ტფილისის ჰამქარი

Image

ჰამქარი (შემდგომი მოდიფიკაცია – ამქარი) სპარსული სიტყვაა და სიტყვასიტყვით “თანამოსაქმეობას” ნიშნავს. ამქრები ძალიან დიდი ხნის წინათ ჩამოყალიბდა. სავარაუდოდ საფუძველს იღებს არაბების მმართველობის დროიდან – VIII-IX საუკუნეებიდან. ამქარი აერთიანებდა ერთი ხელობის ადამიანებს, მაგალითად, ყველაზე საპატიო და ძველი ამქარი იყო ტყავის დამამუშავებელთა, ანუ დაბაღების. ყველა ამქარს ხელმძღვანელი – უსტაბაში (სიტყვასიტყვით –ოსტატების უფროსი) და მისი მოადგილე _აღსაკალი (იგივე ბუღალტერი) ჰყავდა და თავისი დროშა – ფირი ჰქონდა, რომელზეც გამოსახული იყო ღერბი.

მქრის სრულუფლებიანი წევრები იყვნენ ხელოსნები – ოსტატები – იგივე ყარაჩოღლები. (ეს სახელი ჰამქრის წევრებს შავი ფერის ტანისამოსის გამო შეერქვათ. ყარაჩოხელი – შავჩოხიანი)
ჭირიანობის დროს მხოლოდ ამქრები რჩებოდნენ ქალაქში და უვლიდნენ ავადმყოფებს. ისინი პოლიციის ფუნქციებსაც ასრულებდნენ, ვინაიდან უწესობა დაუშვებელი იყო, როგორც თითოეულ გაერთიანებაში, ასევე ამქრებს შორისაც. ისინი ომის დროსაც ღებულობდნენ მონაწილეობას ბრძოლაში. ყველა ყარაჩოღელს ჰქონდა დიდი ვერცხლის ქამარი, იმისთვის, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ გაეყიდათ და კუბო დაემზადებინათ.

ამქრის სრულუფლებიან წევრად – ოსტატად, ყარაჩოღლად მიღებას წინ უძღოდა ხელობის შესწავლისათვის რამოდენიმე წლიანი შეგირდობა და შემდეგ საგანგებო რიტუალი. ყოველი აღდგომის დღესასწაულის შემდგომ კვირას ამქრები ქალაქგარეთ ბაღებში გადიოდნენ, სადაც უსტაბაში ახალ წევრებს ლოცავდა, რასაც ბუნებრივია, ქეიფი მოჰყვებოდა.
ყარაჩოღელები პრაქტიკულად კანონგარეშე ცხოვრობდნენ. ისინი მხოლოდ იმ წესებით ხელმძღვანელობდნენ, რომლებსაც მათი წინამძღოლი, უსტაბაში ამკვიდრებდა. ამ წესით ყოველ ყარაჩოღელს ევალებოდა შემდეგი:
1. ყოველი ოსტატი ვალდებულია გაჭირვებაში მეორეს დაეხმაროს.
2. ოსტატებმა ერთმანეთს შეგირდები არ უნდა წაართვან.
3. რომელიმე ყარაჩოღელის სიკვდილის შემთხვევაში მისი დამარხვისა და სხვა ხარჯები ყველა იმ ადამიანმა უნდა გაიღოს, რომლებიც ამქარში ირიცხებიან.
4. შეგირდი ოსტატად მთელმა ამქარმა უნდა აკურთხოს.
5. ახალი უსტაბაშის არჩევის დროს ამქრიდან ერთი წევრიც რომ იყოს ამ კანდიდატურის წინააღმდეგი, მას არ აირჩევენ.

1865 წელს ჰამქართა მასშტაბური ამბოხის შემდეგ ისინი ჯერ ცენტრალიზებულ სტრუქტურას “ამქართა სამმართველოს” დაუქვემდებარეს, შემდეგ კი თანდათან მათი რაოდენობა შეამცირეს, თუმცა ამქრობის ათასწლოვანი ტრადიციის არსებობა ერთბაშად ვერ მოსპეს.
ამქართა ისტორია ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ დასრულდა.
1920-30-იან წლებში ცნობილი უსტაბაშები გააკულაკეს, ამქრობების საქმიანობა კი აკრძალეს, თუმცა ამქართა ნაკვალევი თბილისში სრულად არ წაშლილა. ამქარ-ყარაჩოღლების რომანტიულ-ნოსტალგიური მოგონებების გარდა დარჩა ვერცხლის ქუჩა, ბამბის რიგი, რკინის რიგი, სამღებროს ქუჩა და სხვა, რაც ამ ქუჩებზე ამქართა საქმიანობას უკავშირდება. ამქრის ფირიანი ბაირაღების ნახვა კი თბილისის ისტორიის მუზეუმშია შესაძლებელი.
თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება “ტფილისის ჰამქარი” კარგ და მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება. მათი ოფისი აბანოთუბანში მდებარეობს და გარედან აბრა ამშვენებს, რომელზეც აწერია: -“ჰამქარი აქ არი”. მისი დამფუძნებელი კი ალექსანდრე ელისაშვილი გახლავთ.
– ბ-ნო ალექსანდრე, – ”ტფილისის ჰამქრის” ჩამოყალიბებაზე გვიამბეთ, როგორ გაჩნდა იდეა, ვისი ინიციატივით?

ალექსანდრე ელისაშვილი:
-ერთი პერიოდი, დავით მაღრაძეს ჰქონდა ორგანიზაცია “ძველი თბილისი”, რომელიც ძალიან მომწონდა. მე მაშინ არ მიფიქრია ორგანიზაციის შექმნაზე. ვინც ამ ქალაქში ცხოვრობს და რაიმე პატარა განცდა მაინც აქვს, მას ისიც უყვარს, რაც თბილისის წარსულთანაა დაკავშირებული. უყვარს სიძველეები… მეც ასე ვიყავი, მაგრამ სერიოზული მიზნები არ მქონია. მაღრაძის ორგანიზაციამ თანდათან აქტივობა შეამცირა. ამას ისიც დაერთო, რომ გრიშაშვილის “ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა” წავიკითხე და მივხვდი, რომ უფრო მეტად უნდა გავრკვეულიყავი ამ ქალაქის ისტორიაში. იმასაც მივხვდი, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მქონდა მის წინაშე და გადავწყვიტე შემომეკრიბა ხალხი და ერთად შეგვექმნა ორგანიზაცია, რომელიც უფრო მეტად გაუფრთხილდებოდა ქალაქს.
– როგორ მოხდა ამ იდეის განხორციელება?
თავდაპირველად ძალიან ცოტანი ვიყავით. ვინც ჩემს ირგვლივ იყო, საკმაოდ პასიურები აღმოჩდნენ. ერთხელაც შემთხვევით, ინტერნეტ-ფორუმზე გავიცანი გოგა ქართველიშვილი, რომელსაც უმრავლესობა იცნობს ზედმეტსახელით – “ტემპერა” (მხატვარი). თითქმის ორი წელი, ერთად ვაკეთებდით ყველაფერს. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ენთუზიაზმი გადამდები იქნებოდა.
რატომ შევქმენით ეს ორგანიზაცია… პირველი მიზეზი იყო ის, რომ არსებობდა რაღაცეები, რაც ხმის ამოღებას ითხოვდა. არა მარტო პროტესტი, არამედ თეთრი ლაქები თბილისის ისტორიაში, რომელთა შევსებასაც ვცდილობდით. არ არის აუცილებელი, მუშაობდე მთავრობაში, მერიაში, გამგეობაში ან სადმე, რომ სამსახურეობრივად გევალებოდეს ქალაქზე ზრუნვა. შეიძლება იყო ჩვეულებრივი მოქალაქე და შენი დამოკიდებულებით ვიღაცას მაგალითს აძლევდე, ირჯებოდე ამ ქალაქისთვის სრულიად უანგაროდ.
თუ გასაპროტესტებელია, გააპროტესტო. თუ იდეაა შესათავაზებელი ხელმძღვანელობისთვის (ვთქვათ მუნიციპალიტეტისთვის, მთავრობისთვის), – შესთავაზო. გაააქტიურო მოქალაქეები, რომ უფრო მეტი განცდა გაუჩნდეთ ქალაქისადმი. უფრო საკუთრების და მოვლა-პატრონობის შეგრძნება ჰქონდეთ. ამ ყველაფრის წაქეზება გვინდოდა, როდესაც 2005 წელს შევქმენით ეს ორგანიზაცია. თავიდან ყველა დაგვცინოდა, რადგან მხოლოდ მე, გოგა და ჩემი ოჯახის წევრები ვიყავით, მაგრამ ჩვენი ენთუზიაზმი სხვებსაც გადაედოთ და დღეს სულ სხვა სახის ორგანიზაცია გვაქვს. მაგალითად, ახლა ჩვენ ჩვენს ოფისში ვხვდებით ერთმანეთს, ვლაპარაკობთ, აქ არის ჩვენს მიერ ჩატარებული გამოფენების ფოტოები. ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც გვინდა, რომ გავაკეთოთ.
– რა მიზნებს ისახავს “ტფილისის ჰამქარი”?
-გვინდა ვიყოთ აქტიური მოქალაქეები, არც პოლიტიკაში და არც სხვა სახელისუფლებო სტრუქტურებში არ ჩავერთოთ, ისე ვიზრუნოთ ქალაქზე.

-შეიძლება ითქვას, რომ საოცარი და უნიკალური ფოტო არქივი გაქვთ. როგორ შეაგროვეთ?
– ეს არქივი შევაგროვეთ დროთაგანმავლობაში. ზოგმა გვაჩუქა, ზოგს გავუცვალეთ, ზოგისგან ვიყიდეთ და ასე შეგროვდა მართლაც რომ უნიკალური ფოტო არქივი და ამით ვამაყობთ.
-ჩატარებული გაქვთ არაერთი აქცია, გამოფენა, გვიამბეთ ამის შესახებ.
-თუ არ ვცდები, 88 წელი იყო, როდესაც ააფეთქეს ფილიპე მახარაძის და მიხა ცხაკაიას საფლავები მთაწმინდაზე და სულ მაინტერესებდა, სად იყვნენ გადასვენებულები. შემთხვევით წავაწყდი ბოლშევიკთა სასაფლაოს ხუდადოვის ტყეში. ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა ამ სასაფლაომ ჩემზე. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის ბოლშევიკები და საბჭოთა წარსული, მაინც ძალიან ცუდად იმოქმედა, დაბინძურებულმა სასაფლაომ. მოვაწყეთ დასუფთავების აქცია. ამის გარდა ბევრ რამეს ვასუფთავებთ. სეიდაბადის გალავანი დავასუფთავეთ, შაჰ ტახტი, ახლა ვაპირებთ ნარიყალას ფერდობის დასუფთავებას, სირცხვილია უბრალოდ. დასუფთავების აქციებში ბავშვებსაც ჩავრთავდით ხოლმე. ჩვენი საყვარელი საქმიანობა გამოფენების ჩატარებაა. თან ინფრასტრუქტურულადაც გავიმართეთ.
გამოფენა ,,თბილისის ყველა თაობის ქუჩის აბრების” აფიშა
-ვინმე გეხმარებათ გამოფენების ჩატარებაში? თუნდაც ფინანსურად?
-თავიდან 5 წლის განმავლობაში, ჩვენი ხარჯებით ვაკეთებდით ყველაფერს და შესაბამისად ძალიან მოკრძალებული იყო. შემდეგ მოვიპოვეთ გრანტი ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოსი”, ახლა გვაქვს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი და ეს ძალიან დაგვეხმარა. მათი წყალობით გვაქვს ოფისი, გვაქვს თანხა, რომ გამოფენები უფრო აქტიურად და ხშირად ჩავატაროთ.
გავაკეთეთ ტრანსპორტის ისტორიის გამოფენა, ამის შესახებ, წერილობითი და ფოტომასალა არ იყო შეგროვილი. როგორ ვითარდებოდა თბილისის ტრანსპორტი. ეს გამოფენაც მოვაწყეთ და გვინდა წიგნად გამოვცეთ. მასალები გვაქვს და ძალიან საინტერესო ისტორიაა. წიგნებისთვის საჭირო თანხა აღარ გვაქვს, ამიტომ ეს საკითხი ჩვენი ფიქრის, განსჯისა და ოცნების საგანია, რასაც აუცილებლად განვახორციელებთ.
მოვაწყეთ თბილისის ხიდების გამოფენა. ბოლო და ერთადერთი წიგნი გამოცემული იყო 1961 წელს. იმის მერე წარმოიდგინეთ, ნახევარი საუკუნე გავიდა. ძალიან ბევრი ხიდი აიღეს, ბევრი დაამატეს. ამდენად, ეს თემა ითხოვდა კვლევას.
გავაკეთეთ ფოტო გამოფენა. გვინდა, რომ წიგნადაც გამოვცეთ.
არის ერთი შემოთავაზება, რომ ხიდების ისტორიის მუზეუმი შეიქმნას და იყოს მუდმივმოქმედი გამოფენა. ჩვენ სიამოვნებით გადავეცით ყველა მასალა. შევადგინეთ გუდიაშვილის მოედნის ისტორია და გვინდა გავაკეთოთ თბილისის მოედნების ისტორია. ფოტოკრებულის სახითაც.
გვქონდა გამოფენა ,,გამქრალი მონუმენტები თბილისში”. ძეგლები, რომელიც იდგა და აღარ არის. ზოგი ბოლშვიკებმა აიღეს, ზოგიც ბოლშევიკური ძეგლები იყო შემდგომ აიღეს.
გვიწევს საპროტესტო აქციების მოწყობაც. სხვაგვარად არ გამოდის ხოლმე. სამწუხაროდ, ქალაქის ხელმძღვანელობა სიძველეებს არ იცავს. არ შეიძლება მიხვიდე ისტორიულ უბანში და რეაბილიტაცია დაარქვა იმას, რომ ბულდოზერები ამუშავო, სიძველეები ამოყარო და თურქული მასალით რაღაც ბუტაფორია გააკეთო. როცა იქ ათასწლოვანი სარდაფია.
-ჰქონია შედეგი ამ საპროტესტო აქციებს?
შედეგი ნამდვილად გვაქვს. კოსტავას 41 ნომერში მდებარე სახლი ინგრეოდა. მოსახლეობასთან ერთად ჩატარებული აქციის შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ შენობა დანგრევის ნაცვლად გაამაგრეს, რაზეც ნახევარი მილიონი დაიხარჯა.
იმელის შენობის დემონტაჟი უნდა მომხდარიყო 28 აგვისტოს, 25 –ში გავმართეთ საპროტესტო აქცია, სადაც 300 კაცი იღებდა მონაწილეობას. იმავე საღამოს ხელისუფლებამ უკან დაიხია და განაცხადა, რომ კომპანიას ტექნიკური შეცდომა მოუვიდა. ესეც ჩვენი ძალისხმევის შედეგია.
ჩვენ მალე გავაკეთებთ აღრიცხვას, სად არის დარღვევები თბილისში, კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, რამდენად მკაფიოა ეს დარღვევები საერთაშორისო კონვენციებთან მიმართებაში. შევთავაზებთ გამოსავალს ხელისუფლებას, თუ როგორ გამოასწოროს ეს ხარვეზები.
ვოცნებობთ, ვცხოვრობდეთ ისეთ ქალაქში, სადაც იქნება ანგარიშვალდებულება. სადაც ხელისუფლება მოქალაქეებს სცემს პატივს და ყოველ ნაბიჯზე ანგარიშვალდებული იქნება მათ წინაშე. რაც შესაცვლელი იქნება, შეიცვალოს ხალხთან შეთანხმებულად! თუ ძეგლი იქნება დასადგმელი, გაიმართოს კონკურსი! როგორც საბჭოთა დროს ტარდებოდა ხოლმე. გორგასლის ძეგლი რომ დადგეს, 56-57 წლებში, რამოდენიმე ეტაპიანი კონკურსი ჩატარდა. აგერ, რიყეზე მშვენიერი პარკი გააკეთეს ისე, რომ არავინ იცოდა რას აპირებდნენ. ეთქვათ, რომ პარკს აკეთებდნენ და მივიდოდი, შავ მუშად ვიმუშავებდი, მივეხმარებოდი, ტაშს დავუკრავდი. რატომ მალავ? რატომ ხარ ჩაკეტილი ამ ნაჭუჭში? იყავი ღია და გახსნილი! ჩვენ ერთ ქალაქში ვცხოვრობთ და ჩვენი შვილებიც ერთად იზრდებიან. ეს ქალაქი არც უგულავასია, არც სააკაშვილის და არც ელისაშვილის, ეს ქალაქი ყველასია. გვინდა, რომ გააქტიურდნენ მოქალაქეები, არ იყვნენ გულგრილები, არ დაყარონ ნაგავი ქუჩაში… პატივი სცენ ქალაქს, რადგან ჩვენმა წინაპრებმა ძალიან საამაყო და გასაფრთხილებელი ქალაქი მოიტანეს ჩვენამდე.
-არის თუ არა დაინტერესება ახალგაზრდების მხრიდან?
ნამდვილად არის! ჩვენ სხვადასხვა ურბანულ თემებზე ვმართავდით ხოლმე ლექციებს. _საბჭოთა არქიტექტურაზე, ხიდებზე, ტრანსპორტზე და დარბაზი სულ სავსე იყო ხოლმე. ვაპირებთ გავაკეთოთ საგანმანათლებლო ციკლი. გვქონდეს სალექციო კურსები. ვფიქრობთ რომ საკვირაო სკოლაც გაკეთდეს.
ჩვენი დიდი გატაცება არის საბჭოთა პერიოდი, რომელიც ობიექტურად არ შეფასებულა. საკვლევად უზარმაზარი თემაა, რამდენადაც უღრმავდები, იმდენად მეტ სივრცეებს გიშლის.
-თქვენ გაქვთ საიტი http://www.hamqari.ge შეუძლია თუ არა, ნებისმიერ მსურველს გახდეს ჰამქრის წევრი?
როდესაც ამქარში ახალ წევრს იღებდნენ, ძალიან საინტერესო რიტუალი ტარდებოდა. მოგეხსენებათ იყო ეტაპები, ჯერ იყო შეგირდი, მერე იყო გარდამავალი საფეხური _ქარგალი და ბოლოს ხდებოდა ოსტატი. ყოველ აღდგომის მომდევნო კვირა დღეს, ამქრები იკრიბებოდნენ, დაირაზმებოდნენ დროშებით, იცვამდნენ ქალაქურ სამოსს და ზურნა-დუდუკის თანხლებით გაუყვებოდნენ ან ვერის ბაღისკენ, ან ორთაჭალის და კრწანისის ბაღებისაკენ. უსტაბაში წაიკითხავდა ფიცს, სამჯერ გააწნავდა სილას და ქარგალი უკვე სრულუფლებიანი წევრი, ოსტატი ანუ ყარაჩოღელი ხდებოდა. ეს ათასწლოვანი რიტუალი იყო, რომელიც მე-7-ე საუკუნიდან იღებს სათავეს.
ჩვენ აღვადგინეთ ეს რიტუალი, აღვადგინეთ ფიცი. უკვე მეოთხე წელია, რაც ამას ვაკეთებთ. ჩამოვწერთ წევრობის მსურველებს, დავიძვრებით ხოლმე თავისუფლების მოედნიდან ზურნა-დუდუკის თანხლებით, ქალაქური სამოსითა და დროშებით და ვატარებთ ამ რიტუალს. ბოლო ცერემონიალს ძალიან ბევრი ხალხი დაესწრო. უცხოელებმა რომ გაიგეს, უკვე რიგში დგანან, რომ გაწევრიანდნენ.
რა პირობაა საჭირო ამქარში მისაღებად?
ეროვნებას და ასაკს არა აქვს მნიშვნელობა, ერთადერთი პირობა ის არის, რომ თბილისი უნდა გიყვარდეს! ხანდახან მისთვის დრო არ უნდა გენანებოდეს. შეიძლება დასუფთავებაზე მიხვიდე, ან გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა. ერთი ფოტო გამოაგზავნო, ან სადაც იქნები, იქ თქვა ერთი-ორი თბილი სიტყვა.
შეუძლებელია არ დაინტერესდე ძველი თბილისის ისტორიით, არ შეიძლება არ იცოდე თუ ვინ იყვნენ ძველი თბილისის სახეები, არ იცოდე ღირსშესანიშნავი ადგილები, ისტორიული ძეგლები და სხვა უამრავი საინტერესო ცნობა, რომლებიც მხოლოდ ფოტოებზე არ უნდა დაგვრჩეს.
ვეთანხმები ალექსანდრე ელისაშვილის სიტყვებს: – არამარტო ჰამქარი უნდა ზრუნავდეს ქალაქზე, არამედ მთელი ქალაქი იყოს ერთი დიდი ჰამქარი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s