როცა შენი მეუღლე უცხოელია – ქართულ-ინგლისური lovestory

Image

როგორც მოგეხსენებათ, დღესდღეობით არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა ქართველისა და უცხოელის ქორწინება საქართველოში. ამას წინათ შემთხვევით გადავაწყდი ფორუმზე ამ თემას და დავინტერესდი. უმეტესობა „დამპოსტველებისა“, მთავარ მიზეზად დაბალ ეკონომიკურ მდგომარეობას მიიჩნევდა. მათი აზრით, ქართველი გოგონები უცხოელებზე გათხოვებით თავიანთ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას იუმჯობესებენ. შეიძლება ვიღაც ანგარებითაც თხოვდება, მაგრამ ასე ცალსახად ამ „დიაგნოზის დასმა“ არ იქნებოდა  სწორი.

ყველა ის შემთხვევა, ქართველისა და უცხოელის ქორწინებისა, რომელსაც მე შევსწრებივარ, ბევრ ქართულ ტრადიციულ ოჯახზე გაცილებით მყარი აღმოჩენილა. გადავწყვიტე, ამ თემას უფრო ჩავღრმავებოდი და „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ დავუკავშირდი. მათ მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, დავაზუსტე, რომ 2012 წელს, 3450-მა საქართველოს მოქალაქემ იქორწინა უცხოელზე.

და მაინც, რა ხდება, როდესაც ორი ქვეყნის განსხვავებული კულტურა, რელიგია და ტრადიციები ერწყმის ერთმანეთს?.. რა დადებითი ან უარყოფითი მხარეები იჩენს თავს ასეთი კავშირის დროს? – ამ კითხვებზე პასუხის გაგების სურვილმა დამძლია და გადავწყვიტე ჩემი (და იმედია თქვენიც) ცნობისმოყვარეობა დამეკმაყოფილებინა.

სოციალური ქსელის საშუალებით დავუკავშირდი ერთ გოგონას, რომელსაც ინგლისელი ქმარი ჰყავს და ინტერვიუ ვთხოვე.

მაშ ასე! – ჩემი რესპოდენტი (როგორც თავად ამბობს), პირველი პროფესიის მიხედვით, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ხოლო მეორე პროფესიის თანახმად, ინგლისური ენის თარგმანმცოდნე გახლავთ. თამუნა უკვე შვიდ წელზე მეტია, რაც ქართულ-რუსულ-ინგლისური ენების თარჯიმანია.

 სად, როდის და როგორ გაიცანი მომავალი მეუღლე?

ამასთან დაკავშირებით სულ მახსენდება ქართული ფილმი „ზოგი ჭირი მარგებელია“. თუმცა, ნამდვილად ვისურვებდი მსგავსი ჭირ-ვარამი არასოდეს შეჰყროდა ჩემს ქვეყანას – 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ავადსახსენებელ ომს ვგულისხმობ! მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ეს გახდა ჩემი და პოლის გაცნობის მიზეზი. ომის დაწყებიდან ორიოდე დღეში, სამსახურში ყოფნისას, „სკაიპში“ აბსოლუტურად უცნობმა ადამიანმა მომწერა და საქართველოს ბედით დაინტერესდა. ცხადია, ძალიან მესიამოვნა, რომ სრულიად სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში დატრიალებულ ამბებს განიცდიდა. მიმდინარე სიტუაციაზე ინფორმაცია მივაწოდე. თან გამიხარდა “Native speaker”-ი (ამა თუ იმ ენის მატარებელი ადამიანი) ინგლისელი რომ აღმოჩნდა, რადგან სწორედ რამდნიმე თვის წინ სწავლა მქონდა მაგისტრატურაში დაწყებული ინგლისური ენის თარგმანცოდენობის განხრით და მასთან ურთიერთობა ენის პრაქტიკის შესანიშნავი შანსი იქნებოდა.

აღმოჩნდა, რომ პოლსაც ჩემსავით ფრიად პრაგმატული მიზანი ამოძრავებდა, როდესაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესდა: იმ პერიოდში საფონდო ბირჟაზე მიმდინარე მოვლენებს აკვირდებოდა (რუსების მიერ თბილისის ოკუპაცია კი ნავთობზე ფასების „ავარდნის“ პირდაპირპროპორციული იქნებოდა). მოკლედ, ასე „პრაქტიკული გამორჩენის“ მიზნით დაწყებული ჩვენი საუბარი და ურთიერთობა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა და თანდათად ყოველდღიური ხასიათი მიიღო. ამაზე ახლა ორივეს ძალიან გვეცინება J

ვირტუალური ნაცნობობიდან რამდენიმე თვეში, პოლი საქართველოს ეწვია, რის შემდეგაც კიდევ უფრო გაღრმავდა ურთიერთობა. შემდეგ იყო 2009 წლის ცნობილი ეკონომიკური კრიზისი, რის გამოც პოლმა მომდევნო 2 წლის განმავლობაში ვერც სტაბილური სამსახურის შოვნა და ვერც საქართველოში ჩამოსვლა მოახერხა. მთელი ამ დროის მანძილზე პრაქტიკულად ერთმანეთის ცხოვრებით ვცხოვრობდით, ოღონდ ისევ და ისევ „სკაიპის“ მეშვეობით. საბოლოოდ, 2011 წლის დასაწყისში პოლი მეორედ ესტუმრა საქართველოს, გადავწყვიტეთ დაოხაჯება და ათთვიანი „მარათონის“ შემდეგ ვიზაც მივიღე. სწორედ ასე შევხვდით მე და პოლი 2012 წელს ერთად ინგლისში! J

ორი სიტყვით მოგვიყევი მის შესახებ…

როგორც ზემოთ ავღნიშნე, პოლი ინგლისელია. პროფესიით კომპიუტერულ მეცნიერებათა მაგისტრი. თავისი კარიერის დასაწყისში მუშაობდა როგორც პროგრამისტი, ხოლო ბოლო 7 წლის განმავლობაში (კერძოდ, კი 2009 წლამდე) ქ. კემბრიჯის ერთ-ერთ უნივერსიტეტის ლექტორი გახლდათ. ამჟამად, სამწუხაროდ, დროებით უმუშევარია ისევ და ისევ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის გამო.

 ადვილად მიიღეთ დაქორწინების გადაწყვეტილება?

შეიძლება ითქვას რომ კი. თითქმის ოთხწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ეს ძალიან ბუნებრივად მოხდა. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ ქორწინების თარიღს, საქართველოსა და ინგლისს შორის არსებული სავიზო რეჟიმის გამო, ინგლისის საკონსულომ ერთგვარად „დაგვიწესა“ კონკრეტული ვადა, რომლის დადგომამდეც ოფიციალურად უნდა გაგვეფორმებინა ქორწინება.

ინგლისში საცოლის ვიზით ჩამოვედი, რაც ნიშნავდა რომ 6 თვეში ხელი უნდა მოგვეწერა. პირადად ჩვენ კი სურვილი გვქონდა ოფიციალური მხარის მოგვარება და ქორწილის გადახდა საქართველოში ჩამოსვლამდე გადაგვედო.

იყო თუ არა რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორები (მაგალითად ოჯახის წევრების მხრიდან)?

დიდი წინააღმდეგობა, გაწევ-გამოწევა და „ცოცხალი თავით არ გაგიშვებთ“  – ასეთი რამ ნამდვილად არ ყოფილა. ძირითადად, ქალთა სქესის ოჯახის წევრებსა და ნათესავების (თუმცა არა ყველა მათგანის) მხრიდან იყო უკმაყოფილება და ნერვიულობის მომენტი, ასე შორს რომ მიწევდა (როგორც თავად ამბობდნენ) „გადაკარგვა“. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ცხადია, არც ერთ მშობელს არ სურს შვილის შორს ყოფნა! მხარს პირველ რიგში მამაჩემი მიჭერდა (მან ნამდვილად დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ დღეს ერთად ვართ მე და პოლი!), ბიძები (დეიდაჩემის მეუღლე და დედაჩემის ბიძაშვილები), და ზოგადად მამრობითი სქესის ახლობლები და ნათესავები…

 რა რელიგიის წარმომადგენელია შენი მეუღლე და ჯვარი თუ გაქვთ დაწერილი?

პოლი პროტესტანტადაა მონათლული, თუმცა რელიგიური საერთოდ არ არის (ისევე როგორც ინგლისელების უმეტესობა, სამწუხაროდ!). როდესაც საქართველოში ჩავალთ, მართლმადიდებლურად მოინათლება და ჯვარსაც ამის შემდეგ დავიწერთ.

 რამდენი ხანია რაც წასული ხარ საქართველოდან?

2011 წლის ბოლოდან, ანუ წელიწადი და ორი თვეა, რაც ინგლისში ვარ.

 რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც შენი ბედი პოლს დაუკავშირე?

თავს ბედნიერად, უსაფრთხოდ და დაცულად ვგრძობ! ვიცი, რომ გვერდში მოსიყვარული, თბილი, ჭკვიანი, ძალიან საინტერესო, ერთგული, უღალატო და უპატიოსნესი ადამიანი მიდგას. ძალიან ბევრის რამის სწავლა შემიძლია მისგან. გარდა ამისა, საშუალება მომეცა გამეცნო ეს არაჩვეულებრივი ქვეყანა – დიდი ბრიტანეთი, მისი ცხოვრების სტილი, ტრადიციები და ჩვეულებანი.

 როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

ამჟამად პოლი საფონდო ბირჟაზე სახლიდან მუშაობს, და არც მე ვარ დასაქმებული ოფიციალურ სამსახურში (მუშაობის უფლება მხოლო ორიოდე თვის წინ მომეცა). არაოფიციალურად კი, ონლაინ რეჟიმში ვთანამშრომლობ იმავე სათარჯიმნო ბიუროებთან, რომლებთანაც თბილისში ყოფნის დროს ვთანამშრომლობდი. ასე რომ კვირის სამუშაო დღეებში ორივე შინ ვართ, პოლი თავის საფონდო ბირჟას ადევნებს თვალყურს, მე კი ან ვთარგმნი, ან ვდიასახლისობ. ინგლისელებისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია შაბათ-კვირა, ე.წ. „უიქენდი“. ამ დღეს აუცილებლად უნდა განიტვირთო ყველაფრისაგან, გახვიდე შინიდან სასადილოდ, სასეირნოდ, „საშოპინგოდ“, სტუმრად ნათესავებთან, ან მუზეუმებისა თუ სხვა ღირშესანიშნაობების დასათვალიერებლად… ჩვენც სწორედ ასე ვიქცევით.

 ადვილად მოერგე მის ცხოვრების რეჟიმს?

თავიდან ცოტა გამიჭირდა, იმ მხრივ, რომ პოლი „ღამურაა“ – ნაშუადღევამდე სძინავს და დილის 4-5 საათამდე არ იძინებს. თუმცა ახლა მეც გადამიყვანა თავის რეჟიმზე J! პირველი რამდენიმე თვე ასე რომ ვთქვათ, ერთმანეთის შესწავლის პერიოდი იყო:  – ვის რა მოგვწონდა, რა არ მოგვწონდა, რა გვიყვარდა, რა გვაღიზიანებდა და ა.შ. ეს ეტაპი  წარმატებით გადავლახეთ და ამჟამად ერთად ვცხოვრობთ… ფაქტიურად, იმავე ცხოვრების წესის მიხედვით, როგორც დაოჯახებამდე ვცხოვრობდით. ამაში ერთმანეთს ხელს ვუწყობთ.

კერძოდ, დღის პირველ ნაწილში დაკავებული ვართ ჩვენი ჩვეულებრივი საქმიანობით. დღის ბოლოს კი ერთად ვატარებთ, ვსადილობთ, ვსაუბრობთ, ვმსჯელობთ სხვადასხვა საკითხებზე, ან რაიმეს ვუყურებთ ბი-ბი-სი-ზე და შემდეგ განვიხილავთ ნანახს. როდესაც ვხედავ რომ დაკავებულია, არასოდეს შევაწუხებ და თავადაც ასე იქცევა.  ზოგადად, არც არასოდეს იცის რაიმეს დავალება. თუ რაღაც სჭირდება, თავად აკეთებს. ან ვცდილობ მე დავასწრო და შევთავაზო, რაზეც მადლობებით მთანხმდება.

 ორი ქვეყნის განსხვავებული ტრადიციების გამო თუ შეგექმნათ რაიმე დისკომფორტი?

როგორც უკვე გითხარით, სწორედ ინგლისური ტრადიციებისა და ორი ადამიანის ურთიერთობაში თანასწორობის პრინციპის არსებობის გამო, უშუალოდ ოჯახური ცხოვრება პირიქით, ძალიან კომფორტულია! უკვე სერიოზულად ვფიქრობ, რომ ალბათ ქართველი ქმარი ასეთი კომფორტული არ იქნებოდა-მეთქი.

რაც შეეხება ნათესაურ კავშირებს, დედამთილ-მამათილის, მულ-მაზლის და ა.შ. ინსტიტუტები საერთოდ არ არსებობს – შენს პირად ცხოვრებაში არავინ ერევა და ჭკუას არ გარიგებს. თუმცა ამის გამო ერთგვარი დისტანციური და ნელ-თბილი დამოკიდებულებაცაა ოჯახის წევრებს შორის. თუმცა, ჩემი ბუნებიდან გამომდინარე ეს დამოკიდებულება საგრძნობლად „დავათბე“ ნამდვილად დაინახეს თუ რა სითბოთი და სიყვარულით ვეპყრობოდი მათ და მაგთანაც იგივე სითბო და ყურადღება მივიღე პასუხად.

პოლი მეხუმრება ხოლმე: „შენი წყალობით ძალიან პოპულარული გავხდი ჩემს ნათესავებშიო!“ იგივე თბილი და მეგობრული დამოკიდებულება მაქვს მეზობლებთანაც (რომლებსაც ჩემს ჩამოსვლამდე პოლი არც კი იცნობდა). ყველასთან დავმეგობრდით, სადილად გვეპატიჟებიან, ჩვენს იაპონელ მეზობელს ტკბილეულის მიკითხვ-მოკითხვაც კი ვასწავლე.

შოკისმომგვრელი იყო ის ფაქტი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ინგლისელი მშობლები ისე თავგადაკლულნი არ არიან შვილებზე, როგორც ქართველები. თუმცა, შემდეგ რომ დავუფიქრდი, რაღაც დოზით ნამდვილად არ გვაწყენდა იგივე დამოკიდებულების დამკვიდრება ქართველ ოჯახებშიც! შვილები გაცილებით დამოუკიდებლები იზრდებიან და პირველივე დაბრკოლებისას მშობლებთან არ გარბიან დახმარების სათხოვნელად. უკვე სერიოზულად ვფიქრობ, რომ ანდაზა „ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილოო“ ინგლისელის ნათქვამია და შემდეგ ქართულად გადმოთარგმანებული…

დადებითი და უარყოფითი მხარეები ყველა ქვეყნის წეს-ჩვეულებაში არსებობს! მთავარია მათგან საუკეთესოს აღება და შენს ცხოვრებაში დანერგვა. უდავოდ ვეცდებით, რომ ჩვენი ოჯახი საუკეთესო ქართული და ინგლისური ტრადიციების მატარებელი იყოს!

ამ ისტორიამ ერთი პატარა, სახალისო ამბავი გამახსენა, რომელიც (თამუნასი არ იყოს) თარჯიმან გოგონაზეა. ხომ გაგიგონიათ, -„სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო“… მეც გადავწყვიტე, რომ  სტატია სწორედ ამ ამბით დავასრულო:

– სადღაც, 90-იანი წლების ბოლოს, ძალიან ლამაზი გოგონა, ციმბირის ერთი პატარა ქალაქიდან, რკინიგზის სადგურში ჩავიდა. მას მატარებლით ქალაქ ვლადივოსტოკში სასწავლებლად გამგზავრება სურდა. ვაგონის გამცილებელმა ქალმა  უთხრა, რომ თავისუფალი ადგილები აღარ იყო, უფრო სწორად, – არ იყო ნორმალური ადგილები.  გამცილებელის თქმით, მატარებელში მხოლოდ ერთი ადგილი იყო თავისუფალი, – ორადგილიან ლუქსში, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, თუ წესიერ გოგონა იქ არ შევიდოდა.

_ „და რა ხდება ამ კუპეში?“ – დაინტერესდა შეშინებული გოგონა.

_ „იმ კუპეში მგზავრობს საშინელი, გაბანჯგვლული და ძალიან ბინძური უცხოელი, საშინელი გიჟის თვალებით! უზარმაზარი, გაუპარსავი და აშკარად გარყვნილი კაცია… სანამ ვმგზავრობდით, ორჯერ შეეცადა ჩემი ტუალეტში ძალით შეთრევას. მერე, ერთ ბიჭს ტუალეტიდან გარეთ აღარ უშვებდა, ცდილობდა შევარდნილიყო შიგნით. რუსულის ინჩი-ბინჩი არ ესმის, მხოლოდ ხელებს იქნევს  და მგზავრებს უყვირის. ისეთი მშიერი და ავი თვალებით იყურება, სუყველას შიშის ზარს სცემს… მთელი გზა ტუალეტთან ყარაულობდა ყველას, ვინც კი შიგნით შესვლას დააპირებდა. მე ველაპარაკე და მგონი ცოტა დაწყნარდა. ასე, რომ არ ღირს მასთან ერთად იმ კუპეში მგზავრობა!“

გოგონას ძალიან უნდოდა გამგზავრება და კუპეში შესვლა მაინც გარისკა. მან კარგად იცოდა ინგლისური. როდესაც კუპეში შევიდა, „საშინელი“ უცხოელი (მართლაც გოლიათი) თავაზიანად წამოდგა, მიესალმა, თავის გაუპარსავ წვერზე მიანიშნა და ბოდიშის მოხდის ტონით თქვა: –  «Sorry. No water!»

– „როგორ არ არის წყალი? – გაუკვირდა გოგონას. – „ტუალეტში არ ნახეთ?“

– „ვიყავი იქ! ყველა ონკანი მოვსინჯე, მაგრამ ვერ მივხვდი წყალი როგორ მოვუშვა. არადა ვიცი, რომ არის. ხალხი შედის წვერგასაპარსი, პირსახოც-გადაკიდებულები, გამოდიან გაპარსულები და დაბანილები. ვეცადე მათგან გამეგო, მაგრამ ვერ ვხვდები რაშია პრობლემა. ჩემი ყველას ეშინია“.

– „და თქვენ სცადეთ, რომ „პიმპოჩკა“ ქვევით ჩამოგეწიათ?“ – ჩაეკითხა გოგონა.

– „ და რა არის ეს „პიმპოჩკა“?

ცოტა ხნის შემდეგ გაირკვა თუ რატომ ჰქონდა ამერიკელს მშიერი თვალები. ვაგონ-რესტორანში არ მიიღეს მისი საკრედიტო-ბარათი, ციმბირის სადგურების გაჩერებებზე კიდევ, ბანკომატები არ იყო. ის კი სანქტ-პეტერბურგიდან მოდიოდა.

რამოდენიმე წუთის შემდეგ, მეზობლები უახლოესი კუპეებიდან ჭორაობდნენ გარყვნილ უცხოელზე და ახალგაზრდა გოგონაზე, რომლებიც ერთად გამოვიდნენ კუპედან და ტუალეტში ჩაიკეტნენ.

გარკვეული დროის შემდეგ, მატარებლის მგზავრებმა   იმ საშინელ  უცხოელში, ამერიკელი პროფესორი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროექტების მართვის მენეჯმენტის სპეციალისტი და არაერთი პოლარული ექსპედიციის მონაწილე – ჯონ მარლინ კრუმი იცნეს, რომელიც დაბანილი, წვერგაპარსული, მოწესრიგებული და დანაყრებული ესაუბრებოდა მგზავრებს თარჯიმანი გოგონას დახმარებით.

სწორედ ასე შეხვდა ჯონ კრუმი თავის მომავალ მეუღლეს. მას შემდეგ, ფრაზა – “Did you press the pimpochka from the down?” – მათ საოჯახო ხუმრობად იქცა, რომელსაც სიამოვნებით უყვებოდნენ უახლოეს მეგობრებს სადილის დროს.

Advertisements

One thought on “როცა შენი მეუღლე უცხოელია – ქართულ-ინგლისური lovestory

  1. me myavs ucxoeli tsoli (poloneli) ertmaneti gavicanit inglishi sadac saswavleblat viyavi wasuli! qartvel qalebs mirchevnia, ratom gac mimachnia ucxoeli qalebi sul ufro mapasebdnen da mets pativs mcednen, qartveli qalebi ki uazrod bevrs itxoven da pativiscemistvis madlobasac ki ar idzaxian. chemma dzmam amerikeli qali sheirto colad da isic dzalian bednieri ase rom this goes both ways 😉 zogjer mcxvenia rom qartveli var imitom rom qartveli gogoebis umetesoba martla fulis gamo miyveba ucxoelebs… minaxia araerti maseti evropashi, bichebs ki sul sxva mizezebis gamo moyavt, umetesoba imitom rom qartveli qalebis gan gaxda disappointed

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s