როდესაც შენი შვილი შეყვარებულია

Image

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შვილის შეყვარებულობის პრობლემა, მეტ-ნაკლებად მაინც არსებობს. – რა არის დედის ეჭვიანობისა და ნერვიულობის მიზეზი? საიდან იწყება ეს პრობლემა და რა არის ამის მიზეზი, ამის შესახებ ფსიქოლოგი _ ნანა ჩაჩუა გვესაუბრება.
ნანა ჩაჩუა:
სიყვარული ინსტიქტის დონეზე მოცემული მაკონსტრუირებელი ფსიქიკური ენერგიაა. მიუხედავად იმისა, რომ სიყვარული ასე ცალსახად არ განიხილება და უფრო მეტიც, მას როგორც ქცევის ერთ-ერთ მადეორგანიზებელ ფაქტორადაც მოიაზრებენ, მისადმი მეცნიერული, რელიგიური თუ ყოფითი ინტერსი კაცობრიობას ყოველთვის გააჩნდა და გააჩნია. თუმცა, ტექნოლოგიურმა საზოგადოებამ სხვა ყველაფერთან ერთად სიყვარულის ვულგარიზებაც მეტნაკლებად მოახერხა. მაგრამ მას, როგორც ურთიერთობისა და საერთოდ თვითგამოხატვის პოზიტიურ მექანიზმს საბოლოოდ მაინც, ვერაფერი ვერ არღვევს.
სიყვარულის შესახებ არაერთი სამეცნიერო ლიტერატურაა შექმნილი. მათ შორის ამჯერად ერიხ ფრომის ,,სიყვარულის ხელოვნებას“ სიამოვნებით შევახსენებდი მკითხველს, რადგან მასში კონკრეტულად არის წარმოჩენილი ის საკითხები, რომელიც საკმაოდ აქტუალურ კითხვებს პასუხობს. ერიხ ფრომი სიყვარულის ერთ-ერთ ნიშნად ასახელებს ზრუნვას. ამასთანავე დახასიათებულია დედობრივი, მამობრივი, მოყვასისა და სიყვარულის სხვა სახეები.
ზრუნვა, როგორც მოდგმის დაცვის ინსტიქტის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი ერთნაირად ახასიათებს როგორც დედობრივ, ასევე მამობრივ ანუ მშობლის სიყვარულს, თუმცა დედობრივი სიყვარული უფრო მძაფრია და ამასთანავე, მამობრივი სიყვარულის მსგავსად მესაკუთრის სიმპტომსაც მოიცავს.
ბიოლოგიური ჭიპლარის გადაჭრამდე ზრუნავს დედა მუცლად მყოფ ჩვილზე, მაგრამ როცა ნაყოფი ტოვებს დედის წიაღს მიჯაწვულობა იმდენად ძალაში რჩება, რომ დედა-შვილის სიმბიოზურ კავშირი მაინც დიდხანს გრძელდება. ბიოლოგიური ინსტინქტები გარკვეული პერიოდის შემდეგ, ცხადია უნდა გადავიდეს სოციალურ ვალდებულებებში. თუ ეს არ მოხდება, მაშინ პრობლემაა და ის ფსიქოლოგიური ჭიპლარი, რომელიც დედასა და შვილს შორის არსებობს, ფაქტიურად გადაუჭრელი რჩება. ანუ დედა ცდილობს, რომ შვილი ამყოფოს საკუთარ სივრცეში. მის მიერვე კონტროლირებულ გარემოში. ანუ მუცლად ყოფნის მდგომარეობის ფსიქოლოგიის შენარჩუნების იმპულსი სოციალურ სივრცეშიც კი ძალას ინარჩუნებს.
2 წლის ასაკიდან, როდესაც ბავშვი იწყებს სოციალიზაციისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმას, იწყება “მეს” ცნობიერების ჩამოყალიბების ეტაპი. ეს ეტაპი ბავშვმა უნდა გაიაროს. აქ თავს იჩენს პირველი ჯიუტობის ხანა. ბავშვი იღებს გარკვეულ წილად ინიციატივას, რომ მას ეკუთვნის ესა თუ ის საგანი, სათამაშო. ბავშვი ამბობს: _ “მე თვითონ”. თვითონ იჭერს ხელში კოვზს. ამ დროს, დედა ბავშვის ინიციატივას ზღუდავს იმით, რომ არ ანებებს ბავშვს თვითინიციატივის გამოხატვას იმის გათვალისწინებით, რომ პატარა ვერ მოახერხებს ამათუიმ მოქმედების ხარვეზების გარეშე წარმართვას, მაგ. ჩამოიწუწებს, დაეღვრება, წაიბორძიკებს და ა.შ.
სინამდვილეში, ეს არის ის პირველი ნაბიჯები, საიდანაც უნდა დაიწყოს თვითინიციატივისა და დამოუკიდებლობის განვითარება, საკუთარი ,,მე“-ს შეგრძნება. დედა-შვილის სიმბიოზური კავშირის დროში გახანგრძლივება როგორც დედის, ასევე ბავშვის არაპროდუქტიულობის ანუ პიროვნული მომწიფებულობის სერიოზულ შემაფერხებელ ფაქტორად იქცევა ხოლმე. სიმბიოზური კავშირის მეტამორფოზირება სოციალურ ურთიერთობებში ბავშვის განვითარების უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ეს არის ის სასიცოცხლო ენერგია ანუ იმ სიყვარულის გამოვლენა, რომლის შესახებაც პავლე მოციქული მიუთითებდა: ,,
სიყვარული გაძლევს მიმართულებას, საით გადადგა ნაბიჯი, რომ ყველაფერი კონსტრუქციულად წარიმართოს. ყოველ დროს და ყოველ სფეროში გამოვლენილი კონსტრუქციულობა საკუთარი თავის ქმნადობისაკენ არის მიმართული.
აქედან იწყება დისტანცირებისაკენ პირველი ნაბიჯები, რომელიც სახიფათო მიჯაჭვულობის პრობლემის მოხსნისაკენ არის მიმართული. შვილი უნდა მოსცილდეს დედის წიაღს და გააფართოვოს თავისი გრძნობების არეალი.
ბიჭუნა იწყებს ზრუნვას თანატოლ გოგონაზე, გოგონა ინსტინქტურად ავლენს შესაბამის რეაქციას, კეკლუცობს, თვალებს დახრის, იპრანჭება. ეს ყველაფერი, ამ სასიცოცხლო ენერგიის გამოვლინებაა. ნებისმიერი ხელისშემშლელი ფაქტორის მიმართ ბავშვი მეტად მგრძნობიარე ხდება და თუ საპასუხოდ (განსაკუთრებით მშობლებისაგან) დესტრუქციული შენიშვნა, დაცინვა ან მორალისტური შეგონება, მაშინ ითრგუნება ან ღია აგრესიით პასუხობს გარემოს.
დედა, რომელიც თავად არის რეალიზებული, უფრო იოლად უშვებს შვილს თავისი წიაღიდან. იმ შემთხვევაში, თუ დედა რეალიზებულია, როგორც ბიოლოგიურ, ასევე ფსიქოლოგიურ და სოციალურ დონეზე, მაშინ მას არ ექმნება პრობლემა, რომ თავისი წიაღიდან გაუშვას შვილი. ეს პროცესი წარიმართება უმტკივნეულოდ. შვილმა, ეს სასიცოცხლო ენერგია უნდა გაიტანოს გარეთ, განავრცოს, საპირისპირო სქესთან მიმართებაში და აგრეთვე იმ სოციალურ სივრცეში, სადაც მოღვაწეობს (სწავლა, შრომითი აქტივობა, შემოქმედებითი ან ნებისმიერი სხვა საქმიანობა).
თუ ეს პროცესი ვერ მიმდინარეობს ბუნებრივი გზით, მაშინ მშობელი შვილის შეყვარებულობას ტრაგიკულად განიცდის. ცნობიერებაში ამოტივტივდება ის კრიტერიუმები, რომლებიც შეიძლება მიუღებელი იყოს დედისათვის. მაგალითად, შვილის შეყვარებულის ფიზიკური მონაცემები, წარმომავლობა, სოციალური სტატუსი და ა.შ. ასეთი კრიტერიუმები კი ბევრი მოიძებნება.
რა არის ამ პრობლემის გამოსავალი?
იმის მზაობას, რომ ფსიქოლოგიური ჭიპლარი გადაიჭრას და შვილმა ცხოვრების გზა დამოუკიდებლად განაგრძოს, მშობელს აძლევს მისი რეალიზებულობა, რეალიზაციის ხარისხი.
შეიძლება დედა ბიოლოგიურ დონეზე არ იყოს რეალიზებული, მაგრამ იყოს სოციალურ დონეზე, ან ფსიქოლოგიურ დონეზე, _ ესეც საკმარისია. თუ სამივე დონეზე რეალიზებულია, პრობლემა აღარ იარსებებს. შვილის შეყვარებულობა დედისთვის არც ტრაგედია იქნება და არც განგაშის საფუძველი. ეს არის ძირითადი მიზეზი.
რა როლს თამაშობს ამაში კულტურა, მენტალიტეტი?
მენტალობის თემა ძალიან დიდ როლს თამაშობს. გასათვალისწინებელი და ძალიან მნიშვნელოვანია კულტურა. თავად კულტურა ეს არის შეგუების სტილი, ამიტომ, იქ სადაც ისტორიულად უკვე ჩამოყალიბებულია დედაშვილის დამოკიდებულებაში გარკვეული მიჯაჭვულობა, ეს კავშირი დიდხანს გრძელდება. მეტნაკლები ხარისხით ყველა ეთნოს აქვს ეს. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ საქართველოშია ასე, ეს არ არის მართალი, მეტნაკლებად ყვალგან არის ეს პრობლემა რაღაც დოზით. ხმელთა შუა ზღვის კულტურაში, აღმოსავლურ კულტურაში საერთოდ დამახასიათებელია ეს პრობლემა.
პოსტინდუსტრიულ პერიოდში, ადამიანები უფრო მეტად ახერხებენ რეალიზაციის მოხდენას. იმ პერიოდში, როდესაც ქალის სოციალური როლი კულტურაში ნაკლებად იყო, მაშინ ტრადიცია იცავდა ამ პრობლემისაგან. პოსტმოდერნისტულ ეპოქაში, რომელიც უკვე სახეზეა, ცხოვრება თავად გთავაზობს იმას, რომ ქალი იყოს დასაქმებული. მიეცეს სოციალური რეალიზაციის საშუალება.
თანდათან, ტრადიციად მკვიდრდება ის, რომ ოჯახები იყოს არა სამთაობიანი, არამედ იყოს ორთაობიანი, _ დედა და შვილი. დაქორწინების მერე კი, უმჯობესია წყვილმა ცალკე იცხოვროს. მაშინ, როცა იყო სამ და ოთხთაობიანი ოჯახები, ტრადიცია იცავდა ამ მიჯაჭვულობის პრობლემისაგან. ახლა ტრადიცია აღარ იცავს, შვილთან მიჯაჭვულობას აბალანსებს ის, რომ დედა არის სოციალურად აქტიური, გასულია სახლიდან.
შეიძლება ქალი იყოს დიასახლისი, მაგრამ ოჯახის წევრების სოციალური მოღვაწეობა მასთან იყოს იდენტიფიცირებული, გაიგივებული. დედა ჩართული იყოს მეუღლის ცხოვრების წესში, იღებდეს მონაწილეობას და გაიგივებული იყოს მის საქმიანობასთან.
თუ მარტოხელა დედაა, მაშინ შეიძლება ჩართული იყოს ფსიქოლოგიურად, მაგალითად იმ მოვლენებში, რაც ქვეყანაში ხდება. არ არის აუცილებელი ფიზიკური ჩართულობა მთავარი ფსიქოლოგიური ჩართულობაა. რეალიზაცია ხდება ფსიქოლოგიურ ჩართულობაშიც.
თანამედროვეობაში მე ვეღარ ვხედავ პრობლემას, რომ ჩემი შვილი შეყვარებულია. აქ უფრო მეტად ცოლ-ქმრის ურთიერთობის პრობლემაა. ცოლ-ქმრის შეგუების საკითხი უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე რძალ-დედამთილობის პრობლემა. ეპოქამ ეს საკითხი უკვე დაასრულა.
შვილი რომ ქორწინდება, აქ ასაკის ფსიქოლოგიურ განცდასაც აქვს ადგილი, რადგან მშობლები ძალიან ახალგაზრდები არიან ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ასაკის ფსიქოლოგიურმა განცდამ ძალიან გადაიწია. ანუ, 60 წლის ასაკის ადამიანის ფსიქოლოგიური ასაკი შეიძლება შეესაბამებოდეს 30 წელს. ფსიქოლოგიური ასაკი განისაზღვრება იმით, თუ რას საქმიანობს ადამიანი, რა სოციალური სტატუსი გააჩნია. ფსიქოლოგიური ასაკი არ შეესაბამება ასტრონომიულ ასაკს.
სასურველია, რომ რეალურად ახალგაზრდა ოჯახი და ფსიქოლოგიურად ახალგაზრდა ოჯახი იყვნენ ცალ-ცალკე, თავისთვის და სიყვარულს გამოხატავდნენ ზრუნვით. დისტანციურად.
როდესაც შვილი ღებულობს უპირობო სიყვარულს მშობლისაგან, ის გაცილებით უფრო მზად აღმოჩნდება ცხოვრების პირისპირ, ვიდრე ის, რომელიც არ ღებულობს სიყვარულს. იმიტომ რომ სიყვარული ის ენერგიაა, რომელიც ადამიანს კვებავს.
ბავშვმა უნდა მიიღოს სიყვარული, ზრუნვა და უზრუნველყოფის განცდაც, თუმცა ამ პროცესში მას მშობელმა პარალელურად დამოუკიდებლობის ქცევითი ჩვევები უნდა ჩამოუყალიბოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უყიდოს შოკოლადი, არ აჭამოს ნაყინი. კონტროლსა და ზრუნვას შორის როცა დაცულია ბალანსი, ზრუნვა ყოველთვის აღწევს თავის პოზიტიურ შედეგს.
ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ფონი, მაგრამ აქტიურობა ყველა შემთხვევაში აძლევს ქალს თვით დაჯერებულობას და თვით იდენტობას.

მე ვარ მე, შვილი არის შვილი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s