მფრინავის ჩანაწერები

Image

შესავალი:
მე, ვახტანგ პეტრეს ძე ინასარიძე დავიბადე ქ. ახალციხეში 1920 წ. 23 მარტს. მას შემდეგ, რაც საქართველოს ცაში პირველად ავფრინდი და მაღლიდან გადმოვხედე მშობელ ქვეყანას, 55 წელიწადი გავიდა. საშუალო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ვიყავი, როდესაც დავამთავრე ახალციხის საპლანერო სკოლა. მომცეს ინსტრუქტორის მოწმობა. შემეძლო მემუშავა საპლანერო სკოლაში და მესწავლებინა ჯგუფისთვის ფრენა, მაგრამ უარი ვუთხარი და სკოლის დამთავრებისთანავე, სამხედრო კომისარიატში შევიტანე განცხადება. 1938 წელს.
მანამდე ვემზადებოდი. ვვარჯიშობდი მძლეოსნობაში, ჭიდაობაში, ყოველდღე ვცურავდი მტკვარში. ვაკეთებდი ავიამოდელებს.
რუსეთში ბორისოგლებსკის ვ.ჩკალოვის სახელობის სამხედრო საავიაციო სასწავლებელში ვსწავლობდი. დამთავრებისთანავე ჩამრიცხეს ლენინგრადის 845-ე საავიაციო პოლკში. ომის დამთავრებამდე სამხედრო ავიაციასთან ვიყავი დაკავშირებული, მერე კი სამოქალაქოში გადავინაცვლე.
ომის დროს ვფრინავდი საბჭოთა “И-16-ით”, ამერიკული “აეროკობრით”, ინგლისური “ჰარიკეინით” და “სპიდფაერით”. ისევ საბჭოთა “იაკ-1”-ით და “იაკ-3-ით”. სამოქალაქო ავიაციაში დავფრინავდი “ЛИ-2”-ით, “С-47-ით”, “ИЛ -12”-ით, “ИЛ -14-ით” და “თУ-104”-ით. ასზე მეტი საბრძოლო გაფრენის მონაწილე ვარ და არა ერთი მტრის თვითმფრინავი ჩამოვაგდე. 4 მილიონი კილომეტრი მაქვს გავლილი საბრძოლო და სამოქალაქო ავიაციაში, 4 ორდენი და ბევრი საბრძოლო მედალი მაქვს მიღებული, ხოლო სამოქალაქო ავიაციაში მუშაობისას “საპატიო ნიშნის ორდენი”. ბევრი ახალი თვითმფრინავის გამოცდაში მაქვს მიღებული მონაწილეობა. აღვზარდე უამრავი მფრინავი. მთელი ჩემი ცხოვრება მღელვარებასა და ნერვიულობაში გავატარე.
ნაწილი I (წერილი სტალინს)
***
სასწავლებლად რუსეთში გამაგზავნეს. მე ქალაქ კრასნოდარში მოვხვდი. ჩემთან ერთად სწავლობდა ქართველი აბელ კოპალიანი ცაგერიდან. მოგეხსენებათ, რომ მაშინდელი ავიაციის ტექნიკა ძალიან გაუმართავი იყო და ბევრი კატასტროფები ხდებოდა. მიუხედავად სირთულეებისა, უმრავლესობა კურსანტებისა, მაშინდელი პოლიტბიუროს წევრების შვილები იყვნენ. მაგალითად: სტალინის, ჟდანოვის, ხრუშჩოვის, ჩაპაევის შვილები. ჩაპაევის შვილი ჩემზე ერთი კურსით წინ იყო. კარგად მახსოვს, ვარჯიშის დროს პიკირებას აკეთებდა И-16 ტიპის თვითმფრინავით (მაშინდელი გამანადგურებელი). პირდაპირ ცხვირით ჩაერჭო მიწაში და დაიღუპა. რომელი ერთი მოვყვე, აი ასეთი იყო მაშინდელი ავიაცია.
ქ. კრასნოდარში სწავლის დროს აღმოჩნდა, რომ ეს სასწავლებელი ამზადებს არა მფრინავებს, არამედ შტურმანებს. სამხედრო კომისარიატმა არასწორად გამომგზავნა. 6 თვის სწავლის შემდეგ, მე და აბელ კოპალიანმა გადავწყვიტეთ მივსულიყავით სასწავლებლის უფროსთან, რომელსაც პირველს მიენიჭა გენერლობა. ეს ის გენერალ-პოლკოვნიკი იყო, რომელმაც სახელი გაითქვა მეორე მსოფლიო ომში. “კრასკოვსკის მფრინავები” _ ხშირად იწერებოდა გაზეთებში.
კრასკოვსკის ვთხოვეთ, რომ მფრინავ-გამანადგურებლების სასწავლებელში გადავეყვანეთ. მან ცივი უარი გვითხრა, _”წადით და განაგრძეთ სწავლაო”. გულდაწყვეტილები გამოვედით გარეთ. უცებ, დავინახეთ, რომ ახალი გამანადგურებელი И-16 აკეთებდა უმაღლეს პილოტაჟს. ამან უფრო იმოქმედა ჩვენზე და გადავწყვიტეთ გვებრძოლა ბოლომდე.
მე ვუთხარი აბელს, _ შენ ძალიან ლამაზი კალიგრაფია გაქვს, მოდი, მივწეროთ სტალინს. თუ წაიკითხა, უარს არ გვეტყვის-მეთქი. ბევრი აღარ გვიფიქრია, დავწერეთ ქართულად. აი, რას ვწერთ:
“ბიძია სტალინ! ძალიან გთხოვთ, თუ თქვენთვის არ იქნება ძნელი, გადაგვიყვანოთ ამ სასწავლებლიდან საფრენოსნო მფრინავ-გამანადგურებლების სასწავლებელში. სამხედრო კომისარიატმა არ გამოგვგზავნა დანიშნულებით. ამისთვის, ბიძია სტალინ, ძალიან გთხოვთ, თუ შეგიძლიათ დაგვეხმარეთ. დიდ ბოდიშს გიხდით, რომ გაწუხებთ. ვ. ინასარიძე, ა. კოპალიანი.”
მაშინ სტალინს სამხედრო წოდება არ ჰქონდა. გავიდა დაახლოებით 10 დღე და გვითხრეს, რომ გამოძახებულები ხართ გენერალ კრასკოვსკისთანო. ჩვენ შეგვეშინდა. არ ვიცოდით რატომ გვიბარებდა. როდესაც მივედით, მან გვითხრა: _ “აკრიფეთ თქვენი გუდა-ნაბადი, წახვალთ ქალაქ ბორისაგლებსკში, ჩკალოვის სახელობის სასწავლებელში”. ეს ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და ყველაზე დიდი სასწავლებელი იყო საბჭოთა კავშირში, სადაც სწავლობდა ჩკალოვი და ამზადებდნენ გამანადგურებლებს. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
***
ნაწილი II (ბრძოლები ლენინგრადის ცაში)
სასწავლებელი რომ დავამთავრე, დაიწყო სამამულო ომი. ჩვენს სასწავლებელს 9 აეროდრომი ჰქონდა. გიტლერს უთქვამს, ეგ სასწავლებელი მფრინავების ინკუბატორიაო და ქ. ბორისოგლებსკის გარშემო, 100 კმ. რადიუსით დაიწყეს დაბომბვა. ამ სასწავლებელში, სწავლობდა რუსი იაროსლეველი ბორის კოპანტინი. ჩვენ სწავლის პერიოდში დავმეგობრდით და დავთქვით, რომ ერთად ვიბრძოლებდით. ასეთი კანონია გამანადგურებელ ავიაციაში. კარგი მეგობრები ერთმანეთს არ უღალატებენ მტრის ტერიტორიაზე, საჰაერო ბრძოლაში, რა მდგომარეობაც არ უნდა იყოს.
ქ. ივანოვში ვისწავლეთ საზღვარგარეთის გამანადგურებლები: ამერიკული აეროკობრა, კიტიხაუკი, მუსტანგი, ინგლისური ხარიკეინი, სპიდფაერი, მაგრამ ამ თვითმფრინავებზე ომში მონაწილეობა არ მოგვიწია, რადგან გამოგზავნილი თვითმფრინავები, რომლებიც ჩრდილო ნორვეგიის მხრიდან არხანგელსკში მომავალ საზღვაო ქარავანს მოჰქონდა, დამომბილი იქნა გერმანელების მიერ. ამიტომ, სტალინმა შეუთვალა რუზველტს და ჩერჩილს, ჩვენი ავიაცია ვერ მისწვდება ნორვეგიის ნაპირებს და ჩვენი ავიაგამანადგურებლები ვერ დაიცავენ იმ ტერიტორიას. ამიტომ, შორეული აღმოსავლეთიდან (ალიასკის მხრიდან) უნდა გამოგზავნონ თვითმფრინავები.
ჩვენი პოლკი, სადაც დაახლოებით 500 მფრინავი ვიყავით და არ გვყავდა თვითმფრინავი, დაიშალა. მე, ბორის კოპანტინი და კიდევ 22 კაცი ამოგვარჩიეს და გადაგვაფრინეს ქ. ლენინგრადში. ნაწილში დაგვხვდა სამამულო თვითმფრინავები “იაკები”, რომლებიც ძალიან მოკლე ხანში ავითვისეთ.
ავიაციას თავისი კანონები აქვს, რომელთა საფუძველზეც ახალგაზრდა გამოუცდელი მფრინავები მიჰყავდათ საბრძოლო დავალების შესასრულებლად გამოცდილ მფრინავთა ჯგუფში სათითაოდ, რათა მიეღოთ “საბრძოლო ნათლობა”. ასეთი ნათლობის მიღება მომიხდა მოიერიშე თვითმფრინავების “ИЛ-2”-ის ესკადრილიის გაცილებისას, დასახლებული პუნქტის დიდი ვიშერის მახლობლად, ფრონტის წინა ხაზზე, რომელიც ფაშისტებს ეკავათ და ჩვენს მოიერიშეებს უნდა დაებომბათ. ჩვენი მისია იყო, რომ დაგვეცვა მოიერიშეები.
მეთაურის მიერ გაფრთხილებული ვიყავით, რომ რიგიდან არ მოვწყვეტილიყავით, გვეფრინა მათთან ერთად. ვიშერს რომ ვუახლოვდებოდით, ჩემს წინ ღრუბლები გაჩნდა. ამ დროს, ღრუბლებიდან გამოვარდა გამანადგურებელი, რომელიც მე “მესერშმიტად” მომეჩვენა. მეთაურის გაფრთხილებას ანგარიში არ გავუწიე და გადავატრიალე ჩემი “იაკი”. მთელი სისწრაფით მივუახლოვდი მიზანს, ამასობაში შევნიშნე, რომ ისიც “იაკი” იყო, რომელიც მოწყვეტილიყო თავის ჯგუფს. შემოვატრიალე ჩემი თვითმფრინავი და დავიწყე ჩვენი ჯგუფის ძებნა, მიუხედავად ჩემი მცდელობისა, იგი ვერ აღმოვაჩინე. გადავწყვიტე კურსი აღმოსავლეთისაკენ ამეღო. დავადექი რკინიგზის ხაზს, მაგრამ ჩვენი აეროდრომი ვერ ვიპოვე. ამასობაში შევნიშნე სხვა აეროდრომი, სადაც ჩვენი “У-2”-ები იდგნენ და გადავწყვიტე დაჯდომა, რადგან სხვა გამოსავალი არ იყო.
აეროდრომს გადავუფრინე დაბალ სიმაღლეზე, რომ გავცნობოდი მის სიგრძე-სიგანეს. გავაკეთე მეორე წრე, გამოვუშვი დასაჯდომი ორგანოები და შასი. ამ დროს, რადიოში შემომესმა ბორის კოპანტინის ხმა: _”ვახტანგ, სად ჯდები? ჩვენ შენს თავზე ვართ, აკრიფე შასი და შემოგვიერთდი.”
მაშინვე ავკრიფე სიმაღლე და შევუერთდი ჩვენს ჯგუფს. აეროდრომზე დაჯდომის შემდეგ, მეთაურის რისხვა დამატყდა თავს, თვითნებობისათვის. ასე მიხსნა ჩემმა ძმადნაფიცმა, ბორისმა განსაცდელის ჟამს.
***
1943 წლის ზაფხულში, ლენინგრადის ფრონტზე მდგომარეობა თანდათან საბჭოთა ჯარების სასარგებლოდ შეიცვალა. ავიაგამანადგურებელთა ლეგიონს, რომლის შემადგენლობაში მე და ბორისი ვირიცხებოდით, ხშირად გვიხდებოდა თავდასხმების დროს ჰაერში მოგერიებითი ბრძოლები. მტრის თვითმფრინავები თავს დასტრიალებდნენ საბჭოთა ბომბდამშენებს, რომლებიც ყუმბარებით დატვირთული მიემართებოდნენ მტრის კომუნიკაციებისა და საომარი ტექნიკის დასაბომბავად.
ერთ დღეს, ესკადრილიის მეთაურს კაპიტან გუცალოვს სარდლობამ მეტისმეტად საპასუხისმგებლო ამოცანის შესრულება დაავალა: ესკადრილიას უნდა გაეცილებინა ფრონტის განაპირა ხაზზე თვითმფრინავი ЛИ-2, რომელშიც იმყოფებოდა უმაღლესი მთავარსარდლის წარმომადგენელი, საბჭოთა კავშირის მარშალი კლიმენტ ეფრემის ძე ვოროშილოვი.
მე ამ ავიაგამანადგურებელთა პირად შემადგენლობაში შევდიოდი. გამცილებელთა საბრძოლო ამოცანა ის იყო, რომ არ დაგვეშვა თვითმფრინავზე მტრის ავიაგამანადგურებელთა თავდასხმა. მართლაც, ЛИ-2-ს მტრის ავიაგამანადგურებლები აედევნენ. ჩვენ მათ ბრძოლა გავუმართეთ და თავდამსხმელები უკუვაგდეთ. ამოცანა ბრწყინვალეთ შევასრულეთ.
1944 წლის ზამთარში, ღამით, მტრის ბომბდამშენთა ესკადრილია ლენინგრადისაკენ დასაბომბავად გამოეშურა. გამოცხადდა საჰაერო განგაში. კაპიტან გუცალის ესკადრილია განგაშის ხმაზე საბრძოლოდ განვეწყეთ. გვაცნობეს, რომ ფაშისტ ბომბდამშენთა ჯგუფი ავიაგამანადგურებლების თანხლებით მოემართება ლენინგრადის მისადგომებთან უმნიშვნელოვანესი ობიექტების დასაბომბად. ჩვენს გამანადგურებლებს დავალება მიეცათ, ქალაქისკენ არ გაეშვათ მტრის თვითმფრინავები.
ძნელი იყო ღამის წყვდიადში მტრის აღმოჩენა და შემდეგ მისი მიზანში ამოღება. ფაშისტ ფასკუნჯთა ჯგუფის აღმოჩენისთანავე, ესკადრილიის მეთაურმა გასცა ბრძანება: _”ყურადღება, მარჯვნივ მოწინააღმდეგეა!” და თვითონ პირველი ეკვეთა წამყვან ბომბდამშენს. ტყვიამფრქვევის პირველივე ჯერით ჩამოგდებული იქნა მტრის თვითმფრინავი. მეთაურის მაგალითით აღფრთოვანებულები, გაბედულად ვეკვეთეთ მტერს. მე და ბორის კოპანტინი შეტევაზე წყვილად წავედით. რთული პირობების მიუხედავად, ჩვენი “იაკებით” სამი ბომბდამშენი ჩამოვაგდეთ. ბორისმა ბომბდამშენ “იუნკერს” შეუტია და მალევე მიწაზე დასცა. ამასობაში, მას “მესერშმიტი” წამოეწია. ჩემმა ზუსტმა ცეცხლმა “მესერშმიტი” ჰაერშივე ააფეთქა.
მტრის ვერც ერთმა თვითმფრინავმა ვერ შეძლო მიზნამდე მიღწევა. მხოლოდ, ბომბები ჩამოყარეს უმიზნოდ და უკანვე გაბრუნდნენ.
ჩემს თვითმფრინავს, საჰაერო ხრახნი დაუზიანეს. თვითმფრინავმა ცახცახი დაიწყო და მართვის გვარლიც გაწყდა. ძლივს მივაღწიე პატარა მინდვრამდე და თვითმფრინავი მუცელზე დავსვი. დაჯდომისას გონება დავკარგე. სისხლისგან ვიცლებოდი. კიდევ კარგი, ქვეითებმა შეამჩნიეს და დაჭრილი სანიტარულ ბატალიონში, იქიდან კი ჰოსპიტალში გადამიყვანეს. რამოდენიმე ხნის შემდეგ, ესკადრილიის მეთაური, კაპიტანი გუცალოვი ნაწილში მარტო დაბრუნდა. ბორის კოპანტინი მოვიკითხე, მაგრამ მისი ბედი გაურკვეველი იყო. მალე, სახმელეთო ჯარების სარდლობამ ტელეფონით გადმოსცა, რომ საჰაერო ბრძოლის დროს, “იაკმა” ჩამოაგდო მტრის მანქანა და ამ ბრძოლაში ჩამოვარდა ჩვენი თვითმფრინავიც. დაჭრილი მფრინავი პარაშუტით მიწაზე დაეშვა.
საქმის ვითარება ლეგიონის მეთაურს, მაიორ შულიაკს მოვახსენე, რომელმაც დაუყოვნებლივ გამომიყო სანიტარული ავტომანქანა ექიმით.
ცეცხლის ხაზზე დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ, ღონეგამოლეული ბორის კოპანტინი ვიპოვე. სასწრაფო და აუცილებელი დახმარება აღმოვუჩინეთ და საველე ჰოსპიტალში გადავიყვანეთ.
***
ნაწილი III (სასწრაფო ფოსტა სტალინთან, შტორმი)
სამამულო ომის დამთავრების შემდეგ გაგზავნილი ვიქენი დიმიტროვის სახ. საავიაციო ქარხანაში, მფრინავ-გამომცდელად. 1947 წლამდე, შემდეგ სამოქალაქო ავიაციის აღორძინების პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით სამუშაოდ სამოქალაქო ავიაციაში გადავედი. ახალი საქმე ახალ სპეციალობას ითხოვდა. რისთვისაც გამაგზავნეს ბოგორესლანის სამოქალაქო უმაღლეს საავიაციო სასწავლებელში, რის შემდეგაც დავიწყე ფრენა საჰაერო ხომალდის მეთაურად “ЛИ-2”-ზე.
გაზეთი “სტალინსკი პილოტი”(07.07.1949) წერს: -“საჰაერო ხომალდის ახალგაზრდა მეთაური, ვ. ინასარიძე, ხომალდის ყველა ნაწილის სათუთად მოვლას მოითხოვს ეკიპაჟის ყველა წევრისაგან, გულდასმით ემზადება ყოველი გაფრენისთვის. მისი ეკიპაჟი თვიდან-თვემდე აღწევს საწვავი მასალის ეკონომიურად ხარჯვის გეგმის შესრულებას. მისმა თვითმფრინავმა ავარია არ იცის.”
***
1951-52 წლებში ზაფხულის პერიოდში, ამხ. ი. სტალინი საქართველოში ისვენებდა (გაგრაში, სოხუმში, ბორჯომში). როგორც წესი, მასთან სასწრაფო ფოსტა გადაგვქონდა თვითმფრინავით. ერთ-ერთი რეისის შესასრულებლად, როდესაც მოსკოვში ვიმყოფებოდი, ფრენის ხელმძღვანელმა და აეროპორტის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ბაშკიროვმა გამომიძახეს და მითხრეს, რომ აუცილებლად , პირდაპირი ფრენით სოხუმში, საჩქარო ფოსტა უნდა წაგვეღო სტალინთან. ტრასაზე ამინდი ძალზე რთულია და ამისთვის უნდა ეცადო, რომ ჩაფრინდე საჩქაროდო. მე რა თქმა უნდა ვუპასუხე, ყველანაირად ვეცდები, რომ დავალება შევასრულო-მეთქი. მოვემზადეთ, საწვავი იმდენი ჩავასხით, რომ ყოფნოდა საჭიროებისამებრ, ელჭექის ღრუბლების შემოვლასაც. ან სიმაღლით გადასვლას. ეკიპაჟი ოთხი კაცისაგან შედგებოდა: ხომალდის მეთაური მე ვიყავი, მეორე პილოტი, ა. ოგანეზოვი, ბორტ მექანიკოსი შ. დუმბაძე და ბორტ რადისტი ვ. მატიუხა. თვითმფრინავი ИЛ-12 იმ დროისთვის ერთ-ერთი მოწინავე თვითმფრინავი იყო. მოსკოვიდან სპეცრეისით, საგანგებოდ სპეც. გამცილებლების თანხლებით, მოგვქონდა ფოსტა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა მიგვეტანა დანიშნულების ადგილზე.
ჩვენ, შეუჩერებლად უნდა გვეფრინა სოხუმამდე. ტრასა, სოხუმი-კრასნოდარი დაკეტილი იყო და არცერთ თვითმფრინავს არ გაუვლია იმ დროისთვის. ჩვენ ავკრიფეთ 3000 მეტრი, მოვფრინდით როსტოვის ზონაში. როსტოვმა მოგვცა განკარგულება, რომ ტრასა დაკეტილია, ამიტომ საჭირო იყო, დამატებით, სინოპტიკოსების კონსულტაციის მიღება. მე ვუპასუხე, რომ კონსულტაციას მივიღებდი რადიოთი, დრო რომ არ დაგვეკარგა. სინოპტიკოსებმა გვირჩიეს, რომ უკეთესი იქნება სიმაღლით გახვიდეთო. როდესაც მივუახლოვდით კრასნოდარს, მოკრეფილი გვქონდა 5000 მეტრი. დაიწყო თოვა. კრასნოდარის ავიადისპეჩერმა გადმომცა, რომ მოწინააღმდეგე მხრიდან, ე.ი. შავი ზღვის მხრიდან, თვითმფრინავის მოძრაობა არ ფიქსირდება. მარტო თქვენ ხართ და გეძლევათ უფლება, ყველა სიმაღლეზე იფრინოთო. მდგომარეობა გართულდა, როცა მოვიკრიბეთ 5500 მეტრი. ამ დროს თვითმფრინავის მართვა უარესდება. არ გემორჩილება და გაუმართავი ხდება. ყველა თვითმფრინავს თავისი სიმაღლე აქვს.
ვინაიდან მაშინდელი თვითმფრინავები არ იყვნენ მოწყობილი ამ სიმაღლისთვის, ჟანგბადის უკმარისობას განვიცდიდით. მეორე პილოტი, აგანესოვი ცუდად გახდა და სალონში გაიყვანეს. რის გამოც, მარტო ვმართავდი თვითმფრინავს. ამ დროს გაიელვა და თვითმფრინავს ციებ-ცხელებასავით მოუვიდა.
ნოვორასიისკენ მიახლოებისას დავინახე ღრუბლებში “ფანჯარა”, საიდანაც აქაფებული ზღვის ტალღების თეთრი ქაფი “ლენტივით” მოჩანდა. მივხვდი, რომ “პერევალის” იქით ვიყავი და მთები გავლილი მქონდა. სპირალისებური ფრენით დავეშვი ამ “ფანჯარაში”, რომელიც ქვემოთ ვიწროვდებოდა. როგორც შემეძლო, უნდა დამეხარა ფრთა, რადიუსის შესამცირებლად. 700 მეტრ სიმაღლეზე დავეშვი. ზღვა საშინლად ღელავდა. მარჯვენა ბორტის (ანუ მეორე პილოტის) მხარეს შევნიშნე შვიდი ვეებერთელა “სმერჩი” (ქარბორბალა), რომლებიც შემხვედრად გვიახლოვდებოდა.
რადიუსით 4, 5 მეტრი იქნებოდა. “ხორთუმი” წყალში ჰქონდა ჩარჭობილი და ტრიალებდა. მოძრაობდნენ ზღვის ნაპირისაკენ, ე.ი. ჩვენსკენ. ასეთი სანახაობა, ჩემს ცხოვრებაში არასოდეს მენახა. ასეთი სიმრავლის და ასეთი გიგანტური, შავ ზღვაზე იშვიათია. იძულებული ვიყავი დაბლა დავშვებულიყავი, რადგან ღრუბლებში ფრენა აღარ შეიძლებოდა. ელჭექის გამო. ორივე მხარეს ელავდა და ქუხდა. ბორტ-რადისტს ყველა ელექტრობა გამოვათიშინე. კატასტროფის გარდაუვალობა ვიგრძენი. მოვახერხე და თვითმფრინავი ამ ქარბორბალების შუა გავაძვრინე. ამის შემდეგ, თავსხმა წვიმაში მოგვიწია ფრენა. საბოლოოდ, 30 მეტრ სიმაღლეზე, ზედ ტალღებზე დავეშვით. მართლაც საშიში მდგომარეობა შეიქმნა. “ერთ-ერთმა ძრავამ რომ გვიღალატოს, რას ვიზამთ… ესე იგი კარგად უნდა იცოდე ცურვა”. _ ასე ხუმრობით ველაპარაკებოდი ეკიპაჟის წევრებს, მაგრამ შინაგანად მეც ვნერვიულობდი. ბიჭვინთის ნაპირზე ამინდი გამოსწორდა და მოვიკრიბეთ 50 მეტრი. წვიმამაც იკლო, მხედველობაც გამოკეთდა და ცოტა ამოვისუნთქეთ. მიუხედავად ასეთი წარმოუდგენელი სირთულისა, ვგრძნობდით რა დიდ პასუხისმგებლობას, ფოსტა დროულად მივიტანეთ დანიშნულების ადგილზე.
ასე დამთავრდა ეს რეისი. ვინ მოსთვლის, რამდენი მაგის მსგავსი მქონია, ოღონდ, სხვადასხვა სიტუაციაში.
***
(ღამის ფრენები)
1946 წელს, ვოლხოვის და ლენინგრადის ფრონტი შეერთდა. მთავარსარდლის ბრძანებით, 1000 მფრინავი, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ საჰაერო ბრძოლებშI, გაგზავნილი იქნენ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკებშI და ქალაქებში. მე თბილისის საავიაციო ქარხანაში მოვხვდი. იმ დროს უშვებდნენ ЯК-3-ებს. 1947-48 წლებში, ქარხანამ შეწყვიტა ამ ტიპის თვითმფრინავების გამოშვება. უშვებდა საოჯახო ნივთებს. რისთვისაც, საჰაერო თავდაცვის მინისტრყ, მთავარი მარშალი, ორჯერ გმირი ნოვიკოვი დააპატიმრეს.
ამ დროს, კაპიტალისტური ქვეყნები განიარაღდნენ და ახალ გამანადგურებლებს, რეაქტიულ თვითმფრინავებს უშვებდნენ. ჩვენი ქარხნები კი კარადებს და საწოლებს. აი, ამ დროს დაიწყო სამოქალაქო ავიაციამ ახლად განვითარება.
ღამის ფრენები და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში აეროდრომზე დაჯდომა. საინტერესო პერიოდი იყო. იმ პრიმიტიული თვითმფრინავებით ფრენა, ასეთ რთულ მეტეოროლოგიურ ამინდებში ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენდა.
ძალიან კარგად მახსოვს ტრასა ჯუბღა ადლერი. ღამის ფრენები არ იყო. ერთ მშვენიერ დღეს, მე და ჩემი ეკიპაჟი ვიყავით დაიშნული, რომ გაგვეკეთებინა საცდელი ფრენა ღამით. ვიფრინეთ სოხუმი – ჯუბღა და უკან. ამის შემდეგ დაიწერა ბრძანება, რომ დაწყებულიყო ღამის ფრენები. იმ დროისთვის, მომანიჭეს საჰაერო ხომალდის მეთაურის წოდება. დღეში გვიხდებოდა 8-9 საათი ფრენა, მაგრამ არ ვიღლებოდით. ვასრულებდით მთავრობის და სპეციალური დანიშნულების რეისებს. აი, ასეთ პირობებში იზრდებოდა და ვითარდებოდა სამოქალაქო ავიაცია.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s