ღია ბარათებზე გადატანილი გრძნობა

Image

მას შემდეგ, რაც სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩავაბარე, სულ სხვანაირად დავინახე სამყარო… ერთხელ ჩემმა ლექტორმა მითხრა: – „ეცადე, ყველაფერს მუშტრის თვალით უყუროო“ და მეც სწორედ იმ დღიდან „გავახილე თვალები“…
ვაკვირდებოდი ყველას და ყველაფერს… განსაკუთრებით ადამიანებს… და ეს თვისება დღემდე გამომყვა. ადამიანების უმრავლესობა უკმაყოფილო, სევდიანი, ჩაფიქრებული სახეებით დადის და სავარაუდოდ, თვითონ ვერც კი ხვდებიან ამას… ხანდახან, ისეთ უბრალო რამეზე ატეხენ ხოლმე ჩხუბს და დაუნდობლად გალანძღავენ ერთმანეთს, გაოცებული ვრჩები…
ამას ქვეყნის დაბალი ეკონომიკური მდგომარეობით ვხსნი, მაგრამ მაინც… მიუხედავად პრობლემებისა და სირთულეებისა, რომლებიც ყველა ადამიანის ცხოვრებაშია, ხომ შეგვიძლია, უფრო გულისხმიერები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ? ნუთუ ასე ძნელია, უბრალოდ გავუღიმოთ ერთმანეთს?.. განწყობა ხომ გადამდებია?
სწორედ ამიტომ ზეიმობს მსოფლიო – ჩახუტების საერთაშორისო დღეს, რათა სითბო და დადებითი ემოცია გაუზიარონ სრულიად უცნობ ადამიანებს… – და ეს ხომ არაჩვეულებრივია?
სწორედ ამიტომ მოვიდა ჩემს გულთან ახლოს ერთი ქალბატონის მიერ ღია ბარათებზე გადატანილი სითბო, რომელსაც ის უბრალოდ არიგებს…
***
`სწავლა სიბერემდეო~ და მაინ, ცხოვრება, რომ მასწავლებელია, ეგეთი ბრძენი სხვა არ მეგულება. ყველაზე დიდი `სიბრძნე სიცრუისა~ ერთმა ბრძენკაცმა ბრძანა: `ისე არავინ გვატყუებს, როგორც ჩვენ ვიტყუებთ საკუთარ თავს~ და მერე მცდარი ილუზიებით დიდხანს ვცხოვრობთ. არადა, ფეხის ადგმიდან მოყოლებული, გზადაგზა მიმოფანტულ `მარგალიტებს~ ვაგროვებთ `აზრთა კონად~ და გონების `ლარნაკში~ ვაწყობთ. არა აქვს მნიშნველობა, როდის `გამოვფხიზლდებით~, მთავარია, თვალი რომ აგვეხილება, კარგად გავარჩიოთ, რა არის ჩვენი საქციელის `მესაზღვრე~.
არჩევანი ჩვენზეა, სიხარული – ჩვენში.
და რადგან, `სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს~, გონიერება მკარნახობს, რა – როგორ, ვინ – რისთვის და ვის – რატომ…
ამიტომაც კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ
დრო – მათემატიკური სიზუსტით უნდა გათვალო – უძვირფასესია!!!
ღირსება – არასდროს, არავის გულისთვის არაფერში არ უნდა გაცვალო – ფასდაუდებელია!!!
სიყვარული – ყველგან უნდა გაავრცელო, რამდენიც საჭიროა!
ერთგულება – არ უნდა დაახურდავო – ხელშეუხებელია!!!
მეგობრობა – ასჯერ უნდა გაზომ-აწონო, რომ წონაში არ მოტყუვდე.
საქმე – საკუთარი შვილივით უნდა გიყვარდეს, სასურველი ნაყოფი რომ მოგცეს!!!
ოჯახი – ციხესიმაგრეა და მის სადარაჯოზე სულ ფხიზლად უნდა იდგე.
რწმენა – უდიდესი ძალაა, რაც გულით უნდა ატარო გასამხნევებლად და სანუგეშოდ.

დავბერდი და ახლა გავარკვიე, `რა, სად, როდის~ უნდა ვთქვა.
სიტყვა მარცვალია, რომელიც საღ ნიადაგში ხარობს და მხოლოდ ღმერთმა იცის, რა დროს გიბოძოს ღონე, რათა რაც დათესე, ის მოიმკა.

ასე `გავაბარათე~ ჩემთვის, შენთვის და ჩვენთვის, ჩემო მეგობრებო, სულ გამარჯვებული მენახეთ!
***

Image
– ეს პროექტის – „ეძიე ქალის“ მორიგი აღმოჩენა – მაკო ჯაოშვილია და თქვენ მას უნდა იცნობდეთ! ის, პროფესიით ბიოლოგი, საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტი, ივენთ-მენეჯერი და სამი შვილის დედაა.
მას თავისი ლექსები, ჩანახატები, მინიატიურები – მხატვარ ქეთი ყაზაიშვილის მიერ გაფორმებულ ბარათებზე გადააქვს – ეს ფორმა თავადვე მოიფიქრა.
„მთაში გაგიტაცებ. სუფთა ჰაერივით გვჭირდება სიმაღლეზე ასვლა. როგორც მთასავით შენობები პატარავდება ზემოდან გადმოხედვისას, შენი საზრუნავიც ასე იქნება. ხელში აგიყვან, რომ არ დამეღალო.
– ჩაგიკრავ გულში და აღარ გაგიშვებ. რაკი გიპოვნე. თუმცა არ გეძებდი, უბრალოდ გიცდიდი. გული გულს ცნობს.
– მაგ გულში გენაცვალე. მეტი რა ვართ ერთმანეთისთვის, მცირეოდენი სიხარული თუ ვერ გავიმეტეთ. შენი გულისთვის მთებს შევძრავ. ამდენი ხნის უჩემობას შეგიმსუბუქებ.
არ ვარ ჩვეული ასეთ ლოლიავს. შენ წინ იარე, მე უკან გამოგყვები. ტვირთაკიდებულს არასდროს დამიჩივლია და აწი რაღა მიჭირს.
– მაპატიე დაგვიანება. მადლობა უფალს, რომ შეგვახვედრა.
– ამის მოსმენა მთაში ამოსვლად მართლაც მიღირდა. რა მაგარია მთების ექო: – მიყვარხარ, მიიყვარხააარ, მიიიყვააარხააააარ!!!“
მაკო ჯაოშვილი:
თვითონ ეს ეპისტოლური ჟანრი, წერითი მიმართვის ფორმა ბავშვობიდან ძალიან ჩემეული იყო. მიადვილდებოდა ოჯახის წევრებთან ამ ფორმით ურთიერთობა. – დედას, მამას, ძმას – ყველას ასე ვწერდი ხოლმე წერილებს და ეს მერეც გამომყვა. ჩემი შვილები, სადმე რომ მიდიოდნენ ზაფხულში დასასვენებლად, ვატანდი ხოლმე წერილებს, რომლებსაც „დედის შეგონებებს“ ვარქმევდი. მე არ ვარქმევ ჩემს თავს პოეტს, უბრალოდ მაქვს პოეტური განწყობა.
როდესაც ჩემი პირველი შვილი პატარა იყო, ლექსი დავწერე. მან კითხვა ისწავლა, აღმოაჩინა ეს ლექსი და მითხრა, მეც დამიწერეო. იმ პერიოდში დედა გარდამეცვალა და ჩემი შვილისთვის დაწერილ ლექსში, ერთი ასეთი ფრაზა იყო: – „დედის თვალზე ცრემლს რომ ხედავ, გეტირება“…
ბავშვმა ეს რომ წაიკითხა, გადააგდო ფურცელი და მითხრა, არ მომწონს და არ წავიკითხავო. მას მერე ერთხანს აღარ ვწერდი. მოთხოვნილებაც არ მქონდა. ჩავთვალე, რომ ამ ყველაფერს გაგრძელება არ ეწერა. 10 წლის შემდეგ, როდესაც მესამე შვილი გავაჩინე, ისევ იფეთქა ამ გრძნობამ, მონატრებამ, სიყვარულმა და კვლავ დავუბრუნდი წერას.
ჩემი ნაწერები სიყვარულითაა გაჯერებული. გული ხომ ყველაფერს იტევს… – ღრმა ფილოსოფიური გაგებით.
ჩემი შინაგანი სამყარო მქონდა და პატარა ბლოკნოტი, რომელსაც გულის ჯიბით დავატარებდი. განვმარტოვდებოდი ხოლმე და ჩანაწერებს ვაკეთებდი. მერე ახლობლებმა შემაგულიანეს, შენი სათქმელი უნდა თქვაო და საბოლოოდ, გადავწყვიტე, რომ ჩემი ჩანაწერებისთვის წიგნის ფორმა კი არ მიმეცა, არამედ ბარათებზე გადამეტანა.
ძალიან მაინტერესებდა საკუთარი შესაძლებლობები, ამიტომ ჩავუღრმავდი საკუთარ თავს, მაინტერესებდა, რა შეიძლება გააკეთო, როცა აღმოაჩენ შენში ასეთ პოტენციალს. პროლოგში დავწერე, რომ მე გავბედე და ჩემი სათქმელი ვთქვი.
„ერთი პატარა წვეთია და გაგიკვირდება, რამხელა ძალა აქვს. ოღონდ თავად არც იცის. ერთ ჩვეულებრივ წვეთად მიაჩნია თავი. ფორმა-ზომით მართლაც ასეა. მაგრამ რა ზომისაცაა, იმხელა გული აქვს. ამაშია ალბათ მისი გულადობის საზომი.
ეს ერთი წვეთია პირთამდე სავსე ფიალიდან რომ გადმოდის. ეს ერთი წვეთია ჭუჭრუტანიდან რომ აღწევს. ეს ერთი წვეთია, მოსვენებას რომ გაკარგვინებს. ის წვეთია, ქვას რომ ხვრეტს, სულ რაღაც ერთი წვეთია, მოთმინებას რომ გაკარგვინებს.
წვეთი უძახე შენ და რამდენი რამ შესძლებია! იპოვნე ეგ წვეთი – შეძელი შეუძლებელი!
ბარათებზე ძალიან გულდასმით ვიმუშავე და მომაფიქრდა იდეა, შემდგარიყო ტანდემი. გავაკეთეთ ერთი პროექტი – „მსგავსი იზიდავს მსგავსს“, რომლის ფარგლებშიც მე და ქეთი ყაზაიშვილმა აღმოვაჩინეთ მსგავსება.
ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც შენს თავში იპოვნი ძალას, რომელიც სულიერად აგავსებს. ძალიან დიდ ბედნიერებას ვიღებ იმით, როდესაც ჩემს ბარათებს ვინმეს ვჩუქნი და ამით სითბოს ვავრცელებ. პატრიარქიც ხომ იმას გვეუბნება, უბრალოდ, ფურცელზე დაწერეთ კეთილი ფრაზები და ქუჩაში გაავრცელეთო… ამიტომაც, – „ისევ ვარიგებ ბარათებს“ და თუ ჩემი ნათქვამი სიტყვა ვინმეს ბედნიერად აგრძნობინებს თავს, მაშინ მე ორმაგად ბედნიერი ვიქნები.
„მზე ხომ არა ვარ, ყველა გავათბო. ვერც შევედრები,
მაგრამ ერთ სხივად ყოფნას მაინც, მზეს ვევედრები,
მზისებრ ნათებას რას გავბედავ, არ მაქვს უფლება
თქვენ რომ მზესავით დაგათბუნოთ, ამის მკლავს ნება.
თუკი რამ შევძელ, მხოლოდ მზისგან მომეცა ძალა
და უშურველად დავიხარჯები, არა მსურს დაღლა,
მზისკენ მავალი, სითბოს ვატარებ გულს დასადარად,
კვლავ მზის ამოსვლას შევეგებები იმედის დარად”.

Advertisements

One thought on “ღია ბარათებზე გადატანილი გრძნობა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s