წინა – საახალწლო პოსტი

Image

თქვენი არ ვიცი და მე,  შობა-ახალი წელი, ჰოლივუდურ ფილმებში როა, ისეთი მიყვარს. მყუდრო სახლი, ანთებული ბუხარი, რომელზეც ფერადი წინდებია ჩამოკიდებული, დიდი და ლამაზი ნაძვის ხე და ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან (ან ორივე ერთად) მხიარულება დილამდე.

31 დეკემბერს, ისე ვიღლები ხოლმე, რომ ლამის 12 საათზე დამეძინოს. „ვიქენდებისა“ არ იყოს, რეცხავ, ალაგებ, წმენდ, აუთოვებ, საჭმელს ამზადებ, არადა დასვენების დღეები ჰქვია… რამდენჯერ მინატრია, კაცად დავბადებულიყავი… განსაკუთრებით კი, 31 დეკემბერს. – რა ჯობია, წამოვგორდებოდი დივანზე პულტით ხელში და საახალწლო გადაცემებს ვუყურებდი, მერე  მაგრამ ვინ მოგვცა მაგის ბედნიერება ჩვენ, ქალებს? მით უმეტეს, დიასახლისებს? პარალელურ რეჟიმში, ერთდროულად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი და 12 საათამდე  სუფრაც გაშლილი უნდა გვქონდეს…

რაღაცით, გამოცდის ჩაბარებას ჰგავს, ყველაფერი რომ უნდა მოასწრო… ან კონკიას შებრუნებულ ვარიანტს. 12-მდე დიასახლისი ხარ და 12-ის შემდეგ შეგიძლია თავს უფლება მისცე, რომ ოჯახის წევრებთან ერთად სუფრასთან დაჯდე, ფანჯრიდან სალუტებს მიადევნო თვალი, ბავშვები დააწვინო და თუ გაუძელი, საახალწლო გადაცემებს უყურო მეუღლესთან ერთად (ჭურჭელი შეიძლება მეორე დღესაც დარეცხო).

მომდევნო დღეებში, სავარაუდოდ სტუმრების მიღებაც მოგიწევს. საჭმლის მარაგის კონტროლიც და ნაბახუსევი მეუღლის წუწუნის ატანაც, რომელმაც შარშანდელი საახალწლო მენიუდან მანდარინი ამოიღო, წლევანდელიდან — სალათი „ოლივიე“ და მაინც ვერ გაუგია, რის გამოა ასე ცუდად.

ძვირფასო დიასახლისებო, ამ პოსტით თქვენს გამხიარულებას შევეცდები და  წინა საახალწლო, სახალისო სცენარს შემოგთავაზებთ!

 (წინა საახალწლო მზადების  ერთ-ერთი ვერსია ქალებისათვის)

  1. ანაწილებთ თანხას და დროს, ფიქრობთ სადღესასწაულო კერძებზე და ითვლით სტუმრების რაოდენობას;
  2. მოგაქვთ პროდუქტები, ალაგებთ ბინას, წვავთ-ხარშავთ-თუშავთ-აცხობთ.  სამზარეულოდან აგდებთ ბავშვებს, ქმარს, შინაურ ცხოველებს (თუ გყავთ), რომლებიც ყოველ წუთას ფეხქვეშ გებლანდებიან (და ეს ყველაფერი ერთდროულად);
  3. ცდილობთ რამენაირად აიძულოთ მეუღლე (რომელიც ამ დროს „მნიშვნელოვან“ გადაცემას უყურებს ტელევიზორში),  გაგეგზავნოთ მაღაზიაში მაიონეზზე;
  4. გამოგაქვთ ჭურჭელი, წმენდთ, შლით მაგიდას და პარალელურად იხედებით ფანჯარაში, იქნებ სადმე თვალი მოჰკრათ თქვენს მეუღლეს, რომელიც უჟმური გამომეტყველებით, ერთი საათის წინ ჩავიდა მაღაზიაში. ლოდინით ნერვებ დაგლეჯილი, აგზავნით ორივე ბავშვს მამის ამოსაყვანად, რომელთა ბავშვური ლოიალურობაც „ჩიფსებით“ მოისყიდეთ;
  5. კიდევ ნახევარი საათის  შემდეგ, თავადვე ჩადიხართ, რომ ამოიყვანოთ მეზობლის ბიჭებთან ლაპარაკით და ლუდის „წრუპვით“ გართული მეუღლე და  ლოყებ-აწითლებული ბავშვები, რომლებიც თოვლში გორაობდნენ;
  6. უცვლით ბავშვებს ტანსაცმელს და ისევ ბრუნდებით მაღაზიაში, ამჯერად მაიონეზზე;
  7. შლით მაგიდას, ანთებთ ნაძვის ხეს, საბოლოოდ გადაავლებთ თვალს ყველაფერს და ურიგდებით მეუღლეს;
  8. როგორც იქნა! — ბოლო წამებში ასწრებთ ტანსაცმლის გამოცვლას და… — რამე ხომ არ დაგავიწყდათ?..
  9. უი, კიი… — გილოცავთ ახალ წელს!!!!! 🙂

 Image

(წინა საახალწლო მზადების ერთ-ერთი ვერსია  მამაკაცებისთვის)

 

  1. იღვიძებთ, მიირთმევთ მსუყე საუზმეს, იკავებთ თქვენს სტრატეგიულ ობიექტს ტელევიზორის წინ და უყურებთ საახალწლო გადაცემებს;
  2. თვალს მოავლებთ სამზარეულოს, ამოწმებთ მაცივარს, შეახსენებთ მეუღლეს, რომ არ დაავიწყდეს გოჭისთვის   ყურებზე „ფოლგის“ შემოხვევა,  მოკლედ, ორი სიტყვით მიმოიხილავთ საახალწლო გეგმებს;
  3. მჭმუნვარე სახით იყოფთ ხელს ჯიბეში, ამოწმებთ რამდენი გაქვთ ფული და თან ბურდღუნებთ,  რაღაც სულელური მაიონეზის გულისთვის, გადაცემა უნდა „გამოტოვოთ“.  ფიქრობთ, თუ მაიონეზს ერთ ბოთლ ლუდსაც დაამატებთ, მაშინ შეიძლება დათმობაზე წახვიდეთ;
  4. რაღად გინდათ მაღაზიაში წასვლა, როცა ეზოში თქვენი მეზობელი ბიჭები წინასაახალწლო განწყობის გასაუმჯობესებლად ლუდს სვამენ?
  5. ვინ დაგაცადათ!… ცოლმა ჯერ ბავშვები გამოაგზავნა, ბოლოს თვითონ ჩამოვიდა. კუდამოძუებული სახლში ბრუნდებით;
  6. რა უბედურებაა! სამზარეულო ყირაზეა, ყველგან ქვაბები… მგონი რაღაც იწვის, ამ ბავშვების გადამკიდე, სადაც არ უნდა დაჯდე,  ყველგან კუბიკი დაგხვდებათ… გაჭმევთ ოდესმე ვინმე საჭმელს? — სად წავიდა დედა???
  7. — როგორც იქნა გამოჩნდა!… უი, მაიონეზის ყიდვა დაგვიწყებიათ…
  8. — ცოლს ურიგდებით;
  9. მაგიდა გაშლილია და როგორც  იქნა დაინახეთ ის, რის ნახვასაც დილიდან ცდილობდით მაცივარში და ცოლმა არ მოგცათ უფლება. ჭიქებში შამპანურს ასხამთ.

—  გილოცავთ ახალ წელს! 😉

Image

Advertisements

One thought on “წინა – საახალწლო პოსტი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s