თამაში (ნაწილი მესამე) – Login

Image

1. კოტეჯი

ბინდდებოდა, როდესაც ნაცნობმა მძღოლმა გოგონები შუაგულ ტყეში, მაღალ გალავანთან მიიყვანა.

შესასვლელში დაცვის ჯიხური იყო. შოთამ დაცვის თანამშრომელს საგზურები აჩვენა და გზა განაგრძეს. საკმაოდ დიდი ტერიტორია იყო შემოღობილი. დასასვენებელი კომპლექსის ინფრასტრუქტურა ძალიან კარგად იყო მოწყობილი. დაახლოვებით ორმოცდაათამდე ერთნაირი კოტეჯი იყო. ლამაზად დაგებული ხის ფიცრებით ფეხით სასიარულო გზები იყო გაკეთებული, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებოდა და გეომეტრიულ ფიგურებს ქმნიდა.

– რა სიმშვიდეა! სწორედ ისაა, რაც მჭირდებოდა!

თქვა სალიმ და მინა ბოლომდე ჩამოსწია, რომ ტყის სასიამოვნო სურნელი ბოლომდე შეეგრძნო.

– რომელია ჩვენი კოტეჯი?

იკითხა მიამ და კოტეჯებზე მიმაგრებულ ნომრებს თვალი გააყოლა.

მეცამეტე!

უპასუხა მძღოლმა და გოგონებს სარკიდან გახედა.

– რა თქმა უნდა! აბა, სხვანაირად როგორ…

გაეცინა ნინის.

– ვის ეკუთვნის ეს კომპლექსი? არ იცი შენ?

ჰკითხა სალიმ შოთას.

– რომც იცოდეს, გვეტყვის?

გაეცინა ნინის.

– სფეროს…

ჩაილაპარაკა შოთამ და მანქანა ძლიერად დაამუხრუჭა.

– რა ხდება?

– კინაღამ გამოვცდით… აი, იქაა თქვენი კოტეჯი! “დალშე” უკვე ფეხით!

შოთა მანქანიდან გადმოვიდა და მანქანის საბარგული ახადა.

– მაინც რატომ გიყვართ ქალებს, ამდენი ბარგის თრევა? დარწმუნებული ვარ, ნახევარზე მეტი ნივთები არც დაგჭირდებათ!

შოთამ ჩემოდნები ამოალაგა. გოგონებიც გადმოსულიყვნენ მანქანიდან და სიღრმეში მდგარ ხის პატარა კოტეჯს ათვალიერებდნენ.

– მომეხმარებით? მარტომ რომ ვზიდო ესენი, ღამემდე ვერ მოვრჩები!

გოგონებმა თავიანთ ჩანთებს მოკიდეს ხელი და ხისაგან გაკეთებულ ბილიკზე გააგორეს.

კოტეჯს ორი ოთახი ჰქონდა. ერთში საძინებელი იყო, ხოლო მეორეში ბარი, მაგიდა სკამებით, დივანი და ტელევიზორი იდგა.

– “კომნატა სტალოვაია”!

თქვა ნინიმ, ჩემოდანი შუა ოთახში დააგდო და დივანზე გადაწვა.

– მაცივარიც არის!

სალიმ მაცივარი გამოაღო. შიგნით ნატურალური წვენები და წყალი იყო.

– ტელევიზორი არ აჩვენებს სამაგიეროდ!

თქვა მიამ და აშრიალებული ტელევიზორი გამორთო.

– მე სულ არ მინდა აქ ტელევიზორი! პენსიონერივით უნდა დავისვენო!

ნინი დივანზე წამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა.

შოთამ დარჩენილი ბარგი შემოზიდა და გოგოებს დაემშვიდობა.

– სამ კვირაში შევხვდებით!

– ისევ შენ წაგვიყვან?

– აბა სხვა ვინ?.. კარგად დაისვენეთ…

შოთამ კოტეჯი დატოვა და მანქანისაკენ გაემართა.

– კარგი ბიჭია ეს…

თქვა მიამ, კარს გარეთა მხრიდან გაყრილი გასაღები გამოაძრო და დაკეტა.

– ჰო, რა უჭირს… უკეთესი იქნებოდა, ტრიქსტერის “შისტიორკა” რომ არ იყოს!

თქვა ნინიმ და სიგარეტი ონკანიდან მოშვებული წყლით ჩააქრო.

– ალბათ კარგად უხდიან!

მია ბართან მივიდა და სასმელების თვალიერება დაიწყო.

– ნეტა ყავა იყოს…

– გოგოებოო! მოდით, აქ წერილია!

საძინებლიდან სალის ხმა მოისმა. ნინი და მია მაშინვე მასთან გაჩდნენ. სალი საწოლზე ჩამომჯდარიყო და ხელში კონვერტი ეჭირა.

– უთქვენოდ არ გავხსენი!

კონვერტზე ნაცნობი სიმბოლო იყო დაბეჭდილი. სალიმ კონვერტი გახია და წერილი ამოაძვრინა.

-” იმედი მაქვს, მოგეწონათ ჩემი საჩუქარი! მინდა, რომ აქ კარგად დაისვენოთ! ამჯერად, გადავწყვიტე, რომ სასიამოვნოსთვის სასარგებლო შემეთავსა. ეს იმას ნიშნავს, რომ მთლად გულზე ხელებდაკრეფილი არ იქნებით! ვფიქრობ, არც თქვენ გინდოდათ ეგრე…

ნუ გეშინიათ! აბაზანაში კამერა არ დამიმონტაჟებია! უბრალოდ, სიუჟეტში ცოტა მისტიკის შეტანა გადავწყვიტე! ესაა და ეს…

თქვენ უნდა იცოდეთ, რომ:

A დან – B მდე გასავლელი მანძილი რთულია.

წინ ერთი და მარჯვნივ ოთხი არაფერთან მიგიყვანთ.

არაფრიდან ვერაფერს გაიგებთ, თუ წინ ერთ ნაბიჯს გადადგამთ, ხოლო მარცხნივ სამს.

თქვენ გაურკვევლობაში დგახართ და რაღაც გაინტერესებთ.

უკან წახვალთ – ყველაფერი დამთავრდება! პირდაპირ წასვლა – მძიმეა.

„სამს შეუძლია საიდუმლოს შენახვა, თუ ორი მათგანი მკვდარია“

მარცხნივ ორი – ოთხია, კიდევ ორი -შვიდი.

მარჯვნივ სამი სვლით გადადით. თქვენს უკან ცისფერია.

მარჯვნივ სამი ნაბიჯი და მზეში ხართ.

მეტროს გავლით გზა მთავრდება.

უკანსვლით დაბრუნდით არაფერზე. საბოლოო  დანიშნულების ადგილამდე ორი ნაბიჯია!”

Trickster

სალიმ კითხვა დაამთავრა და ფურცელი ნინის მიაწოდა.

– რა იყო ახლა ეს?

– მგონი, ჩვენი პირველი დავალება!

თქვა ნინიმ და წერილი გადმოაბრუნა. ფურცლის მეორე მხარეს ეწერა:

– Login

-“შესვლა”… – რას უნდა ნიშნავდეს?

– რომ სადღაც უნდა შევიდეთ და შემდეგ, ამ ინსტრუქციით ვიმოქმედოთ… ეს ინსტრუქციაა!

– რა უნდა აქ მეტროს?

– რა ვიცი, მია! იქნებ, პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ?

– “სამს შეუძლია საიდუმლოს შენახვა, თუ ორი მათგანი მკვდარია!” – ჩვენ ხომ არ გვიგულისხმა? თუ თამაშს დავასრულებთ, სფეროს საიდუმლოს გავიგებთ და…

– ორს მოკლავენ და ერთს დატოვებენ?

გაეცინა ნინის.

– რა ვიცი…

– არავინ არ მოკვდება, მია! ახლა ავდგეთ და ტერიტორია დავათვალიეროთ!

– ახლა? უკვე ბნელდება!

– მერე რა? ლამპიონებია გარეთ… მაინტერესებს რამდენი დამსვენებელია, რა სიტუაციაა… იქნებ ტრიქსტერიც აქ არის?

– მართალი ხარ, ნინ! გარდა მაგისა, თუ არ დავათვალიერებთ ყველაფერს, იმ შესასვლელსაც ვერ ვიპოვით…

– ბარგი მერე ამოვალაგოთ… ყოველი შემთხვევისათვის, ფარანს ავიღებ!

მიამ თავისი ზურგჩანთა გახსნა.

კოტეჯიდან ერთად გამოვიდნენ და კარგი გასაღებით გადაკეტეს.

გრილოდა.

– ეს ბილიკები, ყველა ერთი მიმართულებით მიდის!

თქვა სალიმ და გზას გახედა. ხეებში რაღაც დიდი შენობა მოჩანდა. გოგოები ბილიკს გაუყვნენ.

2. სიმართლის თამაში

შენობაში განთავსებული იყო ადმინისტრაცია, სასადილო, მასაჟის კაბინეტები და ტრენაჟორების დარბაზი. საკმაოდ გვიანი იყო და გოგოებს ყველაფერი დაკეტილი დახვდათ. მხოლოდ ბარი იყო ღია.

ბარის წინ ბილიარდის მაგიდა იდგა, რომელზეც ოთხი ბიჭი თამაშობდა. მათ გარდა იქ არავინ იყო. ბარმენს დახლზე ჩამოეყრდნო ხელები და ფეხბურთს უყურებდა ტელევიზორში. გოგოების დანახვაზე წელში გასწორდა და გაიღიმა.  სიმპათიური ბიჭი იყო.

ნინი ბართან მივიდა და მხიარულად მიესალმა.

– სამი მარტინი!

უთხრა და ბილიარდის მაგიდას გახედა. ბიჭები მათკენ იყურებოდნენ. სალი და მია უახლოეს მაგიდასთან დასხდნენ.

– უკვე ყველას ეჭვის თვალით ვუყურებ!

თქვა სალიმ და ბარი მოათვალიერა.

– გული მიგრძნობს, რომ ისიც აქ უნდა იყოს!

ხმადაბლა გადაულაპარაკა მიამ.

– ბარში?

– არა, სადღაც აქ… რომელიღაც კოტეჯში!

ნინი მარტინის დაელოდა და ბარმენს ლაპარაკი გაუბა.

– რა კონტიგენტი ისვენებს აქ?

– კომპანიის თანამშრომლები, ძირითადად! თავისი ოჯახებით…

უპასუხა ბარმენმა და სამი მარტინის ჭიქა ლანგარზე დაუდო.

– რას ემსახურება ეს კომპანია, ბოლოს და ბოლოს, შეგიძლია მითხრა?

– „სფერო“? – რა ვიცი, სხვადასხვა რამეს! ძირითადად, შემოქმედებითი სახის პროექტებს აფინანსებს. გამოფენებს, ფესტივალებს და ასე შემდეგ…

– და ვინ არის კომპანიის დირექტორი?

ჩაეკითხა სალი და წინ გადაიხარა.

– აი ეგ უკვე აღარ ვიცი! მხოლოდ ის ვიცი, რომ მამაკაცია და აქ არ ცხოვრობს…

– აბა სად ცხოვრობს?

– საფრანგეთში… სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!

გაუღიმა ბარმენმა და ტელევიზორს მიუბრუნდა.

– რა გქვია?

ჰკითხა ნინიმ და ლანგარი ხელში აიღო. ბარმენმა თავის ბაჯს დახედა და ისევ გაიღიმა.

– როგორ ვერ შევნიშნე… დათო! მე ნინი ვარ! ის სალია, ის მია!

– სასიამოვნოა! ვერ შეგპირდები, რომ ასე უცებ დავიმახსოვრებ თქვენს სახელებს, მაგრამ…

– ეგ არაფერი! მეც მიჭირს სახელების დამახსოვრება!

გაეცინა ნინის.

– გოგოებო, ხომ არ ითამაშებთ?

შავგვრემანმა ბიჭმა გადმოსძახა ნინის და კიის ცარცი წაუსვა.

ნინიმ გოგოებს გადახედა. სალიმ თავი გადააქნია. არც მია ჩანდა აღფრთოვანებული შემოთავაზებით.

– არ გინდათ?

ჰკითხა ნინიმ და ლანგარი მაგიდაზე დადგა.

– არაა!

– პენსიონრები ხართ, რაა!

ჩაილაპარაკა ნინიმ, მარტინი დალია და ბილიარდის მაგიდისაკენ გაემართა.

– მე ვითამაშებ! ოღონდ, დომხალი არ მიყვარს! თუ გინდათ, სათითაოდ გეთამაშებით ყველას!

– მიდი, ჯანო! შენ დაიწყე… ჩვენ ლუდს დავლევთ მანამდე!

ბიჭები სიცილით გაემართნენ მაგიდისაკენ. შავგვრემანმა ნინის კიი მიაწოდა და ბურთების დალაგებას შეუდგა.

– დაიწყებ?

– კი!

უპასუხა ნინიმ და გოგოებს გახედა.

– თქვენ ალბათ დღეს ჩამოხვედით, ხო? არ შემიმჩნევიხართ აქამდე…

– აჰაა…

– მე ჯანოს მეძახიან!

– გეძახიან?

– ჰო… ისე დავითი მქვია, მაგრამ დავითს არავინ მეძახის!

– მაშინ, შეგიძლია კოლიბრი დამიძახო!

– რა?

გაეცინა ჯანოს.

– კოლიბრი!

– შენი „კლიჩკაა?“

– არა! კოდური სიტყვა!

– უცნაური ხარ…

– ჰო, საკმაოდ!

ნინი დაიხარა და პირველი დარტყმა განახორციელა.

– ენერგიულიც!

– რაზე ვთამაშობთ?

– გინდა, რომ რაღაცაზე ვითამაშოთ?

– აბა ისე მოსაწყენია!

– კარგი! რაზე გინდა? ოღონდ, სამი სურვილი არ მითხრა ახლა!

გაეცინა ჯანოს.

–  ვერ ჩააგდე! მოკლედ, ყოველ ჩაგდებაზე, ერთმანეთს კითხვებს ვუსვამთ! პირობა არის ასეთი: – პასუხი მხოლოდ სიმართლე უნდა იყოს!

– კითხვები ისედაც შეგეძლო დაგესვა! გიპასუხებდი…

– კი… მაგრამ, არა ყველაზე! დავიჯერო შენ არ გაგიჩნდა „აკრძალული კითხვები“?

– აკრძალულს რას ეძახი?

– რასაც ახალგაცნობილ გოგოს ვერ დაუსვამ!

– მაგალითად, ქალიშვილი ხარ თუ არა?

– აი, ხომ ხედავ! რა ადვილად ჩაწვდი არსს! თან, ფანტაზიასაც არ უჩივი ალბათ…

ჯანოს ისევ გაეცინა. ნინიმ ბურთი ჩააგდო ლუზაში.

– კარგი… საინტერესო იქნება! აბა, დაიწყე! მკითხე, რაც გინდა!

– რას გეუბნება სიტყვა ტრიქსტერი?

– შენ იმაზე მეტად უცნაური ხარ, რაც აქამდე წარმოვიდგინე… პირველად მესმის ეგ სიტყვა!

ნინიმ მეორე დარტყმა ააცილა. შემდეგი ჯანომ ჩააგდო.

– ვინმეს ეძებ აქ?

– კი!

– ვის?

– ეგ კითხვა შეგიძლია მაშინ დასვა, როცა მეორე ბურთს ჩააგდებ!

ნინიმ სვლა გააკეთა და შემდეგი კითხვა დაუსვა.

– „სფეროში“ რად მუშაობ?

– ადვოკატი ვარ!

– სფეროს ყველა ადვოკატს დავითი ჰქვია? საინტერესო დამთხვევაა!

– რას გულისხმობ?

– რას არა, ვის! – დავით არეშიძეს… სფეროს ერთ-ერთი ადვოკატია! არ იცნობ?

ჯანო შეცბა.

– შენ იცნობ?

– მე არა! მაგრამ, სალი იცნობს… აი ის, ქერა…

– არა მგონია, რომ იცნობდეს…

– არა გგონია?

– ჰოო, იმიტომ რომ მე ვარ დავით არეშიძე!

– შეუძლებელია! სალი გიცნობდა! იმიტომ, რომ კონსულტაციაზე იყო!

– ნამდვილად არ ყოფილა! ასეთი ლამაზი გოგო არ დამავიწყდებოდა!

ნინიმ კიი მაგიდაზე დააგდო და გოგოებთან დაბრუნდა.

– სალ! კარგად შეხედე იმ ბიჭს… შენ რომ ადვოკატთან იყავი, ეგ იყო?

– არაა! ის სულ სხვა ტიპი იყო! რა ხდება?

– მეუბნება, რომ დავით არეშიძე მე ვარო!

– რაში სჭირდება მაგის თქმა?

სალი ფეხზე წამოდგა და ჯანოსაკენ გაემართა, რომელიც დაბნეული იდგა და ნინის ელოდებოდა.

– გამარჯობა…

– გაგიმარჯოს!

– მე ვიყავი ამას წინათ კომპანიაში და დავით არეშიძეს შევხვდი… ღია წაბლისფერი თმა ჰქონდა და თაფლისფერი თვალები. დაახლოებით 35 წლის…

– აჰ, ეგ რატი იქნებოდა! მე არ ვიყავი ალბათ და მაგან მიგიღო…

– მდივანს დავით არეშიძესთან შეხვედრაზე შევუთანხმდი და არც იმას უთქვამს, რომ რატი იყო…

– არ ვიცი, რატომ არ გითხრა! იშვიათად, ერთმანეთს ხელს ვაფარებთ ხოლმე… როცა სამსახურიდან გაპარვა გვიწევს… მეც მიმიღია მაგისი კლიენტები..

გაიღიმა ჯანომ და ნინის გადახედა.

– ასე ვიდგეთ, თუ თამაში გავაგრძელოთ, კოლიბრო?

– აუცილებლად გავაგრძელოთ…

3. ორმოცდათერთმეტი

ღამის ოთხ საათამდე თამაშობდნენ ნინი და ჯანო. ნინიმ განსაკუთრებული ვერაფერი შეიტყო მისგან. სალის და მიას ეძინათ, როდესაც ის კოტეჯში დაბრუნდა. გაუხდელად დაწვა და დაიძინა.

დილის ათის ნახევარზე, სალი და მია გონგის ხმამ გააღვიძა. ნინის მკვდარივით ეძინა. სალი და მია მარტო გაემართნენ სასაუზმოდ.

სასადილო დარბაზი საკმაოდ დიდი იყო. დამსვენებლები არ იყვნენ ბევრნი. დაახლოებით 80 კაცამდე იქნებოდა. სალი და მიას ყველას სათითაოდ აკვირდებოდნენ.

ცოტა ხნის მერე, ბილიარდის ბიჭებიც მოვიდნენ და ერთ მაგიდასტან დასხდნენ. ჯანო არ იყო მათთან. ალბათ მასაც ნინისავით ეძინა.

სალი გრძელ მაგიდასთან მივიდა, სადაც საჭმელი იყო დალაგებული. როგორც ჩანს, თვითმომსახურება იყო. ერთი გრძელი მაგიდიდან ირჩევდა ყველა საუზმეს.

სალიმ ლანგარზე კრემიანი ფუნთუშები გადმოიღო და ორ ჭიქაში ყავა ჩამოასხა. ლანგრით ხელში ისევ მაგიდასთან დაბრუნდა.

– ნეტა რა ქნა გუშინ ნინიმ… არ მინდოდა მისი იქ მარტო დატოვება, მაგრამ ისე მეძინებოდა, რომ ვეღარ გავძელი…

– ეტყობა ძალიან გვიან მოვიდა. გონში ვერ ჩავაგდე… არც ის ადვოკატი ჩანს… ისე, რას ფიქრობ სალ, გჯერა იმის, რაც იმ ჯანომ თქვა?

სალიმ ყავა მოსვა და დაფიქრდა.

– ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი! ის ტიპი ისე იფერებდა დავით არეშიძეობას, რომ ეჭვსაც ვერ შეიტანდი… თან, ეს ყველაფერი რაღაც…

– თამაშს ჰგავს!

– ზუსტად! შეიძლება ესეც იმის ოინები იყოს. იქნებ გაიგო, რომ დავით არეშიძეზე გავედით, არ აწყობდა და აქ იმიტომ გამოგვიშვა, რომ ეს ჯანო შემოგვატყუოს?

– არის ამაში ლოგიკა!

– ჯერ გავიგოთ, გუშინ რა გაარკვია ნინიმ და მერე რაღაც გეგმა შევიმუშავოთ!

– რომ ვუთვალთვალოთ?

– მია, ნუ გავიწყდება, რომ ჩვენ მის ტერიტორიაზე ვართ! მას ჩვენი ქცევის ყველა შესაძლო ვარიანტი ექნება უკვე განხილული. როგორ ფიქრობ, ამ ტერიტორიას არ გააკონტროლებს?

– ფიქრობ, რომ აქ არის?

– თითქმის დარწმუნებული ვარ! ჩვენ ახლა მისთვის თაგვები ვართ, რომლებსაც მინის კოლოფში სვამენ გამოსაცდელად, რაღაც ლაბირინთებს უწყობენ და გარედან აკვირდებიან.

– შეხედე! ჯანო მოვიდა!

მიას ფუნთუშიანი ხელი ჰაერში გაუშეშდა და სასადილოში შემოსულ ჯანოს დაუწყო ყურება.

– ძალიან გეტყობა, რომ აკვირდები! მოეშვი…

– გადაუჩურჩულა მას სალიმ და მშვიდად განაგრძო ყავის სმა. მიამ ფუნთუშის ჭამა გააგრძელა.

– ბიჭებთან მივიდა?

ისევ ხმადაბლა ჰკითხა სალიმ, რომელიც ზურგით იჯდა ბიჭების მაგიდისაკენ.

– მივიდა, მაგრამ ჯერ არ ჯდება! რაღაცაზე ლაპარაკობენ… ახლა დარბაზს ათვალიერებს…

მიამ უცებ მზერა ყავის ჭიქაზე გადაიტანა.

– ჩვენსკენ გამოიხედა… ალბათ ნინის ეძებს…

– როგორ მაინტერესებს, რა მოხდა გუშინ…

– ჰო… კიდე იყურება?

– არა, ახლა საჭმელების მაგიდასთან მიდის!

გოგოები გაჩუმდნენ და უხმოდ განაგრძეს საუზმე. ჯანომ ლანგარზე დააწყო რაღაცეები და დარბაზიდან გავიდა.

– კოტეჯში მიაქვს საუზმე…

თქვა მიამ და ჯანოს თვალი გააყოლა.

– შეიძლება? მაშინ, ჩვენს წავუღოთ ნინის თავისი წილი ფუნთუშები!

გოგოები დიდხანს აღარ გაჩერებულან. ფუნთუშებით კოტეჯში დაბრუნდნენ.

ნინის გაღვიძებამდე ტრიქსტერის ჩახლართული წერილის გარჩევას ცდილობდნენ. როგორც იქნა, ნინიმაც გაიღვიძა და მთქნარებით გამოვიდა საძინებელი ოთახიდან.

– რა მოხდა გუშინ ღამე?

– დილამშვიდობისა!

გაეცინა ნინის და გაიზმორა.

– განსაკუთრებული არაფერი! ჯანომ ან არაფერი იცის, ან იცის და მალავს…

– სულ ვერაფერი დააცდენინე?

გაუკვირდა მიას.

– რაღაც-რაღაცეები… ვკითხე, აქ რამე უცნაური ადგილი ხომ არ იცი-მეთქი…

– მერე რა გითხრა?

ნინიმ მაგიდიდან ფუნთუშა აიღო და მოკბიჩა.

– ყავა რო არ დავისხა, მოვკვდები!

– მე გაგიკეთებ! შენ ილაპარაკე… რაო, რა გითხრა ჯანომ?

– რა და, აქ სულ ორმოცდათერთმეტი კოტეჯიაო. ხუთ რიგად ყოფილა გამწკრივებული ათ-ათი კოტეჯი და ორმოცდამეთერთმეტე სადღაც მოწყვეტილია რატომღაც…

– ტა რაამ!

წამოიძახა სალიმ და დივანიდან წამოდგა.

– ეგ კოტეჯი უნდა ვიპოვოთ!

თქვა მიამ და ნინის ყავა მიაწოდა.

– დღესვე! კიდევ ის გავიგე, რომ სადღაც უკან არის რაღაც დაუმთავრებელი ნაწილი… რაღაცას აშენებდნენ და შეაჩერესო…

– ორი მნიშვნელოვანი ობიექტი გვქონია სანახავი!

სალი კარგ ხასიათზე დადგა.

– არ გკითხა მაგ ჯანომ, რაში გაინტერესებს ეს ყველაფერიო?

– კი… ვუთხარი, რომ სფეროში ახლახანს დავიწყე მუშაობა და ძალიან ცნობისმოყვარე ვარ!

– მე და მიამ ვილაპარაკეთ და ეჭვი გვაქვს, რომ ეგ ჯანო ტრიქსტერის კაცია! არ იქნება ის დავით არეშიძე…

– იმიტომ რომ?

– იმიტომ, რომ ტრიქსტერს არ უნდა რომ ჩვენ ნამდვილ დავით არეშიძესთან გვქონდეს კონტაქტი!

– მეიბი… ცოტა დამაცადეთ, გავტეხავ მე მაგ ჯანოს! უბრალოდ, აჩქარება არ ღირს!

***

პირველი ხდებოდა, როცა გოგოები კოტეჯიდან გამოვიდნენ და ტერიტორიის ათვისება დაიწყეს. მიას ხელში ბლოკნოტი ეკავა და ფანქრით ინიშნავდა ყველაფერს.

ხუთივე რიგი დაიარეს და ყველა კოტეჯი ნახეს. დამსვენებლებს მაგიდა და სკამები ეზოებში გამოეტანათ. კოტეჯების უკან კორტები იყო, სადაც ზოგი ჩოგბურთს თამაშობდა, ზოგი პინკ- პონკს. კორტების იქით მარტო ტყე იყო, სადაც ფეხით მოსიარულეთათვის ქვით მოკირწყლული ბილიკები და საველოსიპედო გზები იყო გაყვანილი.

სალიმ ახალგაზრდა ბიჭი გააჩერა, რომელიც ველოსიპედით სეირნობდა და ჰკითხა, აქირავებდნენ თუ არა აქ ველოსიპედებს. ბიჭმა მიასწავლა ადგილი, სადაც შეიძლებოდა ველოსიპედის აღება და გზა გააგრძელა.

ხის ტოტებისაგან დაწნულ ქოხში ბევრი ველოსიპედი ეყენა. ეს სერვისი უფასო აღმოჩნდა. გოგოებმა დათვალიერება ველოსიპედებით გააგრძელეს.

ტყე დიდი აღმოჩნდა. შიგადაშიგ პატარა ფაცხები იყო განლაგებული, რომელშიც სკამები და მრგვალი მაგიდა გაეკეთებინათ. ზოგ ფაცხაში ახალგაზრდები კარტს თამაშობდნენ.

ორმოცდამეთერთმეტე კოტეჯი არსად ჩანდა.

4. ნიშნები

ძალიან დიდხანს ეძებეს ორმოცდამეთერთმეტე კოტეჯი. მიამ ფურცელზე გეგმა დახატა. გეომეტრიული განლაგების მიხედვით, ადგილზე, სადაც წესით ორმოცდამეთერთმეტე კოტეჯი უნდა ყოფილიყო, რკინის აბრა იყო ჩარჭობილი, რომელზეც მგელი იყო გამოსახული. გოგოებმა სხვა საინტერესო ვერაფერი იპოვეს და უკან გამობრუნდნენ.

– გეფიცები, ფეხის კუნთები მტკივა! ამდენი ველოსიპედზე მგონი მთელი ბავშვობის მანძილზე არ მივლია.

თქვა ნინიმ და ველოსიპედი ისევ იქ მიაყენა, საიდანაც გამოიყვანეს.

– მეეც! ერთი სული მაქვს, როდის დავეგდები საწოლზე!

მიას ძალიან დაღლილი სახე ჰქონდა.

– მე იმ ნიშანზე ვფიქრობ! როგორ ფიქრობთ, იმ მგელს რა უნდოდა იქ? რა შუაშია საერთოდ აქ ეგ ნიშანი?

– რა ვიცი, სალ! ალბათ ამ ტყეში მგლები არიან და მაგ პონტში…

– ხო, მაგრამ… აქ ხომ დაცული ტერიტორიაა? გარდა მაგისა, მგლები რომ იყვნენ, ღამ-ღამობით აუცილებლად გავიგონებდით ყმუილის ხმას! მე ვფიქრობ, რომ აქ რაღაც სხვა ამბავია! თან იმ კოტეჯის ადგილას იყო ეგ ნიშანი…

– მინიშნება გგონია?

– ჰო…

– ხო, მაგრამ… ლოგიკა? მგელი რას უნდა ნიშნავდეს?

– იქნებ მგელი არ არის და მელიაა?

– თუნდაც მელია, მია…

ლაპარაკ-ლაპარაკში, როგორც იქნა თავიანთ კოტეჯამდეც მიაღწიეს. საწოლებამდე ვეღარ მიაღწიეს, სამივე მოცელილებივით  დაეყარნენ დივანზე.

– ახლა გამახსენდა! იმ დიდი შენობის უკანაც ვნახე მსგავსი ნიშანი… დამავიწყდა მეთქვა!

– სასადილოს შენობაზე ამბობ?

– ჰო… ზუსტად ეგეთივე რკინის აბრაა იქაც! ოღონდ, იმას მგელი არ ახატია…

– აბა რა ახატია, მია?

– ყვავი…

– ყვავი?

ნინი გაკვირვებული წამოჯდა დივანზე…

– აუუ… მოიცა!

სალი ფეხზე წამოხტა და მაგიდასთან მივიდა, რომელზეც ლეპტოპი იდო.

– რამე გაგახსენდა?

გოგოები დივანზე წამოჯდნენ და სალის გახედეს.

– კი… და იმედია არ ვცდები!

– სალიმ ლეპტოპი ჩართო. რაღაცას ეძებდა. გოგოები მოთმინებით ელოდნენ. ბოლოს, როგორც იქნა გამარჯვებული სახით წამოიძახა:

– ასეც ვიფიქრე!

– რაა? აღარ იტყვი? დამაწყდა ნერვები!

განერვიულდა ნინი.

– ყვავი რომ თქვა მიამ, ეგრევე მივხვდი! ის მგელი არ არის, კოიოტია!

– კოიოტი?

დაბნეულად გაიმეორა ნინიმ.

– კოიოტიც და ყვავიც, ორივე ტრიქსტერის ყველაზე გავრცელებული სახეებია! ადრე იმდენი წავიკითხე ტრიქსტერის შესახებ… მთელი მითოლოგია გადავიკითხე…

– ანუ, ეს მართლა ნიშნებია…

ჩაილაპარაკა ნინიმ და დივანზე გადაწვა.

– გამოდის, რომ ორმოცდამეთერთმეტე კოტეჯის ადგილზე, ტრიქსტერის სიმბოლოა! ე.ი. ის ადგილი რაღაცას გვეუბნება!

– ჰო, მაგრამ იქ რომ არაფერი იყო?

– იქნებ იყო და ჩვენ ვერ მოვძებნეთ?

– და მთავარი შენობა? იმ კომპლექსშიც რაღაც არის, ეგრე გამოდის…

– რაღაც ან ვიღაც… მე მგონი, ტრიქსტერი აქ არის!

თქვა სალიმ და იგრძნო, როგორ აუჩქარდა გული, თავისივე ნათქვამზე.

– ის აბდა-უბდა ტექსტი… “საბოლოო დანიშნულების ადგილამდე ორი ნაბიჯიაო”… რას უნდა ნიშნავდეს? რომ საბოლოო დანიშნულების ადგილზე ვართ?

– კაცმა არ იცის, ნინ…

– მალე სადილის დრო მოვა! ერთადერთი ხელის ჩასაჭიდი ჯანოა!

– ჰოდა, შენ იცი ეხლა… რაღაცა მოიფიქრე!

უთხრა სალიმ ნინის და ყავის ასადუღებლად ბართან მივიდა.

***

სასადილოში ჯანო თავის მეგობრებთან ერთად შემოვიდა. ნინის შორიდან მიესალმა. სადილის განმავლობაში, პერიოდულად გოგონების მაგიდის მხარეს იყურებოდა. ჭამა რომ დაასრულეს, ბიჭები ადგნენ და გასასვლელისაკენ გაემართნენ. ნინი ჯანოს დაეწია და გასასვლელთან შეაჩერა.

– უნდა დაგელაპარაკო!

– რამე მოხდა?

ჯანომ ნინი გაკვირვებული სახით შეათვალიერა.

– კი… შემიყვარდი და დღე და ღამე შენზე ვფიქრობ! სიყვარული უნდა აგიხსნა!

ბიჭებს გაეცინათ.

– გაგიმართლა, ჯანო! აბა შენ იცი, მორცხვობა არ დაიწყო, შე ჩემა!

მხარზე ხელი დაჰკრა ერთ-ერთმა.

– ჩვენ ბილიარდს მოვცხებთ!

– კაი… მიდით და მეც მოვალ!

– წამოდი!

ნინიმ ჯანოს ხელი ჩაავლო და გარეთ გაიყვანა.

– სად მიგყავარ? რა ხდება?

– რაღაც მინდა გაჩვენო და აზრი გკითხო!

ნინიმ შენობას შემოუარა და აბრას მიუახლოვდა.

– ეს რა არის, ტო?

– ყვავია!

– ჰო… მერე?

ჯანო გაკვირვებული და დაბნეული მისჩერებოდა ნინის.

– რამე იცი ამ ნიშნის შესახებ?

– მე ადვოკატი ვარ და არა ნიშანთმცოდნე…

– კაი… მაშინ, უბრალოდ შენი აზრი მითხარი! რა პონტშია აქ ეს ყვავი?

– აუ, მეტი საქმე არა გაქ ტო? რეებს მეკითხები…

– მიპასუხე!

– ალბათ ყვავებია ბევრი აქ და მაგ პონტში რა…

– შენ აქ გინახავს ერთი ყვავი მაინც ოდესმე?

– არ დავკვირვებივარ! მგონი არა! და რაში გაინტერესებს, გაფიცებ!

– ასეთივე ნიშანი კიდევ არის, ტყის ბოლოში… ოღონდ, იმაზე კოიოტი ხატია!

–  შენ ზოოლოგიას ხო არ ასწავლი სკოლაში?

გაეცინა ჯანოს.

– კოიოტი და ყვავი ტრიქსტერის სიმბოლოებია!

– შენ და… რა მაინტერესებს… ყველაფერი რიგზე გაქვს?..

ჯანომ წასვლა დააპირა, მაგრამ ნინიმ მკლავში ხელი მაგრად ჩაავლო. 

– შენ არ ხარ დავით არეშიძე! შენც თამაშის მონაწილე ხარ!

– დავით არეშიძე თუ არ ვარ, აბა ვინ ვარ?

– მეც ეგ არ მაინტერესებს?.. ხო და გეკითხები! – ვინ ხარ?

– დავით არეშიძე! სასიამოვნო იყო შენთან საუბარი… მაპატიე, უნდა წავიდე!

– საბუთი მაჩვენე!

– ჰა?

– პირადობა, პასპორტი… რაც გინდა!

– საღამოს გაჩვენებ! მარტო იმიტომ, რომ თავი დამანებო! ვახშამზე წამოვიღებ და განახებ! მოსულა?

– ჯერჯერობით საკმარისი იქნება!

–  შენ მოგზავნილი  ხარ, ხოო?

ჯანომ ნინის ხელი გააშვებინა და საბილიარდოსაკენ წავიდა.

– საღამოს საბუთს ველოდებიი!!

მიაძახა ნინიმ და უკან გაჰყვა. გოგოები შენობის წინა მხარეს, სკამზე ისხდნენ და ნინის ელოდნენ.

– რა ქენი?

– ვახშამზე პირადობას წამოიღებს და მაჩვენებს! იმას მაინც გავიგებთ, ის ადვოკატია თუ არა!

– ნიშნებზე რამე გითხრა?

– არაფერი! ან გონზე არ არის მართლა, ან ძალიან კარგად თამაშობს…

–  რა ვქნათ?

– ახლა ეს შენობა ავითვისოთ! იმ ნიშნის მიმდებარე ტერიტორიაც…

– მე ჯანოს უნდა ვუთვალთვალო! წყალი არ გაუვა, რომ გარეულია და თამაშზეც იცის… ხოდა, შანსი არაა, რომ სადღაც, რაღაც არ გამოაშკარავდეს!

თქვა ნინიმ და საბილიარდოს ფანჯრებისაკენ გაიხედა.

5. უხილავი წერილი

paper_texture312

დილის შვიდ საათზე მეცამეტე კოტეჯის კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. გოგოებს ჯერ კიდევ ეძინათ.

– კაკუნის ხმაა თუ მეჩვენება?

თვალები მოიფშვნიტა მიამ.

– აუ, რა ვიცი… ვინ არანორმალურია ასეთ დროს…

ჩაიბურდღუნა ნინიმ და თავზე ბალიში წაიფარა.

– იყავით, მე ვნახავ!

მია წამოდგა და ბარბაცით გაემართა კარის გასაღებად.

გარეთ არავინ იყო. კართან კონვერტი ეგდო. მიამ მიიხედ-მოიხედა და ვერავინ რომ ვერ დაინახა, კონვერტი აიღო და საძინებელში დაბრუნდა.

– ვინ იყო?

საწოლში წამოჯდა სალი.

– არავინ! წერილი დატოვეს…

– აწერია ვისგანაა?

 – კონვერტს არაფერი არ აწერია!

როგორც იქნა ნინიც გამოფხიზლდა და დაამთქნარა.

– რაო? რა წერია შიგ?

მიამ კონვერტი გახსნა და ფურცელი ამოიღო.

– ცარიელია!

– რას ამბობ? აბა მაჩვენე!

სალიმ მიას ფურცელი გამოართვა და სინათლეზე გახედა.

– რა უცნაურია!

– დაგვცინის რაა…

– ეს ფურცელი მე მექნება ჯერჯერობით!

– ცარიელი ფურცლისთვის დაგვაფეთა დილის 7 საათზე?

ნინი დემონსტრაციულად გადაბრუნდა კედლისაკენ და თავზე საბანი გადაიფარა.

***

სასაუზმოდ რომ წავიდნენ, ბიჭების მაგიდა ცარიელი დახვდათ. გოგოები იქამდე დარჩნენ, სანამ უკანასკნელმა დამსვენებელმაც არ დატოვა სასადილო.

– ასეც ვიცოდი! როგორც კი საბუთი მოვთხოვე ჯანოს, აორთქლდა!

– ეგ ჯერ არ ვიცით! იქნებ სძინავთ?

– უკვე თორმეტის ნახევარია!

– უფ, მერე რა? თქვა ეხლა ამანაც!

გაეცინა ნინის.

– მე ვიცი რომელია მაგათი კოტეჯი. ავდგეთ ეხლა და თავზე დავადგეთ!

– სამივე?

– დიახაც!

– და რა ვუთხრათ, რა გვინდაო?

– კორტებზე შევთავაზოთ წასვლა. ჩოგბურთი ვეთამაშოთ!

– მე არასოდეს მითამაშია ჩოგურთი!

თქვა მიამ.

– ხოდა, ეხლა ითამაშებ!

სამივე სასადილოდან პირდაპირ ჯანოს და მისი მეგობრების კოტეჯისაკენ გაემართნენ. ის იყო, მიუახლოვდნენ, რომ დაინახეს როგორ გამოვიდა ჯანო. ზურგჩანთა მოკიდებული. ფრთხილად გაიხედ-გამოიხედა და სწრაფი ნაბიჯით მიიმალა ხეებში.

– გავყვეთ!

ჩასჩურჩულა გოგოებს ნინიმ. კოტეჯს უკანა მხრიდან შემოუარეს და ჯანოს უკან მიყვნენ. საკმაოდ დაშორებულები იყვნენ მისგან.

ჯანო ტყის სიღრმეში შედიოდა და დროდადრო უკან იხედებოდა.

– სად ჯანდაბაში მიდის?

– დამფრთხალია თაგვივით!

ჯანო ველოსიპედების სადგომთან გაჩერდა და ცოტა ხანში გზა ველოსიპედით გააგრძელა.

– კოიოტის ნიშნის მიმართულებით მიდის! აშკარაა!

– ჩვენ ფეხით წავიდეთ… ველოსიპედი გაგვყიდის!

გოგოები ბილიკიდან მოშორებით, ხეებს შორის გადაადგილდებოდნენ. როგორც იქნა იმ ადგილსაც მიუახლოვდნენ, სადაც ნიშანი იყო ჩარჭობილი. სამივე ხეს ამოეფარა.

– სად გაქრა?

– ველოსიპედი იქ დაუგდია!

– რა საინტერესოა!

– ნინ, ნიშნის ქვეშ ფოთლები გადახვეტილია თუ მეჩვენება?

– მგონი არ გეჩვენება, სალ…

– მაშინ ფოთლების გორა არ იდგა?

– ჰო… მივიდეთ!

– არა, არა! მოიცა… ძალიან სარისკოა! ჯობია დაველოდოთ. ოდესღაც ხო დაბრუნდება? ველოსიპედი არ დატოვა მანდ ტყუილად…

– იქნებ წაიქცა და ის ფოთლები იმიტომაა ეგრე? ფეხი ხო არ მოიტეხა?

– ამხელა კაცმა, მია?

გაეცინა ნინის.

– ჰო, რაიყო? დიდებს არ სტყდებათ ფეხები?

– შშშ… გაჩუმდით ორივე! ნუ მაცინებთ…

გააჩუმა სალიმ. დაახლოვებით ოცი წუთის შემდეგ, ნიშნის ქვემოთ მიწა ამოძრავდა. რაღაც ამოიწია და გადავარდა. ადგილზე მტვრის კორიანტელი დადგა. ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ გოგოები ვერ მიხვდნენ რაში იყო საქმე!

ბუღში ჯანო გამოჩნდა. ტანსაცმელი გაიფერთხა, ზურგჩანთა მოიკიდა და ლუკი ისევ დახურა. შემდეგ, ფეხით მიაყარა მიწა და ბოლოს ფოთლები.

– როგორ აქამდე ვერ მივხვდით? იქ ლუკია!

თქვა სალიმ.

– სფეროს ბუნკერი იქნება ესეც! როგორც იმ ძველ შენობაში. ვაკომ რომ წამიყვანა!

ჯანო ისევ ველოსიპედზე დაჯდა და იქაურობა დატოვა. გოგოებმა სამალავში კიდევ რამდენიმე წუთი მოიცადეს და მერე გამოვიდნენ. ფოთლები გადახვეტეს და ლუკი დაინახეს!

– ესეც მედალიონებით იღება! გიკეთიათ?

– მე არასოდეს ვიხსნი!

– არც მე!

მედალიონები გააერთიანეს და ლუკი გააღეს. ნაცნობი კიბის საფეხურები გამოჩნდა.

– რომელიმე ჩვენგანი აქ უნდა დარჩეს!

თქვა სალიმ.

– მე დავრჩები და გიდარაჯებთ!

მია მიწაზე დაჯდა. კიბეზე ჯერ ნინი დაეშვა, მერე სალი.

გვირაბში მოხვდნენ, რომელიც განათებული იყო. ჩასვლისთანავე დაინახეს ცნობილი სიმბოლო – ხელი და თვალი. გვირაბს ბევრი გასასვლელ-გამოსასვლელი ჰქონდა, მაგრამ ყველა მათგანი მოკლე იყო და ოთახივით კამერას უერთდებოდა. გოგოები ფრთხილად მიიწევდნენ წინ. პირველივე კამერაში იპოვეს უცნაური სიმბოლოებით და ნახაზებით გაკეთებული პატარა დაფა, რომელზეც პატარა კაცუნას ფიგურა იდგა.

– ეს გასაშიფრია!

თქვა სალიმ და დაფა ხელში აიღო. დაფის ქვეშ წიგნი იდო: – რალფ ელისონის – “უჩინარი ადამიანი”.

სალიმ და ნინიმ სხვა ოთახებიც მოიარეს და პატარა ხის კოლოფი იპოვეს, რომელიც დაკეტილი იყო.

ბუნკერში მეტი არაფერი იყო.

– რა ქენით?

– რაღაცეები ვიპოვეთ! გასაშიფრია…

– მე ვფიქრობ, იმ ყვავის ნიშანთან კიდევ ერთი ბუნკერია!

– ეგ მერე ვნახოთ! ახლა კოტეჯში დავბრუნდეთ და ამეების გაშიფრა ვცადოთ. ეს ყუთი გასაღებითაა დაკეტილი. სავარაუდოდ, გასაღების პოვნა მოგვიწევს!

თქვა სალიმ. სამივე კოტეჯში დაბრუნდა. გვიანობამდე უტრიალეს დაფას, მაგრამ ვერაფერს მიხვდნენ!

– ეს “უჩინარი კაცი” ვითომ რა პონტია?

ნინის ფიქრისაგან თავი სტკიოდა.

– ეს ჯანო, იქ რისთვის ჩავიდა?

– იქნებ იმ ზურგჩანთით ჩაიტანა ეს რაღაცეები და თამაშის ლოკაცია მოამზადა?

– შეიძლება! ვაიმე…

– რა მოხდა, სალ?

– მე მგონი მივხვდი, რაც ხდება!

– რას მიხვდი?

– მია, ის ცარიელი ფურცელი გამოიტანე სასწრაფოდ!

მია საძინებლისაკენ გაიქცა და კონვერტი გამოიტანა!

– მე ვიცი ეს რაც არის!

– გვითხარი, ნუ დაგვხოცე!

– უჩინარი წერილია! და ისიც ვიცი, როგორ უნდა წავიკითხოთ!

გაგრძელება იქნება 

P.S. მოძებნე გვირაბი, ამოხსენი დაფის საიდუმლო და წაიკითხე უხილავი წერილი. თამაშის დრო: – კვირა 26 იანვარი, 15:00 სთ.

ლოკაცია: – მიწისქვეშ!

შეკრების ადგილი მეტრო რუსთაველი

ვითამაშოთ? 😉

Advertisements

47 thoughts on “თამაში (ნაწილი მესამე) – Login

  1. გვეღირსა … დილიდან ასე თუ გამიხარდებოდა რამე არ მეგონა .. მომწონს და ველოდები შემდეგს ..

  2. თეაააა!! რა მაგარი გოგო ხარ რააა !!!

    აი გულით მინდა, რომ ძალაინ წარმატებული იყო და სათანადოთ დაფასდე !!! ძალიან ძალაინ ბევრს იმსახურებ და დიდი გაქანება გაქვს ❤

  3. როდის გაგრძელდება ??? როცა მალ-მალე რომ დადო ვერ მოახერხებ ???

      • dzaan kargia magram am bolo dros axali epizodis tsakitkhvis interesess acharbebs molodinis rejimi gautavebeli… da shesabamisad khalisic ikargeba, adre dzalian kargi iyo maraoze rom ideboda vicodit ra dges daideboda da mshvidad viyavit ))) mesmis rom ar aris ioli tsera, tan albat sxvasac tsert magram dzalian saintereso novelaa da minda gtxovot axali epizodebis dadebis gachianurebit interess da “mughams” nu dagvikargavt, droulad tu daideba da santabarbarasavit usasrulobamde ar gaitseleba dzalian moxaruli viqnebi me da albat sxva mkitxvelebic…

      • ძალიან ძნელია, გეთანხმებით. მაგრამ პროექტი მარაოდან მოიხსნა. შესაბამისად, დაფინანსებაც შეუწყდა. მე რამოდენიმე პროექტზე ვმუშაობ, სამსახურის ფარგლებშ და დრო ძალიან ცოტა მრჩება. მკითხველის გულისთვის ვცდილობ რომ არ მივაგდო საერთოდ და რამენაირად, როგორღაც დავასრულო. თუმცა, ამისთვის დრო ფაქტობრივად არ მრჩება!

  4. avtor kargi novelaa da gaugebaria ratommoixsna maraodan da rato sheucyvites dafinanseba…
    da zalian gtxov 2 sityvit triksteris vinaoba da realuri mizezi gagvimxile da jandabas gaicelos titqmis usasrulod…

  5. rogorc chans es proeqti ase daumtavrebeli darcheba, ase azris dausruleblad. dasanania, rom wkalshi chaiyara gaweuli shroma. iqneb mkitxvelis gamo daasrulot ramenairad

  6. თეა იმედია მალე მოახერხებთ ,,თამაშის” გაგრძელებას,გელოდებით:)

    • თამაშის ფინალი უნდა ყოფილიყო ძალიან სპეციფიკური. გამომდინარე იქიდან რომ ეს არ იყო უბრალოდ ნოველა და დაკავშირებული იყო რეალობაში გადმოტანილ თამაშებთან, მის გარეშე დასასრული არ გამოდის. სამწუხაროდ ეს პროექტი მოიხსნა და მე ამჟამად სხვა პროექტზე ვმუშაობ. დრო ფაქტობრივად არ მრჩება ამისთვის. ამიტომ, ვერაფერს დაგპირდებით და ნამდვილად არ ვიცი, როდის შევძლებ მის დასრულებას 😦

  7. მაპატიეთ , მაგრამ არ შეიძლება ასე აგდებულად მოეპყროთ საკუთარ მკითხველს . რადგან პროექტი აღარ ფინანსდება და ამით ერთგვარ სარგებელს არ იღებთ , არ შეიძლება ის ადამიანები , ვინც ყოველი ახალი თავის გამოსვლას სულმოუთქმელად ელოდნენ , ხახამშრალი დატოვოთ . იფიქრეთ ხალხზეც , გასაგებია რომ თქვენთვის შემოსავლის წყაროს აღარ წარმოადგენს ეს ნოველა , მაგრამ ვიდრე აფინანსებდნენ , ეგეც ხალხის დამსახურება იყო , აქტიურობდნენ , თამაშებში ერთვებოდნენ და საკმაოდ დიდ დროს გითმობდნენ 🙂
    ჰოდა ახლა თქვენი ჯერია , გამოყავით ცოტა დრო იმისთვის , რომ ეს ხალხი იმედგაცრუებული არ დატოვოთ 🙂
    პატივისცემით 😉

    • მე არ ვიცი, უფრო გასაგებად როგორღა ავხსნა. ეს არ არის ჩვეულებრივი ნოველა. ეს არის პროექტი, რომელიც რეალობაში გადმოტანილი თამაშების გარეშე ვერ დამთავრდება, რადგან მთავარი არის ფინალი, რომელიც შეაჯერებს ნოველას და რეალურ თამაშებს, სადაც მონაწილეობას მკითხველი იღებდა. გამომდინარე იქიდან, რომ თამაშები შეწყდა, შესაბამისად შეწყდა ნოველაც. იმის თქმა კიდევ, რომ მე მკითხველს აგდებულად ვეპყრობი, ძალიან უსამართლოა! ვერცერთი მკითხველი ვერ წარმოიდგენს, თუ რამხელა შრომა მაქვს ჩადებული ჩემს ყოველ ნაწარმოებში. ამისთვის, თქვენ ჯერ “რეალთაიმში” წერის არსი უნდა გააცნობიეროთ 🙂 ჩემი ჰონორარი კი იმდენად სასაცილო იყო, რომ მისი ხსენებაც კი არ ღირს. არ მინდა დაწვრილმანება და იმის ახსნა, რომ თამაშის ჰონორარი გზის ფულადაც არ მყოფნიდა და ყველაფერს საკუთარი ხარჯებით ვაკეთებდი. 🙂 “ხალხის დამსახურებაში” იმ 10 ადამიანს გულისხმობთ, ვინც თამაშებზე დადიოდა? თქვენ ფიქრობთ, რომ 10 კაცის გამო ფინანსდებოდა პროექტი? :))) ძალიან ცდებით. მოთამაშეები მოდიოდნენ იმისთვის, რომ სიამოვნება მიეღოთ იმით, რაზეც მე მარტო ვმუშაობდი და ძილი მენატრებოდა! თუმცა, მესმის, რომ არავის აინტერესებს შიდა სამზარეულო და არც ის, რომ ასეთი სახის პროექტებზე გუნდი მუშაობს და არა ერთი ადამიანი. ასე, რომ თქვენი მცდელობა, ჩემს სინდისზე იმოქმედოთ, სრულიად ზედმეტია 🙂

  8. maryen, იმ 10 ადამიანიდან ერთ-ერთი მე ვარ და მინდა გითხრა, რომ არა ავტორის მონდომება, ფატაზია და უზღვავი ენერგია, ეს თამაში ვერ შედგებოდა. რატომ საუბრობ ავტორის ჰონორარზე და დაფინანსებაზე, როცა წარმოდგენაც კი არ გაქვს ამ საკითხზე? რბილად რომ ვთქვა, ეს საკუთარი თავის უპატივცემულობაა. მე შენზე უკეთ ვიცი რამდენს უხდიდა ავტორს marao.ge და სწორედ იმ არასერიოზული დამოკიდებულების გამო დატოვა თეამ ის საიტი. კომპლიმენტის თქმა თუ გინდა ავტორისთვის, ასეც მოიქეცი, ძალიან გთხოვ, ნურც მას და ნურც ჩვენ ნუ გვაყენებ შეურაცხყოფას შენი უსაფუძვლო ვარაუდებით. და კიდევ, მოთამაშეების და ვტორის ურთიერთდამოკიდებულება არაა შენი განსახილველი, შენ არ იცი რა გვაკავშირებს ჩვენ ერთმანეთთან და ნუ საუბრობ ჩვენი სახელით, გთხოვ.

  9. თეა ჩვენი ყველაზე უანგარო და თავისი მკითხველის უსაზღვროდ პატივისმცემელი და დამფასებელი ავტორია! ამიტომ ჩვენც იგივეთი უნდა ვუპასუხოთ ხოლმე! ჩვენ გვიყვარს ჩვენი უნიჭიერესი ავტორი!!!!!!!! :* ❤ :* ❤ :* ❤

  10. tea,ra magari xar,ar vici ra gitxra…pauza ki iyo didi,mara iseti gagrdzelebaaaa,sdz magari (y),da tan ro warmovidgen,werilis gashifvras,salisavit mec guli miherdeba…:* :*

  11. ანუ თამაში გაგრძელდა? ალბათ ეხლა რუსთაველზე ხალხი იკრიბება :)))) რა ცუდი ამინდი დაემთხვა…წარმატებები

  12. თე გამარჯობა… აღფთოვანებული ვარ შენი ნოველებით.დიდებული ადამიანი ხარ მიხარია რიმ არსებობ და ცხოვრებას გვილამაზებ… ძალიან დამაინტრიგა თამაშმა ერთი სული მაქვს ვიხილო გაგრძელება… თე არის შესაძლებლობა რომ დაასრულო ნოველა? გთხოვ მიპასუხეე .დიდი სიყვარულით შენი ერთგული მკითხელი:-*

    • გამარჯობა, თამარ 🙂 ძალიან მინდა, რომ დავასრულო “თამაში”, მაგრამ ძალიან ვარ დატვირთული სხვა პროექტებით და ფიზიკურად არ მყოფნის დრო… იმედი მაქვს, რომ გამოვნახავ ამისთვის დროს და დავამთავრებ. თან, ისე ძალიან გაიწელა, რომ მეც არ მყოფნის ნერვები :))) თამაშებით უნდა გახსნილიყო კვანძი და თამაშებს ვეღარ ვუკეთებ ორგანიზებას. ბევრი დრო უნდა. ობიექტებიც მოსაძიებელია… მოკლედ, ბევრი მიზეზია ერთად, რაც ხელს მიშლის… მადლობა რომ კითხულობ ჩემს შემოქმედებას! მიხარია, თუ მოგწონს 🙂 :*

      • ver mivxvdi ra igilisxmeba tamashshi. arsebobs realuri tamashi? komentarebshi ewera albat xalxi rustavelze ikribebao. ver amixsnit ra xdeba? 🙂

      • თამაშები რეალობაშიც იმართებოდა 🙂 შეგიძლია გადახვიდე “თამაში-ვიდეოს” გრაფაში და უყურო 🙂

  13. როგორ ვწუხვარ, რომ ახლა გავიგე ამ თამაშის შესახებ.. ასე გვიან

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s