ღვინით აშენებული სახლის ისტორია

Image

როგორც იქნა, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი შენობის ისტორიის რიგიც მოვიდა – შენობის, რომელიც თბილისის ერთ-ერთი მთავარი პროსპექტის, რუსთაველის გამზირის, ყოფილი გოლოვინის პროსპექტის 37 ნომერში მდებარეობს.

წინასწარ მოძიებული მაქვს ინფორმაცია ამ სახლის შესახებ და განსაკუთრებული ემოციებით სავსე, ფოტოაპარატით ხელში მივდივარ მის დასათვალიერებლად.

არ ვიცი, რატომ მიზიდავს ასე ძალიან ლეგენდები და მისტიკური ადგილები; რატომ მიზიდავს ყველაფერი, რაც აუხსნელია.

შენობასთან მივედი და ფოტოების გადაღება დავიწყე. უცებ ბრახუნის და მსხვრევის ხმა მომესმა და ჩემ გვერდით, სულ რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით მინები ჩამოცვივდა. ალბათ, ქარმა ფანჯარა მიაჯახუნა…
Image
ვიცი, რომ ჩემი მეგობრები ხუმრობით მეტყვიან, – მაინც არ ეშვები ამ სახლებს და მოჩვენებებსო. მართლაც, უკვე იმდენი სახლი ვნახე, რომელსაც მოჩვენებების თემა უკავშირდება, რომ თვლაც ამერია. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჯერჯერობით არცერთი მოჩვენება არ შემხვედრია.

დროა, წარმოშობით სომეხი, თბილისელი კომერსანტის – მელიქ აზარიანცის სახლი წარმოგიდგინოთ, რომელიც თბილისური მოდერნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლია.
ImageImage
შენობა 1912-15 წლებში აშენდა. მისი არქიტექტორი პეტერბურგელი ნიკოლოზ ობოლონსკი გახლდათ, რომელიც წარმოშობით პოლონელი იყო. ეს მისი პირველი და უკანასკნელი პროექტი იყო, რომელიც საქართველოში განახორციელა.
Imageიკ
მე-20 საუკუნის დასაწყისში ამ სახლს საკუთარი ელექტრო და წყალმომარაგება ჰქონდა, საკუთარი გათბობის სისტემა, სატელეფონო ქსელი, საბავშვო ბაღი, კინოთეატრი, ფოტოსალონი, სამხატვრო გალერეა, ბაღი შადრევნითა და ეგზოტიკური მცენარეებით. საქართველოში ეს პირველი “შემოსავლიანი სახლი” უნიკალური იყო თავისი ინფრასტრუქტურით.

შენობის მაღალი, ფართოვიტრინებიანი პირველი სართული ქვით არის რუსტრირებული, ხოლო მეორე და მესამე სართულები თლილი ქვითაა მოპირკეთებული. შენობის გარე ფასადის დეკორატიული სამკაული – ქვის კვეთილი გირლანდები და სკულპტურული რელიეფებიც მოდერნის სტილშია შესრულებული. მათი ავტორი ჩეხი მოქანდაკე ა. ნოვაკი გახლავთ.

ნაგებობას სწორხაზოვანი და მორკალული ფორმის კარნიზები აგვირგვინებს. მ. ჯავახიშვილის ქუჩის კუთხეზე გამავალ ნაწილს ორი მცირე გუმბათი ასრულებს.

სახლის უკანა მხარე მთლიანად თბილისური ტრადიციული ხის აივნებითაა შემკული, რაც ამ ისტორიული ძეგლის უნიკალურობას უსვამს ხაზს.

სახლი საკმაოდ რთულ რელიეფზე აშენდა და ამიტომ რამდენიმე დონე ჰქონდა. დამატებით სირთულეებს აშენების პროცესში მიწისქვეშა წყლები ქმნიდა. პირველად კავკასიაში გამოყენებულ იქნა უნიკალური ტექნოლოგია: შენობის საძირკველი მთლიანად ფოლადის კარკასში იყო გაკეთებული, რომელმაც მიწისქვეშა წყლებისაგან დაიცვა შენობა და სიმყარე შემატა მას. კედლები საგანგებოდ გამომწვარი აგურითაა აშენებული.

ქვის სამგლოვიარო გვირგვინები შენობის გუმბათებზე კი მოგვიანებით გაჩნდა. ისინი აზარიანცის 25 წლის გარდაცვლილი ქალიშვილის ხსოვნას მიეძღვნა, რომელიც მშენებლობის დასრულების შემდეგ გარდაიცვალა.

გადმოცემის თანახმად, მე-19 საუკუნის მიწურულს თბილისში ძალიან მდიდარი კაცი – მელიქ აზარიანცი გამოჩნდა. მან საცხოვრებლად ზემელზე (როგორც წინათ უწოდებდნენ) შეარჩია ერთი ადგილი და გადაწყვიტა, იქ აეშენებინა თავისი სახლი.

მოედნისა და სანაპიროსკენ მიმავალი გზის მხარეს შენობას მომრგვალებული ფორმა უნდა ჰქონოდა. მან არქიტექტორს პროექტის გაკეთება დაავალა, ხოლო თვითონ ტერიტორიის გასუფთავებას შეუდგა.

თავისი მსახურები იმ ადამიანებს მიუგზავნა, რომლებიც მის მიერ შერჩეულ ადგილას ცხოვრობდნენ. უმეტესობა მათგანი ღარიბი იყო. აზარიანცი მათ 300 ოქროს უხდიდა იმისთვის, რომ საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინათ. მის პირობებს ყველა სიხარულით დათანხმდა, გარდა ერთი მეწაღისა. იგი არაფრის დიდებით არ თმობდა თავის დაბრეცილ ჯიხურს, სადაც მთელი დღეები იჯდა და ფეხსაცმელების შეკეთებით იყო დაკავებული.

აზარიანცმა მას 500 ოქრო შესთავაზა, მაგრამ მისი დაყოლიება ვერაფრით შეძლო. საბოლოოდ მეწაღის სიჯიუტეს შენობის ნაწილი შეეწირა. არქიტექტორი იძულებული გახდა, რომ თავისი წინა ჩანაფიქრი, – მოედნის მხარეს სახლის მომრგვალებული კედელი – სწორი კედლით შეეცვალა.

ლეგენდის თანახმად, იმ პერიოდში თბილისში მხოლოდ აზარიანცს ჰქონდა გამოყვანილი საკუთრად წყალი და გადასახადსაც იხდიდა. შენობა არ იყო ბოლომდე დასრულებული. მთავრობამ მას წყლის გადასახადი ძალიან გაუძვირა. აზარიანცი არ დაემორჩილა მთავრობის უსამართლო მოთხოვნას და წყალზე საერთოდ უარი თქვა.

იმ პერიოდში ღვინო ძალიან იაფი ღირდა. მელიქ აზარიანცმა ძალიან დიდი რაოდენობით ღვინო შეისყიდა გლეხებისაგან და თავისი სახლის მშენებლობა სწორედ ამ ღვინით დაასრულა.

თუ ლეგენდას დავუჯერებთ, სამშენებლო მასალებში წყლის მაგივრად ღვინო იქნა გამოყენებული. ამ საქციელით მან მთავრობასაც გასცა საკადრისი პასუხი და გლეხებიც ასარგებლა.

ყველაზე საინტერესო კი შენობის სარდაფებია. მიწის ქვეშ უზარმაზარი გვირაბები ყოფილა, რომლებიც ამჟამად დალუქულია. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, როდესაც საქართველოში ბოლშევიკები შემოვიდნენ და მდიდრებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს, მელიქ აზარიანცი სარდაფში, თავის საიდუმლო ოთახ-სეიფში შესულა, რათა ძვირფასეულობა გამოეტანა. შემთხვევით სეიფის კარი გარედან ჩაკეტილა, არადა, იმ სეიფის არსებობა მის გარდა არავინ იცოდა.

არსებობს მეორე ვერსიაც, რომელიც უფრო შეეფერება სინამდვილეს. სხვა მილიონერებისაგან განსხვავებით, რომელთაც საქართველოდან გაქცევა მოახერხეს, მელიქ აზარიანცი თბილისში დარჩა. მას ჩამოართვეს მთელი ქონება და საკუთარ აშენებულ სახლში მხოლოდ ერთი ოთახი გამოუყვეს, ისიც კიბის ქვეშ, სადაც თავისი დარჩენილი ცხოვრება სიღარიბეში გაატარა. გარდაცვალების შემდეგ ერთ დროს ყველაზე მდიდარი ადამიანი მეგობრების საზიარო ფულით იქნა დაკრძალული.

თუ მიზანს მივაღწიე და ამ შენობის გვირაბებში ჩაღწევა შევძელი, ამის შესახებ აუცილებლად მოგიყვებით. ახლა კი მომავალ ისტორიამდე გემშვიდობებით, მე კი კვლავ გავაგრძელებ შენობების ძიებას.

თეა ინასარიძე
ჟურნალი “და ქალი”

Advertisements

11 thoughts on “ღვინით აშენებული სახლის ისტორია

    • ერთად თავმოყრილს ალბათ ვერ ნახავთ. შეგიძლიათ ბიბლიოთეკაში მოიძიოთ არქიტექტურის კუთხით და ძველი გაზეთებიდან თუ რამეს იპოვით ამ კაცზე 🙂

  1. დიდი მადლობა სტატიის ავტორს,და მცირე კორექცია, სახლის მისამართია, რუსთაელის 37, ამსახლში ბაბუაჩემი 1921წელს გადავიდა და ჩვენ აქ 1992წ-მდე ვცხოვრობდით, უფროსებისგან და მეზობლებისგან გამიგია, რომ, სახლი ინგლისის რომელიღაც ბანკში ყოფილა დაგირავებული და ბაბუაჩემი ორჯერ ჩასულა მოსკოვში, სახლზე გირაოს მოხსნის საკითხების მოსაგვარებლად,,,ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩემი წინაპრები, მე და ჩემი უფროსი შვილი დავიბადეთ და გავიზარდეთ, ყველაზე მაგარი ქუჩის, ყველაზე მაგარ სახლში, ამ სახლშია ჩემი ყველაზე დიდი სხარულიც და ყველაზე დიდი ტკივილიც, მე მას ადამიანივით გამოვემშვიდობე და ადამიანივით ვუღიმი ყოველი შეხვედრისას, და თუ ოდესმე დადგება საკითხი კვლავ საცხოვრებლად გადაკეთებისა, ღრმად მოხუციც, მელიქ აზარიანცივით ერთ პატარა ოთახში (თუმცა ასეთი აქ არ არსებობს) ცხოვრებაზე ვარ თანახმა….მომიტევეთ სენტიმენტები

  2. თეა, ერთ ლეგენდასაც მოგაწვდით მელიქ აზარიანცის შესახებ. ზედმიწევნით აღარ მახსოვს, მაგარამ შინაარსი ასეთია: მას შეუყვარდა უცხოელი მსახიობი თუ მომღერალი ქალბატონი, რომელსაც სახლი აუშენა ჯავახიშვილის ქუჩაზე. სახლის ნომერი აღარ მახსოვს, მერაბ კოსტავას სახლის ცოტა მაღლა, მარჯვენა მხარეს შეწეული სახლია, რომელშიც თორაძეები და ქალბატონი მაყვალა მრევლიშვილი ცხოვრობდნენ. აზარიანცის მეუღლე თურმე ძალიან ეჭვიანობდა და მეთვალყურეები მიუჩინა, რომ იმ ქალბატონს არ სტუმრებოდა. აზარიანცმა, თავისი სახლის სარდაფიდან მიწისქვეშა გვირაბი გაიყვანა თავისი სატრფოს სახლამდე, რომელიც იმდენად ფართო იყო, რომ ფაეტონით მიდიოდა. გვირაბი სატრფოს სახლის უკანა მხარეს ამოდიოდა, რუსთაველის მეტროს გაყოლებაზე მდებარე სახლების შუაში, ერთ პატარა შიდა ეზოში და იქიდან ადიოდა გზა სატრფოს სახლამდე. ახლაც შეგიძლიათ ნახოთ ის ეზო და იქიდან ამავალი გზა. აზარიანცის სახლის სარდაფებზე კი ცალკე ლეგენდები არსებობდა.

    • ძალიან საინტერესო ლეგენდაა! დიდი მადლობა 🙂 აუცილებლად ვნახავ იმ სახლს. აზარიანცის სარდაფებში ვცდილობ ჩასვლას და იმედია ესეც გამომივა )

  3. თეა გამარჯობა. თქვენთან მინდა დაკავშირება, სახლებთან დაკავშირებით მაინტერესებს რაღაცეები და იქნებ მომწეროთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები მეილზე. მადლობა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s