თბილისის გამქრალი კუნძულის ისტორია

ახლანდელი მშრალი ხიდის ტერიტორიაზე მდინარე მტკვარი ძველად ორ განშტოებას ქმნიდა. სწორედ მათ შორის მდებარეობდა კუნძული, რომლის შესახებაც ახლა უნდა გიამბოთ.

Image
1751 წელს მეფე თეიმურაზ მეორემ თავად ორბელიანს უწყალობა გარეთუბანში მდებარე “მეიდნის სასახლის” ადგილი, რის შემდეგაც ამ ადგილს ორბელიანის უბანი ეწოდა. ორბელიანებმა თავიანთ მამულს მტკვარზე არსებული დიდი კუნძულიც შეჰმატეს. მე-19 საუკუნეში “ორბელიანების კუნძული” გენერალმა მადათოვმა შეისყიდა და დღემდე ეს დაკარგული კუნძული “მადათოვის კუნძულის” სახელით არის ცნობილი.

კუნძულის ნაწილი სასტუმრო “ლონდონის” ფანჯრებიდანაც მოჩანდა. სკუდერის ხიდის თავზე მდებარე სასტუმრო “ლონდონი” რაფიელ გილიგოვს ეკუთვნოდა, რომელსაც მეწილედ გირშფელდი ჰყავდა. ამ სასტუმროს მეორე სართულზე, რომლის წინა ფანჯრები ძველი ყაბახის (ალექსანდრეს ბაღის) ქვედა ხეივნების მხარეს გამოდიოდა, ერთი უცხოელი დასახლებულიყო.

“ეს კაცი 40 წლისა იქნებოდა და როგორც ეტყობოდა, მოგზაურობას მისდევდა. ასე დადიოდა თავისი ქვეყნიდან მოშორებულ ქალაქებში და თვეობით ცხოვრობდა იქ. ფული რომ შემოაკლდებოდა და თავისი ქვეყნიდან ფოსტით არაფერი მოუვიდოდა, მაშინ იმ თავის მუქლურჯ კოსტუმს გაიხდიდა და მუშური ხელობით გადიოდა ფონს.

მაგრამ ამგვარი საჭიროება ქალაქში არა ჰქონია. ის დადიოდა ჩალის მოყვითალო ფერის შლაპით. იყო გამხმარი, მაღალი, მაგრამ მხარბეჭიანი. მოკლე, სპილენძის ძაფებივით დაგრეხილი, მაგრამ საგულდაგულოდ ნაკრეჭი ულვაშით ჰგავდა გაზეთის სურათებიან დამატებაში დახატულ უცხოელებს.

Image

ამ კაცს ნახულობდნენ ყველგან. შორიდანვე დაინახავდნენ, როცა მოჰყვებოდა წყლის ნაპირს, ჯოხითა და უბიდან გამოჩრილი ქაღალდით. ბევრ რამეს კითხულობდა. აქეთ კი ფრანგული არავის ესმოდა. კვირაში ორ-სამჯერ სამხედრო კლუბში შედიოდა, სადაც გათენებამდე ქაღალდს თამაშობდნენ, მაგრამ ეს არასოდეს თამაშობდა. მხოლოდ რუმინელ მევიოლინეებს უსმენდა და გამოზომილად სვამდა სამი შაურის კონიაკს. ზოგჯერ არც ამას მოითხოვდა და ერთ-ორ გაცნობილ კაცთან (ფრანგთან და გერმანელთან) მასლაათობდა.

ერთხელ რუმინს ვიოლინო ჩამოართვა და ისეთი მხიარული რამ დაუკრა, რომ გვარიანი ტაში მიიღო” (ა. მორჩილაძე).

მის შესახებ თბილისელებმა იცოდნენ, რომ ბ-ნი პედერსენი სწავლობდა ფოლკლორს და ძველი მეფეების ამბებს აგროვებდა. რომანებს ფსევდონიმით – კნუტ ჰამსუნით წერდა.
ბ-ნი პედერსენი დაინტერესებული იყო “მათადოვის კუნძულით” და მის შესახებ ინფორმაციის მოძიებას ცდილობდა. შთაბეჭდილებებს კი უბის წიგნაკში იწერდა:
“კუნძულზე ვიყავი. მისი ისტორია არავინ იცის. ჩვეულებრივი კუნძულია. ძალიან პატარა იმისთვის, რომ ზედ ვენახი იყოს გაშენებული და მაინც, ვენახი არის. რას ნიშნავს ვენახი შუა ქალაქში? თანაც კუნძულზე, სადაც ნაგავსაყრელია?

Image

კუნძული ამოზრდილია შუა მდინარეში. ზედ არის ყოვლად ბინძური და უინტერესო საამქრო, რომელსაც ერთი ვიწრო საბუხრე მილი აქვს და იქიდან ამომავალი კვამლის ჭვარტლი ეფინება ჩვენი სასტუმროს სამხრეთ ფასადს და ხიდის კიდეზე ჩარიგებული სახლების აღმოსავლეთ კედლებს. იქ არის ნაგავსაყრელიც. ყოველ დილით პატარა ხიდით ხალხს გადააქვს ნაგავი დიდი გოდრებით, რომლებიც ან ხელის ურიკებზე აწყვია, ან სახედრებს აქვთ აკიდებული. კუნძულის ერთი ადგილი მთლიანად ვენახს უჭირავს. საამქროსგან მოშორებით ორიოდე უბადრუკი ფარდულია.

ყოველ დილით ჩემი ფანჯრიდან ვხედავ კუნძულის ერთ ნაგლეჯს და სულ ვფიქრობ, რას უნდა ნიშნავდეს ეს მყრალი ადგილი ქალაქის შუაგულში? ანდა, რას უნდა ნიშნავდეს ვენახი ნაგავსაყრელზე? როგორ უნდა იმეზობლოს ამ ორმა რამემ ისეთ მხარეში, სადაც ყურძენი სრულიად განსაკუთრებული რამ არის?”

ხის მჭრელი და გადამამუშავებელი საამქრო, რომელიც მადათოვის კუნძულზე მდებარეობდა, ვინმე ჯაგეტიანებს ეკუთვნოდათ. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, იმ დროს ძალიან ცნობილი “ტყუპი სახლები”, რომლებიც ერთ ეზოში დგას, ფაბრიკის მეპატრონემ თავის ორ ვაჟს აუშენა. ორივე შენობა ერთმანეთის იდენტურია და სადარბაზოები მხატვრის, პოზნანის მიერ იყო მოხატული. ამბობენ, ეს ერთადერთი სადარბაზოა, სადაც მხატვარმა თავისი ავტოგრაფი დატოვაო.

ImageImageImageImage

ჯაგეტიანი ასე იმიტომ მოქცეულა, რომ მის ვაჟებს ქონების გაყოფაზე არ ეჩხუბათ. პედერსენი, თავის ჩანაწერებში ყვება იმ შთაბეჭდილებებზე, რომელიც კუნძულზე გადასვლისას მიიღო:
“დღეს გადავედი კუნძულზე, რათა კარგად დამეთვალიერებინა იგი. თუმცა, დასათვალიერებელი იქ არც არაფერია. საამქროში ტყავს ხდიდნენ გაწეპილი მუშები. საიდან არის ამდენი ჭვარტლი, ძნელი სათქმელია. ფარდულებში მენაგვეები ცხოვრობენ, ყოველ შემთხვევაში, იქ ვნახე რამდენიმე მენაგვე, ძველმანებში ჩაცმული ხალხი დიდი ულვაშებით. ამ კუნძულზე ხეები მრავლადაა, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ გენერალ მათადოვს ვაშლი და ატამი უყვარდა.

Image
ახლა ეს ბაღი გაჩანაგებულია. ხეები მოუჭრიათ. რაც გადარჩენილა, მხოლოდ ვარჯებიღაა. შუა კუნძულზე დაუნანებლად ყრია ნაგავი, რომელსაც როგორც ჩანს, წვავენ ხოლმე. ნაგავსაყრელი აქა-იქ ხრჩოლავდა.

სულ იქით კი მომცრო ვენახია. ის აშკარად შემორჩენილი ჩანს. აშკარაა, რომ ვენახი უფრო დიდი იქნებოდა და ალბათ, ნახევარი კუნძული ეჭირა. ახლა ეს უფრო გაველურებული ზვარია, ვიდრე ნამდვილი ვენახი.

ზვარში შევაბიჯე და ამ დაბურულ ლერწებში დავიწყე სიარული. ნაპირამდე რომ მივაღწიე, დავინახე, რომ იქ კაცი ზის. თავზე საზაფხულო შლაპა ახურავს, მხრებზე პიჯაკი მოუგდია და ალბათ, წყლის დინებას ათვალიერებს. ან კიდევ, გაღმა ნაპირს. ვიღაც ნაცნობი თუ ვეგონე და ისე დამიძახა, რომ არც მოუხედია. მე შევდექი. მან კი კვლავ დაიძახა და უხერხულობა რომ გამეფანტა, ჩავახველე. ამაზე უკან მოიხედა და მე რომ შემავლო თვალი, მძიმედ წამოდგა. პიჯაკის სახელოებში ხელები გაუყარა და შემომაცქერდა უცნაური, ოდნავ თავხედური თვალებით.

უკნიდან ნაბიჯის ხმა მომესმა. შემოვბრუნდი და დავინახე ერთი არცთუ მაღალი, ჩასუქებული კაცი, რომელიც უქუდოდ იყო და ეცვა ქალაქელი ხელზე მოვაჭრის სამოსი. ამ კაცს თმა სველი და შუაზე გაყოფილი ჰქონდა და მეტად დაბნეული ჩანდა. ხან მე მიყურებდა, ხან იმ მეორეს.

სიტუაცია მეტად უხერხული იყო და მე არ ვიცოდი, რა მექნა. რაღაც წავიბურტყუნე ბოდიშის სანაცვლოდ, თან რომელ ენაზე, არც კი მახსოვს და ზვარში შევბრუნდი.

ჩქარი ნაბიჯით წამოვედი იმ ოკრობოკრო ბილიკზე, ვენახის რიგებს შორის რომ იყო ჩაფენილი. თითქოს ავღელდი კიდეც, არაფერი მომხდარა და მღელვარე კი ვიყავი. რაღაც საქმის მოულოდნელი შემსწრე თუ გამოვდექი.

სახელოსნოებთან რომ გამოვედი, ის რამდენიმე გაზინთული მუშა ისევ ფარდულთან იდგა. მათაც შემათვალიერეს და მე ხიდისკენ გამოვიჩქარე.

ამ კუნძულზე ისევ უნდა გადავიდე. იქ არის რაღაც უცნაურობა, კაცს ტვინს რომ გაუბურღავს. მოულოდნელი ამბავია. ვენახი, საამქრო, ის ორი კაცი წყლის პირას. ერთ მომცრო ფართზე მეტად ბევრი რამ ეტევა, ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებული.”

Image

ამ ამბის შემდეგ კნუტ ჰამსუნს შემთხვევით ქუჩაში ის კაცი შეხვედრია, რომელიც კუნძულზე ნახა. ეს გახლდათ მხატვარი – “ჰაფეზ ხუდოჟნიკი”, რომელმაც ის თავის სახლში მიიპატიჟა და ყავით გაუმასპინძლდა. ჰაფეზის სახლში ჰამსუნგს მისი ნახატები უნახავს. ოთახი სავსე იყო სპარსული ხალიჩებით. სანამ ის ყავას სვამდა, ოთახში ვიღაც მამაკაცები შემოსულან, რომელთაც შეეტყოთ, რომ მისი დანახვა არ ესიამოვნათ.

პედერსენს ყავის სმა შეუწყვეტია და იქიდან წამოსულა. ამ ამბიდან არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ შემზარავი ამბავი მოედო თბილისს.

“მადათოვზე, შუა ვენახებში მკვდარი კაცი ეგდო. გამთენიაზე ის ენახათ ორ მაწანწალა კაცს, ამბობენ, რომ რუსებს, რომლებიც მალევე წაეყვანათ უჩასტკაში, მაგრამ იმათგან ვერაფერი გაეგოთ. მკვდარი კაცის სანახავად კი მოსულიყო ტიფლისსკი გარადსკოი სისკოს ოთხი სიშიკი. გარადავოებიც და აქაური აკალადჩიკიც შეშინებულები იყვნენ და ვვერაფერს ამბობდნენ. სიცხე ჯერ არ იყო. ზაფხული იდგა, მაგრამ დილა იყო. პირაღმა დაგდებულ მკვდარს გულში ჰქონდა ჩარჭობილი ჩვეულებრივი ბებუთის დანა. ღონიერი ფეხები, ზედ ამოცმულ ქალაქური წუღებით, აქეთ-იქით ჰქონდა დაყრილი, თითქოს მთვრალი კაცია და ძინავსო.

ეცვა წითელი, გაღეღილი ხალათი, რომელიც გულიდან დადენილ სისხლს ჩაუშავებია. თვალები ამ კაცისა იყო ღია და უყურებდა ცას, თითქო გაბრაზებით, თითქო დიდი გულით. იქ მისული ყველა კაცი ამბობდა, რომ მოეკლათ ღამე და მთელი ღამე ამის ღია თვალები უყურებდა ვარსკვლავებიან ცას და მერე ხარფუხში დამთვრალმა გივიშვილმა ლექსი გამოთქვა, როგორ უყურებს მკვდარი მიჯნურის თვალები ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და იმ ვარსკვლავებში გულისვარდი ჩანს. ეს სიმღერა ამ მკვდარიდან წამოვიდა.

ორი რუსის მაწანწალა სულ არ იყო მისი მომკვლელი. დიდი ვერცხლის ქამარი და ჯიბეში ჩადებული სამი თუმანი ამათ ხელს არ გაცდებოდა. იქით ეგდო ყალმეხის წიწაკა ქუდი. სიშიკებმა დაიწყეს რბილ ვენახის მიწაზე კვალის დაძებნა, მარა იქ მოყრილ ხალხში არაფერი თქვეს. გარადავოებს დაუყვირეს, ეს ხალხი მოაშორეთ აქაურობასო. მოკლული იყო ხაფო მხატვარი, კედლების გამჩითველი და მთელ სოლოლაკის შიგნიდან გამლამაზებელი. ნამესტნიკის კაბინეტის კედლებზე არშიაების ჩამომტარებელი”.

ეს სწორედ ის ჰაფეზ ხუდოჟნიკი გახლდათ, რომელსაც ბ-ნი პედერსენი შემთხვევით გადაეყარა ორჯერ და მის სახლშიაც იყო. მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ ხაფო მხატვარი საკუთარმა ყრუ-მუნჯმა მსახურმა მოკლა 1899 წელს. მისი ბინის გაჩხრეკისას დიდი რაოდენობით ძვირფასი ნივთი აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, ის მევახშეც იყო.

Advertisements

9 thoughts on “თბილისის გამქრალი კუნძულის ისტორია

  1. “ამ კუნძულზე ისევ უნდა გადავიდე. იქ არის რაღაც უცნაურობა, კაცს ტვინს რომ გაუბურღავს.”_ეს ფრაზა ალბათ როგორ შეგესაბამება შენ 😉

  2. გამარჯობა, საინტერესო პოსტია, მაინტერესებს ეს მასალები საიდან გაქვთ აღებული?

    • გამარჯობა 🙂 ძირითადად – აკა მორჩილაძის “გადაფრენა მადათოვზე და უკან”. თბილისის არქიტექტურული გზამკვლევებიდანაც მაქვს აღებული ინფორმაციები. 🙂

  3. ძალიან საინტერესო ამბავი იყო და საერთოდაც კარგი გვერდი ვიპოვე შემთხვევით.დიდი მადლობა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s