საიდუმლო გზავნილი მამაკაცებისთვის

Image

XVII საუკუნის ბოლოს, ტრადიციულად კვლავ ძალიან მკაცრი და შეზღუდული იყო ახალგაზრდა ქალებისა და გოგონების ზნეობა და ქცევის მანერება; მათ რჩეულებთან უფრო მეტი, თავისუფალი ურთიერთობის სურვილი გაუჩნდათ. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ჟესტებისა და სიმბოლოების ენა, რომელიც ქალთა სქესის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევდა, გადაეცათ ნიშნები ხმის ამოუღებლად, ნებისმიერი მანძილიდან. ეს მეთოდი, განსაკუთრებით პოპულარული იყო XVIII საუკუნეში, როკოკოს ეპოქაში, კათოლიკურ ქვეყნებში, _ სადაც გასათხოვარი ქალები ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდნენ და ნათესავის ან მშობლების თანხლების გარეშე არსად არ დადიოდნენ. მათი საიდუმლო გზავნილები, დაშიფრული იყო კაბის ფერში, ყვავილების ბუკეტში, დეკოლტეში, ხელოვნურ “ხალებში”, ვარცხნილობასა და რაც მთავარია, მარაოს “ფრიალში”. ამ ჟესტების ენას, მაღალი საზოგადოების ოჯახებში ასწავლიდნენ.
კაბის ფასონი და ფერი, ქალის თვისებებს აღნიშნავდა. მაგალითად, თეთრი ატლასის კაბა, ყელზე შემოვლებული რუშით, გამჭვირვალე შიფონის მკავებითა და ორი ცალი ნაზი ვარდით მორთული, _ მორიდებულებას, უმანკოებას ნიშნავდა. _ თეთრ ან ღია ცისფერ კაბაზე დამაგრებული ყვავილით, რომლის სახელია _ “არ დამივიწყო”, მიხვდებოდი, რომ კაბის პატრონი შეყვარებული და უმანკო იყო. ჟოლოსფერ კაბებში ახლადგათხოვილი ან ვნებიანად შეყვარებული ქალები იმოსებოდნენ.
სეზონის პირველ წვეულებას, “თეთრ მეჯლისს” უწოდებდნენ, რადგან მოწვეული სტუმრები ძირითადად გასათხოვარი გოგონები იყვნენ, რომლებიც საზოგადოებას ეცნობოდნენ. სეზონის უკანასკნელ მეჯლისს კი “ალისფერს”, რადგან მისი სტუმრები, გათხოვილი ქალები იყვნენ, რომელთა კაბებიც უმეტესად მეწამული ფერისა იყო.
XVIII საუკუნეში, კაბების ფერს შემდეგი განმარტებები ჰქონდა: _ “დახშული ამოსუნთქვა” _ ღია ლილისფერი (30 წელს გადაცილებული, გაუთხოვარი ქალების ფერი); “სრულყოფილი უმანკოება” _ თეთრი ან ძალიან ღია ვარდისფერი; “ტკბილი ღიმილი” _ კარამელისფერ-ვარდისფერი; “მოურიდებელი პრეტენზია” _ ყვითელი;
არაფერი ისე კარგად არ გამოხატავდა უბრალოებას, თავშეკავებულობას, მორიდებულობას, იდუმალებას ან სითამამეს, მხიარულებას, გაბედულობას, მიუწვდომლობასა და დიდებულებას, როგორც ვარცხნილობა. თმაში დამაგრებული, სატრფოს მიერ ნაჩუქარი ყვავილი, სიცოცხლის ბოლომდე ერთგულებას გამოხატავდა. მყარად გაკვანძული ბაფთა, სამუდამო კავშირის სიმბოლო იყო. გამარჯვების აღსანიშნავად, ქალბატონები – ყოველთვის აფრებიანი გემის ფორმის ვარცხნილობას ატარებდნენ.
ძალიან ბევრის მთქმელი იყო ფერუმარილი, ჩრდილები, ან უმაკიაჟო სახე. ასევე “ხალები”, რომლებიც შავი ხავერდისაგან იყო დამზადებული და კანზე ეკრობოდა. თავდაპირველად, ისინი კანის დეფექტების დასაფარად გამოიგონეს, მაგრამ ქალებს ძალიან მოსწონდათ და ნელ-ნელა მოდურ ელემენტად იქცა, რომელსაც ყველა ქალი და გოგონა იყენებდა. ასეთი “ხალების” მდებარეობას გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა:
შუბლზე, წარბებს შორის დამაგრებული ხალი _ “იყავი გულწრფელი”;
მარცხენა წარბზე _ “შეუდრეკელი”;
მარჯვენა წარბზე _ “დაცინვა”;
შუბლის ცენტრში _ “სიმკაცრე და სიცივე”;
წარბის ბოლოში – “ერთგულება”;
წარბის შუაში – “დაელაპარაკე ჩემს ქალიშვილს”;
მარჯვენა თვალთან – “სიხარული პაემანის გამო”;
მარცხენა თვალთან – “მწუხარება განშორების გამო”;
ყვრიმალზე – “გლოვა”;
ყურის გასწვრის – “ცალმხრივი სიყვარული”;
ლოყის ცენტრში – “დაკავებულია”;
პირის გასწვრივ – “შეყვარებულია”;
მარცხენა ლოყის ქვედა მხარე – “სიყვარულის აღიარება”;
ცხვირის ქვეშ – “გავიგე ინტრიგის შესახებ და ფრთხილად იყავი”;
მარჯვენა ნესტოს გასწვრივ _ “შესაძლებელია”;
მარცხენა – “შეუძლებელია”;
ნიკაპის ცენტრში – “გამოიცანი”;
ნიკაპის მარჯვნივ – “შეეცადე შევხვდეთ ცალკე”;
მარცხენა – “იშვიათად მნახულობ, გაბრაზებული ვარ”;
კისერზე – “მიყვარხარ”;
ტუჩის მარჯვნივ – “არ გაგიმხელ”;
ტუჩსა და ნიკაპს შორის – “შეგიძლია აისრულო სურვილი”;
ნიკაპის ქვემოთ – “ველოდები შენგან წერილს”.
ხელში ქალბატონებს მარაო ეკავათ. ამ ნივთის გაჩენის ისტორიას, ძველ ეგვიპტეში, რომსა და ინდოეთში მივყავართ. პირველი მარაო, ფოთლებისა და ბუმბულებისაგან იყო გაკეთებული, რომში – პალმის რტოებისაგან, რომელიც სამეფო ატრიბუტი იყო. ქაღალდისა და თხელი ხის ფირფიტებისაგან შეკრული მარაო, პირველად ჩინეთში გამოიგონეს. ევროპაში კი XVI საუკუნეში გავრცელდა.
ბაროკოს ეპოქაში, მარაოები მოხატული, მოქარგული და შუაში პატარა, მრგვალი სარკით გაფორმებული იყო. ამ ნივთის გამოყენება, მაღალი საზოგადოების წარმომადგენლებს შეეძლოთ. მარაო გავრცელდა იტალიასა და ესპანეთშიც და შეიქმნა ცნობილი “ვენტაროლა”, რომელიც პატარძლის განუყოფელი ატრიბუტი იყო. საფრანგეთში, სასახლეში მარაოებს, მხოლოდ დედოფლის გამოჩენის დროს შლიდნენ.
XVIII საუკუნეში, როკოკოს ეპოქაში, მარაოები ჩვეულებრივი მოქალაქეების წრეებშიც გაჩნდა.
მარაოს “ენა” ესპანეთში გამოიგონეს. თეთრი მარაო –უმანკოების სიმბოლო იყო. შავი _ ტრაურის (ახლობლის გარდაცვალების დროს იყენებდნენ),
წითელი, შავი მაქმანით გაწყობილი – სითამამეს აღნიშნავდა. Nნახევრად გამჭვირვალე _ დაფარული კეკლუცობის სიმბოლო და ა.შ.
დახურული მარაო – “უარყოფა”;
თითქმის დახურული _ “ეჭვი”;
მეოთხედზე გახსნილი – “არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული”;
ნახევრამდე გაშლილი – “თანხმობა”;
ბოლომდე გაშლილი – “ძლიერი სიყვარული”.
ძლიერად დაქნევა – “მღელვარება”;
ხელზე დარტყმა – “მოლოდინი”;
ფეხის გვერდითა ნაწილზე დარტყმა – “გამომყევით”;
ფეხის წინა მხარეს – “მზად ვარ გამოგყვეთ”;
სახეზე აფარება – “ჯერ არ გადამიწყვეტია”;
ყელისა და ნიკაპის დაფარვა – “კეკლუცობა”;
ძირს დაშვებული მარაო – “შეუძლებელია”;
მამაკაცებისკენ მიმართული – “გაიწიეთ, გზა დამითმეთ” და სხვა.
ჟესტების ენა დროთაგანმავლობაში იცვლებოდა და ნელ-ნელა ფუნქციასაც კარგავდა. ახლა მარაოს მხოლოდ დასანიავებლად, ან ცეკვების დროს იყენებენ.

Advertisements

2 thoughts on “საიდუმლო გზავნილი მამაკაცებისთვის

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s