ახალი სახეები ქართულ ფერწერაში

Image
ადამიანები დიდი ხანია დაობენ იმაზე, თუ რა არის მხატვრობა და რატომაა ის ასეთი მშვენიერი. არსებობს უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო კითხვა, მაგრამ არ არსებობს სწორი ან მცდარი პასუხები, რადგან ყოველ ადამიანს საკუთარი, ინდივიდუალური გემოვნება და მოსაზრებები აქვს. ერთ ნახატს ყოველი ადამიანი თავისებურად აღიქვამს. ზოგი ფიქრობს, რომ სურათი ლამაზი უნდა იყოს და ზუსტად ასახავდეს ცხოვრებას. ზოგი კი პირველ ადგილზე გრძნობებისა და განწყობილების გადმოცემას აყენებს. ზოგი თვლის, რომ მხატვრობა იდეებს უნდა ასახავდეს, ზოგს მხოლოდ სურათებით ტკბობა სურს. ნაწილი თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე ცხოვრების სცენების ხატვაა, მეორე ნაწილს კი უფრო შესრულების ტექნიკა და საგნებზე სინათლის ზემოქმედების შედეგები აინტერესებს. ადამიანს მოსწონს ის, რაც ესთეტიკურ სიამოვნებას მიანიჭებს, რაც მის შინაგან სამყაროსთან უფრო ახლოსაა. ეს შეიძლება იყოს ნახატზე გამოსახული გატეხილი ლარნაკიც, დახეთქილი კედელიც, აშლილი ლოგინიც, კედელზე ჩამოკიდებული თოჯინაც, დაშლილი და დაჟანგებული მანქანა, ასევე შეიძლება იყოს შიშველი ნატურა, აბსტრაქტული ნახატი, ნატურმორტი თუ პეიზაჟი. ნებისმიერი რამ, რაც დამთვალიერებელზე შთაბეჭდილებას მოახდენს.
ადამიანებს განსხვავებული აზრი აქვთ ხელოვნების ნიმუშების ღირებულების შესახებ. ვინსენტ ვან გოგი სიღატაკეში გარდაიცვალა, ვინაიდან მისი სურათების ყიდვა არავის სურდა. სურათებისა, რომლებიც ახლა ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ნიმუშებად ითვლება მსოფლიოში.
დღეს, როგორც არასდროს, განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ხელოვნების ნიმუშების სიახლესა და ორიგინალურობას.
შემოქმედი ადამიანი გასცდა ჩარჩოებს, გათავისუფლდა, ფანტაზიის უსაზღვრო შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მიეცა.
ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ თვითნაბადი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები, მხატვრები, რომელთა გაცნობას სიამოვნებით გთავაზობთ:
-დათო კვანტალიანი, გიორგი რუხაძე, ემზარ ბაზერაშვილი და ზურაბ ჯანიაშვილი. მათ ახალახანს დაამთავრეს თბილისის სამხატვრო აკადემია. სალვადორ დალიმ თქვა: “ხელოვნებაში ინდივიდუალიზმს ვაფასებ!” თითოეული მათგანიც სწორედ ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. მათ შესახებ გვესაუბრება აკადემიის რექტორი და მათი პედაგოგი გია ბუღაძე.

გია ბუღაძე:
– მინდა გითხრათ, რომ ეს ჯგუფი, ჩვენი მაგისტრატურის მეორე კურსი, არაჩვეულებრივი ბიჭები არიან. თავიდანვე ჩანდა, რომ მოაზროვნე ადამიანები არიან და არ მოსულან შემთხვევით. საერთოდ, მხატვრობას შემთხვევითი ადამიანი ვერ გაყვება! თუ არ გაქვს მოწოდება, ნიჭი, ცოტა ტკივილიც. თავიდან არავინ არ გთავაზობს წარმატებას, კომერციულ მოგებას, იმიტომ, რომ მხატვარი დიზაინერი არ არის, რომელიც კომერციაზეა ორიენტირებული. დიზაინერობა გულისხმობს მასაზე ორიენტირებას. კომერციული თვალსაზრისით. მხატვარმა, მართალია, უნდა მოახერხოს თავისი ნამუშევრების რეალიზება, მაგრამ ამისთვის პირველ რიგში აღიარებას უნდა მიაღწიოს. აღიარება შეიძლება გქონდეს ფინანსური წარმატებითაც, მაგრამ ეს წამყვანი საკითხი არ არის. საკუთარი თავი უნდა იპოვო! საკუთარი ხედვა უნდა იპოვო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარი სტილი გამოძებნო. თუ მხოლოდ სტილზე იფიქრებს ადამიანი, იგი უკვე დიზაინერი ხდება. ის ხდება მონა თავისი მიგნებული ხერხისა!
ეს ოთხივე ადამიანი გამოკვეთილად მაძიებელი ნატურაა. მიუხედავად იმისა, რომ მათი პროფესიონალიზმი უზადოა, მათ თავისუფლად შეუძლიათ გარკვეული მიღწეული შედეგის უცებ სხვა ნამუშევარში, სხვა კუთხით მოწოდება. შეიძლება დღეს ეს იყოს და ხვალ ის, მაგრამ იყოს აბსოლუტურად მაქსიმუმი მიღწეული ოთხივეს შემთხვევაში!
ეს არის თავისუფლება სტილთან და მანერასთან მიმართებაში. პირდაპირი კომერციული თვალსაზრისით ეს ცუდია. იმიტომ რომ ბაზარი გიცნობს ასეთად, რომ ასეთი უნდა იყო მაინცდამაინც. პიკასოსნაირი ბედნიერი ბევრი მხატვარი არ არის, რომელსაც შეუძლია ყოველთვე ცვალოს თავისი სტილი და მაინც იყიდებოდეს მილიონებად!
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ოთხივეს პროფესიონალიზმი უზადოა! რაც ყველაზე მთავარია, მე მათში შური ვერ შევამჩნიე! არც ერთმანეთის მიმართ და არც სხვის მიმართ. ეს ისეთი იშვიათი, უცნაური და დიდებული მოვლენაა რეალობაში, ჩვენს პროფესიაში, რომ აღტაცებული ვარ!
რაც შეეხება გიორგი რუხაძეს, გამიჭირდება, მაგრამ ვიტყვი, რომ ჩემთვის უფრო ფილოსოფიურად და კრიტიკულად მოაზროვნე არის გიორგი!Mმას გააჩნია ანალიტიკური აზროვნება, ირონიული გონება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს მისი კოზირია! ეს აძლევს მას საშუალებას ირონია (და არა სარკაზმი) კომიქსური კი არ გახადოს, არამედ მეტაფორად აქციოს. მეტაფორად აქციოს ვთქვათ, რომელიმე ცხოველი, ფრინველი, თევზი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია! ეს არ არის ჩვეულებრივი რამ! ეს ძალიან რთულად გასაკეთებელია! მას შეუძლია ჩვეულებრივი თოჯინა გიქციოს არაბანალურად, თუნდაც სიმბოლოდ. თოჯინას რომ ლურსმანზე ჩამოკიდებ, თავისთავად ძალიან ბანალური სიმბოლოა, მაგრამ იმდენად დიდი პროფესიონალიზმი აქვს ამ ახალგაზრდას, რომ შეუძლია სიმბოლო მეტაფორად აქციოს.

მისი ერთ-ერთი მეტაფორისტულად ყველაზე გახსნილი ნამუშევარია “ადამიანი-ღამურები”, რომელიც ორი წლის წინ გააკეთა. ეს ნამუშევარი თავისი ფილოსოფიურობით უნიკალურია. თითქოს გადმოკიდა ადამიანები, გადმოატრიალა ტილო, მაგრამ ეს არც ისე მარტივია. გადმოტრიალებული ტილო უკვე რიტუალურ მნიშვნელობას იძენს!

საერთოდ, ასე მგონია, რომ ეს ადამიანი თავისი მასშტაბით, ხედვით, ინტელექტუალური მონაცემებითა და ძალიან კარგი გაგებით, -ირონიულად ორიენტირებული მეტაფორული აზროვნებით, _ძალიან დიდ შედეგებს მიაღწევს. პროფესიონალიზმზე, ნახატისა და ფერის ფლობაზე, ტექნიკაზე უკვე ზედმეტია ლაპარაკი.

ემზარის შემოქმედებაში თვითირონია სჭარბობს. გიორგისთან ეს ირონია უფრო მიმართულია გარეთ, გარემოზე. ემზართან კი  უფრო თვითირონიაზეა ორიენტირებული. ძირითადად თავად ფიგურირებს. საკუთარი ჩრდილით, ან საგნებით. ემზარი საოცრად ფლობს ამ თვითირონიით განზოგადების უნარს. მან შეიძლება შემთხვევითობის ეფექტიც შექმნას, მაგრამ შემთხვევითი არაფერი არ იყოს. მაგალითად, მისი ნამუშევარი, კურდღლის დაჭერა რომ უნდა. ესეც ძალიან ნიშანდობლივია. ნარინჯისფერი ფონი, თვითონ წითელი ტოგა აცვია. აქაც თვითირონიაა! მეფეც არის და აბანოდან გამოსული ადამიანიც. კურდღელსაც იჭერს, ვთქვათ, მოუხელთებელსაც, და ამავე დროს იჭერს იდეალსაც.

მისი ნამუშევრები შინაარსობრივად ძალიან დატვირთულია.
გარემო, დრო და კულტურა ერთად რას დამართებს ნივთებს და საგნებს, ამ თვალსაზრისით დათოს კვლევები საოცარია!
მისი ნამუშევრები არის ვიზუალური კვლევა ბზარისა, ნაფლეთისა, გახეხილობისა, დაძველებისა, რაშიც დათოს ბადალი არ ჰყავს.

ეს არ არის ჰიპერრეალიზმი. ჰიპერრეალიზმი კიდევ ცალკე თემაა, ცალკე ფილოსოფიაა. ეს საგნის არსის კვლევაა. ეს ნივთების ხედვა კი არ არის, ეს საგანთა ხედვაა,რომლის მიღმაც მისი მეტაფორული არსია.
თუნდაც საწოლი, რომელსაც ის ხატავს. გრძნობ სუნს, ტანის სიმხურვალეს, თითქოს იქ ვიღაც იწვა და ეს წუთია, ადგა.

დათოს ძალიან დიდი მომავალი აქვს!

– შეიძლება ვცდებოდე, ბ-ნო გია! მაგრამ ასე მგონია, რომ უფრო და უფრო ნიჭიერი თაობა მოდის. აქვთ განსხვავებული ხედვა…
-არა, არ ცდებით! შეიცვალა გარემო, უფრო გაიხსნა და რაც მთავარია, აღარ არის შეზღუდვები! არავინ აღარ გაიძულებს დახატო მაგალითად, ზეიმი მთაში, ან ჭიდაობა სოფელში… ჩვენი წინა თაობის პედაგოგები გაიძულებდნენ რაღაც გარკვეული თემა, მაგალითად ცხენები გეხატა. რატომ? იქნებ არ გეხატინება ცხენები? მითუმეტეს, აბსოლუტური პლურალიზმია ფორმაში, ფორმალური თვალსაზრისით. მე ვხედავ, როგორ მოდის ყოველ წელს, ახალი სათქმელითა და ახალი ნაბიჯებით უკეთესი თაობა.
და ბოლოს, როგორ უნდა მოახდინოს ნიჭიერმა მხატვარმა საკუთარი თავის რეალიზება დღევანდელ დღეს, როდესაც უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორი არსებობს?!
-რეალიზების ერთ-ერთი საშუალება საერთაშორისო სივრცეშიმოხვედრაა. ჩვენი საზოგადოება ჯერჯერობით ყრუა! ერთმა ფაქტმა ძალიან გამახარა. გაიხსნა ჩვენი ეროვნული გალერეა. თუ რათქმაუნდა, საზოგადოება ივლის, აუცილებლად მიხვდება, რომ ჩვენი მხატვრობა არაფრით ჩამოუვარდება ქართულ თეატრს, კინოს… თუ უფრო მეტი არაა! რომელია ყველაზე ცნობილი ხელოვანი საქართველოდან მსოფლიოში?
-ფიროსმანი!
-რა თქმა უნდა! -მხატვარი! და არა სხვა! ფიროსმანი ყოველთვის იქნება პირველ ადგილზე!

-დროა გავესაუბრო ამ მშვენიერი ნახატების ავტორებს. დათო, გიორგი, ზურა, ემზარ… საიდან ჩნდება იდეა, როგორ ხდება თემების შერჩევა? როგორ მოდის შთაგონება? ყოველთვის შეგიძლიათ დასხდეთ და დახატოთ, თუ თავისთავად უნდა მოვიდეს ეს?..


დათო კვანტალიანი:
-ჩემს შემთხვევაში არის ორი ფაქტორი.ერთ შემთხვევაში მოგდის იდეა და მერე ფიქრობ მის განხორციელებაზე. არის მეორე, შეიძლება აბსოლუტურად გაუცნობიერებლად, უბრალოდ იჯდე, ამზადებდე საღებავებს, დაიწყო პალიტრაზე საღებავების განლაგებით და ემოციურად იმუშაო, როდესაც თვითონაც ვერ აცნობიერებ, რაღაც ემოციას გადმოსცემ თავისთავად. ეს ემოცია არასოდეს მეორდება. ეს უკვე თავისთავად საინტერესოა! გააჩნია სულიერ მდგომარეობას. როგორ განწყობაზე ხარ.
გიორგი რუხაძე:
– იდეა ჩნდება რაღაც გარკვეული ემოციის ფონზე.
ემზარ ბაზერაშვილი:
-იდეას მუზა არ სჭირდება, იდეები მუდმივად არის!

ზურაბ ჯანიაშვილი:
-იდეისა და გრძნობის გარეშე ვერაფერს ვერ დახატავ. არის ეტაპები. ჯერ აკეთებ რაღაცას სწავლის კუთხით, მერე გადადიხარ იმ ეტაპზე, რომ ხატვის გარეშე არ შეგიძლია! გიჩნდება შინაგანი მოთხოვნილება რომ იჯდე და იმუშაო.

-დათო! რას ნიშნავს შენთვის ის, რასაც ხატავ?  ის ბზარი, სიძველე…


დათო:

-ძალიან ბევრს ნიშნავს. მე რასაც ვხატავ, ეს არის ჩემი კომპლექსი, რომელიც ჩემში ცხოვრობს და მე ამას ვაჩვენებ! მე ისეთ გარემოში გავიზარდე, სადაც ეს ჩემთან ჰარმონიულად იყო შერწყმული. მიუხედავად იმისა, რომ არ მსიამოვნებდა, არც არავის მოსწონს ასეთ გარემოში ყოფნა. ეს ჩემი კომპლექსია, რომელსაც წარმოვაჩენ და მინდა ყველას ვაჩვენო. მე ამას არ გავურბივარ! დავერაფერ ცუდსვერ ვხედავ. Mპირდაპირ შუბლში ვუყურებ მას.ზოგი დამთვალიერებელი იღებს ამას, ზოგი არა. ეს იმაზეა დამოკიდებული, თვითონ არიან თუ არა მზად ამის მისაღებად.
-ეთანხმებით მოსაზრებას: -”თუ თქვენ აღიქვამთ საკუთარ ნახატს, ჯობია საერთოდ არ დახატოთ ის”? ნახატმა უნდა დაგიბადოს თუ არა რაღაც კითხვა?
ემზარი:
-ნებისმიერ შემთხვევაში ყველაზე ღირებულია ის, რომ ნამუშევარმა მნახველს რაღაც კითხვა გაუჩინოს. თუ არ ჩნდება კითხვა, რა არის აქ, რა იმალება ამის უკან, მაშინ ნახატს არანაირი ფასეულობა არა აქვს. თუ ქმედება ნაჩვენებია დასრულებული ფორმით, ის ნაკლებად საინტერესოა.

-რაც შეეხება სწავლის პროცესს, ხშირად ხდება, რომ მოსწავლე ექცევა მასწავლებლის გავლენის ქვეშ. ხდება მისი სტილისა თუ მანერის გადმოღება.
ზურა:
ჩვენს ჯგუფში არცერთი ერთმანეთს არ ჰგავს! საპირისპირო სიტუაციაა ნებისმიერ სახელოსნოში,_ყველა ერთნაირია!
გიორგი:
როდესაც ინდივიდი ხარ, ყველაფერი შენს გავლენაში უნდა მოაქციო და არა პირიქით. ჩვენ გვყვავდა ძალიან კარგი პედაგოგი, მხატვარი დავით ალექსიძე, რომლისგანაც ავიღეთ ის მაქსიმუმი, რაც გვჭირდებოდა.
კმაყოფილი ხართ პროფესიული არჩევანით?
ემზარი:
როგორც ჩვენი ფაკულტეტის დეკანი, ჩვენი პედაგოგი და საუკეთესო მეგობარი _დავით ალექსიძე იტყოდა: -მხატვრობა არ არის პროფესია, მხატვრობა ცხოვრების წესია _ ეს ჩვენი ცხოვრების წესია!
ზურა:
ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ხატვას თავი დავანებო!

შეიძლება ისწავლო ხატვა?


ზურა:
წარმატებისთვის საჭიროა 95%
შრომა და 5% ნიჭი. 95%-ს შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა, მაგრამ თუ ის 5% არ გაქვს, არაფერი გამოვა!
ემზარი:
იქნები უბრალოდ ხელოსანი!
დათო:
თუ ამით არ ცხოვრობ, უბრალოდ ვერ გააკეთებ! გაცნობიერებული უნდა გქონდეს, რას აკეთებ და რისთვის აკეთებ! ეს შენი ცხოვრების წესად უნდა იქცეს!

რამდენი განსხვავებული აზრიც არ უნდა არსებობდეს, ერთს ვერავინ უარყოფს, რომ მხატვრობა მართლაც მშვენიერია! მე მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება გამეცნო თქვენთვის ის ადამიანები, რომლებიც ამ მშვენიერებას ქმნიან!

ImageImageImageImageImageImage28391_122675264428043_7832373_n

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s