ვენეციური ნიღბების ისტორია

Image

უძველესი დროიდან ვენეციურ ნიღბებს ადამიანები ვინაობის დასამალად იყენებდნენ. რამდენიმე საუკუნის წინ გაჩენილი ვენეციური ნიღბები “პაპიემაშესაგან” მზადდებოდა და ირთვებოდა ბეწვეულით, სხვადასხვა ნაჭრით, ძვირფასი ქვებითა და ბუმბულებით.
ვენეციური ნიღბები იტალიაში უძველესი დროიდან გამოიყენებოდა.თანამედროვე ევროპული ქვეყნების უმრავლესობისგან განსხვავებით, ვენეციაში ყოველთვის მაღალი იყო ცხოვრების დონე.

მაღალი სოციალური დონის დამსახურებით, ვენეციის მცხოვრებლებმა უნიკალური კულტურა შექმნეს, რომელშიც ადამიანის პიროვნების დაფარვა ყოველდღიურ ცხოვრებაში, საწყის ეტაპზე იდგა. შენიღბვა პრაგმატულ ხასიათს ატარებდა: ადამიანებს არ სურდათ, რომ სხვებს დაენახათ, თუ რა საქმიანობას ეწეოდნენ ისინი სინამდვილეში.

ნიღბებს წელიწადის უმეტეს თვეებში მოუხსნელად ატარებდნენ. ბოლოს და ბოლოს, ისინი ხომ პატარა ქალაქში ცხოვრობდნენ?!

გარდა ამისა, ნიღბები ძალიან მნიშვნელოვან სოციალურ როლს ასრულებდა. ისინი ათანაბრებდა ყველას, ვინც მათ ატარებდა. ნიღბიანი მსახური შეიძლებოდა კეთილშობილ დოჟად მიეღოთ და პირიქით.

სახელმწიფო ინკვიზიტორებს და ჯაშუშებს შეეძლოთ ისე დაეკითხათ მოსახლეობა, რომ არ ენერვიულათ საკუთარი ვინაობის გამომჟღავნებაზე. ადამიანთა მორალი ნიღბების ტარებით მყარდებოდა. მათ არ ჰქონდათ სახე, მაგრამ ჰქონდათ ხმა.

საბოლოოდ, ამ უპირატესობიდან გამომდინარე, ადამიანებმა სარგებლის მიღება დაიწყეს, რამაც შედეგად საზოგადოების დაკნინება გამოიწვია.

ტურისტებს, რომლებიც ქალაქის სანახავად ჩამოდიოდნენ, მშვიდად შეეძლოთ, უკანონო სქესობრივი კავშირებით გაენებივრებინათ თავი, რაც აქ უკვე ნორმას წარმოადგენდა.

აზარტული თამაშები დილიდან საღამომდე გრძელდებოდა, ყველა ქუჩაზე და ყოველ სახლში, თვით მონასტერშიც კი. ნელ-ნელა ქალებმა უფრო მსუბუქად დაიწყეს ჩაცმა, ხოლო ჰომოსექსუალიზმი, მიუხედავად საჯარო დაგმობისა, უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა მოსახლეობას შორის.

ბერები და მონაზვნებიც კი უახლესი მოდის მიხედვით იცვამდნენ და ბუმბულებსა და ძვირფას სამკაულებში მორთულ-მოკაზმულები დაიარებოდნენ ნიღბებით და იმავეს აკეთებდნენ, რასაც ჩვეულებრივი მოქალაქეები.

რომი ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავდა მანამ, სანამ რესპუბლიკას გულუხვი წვლილი შეჰქონდა მის ხაზინაში.

იმავდროულად, იტალიის რესპუბლიკა სულ უფრო და უფრო ეფლობოდა ფუფუნებასა და უსაქმურობაში, რითიც მორალურ დეგრადაციას ექვემდებარებოდა.

დროთა განმავლობაში, ნიღბების ტარება ყოველდღიურ ცხოვრებაში აიკრძალა და მხოლოდ წლის განსაზღვრულ თვეებში გამოიყენებოდა შეზღუდულად.

1100-იანი წლების შემდეგ კათოლიკური ეკლესიის მიერ კარნავალის ჩატარება გარკვეული პერიოდით აიკრძალა. მერე, თანდათანობით, ეკლესიამ შეასუსტა აკრძალვები და ვენეციური ნიღბების ტარების უფლება შობის დღეებში დართო. სრულად კი დღესასწაული 1979 წელს აღდგა.

თანამედროვე ვენეციურმა კარნავალმა აღადგინა ნიღბების კულტურა. ყველასათვის ცნობილი ვენეციური ნიღბები აგრძელებდა ტურისტების განცვიფრებას. თანდათანობით ნიღბები ვენეციური კარნავალის სიმბოლოდ იქცა.

ვენეციური საკარნავალო ნიღაბი არის ვენეციური სულისკვეთების არსი, უცოდველი ანცობებისა თუ ადამიანური ცოდვების გაერთიანებული სახე. მე-18 საუკუნეში მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ვენეციაში ყველაზე ცნობილი კარნავალები ტარდებოდა.

მათში მონაწილეობას ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლები იღებდნენ. მრავალრიცხოვანი პუბლიკის ყველაზე მკაფიო სახასიათო პერსონაჟებმა თავიანთი ანარეკლი ნიღბებში ჰპოვეს.

ბაუტა (bauta)

ბაუტა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვენეციური ნიღაბია, რომელიც მე-17 საუკუნეში შემოვიდა. მისით ნებისმიერი სოციალური ფენისა თუ სქესის წარმომადგენელი ინიღბებოდა. ნიღაბთან ერთად, ძირითადად, შავ მოსასხამს ატარებდნენ, რომელიც ფიგურას ფარავდა.

მას ახლდა სამკუთხა ქუდი ტრიცორნო. სახელწოდება “ბაუტა”, სავარაუდოდ, სიტყვა “ბაუ” ან “ბაბაუდან” წარმოდგებოდა, რაც ქართულად “ბუას” ნიშნავს. ასე აშინებდნენ ხოლმე იტალიელები ბავშვებს, “Se non stai bravo viene il babau e ti porta via…” – ანუ, თუ ცუდად მოიქცევი, მოვა ბუა და წაგიყვანსო.

ბაუტა გავლენიანი არისტოკრატებისთვის იდეალურ შესანიღბად ითვლებოდა. მათ შეეძლოთ, შეუმჩნევლად გამოსულიყვნენ ხალხში.

ნიღბის ალტერნატიული სახელები: კაზანოვა, ლავრა.

“ვენეციელი ლედის ნიღაბი”

მეთექვსმეტე საუკუნის ქალების ხასიათს გამოხატავდა, რომლებიც მხოლოდ ძვირფას ქსოვილებში იმოსებოდნენ და საკუთარ თავს მდიდრული სამკაულებით ანებივრებდნენ. დღესდღეობით ეს ნიღაბი ყველაზე ლამაზი და პოპულარულია ვენეციური კარნავალის ნიღბებს შორის.

ალტერნატიული სახელები: ლიბერტი, ოლღა, სალომეა, ვალერი, ფანტაზია, რეჯინა.

“კატა” (gatto)

ვენეციაში ცოტა კატა იყო, ამიტომაც მათ პატივს სცემდნენ და ნიღაბი მიუძღვნეს. არსებობს ერთი ლეგენდა კაცზე, რომელიც ჩინეთიდან ჩამოვიდა. მას ერთი გროშიც კი არ ედო ჯიბეში, მხოლოდ ერთი ბებერი კატა ჰყავდა. მისმა კატამ მთელი სასახლის თაგვები დააფრთხო, რითაც ვენეციის რესპუბლიკის მმართველი დოჟი ძალიან გაახარა.

კატა ვენეციაში დაიტოვა, ჩინელი კი სამშობლოში დაბრუნდა გამდიდრებული. ამ კაცის მეზობელს უფიქრია, კატაში თუ ამდენი გადაუხადეს, მაშინ ჩემს აბრეშუმის ნაჭრებზე სულ გაგიჟდებიანო და გაემგზავრა თვითონაც. დოჟს ძალიან მოეწონა ნაჭრები და ვაჭარს დაპირდა, რომ სანაცვლოდ ყველაზე ძვირფას რამეს მისცემდა. ასე დაბრუნდა კატა ჩინეთში.

“ვოლტო” (volto) 

ასევე ცნობილია სახელით “მოქალაქე”. ამ ნიღაბს რიგითი მოქალაქეები ატარებდნენ ნებადართულ დღეებში. სხვა ნიღბებთან შედარებით, ნეიტრალური ხასიათისაა. ადამიანის კლასიკური სახის ფორმებს იმეორებს. თავზე თასმებით მაგრდება, ზოგიერთს კი თასმების ნაცვლად, ნიკაპთან აქვს ხელის მოსაკიდებელი.

“შავი ჭირის მკურნალი” (medico della peste)

ამ ნიღაბს თავისი უნიკალური ისტორია აქვს. როგორც ცნობილია, ვენეციის ერთ-ერთ საშინელ კოშმარს შავი ჭირი წარმოადგენდა. ამ ავადმყოფობამ ბევრი იმსხვერპლა და რამოდენიმეჯერ დაატყდა თავს ქალაქს. ამ ნიღაბს საკარნავალოდ არ იყენებდნენ.

მას იკეთებდნენ ექიმები, რომლებიც მკურნალობდნენ შავი ჭირით დაავადებულ ადამიანებს. ნიღბის გრძელ ცხვირში სურნელოვან ზეთებს და სხვადასხვა ნივთიერებას ისხამდნენ. მათი აზრით, ეს დაიცავდათ ავადმყოფობის გადადებისაგან.

ნიღაბთან ერთად, შავ ქუდს და მოსასხამს ატარებდნენ, რომელიც სელისაგან ან რაიმე პრიალა ნაჭრისაგან იყო შეკერილი. ასე გამოწყობილი ადამიანი ბოროტ ფრინველს წააგავდა.

კოსტიუმის ატრიბუტი იყო ჯოხი, რომელიც ექიმებს ხელში ეჭირათ და მისი მეშვეობით ეხებოდნენ დაავადებულებს.

ალტერნატიული სახელი: დოტორე პესტე.

მორეტა (moretta)

ტრადიციული ვენეციური ნიღაბი. ამ ნიღაბს ვენეციელი ქალბატონები მთელი წლის მანძილზე ატარებდნენ. მორეტა ოვალური ფორმის ნიღაბი იყო, რომელიც შავი ველვეტისაგან მზადდებოდა.

ქალები მას მონასტერში სიარულის დროს იკეთებდნენ. ეს ნიღაბი საფრანგეთში დაიბადა და თავისი თვისების დამსახურებით, რომელიც ქალის სილამაზის ხაზგასმაში გამოიხატებოდა, დიდი პოპულარობა მოიპოვა ვენეციაში. ნიღაბი სახეს მხოლოდ ნაწილობრივ ფარავდა. როგორც წესი, მას ახლდა ვუალი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s