდორში შეიყვანა. კორიდორი ვიწრო, ნახევრად ბნელი და მიხვეულ-მოხვეული იყო. კედლებზე ალაგ-ალაგ შანდლები იყო დამაგრებული, რომლებზეც სანთლები ენთო, მაგრამ ეს სანთლები არ იყო ნამდვილი. თუ კარგად დააკვირდებოდით, მიხვდებოდით, რომ ალის ადგილას – პაწაწინა ნათურები იყო ჩასმული, რომლებიც ბჟუტავდა და ციმციმებდა.

სასტუმროს ადმინისტრატორის კაბინეტიც მუქ წითელ ფერებში იყო გადაწყვეტილი. ადმინისტრატორს შავი სმოკინგი ეცვა. ის გოგონების დანახვისთანავე ფეხზე წამოდგა და მათ შესახვედრად გამოემართა.

– შუადღე მშვიდობისა! რით დავიმსახურე პატივი, რომ ასეთი სილამაზე ჩემს კაბინეტში მეხილა?

ეშმაკურად გაიღიმა მან და დააყოლა:

– მე ალესტერი მქვია!

“მდუმარე სასტუმროს” ადმინისტრატორის თაობაზე, ეს კაცი ზედმეტად მხიარულად იქცეოდა. მხიარულიც არ ეთქმოდა, სიტყვა “ცანცარა” უფრო მეტად შეესაბამებოდა მის დახასიათებას.

– ელი…

ელიმ მენეჯერს ხელი ჩამოართვა.

– მე ა…

– ეს მეგია, ჩემი და!

ელიმ ანას სიტყვა შუაზე გააწყვეტინა და ამით ისიც გადაარჩინა და საკუთარი თავიც.

– აი, აქ დაბრძანდით! ჩვენი საფირმო კოქტეილი მინდა შემოგთავაზოთ! რასაკვირველია, უფასოდ!

– სხვა დროს იყოს, მადლობა…

თქვა ანამ და ადმინისტრატორს გაუღიმა.

– მინდა თქვენზე მომიყვეთ! ალბათ, უფრო მკაცრ დახვედრას ელოდით აქ… მე კიდევ… მოკლედ, ეს იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ განებივრებულნი სამუშაოს დაწყების მსურველების ვიზიტებით.

სტუმრების 95% ტურისტები არიან. უცხოელები! ვინაიდან დასახლებული პუნქტისაგან საკმაოდ მოშორებით ვართ და აქ არც ტრანსპორტი დადის, მომსახურე პერსონალის დეფიციტს განვიცდით! ზოგიერთ მათგანს რამდენიმე როლის მორგება უწევს… რაც ადვილი ნამდვილად არ არის! ასე რომ… მიამბეთ, თქვენ რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

– მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, პირდაპირ გეტყვით! მიზეზი რამდენიმეა! პირველი – ანაზღაურება, რომელიც საკმაოდ ეფექტურად ჟღერს! მეორე – ერთფეროვანი ცხოვრებისაგან თავის დაღწევის სურვილი. ამას მიუმატეთ ინტერესი ირეალური სამყაროს მიმართ…

– რა იცით ირეალურ სამყაროზე? ან ზებუნებრივ არსებებზე?..
ალესტერი თავის სავარძელში ჩაჯდა და საზურგეს მოხერხებულად მიეყრდნო.

– სამწუხაროდ, ბევრი არაფერი! ნაიადაში საკმაოდ მწირი ბიბლიოთეკა გვაქვს! ინტერნეტი კი სულ ახლახან გვეღირსა… ზებუნებრივ არსებებზე თუ რაიმე ვიცით, ფილმების დამსახურებაა! მაგრამ თუ საჭირო გახდება, ძალიან სწრაფად ვისწავლით ყველაფერს!

– მთავარი სურვილია, არა? ბევრი რამის სწავლა არ მოგიწევთ! აუცილებელია იცოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, ვისი როლის შესრულებაც მოგიწევთ! თავისუფალ დროს შეგიძლიათ ჩვენს ბიბლიოთეკას ესტუმროთ!

– ბიბლიოთეკაც გაქვთ?

გაუკვირდა ელის.

– თანაც როგორი… ძალიან მდიდარი ბიბლიოთეკა გვაქვს. რამდენიმე უნიკალური წიგნიც მოგვეპოვება!

– არაჩვეულებრივია! მე ძალიან მიყვარს წიგნები…

– როდიდან შეგიძლიათ, საქმეს რომ შეუდგეთ?

– ჩვენ ახლაც მზად ვართ! უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რა გავაკეთოთ…

– თუ ასეა, წამობრძანდით!

ალესტერი სავარძლიდან წამოხტა და მეორე კარებისაკენ გაემართა, რომელიც მთავარი შემოსასვლელი კარის მოპირდაპირე მხარეს იყო.

– სასტუმროში ბევრი საიდუმლო გასასვლელია! ყველას არც ვიყენებთ. ზოგიერთი მათგანი გაუქმებულია, რადგან არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები. ეს გასასვლელები მხოლოდ პერსონალისთვისაა. ისინი სწრაფად უნდა გადაადგილდებოდნენ მთელ სასტუმროში და ერთი ადგილიდან მეორეში “გაჩენა” უნდა შეეძლოთ…

– რა საინტერესოა!

– თქვენ გექნებათ პლასტიკური ბარათი-გასაღები, რითიც შეძლებთ კარების გაღებას. მაგრამ ყველა კარი არ გაიღება და ეს არც უნდა გაგიკვირდეთ, რადგან ყველგან შესვლა თქვენ არ დაგჭირდებათ!

9. თეთრი ქალიშვილი-მოჩვენება

Image

ალესტერი ერთ-ერთ კართან შეჩერდა და ჯიბიდან პლასტიკური ბარათი ამოიღო. ძალიან პატარა, ბნელ ოთახში შევიდნენ. ოთახი ცარიელი იყო. მხოლოდ ერთ კედელზე ეკიდა დიდი სარკე, რომლიდანაც სააბაზანო ოთახი ჩანდა.

– რა უცნაურია! ეს სარკეა თუ მინა?

ანა სარკეს მიუახლოვდა და მას ხელით შეეხო.

– ეს “სისხლიანი მერის” აპარტამენტებია! სარკის მეორე მხარეს სააბაზანო ოთახია, სადაც სტუმრებს შეუძლიათ შესვლა, რათა “სისხლიანი მერი” გამოიძახონ. სააბაზანოს მხრიდან ეს ჩვეულებრივი სარკეა!

ადამიანი, რომელიც წესების მიხედვით ჩაატარებს რიტუალს, შეძლებს დაინახოს სისხლიანი მერი. ამისთვის, აი, აქ არის სპეციალური ღილაკი, რომელზე დაჭერითაც სარკე სააბაზანოს მხრიდან, რამდენიმე წუთის განმავლობაში გამჭვირვალე გახდება.

ალესტერი უცებ გაჩუმდა, თვალები მოჭუტა და გოგოებს დააკვირდა. – “სისხლიანი მერი” შენ იქნები!

უთხრა ანას და მხარზე ხელი დაჰკრა.

– ოღონდ შავი პარიკის გაკეთება მოგიწევს! წინააღმდეგი ხომ არ იქნები?

– რასაკვირველია, არა!

– ძალიან კარგი! მოკლედ, იმისთვის, რომ სარკეში მერი გამოჩნდეს, საჭიროა რიტუალის სწორად ჩატარება. წესები სააბაზანოს კარზე წერია. სააბაზანოში მხოლოდ სანთელი უნდა ენთოს. თუ ჩვენი რომელიმე კლიენტი სანთელს გადაატარებს სარკეს და სამჯერ წარმოთქვამს: – “სისხლიანი მერი! სისხლიანი მერი! სისხლიანი მერი…” შენ უნდა დადგე სარკის წინ და ამ ღილაკს დააჭირო თითი. სარკის მეორე მხრიდან დაგინახავენ… ესაა და ეს!

– და სულ აქ უნდა ვიყო?

– რა თქმა უნდა არა! სანამ სააბაზანოს ოთახში შევლენ, მონეტა უნდა შეიძინონ ცალთვალა ჯოს მაღაზიაში. შენ წინასწარ დაგიკავშირდება ჩვენი მოდერატორი შიდა ქსელით, ანუ რაციით.

– რაცია მექნება?

– რაციას ყველა აქ მომუშავეს ვაძლევთ, რადგან მობილურები აქ არ იჭერს! თუ დარეკვა მოგინდებათ, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ გარეთ უნდა გახვიდეთ – “სურვილების ჭასთან”, რომელიც სასტუმროს ტერიტორიიდან ოდნავ მოშორებით მდებარეობს… სასტუმროს ტერიტორიაზე მობილურების სიგნალს ვახშობთ! ასეთი წესია აქ!

– გასაგებია!

– “სისხლიან მერის” ჩვეულებრივ შეუძლია გადაადგილება სასტუმროს ტერიტორიაზე, ისევე, როგორც ყველა ზებუნებრივ არსებას, მაგრამ სტუმრებთან კონტაქტში შესვლა მაინცდამაინც მიზანშეწონილი არ არის. თუ ვინმე “სისხლიანი მერის” ლეგენდის მოყოლას გთხოვს, უარს ნუ ეტყვი!

– ლეგენდის?

– ლეგენდა “სისხლიანი მერის” შესახებ ძალიან ძველია! ლეგენდის რამდენიმე ვერსია არსებობს, ერთ-ერთი მათგანი კი ალქაჯის სახელს უკავშირდება, რომელიც უხსოვარ დროს კოცონზე დაწვეს.

თვითონ ლეგენდა პენსილვანიაში გაჩნდა. ალქაჯი, სახელად მერი, უღრან ტყეში, პატარა ქოხში ცხოვრობდა. ის მოხუცი ქალი იყო, რომელიც სამკურნალო ბალახების შეგროვებით იყო დაკავებული.

ტყის მახლობლად მდებარე სოფლის მცხოვრებლები მას “სისხლიან მერის” ეძახდნენ და ჯადოქრად მიიჩნევდნენ. ვერავინ ბედავდა მის ქოხთან მიახლოებას.

ერთხელ სოფელში გასათხოვარი გოგონა დაიკარგა. ყველგან ეძებეს, მაგრამ ვერსად იპოვეს. ქალიშვილების გაუჩინარება გაგრძელდა. გამწარებული მშობლები ყველგან ეძებდნენ თავიანთ შვილებს, მაგრამ ამაოდ… რამოდენიმე გაბედული ადამიანი ტყეშიც კი წავიდა, მერისთან, მაგრამ ბებერი ალქაჯი ყველაფერს უარყოფდა.

სოფლელებმა შეამჩნიეს, რომ ალქაჯი თანდათან უფრო ახალგაზრდად და მომხიბვლელად გამოიყურებოდა.

ერთ ღამესაც მეწისქვილის ქალიშვილი საწოლიდან წამოდგა და სახლიდან გარეთ გავიდა. ის უცნაური ხმით მონუსხული, რომელიც მის გარდა არავის ესმოდა, ტყისკენ მიემართებოდა. მეწისქვილის ცოლს არ ეძინა. მას კბილი სტკიოდა და სამზარეულოში სამკურნალო ბალახებისაგან ნახარშს ამზადებდა, რათა ტკივილი გაეყუჩებინა.

მან ფანჯრიდან დაინახა საკუთარი ქალიშვილი და შესაჩერებლად უკან აედევნა. გოგონას დედის ძახილი არ ესმოდა. ცოლის ყვირილზე მეწისქვილესაც გაეღვიძა. მან დაინახა უცნაური სინათლე, რომელიც ტყის სიღრმიდან გამოდიოდა და მისკენ გაემართა.

მეწისქვილემ დიდ, ძველ მუხასთან მდგარი მერი დაინახა, რომელსაც ხელში ჯადოსნური ჯოხი ეჭირა და მეწისქვილის სახლის მიმართულებით უმიზნებდა… უცნაურ სინათლეს სწორედ ის ჯოხი ასხივებდა.

სოფლელები შეიარაღდნენ და მერის დასაჭერად გამოუდგნენ. ის ტყეში მიმალვას შეეცადა, მაგრამ ერთმა მოხერხებულმა ფერმერმა ის თავისი თოფით, რომელშიც ვერცხლის ტყვია იდო, ფეხში დაჭრა.

მერი კოცონზე დაწვეს. მისი სახლის სიახლოვეს ქალიშვილების საფლავები იპოვეს. ალქაჯი მათ ხოცავდა, რათა მათი სისხლის საშუალებით თვითონ გაახალგაზრდავებულიყო.

როდესაც ის ცეცხლის ალში გაეხვა, მან წყევლა წარმოთქვა! ნებისმიერი, ვინც მის სახელს სარკის წინ სამჯერ წარმოთქვამდა, მერის შურისმაძიებელი სული მოვიდოდა და მოკლავდა მას საშინელი სიკვდილით, ხოლო მათ სულებს “სარკის მახეში” გააბამდა, სადაც ისინი ისეთივე ჯოჯოხეთურ ცეცხლში დაიწვებოდნენ, როგორშიც იწვოდა თვითონ სისხლიანი მერი.

– რა საშინელი ლეგენდაა! ჟრუანტელმა დამიარა!

წამოიძახა ელიმ. მას ერთი სული ჰქონდა, როდის გაეცლებოდა ამ პირქუშ ოთახს.

– და მე რომელი ზებუნებრივი არსების როლის შესრულება მომიწევს, მისტერ ალესტერ?
ჰკითხა მან სასტუმროს ადმინისტრატორს, რომელიც როლში იყო შეჭრილი და საკმაოდ უცნაური გამომეტყველება ჰქონდა სახეზე.

– შენ?.. შენ იქნები “თეთრი ქალიშვილი” მოჩვენება! წამოდით, ექსკურსია განვაგრძოთ და მეორე ლეგენდასაც მოგიყვებით.

ალესტერმა ელის და ანას მთელი სასტუმრო შემოატარა. სასტუმრო სამსართულიანი იყო. ყოველ სართულს 12 ნომერი ჰქონდა. ალესტერი შეუსვენებლივ ლაპარაკობდა. გოგონებს საგრიმიორო და გარდერობის ოთახი აჩვენა. “სისხლიანი მერის” კაბა წითელი საღებავით იყო მოთხვრილი. პარიკებისთვის სპეციალური კარადა იყო გამოყოფილი. იქვე ეწყო ვამპირის კბილები, რქები, ეშვები და ათასნაირი უბედურება.

– ეს თეთრი გამჭვირვალე კაბა შენია!

უთხრა ალესტერმა ელის და საკიდიდან შიფონის ძალიან თხელი და გამჭვირვალე კაბა ჩამოხსნა. კაბა ლამაზი იყო, გეგონებოდა, ზღვის ქაფისაგან იყო გაკეთებული.

– ამ მოჩვენებას “თეთრ დამას” ან “თეთრ ქალს” ეძახდნენ. XIV-XV საუკუნეებში იყო ძალიან პოპულარული ეს ლეგენდა. ყველაზე ხშირად მასზე გერმანელები ყვებოდნენ. როგორც წესი, “თეთრი ქალი” იმ ადგილებში ჩნდებოდა, სადაც ოდესღაც ტაძარი, მონასტერი ან ეკლესია იყო დანგრეული. მის გამოჩენას ყოველთვის უბედურებას მიაწერდნენ ხოლმე…

– რა ისტორია აქვს “თეთრ ქალს”, მისტერ ალესტერ?

დაინტერესდა ელი და ალესტერს კაბა გამოართვა.

– ერთ პატარა სოფელში – სახელად “მოტირნოში”, აბანო იყო, სადაც დასაბანად დადიოდნენ სოფლის მკვიდრნი. აბანოს ერთი მოხუცი კაცი ამუშავებდა, რობინზონი ერქვა. ზამთარში თითქმის სულ აბანოში იყო. ღამეც იქ რჩებოდა, რადგან თბილოდა და თანაც, დილით აღარ მოუწევდა სახლიდან ისევ აქ დაბრუნება.

ერთხელ რობინზონი გვიან ღამით უცნაურმა შეგრძნებამ გამოაღვიძა. მან იცოდა, აბანოში მის გარდა არავინ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვიღაცის დაჟინებული მზერა იგრძნო. ერთ-ერთ კედელთან ახალგაზრდა ქალი დაინახა, რომელიც ნახევრად გამჭვირვალე იყო და თეთრი კაბა ემოსა.

მოხუცმა შიშისაგან ლამის იქვე დალია სული. მოჩვენებას პირჯვარი გადასახა და გარეთ გამოვარდა. მეორე დღეს ყველას უყვებოდა თეთრი მოჩვენების შესახებ, მაგრამ სოფლელები ფიქრობდნენ, რომ მოხუცს სასმლისაგან ჰალუცინაცია ჰქონდა. მოხუცი თავისას არ იშლიდა და ამტკიცებდა, რომ აბანოში მოჩვენება დასახლდა.

მოტირნოელები აბანოში ჩვეულებრივ აგრძელებდნენ სიარულს. როდესაც მოსავლის აღების დრო დადგა, ხალხი გვიანობამდე მუშაობდა და აბანოშიც საკმაოდ გვიან დადიოდა. ერთხელ, როგორღაც ბევრი ქალი შეიკრიბა ერთად. მოულოდნელად აბანოში სინათლე ჩაქრა. ქალები ახმაურდნენ.

ერთ-ერთმა ხუმრობით წამოიძახა: – “თეთრო ქალბატონო! მოდი ჩვენთან!”
ამაზე თავიდან ყველამ სიცილი ატეხა, მაგრამ უცებ გაჩუმდნენ და მზერა იმ კედელს მიაპყრეს, სადაც იმ ღამეს, რობინზონის თქმით, თეთრი მოჩვენება იდგა.

შიშისაგან ყველა გახევდა. კუთხეში მართლა იდგა გამჭვირვალე ქალი თეთრებში…
ქალებს დაავიწყდათ, რომ შიშვლები იყვნენ და ყვირილით გარეთ გამოცვივდნენ. მერე ერთმა ბებერმა ქალმა გაიხსენა, რომ 1927 წელს, სოფელში ეკლესია დაშალეს და მასალა აბანოს ასაშენებლად გადაიტანეს. მას შემდეგ აბანოში აღარავინ წასულა, მოგვიანებით კი შენობა დაიწვა.

– იქნებ თეთრ ქალს უბედურების მოტანა სულაც არ უნდოდა? იქნებ ის თავისი გამოჩენით, უბრალოდ, ახსენებდა ადამიანებს, რომ მათ ღმერთი დაივიწყეს?

– შესაძლებელია, ელი… შეიძლება ასეც იყო! წამოდით, თქვენს ოთახს გაჩვენებთ! ოც წუთში “მკვდარი საათი” დასრულდება და პერსონალსაც გაგაცნობთ.

10. აკლდამა

Image

კიბით სულ ბოლო სართულზე ავიდნენ. აღმოჩნდა, რომ სხვენზე ოთახები იყო გაკეთებული, მომსახურე პერსონალისთვის. ალესტერმა გოგოებს ერთ-ერთი ოთახის კარი გაუღო.

ოთახი პატარა იყო. ორი საწოლი, ერთი კარადა და პატარა მაგიდა იდგა. საწოლებს შორის ერთი სარკმელი იყო, რომელიც ეზოს უკანა მხარეს გადიოდა და კარგად ჩანდა ტყე.

– აი, იმ ხეების უკან არის “სურვილების ჭა”…

უთხრა ანამ ელის, როგორც კი ალესტერმა მათი ოთახი დატოვა. ვიღაცას მათი ჩემოდნები ამოეტანა და ოთახში დაეწყო.

– რა საშინელი ადგილია, ანა! ბავშვობის დროინდელი კოშმარები გამახსენდა!
ელი საწოლზე ჩამოჯდა.

– ხედავ? ალესტერს მეთიუს გაუჩინარების ამბავი საერთოდ არ უხსენებია! მაგრამ მე ვიცი, რომ ერთ-ერთ ნომერში გამომძიებელია, რომელიც მეთიუს საქმეზე ჩამოვიდა. როგორც ჩანს, არ უნდათ ამ ამბის გახმაურება და გამოძიებაც ისევე მდუმარედ მიმდინარეობს, როგორიც თვითონ ეს სასტუმროა!

– შენ მაგ ალესტერს არ შეხვედრიხარ?

– პირადად არა! მინდოდა, მაგრამ ასე მითხრეს, ქალაქში გაემგზავრა და მალე ჩამოვაო. ის გამომძიებელიც ძალიან ახალგაზრდაა და რაღაცნაირი, დაბდურა მეჩვენა… მაგან რა საქმე უნდა გახსნას?

– ზუსტად როდის გაუჩინარდა მეთი?

– მეორე დღესვე… საღამოს…

– და ამდენი ხანი აქ იყავი?

– კი… პოლიცია დარეკვიდან რამოდენიმე საათში მოვიდა. ყველაფერი შემოიარეს და ვერსად ნახეს. ბოლოს მარწმუნებდნენ, რომ მეთიუ სადღაც წავიდა, თავისი ნებით… მიმატოვა, გესმის რა აბსურდია?.. სად უნდა წასულიყო უმანქანოდ?

– ჰო…

– მივხვდი, რომ ჩემს აქ დარჩენას მეთიუს ცოლის სტატუსით აზრი არ ჰქონდა! ასე მითხრეს, რომ გამომძიებელი კიდევ ერთი კვირით დარჩება სასტუმროში და თუ მანამდე მეთიუ არ გამოჩნდა, მაშინ ძებნას შეწყვეტენ. წარმოგიდგენია?

– შენ ფიქრობ, რომ მეთიუ აქ არის?

– ვერ გაიგე, რა თქვა ალესტერმა? სასტუმროს ბევრი საიდუმლო გასასვლელი აქვს და ზოგიერთი მათგანის შესახებ ჩვენც არ ვიცითო… შეიძლება მეთიუ რომელიმე ასეთ გასასვლელში მოხვდა! ხომ ნახე, ის გვირაბები ლაბირინთივითაა…

– ღმერთმა არ ქნას, მართალი აღმოჩნდე! ამდენი ხნის განმავლობაში სადღაც გვირაბში თუ ჩარჩა, უწყლოდ და საკვების გარეშე… რას ამბობ!

მოულოდნელად გონგის ხმა გაისმა.

– “მკვდარი საათი” დამთავრდა! წამოდი, საერთო დარბაზში ჩავიდეთ!
ანა და ელი კიბეზე დაეშვნენ. სასტუმრო უცებ გამოცოცხლდა. ნომრებიდან გამოსული სტუმრები დარბაზში გროვდებოდნენ. იქვე იყო ბარი.

– მოდი, რამე დავლიოთ…

უთხრა ელის ანამ და ბარისკენ გაემართა.

– ორი “სისხლიანი მერი”, თუ შეიძლება!

უთხრა ანამ ბარმენს და მაღალ სკამზე ჩამოჯდა.

– ხომ უნდა გავსინჯო ჩემი სახელობის კოქტეილი.

გადაულაპარაკა მან ელის და იქაურობა მოათვალიერა.

ელი ანას გვერდით დაჯდა და სტუმრების დაკვირვება დაიწყო. ძირითადად, წყვილები იყვნენ. ექვსი შავებში გამოწყობილი ახალგაზრდა ერთად ჩამოვიდა დარბაზში. სამი გოგონა იყო და სამიც ბიჭი. გოგონებს მძიმე მაკიაჟი ჰქონდათ გაკეთებული. მუქი, თითქმის შავი ფერის პომადა ესვათ და ბევრი პირსინგი ჰქონდათ სახეზე – ზოგს ცხვირზე, ზოგს ტუჩზე, წარბზე და ა.შ.

– ესენი “გოთები” არიან! თითქმის სულ ერთად დადიან…

გადაუჩურჩულა ანამ ელის. ვამპირმა-ბარმენმა გოგოებს კოქტეილი დაუდგა. დარბაზში ზებუნებრივი არსებებიც გამოჩნდნენ. კიდევ რამდენიმე ვამპირი, ორი ორკი, ერთი უთავო მხედარი, რომელსაც რაინდის კოსტიუმი ეცვა. მხრების გასწვრივ, შუაში შეამჩნევდით ორ პატარა ნახვრეტს, საიდანაც თვალები უჩანდა. “მოჭრილი კისერი” მას თავის ზემოთ ჰქონდა. სასაცილო უფრო იყო შესახედად, ვიდრე საშინელი.

ორი მაღალი ქერა ტიპი ბარისკენ გამოემართა. ეტყობოდათ, რომ ტურისტები იყვნენ. რაღაც კოქტეილი შეუკვეთეს, რომელიც ცეცხლმოკიდებული ჭიქებით დაუდგა ბარმენმა დახლზე.

დარბაზში მაქცია გამოჩნდა.

თავიდან ფეხებამდე ბანჯგვლიან კოსტიუმში იყო გამოწყობილი და სახეზეც ნიღაბი ეკეთა. მაქცია დარბაზის შუაგულში შეჩერდა რამოდენიმე წამით და გოგოების მხარეს გამოიხედა. მერე მძიმე ნაბიჯით გასასვლელისაკენ დაიძრა და გარეთ გავიდა.

– რომელი საათია? რა მალე დაბნელდა გარეთ!

ელიმ “სისხლიანი მერი” მოსვა და ფანჯარას გახედა. კოქტეილი ეგემრიელა.

– ტყე ისეთი დაბურულია, მზის შუქი ძლივს აღწევს… ამიტომ მალე ბნელდება ხოლმე აქ!
ბარში ალესტერი გამოჩნდა, ოღონდ ამჯერად გრაფი დრაკულას კოსტიუმი ჩაეცვა. გოგონები დაინახა თუ არა, მათკენ გამოეშურა.

– აი, თურმე სად ყოფილხართ!.. მე ზემოთ გეძებდით.

– მისტერ ალესტერ, ჩვენ როდის უნდა დავიწყოთ?

– ხვალიდან! ყველა რომ მოგროვდება, გამოვაცხადებ, რომ ხვალიდან სისხლიანი მერის და თეთრი ქალის მოჩვენების ნახვას შეძლებენ! ექვს საათზე ვახშამია. ჯერ სტუმრები ვახშმობენ, შემდეგ ჩვენ! ოღონდ, მონაცვლეობით… მე ისე გავაკეთებ, რომ პირველ ნაკადში ჩაგსვათ!

– სულ რამდენი დამსვენებელია ამჟამად?

– ბევრნი არ არიან. ჩვიდმეტი ნომერია სულ დაკავებული. ექვსი სტუდენტია! გოთური კულტურის მიმდევრები არიან და უკვე მეორე ზაფხულია, რაც აქ ჩამოდიან დასასვენებლად. მათ სამი ნომერი უკავიათ. ექვს ნომერში წყვილები არიან. ერთ ნომერში ახალგაზრდა მამაკაცია. გამომძიებელი…

– გამომძიებელი?

ჩაეკითხა ელი.

– კი! რამოდენიმე დღის წინ აქ ქმარმა ცოლი მიატოვა და წავიდა. ის ქალი არ აღიარებს ამას და ამტკიცებს, რომ მისი ქმარი სასტუმროში დაიკარგა! წარმოგიდგენიათ მაინც, რა სისულელეა?

გაიცინა ალესტერმა. ანა სიბრაზისაგან სახეზე წამოწითლდა.

– იქნებ მართლა დაიკარგა სადმე? თქვენ გამორიცხავთ, რომ შეიძლება იმ გვირაბებში გზა არეოდა იმ კაცს?

ჰკითხა ელიმ და კოქტეილი მოსვა.

– რასაკვირველია… შენი სახელი შემახსენე, ძვირფასო?..

– ელი…

– ძვირფასო ელი! რასაკვირველია, გამოვრიცხავ! გვირაბებში ვენტილაციის შახტებია და ხმა ყველაზე ქვედა სართულის გვირაბიდანაც კარგად აღწევს ზემოთ. შეიძლება ჩურჩულიც კი გაიგონო და ყვირილს როგორ ვერ გავიგებდით? გარდა მაგისა, პოლიციამ ყველა გვირაბი დაათვალიერა. ნული სართულის გვირაბებიც კი გამახსნევინეს! გამორიცხულია, რომ ის მამაკაცი აქ იყოს!

ალესტერი ძალიან დამაჯერებლად საუბრობდა. ბოლოს გოგონებს დილამდე დაემშვიდობა და განცხადების გასაკეთებლად თავისი კაბინეტისაკენ გაემართა. ცოტა ხანში მთელ სასტუმროს ტერიტორიაზე მისი ხმა გაისმა. ის გადამცემის საშუალებით მიმართავდა დამსვენებლებს!

ალესტერმა სასტუმროში მყოფთ აუწყა, რომ “სისხლიანი მერის” სააბაზანო ოთახი ხვალიდან ფუნქციონირებას დაიწყებდა. მსურველებს ჟეტონი “ცალთვალა ჯოს” მაღაზიაში უნდა შეეძინათ.

– ანა, მე სურვილების ჭასთან წავალ, მეგის უნდა დავურეკო და ვუთხრა, რომ ყველაფერი რიგზეა!

– წამოგყვე?

– არა, იყავი და კოქტეილი დალიე. მალე დავბრუნდები!

ელი სასტუმროდან გამოვიდა და საფლავებს შორის, ვიწრო ბილიკს გაუყვა. სურვილების ჭა ახლოს იყო. ბევრი ხალხი იყო შეკრებილი. ყველა ვიღაცას ელაპარაკებოდა. ელიმ მეგის ნომერი აკრიფა და უთხრა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. ლაპარაკს რომ მორჩა, ისევ სასტუმროს უკანა ეზოში დაბრუნდა და აკლდამა დაინახა. შეამჩნია, რომ მის კედლებზე რაღაც სიმბოლოები იყო გამოსახული და მისკენ გაემართა.

ელიმ ლიანას ტოტები ხელით გადასწია და კედელს დააკვირდა. პირველი, რაც თვალში მოხვდა, მისთვის ძალიან ნაცნობი სიმბოლო იყო, რომელიც მეთიუს სახლში ჰქონდა ნანახი. ნაწერების წაკითხვა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო.

ელის უეცრად მამაკაცის ხმა მოესმა:

– “სიზმრების დამჭერი”… ბევრს სმენია მის შესახებ! ზოგიერთ მათგანს სახლში, დეკორაციასავითაც უკიდია და წარმოდგენა არა აქვს მის მნიშვნელობაზე!
ელი ხმის მიმართულებით შებრუნდა. მის ზურგს უკან ახალგაზრდა კაცი იდგა და უღიმოდა.

11. გვირაბი

Image

– ბოდიშს ვიხდი, თუ ხელი შეგიშალეთ! თქვენ, ალბათ, დღეს ჩამოხვედით, რადგან აქამდე არ მინახიხართ!

– დიახ, ასეა!.. დღეს ჩამოვედი! უბრალოდ, დამსვენებლის სტატუსით არ ვარ… შეიძლება გავიგო, ვის ვესაუბრები?

– პიტერი… – სახელი საკმარისი იქნება! თქვენ, როგორც ვხვდები, “სისხლიანი მერი” იქნებით…

– არა! “სისხლიანი მერი” ჩემი და იქნება… მე – მოჩვენება “ქალიშვილი თეთრებში”!

– გასაგებია! ესე იგი, უკანასკნელად გხედავთ ნატურალურ მდგომარეობაში! ხვალინდელი დღიდან, სავარაუდოდ, ასეთი ლამაზი აღარ იქნებით!

ელის გაეცინა.

– რას ამბობდით ამ სიმბოლოს შესახებ?

– თქვენი სახელი არ გითქვამთ…

– ელი!

– ელი… – ლამაზი სახელი გაქვთ! სიმბოლო – “სიზმრების დამჭერია”! გსმენიათ რაიმე მის შესახებ?

– მსმენია და მინახავს კიდეც! – სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, პიტერ!

– უფრო კომფორტულად ვიგრძნობ თავს, თუ “შენობით” ფორმაზე გადავალთ… თუ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ იქნებით!

– არა, არ ვიქნები!

უპასუხა ელიმ და სასტუმროს მხარეს გაიხედა, შემთხვევით ანა ხომ არ მეძებსო.

– რა შეგიძლია მითხრა “სიზმრების დამჭერის” შესახებ?

– ის, რაც ალბათ თქვენც გეცოდინებათ! “სიზმრების დამჭერი” კოშმარებს ბადეში აბამს და მათ ასრულებას ხელს უშლის… თქვენ მითოლოგია გაინტერესებთ?

– მე დეტალები მაინტერესებს!

– დეტალები?..

– დააკვირდი ამ კედელს! ყველა სიმბოლო, რომელიც გამოსახულია, ძალიან ძველია! გარდა “სიზმრების დამჭერისა”… როგორც ჩანს, ვიღაცამ ცოტა ხნის წინ მიახატა ის… საინტერესოა, რატომ!

– როგორ მიხვდი?

ელი შეცბა და ნახატს დააკვირდა. “სიზმრების დამჭერი” მართლა გამოიკვეთებოდა სხვა სიმბოლოებისაგან. საღებავი მუქი იყო და საკმაოდ ახლად გამოიყურებოდა. ელის თავში უცებ უამრავმა აზრმა გაურბინა და გული აუჩქარდა.

– ალბათ, პერსონალიდან მიახატა ვინმემ…

– არა! მე უკვე გამოვკითხე ყველა! არავის დაუნახავს, ვინ მიახატა ეს სიმბოლო აკლდამას. პერსონალს კი რაში უნდა დასჭირვებოდა ამის გაკეთება? გარდა მაგისა, მე “ცალთვალა ჯოს” მაღაზიასაც ვესტუმრე და გავიგე, რომ რამოდენიმე დღის წინ საღებავი იყიდეს!

ელის ხელები აუკანკალდა. მისთვის უცებ ნათელი გახდა, თუ ვინ იდგა მასთან.

– ვინ?.. ვინ იყიდა საღებავი?

– საქმეც მაგაშია! იმ ვიღაცამ, ვინც საღებავი იყიდა, წინასწარ გათვალა ყველაფერი და შესაბამისი ზომები მიიღო.

– რა ზომები?

– ტროლის კოსტიუმით შევიდა მაღაზიაში და ისე იყიდა საღებავი!

– ესე იგი, ამ სიმბოლოსაც ტროლი დახატავდა!

პიტერს გაეცინა.

– ტროლის ვაკანსია ისევე თავისუფალია, როგორც ჩემი გული. ვიღაცამ განგებ ჩაიცვა ტროლის კოსტიუმი… ამისთვის მან ჯერ გარდერობის ოთახში შეაღწია. დამლაგებელმა ზუსტად იმ ღამეს დაკარგა გარდერობის გასაღები. სასტუმროში მომუშავე პერსონალს ეძინა, რადგან ისინი თავიანთ ოთახებში პლასტიკური ბარათი-გასაღებებით შედიან. შესაბამისად, კომპიუტერი აფიქსირებს დროს, როდესაც კარებები იღება ან იკეტება!

– ეს ყველაფერი საიდან იცი? შენ ხომ არ ხარ ის ადამიანი, ვინც იმ დაკარგული მამაკაცის საქმეს იძიებს?

– მე გახლავარ!

ელიმ უცებ ანას მოჰკრა თვალი, რომელიც მისკენ მოემართებოდა, მაგრამ პიტერის დანახვაზე შეჩერდა და სწრაფად გაბრუნდა უკან. როგორც ჩანს, პიტერი იცნო და არ უნდოდა, რომ მასაც ეცნო.

– საინტერესო პროფესიაა! იცი, მე ბავშვობაში ძალიან მინდოდა გამომძიებელი ვყოფილიყავი!

– მერე რატომ არ გახდი?

– სკოლა რომ დავამთავრე, დედამ მიგვატოვა და ოჯახის საქმე მთლიანად მე დამაწვა. ჩემი და მაშინ თერთმეტი წლის იყო…

– ვწუხვარ!..

– არა უშავს! მე შევეგუე ჩემს მდგომარეობას!

– ჰო, მაგრამ ხელს ნუ ჩაიქნევ! ყველაფერი წინ გაქვს! არასოდეს არ უნდა გადაუხვიო მიზნისაკენ მიმავალი გზიდან!

ელიმ პიტერს გაუღიმა და ბილიკზე დაბრუნდა.

– ჩემი წასვლის დროა! არ მინდა ჩემმა დამ ინერვიულოს…

– რა თქმა უნდა! იმედი მაქვს, კიდევ შევხვდებით… თუ თანახმა იქნები, ყავა დავლიოთ ერთად!

– შესაძლებელია…

– ისე, საიდან გაიგე იმ მამაკაცის გაუჩინარების ამბავი? შეგიძლია მითხრა?

– სასტუმროს ადმინისტრატორმა გვითხრა! მისტერ ალესტერმა…

– რას ფიქრობ მასზე?

– არ ვიცნობ მას საკმარისად, რომ რაიმე დასკვნები გამოვიტანო.

– დასკვნას არ გთხოვ! ხანდახან პირველი შთაბეჭდილება უფრო ნამდვილი აღმოჩნდება ხოლმე, ვიდრე ხანგრძლივი ურთიერთობიდან გამოტანილი დასკვნები!

– მხიარული და თავისუფალი კაცი ჩანს! რასაც ფიქრობს, იმას ამბობს… მაგრამ, სავსებით შესაძლებელია, რომ მისი უშუალობა და გახსნილობა ნიღაბი იყოს, რომელსაც გარკვეული მიზეზების გამო ირგებს…

– მაგით რისი თქმა გინდა, ელი?

– არაფრის! უბრალოდ, ვარაუდი გამოვთქვი… მე მგონია, რომ მისტერ ალესტერი… როგორ გითხრა…

– პირდაპირ მითხარი! ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს გამოძიებისთვის!

– ეს ინფორმაცია არ არის, ეს ჩემი შეგრძნებებია მხოლოდ… როდესაც “სისხლიანი მერის” ლეგენდას გვიყვებოდა, უცნაური გამომეტყველება ჰქონდა! გვიყურებდა, მაგრამ თითქოს ვერ გვხედავდა… თითქოს ჩვენს მიღმა, სადღაც, უსასრულობაში იმზირებოდა… მგონი, სისულელეს ვამბობ!

– არა, ელი… მადლობა ამ ვარაუდისთვისაც! ყოველი შემთხვევისთვის, მაინც შეხედე ამ ფოტოს…

პიტერმა შარვლის ჯიბიდან მეთიუს სურათი ამოიღო და ელის გაუწოდა. ელის მეთიუს სურათის დანახვაზე ყელში ბურთი მოაწვა.

– სიმპათიურია… რა ახალგაზრდა ყოფილა, მე უფრო ხანშიშესული მეგონა…

– თუ შემთხვევით…

– თვალს მოვკრავ სადმე, აუცილებლად შეგატყობინებ!

ელიმ პიტერის წინადადება დაასრულა და გაღიმებულმა დაუბრუნა სურათი.

– გქონდეს! შენს დასაც ანახე! ასეთი რამოდენიმე მაქვს!

– კარგი… დროებით, პიტერ!

– სურათის უკანა მხარეს ჩემი მობილურის ნომერი წერია!

– არ დავკარგავ! სასიამოვნო იყო საუბარი…

– ჩემთვისაც! შეხვედრამდე…

ელი სასტუმროში დაბრუნდა. ანა ბარში აღარ იყო. ელი ზევით ავიდა.

– ის იყო! ის გამომძიებელი…

შესვლისთანავე უთხრა ანამ ელის. ჯერ კიდევ ვერ გამოსულიყო ემოციებიდან.

– ვიცი… მივხვდი! რა უნდოდა?

– უბრალოდ, გამეცნო და გამესაუბრა! აინტერესებდა, ვიცოდი თუ არა რამე მეთიუზე…

– შენ რა უთხარი?

– რა თქმა უნდა, არაფერი! ვუთხარი, რომ აქ სამუშაოდ ჩამოვედი დასთან ერთად!

ანა განერვიულებული იყო. თავის საწოლზე ჩამოჯდა და სახე ხელებში ჩარგო.

– შენ დასვენება გჭირდება, ანა! დაიძინე… ხვალიდან უფრო დავიტვირთებით…

– მაღვიძარა დავაყენე! ღამის ოთხ საათზე დარეკავს… მანამდე აჯობებს, რომ მართლა დავიძინო!

– ოთხ საათზე რას აპირებ?

– გვირაბების დათვალიერება მინდა! იქნებ გამიმართლოს და შავი ოთახის კარი ვიპოვო!

– რა არის იმ შავ ოთახში?

– წარმოდგენა არა მაქვს!

ანა საწოლზე გადაწვა და თვალები დახუჭა. მალევე დაეძინა. ელი ფანჯრიდან იყურებოდა. პიტერი სასტუმროს ტერიტორიას გასცდა და ტყეში გაუჩინარდა. კარგა ხნის მერე ისევ დაბრუნდა. ელიმ შეამჩნია, რომ ის მაქცია, რომელიც ბარში ყოფნის დროს დაინახა, საფლავის ქვაზე ჩამომჯდარიყო და მათი ფანჯრისკენ იყურებოდა.

ელიც საშინლად იყო დაღლილი. ჯიბიდან ჩუმად ამოაცურა მეთიუს სურათი, რომლის შესახებაც ანასთვის არაფერი უთქვამს და ლეიბის ქვეშ დამალა. მან ანას იმ სიმბოლოს პოვნის ამბავიც დაუმალა, რადგან ვერ ეტყოდა, რომ მეთიუს საწოლში გაატარა ერთი ღამე და “სიზმრების დამჭერი” ნახა. მიხვდა, რომ პირველად გაუჩნდა საიდუმლო, რაზეც ძალიან ინერვიულა.

კედლისაკენ გადაბრუნდა თუ არა, მაშინვე დაეძინა. ძილში მაღვიძარას ხმა ჩაესმა, მაგრამ ვერ გამოფხიზლდა. ცოტა ხანში ვიღაცამ ფრთხილად შეაჯანჯღარა. ელიმ თვალები გაახილა და მის საწოლთან მდგარი ანა დაინახა, ფარანით ხელში.

– წამოხვალ თუ დარჩები?

ჩურჩულით ჰკითხა ელის.

– წამოვალ…

– მისმინე… კარს ბარათით თუ გავაღებთ, დრო დაფიქსირდება კომპიუტერში… იმ გამომძიებელმა მითხრა, კითხვებს როცა მისვამდა…

– ვიცი! ამ კარებს რომ გავაღებთ, მერე სააბაზანოს კარებიც უნდა გავაღოთ და წყალი მოვუშვათ! უკან რომ დავბრუნდებით, ჯერ სააბაზანოს დავკეტავთ და მერე შემოვალთ აქ! ასე იფიქრებენ, რომ საბანაოდ გავედით.

ასეც მოიქცნენ. სასტუმროში სამარისებური სიჩუმე იყო. გოგოები ფეხის წვერებზე დადიოდნენ. გვირაბი-კორიდორები ყველა სართულზე იყო, სხვენის გარდა. მათ მესამე სართულიდან დაიწყეს და ნელ-ნელა ქვემოთ ჩავიდნენ.

– როგორ უნდა მივხვდეთ, რომელია შავი ოთახი?

ჩურჩულით ჰკითხა ელიმ ანას.

– მარტივად! შავ ოთახს შავი კარები აქვს! მეთიუმ ასე მითხრა!

გვირაბი-კორიდორები მართლა ლაბირინთებივით იყო დახლართული. ელი და ანა რამდენჯერმე ერთსა და იმავე ადგილას მოხვდნენ.

– მგონი, წრეზე დავდივართ! ცარცი მაინც გვქონდეს!

– არა, არავითარი კვალი არ უნდა დავტოვოთ! უნდა ვეცადოთ, რომ ზეპირად დავიმახსოვროთ გზა!

ანა უცებ შეჩერდა და გაკვირვებულმა დაიწყო ყურება აქეთ-იქით.

– რა ხდება?

– არაფერი… აქ გვირაბი სამ ნაწილად იყოფა! მარჯვენა გასასვლელთან, კედელზე დიდი რაოდენობითაა ხავსი! ჯერ აქ შევიდეთ, მერე შუაში და ბოლოს მარცხენა გვირაბში…

პირველი ორი გვირაბი ერთმანეთს ხვდებოდა და ისევ მთავარ გასასვლელთან გამოდიოდა. მარცხენა გასასვლელი კი ყველაზე გრძელი აღმოჩნდა. ყოველ ოცდაათ მეტრში, თითო სავენტილაციო შახტა იყო. მესამე გვირაბს არც ერთი კარი არ ჰქონდა.

– ყრუ გვირაბია! ტყუილად ვიარეთ ამდენი!

თქვა ანამ და კედელს ზურგით მიეყრდნო.

– შეხედე! ეს აგური აშკარად ახალია! აქ რაღაცა ამოაშენეს!

ელი გვირაბის ბოლოში მივიდა და კედელი ხელით მოსინჯა.

– მართალი ხარ, ელ… აქ, სავარაუდოდ, კარები უნდა ყოფილიყო!

– რა ვქნათ? ჩვენ ამ კედელს ვერ დავშლით…

– ჩვენ ვერა! მაგრამ შერლოკ ჰოლმსი დაშლის!

მტკიცედ წარმოთქვა ანამ.

– შერლოკ ჰოლმსი?

– ჰო, ის გამომძიებელი! რა ჰქვია?..

– პიტერი…

– ხვალვე უნდა ნახო და უთხრა! მე ვერ დავენახვები…

– მეე? კი მაგრამ, რა უნდა ვუთხრა? რომ მკითხოს, ამ გვირაბში რას აკეთებდიო?

– რა პრობლემაა? ეტყვი, რომ გზა აგებნა!

– კარგი… საუზმის დროს ვნახავ სასადილოში და ვეტყვი! ახლა აჯობებს დავბრუნდეთ, სანამ ვინმეს არ გაღვიძებია და სააბაზანოსკენ არ გაუსეირნია…

ანა და ელი უკან დაბრუნდნენ. ყველაფერი წესრიგში იყო. წყალი გადაკეტეს და ოთახში შევიდნენ. ელი გაუხდელად შეწვა ლოგინში და საბანი გადაიფარა. თვალები დახუჭა და მეთიუს ნაჩუქარ მედალიონს ხელი მოუჭირა, რომელსაც საგულდაგულოდ მალავდა მაისურის შიგნით.

12. საიდუმლო გასასვლელი

გათენდა თუ არა, ელი და ანა საგრიმიოროსაკენ გაემართნენ. ალესტერი უკვე იქ იყო. გოგონებსმხიარულად შეხვდა და ყველა იქ მყოფი სათითაოდ გააცნო.

“უთავო მხედარი” კოსტიუმის გარეშეც ძალიან სასაცილო ტიპი აღმოჩნდა. დაახლოებით ოცდაექვსი წლის, საშუალო სიმაღლის, ალბინოსი ბიჭი იყო, რომელსაც თოვლივით თეთრი თმა, წარბები და წამწამები ჰქონდა. ხასიათითაც ძალიან უშუალო და კეთილი ჩანდა.

იგივეს ნამდვილად ვერ იტყოდი ორკზე, რომელიც მოღუშული გამომეტყველებით იჯდა და თავის რიგს ელოდა გრიმის გასაკეთებლად. იქ იყო ვამპირი გოგონაც, რომელიც ანას და ელის რატომღაც ამრეზით ჰკითხა ალესტერმა გოგონებს და საკიდიდან მათი კოსტიუმები ჩამოხსნა.

– მე ცუდად! ალბათ, გარემოს ბრალია… ვერაფრით დავიძინე, სანამ შხაპი არ მივიღე.

უთხრა ანამ ალესტერს და თავისი კოსტიუმი გამოართვა.

– არა უშავს! შეეგუები. კოსტიუმებს რომ ჩაიცვამთ და გრიმს გაიკეთებთ, სასადილოში ჩამოდით. ჩვენ შიდა სამზარეულოში ვსადილობთ ხოლმე. ბილი ჩამოგიყვანთ!

ალესტერმა უთავო მხედარს თვალი ჩაუკრა და ელის თავისი კაბა გადააწოდა.

– ამ კაბას სარჩული არ აქვს?

ჰკითხა ელიმ ალესტერს და უხერხულად იგრძნო თავი. ასე თამამად არასოდეს სცმია. კაბა გრძელი იყო, მაგრამ მთლიანად გამჭვირვალე.

– რად უნდა სარჩული? ამ კაბის ხიბლიც სწორედ ესაა! ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს კაბა კი არ გაცვია, არამედ მთლიანად ხარ თეთრი… იმედია, საცვლები თეთრი ფერის ჩაიცვი…

– დიახ, – თეთრები ჩავიცვი…

– ძალიან კარგი! მორცხვობა დაივიწყე და სასწრაფოდ მოჩვენებად გადაიქეცი!

ალესტერმა ელის წელზე ხელი მოჰკიდა და გასახდელისაკენ წაიყვანა. გასახდელიდან ანა გამოსულიყო.

სისხლიანი მერის კაბა ეცვა.

ალესტერმა ანა მოჭუტული თვალებით შეათვალიერა და კმაყოფილი დარჩა.

– ეგ არის! ახლა პემი პარიკს მოგარგებს და ცოტას დაგამახინჯებს!

გაიცინა ადმინისტრატორმა და გასასვლელისაკენ გაემართა.

– სასადილოში შევხვდებით!

დაიძახა გასვლის წინ და კორიდორში გაუჩინარდა.

ელის კაბა ზუსტად მოერგო. საგრიმიოროსაკენ დაძაბული გაემართა.

– როგორ გიხდება, ელ…

წამოიძახა ანამ. პემის მისთვის მაკიაჟი უკვე გაეკეთებინა. შავი, გრძელი პარიკი ეხურა და თვალების გარშემო ადგილები ჩაშავებული ჰქონდა.

– ძალიან გამჭვირვალე ვარ?

ჰკითხა ელიმ ანას და სარკეში ჩაიხედა.

– ყველაზე სექსუალური მოჩვენება ხარ, ვინც აქ მინახავს!

ანას ნაცვლად, ბილიმ უპასუხა და თავზე უთავო მხედრის “მხრები ჩამოიცვა”.

– აბა, მოდი აქ, ლამაზო! შემოგხედო…

პემიმ სარკის წინ მდგარი გორგოლაჭებიანი სკამი გამოაცურა და ელის ანიშნა, რომ დამჯდარიყო.

– შენ არ დაგჭირდება პარიკი! ჟღალთმიანი მოჩვენება იყავი.

პემი მსუქანი იყო. პატარა გოჭივით ვარდისფერი კანი ჰქონდა და ცისფერი თვალები.

ელის სახეზე ღია ფერის ტონალური კრემი წაუსვა და თვალები შავი ფანქრითა და ტუშით ოდნავ გამოუკვეთა. თმა გააშლევინა. ელი სრულებითაც არ დამახინჯდა, მხოლოდ სახეზე გაფერმკრთალდა.

ბილიმ ორივე სასადილოში ჩაიყვანა. შიდა სამზარეულო მხოლოდ პერსონალისთვის იყო განკუთვნილი.

გოგონებმა ყავა და ორცხობილა მიირთვეს და დამსვენებლების სასადილო დარბაზში გადაინაცვლეს.

– ნახე, გამომძიებელი აქ არის…

გადაუჩურჩულა ანამ ელის და ერთ-ერთი მაგიდისკენ მიანიშნა. ელიმ გაიხედა და პიტერი დაინახა,რომელიც ფანჯარასთან იჯდა და ყავას აუჩქარებლად მიირთმევდა.

– ეცადე, აღელვება არ შეგამჩნიოს და ხმამაღლა არ ილაპარაკო!

ელი პიტერის მაგიდისაკენ გაემართა. გრძნობდა, როგორ უყურებდნენ მას დამსვენებლები და საშინლად დაიძაბა. ამ დროს პიტერმაც გამოიხედა და ელის დანახვაზე სახეზე აღფრთოვანება გამოეხატა.

– დილა მშვიდობისა, პიტერ!

მიესალმა გაღიმებული სახით. პიტერი ფეხზე წამოხტა და სკამი გამოსწია, რომ ელი დამჯდარიყო.

– საოცრად მოგიხდა ეს როლი! ასეთი მოჩვენების გამოცხადებას ვინატრებდი კიდეც!

ელი მის მაგიდასთან ჩამოჯდა.

– მადლობა, ეს-ესაა დავლიე… შენთან ერთი რაღაცის სათქმელად მოვედი…

– გუშინ ვერაფრით დავიძინე და სასტუმროს დასათვალიერებლად გამოვედი. ჩვენი გზების დამახსოვრება მინდოდა! იმ გვირაბებში ვიბოდიალე და ორიენტაცია დავკარგე…

– მეც კინაღამ დავიკარგე მაგ კორიდორებში! რუკის გარეშე ძალიან ძნელია გაერკვე. მე მოგცემ შენ რუკის ასლს.

– მართლა? ძალიან კარგი იქნება… მადლობელი დაგრჩები! მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ სულ დაბლა, ნულ სართულზე რომ გვირაბია…

– გვირაბი სამ განშტოებას რომ ქმნის, სამივეში შეხვედი?

– სამ განშტოებას? რაზე მეუბნები? ეგეთი არაფერი მახსოვს. ყველა გვირაბი, რომელიც მე
დავათვალიერე, არც ერთ განშტოებას არ ქმნიდა. ეგეთი რაღაც არ მახსენდება! მე ყველგან შევედი, სადაც კი შეისვლებოდა და ის გვირაბები იმსიგრძეა, რომ ყველას ვერც დავიმახსოვრებდი… რისი თქმა გინდა?

– უცნაურია! იმ მარცხენა გვირაბში საერთოდ არც ერთი კარი არ იყო. სავარაუდოდ, მაგ გვირაბის ბოლოს იყო ერთადერთი კარი, რომელიც ცოტა ხნის წინ ამოუშენებიათ აგურით… აი, ამის თქმა მინდოდა.

– შეგიძლია მაჩვენო? მე მსგავსი არაფერი მახსოვს… ახლად ამოშენებულ კედელს კი ნამდვილად

– რა თქმა უნდა, თუ გინდა ახლავე ჩავიდეთ!

– ოღონდ სამუშაო საათების დაწყებამდე ცოტა დრო მაქვს!

პიტერი და ელი გასასვლელისკენ დაიძრნენ. სასტუმროს “ფოიეში” ყველა ზებუნებრივ არსებას მოეყარა თავი. მხოლოდ მაქცია არ ჩანდა არსად.

ელი მარმარილოს კიბეს ჩაუყვა, რომელიც სასტუმროს სარდაფში ჩადიოდა. ორივენი კორიდორს

– აქ ყველა ოთახი შეამოწმე, პიტერ?

– კი! ყველა ვნახე… საინტერესო არაფერია! ამ ოთახებს საწყობის დანიშნულება აქვს, სასტუმროს ინვენტარი ინახება. დიდი მარაგი აქვთ გაკეთებული ავეჯის, ჭურჭლის, პროდუქტის და ათასი

ელი და პიტერი იმ ადგილთან მივიდნენ, სადაც კორიდორი, წესით, სამ ნაწილად უნდა გაყოფილიყო, მაგრამ ნანახმა ელის თავზარი დასცა. კორიდორი მართლა იყოფოდა, მაგრამ მხოლოდ ორ ნაწილად.

მესამე გასასვლელი თითქოს გამქრალიყო.

წამოიძახა ელიმ და კედელს ხელებით დაუწყო სინჯვა.

– შემიძლია დავიფიცო, რომ გუშინ აქ გასასვლელი იყო! საკუთარი თვალით ვნახე…

– შეიძლება ადგილი აგერია!

– არ ამერია! დარწმუნებული ვარ! მარჯვენა გასასვლელის კედელი მწვანე ხავსით იყო დაფარული…

კარგად დავიმახსოვრე, რადგან მაგ გვირაბში ზედიზედ ორჯერ შევედი და ისევ აქ დავბრუნდი…

შეხედე, ფრჩხილით ხავსზე ნაკაწრი დავამჩნიე…

პიტერი ელის მიუახლოვდა და ხავსისაგან გამწვანებულ კედელს დააკვირდა. ნაკაწრი მართლა იყო.

– ეს მარჯვენა გასასვლელი შუას უერთდება! აი, აქ მესამე გასასვლელი იყო…

ელი პიტერისკენ სახით შებრუნდა და ჰკითხა:

– ჩემი არ გჯერა, ხომ? მესმის, რომ წარმოუდგენლად ჟღერს, რასაც ვამბობ! მეც არ დავიჯერებდი, მაგრამ არ ვიტყოდი, ასე დარწმუნებული რომ არ ვიყო საკუთარ თავში! აქ გუშინ მართლა იყო გასასვლელი!

– დავუშვათ, იყო, მაგრამ კედლის ეს ნაწილი, რომელიც, შენი თქმით, გუშინ გახსნილი იყო, ისეთივე ძველია, როგორც ყველა დანარჩენი! არავითარი განსხვავება არ არის!

– ეს თაღები?.. ყრუ თაღები… იქნებ ზოგიერთი მათგანი საიდუმლო გასასვლელს წარმოადგენს?

– არ არის გამორიცხული! ამის შესახებ ადმინისტრატორს უნდა დაველაპარაკო!

– თუ ამ ყველაფერს უარყოფს, გამოდის, რომ მეთიუს გაუჩინარებაში მისი ხელი ურევია!

– შეიძლება! ან მანაც არაფერი იცის და მესამე პირი უნდა ვეძებოთ!

– პიტერ, ალესტერთან მე არ მახსენო, კარგი? დღეს პირველი დღეა, რაც მუშაობა დავიწყე და არ მინდა პრობლემები შემექმნას! უბრალოდ, როდესაც ის კედელი ვნახე… ვიფიქრე, რომ შეიძლება გამოძიებას დახმარებოდა ეს ინფორმაცია! შენ არ მითხარი, პატარა დეტალებს ბევრი რაღაცის თქმა შეუძლიათო?

– სწორად მოიქეცი, ელი! მინდა იცოდე, რომ შენი მჯერა! ამ საშინელ ადგილას არაფერი არ გამიკვირდება!

ახლა დავბრუნდეთ… ადმინისტრატორს უნდა გავესაუბრო!

პიტერი და ელი უკან დაბრუნდნენ.

– თუ რამეს გაიგებ იმ გასასვლელის შესახებ…

– აუცილებლად გეტყვი, ელი! ვიცი, რომ გაინტერესებს!

პიტერმა ელის მხარზე ნაზად შეახო ხელი და ალესტერის კაბინეტისაკენ გაემართა.

ანა არსად ჩანდა. ალბათ, სისხლიანი მერის ოთახში იყო ასული. ელი გარეთ გავიდა და შადრევანთან ჩამომჯდარი უჟმური ორკისაკენ გაემართა, რომელიც დილით საგრიმიოროში ნახა.

– ცალთვალა ჯოს მაღაზია სად არის? შეგიძლია მითხრა?

– უკანა ეზოშია! აკლდამის მოპირდაპირე მხარეს… ხეებში რომ შეძვრები, დაინახავ.

– მადლობა! და… კიდევ გკითხავ, თუ წინააღმდეგი არ იქნები…

– გუშინ აქ მაქცია დავინახე… დღეს არ გამოჩენილა…

– აა, რონი? ეგ ორ როლს ითავსებს! დღისით ვამპირია და რო ბნელდება, მაქციის ფორმას იცვამს! ახლა არ

– გასაგებია… მადლობა!

ელიმ ორკს ზურგი შეაქცია და სასტუმროს უკანა ეზოსაკენ გაემართა. ცალთვალა ჯოს მაღაზია მართლა არ ჩანდა, თუ დაბურულ ხეებში არ შეძვრებოდი. მაღაზია ძალიან ჰგავდა “ბაბა იაგას” ქოხს. დახლებზე უამრავი რამ ეწყო: – პატარა კონებად შეკრული გამხმარი ბალახები, სხვადასხვა დეკორატიული ნივთი, სამკაულები, მაგიდაზე დასადგამი პატარა ფიგურები და კიდევ უამრავი ნივთი, რომლებმაც ელის მეთიუს კოლექცია გაახსენა.

ცალთვალა ჯოს მეკობრის კოსტიუმი ეცვა და მარცხენა თვალი ახვეული ჰქონდა.

– როგორც იქნა! “თეთრი ქალიც” გამოჩნდა ჩვენს სასტუმროში…

ჯომ ელის მარჯვენა თვალი ჩაუკრა და გაუღიმა.

– კეთილი იყოს შენი ფეხი ამ კოშმარეთში! იცი, ადრე გვყავდა “თეთრი ქალი” და რაღაცით ჰგავხარ მას!

ელი ჯოს მიუახლოვდა და ხელი ჩამოართვა.

– ლამაზი სახელია! ჩემი სახელი უკვე გეცოდინება! უფრო სწორად, ზედმეტსახელი… იმდენი ხანია, რაც ცალთვალა ჯოს მეძახიან, რომ მგონი, ჩემი ნამდვილი სახელი დამავიწყდა კიდეც, როგორ ჟღერს. შენ დასათვალიერებლად შემოხვედი თუ რამე გაინტერესებს?

– ერთი მეორეს არ გამორიცხავს!.. – ეს ბალახები რისთვისაა?

– შეგიძლია ჩაი მოადუღო და დალიო. აი, მაგალითად, ეს უძილობისთვის ნამდვილი მისწრებაა! ეს მელისაა… დამამშვიდებელი ეფექტით… ეს აბზინდაა! – საჭმლის მონელებისთვისაა კარგი…

– გასაგებია… “სიზმრების დამჭერი” თუ გაქვთ?

– რა თქმა უნდა! შენგან მარჯვნივ, ზემოთ ჰკიდია და აირჩიე, რომელიც მოგეწონება, მე გჩუქნი!

– სამაგიეროდ, მე მინდა! აიღე და ნუ მორცხვობ!

სანამ ელი “სიზმრების დამჭერს” არჩევდა, მაღაზიაში დამსვენებლები შემოდიოდნენ და “სისხლიანი მერის” ოთახისათვის ჟეტონებს ყიდულობდნენ. როგორც ჩანს, ანა კარგა ხანს ვერ გამოძვრებოდა იმ “ჯურღმულიდან”.

როგორც კი მაღაზიიდან გამოვიდა ელი, მას ის ორი ტურისტი მიუახლოვდა, ბარში რომ ნახა წინა დღეს. როგორც ჩანს, “თეთრ ქალთან” სურათების გადაღება სურდათ. ჯერ შადრევნის წინ იპოზიორეს, მერე აკლდამისაკენ წაიყვანეს. როგორც იქნა, დაკმაყოფილდნენ გადაღებული მასალით და ელის თავი დაანებეს.

ელი მაშინვე აკლდამის კედელთან მივიდა და სიმბოლოს კიდევ ერთხელ დააკვირდა. ჯოს
ნაჩუქარი “სიზმრების დამჭერი” კედელზე დახატულ სიმბოლოს შეადარა და შეამჩნია, რომ ნახატისბადე განსხვავდებოდა.

13. ნიშნები

ელი მიხვდა, რომ “სიზმრების დამჭერის” ბადეში ლათინური ასოები იყო გაბნეული – ზოგი თავდაყირა, ზოგიც სარკისებურად იყო შეტრიალებული. სულ ექვსი ასო იყო.

ელი სასწრაფოდ თავისი ოთახისაკენ გაემართა. “სიზმრების დამჭერი” საწოლთან ჩამოკიდა და ლეიბიდან მეთის სურათი გამოიღო. გონებაში იმ ექვს ასოს განუწყვეტლივ იმეორებდა.

კალამი ძლივს იპოვა და სურათის მეორე მხარეს მიაწერა ასოები. სხვადასხვანაირად დაალაგა და როგორც იქნა, სიტყვა მიიღო…

– “შიგნით”….

ელიმ მეთიუს სურათი ისევ წაღმა გადმოაბრუნა, შეხედა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა:

– შიგნით?.. რის შიგნით, მეთ… სად ხარ?.. ნეტა რა შეგემთხვა… თუ ეს მესიჯი შენ დატოვე, მაშინ რის თქმას ცდილობ?.. ალბათ, იმ გვირაბს გულისხმობ, რომელიც მე ვიპოვე… ალბათ, იმ გვირაბის შიგნით… ნუთუ შენ ხარ?..

ელიმ სურათი ისევ ლეიბის ქვეშ დამალა და გარეთ გამოვიდა. კორიდორში ვამპირის კოსტიუმში გამოწყობილი ახალგაზრდა ბიჭი იდგა. სიმპათიური იყო. რაღაცნაირი ცივი და იდუმალი გამომეტყველება ჰქონდა. თეთრი, ჟაბოიანი პერანგი და შავი ფრაკი ეცვა. მხრებზე სისხლისფერი მოსასხამი ჰქონდა წამოსხმული.

ვამპირმა ელის შეხედა და თავისი ოთახისაკენ გაემართა.

– მაქცია შენ ხარ?

ელიმ ვერ მოითმინა და ზურგსუკან მიაძახა ვამპირს. ის შეჩერდა, შემობრუნდა და ელისაკენ დინჯი ნაბიჯით წამოვიდა.

– რატომ მეკითხები?

– შენ ხარ თუ არა?

– კი, მე ვარ! რა მერე?

– არაფერი… გუშინ, ღამით დავინახე, რომ ჩვენს ფანჯარას უყურებდი…

ვამპირს გაეღიმა. ელის მიუახლოვდა, ტუჩები ყურთან მიუტანა და ჩასჩურჩულა:

– შენ ამაში რაიმე უცნაურს ხედავ?

– არა… გიხდება ვამპირის როლი! უხეში, ცივი და ზედმეტად თავდაჯერებული ხარ…
ელიმ რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია.

– შენც გიხდება ეს როლი… მადას აღმიძრავ! მხოლოდ მოჩვენება ხარ თუ?..
მან კიდევ გადადგა ელისაკენ ნაბიჯი. დაბალ ხმაზე ლაპარაკობდა და ნელ-ნელა უახლოვდებოდა.

– კიდევ რა შეიძლება რომ ვიყო?

– ქალი-მოჩვენება გამოძახებით!

ირონიულად გაიღიმა ვამპირმა. ელის უკან გზა აღარ დარჩა და ზურგით კედელს მიეყრდნო.

– ამ სასტუმროში ეგეთებიც ხდება?

– “ეგეთები” ყველა სასტუმროში ხდება, ლამაზო! ზოგს სექსუალურ ვამპირთან სურს ღამის გატარება, ზოგსაც მომხიბვლელ ქალიშვილ-მოჩვენებასთან…

თქვა მან, ხელები კედელს მიაბჯინა და ელი ფაქტობრივად მკლავებში მოიმწყვდია. თან თვალებში უყურებდა მას.

– გამატარე, რონი!

მკაცრი ტონით წარმოთქვა ელიმ და ვამპირი გზიდან ჩამოიშორა.

– ჩემი სახელიც გცოდნია! ეს იმას ნიშნავს, რომ…

– …ეს იმას ნიშნავს, რომ მინდა ყველას ვიცნობდე, ვინც აქ მუშაობს! ფანტაზია კლიენტებისთვის შემოინახე! – დაგჭირდება!

მიაძახა ელიმ და კიბისაკენ გაიქცა.

***

პიტერი უკვე დარბაზში იყო და ელის ეძებდა.

– სურვილების ჭასთან წადი და იქ დამელოდე!

წასჩურჩულა მან ელის და თვითონ ბარისაკენ წავიდა. ელი წყნარად გაემართა სურვილების ჭისაკენ. ცოტა ხანში პიტერიც მოვიდა და ოთხად გაკეცილი ქაღალდი ჩუმად ჩაუდო ხელში.

– რა ქენი? ელაპარაკე ალესტერს?

– ალესტერი საიდუმლო გასასვლელის არსებობას უარყოფს!

– ეს რა არის?

ელიმ ქაღალდი გაშალა.

– რუკაზე ის გვირაბი არ არის აღნიშნული, ვწუხვარ, ელ…

– დღეს ღამე კიდევ ჩავალ იმ გვირაბში!

– მარტო არავითარ შემთხვევაში არ წახვიდე! მეც წამოვალ! სადილის შემდეგ, “მკვდარი საათი” რომ გამოცხადდება, სარდაფის ჩასასვლელთან დაგელოდები!

– კარგი… მე კიდევ მაქვს რაღაც შენთვის…

– რა?

– აკლდამის კედელზე დახატულ “სიზმრების დამჭერში” ექვსი ასო წერია! კარგად თუ არ დააკვირდი, ვერ მიხვდები… ზოგი უკუღმაა! ის ასოები ამოვიწერე და სწორად დავალაგე…
პიტერი გაოცებული უსმენდა.

– მერე?

– “შიგნით” – აი, ეს სიტყვა მივიღე…

– “შიგნით?”..

– ჰო… და ვფიქრობ, რომ ის მესამე გასასვლელი უნდა იყოს კავშირში… ალბათ იმ გვირაბის შიგნით ამოშენებული კარია, რომლის შიგნითაც არის ის, რასაც ვეძებთ… უფრო სწორად, შენ ეძებ…

– ლოგიკურია! შენგან კარგი გამომძიებელი დადგებოდა, ელი…

ამ სიტყვებით პიტერი ელის დაშორდა და სურვილების ჭასთან მარტო დატოვა. ელიმ ცოტა ხანი დაიცადა. უცებ ტკაცუნი მოესმა და ხმის მიმართულებით გაიხედა. მოეჩვენა, რომ თითქოს ხეებში ვიღაც იმალებოდა.

ელი ტყის სიღრმეში შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ მზე ზენიტში იყო, დაბურულ ტოტებში მაინც ძლივს აღწევდა დღის სინათლე.

ვიღაც ხეებს შორის გადაადგილდა. ელის კარგად ესმოდა მისი ნაბიჯების ხმა.

– არის აქ ვინმე?

ხმამაღლა დაიძახა მან და წამიერად შეჩერდა, რომ ყური დაეგდო. სიწყნარე იყო. უცებ მისკენ
ვიღაც ჩქარი ნაბიჯით გამოემართა. ტოტებიდან ნაცნობი მაქცია გამოვიდა და ელის წინ გაჩერდა.

– “ასე მალე როგორ მოასწრო კოსტიუმის გამოცვლა…” – გაუკვირდა ელის.
მაქცია ხმას არ იღებდა, იდგა და ელის უყურებდა.

– ასე მგონია, რომ მითვალთვალებ!
უთხრა მას ელიმ და მარჯვენა ხელი, რომელშიც პიტერის მოცემული რუკა ჰქონდა, ზურგს უკან წაიღო.

რონი მიუახლოვდა და ჰკითხა:

– შენ იმ ბიჭის გაუჩინარებასთან რაიმე კავშირი გაქვს?
ნიღაბი მის ხმას ახშობდა.

– მე არა! – შენ?

კითხვა შეუბრუნა ელიმ.

– ზურგს უკან რას მალავ?

– მე დასამალი არაფერი მაქვს!

– ყველას აქვს დასამალი რაღაც… და თუ შენ გამონაკლისი ხარ, მაშინ დამიმტკიცე!
ელის სხვა გზა აღარ ჰქონდა. არ უნდოდა, თავისი სიჯიუტით საქმე გაერთულებინა და ეჭვები გამოეწვია. ამიტომ რონის რუკა გაუწოდა.

– რად გინდა სასტუმროს რუკა?

– ორიენტაცია საერთოდ არ გამაჩნია! გუშინ კინაღამ დავიკარგე… გამომძიებელმა თავისი რუკის ასლი მომცა… მე მგონი, არაფერს ვაშავებ ამით!

რონიმ რუკა გაშალა და დახედა. მერე ისევ დაკეცა და ელის დაუბრუნა.

– კიდევ თუ გადაწყვეტ დაკარგვას, დამიძახე! ერთად დავიკარგოთ!

– არ მინდა, მადლობა!

ელიმ წასვლა დააპირა.

– ეგ რუკა ახალია და თუ შენ აქ რამეს მართლა ეძებ, ეგ რუკა არ გამოგადგება!

– ახალი?.. ეგ რას ნიშნავს? რომ ძველი რუკაც არსებობს?

რონიმ აღარაფერი უპასუხა. შებრუნდა და ცალთვალა ჯოს მაღაზიისაკენ გაემართა.
ელი სასტუმროში დაბრუნდა. სადილის დრო ახლოვდებოდა. ანა საერთო დარბაზში ჩამოსულიყო და ალესტერს ესაუბრებოდა.

– აი, გამოჩნდა ჩვენი თეთრი მოჩვენება!

ალესტერმა ელის ხელი დაუქნია.

– შენს დაიკოს წესების ფურცელი მივეცი და სადილის შემდეგ გადახედე. “თეთრი ქალის” უფლება-მოვალეობებში ლუქსი-ოთახების დალაგებაც შედის! ამჟამად მხოლოდ ორი ლუქსია დაკავებული, მეექვსე ნომერში წყვილია გაჩერებული, ხოლო მეთორმეტეში გამომძიებელი…

– რა უნდა გავაკეთო, მისტერ ალესტერ?

– დილაობით, სასაუზმოდ რომ ჩავლენ, შეხვალ და საწოლებს აალაგებ. მტვერს გადაწმინდავ და მტვერსასრუტით დაასუფთავებ ხალიჩას.

– გასაგებია! დილიდანვე შევუდგები საქმეს!

ალესტერმა ელის თვალი ჩაუკრა და ბარისაკენ გაემართა.

– რა ქენი? ცნობისმოყვარეობა მკლავს! ერთი წუთითაც ვერ გამოვედი იმ დაწყევლილი
ოთახიდან. საშინლად დავიღალე…

თქვა ანამ და დივანზე ჩამოჯდა.

– არ დაიჯერებ, რასაც ახლა გეტყვი… მე და პიტერი სარდაფის გვირაბში ვიყავით და ის მესამე გასასვლელი გამქრალია!

– რას ნიშნავს გამქრალი?

– მხოლოდ ორი გვირაბი დაგვხვდა! კინაღამ მეც შემეპარა ეჭვი საკუთარ თავში…

– ეს რას უნდა ნიშნავდეს?

– იმას, რომ გუშინ ღამე მესამე გასასვლელი შემთხვევით დარჩა ვიღაცას გახსნილი…
ანა დაფიქრდა.

– ასეც ვიცოდი, რომ აქ რაღაც ხდება!

– “მკვდარი საათი” რომ გამოცხადდება, მე და პიტერი ისევ ჩავალთ… პიტერმა რუკა მომცა, მაგრამ ის გვირაბი არ არის აღნიშნული. ეს კიდევ არაფერი… ის მაქცია გახსოვს? გუშინ რომ გვიყურებდა?

– კი…

– დღეს შემხვდა ზევით, კორიდორში… მერე ჭასთანაც… ჰოდა, რუკა დაინახა…

– რამე გითხრა?

– მე ვუთხარი, რომ რუკის გარეშე ორიენტაცია მიჭირს… დახედა და მითხრა, რომ თუ რამეს ეძებ, ეს ახალი რუკა არ გამოგადგებაო… გესმის? როგორც ჩანს, სასტუმროს ძველი რუკაც არსებობს!

– ელი… უფრო ფრთხილად უნდა იყო! ეგ მაქცია შეიძლება გითვალთვალებდეს… იქნებ მეთის გაუჩინარებაში მისი ხელიც ურევია?.. ჩვენ არაფერი ვიცით, ამიტომ არავის არ უნდა ვენდოთ და ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ. არის კიდევ რამე ისეთი, რაც მე უნდა ვიცოდე?
ანას სიტყვებზე ელი შეკრთა.

– არა… ჯერჯერობით არაფერი…

– კარგი! “მკვდარი საათის” დროს ყურადღებით ვიქნები და იმ მაქციას ვუდარაჯებ!

14. ნიღაბი

Image

დათქმულ დროს ელი ოთახიდან გამოიპარა და ფეხაკრეფით დაუყვა სარდაფში მიმავალ კიბეებს. პიტერი უკვე იქ ელოდა. ორივენი უხმოდ გაემართნენ იმ ადგილისაკენ, სადაც გვირაბი სამ ნაწილად იყოფოდა, მაგრამ არ გაუმართლათ.

კორიდორში მხოლოდ ორი გასასვლელი იყო.

პიტერმა ფარნით დაათვალიერა კედლები, მაგრამ საეჭვო ვერაფერი ნახა.

– გამორიცხულია, რომ აქ საიდუმლო კარი იყოს! თუ კედელი იღება, მაშინ აუცილებლად იქნება კვალი. ყველა აგურის ზედაპირი ერთნაირია. არც იატაკს ეტყობა ხახუნის კვალი. მტვერი ისევეა, როგორც ყველგან…

– ვიცი, რომ ძნელი დასაჯერებელია, პიტერ! მე თვითონაც არ დავიჯერებდი შენს ადგილას, მაგრამ დარწმუნებული რომ არ ვიყო, საერთოდ არ გეტყოდი არაფერს… – შეხედე… იქით ერთი კარი ღიაა!

ელი მეორე გასასვლელში შევიდა და პირველივე კართან გაჩერდა. ფრთხილად შეიხედა. შიგნით არავინ იყო. პიტერმა კარი ბოლომდე გააღო. ოთახში რკინის კარადები იდგა, რომლებსაც ძალიან ბევრი უჯრა ჰქონდა.

– ვიცი ეს ოთახი! აქ ნამყოფი ვარ უკვე! დოკუმენტაცია ინახება!
თქვა პიტერმა და გაბრუნება დააპირა.

– პიტერ! ეს რუკა, რომელიც შენ მომეცი, ახალია! სასტუმროს ძველი რუკაც არსებობს!

– ვინ გითხრა?

– იმ მაქციამ! შემთხვევით დამინახა რუკით…

– რონიმ?

– ეგ ტიპი რაღაცნაირად მაშფოთებს! არ მომწონს…

– რატომ? რამე ხომ არ გაკადრა?

– არა… უბრალოდ, უცნაურად იქცევა!

– რონის კარგად ვიცნობ! ცოტა უცნაური მართლა არის, მაგრამ ცუდს არაფერს ჩაიდენს, დარწმუნებული ვარ… ამ ოთახში კიდევ მართლა არაფერი საინტერესო არ არის, ელი… დროს ტყუილად დავკარგავთ!

– როგორ შეიძლება გამოძიებისთვის არ იყოს საინტერესო დოკუმენტაცია? აქ პერსონალის ანკეტებიც იქნება!

ელი ოთახში შევიდა და უჯრების გაღება სცადა, მაგრამ როგორც ჩანს, ყველა გასაღებით იყო დაკეტილი. უცებ კარადის უკან გადავარდნილ სურათს მოჰკრა თვალი და ამოიღო. სურათი ჩარჩოში იყო ჩასმული. ელიმ სურათს სული შეუბერა. ჰაერში მტვრის კორიანტელი ავარდა.

– პიტერ, შენი ფარანი მათხოვე!

პიტერი ელის მიუახლოვდა და სურათს ფარანი მიანათა.

– რა იპოვე?

ორივე სურათს დააკვირდა. სურათი ჯგუფური იყო. ცენტრში ალესტერი იდგა, მის გარშემო კი სასტუმროს პერსონალის მთელი შემადგენლობა: ალბინოსი ბილი, ცალთვალა ჯო და სხვები.
ელიმ რონი დაინახა და სურათი კინაღამ ხელიდან გაუვარდა. მის გვერდით ანა იდგა და იღიმოდა.

– რას უყურებ, ელი?

პიტერმა ელის სურათი გამოართვა და თვითონაც დააკვირდა.

– მოიცა… შეუძლებელია!

წამოიძახა გაოცებულმა. ელი ჩუმად იდგა და ვერ გადაეწყვიტა, ეთქვა თუ არა პიტერისთვის, რომ ანა სასტუმროში იყო. გონებაში ათასნაირი ფიქრი უტრიალებდა. რატომ არწმუნებდა პიტერი, რომ ამ ოთახში საინტერესოს ვერაფერს ნახავდა? იქნებ არ უნდოდა, რომ ელი შემოსულიყო და ეს სურათი ენახა? ან იქნებ სწორედ პიტერმა დამალა ის სურათი კარადის უკან?

ასეთი დაბნეული ელი არასოდეს ყოფილა. – ვინ არის ანა? რატომ დამალა, რომ ოდესღაც ამ სასტუმროში მუშაობდა? ელი მიხვდა, რომ არავის ნდობა არ შეიძლება, საკუთარი თავის გარდა და სიფრთხილე არჩია.

– რა დაინახე, პიტერ?

– ეს გოგონა იმ დაკარგული ბიჭის ცოლია! მას არ უხსენებია, რომ აქ მუშაობდა!

– საინტერესოა, რატომ დამალა ეს ამბავი… იქნებ ამ გოგონას ხელი ურევია გატაცების ამბავში?

– არ ვიცი… რონის უნდა დაველაპარაკო!

– თუ შენ პერსონალი დაკითხე და არავინ გითხრა, რომ გაუჩინარებული კაცის ცოლი აქ მუშაობდა, ესე იგი, რაღაცაშია საქმე… ალესტერს რომ სთხოვო, პერსონალის ანკეტები გაჩვენოს? საინტერესო იქნებოდა ანას ისტორია…

– ანკეტებს მოსვლისთანავე გავეცანი! ყველას მონაცემები ვნახე, ვინც აქ მუშაობს… წესით, ალესტერს უნდა ეთქვა ჩემთვის, რომ მეთიუს ცოლი ადრე მის სასტუმროში მუშაობდა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო მან ეს ინფორმაცია დამალა! შეიძლება პერსონალსაც მანვე აუკრძალა სიმართლის თქმა!

– თუ ასეა, გამოდის, რომ ანა და ალესტერი შეკრულები არიან!

– გარისკვა არ ღირს, რადგან თუ მეთიუ ცოცხალია და სადმე ჰყავთ გადამალული, შეიძლება კვალი მოსპონ და…

– მოკლან…

– ელი! შენ უკვე საკმარისად გაერიე ამ საქმეში. რაც ნაკლები გეცოდინება, მით უფრო უსაფრთხოდ იქნები! ეს საქმე მე მომანდე!

– პიტერ, მე ნებით თუ უნებურად, უკვე გავერიე ამ საქმეში! თანაც, ასეთი საინტერესო რამ არასოდეს გადამხდენია თავს! ფრთხილად ვიქნები, მაგრამ საშინლად მაინტერესებს ეს ყველაფერი და გთხოვ, რასაც გაიგებ მეც მომიყევი…

– მხოლოდ ერთი პირობით! უნდა დამპირდე, რომ მარტო აღარ იბოდიალებ ამ გვირაბებში! ძალიან საშიშია!

– გპირდები! უშენოდ ერთ ნაბიჯსაც აღარ გადავდგამ!

პიტერმა სურათი ისევ კარადის უკან შეაცურა. ორივენი თავიანთი ოთახებისაკენ გაემართნენ. ელის ფეხები უკან რჩებოდა. მას ახლა ძალიან დიდი მოთმინების უნარი უნდა გამოეჩინა, რომ ანას ვერაფერი შეემჩნია.

***

– მოთმინების ფიალა ამევსო! რა ქენით? ოთახებიდან არავინ გამოსულა, კიდევ კარგი…
ანა ელის ოთახში ელოდა.

– ვერაფერიც ვერ ვქენით… მესამე გვირაბი არ არსებობს!

– და არც შავი ოთახი?..

– ჰო…

– ნამდვილად იმ მესამე გვირაბის ბოლოს იყო შავი ოთახი და ამოაშენეს!

– ალბათ…

– პიტერი რას ამბობს?

– დამამტკიცებელი საბუთი სჭირდება, რომ სარდაფში მესამე გასასვლელი იყო… მაგრამ რუკაზე ის არ არის აღნიშნული. შესაბამისად, მას არავინ დაუჯერებს და კედლის დანგრევის უფლებას არ მისცემენ.

– ჯანდაბა! რა უნდა ვქნათ?

ელი ანას აკვირდებოდა და თავს ძლივს იკავებდა, რომ პირში არ მიეხალა ყველაფერი, რასაც მასზე ფიქრობდა. მისი ეს მოჩვენებითი ნერვიულობა და განცდები ამაზრზენი იყო…

– ანა, გახსოვს მეთის გაცნობის ამბავს რომ გვიყვებოდი?

– ჰო, მერე?

– იმ ექსპედიციის წევრები ჯონის ბარში ხომ არ შემოსულან?

– არა! ნაიადაში მხოლოდ გავლით ვიყავით მაშინ… რატომ მეკითხები?

– პირველად რომ გნახე, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს ადრეც მყავდი ნანახი სადღაც… ჰოდა, ვიფიქრე, რომ შეიძლება ჯონის ბარში იყავი შემოსული…

– არა!

– ვინ ხელმძღვანელობდა იმ ექსპედიციას?

– ტომი ბროუდი! კანადელი არქეოლოგია… მაპატიე, ელ… ახლა მეთიუს გარდა არაფერზე არ შემიძლია ფიქრი… მთელი დღე იმ ოთახში რომ მომიწია ყოფნა, კინაღამ გავგიჟდი… ღმერთმა იცის, სად არის ახლა… როგორ არის… მე კიდევ ვერ ვშველი… ვერაფრით ვეხმარები…

ანა საწოლზე დაეშვა და მოჩვენებითი ცრემლები გადმოყარა. ელი ისევ საშინელმა სიბრაზემ მოიცვა.

– სადაც არ უნდა იყოს მეთი, ღმერთი დაიფარავს! ხოლო მათ, ვინც მის გაუჩინარებაშია დამნაშავე, – პასუხი მოეთხოვება ცოდვებისათვის! ჯოჯოხეთი არ ასცდება არც ერთს!

ელის სიტყვებზე ანა შეკრთა და ცოტათი აღელდა კიდეც.

– იცი, ელ… რასაც შენ ჩემ გამო აკეთებ, ფასდაუდებელია!

– ამას მარტო შენ გამო არ ვაკეთებ! შენამდე მეთიუს ვიცნობდი… იმის თქმა მინდა, რომ…

– ვიცი, ელი! მე რომც არ ვყოფილიყავი, შენ მაინც წამოხვიდოდი მეთიუს დასახმარებლად!

ელი ვერ მიუხვდა ანას ორაზროვანი სიტყვებისა და ქვეტექსტის მნიშვნელობას, რადგან არ იცოდა, თუ რა შეიძლებოდა სცოდნოდა მათ შესახებ.

***

როგორც იქნა, სამუშაო საათები დასრულდა. ელი სასწრაფოდ სურვილების ჭასთან წავიდა და მეგის დაურეკა. მეგიმ პირველივე ზარზე უპასუხა.

– სად ხარ აქამდე?

– ამაზე ადრე ვერ დაგირეკავ ხოლმე, მეგ! არ მაქვს უფლება… მისმინე, რაღაც უნდა გააკეთო ჩემთვის!

ელიმ ხმას დაუწია და ხალხს გაერიდა. არ უნდოდა, ვინმეს მათი საუბარი მოესმინა.

– როგორმე კანადელი არქეოლოგი – ტომი ბროუდი მოძებნე! ინტერნეტით იპოვი რაიმე საკონტაქტო ინფორმაციას… ან ფოსტის მისამართს… სოციალურ ქსელებშიც ნახე! მოკლედ, თუ იპოვი, ჰკითხე – იცნობს თუ არა ანა ჯონსს… ჰკითხე, შარშანდელ ექსპედიციაში, სოფელ ნაიადას სიახლოვეს იყო თუ არა მის გუნდთან ერთად ეს გოგო!

– რა ხდება, ელ? ანამ ხომ მოგვიყვა, რომ იყო?.. რა კავშირშია ის არქეოლოგი მეთიუს გაუჩინარებასთან? ანაზე გაქვს რაიმე ეჭვი?

მიაყარა კითხვები მეგიმ.

– ტელეფონით ვერ მოგიყვები ყველაფერს! უბრალოდ, გააკეთე, რასაც გეუბნები! ხვალ ზუსტად ამ დროს დაგირეკავ! მისმინე… მეთიუს საქმეზე პოლიცია რას ამბობს?

– რომელი პოლიცია? არც ერთი პოლიციელი არ დაგვინახავს აქ! ცენტრშიც კი არავინ გამოჩენილა დაკითხვაზე…

– უცნაურია…

– ელ, ძალიან ვნერვიულობ შენზე…

– ნუ გეშინია! ყველაფერი კარგად იქნება! თავს გაუფრთხილდი… მამა და ჯონი მომიკითხე! ხვალ ამ დროს კიდევ დავრეკავ და ყურადღებით იყავი!

ელიმ ტელეფონი გათიშა და სასტუმროს ეზოში დაბრუნდა. პიტერი არსად ჩანდა. ელიმ
აკლდამის კედელი შეამოწმა. ახალი სიმბოლო არ დამატებია. “სიზმრების დამჭერიც”
ძველებურად ისევ ადგილზე იყო.

ელის უცებ ალესტერის ნათქვამი გაახსენდა, სასტუმროს ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით და გადაწყვიტა, რაიმე ინფორმაცია მოეძია შენობის შესახებ. ამიტომ პირდაპირ ბიბლიოთეკისაკენ გაემართა.

15. შეთქმულება

Image

ბიბლიოთეკა პირველ სართულზე იყო. ეს გახლდათ საკმაოდ დიდი დარბაზი, რომლის ყველა კედელთან ჭერამდე აღმართული ხისთაროიანი კარადები იდგა.

ლამპიონის მსგავსი ჭაღები იდუმალ და მისტიკურ განათებას ქმნიდა. ზედა თაროებს ლამაზი, ხის ჩუქურთმებიანი აივანი ჰქონდა გარშემორტყმული, რომელზე ასვლაც ხის კიბეებით იყო შესაძლებელი.

აქ ყველაფერი ძველებური იყო. ელის შესვლისთანავე გაუჩნდა შეგრძნება, რომ თითქოს უეცრად წარსულში მოხვდა.

ბიბლიოთეკარი ბებერი ქალი იყო. ის გრიმის გარეშეც საკმაოდ უსიამოვნო შესახედავი გახლდათ, თავისი წითლად შეღებილი, გაწეწილი თმითა და დიდი მეჭეჭით ლოყაზე. ჩაცმულობის მიხედვით, ბაბა-იაგას პერსონაჟი ან ბებერი ალქაჯი უნდა ყოფილიყო.

მოხუცი წელში მოხრილი მიმოდიოდა ხის ძველებურ, მრგვალ მაგიდებს შორის. ბიბლიოთეკაში ის ახალგაზრდა გოთები იყვნენ შემოსულნი, რომლებიც პირველივე დღეს დაანახა ანამ. მათ მაგიდები შეეერთებინათ და რაღაც უზარმაზარ წიგნს ათვალიერებდნენ.

– ფრთხილად გადაფურცლეთ! ძალიან ძველი და ძვირფასი წიგნია! ასეთი “ვამპირების ბიბლია” სულ სამი გამოცემა არსებობს და ერთ-ერთი თქვენ გიდევთ მაგიდაზე!

ხრინწიანი ხმით დაილაპარაკა ბაბა-იაგა ბიბლიოთეკარმა და ელისაკენ გამოეშურა.

– შენ რას ეძებ, გოგონა?

ჰკითხა და ცხვირზე ჩამოცურებული სათვალე შეისწორა.

– წიგნი ხომ არ გაქვთ ამ შენობის ისტორიის შესახებ?

– რომელი შენობის?

– სადაც ახლა ვიმყოფებით, – “მდუმარე სასტუმროს”…

– წიგნი არა, მაგრამ წიგნზე უკეთესი რაღაც მაქვს! მთავარია, ვიპოვო…

ჩაიხითხითა ბებერმა და კიბისაკენ წალასლასდა. მარჯვენა ხელი მოაჯირს მოჰკიდა, მარცხენა კი ელის მკლავში ჩაავლო და ძლივძლივობით აიარა კიბეები. დიდხანს იქექებოდა წიგნებში და როგორც იქნა, იპოვა, რასაც ეძებდა.

– ძალიან ფრთხილად გადაფურცლე! არ დაგეშალოს… ეს ჩანაწერები ისევე ძველია, როგორც ეს შენობა…

– ჩანაწერები?..

ელიმ ფრთხილად გამოართვა ბიბლიოთეკარს წიგნი, რომელიც ძალიან წააგავდა დღიურს.

– ეს ორიგინალია და მარტო ერთი ეგზემპლარი გვაქვს!

– ფრთხილად გადავშლი! დიდი მადლობა, ქალბატონო…
კიბეზე კვლავ ერთად ჩამოვიდნენ. ელი უახლოესი მაგიდისაკენ გაემართა. ერთი სული ჰქონდა, როდის გადაშლიდა დღიურს.

წიგნი ხელნაწერი იყო. ფურცლები დაგლეჯილი და გაყვითლებული ჰქონდა. ელის იმედი გაუცრუვდა, რადგან ნაწერები, სავარაუდოდ, ლათინურ ენაზე იყო შესრულებული; ისიც, ნახევარი წაშლილიყო. დღიურში პერიოდულად პატარა ესკიზები იყო მელნით ჩახატული. ელი ფრთხილად ფურცლავდა წიგნს და ნახატებს აკვირდებოდა.

ერთ-ერთ გვერდზე აკლდამის გარეთა ფასადი ეცნო. მომდევნო გვერდზე, სავარაუდოდ, ამავე აკლდამის ინტერიერი ეხატა, ცენტრში რაღაც ბორბლისმაგვარი მოწყობილობით, რომელიც ძველებურ მზის საათს წააგავდა, ოღონდ ბევრი დანაყოფი ჰქონდა და უცნაური სიმბოლოებით იყო გადაჭრელებული.

მომდევნო გვერდებზეც მსგავსი ნახატები იყო. სადღაც შუა ნაწილში მსხვერპლად შეწირვის სცენა იყო დახატული. იმ მრგვალ, ბორბლისმაგვარ რაღაცაზე გოგონა იყო გაკრული. მკერდში შუბი ჰქონდა ჩასობილი და მისი სისხლი ციფერბლატის ღრმულებში იღვრებოდა.

ელის ნახატის ნახვა საშინლად არ ესიამოვნა და სასწრაფოდ გადაფურცლა. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ასეთი ნახატი სადღაც ენახა. ბოლო ორ გვერდზე შენობის გეგმა ეხატა.

ელი რუკას დააკვირდა და თითი ყველაზე ქვედა გვირაბს გააყოლა. სიხარულისაგან კინაღამ გული გაუჩერდა. ძველ რუკაზე გვირაბი სამ ნაწილად იყოფოდა. მესამე გასასვლელის ბოლოს ნამდვილად ეხატა კარი, რომელიც მთლიანად შავად იყო გაფერადებული. რუკაზე, ასეთი კარი კიდევ რამოდენიმე იყო. ყველა სართულზე თითო შავი კარი იყო.

“შავი ოთახი რამდენიმეა?.. მაგრამ მე ხომ ყველა გვირაბში ვიყავი…”

ელი მიხვდა, რომ ყველა შავი ოთახის კარი, სავარაუდოდ, გადაღებილი იყო.
იქაურობა მოათვალიერა და დარწმუნდა, რომ არავინ უყურებდა. დღიურიდან ფრთხილად ამოხია რუკა. დაკეცა და ბიუსტჰალტერში ჩაიდო. შემდეგ დღიური ისევ იმ მოხუც ბიბლიოთეკარს ჩააბარა.

– კიდევ ერთხელ დიდი მადლობა! თუ არ შეწუხდებით, ეს დღიური ისეთ ადგილას შეინახეთ, რომ ადვილად მოძებნოთ. სავარაუდოდ, კიდევ დამჭირდება!
ღიმილით მიმართა ელიმ მოხუცს და გამობრუნება დააპირა.

– რამდენი ადამიანი ყოფილა აქა… ზოგს ვამპირების ბიბლია აინტერესებს, ზოგს ფენტეზისა და ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურა, ზოგს რა და ზოგს რა… რატომღაც არავინ დაინტერესებულა იმ შენობის ისტორიით, სადაც დასასვენებლად ჩამოდიან! შენ მეორე ხარ, სასტუმროს გახსნის დღიდან მოყოლებული, ვინც ამ წიგნით დაინტერესდა…

– მეორე? პირველი ვინ იყო?

– ახალგაზრდა ყმაწვილი! ამბობენ, დაიკარგაო… მაგრამ სად უნდა დაკარგულიყო?

– თქვენ იცით ამ შენობის ისტორია?

– შენობა ძალიან დიდი ხნისაა… აკლდამაში აცტეკების კალენდარი ჯერ კიდევ შემონახულია.

– აცტეკების კალენდარი? აკლდამა ხომ დალუქულია?

– დალუქულია! იმიტომ, რომ სარესტავრაციო სამუშაოები არ ჩატარებულა მანდ და არ არის უსაფრთხო ზონა. აცტეკების კალენდარი თუ გაინტერესებს, მოგცემ წიგნს!

– კარგი იქნებოდა! დიდი მადლობა!

ბიბლიოთეკარს ამჯერად ძებნა აღარ დაუწყია. როგორც ჩანს, იცოდა, სად იდო ის წიგნი.

– შეგიძლია წაიღო და მერე მოიტანო!

– მადლობა…

ელიმ წიგნი მკერდზე მიიკრა და ბიბლიოთეკა სწრაფად დატოვა, რადგან არ უნდოდა, ვინმეს დაენახა. პირდაპირ თავისი ოთახისაკენ გაემართა.

ანა ოთახში არ დახვდა. ელიმ დრო იხელთა და რუკა ლეიბის ქვეშ ამოდო. ძალიან იყო დაღლილი. უფრო ემოციურად, ვიდრე ფიზიკურად. თავის საწოლზე წამოწვა და ფიქრი დაიწყო, როგორ გაპარულიყო შავი ოთახების სანახავად ისე, რომ ანას და პიტერს არაფერი გაეგოთ.

საწოლზე წამოწვა და კითხვა დაიწყო:

– ატლკაუალოს თვე (წყლის შეწყვეტა) – წყლის ღვთაებებს ბავშვებს სწირავდნენ. ტლაკაჰიპეუალისტლის თვე – მებრძოლების მსხვერპლად შეწირვა. მათი გატყავება და ქურუმის ცეკვა გატყავებულ კანთან. უეიტოსოსტლის თვე (დიდი სიფხიზლე) – ახალი სიმინდის კურთხევა და გოგონას მსხვერპლად შეწირვა. ეცაკლუალისტლის თვე – წყლის ღვთაებების განსახიერებების რიტუალური გაგუდვა…. – ღმერთო, ეს რა საშინელებები წერია ამ წიგნში!

ელიმ ბიბლიოთეკიდან წამოღებული წიგნი დახურა და მაგიდაზე დააგდო.

– რას კითხულობდი, ელი?

ოთახში ანა შემოვიდა. მას შხაპი მიეღო.

– წიგნი ამოვიტანე ბიბლიოთეკიდან, აცტეკების კალენდარზე წერია რაღაცები… მაგრამ ძალიან რთული გასაგებია! უფრო სწორად, ვერაფერი გავიგე…

– აცტეკების კულტურით დაინტერესდი?

– იმ აკლდამას გარედან ბევრი სიმბოლო ახატია. ერთ-ერთი აცტეკების კალენდარია! მხოლოდ ეს სიმბოლო ვიცანი და “სიზმრების დამჭერი”… ჰოდა, დამაინტერესა! შენ რა ქენი?

– რონი ვნახე! მე მგონი, ეგ ბიჭი სექსუალური მანიაკია! ნეტა განახა, როგორ მიყურებდა… შენც ეგრე გიყურებდა, როცა გამოელაპარაკე?

– არ ვიცი, არ შემიმჩნევია! ცოტა უცნაური კი უნდა იყოს… გითხრა რამე საინტერესო?

– მეთიუ პირდაპირ ვერ ვუხსენე! შეიძლება ვეცნე კიდეც… გრიმის გარეშე ჩემი სახალხოდ გამოჩენა არაფრით არ შეიძლება! დღეს ღამით ისევ ვაპირებ გაპარვას. შენ გამოიძინე, ცოდო ხარ! მე ვეცდები, იმ გვირაბს მაინც გავუგო რამე.

– წამოგყვები! მარტო როგორ უნდა წახვიდე?

– არა, შენ დაისვენე! ისედაც ძალიან ბევრს აკეთებ ჩვენთვის…

– კარგი, რადგან ასე გსურს…

ელიმ წინააღმდეგობა აღარ გაუწია. საკმაოდ გვიანი იყო. სასტუმროს უკანა ეზოში ხალხი ნელ-ნელა ცოტავდებოდა. ბოლოს სულ დაცარიელდა. ცალთვალა ჯოს მაღაზიაშიც ჩაქრა სინათლე.
ელი კედლისაკენ გადაბრუნდა და თავი მოიმძინარა.

ანა ცოტა ხანს ოთახში წრიალებდა, მერე ფარანი აიღო და ოთახიდან ჩუმად გაიძურწა.
ელი რამდენიმე წუთის განმავლობაში გაუნძრევლად იწვა, მერე თვითონაც ადგა და კარის ღრიჭოდან გაიხედა. კორიდორში არავინ იყო. ელი პიჟამის ამარა გაემართა ტუალეტისაკენ. იქაც შეიცადა რამოდენიმე ხანი და ბოლოს კიბეებისკენ წავიდა. რუკა თან ჰქონდა.

მესამე სართულზე დაეშვა და კორიდორი შემოიარა. ბოლოს იმ კართან გაჩერდა, რომელიც ძველ რუკაზე შავად იყო აღნიშნული. კარს ფარანი მიანათა და ანჯამების ადგილას, გადაქექილი საღებავის ქვეშ, კარის თავდაპირველი, შავი საფარი შეამჩნია.

– “ესეც ერთ-ერთი შავი ოთახი…”

გაიფიქრა ელიმ და მისი გაღება სცადა. ელის ბარათ-გასაღებს ამ ოთახში წვდომა არ ჰქონდა. შემდეგ მეორე სართულზე დაეშვა და მეორე შავი ოთახიც იპოვა, რომელიც ამჟამად სასტუმროს ადმინისტრატორის კაბინეტს წარმოადგენდა.

– “მისტერ ალესტერის კაბინეტის უკანა შესასვლელი… ამ კარებიდან გამოგვიყვანა მაშინ. ერთ-ერთი შავი ოთახი მისი კაბინეტია!”

ანა არც ამ სართულზე იყო. ელი პირველი სართულის გვირაბებშიც ჩავიდა და მესამე შავი ოთახიც იპოვა. ყოველი შემთხვევისათვის, ამ კარსაც გაუყარა თავისი ბარათი-გასაღები და ძალიან გაუკვირდა, როდესაც კარები გაიღო.

ოთახში სხვადასხვა ზომის მუყაოს ყუთები ეწყო, სადაც წვრილმანი ნივთები ეყარა. აქ იყო მაჯის საათები, სამკაულები, კოსმეტიკა, ძველი ტანსაცმელი და სხვა უამრავი ნივთი… ერთი შეხედვით, იფიქრებდი, რომ ვიღაც მოპარული პირადი ნივთების კოლექციას აგროვებდა.

ელიმ ყველა ყუთი სათითაოდ შეამოწმა. მას ეშინოდა, რომ შემთხვევით ის არ ეპოვა, რაც გაიფიქრა… – მეთიუს საფულე ან სხვა რაიმე პირადი ნივთი, რომელსაც იცნობდა…

უეცრად ხმაური მოესმა და ოთახი შეშინებულმა დატოვა. სხვენზე ისე დაბრუნდა, რომ არავის დაუნახავს. რონის კარს რომ ჩაუარა, შეამჩნია, რომ ოდნავ შეღებული იყო. როგორც ჩანს, რონიც გამოსული იყო გარეთ და კარი საგანგებოდ ღია დაეტოვებინა.

ელი ძალიან ფრთხილად მიუახლოვდა მის კარებს და ღრიჭოში შეიჭყიტა.

ნანახმა საბოლოოდ გაუმყარა ეჭვები ანას შესახებ! ღრიჭოდან პირდაპირ ჩანდა საწოლი, რომელშიც ანა და რონი იწვნენ…

16. ტროლი

Image

ელი თავის საწოლში იწვა. ცდილობდა, როგორმე დამშვიდებულიყო. თვალებიდან არ ამოსდიოდა ნანახი კადრი. ყელში ბურთი ჰქონდა გაჩხერილი და სიმწრისაგან ხელს მაგრად უჭერდა მეთიუს ნაჩუქარ მედალიონს.

ელი მთელი თავისი არსებით გრძნობდა, რომ აქ სრულიად მარტო იყო. გრძნობდა, რომ მეთიუს პოვნა მხოლოდ მას შეეძლო, თუ, რა თქმა უნდა, მეთი ცოცხალი იყო…

დარწმუნდა, რომ სინამდვილეში ანასაც არ უნდოდა მეთიუს დაბრუნება.

ელის თავში ათასნაირი აზრი უტრიალებდა. – რატომ? რატომ ან რისთვის გაწირეს მეთი…

პიტერთან დაკავშირებით, ელი გაორებულივით იყო. ერთი მხრივ, თითქოს ენდობოდა მას, მაგრამ ძალიან ბევრი ეჭვი არ აძლევდა მოსვენებას. თუ გამოძიება მიმდინარეობს, რატომ არ ეძებენ მეთიუს მშობლიურ ადგილებში? როგორც მეგიმ უთხრა, ნაიადაში საერთოდ არ გამოჩენილა პოლიცია.

იქნებ პიტერმა იმაზე მეტი იცის, ვიდრე ამბობს? იქნებ იცის, სად უნდა ეძებოს მეთი?..
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ანა ოთახში დაბრუნდა და კარი ფრთხილად ჩაკეტა.

– ელ, გძინავს?

ძალიან დაბალ ხმაზე დაილაპარაკა და როდესაც დარწმუნდა, რომ ელის ეძინა, თვითონაც შეწვა საწოლში.

***
ალესტერი გოგოებს საგრიმიოროში დახვდა და რაციები გადასცა. ეს არ იყო სტანდარტული ფორმის გადამცემი. ამ რაციებს მედალიონების ფორმა ჰქონდათ, მრგვალი დისკოს ფორმის, შუაში ღილაკით. ელიმ როგორც კი დახედა, მაშინვე გაახსენდა იმ უცნაურ დღიურში ნანახი აცტეკების მზის კალენდარი.

ელიმ ჩაიცვა, გრიმი გაიკეთა და ლუქსების დასალაგებლად გაემართა. ჯერ მეექვსე ლუქსი დაალაგა, შემდეგ მეთორმეტეში შევიდა. პიტერი არ დახვდა. სავარაუდოდ, სასაუზმოდ იყო ჩასული. ელიმ ჯერ მისი საწოლი გადაასწორა და შემდეგ დაიწყო მტვრის გადაწმენდა. ტუმბოზე ლურჯი საქაღალდე იდო.

ელიმ ყოველი შემთხვევისათვის კარი შიგნიდან გადაკეტა და საქაღალდე გადაშალა.
საქაღალდეში პრინტერზე ამობეჭდილი ფურცლები იდო, რომლებზეც რაღაც იურიდიული ტერმინები ეწერა. კიდევ იყო კრიმინალური პოლიციის შესახებ ძალიან ზოგადი ინფორმაცია.

გამომძიებლის უფლებები და სხვა ისეთი რამ, რაც წესით, პიტერს პირველ კურსზე უნდა ესწავლა.

ელიმ ქაღალდები ისევ საქაღალდეში ჩააწყო და პირვანდელ მდგომარეობაში დააბრუნა.
ოთახიდან გამოსვლა რომ დააპირა, საკიდზე პიტერის ქურთუკს მოჰკრა თვალი. გულმა ვერ მოუთმინა და ჯიბეებიც მოსინჯა. გულის შიგნითა ჯიბეში დაკეცილი ფურცელი იდო, რომელზეც ფანქრით რუკა იყო დახატული.

ფურცელზე აკლდამა იყო გამოსახული, საიდანაც მიწისქვეშა გვირაბი გადიოდა და სასტუმროს სარდაფის გვირაბს უერთდებოდა. ოღონდ სასტუმროს გვირაბი არ იყო ბოლომდე დასრულებული და ვერ გაიგებდი, კონკრეტულად რომელი ადგილიდან გადიოდა გზა აკლდამაში.

“გამოდის, რომ პიტერმა იცის აკლდამაში მისასვლელი ალტერნატიული გზა! საინტერესოა, რატომ არ მითხრა?”

ელიმ ნომერი დატოვა და სასადილოსაკენ გაემართა.

პიტერი თავის ადგილას იჯდა და საუზმობდა. ელიმ მის მაგიდასთან ჩაიარა და ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა.

შიდა სასადილოში უკვე პერსონალის მეორე ცვლა საუზმობდა. ანა აღარ იყო. ელის გაუხარდა კიდეც, რადგან რაც უფრო იშვიათად ნახავდა მას, მით უფრო ნაკლებად მოეშლებოდა ნერვები.

აუჩქარებლად ისაუზმა. გონებაში ყველაფრის შეჯერებას და გაანალიზებას ცდილობდა. გული დასწყდა, რომ მისი ეჭვები კიდევ უფრო მიუახლოვდა სიმართლეს. პიტერი ნამდვილი გამომძიებელი არ არის… ნუთუ ისიც ისევე თამაშობს ამ როლს, როგორც ანა და ყველა დანარჩენი?

ელიმ პიტერის მაგიდისაკენ გაიხედა და “სიზმრების დამჭერის” ბადეში დაწერილი სიტყვა გაახსენდა – “შიგნით”.

იქნებ გვირაბის გასასვლელის ნაცვლად, აკლდამის შიგნით უნდა ეძებოს პასუხი? რატომ დაახატა მეთიუმ ის სიმბოლო მაინცდამაინც აკლდამის კედელს? ელის ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, რომ ტროლის ფორმა სწორედ მეთიუმ მოირგო და ის სიმბოლოც მან გამოსახა. – რატომ მაინცდამაინც “სიზმრების დამჭერი”? – იმიტომ, რომ ელი მას იცნობდა… რადგან მის სახლში, მის საწოლთან ნახა და ლეგენდაც მოისმინა. თუ მეთიუმ ეს მესიჯი ელის გაუგზავნა, ე.ი. გამოდის, რომ მან იცის, რომ ანას ნდობა არ შეიძლება!

***

ანა სადილამდე აღარ გამოჩენილა. ალბათ, მუშაობდა. დღემ ექსცესების გარეშე ჩაიარა. დამსვენებლებს “კინოს დღე” ჰქონდათ და ერთ-ერთ დარბაზში, სადაც პატარა კინოთეატრი იყო მოწყობილი, ფილმს უყურებდნენ.

ელიმ დაინახა, როგორ წავიდა თავისი მანქანით პიტერი სადღაც. საღამოს პერსონალი ალესტერმა სასტუმროს ეზოში შეკრიბა და აცნობა, რომ ტროლის ვაკანსიას მსურველი გამოუჩნდა, რომელიც ამ წუთებში კოსტიუმს ირგებდა და მალე შეუერთდებოდა მათ.

ელი დრაკულას შადრევანთან ჩამოჯდა. ის უკვე წუთებს ითვლიდა, როდის დასრულდებოდა სამუშაო საათები, რომ მეგისთვის დაერეკა.

სასტუმროდან ტროლის კოსტიუმში გამოწყობილი მაღალი მამაკაცი გამოვიდა, იქაურობა მოათვალიერა და შადრევნისაკენ გამოემართა. გზად შეჩერდა და ალბინოს ბილის გამოელაპარაკა. მერე ისევ ელისაკენ წამოვიდა და მის გვერდით ჩამოჯდა.

– როგორ გიკითხოთ, თავნება და უშიშარო ქალბატონო?

ელის მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა… მან მაშინვე იცნო მისი ხმა…

– შეენ?

ძლივს ამოთქვა და უეცრად უდიდესი შვება იგრძნო. ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს სადღაც, სხვა განზომილებაში, სადაც ყველა უცხო იყო მისთვის, როგორც იქნა, გამოჩნდა ვიღაც თავისიანი…

– ჯონი…

– ჩემი სახელი ხმამაღლა არ ახსენო, პატარა! და საერთოდაც, არ შეიმჩნიო, რომ მიცნობ… მოკლედ, მეგიმ ყველაფერი მომიყვა! ის კანადელი არქეოლოგი იპოვა, რომელიც ექსპედიციას ხელმძღვანელობდა ნაიადაში… არავითარ ანა ჯონსს არ იცნობს და არც გაუგია ეს სახელი…

– ასეც ვიცოდი…

– მაგრამ ექსპედიციის წევრები ამ სასტუმროში მართლა იყვნენ გაჩერებულები…

– ალბათ, აქ ნახა ანამ მათი პირადი მონაცემები და ალიბისთვის გამოიყენა!

– როგორც ჩანს… მისმინე, პატარა! მამაშენისთვის არაფერი მითქვამს, რადგან შენმა დამ თავი გაიგიჟა! ამიტომ მე წამოვედი… თავიდანვე რომ გეთქვა ჩემთვის შენი გიჟური გადაწყვეტილების შესახებ, მარტოს არაფრის დიდებით არ გამოგიშვებდი! ახლა იცოდე, რომ მე შენს გვერდით ვარ და ერთი წამითაც არ დაგტოვებ მარტოს!

ელი სიხარულისაგან კინაღამ ატირდა, მაგრამ დროულად შეიკავა თავი.

– მადლობა, ჯონ! არც კი ვიცი, რა ვთქვა… ყველაფერს მოგიყვები! ყველაფერს, რაც გავიგე…
აკანკალებული ხმით უთხრა ჯონის.

– რა თქმა უნდა, მომიყვები… მაგრამ დაიმახსოვრე წესი ნომერი პირველი: – როდესაც მეგის დაურეკავ, ჩვეულებრივ ელაპარაკე, რადგან შეიძლება შენი ტელეფონი ისმინებოდეს!

ელიმ ჯონს ყველაფერი მოუყვა.

– არ ღირდა ამ საქმეში ჩარევა, ელი!

უთხრა ჯონიმ ელის, როდესაც მისი მონაყოლი ბოლომდე მოისმინა.

– რას ფიქრობ პიტერზე, ჯონ? შენი აზრით, შეიძლება მისი ნდობა?

– ეგ ისევეა გამომძიებელი, როგორც მე შერიფი! სტაჟირებაზე თუა, არ ვიცი… როგორ შეიძლება გამოცდილ დეტექტივს გამოეპაროს ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები, რომელსაც უბრალო მიმტანი გოგონა მიხვდა? გარდა მაგისა, მეგიმ თქვა, რომ პოლიცია არ დაუნახავს მეთიუს სახლთან. არადა, წესით, მთელი ნაიადა უნდა გადაეჩხრიკათ.

– იქნებ არსებობს რაიმე მიზეზი, რის გამოც ურჩევნიათ, რომ გამოძიება ფარულად მიმდინარეობდეს? პიტერი არ ჩანს ცუდი ტიპი… აფერისტის შთაბეჭდილებას არ ტოვებს!

– აფერისტმა თუ აფერისტის შთაბეჭდილება დატოვა ხალხზე, მაშინ აფერისტი კი აღარ იქნება, ელ… ისე, ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ მეთიუ მოგწონდა!

– მომწონდა?

– ოღონდ არ მითხრა, რომ თავი საფრთხეში ტყუილუბრალოდ ჩაიგდე! თუ ანას დახმარება გინდოდა, მაშინ აიკრავდი გუდა-ნაბადს, როცა ის სურათი იპოვე. მაგრამ შენ დარჩი და თავი დეტექტიური რომანის გმირად წარმოიდგინე!

– ყველაფერი ეგრე მარტივად არ არის, ჯონ… თუ ანას ვეტყოდი, რომ ყველაფერს მივხვდი, რა გარანტია მექნებოდა, რომ მეც არ მომიშორებდნენ თავიდან?

– მეთიუ კარგი ბიჭია! მაგრამ ხომ არ ჯობია, რომ ეს საქმე პოლიციას მივანდოთ? ოღონდ ნამდვილ პოლიციას, რომელსაც ჩვენ გამოვიძახებთ და არა ანა, რონი ან ალესტერი!

– მაგაზე მეც ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ასე რომ მოვიქცეთ, შეეშინდებათ და ყველანაირ კვალს მოსპობენ. თუ ერთპროცენტიანი შანსი მაინც არსებობს იმისა, რომ მეთიუ ცოცხალია, არ მინდა, ის შანსი მოვსპო… საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება! მე რომ მეთიუს ადგილას აღმოვჩენილიყავი, რას გააკეთებდი, ჯონ?

– ამ სასტუმროს ცაში ავწევდი და მიწიდან ამოგიღებდი, პატარა!

ჯონი ფეხზე წამოდგა.

– წამოდი, შენს ახალ კოლეგას დაათვალიერებინე აქაურობა!

ელიმ ჯონის სასტუმროს ეზო დაათვალიერებინა და აკლდამაც აჩვენა. მერე ცალთვალა ჯოს მაღაზიაში წაიყვანა. ჯონი ძალიან ბუნებრივად იქცეოდა და ყოველ შემხვედრს გამოელაპარაკებოდა ხოლმე. ცალთვალა ჯოსაც გაუბა საუბარი და შენობის შესახებაც შეაპარა კითხვები.

– ნეტა რომელ საუკუნეში აშენდა ეს შენობა? ან ვინ იყო მისი პირველი მფლობელი? სიამოვნებით ამოვქექავდი არქივს, თუ, რა თქმა უნდა, არსებობს.

– არსებობს! შენობა რომ აღადგინეს, გვირაბებში იპოვეს საიდუმლო ოთახი, სადაც ჩანაწერები იყო. საინტერესო ის არის, რომ მეცნიერებმა ვერ დაადგინეს, რა ენაზე იყო შესრულებული ნაწერი. შარშან ცნობილი არქეოლოგი იყო ჩამოსული. ვერც ის მიხვდა, რასთან ჰქონდა საქმე. ასე თქვა, ეს ან გამოგონილი ენაა, რომლის გაშიფვრა მხოლოდ მის მომგონს შეეძლო, ან რაღაც აღმოჩენასთან გვაქვს საქმეო…

– ჩანაწერების გარდა, ვერაფერი იპოვეს?

– კი, იყო რაღაცები… დიდი ზომის ფერწერული ნამუშევრები. ერთ ნახატზე, სავარაუდოდ,
სახლის მფლობელი, წვერებიანი კაცი იყო თავის ცოლთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად გამოსახული. დანარჩენებზე რაღაც საშინელი სცენები დაეხატათ…

– მსხვერპლშეწირვის თემაზე ხომ არა?

ჰკითხა ელიმ ჯოს.

– რაღაც ასეთი, კი… თავმოჭრილი ცხოველები, ბევრი სისხლი… თეთრკაბიანი ქალი, რომელიც რაღაც ბორბალზე იყო გაკრული…

– ის ნახატები ისევ არსებობს?

დაინტერესდა ჯონი.

– სარდაფში უნდა იყოს, რომელიღაც ოთახში. ეგეთი რაღაცები მისტერ ალესტერს უნდა ჰკითხოთ. აი, აქ რაც დევს, ჩემს მაღაზიაში… უმეტესობა ამ ფიგურათაგან იმ შავ ოთახშია ნაპოვნი… ამათ არ ვყიდი.

– შავ ოთახში?

ელიმ ჯო სიტყვაზე გამოიჭირა.

– ყველა სართულზე თითო შავი ოთახი იყო. სულ ოთხი შავი ოთახი, შავი კარებით…

– და რა იყო იმ ოთახებში, გარდა ამ ნივთებისა?

17. დაწყევლილი ქოხი

Image

“ცალთვალა” ჯომ კარადის ქვედა თაროდან ხის ძველებური ყუთი გადმოიღო და დახლზე დადგა.

– როგორც ექსპერტებმა შეაფასეს, ის შავი ოთახები ადამიანების დასასჯელად გამოიყენებოდა. სავარაუდოდ, იქ მონებს სჯიდნენ. ეშმაკმა უწყის, რა საშინელებებს სჩადიოდნენ მაგ ოთახებში… აი, ეს ძველისძველი ჟანგიანი უცნაური იარაღები იპოვეს: სამართებლები, კაუჭები და რაღაც ოხრობები…

ჯომ ყუთს სახურავი ახადა და ელისა და ჯონის იარაღები აჩვენა.

– საშინელებათა ფილმებში, ხალხს რომ აწამებენ მანიაკები, ისეთი რაღაცებია!
თქვა ელიმ და უსიამოვნოდ გააჟრჟოლა.

– და სასტუმროს მფლობელის ვინაობა რატომ არის ასე გასაიდუმლოებული?
ჩაეკითხა ჯონი, რომელიც გულდასმით ათვალიერებდა ჟანგისაგან შეჭმულ იარაღებს.

– მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ იმიჯია! ასეთ ადგილს უხდება მსგავსი სცენარი. რაც მეტია ბუნდოვანება, მით მეტია ინტერესი ხალხის მხრიდან! ყველაფერს მარკეტინგული გათვლა აქვს!

– შენც არ იცი, ვინ არის მფლობელი?
ჩაეძია ჯონი.

– არა, მეგობარო! ნამდვილად არ ვიცი… ის ვიცი, რომ საკმაოდ გულუხვია! მე მგონი, არც ერთ სასტუმროში არ არის ისეთი მაღალი ხელფასები, როგორიც აქ!

– კი, ხელფასი ნამდვილად მიმზიდველია! კარგი… აღარ მოგაცდენ! სასიამოვნო იყო საუბარი… სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, თუ თანახმა იქნები, ბარში დავლიოთ რამე.

ჯონიმ ცალთვალა ჯოს მხარზე მეგობრულად დაჰკრა ხელი და გასასვლელისაკენ დაიძრა.

– სიამოვნებით, ძმაო!

როდესაც ელი და ჯონი მაღაზიიდან გამოვიდნენ, ელის რაცია-მედალიონმა დაიწკრიალა და მოდერატორის ხმა გაისმა. ყველა პერსონალს სასტუმროს მთავარ “ფოიეში” უხმობდნენ. ჯონისთვის რაცია ჯერ არ მიეცათ, ამიტომ ორივენი ერთად დაბრუნდნენ სასტუმროში.

დარბაზში სასტუმროს ყველა დამსვენებელი და პერსონალი ერთად შეკრებილიყო და რაღაც თამაშს თამაშობდნენ.

– თეთრი ქალი და ტროლიც გამოჩნდნენ! შეგვიძლია დავიწყოთ!

ხმამაღლა წარმოთქვა ალესტერმა და ორივეს ხელი დაუქნია.

– ჩემი ბრალია, მისტერ ალესტერ! გოგონას ტერიტორიის დათვალიერება ვთხოვე. ცალთვალა ჯოც გავიცანი… ვწუხვარ, თუ გალოდინეთ!

– არა უშავს, არა უშავს! კარგ დროს მოხვედით. ერთ თამაშს ვთამაშობთ… მოკლედ, ჯერ უნდა დაწყვილდეთ! ტროლის მეწყვილე იქნება ვამპირი ენჯი! ენჯი, მოდი აქ დადექი…

ვამპირი გოგონა ჯონის გვერდით ამოუდგა.

– დანარჩენი ყველა დაწყვილებულები ხართ! უი, ელი რჩება მარტო…

ალესტერმა პერსონალი მოათვალიერა. ამ დროს დარბაზში მაქცია შემოვიდა და მათკენ გამოემართა. როგორც ჩანს, კოსტიუმის გამოსაცვლელად იყო ასული.

– რონი, მოდი აქ! შენ იქნები “თეთრი ქალის” მეწყვილე!

მაქცია ელის გვერდით ამოუდგა და მის მოპირდაპირედ მდგარ ტროლს შეხედა. მართალია, სახე ნიღბიდან არცერთს უჩანდა, მაგრამ ორივეს ეტყობოდა, რომ ერთმანეთს აკვირდებოდნენ.

ანა უთავო მხედართან დაეწყვილებინათ, რის გამოც საკმაოდ უკმაყოფილო გამომეტყველებით იდგა.

ალესტერი მკვირცხლი მოძრაობებით დაჰქროდა დარბაზში. მან ხის შავი ყუთი გამოიტანა, რომელსაც სახურავი მრგვლად ჰქონდა ამოჭრილი. ყუთი სათითაოდ ჩამოატარა მოთამაშეებში. ყოველ წყვილს ყუთიდან ერთი ბარათი უნდა ამოეღო და წაეკითხა. ბარათებზე დავალებები ეწერა.

პირველად ანამ ამოიღო ყუთიდან ბარათი და ხმამაღლა წაიკითხა:

– “ნომერი 23… რამოდენიმე წლის წინ ამ ნომერში დედა-შვილი შესახლდა. ქალიშვილს სახელად ელისი ერქვა. ყოველ ღამე, შესრულდებოდა თუ არა 5 საათი, მათი ნომრის კარებზე ვიღაც კაკუნს იწყებდა. ელისის დედა კართან მიდიოდა და კითხულობდა, თუ ვინ იდგა კარს მიღმა, მაგრამ პასუხი არ იყო. ელისის დედას კარი არასოდეს გაუღია.

ერთხელ რაღაც საქმეზე ქალაქში გაემგზავრა და ერთი ღამით ელისი მარტო დატოვა. კაკუნი განმეორდა. ელისს ძალიან შეეშინდა, მაგრამ კართან მაინც მივიდა და დაიძახა – ვინ არის? – პასუხი არ იყო! მაშინ კარს გასაღები გამოაძრო და ჭუჭრუტანაში გაიხედა. კორიდორში პატარა ბიჭი იდგა, რომელიც პირდაპირ ჭუჭრუტანას უყურებდა. უცებ მოხუცი კაცის ხმით დაიყვირა, არ მიყუროო!

გულგახეთქილი ელისი კარს მოშორდა და დაიმალა. შეშინებულმა ბავშვმა მთელი ღამე იმ სამალავში გაატარა. თავის თოჯინას იხუტებდა მკერდში. – იპოვე მისი სამალავი და წამოიღე ელისის თოჯინა!”

ყველა სათითაოდ იღებდა ყუთიდან ბარათს, რომლებზეც სხვადასხვა შიშისმომგვრელი ისტორია ეწერა და კონკრეტული ადგილები იყო მითითებული, საიდანაც მოთამაშეებს რაღაც ნივთი უნდა წამოეღოთ.

დამსვენებლები მათ დავალებებს უსმენდნენ და ფსონებს დებდნენ, თუ რომელი წყვილი დაბრუნდებოდა პირველი ნაპოვნი ნივთით დანიშნულების ადგილზე.

ელის რიგიც მოვიდა. მან ხელი ყუთში ჩაყო და ბარათი ამოაძვრინა.

– “დაწყევლილი ქოხი!” – ოჰოო, რა სასიამოვნო დასაწყისია!

გაეღიმა ელის და ხმამაღლა წაიკითხა:

– “ტყის სიღრმეში ქოხი იდგა, სადაც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. ერთი უბედური
შემთხვევის გამო ქმარს ფეხები მოეყინა და მოჰკვეთეს. სანაცვლოდ, ხის ფეხები დაუყენეს. ახალგაზრდა ქალი ინვალიდი ქმრის ამარა დარჩა და მალე საყვარელი გაიჩინა. მათ ერთად მოკლეს საცოდავი კაცი და მისი სხეული ტყეში ნადირებს მიუგდეს შესაჭმელად!

მას შემდეგ მიცვალებული ყოველ ღამე გამოდიოდა ტყიდან და ქოხის სიახლოვეს დადიოდა. თან თავისი ხის ფეხებით აკაკუნებდა, რითიც სახლში მყოფთ ენითაუწერელ შიშის ზარს სცემდა… მოძებნე ქოხი და წამოიღე მკვლელობის იარაღი!”

ელიმ კითხვა დაამთავრა და სიცილი აუტყდა.

– ეს ხუმრობაა, ხომ?

– მადლობა თქვი, რომ ჭაობი არ შეგხვდა!

უთხრა ელის ვამპირმა ენჯიმ და თავისი ბარათი ალესტერს დაუბრუნა.

– გონგის ხმას რომ გაიგებთ, შეგიძლიათ თამაში დაიწყოთ! ძველებმა წესები კარგად იციან, მაგრამ ახლების საყურადღებოდ გავიმეორებ! მოკლედ, თამაში ძირითადად სისწრაფესა და ლოგიკაზეა აგებული. იმარჯვებს ის, ვინც პირველი მოიტანს ნაპოვნ ნივთს. ექვსივე ლოკაციაზე, სადაც თქვენ უნდა წახვიდეთ, კამერებია დამონტაჟებული. ჩვენ ყველანი კინოდარბაზში შევალთ და ეკრანიდან გადევნებთ თვალს! აბა, წარმატებები!
ალესტერმა სიტყვით გამოსვლა დაასრულა თუ არა, გონგის ხმა გაისმა.

– წამოდი!

მაქციამ ელის ხელი მოჰკიდა და სასტუმროდან გაიყვანა. ტროლი და ვამპირი ენჯიც მათ მიჰყვნენ. საფლავებს იქით ბილიკი იყოფოდა. ენჯიმ ჯონი ჭაობის მიმართულებით წაიყვანა. რონი სხვა მხარეს წავიდა. ელი მას უკან მიჰყვებოდა.

– შენ იცი სად არის ის ქოხი?

ჰკითხა ელიმ. რონი დიდ ნაბიჯებს ადგამდა და სწრაფად მიდიოდა. ელი ძლივს ეწეოდა მას.

– როგორ არ ვიცი! პირველად კი არ ვთამაშობ!

– ესე იგი, ისიც გეცოდინება, სად უნდა ვეძებოთ მკვლელობის იარაღი…

– ადგილები უცვლელი რჩება, მაგრამ დავალებები და ისტორიები ყოველ ჯერზე იცვლება! კვირაში ერთხელ ვთამაშობთ! შენ არ წაიკითხე წესები?

– უი, არა… ჯერ არ წამიკითხავს…

– უნდა წაიკითხო! აქ სხვადასხვა პროგრამაა…

ტყის სიღრმეში ქოხი გამოჩნდა.

– ის მიცვალებული რომ აკაკუნებდა ხის ფეხებით… კინაღამ სიცილით მოვკვდი… ვინ იგონებს ამ ისტორიებს? ალესტერი?

– სცენარისტი! სასტუმროს თავისი სცენარისტი ჰყავს! აქ რაღაც ინდივიდუალური პროგრამებიც არის. შეგიძლია მიხვიდე და დაგიწერენ სცენარს!

– მაგალითად?

– მაგალითად, იმ გოთებს აქვთ სცენარი! ზუსტად არ ვიცი, რა… ვამპირების თემასთან დაკავშირებით! იმიტომ დადიან ჯგუფურად… რაღაცებს ეძებენ…

– ბიბლიოთეკაში ვნახე, ვამპირების ბიბლიას კითხულობდნენ…

– წიგნების კითხვა გიყვარს?.. რა საშინელებაა ეს ნიღაბი… ლამის დავიხუთო… თან, თითქმის ვერაფერს ვხედავ!

– მოიხსენი მერე… ჩვენ გარდა აქ მაინც არავინაა! ალესტერთან არ ჩაგიშვებ!

– კამერები დაგავიწყდა? ფრთხილად, ეს კიბე ძალიან ძველია და შეიძლება ჩატყდეს!

მაქციამ ხელთათმანიანი ხელი გაუწოდა ელის და კიბეზე ასვლაში დაეხმარა.

– რა იარაღს ვეძებთ?

– ეგ რომ ვიცოდეთ… უნდა ვივარაუდოდ! ლოგიკით უნდა მივხვდეთ, რითი შეიძლება მოეკლათ ინვალიდი კაცი…

– დეტექტივობანას ვთამაშობთ? ძალიან კარგი..

ელი და რონი ქოხში შევიდნენ. ძველი, ხის ნახევრად დამპალი ავეჯი იდგა. ოთახის ერთ კუთხეში ინვალიდის ეტლი იყო გადაყირავებული. ელი ეტლთან მივიდა და ყურადღებით დააკვირდა.

– მე ნაჯახი ვიპოვე!

თქვა რონიმ და კედლიდან ნაჯახი ჩამოხსნა.

– ნაჯახით რომ მოეკლათ, მაშინ სისხლის კვალი დაგვხვდებოდა! თან, ნაჯახს კედელზე არ ჩამოკიდებდნენ, რადგან ყოველი შეხედვისას თავიანთი დანაშაული გაახსენდებოდათ…

– მაგ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ მკვლელობის იარაღი თავიდან უნდა მოეშორებინათ!

– წესით, კი… ან დაემალათ!

რონი ძველ სკივრთან მივიდა და სახურავი ახადა. ელიმ ინვალიდის ეტლი ფეხზე წამოაყენა.

– შეხედე! სახელურები ხისაა და ზედ ნაკაწრებია!

– მერე?

– სავარაუდოდ, ხისფეხება ფრჩხილებით კაწრავდა მას, როდესაც კლავდნენ…

– რა გინდა თქვა, რომ უცებ არ მოუკლავთ და იტანჯებოდა?

– დიახ…

– ლოგიკურია! შენ სად ისწავლე ამდენი?

რონიმ სკივრს თავი დაანება და ეტლთან მივიდა.

– არ ვისწავლე! უბრალოდ, ლოგიკა გამოვიყენე… და დეტალებს დავაკვირდი! ყოველთვის უნდა დააკვირდე დეტალებს, რადგან შეიძლება უმნიშვნელო დეტალმა ბევრი რამ გითხრას…

– ხისფეხება გაგუდეს!

თქვა რონიმ.

– სავარაუდოდ, ასეა!

– მაშინ თოკი უნდა ვეძებოთ! თან მომიყევი შენზე რამე… რამ გადაგაწყვეტინა აქ მოსვლა?

– რასაც აქ ერთ კვირაში გადამიხდიან, იქ ერთ თვეში ვიღებ…

– სად იქ?

– სადაც ვცხოვრობ!

– და სად ცხოვრობ?

– რა მნიშვნელობა აქვს? შენზე მომიყევი რამე! შენ რატომ ხარ აქ?

– იმიტომ, რომ სხვაგან წასასვლელი არ მაქვს! სახლი დავკარგე… გარკვეული მიზეზების გამო! არ მინდა ჩემს წარსულზე ლაპარაკი. არ მიცხოვრია სანიმუშოდ… მეექვსე წელია, რაც აქ ვმუშაობ! სახლის ფული მინდა დავაგროვო…

– გასაგებია…

ჩაილაპარაკა ელიმ და გულში გაიფიქრა, რომ მეთიუ შესანიშნავი კანდიდატი იყო… უპატრონო ბიჭი, რომელსაც არავინ დაუწყებდა ძებნას! რონის და ანას კი მისი სახლი დარჩებოდათ…

– შეხედე… თოკი!

რონიმ ძველ სარეცხის მანქანაში შეგდებული თოკი იპოვა.

– ეგ იქნება! დროზე დავბრუნდეთ! რა საშინელი ადგილია… ასე მგონია, ის ხისფეხებიანი კაცი მართლა ცხოვრობდა აქ!

– შენ აკლდამა არ გინახავს!

თქვა უცებ რონიმ. ელი შეჩერდა და გაოცებული მისკენ შებრუნდა.

– შენ რა, ნამყოფი ხარ შიგნით?

– კი…

– შეგიძლია მეც შემიყვანო?

– მეორედ მანდ შესვლის სურვილი არ მაქვს, ლამაზო… მაგრამ შემიძლია გზა გასწავლო! ოღონდ ეს ჩვენ ორს შორის უნდა დარჩეს!

18. ბანში

ტყეში უკუნეთი სიბნელე იყო. მაქცია და ელი სასტუმროში ბრუნდებოდნენ. რონი გზას ფარნით ანათებდა.

– მეტყვი აკლდამაში მისასვლელ გზას?

ჰკითხა ელიმ, რომელსაც ძალიან უჭირდა თხელი ფეხსაცმლით ტოტებზე სიარული. ფეხსაცმელს ძირი, ფაქტობრივად, არ ჰქონდა და ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ელის ტერფები სტკიოდა.

– სანაცვლოდ რას მივიღებ?

– ერთხელ უკვე გითხარი, მეძავი არ ვარ!

– მე მეძავების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს! შეგიძლია იყო კიდეც, თუ მოგინდება, მაგრამ ამჯერად მე შენგან სხვა რამ მინდა!

– მაინც?

რონი შეჩერდა და ელის მკერდზე ფარანი მიანათა.

– შენი მედალიონი!

– მედალიონი?

– ჰო… აბა, შენ რა იფიქრე?

– რაც გინდა, მთხოვე! ამ მედალიონის გარდა!

მტკიცედ წარმოთქვა ელიმ და რონის ხელით ფარანი გააწევინა.

– რატომ? საკმაოდ უბრალო მედალიონია…

– ჩემთვის არა!

– ალბათ, ვინმემ გაჩუქა, რადგან ვერ თმობ!

– ეს მედალიონი სამახსოვრო საჩუქარია ადამიანისაგან, რომელიც შეიძლება ვეღარასოდეს ვნახო…
ჩაილაპარაკა ელიმ და გზა განაგრძო, მაგრამ უცებ წაიბორძიკა და რონის ხელი რომ არ შეეშველებინა, წაიქცეოდა.

– შენთვის ის ადამიანი რამეს ნიშნავდა?

– რაში გაინტერესებს? რა მნიშვნელობა აქვს შენთვის? მედალიონს ვერ მოგცემ, მაგრამ შემიძლია ფული გადაგიხადო! შენ ხომ ფული უფრო გირჩევნია? რად გინდა რაღაც უბრალო მედალიონი?

– არ მინდა შენი ფული, წითურო! უბრალოდ, გამოგცადე! მაინტერესებდა, რას ნიშნავდა შენთვის ეს მედალიონი… ისე, გირჩევ არასოდეს მოიხსნა!

– რატომ?

– მაგ მედალიონს დაცვის მაგიური ძალა აქვს. ასეთ საშინელ ადგილას კიდევ ცოტა რამ შეიძლება მოხდეს?.. რაც შეეხება აკლდამას, იქ მოსახვედრად რამდენიმე გზა არსებობს. მთავარი შესასვლელი დალუქულია. არის კიდევ რამდენიმე მიწისქვეშა გვირაბი, რომელიც სხვადასხვა ადგილიდან უკავშირდება აკლდამას. სულ რამდენი გვირაბია, არ ვიცი. ვიცი, რომ ორი მათგანი სასტუმროდან გადიოდა, მაგრამ ერთ-ერთი ამჟამად გაუქმებულია.

როდესაც შენობა აღადგინეს, სარდაფის გვირაბის სტრუქტურა დაარღვიეს. უწინ სარდაფის გვირაბი სამ ნაწილად იყოფოდა. ყველაზე გრძელი გვირაბის ბოლოს მხოლოდ ერთი შავი კარი იყო, საიდანაც იწყებოდა აკლდამისკენ მისასვლელი გზა. ის გასასვლელი მთლიანად ამოქოლეს, აღარ არსებობს…

– დარწმუნებული ხარ? ამას წინათ დავიკარგე მაგ გვირაბებში და ჩემი თვალით ვნახე, რომ სარდაფის კორიდორი სამ ნაწილად იყოფოდა. მეორე დღეს ისევ ჩავედი, რადგან დამაინტერესა მესამე გასასვლელმა, მაგრამ, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ის გასასვლელი აღარ დამხვდა!

– დარწმუნებული ხარ, რომ არ დაგესიზმრა? ასეთი რაღაც შეუძლებელია! ნუ, თუ რაღაც ზებუნებრივი მოხდა და წარსულში არ მოხვდი, რა თქმა უნდა…

რონი და ელი სასტუმროში მივიდნენ. სტუმრებს კინოდარბაზში მოეყარათ თავი და ხმაურობდნენ. როგორც აღმოჩნდა, მაქცია და თეთრი ქალიშვილი პირველები დაბრუნდნენ დავალებიდან.

– ვინ დადო ფსონი “დაწყევლილ ქოხზე?” გილოცავთ მოგებას!
ალესტერმა დაფაზე მარკერით შემოხაზა მეშვიდე ნომერი, რომლის გასწვრივაც ეწერა: – “დაწყევლილი ქოხი! – მაქცია და თეთრი ქალი.”

როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ორ ადამიანს ჰქონდა დადებული ფსონი ამ ნომერზე. ალესტერმა მოგება მათ შუაზე გაუყო.

– “თეთრი ქალი” და მაქცია ერთი დონით დაწინაურდებიან! თამაში დამთავრებულია! ყველას დიდი მადლობა მონაწილეობისათვის!

“მდუმარე სასტუმროს” ბინადარნი მალევე დაიშალნენ. საკმაოდ გვიანი იყო. ალესტერი გამარჯვებულებთან მივიდა მისალოცად.

– ელი, შენ უკვე მეორე დონე გაქვს! რონი, შენი დონე შემახსენე?

– მეხუთე…

– რას ნიშნავს დონე, მისტერ ალესტერ?

– შენი ბარათი-გასაღებით უფრო მეტ ობიექტზე გექნება წვდომა. საინტერესო თამაში იყო! მადლობა ორივეს!

– ის ისტორიები, რომლებიც ბარათებზე ეწერა, ნამდვილია?

– რა თქმა უნდა, არა, ელი… ყოველი თამაშისთვის ახალი სცენარები იწერება…

– გასაგებია! მადლობა, მისტერ ალესტერ… თქვენის ნებართვით, ჩემს ოთახში ავალ და გამოვიცვლი. ჩემს დას მინდა დავურეკო… ღამე მშვიდობისა…

– ღამე მშვიდობისა, ელი!

ალესტერი თავისი კაბინეტისკენ გაემართა. ელიმ დარბაზი მოათვალიერა. ანა ცალთვალა ჯოს ელაპარაკებოდა. ჯონი მოშორებით იდგა და ალესტერის წასვლას ელოდა. როგორც კი ალესტერმა ელი დატოვა, მაშინვე მისკენ გამოემართა, მაგრამ შუა გზაში ორკის კოსტიუმიანმა ბიჭმა გააჩერა და ლაპარაკი გაუბა. რონი ელის მოუბრუნდა და უთხრა:

– ჩემს ოთახში ავალ! ერთი სული მაქვს, როდის გავიხდი ამ საშინელებას…

– და მეორე გზა? ჩქარა მითხარი… საიდან უნდა მოვხვდე მეორე გვირაბში?

– სასტუმროს მფლობელის კაბინეტიდან! წარმატებებს გისურვებ, ფისო!

რონი შებრუნდა და კიბეებისაკენ გაემართა. ჯონიმაც დაამთავრა ორკთან ლაპარაკი და ელისაკენ წამოვიდა.

– რაზე გელაპარაკებოდა ის მხეცი?

– აკლდამაში მისასვლელი გზა მასწავლა!

– არ მითხრა, რომ მაგ ტიპს ენდობი…

– აკლდამას რამოდენიმე გვირაბი უკავშირდებაო… ერთ-ერთი მათგანი სასტუმროს მფლობელის კაბინეტიდან გადისო… ჯონ, დრო არ ითმენს! უნდა შევამოწმოთ…

– გინახავს შენ სასტუმროს მეპატრონის კაბინეტი?

– არა! მაგრამ ახლა დონე მომემატა და ჩემი ბარათით უფრო ბევრი კარის გაღება შემიძლია! მისმინე, ჯონ! ავალ, გამოვიცვლი და ტელეფონს ჩამოვიტან. მეგის უნდა დავურეკო… ოც წუთში სურვილების ჭასთან ვიქნები.

– კარგი, პატარა! მაშინ მე პირდაპირ იმ ჭასთან წავალ და იქ დაგელოდები! არ მინდა, რომ ანამ კოსტიუმის გარეშე დამინახოს!

***

ანას უკვე გამოეცვალა და ელის გასახდელში ელოდა.

– ფეხზე ძლივს ვდგავარ! ვინაა ის ტროლი? ძალიან დაგიმეგობრდა!

– არ ვიცი… ნიღბის გარეშე არ მინახავს!

– რამხელაა!

– ჰოო… ინდიელია! ინდიელების რომელიღაცა პატარა სოფლიდანაა… ცალთვალა ჯოს მაღაზია დავათვალიერებინე და მიყვებოდა რაღაცებს… ბევრ რამეში ერკვევა!

– რონი რაზე გელაპარაკებოდა?

– თურმე, აკლდამას კიდევ ჰქონია საიდუმლო შესასვლელები… ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონის კაბინეტიდან გადისო…

– საინტერესოა! დღეს ღამით ისევ ვაპირებ ოთახიდან გაპარვას! სადილის დროს მისტერ ალესტერმა დამიბარა თავისთან…

– რა უნდოდა?

– რაღაც ახალი პროგრამა განვიხილეთ, ჩემს პერსონაჟთან დაკავშირებით… ალესტერს უნდა, რომ კიდევ ერთი როლი მოვირგო.

– ვისი?

– მზის ჩასვლის მერე უნდა, რომ “ბანში” ვიყო…

– “ბანში”?

– ჰო… მოჩვენებაა ეგეც. ნაცრისფერი კაპიუშონიანი ლაბადა აცვია და ლეგენდის თანახმად, სიკვდილის მოახლოებას მოასწავებს. ზოგ ქვეყანაში “მრეცხავსაც” ეძახიან, რადგან მდინარეზეც უნახავთ, როდესაც მკვდრების ტანსაცმელს რეცხავდა. მისი ძირითადი თვისება ტირილი და გოდებაა.

– უნდა იტირო ხოლმე?

– თან, ისეთ ენაზე მოსთქვამს და გოდებს, რომელიც არავის ესმის. მისი გოდება ძალიან ჰგავს ველური ბატების ყვირილს, მიტოვებული ბავშვის ტირილს და მგლების ყმუილს. ალესტერმა თქვა, მაგ ხმებს ჩავწერ დიქტოფონზე და რომ ივლი, ჩართული გექნებაო… კიდევ კარგი! ჩემი სატირალი არ მეყოფოდა? ახლა ბანშის ნაცვლადაც ვიტირო… მაგრამ მე სხვა რაღაცის თქმა მინდოდა შენთვის!

როდესაც მისტერ ალესტერის კაბინეტში ვიყავი, კედელზე ჩამოკიდებულ ნახატებს ვაკვირდებოდი. ერთ ჩარჩოში, თუ არ ვცდები, სასტუმროს გეგმა უნდა იყოს, ოღონდ ძველი… პაპირუსის მსგავს ქაღალდზეა გამოსახული და ძალიან ახლოს თუ არ მიხვედი, ვერაფერს დაინახავ. ეგ რუკა სანახავია! დღეს ღამით აუცილებლად უნდა ჩავიდე კორიდორში…

– რა აზრი აქვს? კარი მაინც დაკეტილი იქნება!

– დაკეტილი იქნება! მაგრამ მე აი, ეს მაქვს… ჯეკ პოტ!

ანამ ბიუსტჰალტერიდან ბარათი-გასაღები ამოიღო და ელის აჩვენა.

– ჩვენი ბარათები ადმინისტრატორის კაბინეტის კარს არ აღებს…

– ჩვენი არა, მაგრამ დამლაგებლის გასაღები ყველა კარისთვისაა!

– დამლაგებელს მოპარე?

ანა ელისკენ გადაიხარა და ყურში ჩასჩურჩულა:

– სისხლიანი მერის ოთახს ალაგებდა, ჰოდა, ვითომ შემთხვევით ამოუვარდა! ხვალ დილით იპოვის… შეეშინდება, სამსახური არ დავკარგოო და არაფერს იტყვის…

ელის აღარაფერი უთქვამს. ტანსაცმელი გამოიცვალა, მერე გრიმი მოიცილა და ანასთან ერთად ოთახში ავიდა.

– მე უნდა ჩავიდე, მეგის დავურეკო!

– კარგი! ჩვენს სახლზეც შეეკითხე, რამე ახალი ხომ არ არის, კარგი?

– “ჩვენი სახლი”… ალბათ, წარმოდგენილი აქვს უკვე, როგორ იცხოვრებს ტკბილად და ბედნიერად
თავის საყვარელთან ერთად მეთის სახლში”.

გაიფიქრა ელიმ და ბრაზი მოერია.

ჯონი ჭასთან დახვდა. ელი მეგის დაელაპარაკა და მიახვედრა, რომ ჯონი უკვე ნახა და ყველაფერი რიგზე იყო. ელიმ მოახერხა, რომ ერთი-ორი სიტყვით ჯონისაც დალაპარაკებოდა.

– ამაღამ ანა აპირებს ალესტერის ოთახში შეპარვას!

– როგორ?

– დამლაგებელს მოპარა ბარათი. მეც უნდა წავყვე!

– ყურადღებით ვიქნები, პატარა და უკან გამოგყვებით!

– ძალიან ფრთხილად უნდა იყო, ჯონ! რონიმ არ უნდა დაგინახოს… შენი ოთახის კარს რომ გააღებ, მაშინვე არ დაკეტო, ღია დატოვე. ჯერ სააბაზანოში წადი და რამოდენიმე წუთი გაჩერდი.

– კარგი, პატარა! ნუ გეშინია! მაგ რონიმ რომც დამინახოს, ცხვირ-პირს მივუნგრევ!

ამ სიტყვებზე ელი ჯონს დაემშვიდობა და ოთახში დაბრუნდა. ანა სააბაზანოში იყო წასული. დაბრუნდა თუ არა, შხაპის მისაღებად ახლა ელი გაემართა.

ქალებისა და კაცების სააბაზანოები კორიდორის სხვადასხვა მხარეს იყო. როდესაც ელი უკან ბრუნდებოდა, პირსახოცშემოხვეული რონი დაინახა. ელის თვალი ჩაუკრა და თავის ოთახში შევიდა.

– “რა სხვანაირი იყო დღეს, მაქციის კოსტიუმში” – გაიფიქრა ელიმ და კარი შეაღო. ანას პიჟამა ჩაეცვა და ეძინა. მაგიდაზე მაღვიძარა დაედგა, რომელიც ღამის ოთხ საათზე ჰქონდა დაყენებული. ელიც ძალიან იყო დაღლილი და გამოფიტული. დაწვა თუ არა, თვალები თავისით დაეხუჭა და ძილის სამყაროში გადაეშვა.

19. შავი ოთახი

Image

ნახევრად მთვლემარე სასტუმროს ბინადართ გონგის ხმამ “მკვდარი საათის” მოახლოება აუწყა. ელი თავისი ოთახის ფანჯარას მოშორდა და კარს მიაჩერდა. ანა ოთახში არ იყო.

ელის საწოლზე გადაკიდებული ბანშის მოსასხამი მოხვდა თვალში. დაუფიქრებლად მოიცვა და ოთახიდან გავიდა.

კორიდორებში თითქმის ბნელოდა. ლამპიონები ძლივ-ძლივობით ბჟუტავდნენ და მოცისფრო ფერს გამოსცემდნენ.

ელიმ რონის კარს ფრთხილად ჩაუარა და შეამჩნია, რომ ღია იყო. ოთახში არც რონი გახლდათ…
კიბის საფეხურებს დაუყვა. ეჩვენებოდა, რომ მისი მოძრაობები შენელებული იყო. ეჩვენებოდა, რომ ჰაერს რაღაც სჭირდა. მძიმედ სუნთქავდა.

ნულ სართულზე მიმავალ კორიდორში შედგა თუ არა ფეხი, გაშეშდა. გვირაბი-კორიდორის სიღრმეში ქალი იდგა, ელისაკენ ზურგით… “თეთრი ქალიშვილი – მოჩვენების” კაბა ეცვა…

ელი შიშმა აიტანა. ქალი ადგილიდან დაიძრა და კორიდორის სიღრმეში შევიდა. ელის კიდევ უფრო უჭირდა სუნთქვა. თითქოს გულზე ლოდი დაადესო… ძალ-ღონე მოიკრიბა და თეთრ ლანდს აედევნა…

კორიდორის ლაბირინთებში გზა აერია. ქალის დაძახება დააპირა, მაგრამ სიტყვაც ვერ დაძრა. სამაგიეროდ, სუსტად მოესმა ძალიან ნაცნობი ხმა…

– ელი…

ვიღაც ეძახდა… მალე ისევ გამოჩნდა თეთრი ქალი და გვირაბს იმ მიმართულებით გაუყვა, სადაც სამ ნაწილად იყოფოდა.

ელის აღარ ეშინოდა. მას უცნაური განცდა ჰქონდა. შინაგანად გრძნობდა, რომ ის ქალი მას არაფერს დაუშავებდა…

ელი ყველაზე იდუმალ ადგილას შეჩერდა. როგორც მაშინ, ახლაც სამ ნაწილად იყოფოდა გვირაბი. თეთრებში ჩაცმული ქალი ყველაზე გრძელ გვირაბში შევიდა. ელი უკან მიჰყვებოდა, მაგრამ ვერ ეწეოდა… დიდხანს იარეს… ბოლოს, როგორც იქნა, მივიდნენ ადგილზე, რომელსაც ელი ამდენ ხანს ეძებდა…

თეთრკაბიანი ქალი გვირაბის ბოლოში იდგა. კედლის ნაცვლად, დიდი რკინის შავი კარები იყო… მოულოდნელად ქალი სახით ელისაკენ შემოტრიალდა და დაიყვირა:

– გაიქეცი!

ელის თავზარი დაეცა… თეთრებში ჩაცმული ქალი სიღრმეში გაცურდა. ყველაფერი დატრიალდა… ელის ხან ალესტერის სახე ეჩვენებოდა, ხან რონის, ხან ანასი… ბოლოს მეთიუც დაინახა… ეს ყველაფერი ერთმანეთში აირია…

– დედა!

ეს სიტყვა, როგორც იქნა, მოსწყდა მის ბაგეს. მომენტალურად ჟანგბადი შეიგრძნო და ღრმად დაიწყო სუნთქვა. ცივი ოფლის წვეთებით დაენამა შუბლი.

– რა მოხდა, ელი? ცუდი სიზმარი ნახე?

ნაცნობი ოთახი კამერის ფოკუსარეული ობიექტივიდან დანახულივით, ნელ-ნელა სწორდებოდა. ელიმ გააცნობიერა, რომ სიზმრის სამყაროდან რეალობაში ბრუნდებოდა. ანა მის საწოლზე იჯდა.

– დედა… დედა დამესიზმრა!.. ჩემი კაბა ეცვა…

ელი ლოგინში წამოჯდა და ტუმბოზე დადგმული ჭიქისკენ გაიწვდინა ხელი.

– გითხრა რამე?

– მხოლოდ ერთი სიტყვა! – გაიქეცი…

– ემოციების ბრალია, გადაიღალე…

– მისი სიკვდილის შემდეგ არასოდეს დამსიზმრებია! არადა, როგორ მინდოდა, სიზმარში მაინც მენახა… ძილის წინ საათობით ვუყურებდი მის სურათს… მაგრამ არასოდეს დამსიზმრებია…

– დამშვიდდი, ელ… არაფერზე ინერვიულო! მალე მეთი გამოჩნდება და სახლში დავბრუნდებით! აი, ნახავ!.. ახლა დაიძინე…

– რომელი საათია?

– უკვე ოთხია!

– ვეღარ დავიძინებ! ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება! წავიდეთ…
ელი საწოლში წამოჯდა და ფეხსაცმლის ჩაცმა დაიწყო.

– დარწმუნებული ხარ?

ჰკითხა ანამ და ხელი შუბლზე მიადო.

– უბრალოდ, კოშმარი იყო! არაფერი არ მომხდარა… ფარანი ხომ მოგაქვს? ოთახში შუქის ანთება ძალიან სახიფათოა!

– მომაქვს!

ანამ კარი ფრთხილად გამოაღო და კორიდორში ფეხაკრეფით გავიდა. ელიმაც აიღო თავისი ფარანი და უკან გაჰყვა.

– მოდი და გაიგე, სად არის სასტუმროს მფლობელის კაბინეტი…

– ჯერ ალესტერის კაბინეტი ვნახოთ! შეიძლება იქ ვიპოვოთ რამე ხელმოსაჭიდი…
ალესტერის კაბინეტამდე არავინ შეხვედრიათ. ანამ დამლაგებლის ბარათი საკეტში შეუყარა და კარი გააღო. კაბინეტი ჩაბნელებული იყო. ანა კედელზე ჩამოკიდებულ სურათთან მივიდა და ფარანი მიანათა.

– მართალი ვიყავი, – რუკაა!

სურათს ელიც მიუახლოვდა და დააკვირდა. ზუსტად ისეთი რუკა იყო, როგორიც მან იმ ძველ ჩანაწერებში ნახა, მხოლოდ ეს გახლდათ რუკის სრული ვერსია.

ელი რუკაზე აღნიშნულ ოთხივე შავ ოთახს დააკვირდა. მესამე გვირაბის შავი ოთახიდან მართლა გადიოდა გზა, რომელიც ოთხკუთხედ ფიგურას უკავშირდებოდა. ამ ფიგურით, სავარაუდოდ, აკლდამა იყო აღნიშნული. ასეთივე გზა მიდიოდა მეორე შავი ოთახიდანაც, რომელიც ამჟამად სასტუმროს ადმინისტრატორის კაბინეტს წარმოადგენდა. მესამე და მეოთხე შავ ოთახებს მხოლოდ ერთი შესასვლელი კარი ჰქონდათ.

აკლდამიდან კიდევ ორი გზა გამოდიოდა. ერთი ტყეში, დაახლოებით იმ “დაწყევლილი ქოხისკენ” მიდიოდა, ხოლო მეოთხე მის საპირისპირო მხარეს, საითაც ჯონი და ვამპირი ენჯი წავიდნენ. სადღაც, ჭაობისაკენ…

– ჩვენ ახლა აქ ვართ!

ანამ თითი რუკაზე აღნიშნულ შავ ოთახს დაადო.

– სადღაც აქედან უნდა იყოს, წესით, გასასვლელი…

– კი მაგრამ… არ მესმის… რონიმ მითხრა, რომ აკლდამაში გვირაბი სასტუმროს მფლობელის კაბინეტიდან გადის… მაგრამ ეს კაბინეტი მისტერ ალესტერს ეკუთვნის… სასტუმროს მფლობელი კი აქ არავის უნახავს!

– ან პირიქით…

– რა პირიქით, ელი?

– სასტუმროს მფლობელის ვინაობა ხომ არავინ იცის? შესაბამისად, არც ის ეცოდინება ვინმეს, უნახავს თუ არა… იქნებ მისტერ ალესტერია აქაურობის მეპატრონე?

ანა დაფიქრდა.

– ლოგიკურად ჟღერს!

ელი ალესტერის საწერ მაგიდასთან მივიდა და წრე შემოუარა. მაგიდის უკან კედელი იყო. სავარძელზე კი მაქციის ფორმა იყო გადაკიდებული. ელის ძალიან გაუკვირდა, რა უნდოდა რონის ფორმას ალესტერის კაბინეტში.

– აქ არავითარი კარი არ არის!

– ნახატს შეხედე, ელი…

ელი კედლისკენ შებრუნდა და უზარმაზარ სურათს ფარანი მიანათა.

– ცალთვალა ჯო ყვებოდა ამ სურათების შესახებ…

ნახატზე დიდი ბორბალი იყო გამოსახული, რომელზეც ახალგაზრდა ქალი იყო გაკრული. მას ელისნაირი თეთრი კაბა ეცვა. ხელ-ფეხი ჯაჭვით ჰქონდა დაბმული, ხოლო მკერდი მთლიანად სისხლით მოთხვრილი. მისი მკერდიდან სისხლი მიედინებოდა და ბორბლის ცენტრალურ ნაწილში იღვრებოდა. შემდეგ კი, ჩაღრმავებებში გადაედინებოდა და უცნაურ ნახაზს ქმნიდა. სურათი შემზარავი იყო.

ელის ისეთივე შეგრძნება დაეუფლა, როგორიც სიზმარში. ის ნახატზე გამოსახულ ბორბალს ხელით შეეხო.

– ანა! აქ მოდი… ეს ბორბალი მოძრაობს…

ბორბალი მართლა მოძრაობდა საათის ისრის საპირისპირო მიმართულებით.

– ეს ის სიმბოლოებია, აკლდამის კედელზე რომ ხატია! ოღონდ სხვანაირი მიმდევრობით…
ელიმ ბორბალი დაატრიალა და ბორბლის გარეთ დახატულ სიმბოლოებს მოძრავი სიმბოლოები ისეთნაირად გაუსწორა, როგორც აკლდამის კედელზე ეხატა. კედლიდან მექანიზმის ხმა გაისმა, რასაც ტკაცუნის ხმაც მოჰყვა. ნახატი კარებივით შეიღო…

ელი გახევებული იდგა და უყურებდა. მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. საშინლად შეეშინდა, მაგრამ გაახსენდა, რომ ჯონი მას ფეხდაფეხ მოჰყვებოდა და გამხნევდა.

ანამ ნახატს ხელი ჰკრა და ფარანი შეანათა. გვირაბი ვიწრო და ბნელი იყო, ქვის კედლები ჰქონდა. სიცივემ წამოუბერა.

– ძალიან მეშინია!

ჩაილაპარაკა ელიმ და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია.

– იქ შეიძლება მეთი იყოს…
აკანკალებული ხმით დაილაპარაკა ანამ და გვირაბისკენ რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა.

– ანა… მოიცადე!

ელის ფარნიანი ხელი უკანკალებდა. ანა კარებში იდგა და ვერ გადაეწყვიტა, შესულიყო თუ არა შიგნით.

– მგონი, სიღრმეში სინათლეები ანთია! დააკვირდი… მკრთალი შუქი გამოდის…
ელიმ კარის ზღურბლს გადააბიჯა და გვირაბში გაიხედა. თავიდან ვერაფერი დაინახა. მერე რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ფარანი ძირს დაუშვა. გვირაბის სიღრმიდან მართლა გამოდიოდა სინათლე. უეცრად ზურგს უკან ანას ხმა მოესმა…

– არ შეგეშინდეს, ელ… ცუდი არაფერი მოგივა! მალე ყველაფერი დამთავრდება და ძალიან ბედნიერი იქნები!

ამ სიტყვებზე კარი გაჯახუნდა. ელის ფარანი ხელიდან გაუვარდა და ღრიალით ეცა კარს. მუშტებით აბრახუნებდა და ყვიროდა. მის ყვირილს გვირაბის ექო იმეორებდა…

ასეთი შიში მანამდე არასოდეს უგრძვნია. თითქოს მთელ სხეულზე ჭიანჭველები დასდიოდნენ… თითქოს ათასობით ნემსი ესობოდა ერთდროულად…

– ჯონი… ჯონი გააღებს კარებს… ჯონი დამპირდა, რომ დამიცავდა…

მისი უკანასკნელი იმედი ჯონი იყო.

ხელები კარებზე ბრახუნისაგან ძალიან სტკიოდა. მოეჩვენა, რომ მთელი საუკუნე გავიდა, მაგრამ კარს არავინ უღებდა…

ელიმ ფარანი ხელში აიღო და კარს მიანათა. კარი გვირაბის მხრიდან მთლიანად შავი იყო. მას არც საკეტი ჰქონდა და არც სახელური…

20. სალივანის დღიური

Image

ელიმ დროის შეგრძნება დაკარგა. მოეჩვენა, რომ მთელი საუკუნე გავიდა, რაც მუხლებით იდგა და იმ დაწყევლილ შავ კარებს უბრახუნებდა. ფარნის სინათლემ იკლო, ციმციმი დაიწყო. ელემენტები ჯდებოდა. ჯონი არ ჩანდა. ელი სიცივემ აიტანა და ფეხზე წამოდგა.

– “მალე ყველაფერი დამთავრდება და ძალიან ბედნიერი იქნები!”

ელი ანას სიტყვებზე ფიქრობდა. ნეტა რა იგულისხმა? რა უნდა დამთავრდეს? მისი სიცოცხლე ხომ არა? იქნებ, იმ ნახატის მსგავსად, მასაც გააკრავენ საშინელ ბორბალზე და…

საკუთარმა ფიქრებმა შეაშინა. უკანასკნელი ძალ-ღონე მოიკრიბა და მკრთალი სინათლეების მიმართულებით გაემართა.

გვირაბი ალაგ-ალაგ იყო განათებული. ელი ფარანს ზოგავდა და მხოლოდ ბნელ მონაკვეთებში ანთებდა. გვირაბი ძალიან გრძელი იყო. ცალ მხარეს, ყოველ ათ მეტრში თითო პატარა საკანი იყო. საკნებს რკინის გისოსებიანი კარები ჰქონდა. შიგნით ყველა იდენტური იყო: ქვის ძველებური საწოლი, ქვის პატარა მრგვალი მაგიდა იდგა. ერთ-ერთ კუთხეში კი მრგვლად ამოჭრილი ღრმული იყო, როგორც ჩანს, ტუალეტად გამოიყენებოდა.
ელი საკნებთან ჩერდებოდა და ფარნით ანათებდა შიგნით.

– “რაში სჭირდებოდათ ეს საკნები?.. ნუთუ აქ ადრე ციხე იყო?..”

ფიქრობდა ელი და წინ ფრთხილად მიიწევდა. სულ თორმეტი საკანი დათვალა. მეთიუ არც ერთ მათგანში არ იყო. მალე გვირაბი ოთხ ნაწილად გაიყო. ერთ-ერთი გზა, სავარაუდოდ, აკლდამისაკენ მიდიოდა. ელიმ მარცხენა გვირაბი ამოირჩია და გზა განაგრძო. ამ გვირაბს არც საკნები ჰქონდა და არც ოთახები. უბრალოდ, ძალიან მიხვეულ-მოხვეული იყო. ელი შეუჩერებლივ მიდიოდა, მაგრამ გვირაბს ბოლო არ უჩანდა.

თითქოს თავის მდგომარეობას მიეჩვია და იმდენად აღარ ეშინოდა. როგორც იქნა, გვირაბის ბოლომდე გავიდა და მრგვალ, უცნაურ დარბაზში მოხვდა, რომელიც მთლიანობაში ძალიან ჰგავდა მზის საათს. შუაში ქვის, ძველებური მზის კალენდარი იყო, ზუსტად ისეთი, როგორიც იმ ჩანაწერებში და აცტეკების წიგნში ნახა. ბორბლის ირგვლივ ექვსი ქვის საფლავი იყო სიმეტრიულად განლაგებული.

– მეეთ… მეთ, აქ ხარ?

ელის ხმა ექომ რამდენჯერმე გაიმეორა. აკლდამაში არავინ იყო. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე სუფევდა. ელიმ ექვსივე საფლავი დაათვალიერა. საფლავებს ზემოდან რაღაც წარწერები ჰქონდა ამოტვიფრული, მაგრამ მათი გარჩევა შეუძლებელი იყო, რადგან დროს თითქმის მთლიანად წაეშალა ისინი.

ერთ-ერთი საფლავის სახურავი ოდნავ ღია იყო. ელი მას მთელი სხეულით მიაწვა. სახურავი ადვილად გაცურდა და ტკაცუნი გაისმა. მოულოდნელად ცენტრალური ბორბალი ამოძრავდა.

მისი შუა ნაწილი საათის ისრის მიმართულებით დატრიალდა, გარეთა ნაწილი კი საპირისპირო მიმართულებით. რამდენიმე წამის განმავლობაში იტრიალა და ბოლოს გაჩერდა. ბორბალზე ისეთივე ნახაზი გაკეთდა, როგორიც იმ ნახატზე იყო.

– ღმერთო ჩემო! – ის ნახატი რეალობას ასახავდა… რა საშინელებაა!

აღმოხდა ელის და შიშის ტალღამ თავიდან გადაუარა. კარგა ხანს იდგა და ბორბალთან მიახლოებას ვერ ბედავდა. ბოლოს ბორბალს ფრთხილად მიუახლოვდა. ცენტრში ნახვრეტი იყო, საიდანაც რკინის ბასრი წვეტი მოჩანდა.
ელის ნახატზე გამოსახული თეთრკაბიანი გოგონა გაახსენდა და გააჟრიალა. როგორც ჩანს, ეს სწორედ ის შუბი იყო, რომელიც მსხვერპლს მკერდში ჰქონდა შერჭობილი.

ელი ბორბალს სწრაფადვე მოშორდა და ისევ გახსნილ საფლავს დაუბრუნდა. ფარანი ჩაანათა. საფლავში შავი ლაქასავით მოჩანდა რაღაც.

ელიმ ფარნიანი ხელი ბოლომდე ჩაყო. შავი ლაქა ძველი წიგნი აღმოჩნდა. ელიმ წიგნი ამოიღო, საფლავს ზემოდან დაადო და გადაშალა.

წიგნს სქელი ტყავის ყდა ჰქონდა. ელიმ წიგნს სული ძლიერად შეუბერა. მტვერი გაიფანტა და ტყავზე ამოტვიფრული ნაწერი გამოიკვეთა: – “სალივანის დღიური.”

წიგნი ხელნაწერი აღმოჩნდა, მაგრამ ნახევარზე მეტი ფურცლები ნესტს გაეფუჭებინა. სისველისაგან მელანი ბევრ ადგილზე წაშლილი იყო. ელიმ დღიური შედარებით განათებულ ადგილას მიიტანა და გაჭირვებით ამოიკითხა:

” ორშაბათს ბრიჯიტმა მე და ფრედი ჩუმად წაგვიყვანა “მკვდარ ტბაზე” და გვაჩვენა, როგორ თევზაობდა იქ ტომასი. მე და ფრედის ოცნებად გვქონდა “მკვდარი ტბის” ნახვა, მაგრამ მშობლები გვიკრძალავდნენ.

ტომასს ძალიან შეეშინდა ჩვენი დანახვა და ბრიჯიტს უსაყვედურა. როგორც ჩანს, სწორედ მან შეატყობინა მამას ეს ამბავი, რადგან ორშაბათ საღამოს მერე ბრიჯიტი არავის უნახავს. ვფიქრობ, რომ ისიც იმ ადგილას წაიყვანეს, საიდანაც ღამღამობით ოხვრა და ტირილი ისმის (1913 წ. შაბათი).”

ელი გადარჩენილ გვერდებს კითხულობდა.

” ჩემმა ძმამ მითხრა, რომ მგონი, მამა მსახურების დასასჯელად იმ შავ ოთახებს იყენებს, რომლებიც ამ სახლის ყიდვისას დაგვხვდა. ბრიჯიტი სულ მეუბნებოდა, ამ სახლს ცუდი აურა აქვსო… ნეტავ რას ნიშნავს აურა? ან როგორია იგი?

დილით შევამოწმე სამივე შავი ოთახი, მაგრამ ბრიჯიტი იქ არ იყო. მეორე შავ ოთახში მხოლოდ მებაღე შეეყვანათ და ზურგზე შოლტებს ურტყამდნენ. რა მისი ბრალია, რომ სტრელიციები გახმა? აქ ხომ მზე შუადღესაც ვერ აღწევს (1913 წ. ორშაბათი)…”

ელი მიხვდა, რომ სახლის ძველი მფლობელის ერთ-ერთი შვილის დღიურს კითხულობდა. მას ნახატზე გამოსახული წვერებიანი კაცი და ორი ბიჭი გაახსენდა. ალბათ, ისინი იყვნენ სალივანი და ფრედი.

ელიმ შემდეგი გადარჩენილი ფრაგმენტი ამოიკითხა:

“როგორც იქნა, მეოთხე შავი ოთახის კარი ვიპოვე. ის მამას კაბინეტში, იმ საშინელი ნახატის უკანაა. ახლა უკვე ვიცი, საიდან ისმის ხოლმე ტირილის ხმები… ბრიჯიტი კიდევ ფიქრობდა, რომ ეს სახლი დაწყევლილია და კედლებმა წარსულის ხმები შემოინახა. აი, თურმე რატომ იცვლებიან ჩვენს სახლში ასე ხშირად მსახურები…

მე და ფრედი ერთად შევედით შავ კარებში და გვირაბში აღმოვჩნდით. იქ, ციხის მსგავსად, საკნებია გაკეთებული. ცამეტივე საკანი დავათვალიერეთ. არ გვეშინოდა, რადგან მამა სანადიროდ იყო წასული და საღამომდე არ დაბრუნდებოდა შინ.

საკნებში დაკარგული მსახურები იყვნენ გამომწყვდეულნი. დაგვინახეს თუ არა, მუდარა დაგვიწყეს, რომ გამოგვეშვა, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა გასაღები.”

– ცამეტი საკანი? აქ რომ მხოლოდ თორმეტია?
ჩაილაპარაკა ელიმ. ის მიხვდა, რომ კითხვებზე პასუხებს სწორედ ამ დღიურიდან შეიტყობდა და კითხვა განაგრძო:

“ბრიჯიტის ძებნა გავაგრძელეთ. მე და ფრედი გავნაწილდით და სხვადასხვა გასასვლელისაკენ წავედით.
მე გვირაბს ბოლომდე გავუყევი და ზევით ასასვლელი კიბე დავინახე, რომელიც თურმე მკვდარ ტბასთან ამოდის. სახურავზე ისეთივე სიმბოლოებია, როგორიც იმ ნახატზე, მაგრამ გაღება არ მიცდია. ამის დრო არ იყო. მაშინვე უკან გამოვბრუნდი.

ფრედი მეძებდა. ის თურმე გვირაბმა მეტყევის ქოხში მიიყვანა. კიდევ ორი გვირაბი დაგვრჩა სანახავი. ამიტომ ისევ გავნაწილდით. მე შუა გვირაბში შევედი და აკლდამა ვიპოვე. ოღონდ ის არ იყო ისეთი, როგორიც ეზოს შესასვლელიდან. თუ სწორად მივხვდი, მე მის ქვედა სართულზე მოვხვდი.

დარბაზი მრგვალია. შუაში ისეთივე ქვის ბორბალია, როგორიც იმ ნახატზე. მის გარშემო კი ძველი სამარხებია გამწკრივებული. საფლავები ქვისაა.

ფრედის დაველოდე და ერთად გადავწიეთ პირველი საფლავის ქვა. საბედნიეროდ, ბრიჯიტი იქ არ იყო, მაგრამ, სამაგიეროდ, ის ბორბალი ამოძრავდა. ორივეს ძალიან შეგვეშინდა…”

დანარჩენი ფურცლები წაშლილი იყო. ბოლოსაკენ იყო გადარჩენილი კიდევ რამდენიმე ფრაგმენტი:
– “ბრიჯიტი მე და ფრედის ყოველთვის ძალიან თბილად გვექცეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ეშინოდა მამაჩვენის რისხვის, მაინც გვაკეთებინებდა ისეთ რაღაცებს, რასაც მამა გვიკრძალავდა. დედასაც ძალიან ეშინოდა მამასი. როდესაც ბრიჯიტის შესახებ მას ვკითხე, ანერვიულებულმა მიპასუხა, რომ ბრიჯიტი აქედან მოულოდნელად გაემგზავრა. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ბრიჯიტი დაუმშვიდობებლად არ წავიდოდა.

დედას ისევე სჯერა იმ წყევლის, როგორც მამას! როდესაც მამას ეს სახლი მემკვიდრეობით ერგო, მან ძველი ჩანაწერები იპოვა, რომლებიც რაღაც კალენდრის მიხედვით გაშიფრა. იქ ეწერა, რომ ამ სახლის ადგილას ერთი ჯადოქრის ქოხი იდგა, რომელიც ამ სასახლის მშენებლობას შეეწირა. ალქაჯი თავისი ნებით არ ტოვებდა სახლს. ამიტომ ქოხს ცეცხლი მაშინ წაუკიდეს, როცა თვითონ ტყეში იყო წასული, ბალახების შესაგროვებლად.

ქოხში თურმე მის პატარა ბიჭუნას ეძინა. გამწარებულმა ალქაჯმა სახლის მფლობელი დაწყევლა. მისი გვარი ვერ გამრავლდებოდა, რადგან ვაჟიშვილის შეძენის შემთხვევაში, ბავშვი 14 წლის ასაკში მოკვდებოდა, როგორც მისი შვილი.

სახლის მფლობელმა დახმარება ერთ ინდიელ შამანს სთხოვა, მან კი წყევლის გასანეიტრალებელი გზა ასწავლა. ის ვერ გაანეიტრალებდა ალქაჯის წყევლას, მაგრამ შეეძლო, ერთი სიცოცხლე მეორეთი ჩაენაცვლებინა. ქალიშვილის სიცოცხლე – ვაჟის სიცოცხლის სანაცვლოდ.

რამდენი ვაჟიც შეეძინებოდა, იმდენჯერ უნდა შეეწირა მსხვერპლად ახალგაზრდა ქალი. მხოლოდ ასე თუ გადაარჩენდა თავის შვილებს.

მამას სჯერა ამ საშინელი ლეგენდის და შეპყრობილია ამ იდეით. მთელ დღეებს თავის კაბინეტში ატარებს. ალბათ ფიქრობს, რომ რადგან ჩვენ ამ გვარის გამგრძელებლები ვართ, მე და ფრედისაც შეგვეხება ეს ამბავი. მე ხომ ერთ კვირაში მისრულდება 14 წელი… ფრედის კი ორ წელიწადში. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ მე და ფრედი, რომ ბრიჯიტი ჩვენს ნაცვლად უნდა გაწირონ.

ის მსახურები კი ალბათ იმიტომ გამოამწყვდია, რომ მათ გაიგეს ეს ამბავი…”

ელიზე ამ ნაწერებმა ძალიან იმოქმედა, მაგრამ ვერ სწყდებოდა მათ. ძალიან უცნაური შეგრძნება ჰქონდა. თითქოს ისიც იმ დროში მოხვდა და ეგონა, რომ სალივანი სადღაც იქვე იმალებოდა…

– “იქნებ ის საწყალი ბრიჯიტი ამ ბორბალზე გააკრეს და ეს შუბი მას გულში შეერჭო… ნეტა რამდენი უბედური გოგონა მოკლეს ამ საშინელ ადგილას?”

ელის მთელი სხეული უკანკალებდა. აკლდამაში გამეფებული სამარისებური სიჩუმეც კი აშინებდა. როგორც დღიურში ეწერა, ელიც იმავე დარბაზში მოხვდა, სადაც სალივანი… თუ ეს აკლდამის ქვედა სართული იყო, სადღაც უნდა ყოფილიყო ასასვლელი ზედა სართულზე. თუ ელი ზემოთ მოხვდებოდა, მის ყვირილს ეზოში მყოფნი გაიგებდნენ…

ელიმ აკლდამა კარგად დაათვალიერა, მაგრამ ვერც კიბე ნახა სადმე და ვერც სხვა გასასვლელი.

– ისევ იმ ადგილზე უნდა დავბრუნდე და სხვა გვირაბით წავიდე. ან ქოხში ამოვალ, ან ტბასთან… თუმცა ტბის შესახებ არაფერი მსმენია! არავის უხსენებია სახლის სიახლოვეს ტბა…

ელიმ უკანასკნელი გადარჩენილი ფრაგმენტიც წაიკითხა დღიურიდან:

” ყველაფერი იმ ტბის გამო მოხდა! როგორც ჩანს, მარტო ეს სახლი არ არის დაწყევლილი… ტყუილად არ ეშინია სოფლის მოსახლეობას იმ ტბისა. მოხუცები ყვებიან, რომ ტბამ ძალიან ბევრი ადამიანის სული წაიყვანა. მის ფსკერზე ასობით დამხრჩვალი ადამიანის სხეული განისვენებს, რომლებიც სამუდამოდ რჩებიან სიღრმეებში და ზედაპირზე არასოდეს ამოდიან.

ლეგენდის მიხედვით, თურმე ყველას, ვინც ტყეში იკარგება, ახალგაზრდა ლამაზი ქალი ხვდება და ცრუ გზას აჩვენებს მათ. ის გზა მკვდარ ტბასთან მიდის. ვფიქრობ, ის ქალი იგივე ალქაჯია, რომელმაც ჩვენი მოდგმა დაწყევლა.

კიდევ, იმასაც ყვებიან, რომ მამაკაცები, ტბასთან გავლისას ახალგაზრდა ლამაზ ქალს ხედავენ, რომელიც წყალში იხრჩობა და შველას ითხოვს. ვინც მის საშველად შედის, უკან აღარ გამოდის.

ამბობენ, ერთ მოხუცს უნახავს ის ქალი, მაგრამ სასწრაფოდ მოშორებია ტბას და გორაკზე ასულა. ზემოდან რომ გადმოუხედავს ტბისთვის, ქალი ვეღარ დაუნახავს, სამაგიეროდ, წყალში მოჩანდა ადამიანების თვალები, რომლებიც ქვემოდან ზევით იყურებოდნენ…

ტბის გარშემო ტყეც ძალიან სხვანაირია. ბრიჯიტს რომ მივყავდით, ტყის ხმაური ნელ-ნელა კლებულობდა, ხოლო, როდესაც ტბას მივუახლოვდით, სამარისებურ სიჩუმეში გადავიდა. ტბის გარშემო ხეებიც და მცენარეებიც უსიცოცხლო იყო.

ტომასმა გვითხრა, რომ ტბის ნაპირას წყალი თბილია, მაგრამ ოდნავ თუ გაცურავ, ყინულივით ცივი მოგეჩვენება. თითქოს რაღაც დინება გიზიდავს ტბის ცენტრისაკენ. ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ წყალში მარტო არა ხარ. თითქოს იქ, შენ გარდა, კიდევ ვიღაც არის და გითვალთვალებს…”

ელიმ დღიური ქამარში, მუცელთან ჩაიდო, ზემოდან მაისური გადმოიფარა და იმ ადგილზე დაბრუნდა, სადაც გვირაბი ოთხ ნაწილად იყოფოდა.

ამჯერად სხვა გასასვლელი აირჩია და გზა განაგრძო. ეს გვირაბი ისეთი ვიწრო იყო, რომ ერთი ადამიანიც გაჭირვებით გაივლიდა. ელის მოეჩვენა, რომ თითქოს გვირაბი ნელ-ნელა ზემოთ ადიოდა. უცებ ფეხი რაღაც სველში ჩადგა. ელიმ ფარანი აანთო და ნახა, რომ წყალში იდგა. რაც უფრო წინ მიიწევდა, წყალი სულ უფრო მატულობდა. მუხლამდე რომ შევიდა, ელიმ ფარანი პირდაპირ მიანათა. გვირაბს დასასრული არ უჩანდა.

– “ალბათ, ეს გვირაბია, რომელიც იმ ტბასთან ამოდის… დღიურში არ ეწერა, რომ იმ ბავშვმა წყალში გაცურა… ალბათ მოგვიანებით დაიტბორა. აჯობებს, უკან დავბრუნდე…”

გაიფიქრა ელიმ და უკან გამობრუნდა. ყველაზე მეტად ის უნდოდა, რომ უცებ გაღვიძებოდა და თავის ოთახში აღმოჩენილიყო… მანსარდაში… მეგისთან ერთად.

თავისი ოთახი წარმოიდგინა და გულში სითბო ჩაეღვარა. თვალწინ ის სურათი წარმოუდგა, როდესაც პირველად დაინახა მეთი სოფიას სახლის ეზოში, შეშას რომ ჩეხდა, წელზევით შიშველი…

ელი გვირაბში მიდიოდა და საკუთარი თავისადმი სიბრალულისა და დაუცველობის გამო ცრემლები მოსდიოდა. უეცრად შორიდან რაღაც ხმაური მოესმა. ელი შეჩერდა და მიაყურადა. საკუთარი გულისცემა ყველაზე მკაფიოდ ესმოდა.

ისევ მოესმა უცნაური ხმა, რომელიც ექომ გაიმეორა. ელის შიშისაგან ყველაფერი დაავიწყდა. გვირაბის კედელს ზურგით აეკრა და გაშეშდა.

21. მეცამეტე საკანი

ელი მხოლოდ მაშინ დაიძრა ადგილიდან, როდესაც ხმაური შეწყდა. ის ძალიან ფრთხილად მიდიოდა გზაჯვარედინისკენ.

ხმაური რამდენჯერმე განმეორდა. თავიდან რაღაც ცხოველის ღმუილს ჰგავდა, მაგრამ რაც უფრო წინ მიიწევდა ელი, ხმა მით უფრო იწმინდებოდა და უფრო გარკვევით ისმოდა.

ელიმ მამაკაცის ხმა გაარჩია…

– არის აქ ვინმე?..

გვირაბის ექო ხმას იმეორებდა და ამახინჯებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ელიმ მაინც იცნო კარგად ნაცნობი ხმის ტემბრი…

– მეთ… შენ ხარ?

რაც შეეძლო ხმამაღლა დაიყვირა ელიმ. ექომ მისი ხმაც გაიმეორა… როდესაც სიჩუმე ჩამოვარდა, პასუხად ისევ გაისმა:

– ელიიი…

ელი გაურკვეველმა ემოციამ მოიცვა. ეს გრძნობა, თითქოს ყველაფერი ერთად იყო: სიხარული, შიში, გადარჩენისთვის ბრძოლის სურვილი, უკანასკნელი იმედი, გვირაბის ბოლოს გამოჩენილი სინათლე… – ეს მეთიუ იყო…

– მეთ… სად ხარ?

ელის ეჩვენებოდა, რომ თითქოს ხმა ერთდროულად ოთხივე გვირაბიდან გამოდიოდა.

– მეცამეტე საკანში, ელი…

– აქ მხოლოდ თორმეტი საკანია… სად არის მეცამეტე, მეთ? საით წამოვიდე?

– მოკლე… ფრაზებით… ილაპარაკე…. ვერ ვარჩევ… სიტყვებს… შორის… პაუზები… გააკეთე…
მეთის ხმა წყვეტილად ისმოდა.

– სად არის… მეცამეტე… საკანი?

– არ ვიცი…

ელიმ დღიური ამოიღო, წაშლილი ფურცლები ამოხია და იმ გვირაბის შესასვლელებში დაყარა, სადაც უკვე იყო.

ელის მესამე და მეოთხე გვირაბი დარჩა სანახავი. მესამე გვირაბი ყველაზე კარგად იყო განათებული. ელის შიში დაავიწყდა და ძალიან სწრაფად მიდიოდა. თითქმის მირბოდა.

გვირაბი, საბედნიეროდ, ყველაზე მოკლე აღმოჩნდა. ის მხოლოდ ერთხელ უხვევდა მარცხნივ და იქვე მთავრდებოდა. მოსახვევიდან ყვითელი სინათლე გამოდიოდა.

ელიმ შეუხვია თუ არა, საკანი დაინახა, რომლის გისოსებიან კართან მეთიუ იდგა…

– ელი… შენ ხარ? ჩქარა მითხარი, კარგად ხარ?

მეთიუმ გისოსებიდან ხელი გამოყო, რომ ელის შეხებოდა. ელი გისოსებს მიუახლოვდა.

– ვიცოდი, რომ ცოცხალი იყავი…

მეთიუ ხელით სახეზე ნაზად შეეხო მას.

– ყველაფერი სხვანაირად უნდა ყოფილიყო… გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, ელი… შენ აქ არ უნდა იყო! არც მე უნდა ვიყო აქ…

– მთავარია, რომ გიპოვე… როგორმე უნდა გავიქცეთ! მითხარი, როგორ გავაღო ეს კარი…

– კარს მექანიზმი აღებს, მაგრამ არ ვიცი საიდან. რაცია თან გაქვს?

– არა! რაცია ოთახში დავტოვე…

– მისმინე, ელ! – გაიქეცი! სასწრაფოდ გაიქეცი… სახლში დაბრუნდი და პოლიცია გამოიძახე. ჯონის მოუყევი ყველაფერი…

– ჯონი აქ არის, მეთ… სასტუმროშია და სავარაუდოდ, უკვე მეძებს! ალბათ, პოლიციაშიც დარეკავს…

– ჯონი აქ არის? შეიძლება ჯონიმ ვერ იპოვოს გვირაბში შემოსასვლელი კარი. ამდენი დრო არ გვაქვს, ელ… გაიქეცი და ანას უთხარი, რომ ამ საკანში ვარ გამომწყვდეული…

– ჯერ ერთი, უშენოდ არსად წავალ! მეორეც ერთი, ანას არაფერს ვეტყვი! აქ სწორედ მან შემომიტყუა! ანა და ვამპირი რონი… ისინი… შენ არ იცი და ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდი, რომ ანა და რონი…

– შეყვარებულები არიან…

ელის ნაცვლად დაასრულა ფრაზა მეთიუმ.

– საყვარლები… ასე ეძახიან, როდესაც გათხოვილი ქალი…

– ანა არ არის გათხოვილი…

– რა თქვი?

– ანა არ არის ჩემი ცოლი, ელი… ეს, უბრალოდ, სცენარი იყო…

– სცენარი?

სასოწარკვეთილი ხმით წამოიძახა ელიმ, რამოდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და კედელს ზურგით მიეყრდნო.

– შენ ამ შეთქმულების მონაწილე ხარ, მეთ? სამივემ ერთად მოაწყვეთ ყველაფერი?

– არა, არა! – ყველაფერს აგიხსნი… გახსოვს ის ღამე, ჩემთან რომ მოხვედი?

ელის გული საშინლად უცემდა.

– ის ღამე ყველაზე განსაკუთრებული იყო ჩემს ცხოვრებაში. მახსოვს, როდესაც პირველად დაგინახე… ფანჯარასთან იდექი. მერე მდინარეზე მოდიოდი ხოლმე… როგორ მინდოდა, შენთვის რამე მეთქვა, მაგრამ თითქოს რაღაც ჯადო მქონდა გაკეთებული, ელ… სიტყვასაც კი ვერ ვძრავდი…

მერე შენ თვითონ მოხვედი ჩემთან… მაგრამ იმ ღამესვე ყველაფერი შეიცვალა! სულ გამირბოდი… მიმახვედრე, რომ არ გინდოდა ჩემთან ურთიერთობა! ჩემი ბრალია, ვიცი… შეგაშინე ჩემი უცნაურობებით…

– მაინც ვერ ვხვდები…

– შარშან, ზაფხულში რამდენიმე დღით რომ წავედი…

– ანა რომ გაიცანი ტყეში?

– ანა გავიცანი, მაგრამ ტყეში არა! მაშინ ძალიან განადგურებული ვიყავი და “მდუმარე სასტუმროში” ჩამოვედი. ანა აქ მუშაობდა! – რონიც. ალესტერიც გავიცანი. მაშინ გავიგე, რომ პერსონალურ სცენარებს წერდნენ დამსვენებლებისთვის…

– და ანამ შენი ცოლობა გაითამაშა? მიზანს კარგად ვერ ვხვდები, მეთ… შენ გინდა თქვა, რომ ესეც სცენარია და მე ტყუილად ვინერვიულე ამდენი?

– არა, ელ… მეც არ ვიცი, მერე რა მოხდა! სცენარის მიხედვით, ანა უნდა დაბრუნებულიყო
სასტუმროდან და შენთვის ეთქვა, რომ მე დავიკარგე…

– ჩემი რეაქცია გაინტერესებდა? წამოვიდოდი თუ არა შენს მოსაძებნად?

– იცი, ელ… ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მე და შენ ბევრი საერთო გვქონდა… ვფიქრობ, რომ შინაგანად ვგავართ ერთმანეთს…

ელი გაოგნებული უსმენდა მეთს და ადგილიდან ვეღარ იძვროდა.

– ზოგჯერ არის მომენტები, როდესაც ჩვენ თვითონ ვერ ვხვდებით, თუ რა გვინდა სინამდვილეში… პატარა ბიძგი საჭიროა იმისთვის, რომ გავაცნობიეროთ…

– მეთ! შენ ამას პატარა ბიძგს ეძახი?..

– აქამდე არ უნდა მისულიყო საქმე! გახსოვს, პირველად ჭასთან მაქცია რომ ნახე? მერე, შენი ოთახის ფანჯრებს რომ უყურებდა?.. – ის მე ვიყავი, ელ…

– ქოხშიც?

ძლივს ამოილუღლუღა ელიმ.

– არა! ქოხში არ ვიცი, ვინ იყო… სცენარის მიხედვით, მე უნდა ვყოფილიყავი მაქციის ფორმაში და მალევე უნდა მომეხსნა ნიღაბი, მაგრამ მოვლენები სხვანაირად განვითარდა. ჩემი ოთახის კარის ღრიჭოდან ვიღაცამ წერილი შემოაცურა, რომელშიც ეწერა, რომ შენ აქ იყავი. ვიღაცამ განგებ შემომიტყუა ამ საკანში. შემოვედი თუ არა, კარი დაიკეტა…

– ეს ვის უნდა გაეკეთებინა? და რატომ?

– წარმოდგენა არ მაქვს, ვის ან რაში დასჭირდა ეს ყველაფერი! ვფიქრობ, ჩემს მოკვლას არ აპირებენ, რადგან ამას აქამდე გააკეთებდნენ. თანაც, ეს საკანი კეთილმოწყობილია, იმ თორმეტი საკნისაგან განსხვავებით. შეხედე, საწოლიც დგას, ტუალეტის კაბინაც… პატარა ლიფტის შახტაა, საიდანაც საჭმელს უშვებენ ზემოდან…

– იმაზე არ გიფიქრია, რომ შენ საუკეთესო კანდიდატი ხარ? არავინ დაგიწყებს ძებნას, ამხელა სახლი გაქვს, რომელსაც სიამოვნებით დაეპატრონება შენი ფიქტიური ცოლი და მისი საყვარელი?

– ეგეც ვიფიქრე, მაგრამ ანა სცენარის მიხედვით მოქმედებს. ვფიქრობ, რომ არ იცის, რომ მაქციის ფორმაში მე არ ვარ!

– მე არ მგონია ეგრე! სცენარის მიხედვით რომ არ ემოქმედა, გამოძიება დაადგენდა, რომ ანა დამნაშავეა! ასე სწორედ იმიტომ იქცევა, რომ კვალი დაფაროს. დაფიქრდი, მეთ! ნაიადაში ყველამ იცის, რომ ანა შენი ცოლია! ისიც იცი, რომ უახლოესი პოლიციის განყოფილება ჩვენი სოფლიდან საკმაოდ შორსაა. რაც შეეხება მისტერ ალესტერს, ის ჩემთან მიმართებაში ყოველთვის კეთილად იყო განწყობილი. მგონი, სწორედ მას უნდა შევატყობინოთ, რა ხდება მის სასტუმროში!

– შეიძლება მართალიც ხარ! ალესტერი აქაურობას თითქმის თერთმეტი წელია მართავს. აქ რომ ვიყავი, სასტუმროს შესახებ ბევრი რამ გავიგე…

– მფლობელი? რა იცი სასტუმროს მფლობელის შესახებ?

– ის, რაც სხვებმა! ანუ არაფერი…

– მე მგონია, რომ თვითონ ალესტერია მფლობელი და რაღაც მიზეზების გამო არ ამხელს ამას! შეხედე, აკლდამაში რა ვიპოვე…

ელიმ დღიური ამოიღო და გისოსებს შორის გააცურა.

– ვინ არის სალივანი?

– მგონი, აქაურობის წინა მეპატრონის შვილია! ნახატზე ვნახე… დღიურში წერს, რომ სასახლის პირველი მფლობელის გვარი ერთმა კუდიანმა დაწყევლა. მსხვერპლად შეწირვის რიტუალზეც წერს… ჰგონია, რომ ერთ-ერთი მსახური გოგონა, ბრიჯიტი, აქ გამოამწყვდიეს, იმისთვის, რომ მსხვერპლად შეეწირათ.

– და შენ იფიქრე, რომ შენი მსხვერპლად შეწირვა სჭირდებოდა ვინმეს?

– ყველაფერი ამაზე მიუთითებდა! მაგ დღიურში ამ გვირაბიდან გასასვლელებზეცაა საუბარი. ერთი რაღაც ტბასთან ამოდის, მაგრამ მე სასტუმროს სიახლოვეს ტბა არ მინახავს…

– ჭაობი… ის ჭაობი ადრე ტბა იყო, ელი…

– ჭაობი მახსოვს. იმ თამაშში ჯონის შეხვდა ჭაობი და მისმა მეწყვილე გოგონამ მითხრა, – კიდევ კარგი, ჭაობი არ შეგხვდაო… მაგ გვირაბში უკვე ვიყავი, მეთ, მაგრამ დატბორილია. ახლა ქოხისაკენ მისასვლელი გვირაბი დამრჩა სანახავი…

– დროს ნუღარ კარგავ, ელი… სასწრაფოდ გაიქეცი აქედან და ჯონი მოძებნე! პოლიციაში დარეკე…

– კარგი… მაგრამ ჯერ ამ კარის გაღებას ვცდი!

ელიმ გვირაბის კედლების თვალიერება დაიწყო, მაგრამ ვერაფერი იპოვა.

– ალბათ, საკნების კარების მექანიზმები ერთი კონკრეტული ადგილიდან იმართება! შეიძლება დაცვის ოთახიდან, სადაც კამერებს აკონტროლებენ…

– შეიძლება…

– მეთ, ვინ არის სცენარისტი?

– მხოლოდ ის ვიცი, რომ სასტუმროში არ იმყოფება. ინტერნეტით უგზავნის ხოლმე სცენარებს ალესტერს.

– პიტერი? პიტერი ვინ არის? გამომძიებელი რომ არ არის, მაგას მეც მივხვდი. ისიც სადღაც გაუჩინარდა…

– გამომძიებელი არ არის, რადგან პოლიციაში არავის დაურეკავს! სცენარში იყო გამომძიებელი, ოღონდ ეგ პიტერი აქ მერე ჩამოვიდა. ალბათ, სპეციალურად მოიწვიეს ამ როლისთვის… სიმართლე გითხრა, უკვე აღარ ვიცი, რა ვიფიქრო. მხოლოდ ის ვიცი, რომ მას აქ არ უმუშავია.

– პიტერი არ ტოვებს ბოროტმოქმედის შთაბეჭდილებას!

– იმედია, ვერ მიხვდებიან, ჯონი შენ გამო რომ ჩამოვიდა.

– ეგ არავინ იცის! ჯონი ტროლის ვაკანსიისთვის გამოცხადდა და მიიღეს… ანასთვისაც არაფერი მითქვამს! ჯონი ტროლის კოსტიუმის გარეშე არსად ჩნდება.

– იცის თავისი საქმე! ყოფილ სამხედროს ეგ არ შეეშლება!

– ჯონიზე ამბობ?

– არ იცოდი? არასოდეს უხსენებია შენთან?

– არა…

– საზღვაო ქვეითი იყო! – ელ, ოდესმე მაპატიებ ამ ყველაფერს?

– ყველაფერი ისე უცნაურად გადაიხლართა ერთმანეთში, რომ გონებაში ჯერ ვერ დავალაგე მოვლენები, მეთ… ისეთი მოულოდნელი იყო ჩემთვის ამის გაგება…

– ვიცი! ვიცოდი, რომ ვრისკავდი, რადგან შეიძლებოდა სამუდამოდ დამეკარგე!

– რატომ გაინტერესებდა, წამოვიდოდი თუ არა აქ შენს მოსაძებნად?

– იმიტომ, რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ, ელი.. მინდოდა, რომ შენ თვითონ მიმხვდარიყავი, გქონდა თუ არა ჩემ მიმართ რაიმე გრძნობა… მაინტერესებდა, შენთვის ვნიშნავდი თუ არა რამეს… ჯონის ბარში შეგატყვე, რომ არ გესიამოვნა ანას გამოჩენა… სამზარეულოში შეხვედი და აღარ გამოსულხარ. მანქანაშიც დაძაბული იყავი და ანამაც მითხრა, რომ როდესაც გესტუმრათ, უცნაურად იქცეოდი…

– მე ახლა გასასვლელს ვიპოვი, მეთ! მაგაზე ლაპარაკს მერეც მოვასწრებთ! აქედან გავაღწევ და მაშინვე პოლიციაში დავრეკავ! აუცილებლად დავბრუნდები…

– ფრთხილად იყავი…

ელი უკან გამობრუნდა. თავში ყველაფერი არეული ჰქონდა. ეგონა, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო და სადაცაა, გაეღვიძებოდა.

ამჯერად მეოთხე გვირაბს გაუყვა. ტბის გვირაბის მსგავსად, ესეც ძალიან გრძელი იყო. როგორც იქნა, ბოლოში გააღწია და ზევით ასასვლელი რკინის კიბე დაინახა. კიბეზე ფრთხილად ავიდა. მის თავზე ლუქი იყო, რომელზეც ისეთივე სიმბოლოები იყო ამოჭრილი, როგორიც აკლდამაში. ხვრელებიდან ქოხის ჭერი მოჩანდა.

ელი ჯერ მხრებით მიაწვა სახურავს, მაგრამ ვერ გააღო. შემდეგ მისი შემოტრიალება სცადა, რომ სიმბოლოები თანმიმდევრულად დაელაგებინა. ლუქი გაჭედილი იყო.

უცებ რაღაც ხმაური გაისმა.

– არის აქ ვინმე?

ხმა მამაკაცს ეკუთვნოდა.

– ლუქის ქვემოთ ვარ! მიშველეთ…

ნაბიჯების ხმა გაისმა. ვიღაც ქოხში დადიოდა.

– სად არის ლუქი? ილაპარაკეთ, რომ გიპოვოთ!

– არ ვიცი, სად არის… სადღაც ქოხშია. ჭერს ვხედავ…

ნაბიჯების ხმა მოახლოვდა და ბოლოს ვიღაცის ჩრდილი დაეცა ლუქს.

– ჩადით ქვევით და ლუქს მოშორდით! ვეცდები, გავაღო.

ელი ისევ კიბეზე დაეშვა და მოშორებით დადგა. გული საშინლად უცემდა. ის ვიღაც ლუქს დაეჯაჯგურა.

– სიმბოლოები თანმიმდევრობით უნდა იყოს განლაგებული! ნახევარი მთვარის გასწვრივ რქიანი ფიგურა უნდა მოთავსდეს!

ასძახა მას ელიმ. ცოტა ხანს კიდევ ისმოდა ხმაური. ბოლოს სახურავი ჭრიალით გაიღო.

22. ჯოჯოხეთის ძაღლი

ელის პასუხის მოლოდინში გული საშინლად უცემდა. ალესტერი ცოტა ხანს დუმდა. ბოლოს, როგორც იქნა, ხმა ამოიღო.
– იმ პერიოდში ძალიან ბევრი დამსვენებელი გვყავდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კაცი, რომელმაც ეს გააკეთა – მაკლ ბლეკ ტაიკა იყო…

– ვინ?..

– ეს არ იყო მისი ნამდვილი სახელი! მაკლ ბლეკ ტაიკას ჩრდილოეთ შოტლანდიაში “ჯოჯოხეთის ძაღლებს” ეძახიან… მითოლოგიური ცხოველია ასეთი, შავი ძაღლი ჯოჯოხეთური წითელი ცეცხლოვანი თვალებით… ვერ გეტყვი, რატომ შეარჩია მაინცდამაინც ეს სახელი… მხოლოდ ის ვიცი, რომ მარტო იყო ჩამოსული… ახლა კი ძალიან გთხოვ… გვირაბში დაბრუნდი! ნუ მაიძულებ, ძალა გამოვიყენო…

ელიმ მოულოდნელად მაგიდიდან ვისკის ბოთლი აიღო და მაგიდას ძლიერად დასცხო. შუშის ნამსხვრევები აქეთ-იქით მიმოიფანტა. ვისკი ფურცლებს გადაესხა…

– ერთ ნაბიჯსაც გადმოდგამთ და თვალებს ამოგთხრით!
დაიყვირა ელიმ და გატეხილი ბოთლი წინ გაიშვირა.

– შენ ალბათ არ იცი, რომ შავი ოთახებიდან ხმა არ გადის! ნუ გაართულებ სიტუაციას, შედი გვირაბში…

– საკუთარი ხელითაც ხომ არ გამოვიჭრა ყელი და საქმე გაგიადვილოთ, ალესტერ? თუ ჯერ მეთიუ მოვკლა?

– კარგი! მოდი ასე მოვიქცეთ… გვირაბში მე და შენ ერთად შევალთ და…

– და ეს რას მომცემს?.. არა, ალესტერ! ამჯერად ისე მოვიქცევით, როგორც მე ვიტყვი! ახლა თქვენ მაჩვენებთ, საიდან იღება მეცამეტე საკანი!

ალესტერმა ელისაკენ რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა. ელიმ უკან დაიხია.

– აი, ხედავ? ჩემი გეშინია! მაგ ბოთლსაც სულ ტყუილად იქნევ…

– არ მომიახლოვდეთ!

– ვისი იმედი გაქვს, ელი? აქ ვერავინ დაგეხმარება! ის გამომძიებელიც კი არ არის ნამდვილი…

– დარწმუნებული ხართ, რომ იცით, ვინ არის პიტერი?

– ამას რატომ მეუბნები? გინდა შემაშინო და ყურადღება სხვა რამეზე გადამატანინო? რა თქმა უნდა, ვიცი, ვინ არის პიტერი… პიტერი მსახიობია!

– დარწმუნებული ხართ, რომ პიტერი მსახიობია? გინახავთ მისი მონაწილეობით რაიმე ფილმი ან სპექტაკლი?

– დროის გაყვანას ცდილობ, ელი! მე კიდევ მოთმინების ფიალა ამევსო… დამეთანხმები, რომ ყოველთვის შეიძლება მოლაპარაკება…

– რა თქმა უნდა! დარწმუნებული ვარ, მეთიუსთანაც სცადეთ!

– ახლა უკვე ვიცი, რაც შემიძლია შემოგთავაზოთ! თუ მეთიუ თანახმა იქნება, რომ სასტუმროზე უარი თქვას, მაშინ ორივეს ხვალვე გაგიშვებთ ლუიზიანაში. იქ პატარა სახლი მაქვს, რომელსაც სიამოვნებით დაგითმობთ სანაცვლოდ…

– რატომ უნდა დაგიჯეროთ?

– უკვე გითხარი, მკვლელი არა ვარ! გარდა ამისა, სხვა გამოსავალი მაინც არ გაქვს, ელი… შენ აქ სრულიად მარტო ხარ!

– ეს შენ ფიქრობ ასე…

მოულოდნელად მამაკაცის ხმა გაისმა. ალესტერი შეკრთა და ხმის მიმართულებით შებრუნდა.

გვირაბის გაღებულ კართან პიტერი იდგა.

– პიტ? შენ აქ რას აკეთებ?.. მანდ როგორ მოხვდი?

ალესტერს ხმაში შიში შეეპარა.

– ერთი დაუსრულებელი საქმე დამრჩა აქ და დავბრუნდი, ალესტერ!

– სად არის მეთი?

ჰკითხა ელიმ და გაღებულ კარს გახედა.

– ვერ გამოვიყვანე საკნიდან, მაგრამ არა უშავს… ახლა მისტერ ალესტერი თავად გააკეთებს ამას!

პიტერმა ხელი შარვლისაკენ წაიღო და კაბურადან პისტოლეტი ამოიღო. ალესტერი გაფითრებული იდგა და პიტერს შეჰყურებდა.

– რას აპირებ? რად გინდა ეგ იარაღი?.. თუ თანხა გეცოტავა, შემიძლია…

– თანხა არაფერ შუაშია! სანამ რამეს აგიხსნიდე, აჯობებს, პირველ რიგში, საკანი გააღო! მერე პოლიციას ჩაბარდები და ყველაფერს აღიარებ!

– მგონი, როლებში ძალიან ღრმად შეიჭერი, ბიჭუნავ! თავი მართლა გამომძიებლად წარმოიდგინე?.. გგონია, ყველაფერი იცი… ერევი იქ, სადაც შენი ადგილი არ არის!

გაბრაზებული ალესტერი ცენტრალური კარისაკენ გაემართა.

– შენს ადგილზე მაგას არ გავაკეთებდი!

– რას იზამ? მესვრი?

– თუ საჭირო გახდა!

– ძალიან მეეჭვება!

– როგორ თქვი? შავი ოთახები ისეა აშენებული, რომ ხმა არ გადისო?

ალესტერი კართან შეჩერდა.

– შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს, რამხელა ძალაუფლებას ფლობს ამ სასტუმროს მფლობელი… მე თუ ავლაპარაკდი, მან იცის, რომ კარგი დღე არც მას დაადგება. წლების წინ მომხდარი მკვლელობა ამოტივტივდება და მის კარიერას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. ასე რომ, თუ გაიგო, რომ ვიღაც ლაწირაკმა თავი მოსამართლედ წარმოიდგინა და…

– “ვიღაც ლაწირაკი”, როგორც უწოდებ, იმ დიდი ძალაუფლების მქონე კაცის შვილია!

ამ სიტყვებით პიტერი ალესტერს მიუახლოვდა და თავისი პისტოლეტით ანიშნა, რომ გასაღები მაგიდაზე დაედო.

– მესმის, რომ ვისაც იარაღი აქვს, წესებსაც ის ადგენს, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია! ძალზედ მდიდარი წარმოსახვის უნარი გქონია, პიტერ!

– სალივანი მამაჩემია! სასტუმრო კი მეთიუ ნოელს მხოლოდ და მხოლოდ დანაშაულის შეგრძნებისა და სინდისის ქენჯნის გამო გადაუფორმა! შენ არაფერ შუაში ხარ, ალესტერ!

ალესტერი შეცბა და გაუბედავი მოძრაობით გასაღები პიტერს გაწვდილ ხელში ჩაუდო.

– სალივანის შვილი ხარ?.. კი მაგრამ, აქ რას აკეთებ? ან სინდისის ქენჯნა რა შუაშია?

ალესტერი დაბნეული იდგა და ადგილიდან ვერ იძვროდა.

– მეთიუ მამაჩემის უკანონო შვილია, რომლის არსებობასაც დღემდე ყველას გვიმალავდა! მამაჩემს წლების წინ საყვარელი ჰყავდა, რომელსაც სოლიდური თანხა ჩაურიცხა და სანაცვლოდ, აიძულა ქვეყანა დაეტოვებინა. როგორც ჩანს, მამაჩემს სცოდნია, რომ მშობიარობის შემდეგ დედამ ბავშვს თავისი გვარი მისცა, მაგრამ მისი დატოვება არ ისურვა და თავიდან მოიცილა “ზედმეტი ტვირთი”.

– ბავშვთა სახლში ჩააბარა!

ჩაილაპარაკა ელიმ და ბოთლი ძირს დააგდო. ალესტერი გაშტერებული იდგა.

– რატომ მაინცდამაინც ეს სასტუმრო? როცა ამხელა ქონებას ფლობს… წლების მანძილზე მე მისი ნდობით აღჭურვილი პირი ვიყავი! ჩვენ მოვილაპარაკეთ…

– მეთიუ ნაიადაში ცხოვრობს. ეს სასტუმრო კი მის სოფელთან საკმაოდ ახლოსაა. მეთიუს სიცოცხლის ბოლომდე ექნებოდა გარანტირებული შემოსავალი. ახლა კი მაჩვენე, საიდან იღება ის ოხერი საკანი!

– ჯერ გვირაბში უნდა შევიდეთ…

– მხოლოდ შენს შემდეგ!

ალესტერი უხალისოდ შევიდა გვირაბში. პიტერი და ელი უკან მიჰყვებოდნენ. თორმეტი საკანი გაიარეს და იმ ადგილთან გაჩერდნენ, სადაც გვირაბი ოთხ ნაწილად იყოფოდა. ალესტერი მეცამეტე საკნის მხარეს გაემართა.

– პიტერ… შენ იცოდი, რომ მეთიუ შენი ნახევარი ძმაა?

ჩურჩულით ჰკითხა ელიმ პიტერს.

– არ ვიცოდი, ელი… მამასთან დაძაბული ურთიერთობა მაქვს. ძალიან თავისებური კაცია… შემთხვევით ვნახე მის კაბინეტში საქაღალდე, რომელშიც მეთიუს შესახებ ყველანაირი ინფორმაცია იყო თავმოყრილი. ფაქტის წინაშე რომ დავაყენე, მხოლოდ მაშინ აღიარა! მთხოვა, დედასთვის არაფერი მეთქვა…

– აქ როგორ მოხვდი?

– საბუთები რომ ვიპოვე, მერე სცენარისტს დავუკავშირდი. მისგან გავიგე, რომ მსახიობს ეძებდა ალესტერი, ვინც გამომძიებლის როლს შეასრულებდა. ალესტერს არ ვყავდი ნანახი, შესაბამისად, ვერ მიცნობდა! იცი, მე ყოველთვის ვოცნებობდი, რომ და ან ძმა მყოლოდა, ელი. მე რომ გავჩნდი, დედას სისხლდენა დაეწყო და საშვილოსნო ამოაჭრეს. მამა იმდენად იყო გართული თავისი საქმიანობებით, რომ მთავარი რამ გამორჩა მხედველობიდან… ის, რომ მე და დედასაც, მის ფულზე მეტად, მისი ყურადღება და სითბო გვჭირდებოდა…

ალესტერი იმ საკანთან შეჩერდა, რომელშიც მეთიუ იყო გამომწყვდეული. მეთიუ გისოსებთან იდგა და სიძულვილით აღსავსე თვალებით უყურებდა მას.

ალესტერმა აგურები გადათვალა და ერთ-ერთს ხელით მიაწვა. აგური სიღრმეში შესრიალდა და ტკაცუნი გაისმა. საკანი გაიღო. მეთიუ გააფთრებული გამოვარდა და ალესტერს ეცა.

– მეთ, არ გინდა!

ელიმ მათი გაშველება სცადა.

– შეეშვი! ამ კაცმა თავისი წილი სასჯელი უკვე მიიღო!

უთხრა პიტერმა მეთიუს და ხელი გააშვებინა.

– მიიღო? ეს პირუტყვი ციხეში უნდა ჩალპეს!

– შედი შიგნით!

მიმართა ალესტერს პიტერმა და საკანზე მიუთითა. ალესტერი დაემორჩილა. საკანში შევიდა და საწოლზე მოწყვეტით დაეშვა. ცხვირიდან სისხლი სდიოდა.

– შენ კარგად ხარ, ელ?

მეთიუ ელისთან მივიდა და ხელი სახეზე ჩამოუსვა.

– კი… კარგად ვარ, მეთ!

– პოლიციაში დარეკეთ?

პიტერი ჩაფიქრებული სახით იდგა და ალესტერს უყურებდა.

– შენ ბევრი რამ არ იცი…

ჩაილაპარაკა პიტერმა. მეთიუმ საკნის კარები გაასრიალა და მიაჯახუნა. კარი ჩაიკეტა.

– იჯექი აქ პოლიციის მოსვლამდე!

მიაძახა ალესტერს და პიტერისაკენ შებრუნდა.

– ახლა უკვე ბევრი დრო გვექნება სალაპარაკოდ! მაგრამ, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადო დახმარებისთვის! შენ რომ არა, არც კი ვიცი, მე და ელის რა გველოდა აქ… მადლობა, მეგობარო!

მეთმა ხელი გაუწოდა პიტერს. მანაც ჩამოართვა.

– ახლა გისმენ!

– არ ვიცი, საიდან დავიწყო… დავიწყებ იქიდან, რომ მე აქაურობის მფლობელის, სალივან ბარლოუს კანონიერი შვილი ვარ! შენ კი… შენ, მეთიუ ნოელ… მისი უკანონო შვილი და ჩემი ძმა ხარ!

მეთიუს თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, გაოგნებული იდგა და დაბნეული იყურებოდა.

– და კიდევ, ამ სასტუმროს ახალი მფლობელიც… სწორედ ამიტომ გამოგამწყვდია ალესტერმა! მის გეგმებს უნებურად ხელი შეუშალე…

რამოდენიმე ხანი მეთიუ გაშეშებული იდგა. ბოლოს ძლივს მოახერხა სიტყვის დაძვრა.

– ეს ხუმრობა არ არის, ხომ? კი მაგრამ, როგორ?..

– შენ შარშან ზაფხულში იყავი აქ, როგორც სტუმარი… შენი მონაცემები ქსელში ნახა მამამ… სახელი, გვარი და ასაკი… დაბადების ადგილიც გაიგო, შემდეგ დედაშენის ვინაობა…

– რატომ არ მნახა? სანამ სასტუმროს მიანდერძებდა, რატომ თავად არ მითხრა ყველაფერი?..

– იმიტომ, რომ სალივანმა ეს მოვალეობის მოხდის მიზნით გააკეთა, სამწუხაროდ! ის ისეა დაკავებული თავისი საქმეებით, რომ ოჯახისთვის დრო არ რჩება, მეთ… ჩემთვისაც კი ვერ იცლიდა ვერასოდეს და არ იყო ჩემს გვერდით მაშინ, როცა მჭირდებოდა მამის მხარდაჭერა… მაგრამ, მიუხედავად ამისა, მე არ შემიძლია, რომ პატიმრობისთვის გავიმეტო…

– პატიმრობისთვის?

– მეთ… თერთმეტი წლის წინ აქ დედაჩემი მოკლეს… მისტერ ალესტერმა ეს იცოდა და დამალა… მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვფიქრობდით, რომ დედამ მიგვატოვა და სხვა მამაკაცთან ერთად გაიქცა. სინამდვილეში კი…

ელის ყელში ბურთი გაეჩხირა.

– ახლა რომელი სიმართლე გირჩევნია, ელი? ის, რომელიც იცოდი თუ ის, რომელიც ახლა გაიგე?

გამოსძახა საკნიდან ალესტერმა.

– შენ ჩუმად იყავი, ალესტერ! გეყო, რაც გააკეთე!

– რაც გავაკეთე, ერთადერთი სწორი გამოსავალი იყო, პიტერ! მიუხედავად იმისა, რომ მამაშენი მაშინ საშინლად გაცოფდა, ვიცი, რომ გულის სიღრმეში ჩემი მადლიერია, რომ სწორედ ასე მოვიქეცი…

– სად არის დედა?.. სად დამარხეთ?

ალესტერი საწოლიდან წამოდგა და გისოსებს მიუახლოვდა.

– გაინტერესებს?.. ალბათ საშინელებაა, როდესაც დედის საფლავთან ყვავილებს ვერ მიიტან, არა, ელი?

– მოგკლავ, შენ ნაძირალა!

დაიყვირა მეთიუმ და გისოსებს მუშტი დასცხო.

– პიტერს არ უნდა, რომ მე დამიჭირონ… არა, პიტ?.. არ უნდა, იმიტომ, რომ იცის, რომ მამამისსაც თან გავიყოლებ! ალბათ გეგმა გაქვს, პიტ! სიამოვნებით მოგისმენ…

– მითხარი, რომ ასე არ არის!

მეთიუ პიტერისაკენ შებრუნდა.

– მეთ… ალესტერისთვის ყველაზე დიდი სასჯელი ის იქნება, რომ სახლში ცარიელს მოუწევს დაბრუნება! ყველაფერს დაკარგავს! დედაჩემი ავად არის და ვერ გადაიტანს, მამა რომ დაიჭირონ…

– ამიტომ არ გამოიძახე პოლიცია, პიტერ?

ჰკითხა ელიმ და მეთიუს მხარზე ხელი დაადო.

– იმედი მაქვს, რომ გამიგებთ… რამდენად ძნელიც არ უნდა იყოს…

მეთიუ დიდხანს იდგა და ხმას არ იღებდა. ფიქრობდა. ბოლოს პიტერს მხარზე ხელი დაჰკრა და უთხრა:

– ერთბაშად იმდენი რამ შევიტყვე, რომ ახლა არ შემწევს უნარი, რაიმე გადაწყვეტილება მივიღო, პიტერ! გამიხარდა შენი გაცნობა! სასტუმრო არ მინდა! შეგიძლია გადასცე მამაშენს, რომ მოვალეობის მოხდის მიზნით გაკეთებული საჩუქარი არაფერში მჭირდება! მე და ელი გავემგზავრებით აქედან, რაც შეიძლება მალე… შენ ნებისმიერ დროს შეგიძლია ნაიადაში ჩამოსვლა…

– მეთ! შენი კარგად მესმის, მაგრამ ჩემი აზრით, სასტუმროზე უარი არ უნდა თქვა! სალივანი არ არის ისეთი ადამიანი, რომ ამ საქციელმა გული აუჩუყოს… ჩემი რჩევა იქნება, გამოიყენე ყველაფერი, რასაც შემოგთავაზებს!

გათენებული იყო, როდესაც მეთიუ და ელი “დაწყევლილ ქოხში” ამოვიდნენ და სასტუმროსკენ ერთად გაემართნენ. სურვილების ჭას როგორც კი მიუახლოვდნენ, შორიდან პოლიციის სირენის ხმა მოესმათ. სასტუმროს ეზოში ნისლი იყო, მაგრამ ელიმ მაინც შეძლო გაერჩია ჯონის სხეული, რომელიც მთავარი შესასვლელისაკენ მიემართებოდა.

24. ჭაობი

Image

სასტუმრო და მიმდებარე ტერიტორია მთლიანად ნისლში იყო გახვეული. საფლავების მხარეს რომ გაგეხედათ, იფიქრებდით, სადაცაა მიცვალებულები წამოდგებიანო…

სასტუმროს ბინადართ ჯერ კიდევ ეძინათ. ელიმ ჯონის ხმამაღლა დაუძახა და მისკენ სირბილით გაექანა. ჯონი მის ხმაზე შემობრუნდა და გახარებულმა წამოიყვირა:

– პატარა…

და თვითონაც დიდი ნაბიჯებით გამოემართა ელის შესახვედრად.

– სად იყავი? როგორ შემეშინდა! აშკარად ჩაიში ვიღაცამ ძილის წამალი ჩამიყარა… ეშმაკმა დალახვროს! მკვდარივით დამეძინა. გავიღვიძე თუ არა, ძებნა დაგიწყე… შენს ოთახში არ იყავი, ანას ეძინა…

– ვიცი, ჯონ! ყველაფერი დამთავრდა!

თქვა ელიმ და ჯონის ჩაეხუტა. ამ დროს მათ მეთიუც მიუახლოვდათ.

– მეთიუ?.. სად იყავი? რა შეგემთხვა?..

– გრძელი ამბავია, ჯონ… პოლიცია შენ გამოიძახე?

– რა თქმა უნდა! აბა, რას ვიზამდი? სადაცაა მოვლენ… აღარ იტყვით, რა მოხდა?

– ძალიან ჩახლართულია ყველაფერი! ალესტერის კაბინეტში, ნახატის უკან კიდევ ერთი შავი კარია, რომელიც საიდუმლო გვირაბში მიდის… ის გვირაბი აკლდამას უკავშირდება და რამდენიმე გასასვლელ-გამოსასვლელი აქვს! კიდევ საკნები…

– საკნები?

– ჰო! ძველი საკნებია… ერთ-ერთში იყო მეთი…

– ვინ გააკეთა ეს?

– ალესტერმა, ჯონ! ანას და რონის ყველაფერი სხვაგვარად ეგონათ… როგორც აღმოჩნდა, არ არიან დამნაშავეები…

ჯონი მეთიუს მიუბრუნდა.

– მოიცა, რას მეუბნები… ალესტერს რაში დასჭირდა შენი გამომწყვდევა?

– ჯონ, ყველაფერი ერთად რომ გითხრა, შეიძლება გულის შეტევა დაგემართოს! შინ რომ დავბრუნდებით, ყველაფერს დალაგებულად მოგიყვები. პოლიცია უკვე ძალიან ახლოსაა…

– რას აპირებ, მეთ? გაითვალისწინებ პიტერის თხოვნას?

ჰკითხა ელიმ და გალავანს გახედა.

– პიტერმა ჩემ გამო ძალიან გარისკა, მაგრამ მე არ მჭირდება იმ კაცის მოწყალება! საერთოდაც, ნაკლებად მაღელვებს, დაიჭერენ თუ არა სალივანს… ალესტერი კი იმსახურებს სასჯელს!

– პიტერი ძალიან კარგი ადამიანია, მეთ… და ვფიქრობ, რომ არ უნდა დაკარგო!

– არც ვაპირებ… მაგრამ არც ალესტერის გაშვებას ვაპირებ!

– ალესტერს თუ დაიჭერენ, სალივანსაც მიაყოლებენ და პიტერი…

– მესმის…

– ალესტერს თუ დაიჭერენ? “თუ” რად უნდა მაგას, ელი? იმის თქმა გინდა, რომ გაიქცა?

– არა, ჯონ! საკანშია და პიტერიც მასთანაა… მეთი ამ სასტუმროს მფლობელის შვილი აღმოჩნდა… ისევე, როგორც პიტერი… სალივანს უნახავს მეთიუ სტუმრების სიაში, გასულ ზაფხულს და გადაწყვიტა, სასტუმრო მისთვის ეჩუქებინა.

– სალივანის შვილი?

ჯონიმ გაკვირვებისაგან თვალები დააჭყიტა.

– და ალესტერს ეს არ აწყობდა, როგორც მივხვდი…

– ჰო…

– ალესტერის დაპატიმრება რას აფუჭებს?

– ალესტერს თუ დაიჭერენ, პოლიციას ეტყვის, რომ წლების წინ ამ სასტუმროში დედაჩემი მოკლეს… მან და სალივანმა მაშინ ეს ამბავი არ გაამჟღავნეს იმის შიშით, რომ სასტუმრო რეიტინგს დაკარგავდა…

– რეებს მეუბნები, პატარა? დედაშენს აქ რა უნდოდა?

– წერილი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, იმ კაცის დაწერილი იყო, ვინც…

ელის თვალები აუწყლიანდა. გაჩუმდა და ღრმად ამოისუნთქა.

– წარმომიდგენია, რას განიცდი… მით უმეტეს უნდა ვუთხრათ სიმართლე პოლიციას!

მეთიუ ჩაფიქრებული იდგა და ხმას არ იღებდა. პოლიციის სირენის ხმა უფრო და უფრო ახლოვდებოდა.

– ჯონ, რა თქვი, როცა პოლიციაში დარეკე?

– ვთქვი, რომ ერთ-ერთ აქ მომუშავე გოგონას უბედურება შეემთხვა! მანამდე კი ერთი სტუმარი დაიკარგა…

– ხომ არ ვთქვათ, რომ გაუქმებული გვირაბის კარი შემთხვევით ჩამეკეტა და ვერ გამოვდიოდი, რომ ცრუ განგაში იყო?..

– მაპატიე, ელ… მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მე უნდა გადავწყვიტო! პოლიციას სიმართლეს ვეტყვით!

– კარგი, მეთ… მაშინ მე წავალ და პიტერს გავაფრთხილებ!

– მარტო არსად არ წახვალ!

– ალესტერი საკანშია! იქ არაფერი მემუქრება, ჯონ! პიტერი უნდა გავაფრთხილო… მე ვიცი, როგორც ვეტყვი…

ელიმ პასუხს აღარ დაუცადა და ისევ ქოხისაკენ გაიქცა, რადგან ალესტერის კაბინეტის გასაღები არ ჰქონდა.

მეცამეტე საკანთან პიტერი აღარ დახვდა… ალესტერი ონკანთან იდგა და პირსახოცით სისხლს იშორებდა.

– სად არის პიტერი?

ალესტერმა გასისხლიანებული პირსახოცი იქვე დააგდო და გისოსებს მიუახლოვდა.

– მანქანის მოსაყვანად წავიდა…

– უნდა გაგაპაროს? გვიანაა! პოლიცია უკვე აქ არის და მეთიუ ყველაფერს იტყვის!

– იტყვის?.. ძმის თხოვნას არაფრად ჩააგდებს?
ირონიულად ჩაიღიმა ალესტერმა.

– ასე გადაწყვიტა!
ალესტერს პირზე დამცინავი ღიმილი გამოეხატა.

– შენ გამოსამშვიდობებლად მოხვედი?

– სად არის დედაჩემი?

– შენ ვერ იპოვი! მხოლოდ მე შემიძლია წაგიყვანო და განახო…

– რა ჭკვიანი ხარ, ალესტერ!

– ჭაობი ძალიან საშიში ადგილია! იქ თითქოს ყველაფერი გამოგონილი, არარეალურია… ხედავ მყარ ზედაპირს, ფეხს დადგამ და… განწირული ხარ დასაღუპად! რაც უფრო მეტად იბრძვი და ცდილობ თავის დაღწევას, მით უფრო მეტად გითრევს ფსკერისკენ…

– დედას სხეული ჭაობში ჩააგდეთ?

ელის გული შეეკუმშა.

– კიდევ ერთხელ გიმეორებ, ელი… შენ ძალიან ცუდი წარმოდგენა გაქვს ჩემზე…

– მაშინ დამიმტკიცე საპირისპირო და მითხარი, სად არის დედა?!

– დედაშენი დავასაფლავე! საფლავის ქვა ან რაიმე ნიშანი არ არსებობს! ადგილი, სადაც საბრალო ნორა…

– კეიტი…

– კეიტი არის დასაფლავებული, მხოლოდ მე ვიცი და თუ ახლა პოლიცია ამიყვანს, ეს საიდუმლო ჩემთან ერთად დაიმარხება! სიცოცხლის ბოლო წუთამდე უარვყოფ ყველაფერს… შენ უკანასკნელი შანსი გაქვს, ელი… კარგად დაფიქრდი! იმსახურებდა დედაშენი იმას, რომ მის საფლავზე ვერასოდეს მისულიყო საკუთარი შვილი?..

– გარეწარი ხარ, ალესტერ! იცი, რა არის ჩემთვის ყველაზე საკრალური და შანტაჟს მიწყობ…

– ის, რაც შენთვის ყველაზე საკრალურია, ჩემთვის გადარჩენის ერთადერთი შანსია, ელი… კანონზომიერებად მიგაჩნია ის, რომ დედაშენი მიწაშია და მისი მკვლელი თავისუფლად დაიარება?

– თქვენ… იცით, სად არის… ის?..

– გამიღე კარი და შენ მიიღებ დედის საფლავს, მისი მკვლელის ვინაობას და ადგილსამყოფელს… ძალიან კარგ გარიგებას გთავაზობ! დაფიქრდი…

ელიმ ცრემლები შეიმშრალა და კედელს მიუახლოვდა.

– თუ გაქცევას დააპირებ, ყვირილს ავტეხავ და დამიჯერე, სასტუმროს ეზოში პოლიცია გაიგებს ჩემს ხმას! შორს ვერ გაიქცევი… ამავდროულად, მე შემიძლია, მათ კვალი ავურიო…

– გარანტია მჭირდება! მაშინ ასე მოვიქცეთ! მე ჯერ დედის საფლავთან წაგიყვან… იქ ერთმანეთს დავემშვიდობებით! მერე შენ დაბრუნდები და იტყვი, რომ როდესაც აქ მოხვედი, კარი ღია დაგხვდა. მე აღარ ვიყავი! როგორც კი სამშვიდობოს ვიქნები, ელექტრონულ ფოსტაზე გამოგიგზავნი ყველაფერს ტაიკას შესახებ!

– რატომ უნდა დაგიჯერო?

– იმიტომ, რომ ეგ ინფორმაცია ჩემთვის არაფერს წარმოადგენს! მისი დამალვა არაფერში მჭირდება! თუ კეიტის სხეულის ექსპერტიზა რამეს დაამტკიცებს და მის მკვლელს დაიჭერენ, კიდევ უკეთესი…

– რომელ აგურს უნდა მივაწვე, რომ საკანი გაიღოს?

***

ქოხიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში იყო ჭაობი. აქ ყველაფერი მართლა არარეალურს ჰგავდა. წყლის ზედაპირი გაქვავებულივით იყო, არ იძვროდა. ზემოდან მწვანე საფარი ჰქონდა გადაკრული. დაუკვირვებელ თვალს, შესაძლოა, მართლა მყარ ზედაპირად მიეღო და მოულოდნელად წყალში აღმოჩენილიყო.

ალესტერი ჭაობს მიუყვებოდა. დროდადრო ჩერდებოდა, აკვირდებოდა ყველაფერს… ხეებს გადათვლიდა და ისევ აგრძელებდა გზას. ელი კი უკან მისდევდა. როგორც იქნა, დაბალ ტირიფთან შეჩერდა და ტოტები ხელით გადასწია.

– აქ უნდა შევიდეთ!

– შენს შემდეგ!

ალესტერი ხის ტოტებში გაუჩინარდა. ელი უკან მიჰყვებოდა და გული ისე აჩქარებით უცემდა, თითქოს სადაცაა საგულედან ამოუვარდებაო. ალესტერი დიდ ლოდთან შეჩერდა და ელის დაუძახა.

– აი, აქ არის!

ელი მიწის იმ მონაკვეთს დააჩერდა, რომელიც ალესტერმა აჩვენა.

– ბილიკიდან, საიდანაც ჩვენ მოვედით, მეოთხე ტირიფის ხე უნდა გადათვალო. შემდეგ აქ შემოუხვევ და ამ ქვას ნახავ… რაც შეეხება ტაიკას, მას ლუიზიანაში იპოვი! ზუსტ მისამართს, როგორც შევთანხმდით, ფოსტით გამოგიგზავნი! ახლა უნდა წავიდე. მადლობა, ელი…

ალესტერი ხეებს მიეფარა. როდესაც ელი სურვილების ჭასთან დაბრუნდა, დაინახა, რომ სასტუმროს ეზო სავსე იყო ხალხით.

ყველას ეღვიძა. პოლიციის მანქანაც ეზოში იდგა. ანას ხალათი მოეცვა და შეშინებული თვალებით იყურებოდა. ელიმ გამბედაობა მოიკრიბა და მანქანისაკენ გაემართა.

***
დილიდან წვიმდა. ელი ვერანდაზე, მოქანავე სავარძელში იჯდა და თავის სახლს გაჰყურებდა. ბუნდოვნად მოჩანდა მეგის სილუეტი თავისი ყოფილი, მანსარდის ოთახიდან. სახლიდან მეთიუ გამოვიდა. მას ხელში ორი ჭიქა ეჭირა. ჭიქებიდან ორთქლი ამოდიოდა.

– ჩაიწიე…

მეთი ელის გვერდით დაჯდა და ჩაის ჭიქა მიაწოდა.

– მადლობა, მეთ… იცი, ახლა იმაზე ვფიქრობდი, როგორ იცვლება ყველაფერი… სულ რაღაც ერთი წლის წინ იმ ფანჯარასთან ვიდექი და ამ ვერანდას ვუყურებდი…

– მე ძალიან მომწონს ეს ცვლილება! ახლა უკვე აქ ხარ, ჩემს ვერანდაზე…

– მეთ… რაღაც მინდა გითხრა!.. რაღაც, რასაც აქამდე ვერ გეუბნებოდი… შენი რეაქციის მეშინოდა…

მეთიუმ ჩაი მოსვა და ჭიქა ძირს დადგა.

– ალესტერს შენ დაეხმარე გაქცევაში, ხომ?

ელი გაკვირვებული შებრუნდა მისკენ.

– პიტერმა გითხრა?

– არა… მე თვითონ მივხვდი…

გაიღიმა მეთიუმ და ელის ლოყაზე ნაზად ჩამოუსვა ხელი.

– და არ გაბრაზდი?..

– ალესტერმა სხვა გამოსავალი არ დაგიტოვა, ელ… მეც ასე მოვიქცეოდი, შენს ადგილას! სამაგიეროდ, კეიტს საფლავი აქვს, სადაც მისი ოჯახის წევრები მიდიან…

ელიმ მეთიუს მკერდზე თავი მიადო.

– მადლობა, მეთ… მადლობა ამისთვის…

– ელი… არასოდეს არაფერი დამიმალო, კარგი? მე ყოველთვის გაგიგებ და ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები! ასე რომ, თუ არის კიდევ რაღაც, რაც უნდა ვიცოდე, ბარემ მითხარი!

ელი წამიერად ჩაფიქრდა.

– უკვე ყველაფერი გითხარი! მეტი საიდუმლო არ მაქვს, მეთ! და ახლა ყველაზე ბედნიერი ვარ!

– მეც ძალიან ბედნიერი ვარ, ელ!.. ხვალ პიტერი ჩამოდის და სასტუმროს ახალი სეზონის გახსნა გვაქვს! იცი, ძალიან კარგი ჰქენი, რომ სასტუმროზე უარის თქმა გადამაფიქრებინე…

– შენ უფრო მეტიც გეკუთვნის, მეთ… აი, ნახავ, ხვალ რა გრანდიოზული გახსნა იქნება! ის მოწვეული სტუმრებიც დიდ როლს ითამაშებენ პიარ-კამპანიისთვის!

– მიხარია, რომ ასე დაინტერესდი და გსიამოვნებს, რასაც აკეთებ! შენ ყველაფერი გამოგივა, ელიზაბეტ ნოელ!

***

“მდუმარე სასტუმროს” ახალი სეზონის გახსნისათვის მზადება დილიდან დაიწყო. მთავარ დარბაზში თავი მოეყარა ყველა ზებუნებრივ არსებას. მათ შორის ბევრი ახალი პერსონაჟიც იყო… ელი მათ შორის მიმოდიოდა და ყველაფერს ამოწმებდა. მეთიუ პიტერის დასახვედრად იყო წასული.

ელი ალესტერის ყოფილ და მის ახალ კაბინეტში შევიდა, საწერი მაგიდის უჯრა გამოაღო და სალივანის დღიური გადაფურცლა. შემდეგ კედელს მიუახლოვდა და დედის სურათს მიაჩერდა, რომელიც ლამაზ ჩარჩოში იყო ჩასმული.

– მოწვეული სტუმრები დარბაზში იცდიან!

გაისმა დინამიკიდან, რომელიც მაღლა იყო ჩამოკიდებული. ელიმ დედის ნაქონი მედალიონი მოიხსნა, მაგიდაზე დადო, “თეთრი ქალის” კაბა შეისწორა და კაბინეტიდან გავიდა…

სტუმრებს შორის რამდენიმე ცნობილი კომპანიის პრეზიდენტიც იყო. ელიმ დარბაზი მოათვალიერა და მზერა პირქუშსახიან შუახნის მამაკაცზე შეაჩერა, რომელიც ბართან იდგა და ხელში ვისკის ჭიქა ეჭირა.

შემდეგ ლამაზად მოწყობილ პატარა სცენაზე ავიდა და სტუმრებს მიმართა:

– მოგესალმებით ყველას და მადლობას გიხდით მობრძანებისთვის! “მდუმარე სასტუმროს” ახალი მფლობელი ჰყავს, ამიტომ ბევრი რამ შეიცვალა… ახლა ბევრად მეტი პერსონაჟი გვყავს და რაც მთავარია, ძალიან მრავალფეროვანი სცენარები… ერთი სიტყვით, დამსვენებლებს მართლა დაუვიწყარი დღეები ელით! რაც შეეხება დღევანდელ დღეს, გახსნასთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ, მოგვეწვია ყველა ის ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც დაუსვენია აქ, სასტუმროს დაარსების დღიდან მოყოლებული…

სამი დღის განმავლობაში ხარჯებს სასტუმრო დაფარავს! დროის სასიამოვნოდ გატარებას გისურვებთ!

ელი სცენიდან ჩამოვიდა და ბარისაკენ გაემართა. ის კაცი ისევ იქ იდგა. ელის მიახლოებაზე თითქოს ოდნავ ანერვიულდა და მის კაბას მიაჩერდა. ელიმ გაუღიმა და ჩამოსართმევად ხელი გაუწოდა.

– მიხარია, რომ ჩამოხვედით, ჯოზეფ ეკლსტონ! იმედი მაქვს, მოგეწონებათ განახლებული სასტუმრო…

მის პასუხს აღარ დაელოდა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა ბარის უკანა კარისაკენ. როგორც კი კორიდორში აღმოჩნდა, შეჩერდა, ღრმად ამოისუნთქა და ჩაილაპარაკა:

– ძალიან მალე ისევ შევხვდებით, – მაკლ ბლეკ ტაიკა!

Advertisements

11 thoughts on “მდუმარე სასტუმრო

  1. Boloc momecona, dasacyisic da shuac. es ra oqro gvyavs exla vxdebi, avotoris saxit. Tea, apirebt cignad gamoushvat odesme tqveni es nacarmoebebi?

    me agfrtovanebuli var.

  2. როგორც სხვა ნაწარმოებები, ესეც ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.. დიდი მადლობა ქალბატონ ავტორს ასეთი საინტერესო და იდუმალი ისტორიისთვის 🙂

  3. ძალიან მომეწონა და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. რა თქმა უნდა აქ უფრო მეტი დიალოგი იყო, ვიდრე ჩემს რომელიმე ნაწარმოებშია ხოლმე, რაც მომეწონა. ყველაფერი კარგად იყო შეხამებული ერთმანეთს. მომეჩვენა ცოტა, რომ ნაკლები აღწერები იყო, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მომეწონა მაინც. პერსონაჟებთან ერთად განვიცდიდი და მიხაროდა. ვგულშემატკივრობდი ელის, რომ ამოეხსნა საიდუმლო. ისე ასე გადახლართულ ისტორიას არც ველოდი. შესანიშნავია და როგორც იქნა წავიკითხე ❤
    გადასარევი იყო ^_^

      • წიგნიდან უფრო გამიადვილდებოდა ამის წაკითხვა ^^ არაფრის ❤ ! ფანტაზია დიდი გაქვთ ნამდვილად და ძალიან მომწონს.
        წიგნი მინდა ^_^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s