“დერინკუიუ”- საოცარი მიწისქვეშა ქალაქი

Image

დედამიწაზე რომ უამრავი ამოუხსნელი საიდუმლო არსებობს, ამას ზედმეტი ლაპარაკი არ უნდა. მაგალითად – დედამიწის სხვადასხვა ადგილზე გაჩენილი უზარმაზარი ნიშნები, რომლებიც ერთ-ერთ ამოუცნობ მოვლენად ითვლება. თუმცა, დღემდე ვერავინ ამოხსნა ამ ნიშნების არსი – ზებუნებრივი ძალებისაგან მოდის თუ ადამიანების ნამოქმედარია. არსებობს რწმენა, რომ ვინც მათ გაშიფვრას შეძლებს, დიდ ძალაუფლებას მოიპოვებს.

ნიშნები დღემდე სხვადასხვა ადგილას ჩნდება. ზოგიერთი უფოლოგის აზრით, ამ ფიგურების გაჩენა უცხოპლანეტელებთან არის დაკავშირებული და მათში დედამიწის მკვიდრთათვის გარკვეული ინფორმაცია დევს. ამაზე სხვა დროს ვისაუბრებ, ამჯერად კიდევ ერთი საოცრების შესახებ მოგიყვებით, რომელმაც პირადად მე ძალიან დამაინტერესა.

ისიც ერთ-ერთი ასეთი ამოუხსნელი საოცრებაა, რომელიც კაბადოკიაში (რომელსაც მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ) მდებარეობს. კაბადოკიაში დაახლოებით 50-მდე მიწისქვეშა ქალაქია, რომელთა ნაწილს ჯერ კიდევ იკვლევენ. დერინკუიუ (ითარგმნება, როგორც “ბნელი ჭაბურღილები”) ყველაზე კარგად შესწავლილია სხვა დანარჩენ მიწისქვეშა ქალაქებს შორის.

დერინკუიუ ფართობით დაახლოებით 4X4კმ-ის სიდიდისაა, ხოლო მისი სიღრმე დაახლოებით 55 მეტრია. სავარაუდოდ, ქალაქი 20 სართულისაგან შედგება. ამჟამად მხოლოდ 8 სართულია გამოკვლეული. არსებული მოსაზრებით, ამ ქალაქში დაახლოებით 50 000 ადამიანი ცხოვრობდა.

ისტორიკოსების აზრით, ამ მიწისქვეშა ქალაქის მშენებლობა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2000 წელს ხეთებმა დაიწყეს. რა მიზნით იქნა ამ ქალაქის მშენებლობა დაწყებული, ეს კითხვა დღემდე ამოუხსნელ საიდუმლოდ რჩება.

ხეთების მიერ დაწყებული ქალაქის მშენებლობა პირველმა ქრისტიანებმა დაასრულეს და სრულყვეს. მათთვის ეს ქალაქი მიწისქვეშა თავშესაფრად იქცა. სხვადასხვა მომთაბარე ტომის სასტიკ თავდასხმებს ამ ქალაქის სიღრმეებში ემალებოდნენ.

მიწისქვეშა ქალაქში საცხოვრებელი პირობებისთვის ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად იყო გათვლილი. ქალაქს ჟანგბადით 52 სავენტილაციო ჭა ამარაგებდა. ყველაზე დაბალ სართულებზეც კი თავისუფლად შეიძლებოდა სუნთქვა. წყალსაც ამ ჭების მეშვეობით ღებულობდნენ. მათი სიღრმე 85 მეტრამდე, მიწისქვეშა წყლებამდე აღწევდა, რომლებიც ჭებად ემსახურებოდა მათ.

მიწისქვეშა ქალაქში ტემპერატურა +13 – +15 გრადუსია. ყველა გვირაბი და დარბაზი კარგადაა განათებული. ქალაქის პირველ სართულებზე (ყველაზე ღრმად) განლაგებული იყო მოსანათლი დარბაზები, საწყობები, ღვინის სარდაფები, მისიონერული სკოლები, საქონლისთვის განკუთვნილი “ოთახები”, სამზარეულო და საძინებელი ოთახები.

მესამე და მეოთხე სართულებზე – იარაღის საცავები. შემდეგ მოდიოდა ეკლესიები, ტაძრები, სემინარები და ა.შ. ბოლო, მერვე სართულზე კი საკონფერენციო დარბაზი იყო განთავსებული.

იმის თაობაზე, აქ ადამიანები მუდმივად ცხოვრობდნენ თუ მხოლოდ პერიოდულად, აზრები იყოფა. ზოგი თვლის, რომ ადამიანები ზემოთ მხოლოდ მიწის დასამუშავებლად ამოდიოდნენ.

ხოლო ზოგი კი მიიჩნევს, რომ ისინი მიწის ზემოთ ცხოვრობდნენ და აქ მხოლოდ დარბევების დროს იმალებოდნენ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ქალაქში დაახლოებით 600 საიდუმლო გასასვლელია, რომლებიც სხვადასხვა ადგილზე ამოდის, მათ შორის – მიწის ნაკვეთებთან და საცხოვრებელ ქოხებთან.

დარნიკუიუს მცხოვრებლებმა იმაზეც იზრუნეს, რომ დამპყრობლების შემოჭრისაგან მაქსიმალურად დაეცვათ ქალაქი.

ამისთვის გვირაბების გასასვლელებს უზარმაზარი ლოდებით ხერგავდნენ, რომლების გადაწევა მხოლოდ შიგნიდან იყო შესაძლებელი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასწაულებრივად ჩააღწევდა ვინმე პირველ სართულებამდე, სისტემა ისე იყო მოფიქრებული, რომ პირველი სართულების შესასვლელები სასიკვდილოდ დაიბლოკებოდა. გარდა ამისა, დამპყრობლები, უბრალოდ, დაიკარგებოდნენ ქალაქის უსასრულო ლაბირინთებში და მიწის ზემოთ ამოსვლას ვერ შეძლებდნენ.

მოსახლეობას შეეძლო მშვიდად მოეცადა მიწისქვეშა ქალაქში, ან ამოსულიყო რომელიმე სხვა ადგილას, ან თუნდაც გადასულიყო მეორე ასეთივე მიწისქვეშა ქალაქ “კაიმაკლში”, რომელსაც დერნიკუიუ 9 კმ-იანი გვირაბით უკავშირდებოდა.

ალბათ, თქვენც დაგებადათ ის კითხვა, რაც მე – როგორ შეძლეს ადამიანებმა ასეთი გრანდიოზული მიწისქვეშა ქალაქის გაჭრა კლდეში? ეს კითხვა გამოცანად რჩება, ისევე, როგორც უზარმაზარი პირამიდების აშენება, უამრავი საიდუმლო ხაფანგითა და საოცრებებით. განა შეეძლო ასეთი სასწაულის ჩადენა უბრალო მოკვდავს? თანაც იმ ეპოქაში, როდესაც სამუშაო იარაღები ჯერ კიდევ არ იყო სათანადოდ განვითარებული?..

დერნიკუიუში აქტიური ცხოვრება VIII საუკუნემდე გრძელდებოდა. შემდეგ მრავალი წლით დავიწყებული იქნა ეს ქალაქი, ფაქტობრივად, დაკარგული მანამ, სანამ ის შემთხვევით კვლავ არ აღმოაჩინეს 1963 წელს. ადგილობრივი ფერმერები, რომლებსაც არ ესმოდათ ამ ქალაქის ნამდვილი ფასეულობა, მას პროდუქტის შესანახად იყენებდნენ. შემდეგ ქალაქი შეისწავლეს და ტურისტული მიზნებისთვის გამოიყენეს.

თუმცა ამჟამად ტურისტებისთვის მხოლოდ ქალაქის 10%-ია ხელმისაწვდომი, მაგრამ ესეც სავსებით საკმარისია მკაფიო შთაბეჭდილებების მისაღებად. ტურისტების უსაფრთხოებისთვის უმეტესობა გვირაბებისა გადაკეტილია. ყველგან გზის მაჩვენებლებია დამონტაჟებული. ასე რომ, დაკარგვა გამორიცხულია. ერთადერთ უხერხულობას დაბალი და ვიწრო გასასვლელები ქმნის, დამთვალიერებელს ნახევრად დახრილ მდგომარეობაში მოუწევს გადაადგილება.

თქვენი არ ვიცი და მე სიამოვნებით ვესტუმრებოდი ამ საოცარ ქალაქს და შევიგრძნობდი მის აურას.

ImageImageImage

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s