საიდუმლო ნიშნები

Image

მახსოვს, პატარა რომ ვიყავი (დაახლოებით 8-10 წლის), რატომღაც “მოდაში შემოვიდა” უცხოპლანეტელების თემა. ეს ალბათ, 1988 წელს პრესაში გაჩენილმა რამოდენიმე სენსაციურმა სტატიამ განაპირობა, რომლებიც ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს შეეხებოდა.

ამ სტატიამ დიდი რეზონანსი და ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში. ამ პერიოდში ანომალიურ მოვლენებს ფიზიკოსი თალეს შონია შეისწავლიდა, რომელმაც საქართველოში რეგისტრირებული მსგავსი მოვლენების დიდი არქივი შექმნა.

სამწუხაროდ, მისი არქივი 1991-1992 წლებში თბილისში მომხდარ სამხედრო გადატრიალებას შეეწირა.

მეცნიერებათა აკადემიის სარდაფში გაჩენილმა ხანძარმა ლაბორატორია მთლიანად გაანადგურა.

1994 წელს შეიქმნა საქართველოს უფოლოგიური ასოციაცია “სუფოა”, რომელიც საქართველოში ანომალიური მოვლენების რეგისტრაციას და მონაცემების კატალოგიზაციას აწარმოებდა.

ერთხელ სახლში შორეული ნათესავი გვესტუმრა. მახსოვს, გაოგნებული რომ ყვებოდა, როგორ წავიდა ერთ ოჯახში, რომელთა წევრებიც ამტკიცებდნენ, რომ მათ სახლში უცხოპლანეტელი – “გუვე” ცხოვრობდა, რომელიც რატომღაც ჩანგლების, კოვზებისა და სხვა სამომხმარებლო საგნების ფრენით “ერთობოდა”.

თუ მათ ოჯახში უცხო ადამიანი (დაინტერესებული პირი) მივიდოდა, მაგიდასთან დასვამდნენ, თვალებს დაახუჭინებდნენ და უცებ, ჰოი საოცრებავ, – მის წინ დაკეცილი წერილი ჩნდებოდა (ნეტავ საიდან?), რომელშიც აბდაუბდა ტექსტი ეწერა, ქართული ასოებით.

ასეთი “გუვეების” ყოლას მაშინ ბევრი იჩემებდა. ზოგი ყურადღების ცენტრში ყოფნისთვის, ზოგიც ფულის გასაკეთებლად. მოკლედ, შარლატანობის კლასიკური ნიმუში.

პირველ კურსზე რომ ვსწავლობდი, ჩემი კურსელი ბიჭი გვიმტკიცებდა, რომ მის სახლში “ბარაბაშკა” ცხოვრობდა. ისე, ეს სხვებისგანაც გამიგია. მეც კი მესმოდა ხოლმე პატარაობაში პარკეტის ჭრიალი, ნაბიჯების ხმა. ხანდახან რაღაცა საათობით მიძებნია, არადა, ზუსტად მახსოვდა, სადაც დავდე. ალბათ, თქვენც გქონიათ მსგავსი შემთხვევა, როცა “თითქოს ეშმაკმა ჩაყლაპა”.

მერე ვითომც არაფერი, გიპოვიათ იქ, სადაც რამდენჯერმე შეამოწმეთ. ესეც საკმაოდ უცნაურია. როდესაც პირველად გეოპათოგენურ და ბიოპათოგენურ ზონებზე წავიკითხე, “ბარაბაშკის” არსებობა მაშინ გამოვრიცხე.

მაგრამ ამ ზონების შესახებ სხვა დროს გიამბობთ (თუ გაინტერესებთ), ამჟამად კი, თქვენს ყურადღებას იმ იდუმალ ფიგურებზე გავამახვილებ, რომლებიც დედამიწაზე უხსოვარი დროიდან ჩნდებოდა.

ეს ნიშნები დღემდე ერთ-ერთ ამოუცნობ მოვლენად ითვლება. უმეტესობა მათგანი ყანებსა და ველებზე ჩნდება. ამ მოვლენას ცალკე მეცნიერება – სირეოლოგია სწავლობს. ზოგიერთი უფოლოგი თვლის, რომ ეს ნიშნები უცხოპლანეტელების მიერაა დატოვებული და მათში გარკვეული ინფორმაცია დევს. არსებობს მოსაზრებაც, რომ ვინც ამ ნიშნებს გაშიფრავს, დიდ ძალაუფლებას მოიპოვებს.

რამდენიმე წლის წინ სტავროპოლის მხარეში გაჩნდა ასეთი ნიშანი. ყანის პატრონმა აღმოაჩინა, რომ თავთავები საათის ისრის მიმართულებით, წრიულად ძირს იყო დაფენილი. უცნაურობა იმაშია, რომ არცერთი თავთავი არ იყო გადატეხილი. ისინი სიმეტრიულად იყვნენ გადახრილები.

შეშინებულმა მეპატრონემ მილიციაში დარეკა.

ამ ფაქტის შესწავლის შედეგად მასში ადამიანის ხელი გამორიცხეს. არც რადიაციის კვალი დაფიქსირდა და არც რაიმე სპეციფიკური ქიმიკატი.

ამ უცნაურობას ისიც დაერთო, რომ გამოჩნდნენ მოწმეები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ საკუთარი თვალით იხილეს ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, რომელიც ამ ადგილას რამოდენიმე წამით დაეშვა. თავთავების წრის ცენტრში ცილინდრული ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც, მათი აზრით, მიწის ნიადაგის სინჯის აღების დროს გაჩნდა (მე კი მგონია, რომ ნახაზის სიმეტრიის დასაცავად, უბრალოდ, ცენტრის მონიშვნის მიზნით იყო ჩარჭობილი).

ნასკას უდაბნოშიც მსგავსი ფიგურები იქნა აღმოჩენილი, რომელსაც მკვლევარები დღემდე სწავლობენ და ჯერჯერობით ახსნა ვერ მოუძებნეს. ნასკას ტერიტორიაზე დღესდღეობით მხოლოდ 30 ნახატია ცნობილი. ხაზების და ზოლების რიცხვი 13 000-ს აჭარბებს. ცნობილია 700-მდე გეომეტრიული ფიგურა. იდეალურად სწორი ხაზები კვეთენ დამშრალი მდინარეების კალაპოტებს და ბორცვებზე მიიკლაკნებიან.

ხაზები და ზოლები ერთმანეთს მრავალჯერ კვეთენ. ნასკას კომპლექსი ფიგურებით არაერთხელ დაფარულა. მოგვიანებით გაჩენილი ფიგურები წინამდებარე ნახაზების კონტურებს არ შლიან. ვინ, როგორ და რისთვის შექმნა გიგანტური ნახაზები, დღემდე უცნობია.

საინტერესოა კიდევ ერთი რამ. იქ გრუნტი იმდენად რბილია, რომ ნაფეხურების კვალი ადვილად ეტყობა. საოცარია, როგორ უნდა შეექმნათ ასეთი გიგანტური ნახატი ისე, რომ ნაბიჯების, მანქანის ან ბილიკის კვალი არ აღბეჭდილიყო.

ნასკას ტერიტორიას დღემდე მკაცრად იცავენ, ხოლო ვინც ნახაზებს უნებართვოდ მიუახლოვდება, ან უნებლიედ წაშლის, კანონით გათვალისწინებული სასჯელით, თავისუფლების 5 წლით აღკვეთით და ფულადი ჯარიმით დაისჯება.

ტურისტებს სპეციალურად განკუთვნილი პატარა თვითმფრინავებით შეუძლიათ პლატოს დათვალიერება. ექსკურსიის ხანგრძლივობა 40 წუთია, გადასახადი კი ერთ ადამიანზე 100 000 დოლარი.

თავთავებისაგან შექმნილი ფიგურები VII საუკუნეში ცენტრალურ ამერიკაში გაჩნდა, სადაც ბინადრობდა მაიას ტომი. მას “კუდიანთა წრეები” დაარქვეს.

ასეთი წრეები 24 ქვეყანაშია შემჩნეული. ზოგიერთ მათგანს ფალსიფიცირებულად (ადამიანის ხელით შექმნილად) მიიჩნევენ. დავინტერესდი, რითი განსხვავდება ე.წ. ნამდვილი ფიგურები ფალსიფიცირებულისაგან, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია ვერ აღმოვაჩინე.

ყველაზე რთული ნახაზი ორასამდე ელემენტისაგან შედგება. დღესდღეობით 10 ათასამდე გამოსახულებას ითვლიან.

იმ ადგილებში, სადაც ფიგურები გაჩნდა, ხელსაწყოები ინფრაწითელ გამოსხივებას აფიქსირებენ. ასევე – დედამიწის მაგნიტური ველის სტრუქტურის ცვლილებას, რადიაციული ფონის 3-ჯერ გაზრდას.

ერთ-ერთი მოსაზრებით, ფიგურების გაჩენა მოსალოდნელი კატაკლიზმების შესახებ გვაფრთხილებს.

სპეციალისტების აზრით, ეს კრიპტოგრამები ურთულეს შიფრს წარმოადგენს. მათი იდენტიფიკაციის დროს ყველა დეტალი მნიშვნელოვანია: ნახატების ფორმა, ზომა, განლაგება, სიმაღლე, ადგილმდებარეობა. სავარაუდოდ, მათში დაშიფრულია ახალი ტექნოლოგიური მასალების ფორმულა, კომპიუტერული ტექნიკა, მსოფლიოს მოწყობის წესები და ა.შ. ამიტომაც თვლიან, რომ ვინც ფიგურებში დამალულ ინფორმაციას გაშიფრავს, უდიდეს ძალაუფლებას მოიპოვებს.

უცხო ცივილიზაციების არსებობის მჯერა. აბა, მარტო ჩვენი პლანეტა ხომ არ იქნება დასახლებული? ისე, ამ თემამ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფილმი გამახსენა, ვისაც არ გაქვთ ნანახი “The Signs” (ნიშნები), გირჩევთ, რომ აუცილებლად ნახოთ.

Image

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s