ოცდამეხუთეს ეფექტი

8 (2)

გაიცანით ლუ (ეპიზოდი I)

– გააღე პირი! მიდი, მიდი…

– რა არის, ჯერ მაჩვენე!

თავი უკან გადავწიე, რომ მარიტას თითები დამენახა, რაღაცას ჯიუტად მჩრიდა პირში. ბუნდოვნად თეთრ ტაბლეტს მოვკარი თვალი. მეტი ვეღარ გავძელი, თვალები დამიელამდა.

– რა არის გოგო, არ მენდობი? აბი გლუკოზაა! გააღე პირი და ჩაყლაპე! ძლივს ვიშოვე… გაგისწორდება მაგრა! დღეს ჩემი დაბადების დღეა და არ მაწყენინო, გაიგე?..

წინააღმდეგობის გაწევაც არ დამაცადა, ტაბლეტი ჩამიტენა, მარტინით სავსე ჭიქა პირთან მომიტანა და პატარა ბავშვივით გადამაყლაპინა. დღეს დაბადების დღე აქვს და ვერ გავუტეხავ… არადა, ახლა სახლში ყოფნას და დაძინებას არაფერი მირჩევნია. არც ეს კლუბია ის გარემო, სადაც თავს კომფორტულად ვიგრძნობ და არც ეს “ჩვეულებრივი სამეული”. ასე დავარქვი მარიტას, სალის და ნატას (ზურგსუკან). სამივე ჩემი თანამშრომელია. დიდი პატივია მათთან ერთად მუშაობა… არა, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ არ არიან ჩემი სტილის ადამიანები, ხომ გესმით?..

მე ლილუ მქვია, მაგრამ ბავშვობიდან მოყოლებული ყველა ლუს მეძახის. მეც ასე ვეცნობი ხალხს. ეს სახელი დედამ დამარქვა, რომელიც ახლა ამერიკაში ცხოვრობს, მეორე ქმართან, მაიკლთან ერთად. ამაზე მერე მოგიყვებით…

მე ფოტოგრაფი ვარ! ამით ვამაყობ… ოღონდ მარტო ჩემს თავთან, რადგან საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს. ვმუშაობ სარეკლამო კომპანია – “natural dreams”-ში და ამით ბედნიერი რა გითხრათ… კმაყოფილი ვარ. ერთ ჟურნალთანაც ვთანამშრომლობ და საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი მაქვს. ჰო, კიდევ საკუთარი საიტი მაქვს. ჩემს გადაღებულ ფოტოებს ვდებ ხოლმე და ხანდახან ბლოგებსაც ვწერ… დიდი არაფერი, უბრალოდ ვბლოგიალობ რაღაცეებს…

ნაკლებად კონტაქტური ვარ. არ მიყვარს ადამიანებთან ფამილარული ურთიერთობები. არავის ვუშინაურდები. მეგობარი გოგოც (სიტყვა დაქალი არ მიყვარს) მხოლოდ ერთი მყავს, _ თათია. ის გათხოვილია, მე (მიხვდით ალბათ) არა! არც ზედმეტი სენტიმენტები მახასიათებს და არც სიტყვა “მიყვარხარ” მიყვარს… ერთი შეხედვით “სტერვას” იმიჯი მაქვს, მაგრამ შინაგანად საკმაოდ მგრძნობიარე ვარ. ამ თვისებას ნაკლად მივიჩნევ და გამუდმებით მის გამოსწორებას ვცდილობ.

გადაღებების პროცესით დიდ სიამოვნებას ვიღებ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემთვის უცნობ ადგილებზე გავდივართ ხოლმე. ასეთი ადგილების აღმომჩენი ლუკაა, ჩემი თანამშრომელი, პროგრამისტია, “გუგლის მამას” ვეძახი.

შეყვარებული არ მყავს. მხოლოდ ერთხელ ვიყავი შეყვარებული და როგორც კი თავი ვიღაცის საკუთრებად ვიგრძენი “გადამიარა”. ჩემთვის თავისუფლებას ყველაზე დიდი ფასი აქვს.

კლუბში მოსვლა ცოტა დამაგვიანდა. ესენი ცოტა არ იყოს ზედმეტად აჟიტირებულები მეჩვენებიან, ნახევარი ბოთლი მარტინისთვის… ალბათ ჩემს მოსვლამდე გადაყლაპეს ის აბები.. რა უნდა იყოს?..

– გოგოებო, ვიცეკვოთ? – კითხვა დასვა ნატამ, როცა უაზრო სიცილის ტალღამ ცოტა გადაუარა.

– “ოფქორზუნებიი”… – სკამიდან წამოხტა მარიტა და კუნტრუშით გაემართა საცეკვაო მოედნისაკენ. ახლა გული ამერევა… “ოფქორზუნები”-ღა აკლდა ამ სიტუაციას, თავს ისედაც სხვის თეფშზე გადასკუპებული თეთრი ყვავივით ვგრძნობ! – ეს შედარება საიდან მოვიტანე?.. მგონი ტაბლეტმა მოქმედება დაიწყო…

– ადექი, გოგო! – სალიმ სკამიდან წამომაგდო და საცეკვაოდ წამათრია. რადგან ამ სამეულის კომპანიაში მოხვედრის პატივი პირველად მხვდა წილად, კეთილი უნდა ვინებო და ჰორიზონტალური სურვილები, ვერტიკალურად გამოვხატო… საკუთარმა აზრებმა გამამხიარულა. მგონი ღირდა იმ ტაბლეტის გადაყლაპვა…

ხალხის მასას შევერიეთ. საცეკვაო მოედანზე თითქმის ბნელოდა. მხოლოდ ფერადი შუქები ციმციმებდა და ადამიანები მოძრაობაში “სტოპ-კადრებად” დამონტაჟებულებივით მეჩვენებოდნენ. ცეკვის დროს თავი უცნაურად ვიგრძენი. უცებ შიშმა ამიტანა. ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ყველას, ვინც აქ ცეკვავდა, ჩემთვის რაღაც ცუდის გაკეთება უნდოდა. გულისცემა გამიხშირდა. ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი. ინერციით გეზი მაგიდისკენ ავიღე. ყველა მე მეჯახებოდა. შიშის შეგრძნებამ პიკს მიაღწია. თვალებიც საშინლად დამეძაბა. ის იყო, “ტანების მრხეველთა” მასას თავი დავაღწიე, რომ უცებ შუქი ჩაქრა. მთლიანად დაბნელდა. გავჩერდი და დაველოდე, გენერატორზე როდის გადართავდნენ, მაგრამ გავაცნობიერე, რომ მუსიკის ხმა არ შეწყვეტილა. არც ხმაურს დაეტყო ცვლილება და არც არავის წამოუყვირია –  “ეეე”, ან “ოოო”, როგორც დენის გათიშვის დროს იციან ხოლმე. მივხვდი, რომ ჩემს თავში დაბნელდა…

წესით, პანიკაში უნდა ჩავვარდნილიყავი, მაგრამ ორგანიზმი მომიდუნდა და საკუთარ სხეულს ძლივსღა ვიმორჩილებდი. ხელის ცეცებით გადავდგი რამოდენიმე ნაბიჯი, გოგოებს ვეძახდი, მაგრამ იმ ქაოსში ვის რას გავაგონებდი?..

უცებ, ვიღაცის შეხება ვიგრძენი.

–  ცუდად ხარ? –  ჩამძახა ყურში… ბიჭის ხმა იყო.

– დავბრმავდიი!!! – რაც შემეძლო ხმამაღლა დავიძახე.

–  ნუ გეშინია! ყველაფერი კარგად იქნება! – ჩამძახა ისევ უცნობმა. მერე ერთი ხელი წელზე მომხვია და სადღაც წამიყვანა. ბრმასავით მივყვებოდი (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით).

–  “მკვლელი რომ აღმოჩნდეს?”-  გამეფიქრა; უეცრად იმ სიგარეტის ბუღში მისი სუნამოს სურნელი ვიგრძენი… მარჯვენა ხელით მის მკლავს ჩავებღაუჭე. შიში თავისთავად გამიქრა. სამაგიეროდ, შეგრძნებები გამიმძაფრდა. წარმოვიდგინე, როგორ შეიგრძნობენ ყველაფერს ბრმები. მათ ხომ ათასჯერ უფრო გამძაფრებული აქვთ ყნოსვისა და სმენის ორგანოები.

მოკლე ჯინსის ქვედაბოლო და თეთრი მაისური მეცვა. მისი მარცხენა ხელიდან (რომელიც ჩემს წელზე ედო), სხეულში სასიამოვნო სითბო მეღვრებოდა. მივდიოდით სადღაც… თითქოს შენელებულ კადრში მოვხვდი…

კლუბის ხმაურმა იკლო და ჟანგბადი ჩავისუნთქე.

–  ფრთხილად, ოთხი საფეხურია! – გამაფრთხილა კიბეზე ჩასვლამდე. მეც გონებაში დავთვალე: –  “ერთი, ორი, სამი, ოთხი”… მერე, რამოდენიმე ნაბიჯი კიდევ გადამადგმევინა და სადღაც დამაჯინა. თვითონ ჩემს წინ დადგა. იმ ადგილზე, სადაც ხელი ედო, სიცივე ვიგრძენი…

– შემომხედე აბა!

–  დავბრმავდი!!! რა საშინელებაა, ნუთუ ჩემი კამერის ობიექტივში ვერასოდეს ჩავიხედავ? –  ვთქვი და ტირილის ნაცვლად, სიცილი ამიტყდა.

–  ცუდად არ გამიგო, დაბოლილი ხარ?

–  უი, არა! არ ვეწევი საერთოდ მე… მაგრამ, ჩემმა თანამშრომლებმა რაღაცა დამალევინეს…

–  რა რაღაცა?

–  აბი გლუკოზააო! –  ვუთხარი და ისევ ამიტყდა ისტერიული სიცილი.

– გასაგებია…

ხელებით სახეზე შემეხო და თავი ოდნავ მაღლა ამაწევინა. დაახლოებით იმ მიმართულებით ვიყურებოდი, სადაც მისი სახე მეგულებოდა. ვგრძნობდი, რომ თვალებში მიყურებდა.

–  თვალის გუგები გაფართოებული გაქვს. მოკლედ, ეხლა გააკეთებ იმას, რასაც გეტყვი! დახუჭე თვალები!

ჩემდა გასაკვირად დავემორჩილე და თვალები დავხუჭე. გულიც აღარ მიცემდა ისე სწრაფად… მგონი, რეალობის ჩვეულებრივი აღქმა მიბრუნდებოდა…

–  სამამდე დათვალე და გაახილე!

–  ერთი, ორი, სამი… დავბრმავდი! ვერ გაიგე? დ ა ვ ბ რ მ ა ვ დ ი !!! –  დავუმარცვლე ბოლოს.

–  კარგი, დახუჭე ისევ! ეგრე. ეხლა რამე სიმღერა გაიხსენე! სიტყვები რო იცი, ისეთი… რამე ცნობილი. მეც რო ვიცოდე!

–  რა შუაშია სიმღერა?

– მე და შენ უნდა ვიმღეროთ!

– სიმღერა თერაპიის კურსში შედის? კაი, ვიმღეროთ, თუ სიმღერა მიშველის… ოღონდ “სულიკო” არა! ვერ ვიტან, რა უბედურებაა, დადის და საყვარლის საფლავს ეძებს… ჩემი პაპა იცი როგორ დაიღუპა? საყვარელთან მიდიოდა და მანქანა დაეჯახა, გზაზე რო გადადიოდა. აი, ზოგადად სიკვდილი ხო საშინელებაა? მაგრამ არსებობს სასაცილო სიკვდილი, მაგალითად ტროლეიბუსი რო გაგიტანს ან რამე ეგეთი… უჰჰ, რას ავიტეხე სიკვდილზე ლაპარაკი. რამდენს ვლაპარაკობ. საერთოდ ცოტას ვლაპარაკობ ხოლმე… თან, ყოველთვის ვიცი ვის ველაპარაკები…

–  “სულიკო” არც მე მიყვარს. – მიპასუხა სერიოზულად. მგონი ესეც ჩემსავით სიტყვაძუნწია. არც მე მიყვარს ბევრი ლაპარაკი, ეს შემთხვევა გამონაკლისია. ეს რა ყოფილა! არასოდეს აღარ დავლევ არაფერ საეჭვოს.

ამის თქმა დავაპირე, მაგრამ მოულოდნელად სიმღერა დაიწყო:

– ცისარტყელებიი, ათასფერებიი, ვირბინოთ, ვიცინოოთ…

აი, ამას არანაირად არ ველოდი. ჩემდა გასაკვირად ავყევი. მალე ეშხში შევედი. ვმღეროდით ორ ხმაში. მე თვალები დახუჭული მქონდა. ნეტა თვითონ რას ფიქრობს ამ წუთებში? ან საერთოდ ვინ არის… გავიფიქრე როცა სიმღერას მოვრჩით.

– ახლა გაახილე!

ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და თვალები გავახილე…

02:08 (ეპიზოდი II)

2

ქუჩაში ვარ. ბურუსში ჩემი კორპუსის კონტურებს ვხედავ. მისკენ მივდივარ, მაგრამ ვერ იქნა და ვერ მივაღწიე. რა უცნაურია. ამ ქუჩაზე ბურუსი არასოდეს მინახავს. ჩემს მაჯის საათს დავხედე. რვა საათია. ხალხიც რომ არსად ჩანს? არც მანქანები… ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს დრო გაჩერდა. ყველაფერი ნაცრისფერია. ლამპიონი უცნაურად ციმციმებს, თითქოს ნათურა უნდა გადაიწვას.

სამარისებური სიჩუმეა. მოულოდნელად მოსახვევიდან წითელი ფორდ მუსტანგი გამოვარდა და მთელი სისწრაფით ჩემკენ გამოექანა. ეს ხომ იმ ბიჭის მანქანაა, თვალები რომ ამიხილა? (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით), ზუსტად ამ მანქანით არ მომიყვანა სახლამდე? ცოტაც და გამიტანს…

დავიყვირე…

საწოლზე წამოვჯექი… მესამე ღამეა, რაც ერთი და იგივე სიზმარი მესიზმრება. ზუსტად ვიცი, ახლა ტუმბოზე დადგმულ საათს რომ შევხედავ, ღამის 2 საათი და 8 წუთი იქნება.

მართლა ასეა! ჩემი ელექტრო საათი 02:08-ს აჩვენებს. მესამე ღამეა რაც ეს სიზმარი მესიზმრება და ზუსტად ამ დროს ვიღვიძებ. ვერაფრით ვერ ავხსენი ეს ფენომენი. ნუთუ თუ იმ ერთმა ტაბლეტმა გამოიწვია ეს ყველაფერი?.. შესაძლებელია, რომ სამი დღე გრძელდებოდეს გვერდითი მოვლენები?..

სხვა რამეზე უნდა გადავერთო, თორემ კიდევ კოშმარი დამესიზმრება. დღეს შაბათია. რომ გათენდება თათიასთან წავალ და იმ ფსიქოლოგის ნომერს გამოვართმევ, მშობიარობის მერე ვისთანაც დადიოდა.

ფეხები ჩუსტებში გავუყარე და საწოლიდან წამოვდექი. რაც მარტო ვცხოვრობ, ღამ-ღამობით შემოსასვლელში ყოველთვის ანთებულს ვტოვებ სინათლეს. უკვე სამი წელია რაც ამ ბინაში გადმოვედი და დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყე. მამას მეორე ცოლი ჰყავს და იმასთან ერთად ცხოვრობს. ლალი კარგი ქალია, მაგრამ ცალკე ცხოვრებაზე ძალიან დიდი ხანი ვოცნებობდი.

აივნის გაღებულ კართან დავდექი და მოპირდაპირე მხარეს მდებარე კორპუსს გავხედე. მხოლოდ რამოდენიმე ფანჯარაში ბჟუტავდა სინათლე. წარმოვიდგინე, რომ იქ ახლა არიან ადამიანები, რომლებსაც არ სძინავთ. “ზებუნებრივმა განწყობამ” ცოტა გადამიარა. ისე რა სხვანაირად აღიქვამს ადამიანის გონება ყველაფერს ღამით. ძალიან მიყვარს ღამე.

რატომ გამეღვიძა მესამედ ერთი და იგივე დროს? ვიცი რომ “პრობლემა” ჩემს არაცნობიერშია. მოდი, გონებაში სამი დღის წინ, კლუბში მომხდარ მოვლენებს “გადავიმეორებ”. ჯერაც ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი მე გადამხდა თავს.

მარტო ისაა გასაკვირი ჩემგან, რომ ტაბლეტი გადავყლაპე. ხო ვიცი, რომ არაფრის დიდებით არ დავლევდი… ძალიან პრინციპული ვარ! ნუ, მერე გასაგებია შიში რატომაც დამეუფლა. სიბრმავე კი უცნაური იყო… როგორც ვიცი, ეგეთი რამე ძალიან იშვიათად ხდება. რაღა მე დამემართა?

ის ბიჭი… მისი სახე მეხსიერებიდან არ ამომდის. შავგვრემანი, ძალიან მუქი, თითქმის შავი თვალებით.. საოცრად მიმზიდველი. ყოველ შემთხვევაში, ასე მომეჩვენა. სავსებით შესაძლებელია, დღისით რომ შემხვდეს სადმე, სულ სხვანაირად აღვიქვა. ჯერ ერთი, მაშინ ღამე იყო და ბნელოდა. თან კაიფში ვიყავი და კაცმა არ იცის, ყველაფერი სინამდვილე იყო თუ ჰალუცინაცია.

მისი ხმა ცხადად მახსოვს. ის მომენტიც, როცა მითხრა: – ”ახლა გაახილე”-ო, მეც რომ გავახილე თვალები და ჩვეულებრივად დავინახე ყველაფერი. პირველად მისი ყავისფერი ტყავის ქურთუკი მომხვდა თვალში. მერე სახეზე შევხედე და მისი მზერა დავაფიქსირე. ჩემს წინ იდგა და მიყურებდა. არც ის გაკვირვებია, მისი დანახვისთანავე ტირილი რო ამივარდა. არ ვიცი, რატო ვტიროდი. მხედველობა რომ დამიბრუნდა მაგიტომ, თუ რომ მომეწონა?…

თვითონ თავიდანვე მიხვდა რაც მჭირდა. როგორც ჩანს სიმპტომებშიც კარგად ერკვეოდა. ზუსტად იცოდა რაც მიშველიდა.

მხედველობა რომ დამიბრუნდა და ტირილი დავიწყე, სახლში წაყვანა შემომთავაზა. მაშინვე დავთანხმდი და მანქანაში ჩავუჯექი… უცნობს, _ მეე! ესეც კიდევ ერთი წინააღმდეგობრიობა საკუთარ თავთან. უცნობ მამაკაცს, არასოდეს არ ჩავუჯდებოდი მანქანაში, არანაირ ვითარებაში. სახლამდე უხმოდ ვიარეთ. უცნაურად დაემთხვა, რომ მანქანაში radiohead– ის ‘nude’ ჰქონდა ჩართული. ეს ხომ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი სიმღერაა და ყურსასმენებში ვუსმენ-ხოლმე, როცა ვმუშაობ.

მანქანა ჩემს კორპუსთან გააჩერა. გადავიდა და კარი გამიღო. მადლობის თქმა მოვახერხე, მეტი ვერაფერი. სახელიც კი არ მიკითხავს. ახლა ცოტას ვნანობ. არც მას უკითხავს ჩემთვის არაფერი, დავშორდით ასე…

ალბათ ამიტომაც გამომყვა ეს შეგრძნება – დაუკმაყოფილებლობის. თითქოს, რაღაცა გავუშვი ხელიდან… რაღაც მნიშვნელოვანი. ვერ გავიგე მისი სახელი, არც მან გამომართვა ტელეფონის ნომერი… სახელიც კი არ მკითხა. თავი “ლუზერად” ხომ არ ვიგრძენი?.. ალბათ ასეა!

ჩვენ, ყველას გვსურს მივიღოთ ის, რაც ჩვენთვის მიუწვდომელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მხსნელი ისე “გაქრა” ჩემი ცხოვრებიდან, რომ მისი პოვნის არანაირი შანსი არ დამიტოვა, მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გზები როდესმე ისევ გადაიკვეთება. თუ გინდათ ამას მეექვსე გრძნობა დაარქვით…

ერთადერთი რაც დამამახსოვრდა, მისი მანქანის ნომერია  0208, რომელიც ჩემს ქვეცნობიერში დაილექა და მესამე ღამეა, სიზმრის სახით მახსენებს თავს. ჩემს გონებას აიძულებს, რომ ზუსტად ამ დროს გამეღვიძოს… შეიძლება ეს ნომერიც ჰალუცინაცია იყო. დამეთანხმებით, საკმაოდ უცნაური ნომერია – 0208 და მეტი არაფერი… თვითონ მანქანაც, წითელი მუსტანგი… არ ვიცი, როგორი ტიპი უნდა იყოს მისი პატრონი… ეს ყველაფერი მთლიანობაში, ფილმიდან ამოჭრილ სცენას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას. ამიტომ, ძალიან ავირიე… ვეღარ გამირკვევია რა მოხდა სინამდვილეში და რა იყო ჩემი ფანტაზიის ნაყოფი.

ფიქრებში რომ ვიყავი გართული, უეცრად აივანზე რაღაცა აფუთფუთდა და ფეხებში მეცა. შიშისაგან შევკივლე. თურმე მტრედი გავაღვიძე, ჩემს აივანზე რომ აქვს მოწყობილი ბუდე. ორნი არიან. ვერაფრით გავაგდე. ყოველ საღამოს მოფრინავენ და რკინის კარადის ქვეშ იძინებენ.

ზუსტად სამი დღეა, რაც მეორე მტრედი არ გამოჩენილა. ესეც კიდევ ერთი უცნაური დამთხვევა. კლუბის მერე სამსახურში აღარ წავსულვარ. ავადმყოფობა მოვიმიზეზე. მე მგონი იმ ღამეს “ჩვეულებრივ სამეულს” არც გავხსენებივარ. ერთი არ დაურეკავთ და არ უკითხავთ სად გავქრი… მეორე დღეს კი იცოცხლე, სამივემ ერთმანეთის მიყოლებით ატეხა რეკვა, შეშინებულები იყვნენ. სიმართლე დავუმალე და ვუთხარი, რომ ცუდად გავხდი და სახლში წავედი ტაქსით. დაიჯერეს.

ალბათ ისიც მაწუხებს, ამ ამბავს რომ ვერავის ვუყვები. ერთი სული მაქვს გათენდეს, რომ თათიასთან წავიდე.

აივნის კარი მივხურე და ფანჯრიდან მტრედს გავხედე. მოაჯირზე იჯდა და მიყურებდა. არა, ესეც ხომ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი არ არის? სამი დღეა, ასე ზის და არ მიფრინავს. გუშინ ნამცეცები დავუყარე, მაგრამ ზედაც არ შეხედა. ზის ასე, ხან მოაჯირზე, ხან კარადაზე და მიყურებს… სიმართლე გითხრათ, ძალიან არ მსიამოვნებს ეს ყველაფერი. ცუდი შეგრძნება მაქვს.

საბოლოოდ გამოვფხიზლდი. კომპიუტერი ჩავრთე და გუგლში სიზმრების შესახებ ინფორმაციის ძებნა დავიწყე. აი, რა წავიკითხე:

“ძილისა და სიფხიზლის მდგომარეობა იმდენად განსხვავებულია ერთმანეთისაგან, რომ თითოეული ადამიანი, თითქოს ორ სამყაროში ცხოვრობს. ძველად ადამიანები სიზმრებს განსაკუთრებულ ყურადრებას აქცევდნენ და მათში მომავლის ნიშნებს ხედავდნენ. ცნობიერების მიღმა დამალულია სხვა, პიროვნებისათვის გაუცნობიერებელი მისწრაფებანი და სურვილები, რომლებიც ხშირად განაპირობებს ადამიანის ქცევას. სიზმრის შინაარსი კი შეესაბამება ადამიანის გაუცნობიერებელ სურვილებს, მისწრაფებებს და მოტივებს.”

წერის მუღამზე მოვედი და ჩემს სიზმარზე ბლოგი დავწერე. ნეტა ვისთვის ვწერ? ჩემი საიტის არსებობა მარტო რამოდენიმე ადამიანმა იცის. ლუკამ მითხრა რამოდენიმეჯერ, დავარეკლამოთ შენი საიტიო, მაგრამ უარი ვუთხარი. დაიწყება მერე დაბოღმილი ხალხის ღვარძლიანი კომენტარების ცვენა. ასე მირჩევნია, ჩემთვის ვწერ და ვარ. არავის არ ვახვევ თავზე საკუთარ აზრებს.

განსაკუთრებით ერთი მოსაზრება მომეწონა სიზმრების შესახებ: -”ძილი, -ეს არის მდგომარეობა, რომელშიც მე არ მინდა რამე ვიცოდე გარემომცველი სამყაროს შესახებ.”

ეს მოსაზრება რა თქმა უნდა ფროიდს ეკუთვნის. თუ ამ ვერსიას დავეყრდნობი, სადაც ძილი რეალობიდან თავის დაღწევის საშუალებაა და სხვა არაფერი, მაშინ ჩემს სიზმარს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია.

ხუთის ნახევარია. კომპიუტერი გამოვრთე და ჩემს საწოლს მივაშურე. პირჯვარი გადავიწერე და დავწექი. სხვათა შორის, მალე დამეძინა.

შუადღის 12 საათზე ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. მამაჩემი მირეკავდა. აინტერესებდა, დღეს მივიდოდი თუ არა მათთან სადილზე. ვუთხარი, რომ თათიასთან ვაპირებ წასვლას, ხმაზე შევატყე, ცოტა ეწყინა. მერე, სამზარეულოში გავედი და ყავა ავიდუღე. მზიანი დღე იყო. უცებ, უსიამოვნო სუნი მეცა. თავიდან გოგირდის სუნს მივამსგავსე. გაზიც შევამოწმე, დავდიოდი და ყველაფერს ვყნოსავდი. ბოლოს მივხვდი, რომ სუნი აივნიდან შემოდიოდა.

მტრედი ამჯერად კარადის თავზე იჯდა და იქიდან მიყურებდა. დავიხარე და კარადის ქვეშ შევიხედე. ნანახმა საშინლად შემზარა. კარადის ქვეშ მეორე მტრედი მკვდარი ეგდო, კვერცხებზე იწვა.

ძალიან ცუდად გავხდი. მე ხომ, მკვდარი ცხოველის ან ფრინველის დანახვაზე სტრესი მემართება… ახლა მივხვდი, რომ არაფერი ზებუნებრივი არ ხდებოდა.

სახლში შემოვედი. მთელი სხეული მიკანკალებდა. სასწრაფოდ აბაზანაში შევვარდი და შხაპის ქვეშ დავდექი. წყალს თავი შევუშვირე და ხელებს სახეზე ვისვამდი. თითქოს მეხსიერებიდან, ცოტა ხნის წინ ნანახი საშინელი კადრის ამორეცხვას ვცდილობდი.

მეეზოვე უნდა ვნახო. ფულს გადავუხდი რომ ის მკვდარი მტრედი გამოიღოს იქიდან… რა საშინელებაა…

ჩავიცვი თუ არა, ჩანთა ავიღე და სახლიდან შურდულივით გამოვვარდი. თმაც კი არ გამიშრია. ქუჩაში რომ გამოვედი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ერთი თვე არ გამოვსულვარ სახლიდან. ინსტინქტურად იმ ადგილისაკენ გავიხედე, სადაც სამი დღის წინ, ღამე წითელი მუსტანგი იდგა.

ჩანთაში მობილური აწკრიალდა. ჩემი უფროსის მესიჯი იყო:

“ ლუ, როგორც კი გამოკეთდები, ოფისში შემოირბინე. ახალი ადვოკატი მივიღეთ და სასწრაფოდ უნდა გავიაროთ იმ სასმელების რეკლამის საკითხი. ჰო, და კიდევ, ახალი კლიენტი გვყავს, რო მოხვალ ყველაფერს აგიხსნი.”

საქმე №… (ეპიზოდი III)

3

– ეს ყველაფერი, რაც მომიყევი კონკიას თანამედროვე ვარიანტია, ცოტა “ექშენით” გაჯერებული: – და აი, მოულოდნელად გამოჩნდა ის ერთადერთი, არსაიდან, შურიანი “გერების”, მოცემულ სიტუაციაში იმ “სამეულის” კომპანიიდან დაგიხსნა, მერე თვალები აგიხილა. ბოლოს კი, მუსტანგით გაგაქროლა სახლში და შენ ისევ გოგრად გადაიქეცი. მიკვირს, კლუბის კიბეზე ფეხსაცმელი რომ არ გაგძვრა… ხოდა, იმას გეუბნებოდი, ლუ! ეს ყველაფერი უკაცობის ბრალია! 26 წლის ხარ და საერთოდ არავის ხვდები. ჰოდა, შენი ჰალუცინაციის საფუძველიც ესაა. შინაგანად გინდა რომ ვიღაც გამოჩნდეს შენს ცხოვრებაში, თუმცა ამას ჯიუტად არ აღიარებ! თან, რაღა მაინცდამაინც შენი საყვარელი სიმღერა ქონდა ჩართული მანქანაში? ეს ყველაფერი შენი ქვეცნობიერის თამაშს უფრო ჰგავს ვიდრე რეალობას. –  ესეც შენი ფსიქოლოგიური ახსნა. რად გინდა ფსიქოლოგი მითხარი?

თათიამ სეანსი ჩამიტარა. თან ფენით მიშრობდა თმას.

– ე.ი. შენ ამბობ, რომ ეს ყველაფერი მომეჩვენა?

–  ლუ, 0208 ნომრის აღება იცი რა ღირს?

–  რა?

–  10 000 ლარი!

–  ჰო, მერე? არ შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს ასეთი ნომერი?

–  გოგო, 10 000-ს რო იხდი, წესით რამე “ბლატნოი” ნომერი უნდა აიღო. მაგალითად რომაული I, ან უბრალოდ სახელი, შეიძლება ქართული ასოებით. ბოლოს და ბოლოს, –  007 და არა 0208, – გესმის? რა არის ეს 0208? რას ნიშნავს? –  არაფერს! სისულელეა რაღაც…

–  ჰო.. არ ვიცი… არ მინდა, რომ ჰალუცინაცია იყოს. თვალებს რომ ვხუჭავ, თითქოს წელზე მისი ხელის სითბოს ვგრძნობ. რამოდენიმეჯერ იმ სუნამოს სუნიც მომეჩვენა. მგონი გვიჟდები… ასეთი რამ არასოდეს განმიცდია. შენ რა იგრძენი როცა პირველად ნახე ნიკა?

–  აუ, რავი… რაღა მახსოვს!

–  თუ არ გახსოვს, ე.ი. არც გიგრძვნია, თორე არ დაგავიწყდებოდა.

– მოკლედ, მეორედ სველი თვით აღარ დაგინახო გარეთ გამოსული, შენი ჰაიმორიტიღა მაკლია! იმ არარსებულ პრინცზე ფიქრსაც მოეშვი და ნარკოტიკს აღარ გაეკარო!

–  თათ, შენ წარმატებით ასრულებ დედის ფუნქციას!

–  ყავა არ დავლიოთ?

–  აუ, კიი… მე მანამდე კომპიუტერთან დავჯდები.

ელექტრონული ფოსტა შევამოწმე. სასმელების კომპანიიდან წერილი იყო მოსული. ჩემს მიერ გადაღებულ რეკლამასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები შეექმნათ და მიბარებენ. ესღა მაკლდა. მომიწევს დღეს ოფისში მისვლა და ახალ ადვოკატთან შეხვედრა.

ფეისბუკშიც შევიხედე. მარიტას დაბადების დღის სურათები დაუდია. როგორც ჩანს, ჩემს მოსვლამდე იღებდნენ, რადგან მე არცერთ ფოტოზე არა ვარ. ძალიანაც კარგი. თათიამ ყავა მოიტანა და გვერდით მომიჯდა.

–  უი, ნახე ერთი რა დღეშია! ეს რომელია? ესაა მარიტა?

–  არა, ეგ სალია. მარიტა მეორეა, ტუჩებს რო ბურცავს.

–  რა იციან ეს, სურათებში ტუჩებს რო პრუწავენ… ნეტა ევასებათ კაცებს?.. რაღაც არამგონია…

სურათებს რომ ვათვალიერებდით, უეცრად რაღაც დავინახე და კინაღამ ძარღვებში სისხლი გამეყინა. ერთ-ერთ სურათზე, სადაც სალი, მარიტა და ნატა პოზიორობენ, მათ უკან ბარი ჩანს, სადაც…

–  ვაიმე, ისაა! –  იმხელა ხმაზე წამოვიყვირე, რომ თათიას გული გავუხეთქე.

–  ვინ?

–  მუსტანგის ბიჭი…

სურათზე, ბართან ზურგით მდგომ ბიჭს თითი დავადე. ორივე ისე გადავიხარეთ მონიტორისკენ, რომ ლამის ცხვირები მივადეთ ეკრანს. შორიდან, მაგრამ კარგად ჩანდა მისი ყავისფერი ტყავის ქურთუკი…

– შენც იმას ხედავ, რასაც მე? – ვკითხე თათიას.

–  კიი…

–  გითხარი არაა! ნამდვილია-მეთქი! ის არის, ის ბიჭია! –  პირდაპირ ყურში ჩავძახე თათიას გახარებულმა. ჩემს გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა. ნეტა რა მიხარია? ჯერ არ მახსოვს, რომ ასეთი რეაქცია გამომეხატოს ოდესმე. თათია გაოგნებული მომჩერებოდა.

–  დარწმუნებული ხარ?… – მკითხა ყოველი შემთხვევისთვის.

–  მოჩვენებები არ დამწყებია! შეიძლება მანქანის ნომერი მომელანდა, მაგრამ ეს ბიჭი ნამდვილად იქ იყო. გარეთ გამიყვანა და “ცისარტყელები” მამღერა!

ამ სიტყვებს რომ ვამბობდი, თან ოთახში ვცემდი ბოლთას. მისმა ფოტოზე დანახვამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი “მხსნელის” ვინაობა არ ვიცი და ფოტოზეც მხოლოდ ზურგითაა აღბეჭდილი, ძალიან გამიხარდა ის ფაქტი, რომ სავარაუდოდ რეალური აღმოჩნდა. ახლა მეცოდინება რომ სადღაც არის…

თათიასთან დიდხანს ვეღარ გავჩერდი. ადგილს ვერ ვპოულობ. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ხელები მაქვს შეკრული. რა შემიძლია გავაკეთო? ერთადერთი შანსი, მისი ნახვის, იმ კლუბში წასვლაა. ისიც, იმ შემთხვევაში გაამართლებს, თუ იმ კლუბის მუდმივი ან ხშირი სტუმარია. ჩემი ხასიათი რომ ვიცი, ქუჩაშიც ვეღარ ვივლი ნორმალურად, ყველგან წითელ მუსტანგს დავუწყებ ძებნას…

–  “ლექსო, ოფისში ხართ? მოვდივარ!” –  ჩემს უფროსს დავურეკე, როცა თათიასგან წამოვედი და ტაქსი გავაჩერე.

დღეს შაბათია. ოფისში მხოლოდ ლექსო და რაოდენიმე თანამშრომელი დამხვდა.

–  გამოჩნდი? –  მკითხა ლუკამ და ჩემს შესახვედრად სკამიდან წამოდგა.

–  როგორც ხედავ. –  გავუღიმე და გადავკოცნე.

–  შენ რო არ ხარ, ვერ ვმუშაობ! ჩემი მუზა ხარ, ხო იცი?

–  დარწმუნებული ვარ, ასეთი უჟმური მუზა შენს გარდა სხვას არავის ეყოლება!

– ამართლებს და უჟმური ეძახე შენ! ისა.. ლექსომ, რო მოვა შემოვიდეს ჩემთანო. იმ ადვოკატს ეჩქარება…

– ჰო, შევდივარ! იმედია ახალი ადვოკატი წინასავით ჩლიფინა არ იქნება. გინახავს სადმე ჩლიფინა ადვოკატი? არასოდეს მესმოდა რას მეჩლიფინებოდა…

– დღეს რაღაც ლაღი მეჩვენები! მოხდა რამე? ვინ დამასწრო?

– კაი რა ლუკ, მე და კაცები? არ გრცხვენიაა? – ორივეს გაგვეცინა. ლექსოს კაბინეტის კარი რო შევაღე, პირზე ჯერ კიდევ ღიმილი მქონდა შერჩენილი.

– როგორც იქნა! – ლექსო ფეხზე წამოდგა და ხელით მანიშნა რომ მაგიდასთან მივსულიყავი. მის პირდაპირ, ჩემკენ ზურგით ახალგაზრდა კაცი იჯდა, რომელიც ჩემს შემოსვლისთანავე ფეხზე წამოდგა და შემოტრიალდა.

– ლუ, გაიცანი… ეს ჩვენი ახალი ადვოკატია, ლაშა! ლაშა, ეს არის ჩვენი ლუ, იმ ფოტოების ავტორი…

– სასიამოვნოა! – გამიღიმა ლაშამ და ხელი გამომიწოდა.

– ჩემთვისაც! – ჩამოვართვი.

ლაშა დაახლოებით 35-36 წლის იქნება. სიმპათიურია. მუქი ლურჯი თვალები აქვს. სამივე მაგიდას შემოვუსხედით.

– ახლა რა ხდება! – დაიწყო ლექსომ. – იმ სასმელების კომპანიას, შენ რომ გადაუღე რეკლამა, მოუვიდა ადმინისტრაციული აქტი, რის საფუძველზეც დაჯარიმებული იქნა სოლიდური თანხით, შენი პროდუქციის გამო. ჩვენ იძულებულები ვართ, ჩავებათ სასამართლო დავაში. აი, ლაშა აგიხსნის ყველაფერს…

– ანუ, შარში ვარ?

– მოკლედ, სერიოზულ ჩიხში ხარ შენც და კომპანიაც. ორი შარია რა, პირველი – ფინანსური სანქცია. მეორე – კომპანიის პრესტიჟის შელახვა და შესაბამისად მორალური ზიანის მიყენება. იმის გამო, რომ არყის რეკლამაში არასრულწლოვანი გადაიღე, ალკოჰოლის პროპაგანდას ჰქონდა ადგილი არასრულწლოვანებთან მიმართებაში.

– ანუ, ის ბიჭი, ვინც რეკლამაში გადავიღე, არასრულწლოვანია?

– ეგრეა! ლუ, რა მასალები შეგიძლია წარმოადგინო რომ ეს ბრალდება გავაბათილოთ? იმ არასრულწლოვანის სრული დოსიე მჭირდება, სრული ინფორმაცია მისი ცხოვრების წესის შესახებ!

– დღესვე დავუკავშირდები მაგ სამოდელო სააგენტოს და მოდელის პირადი ინფორმაციის გადმოგზავნას ვთხოვ. თქვენი სავიზიტო ბარათი მომეცით და იმეილზე გადმოგიგზავნით.

ლაშას ბარათი გამოვართვი. კომპანიის ოფისიდან რომ გამოვედი, ცუდ ხასიათზე დავდექი. სასამართლოსთან არასოდეს მქონია საქმე.

კომპანიის შესასვლელთან, ცოტა მოშორებით რამოდენიმე ბიჭი იდგა, რომლებმაც თვალი გამომაყოლეს. ინსტინქტურად ჩანთას ხელი მაგრად მოვუჭირე და ნაბიჯს ავუჩქარე. შიშისა და უნდობლობის განცდა დამეუფლა. სახლამდე, მთელი გზა იმ შეგრძნებით ვიარე, თითქოს ვიღაცა მითვალთვალებდა. აშკარად დაძაბული ვარ. ჯერ ის სიზმრები, მერე მტრედები… – ძალიან ცუდი წინათგრძნობა მაქვს…

18 + (ეპიზოდი IV)

4

– ძალიან გთხოვთ, ისე გაიტანეთ, რომ მე არ დავინახო! – სამზარეულოდან გავძახე მეეზოვეს, რომელიც აივანს ასუფთავებდა.

– ნუ ნერვიანობ, გენაცვალე! – გამომძახა აივნიდან. იმის წარმოდგენამ რომ ცოცხით მკვდარი მტრედი უნდა გამოიღოს, საშინლად დამზაფრა.

– საცოდავი… იცი რა, ქალბატონო, ესე იციან ტრედმა! ცოტა ხანში, აი მაგის ქმარი, ფრთები დაკეცამს და გადავარდება!

– ვაიმე, რას ამბობთ! – შევიცხადე.

– არ გაგიგიათ?

– არაა, მტრედის სუიციდზე ნამდვილად არაფერი მსმენია!

მეეზოვეს წასვლის წინ ოცი ლარი გადავუხადე. მან მკვდარი მტრედი (თავისი კვერცხებიანად) და ცოცხი წაიღო და წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ შევხებივარ, მისი წასვლის შემდეგ, ხელების დაბანას თხუთმეტი წუთი მოვანდომე. მგონი საჭმელსაც ვეღარ შევჭამ…

კომპიუტერი ჩავრთე. მოდელების სააგენტოდან გამოგზავნილი იმ არასრულწლოვანის დოსიე, ლაშას დილითვე გადავუგზავნე. ჯერ არ დაურეკავს. ესღა მაკლდა… ვერაფრით ვიფიქრებდი ის ბიჭი 18 წელზე პატარა თუ იქნებოდა. რამდენი სიფრთხილეა საჭირო ყველაფერში. იმ სააგენტომ ხომ იცოდა, რა რეკლამაშიც უნდა გადამეღო? რატომ არ გამაფრთხილეს? ოღონდ ფული გააკეთონ და არაფერი ანაღვლებთ.

უცებ ჩემი ბლოგი გამახსენდა, სიზმარზე რომ დავწერე და მისი წაკითხვა მომინდა. მეორე ღამეა, რაც დასაძინებლად 3-ის ნახევარზე ვწვები, რომ 02:08-ზე აღარ გამეღვიძოს. ეს მეთოდი მე თვითონ მოვიფიქრე.

ბლოგი ბოლომდე ჩავიკითხე. რა საინტერესოა, სულ სხვანაირი განწყობით ვწერ და სულ სხვა განწყობით ვკითხულობ ხოლმე საკუთარ პოსტებს. ვიღაცას კომენტარი დაუტოვებია:

alter ego
 ოცნება ფრთხილად აირჩიე, შეიძლება მართლა ახდეს!

ამაკანკალა. ვინ და რა მიზნით დამიწერა ეს? ჩემი საიტის არსებობა თითქმის არავინ იცის… მხოლოდ თათია აკომენტარებს ხოლმე ჩემს ბლოგებს, ისიც იშვიათად. ვინმე შემთხვევით რომ გადაყროდა საიტს, ასეთ კომენტარს მაინც არ დაწერდა… ვინ რა იცის ჩემი ოცნებების შესახებ? ბლოგში კიდევ, კლუბის ამბავი საერთოდ არ მიხსენებია. მხოლოდ სიზმარზე და 02:08-ზე დავწერე… უცნაურია ეს ყველაფერი…

სასწრაფოდ თათიას დავურეკე.

– თათ, ბლოგზე შენ დამიკომენტარე alter ego-ს –ს ნიკით?… სიზმარზე რო დავწერე… არ გინახავს?… ვიღაცამ დააკომენტარა ამ ნიკით… რა და, ფრთხილად აირჩიე ოცნება, ის შეიძლება მართლა ახდესო… ვინ უნდა იყოს?.. არა, არ ვნერვიულობ, უბრალოდ… ჰო… ჰო… კიდე ვინ იცის და რავიცი… ლუკამ იცის, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ეგ არ დააკომენტარებდა მაგას… კაი, ვკითხავ მაინც… კაი… წავედი და შეგეხმიანები მერე…. გკოცნი, პაკა…

ყურმილი გავთიშე და ისევ ეკრანს მივაჩერდი. ადრეც გითხარით, რომ ემოციური არ ვარ, მაგრამ იმ ღამის მერე ისე წაეწყო მოვლენები, რომ საკუთარ თავს მე თვითონ ვეღარ ვცნობ. ხვალ ორშაბათია. ლუკას ვკითხავ, იქნებ კომენტარის ავტორის IP დამიდგინოს… მაგრამ, ამითაც რას მივხვდები?…

უცებ მობილურმა დარეკა. ეკრანს დავხედე. – “advokati-lasha”.

– გისმენთ…

– გამარჯობა ლუ, შეძლებთ, რომ ერთ საათში კაფე “ნოსტალგიაში” მოხვიდეთ?

– კი, როგორ არა! ჩემს სახლთან არც ისე შორსაა!

– კარგი, მაშინ გელოდებით…

აუჩქარებლად ჩავიცვი. ისევ იმ კომენტარზე ვფიქრობდი. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვინც ეს დაპოსტა, კლუბში მომხდარი ამბის შესახებ რაღაც იცის…

კაფემდე ფეხით ვიარე და 20 წუთში მივედი. ლაშა უკვე მისული იყო. ყავა შევუკვეთეთ.

– მოკლედ, რატომ დაგიბარე. – დაიწყო ხმადაბლა და ჩემკენ გადმოიხარა. იმ არასრულწლოვანზე, კანონდარღვევა აღმოვაჩინე…

– მართლა?… რა კანონდარღვევა?

– შარშან, ბუქარესტში რაღაც კონკურსში მიიღო მონაწილეობა. მაგ კონკურსში, ასაკობრივი ცენზი იყო. ამ ბიჭს, კონკურსამდე თვენახევრით ადრე შეუსრულდა 18 წელი. ამიტომ თავისი პირადობის მოწმობა გააყალბა.

– ვაიმე, რა მაგარია!.. ეს როგორ გაიგეთ?

– დროა, საუბრის შენობით ფორმაზე გადავიდეთ… ჯერ ერთი, საგამომძიებლო პრაქტიკა არ მაკლია, მეორეც, – უშიშროების ყოფილი თანამშრომელი ვარ! – მითხრა ლაშამ და გამიღიმა.

– ე.ი. პრობლემა მოგვარდა?

– არა! ეგრე მარტივად არ არის საქმე… იმ მოდელს დავუკავშირდი და შეხვედრა ვთხოვე.

– მერე?

– გამირბის! მე ფაქტები არ მაქვს, ამიტომ მისი აღიარებითი ჩვენება მჭირდება, გესმის? უნდა ვაიძულოთ, რომ სიმართლე თქვას!

–  გასაგებია… და რატო იტყვის სიმართლეს? პრობლემები არ შეექმნება?

–  ხოდა, საქმეც მაგაშია! უფრო აგრესიულად უნდა ვიმოქმედო. ეგ მე მომანდე, ოღონდ, მანამდე რამენაირად შენ უნდა შემახვედრო! მოკლედ, თამაშში უნდა ჩაება!

–  მეე?.. – საოცრად დავიბენი.

– ნუ გეშინია! ყველაფერი კარგად იქნება… შენ როგორმე დაუკავშირდი და შეხვედრაზე დაითანხმე. ოღონდ, მე არ მახსენო!

–  გასაგებია… ისე, ასეთი რამ არასოდეს გამიკეთებია!

– მოკლედ, შენ უკავშირდები და შეხვედრაზე უთანხმდები. ეცადე ბუნებრივად და დამაჯერებლად ითამაშო! ყველა შენი ნაბიჯის საქმის კურსში უნდა ჩამაყენო, კარგი?

– კარგი!

– ჰო, და კიდევ, მთავარი არ მითქვამს. იმ სასმელების კომპანიის იურისტს, რომელმაც საჩივრის ოქმი შეადგინა, ორი თვის წინ მიუმართავს იმ სააგენტოსთვის, სადაც ეგ ბიჭი მუშაობს. – დაუკვირდი! – შენი რეკლამის გადაღებამდე ორი თვით ადრე. სერიოზული საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ მაგ კომპანიის მიზანი, თავისი კონკურენტის ჩაძირვაა.

– რომელი კომპანიაა?

-”თეთრი არწივი”. მოკლედ, როგორმე უნდა ავალაპარაკოთ ის ბიჭი!

დაძაბული ვიჯექი. ლაშა ეტყობა მიხვდა, რომ ვნერვიულობდი და თემა შეცვალა. ჯერ გამაცინა, მერე სამსახურზე დავიწყეთ ლაპარაკი.

– იმ ახალ შეკვეთას გადავხედე და იურიდიულად ყველაფერი წესრიგშია!

– რომელ შეკვეთას? – ვკითხე და გამახსენდა, ლექსომ ახალი კლიენტის შესახებ რომ მომწერა. როგორ ამომივარდა თავიდან…

– შოკოლადი “სამეფოს”… აი, ხვალ რომ მიხვალ, ყველაფერს გეტყვის ლექსო.

– ლოკაცია ხომ არ უხსენებია? სად უნდა გადავიღოთ?

– არ იციან ჯერ. დამკვეთს ინტერიერი არ უნდა… ისე, ერთი ადგილი ვიცი, მარტვილშია. შარშან ვიყავი. მდინარეა, აქეთ-იქით მწვანე კლდეები… თურმე მაგ ადგილას, დედოფალი ეკატერინე ბანაობდა-ხოლმე. ერთი დიდი ლოდია, სადაც წვებოდა გასაშრობად… ულამაზესი ადგილია!

–  თან, “სამეფო” ქვია შოკოლადს… ძაან მაგარი იქნება! ხვალ მოხვალ ოფისში? შეგიძლია გუგლის რუკაზე რომ მაჩვენო ეგ ადგილი?

–  კი, რა პრობლემაა! ისედაც შემიძლია წამოგყვეთ და მიგიყვანოთ… ცოტა ძნელი მისაგნებია…

– ძალიან მაგარი იქნება!

ცოტა გავხალისდი. ლაშა ძალიან კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა. ყავა დავლიეთ და სახლამდე მიმაცილა. გზაშიც ვლაპარაკობდით. ჩემს კორპუსს რომ მივუახლოვდი, უცებ თავში ერთმა აზრმა გამიელვა და ლაშას მივუბრუნდი.

–  შენ ხომ არ შეგიძლია, მანქანის ნომრის მიხედვით, მისი პატრონის ვინაობის დადგენა?

–  უპრობლემოდ!

გამაჟრიალა.

– მითხარი ნომერი!

– შეიძლება არც არსებობდეს ასეთი ნომერი, მაგრამ თუ ძნელი არ იქნება, მაინც გადაამოწმე…

– არ არის-მეთქი პრობლემა,  მითხარი…

– 0208 …

– კარგი, გაგირკვევ!

ლაშას დავემშვიდობე და სახლში ავედი. აივანზე გავიხედე. ქვრივი მტრედი კარადის თავზე შემომჯდარიყო. მგონი არ აპირებს თავის მოკვლას.

ცხელი შხაპი მივიღე. მერე ლორიანი ბუტერბროდი გავიკეთე და საწოლში შევწექი. ტელევიზორი ჩავრთე. მობილურზე ისევ ლაშამ დამირეკა.

– ლუ, ხომ არ გაგაღვიძე?

– არა, არ მძინავს!

– გავარკვიე რაც მთხოვე!

– ასე მალე? – გულმა ბაგა-ბუგი დამიწყო.

– მოკლედ, ის ნომერი არსებობს…

ორმაგი თამაში (ეპიზოდი V)

6

სანამ ლაშამ მანქანის პატრონის სახელი და გვარი წარმოთქვა, მეგონა საუკუნე გავიდა. ხოლო როცა მითხრა, გაოგნებული კარგა ხანს ვეღარ მოვეგე გონს. ვიწექი საწოლზე და ჭერს მივჩერებოდი. ეს ერთადერთი შანსი იყო, რომ მისი ვინაობა დამედგინა… ყურებს არ დავუჯერე, როდესაც ლაშამ ნომრის მფლობელის ვინაობა შემატყობინა, – ანა იაშვილი.

ვიწექი და ვერსიებზე ვფიქრობდი. შეიძლება ის მუსტანგი მისი დის, საყვარლის ან ცოლისაა. შეიძლება, ახლობლისაგან ითხოვა. გამორიცხული არაფერია.

იმედგაცრუება ვიგრძენი. საკუთარ თავზე ნერვები მომეშალა. რას ამოვიჩემე საერთოდ ის ბიჭი? მისი სახე წესიერად აღარც კი მახსოვს. რა არის მაინც ადამიანის ხასიათი. მაინც და მაინც ის გინდება, რაც მიუწვდომლად გეჩვენება, ან რასაც ტაბუ ადევს. მანქანაში რომ გვესაუბრა და თავისი სახელი და გვარი ეთქვა, ასეთ დღეში ხომ არ ვიქნებოდი?

დაუოკებელი სურვილი “აკრძალული ხილის მოწყვეტისა”, ადამიანს შექმნის დღიდან ინსტინქტებში აქვს… ახლა უკვე კარგად მესმის ევასი, ცდუნება რომ ვერ დაძლია და ვაშლი მოწყვიტა.

კომპიუტერი ჩავრთე და ფეისბუქით ანა იაშვილის ძებნა დავიწყე. უამრავი ანა ამოაგდო. ასე მის ძებნას, არავითარი აზრი არა აქვს.

მორჩა! გადავწყვიტე რომ იმ ბიჭის პოვნის ყოველგვარი მცდელობა შევწყვიტო. მართალს მეუბნება თათია, ბავშვივით ვიქცევი.

დილით იმ მოდელს უნდა დავურეკო და შეხვედრაზე შევუთანხმდე. საათს შევხედე, უკვე 02:15-ია. საწოლში შევწექი და ყურსასმენები გავიკეთე. ძილის წინ, ზღვის ტალღების ხმაურს ვუსმენ-ხოლმე. ეს პროგრამა სპეციალურად ჩავაწერინე ლუკას. საოცრად მამშვიდებს.

დამესიზმრა, ვითომ ნავში ვიწექი, რომელიც ზღვის ტალღებზე სასიამოვნოდ ირწეოდა. დილით დასვენებულმა გავიღვიძე. შხაპი მივიღე და სანამ ყავა ადუღდებოდა, იმ ბიჭს დავურეკე.

–  გამარჯობა, უგო… მე სარეკლამო კომპანია ნატურალ დრეამს-ის ფოტოგრაფი ვარ, სურათები რომ გადაგიღე… მოკლედ, პატარა პრობლემა შეგვექმნა და ერთ საბუთზეა ხელი მოსაწერი, სადაც შენ აფიქსირებ, რომ არ იცოდი თუ ასაკობრივი შეზღუდვა იყო. რაც მალე მოაწერ ხელს, მით უკეთესი იქნება შენთვის და შენი კარიერისთვის… კი, მე შემიძლია წამოვიღო ის საბუთი… სად?… აჰა, ვიცი ეგ ბარი… კარგი, საღამოს 8-ზე იქ ვიქნები… დროებით…

ესეც ასე. თურმე შემძლებია თამაში. მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და სახლიდან გასვლის წინ, სარკეში ჩემს თავს გავუღიმე.

ოფისში ლუკა, ლაშა და “ჩვეულებრივი სამეული” დამხვდა. ეს ხმამაღალი სიცილი, ზედმეტად მანერული მოძრაობები იმაზე მეტყველებს, რომ სამივეს ლაშა მოსწონს.

–  ჩემი მუზა მოვიდაა! – თქვა ლუკამ და როგორც ყოველთვის ღიმილით შემომეგება.

–  სად დაიკარგე, გოგო? –  მკითხა ნატამ და გადამკოცნა.

–  გაციებული ვიყავი… ეხლა კარგად ვარ! – ვუპასუხე და ჯერ მარიტა და სალი გადავკოცნე და მერე გავემართე ლაშასკენ, რომელიც გაღიმებული მელოდებოდა როდის მივიდოდი მასთან.

– როგორ ხარ?

– მშვენივრად! უგო “წითელ” ბარში მოვა, საღამოს 8-ზე! – თითქმის ჩურჩულით ვუთხარი.

– ძალიან კარგი, ყოჩაღი გოგო ხარ! – მითხრა ლაშამ ხელით მხარზე შემეხო.

– დაგეხმარა რამეში ის სახელი და გვარი? – შემეკითხა უცებ.

– არაფერში. ზუსტად არ ვიცი ვის ვეძებ. იმდენი ანა იაშვილია…

– არც დაბადების თარიღი იცი?

– წელი არ ვიცი, თვე და რიცხვი კი… ორი აგვისტო….

მეც არ ვიცი, რატომ ვთქვი ეს. იქნებ, 02 08 მართლა თვეს და რიცხვს აღნიშნავს?..

– შევეცდები გიპოვო! – მითხრა ლაშამ და თავისი მაგიდისაკენ გაემართა.

– ლუ, შოკოლად “სამეფოზე” გაქვს რამე იდეა? – მკითხა ლუკამ.

– მარტვილის კანიონები, დადიანების საბანაო…

– ვაა, ბრავო ლუ!.. ეგ კარგი მოგიფიქრებია!

– ლაშამ მომაწოდა იდეა…

– მოკლედ, დეტალებზე შესათანხმებლად ხვალ მოვლენ. მანამდე მოდელი შეარჩიე, რომ შევთავაზოთ.

– ჰო, გადავხედავ კატალოგს…

ჩემს მაგიდას მივაშურე და მოდელების თვალიერება დავიწყე. ყველა სამოდელო სააგენტოს მოდელები გვყავს კატალოგში. ძალიან ბევრნი არიან. ამ რეკლამისთვის 3 გოგონა შევარჩიე. სამივეს შევთავაზებ ხვალ დამკვეთს.

– ლუ, ამ თარიღით არც ერთი ანა იაშვილი არ არის! ორი აგვისტოც ვნახე და რვა თებერვალიც…

– კაი, არ არის და ნუ არის! ტყუილად შეგაწუხე… დიდი მადლობა!

– თუ კიდევ შემიძლია რამეში დაგეხმარო, მზად ვარ… ეხლა უნდა გავიდე და 8-ზე ბარში მოვალ!

ბარში წასვლამდე სახლში შევლაც მოვასწარი. ტანსაცმელი გამოვიცვალე. 8-ს 15 წუთი ეკლდა, ბარში რომ მივედი. სასმელი შევუკვეთე და დავჯექი. უგო არ ჩანდა. რომ არ მოვიდეს?.. ბარში ცოტა ხალხი იყო. მალე ლაშა მოვიდა და ყველაზე მოყუჩებულ ადგილას დაჯდა. რა სხვანაირია ჯინსებში და მაისურში… აქამდე მხოლოდ შარვალ-კოსტიუმში მყავდა ნანახი…

როგორც იქნა, უგოც შემოვიდა, ბარი მოათვალიერა და რომ დამინახა, ჩემკენ გამოემართა. გული ამიჩქარდა.

– გამარჯობა! – მითხრა და გვერდით მომიჯდა.

– როგორ ხარ?…

– კარგად! აბა, მომეცი ის საბუთი…

ამ დროს ლაშა მოგვიახლოვდა და უგოს მიესალმა.

– ეს, ჩვენი კომპანიის ადვოკატია! – გავაცანი. ლაშა მის გვერდით ჩამოჯდა და დაბალ ხმაზე ლაპარაკი დაიწყო.

– შესავლის გარეშე დავიწყებ! ყველაფერი ვიცი სიყალბეების შესახებ და თუ სიმართლეს არ იტყვი, გამზადებული მაქვს საჩივარი პროკურატურაში შესატანად. შეაგროვე ფული, საპროცესოში დაგჭირდება!

უგო დაიბნა და გაფითრდა.

– მე რა შუაში ვარ? ხომ მითხრეს, რომ ყველაფერი დამთავრდებოდა და არაფერი შემაწუხებდა…

– კი, გითხრეს, მაგრამ შეცდომები დაუშვი! დააბრუნე ის ფული, რაც აიღე!

ვუსმენდი და არაფერი მესმოდა, რაზე ლაპარაკობდნენ…

-ის ფული დამეხარჯა! 5000 დოლარს ვერ ვიშოვი ეხლა, შანსი არაა…

ნეტა რომელ 5000 დოლარზე ლაპარაკობს, როცა რეკლამაში 800 დოლარი აიღო? – სულ დავიბენი.

–  ერთადერთი გზა გაქვს, ყველაფერი მომიყევი და შეიძლება დაგეხმარო! – უთხრა ლაშამ.

უგომ სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა და დაიწყო:

–  ორი თვის წინ, ჩემთან სპირტიანი სასმელების მწარმოებელი კომპანია “თეთრი არწივის” წარმომადგენელი მოვიდა და დამავალა, კონკურენტის ჩაძირვის მიძნით, შემომეთავაზებინა ჩემი კანდიდატურა რეკლამაში. ანტირეკლამის გაღვივებას ისინი უზრუნველყოფდნენ…

შევცბი. ნეტა ეს ლაშამ როგორ გაიგო?..

– მოკლედ, დააცადეს რომ რეკლამა ქსელში გაეშვათ და მერე შემოაგდეს ის აქტი…

_ კარგი ბიჭი ხარ! საჭიროების შემთხვევაში დაგიბარებ, ახლა შეგიძლია წახვიდე… _ უთხრა ლაშამ და მხარზე ხელი დაჰკრა.

უგო ბარიდან ტყვიასავით გავარდა. მე ლაშას მივუბრუნდი.

– ეს საიდან იცოდი?

– ვივარაუდე, არ ვიცოდი… – მიპასუხა ლაშამ და ჯიბიდან ციფრული დიქტაფონი ამოიღო.

– ჩაიწერე?

– რა თქმა უნდა! საგამომძიებლო პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩვევად მაქვს საქმიანი და მნიშვნელოვანი საუბრების ჩაწერა, ლუ. – გამიღიმა ლაშამ.

-ანუ, რო უთხარი, სიყალბეების შესახებ ვიციო, სინამდვილეში არ იცოდი?

– ეგრეა!

– აი, ტაქტიკა მესმის… _ აღვფრთოვანდი. ცოტა ხანი კიდევ გავჩერდით ბარში, მერე მანქანით სახლში გამიყვანა.

– ეს “თეთრი არწივი” რომელია? – ვკითხე მანქანიდან გადმოსვლამდე.

– რამოდენიმე სახის სასმელს უშვებს. ერთ-ერთი ქალების საყვარელი სასმელი როა, “ოცნება” ხო იცი?

– “ოცნება” მაგათია?

– ჰო, მაგათია! ძველ რეკლამაზე სლოგანი ქონდათ უცნაური: -”ოცნება ფრთხილად აირჩიე, შეიძლება ახდეს”.

კვალი (ეპიზოდი VI)

6

როგორც კი სახლში მივედი, მაშინვე კომპიუტერი ჩავრთე და ჩემი ბლოგი ვნახე. ახალი კომენტარი არ დამატებია. ნეტა ვინ არის ეს ალტერ ეგო? დავუშვათ “თეთრი არწივის” რომელიმე თანამშრომელია, ან თავად მფლობელი. რა მიზნით უნდა შემოსულიყო ჩემს ბლოგზე, რომელიც საერთოდ არ უკავშირდება მათ სასმელებს და რატომ უნდა დაეპოსტა ეს კომენტარი?

ვთქვათ, გაიგეს ვინ გადაიღო რეკლამა, ანუ ჩემი სახელი და გვარი. მერე ინტერნეტით მომძებნეს და მიაგნეს ჩემს საიტს, მერე? ეს უადგილო სლოგანი რისთვის დაწერეს? თუ მინიშნებაა, ე.ი. მაფრთხილებენ, მაგრამ მე რა უნდა დავუშავო მათ კომპანიას? მართლა ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი…

ალტერ ეგო-ს კომენტარს ვუპასუხე: – ”მე ჩემი ოცნების არ მეშინია და შესაბამისად, მზად ვარ მას პირისპირ შევხვდე!” მერე, კომპანიის შესახებ ინფორმაცია მოვიძიე. მისი მფლობელი, ვინმე დავით კვეზერელია. დაახლოებით 55 წლის იქნება. ქარხანა კი, თბილისიდან არც ისე შორსაა.

სკაიპიდან შემოსული ზარის ხმაზე შევკრთი. დედაჩემი რეკავდა… გაგიჟებული იქნება, ერთი კვირაა ვერ დაველაპარაკე.

– ჰო, დე… – ვუპასუხე და ვებკამი გავასწორე.

– ცოცხალი ხარ ლუ? შეიძლება ასე შვილო?

– როგორ ხარ, დე?

– როგორ ვიქნები? ტელეფონზე გირეკავ, არ იღებ. სკაიპშიც აღარ შემოდიოდი… მოხდა რამე დედიკო?

– არაფერი! ბევრი სამუშაო მაქვს უბრალოდ…

– რამდენს მუშაობ დედი, დაისვენე ცოტა!

– ჩემზე ნუ ღელავ… მაიკლი რას შვება?

– კარგად არის ისიც, მოგიკითხა. ლუ, არ ვაპირებდი თქმას, მაგრამ ვერ ვითმენ…

– რა მოხდა?

– შენს დაბადების დღისთვის, მე და მაიკლმა გადავწყვიტეთ და…

– რა?

– ერთ კვირაში მანქანა ჩამოგივა!

– მართლა? – ძალიან გამიხარდა.  რა მანქანაა?

– “გოლფ 5” დედი, თეთრია.

– არც კი ვიცი რა ვთქვა! მადლობა დე… მაიკლსაც დიდი მადლობა გადაეცი ჩემგან!!!

– ჩვენ საახხალწლოდ ჩამოვალთ. აბა, შენ არ მოდიხარ აქეთ და…

– რა მაგარია! დე, ძალიან მიყვარხარ და მენატრები…

წელიწად-ნახევარია დედაჩემი არ მინახავს. შევეჩვიე მარტოობას.

დედასთან საუბარი დავამთავრე თუ არა, თათიას გადავურეკე, მალე მანქანა მეყოლება-მეთქი. ძალიან გაუხარდა. მუსტანგის ბიჭზე მკითხა და ვუთხარი, რომ საერთოდ ამოვიგდე თავიდან. არც კი ვიცი, რომელი უფრო მეტად გაუხარდა. მანქანის ამბავი, თუ ეს. კმაყოფილი დარჩა, ორი კარგი ახალი ამბავი შევატყობინე.

დილით უგოს ზარმა გამაღვიძა. შეშფოთებული ხმა ჰქონდა. მითხრა – “თეთრი არწივიდან” დამირეკეს, მიბარებენ და რა ვქნაო. ვუთხარი, ახლავე ლაშას გადავურეკავ და გეტყვი რაც უნდა ქნა-თქო. ლაშამ მითხრა, რომ უგო გამეფრთხილებინა, მის გარეშე არ წასულიყო. შეხვედრა საწარმოს შესასვლელთან დაუთქვა. ეს ყველაფერი უგოს გადავეცი და უცებ რატომღაც ძალიან მომინდა მეც გავყოლოდი მათ და საკუთარი თვალით მენახა კომპანია და მისი დირექტორი. ვიცოდი, რომ ამ იდეას ლაშა არ მოიწონებდა, ამიტომ ჩემით გადავწყვიტე ქარხანასთან მისვლა. ვიცოდი სადაც უნდა შეხვედრილიყვნენ ერთ საათში და ფაქტის წინაშე რომ დავაყენებდი, მერე უარს ვეღარ მეტყოდა.

სწრაფად ჩავიცვი და ტაქსი გამოვიძახე. 15 წუთში მოვიდა. ძალიან ნელა მივდიოდით. მძღოლს ვთხოვე, ცოტა დაეჩქარებინა. მანქანა ქარხნის ჭიშკართან გაჩერდა. ეზოში სირბილით შევიჭერი. შესასვლელთან არავინ ჩანდა. 10 წუთით დავაგვიანე. გადავწყვიტე შენობისთვის წრე შემომევლო. უკანა მხარეს, ჩემი ყურადღება მანქანების სადგომმა მიიპყრო. შესასვლელიდან ჩანდა კედელზე გაკრული სასმელების პოსტერები. გადავწყვიტე ახლოდან შემეხედა. რამოდენიმე არყის რეკლამა იყო და ერთი “ოცნების”.

პლაკატზე ბოთლი და წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი იყო გამოსახული, სიმპათიური, დაკუნთული სხეულით. ეტყობა მოდელი საგულდაგულოდ შეერჩიათ…

ქვემოთ სლოგანი ეწერა. ნეტა რა აზრი დევს? რომ სასმელი “ოცნება” იმდენად მაგარია, ქალები საოცნებო მამაკაცის ნაცვლად მას ირჩევენ?.. ის ფული, რასაც კონკურენტის ჩასაძირად ინტრიგების ხლართვაში ხარჯავენ, ურჩევნიათ ნორმალურ სარეკლამო კამპანიას მოახმარონ!

შევბრუნდი და უცებ ისეთი რამ დავინახე, რომ მუხლები მომეკვეცა. ზუსტად ჩემს წინ, წითელი მუსტანგი იდგა… ნომრებით 02:08… კარგა ხანს დამუნჯებული და გაქვავებული ვიდექი. როგორც იქნა ძალა მოვიკრიბე და რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი. უცებ ზურგსუკან მამაკაცის ხმა მომესმა.

– აქ რას აკეთებთ, გოგონა?

მივბრუნდი. – დაცვა იყო.

– არაფერს… უბრალოდ, შესასვლელს ვეძებდი…

– წამობრძანდით, მიგიყვანთ! – მითხრა უჟმურად.

– უკაცრავად, ეს წითელი მანქანა ვისია? – ვკითხე და ვეცადე რაც შეიძლება გულუბრყვილო გამომეტყველება მიმეღო.

– სამწუხაროდ, არ მაქვს მაგის თქმის უფლება! – მიპასუხა და კიდევ უფრო უჟმური გამომეტყველება მიიღო. შესასვლელამდე მიმაცილა. მეც, თამამად შევაღე შუშის უზარმაზარი კარი. გასასვლელთან რეგისტრატორი იჯდა. როგორც ჩანს, საშვის გარეშე არ შემიშვებდნენ.

– ვისთან ხართ? – მკითხა ახალგაზრდა ქალმა და დაცვის ბიჭივით უჟმური გამომეტყველებით შემათვალიერა.

– კომპანიის დირექტორთან! – მტკიცედ წარმოვთქვი.

– დაბარებული ხართ?

– არა, მაგრამ რაღაც საქმეზე ვარ!..

– ეგრე ვერ შეგიშვებთ! წინასწარ უნდა ჩაეწეროთ.

– მაშინ, ჩამწერეთ!

– დაგაგვიანდათ. დირექტორი შეხვედრაზეა!

ნეტა დირექტორი თავად დავით კვეზერელია თუ სხვა? ხომ შეიძლება “ის” იყოს დირექტორი…

– ხვალ? – ვკითხე მდივანს.

– ხვალ ქალაქიდან გადის და ერთი კვირა არ იქნება! – ისეთი სახით მიპასუხა, თითქოს ერთი სული ჰქონდა როდის მომიშორებდა თავიდან.

– კარგით, მაშინ ერთ კითხვაზეც მიპასუხეთ… აქ, ანა იაშვილი თუ მუშაობს?

ამ სახელის გაგონებაზე, სახის გამომეტყველება შეეცვალა და ოდნავ მოჭუტული თვალებით დამაკვირდა.

– და თქვენ ვინ ბრძანდებით?

– მეე… სარეკლამო კომპანიიდან ვარ…

– ანა იაშვილი აქ არ მუშაობს! და არც არასოდეს მუშაობდა!

რეაქციაზე შევატყე, რომ ანა იაშვილის შესახებ რაღაც იცის, მაგრამ ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, არ ამბობს. დირექტორის სახელის კითხვა უკვე დიდი სისულელე იქნებოდა ჩემი მხრიდან. ამიტომ, მხოლოდ “მადლობა” ვუთხარი და გარეთ გამოვედი. შესასვლელის წინ, ხის სკამზე დავჯექი და დაველოდე, როდის გამოვიდოდა ლაშა. დაცვის ბიჭი თვალს არ მაცილებდა.

გარედან კარგად ჩანდა კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც შენობაში შედიოდნენ. როგორც ჩანს სამსახურს 10 საათზე იწყებენ. დავაკვირდი, რომ ყველას თითქმის ერთნაირი, უჟმური გამომეტყველება ჰქონდათ სახეზე. ასეთი უხალისო სამუშაო აქვთ? თუ დაბალი ხელფასები?.. თითქოს დაზომბირებულები დადიან და ისე ასრულებენ საქმეს. შეგრძნება დამეუფლა, რომ ეს კომპანია რაღაც საიდუმლოს მალავს…

ამის გაფიქრებამ და მანქანის დანახვამ, უფრო გამიმძაფრა შეგრძნება იმისა, რომ ნებისმიერ ფასად, სიმართლე უნდა გავიგო. – რა კავშირი აქვს კომპანიასთან იმ ბიჭს, ვინ არის ანა იაშვილი და რა საქმით არის სინამდვილეში დაკავებული “თეთრი არწივი”.

საინტერესოა, ასე რომ ვიჯდე, ოდესმე ხომ გამოვა მუსტანგის პატრონი და ჩაჯდება თავის მანქანაში?… შეიძლება საღამომდეც მომიწიოს ლოდინი. დაუშვათ დაველოდე და გამოვიდა. მერე რას ვაკეთებ? რა უნდა ვუთხრა? ან მზად კი ვარ, მასთან შესახვედრად?.. – მგონი არა! თან, ასეთ ფორმაში… თმაც კი არ დამივარცხნია წესიერად…

უცებ, ძალიან ვინანე რომ წამოვედი. სიამოვნებით გავიპარებოდი ახლა, მაგრამ ტაქსი გავუშვი.

შენობიდან ლაშა და უგო გამოვიდნენ. შესახვედრად მათკენ გავემართე. ლაშას ჩემს დანახვაზე თვალები გაუფართოვდა.

– აქ რა გინდა?

– მეც მინდოდა შემოსვლა… – ვუთხარი და მგონი გავწითლდი.

– უგო, კარგი ბიჭი ხარ! შეგიძლია თავისუფლად იყო. ყველაფერი დამთავრდა!

– დიდი მადლობა, რომ დამეხმარეთ! – უთხრა უგომ ლაშას და თავისი მანქანისკენ გაემართა.

– წამოდი მანქანაში! – მითხრა ლაშამ და მანქანისაკენ გაემართა. დამნაშავესავით მივყვებოდი. კარი გამიღო. ჩევჯექი. მერე თვითონაც ჩაჯდა და მანქანა დაქოქა.

– ეგეთი რაღაც, ჩემთან შეუთანხმებლად აღარ გააკეთო, გთხოვ!

– გპირდები! – უხერხულობისაგან სავარძელზე ავიწურე.

– რატო წამოხვედი? – მკითხა ლაშამ. აშკარად გაკვირვებული იყო ჩემი საქციელით.

– დირექტორის ნახვა მინდოდა… შენ იცი, საიტი რომ მაქვს?

– არა, რა საიტი?

– ჩემი, საკუთარი… ლუკამ გამიკეთა. ჩემს ფოტოებს ვდებ ხოლმე და იშვიათად ბლოგებს.

– მერე? ეგ რა შუაშია?

– დაახლოებით ერთი კვირის წინ, ერთი ბლოგი დავწერე, სიზმარზე… ჰოდა, მეორე დღეს ვიღაცამ დააკომენტარა… “ოცნება ფრთხილად აირჩიე, შეიძლება ახდეს”…

– მე რატომ არ მითხარი აქამდე?… – ლაშამ ცოტა ნაწყენი სახით შემომხედა.

– არ ვიცოდი თუ მნიშვნელობა ჰქონდა… მეგონა ვიღაცამ იხუმრა…

– გუშინ ხომ გითხარი ამათი ძველი სლოგანი, არც მაშინ გაგიჩნდა ეჭვი?.. იმიტომ გქონდა უცნაური სახე… უნდა გეთქვა ლუ, ჩემთვის უნდა გეთქვა!

ლაშას აშკარად ეწყინა. მგონი ჩემს მიმართ გულგრილი არ უნდა იყოს. უფრო მეტ გულახდილობას ელოდა და იმედი გავუცრუე.

– მაპატიე… სხვა დროს არაფერს აღარ დაგიმალავ! შენ რას ფიქრობ? ვის უნდა დაეწერა?

– კონკრეტულად შენ მათთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენ, თუ ვიღაცას პირადი ინტერესი არა აქვს შენს მიმართ. ამ კომპანიაში იცნობ ვინმეს?

– არა მგონია! – ვუთხარი ლაშას. ჯერჯერობით არ მინდა ის ბიჭი ვუხსენო. ყველაფრის მოყოლა მომიწევს და ამით ჩემს სისუსტეს წარმოვაჩენ. პირადი ინტერესი რომ ახსენა, უფრო დავრწმუნდი, რომ ის მუსტანგიანი ბიჭი მანდ მუშაობს და ის კომენტარიც მას ეკუთვნის. ახლა უკვე ვიცი, სად შემიძლია მისი ნახვა.

– ლაშა, “თეთრი არწივის” დირექტორი ვინ არის?

– ახალგაზრდა ბიჭია. გიორგი ანდრიაძე… რა იყო?

– არაფერი, უბრალოდ მაინტერესებს… რამდენი წლის იქნება?

– იქნება ასე, სადღაც 30-32 –ის…

ასაკი ემთხვევა. თუ ხვალ მიემგზავრება ერთი კვირით, აქ მოსვლას აზრი არა აქვს. მანამდე “სამეფოს” რეკლამას მივხედავ. კვირის ბოლოს გადაღებას დავნიშნავ და იქითა ორშაბათს ალტერ ეგო-ს მოულოდნელ ვიზიტს მოვუწყობ… – გავიფიქრე ჩემთვის.

– ლუ, მოდი მცხეთაში შევჩერდეთ რა. ძალიან მშია. ხინკალზე და მწვადზე გეპატიჟები!

მივხვდი რომ მეც მთელი დღე არაფერი ჩამსვლია პირში. მეც ძალიან მშიოდა. ამიტომ, წინააღმდეგობა აღარ გავუწიე და სიამოვნებით დავთანხმდი.

მოჯადოებული ტყე (ეპიზოდი VII)

დღეს კომპანიის მიკროავტობუსით მე, ჩემი ასისტენტი საბა, მოდელი გოგონა სოფი, სალი, ლაშა და მძღოლი (თავისთავად) მარტვილში ჩამოვედით. რეკლამის გადაღებისთვის ყველაფერი ხუთ დღეში დავგეგმეთ. დილის ექვსი საათიდან გზაში ვართ. სოფი ლამაზი გოგოა. გრძელი, ღია წაბლისფერი თმა აქვს. აშკარად ეტყობა, რომ თაყვანისმცემლების ნაკლებობას არ განიცდის, პრინცესასავით იქცევა.

გზაში დამეძინა. რომ გავიღვიძე, სოფი ლაშას და საბას რაღაცას უყვებოდა. ყური დავუგდე. მე რასაც შევსწრებივარ, როგორც წესი, მოდელი გოგონების სალაპარაკო თემა დიდი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა-ხოლმე: _ გადაღებები, კონკურსები, ჩაცმა-დახურვა, კოსმეტიკა, ბოიფრენდები…

არც ამჯერად შევცდი. სოფი ერევანში გამართულ სილამაზის კონკურსის ამბებს ყვებოდა. სალი უხალისოდ უსმენდა. ალბათ არ მოეწონა, მამაკაცების ყურადღების ცენტრში სხვა რომ აღმოჩნდა.

მარტვილში ადგილობრივი გიდი დაგვხვდა, რომელსაც ყველაფერზე წინასწარ შევუთანხმდით. “გაჭედილის” კანიონთან და “ონიორეს” ჩანჩქერთან უნდა წაგვიყვანოს. გიდი ახალგაზრდა ბიჭია, ვეფხვია ჰქვია.

გზას გავუდექით. სადამდეც შესაძლებელი იყო, მანქანით ვიარეთ, მერე ზურგჩანთებში ბარგი გადავინაწილეთ და გზა ფეხით გავნაგრძეთ. მძღოლი მანქანაში დარჩა. საკმაოდ დიდხანს ვიარეთ. ვეფხვიას მართლა ვეფხვივით ენერგია ჰქონია. მგონი საერთოდ არ იღლება. ისეთი ტემპით მიდიოდა, რომ ძლივს ვეწეოდით. გზა ულამაზეს ხეობებსა და ქედებზე გადიოდა. როგორც იქნა გაჭედილის კანიონებამდე მივაღწიეთ.

– აი, ამას მარტვილის ჩანჩქერებს ეძახიან! სამ ნაკადად გადაედინება. დაბლა დადიანების საბანაოა. – აგვიხსნა ლაშამ. ვეფხვიას აშკარად არ ესიამოვნა, რომ დაასწრეს. მსგავსი სილამაზე არასოდეს მინახავს. ხავსით დაფარული კლდეების ხეობა, რომლის შუაში ისეთი გამჭვირვალე მდინარე მიედინება, რომ ფსკერი ჩანს. იმ ადგილას, სადაც ჩანჩქერი ეშვება ცისარტყელა იყო გადაჭიმული.

– ლუ, იცი, გადმოცემის თანახმად, გიორგი ჭყონდიდელი თურმე აქ აცნობდა დავით აღმაშენებელს საღმთო წერილს… კიდევ, დინოზავრების ნაკვალევიც აღმოაჩინეს. – მითხრა ლაშამ.

– რა საინტერესოა! – აპარატი ამოვიღე.

– არ დავისვენოთ? საშინლად დავიღალე. – თქვა სოფიმ და ლოდზე ჩამოჯდომა დააპირა, მაგრამ ფეხი გაუსრიალდა და ლაშამ ძლივს მოასწრო მისი დაჭერა. სოფი ისე შეშინდა, რომ ლაშას ჩაებღაუჭა და კარგა ხანს აღარ გაუშვია ხელი. სალის გავხედე. უკმაყოფილო გამომეტყველება ჰქონდა. უტყობა, რომ ლაშა მოსწონს და მგონი ეჭვიანობს.

ქვემოთ ჩავედით. მზის სხივები ფოთლებიდან ზოლებად აღწევდა და ულამაზესი სანახავი იყო. წყლის ზედაპირი ბრწყინავდა და კლდეზე ირეკლებოდა. საერთოდ, ნაწვიმარზე გამოსახულება ძალიან მკაფიო ხდება-ხოლმე. ფერები უფრო მკვეთრი. გადასაღებად იდეალური ამინდი იყო. ადგილი შევარჩიე და საბას ვუთხარი შტატივი ამოეღო. ლაშამ კარავი გაშალა. ორკაციანი კარავია და ძალიან ადვილად იშლება. სოფი და სალი კარავში შევიდნენ მაკიაჟის გასაკეთებლად. მოდელის ვიზაჟზე და ვარცხნილობაზე სალი ზრუნავს ხოლმე. თან, სოფის კაბა უნდა ჩაეცვა.

კამერა მოვამზადე. დადიანების საბანაო მართლა სამეფო ადგილს ჰგავს. თვალწინ წარმომიდგა, როგორ ბანაობდა ეკატერინე დედოფალი.

სოფი კარავიდან გამოძვრა. თეთრ ჰაეროვან კაბაში გაშლილი თმით ნიმფას ჰგავდა.

– სოფი, ფეხზე გაიხადე და აი იქ დადექი, ჩანჩქერის წინ. – ვუთხარი და ობიექტივში გავიხედე. სოფი კვნესა-კვნესით წავიდა, რადგან ქვები ესობოდა. სამივე მამაკაცი ერთდროულად დაფაცურდა, რომ მიხმარებოდნენ. მაინც რა არის ეს სილამაზე…

– სოფი წარმოიდგინე, რომ შენ ხარ დედოფალი… ეს არის ადგილი, სადაც შენს თავთან მარტო დარჩენა შეგიძლია და ისვენებ… არაფერზე არ ფიქრობ. ყველა ყოფითი პრობლემა გავიწყდება… თვალებს ხუჭავ, სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავ და ჩანჩქერის ხმას უსმენ…

სოფიმ პოზიორობა დაიწყო. საბას ამრეკლი ეჭირა და სოფისკენ მიმართავდა. ვეფხვია გაშეშებული იდგა და პირდაღებული უყურებდა.

– სალ, ჩემს ზურგჩანთაში შოკოლადი “სამეფო” დევს და მოიტანე რა… სოფი, შენ მაგ ქვაზე ჩამოჯექი…

სალიმ შოკოლადი მიაწოდა. კარგა ხანს ვიღებდით. სოფი გავხეთქე შოკოლადის ჭამით. ბოლოს, მუხლამდე წყალშიც შევიყვანე. ულამაზესი კადრები გამოვიდა. გადაღება რომ დავამთავრე, სოფი კარავში შევიდა, რომ სველი კაბა გამოეცვალა. პატარა თერმოსით ყავა გვქონდა წამოღებული. ერთჯერად ჭიქებში გავინაწილეთ. ვეფხვიას სადღაც ახლოს ნავი ჰქონია დამალული და მის გამოსატანად წავიდა.

–  როგორ მშია! თან ამდენი შოკოლადისგან გული მერევა მგონი! – თქვა სოფიმ და კაბა გასაშრობად კარავზე გადაკიდა. ზურგჩანთიდან ამოვალაგე სამონადირეო ძეხვი, პური და შემწვარი ქათმის ნაჭრები. ასე გემრიელად კარგა ხანია არაფერი მიჭამია. მალე ვეფხვიაც გამოჩნდა ნავით. მე, ლაშა და საბა ნავში ჩავსხედით. გოგოებმა არ მოისურვეს და კარავთან დარჩნენ.

ნავით საკმაოდ ღრმად შევცურეთ.

– რამსიგრძე კანიონია! – წამოვიძახე აღფრთოვანებულმა.

– 2400 მეტრი არი სიგრძე. ჩაჭრის სიღრმე -გძეტა 20-40 მეტრია… და, მაგნები რატო არ წამოვიდენ?

– გოგოები? – დაიღალნენ ალბათ! -უპასუხა საბამ.

– ამის უნახაობა იქნება? – გაიკვირვა ვეფხვიამ

– ნამდვილად არა! – უთხრა ლაშამ და თვალი ჩამიკრა.

მას მერე, რაც მცხეთაში ვისადილეთ, ჩვენ შორის აშკარად რაღაც ნაპერწკალმა გაიელვა. უფრო დავახლოვდით. ლაშა საოცრად კარგი ადამიანია და საინტერესო მოსაუბრე. ეს კი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მასთან ურთიერთობა მსიამოვნებს და მგონი ცოტათი ლტოლვაც მაქვს.

უკან რომ დავბრუნდით, გოგოებს ყველაფერი აელაგებინათ. მარტო კარავი იყო დასაშლელი. ამჯერად “ონიორეს” ჩანჩქერთან უნდა მივსულიყავით. ძალიან ბევრი ვიარეთ. გზადაგზა ვისვენებდით.

– ეხლა საუკუნოვანი ბზების უნიკალურ კორომზე გავივლით… – გვითხრა ვეფხვიამ. კორომში შევედით. ირგვლივ ყველაფერი ხავსით და მღიერებით იყო დაფარული და მისტიკურ განწყობას ქმნიდა. ასეთი ტყე ფილმებში მინახავს. უფრო ზღაპრებში…

– ამ ადგილს “მოჯადოებულ ტყეს” დავარქმევდი! – ვუთხარი ლაშას.

– ბევრი ეძახის მასე! – მითხრა ვეფხიამ. ფეხი საშინლად მიცურავდა, ამიტომ ლაშამ ხელი მომკიდა.

– მართლა გავს მოჯადოებულს. წარმომიდგენია ღამით რა სანახავი იქნება! – თქვა ლაშამ. – ისე, ეს მღიერა სუფთა ჰაერის უტყუარი ინდიკატორია! ღრმად ისუნთქეთ, გოგოებო!

მოჯადოებული ტყეც გავიარეთ და როგორც იქნა ონიორეს ჩანჩქერიც გამოჩნდა. მართლა უზარმაზარი ყოფილა… იქაურობა სავსე იყო კლდის ხვლიკებით. ზურგჩანთები მოვიხსენით და ლოდზე დავაწყეთ. ცოტა სული მოვითქვით და აქაც გადავიღეთ ფოტოები. ყველაზე ძალიან სოფი დაიღალა. პოზიორობა საკმაოდ დამღლელია. თან, ეტყობა არ იყო ამდენ სიარულს შეჩვეული.

– ეს ჩანჩქერი მღვიმიდან გადმოდის, 85 მეტრია სიმაღლე.

– სიამოვნებით ვნახავდი! – ვთქვი მე.

– სამი განშტოება აქ მაგას. სამი დარბაზი. მეორე ყველაზე დიდია, გძეტა 15X15 მეტრზეა, სულ 235 მეტროა სიგრძე. სხვა დროს თუ ჩამოხვალ წამოვიღებ თოკსაც და… არ გეშინია ღამურების და ობობების?

– არა! – ვუთხარი ვეფხვიას. სალი ობობების და ღამურების ხსენებაზე დაიჭყანა.

– ეხლა წავიდეთ, თორე დაბნელდება და ჭირს მერე სიარული! – გვითხრა ვეფხვიამ. ისევ ავიბარგეთ და უკან გავბრუნდით. ძალიან მინდოდა “მოჯადოებული” ტყის გადაღება და ვუთხარი, თქვენ იარეთ და მეც მალე დაგეწევით-მეთქი. ფოტოაპარატი ამოვიღე და სურათების გადაღება დავიწყე. როდესაც ამ პროცესით ვარ დაკავებული, აღარაფერი მახსოვს… რეალობას მთლიანად ვეთიშები-ხოლმე და თითქოს სხვა სამყაროში ვარ. არ ვიცი რამდენ ხანს ვიღებდი. უეცრად უკნიდან ვიღაც მხრებზე შემეხო და თავისკენ შემატრიალა. – ლაშა იყო. სანამ რამეს გავაცნობიერებდი, მოულოდნელად მაკოცა. სხეულში უცნაური სითბო ჩამეღვარა. მერე თვალებში ჩამხედა. უცნაური სახე ჰქონდა. რაღაცნაირი…

– მაპატიე, მაგრამ თავი ვეღარ შევიკავე… შენთვის ამ ზღაპრულ გარემოში რომ არ მეკოცნა, საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი…

– ლაშა… _ დავიწყე და ვეღარაფერი ვეღარ ვთქვი. ნამდვილად არ ველოდი მისგან ამას. ძალიან მოულოდნელი იყო…

– საკვირველი ხარ, ლუ… რაღაც, არაამქვეყნიურიც თითქოს… არავის არ გავხარ! არავის… კიდევ ერთხელ მაპატიე ჩემი სისუსტე…

– საპატიებელი არაფერია! შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ ლაშა! შენს მიმართ დიდი სიმპათიით ვარ განწყობილი…

– მეტი არაფერი?

– არ ვიცი! მართლა არ ვიცი…

– ლუ, შემეძლო მომეცადა, მაგრამ როდესაც ადამიანი მოგწონს, ვერ ვხვდები რატომ უნდა ითმინო და ის ცნებაც არ მესმის, “მოვლენებს წინ ნუ გაუსწრებო” რომ ამბობენ… სულ სამჯერ ვარ აქ ნამყოფი და ყოველ ჯერზე იმას ვფიქრობდი, რა უნდა იყოს იმაზე კარგი, როცა ამ სამოთხეში იმასთან ერთად მოხვდები ვინც…

ლაშამ პაუზა გააკეთა. თავი გადააქნია. მერე გამიღიმა და ხელები გამიშვა.

– ძალიან ჩამოვრჩით…

– ჰო… – ვუთხარი და უნებურად ამოვიოხრე. – ნეტა რატომ ამოვიოხრე… ეს ტყე მართლა მოჯადოებული ხომ არ არის?.. ისე უცნაურად ვგრძნობ თავს… ეს სენტიმენტები, რომელიც აქამდე ჩემთვის უცხო იყო, იმ კლუბის ღამის მერე ძალიან შემომეჩვია და ეს სულაც არ მომწონს. მირჩევნია მიწაზე მყარად ვიდგე და ყველაფერს პრაგმატული თვალით შევხედო. ახლა კი, ისეთ საქციელებს ჩავდივარ, რომ მე თვითონ მიკვირს… იქნებ, ესაა ჩემი რეალური სახე?.. იქნებ იმიტომ არ მყავს შეყვარებული, რომ არ მაინტერესებს ის, რაც ჩემთვის ცნობილია? არ მაინტერესებს ადამიანები, რომლებიც გადაშლილი წიგნივით იკითხებიან?..

ამ ყველაფერზე აქამდე რატომ არ დავფიქრებულვარ?… ერთადერთი ბიჭი, რომლითაც დავინტერესდი, ის უცნობია, რომელიც ჩემთვის დახურული წიგნივითაა და მხოლოდ გაურკვევლობასა და საიდუმლოებასთან ასოცირდება… ძალიან მიჭირს იმის დაძლევა, რომ დავივიწყო და ამ “გამოძიებას” შევეშვა… – რატომ მიჭირს?.. იმიტომ, რომ არ მინდა!

საერთოდ, ამბობენ, რომ კაცია ბუნებით მონადირე, ქალს კი მსხვერპლის თამაში უყვარს… ჩემი აზრით კი, ქალი ნადირობს და მსხვერპლის ნიღაბს ოსტატურად ირგებს. თუ ქალს კაცის მიმართ ინტერესი საერთოდ არა აქვს, არანაირად არ “გაებმევა მის მიერ დაგებულ მახეში”.

ლაშა ძალიან თბილი და ყურადღებიანია. იშვიათად, რომ ასეთი მამაკაცი ნახო… თათიამ რომ გაიცნოს, ტვინს გამიხვრიტავს, ვიცი… ყოველ დღე გამიმეორებს, რომ “ეს დასაკარგი ბიჭი არ არის”…

მანქანასთან რომ დავბრუნდით დაბნელდა. ვეფხვია სახლში მივიყვანეთ და თბილისისკენ დავაწექით გზას. მძღოლის გარდა ყველას ჩაგვეძინა. დილის ოთხი საათი ხდებოდა, რომ ჩამოვედით. აღარც კი მახსოვს როგორ ავედი კიბეზე და კარი როგორ გავაღე. ტანსაცმლიანად დავეგდე საწოლზე და გავითიშე.

დილის 11 საათზე ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. თვალები ძლივს გავახილე და ტუმბოსკენ ხელი გავიწვდინე, რომ ყურმილი ამეღო. როგორც კი გავინძერი, მივხვდი, რომ ფეხის კუნთები საშინლად მტკიოდა.

– გისმენთ!.. – ჩახრინწული ხმა ძლივს ამომივიდა.

– ჩამოხვედი? გოგო, ეხლა არ მითხრა, უნდა წავიდეო, თორე მოვალ და ჩემი ხელით დაგახრჩობ!

– რაზე მეუბნები თათი?.. მძინავს ნახევრად… სად უნდა წავიდე?..

– შენი ბლოგი ბოლოს როდის ნახე, მითხარი?

– გუშინ წინ, დილით… რა იყო?

უცებ გამოვფხიზლდი და საწოლზე წამოვჯექი.

– ნახე და მიხვდები! იმედი მაქვს მაგ მდაბიო პროვოკაციაზე არ წამოეგები! ნახე და გადმომირეკე!

ყურმილი გავთიშე და საწოლიდან ძლივს გადმოვბობღდი. კომპიუტერი ჩავრთე. სანამ ჩაიტვირთებოდა ჩემი დამემართა… ნეტა რა პროვოკაციაზე მელაპარაკება?

ჩემს საიტზე შევედი. მერე, პოსტი 02:08 გავხსენი და კომენტარები ვნახე:

alter ego

ოცნება ფრთხილად აირჩიე, შეიძლება მართლა ახდეს!

lu

მე ჩემი ოცნების არ მეშინია და შესაბამისად, მზად ვარ, მას პირისპირ შევხვდე!

alter ego

კვირას – 19:05 სთ. ინგოროყვას ასახვევთან…

ზედმეტი (ეპიზოდი VIII)

8

– ჰო, მე ვარ თათ!

– ნახე ხო? დეგენერატია ვიღაც, უსაქმური…

– მგონი იმ სასმელების კომპანიიდან არის, სარჩელი რო შეიტანეს…

– შენგან რა უნდათ მერე?

– მე რაღაცა არ მითქვამს შენთვის… ერთი კვირის წინ, მე ლაშა და ის მოდელი ბიჭი მაგ ქარხანაში ვიყავით…

– მერე?

– მე დამაგვიანდა. შესასვლელი ამერია და მანქანების სადგომში შევედი… მოკლედ, ის წითელი მუსტანგი, იმ ნომრებით იქ იდგა!

– სადგომში?..

– ჰო! მე ვფიქრობ, რომ ის ბიჭი ამ კომპანიის დირექტორი გიორგი ანდრიაძეა!

– შენ ფიქრობ, რომ ალტერ ეგოც ეგ არის?

– ჰო…

– ჰოდა, ტუტუცი ყოფილა! თავიდანვე არ მომეწონა ეგ ტიპი. ეტყობა თავში აქვს ავარდნილი რაღაცეები და ეგრე კაიფობს… არ გაბედო იქ წასვლა, გაიგეე?

– მეტი საქმე არ მაქვს! თან ვერ ვარ კარგად… მგონი გავცივდი…

– ჰო, ხმა გაქვს ჩახლეჩილი… გამოგიტან წამლებს.

– არაა, არ გინდა. მაქვს ყველაფერი. დღეს არც ავდგები ლოგინიდან. დავისვენებ. მაგრად დავიღალეთ გუშინ… ყველა კუნთი მტკივა.

– ზოგი ჭირი მარგებელია! ეგრე ჯობია შენთვის… რაო ლაშამ მართლა? ნეტში ვნახე მაგის სურათი და იცი როგორ მომეწონა?

– ჰო, არ არის დასაკარგი ბიჭი! – დავასწარი თათიას.

– რა ხდებოდა, მოკლედ მითხარი. მერე, რო გნახავ გრძლადაც…

– რავი, ულამაზესი ადგილები იყო. აღფრთოვანებული ვარ! მსგავსი არაფერი მინახავს. ძაან ბევრი ვიარეთ. სალი ვერ იყო ხასიათზე… ჰოო და ისა კიდე, ლაშამ მაკოცა!

– ეტყობა ცუდად გაკოცა, ეგ ამბავი ბოლოსკენ რომ მოიტოვე. – “ჰოო და ისა კიდეა” გოგო კოცნა? გადამრევ შენ!..

– რა მოხდა მერე, კოცნაა რა… დიდი რამე!

– ხე ხარ რაა… საერთოდ არ აღელდი?

– როგორ არ ავღელდი! მეტსაც გეტყვი, შენ წარმოიდგინე მესიამოვნა კიდეც!

– ჰოდა, იფიქრე მაგ ბიჭზე! წავედი ეხლა მე, თორე შემჭამა ამ კაცმა! შია…

– კაი, აბა შენ იცი! ამ დღეებში გამოგივლი…

ყურმილი დავდე და მონიტორს შევხედე. – “კვირას, – 19:05 სთ. ინგოროყვას ასახვევთან…”

ნეტა მოვა?.. ეს 05 წუთი რაღა იყო?.. ალღო თუ მღალატობს და სხვა აღმოჩნდეს? ეს ინგოროყვას ასახვევიც ძალიან უცნაურია… მანდ რა ჯანდაბა უნდა? არც კაფე მახსოვს მაგ ქუჩაზე და არაფერი… – არ წავალ!!!

აბაზანაში შევედი. საათზე მეტ ხანს ვიდექი ცხელი შხაპის ქვეშ. მერე, აუჩქარებლად ვისაუზმე და ყავა დავლიე. ყველაფერს შენელებული კადრივით ვაკეთებდი, რომ დრო მალე გასულიყო.

ფოტოაპარატიდან სურათები კომპიუტერში გადავიტანე. ერთ-ერთი საუკეთესო ფოტოსესიაა, რაც კი აქამდე გადამიღია. სოფი ძალიან კარგად გამოვიდა. ფონი ხომ საერთოდ… უკან, ჩანჩქერი და ცისარტყელა… თითქოს უკვე ფოტოშოპში დაამუშავეს.

ტყის კადრებიც ულამაზესია. ერთ-ერთი დესკტოპზე დავაყენე და ლაშა გამახსენდა. უკვე სამი საათი ხდება და არც დაურეკავს, არც მოუწერია… უხერხულად ხომ არ გრძნობს თავს?.. გადავწყვიტე მე თვითონ დამერეკა. მობილურზე მისი ნომერი ავკრიფე.

– ლაშა, როგორ ხარ?

– კარგად ვარ, შენ როგორ ხარ, ლუ? ხმაზე რა მოგივიდა?

– ის წყაროს წყალი ძალიან ცივი იყო! არაუშავს, გამივლის.

– გუშინდელზე მინდოდა შენთან ლაპარაკი…

– კაი რა, ძალიან გთხოვ მაგის გამო არ დაიგრუზო! რაც იყო, ძალიან კარგი იყო… უბრალოდ, მოულოდნელად მოხდა და ცოტა დავიბენი…

– გამიხარდა ეგრე რომ მითხარი… დღეს საღამოს ვერ გნახავ?

– არამგონია! დღეს სახლში დავრჩები და ამ ყელს მივხედავ. დავისვენებ.

– კარგი! თავს მიხედე… ხვალ ოფისში გნახავ!

– კაი, დროებით!

ყურმილი გავთიშე. უცებ, ფანჯრიდან ჩემი მტრედი დავინახე. მარტო არ იყო. სხვა მტრედთან ერთად კარადის თავზე იჯდა. – ნუთუ მეორე ცოლი მოიყვანა? ასე მალე? ახლა ისევ არ დადონ კვერცხები, ნამდვილად გავგიჟდები.

სახლი დავალაგე. მერე რძე დავისხი და მისაღებ ოთახში, დივანზე დავჯექი. კედლის საათს გავხედე. – შვიდის ნახევარია. სწორად ვიქცევი, რომ არ მივდივარ? 100%-ით რომ ვიყო დარწმუნებული, მშვიდად ვიქნებოდი… ახლა მოუსვენრად ვარ.

ტელევიზორი ჩავრთე. ერთ-ერთი ქართული ჯგუფის კლიპი გადიოდა. ძალიან მომეწონა სიტყვები:

“გზებს და ხიფათებს არ ვეძებ არსად,

თვითონ ჩემს სულში ირხევიან ბეწვის ხიდები

და როგორც ქარში ანთებულ ასანთს,

შენთან შეხვედრის უნებართვო წამს ვუფრთხილდები…”

ნეტა დრო რომ გავა, ხომ არ ვინანებ, რომ არ წავედი შეხვედრაზე რაღაც პრინციპების გამო? – მე ვფიქრობ, რომ არასოდეს არ უნდა გაუშვა ხელიდან ისეთი რამ, რაც ძალიან იშვიათად ხდება…

უცებ მივხვდი, რომ ჯობია გააკეთო ზედმეტი, ვიდრე არ გააკეთო არაფერი! არანორმალურივით წამოვხტი და საძინებელში შევვარდი. შავი, ნახევრად გამჭვირვალე თხელი ნაქსოვი კაბა ჩავიცვი, რომელიც დედამ გამომიგზავნა ამერიკიდან. მხოლოდ ერთხელ მეცვა, თათიას დაბადების დღეზე. საერთოდ, არ ვწყალობ კაბებს. მათში თავს არაკომფორტულად ვგრძნობ. შეიძლება ჩემი პროფესიიდან გამომდინარეც. კლასიკურ სტილს თავისუფალი მირჩევნია. მაგრამ ახლა მინდა, რომ განსაკუთრებულად გამოვიყურებოდე.

თმა მოვიწესრიგე და მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე. საკუთარი თავი მომეწონა სარკეში. ჩანთას ხელი დავტაცე და სახლიდან გამოვვარდი. ტაქსი გავაჩერე.

– ინგოროყვას ასახვევთან…

სასწაული ისაა, რომ ზუსტად 19:05 საათზე მივედი. უკვე შებინდებული იყო. ქუჩა ცარიელი. ახლაღა გამახსენდა, რომ ამ ქუჩაზე ცნობილი სახლია, რომელსაც ლეგენდა უკავშირდება. ზუსტად 6 ნომერში დგას სახლი, ფასადზე ეშმაკის გამოსახულებით…

გამაჟრიალა. ირგვლივ მიმოვიხედე. გული საშინლად მიცემდა… ჩემს მუცელშიც ნამდვილი რევოლუცია ხდებოდა. ასეთი დოზით ადრენალინი აქამდე არასოდეს მიგრძვნია. კიდევ დავხედე ჩემს მაჯის საათს, – 19:08. ქუჩის ზედა მხრიდან მანქანის ხმა გაისმა. ყველა ნერვი და კუნთი დამეძაბა. ნაბიჯიც ვერ გადავადგი. მოსახვევს ვუყურებდი და ვფიქრობდი: – “ახლა წითელი მუსტანგი გამოჩნდება”…

მოსახვევიდან შავი BMW გამოვარდა და სვლა შეანელა.

“ის არ არის”… – გავიფიქრე და მანქანას ზურგი ვაქციე. თითქოს გულზეც მომეშვა, რომ არ მოვიდა. ზუსტად ვიცოდი, თუ მომსვლელი იყო 19:05-ს არ გადააცილებდა… ალბათ აინტერესებდა ამაგდებდა თუ არა. შეიძლება ამ სახლებიდან ერთ-ერთში ცხოვრობს და ახლა რომელიმე ფანჯრიდან მითვალთვალებს…

დაღმართზე დავეშვი. ბეემვე ნელი სვლით მიახლოვდებოდა. უკან არ გამიხედავს. გამისწრო და დაახლოებით ათ მეტრში დაამუხრუჭა. მეც გავჩერდი… რამოდენიმე წამი გავიდა, მაგრამ მანქანიდან არავინ გადმოსულა. გზა გავნაგრძე. მივუახლოვდი თუ არა, მძღოლის მხარეს კარი გაიღო. გულისცემა გამიხშირდა. როგორც იქნა, მანქანიდან მაღალი ბიჭი გადმოვიდა. შავი ტყავის ქურთუკი ეცვა და ნაცრისფერი ჯინსი. ჩემკენ შემობრუნდა და სერიოზული გამომეტყველებით შემომხედა. – ის იყო…

ერთმანეთის პირისპირ ვიდექით. სულ რაღაც 4 თუ 5 ნაბიჯი გვაშორებდა ერთმანეთისაგან. მე ხმას ვერ ვიღებდი. მხოლოდ ვუყურებდი. ძალიან ლამაზი ნაკვთები აქვს. მუქი ყავისფერი თვალები, წაბლისფერი, ოდნავ გრძელი თმა, სწორი და ლამაზი ცხვირი. ტუჩებიც… ისეთია, როგორიც მახსოვდა…

ცოტა ხანს მიყურა. არც გაუღიმია. მერე, მანქანას შემოუარა და კარი გამოაღო.

– ჩაჯექი! – მხოლოდ ეს მითხრა. თითქოს დარწმუნებული იყო, რომ დავჯდებოდი. ფეხებმა თავისით წამიყვანა მისკენ. რომ ვჯდებოდი, მისი სუნამოს სურნელი ვიგრძენი და მომენტალურად აღმიდგა მეხსიერებაში კლუბის სცენა…

კარი მომიხურა. მანქანას უკნიდან შემოუარა და თვითონაც ჩაჯდა. უხმოდ შევიკარი ღვედი. მანქანა დაქოქა და წავედით. არ ვიცი სად… პირდაპირ ვიყურებოდი და ქუჩებს ვერ ვცნობდი… თითქოს ჩემი მეხსიერებიდან ამოიშალა ყველაფერი…

– რატომ არ მეკითხები სად მიმყავხარ? – აუღელვებლად მკითხა. ჩემკენ არც გამოუხედავს.. მისმა ხმის ტემბრმაც მომნუსხა…

– შენ გინდა, რომ გკითხო? – ხმა ძლივს ამომივიდა.

– კითხვაზე კითხვით პასუხი, პასუხის არქონაზე მეტყველებს! – ისევ არ შემომხედა, ისე მიპასუხა.

– ან ხაზს უსვამს იმას, რომ კითხვის დასმა საჭირო არ იყო…

– ხმაზე რა დაგემართა?

– გუშინ ბევრი ცივი წყალი ვსვი.

– სექსუალური ხმა გაქვს!

კინაღამ წამომცდა, შენც-მეთქი, მაგრამ დროზე დავაჭირე ენას კბილი.

– ჩემი გეშინია? – მკითხა პატარა პაუზის შემდეგ. შევხედე.

– საშიში რომ იყო, “ცისარტყელებს” არ იმღერებდი…

– რა “ცისარტყელებს”? – გაკვირვებული სახით გამომხედა. რაც მანქანაში ვზივართ, პირველად მოაბრუნა ჩემკენ თავი.

– კლუბის გარეთ… დაგავიწყდა?

– ვერ ვხვდები რაზე მეუბნები…

გამეღიმა. ალბათ უნდა მაფიქრებინოს, რომ ის სიმღერა ჩემი ჰალუცინაცია იყო.

– ბედნიერების შენეული რეცეპტი როგორ ჟღერს?

ასეთ კითხვას არ ველოდი. ის, “ოცნების” უადგილო სლოგანიც უეჭველი ამის მოფიქრებული იქნება!

– არ მაქვს! ბედნიერება ძალიან ხანმოკლეა და მალე მთავრდება. მუდმივად ბედნიერი ადამიანები არ არსებობენ! და საერთოდაც, კითხვა -”ბედნიერი ხარ?” – სისულელეა! უფრო სწორი იქნებოდა, თუ ვიკითხავდით – “კმაყოფილი ხარ?”

– კარგია, რომ ძალიან ბანალურად არ აზროვნებ!

– შენ, ეგრეთ წოდებული ჩამჭრელი კითხვებით “ინტელექტს მიმოწმებ” და არ ფიქრობ, რომ ეს ძალიან ბანალურია!

გაეღიმა. ნელ-ნელა მოვეშვი და ნერვიულობამაც გადამიარა. ვუყურებ და არ მჯერა, რომ ახლა მის მანქანაში ვზივარ…

– შენ გაქვს “ბედნიერების რეცეპტი”? – ახლა მე ვკითხე.

აქამდე არც ერთი მამაკაცის მიმართ არ განმიცდია მსგავსი რამ. თითქოს უზარმაზარი მაგნიტია, მე კიდევ რკინის პატარა ნაწილაკი, რომელიც მაგნიტის მიზიდულობის ძალის წინაშე უსუსურია…

დავით აღმაშენებლის ძეგლს გავცდით. ტრასაზე სიჩქარეს მოუმატა. მგონი თბილისიდან აპირებს გასვლას…

– შენ როგორ ფიქრობ? – კითხვა შემომიბრუნა.

– კითხვაზე კითხვით პასუხი, პასუხის არქონაზე მეტყველებს… მე ვფიქრობ, რომ შენ არ გაქვს არანაირი რეცეპტი. არ ხარ კმაყოფილი შენი ცხოვრებით. ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი ნიშანი ისაა, რომ ახლა მე შენს მანქანაში ვზივარ!

Black Label  (ეპიზოდი IX)

9

“ამერიკულ სოფელში” მივედით. გაგონილი მაქვს, რომ აქ ძირითადად უცხოელები ცხოვრობენ. ან ძალიან მდიდრები. ამ დასახლებას გარშემო გალავანი აქვს შემორტყმული და უნებართვოდ შიგნით ბუზიც ვერ შეფრინდება.

მანქანა ჭიშკართან გააჩერა და გადავიდა. მის შესახვედრად ლამაზ ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი გამოვიდა. როგორც ჩანს დაცვის თანამშრომელია. ამან რაღაც უთხრა. დაცვის თანამშრომელმა მანქანისკენ გამოიხედა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

მერე, “ალტერ-ეგო” ისევ მანქანაში დაბრუნდა. რატომ აირჩია ეს ფსევდონიმი? ნეტა რომელია მისი ალტერნატიული “მე”? როგორც ჩემთან იქცევა ნიღაბია თუ მისი რეალური სახე?..

შესასვლელი ჭიშკარი გაიღო და შევედით. სიამოვნებით ვიცხოვრებდი აქ. – ერთნაირი სახლები, საკუთარი ლამაზი და მოვლილი ეზოებით. თითქოს ცალკე, პატარა სამყაროა.

მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი ვის და სად მივყვები, არც ის ვიცი რას მიპირებს, – არ მეშინია! უფრო მეტიც, ეს დაძაბულობა მსიამოვნებს. ერთი სული მაქვს, ვნახო სად ცხოვრობს, ვისთან ერთად, რას ჭამს… გავიგო როგორი ადამიანია, სად დადის, ვის ხვდება და ა.შ. მაგრამ, ვიცი, რომ თუ ახლა კითხვებს დავუსვამ, – წავაგებ! მის სამყაროში შესაღწევად ერთადერთი გზა არსებობს, – თამაშში უნდა ავყვე. მეც ისეთივე გულგრილი დამოკიდებულება უნდა გამოვამჟღავნო, როგორსაც თვითონ იჩენს ჩემს მიმართ. მხოლოდ ასე შევძლებ მის ალაპარაკებას, – დუმილით!

მანქანა ერთ-ერთი სახლის ეზოში შეიყვანა. ღვედი გავიხსენი.

– მოვედით! – მითხრა, მანქანიდან გადავიდა და სახლის შესასვლელ კართან მივიდა. ლაშას მანქანაში როცა ვზივარ, ყოველთვის თვითონ გადადის პირველი, რომ კარი გამიღოს…

მანქანიდან გადმოვედი.

– ერთი წუთი დამელოდე, სიგნალიზაციას გამოვრთავ!

შესასვლელთან გავჩერდი. შევიდა და რამოდენიმე წუთის შემდეგ დამიძახა – შემოდიო.

დიდ ოთახში მოვხვდი, რომლის დიზაინიც გემოვნებით იყო გაკეთებული. ოთახის სიღრმეში დიდი ულამაზესი ბუხარი იყო. ერთ ზომაზე დაჭრილი შეშა, კედელში სპეციალურად დატანებულ ხვრელებში იყო შეწყობილი. ბუხრის წინ კი ღრუბელივით თეთრი, ფუმფულა ხალიჩა ეგო. არანაირი ავეჯი არ იდგა. გამიკვირდა. ეს სახლი ან ახლა იყიდეს, ან იყიდება…

ხალიჩას შემოუარა, კედლიდან შეშა გამოიღო და ბუხრის ანთებას შეუდგა. _ ნეტა თუ აპირებს საერთოდ ხმის ამოღებას? არ დამელაპარაკება?..

თხელ კაბაში შემცივდა.

– როგორ მოგმართო? – ვკითხე და ხალიჩის გვერდის ავლით, ბუხართან მივედი. ჩაკუზულმა ქვემოდან ამომხედა.

– ჩვეულებრივ, “შენობით” მომმართე!

– იუმორის გრძნობა კარგია, მაგრამ რამე სახელი მითხარი, რომ მოგმართო… თუ გინდა მოიგონე, ჩემთვის სულ ერთია…

– მართლა?

– მართლა!

– კარგი… – დაუშვათ გიორგი მქვია!

“სავარაუდოდ “თეთრი არწივის” დირექტორი გიორგი ანდრიაძეა” – გავიფიქრე.

– ჩემი სახელის თქმას აზრი არა აქვს, ისედაც გეცოდინება!

– ვიცი, – ლოლა გქვია!

– ლოლა არა, – ლილუ მქვია, მაგრამ ყველა ლუს მეძახის!

მგონი სპეციალურად თქვა ჩემი სახელი შეცდომით, ალბათ უნდა მაფიქრებინოს, რომ დიდად არ ვაინტერესებ…

– მეც ლუს დაგიძახებ… ბოდიშს გიხდი, სკამები არ მაქვს… მაგრამ, სამაგიეროდ ხალიჩა ძალიან კომფორტულია!

“ეჭვიც არ მეპარება”, – გავიფიქრე და ფუმფულა ხალიჩაზე დავჯექი. სიცივისაგან კანკალმა ამიტანა. შეძლებისდაგვარად ბუხართან მივჩოჩდი და მოვიბუზე. ბუხარში ცეცხლი აბრიალდა და სასიამოვნო სითბო წამოვიდა. “დაუშვათ გიორგი” ფეხზე წამოდგა, შემომხედა და ქურთუკის გახდა დაიწყო.

– აჰა, მოიხურე! ახლავე მოვალ…

ქურთუკი მომაწოდა და ოთახიდან გავიდა. მხრებზე მოვიხურე. მის ქურთუკს სუნამოს გარდა, კიდევ ტყავისა და სიგარეტის სუნიც დაჰკრავდა…

ბუხრის გვერდით, მეორე სართულზე ასასვლელი ხის ლამაზი დახვეული კიბე იყო. ნეტა ყველა ოთახი ცარიელია თუ მარტო ეს? ან რისთვის აქვს ეს სახლი? შეიძლება აქ მოყავს-ხოლმე გოგოები გასართობად…

არ მინდა, რომ მეც ერთ-ერთი მათგანი აღმოვჩნდე, ვინც აქ ერთი ღამისთვის მოდის. რაც მთავარია, ბუხრის წინ ხალიჩა დაუგია… შეშაც მომარაგებული აქვს, – მეტი რა საჭიროა?..

გავთბი. უცებ, ხელი მისი ქურთუკის ჯიბეზე მომიხვდა. შიგნით რაღაცეები ეწყო, შეხებით საფულეს ჰგავდა. ერთი პატარა მოძრაობა და გავიგებდი მის ნამდვილ სახელს და გვარს, მაგრამ ვერ გავბედე სხვის ჯიბეში ხელის ჩაყოფა და სხვისი საბუთების გაქექვა. არადა, შეიძლება ასეთი შანსი მეორედ აღარც მომეცეს…

ცოტა ხანში უკან დაბრუნდა. ხელში დიდი ლანგარი ეჭირა, რომელზეც ერთჯერად მუყაოს თეფშებზე ლამაზად დაწყობილი შვეიცარული ყველი, ლორი, პურის პატარა ნაჭრები და ზეთის ხილი ეწყო. და კიდევ, სკოტჩ ვისკი _ “Johnny Walker”-ის  Black Label-ი. ახლა მართლა შეიძლება ითქვას, რომ მეტი არც არაფერია საჭირო.

ლანგარი ხალიჩაზე დადგა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა.

– ჭიქები არ მაქვს. ბოთლიდან დალევ?

– რატომაც არა… – ბოთლი გამოვართვი და სამჯერ მოვსვი. რომ დავდგი, აიღო და თვითონაც მოსვა. ეს გარემო და ერთი ბოთლიდან ვისკის დალევა საკმაოდ ინტიმურია…

– ვიცი, რომ ბევრი კითხვა გაგიჩნდებოდა… როგორ გიპოვე, რატომ დაგიკომენტარე საიტზე, აქ რატომ წამოგიყვანე…

– რაღაც მოსაზრებები მაქვს!

– გამიმხელ?

– რა პრობლემაა! – ისევ მოვსვი ვისკი.

– ვფიქრობ, რომ შემთხვევით მიპოვე. თქვენმა კომპანიამ უჩივლა სასმელების კომპანიას რეკლამისთვის, რომელიც მე გადავიღე… ბუნებრივია, მოიძიებდით სრულ ინფორმაციას. რომელ სარეკლამო სააგენტოს დაუკვეთეს რეკლამა და ვინ იყო პოსტერის ავტორი… ჩემი სახელი და გვარის მოძებნით, ადვილად ნახავდი ჩემს საიტს, სადაც ალბათ გაეცანი ბლოგებს… და უცებ აღმოაჩინე “02:08”…

– ეგრე იყო! – თქვა, ვისკი მოსვა და ბოთლი ისევ მე გამომიწოდა.

– შენი შარში გახვევა არ იყო ჩვენი მიზანი… ვწუხვარ, თუ დაგაზარალეთ…

– ამ საქმეს ძალიან კარგი ადვოკატი უძღვება! მე მარცხის არ მეშინია…

ვისკი მოვსვი და ყველის ნაჭერი ავიღე.

– შენ რას ფიქრობ ჩემზე? რატომ მოვედი შესახვედრად და რატომ ჩავჯექი შენს მანქანაში?

– იმიტომ, რომ გაინტერესებდა! როგორც ჩანს, შენზე ძლიერი შთაბეჭდილება მოვახდინე. ყოველ ღამე ერთიდაიგივე სიზმარი გესიზმრებოდა. შენმა ქვეცნობიერმა დაიმახსოვრა ჩემი მანქანის ნომერი… მე არ ვეცადე შენი ტელეფონის ნომრის გაგება, რასაც სხვა აუცილებლად გააკეთებდა. უფრო მეტიც, შენი სახელიც არ მიკითხავს…

– და ახლა რატომ დაინტერესდი?

– ასე მგონია, რომ შენ არ ჰგავხარ სხვებს… არ ხარ ზედაპირული. შენი ბლოგები წავიკითხე და გამიჩნდა სურვილი, რომ უფრო ახლოს გამეცანი…

კიდევ მოსვა ვისკი. ასეთი ტემპით თუ გავაგრძელებ სმას, მალე ალბათ გავითიშები…

– ახლა შენ მითხარი, როგორი გგონივარ?

აღარ მციოდა. მისი ქურთუკი გვერდით გადავდე.

– მე ვფიქრობ, რომ შენ იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნები, ვინც მუდამ რაღაცის ძიებაშია. მგონია, რომ რაღაცას ეძებ და ვერ გიპოვია… გიყვარს საკუთარი თავის ჭკვიან ადამიანად წარმოჩენა. შეიძლება ოდნავ განდიდების მანიითაც იყო შეპყრობილი… საკუთარი საქციელი თავადვე მოგწონს. ალბათ წინასწარ გაქვს გათვლილი ყოველი შენი ნაბიჯი და სპონტანურად არაფერს აკეთებ… ამ ყველაფერში გარეგნობა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსიც გიწყობს ხელს… ვფიქრობ, მალე გბეზრდება “მოპოვებული” და ახლის ძიებას იწყებ…

ყურადღებით მომისმინა. ბოლოს გაიღიმა. ე.ი. მართალი ვარ…

– შენს შესახებ რას მომიყვები? – ხალიჩაზე ნახევრად გადაწვა და იდაყვებით დაეყრდნო.

– არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი! და ბევრიც არაფერია მოსაყოლი… თუ რამე კონკრეტული გაინტერესებს, მკითხე!

– აზარტული ხარ?

– აზარტული თამაშების მიმართ არა… კაზინოს ვგულისხმობ!

– მაგ კუთხით არც მე გეკითხები… ისე, ზოგადად?

– ამ ბოლო დროს გავხდი მგონი, აზარტული…

– რისკიანიც? შეიძლება ითქვას, რომ შენ დღეს რისკზე წახვედი…

_ და Black Label-ს ვსვამ!

– რომელშიც დაახლოებით ორმოცამდე ვისკის ნაზავია და თითოეული არანაკლებ 12 წლიანი დაძველებისაა, – შამპანურს ნამდვილად სჯობს!

გაიღიმა და თავისი ხელით ჩამიდო პირში ზეთისხილი. “ახლა რომ რამე დააპიროს, მზად ვარ?” – გავიფიქრე და დავიძაბე. ალბათ არანორმალური ვარ, რომ ამ წუთამდე სექსზე არ მიფიქრია… აბა, სხვა რისთვის მომიყვანდა აქ ასეთ დროს?..

კიდევ დავლიე. შევატყე, რომ სასმელმა კარგად იმოქმედა. ზედმეტადაც… თავბრუ დამეხვა და ძილი მომერია. კიდევ ერთი ყველის ნაჭერი ავიღე, რომ ცოტა გამოვსულიყავი მდგომარეობიდან.

– შეყვარებული გყავს, ლუ?

მისი ხმაც თითქოს შორიდან ჩამესმა. – რატომ მეძინება? ძილის წამალს ვერ შეურევდა სასმელში, თვითონაც ხომ სვამს?.. არ უნდა დამელია ამდენი…

– არა… არ მყავს…

ვუთხარი და წამოდგომა დავაპირე, მაგრამ ვერ შევძელი. უარესად დამეხვა თავბრუ.

– ცუდად ხომ არ ხარ?..

მკითხა და ხელი ზურგზე დამადო. ყოველი მისი შეხება ჩემს ჰორმონებზე სასწაულებრივად მოქმედებს.

– ცუდად არა, უბრალოდ თავბრუ დამეხვა!

– როგორი ნაზი ხარ! ერთმა ტაბლეტმა “LSD”-მ კინაღამ დაგაბრმავა, ახლა ეს… ვისკი ხომ დაგილევია?

– ამდენი არა… ძალიან მეძინება!

ხალიჩაზე დავწექი. მთელი ოთახი ტრიალებდა…

– ნუ გეშინია, მალე გადაგივლის!.. – მითხრა და თავისი ქურთუკი მომაფარა.

– “ცისარტყელები” მართლა არ გახსოვს, თუ…

წინადადება ვეღარ დავამთავრე, ისე გავითიშე. არ ვიცი, რამდენი ხანს მეძინა. რაღაც მომენტში თვალები ნახევრად გავახილე და ბუნდოვნად დავინახე, რომ ბუხართან იყო ჩაკუზული. ეტყობა შეშა შეუკეთა. მერე ისევ დამეძინა.

ძილში თითქოს რამოდენიმეჯერ ვიგრძენი, როგორ გამისინჯა მაჯა და შუბლზე ხელი დამადო. ამ მომენტებში გამოფხიზლებას ვცდილობდი, მაგრამ თითქოს ნარკოზი მქონდა გაკეთებული…

როგორც იქნა გამეღვიძა. ალბათ გვიანი ღამე იყო, რადგან ოთახში საკმაოდ ბნელოდა. არ ვიცოდი საიდან ინთებოდა სინათლე. ბუხარი ისევ ენთო. ხალიჩის გარშემო, რამოდენიმე პატარა სანთელი დაელაგებინა…

მივიხედ-მოვიხედე. თვითონ არსად ჩანდა. წამოვდექი და დავუძახე. ხმა უარესად წამსვლია. პასუხი არ გამცა. შევამჩნიე, რომ ფეხსაცმელები არ მეცვა. არ მახსოვს, მე თვითონ გავიხადე, თუ მან გამხადა…

სანთელი ავიღე რომ მომეძებნა. შეიძლება სხვა ოთახშიც სძინავს…

უცებ, ფეხი რაღაც მაგარს და ცივს დავაბიჯე. დავიხარე. ხალიჩაზე მონადირის დანა ეგდო…

შემეშინდა. – საიდან გაჩნდა აქ ეს დანა? რაში სჭირდება? ამხელა დანას, შარვალში ვერ ჩაიდებდა, ალბათ აქ ქონდა დატოვებული.

ამჯერად აღარ გამიჭირდა მისი ქურთუკის ჯიბეების შემოწმება, მაგრამ ის საფულე იქ აღარ იყო. როგორც ჩანს, ამოიღო. ერთ ხელში დანა მეჭირა, მეორეთი ისევ სანთელი ავიღე და ფეხშიშველი, ფრთილად გავემართე მეორე ოთახისკენ.

ტუბუსი (ეპიზოდი X)

10

“ლუ კეთილი გოგოა. დილით ადრე დგება, წინსაფარს იკეთებს და საქმეს შეუდგება. პირველ რიგში ფეჩს გაახურებს, რომ თავისი პატარა ხის სახლი გაათბოს… მერე მაჭკატებს აცხობს… პატარა სამზარეულოში მადის აღმძვრელი სუნი ტრიალებს… ლუ ერთ ცალს მაჭკატს დაფშვნის და გაღებული ფანჯრის რაფაზე დაყრის. მალე მისი ერთადერთი სტუმარი, პატარა ჩიტუნია მოფრინდება, რომ ნამცეცები აკენკოს. ლუს წინსაფარი უკეთია და სამზარეულოს გვის… ლუ კეთილია…”

პატარა რომ ვიყავი, დედა ყოველ ღამე, ძილის წინ ზღაპარს მიყვებოდა. რამოდენიმე სათაურს ჩამოთვლიდა და იქიდან ერთი უნდა ამომერჩია. არადა, როგორ მინდოდა ორი მაინც მოეყოლა…

ცოტას დავფიქრდებოდი და თითქმის ყოველთვის ერთ სათაურს ვასახელებდი, – “ზღაპარი ლუზე”…

ვიცოდი, რომ ეს ამბავი, დედას გამოგონილი იყო, მაგრამ ყველაზე ძალიან მიყვარდა… ალბათ იმიტომ, რომ ზღაპრის გმირს ჩემი სახელი ერქვა და კეთილი იყო. მისი სახლის ყოველი სანტიმეტრი წარმოდგენილი მქონდა. როგორი წინსაფარი ეკეთა ისიც, სულ მაინტერესებდა, ლუ რომ ასეთი კეთილი და მშრომელი იყო, რატომ ჰყავდა მხოლოდ ერთი მეგობარი, თან ჩიტი?..

დედამ არ იცოდა, რამხელა გავლენა იქონია ჩემზე ამ უწყინარმა ზღაპარმა… ბავშვობაში საშინლად მეშინოდა სიბნელის. ღამე მეჩვენებოდა, რომ საგნები მოძრაობდნენ… ოთახში, სადაც შუქი ჩამქრალი იყო, არაფრის დიდებით არ შევდიოდი… ხოლო როდესაც შიში ამიტანდა, მაშინვე თვალებს ვხუჭავდი და წარმოვიდგენდი, როგორ აცხობდა მაჭკატებს ლუ…

ახლა უკვე დიდი გოგო ვარ, მაგრამ ხანდახან მაინც შემიპყრობს ხოლმე შიში…

მარჯვენა ხელში დანა მიჭირავს, მარცხენაში სანთელი და იმ კარს ვუახლოვდები, საიდანაც საჭმელი გამოიტანა ლანგრით…

“ლუს სახლი თბილია და მზიანი…” – მეფიქრება თავისით. ალბათ ჩემი თავდაცვის მექანიზმი ამუშავდა… კარი შევაღე. აქ ალბათ მომავალში სამზარეულო იქნება. ახლა ცარიელია.

შევედი. მხოლოდ მაცივარი და ჭურჭლის გასარეცხი ნიჟარა იდგა. მაცივრის საყინულე გამოვაღე და დანა შიგნით შევაგდე. თუ ჩემი მოკვლა უნდა (რაც ძალიან მეეჭვება), ხელიდან უფრო ადვილად წამართმევს, ვიდრე აქ იპოვნის.

ისევ უკან გამოვბრუნდი. – ნეტა სად წავიდა? სინათლე არც მეორე სართულიდან არ ჩამოდიოდა. კიბესთან ჩემი ფეხსაცმელები დავინახე და ჩავიცვი. მერე ფეხაკრეფით ავიარე საფეხურები…

“შეიძლება მაღლაა და სძინავს”, – გავიფიქრე და მეორე სართულის კორიდორს გავუყევი. პირველი ორი კარი, სააბაზანოს და ტუალეტის აღმოჩნდა. აქ უნიტაზიც იდგა და საშხაპეც. მხოლოდ პირსაბანი არ იყო ჯერ დამონტაჟებული. მესამე კარი სავარაუდოდ გარდერობის ოთახისთვის იქნებოდა განკუთვნილი. ჩემგან მარცხნივ, კარი ნახევრად შეღებული იყო. კედელს ზურგით მივეყუდე და კარს ხელი ვკარი, რომ გაღებულიყო. ოთახი ცარიელი იყო და შიგნით შევედი.

ფანჯარასთან, იატაკზე დიდი მატრასი იდო, საწოლის დაშლილი ნაწილები კი, კედელზე მიეყუდებინათ. მატრასზე დაკეცილი პლედი და ფორმატის შესანახი მინის ტუბუსი იდო. ალბათ აქ რჩება ხოლმე ხანდახან…

მატრასზე მუხლებით დავდექი, სანთელი გვერდით მოვიდგი და ტუბუსი გავხსენი. იქიდან დახვეული ფორმატი ამოვიღე და გავშალე. რაღაც შენობის სქემა იყო დახაზული. სანთელი მივანათე. ფორმატის ზედა, მარცხენა კუთხეში ეწერა: -” მეცხრე ფლიგელი”.

ნახაზს დავაკვირდი. შენობის დახურულ სივრცეს ჰგავდა, ბევრი გასასვლელ-გამოსასვლელით. არსად არ იყო აღნიშნული ფანჯარა და კიბე. მხოლოდ ერთ ადგილზე ეწერა წითლად EXIთ, რომელიც ლიფტს მივამსგავსე. როგორც ჩანს, “მეცხრე ფლიგელში” მოხვედრა, მხოლოდ ლიფტიდანაა შესაძლებელი.

ფორმატი გადმოვაბრუნე, მაგრამ არსად ეწერა პროექტის სახელწოდება, არც მისამართი. საინტერესოა, რისი სქემა უნდა იყოს?

ფორმატი გაშლილი დავტოვე და ქვემოთ ჩავედი, რომ ჩანთიდან მობილური ამომეღო. მერე ისევ იმ ოთახში დავბრუნდი და ნახაზს სურათები გადავუღე.

ფორმატი ისევ დავახვიე, ტუბუსში მოვათავსე და ზუსტად ისე დავდე, როგორც ჩემს მოსვლამდე იდო. სანთელი ავიღე და ისევ კორიდორში გავედი. მეორე სართულზე სულ ხუთი ოთახი იყო. დანარჩენი ოთხები ცარიელი აღმოჩნდა.

ბოლო ოთახის ფანჯარა ღია დაეტოვებინათ და როგორც კი კარი შევაღე, ნიავმა სანთელი ჩამიქრო. უკუნეთი სიბნელე გამეფდა. მობილური ამოვიღე, რომ უკან გამოვბრუნებულიყავი. ეკრანი სუსტად ანათებდა. კიბისკენ მივდიოდი. ჩემში ბავშვობის შიშმა გაიღვიძა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სიბნელიდან ვიღაც მიყურებდა, მაკვირდებოდა… საკუთარი გულისცემის ხმა მესმოდა. ამ ადგილმა, სახლმა და ნაპოვნმა ტუბუსმა, მისტიკური განწყობა უფრო გამიმძაფრა.

კიბეზე რომ ჩავდიოდი, ასე მეგონა, ვიღაცის ხელი უცებ ფეხებში მწვდებოდა… ჩემს მეხსიერებაში, მექანიკურად გაცოცხლდა სცენა იმ ზღაპრიდან… საოცრად მყუდრო სახლი, მზით განათებული… თბილა… მაჭკატების სუნი დგას… – ახლა მივხვდი, ეს წარმოსახვითი გარემო, ჩემთვის ყოველთვის თავშესაფარივით იყო… როცა მეშინოდა ან დისკომფორტს ვგრძნობდი, თვალებს ვხუჭავდი და იმ გარემოში აღმოვჩნდებოდი, სადაც ყველანაირი საფრთხისაგან დაცული ვიყავი…

“ლუმ არ იცოდა რა იყო ჩრდილი, რადგან მის სახლში, ყველა კუთხე-კუნჭული ყოველთვის განათებული იყო…”

ბუხართან დავდექი და შვებით ამოვისუნთქე… შეშა ჩამწვარიყო და ნახშირი წითლად ღვიოდა. ზოგიერთი სანთელი ბოლომდე ჩამწვარიყო.

მობილურს დავხედე. ექვსის ნახევარია. სადაცაა ირიჟრაჟებს. _ რატომ დამტოვა? სად წავიდა?.. რამე საქმე გამოუჩნდა, თუ სპეციალურად დამტოვა მარტო?.. რატომ მეთამაშება, რაში სჭირდება ეს ყველაფერი?…

უამრავი კითხვა მიტრიალებდა თავში. მობილურმა დაიწრუპუნა, ელემენტი მალე დაჯდება. ხომ არ ჯობია მოვასწრო და ლაშას დავურეკო? რომ წამიყვანოს აქედან?..

მაგრამ, რას იფიქრებს… ვის გავყევი… სად ვარ… თან, ზუსტი მისამართიც არ ვიცი.. ამერიკულ სოფელში ვარ, რომელიც დიდი დიღმის გადასახვევშია. ლაშას აქ არ შემოუშვებენ. მე შემიძლია ჭიშკართან მივიდე ფეხით. როგორც მახსოვს, არც ისე შორს არ უნდა იყოს. თან, გარეთ გზები განათებულია…

გადავწყვიტე როგორმე ჩემით წავსულიყავი აქედან. კართან მივედი. დაკეტილი დამხვდა. ალბათ გარედან ჩამკეტა. ფანჯარა გავაღე, რაფაზე დავჯექი, ფეხები გარეთ გადავყავი და დაახლოებით ორი მეტრი სიმაღლიდან ჩავხტი.

მანქანა აღარ იდგა. ცენტრალურ გზაზე გავედი და იმ მიმართულებით წავედი, საიდანაც შემოვედით.

ზოგიერთი სახლი ცარიელი იყო. ზოგშიც ცხოვრობდნენ, მაგრამ ახლა ყველას ეძინა. ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, როგორც სტივენ კინგის რომანებშია… თითქოს ყველა სულიერი გაქრა და დავრჩი მხოლოდ მე…

შემოდგომის სუსხმა მთელს სხეულში დამიარა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სხვა განზომილებაში მოვხვდი და ეს ყველაფერი ჩემს თავს არ ხდებოდა…

“ერთხელ, ლუმ გადაწყვიტა გარეთ გაესეირნა. დროის შეგრძნება დაკარგა და იმ ტყის საზღვრებს გაცდა, სადაც მისი სახლი იყო. ლუ პატარა სოფელში მოხვდა. მზე ჩადიოდა და უკან გაბრუნებას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ, ლუმ გადაწყვიტა ვინმესთვის ერთი ღამით თავშესაფარი ეთხოვა.

ლუმ არ იცოდა, რომ ბოროტი ადამიანებიც არსებობდნენ… მზე ხეებს მიეფარა და მან აღმოაჩინა, რომ ადამიანებს უკან ბნელი ლანდები მიჰყვებოდნენ და ყველა მათ მოძრაობას, ზედმიწევნით ზუსტად იმეორებდნენ.”

სახლებთან ძვირფასი მანქანები ეყენა. ზოგან საქანელებიც იყო. რა ბედნიერებაა ამ პატარა სამყაროში ცხოვრება… სისუფთავე, სიმშვიდე, სილამაზე… სრული იდილია. რა ჯობია საკუთარ სახლს და ასეთ მშვენიერ ბაღს, სადაც გამოხვალ, დაისვენებ, ყავას მიირთმევ და ჟურნალს წაიკითხავ…

ჭიშკარს მივუახლოვდი და ირიჟრაჟა კიდეც. შიშიც თავისთავად გაქრა. მისი პირველი წამალი ხომ სინათლეა?

დაცვას არ ეძინა. მომეჩვენა, რომ ირონიული ღიმილით გამომაყოლა თვალი. თითქოს იცოდა აქ “რა საქმისთვისაც” ვიყავი…

მორჩა! ტერიტორია დავტოვე და გარეთ გამოვედი…

“- უკაცრავად, ვიღაც მოგდევთ! – უთხრა ლუმ პირველივე შემხვედრ ზორბა მამაკაცს. ზორბამ უკმაყოფილო სახით უკან მიიხედა და ლუს შეუბღვირა: – რატომ იტყუები გოგონი?.. ლუმ ზორბა ისევ უკან მიახედა და მის ჩრდილზე მიუთითა.

– რა სულელური ხუმრობაა! ეს ხომ ჩემი ჩრდილია! შენ რა, აქამდე ჩრდილი არ გინახავს?

ლუმ უკან მიიხედა და საკუთარი ჩრდილი შენიშნა. – ე.ი. მასაც ჰყავს ბნელი აჩრდილი… “

როგორც იქნა ცენტრალურ გზაზე გავედი. შვიდ საათამდე არანაირი ტრანსპორტი არ გამოჩნდება. სადამდეც შევძლებ, ფეხით ვივლი…

ისევ არ გამომართვა ტელეფონის ნომერი. თუ მოუნდება ალბათ ბლოგზე დამიტოვებს კომენტარს… ჰგონია, რომ ისევ გამოვიქცევი მის შესახვედრად…

– გამოვიქცევი?..

ახლა არაფერი ვიცი. ფიქრის და განსჯის თავი არ მაქვს! არც სახლში მინდა მისვლა… იქაც არავინ მელოდება… სიმარტოვე… ეს სიმარტოვე და სიცარიელე მარტო ჩემს ირგვლივ კი არა, თვითონ ჩემს გულშია… რა მეგონა, რომ ეს შემივსებდა?.. ადამიანი, რომელმაც საკუთარი სახელი “დავუშვათ” გამიმხილა…

რა მინდა საერთოდ? ან ვინ ვარ?.. ფოტოგრაფი გოგონა, რომელიც მაშინ გრძნობს თავს კომფორტულად, როდესაც სამყაროს თავისი კამერის ობიექტივიდან უყურებს… ფოტოაპარატის ტუბუსიდან… აკვირდება და აფიქსირებს იმას, რაც მოსწონს, ან არ მოსწონს… _ დამკვირვებელი ვარ! უფრო სწორად, იქამდე ვიყავი, სანამ დროებით მხედველობა არ დავკარგე.

მხედველობის დაკარგვით მივხვდი, რომ კინაღამ ყველაფერი დავკარგე, მაგრამ, ახლა “დამკვირვებლის” სტატუსი აღარ მაკმაყოფილებს! ახლა მინდა, რომ მეც ჩავერიო მოვლენებში და რაც არ მომეწონება, შევცვალო კიდეც.

“ ჩრდილი, ადამიანს გაჩენის დღიდან თან სდევს და მის ყოველ მოძრაობას იმეორებს. _ იქნებ, ესაა ჩვენი ბნელი მხარე? სადაც ცხოვრობს შიში, შური, ბოროტება, დეპრესია და ყველაფერი უარყოფითი?… თუ ასეა, სამწუხაროა, რომ მას ვერასოდეს მოვიშორებთ… “

რვის ნახევარზე უკვე ბარნოვზე ვიყავი. კარი ლალიმ გამიღო. პერანგზე ხალათი ჰქონდა მოცმული. გავაღვიძე.

– ვაიმე, რა მოხდა ლუ? სად იყავი?..

– მამა სახლშია?..

– აბა სად იქნება ამ დილაადრიან… შემოდი, შემოდი… გავაღვიძებ!

– არა, არ გინდა ლალი… გადაღებაზე ვიყავით და რატომღაც აღარ მომინდა სახლში წასვლა…

ლალიმ ეჭვით შემომხედა. მგონი საერთოდ პირველად მნახა კაბაში… მით უმეტეს იცის, რომ გადაღებაზე ამ ფორმაში არ წავიდოდი…

– ფოტოაპარატი სადა გაქვს?..

– ყველაფერი მანქანას გავაყოლე! ძაან “ფეშენ” სიტუაციაში ვიყავი და სხვა ფორმით არ შემიშვებდნენ… ფოტოგრაფებიც “face” და “dress control”-ით შეუშვეს! – ვუთხარი და ნაძალადევად გავიღიმე.

– მოდი დაჯექი, დაისვენე, გაყინული ხარ! ლიმონიან ჩაის გაგიკეთებ, ხმაც სულ წაგსვლია. ჟაკეტი მაინც ჩაგეცვა…

მისაღებ ოთახში, დივანზე გადავწექი. მზე მანათებდა. ახლა ისე ვგრძნობდი თავს, როგორც ლუ თავის სახლში…

“მეცხრე ფლიგელი”… სად უნდა იყოს? როგორც კი ტელეფონს დავტენი, სურათებს კომპიუტერში გადავიტან…

უცებ გამიელვა გონებაში, – მამაჩემი ხომ არქიტექტორია? როგორც კი გაიღვიძებს, მაშინვე ვაჩვენებ სურათებს… იქნებ რამეს მიხვდეს…

სანამ ელემენტი ბოლომდე დაჯდებოდა, მოვასწარი და ის ფოტოები ტელეფონიდან ჩემს იმეილზე გავაგზავნე. მამა რომ გაიღვიძებს, მის კომპიუტერში ვანახებ…

– ლუ, უცებ მაჭკატებს გამოვაცხობ, შენ რომ გიყვარს. ცოტა ხანს დამელოდე, კარგი? – გამომძახა სამზარეულოდან ლალიმ.

“ ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია გაუსწროს საკუთარ ჩრდილს, თუ ჩრდილი წარმოიქმნება კედელზე, რომლის პარალელურადაც გარბის ადამიანი, ხოლო სინათლის წყარო ადამიანზე უფრო სწრაფად მოძრაობს იმავე მიმართულებით”, – ამიხსნა ერთხელ ჩემმა ფოტოგრაფიის მასწავლებელმა.

ზღაპარი ლუზე კი ასე დასრულდა:

“ ლუმ ის ღამე სოფელში გაატარა. ნახა, როგორ ეჩხუბა ბატონი თავის ყმას, რომელსაც შემთხვევით კალათიდან ერთი ცალი პური გადმოუვარდა. დუქანიც ნახა, სადაც მთვრალი კაცები ერთმანეთს ლანძღავდნენ. როგორ აწვალებდნენ ბავშვები კატას. ლუმ პირველად გაიგო, რომ ქვეყნად უსამართლობა არსებობს. ვახშმისა და თავშესაფრის საფასურად, დიასახლისმა მას საყურეები დაატოვებინა. დილით ლუ თავის მზიან სახლში დაბრუნდა. მთელი გზა ირბინა, რომ თავისი ჩრდილისთვის გაესწრო. – და გაასწრო კიდეც…

სახლში თავისი ერთგული მეგობარი ჩიტუნია ელოდებოდა…”

13 წლის რომ გავხდი, დედამ დაბადების დღეზე მწერალ – ადალბერტ ფონ შამისოს წიგნი, – “პეტერ შლემილის უცნაური თავგადასავალი” მაჩუქა. მაშინ გავიგე, რომ მან სწორედ ამ მოთხრობის გავლენით მოიგონა ჩემთვის “ზღაპარი ლუზე”.

ისევ დავუბრუნდი “რეალურ სამყაროს”. ისევ გაჩვეულებრივდა ყველაფერი… იქნებ, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია?.. იქნებ ახლა იწყება ნამდვილი “ზღაპარი ლუზე?”…

ლალისთან ერთად სამზარეულოში ვიჯექი, ცხელ ჩაის და მაჭკატებს მივირთმევდი, როცა მამაჩემი შემოვიდა.

სადაც არ უნდა იყო… (ეპიზოდი XI)

11

– მიწისქვეშა ბუნკერის გეგმას ჰგავს! ჭერი ნულოვან ნიშნულზე სამი ან ხუთი მეტრით დაბლაა. საიდან გაქვს, ლუ?

– ვიპოვნე! გრძელი ამბავია მამა, მერე მოგიყვები… დაახლოებით შეგიძლია განსაზღვრო ფართი?

– შეიძლება. სახაზავით გავზომავ კარს და ამის მიხედვით გამოვითვლი მიახლოებით ფართს. მაგრამ კარის ღიობი არსად არის აღნიშნული, არც ფანჯრის. დახურული სივრცეა, ეს ლიფტის შახტაა, ალბათ აქედან არის ჩასასვლელი… ლიფტის ზომებითაც შეიძლება მიახლოებითი ფართის განსაზღვრა. – ესენი სავენტილაციო შახტებია. ეს, დიდი დიამეტრის თუნუქის სავენტილაციო გამწოვი მილები. – კიდე რა გითხრა მამა… შეიძლება სათავსოც იყოს, თუმცა გეგმით თავშესაფარს უფრო ჰგავს, კედლების სისქის მიხედვითაც…

– და სახელი არაფერს გეუბნება? “მეცხრე ფლიგელი?”

– ფლიგელი საერთოდ შენობის გვერდითი მინაშენი ან დიდი შენობის ეზოში მოქცეული პატარა შენობაა! რად გინდა ეს? გჭირდება რამეში?

– შეიძლება გადასაღებად დამჭირდეს. ძველი, მიტოვებული ბუნკერი თუა… მაა, ზეგ მანქანა ჩამომივა და გადაფორმებაში დამეხმარები?

– აბა რას ვიზამ! ყველაფერს მე მოგიგვარებ! ჩვენ რა გაჩუქოთ? რა გაგიხარდება ყველაზე მეტად?

– არაფერი მამა, არაფერი არ მინდა…

– ყველას უნდა რაღაც… შენც გენდომება! – მოიფიქრე და გვითხარი!

– კარგი!

მამამ სახლში გამიყვანა მანქანით. სანამ შხაპი მივიღე და ჩავიცვი, სულ ჩემს ბლოგზე ვფიქრობდი. – დატოვა თუ არა კომენტარი, მაგრამ საკუთარი თავი დავძლიე და კომპიუტერს არც მივკარებივარ…

ლაშას გარდა ყველა ოფისში დამხვდა. “სამეფოს” დამკვეთი ლექსოს კაბინეტში იჯდა და დიდ ეკრანზე მარტვილში გადაღებულ სურათებს ათვალიერებდა. რომ შევედი, ფეხზე წამოდგა და კმაყოფილმა ხელი ჩამომართვა.

– შესანიშნავია! ზღაპრული ფოტოებია! ძალიან მიჭირს ამორჩევა… “ფლეშკით” მიმაქვს ყველა და დირექტორსაც ვანახებ. გადაწყვეტილებას შეგატყობინებთ, რომელს ავარჩევთ რეკლამისთვის.

– მიხარია რომ მოგეწონათ! – ვუთხარი და მაგიდასთან დავჯექი. ცოტა ხანს ვისაუბრეთ, მერე ლექსომ გააცილა. კაბინეტში მარტო დავრჩი. გული დამძიმებული მქონდა. იმედგაცრუებას ვგრძნობდი იმის გამო, რომ დამტოვა… ვერაფრით ვერ ვხვდები ეს რატომ გააკეთა? დანა რატომ დააგდო? ან გარედან რატომ ჩამკეტა?..

უცებ ერთმა აზრმა გამიელვა თავში. დავუშვათ ის დანა რაიმე ნივთმტკიცებას წარმოადგენს… მე კიდევ ხელში ავიღე და ზედ ჩემი თითის ანაბეჭდები დაფიქსირდა…

უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში ბევრი საეჭვო რამაა, მაინც არამგონია, რომ რაიმე მაქინაციას ჰქონდეს ადგილი…

ოთახში ლაშა შემოვიდა და მომესალმა. ის შეგრძნება, რომელიც მის მიმართ გამიჩნდა, გუშინდელმა ღამემ მთლიანად გადაფარა… ლაშასთან როცა ვარ, თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. მომწონს კიდეც, მაგრამ საკმარისია ის გამოჩნდეს, რომ მაშინვე ყველაფერი თავდაყირა დგება… თუ აქამდე საკუთარ ემოციებს და საქციელს მე ვაკონტროლებდი, ახლა პირიქით ხდება, იმპულსები მმართავენ.

– გილოცავ! ძალიან კმაყოფილი დარჩა “სამეფოს” მარკეტინგის მენეჯერი.

– აჰაა, შენ როგორ ხარ?

– მე კარგად, მაგრამ შენ რაღაც დაღლილი მეჩვენები. ხმა უარესად გაქვს ჩახლეჩილი. წამალი არ დალიე?

– არა, დამავიწყდა! გუშინ ცუდად მეძინა…

– დღეს არ უნდა მოსულიყავი… გინდა, სახლში წაგიყვან?

– არა, არ მინდა სახლში! აქ მირჩევნია, თქვენთან…

ლექსო დაბრუნდა.

– მოკლედ, კარგად მიდის ჩვენი საქმეები… აქაც და სასამართლოშიც…

– უი, რა ხდება მართლა?

– “არწივებმა” სარჩელი გააუქმეს! ძალიან მაღლა მოუნდათ აფრენა და ფრთები მოეწვათ! – თქვა ლაშამ და გაიცინა.

– ჰოდა, ძალიან კარგი! ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში… – ვთქვი ჩემი ხრინწიანი ხმით.

– გაციებული თუ ხარ, ვერ დამირეკე? – მკითხა ლექსომ.

– რამე სერიოზული კი არ მჭირს, ბ-ნო ლექსო… უბრალოდ ხმა წამივიდა.

– არ მომწონს შენი ფერი! წადი, წადი! დღეს ისეთი არაფერი არ ხდება მაინც. აი, ლაშა გაგიყვანს!

– კარგით, რადგან მაგდებთ… – ორივეს გაგვეცინა. ლექსომ ხელი მეგობრულად დამკრა მხარზე. მე და ლაშა წამოვედით.

– დღეს ჭამე რამე? – მკითხა ლაშამ მანქანაში რომ ჩავჯექით.

– ვისაუზმე.

– სადილად გეპატიჟები! ისეთი მაგარი ადგილი ვიცი, ხედი მთელ თბილისზე იშლება.

– კარგი… წავიდეთ!

სახლში წასვლა არ მინდოდა და ლაშას წინადადებას დავთანხმდი. ახლა მჭირდება, რომ რაღაცაზე გადავერთო.

რესტორნიდან მთელი თბილისი ხელისგულივით ჩანდა. თბილოდა. ამიტომ, მე და ლაშა გარეთ დავსხედით.

– მობილური რატომ გქონდა დილით გამორთული? გირეკავდი. ვიფიქრე სახლში გავუვლი და კომპანიაში ერთად წავალთ-მეთქი…

– უი, მობილური სულ არ გამხსენებია! გუშინ ელემენტი დამიჯდა და დილით დატენვა დამავიწყდა…

– ლუ, რამე გაწუხებს?… მთელი გზა ხმა არ ამოგიღია და სევდიანი მეჩვენები…

– მხიარული ისედაც არ ვარ, ლაშა…

– ეგ შეგამჩნიე. გულჩათხრობილი ხარ… თითქოს სულ ცდილობ, რომ ახლოს არავინ მიუშვა. დისტანციას იცავ… რა გაქვს ისეთი, რაც არ გინდა რომ სხვებმა დაინახონ?

– უბრალოდ, არ მიყვარს გრძნობების აფიშირება! რაც ჩემია, ჩემი უნდა იყოს…

– ხანდახან არ გინდება ვინმეს მოუყვე რაც გაწუხებს? გაუზიარო?..

– გაგიკვირდება და არა! – არ მინდება!

– ადრეც გითხარი და გაგიმეორებ, შენნაირ ქალს არ შევხვედრივარ აქამდე. რაც დრო გადის, მით უფრო მეტად მიმძაფრდება შენთან ურთიერთობის სურვილი. შენს სამყაროში მინდა შემოვიდე… ვიცი, რომ ბევრ საინტერესო რაღაცას აღმოვაჩენ…

– გააჩნია რას მიიჩნევ საინტერესოდ… შეიძლება იმედიც გაგიცრუვდეს. მე მომსვლია ეგრე მაგალითად.

– ხშირად?

– უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ ჯერ არავის გაუმართლებია ჩემი იმედი… თუმცა, მეც არ ვიცი რისი იმედი მაქვს… კონკრეტულს კი არ ვეძებ რამეს… არც ვიცი, რა და სად მოვძებნო…

– ეს იმიტომ, რომ აქამდე არ გიფიქრია და არ გაქვს გაცნობიერებული რა გინდა! რისი პოვნა გინდა… მე დაახლოებით ვხვდები.

– რას?

– შენ ეძებ ადამიანს, – მამაკაცს, რომელიც შენს ცხოვრებაში განსაკუთრებულად შემოვა… მოულოდნელად შემოიჭრება! გააკეთებს იმას, რასაც ვერ წარმოიდგენდი… გაგაოცებს, აგაფორიაქებს, დაგაინტრიგებს, თავსაც დაგაკარგინებს…

– ეს საიდან მოიტანე, ლაშა?

ეჭვი შემეპარა. რამეს ხომ არ ხვდება? ან რამე ხომ არ გაიგო? მაგრამ საიდან უნდა გაეგო… თუმცა, გამომძიებლის პრაქტიკა კი აქვს, თან უშიშროებაშიც მუშაობდა. მაგრამ, არამგონია მე მაკონტროლებდეს.

– შენს ბლოგზე ყველა პოსტი წაკითხული მაქვს. შენი ნაწერებიდან, ბევრი რამ იგრძნობა… გარდა ამისა, საკმაოდ კარგად ვერკვევი ადამიანებში. _ შენ არ გაკმაყოფილებს სტანდარტული ურთიერთობები. მე რომ სხვა ვითარებაში გამეცანი, მეტი შანსი მექნებოდა. სამწუხაროა, რომ ასე არ მოხდა!

– ეგ რა შუაშია…

– შუაშია ლუ! კი, შენ გესიმპათიურები, მოგწონვარ, მაგრამ მხოლოდ ეს არ გაკმაყოფილებს…

დავფიქრდი. ლაშას ნათქვამი სიმართლესთან ახლოა. ჩემი ერთადერთი, ორმხრივი სიყვარული გამახსენდა. ერთი შეხედვით, ჩვენი ურთიერთობა იდეალურს ჰგავდა. სხვა გოგო ჩემს ადგილზე კმაყოფილი იქნებოდა. ძალიან ვუყვარდი, ზრუნავდა, ყურადღებას არ მაკლებდა. უჩემოდ არსად არ დადიოდა, მაგრამ მე ეს ყველაფერი მაღიზიანებდა. ეს ურთიერთობა ძალიან ერთფეროვანი იყო, არაფერი არ ხდებოდა. ამიტომ, ჩემთვის ეს არ იყო საკმარისი. რაღაც სხვა მინდოდა… უფრო ღრმა. უფრო განსაკუთრებული… ემოციურად დატვირთული…

ვისადილეთ. მერე კინოშიც წავედით. ცხრა საათი ხდებოდა, რომ მომიყვანა. მანქანიდან დადებითი ემოციებით დამუხტული გადმოვედი. სწორედ ეს მჭირდებოდა…

სახლში რომ შევედი, მუსიკა ჩავრთე და სამზარეულოსკენ წავედი, რომ ჩაიდანი დამედგა. კარზე ვიღაცამ ზარი დარეკა.

ვინ უნდა იყოს ასეთ დროს? ჩემთან მეზობლები არ შემოდიან. იქნებ ლაშაა?

ჭუჭრუტანაში გავიხედე, სიბნელე იყო. კარგად მახსოვს, რომ სადარბაზოში სინათლე ენთო… კარი ოდნავ გავაღე… უცებ, ვიღაც ძლიერად მოაწვა კარს და მეც ინერციით უკან დავიხიე. სანამ გონს მოვეგე, უკვე ჩემს პირისპირ იდგა…

მოულოდნელობისაგან მთელი სხეული ამიკანკალდა… ვერც დავიყვირე… თუმცა, რომც მეყვირა, ხმა მაინც არ ამომივიდოდა…

კარი მიხურა და საკეტი გადაატრიალა… მერე ჩემკენ შემობრუნდა, მომიახლოვდა და ხელები მხრებზე მომკიდა.

გული საშინლად მიცემდა… ისევ იგივე დამემართა… ვიგრძენი, როგორ ვკარგავდი კონტროლს საკუთარ თავზე…

– რატომ წახვედი? – მკითხა და უფრო მეტად მომიახლოვდა. ერთმანეთისაგან სულ რაღაც სანტიმეტრები გვაშორებდა.

– იმიტომ, რომ შენ დამტოვე!.. – ძლივს ამოვთქვი.

– ყავის საყიდლად გავედი და რომ დავბრუნდი, აღარ დამხვდი! შენთვის ყავა და შოკოლადი მომქონდა, რომ გამომეფხიზლებინე. შენ კიდე გამექეცი!..

ხელები გავაშვებინე და რამოდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე.

– როგორ გაიგე სად ვცხოვრობ?

– კლუბიდან რომ წამოგიყვანე დაგავიწყდა? სართულის და ბინის გაგება არ გამჭირვებია! მე შენზე ყველაფერი ვიცი!

– რა იცი?

– ყველაფერი…

– მე კიდევ, შენზე არაფერი არ ვიცი! არც არაფერს მეუბნები…

– რა მაქვს სათქმელი…

– ჰოდა, თუ სათქმელი არაფერი გაქვს, მაშინ წადი! საერთოდაც, აქ რისთვის მოხვედი?.. ან ჩემგან რა გინდა? რატომ მეთამაშები?..

– იმიტომ, რომ ეს შენც მოგწონს!

– კარგი, გამოგიტყდები და გეტყვი, რომ თავიდან მომწონდა… მაგრამ დავიღალე! ამიტომ, მითხარი აქ რისთვის მოხვედი და მერე წადი!..

– ტუბუსი ნახე?

ფითრი (ეპიზოდი XII)

12

– აქ იმისთვის მოხვედი, რომ ეგ გეკითხა? არავითარი ტუბუსი არ მინახავს! ვერ ვხვდები რაზე მეუბნები… ჯობია წახვიდე! – ვუთხარი და კარის გასაღებად გავემართე, მაგრამ შემაჩერა.

– ვიცი რომ ნახე!

– არ მინახავს-მეთქი… უკვე გიპასუხე! ასე, რომ დაკმაყოფილდი პასუხით და წადი!

– მატრასზე სანთლის წვეთები იყო… და არა მარტო მატრასზე! მეორე სართულის კორიდორში, იატაკზეც…

– კარგი, დავუშვათ ვნახე, რა მერე?

– არაფერი…

– როგორ არაფერი? აქ მოხვედი, რომ გაგერკვია, ვნახე თუ არა ის ტუბუსი… ალბათ რაღაც მნიშვნელოვანია, რახან მაგისთვის მოხვედი…

– არა, მარტო მაგისთვის არ მოვედი… შენ ჩემი ნივთი გაქვს…

– მე არაფერი წამომიღია შენი სახლიდან! – გავბრაზდი.

– შენ ჩემი დანა გაქვს!

– შენი დანა მე არ მაქვს, – საყინულეშია. – ვუთხარი და ისევ ვცადე კართან მისვლა. არც ამჯერად გამიშვა. კედელთან მიმიმწყვდია და წინ გადამიდგა. ხელებით კედელს ისე მიეყრდნო, რომ თავი ვეღარ დამეძვრინა.

– გამიშვი! – მკაცრი ტონით ვუთხარი და თავის განთავისუფლება ვცადე.

– ჯერ პასუხები მჭირდება შენგან…

– რა საინტერესოა! იდუმალებით მოცულ “ბატონ გამოცანას” პასუხები ნებავს…

– ირონია არ არის საჭირო! მოდი, ასე მოვიქცეთ. მე და შენ, ახლა ოთახში შევალთ, დავსხდებით და დავილაპარაკებთ!

– რატომ უნდა ველაპარაკო ისეთ ადამიანს ჩემს სახლში, რომლის შესახებაც არაფერი ვიცი?

– იმიტომ, რომ შენ, ასეთ ადამიანს ულაპარაკოდ გაყევი მის სახლში…

– კარგი, მოგისმენ… ოღონდ, დისტანცია დაიცავი!

გაეღიმა და გზა გამინთავისუფლა. მე მისაღები ოთახისკენ წავედი. უკან გამომყვა. მუსიკა ისევ ჩართული იყო. ორივე დივანზე დავსხედით.. ძალა მოვიკრიბე და ვკითხე:

– გისმენ, რა გაინტერესებს?

– როგორი მკაცრი ხარ… მოეშვი ცოტა… ნუ ხარ დაძაბული. მოდი, ჯერ შენ მკითხე, მე გიპასუხებ.

– შენ “თეთრი არწივის” დირექტორი, გიორგი ანდრიაძე ხარ?..

– ასეა! – მიპასუხა და გაეღიმა.

– შენი ჯერია, მკითხე! – ცოტა გავთამამდი.

– რა იფიქრე როდესაც დანა დაინახე, შეგეშინდა?

– არა, დავიბენი…

– არ ამბობ სიმართლეს, ლუ, – შეგეშინდა! საყინულეშიც მაგიტომ დამალე.

– სპეციალურად დააგდე ეგ დანა, ხომ? ჩემი რეაქცია გაინტერესებდა…

– არა! ეგ დანა სულ თან დამაქვს… არასოდეს ვიშორებ!

– რატომ?

– შეიძლება ოდესმე მოგიყვე-კიდეც…

– ახლა რატომ არა?

– იმიტომ, რომ მტკივნეული თემაა ჩემთვის…

– მაგრამ, შენ ხომ იმისთვის მოხვედი, რომ ჩემგან რაღაც პასუხები მიიღო? ხომ შევთანხმდით, რომ ეს ორმხრივი უნდა იყოს?..

– კარგი, რადგან დაგპირდი, დაგიკმაყოფილებ ცნობისმოყვარეობას. – რამოდენიმე წლის წინ, ქვეყნიდან გავემგზავრე… ეგვიპტეში. იქ რაღაც მოხდა. რაღაც ცუდი… მე და ჩემს მეგობარს თავს დაგვესხნენ…

როგორც კი მოყოლა დაიწყო, მაშინვე სახეზე გამომეტყველება შეეცვალა, აღელდა.

– მერე?

– საერთოდ, ეგვიპტელები ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობენ. ისეთი სიღარიბეა, რომ ტურისტებისთვის სახიფათოა მარტო, სასტუმროს გარეთ, ქუჩებში სიარული. შეიძლება თავს დაგესხას ვინმე, გაგძარცვოს… ჩემი მეგობარი, ადგილობრივებს მოელაპარაკა, რომ თავიანთი ტრანსპორტით ელ-გიზაში წავეყვანეთ. მათ კიდე, გაგვიტაცეს. დაახლოებით ერთი კვირა ვყავდით დამწყვდეულები სადღაც. გამოსასყიდს ითხოვდნენ…

ერთხელ, ერთ-ერთი მათგანი შემოვიდა, წყალი შემოგვიტანა. ქამარში დანა ედო. მე როგორღაც შევძელი და ის დანა ამოვაცალე. მერე შევებრძოლე, წავაქციე და ზემოდან მოვექეცი. ეგონა, რომ მოვკლავდი… მაგრამ ვერ შევძელი… რასაც ძალიან ვნანობ…

– რას ამბობ?.. რას ნანობ, რომ მკვლელი არ გახდი? – შევშფოთდი.

– ჩემი სისუსტის გამო, მაგ ნაბიჭვარმა მეგობარი მომიკლა… ის დანა, რომელიც ხელიდან გავაგდებინე, სულ თან დამაქვს. რამდენჯერაც დავხედავ, მახსენდება, რომ ჩემი მიზეზით…

უცებ გაჩუმდა და ღრმად ამოისუნთქა. ამ ამბავმა ჩემზე ძალიან იმოქმედა.

– ახლა ვნანობ, რომ ის დანა თან არ წამოვიღე და მტკვარში არ გადავაგდე! – ვუთხარი და ფეხზე ავდექი. გაკვირვებულმა შემომხედა.

– შენი რეაქცია გასაგებია, მაგრამ შენ არაფერი იცი…

– დანაშაულის შეგრძნება გაქვს, ეს ბუნებრივია, მაგრამ ის, რაც მოხდა, შენ ბრალი არ არის…

გამიღიმა.

– შენ ძალიან თბილი ხარ, ლუ… სითბოს და სიკეთეს ასხივებ…

– მაპატიე რომ გაგახსენე ეს ამბავი… არ მეგონა ასეთ რამეს თუ მომიყვებოდი…

– არაუშავს, ეგ ამბავი, მე ისედაც სულ მახსოვს… არც ერთი წამით არ მავიწყდება!

– შენი ჯერია, მკითხე რაც გინდა…

ფანჯარასთან მივედი. გავიგე, როგორ წამოდგა ისიც და ჩემკენ წამოვიდა.

– ნახაზმა დაგაინტერესა?

– სიმართლე გითხრა, ვერ გავიგე რა იყო… არქიტექტურაში და მშენებლობაში ვერ ვერკვევი, მხოლოდ ფოტოგრაფი ვარ!

მომიახლოვდა და გვერდით დამიდგა.

– როგორ არის შენი მტრედი? გამოვიდა დეპრესიიდან?

– საიდან იცი?.. თუმცა ჰოო, – ბლოგიდან. კი, გამოვიდა და მეორე ცოლიც მოიყვანა.

ვუყურებდი და თავი სიზმარში მეგონა. გონებაში არ ჯდებოდა, რომ ის ახლა ჩემს სახლში იყო.

– უცნაური შეგრძნება მაქვს… შენს გარემოში ვარ! რა კარგად გაქვს აღწერილი ეს გარემო პოსტში.

აივნის კარი გააღო და გავიდა. მეც გავყევი. მტრედებს გაეღვიძათ და კარადიდან ცაცხვის ხეზე გადაფრინდნენ, რომელიც ჩემი აივნის წინ იდგა. ხეზე, რამოდენიმე ადგილას ჩიტის ბუდის მსგავსი რაღაც იყო, ტოტებში გახლართული. ეს ადრეც შემიმჩნევია და ძალიან მიკვირდა, რას უნდა ნიშნავდეს ერთ ხეზე, ხუთი თუ ექვსი მოზრდილი ბუდე, რომელსაც ფრინველები ახლოსაც არ ეკარებიან.

– ამ ბუდეებს ხედავ? რამხელებია… არ შეიძლება იქ დაიძინონ ამ მტრედებმა და არ დააბინძურონ ჩემი აივანი?..

– ეგ ფითრია! – მიპასუხა და მოაჯირს იდაყვებით დაეყრდნო.

– რა არის?

– ფითრი! – პარაზიტი მცენარეა. სხვადასხვა ფოთლოვან და წიწვოვან ხეებზე პარაზიტობს. ძალიან შხამიანი ნაყოფი აქვს. საქართველოში მარტო ეს, – თეთრი ფითრია გავრცელებული…

– ზოგი ადამიანიც ასე არ არის?.. პარაზიტივით, სხვის ხარჯზე ცხოვრობს…

ჩემკენ შემობრუნდა და შემომხედა.

– საოცარი ადამიანი ხარ!

– გახსოვს, ბედნიერების რეცეპტზე რომ მკითხე?.. რატომ დამისვი ეგ შეკითხვა?

– ადამიანი ბედნიერია იმდენად, რამდენადაც სურს რომ ბედნიერი იყოს… ყველას უნდა, ბედნიერი იყოს, მაგრამ არც ერთ ადამიანს არ შეუძლია, ზუსტად განსაზღვროს რას ნიშნავს ბედნიერება… იმიტომ, რომ ის თვითონ ადამიანშია. ზოგი მხოლოდ ცხოვრების ბოლოს ხვდება, რომ თავს იტყუებდა და სჯეროდა, რომ ბედნიერი იყო… მაგრამ სინამდვილეში არ ყოფილა… ბედნიერება გონების განწყობის მიხედვით მოდის. ამიტომ, ეძებე ის შენში და არა სხვაგან… გახსოვდეს, რომ დრო არავის უცდის და რაც მეტ დროს დაუთმობ ბედნიერების ძებნას იქ, სადაც არ არის, მით უფრო ნაკლები დრო დაგრჩება იმისთვის, რომ ბედნიერებით ისიამოვნო!

– შენ ბედნიერი ხარ?

– უზომოდ… ვერ წარმოიდგენ, რა ბედნიერი ვარ ახლა, თუნდაც იმით, რომ შენ გელაპარაკები…

– რატომ?

– იცი, რაღაც მოახდინე შენ ჩემს ტვინში, ბევრ რამეს სხვა თვალით შემახედე… ჩვენი შეხვედრის პირველივე დღიდან ვიგრძენი შენი განსაკუთრებულობა… მაგრამ…

– რა?

– შეგიძლია ჩაი მოამზადო? – მკითხა უცებ.

– რასაკვირველია… ჩაის მოვიტან და გავაგრძელოთ საუბარი.

გამიღიმა.

-კარგი! – მერე, დახუჭე შენი ლამაზი თვალები და მე გავქრები…

სამზარეულოში გამოვედი. – რა იგულისხმა ბოლოს? სად უნდა გაქრეს?…

ჭიქებში ჩაი დავასხი და ლანგარზე დავაწყე. ძალიან უცნაური შეგრძნება მქონდა… რაღაცნაირი…

მისაღებ ოთახში გამოვიტანე ლანგარი და მაგიდაზე დავდგი.

– ჩაი მზადაა!

დავიძახე და აივნისკენ წავედი. იქ აღარ იდგა. არც მისაღებ ოთახში იყო. კორიდორში გავიხედე, სადარბაზოს კარი ღია დაეტოვებინა…

ქურთუკი ავიღე და კიბეები ჩავირბინე. ქუჩაში გამოვედი. არც შავი BMW იდგა სადმე, არც წითელი მუსტანგი…

– “დახუჭე შენი ლამაზი თვალები და მე გავქრები…”, – აი თურმე რა იგულისხმა… მართლა გაქრა!

ზუსტად იმ ცაცხვის ხის ქვეშ ვიდექი, რომელსაც ფითრი ჰქონდა… ავიხედე. უცებ ძალიან შემიყვარდა ეს ხე.

სახლში ამოვბრუნდი. ჩაი მარტომ დავლიე. მისი ჭიქა ხელუხლებელი იდგა. კიდევ ვერ დამეჯერებინა, რომ აქ მოვიდა… წარმომიდგენია, ალბათ როგორ გავფითრდი, როცა მოულოდნელად ჩემს სახლში შემოიჭრა… _ გავ-ფითრდი… ეს სიტყვაც ამ მცენარესთან იქნება დაკავშირებული…

იმ ღამეს დივანზე მეძინა. დილით მამას ზარმა გამაღვიძა.

– გეძინა?.. ის გეგმა ამოვბეჭდე და გავზომე! დაახლოებით 150-200 კვადრატული მეტრი იქნება…

– მადლობა მამა…

– რამდენ ხანში გამოგიარო? მანქანაზე არ გავიდეთ?

– ნახევარ საათში მზად ვიქნები.

პირი დავიბანე და გამოვიცვალე. ყავა გავიკეთე და კომპიუტერი ჩავრთე. ვიცოდი, რომ ახალი კომენტარი არ დამხვდებოდა, მაგრამ მაინც შევამოწმე ჩემი ბლოგი.

თავისი ყველა კომენტარი წაეშალა, რომელიც ალტერ ეგოს სახელით ჰქონდა დაწერილი. მხოლოდ ჩემი კომენტარებიღა იყო დარჩენილი. _ აქედანაც გაქრა.

ჩემი კომენტარებიც წავშალე. არ მესმის ამას რატომ აკეთებს… სახელი და გვარი ხომ უკვე ვიცი? ისიც ვიცი, სად მოვძებნო. გაქრობაში ნეტა რა იგულისხმა? ქვეყნიდან ხომ არ გაემგზავრა?

საღამოს მანქანა უკვე ჩემს განკარგულებაში იყო. როგორც იქნა, მეღირსა საკუთარი მანქანა. თათიას დავურეკე და სახლთან მივაკითხე, რომ ერთად გაგვესეირნა. საჩუქარი მომილოცა და გახარებული მანქანაში ჩახტა.

– სად მივდივართ?

– სადაც მეტყვი იქ წავიდეთ.

– ერთი იდეა მომივიდა! ნიკას სამსახურის ივენთია დღეს ერთ ბარში და შენ ლაშას დაურეკე და წამოიყვანე!

– რაღაც არ ვარ ეხლა მაგ განწყობაზე…

– მანქანა არ უნდა “დავასველოთ” აბა? თან კვირა დღეა! ნუ ხარ უჟმური რაა… მიდი, დაურეკე!

თათიამ მაიძულა ლაშასთვის დამერეკა. ერთ საათში ბარში დავთქვით შეხვედრა. სანამ ბარში მივიდოდით, ვერ მოვითმინე და გზაში თათიას ყველაფერი მოვუყევი. ჯერ აღშფოთდა, მერე ეწყინა, რომ აქამდე არ ვუთხარი, მერე მეჩხუბა და ბოლოს დამმოძღვრა. მოთმინებით გავუძელი ყველაფერს.

ბარში ბევრი ხალხი და მხიარული სიტუაცია იყო. ნიკა იქ დაგვხვდა. მალე ლაშაც მოვიდა და ოთხივე ერთ მაგიდასთან დავსხედით. მე და თათია მარტინის ვსვამდით, ბიჭები კონიაკს. სანამ ლაშა და ნიკა ლაპარაკობდნენ, თათიამ ტუალეტისკენ წამათრია.

– გოგო, ძალიან მომწონს ეს ლაშა! რა გინდა ვერ გავიგე?..

– ხო, კარგი ბიჭია. რა უნდა მინდოდეს?

– კარგი კი არა, იდეალურია!

– ჰოდა, ალბათ ეგ არის ის მიზეზი, რომელიც მაკავებს… ზედმეტად უნაკლოა. ყოველთვის იცის სად და როგორ მოიქცეს, ყველა სიტყვა გათვლილი აქვს…

– არანორმალური ხარ რაა… აბა ის მოგწონს? რო არც იცი ვინაა? იქნებ კრიმინალია? ან კანონიერი ქურდი? იქნებ იმ ბუნკერში ხალხიც ჰყავს გატაცებული და აწამებს?

– კარგი რა, თათ, რა თრილერს მიყვები…

– აბა ნაირ-ნაირი მანქანები რომ ყავს და 300 000 $- იანი სახლი? და ღმერთმა იცის საერთოდ რა ქონების პატრონია!

– ასე ყველაფრის ფასები საიდან იცი, ვგიჟდები რაა… უკვე ხომ ვიცი ვინც არის, – კომპანიის დირექტორია, – გიორგი ანდრიაძე.

– გეუბნები რაა, ამოიგდე თავიდან ეგ ტიპი! არ მომწონს! კარგს არაფერს მოგიტანს შენ მაგასთან ურთიერთობა! ვერ ატყობ, რომ გეთამაშება?

თათიას აღარ შევეწინააღმდეგე. აზრი არ ჰქონდა. მაგიდასთან რომ დავბრუნდით, ლაშა მობილურზე ლაპარაკობდა. როგორც კი გათიშა, მომიბრუნდა და მითხრა:

– ლექსო იყო!

– რაო?

ბარში ხმაური იყო. მისკენ ახლოს გადავიხარე, რომ გამეგო.

– “თეთრმა არწივმა” რეკლამა შეგვიკვეთა! – მოთხოვნა აქვთ, რომ შენ უნდა გადაიღო. დეტალებზე ხვალ ლექსო დაგველაპარაკება! არ მომწონს მათი სვლა… ძალიან საეჭვოა! ყველაფერი კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ, სანამ რამეს გადავწყვეტთ! ლუ, მგონი რაღაც ჩაიფიქრეს… სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ…

№ 25 (ეპიზოდი XIII)

13

დედას და მაიკლს სკაიპით ველაპარაკე და მანქანისთვის მადლობა გადავუხადე. ერთ კვირაში ჩემი დაბადების დღეა. სულ არ მედღესასწაულება. საერთოდაც, არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე. სევდიან განწყობაზე მაყენებს…

თათიამ გამაფრთხილა, რომ იმ რეკლამაზე უარი მეთქვა. მისი აზრით, ეს იდეაც გიორგის მოფიქრებული იქნება. ამაზე მეც ვიფიქრე. მისი გაქრობა, შემთხვევითი არ უნდა იყოს. რაღაც ჩაიფიქრა. რაც მეტს ვფიქრობ, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ჩემს ქვეცნობიერზე ახდენს გავლენას. თუ ამას განზრახ აკეთებს, საინტერესოა, რისი მიღწევა უნდა? უბრალოდ ერთობა თუ რამე მიზანი აქვს?..

ემოციურად ძალიან დავიღალე. შხაპი მივიღე და ადრე დავიძინე. უცნაური სიზმარი დამესიზმრა. _ ღამე იყო და ქუჩაში მივდიოდი. ასეთი ქუჩა არასოდეს მინახავს. ძველი, დაბრეცილი სახლები იდგა. ისევ ბურუსი იყო და ბნელოდა. უცებ, მწვანე შუქს მოვკარი თვალი და მისკენ წავედი. სინათლე, ერთ-ერთი სახლის კედელზე მიმაგრაბული ძველებური ლამპიონიდან გამოდიოდა. სწორედ ის ლამპიონი გამოსცემდა მწვანე შუქს. სახლს მხოლოდ ერთი ფანჯარა ჰქონდა, ხის ძველებური დარაბებით ჩარაზული. კედელზე, რკინის აბრა იყო მიმაგრებული, რომელზეც ნომერი ეწერა, – 25.

რომ გავიღვიძე, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ამ სიზმრიდან რაღაცას უნდა მივმხვდარიყავი. არადა, ასეთი სახლი ნამდვილად არ მინახავს…

დილის 9 საათზე, უკვე კომპანიის ოფისში ვიყავი. ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა ლექსო და დეტალურად მომიყვებოდა რეკლამის ამბავს.

ლუკა კომპიუტერში “სამეფოს” პოსტერს ამუშავებდა. მართლა ზღაპრული გამოდის. მარიტამ დამინახა თუ არა, ხელი დამიქნია.

– გოგო, სად დაიკარგე შენ? რა ხდება, მოგვიყევი!

– რა უნდა მოხდეს? ისეთი არაფერი… მანქანა ჩამომივიდა.

– ვაუ, გილოცავ! ისე, სულ მინდოდა მეკითხა შენთვის, ლაშასთან რამე ხომ არ ხდება?

– რა უნდა მოხდეს?

– ნუუ, თქვენს შორის?

– ისეთი არაფერი, უბრალოდ ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან.

– მაგარი კაი ტიპია!.. განათლებულია და სიმპათიურიც… თან, აშკარად მოწონხარ!

– საიდან მოიტანე?

– ეტყობა! ისე გიყურებს ხოლმე… შენ ვერ ამჩნევ?

– ნწწ…

– სულ არ მოგწონს?

– მარიტა, ახლა სერიოზული ურთიერთობები არ მინდა!

– სერიოზული რა აუცილებელია? ხანდახან არასერიოზულიც საჭიროა! აბა როდემდე უნდა იყო ეგრე? არ მოგბეზრდა ამ ფოტოაპარატის ჩხაკუნი?

– ჯერ არა! – გამეცინა. დავინახე, რომ ოფისში ლექსო და ლაშა შემოვიდნენ.

– მარ, მერე ვილაპარაკოთ კაი? ლექსოსთან სასწრაფო საქმე მაქვს! – ვუთხარი მარიტას და ლექსოსკენ გავქანდი.

მე, ლაშა და ლექსო კაბინეტში შევედით და მაგიდას შემოვუსხედით. ლაშას გამომეტყველებაზე შევატყე, რომ აშკარად არ მოსწონს ეს ამბავი.

– მოკლედ, გუშინ “თეთრი არწივის” მარკეტინგის მენეჯერი დამიკავშირდა. ძალიან სერიოზული შემოთავაზება აქვთ. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მსხვილი შეკვეთა, არასოდეს გვქონია. ამიტომ, უარი ჯერ არ მითქვამს. ყველაფერი იურიდიულად უნდა გადავამოწმოთ, ყველანაირი საეჭვო ვითარება უნდა გამოვრიცხოთ. ამ პირობაზე, ისინიც თანახმა არიან. ხელშეკრულებას გავაფორმებთ! – ლაშა, მოკლედ, ამ საქმეს შენ უნდა მიხედო!

– ბატონო ლექსო, რაღა დაგიმალოთ და ეს შემოთავაზება საეჭვოდ მიმაჩნია! რატომ მაინც და მაინც ჩვენი კომპანია? – რატომ აირჩიეს კონკრეტულად ის ფოტოგრაფი, რომელმაც მათი კონკურენტი კომპანიის რეკლამა გადაიღო? ეს საეჭვოდ არ გეჩვენებათ?

– ეგ კითხვა მე უკვე დავუსვი მაგათ მენეჯერს და პასუხიც მივიღე. – ის სასამართლო დავა რომ არ ყოფილიყო, მაინც თქვენ აგირჩევდითო. კიდევ მითხრა, კონკრეტულად ეგ გოგონა იმიტომ გვინდა, რომ განსხვავებული სტილი და ხედვა აქვს, ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენ გვჭირდებაო. მოკლედ, ლაშა, დღესვე წადი… გადაამოწმე ყველა დეტალი. მე რატომ მინდა ამ შეკვეთის აღება, საქმე მარტო ანაზღაურებაზე არაა… “თეთრი არწივი” ახალ სასმელს უშვებს. ევროპული სტანდარტებით დამზადებულ ღვინოს, რომელიც თავიდან შეზღუდული რაოდენობით გამოვა და მხოლოდ საექსპორტო იქნება! როგორც მითხრეს, იტალიაში გაუშვებენ. გადასაღებ ლოკაციასაც თვითონ შეარჩევენ. ლუ, შეიძლება იტალიაში მოგიწიოს წასვლა… დეტალებს დააზუსტებენ და თვითონ კომპანიის დირექტორი შეგხვდება და აგიხსნის ყველაფერს.

– იტალია ხომ ჩემი ოცნებაა…

აღმომხდა თავისით. იქ წასვლაზე ძალიან დიდი ხანია ვოცნებობ. თავში, ერთდროულად ათასნაირი აზრი მომაწვა. ე.ი. კომპანიაში დამიბარებს და პირადად შემხვდება… ოფიციალურ ვითარებაში. – ის გაქრობა რა საჭირო იყო საერთოდ, თუკი ისევ გამოჩნდებოდა?.. ეს იტალიაც, დამთხვევაა თუ… არა, ნამდვილად გავგიჟდები! ყველაფერს ერთმანეთს ვუკავშირებ უკვე…

– იტალიაში რა უნდა გადაიღოს ლუმ? ან რა საჭიროა, აქედან იქ, ფოტოგრაფის წაყვანა? არ მესმის… – ჩაილაპარაკა ლაშამ.

– რომელიღაც ტაძარი ახსენეს, რომლის მიმდებარე ტერიტორიებზეც, იტალიური ღვინის კომპანიის ვენახებია… იმ კომპანიასთან დადეს კონტრაქტი მგონი… რაც შეეხება ფოტოგრაფის წაყვანას, ქართველი უნდათ. ისეთი, ვინც ჩვენს კულტურაში ერკვევა. გარდა მაგისა, იქ სარეკლამო კამპანიის შეკვეთა გაცილებით ძვირი დაუჯდებოდათ, ვიდრე აქ!

– ბატონო ლექსო, რომელ ღვინოს უშვებენ? სახელი რა ერქმევა? – ვკითხე და მაგიდას იდაყვებით დავეყრდენი.

– “ნომერი ოცდახუთი”, ლუ!

როგორც ჩანს, აღელვება შემეტყო. ლექსოს კაბინეტიდან რომ გამოვედით, ლაშამ თავისი ოთახისაკენ წამიყვანა, რომ საუბარი ცალკე გაგვეგრძელებინა.

– ნერვიულობ?

– რაზე უნდა ვინერვიულო? რა უნდა დამიშავონ…

ვუპასუხე და ვეცადე რაც შეიძლებოდა უდარდელი გამომეტყველება მიმეღო.

– გამჩნევ, რომ არც შენ მოგწონს ეს ყველაფერი… ის კომენტარიც, ბლოგზე რომ დაგიწერეს… გული მიგრძნობს, რომ მაგათ ჩვენი კომპანიის, ან კონკრეტულად შენს მიმართ, სხვა დაინტერესება აქვთ, მაგრამ შენ ნურაფერზე ინერვიულებ! შენი დაცვა ჩემი საქმეა… არ დავუშვებ, რომ ზიანი მოგაყენონ!

– მადლობა ლაშა! არ მინდა, რომ ზედმეტი საზრუნავი შეგიქმნა… აქამდე, ყოველთვის ჩემით ვაგვარებდი პრობლემებს… არ ვარ მიჩვეული ასეთ ყურადღებას…

– მე არ ვაკეთებ იმას, რაც თვითონ არ მსიამოვნებს! – გამიღიმა ლაშამ და ცოტა ხანში, “თეთრი არწივის” იურისტის სანახავად წავიდა. მე ჩემს კომპიუტერს მივუჯექი და რაღაც სურათების თვალიერება დავიწყე უაზროდ… დრო რომ გამეყვანა… ღვინის სახელწოდებაზე ვფიქრობდი,  “№ 25”…

სიზმრების მისტიკური დანიშნულებების მიმართ, ყოველთვის სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. ყოველ შემთხვევაში, კლუბის ღამემდე… უნდა ვაღიარო, რომ სწორედ იმ დღიდან წაეწყო ჩემს ცხოვრებაში უცნაურ მოვლენათა ჯაჭვი. ჯერ ის ერთი და იგივე სიზმარი, 02:08 ნომრის მქონე მუსტანგზე, ახლა ეს…

– ლუკა! – დავუძახე და ჩემი გორგოლაჭებიანი სკამით ლუკას მაგიდასთან მივსრიალდი.

– რა იყო, მუზა?

-ადრე რომ მიყვებოდი, ფსიქოლოგიამ და ნუმეროლოგიამ დამაინტერესა და ვკითხულობ რაღაცეებსო, გახსოვს?

– ჰო, მერე?

– რაღაც რომ გკითხო, მოსულა?

– როდის იყო, რაღაცის კითხვისთვის ჩემგან ნებართვის აღება გჭირდებოდა? _ გაეცინა და სკამიანად ჩემკენ შემობრუნდა.

– სიზმარში რიცხვების ნახვა, რამეს ნიშნავს?

– აჰა, ეგ როგორაა იცი? სიზმარში, ციფრები და რიცხვები, რაღაცის მაჩვენებლები არიან, რომლებიც რაღაც კონკრეტული დროისთვის, ან მოვლენისთვის გვამზადებენ, ბიძგივითაა რა… თუ სიზმარში, რიცხვი ან თარიღი ჩაგესმის, ეს რაღაც ცუდის მანიშნებელია, უფრო იმის, რომ შენი აღსასრული ახლოსაა… მაგრამ, თუ ამ ციფრებს ხედავ ან კითხულობ, მაშინ რაღაცა მნიშვნელოვანი მოხდება, – გასაგებად გიხსნი?

– კიი, კიი… განაგრძე!

– ანუ, რიცხვები ერთგვარი მანიშნებელია, რომელიც გაჩვენებს კონკრეტულად იმ მოვლენას, რამაც ეს სიზმარი განაპირობა. როდესაც ხშირად ნახულობ ერთი და იგივე ციფრებს, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ მოვლენის შესახებ იღებ წინასწარ მინიშნებას, რომელიც მომავალში გავლენას მოახდენს რეალობაზე…

– რა საინტერესოა…

– რამ გაგახსენა ეგ? შენ ხომ არ გესიზმრება რამე?

– ცოტა ხნის წინ ერთი და იგივე რიცხვი მესიზმრებოდა, მერე აღარ… გუშინ ისევ ვნახე, ოღონდ ამჯერად სხვა რიცხვი, – 25 დამესიზმრა და დღეს ამიხდა.

– როგორ?

– ლექსომ მაცნობა, რომ ღვინის რეკლამა უნდა გადავიღო, რომელსაც “ნომერი ოცდახუთი” ჰქვია…

– კაი ტო… ვაა, რა მითხარი… მაგარი სტრანნია!

– საკმაოდ!..

სამსახურში საღამომდე დავრჩი. მაინტერესებდა ლაშა რა ამბავს მოიტანდა. როგორც იქნა მოვიდა და გვითხრა, რომ ყველაფერი გადაამოწმა და ჯერჯერობით დარღვევა ვერ აღმოაჩინა. კიდევ თქვა, რომ ხვალ, 11 საათზე დირექტორს უნდა შევხვდე…

ლაშამ დამარიგა, რომ ყველა დეტალი დაწვრილებით გამომეკითხა. სამსახურიდან თათიასთან წავედი. სამზარეულოში იყო და ვახშამს ამზადებდა. ჩემი სტუმრობა გაუხარდა, ერთად ვივახშმებთო. ხელები დავიბანე და სალათის დაჭრაში მოვეხმარე. თან, რეკლამაზეც მოვუყევი.

– რა არასერიოზულობაა! ხან გამოჩნდება, ხან გაქრება… არასტაბილური ტიპია! რას ჯეიმს ბონდობს, მაინც ვერ გავიგე…

– ვნახოთ ერთი, ხვალ რას მეტყვის…

– ჰოო, მეც მაინტერესებს! აუ, წამოგყვები რაა, არ შეიძლება?

– მარტო დამიბარა და რას იფიქრებს? შეეშინდა და დაქალი წამოიყვანაო… მოვუსმენ ერთი, რას მეტყვის!

– ნეტა იტალიაში გაგიშვებენ?.. ისე, ზოგადად მაგ ბიჭს არ ვენდობი, მაგრამ იცი რა ვიფიქრე?..

– რა?

– იქნებ ტყუილად ვაბრალებ რაღაცეებს… იქნებ ძალიან მოეწონე, მიხვდა რომ შენთან სტანდარტული მიდგომა არ გაჭრიდა და ეს ტაქტიკა აირჩია… შეიძლება გაკვირდება, შენს ოცნებებს სწავლობს, რომ მერე აგიხდინოს…

თათიას სიტყვებმა დამაფიქრა. მგონი, თვითონაც მიხვდა, რომ ჩემთვის ეს არ უნდა ეთქვა და თემა სხვა რამეზე გადაიტანა.

– რას იცმევ?

– რა უნდა ჩავიცვა, ჩვეულებრივ… მეც ახლა ქორწილში არ მივდიოდე…

– აუ, მოდი რა ჩემს წითელ კაბას გათხოვებ, გააგიჟე ერთი კარგად!

– რას ამბობ, იმ კაბის ჩაცმა მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება, თუ გვერდით პერსონალური მცველი მოგყვება! გინდ მაგ კაბით წასულხარ სადმე და გინდ შიშველი, ეფექტი ერთია…

– უიმეე, რაც გინდა ის ქენი მაშინ! წახვიდოდი და იკაიფებდი რაა… თვითონაც მიხვდებოდა, რომ ჩაციკლული კი არ ხარ მასზე, არამედ იუმორით უყურებ ამ ყველაფერს და აქეთ შენ ერთობი. აბა, ირბინე ყოველ მაგის დაძახილზე ეგრე, მაგასაც ხო მეტი არ უნდა! ფიქრობს ალბათ, გავაგიჟე ეს გოგოო…

– რაც უნდა ის იფიქროს! სულ არ მანაღვლებს! გუშინ სიზმარი დამესიზმრა, ბურუსიან ქუჩაში მივდიოდი და რაღაც ძველი სახლი დავინახე. ნომერი ეწერა, – 25 და დღეს არ ამიხდა? ცრურწმენების არა მჯერა, მაგრამ რაღაც მისტიკა რომ ხდება, ფაქტია…

– მისტიკა არა, მასტიკა! ბურუსი იმიტომ გესიზმრება, რომ მაგ გიორგის გარშემო გაურკვევლობაა… იმ ქარხნის საქმიანობაც რაღაც თითქოს ბურუსითაა მოცული და ეგაა, შენი სიზმრის მთელი ფილოსოფია!

– ეს 25?

– დაემთხვა რაა… მაგაზე მეტი სადარდებელი არ მოგცა ერთი…

სამზარეულოში ნიკა შემოვიდა და საუბარი შევწყვიტეთ. თათიასთან ვივახშმე. მერე, მისაღებ ოთახში, ტელევიზორთან გადავინაცვლეთ. თათია, თავისი მსუბუქი ხასიათით, ყოველთვის კარგ განწყობაზე მაყენებს. კომედიური ჟანრის ფილმსაც ვუყურეთ და სახლში კარგ ხასიათზე დავბრუნდი.

კარგადაც მეძინა. არც სიზმარი მინახავს ამჯერად. ან ვნახე და არ მახსოვს.

დილით ავდექი, ჩავიცვი, მოვწესრიგდი და ჩემი მანქანით, “თეთრი არწივის” გზას გავუდექი. ძალიან მშვიდად ვიყავი, არც ვნერვიულობდი…

მისაღებში, ჩემი სახელი და გვარი ვუთხარი “მის უუჟმურესობას”, რომელიც ჩემი პირველი ვიზიტიდან დამამახსოვრდა. მაშინ საკმაოდ უკმეხად გამცა პასუხები. ამჯერად თავაზიანად მომმართა და დირექტორის კაბინეტიც მიმასწავლა.

მეორე სართულზე ავედი. კორიდორის ორივე მხარეს, გაყოლებაზე პატარა ოთახები იყო, მინის კედლებით და თეთრი ჟალუზებით. კორიდორის ბოლოში, ხის კარზე გაკრული აბრა დავინახე, რომელზეც “დირექტორი” ეწერა. დავაკაკუნე. ქალის ხმა გაისმა.

– მობრძანდით!

კარი შევაღე და შევედი. პატარა ოთახი იყო, სადაც მხოლოდ ახალგაზრდა მდივანი ქალი იჯდა. მისგან მარცხნივ კიდე ერთი კარი იყო, აბრაზე ეწერა: -”დირექტორი გიორგი ანდრიაძე”.

– გამარჯობა, შეხვედრა მაქვს დანიშნული დირექტორთან! – ვუთხარი მდივანს და მისი მაგიდის წინ დავდექი.

– ვინ ბრძანდებით?

– სარეკლამო კომპანია “ნატურალ დრეამს” –ის ფოტოგრაფი ვარ!

_ აა, გასაგებია… თქვენ შებრძანდით და ბატონი გიორგიც ახლავე მოვა!

დირექტორის კაბინეტის კარი შევაღე და შევედი. უცნაურია, ახლა მის გარემოში ვარ… ალბათ ყოველდღე მოდის აქ და მთელ დღეს ატარებს…

ფანჯარასთან მისი მაგიდა და შავი დიდი ტყავის სავარძელი იდგა. კედელზე უცნაური დიზაინის წიგნის თაროები ეკიდა. კართან ახლოს კი, ტყავის სამეული და პატარა ჟურნალის მაგიდა იდგა.

საწერ მაგიდაზე გადაშლილი წიგნი ედო. ცნობისმოყვარეობამ მძლია და მივედი, რომ მენახა. წიგნი ხელში ავიღე და ამოვატრიალე. ყდაზე ეწერა: – ლინ ფონ პალი “საიდუმლო საზოგადოებები”. გადავშალე და პირველი წინადადება ამოვიკითხე: “წარსულისა და მისი საიდუმლოებების მიმართ ინტერესი, ყოველთვის არსებობდა.” – მეტის წაკითხვა ვერ მოვასწარი, მდივნის ლაპარაკი შემომესმა.

– ბატონო გიორგი, ის გოგონა მოსულია და კაბინეტში გელოდებათ.

ამის შემდეგ ნაბიჯების ხმა გავიგე და გული თავისით ამიჩქარდა. სასწრაფოდ დივანთან მივედი და დაჯდომა მოვასწარი. კარი გაიღო და ოთახში ახალგაზრდა კაცი შემოვიდა. ქერა თმა და თაფლისფერი თვალები ჰქონდა. მაღალი და ოდნავ სრული. ფეხზე წამოვდექი და გაღებულ კარს მივაჩერდი… – რატომ არ შემოდის თვითონ?…

– გამარჯობა, ლილუ ხომ?

– დიახ! თქვენ კომპანიის ადვოკატი ხართ?

გაკვირვებულმა შემომხედა.

– არა, საიდან მოიტანეთ?

– აბა?..

ვკითხე და რაღაცნაირი შეგძნება დამეუფლა.

– მე კომპანიის დირექტორი ვარ, გიორგი ანდრიაძე! – არ იცით, ვისთან მოხვედით?…

ის, რაც არ უნდა იცოდე! (ეპიზოდი XIV)

14

ჩემს ემოციებს და გრძნობებს ბავშვობიდან მოყოლებული, ყოველთვის გულში ვინახავდი და გარეგნულად არაფერს ვიმჩნევდი ხოლმე. როცა დედა სადმე სტუმრად წამიყვანდა, ერთ ადგილზე რომ დავჯდებოდი, შემეძლო მთელი დღე ასე ვყოფილიყავი. ჩემმა მშობლებმა დღემდე არ იციან, როგორ რთულად გადავიტანე მათი განქორწინება.

ორივე საკუთარი პრობლემებით იყვნენ დაკავებული და ჩემი გრძნობებისთვის არ ეცალათ… მიუხედავად იმისა, რომ ორივე შეძლებისდაგვარად ცდილობდა, ჩემთვის სითბო და ყურადღება არ მოეკლოთ, ეს მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი…

დედასთან ერთად მხოლოდ 18 წელი ვიცხოვრე. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მაგალითად ის, რომ არასოდეს არ უნდა უყურო ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით. კიდევ ის, რომ შეიძლება მრავალი წლის მანძილზე ცხოვრობდე ადამიანთან და ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინო, რომ თურმე სინამდვილეში მხოლოდ გეგონა, რომ იცნობდი… და კიდევ, დედა ხშირად მიმეორებდა, _ არასოდეს, არაფერს და განსაკუთრებით არავის შეეჩვიო, რადგან რაც უფრო ეჩვევი რაიმეს, მით უფრო გიჭირს მისი დაკარგვა, ეს კი ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოხდებაო…

“ნამდვილი” გიორგი ანდრიაძე ჩემს წინ იდგა და გაოცებული მიყურებდა. ჩემი გამომეტყველების შემხედვარეს ალბათ სულელი ვეგონე…

_ მაპატიეთ, მე დირექტორი გიორგი ანდრიაძე სხვა პიროვნება მეგონა… _ ვუთხარი დაბნეულმა.

_ მაგიდასთან დაბრძანდით! _ მითხრა და თავისი სავარძლისაკენ გაემართა. მექანიკურად დავჯექი.

_ ალბათ იცით უკვე, რომ რეკლამის შეკვეთა გვინდა!

_ დიახ… _ ვუპასუხე და მაქსიმალურად ვეცადე, რომ მთელი ყურადღება მისკენ მიმემართა.

_ მინდა, რომ კარგად გაგარკვიოთ ყველაფერში! მალე ახალ ღვინოს გამოვუშვებთ, რომელსაც _ # 25 ერქმევა. მოკლედ, ჩვენ გვინდა ბუკლეტი, პოსტერი, ეტიკეტის დიზაინი და სარეკლამო ვიდეო რგოლი. თქვენ ბუკლეტისთვის გადაიღებთ ფოტოებს. მთავარია, რომ მხატვრულად წარმოაჩინოთ მთელი პროცესი. რაც შეეხება ვიდეო რგოლს, ნაწილი გვინდა რომ გადავიღოთ იტალიაში. #25 საექსპორტო იქნება, ამიტომ რეკლამაც ეპროპულ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. პოსტერზეც ვიფიქრეთ, რომ იქ გადაგვეღო. კომპანიის ერთ-ერთი მეწილე ამჟამად იქ ცხოვრობს და მოლაპარაკებებს აწარმოებს სასმელების კომპანიებთან. ასე რომ, დასაწყისისთვის, იტალიის სასმელების ბაზარზე გავიტანთ # 25-ს. თქვენ რა აზრის ხართ, გადამღებ ჯგუფს რომ გაგაყოლოთ რამოდენიმე დღით?

_ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს!

_ ძალიან კარგი!

_ კომპანია დავით კვეზერელს არ ეკუთვნის?

_ დავითს და თამაზ გელაშვილს, ერთად დააარსეს კომპანია, მაგრამ 90% დავითმა იშრომა. თამაზი იტალიაში ცხოვრობს და იშვიათად ჩამოდის აქ. ფაქტიურად, ყველაფერს დავითი უძღვება.

გიორგი წამოდგა, ბართან მივიდა, რომელიც მე რატომღაც ახლაღა შევამჩნიე. უეტიკეტო ბოთლი გადმოიღო, გახსნა, ბოკალში დაასხა და მომაწოდა.

_ მინდა, რომ დააგემოვნოთ. _ დააკვირდით ფერს… თუ ღვინოს საკმაოდ მკრთალი და ერთგვაროვანი ფერი აქვს, ანუ სითხე ბოკალის ცენტრში და კიდეებზე დაახლოებით ერთი და იმავე ფერისაა, თქვენს წინაშე ერთი ჩვეულებრივი პროდუქტია. კარგი ღვინოების უმრავლესობა სინამდვილეში, ძალზე საინტერესოდ გამოიყურება. მათ ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული შეფერილობა აქვთ. ცენტრში უფრო მუქი, ნაპირთან კი შედარებით ნათელი. რაც უფრო ძველია ღვინო, მით მეტად საგრძნობია განსხვავება ცენტრში გაჯერებულ ფერსა და კიდეებთან თავმოყრილი სითხის თითქმის სრულიად გამჭვირვალე ფერს შორის.

_ საინტერესოა…

ბოკალი შევანჯღრიე, დავყნოსე და მოვსვი.

_ არაჩვეულებრივია! უგემრიელესი…

_ ეს არის #25, ორწლიანი დაძველებისაა. გამოირჩევა ციტრუსის, ნაზი ყვავილების, თამბაქოსა და ხის ტონებით… თუ წინააღმდეგი არ ხართ, მინდა პატარა ექსკურსიაც მოგიწყოთ საწარმოში. თან ვისაუბროთ…

_ როგორც იტყვით. _ ვუპასუხე და ფეხზე ავდექი. ორივე კაბინეტიდან გამოვედით. უკან მივყვებოდი და თავიდან არ ამომდიოდა იმაზე ფიქრი… რა კარგად დაირქვა, _ ალტერ ეგო… კაცმა არ იცის, ვისი “ალტერნატიული მეა” სინამდვილეში…

გზადაგზა მახსენდებოდა ფრაგმენტები… როგორ გამეცნო პირველად მისივე სახლში, _ “დავუშვათ გიორგი”… გამახსენდა, რომ მე დავუსვი კითხვა ვინაობის შესახებ. მე თვითონ ვკითხე, კომპანიის დირექტორი ხარ-მეთქი?.. უცნაურად გაეღიმა და დამიდასტურა, _ ასეაო!

გიორგიმ საწარმო დამათვალიერებინა. ვნახე, როგორ იწურება ღვინო იტალიურ დანადგარებში. ბოლოს, ლიფტით ნულ სართულზე ჩავედით, რომელსაც მარნის დანიშნულება ჰქონდა. კორიდორი ვიწრო და ლაბირინთივით დაკლაკნილი იყო. რამოდენიმე ხის კარს ჩავუარეთ. როგორც გიორგიმ მითხრა, ამ სათავსოებში ინახება ყველა ის სასმელი, რასაც კომპანია უშვებს.

ერთ-ერთ კართან შევჩერდით. გიორგიმ კარი გააღო და დიდ მარანში შემიყვანა. ირგვლივ სულ ხის თაროები იყო, რომელზეც ღვინის ბოთლები ეწყო. ძირს ხის კასრები ელაგა.

_ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ტემპერატურაა. ზოგიერთ მწარმოებელს, მზა პროდუქციისთვის განკუთვნილი სარდაფი საერთოდ არ გააჩნია და კლიმატ-კონტროლს არ იცავს. _ დღისით სიცხე, ღამით სიცივე. ცალკე თემაა ღვინო, რომელიც მზად არის, მაგრამ ჯერ არ ჩამოუსხამთ. უზარმაზარ ცისტერნებში ინახება, მაგრამ სად დგას ის ცისტერნები?

_ ალბათ, ღვინის წარმოებაში ყოველდღიური ყურადღებაა საჭირო.

_ რა თქმა უნდა! თუ მეწარმე განუწყვეტლივ სრულყოფისკენ არ ისწრაფვის, აუცილებლად წააგებს! კარგი ღვინის დაყენება უკვე ბევრმა ისწავლა, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ეცადო, რომ კონკრეტული ტერიტორიის თავისებურებები გამოხატო ღვინოში.

_ ღვინოს სად აძველებთ? ქვევრებში?

_ გაგიკვირდებათ და არა! ქართველები ძალიან ვამაყობთ ჩვენი ქვევრით და გვგონია, რომ მარტო მანდ შეიძლება კარგი ღვინის დაყენება, თუმცა ამ მეთოდს რამოდენიმე მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ქვევრი ღვინოს გარკვეულ უნიკალურ თვისებებს აძლევს, სინამდვილეში, ძალიან რთულია სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა. ნებისმიერ თიხის ნაკეთობას, უმცირესი ფორები აქვს, რაც მიკროორგანიზმების დაგროვებას განაპირობებს. მათი მოცილება რეცხვის პროცესში თითქმის შეუძლებელია და დროთა განმავლობაში ისინი მრავლდება. გარდა ამისა, მიწა, რომელშიც ქვევრია ჩაფლული, კარგი თერმოიზოლატორია, რაც აფერხებს მაღალხარისხიანი ღვინის მიღებას.

_ რამდენი რამე არ მცოდნია ღვინის შესახებ…

სარდაფში გრილოდა და შემცივდა. ისევ კორიდორში გამოვედით. გიორგი ლიფტისკენ წავიდა.

_ ამის ქვემოთ არის კიდევ რამე?

_ ამის ქვემოთ არაფერი… მაპატიეთ, ბევრს ვლაპარაკობ, მაგრამ მინდა ცოტა მეტი გითხრათ ღვინის შესახებ… საერთოდ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვენახის მოვლას, ყურძნის ტრანსპორტირებას, დაწურვას და შენახვას… სამწუხაროდ, ჩვენთან, ღვინის ქარხნების უმეტესობაში, არ არის დაცული ის წესები, რაც ღვინის დამზადებისთვის აუცილებელია! რომ შემეძლოს, შევკრებდი ქარხნებში მომუშავე მეღვინეებს და თითო კვირით, იტალიასა და საფრანგეთში წავიყვანდი. პარადოქსია, მაგრამ ძველისძველი ქართული მეღვინეობის კულტურა, ხელს გვიშლის იმის გააზრებაში, რომ უცხოელი მეღვინეებისგან ჩვენც ბევრი რამ გვაქვს სასწავლი. პირველ რიგში კი გადასახედია ღვინის ხარისხთან არასწორი დამოკიდებულება, რაც დაკავშირებულია ღვინის სმის გადაგვარებულ კულტურასთან.

ისევ მის კაბინეტში დავბრუნდით და დაახლოებით ერთი საათი კიდევ ვილაპარაკეთ. იტალიაში გასამგზავრებლად 22 ნოემბრისთვის უნდა მოვემზადო, ზუსტად ჩემს დაბადების დღეს. ესეც კიდევ ერთი დამთხვევა. ჩემი ოცნება, ჩემს დაბადების დღეზე ამიხდება…

გიორგიმ მითხრა, რომ იტალიაში თამაზ გელაშვილი დაგვხვდება და ის გაგვიწევს მასპინძლობას. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და მისი კაბინეტი დავტოვე.

კორიდორში რომ გამოვედი, მხარი მეცვალა და სხვა მიმართულებით წავედი. იქ, სადაც კიბე მეგულებოდა, ოთახი დამხვდა. ჟალუზები გახსნილი იყო და მინის კედლიდან კარგად ჩანდა მთელი კაბინეტი.

კაბინეტში ძალიან ძვირფასი ავეჯი იდგა. ახლაღა შევამჩნიე კართან ლითონის ფირფიტა, რომელზეც ამოტვიფრული იყო, _ დავით კვეზერელი.

ის იყო, უკან გამოტრიალება დავაპირე, რომ კედელზე დაკიდებული სურათი შევნიშნე… მეტალის ლამაზ ჩარჩოში და მინაში იმის სურათი იყო ჩასმული…

_ ვინმეს ეძებთ?

შევბრუნდი და დამლაგებელი ქალი დავინახე.

_ არა, გასასვლელი შემეშალა… ვერ მეტყვით, იმ კედელზე ვისი სურათია?..

ვკითხე გაუბედავად და ნერწყვი გადავყლაპე. დამლაგებელმა ქალმა სურათს გახედა და ამოიოხრა.

_ ეს, ჩვენი გიოა! ბატონი დავითის შვილი… ექვსი თვის წინ გარდაიცვალა…

მუხლები მომეკვეცა და თავი ძლივს შევიმაგრე, რომ არ წავქცეულიყავი.

_ შეუძლებელია!…

მტკიცედ წამოვიძახე. დამლაგებელი გაკვირვებული მიყურებდა.

_ თქვენ იცნობდით გიოს?

_ კიი, ვიცნობდი…

თვალები ამიჭრელდა და ვიგრძენი, რომ გონებას ვკარგავდი.

_ ცუდად ხომ არ ხარ, შვილო? სულ გაფითრდი… ახლავე წყალს მოგიტან…

იატაკის საწმენდი ჯოხი იქვე დააგდო და სადღაც გავარდა. მე კედელს ზურგით მივეყრდენი და ნელ-ნელა ჩავსრიალდი. პირდაპირ იატაკზე დავჯექი. დამლაგებელი ორ წუთში უკან მობრუნდა და პირთან წყლის ჭიქა მომიტანა. დავლიე… ცოტა გამოვფხიზლდი… ერთი სული მქონდა, აქაურობას გავცლოდი…

_ მაპატიეთ ქალბატონო, რომ შეგაწუხეთ…

_ რას ამბობ, გენაცვალე… რომ იცნობდი, იმიტომ დაგემართა ეგრე… ვინც გიოს იცნობდა, ყველამ ძალიან მძიმედ გადაიტანა ეს ამბავი. მამამისი მას მერე სულ რამოდენიმეჯერ მოვიდა აქ…

_ როგორ მოხდა ეს?

_ უი, რა ვიცი შვილო, ეგვიპტეში იყო წასული სამოგზაუროდ, თავის საცოლესთან ერთად და იქაურებს გაუტაციათ ორივე… იმათ არ გაიხარონ…

_ საცოლესთან?… _ ძლივს ამოვთქვი.

_ ჰო, საცოლესთან. ისიც კარგი გოგონა იყო, ორივე ახალგაზრდები…

_ რა ერქვა?

_ ანა ერქვა, ანა იაშვილი…

_ შეგიძლიათ მითხრათ, სად დაასაფლავეს?.. იქ მაინც მივალ…

ესღა მოვიფიქრე.

_ ვაკის სასაფლაოზეა შვილო… მაგრამ, ზუსტად არ ვიცი რა ადგილზე…

_ მადლობა და მაპატიეთ, გაგანერვიულეთ…

არ მახსოვს, როგორ გამოვედი კომპანიიდან და მანქანამდე როგორ მივაღწიე. შოკში ვიყავი. კარგა ხანს ვიჯექი და ვცდილობდი აზრებისთვის თავი მომეყარა. ალტერ ეგო _ გიორგი კვეზერელია… არა, შეუძლებელია ეს სიმართლე იყოს! ისე რეალურად აღვიქვამდი ყოველ მის შეხებას, სიახლოვეს…

“რამოდენიმე წლის წინ ქვეყნიდან გავემგზავრე… ეგვიპტეში. იქ რაღაც მოხდა, რაღაც ცუდი… მე და ჩემს მეგობარს თავს დაგვესხნენ…” _ მისი სიტყვები გამახსენდა. მისი მეგობარი მე ბიჭი მეგონა…

როგორც იქნა, ხელის კანკალით დავქოქე მანქანა და წამოვედი. ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლებოდა რამე სიმართლე გამერკვია, _ ამერიკული სოფელი იყო.

სახლის ნომერი მახსოვდა. მთავარია დაცვას შიგნით შევეშვი, რაც ძალიან მეეჭვებოდა.

გზაში ვფიქრობდი, რომ ან გავგიჟდი, ან რაღაც ზებუნებრივი ძალის მეშვეობით მკვდარს ვხედავ… ან, საქმე ძალიან ჩახლართულია და გიორგი კვეზერელი სულაც არ არის მკვდარი…

დიდ დიღომში გადავუხვიე და მანქანა ჭიშკართან ცოტა მოშორებით გავაჩერე. გადმოვედი და შესასვლელისკენ გავემართე. ამჯერად სხვა დაცვის თანამშრომელი იდგა. მივესალმე და ვუთხარი, რომ ამა და ამ ნომერში სტუმრად მივდიოდი. ეჭვის თვალით შემათვალიერა და მაცნობა, რომ იმ სახლში არავინ ცხოვრობს… თან დაამატა, რომ დარეკვის გარეშე ვერავის ვერ შეუშვებდა.

გამოვტრიალდი. გადავწყვიტე გალავნისთვის წრე შემომევლო და საიდანმე გადავმძვრალიყავი. თუმცა, ამის ალბათობაც ძალიან მცირე იყო. ჭიშკარს რომ მოვშორდი, პიცის სადისტრიბუციო წითელი ფურგონი დავინახე, რომელიც ნელი სვლით მოდიოდა. საჭესთან ახალგაზრდა ბიჭი იჯდა, თავზე წითელი კეპით და გალავანს უყურებდა. როგორც ჩანს, შესასვლელს ეძებდა. ჩემს დანახვაზე მანქანა გააჩერა, ფანჯარა ჩამოწია და შესასვლელი მკითხა.

_ შესასვლელი აქვეა! როგორც კი მოუხვევ…

მანქანის კარი გამოვაღე და დაუკითხავად ჩავჯექი.

_ სახლში მივდივარ და ბარემ გამოგყვები! თან, მიგასწავლი…

_ კარგი… _ ამოილუღლუღა გალენჩებული სახით. ჭიშკარს რომ მივუახლოვდით, ძირს დავიხარე და ისედაც შეკრული თასმის შეკვრა დავიწყე. საბედნიეროდ, დაცვის თანამშრომელი გარეთ აღარ გამოსულა. შევედით და როგორც კი დაცვის ჯიხური თვალს მოეფარა, მანქანა გავაჩერებინე, დავემშვიდობე, გადმოვედი და პიცის დამტარებლის გამოლენჩებული მზერა მეორედ დავიმსახურე. გზა ფეხით გავნაგრძე. აქაურობა დღისით სულ სხვანაირად გამოიყურება.

როგორც იქნა იმ სახლთან მივაღწიე. ჯერ უკნიდან შემოვუარე და ერთ-ერთ ფანჯარაში შევიხედე. ყველაფერი ისე იყო, როგორც მახსოვდა. _ ბუხარი, თეთრი ხალიჩა… შიგნით არავინ ჩანდა. ბოლოს კართან მივედი და დავაბრახუნე. როგორც ჩანს, სახლში არავინ იყო. ავტო ფარეხისკენ გავემართე, რომელიც სახლის გვერდით, ეზოში იყო. რკინის დიდი ჩამოსაწევი კარი რატომღაც ღია იყო, _ ფარეხი ცარიელი. სიღრმეში კარი დავინახე და მისკენ გავემართე. ისიც ღია აღმოჩნდა. ფრთხილად შევაღე და შევედი.

ეს პატარა ოთახი, ალბათ საწყობისთვის იყო განკუთვნილი. კუთხეში ხის ძველი მაგიდა იდგა, რომელზეც ცარიელი შავი ღვინის ბოთლი იდგა. ოქროსფერ ეტიკეტზე შენობა იყო გამოსახული და ინგლისური ასოებით ეწერა: _ Aლტერ Eგო – Dე Pალმერ , ბოთლის ქვეშ ფურცელი იდო, რომელზეც ვიღაცას ფანქრით მიეწერა:

_ “ერიდე ყველაფერს, რაც შენს სინდისს არ მოსწონს”….

გზავნილი (ეპიზოდი XV)

15

არ ვიცი რამდენი ხანი დავყავი აქ… ფურცელზე დაწერილ სიტყვებს თვალი ვერ მოვაცილე… ვფიქრობდი, _ ეს მესიჯი ჩემთვის იყო თუ არა განკუთვნილი… არ ვიცი, რამდენად სწორად აღვიქვი, მაგრამ ასე მგონია, რომ ამ სიტყვების ადრესატი სწორედ მე ვარ. ხელმოწერის ნაცვლად, ეს ბოთლი დატოვა? რომ ამით მიმანიშნოს წერილის ავტორის ვინაობა… მიმახვედროს, რომ ეს შეტყობინებაც _ ალტერ ეგოსგანაა…

ნოემბრის შუა რიცხვები იყო და უკვე საგრძნობლად ციოდა. ეზოში გამოვედი და კიდევ ერთხელ შევიხედე ფანჯარაში. ბუხარი პირდაპირ ჩანდა. ისე გამოესუფთავებინათ, რომ ნაცრის კვალიც აღარსად იყო. თითქოს არც ანთებულა არასდროს…

ჯიბეები მოვისინჯე, მობილური ჩანთაში დამრჩენია, რომელიც მანქანაში დავტოვე. მაინტერესებდა რა დრო იყო. თუ ეს წერილი მე დამიტოვა, მაშინ აქ აღარ მოვა. ყოველ შემთხვევაში დღეს…

ამ წერილის ნახვის მერე საბოლოოდ გამოვრიცხე ვერსია, რომ შეიძლება მკვდარი მეჩვენებოდა. ჯერ ერთი, მკვდრები წერილებს არ წერენ! არც ინტერნეტში დაძვრებიან და მით უმეტეს, არც სიმღერებს მღერიან…

მაშინ, თუ ცოცხალია რატომ არის ოფიციალურად მკვდარი? თუ იმალება, _ რისთვის?.. ან რატომ გარისკა ჩემთან ურთიერთობით? დავიჯერო ვერ გათვალა, რომ მე ადრე თუ გვიან გავიგებდი ამას?.. იქნებ ამის იმედიც ჰქონდა?… იქნებ ყოველი მისი ნაბიჯი, წინასწარ გათვლილი იყო… ან იქნებ სულაც არ შემხვდა კლუბში შემთხვევით…

დაბნელდა. გარეთ ლამპიონები აინთო. ჩემს კითხვებზე პასუხი ვერც აქ მივიღე… გადავწყვიტე სახლში დავბრუნებულიყავი. ისევ იგივე გზა გამოვიარე ფეხით. ჭიშკარს მივუახლოვდი. დაცვა შეცვლილა. გარეთ ისევე გამოვედი როგორც მაშინ.

მანქანაში ჩავჯექი. ხელს მაგრად ვუჭერდი ფურცელს, რომელიც მისი ფარეხიდან გამოვიყოლე.

“ერიდე ყველაფერს, რაც შენს სინდისს არ მოსწონს”… _ რას უნდა ნიშნავდეს ნეტავ… რა არ მოსწონს ჩემს სინდისს?..

მობილურის ეკრანს დავხედე, რომ საათი გამეგო. ექვსი შემოსული ზარი იყო. აქედან ორი თათიასი და ოთხი ლაშასი. პირველად ლაშას გადავურეკე. პირველივე ზარზე მიპასუხა.

_ სად იყავი, ლუ? სახლშიც გირეკავდი და მობილურზეც… ვინერვიულე. ხომ მშვიდობაა?

_ კიი ლაშა, მშვიდობაა! რაღაც საქმეზე ვიყავი და მობილური მანქანაში დამრჩენია…

_ მაინტერესებდა რაზე ილაპარაკეთ შენ და გიორგიმ…

_ ღვინის შესახებ მიყვებოდა საინტერესო რაღაცეებს. აინტერესებდა, იტალიაში წასვლაზე რა აზრის ვიყავი…

_ მერე? რა უთხარი?

_ ვუთხარი, რომ არაფერი მაქვს საწინააღმდეგო…

_ ძალიან არ მომწონს ეგ იდეა…

_ მე მგონი საშიში არაფერია, საინტერესო სამუშაოა. თან, ძალიან მინდა იტალიის ნახვა…

_ არ ვიცი… დრო რომ გექნება შემეხმიანე და შევხვდეთ, კარგი?

_ აუცილებლად…

რაღაცნაირი ხმით მელაპარაკა. ვიცი, ძალიან არ უნდა ჩემი იქ წასვლა.

სახლში მშვიდობით მივედი. სკაიპით დედას ველაპარაკე. უხასიათობა შემატყო, მაგრამ მისთვის არაფერი მითქვამს. მერე თათიას დავურეკე და მოვუყევი რაც კომპანიაში გადამხდა… ამერიკულ სოფელზე კრინტი არ დამიძრავს, _ მომკლავდა. კინაღამ ყურმილში გამოძვრა. თუ კარგი ბიჭია, თავს რატომ მოიმკვდარუნებდაო?… რაღაც შარშია გახვეული და უნდა რომ შენც ჩაგითრიოსო. მოკლედ, “თათიასეული” რჩევა-დარიგება მოვისმინე. მერე ინტერნეტში ანა იაშვილის და გიორგი კვეზერელის სახელებით რამოდენიმე სტატია მოვიძიე, სადაც გატაცების ამბავზე ეწერა.

როგორც ჩანს, გამოსასყიდის მოთხოვნით დავით კვეზერელს დაუკავშირდნენ. მან პოლიციას მიმართა და პარალელურად გამტაცებლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. საქმეში ინტერპოლი ჩაერთო. მიაკვლიეს შენობას, სადაც გატაცებულებს მალავდნენ. როგორც ჩანს, სპეც-ოპერაციამდე რამოდენიმე საათით ადრე ისინი ვიღაცამ გააფრთხილა, რადგან სპეცრაზმის მისვლამდე გაქცევა მოასწრეს და ცეცხლი წაუკიდეს ფარდულს, სადაც იმყოფებოდნენ გიორგი და ანა. მათ ყველანაირი კვალი მოსპეს.

_ თუ ეს უბედური შემთხვევა იყო, რატომ იმალება? ეშინია, რომ გამტაცებლები მოაგნებენ და მოკლავენ?.. მაგრამ, ეს რაში სჭირდებათ ვიღაც ადგილობრივ ეგვიპტის მაცხოვრებლებს? ვფიქრობ, რომ გამტაცებელი იცნობდა გიორგის და მისი გამგზავრების შესახებაც იცოდა… ის ეგვიპტელები, მხოლოდ შემსრულებლები იყვნენ…

ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე ლაშასთვის დამერეკა. ტელეფონით არ მინდოდა ამ თემაზე ლაპარაკი, ამიტომ ვთხოვე, რომ დილით სამსახურში მისვლამდე შემხვედროდა კაფე “ნოსტალგიაში”. იქნებ შეძლოს და რამე ინფორმაცია ამოქექოს ამ საქმეზე…

ცხელმა შხაპმა ცოტა გამომაცოცხლა. ფუმფულა, თბილ ხალათში გავეხვიე, ლიმნიანი ჩაი დავისხი და დავწექი. ტელევიზორი ჩავრთე, რადგან აღარ შემეძლო ამაზე ფიქრი…

დილით, კაფე “ნოსტალგიაში” ლაშას შევხვდი. მიმტანმა ყავა მოგვიტანა.

_ დავითის შვილი რომ ეგვიპტეში მოუკლავთ, იცოდი? _ ვკითხე და ყავა მოვსვი.

_ კი, გავეცანი მე მაგ საქმეს, სარჩელი რომ შეიტანეს მაშინ. გამოძიება არ დასრულებულა, ვერ გახსნეს საქმე. ბევრი საეჭვო ფაქტორია… არც ნივთმტიცება არსებობს…

_ მე რატომ არ მითხარი აქამდე?

_ რაც ნაკლები გეცოდინება, მით უკეთესია შენთვის. არ გინდა ამ სიბინძურეში გარევა!

_ რა მოგეჩვენა საეჭვოდ?

_ საეჭვოდ მომეჩვენა მაგალითად ის, რომ საიდან უნდა სცოდნოდათ იმ ეგვიპტელებს, რომ ეს ბიჭი მილიონერის შვილი იყო?

_ და რატომ გგონია რომ იცოდნენ?

_ პირდაპირ ორი მილიონი მოითხოვეს… საიდან უნდა ჰქონოდა ამდენი ფული უბრალო ტურისტს? გარდა მაგისა, წესით ვერანაირად ვერ უნდა გაეგოთ, სპეცრაზმი რომ აპირებდა ოპერაციის ჩატარებას, ინფორმაციამ აშკარად შიგნიდან გაჟონა… მაგრამ, საქმე იმაშია, რომ ეს ამბავი მხოლოდ ოჯახის წევრებმა იცოდნენ.

_ ორივეს სხეული ნახეს? _ ვკითხე და პასუხის მოლოდინში დავიძაბე.

_ ფარდული მთლიანად დაიწვა. მხოლოდ დანახშირებული ძვლები ნახეს, ორი ადამიანის…

_ იქნებ სხვები იყვნენ?

_ თავისიანებს ხომ არ წაუკიდებდნენ ცეცხლს? სადმე სხვაგან რომ წაეყვანათ, მაშინ ისევ დაურეკავდნენ მამამისს და სავარაუდოდ თანხასაც გაზრდიდნენ… გარდა ამისა, საქმეში ექსპერტიზის დასკვნაც იდო, სადაც დადასტურებულია გიორგის სიკვდილი, მაგრამ ის გოგო, როგორც ჩანს საქართველოში არ ცხოვრობდა. რუსეთიდან ჩამოვიდა, აქ გაიცნო გიორგი და გარკვეული ურთიერთობა ჰქონდათ.

_ ჰო, ალბათ ის მუსტანგი გიორგიმ აჩუქა ანას…

_ რა მუსტანგი? _ ჩამეკითხა ლაშა. ენაზე ვიკბინე. მივხვდი, რომ ზედმეტი წამოვროშე.

_ მოიცა, ახლა გამახსენდა… ადრე რომ მთხოვე ნომრის პატრონის ვინაობის დადგენა… ანა იაშვილი…

ლაშამ ისეთი სახით შემომხედა, თითქოს მოღალატე ვიყავი, რომელიც ესესაა დანაშაულში ამხილეს…

_ შენ ისეთი რამე იცი, რაც მე არ ვიცი, ხომ? _ მკითხა და გამომცდელად დამაკვირდა.

_ არაფერი… უბრალოდ, უგოს რომ ვიღებდი რეკლამაში, გადაღებებზე რამოდენიმეჯერ დავინახე ეგ მანქანა, მოშორებით იდგა ხოლმე… ალბათ კომპანიის რომელიმე თანამშრომელი დადის მაგ მანქანით… უბრალოდ, იმდენად უცნაური ნომერი ქონდა, რომ დამაინტერესა…

ჩემი თავის გამიკვირდა, როგორ მოვიფიქრე უცებ ეს ტყუილი.

_ ალბათ პროცესს აკონტროლებდნენ… გეგმები რომ არ ჩაშლოდათ, ან უგოს რომ არ გადაეფიქრა… ვინ უნდა დადიოდეს მაგ მანქანით?.. ვეცდები გავარკვიო.

_ მეც მითხარი, თუ რამეს გაიგებ, მაინტერესებს…

_ გეტყვი! ისე, უცნაურია, რომ მაგ გოგონას, პატრონი არავინ გამოუჩნდა. რუსეთში მარტო ცხოვრობდა. არავინ იცის სად არიან მისი ოჯახის წევრები… უცნაურია…

_ ჰო, მართლა უცნაურია… შემეცოდა თან… ვინ იცის, იქნებ დღემდე ეძებენ. შენი აზრით, ვის აძლევდა ხელს მაგის გაკეთება? ვის უნდა მოეწყო ეს გატაცება?

_ ვიღაცას, ვინც მათ ოჯახს კარგად იცნობს და იცის მათი ქონება. ვიღაცას მათი ჩაძირვა უნდა, მათი ქონების ხელში ჩაგდება. _ შენ რატომ დაინტერესდი ამ ამბით, ლუ?

_ გუშინ რომ ვიყავი კომპანიაში, შემთხვევით გავიარე კვეზერელის კაბინეტის წინ… იმ ბიჭის სურათი იყო კედელზე, დამლაგებელს ვკითხე, _ ვინ არის მეთქი და იმან მითხრა… ჰოდა ვიფიქრე, ამ სასამართლო დავის და რეკლამის დაკვეთის ფონზე, ღირს გადამოწმება, რამე შარში ხომ არ არიან კიდევ გახვეულები…

_ ახლა ხომ მიხვდი, რატომ არ მინდა შენი იქ გაშვება?

_ იქ რა საფრთხე უნდა არსებობდეს? თან, მარტო არ ვიქნები… გადამღებ ჯგუფს გამაყოლებენ.

_ რა ვიცი ლუ, რა ვიცი… ჩემი აზრი უკვე გითხარი, მე ვერაფერს აგიკრძალავ, მხოლოდ შემიძლია გირჩიო. დანარჩენი შენი გადასაწყვეტია!

მე და ლაშა კომპანიაში ცალ-ცალკე წავედით, რადგან ორივე მანქანით ვიყავით. გზაში ისევ დეტალებზე ვფიქრობდი. ვცდილობდი მისი ყოველი ფრაზა და მოქმედება გამეხსენებინა. უცებ, ის ტუბუსი გამახსენდა. იქნებ სპეციალურად დამტოვა მარტო, რომ მისი ძებნა დამეწყო და ის ტუბუსი მეპოვნა? მერე, სახლშიც მოვიდა ჩემთან და მკითხა, ვნახე თუ არა ტუბუსი… ამით ხომ არ ეცადა, რომ ჩემი ყურადღება იმ გეგმაზე გაემახვილებინა?..

მობილური ამოვიღე და ის სურათები ვნახე, მაშინ რომ გადავიღე. _ “მეცხრე ფლიგელი”… სად შეიძლება იყოს?.. საწარმოს სარდაფი არ ჰგავს ამას, თავისი აგებულებით. თან საწარმოს ფართი გაცილებით დიდია… ეს კი, როგორც მამამ გამოიანგარიშა, დაახლოებით 150-200 კვადრატული მეტრი უნდა იყოს…

იქნებ ეს უნდა ვიპოვო?.. იქნებ ეს არის მისი თავშესაფარი…

ბავშვობიდან მოყოლებული, თავგადასავალზე ვოცნებობდი. ახლა კი, ჩემი ცხოვრება თამაშს დაემსგავსა.

მომდევნო დღეებმა ჩვეულებრივად ჩაიარა. აღარც შეტყობინება მიმიღია და უცნაური არაფერი მომხდარა. საბუთები მოვაწესრიგე, გავემზადე და 22 ნოემბერს, საკუთარ დაბადების დღეს, თვითმფრინავში შევხვდი. თათიამ წასვლამდე მომილოცა.

თვითმფრინავში გადამღებ ჯგუფთან ერთად ავედი. სულ ოთხნი ვიყავით. რეჟისორი _ მერაბი, დაახლოებით 40-45 წლის კაცია; ოპერატორი _ ლევანი, 30 წლამდე ასაკის და ასისტენტი (რომელიც მეც გამიწევს ასისტენტობას, სურათების გადაღების პროცესში) გვანცა, რომელიც ჩემხელა აღმოჩნდა. მე და გვანცა გვერდიგვერდ ვისხედით და მთელი გზა ვლაპარაკობდით. ისიც ჩემსავით პირველად მიფრინავს იტალიაში.

თვითმფრინავიდან ფეხი რომ ჩამოვდგი, სრულიად სხვა სამყაროში მოვხვდი. “ლეონარდო და ვინჩის” აეროპორტიდან ტაქსით იმ სასტუმროში წავედით, რომელიც ჩვენთვის იყო დაჯავშნული. დღევანდელი დღე აქ უნდა გაგვეტარებინა. დილით თამაზის მძღოლი მოგვაკითხავდა და წაგვიყვანდა.

ჩვენი ოპერატორი ლევანი, იტალიაში ნამყოფი ყოფილა და გზაში საინტერესო რაღაცეებს გვიყვებოდა.

_ ახლა რომ მივდივართ, ეს პირველი რომაული სამხედრო გზაა, _ ვია აპია! ძალიან დიდი ხნის წინათ, ჯერ კიდევ ადრეულ ეპოქაში ააშენეს, 312 წელს… ძველი რომაელები ხომ ძალიან მაღალი დონის არქიტექტორები იყვნენ? ნუ, გენიოსი მშენებლები… სწორედ ამ ქუჩაზე აცვეს ჯვარს, სპარტაკის აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ყველა მონაწილე…

რომი მართლაც შეუდარებელი ყოფილა… მანქანიდან ხარბად ვათვალიერებდი ყველაფერს. ქუჩებს, სახლებს, ადამიანებს… კიდევ ვერ დამეჯერებინა, რომ იქ ვიყავი და ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა…

როგორც იქნა, დანიშნულების ადგილზეც მივედით. მე და გვანცა ერთ ნომერში შევედით. ცოტა დავისვენეთ და ოთხივე სასტუმროს რესტორანში ჩავედით საჭმელად. მერე მიმდებარე ტერიტორია დავათვალიერეთ, შორს არ წავსულვართ. ბოლოს ისევ სასტუმროში დავბრუნდით. ჩვენი ნომრის აივნიდან ულამაზესი ხედი იშლებოდა ქალაქზე.

მეც და გვანცაც ძალიან ვიყავით დაღლილები. გვანცას ტანსაცმლიანად ჩაეძინა. მე აივნიდან სურათებს ვიღებდი, როცა კარზე ვიღაცამ დააკაკუნა.

კარი გავაღე. ის მიმტანი იყო, რომელიც რესტორანში მოგვემსახურა. ხელში ლანგარი ეჭირა, ზედ რაღაცეები ელაგა… რაღაც მითხრა იტალიურად, ვერაფერი გავიგე. თავაზიანი ღიმილით ლანგარი გამომიწოდა და წავიდა.

ლანგარი შემოვიტანე, მაგიდაზე დავდგი და წითელი ნაჭერი გადავაძრე. ტირამისუ, ერთი ცალი რაღაც უცხო ყვავილი და პატარა კონვერტი იდო. _ “ალბათ თამაზიმ შეუკვეთა ყურადღების ნიშნად”, _ გავიფიქრე და კონვერტიდან ბარათი ამოვაცურე.

_”იყავი ფხიზლად! მოძებნე “ალბა”, გადაკვეთის დრო იგივე. იმოქმედე შეუმჩნევლად, რადგან ჩემი დახმარება მხოლოდ შენ შეგიძლია! ვიცი, შენ შეძლებ… P.შ. გილოცავ დაბადების დღეს…”.

მეცხრე ფლიგელი (ეპიზოდი XVI)

16

თამაზ გელაშვილის მძღოლმა “პორშე პანამერათი” მოგვაკითხა და ნეაპოლში, თამაზის მდიდრულ სახლში წაგვიყვანა. მის აპარტამენტებს ისეთი მაღალი გალავანი ჰქონდა შემორტყმული, რომ სახლი მხოლოდ მაშინ დავინახეთ, როცა ეზოში შევედით.

ულამაზესი დიზაინის სახლი, ყვავილებში და სიმწვანეში იყო ჩაფლული. სამოთხე რომ წარმოიდგინოთ, ალბათ ასეთი იქნებოდა… სახლის წინ საოცარი შადრევანი იდგა, _ დიდ ლოდზე ჩამომჯდარი სამი ქალთევზა გრძელ თმას ივარცხნიდა და ზევიდან წყალი ესხმებოდათ.

ბაღში ალაგ-ალაგ, პატარა თეთრი მარმარილოს მრგვალი მაგიდები იყო, გარშემო ლამაზი თეთრი სკამებით…

სახლიდან საშუალო სიმაღლის შუახნის მამაკაცი გამოვიდა და ოთხივეს მოგვესალმა. _ ეს იყო თამაზ გელაშვილი. ჭაღარაშერეული თმით, ძალიან ღია მწვანე თვალებით, თხელი ტუჩებითა და ოდნავ კეხიანი ცხვირით. საკმაოდ თბილად შეგვხვდა. ვერანდაზე ძალიან ცოტა ხანს გავჩერდით. მისმა ერთ-ერთმა მსახურმა ჩვენი ოთახების სანახავად წაგვიყვანა.

სახლის მანსარდაზე, ოთხი თუ ხუთი პატარა ოთახი იყო მოწყობილი სტუმრებისთვის. ჩემს ოთახში შევედი და პირველ რიგში ფანჯრიდან გადავიხედე. ჩემი ფანჯარა, ბაღის უკანა მხარეს გადაჰყურებდა. მარჯვნივ აუზი ჩანდა, მარცხნივ ჩოგბურთის კორტები. მათ უკანაც იყო რაღაც ნაგებობა, რომელსაც ხეები ეფარებოდა და მხოლოდ სახურავის ნაწილი მოჩანდა.

ტანსაცმელი ამოვალაგე და კარადაში დავაბინავე. ბევრი არც არაფერი წამომიღია. ერთ საათში ქვემოთ უნდა ჩავსულიყავით, სადილზე.

საწოლზე ჩამოვჯექი და ჯიბიდან წერილი ამოვიღე. ნუთუ, ისიც აქ არის?.. თუ იმალება, როგორ გადმოლახავდა საზღვარს?.. შეიძლება ყალბი პასპორტი და შესაბამისად, სხვა სახელი და გვარი ჰქონდეს…

“იყავი ფხიზლად!” _ თითქოს მაფრთხილებს… აქ რა საფრთხე უნდა იყოს? თამაზის სახლში ბუზიც ვერ შეფრინდება, როგორც ჩანს… ეგებ მტრები ყავს? მისი გაფრთხილება ხომ არ უნდა?.. იქნებ, ვინც გიორგი კვეზერელი გაიტაცა, იმას მთელი კომპანიის განადგურება სურს?

“მოძებნე ალბა”, _ ალბა ვინმე კონკრეტული პიროვნებაა თუ რაიმე ადგილი?.. ან როგორ უნდა მოვძებნო? არც იტალიური ვიცი… _ “გადაკვეთის დრო იგივე”, ალბათ იმ დროს გულისხმობს, როცა პირველად შევხვდი, _ 19:05. ისიც კი არ ვიცი, შევძლებ თუ არა სადმე გასვლას, რადგან ზეგ გადაღება გვაქვს. ხვალ უნდა მოვამზადოთ ყველაფერი… როგორც ვიცი, აქვე ვიღებთ, თამაზის ბაღში…

”იმოქმედე შემჩნევლად, რადგან ჩემი დახმარება მხოლოდ შენ შეგიძლია! ვიცი, შენ შეძლებ…” _ ე.ი. არავის არ უნდა გავაგებინო, რომ ალბას ვეძებ. შეიძლება ამ სახლშიც არის ვიღაც, ვის ყურამდეც არ უნდა მივიდეს ეს. შეიძლება ამიტომაც ვერ უკავშირდება თამაზს და უნდა, რომ ჩემი საშუალებით გადასცეს მესიჯი…

სულ უფრო ღრმად ვრწმუნდები, რომ მე შეგნებულად “შემარჩია” და ჩვენი შეხვედრა არ ყოფილა შემთხვევითი… თუ კომპანიამ ადრევე დაგეგმა კონკურენტი კომპანიის ჩაძირვა და ამისთვის უგო მოისყიდეს, მაშინ ცხადია, თავიდანვე ექნებოდათ ინფორმაცია ნატურალ დრეამს-ისა და ჩემს შესახებ…

წერილი ფოტოაპარატის ჩანთაში დავმალე. შხაპი მივიღე, ჩავიცვი და გვანცამაც დამიკაკუნა კარზე. მამაკაცები უკვე დაბლა იყვნენ, ვერანდაზე. ლამაზად გაწყობილ მაგიდასთან ისხდნენ და ღვინოს მიირთმევდნენ.

_ გთხოვთ, დაბრძანდით ქალბატონებო! _ თავაზიანად მოგვმართა თამაზმა და მსახურს ხელის მოძრაობით ანიშნა ჩვენთვისაც დაესხათ ღვინო.

_ რეკლამაზე ვსაუბრობდით. ზეგ, ღამით გვექნება გადაღება ამ ბაღში. კარნავალი უნდა მოვაწყოთ. განათება და სხვა საჭირო ტექნიკა უკვე დავიქირავე. ხვალ მოიტანენ და თვითონვე მოამზადებენ. მუსიკოსებიც მოვლენ. ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც ნამდვილ წვეულებაზე. რაც შეეხება მსახიობებს, ეგ საკითხიც მოგვარებულია. დაახლოებით ოცამდე ადამიანი იქნება კოსტიუმებში გამოწყობილი, ნიღბებით. სცენარი იცით… ჰო, კიდევ რა… მთავარ როლში იტალიელი მოდელი გოგონა გვეყოლება, _ პაოლა ვიტალი. აქ ძალიან ცნობილი მოდელია.

_ ვიცი მე ეგ გოგო, ძალიან მაგარია! _ თქვა ლევანმა.

_ ლუ, თქვენ ფოტოებს გადაიღებთ. ეს რაც შეეხება წვეულების სცენას. შემდეგ დღეს ქალაქ ანდრიაში წავალთ, რომლის მახლობლადაც ჩვენი გადასაღები ობიექტი, _ ციხე-სიმაგრე “კასტელ დელ მონტელია”. მანდ მხოლოდ პაოლას და ჯოვანის წავიყვანთ, ბოლო სცენის გადაღებისთვის.

_ ეს კასტელ დელ მონტელი, ტამპლიერების სახელს რომ უკავშირდება ის არის, ხომ? _ ჰკითხა გვანცამ.

_ დიახ, ეგ გახლავთ! ძალიან საინტერესო და ერთ-ერთი იდუმალებით მოცული ციხე-სიმაგრეა. ძალიან უცნაური ფორმა აქვს, _ რვაკუთხოვანი, როგორც ტამპლიერთა სამლოცველოებს. კოშკებს არც ერთი სარკმელი და კარი არ გააჩნია. მხოლოდ მათ შემაერთებელ კედლებს აქვს ორ-ორი სარკმელი.

_ აბა, სინათლე როგორ აღწევს შიგნით? _ ვკითხე მე.

_ მეორე სართულს, მთელი წლის განმავლობაში, მზის სხივი დღეში ორჯერ ანათებს. პირველ სართულს კი მხოლოდ ზაფხულში. ამგვარად, მეორე სართული წარმოადგენს უზარმაზარ მზის საათს.

_ მართლა ძალიან საინტერესოა! _ დავინტერესდი და მერაბის მოწოდებული თეფშიდან, სოკოს “რიზოტო” გადავიღე.

_ წელიწადში ორი დღე, ზაფხულისა და ზამთრის ბუნიობისას, სინათლე თანაბრად ნაწილდება პირველ სართულზე. ფაქტიურად, პირველი სართული წარმოადგენს კალენდარს. მოკლედ, მთელი შენობა ასტრონომიულ მოწყობილობად უნდა განვიხილოთ…

_ ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ! _ წამოიძახა გვანცამ.

_ საერთოდ, ტამპლიერების ორდენი და მათი ისტორია ძალიან საინტერესოა! დღესაც ბურუსითაა მოცული მათი საქმიანობა. ლეგენდას თუ დავუჯერებთ, მათი განძი მიუნჰენის რომელიღაც სახლის ეზოშია დამარხული… ორდენი რომ დააფუძნეს, ისეთი ღატაკები იყვნენ, რომ მათ გერბზე, ერთ ცხენზე ამხედრებული ორი რაინდი იყო გამოსახული, რადგან უსახსრობის გამო, ორი ტამპლიერი ერთი ცხენით დადიოდა…

_ მე სამწუხაროდ, ძალიან ცოტა რამ ვიცი ტამპლიერებზე…

_ ლუ, თუ გაინტერესებთ, მე მაქვს წიგნი, სადაც ტამპლიერებზე ბევრი საინტერესო რამ წერია…

_ ძალიან მაინტერესებს! სიამოვნებით წავიკითხავდი! _ ვუთხარი თამაზს. როგორც ვატყობ, ეს ციხე-სიმაგრე დანახვისთანავე შემიყვარდება. სამშაბათს კასტელ დელ მონტეს ვნახავ…

_ მიირთვით გთხოვთ… ლაზანია უგემრიელესია! _ გვითხრა თამაზმა და თვითონაც გადაიღო. ძალიან უშუალო ადამიანი ჩანს. თავაზიანი. მის მიმართ დადებითად განვეწყვე.

უცებ, სახლიდან მაღალი ახალგაზრდა ბიჭი გამოვიდა, ხალათი ეცვა. როგორც ჩანს, ახალი გაღვიძებული იყო. თმაც დასავარცხნი ჰქონდა.

_ სანდრო, _ ჩაგეცვა მაინც! _ ოდნავ საყვედურის ტონით მიმართა თამაზმა და უხერხულად გაგვიღიმა.

_ გაიცანით, ჩემი ბიჭი… სანდრო!

სანდრომ უემოციოდ შეგვათვალიერა ყველა და მოგვესალმა. რაღაცნაირი, ფლეგმა ტიპი ჩანს.

_ სანდრო! ეს ის გადამღები ჯგუფია, რო გეუბნებოდი…

_ აა, გამიხარდა ქართველების ნახვა. აუ, ჩაცმულობისთვის “მი სცუსი”… არ ვიცოდი თუ უკვე აქ იქნებოდით.

_ როგორ გეკადრებათ! _ უთხრა გვანცამ და უხერხულობისაგან გაწითლდა. აი, ამ ბიჭს ნამდვილად მოუხდებოდა მარიტა, თავისი “ოფქორზუნებით”.

_ ისე, რამდენადაც ვიცი, სანდრო იტალიური სახელია, არა? _ ვკითხე და თან ღვინო მოვსვი. სანდრომ კარგად შემათვალიერა და მერე გამცა პასუხი:

_ კი, მაგრამ ეგ ბევრმა ქართველმა არ იცის… აქ ბევრს ჰქვია სანდრო… და შენ რა გქვია?

პირდაპირ “შენობით” მომმართა. საინტერესოა, ყველასთან ასეთია თუ უბრალოდ ჩვენთან არ თვლის საჭიროდ, “თქვენობითი” ფორმის გამოყენებას?

_ ლუ!

_ ი ვსო?

_ ასე მეძახიან… შენც შეგიძლია პირდაპირ ეგრე მომმართო, თუ საჭიროდ ჩათვლი, რა თქმა უნდა…

სახეზე ოდნავ გაკვირვება გამოეხატა.

_ კარგი, მოგვიანებით გნახავთ. ჩოგბურთს თუ ვინმე თამაშობთ, ერთ საათში კორტებზე გელით! _ მაგიდიდან ვაშლი აიღო, მოკბიჩა და სახლში შებრუნდა.

სადილის შემდეგ, მე და გვანცა ჩემს ოთახში ავედით.

_ ეტყობა, რომ ძალიან განებივრებულია! მდიდარი მამიკოს შვილია… _ მითხრა გვანცამ და სარკეში საკუთარი თავი შეათვალიერა. მე ფანჯარასთან მივედი. სანდროს მოკლე შორტი ჩაეცვა და კორტებზე ვარჯიშობდა. ლევანიც დავინახე, მისკენ მიემართებოდა.

_ ბაღში არ გავისეირნოთ?

_ აუ, კიი… მოიცა, ჩემთან შევალ და ორ წუთში მოგიკაკუნებ… ფოტოაპარატი წამოიღე რაა, სურათებიც გადავიღოთ.

გვანცა გავიდა. აპარატის ჩანთა გავხსენი და ყოველი შემთხვევისთვის წერილი შევამოწმე. მერე, კამერა კისერზე ჩამოვიკიდე და გვანცამაც შემოაღო კარი, _ წავედითო.

კორტები გავიარეთ და აუზთან მივედით. გვანცას სურათები გადავუღე. მისი დიდი ხვეწნის მერე მეც გადავაღებინე ერთი კადრი. რატომღაც არ მიყვარს, როდესაც ობიექტივი ჩემკენაა მომართული. მერე იმ მიმართულებით წავიყვანე, სადაც სახურავი მოჩანდა.

სახლის უკანა მხარეს, ბევრი ხე იყო. ის შენობა, ბაღის ბოლოში აღმოჩნდა. ძალიან ძველი, ნახევრად დანგრეული, აგურის ერთსართულიანი სახლი აღმოჩნდა, რომელსაც ფანჯრის ყველა მინა ჩამსხვრეული ჰქონდა. გამიკვირდა, ამ სამოთხეში რა უნდოდა ასეთ სახლს… აპარატი გვანცას მივაწოდე და შენობასთან ახლოს მივედი.

_ ნეტა რა არის მანდ? _ დაიძახა გვანცამ. ახლოს არ მოსულა, სადაც დავტოვე, ისევ იქ იდგა, კამერით ხელში.

_ ჩამტვრეულ ფანჯარაში შევიხედე, შიგნით მხოლოდ ცარიელი კედლები იყო.

_ რისთვის უნდათ აქ ეს ამხელა ჯღლართი? ტყუილად ადგილს იკავებს და ბაღს ამახინჯებს! _ მესმოდა გვანცას ხმა. შენობას შემოვუარე და უკანა მხრიდან, აგურის კედელზე საღებავით მიწერილი რომაული IX დავინახე…

_”ფლიგელი, საერთოდ, შენობის გვერდითი მინაშენი, ან დიდი შენობის ეზოში მოქცეული პატარა შენობაა”… _ გამახსენდა მამას სიტყვები და გამბურძგლა… ნუთუ ეს ის არის, რასაც ახლა ვფიქრობ?.. თუ თვალის ზომა არ მატყუებს, სავარაუდოდ ფართიც ემთხვევა…

სახლის პირდაპირ, ზედ გალავნის ძირში, ყვავილებს მოვკარი თვალი. ზუსტად ისეთი ყვავილები იყო დარგული, როგორიც რომში, სასტუმროში მიღებულ ამანათს მოაყოლა… რაღაც უცხო ყვავილი… იმ ყვავილით ხომ არ მიმანიშნებს ამ ადგილს?…

_ რა მოგეწონა აქ, ქალიშვილო?

შევბრუნდი. ჩემს უკან სანდრო იდგა ჩოგნით ხელში.

_ ეს სახლი… ეტყობა ძალიან ძველია, ხო?

_ უჰ… არც კი ვიცი, რომელი საუკუნისაა! ეს ტერიტორია რომ იყიდა მამაჩემმა, ჯერ კიდევ მაშინ იდგა. ადრე ალბათ ცხოვრობდნენ. მამამ ასე დატოვა. არ დაანგრია.

_ გასაგებია… და შენ რაღას აკეთებ აქ?

_ ზედმეტი სიმაღლე ავიღე დარტყმისას და ბურთი თქვენსკენ გადმოფრინდა… წამოდი, ბარემ გაგაცილებთ, თორემ შენმა მეგობარმა მოიწყინა!

სანდროს უკან გავყევი. გადავწყვიტე, რომ ღამით, როდესაც ყველა დაიძინებდა, ჩამოვსულიყავი აქ და დამეთვალიერებინა. რაღაც უნდა მომემიზეზებინა და ქალაქში გავსულიყავი. ფანარი მჭირდებოდა სასწრაფოდ!

მე და გვანცა შადრევანთან დავბრუნდით. თამაზი იქ დაგვხვდა და ყავა შემოგვთავაზა. სამივე მარმარილოს მაგიდასთან დავსხედით.

_ აქ ახლოს, რაიმე სუპერმარკეტი ხომ არ არის? _ ვკითხე თამაზს.

_ ისედაც ვაპირებდი შემომეთავაზებინა თქვენთვის, ჩემს მძღოლს ვეტყვი, რომ ნეაპოლი დაგათვალიერებინოთ… რასაც მოასწრებთ, ნახეთ. ზოგად სასაუბრო პატარა ლექსიკონებს მოგცემთ, გქონდეთ ყოველი შემთხვევისთვის, მაღაზიაში რომ მოგინდეთ შესვლა ან რამე…

_ დიდი მადლობა ყველაფრისთვის! _ უთხრა გვანცამ და გაიბადრა. მადლობა მეც გადავუხადე. ყავაც მოგვიტანეს.

_ ბატონო თამაზ, თქვენი ბაღი დავათვალიერეთ წეღან და ბოლოში, ძველი დანგრეული სახლი როა…

_ ჰოო, ეგ სახლი აქ იდგა, როდესაც მე ეს მიწა შევიძინე. რატომღაც ასე დავტოვე… მაგ სახლს, ძალზედ საინტერესო სარდაფი აქვს. უფრო სწორად, თავშესაფარი. სწორედ მაგის გამო არ დავანგრევინე. არ ვიცი იცი თუ არა, რომ ჩვენს საწარმოს რვა ფლიგელი აქვს, სადაც ინახება ჩვენს მიერ წარმოებული სასმელები. სინამდვილეში, ერთი დიდი სარდაფია, მაგრამ რვა ნაწილადაა დაყოფილი, ჰოდა, პირობითად ფლიგელები დავარქვით. გიო რომ ჩამოდიოდა-ხოლმე ჩვენთან, ცხონებული, _ დავითის ბიჭი, მაგან მოიფიქრა, რომ საექსპორტო ღვინოს რომ გამოვუშვებდით, ეს თავშესაფარი გამოგვეყენებინა, როგორც საცავი. მანდ ტემპერატურა ყოველთვის ერთ დონეზეა… იდეალური პირობებია ღვინის შესანახად… ჰოდა, მაშინ თქვა გიომ, მოდი ამას დავარქვათ მეცხრე ფლიგელიო. _ დააწერა კიდეც ზედ საღებავით… _ ეჰ, რა კარგი ბიჭი იყო, დღემდე ვერ მომინელებია რაც მოხდა!.. ჩემს თვალწინ გაიზარდა…

თამაზის ხასიათი შეეცვალა.

მე კიდევ, გულში ძალიან მიხაროდა, რომ მეცხრე ფლიგელი ვიპოვნე… ალბათ გიორგისაც სწორედ ამის იმედი ჰქონდა… ის ტუბუსიც სპეციალურად დატოვა…

საღამოსკენ, მე და გვანცას თამაზის მძღოლმა პატარა ექსკურსია მოგვიწყო. ბევრი დრო არც გვქონდა. რამოდენიმე მაღაზიაში მოვასწარით შესვლა. ფანარი ვიყიდე. სანამ გვანცა ტანსაცმელს ისინჯავდა, მე ხელში გადაშლლილი ლექსიკონი მეჭირა და კონსულტანტებს ვეკითხებოდი, იცოდნენ თუ არა რაიმე დაწესებულება, სახელწოდებით “ალბა”. არავინ არაფერი იცოდა…

დაღამდა-კიდეც. ორივე პორშეში ჩავსხედით, დაბრუნების დრო იყო. გზაში, ფანჯრიდან ვაკვირდებოდი მაღაზიების, ბარებისა და რესტორნების სახელებს…

მძღოლმა ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე გადაუხვია. ეს ქუჩა, ნეაპოლის სხვა ქუჩებთან შედარებით ყველაზე მიყრუებული და უსიცოცხლო იყო. უცებ, ჩემი ყურადღება ერთმა სახლმა მიიქცია. ფანჯრები ხის ფიცრებით იყო აჭედებული. წინ ნაგვის ურნა იდგა, საიდანაც ნაგავი იყო გადმოყრილი. სახლს რომ გავუსწორდით, პირველი სართულის ფანჯრები კარგად გამოჩნდა. მხოლოდ იქ ენთო სინათლე და დაბურული მინებიდან, ადამიანების ლანდები მოჩანდა…

კუთხის შენობა აღმოჩნდა. მძღოლმა ზუსტად ამ სახლთან შეუხვია და მეორე მხარეს შესასვლელი კარი დავინახე. მის თავზე კი, დიდი ასოებით ეწერა:

TAVERNA ALBA

ტავერნა “ალბა” (ეპიზოდი XVII)

17

ქუჩა, სადაც ტავერნა “ალბა” ვიპოვე, თამაზის სახლიდან საკმაოდ ახლოს აღმოჩნდა. ფეხით რომ წამოვსულიყავი, დაახლოებით 10-15 წუთი დამჭირდებოდა იქ მისასვლელად. ქუჩის სახელწოდება დავიმახსოვრე. რაღაც უნდა მომეფიქრა, რომ მეორე დღეს ერთი საათით მაინც გამოვსულიყავი გარეთ.

ისიც ვიფიქრე, მძღოლს მანქანას გავაჩერებინებ-მეთქი, მაგრამ კიდევ კარგი თავი შევიკავე და დავფიქრდი. ჩემი საქციელი ეჭვს გამოიწვევდა და შეიძლება ყველაფერი გამეფუჭებინა. გარდა მაგისა, 19:05-საც საკმაოდ გადაცილებული იყო… თან, ცოტა არ იყოს, შემეშინდა კიდეც მარტოს იმ უცნაურ შენობაში შესვლა.

გვანცამ აღელვება შემატყო. უცებ ისღა მოვიფიქრე, თითქოს ქუჩის სახელი მეცნო… ვუთხარი, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი გამახსენდა, რომელიც ნეაპოლში, სწორედ ამ ქუჩაზე ცხოვრობს და წლებია არ მინახავს. ჩავიბურდღუნე, კარგი იქნებოდა ხვალ, ცოტა ხნით მაინც მენახა-მეთქი.

ამჯერად სასადილო ოთახში ვივახშმეთ, რომელიც იტალიური რენესანსის სტილში იყო გადაწყვეტილი. ჭერი ანგელოზებით მოეხატათ. ეს ოთახი, სახლის მთლიანი დიზაინიდან შესამჩნევად განსხვავდებოდა.

ისევ რეკლამაზე ვსაუბრობდით. ყველა დეტალი განვიხილეთ. ვახშამს სანდრო არ დასწრებია, ალბათ არ იყო სახლში.

ვახშმის შემდეგ “მოსასვენებელ ოთახში” გადავინაცვლეთ, სადაც კარგა ხანს დავყავით. მამაკაცებმა ბილიარდის თამაში რომ წამოიწყეს, მე და გვანცამ მოვუბოდიშეთ და ჩვენი ოთახებისკენ დავიძარით.

მსახურს ჩემი საყიდლები ოთახში შემოეტანა და საწოლზე დაეწყო. ბევრი არც არაფერი მიყიდია, _ სამი ცალი შარფი (ერთი თათიასთვის, ერთი ლალისთვის და ერთიც ჩემთვის), პატარა ჩანთა, ჟაკეტი დიდი კაპიუშონით, რომელიც ზუსტად ტავერნაში წასასვლელად გამომადგებოდა და რა თქმა უნდა ფარანი.

შხაპი მივიღე, თმა საშრობით გავიშრე და დავწექი. თორმეტი საათი ხდებოდა. მაღვიძარა დილის ოთხ საათზე დავაყენე, ფარანი ბალიშის ქვეშ შევაცურე და ფიქრებში წავედი.

ქვემოდან ჯერ კიდევ ისმოდა კაცების ლაპარაკი და ბილიარდის ბურთების კაკუნი. გვანცამ თავის ოთახში ტელევიზორი ჩართო. მეც არ ვიცი, როდის ჩამეძინა. დამესიზმრა, ვითომ გადაღება გვქონდა და შადრევანთან ნიღბიანი ადამიანები ირეოდნენ. რატომღაც ყველას მზერა ჩემკენ იყო მომართული. მე კამერით ხელში ვიდექი და ვცდილობდი ლამაზ კაბაში გამოწყობილი პაოლა გადამეღო…

ყველა მე მეჯახებოდა. როგორც იქნა შადრევანთან მივაღწიე. ქალთევზებს, ლამაზი და უდარდელი სახეების ნაცვლად, შემზარავი გამომეტყველება აღბეჭდვოდათ… ვიგრძენი, რომ ხეებიდან ვიღაც მითვალთვალებდა და ამ სიზმარშიც ზუსტად იგივე განცდა დამეუფლა, რაც იმ ღამეს, კლუბში… თითქოს აქ მყოფ ადამიანებს ჩემთვის რაღაც ცუდის გაკეთება უნდოდათ… ვიღაცამ მოულოდნელად მხრებზე ხელები მომკიდა და შიშისაგან შევყვირე…

ლოგინში წამოვჯექი. გული გამალებით მიცემდა. მივაყურადე, _ სახლში სიჩუმე იყო. ფანჯარასთან მივედი და გავიხედე. ბაღში სინათლეები ჩაექროთ, მხოლოდ სახლის სიახლოვეს ენთო რამოდენიმე ლამპიონი. საათს დავხედე, მალე მაღვიძარაც დარეკავდა. “ალარმი” გავაუქმე, მერე ბალიშიდან ფარანი გამოვიღე და ჯიბეში ჩავიდე. კედები ჩავიცვი და ოთახიდან ფეხაკრეფით გავიპარე.

ყველას ეძინა. ბაღში უკანა კარიდან გავედი, რომელიც პირდაპირ აუზთან გადიოდა. კორტებსაც გავცდი და იმ ძველი შენობის მიმართულებით წავედი. სიბნელეში ეს ზღაპრული ბაღიც კი საშიში მეჩვენებოდა.

სახლის კარი ღია იყო. ძველი ხის იატაკი საშინლად ჭრაჭუნობდა. იქაურობა აბლაბუდის ქსელით იყო სავსე.

ოთახების დამაკავშირებელი არც ერთი შიდა კარი აღარ იყო შემორჩენილი. ოთახები სწრაფად დავიარე, ყველა ცარიელი იყო, მხოლოდ ერთ ოთახში წავაწყდი უცნაურ კედლის ღუმელს. ამავე ოთახში ძველი, მტვრიანი ხალიჩა ეგდო. ლიფტის მსგავსი ვერსად ვერაფერი ვიპოვე. არადა, გეგმაზე მახსოვდა, რომ ჩასასვლელი ლიფტის შახტიდან იყო. ღუმელს ბევრი ვუტრიალე, მაგრამ კარის ან სახელურის მსგავსი ვერაფერი ვუპოვე. რომ გამოვბრუნდი, ფეხი ხალიჩას წამოვდე და კინაღამ წავიქეცი.

ოთახიდან რომ გამოვედი, უცებ თვალწინ ის ხალიჩა წარმომიდგა. რისთვის დატოვეს ამ ცარიელ სახლში ეს ერთი ხალიჩა?.. ღუმელიან ოთახში შევბრუნდი, ხალიჩა გადავწიე და სწორედ ის დავინახე, რისი იმედიც მქონდა, _ სარდაფში ჩასასვლელი ლუკი.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეშინოდა, ჩემი თავი ვაიძულე, რომ ძალა და გამბედაობა მაქსიმალურად მომეკრიბა. გამოუვალ მდგომარეობაში რომ არ იყოს გიორგი, ტყუილად არ მომწერდა იმას, რომ მისი დახმარება მხოლოდ მე შემიძლია! ვინ იცის, იქნებ მისი გადარჩენის ერთადერთი შანსი მე ვარ?..

ფარანი ძირს დავდე და ორივე ხელით ავწიე ლუკი. ჩავიხედე და რკინის კიბე დავინახე, რომელიც ვერტიკალურად ეშვებოდა ქვემოთ. გარშემო რკინის ბადე ჰქონდა წრიულად შემოვლებული. პირჯვარი გადავიწერე, ანთებული ფარანი კბილებით დავიჭირე და კიბეზე ჩასვლა დავიწყე.

დაახლოებით ოთხი-ხუთი მეტრი იქნებოდა სიღრმე. ფეხი მიწაზე დავდგი და ფარანით მოვათვალიერე იქაურობა. ვიწრო და დაკლაკნილ კორიდორში აღმოვჩნდი. ჩემს თავს ზემოთ, დიდი თუნუქის სავენტილაციო მილები დავინახე. ნესტის და მტვრის სუნი მაშინვე ცხვირში მეცა. ბუნკერს ძალიან სქელი კედლები ჰქონდა. ძირს არც ფილები ეგო და არც იატაკი, _ მიწური იყო. კედლებზე, დაწყვეტილი დენის კაბელები იყო ჩამოკონწიალებული.

ერთმანეთში გამავალ “ოთახებს” კარი არ ჰქონდა. გეგმა დაახლოებით მახსოვდა და დაკარგვის არ შემშინებია. მეშინოდა, რომ რამე ქვეწარმავალს არ გადავყროდი.

კედელზე დენის ჩამრთველს მოვკარი თვალი. ფრთხილად ავწიე ზემოთ. ფლიგელში ალაგ-ალაგ, დაბალი ინტენსივობის, მბჟუტავი ნათურები აინთო. შიშის შეგრძნებამ იკლო. ფლიგელი დავიარე და ერთ ოთახს მივაგენი, სადაც მაგიდა და რამოდენიმე სკამი იდგა. მაგიდაც და სკამებიც დასაკეცი იყო, როგორც ჩანს, მერე ჩამოიტანეს… მაგიდაზე გაზეთები ეყარა. ზოგი გაყვითლებული…

გადავათვალიერე. ყველა მათგანში კომპანიის შესახებ სტატია იყო დაბეჭდილი. თამაზის და ვიღაც სიმპათიური კაცის სურათი ვნახე, რომელსაც ქვეშ ეწერა: _ თამაზ გელაშვილი და დავით კვეზერელი. როგორც ჩანს, გიორგი მამას ჰგავს…

სტატიაში ეწერა, როგორ გაუჩნდათ იდეა და როგორ დააარსეს კომპანია “თეთრი არწივი”… ბოლომდე არ წამიკითხავს. მეორე გაზეთში _ სანდროს, გიორგის და ვიღაც ქერა გოგონას სურათი იყო დაბეჭდილი. ამ სტატიაში გიორგის და სანდროს ინტერვიუ იყო.

_ “ ჩემი ნება რომ იყოს, საქართველოში გავყიდდი საწარმოს და მთლიანად ბიზნესს და აქ, იტალიაში გავაკეთებდი ღვინის ქარხანას. ღვინო ძირითადად რომში გაიყიდებოდა, რომის ღვინო შედარებით დაბალი ხარისხისაა და აქაურები უპირატესობას ფლორენციულ ღვინოს ანიჭებენ. ვფიქრობ, ეს იდეა გაამართლებდა. მაგრამ, სამწუხაროა რომ ამ აზრს მხოლოდ მე და მამაჩემი ვიზიარებთ… “ _ ამბობდა სანდრო. ამის შემდეგ, გიორგის კომენტარი იყო, სადაც საპირისპირო აზრს გამოხატავდა. ორივეს სიტყვებში დაძაბულობა აშკარად შეინიშნებოდა… სტატიაში ჟურნალისტის შეკითხვაც ვნახე, გიორგის ეკითხებოდა, აპირებდა თუ არა დაქორწინებას ახლო მომავალში. გიორგი პასუხი იყო ის, რომ ამ საქმეში აჩქარება არ ვარგა. როგორც მივხვდი, სწორედ ეს ქერა გოგონა იყო ანა იაშვილი, რადგან სტატიაში, ეგვიპტეში ერთად წასვლაც იყო ნახსენები.

მაგიდის უკან დიდი რკინის სეიფი იდგა. მასიური, მრგვალი მოსატრიალებელი სახელურით, რომელიც გემის შტურვალს წააგავდა. წრიულად ციფრები ეწერა. როგორც ჩანს, კოდის შესაყვან მექანიზმთან მქონდა საქმე. რამოდენიმეჯერ ვცადე და სხვადასხვა კომბინაცია ავკრიფე, მაგრამ ამაოდ. საინტერესოა, რა უნდა იყოს ამ სეიფში და სად შეიძლება ინახავდეს კოდს ბატონი თამაზი… მივხვდი, რომ ამის გაგება ფაქტიურად შეუძლებელი იყო ჩემთვის. იმასაც მივხვდი, რომ გიორგის სწორედ ის სჭირდება, რაც ამ სეიფში ინახება. იქნებ, თვითონ იცოდეს კოდი? თამაზმა ხომ თქვა, რომ გიორგის იდეა იყო ბუნკერის საცავად გამოყენება?

სეიფი საკმაოდ ახალია და შესაბამისად, ალბათ მერე ჩამოიტანეს აქ. ცოტა იმედი მომეცა. ხვალ, 19:05-სთ-ზე ტავერნა “ალბაში” სავარაუდოდ ვნახავ გიორგის და ყველაფერს მოვუყვები…

უკან, ისევ იმავე კიბით ამოვედი, ლუკი დავხურე და ფარდაგი გადავაფარე. ბაღი სირბილით გადავჭერი და აუზთან რომ მივედი, სახლთან გაჩერებული ყვითელი ლამბორგჰინი დავინახე. ცხადად მახსოვს, სახლიდან როცა გამოვედი არ იდგა.

მანქანის ყურებაში სანდროს შევეჩეხე. გაკვირვებულმა შემომხედა.

_ ასე გვიან რა გინდა აქ? _ მკითხა და ფარანს შეხედა, რომელიც ხელში მეჭირა.

_ მედალიონი დავკარგე… ალბათ დღისით მომძვრა ბაღში…

_ მერე, იპოვე?

_ ვერა…

_ ამ სიბნელეში რას იპოვიდი?!

_ რა ვიცი… ძალიან მიყვარს ეგ მედალიონი, დედამ მაჩუქა… ვერ მოვითმინე დილამდე…

_ დილით ვეტყვი მებაღეს ან მსახურებს და მოგიძებნიან! _ მითხრა და თავიდან ფეხებამდე კარგად ამათვალიერ-ჩამათვალიერა.

_ მადლობა… ძილი ნებისა! _ ვუთხარი და გაცლა დავაპირე, მაგრამ ხელი მკლავში მომკიდა და შემაჩერა.

_ გინდა, დავლიოთ რამე?…

_ არა, მადლობა… ჯობია დავიძინო… ძილი ნებისა! _ ხელს ისევ არ მიშვებდა.

_ ნუ ხარ დაძაბული, მოეშვი!

_ აუცილებლად მოვეშვები, ჩემს საწოლში! ღამე მშვიდობისა, სანდრო! _ მტკიცედ ვუთხარი და ხელი გავაშვებინე. კიბეები ავირბინე, ჩემს ოთახში შევვარდი და კარი შიგნიდან გადავკეტე. გული ისე მიცემდა, ლამის ამომივარდა.

დიდი ფურგონი სახლს დილით ადრე მოადგა და ხელოსნებმა ინვენტარის გადმოზიდვა დაიწყეს. მთელი დღის განმავლობაში აწყობდნენ რკინის რელსებს, რომელიც კამერის სამოძრაოდ იყო განკუთვნილი.

განათების მოწყობილობაც დაამონტაჟეს, რითიც გადასაღებ მოედანს გაანათებდნენ ღამით. მერაბი და ლევანი ბაღში იყვნენ და რაკურსებს არჩევდნენ. ჩემს საქმეს რომ მოვრჩი, თამაზის ვთხოვე, რომ საღამოს ერთი საათით გავეშვი. მძღოლის მომსახურება შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი. მასაც იგივე მოვუყევი, რაც გვანცას. შვიდს რომ თხუთმეტი წუთი დააკლდა, თამაზის სახლი დავტოვე და ქუჩაში გამოვედი. პარალელური ქუჩა ფეხით გადავჭერი და იქ შევუხვიე, სადაც ტავერნა ალბა მეგულებოდა.

ქუჩის ბოლოში შენობაც გამოჩნდა. შესასვლელთან რამოდენიმე მოტოციკლი იდგა და სამი ზორბა, წვერებიანი კაცი ლაპარაკობდა. მე ჩემი დიდი კაპიუშონი წამოვიფარე და “ალბას” კარი შევაღე.

ძველებურ ვესტერნებში რომ მინახავს, ისეთი გარემო იყო. დიზაინი ძველებურ, ამერიკულ სტილში იყო გაკეთებული. ტავერნაში, 90% მამაკაცები იყვნენ, რომლებიც ხის დაბალ მაგიდებთან ისხდნენ და ლუდს მიირთმევდნენ. გრძელ ბართან ახალგაზრდა გოგო ტრიალებდა. მეც ბართან მივედი და მაღალ სკამზე დავჯექი. კაპიუშონი არ მომიხდია…

_ ცჰე ცოსა ვუოი? _ მკითხა ბარში მომუშავე გოგომ მომღიმარი სახით. ეს ფრაზა მაღაზიებში სიარულის დროს დავიმახსოვრე, _ “რას ინებებთო?”, ვიცოდი, რომ მომიწევდა აქ რაღაცის შეკვეთა, ამიტომ მომზადებული მოვედი და მეც ღიმილით ვუპასუხე:

_ Bირრა, პრეგო… _ ვუთხარი და თან კასრზე მივუთითე, საიდანაც ლუდს ასხამდა.

იქაურობა მოვათვალიერე. გიორგი არსად ჩანდა. იქნებ არც არის აქ და იქნებ ვიღაც სხვა უნდა ვნახო “ალბაში”?…

ჩემი ლუდის ჭიქა ავიღე და კუთხეში, პატარა ხის მაგიდასთან დავჯექი.

_ ალბა, ვიენი ქუი, პერ ფავორე!

მომესმა ბარმენი გოგონას ხმა. ბარის უკანა კარიდან, შავგვრემანი ქალი გამოვიდა. ძალიან მაღალი და მსხვილძვალა იყო, თან რაღაცნაირი დიდი კბილები ჰქონდა. სავარაუდოდ, ბარის მეპატრონე უნდა ყოფილიყო. სახელსაც თვითონ დაარქმევდა…

ლუდს აუჩქარებლად ვწრუპავდი და თან, ცალი თვალი მათკენ მეჭირა. ალბა ბარმენთან მივიდა, რომელმაც თვალებით ჯერ ჩემზე ანიშნა, მერე დახლის ქვედა უჯრიდან რაღაც ამოიღო და აჩვენა. შეიძლება ჩემი სურათი იყო… ალბა დაკვირვებით უყურებდა, მერე ჩემკენ გამოიხედა. მე უდარდელი სახით ლუდის სმა გავაგრძელე.

კედელთან დიდი ძველებური საათი ეკიდა. ისრები რვის თხუთმეტ წუთს აჩვენებდა. ალბა დიდი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემკენ, დაიხარა, მხარზე ხელი დამადო და ხმადაბლა “ვენგა კონ მი”, თუ რაღაც ამის მსგავსი მითხრა. მივხვდი, რომ ჩემი სადღაც წაყვანა უნდოდა.

უკვე იმდენად შორს შევტოპე, რომ უკან დახევას არანაირი აზრი აღარ ჰქონდა. თითქოს უკვე მექანიკურად ვმოქმედებდი…

ალბას გავყევი. სამზარეულო გავიარეთ და უკანა კარიდან, შენობის სადარბაზოში გავედით. წინ ალბა მიდიოდა, იმხელა ნაბიჯებს ადგამდა, რომ ძლივს ვეწეოდი. კიბე ავიარეთ და მეორე სართულის ჩაბნელებულ კორიდორში მოვხვდით. კარებებზე შემორჩენილი ოქროსფერი ნომრებით მივხვდი, რომ ეს ადრე სასტუმრო უნდა ყოფილიყო. ალბა, ერთ-ერთ ასეთ კართან მივიდა, მუსიკალურად დააკაკუნა და პასუხს აღარ დაუცადა, პირდაპირ შეაღო. “ავანტი ენტრი” მითხრა, გამიცინა და უკან გაბრუნდა.

კართან რამოდენიმე წუთი ვიდექი. მერე შევედი. რაც შეიძლებოდა ნელა მივდიოდი ოთახისაკენ. ასე ძალიან, არც მეცხრე ფლიგელში ჩასვლის დროს მინერვიულია…

კორიდორი გავიარე და ოთახის შესასვლელთან გავჩერდი. კედლებზე ძველებური შპალერი იყო გაკრული. ერთი ხის საწოლი იდგა, ერთი ტუმბო და ძველი ხის კომოდი. ოთახში, მხოლოდ საწოლის თავზე მიმაგრებული, ერთი ცალი პატარა ბრა ენთო, რომელიც მომწვანო მკრთალ შუქს გამოსცემდა.

ოთახში ნახევრად ბნელოდა და სიგარეტის სუნი იდგა. ფანჯარა გარედან იყო ფიცრებით აჭედილი.

_ ვიცოდი რომ მოხვიდოდი!

შევკრთი. მისი ხმა იყო. ახლა შევამჩნიე სავარძელი, რომელიც ოთახის ბნელ კუთხეში იდგა.

წამოდგა და ჩემკენ გამოემართა. როდესაც ოთახის განათებულ ადგილამდე მოვიდა, უკვე კარგად შევძელი მისი დანახვა. შავი სვიტრი ეცვა და ჯინსის შარვალი… წვერი გასაპარსი ჰქონდა და თვალები ოდნავ ამღვრეული. ალბათ შემატყო, რომ შეშინებული ვიყავი და ჩემგან რამოდენიმე ნაბიჯის მოშორებით გაჩერდა.

მასთან მე თვითონ მივედი და წინ დავუდექი. მარჯვენა ხელი მკერდზე მივადე… მისი გახშირებული გულისცემა ვიგრძენი…

_ ცოცხალი ვარ, ლუ! _ მითხრა და ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა.

_ ვიცი…

ვუპასუხე და ხელი გავუშვი. ახლა მან დამადო თავისი ხელი გულზე… სხეულში სითბო ჩამეღვარა, როგორც მაშინ, კლუბში…

_ შენ სულ ასეთი ცხელი ხელები გაქვს? _ ვკითხე და ხმა ამიკანკალდა.

_ კი…

_ მე კიდევ, ყოველთვის ცივი…

ჯერ გამიღიმა, ცოტა ხანს მიყურა, მერე უცებ ჩამეხუტა… ისე მაგრად მიჭერდა ხელებს, რომ კინაღამ სუნთქვა შემეკრა, მაგრამ სულ რომ გავეგუდე, ალბათ წინააღმდეგობის გაწევას მაინც ვერ შევძლებდი, რადგან ასეთი ძლიერი ემოცია, ცხოვრებაში არასოდეს მქონია…

გალია (ეპიზოდი XVIII)

18

დაახლოებით ორ საათში ტავერნა “ალბა” დავტოვე და ქუჩაში გამოვედი. ღამე იყო. თავს ძალიან სხვანაირად ვგრძნობდი… ქუჩა გადავჭერი და მეორე სართულის აჭედილ ფანჯრებს ავხედე. ვგრძნობდი, რომ რომელიღაც ფანჯარასთან იდგა და ფიცრების ღრიჭოებიდან მიყურებდა…

ეს ყველაზე ემოციური ღამე იყო ჩემს ცხოვრებაში. მისი ყოველი შეხებისას ვგრძნობდი რომ ის, რაც ჩვენ ორს შორის ამ წუთამდე წვეთ-წვეთად გროვდებოდა, უკონტროლო გახდა… შეხება ხომ ადამიანის გრძნობათა სიღრმეს გამოხატავს… მე თავი მის მკერდზე მქონდა მიდებული, ის კი აუჩქარებლად მეფერებოდა. მის სუნთქვასაც ვგრძნობდი… კისერზე სასიამოვნოდ მიბერავდა თბილი ჰაერის სუსტი ნაკადი…

ჟაკეტი გამხადა, თან გაუჩერებლად მკოცნიდა.

_ ასეთი რამ არავისთან განმიცდია, მაგნიტივით მიზიდავ…

მგონი ჩემს სხეულში, ყოველი ნერვის დაბოლოება გაასმაგებული ძალით გადასცემდა ჩემს ტვინს მის თითოეულ შეხებას… ორი ურთიერთ საპირისპირო ენერგია რომ დაეჯახება ერთმანეთს, ისე იყო ჩვენს შემთხვევაშიც… ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს, რაღაც ახალი სარკმელი გაიხსნა ჩემში და დაგროვილი ენერგია ძლიერი ნაკადით გამოიჭრა გარეთ…

მისი გასაპარსი წვერი, სახეს ოდნავ მიკაწრავდა, მაგრამ ესეც კი მსიამოვნებდა. უცებ, ხელები გამიშვა და შემომხედა.

_ ლუ… შენ ალბათ სულ სხვა გარემოში და სხვანაირ ვითარებაში წარმოიდგენდი ამ მომენტს… მინდოდა, რომ როდესაც ჩვენს შორის ეს წუთი დადგებოდა, შენთვის…

პირზე ხელი მივაფარე.

_ ჩვენ ვაქციოდ ეს დრო შესაფერისად…

_ ზუსტად ამ პასუხს ველოდი შენგან… _ გამიღიმა და ისევ მაკოცა. მერე ხელში ამიყვანა და საწოლზე დამაწვინა…

გარეთ დაბნელდა. აჭედილი ფანჯრიდან ლამპიონის ყვითელი სინათლე შემოდიოდა და საწოლზე ზოლებად ეცემოდა. ქუჩიდან ნასვამი კაცების ხმამაღალი ლაპარაკი ისმოდა, ეტყობა “ალბას” შესასვლელთან იდგნენ და რაღაცაზე კამათობდნენ… მერე მოტოციკლეტები დაქოქეს და ხმაურით დატოვეს ქუჩა… მალე მუსიკის ხმა გაისმა. ტავერნაში ქალი მღეროდა _ “სოლო ნოი”-ს. ეს სიმღერა ბავშვობიდან მახსოვს… “მხოლოდ ჩვენი”, _ ასე ითარგმნება ქართულად…

ეს დრო, მართლაც ჩვენი იყო, მხოლოდ ჩვენი…

ყველაზე იდუმალ კუნძულზე მდებარე ძვირფას სასტუმროს ნომერსაც კი, წითელი ვარდის ფურცლებით მოფენილი საწოლით, სანთლებითა და ჩაციებული შამპანურით, არ გავცვლიდი, ამ მიტოვებული სასტუმროს ძველ ნომერში გატარებულ წუთებზე…

_ დროა რაღაცეები შენც გაიგო, ლუ! _ მითხრა მან და მაკოცა. ორივე საწოლზე ვიწექით, მე თავი მის მკერდზე მედო. ყველაზე მეტად წასვლა არ მინდოდა, მაგრამ ორივემ კარგად ვიცოდით, რომ დრო ძალიან ცოტა გვქონდა. ამჯერადაც მომიწევდა მასთან დაშორება, თანაც ვინ იცის რამდენი ხნით…

მუცელზე გადავბრუნდი და ბალიშს იდაყვებით დავეყრდენი.

_ გისმენ…

_ ყველაფერი ძალიან რთულადაა… გარკვეული მიზეზების გამო ვერ გიყვებოდი ვერაფერს. არ მქონდა გარისკვის უფლება. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც გამოვიარე… შენ არ იცი რას ნიშნავს იყო ცოცხალი და ამავე დროს მკვდარი… ვერ აკეთებდე იმას, რაც ძალიან გინდა რომ გააკეთო. იყო ადამიანებთან, რომლებიც გიყვარს… იცხოვრო იმ აზრთან ერთად, რომ სრულიად დაუმსახურებლად, უსამართლოდ დაგენგრა ცხოვრება და ამას უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა… ახლა ძალიან ვნანობ, რომ შენ გაგრიე ამ ყველაფერში…

_ მე ჩემი სურვილით გავერიე… და არ ვნანობ!

_ სამწუხაროდ, შენ ჩემი ერთადერთი შანსი იყავი…

_ გინდა თქვა, რომ ჩვენი შეხვედრა კლუბში შემთხვევითი არ ყოფილა?.. _ საწოლზე წამოვჯექი.

_ არ იყო შემთხვევითი!.. _მიპასუხა და წამიერი პაუზა გააკეთა. _ გახსოვს ის რეკლამა, არასრულწლოვანი რომ გადაიღე?

_ უგო… კი, როგორ არ მახსოვს!

_ ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი. ძალიან რთული გეგმა გვქონდა… ჯერ სარეკლამო კომპანია შევარჩიეთ, რადგან ახალგაზრდა გოგო უნდა ჩაგვერთო საქმეში, თანაც ისე, რომ მას არაფერი სცოდნოდა… დიდხანს ვარჩევდით, ფოტოგრაფები ძირითადად კაცები იყვნენ. გოგონა სულ რამოდენიმე აღმოჩნდა. მათ შორის ერთ-ერთი შენ იყავი. ყველას მონაცემებს გადავხედეთ… მერე საიტი ვნახე, სადაც წავიკითხე შენი ნაწერები და მივხვდი, რომ სწორედ შენ იყავი ის, ვისაც ვეძებდით…

_ ვინ თქვენ?.. _ ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს გამომიყენეს… ეჭვი კი მქონდა, რომ კლუბში არ მოვიდა შემთხვევით, მაგრამ რაღაცნაირად გული დამწყდა…

_ ცოცხალი რომ ვარ, მხოლოდ სამმა ადამიანმა იცის… გიორგი ანდრიაძემ, გამომძიებელმა, რომელიც ამ საქმეს უძღვება და შენ!

_ მამაშენმაც არ იცის?

_ არა! მამასთვის რომ მეთქვა, ვერ მოითმენდა და დედას ეტყოდა… თან, სიმართლეს რომ გაიგებდა, შეიძლება თავი ვერ შეეკავებინა და ყველაფერი წყალში ჩაეყარა… იმ კომპანიის მარკეტინგის მენეჯერს, რომელმაც დაგიკვეთათ ეგ რეკლამა, სოლიდური თანხა გადავუხადეთ იმისთვის, რომ თქვენი კომპანიისთვის მოემართა. მან იცოდა, რომ სარჩელს შევიტანდით, მერე ისევ გავაუქმებდით…

_ ესე იგი მეც გეგმის ერთ-ერთი ნაწილი ვარ… _ ვთქვი და იატაკზე დაყრილ ჩემს ტანსაცმელს გავხედე.

_ გარკვეულწილად ასეა… მაგრამ, ის გრძნობა, რომელიც შენს მიმართ გამიჩნდა, გულწრფელია. არც ერთი წამით არ დაუშვა იმაზე ფიქრი, რომ მოგატყუე და გამოგიყენე, გესმის?

_ მაგრამ, ერთი რაღაც ვერ გავიგე… ის სასამართლო დავა რა საჭირო იყო? პირდაპირ არ შეგეძლოთ მოგემართათ ჩვენი კომპანიისთვის და შეგეკვეთათ #25-ის რეკლამა?

_ ახლა ვერ აგიხსნი ყველაფერს… დროთა განმავლობაში ყველაფერს გაიგებ, გპირდები… ახლა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე გავამახვილებ შენს ყურადღებას, რადგან დრო ცოტა გვაქვს… ერთი რამ მინდა გითხრა, ჩვენი გაცნობა წესით ხომ არ უნდა ყოფილიყო შემთხვევითი? მაგრამ, შემთხვევითი აღმოჩნდა…

_ ეგ როგორ?

_ თავიდანვე უცნაური რამ მოხდა, გაუგებრობა! შენი სურათის ნაცვლად, შეცდომით შენი თანამშრომლის ფოტო გამომიგზავნეს… დაბადების დღე რომ ჰქონდა იმ დღეს…

_ მარიტასი?

_ ჰო, მარიტასი… კლუბში მოსვლითაც ვრისკავდი, რადგან შეიძლებოდა ვიღაცას ვეცნე, მაგრამ უკეთესი შანსი შენს გასაცნობად, ალბათ კარგა ხანი აღარც მომეცემოდა… იმ ღამეს უნდა გამეცანი შენ, ანუ მარიტა… ჯერ შორიდან გიყურებდით, მერე შესაფერისი მომენტი შევარჩიე, ცეკვის დროს უნდა მივსულიყავი… მივდიოდი-კიდეც, მაგრამ ამ დროს შენ დაბრმავდი…

_ იმიტომ იყავი ჩუმად მანქანაში?.. ხმა რომ არ ამოიღე…

_ შენ რომ მიგიყვანე, კლუბში დავბრუნდი და მარიტა მაინც გავიცანი. თავისი სახელი რომ მითხრა, დავიბენი… მერე, დანარჩენი ორიც გავიცანი და შენ გიკითხე… მეოთხე სად წავიდა-მეთქი… დაბნეულები ერთმანეთს ეკითხებოდნენ… ასე გავიგე შენი სახელი… მივხვდი, რომ ლუ ის გოგო იყო, რომელიც ჩემს მანქანაში იჯდა… მე კიდევ გავუშვი… და ეს ძალიან უცნაური იყო…

_ ჩემი სახლში წაყვანა არ იყო აუცილებელი…

_ ვიცი, მაგრამ რატომღაც არ მინდოდა შენი გაშვება… ადრეც გითხარი, რომ შენი ნახვის პირველივე წუთიდან რაღაც დამემართა… ძალიან მომეწონე. ვიფიქრე, რომ სახლში მიყვანით, შენს მისამართს მაინც გავიგებდი და ვინ იცის, იქნებ როდესმე მომეძებნე-კიდეც… მერე, ამას შენი ახალი პოსტი მოყვა, იმ სიზმარზე და “თამაშმაც” სხვა ფორმა მიიღო… არ ვიცი რა დამემართა… საერთოდ, ემოციური არ ვარ, მაგრამ შევიცვალე…

_ ფოტოგრაფი გოგონა რაში გჭირდებოდათ?

_ სხვაგვარად თამაზის სახლზე არ მიგვიწვდებოდა ხელი… რეკლამის გადაღება კარგი ვარიანტი იყო. ამისთვის კიდევ, ახალი ფიგურა იყო საჭირო, ვიზეც ეჭვს არავინ აიღებდა. რეკლამის სცენარი ჩვენ მოვიფიქრეთ. თამაზი გიორგიმ დაითანხმა, რეკლამის მის სახლში გადაღებაზე…

_ მივხვდი… შენ გჭირდება ის, რაც იმ სეიფშია?

სეიფის ხსენებაზე, გიო საწოლში წამოჯდა და გაკვირვებულმა შემომხედა.

_ სეიფის შესახებ რა იცი?

_ “მეცხრე ფლიგელი” ვიპოვე…

_ როგორ იპოვე?

_ შემთხვევით დავინახე. საღებავით დაწერილმა ცხრიანმა დამაეჭვა. მერე თამაზის ვკითხე, ის რა შენობაა-მეთქი და მომიყვა, შენ რომ გინდოდა მისი საცავად გამოყენება.

ღრმად ამოისუნთქა.

_ გუშინ, შუაღამისას ჩავედი… როცა ყველას ეძინა…

შევატყე, რომ ამას არ მოელოდა.

_ არ მეგონა, თუ ჩახვიდოდი იქ, თან მარტო…

_ რა დევს სეიფში?

_ ის, რაც სიმართლის დამტკიცებაში დამეხმარება.

_ მითხარი კოდი და მოგიტან რაც გჭირდება!

_ არა, ამას სხვა გააკეთებს…

_ ვინ სხვა?

_ რა მნიშვნელობა აქვს…

_ ისევ გამოცანები… ის მაინც მითხარი, იცი თუ არა კოდი?

_ ვიცი! შენ უნდა დამპირდე, რომ ფლიგელს აღარ გაეკარები სიახლოვეს! საერთოდაც, ეცადე რომ ეჭვი არავის აღუძრა, გესმის? სანდრო ძალიან საშიში ადამიანია… იმაზე უფრო საშიში, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგიძლია…

_ კარგი, არ ჩავალ ფლიგელში, გპირდები! ოღონდ მითხარი… სანდრომ მოაწყო ხომ, შენი გატაცების ამბავი?..

_ ჰო, მაგან მოაწყო… ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით. თამაზი და მამაჩემიც ბავშვობის მეგობრები არიან… ერთად დააარსეს “თეთრი არწივი”. მერე თამაზი ოჯახით აქეთ წამოვიდა. კომპანია ფაქტიურად მამაჩემს შეატოვა. მარტო უძღვებოდა ყველაფერს… მაგრამ, მოგებას მაინც თანაბრად უყოფდა… თამაზმა იტალიაში თავისი საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. სადისტრიბუციო ქსელი გააკეთა.

_ და კომპანიიდან მაინც ნახევარს იღებდა?

_ იღებდა, მაგრამ დისტრიბუციაშიც ეხმარებოდა კომპანიას. არაყი და კონიაკი გაქონდა რამოდენიმე ქვეყანაში. მე აქ ხშირად ჩამოვდიოდი ხოლმე, სანდროსთან. თვითონაც ჩამოდიოდა. მერე მე სასწავლებლად წავედი ამერიკაში. სანდრო ძალიან ცუდ წრეში მოხვდა. საეჭვო ხალხთან დაიჭირა საქმე. ერთი პერიოდი ნარკოტიკსაც იღებდა, თამაშიც დაიწყო… თამაზი გიჟს გავდა… დამირეკა და ჩამოსვლა მთხოვა, იქნებ შენ გააგებინო რამეო… მოკლედ, რამოდენიმე თვის წინ, რაღაც სერიოზულ შარში გაეხვა. ბევრ ფულს სთხოვდნენ… მამამისს ვერ ეუბნებოდა, ამიტომ მე მთხოვა სესხად… თან ისე, რომ თამაზის არაფერი გაეგო. მე უარი ვუთხარი. ის თანხა რომ მიმეცა, რასაც მთხოვდა, საწარმოს გაჩერება მოგვიწევდა… თან, არც მქონდა ქეშად მაგდენი თანხა…

_ და მამამისს რატომ არ სთხოვა ფული?

_ იმიტომ რომ ძალიან კარგად იცოდა მისი ხასიათი. თამაზს ძალიან მტკიცე ხასიათი აქვს. სანდროს ციხეში ჩაჯდომას უფრო დაუშვებდა, ვიდრე კომპანიის ან სახლის გაყიდვას… იმიტომ კი არა, რომ შვილი არ უყვარს, ეგეთი ტიპია უბრალოდ, თავისი პრინციპები აქვს ცხოვრებაში… მოკლედ, სანდროს გარეკილი ქონდა და თვითონაც არ იცოდა რას აკეთებდა… როგორც ჩანს, ემუქრებოდნენ.

_ და გატაცება მოიფიქრა… ასე მიიღებდა იმ ფულს… თან, მშრალიც გამოვიდოდა ამ სიტუაციიდან…

_ ანა მაგან გამაცნო, საქართველოში ჩამოიყვანა. რამოდენიმე წლის წინ, არაყი რუსეთში რომ გავუშვით, ეგ იყო ჩასული, როგორც წარმომადგენელი და იქ გაიცნო… მეგობრობდნენ ვირტუალურად. სურათებიც მაჩვენა ერთხელ. მიყვებოდა რაღაცეებს… მარტო ცხოვრობს და მოდელად მუშაობსო… ერთი ბებია ყავს მარტო და ისიც პოლონეთშიაო. მოკლედ, საქართველოში ჩამოიყვანა…

_ და შეგიყვარდა…

_ ძალიან მომწონდა, მაგრამ ამ ურთიერთობისთვის ოფიციალური ფორმის მინიჭებას არ ვჩქარობდი… უფრო ანა აქტიურობდა… თან ვერ გავარკვიე საბოლოოდ, სანდროს რა გრძნობა ჰქონდა მის მიმართ… ისიც სწორედ მაგ დროს გაეხვა იმ შარში…

_ და ანაც გაწირა?

_ არა მგონია ეს შეგნებულად გაეკეთებინა… ანა უბრალოდ გამოიყენა, იცოდა, რომ ეგვიპტეში ვაპირებდით წასვლას… მე მაგ დროს გაწყვეტილი მქონდა ყველანაირი კონტაქტი სანდროსთან, ამიტომ ანასგან იგებდა ხოლმე რაღაცეებს… მე და ანა ერთად გაგვიტაცეს, რაღაც ფარდულში დაგვამწყვდიეს. იქ ერთი კვირა დავყავით… გამტაცებლები ოთხნი იყვნენ და რიგრიგობით გვყარაულობდნენ ხოლმე. საშინელება იყო იმ გალიაში ყოფნა… ერთხელ გაქცევის საშუალება მომეცა, ერთ-ერთ მათგანს დანა წავართვი…

_ მახსოვს, ეგ მაშინაც მითხარი… მაგრამ დრო მომატყუე…

_ ჰო, არ გითხარი, რადგან შეიძლება გცოდნოდა გიორგი კვეზერელის სიკვდილის თარიღი… თავი დავიზღვიე უბრალოდ. ის კაცი ვერ მოვკალი… იქვე, თოკით დავაბი. ანაც ფარდულში დავტოვე და სიტუაციის დასაზვერად გამოვედი. მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ მარტო იყო. მანქანას მოშორებით აყენებდნენ ხოლმე. როცა დავრწმუნდი, რომ დანარჩენები იქ არ იყვნენ, იმ მანქანისკენ გავიქეცი. დანა ჯიბეში ჩავიდე და მანქანა დავქოქე. გასაღები შიგნით იყო. დავძარი თუ არა, დავინახე რომ სხვებიც დაბრუნდნენ ჯიპით. ფარდულთან გაჩერდნენ. ძალიან შეშინებულები და დაბნეულები ჩანდნენ. თავიანთ ენაზე ლაპარაკობდნენ რაღაცას ნერვიულად… ჩქარობდნენ. დაქოქილი მანქანა რომ დაინახეს, თავისიანად ჩამთვალეს. მე დავიბენი და მანქანა გავაჩერე. სამივე შეიარაღებულები იყვნენ. რომ დავენახე ისევ დამიჭერდნენ. მე კიდევ იმედი მქონდა, რომ ფარდულში არ შეიხედავდნენ.

_ მერე რა მოხდა?

_ ჯიპი მეფარებოდა და ვერ ვხედავდი რას აკეთებდნენ. საბარგულიდან რაღაც გადმოიღეს… მერე დავინახე, ბენზინს ასხამდნენ ფარდულის გარშემო. მანქანა დავქოქე და მათკენ გავაჭერი. შემამჩნიეს და სროლა ატეხეს. მერე, ყველაფერი რაღაც წამებში მოხდა… ცეცხლი გაჩნდა. მე გადმოვედი მანქანიდან და ფარდულისკენ გავიქეცი, შემაჩერეს… ერთ-ერთმა თავში თავისი იარაღი ჩამარტყა და გონება დავკარგე. როცა გამოვფხიზლდი, მანქანის საბარგულში ვიწექი, ხელები შეკრული მქონდა. სადღაც მივყავდით…

_ რა საშინელება გადაგიტანია…

_ ეს კოშმარი კიდევ გაგრძელდა, სხვა დროს მოგიყვები, გპირდები! ახლა უნდა დაბრუნდე ლუ… ხვალ ღამით, გადაღებაზე ბუნებრივად მოიქეცი! გააკეთე შენი საქმე და თუ შეძლებ, როგორმე ეცადე რომ სანდრომ არ დატოვოს გადასაღები მოედანი… ხვალინდელი ღამე ყველაზე მნიშვნელოვანია! შენ სხვა არაფერი გევალება…

_ გადაღების დროს ვინმე მოვა ისეთი, ვინც ფლიგელში ჩაიპარება?

_ ჰო, კიდევ ერთხელ გაფრთხილებ! შენ არ დატოვო გადასაღები მოედანი… არავითარ შემთხვევაში! ახლა ჩაიცვი…

წასვლის წინ მაგრად ჩამეხუტა და დიდხანს მკოცნიდა. ერთმანეთთან დაცილება ძალიან გაგვიჭირდა.

თმა შევისწორე და ბოლოჯერ მოვათვალიერე ოთახი… მინდოდა ყოველი კუთხე და კუნჭული დამემახსოვრებინა…

_ თუ ის ფული არ მისცა იმ ვიღაცეებს, მაშინ რანაირად დაიძვრინა თავი? _ ვკითხე გასვლის წინ გიოს.

_ უკვე გითხარი! სანდრო იმაზე საშიში ადამიანია, ვიდრე შენ წარმოგიდგენია-მეთქი… ყველაფერს თავისი დრო აქვს… ციხეში რომ ჩაჯდება, მერე გაიგებ ყველაფერს. პასუხი უნდა აგოს ყველაფერზე! განსაკუთრებით ანას სიკვდილზე… შენ კი, ლუ… რაც ნაკლები გეცოდინება, მით უკეთესია შენთვის…

თამაზის სახლამდე გზა სწრაფი ნაბიჯით გავიარე და ჭიშკარში შევედი. ბაღში ცოტა ხნით შევჩერდი, რომ სული მომეთქვა და აზრზე მოვსულიყავი…

_ სად იყავი, ლამაზო?

უკან მივიხედე და სანდრო დავინახე…

ბაუტას ნიღაბი (ეპიზოდი XVIII)

19

_ სად იყავი, ლამაზო? _ მკითხა სანდრომ და მომიახლოვდა.

_ არსად! _ ვუპასუხე და წასვლა დავაპირე, მაგრამ ხელი მკლავზე მომკიდა და შემაჩერა.

_ არსად?

_ ანგარიში უნდა ჩაგაბარო სადაც წავალ?

_ რატომ ბრაზობ? არ უნდა ჩამაბარო, მაგრამ ჩვენი ოჯახი აქ ყოველთვის ყურადღების ცენტრშია… ბუნებრივია მტრებიც გვეყოლება. შენ ჩემი სტუმარი ხარ, ამიტომ არ მინდა რომ მძღოლის გარეშე გარეთ გახვიდე. მით უმეტეს ღამით.

_ კარგი, თუ ასეა აღარ გავალ. ჩემი ბავშვობის მეგობარი მოვინახულე უბრალოდ… აქ, ახლოს ცხოვრობს…

_ რაც აქ ჩამოხვედი, სულ გაკვირდები და…

_ რა?

_ არ ვიცი, უცნაური ხარ…

_ რაში გამოიხატა ჩემი უცნაურობა?

_ იმ ძველმა სახლმა დაგაინტერესა, მერე ღამით ბაღში შემხვდი ფარნით…

_ სიძველეები ყოველთვის მაინტერესებდა, რომ მიცნობდე, აღარ გაგიკვირდებოდა…

_ გაინტერესებს რა არის ფლიგელში?.. მე შემიძლია ჩაგიყვანო და დაგათვალიერებინო…

_ არა მგონია კარგი იდეა იყოს…

_ რატომ? შენ არ მითხარი, სიძველეები მაინტერესებსო?.. ხომ არ შეგეშინდა?

_ რისი უნდა შემშინებოდა?

_ ჩემთან ერთად იქ მარტო ჩასვლის. გეშინია რამე არ დაგიშავო, არა?

_ შენ მე ვერაფერს დამიშავებ, სანდრო! _ ვუთხარი და სახლის მიმართულებით გადავდგი ნაბიჯი, წინ გადამიდგა და ისევ შემაჩერა.

_ შენი სიტყვები გამოწვევასავით ჟღერს…

_ ან შენი მდიდარი წარმოსახვის ამბავია.

_ რა თქმა უნდა, შენ არაფერს დაგიშავებ, ყოველ შემთხვევაში შენი ნების გარეშე. _ მითხრა და გამომწვევად ამათვალიერ-ჩამათვალიერა, მზერით გამაშიშვლა-კიდეც.

_ ვერც ნებით და ვერც უნებლიედ…

ამჟერად როგორც იქნა დავიძვრინე თავი და ჩქარი ნაბიჯით წავედი სახლისკენ.

_ ფლიგელის ნახვას თუ გადაწყვეტ, მხოლოდ მანიშნე! _ მომაძახა სანდრომ. სახლში რომ შევედი, ყველა მისაღებ ოთახში იყვნენ. ვენეციური საკარნავალო ნიღბები და კოსტიუმები მოეტანათ და დივანზე, სავარძლებზე და სკამებზე გადაეფინათ. კოსტიუმების სილამაზემ თვალი მომჭრა.

_ კარგ დროს მოხვედი, ლუ! _ მითხრა თამაზმა და ხელი დამიქნია. მასთან მივედი და გვერდით დავუდექი.

_ რა სილამაზეა!

_ ეს, ვენეციური საკარნავალო ნიღბებია! ყველას თავისი ისტორია აქვს… ახლა ვაპირებდი რამოდენიმე მათგანზე მომეყოლა გვანცასთვის… დაინტერესდა. კარგი იქნება შენც თუ მოისმენ!

_ სიამოვნებით… _ ვუთხარი და გვანცას გავხედე. აღფრთოვანებული უყურებდა კაბებს. მერაბი და ლევანი მოშორებით იდგნენ და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ.

_ ეს პაოლას კოსტიუმია, _ “ლედის ნიღაბი” ჰქვია. მეთექვსმეტე საუკუნის ქალების ხასიათს გამოხატავს, რომლებიც მხოლოდ ძვირფას ქსოვილებში იმოსებოდნენ და საკუთარ თავს მდიდრული სამკაულებით ანებივრებდნენ. დღეს, ეს ნიღაბი ყველაზე ლამაზი და პოპულარულია ვენეციური კარნავალის ნიღბებს შორის.

_ ულამაზესია! _ თქვა გვანცამ და ნიღაბი ხელში აიღო.

_ აი იმას, ჯოვანი გაიკეთებს, რომ იცოდე… პაოლას ეგრეთ წოდებული “მიჯნური”. _ ნიღაბს “ვოლტო” ჰქვია, ანუ “მოქალაქე”. ამას ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეები ატარებდნენ ნებადართულ დღეებში. ის “გატოა”, იგივე კატა. მასაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს!

_ მოგვიყევით რა, ბატონო თამაზ… _ სთხოვა გვანცამ.

_ ვენეციაში ძალიან ცოტა კატა იყო, ამიტომაც მათ პატივს სცემდნენ. არსებობს ერთი ლეგენდა კაცზე, რომელიც ჩინეთიდან ჩამოვიდა. მას ერთი გროშიც კი არ ედო ჯიბეში, მხოლოდ ერთი ბებერი კატა ჰყავდა. მისმა კატამ, მთელი სასახლის თაგვები დააფრთხო, რითაც ვენეციის რესპუბლიკის მმართველი, დოჟი ძალიან გაახარა. კატა ვენეციაში დაიტოვა, ჩინელი კი სამშობლოში დაბრუნდა გამდიდრებული. ამ კაცის მეზობელს უფიქრია, კატაში თუ ამდენი გადაუხადეს, მაშინ ჩემს აბრეშუმის ნაჭრებზე სულ გაგიჟდებიანო და გაემგზავრა თვითონაც. დოჟს ძალიან მოეწონა ნაჭრები და ვაჭარს დაპირდა, რომ სანაცვლოდ ყველაზე ძვირფას რამეს მისცემდა! გამოიცანით აბა, _ რა მისცა?

_ კატა! _ წამოიძახა გვანცამ და გაიცინა.

_ მართალია! აი, ასეთი ლეგენდა აქვს “გატოს”. ჰო, იმ ნიღაბს ქვია “მორეტა”. ვენეციელი ქალბატონები იკეთებდნენ, როდესაც მონასტერს სტუმრობდნენ ხოლმე. შავი ველვეტისაგან მზადდებოდა.

_ ეს რა საშინელი კოსტიუმია და ნიღაბიც… ასე ჩაცმული რომ ვნახო ვინე შემთხვევით, გულიც გამისკდება! _ გვანცა სკამზე გადაკიდებულ შავ მოსასხამთან მივიდა, რომელსაც უცნაური ნიღაბი ედო ზემოდან.

_ ეგ “ბაუტაა”, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავრცელებული ნიღაბი. ბაუტას უფრო პიროვნებისა და სოციალური წარმომავლობის შესანიღბად იყენებდნენ. ეს ნიღაბი, საშუალებას აძლევდა ნიღბის მტარებელს, რომ თავისუფლად ეკონტაქტა სხვა ფენის წარმომადგენლებთან. ნიღაბი ემსახურებოდა სხვადასხვა მიზნის მიღწევას. მაგალითად არაკანონიერის, კრიმინალურის, ასევე რომანტიკულისაც. “ბაბაუ” იტალიურად დაახლოებით იგივეა, რაც ქართულად “ბუა”. ამით აშინებდნენ ხოლმე იტალიელები ბავშვებს, “შე ნონ სტაი ბრავო ვიენე ილ ბაბაუ ე ტი პორტა ვია…” _ ანუ, თუ ცუდად მოიქცევი, მოვა ბუა და წაგიყვანსო.

_ აი, ეგ ნიღაბი ჩემზეა ზედგამოჭრილი! _ ზურგს უკან სანდროს ხმა გავიგე. ისიც ოთახში შემოვიდა.

_ მამა, არ შეიძლება მე ვიყო ეგ “ბაუტა”? _ გაიცინა და ნიღაბი ხელში აიღო.

_ იყავი რა… მაინც ვერავინ გიცნობს! _ გაეცინა თამაზს და მერაბის და ლევანისკენ გაემართა, რომლებიც მოშორებით იდგნენ და საუბრობდნენ.

_ გოგოებო, შეგიძლიათ მოისინჯოთ ნებისმიერი კაბა! სხვა დროს იქნებ არც მოგეცეთ საშუალება…

_ მართლა? შეიძლება? _ გაუხარდა გვანცას და “ლედის ნიღაბის” ფორმას დასტაცა ხელი.

_ თქვენ, ქალბატონო ფოტოგრაფო? _ მკითხა სანდრომ და ირონიულად გაიღიმა.

_ მე არ მინდა, მადლობა…

_ როგორი მორიდებული ხართ, მადამ… არადა მოგიხდებოდათ! _ მითხრა და ბაუტას ნიღაბი სახეზე მიიფარა.

_ მე სხვა დროს მოვიზომებ! _ვთქვი და გვანცას გავყევი, რომელიც კაბით ხელში თავისი ოთახისაკენ მიემართებოდა.

_ ჩემი წინადადება ისევ ძალაშია! _ მომაძახა სანდრომ, მაგრამ პასუხი აღარ გავეცი.

_ რომელ წინადადებას გულისხმობდა? _ მკითხა გვანცამ, როცა მის ოთახში შევედით. თან ტანსაცმლის გახდა დაიწყო.

_ იმ ძველი სახლის სარდაფს დაგათვალიერებინებო, შემომთავაზა…

_ ჰოო? რა უთხარი?

_ რა თქმა უნდა უარი!

_ კარგი გიქნია, ეგ იქ სხვა რამის დათვალიერებასაც შემოგთავაზებდა… _მითხრა ეშმაკურად.

ორივეს გაგვეცინა. მე კაბის ჩაცმაში დავეხმარე, თან ექსპრომტად შეთხზულ ისტორიას ვუყვებოდი, როგორი დრო გავატარე ჩემს ბავშვობის მეგობართან…

როგორც იქნა ჩემს ოთახამდეც მივაღწიე. ადრე მინდოდა დაწოლა. შხაპის ქვეშ კარგა ხანს ვიდექი და გონებაში, ტავერნაში გატარებულ ყოველ წუთს და ყოველ წამს ვიხსენებდი… თითქოს კადრებადაც დავინახე ყველაფერი…

ნეტა ვინ დაიქირავა ფლიგელში ჩასასვლელად?..

სააბაზანოდან რომ გამოვედი, ყოველი შემთხვევისთვის კარი შევამოწმე, ნამდვილად დავკეტე თუ არა. რა აუტანელი ვიღაცაა სანდრო, ისე იქცევა ვითომ არაფერი მომხდარა… თუ აქამდე გაუცნობიერებლად ვაკეთებდი ყველაფერს, ახლა უკვე შეგნებულად მომინდა ამ გეგმაში მონაწილეობის მიღება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ რაც შეიძლება მალე დაისაჯოს!

ჩანთიდან მობილური ამოვიღე და ჩავრთე. ორი შემოსული ზარი იყო. გადავრეკე…

_ ლუ…

_ შენ ხარ, ლაშ…

_ რატომ მანერვიულებ? ვერაფრით ვერ დაგიკავშირდი და ლამის ფეხით წამოვედი მანდ!

_ მაპატიე… სულ გადამავიწყდა ეს მობილური… ბევრი საქმე გვაქვს აქ…

_ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ლომის ხახაში გაგიშვი…

_ არაფერი არ ხდება ისეთი… თამაზი ძალიან კარგი კაცია, კარგად მიგვიღო… ხვალ გადაღების პირველი დღეა. ზეგ კასტელ დელ მონეში მივდივართ…

_ მიხარია, რომ კარგად ხარ! თავს გაუფრთხილდი, კარგი?

_ მადლობა, რომ ჩემზე ყოველთვის ზრუნავ…

_ ძალიან მომენატრე…

ვერაფერი ვეღარ ვუპასუხე.

_ კარგი, ლუ… აბა კარგად იყავი!

_ დროებით, ლაშა…

ტელეფონი გავთიშე და დავწექი. ძილის წინ გიოზე ვფიქრობდი… ნეტა როდის შევძლებ კიდევ მის ნახვას?.. 27 წლის გავხდი და აქამდე მსგავსი არაფერი განმიცდია! საოცარი ლტოლვა მაქვს… ეს სიტუაციაც ასმაგად მიმძაფრებს ამ გრძნობას… _ ვერ ვნახავ, როცა მომენატრება… ვერ დავურეკავ, ვერ მივწერ… სანამ თვითონ არ გამოჩნდება…

მასზე ფიქრებში ჩამეძინა. დილით გვანცამ გამაღვიძა, საუზმის დროაო. დამელოდა, სანამ ჩავიცმევდი და დაბლა ერთად ჩავედით.

მსახურები ბაღს რთავდნენ. სასადილო ოთახში ვისაუზმეთ, თან დეტალებს განვიხილავდით. ამ სცენაში, პაოლა და ჯოვანი ხვდებიან ერთმანეთს. საუზმის მერე, ბაღში ფოტოაპარატი ჩავიტანე და რაკურსებს ვარჩევდი. კამერა რელსებზე იყო დამონტაჟებული. პლატფორმაზე ლევანი იჯდა და აპარატურას ტესტავდა. მერბიც იქ იყო და მონიტორში უყურებდა ლევანის აღებულ კადრებს.

გადაღებისთვის საჭირო ყველა ინვენტარი ჩავიტანე და ერთ ადგილას დავაწყე. თამაზი არ იყო სახლში. მერაბმა განათების შემოწმება დაიწყო. გვანცა დაყვებოდა და რაღაცეებში ეხმარებოდა. მე შადრევანთან ჩამოვჯექი და სახლს ავხედე. მეორე სართულის აივნიდან სანდრო იყურებოდა. ტრუსებით იდგა და სიგარას ეწეოდა. როგორც კი ავიხედე, თვალი ჩამიკრა.

მზერა ქალთევზებზე გადავიტანე. ნეტა რატომ უნდა, მეცხრე ფლიგელში ჩემი ჩაყვანა?.. ალბათ დარწმუნებულია რომ სწრაფი სექსით დაკავდება ჩემთან. ეტყობა მიჩვეულია. ყოველ ღამე თავისი ლამბორჯინით მიდის სადღაც და გამთენიისას ბრუნდება…

სადილისთვის თამაზიც დაბრუნდა და ყველა ერთად შევიკრიბეთ. ამჯერად სანდროც ჩამოვიდა. კარგ ხასიათზე ჩანდა.

_ ჰო მართლა, ლუ! ის წიგნი მოგიძებნე, ტამპლიერებზე… სადილის შემდეგ შემახსენე და მოგცემ, ჩემს კაბინეტშია. _ მითხრა თამაზმა.

_ ტამპლიერებით დაინტერესდი? _ მკითხა სანდრომ.

_ დიახ… _ ვუპასუხე და წვენი მოვსვი.

_ მერე, რად გინდა წიგნი? მე მოგიყვები ყველაფერს! ზეპირად ვიცი… ჩემზე კარგად მგონი არავის არა აქვს შესწავლილი ეგ თემა!

_ არ მინდა დრო წაგართვა, ან შეგაწუხო… თან წიგნის კითხვა ძალიან მიყვარს…

_ შენთვის შევწუხდები, არ არის პრობლემა!

_ კარგი აზრია, ხო იცი! კასტელ დელ მონტეშიც წაყევი, მამა და დაათვალიერებინე ლუს იქაურობა. შენ ბევრჯერ ხარ ნამყოფი მანდ!

_ ასწორებს! თან როგორი იდუმალი ადგილია მერე, ოოო… შეიძლება დროში და სივრცეში დაიკარგო.

არაფერი აღარ მითქვამს. საღამოს მსახიობები მოიყვანეს. უცებ შემოვიდა ყველა. ოცი კაცი მაინც იქნებოდა. მომსახურე პერსონალი ბაღში, მარმარილოს მაგიდებზე საჭმელებს ალაგებდნენ. განათებაც ჩართეს. თამაზის ბაღი ხომ ისედაც მშვენიერი იყო, ახლა საერთოდ ზღაპრულს დაემსგავსა…

პაოლა ვიტალი ძალიან მომეწონა. შავგვრემანი და ძალიან ეშხიანი გოგოა. მსახიობები ოთახებში განაწილდნენ, გამოსაცვლელად. მალე ბაღი აივსო საკარნავალო კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანებით. განწყობისთვის მერაბმა მუსიკა ჩართო. თამაზი თვალყურს თავისი აივნიდან ადევნებდა. გადაღებაში არ ჩარეულა.

მონაწილეებმა ღვინით სავსე ჭიქები ხელში დაიჭირეს და შადრევნის გარშემო დაიკავეს თავიანთი ადგილები. თარჯიმანი მერაბის მითითებებს უთარგმნიდა მათ. გვანცას ამრეკლი დავაჭერინე და სურათების გადაღება დავიწყე. თითოეულ მათგანს ვაკვირდებოდი… წესით რომელიღაცას მალე უნდა დაეტოვა გადასაღები მოედანი. სანდრო არსად ჩანდა.

მალე მსახიობებს “ბაუტას” შავ მოსასხამში და წვეტიან კაპიუშონში გამოწყობილი მამაკაცი შემოუერთდა. სხვა გზა არ იყო, უნდა დავრწმუნებულიყავი, სანდრო იყო თუ არა და მისკენ გავემართე. რომ დამინახა, თვითონაც წამოვიდა ჩემს შესახვედრად.

_ რაო, ფისო… რამის თქმა ხომ არ გინდა ჩემთვის?

_ მიდი, იმ ქერა გოგოსთან დადექი, გადაგიღებთ… რა იცი, იქნებ მერე იმან მოისურვოს შენთან ერთად ფლიგელში გასეირნება!

_ მე ქართველი გოგონას კომპანია მომენატრა! შენ ხომ არ გგონია, რომ აქ ქალის პრობლემა მაქვს?

_ ქალის არ ვიცი, მაგრამ სხვა, უფრო სერიოზული პრობლემა რომ არ შეგექმნას, აი იქ დადექი და მაგ ქერა გოგონას ღვინო შესთავაზე…

_ როგორც იტყვი, მადამ! _ მითხრა და ქერა გოგონასკენ გაემართა. ასე, გარკვეული პერიოდი კონტროლის ქვეშ მეყოლებოდა, მთავარია იმ ვიღაცამ დროზე მოახერხოს ყველაფერი.

სანდრომ “ვენეციელი ქალბატონის” კოსტიუმში გამოწყობილ ქერა გოგონას წელზე ხელი მოხვია. რაღაცას ელაპარაკებოდა და აცინებდა. ღვინოც თავისი ბოკალიდან დაალევინა. მე სურათებს ვუღებდი, სანამ მერაბმა არ დამიძახა, სხვა სცენების გადასაღებად.

ყურადღება გაასმაგებული მქონდა. ჩემს საქმესაც ვაკეთებდი და თან, სანდროსაც ვაკონტროლებდი. ჯერჯერობით მოდელ გოგონებთან საუბრით ირთობდა თავს.

პაოლას და ჯოვანის გადაღებაზე გადავედი, სანდრო მუდმივად მიზანში მყავდა ამოღებული. გადაღება დიდხანს გაგრძელდა. მერე, მერაბმა დამიძახა, ცოტა ხნით გამოდი, საერთო ხედი უნდა ავიღოთო. მეც გამოვეცალე და ხეს მივეყუდე. ვიდექი და ვუყურებდი როგორ იღებდნენ.

გადასაღები მოედანი ისე იყო განათებული, რომ თუ იქ იდექი, ირგვლივ უკუნეთი მოგეჩვენებოდა. ხალხს ვათვალიერებდი და უცებ ერთი კოსტიუმი შევნიშნე, რომელიც აქამდე არ მომხვედრია თვალში. მამაკაცის კოსტიუმი იყო. პრიალა შავ მოსასხამში გამოწყობილი, შავ ქუდით თავზე. ნიღაბი უცნაური ჰქონდა. წეროს ნისკარტივით ჩამოგრძელებული და საკმაოდ შემზარავი შესახედი იყო. ბოროტ ფრინველს წააგავდა.

უცებ გამახსენდა, რომ ადრე ასასინებზე ვნახე ერთი ფილმი, სადაც ასეთ კოსტიუმში და ნიღაბში გამოწყობილი პერსონაჟი იყო. სახელიც კი გამახსენდა, _ “შავი ჭირის მკურნალი”. ეს იყო ექიმი, რომელიც ასეთი ნიღბით მკურნალობდა შავი ჭირით დაავადებულ ადამიანებს. ნიღბის გრძელ ცხვირში, სხვადასხვა არომატის ზეთს ასხამდა-ხოლმე რომ თვითონ არ გადასდებოდა ავადმყოფობა. მხოლოდ მას არ ეჭირა ღვინის ბოკალი. მომეჩვენა, რომ თითქოს იმ ნიღბიდან მე მიყურებდა.

ამ დროს გვანცა მომიახლოვდა.

_ უჰ, დავიღალე! რა მაგარია, არა?

_ ჰო…

_ რა სილამაზეა, გადავირიე… პაოლა ძალიან მომეწონა და ჯოვანიც მაგარი ტიპია…

_ კიი…

_ სანდრო რა დღეშია, ნახე… თავის ამპლუაშია აშკარად. კიდევ ხომ არ უთქვამს რამე?

_ არა, ისეთი არაფერი!

_ წამო ერთი, მერაბთან მივიდეთ…

_ ჰო, მიდი შენ და მეც მოგყვები.

გვანცა მერაბისკენ გაემართა, მე ნელი ნაბიჯით გავყევი უკან. სანდრო ადგილზე იყო, სამაგიეროდ “მკურნალს” ვეღარ ვხედავდი.

ხალხის მასას შევერიე. მერაბი თარჯიმანს უხსნიდა რაღაცას. ცოტა ხანს შევჩერდი… უცებ, თითქოს ნაცნობი სუნამოს სუნი ვიგრძენი… შეიძლება მომეჩვენა კიდეც… ყოველი შემთხვევისთვის გარშემო მიმოვიხედე. რამოდენიმე ნაბიჯის მოშორებით, “შავი ჭირის მკურნალი” იდგა. ჩემი მზერა რომ დააფიქსირა, წამოვიდა. გული ამიჩქარდა.

მომიახლოვდა, ძალიან ოდნავ, სულ რამოდენიმე წამით შეჩერდა, ხელზე შემეხო… მივხვდი, რომ ის იყო…

სულ რაღაც სამი თუ ოთხი წამით შემეხო… რაღაც ჩამიდო და გამშორდა… სიბნელეს შეერია.

ხელში რაღაც პატარა, მეტალის ნივთი ვიგრძენი და ხელი მაგრად მოვუჭირე. გული საშინლად მიცემდა. მოშორებით დავდექი, რომ მენახა რა მომცა… რატომ არ მითხრა, რომ ფლიგელში თვითონ აპირებდა ჩასვლას?..

მუშტი გავშალე. ხელისგულზე ერთი ევრო ცენტი მედო. ნეტა რას ნიშნავს… რის თქმას ცდილობს?.. ერთი ევრო ცენტი რას უნდა ნიშნავდეს?.. დროს ხომ არა… პირველი საათი… მაგრამ ამით რას მეუბნება?..

მონეტა გადმოვაბრუნე და უკანა მხარეს გამოსახული, კასტელ დელ მონტეს ციხე სიმაგრე ვიცანი…

კასტელ დელ მონტე – სივრცეში დაკარგული (ეპიზოდი XX)

20

გადაღება დამთავრდა. მსახიობები წავიდნენ. პერსონალმა დეკორაციების დაშლა დაიწყო… ის ზღაპრული სამყარო უცებ დაიშალა… დაცარიელებულ მისაღებ ოთახში ვიჯექი და ვფქრობდი, როგორ ვიცხოვრე აქამდე ამ გრძნობის გარეშე?.. რატომ ვერიდებოდი ადამიანებთან სიახლოვეს?..

შეიძლება ითქვას, რომ დედაც დავკარგე და მამაც. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ცდილობდა ჩემთვის ყურადღება არ მოეკლოთ, ეს მაინც არ იყო საკმარისი. სიმარტოვეს ძალიან შევეჩვიე. თითქოს, ბავშვობა გამოვტოვე… სამაგიეროდ დამოუკიდებელი გავხდი. ყოველთვის ვცდილობდი პრაგმატულად მემოქმედა და ჩემი ყოველი ნაბიჯი კარგად ამეწონ-დამეწონა. აქამდე, ამ თვისებას, ჩემი ხასიათის მთავარ კომპონენტად მივიჩნევდი, მაგრამ ახლა დავფიქრდი, ასე იმიტომ ხომ არ ვიქცეოდი, რომ საკუთარი თავი წინასწარ დამეცვა? დამეცვა, რომ დანაკარგი აღარ განმეცადა. იქნებ ამდენ მცდელობაში საკუთარი თავი დავკარგე, ვინ იცის…

მთელი საღამო, ჩემს ირგვლივ უამრავი ნიღბიანი ადამიანი ირეოდა. ოღონდ, ისინი ბუნებრივად იქცეოდნენ… მხოლოდ მე მეკეთა წარმოსახვითი ნიღაბი უდარდელი გოგონასი, რომელიც თითქოს, გადაღების გარდა არაფერზე ფიქრობდა. სინამდვილეში მთელი არსებით ვცდილობდი ემოციების დამალვას.

“შავი ჭირის მკურნალის” წასვლის შემდეგ, რეალობის შეგრძნება დავკარგე… ვერ მივხვდი, შეძლო თუ არა სეიფიდან იმის აღება, რაც ასე მნიშვნელოვანია მისთვის, _ ახლა უკვე ჩემთვისაც. არ ვიცოდი, გაამართლა თუ არა ამ ერთადერთმა შანსმა და ამის გამო, ძალიან ვნერვიულობდი.

ერთ ევრო ცენტს ვუჭერდი ხელს და მოვლენების შესაძლო განვითარებაზე ვფიქრობდი. მისმა გამოჩენამ მთელი ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ჩემი პრინციპები დაამსხვრია… თითქოს ჩემს ირგვლივ სივრცე შეცვალა და სადღაც სხვაგან, ალტერნატიულ სამყაროში გადამაგდო. მასთან შეხვედრის პირველივე დღიდან ისე ვიქცეოდი, როგორც არასოდეს მოვქცეულვარ. თითქოს, ფეხი ბეწვის ხიდზე შევდგი… ამით შეიძლება საკუთარი სიცოცხლე რისკის ქვეშ დავაყენე, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ამას არ ვინანებ! თავი ფილმის გმირი მგონია და ეს შეგრძნება ძალიან მომწონს.

ოთახში გვანცა შემოვიდა.

_ აქ ხარ?

_ ჰო, მოდი!

_ რას შვები?

_ თამაზმა მთხოვა ლეპტოპში სურათები გადმომიყარეო…

_ მერე?

_ იწერება და ველოდები. მერე წავალ, დავიძინებ!

_ ორი დღე დაგვრჩა და თბილისში ვბრუნდებით… როგორ არ მინდა! თითქოს სიზმარში ვარ.

_ მეც ასე ვარ, თითქოს ჩემს თავს არ ხდება ეს ყველაფერი… ასე მგონია, რომ გამეღვიძება და აღმოჩნდება, რომ ეს ყველაფერი დამესიზმრა…

_ ხვალაც მაგარი დღე იქნება, გული მიგრძნობს…

_ ჰო, მეც ასე მიგრძნობს გული…

_ დღეს კი ძაან დავიღალე, ხო იცი. შენ ხომ არ გეწყინება რომ არ დაგელოდო? ავალ, დავეგდები…

_ არა, რა სისულელეა! რატომ უნდა მეწყინოს?! _ მიდი, დაისვენე…

_ კაი, აბა, ხვალამდე!

გვანცა წავიდა. მონიტორს შევხედე, ჯერ 68% იყო გადაწერილი… უცებ, დესკტოპზე ერთი “ფილდერი” დავინახე, რომელსაც სანდრო ერქვა. ვერ მოვითმინე და გავხსენი. მისი სურათები იყო. ცნობისმოყვარეობამ მძლია და დავათვალიერე. ძირითადად, თავის მეგობრებთან ერთად იყო გადაღებული. ზოგი ბარში, ზოგი თავის მანქანასთან, ზოგი სად და ზოგი სად.

ჩემი ყურადღება ერთმა ფოტომ მიიპყრო, რომელზეც სანდრო ვიღაც გოგოსთან ერთად იყო გადაღებული. საიდანღაციდან მისი სახე ძალიან მეცნო… ამ გოგოს ზუსტად ისეთი თმა ჰქონდა, როგორიც იმ მოდელს, რომელთანაც დღეს სანდრო გადავიღე. მისი სახე არ დამინახავს, რადგან ნიღაბში იყო. თუმცა, თმის სიგრძე, ფაქტურა და ვარცხნილობა ემთხვეოდა. კიდევ, ცისფერი თვალები, რომელიც ნიღბიდანაც კარგად უჩანდა.

ერთი რამ ვერ გავიგე, რატომ მეცნობოდა მისი სახე, როცა გადაღებაზე ნიღბის გარეშე არ დამინახავს? გონება დავძაბე და მეხსიერებაში გაზეთში ნანახი ფოტო ამომიტივტივდა და გამაჟრჟოლა. არა, შეუძლებელია ის იყოს… ეს უბრალოდ ჩემი წარმოსახვის ბრალია. თუ მეხსიერება არ მღალატობს, ეს გოგონა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ანა იაშვილს…

უცებ, ოთახში სანდრო შემოვიდა. კიდევ კარგი არ დავიბენი და ის გახსნილი ფოლდერი დავხურე.

_ შენც აქ ყოფილხარ! _ შავი მოსასხამი გაიხადა და სკამზე მიაგდო.

_ დიახ! _ ვუთხარი და დივნის საზურგეს მივეყუდე. მომიახლოვდა და მონიტორს შეხედა.

_ რას აკეთებ?

_ სურათებს ვუწერ მამაშენს…

_ თვითონ გითხრა?

_ ჰო, რა არის?

_ არაფერი… ბევრი დარჩა?

_ არც ისე.

_ თუ ძალიან გინდა შენთან დავრჩები, არ მოგერიდოს! _ მითხრა სიცილით და ჩემს გვერდით ჩამოჯდა.

_ არ ვარ მორცხვი, როცა რაღაცა მინდა, პირდაპირ ვამბობ ხოლმე! ასე რომ, შეგიძლია წახვიდე და დაისვენო…

_ არ ვარ დაღლილი. ისე, რო შემოვიხედე და დაგინახე როგორ უყურებდი მონიტორს, უცებ გავიფიქრე, ეს გოგო მოგზავნილი ხო არაა-თქო. ხან ფარნით დადის ღამ-ღამობით, ახლა კიდე მამაჩემის ლეპტოპში იჩხრიკება…

_ არ დავდივარ! ერთხელ უკვე გითხარი რისთვისაც ჩავედი ბაღში… _ შენ რა ქენი დღეს, გაისეირნე იმ ქერა გოგოსთან ერთად ფლიგელში?

_ იმ ქერა გოგოსთან გასეირნებულიც ვარ და გამოსეირნებულიც! _ გაეცინა. _ მოდელია, ცნობისთვის…

_ რა ქვია?

_ ანა მარია რუსო, _ რატომ დაინტერესდი?

_ და რატომ არ უნდა დავინტერესებულიყავი? შენ სულ ასეთი ეჭვიანი ხარ? თუ მარტო მე არ მენდობი?..

_ სულ! _ ცხოვრებამ მაიძულა… კარგი მოკლედ, სიმშვიდეს აღარ დაგირღვევ, ბუონანოტტე, რაგაზზა!

ლოყაზე მიჩქმიტა და გავიდა. არ მომწონს მისი ფამილარული დამოკიდებულება ჩემდამი… თან, ეტყობა ცოტა ეჭვითაც მიყურებს… ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო. ხვალ, კასტელ დელ მონტეში გიოც რომ მოვიდეს და ერთმანეთს პირისპირ შეეჩეხონ? მაშინ რა ვქნა?.. ისე, ხომ შეიძლება, ნებისმიერ წუთს კარაბინერები მოვიდნენ და სანდრო დაიჭირონ…

ანასთან დაკავშირებით როგორ მოვიქცე? დავუშვათ, არ ვცდები და ის გოგონა მართლა ანაა… ყველაფერი კარგად ემთხვევა… სანდრომ გააცნო ანა გიოს. ანა აქტიურობდა და ეგვიპტეში გამგზავრებაც მისი ინიციატივით მოხდა… იქაც ხომ ანა მოელაპარაკა გამტაცებლებს?.. თეორიულად შესაძლებელია, რომ ანა სანდროს მითითებებით მოქმედებდა… თუ იტალიაში ცხოვრობს და სხვა გვარს ატარებს, არც არავინ დაუწყებდა მას აქ ძებნას… მისი ვინაობის დადგენაც ვერ მოხერხდა, რადგან პატრონი არავინ გამოუჩნდა… ზედმეტად უცნაურად ემთხვევა ყველაფერი…

როგორღაც უნდა ვეცადო, რომ დავაზუსტო ჩემი ეჭვი. გიოს რომ ვუთხრა და სიმართლე არ აღმოჩნდეს, არ მინდა ჭრილობაზე მარილის დაყრა გამომივიდეს… ეს ამბავი სულ გაანადგურებს ალბათ… არადა, მხოლოდ ორი დღე რჩება…

არ მახსოვს როდის ჩამეძინა. დილით მაღვიძარამ დარეკა. მოვწესრიგდი, ფოტოაპარატის ჩანთა გადავიკიდე და ქვემოთ ჩავედი. პაოლა და ჯოვანი ბაღში იყვნენ, ვიზაჟისტი პაოლას მაკიაჟს უსწორებდა. სანდრო თავის მანქანასთან იდგა და ხელში გასაღებს ათამაშებდა. მერაბი და ლევანი ფურგონში ავიდნენ, სადაც აპარატურა ეწყო. მე, გვანცა და თარჯიმანი თამაზის მძღოლს ჩავუჯექით.

ქალაქ ანდრიას გავცდით და ციხე-სიმაგრის მახლობლად, ვენახებთან გავჩერდით. ერთი სცენა აქაც უნდა გადაგვეღო. პაოლას ძალიან ლამაზი კაბა ეცვა. გადაღება დიდხანს არ გაგრძელებულა. დაახლოებით ორ საათში მოვრჩით ყველაფერს და ისევ მანქანებში დავბრუნდით.

კასტელ დელ მონტე გამოჩნდა თუ არა მანქანიდან, ლამის გული გამიჩერდა. საშინლად ვნერვიულობდი, რადგან არ ვიცოდი იქ რა გველოდა…

მიუხედავად იმისა, რომ ციხე სიმაგრე სურათებში ნანახი მქონდა, მაინც წარმოუდგენელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. შევხედე თუ არა მივხვდი, რომ ტყუილად არ ეძახდნენ, ერთ-ერთ ყველაზე იდუმალებით მოცულ ციხე-სიმაგრეს. ასეთი უცნაური ფორმის ნაგებობა არსად მინახავს… წრიულად განლაგებული რვა მაღალი კოშკი, ერთმანეთთან კედლებით იყო დაკავშირებული. კოშკებს არც ერთი სარკმელი არ ჰქონდა…

ერთი შეხედვით, მეფის გვირგვინს მოგაგონებდათ. თან, პირქუშ და გარესამყაროსაგან კარჩაკეტილობის განცდას ტოვებდა…

გადაღება გარედან დავიწყეთ, ციხე-სიმაგრის ფონზე. ჯერ მე მოვრჩი ფოტოსესიას და მერე დაიწყეს სარეკლამო რგოლის გადაღება, უკვე მოქმედებაში. ციხე-სიმაგრის ირგვლივ სულ ღია სივრცე იყო, გიო ვერსად დაიმალებოდა. თუ საერთოდ აქ არის, მაშინ შიგნით იქნება… მაგრამ, როგორ მივმხვდარიყავი კონკრეტულად სად?.. ან, როგორ მენახა ისე, რომ სანდროს არაფერი შეემჩნია?.. ისედაც ეჭვის თვალით მიყურებს…

კარგა ხნის მერე, ციხესიმაგრეში გადავინაცვლეთ. სანდრო მთელი ამ ხნის განმავლობაში თავისი მანქანიდან არ გადმოსულა, ხოლო როდესაც შიგნით შევედით, დამეწია და გვერდით ამომიდგა.

_ მოგწონს?..

_ რასაკვირველია! _ ვუპასუხე და თან დავფიქრდი, როგორ დამეძვრინა მისგან თავი…

_ შენ იცი, რომ ეს ციხესიმაგრე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული?

_ არა…

_ ჰო… სადღაც, 1240-50-იან წლებშია აშენებული. თუ დააკვირდი, მის გარშემო არც თხრილია და არც ასაწევი ხიდი, რაც იმას ადასტურებს, რომ არასოდეს გამოყენებულა როგორც თავდაცვითი ციხესიმაგრე. ამბობენ, რომ მისი მფლობელი, საღვთო რომის იმპერატორი, ფრედერიკ II, სანადირო სახლად იყენებდა. მერე ციხედ გადააკეთეს.

_ მაგარია!

_ თავიდან უფრო მაგარი იყო, ყაჩაღებს რომ არ გაეძარცვათ…

_ ტამპლიერებმა ააშენეს მართლა?..

_ ასე ითვლება დღემდე… რვა კუთხოვანი გეგმა აქვს, როგორც ტამპლიერების სამლოცველოებს. ამბობენ, რომ ფრიდრიხ II-ემ ტამპლიერების გეგმა იცოდა და სწორედ მან ააგო კასტელ დელ მონტე.

_ შენ რა კარგად შეგისწავლია…

_ გამიკვირდა, შენც რომ დაინტერესდი… გოგოებს ასეთი რაღაცეები ნაკლებად აინტერესებთ-ხოლმე.

ვიწრო, მიხვეულ-მოხვეულ კორიდორს გავუყევით და კიბეც გამოჩნდა.

_ დააკვირდი, კიბეებიც საპირისპირო მხარეს ბრუნავს, მარჯვენა მხარეს.

ოთხი დამაკავშირებელი დარბაზიდან, ერთ-ერთში მოვხვდით. ქვის კედლებზე გამოკვეთილი სვეტები, ბოლოებში მოჩუქურთმებული იყო. დარბაზში ერთი სარკმელი და ბუხარი იყო.

განათება გამართეს. მე ბოლო სცენის კადრები გადავიღე, მერე მერაბმა გააგრძელა გადაღება. ცალი თვალი გასასვლელისკენ მეჭირა, სანდრო წასვლას არ აპირებდა. მე კიდევ, როგორღაც უნდა გამეგო, კონკრეტულად სად მელოდებოდა გიო.

_ ეს რვა კოშკი, განსხვავდება ერთმანეთისაგან? _ სანდროსთან მივედი და ხმადაბლა ვკითხე, რომ გადაღებისთვის ხელი არ შემეშალა.

_ არა, ყველა იდენტურია! დღესაც იკვლევენ აქაურობას. პირველი სართული კალენდარს ჰგავს, მეორე კიდევ, უზარმაზარ მზის საათს…

_ ჰო, ეს თამაზმა მოგვიყვა, პირველივე დღეს… მთელი შენობა ასტრონომიულ მოწყობილობად უნდა განვიხილოთო…

_ ეს რვაკუთხოვანი სტრუქტურის მნიშვნელობაც ძალიან საინტერესოა! შეიძლება პლანეტების განლაგება იყოს, ან ქრისტიანული სიწმინდეები… კაცმა არ იცის. ფაქტია, რომ ყველა ოთახი, ერთი ცენტრალური ოთახის გარშემოა განლაგებული. სავარაუდოდ, შუა ოთახი უფრო საიდუმლო იყო, აქედან გამომდინარე _ უფრო წმინდაც.

უცებ მივხვდი, რომ სწორედ ის შუა, ცენტრალური ოთახი უნდა მეპოვნა.

_ როგორ მოვხვდე იმ ოთახში?

_ ნებისმიერი კიბიდან, ყველა გზა მანდ მიდის. განახო?

_ ხომ არ გეწყინება მარტო რომ წავიდე? იმიტომ არა, რომ შენი კამპანია არ მომწონს… უბრალოდ ასე უფრო საინტერესო იქნება…

_ კარგი, როგორც იტყვი. _ მხრები აიჩეჩა სანდრომ.

_ ხომ არ დავიკარგები?

_ არა, რა დაგკარგავს. მთავარია დროში და სივრცეში არ დაიკარგო! _ მითხრა სიცილით.

_ ვეცდები…

_ ისე, ოც წუთში თუ არ დაბრუნდი, ჩამოგაკითხავ, ყოველი შემთხვევისთვის…

ფოტოაპარატი კისერზე ჩამოვიკიდე და ცარიელი ჩანთა გვანცას დავუტოვე.

_ რაღაც უნდა გთხოვო! _ ვუთხარი ჩურჩულით გვანცას.

_ რა?

_ უცებ დავათვალიერებ ციხეს და მოვალ! გეხვეწები, ეცადე რომ ეს კაზანოვა არ გამომყვეს… სანამ გადაღებაა, მიდი და დაელაპარაკე. კითხე რაღაცეები… ციხესიმაგრეზე მოაყოლე!

_ ჰო, კაი… _ ჩუმად მითხრა გვანცამ და გაიცინა. ფოტოაპარატი ხელში დავიჭირე და კიბეზე დავეშვი…

კოშკში თითქმის ბნელოდა. კიბეებს ქვემოთ ჩავუყევი და მთავარი დარბაზიც ადვილად მოვძებნე. რვა კუთხე ჰქონდა. შიგნით არავინ იყო. იქნებ მე შევცდი და ის მონეტა არ ნიშნავდა შეხვედრის ადგილს… ან, იქნებ სანდრო რომ დაინახა, წავიდა…

ყოველი შემთხვევისთვის სურათები გადავიღე, სანდროს რომ მოენდომა ნახვა. იქ დაახლოებით თხუთმეტი წუთი დავყავი. ჯიბიდან მონეტა ამოვიღე და დავხედე. თვალში ციფრი ერთიანი მომხვდა… იქნებ პირველ კოშკში მელოდება? მაგრამ, როგორ მივხვდე რომელია პირველი?..

სავარაუდოდ შესასვლელი კარიდან, საათის ისრის მიმართულებით უნდა გადავითვალო. უცებ მივხვდი, რომ ორიენტაცია დავკარგე. აღარც ის მახსოვდა, რომელი კარიდან გამოვედი აქ…

ვარაუდით ერთ-ერთ გასასვლელში შევედი და კიბეს ზემოთ ავუყევი. ოთხივე დამაკავშირებელი დარბაზი გადავკვეთე, მაგრამ გადამღები ჯგუფი ვერ ვიპოვე. მგონი მართლა დავიკარგე დროსა და სივრცეში… ყველა კოშკი რომ დავიარე, მაშინღა მივხვდი, რომ ზედა სართულზე ავსულვარ. ისევ კიბისკენ წავედი…

უცებ, ზურგს უკან რაღაც ხმა გავიგე და შევჩერდი… შევბრუნდი და მოსახვევს მივაჩერდი. სიბნელეში ვიღაცის ფიგურა გამოჩნდა, თავზე ქუდი ეხურა. მიახლოვდებოდა.

წვერი კიდევ უფრო გაზრდილი ჰქონდა, ვიდრე ტავერნაში… ზუსტად იგივე შეგრძნება დამეუფლა, რაც ყოველთვის… ისევ იმ უცნაური ენერგიით შევივსე. მისკენ წავედი, მაგრამ რომ მივუახლოვდი და სახეზე შევხედე, ერთიანად დავიშალე… მივხვდი, რომ რაღაც ცუდი უნდა ეთქვა ჩემთვის…

_ ვეერ… ვერ აიღე, რაც გინდოდა?…

ძლივს ამოვთქვი. რამოდენიმე წამის განმავლობაში სევდიანად მიყურა, მერე ჩემი სახე თავის ხელებში მოაქცია და ძალიან ხმადაბლა მითხრა…

_ კოდი შეცვალა, ლუ… სანდრომ კოდი შეცვალა…

კოდი (ეპიზოდი XXI)

21

ერთმანეთის პირისპირ ვიდექით. მე მისი ნათქვამის გაანალიზებას ვცდილობდი… ის სევდიანად მიყურებდა… არასოდეს დამავიწყდება მისი მზერა. თითქოს უკანასკნელი იმედი წაართვეს…

_ რა უნდა ვქნათ… რაღაც სხვა გზა ხომ უნდა არსებობდეს… _ ვუთხარი ჩურჩულით.

_ არ ვიცი, ლუ… სამწუხაროდ ჩემი დაბრუნების საკითხი ისევ გადაიდო… გაურკვეველი ვადით… მაგრამ მე სხვა რამე უფრო მანაღვლებს. ის სეიფი, მე და სანდრომ ერთად ჩავიტანეთ ადრე. კოდიც ერთად დავადეთ. ჩვენს მეტმა არავინ იცოდა და რატომ შეცვალა?.. ეჭვი ხომ არა აქვს, რომ ცოცხალი ვარ…

_ საიდან უნდა გაეგო?..

_ არ ვიცი, ლუ… ისევ გაქრობა მომიწევს… ჩემი აქ დარჩენა ძალიან სახიფათოა. შენ ხვალ საქართველოში დაბრუნდი, ჩვეულებრივ… მე თვითონ დაგიკავშირდები. შენ არ მეძებო და არც არაფერი მოიმოქმედო…

_ სად შეიძლება ინახავდეს კოდს?.. იქნებ თავის ოთახში აქვს სადმე, ტელეფონში ან ლეპტოპში…

_ ლუ, დაივიწყე კოდი! სანდროს ოთახს სიახლოვეს არ გაეკარო! მით უმეტეს ფლიგელს… არც საეჭვო კითხვები დაუსვა… ისე მოიქეცი, როგორც აქამდე იქცეოდი! დამპირდი, რომ ჩვეულებრივად მოიქცევი და ხვალ დანარჩენებთან ერთად დაბრუნდები თბილისში. დამპირდი, რომ მეც მშვიდად გავემგზავრო…

_ კარგი, გპირდები…

_ იცოდე გენდობი! ამ ეტაპზე კი უნდა დაგემშვიდობო…

თავისი თბილი ტუჩები ნაზად შემახო და მაკოცა… გულში რაღაც ჩამწყდა, თითქოს დანა ჩამარტყეს…

_ შეხვედრამდე… _ ჯერ ხელით ლოყაზე მომეფერა, მერე მომეხვია და ახლაც ისევე ძლიერად ჩამეხუტა, როგორც მაშინ, ტავერნას მიტოვებულ სასტუმროში…

_ რა დევს სეიფში, გიო?… მითხარი… _ ვკითხე წასვლის წინ.

_ “ფლეშკა”, სადაც ძალიან სერიოზული კომპრომატებია… გახსოვს გითხარი, რომ სანდრო საეჭვო ხალხს დაუკავშირდა?..

_ ჰო…

_ სიცილიელები იყვნენ… კრიმინალები. რომ გიყვებოდი, ერთი პერიოდი აზარტული თამაშები დაიწყო და ნარკოტიკსაც იღებდა მეთქი… ერთ-ერთმა ნარკო-დილერმა გაუბაზრა, რომ მდიდარი იყო… ის სიცილიელებიც დაადგნენ ერთხელაც თავზე და ძალიან დიდი ფული მოსთხოვეს. ემუქრებოდნენ. მე ვერ მივეცი, მამამისს ვერ გაუბედა თქმა და ჩემი გატაცების გეგმა მოიფიქრა. იმ ბანდის წევრებს უთხრა, რომ ფულს იშოვიდა, ოღონდ დრო მოითხოვა… მერე ერთ-ერთი მათგანს მოელაპარაკა, რომ მას ცალკე გადაუხდიდა, თუ გატაცების ორგანიზებაში დაეხმარებოდა. სწორედ ის ტიპი კურირებდა გატაცების საქმეს. აბა, სანდროს სად ჰქონდა მაგის გამოცდილება, ან კავშირები…

_ მერე?

_ შეთანხმებულად მოქმედებდნენ. სანდრომ როგორღაც მოახერხა და იმ ტიპის კომპიუტერიდან მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია მოიპარა, ფლეშკაზე გადმოწერა, რომელსაც იმ სეიფში ინახავს. ეს მისი ერთადერთი დაზღვევაა… იმათ იციან, რომ თუ სანდროს სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება, ფლეშკა მაშინვე იტალიის პოლიციას ჩაუვარდება ხელში… სწორედ ამის გამო დატოვეს ცოცხალი და ის ფულიც შეარჩინეს…

_ ესე იგი სანდროს მოკავშირე ჰყავს. თუ სანდროს მოკლავენ, ვიღაცამ ხომ უნდა გაავრცელოს ის ინფორმაცია, რაც ფლეშკაზეა? ვიღაცამ ხომ უნდა გადასცეს? მკვდარი სანდრო ამას ხომ ვერ გააკეთებს…

_ ჰო, ცხადია მოკავშირე ეყოლება… მაგრამ ჯერ ვერ დავადგინე ვინ შეიძლება იყოს…

უცებ ანა იაშვილი გამახსენდა და ჩემი ეჭვის გამხელა დავაპირე, მაგრამ ბოლო მომენტში თავი შევიკავე. მეც არ ვიცი, რატომ…

_ ამ ფლეშკის აღებით შენ რას დაამტკიცებ?

_ ფლეშკაზე იმ ბანდის წევრების პირადი მონაცემები და კიდევ სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ჩატვირთული, მათი საქმიანობების შესახებ. სანდროს რა თქმა უნდა ურჩევნია ჩემი გატაცების ამბავი აღიაროს და ციხეში ჩაჯდეს, ვიდრე იმათ ჩაუვარდეს ხელში… გარდა მაგისა, იმ ტიპზეც გავალთ, რომელიც ეხმარებოდა და სიმართლის დამტკიცებასაც შევძლებთ… ლუ, ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ… ახლა უნდა დაბრუნდე…

_ კარგი…

_ ნუ გეშინია, რამეს მოვიფიქრებ!

ყველაზე მეტად, მასთან განშორება გამიჭირდა… სიბნელეში რომ გაუჩინარდა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ჩემი გულიც თან გაჰყვა და მის ადგილას საშინელი სიცარიელე დარჩა, რომელსაც მის გარდა სხვა ვერავინ შემივსებდა…

კიბეზე მექანიკურად დავეშვი. დარბაზში მხოლოდ გვანცა იყო. აპარატურა წაეღოთ.

_ სად იყავი ამდენ ხანს?..

_ ვათვალიერებდი და ორიენტაცია დავკარგე. იმდენი გასასვლელ-გამოსასვლელები იყო… თქვენ მორჩით უკვე ყველაფერს?..

_ კიი, მანქანაში გაზიდეს ყველაფერი…

_ ჩემი კამერის ჩანთა სადაა?

_ უი, სანდრომ წაიღო სხვა რაღაცეებთან ერთად, ფურგონში…

_ გასაგებია… რას ვშვებით, ველოდებით ვინმეს?

_ არა, მე შენ დაგელოდე… სანდროსაც ველაპარაკე, როგორც შენ მთხოვე. _ გაეცინა გვანცას.

_ ძალიანაც კარგი…

_ პაოლა და ჯოვანი უნდა წაეყვანა თავისი მანქანით და ყველაზე ადრე ეგენი წავიდნენ.

გასასვლელისკენ დავიძარით. სანდროს მანქანას შორიდან მოვკარი თვალი, უკვე გზაზე მიქროდა. ჩემი კამერის ჩანთა ფურგონში აუტანია, სხვა რეკვიზიტებთან ერთად. ფოტოაპარატი დავაბინავე და თამაზის მანქანაში ჩავჯექი. სახლში მისვლისთანავე ჩემს ოთახში ავედი, რომ მეფიქრა… ვახშმამდე ცოტა დრო რჩებოდა.

ნეტა როდის და რატომ შეცვალა კოდი სანდრომ?.. საიდან უნდა გაეგო გიოს შესახებ რამე… თუმცა, თუ ის გოგო ნამდვილად ანაა, მაშინ მას ხომ ეცოდინებოდა, რომ გიორგი არ დამწვარა… ეს აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე… შეიძლება ანას სიკვდილი სპეციალურად მოაწყეს, რომ გიოს არ ეფიქრა, რომ სანდრომ სიმართლე გაიგო, მაგრამ გიომ ისიც მითხრა, რომ კოშმარი კიდევ გაგრძელდაო… ნეტა მერე რა მოხდა?

ძალიან ავირიე. ასე მგონია, ჩემს წინ დიდი ფაზლია და ვერ ვაწყობ… მხოლოდ ცალკეულ სურათებს ვხედავ, დეტალებს, რომლებსაც ერთმანეთთან ვერ ვაკავშირებ…

სავარაუდოდ, ანას ექნება დავალებული, რომ თუ სანდროს რამე დაემართება, სეიფიდან ჩიპი აიღოს და პოლიციას გადასცეს. თუ ასეა, ესე იგი, მას კოდიც ეცოდინება…

ხვალ საღამომდე იქნებ რამე მოვიფიქრო. ანას მოძებნას აზრი არა აქვს, სიმართლეს მაინც ვერ ვეტყვი… ისიც არ ვიცი, რამდენად სწორად მოვიქეცი, რომ გიოს არ ვუთხარი ჩემი ეჭვის შესახებ… შეიძლება ის სურათი, რომელზეც ანა და სანდროა გადაღებული, ადრე იყოს გადაღებული და ის მოდელი უბრალოდ მივამსგავსე…

უკვე კარგად გავაცნობიერე, რომ ყველა შესაძლო გზა მოჭრილი იყო. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემეძლო, იღბალს მივნდობოდი და სპონტანურად მემოქმედა. გამომეყენებინა სანდროს შემოთავაზება, და გავყოლოდი ფლიგელში. ან შევპარულიყავი მის ოთახში, მიუხედავად ჩემი დაპირებისა და კოდი მომეძებნა, მაგრამ არა მგონია იმდენად სულელი იყოს, რომ ოთახში ინახავდეს. ყოველ შემთხვევაში, ადვილად საპოვნი ნამდვილად არ იქნება.

მივხვდი, რომ ძალიან შორს შევტოპე და მთელი არსებით გადავეშვი ამ საქმეში… ეს ყველაფერი სიცოცხლის ფასადაც რომ დამჯდომოდა, ალბათ უკან ვეღარ დავიხევდი… უკვე იმ ეტაპზე ვიყავი, როდესაც ყველა არსებითი საკითხი უმნიშვნელო ხდება, იმ მიზნის ფონზე, რის გამოც ბოლომდე იბრძოლებ და მის მისაღწევად წარმოუდგენელ რისკზე წახვალ, თუ საჭირო გახდება, საკუთარ სიცოცხლესაც კი გაწირავ…

ჩემმა მობილურმა დარეკა, ლაშა იყო. ვუპასუხე…

_ ლუ, როგორ ხარ?

_ კარგად ვარ, ლაშა! დღეს მოვრჩით გადაღებას და ხვალ საღამოს ჩამოვდივართ…

_ ვიცი და მაგაზე გირეკავ… აეროპორტში მინდა დაგხვდე, თუ რა თქმა უნდა წინააღმდეგი არ იქნები…

_ არა, რა თქმა უნდა!

_ გავიგებ, რომელზე ჩამოფრინდება რომი-თბილისის თვითმფრინავი და დაგხვდები…

_ დიდი მადლობა ყურადღებისთვის და საერთოდ ყველაფრისთვის, ლაშა!

_ რა მადლობა, ხომ არ დაგავიწყდა, რომ შენ ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებ?.. თან, ისეთიც არაფერი გამიკეთებია შენთვის… არადა, სიამოვნებით გავაკეთებდი…

_ არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ, ლაშა…

_ ხვალამდე, ლუ…

_ ხვალამდე…

ყურმილი გავთიშე და უცებ, გიოს სიტყვები გამახსენდა, ტავერნაში რომ მითხრა, ჩემი ამბავი მარტო გიორგი ანდრიაძემ და გამომძიებელმა იცისო. იმ გამომძიებლის სახელი არ უხსენებია… ნეტა ის გამომძიებელი ლაშა ხომ არ არის? მისი კომპანიაში გამოჩენაც უცნაურ დროს დაემთხვა… თითქოს, საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდა. თან, ძველი ადვოკატის წასვლის ამბავიც უცნაურია… როგორც სალიმ მითხრა მაშინ, უკეთესი ადგილი შესთავაზეს, მაღალი ანაზღაურებით და იმიტომ წავიდა… იქნებ სპეციალურად მოაწყეს ეს?.. ის ადვოკატი სხვაგან გადაიყვანეს, მოიცილეს და როგორც კი ვაკანსია გაჩნდა, ლაშამაც არ დააყოვნა…

აქამდე რატომ ვერ მოვიფიქრე, რომ ასე იქნებოდა… ლაშას რჩევა-დარიგებები, გაფრთხილება… ისიც, რომ მითხრა, თითქოს ლომის ხახაში გაგიშვიო… სავსებით შესაძლებელია ასეც იყოს… ერთხელ ისიც მითხრა, სხვა ვითარებაში რომ გამეცანი, მეტი შანსი მექნებოდაო… არ ვიცი…

გვანცამ შემომიარა და სავახშმოდ ჩავედით. თამაზის გადაღების ამბებს უყვებოდნენ, მე ჩუმად ვიჯექი. ვახშმის შემდეგ მამაკაცები ბილიარდის სათამაშოდ ავიდნენ. მე და გვანცა ვერანდაზე გავედით… დაღამდა. მოულოდნელად დაიქუხა და კოკისპირული წვიმა წამოვიდა. ისეთი მსხვილი წვეთები ცვიოდა, რომ ყვავილებს ფურცლები სულ გასცვივდათ.

ეზოში სანდროს მანქანა შემოვიდა და სახლთან ახლოს გაჩერდა. სანდრო მანქანიდან გადმოვიდა და სახლისკენ გამოიქცა. სანამ კიბეზე ამოვიდოდა, კარგად დასველდა.

_ აუუ, ეს რა ხდება ჩემი… _ თქვა და სველი ქურთუკი გაიხადა.

_ როგორ უცებ გაწვიმდა! ძაან დასველდი? _ ჰკითხა გვანცამ.

_ საკმაოდ! წავალ, გამოვიცვლი… _ სანდრო სახლში შევიდა.

_ ეჰ, მომენატრება აქაურობა! ჩემს ოთახსაც მივეჩვიე უკვე… ლუ, რა გჭირს? გაშტერებული ხარ თითქოს… საჭმელიც ფაქტიურად არ გიჭამია.

_ არაფერი… რაღაცაზე ვფიქრობდი…

_ წამოდი, შევიდეთ ჩვენც. _ მითხრა გვანცამ და ჩემს პასუხს აღარ დაელოდა, პირველი შევიდა ოთახში. მათთან დიდხანს აღარ გავჩერებულვარ, ჩემს ოთახში ავედი. კიბეზე სანდრო შემხვდა. ტანსაცმელი გამოეცვალა.

_ ხვალ მიდიხარ და მაინც არ გამოიყენე ის შანსი, სამწუხაროა…

_ რომელი შანსი?

_ ფლიგელის დათვალიერების… მე მეგონა მართლა გაინტერესებდა ეგეთი რაღაცეები…

_ მართლა მაინტერესებს…

_ რაღაც, არ გეტყობა… ან, გამოდის რომ ჩემი გეშინია! თუ ასეა, სულ ტყუილად ნერვიულობ! ხამი კი არ ვარ, რომ გეცე და გაგაუპატიურო. თუ სექსი არ გინდა, შენი ნებაა… არ დაგაძალებ! _ გაიცინა და წასვლა დააპირა.

_ რომ წამოგყვე, ფლიგელს დამათვალიერებინებ და უკან ამოვბრუნდებით? _ ვკითხე უცებ.

_ არა, იქ დაგტოვებ! _ ისევ გაიცინა.

_ კარგი! თუ ასეა, წამოვალ…

თითქოს არ გაკვირვებია, გამიღიმა.

_ წვიმამ გადაიღოს ცოტა!

_ კარგი… მე ჩემს ოთახში ვიქნები! _ ვუთხარი და კიბე სწრაფად ავიარე. გული საშინლად მიცემდა. უკვე საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე… არანაირი გეგმა აღარ მქონდა. ბედის გამოწვევას მივენდე…

ჩემს მობილურს ხმა გავუთიშე და შარვლის ჯიბეში ჩავიდე. კარგი იქნებოდა დანაც მქონოდა, ყოველი შემთხვევისთვის… საწოლზე ჩამოვჯექი. მალე გავიგე, როგორ შევიდა გვანცა თავის ოთახში. ცოტა ხანი ტელევიზორის ხმა ისმოდა, მერე სიჩუმე ჩამოვარდა. როგორც ჩანს, დაიძინა.

ქვემოთაც მიწყდა ხმაური. სანდრო ალბათ ელოდება, როდის დაიძინებს ყველა… წვიმამაც იკლო.

ჩემი ოთახის ფანჯარაში რაღაც განათდა. გადავიხედე და სანდრო დავინახე, აუზთან იდგა და ფარნით ჩემს ფანჯარას ანათებდა.

ოთახიდან ჩუმად გამოვედი და საფეხურები ფეხაკრეფით ჩავიარე. თავზე ქურთუკის კაპიუშონი წამოვიფარე და ბაღში უკანა კარიდან გავედი.

_ მეგონა ისევ გადაიფიქრებდი. _ მითხრა ხმადაბლა და ხელი მკლავზე მომკიდა.

_ ფრთხილად, აქ ცოტა სრიალებს, ფილები სველია…

აუზს გავცდით და შენობისკენ წავედით. რაც უფრო ვუახლოვდებოდით, მით უფრო მეტად მიპყრობდა შიში… ლუკი რომ ახადა, კინაღამ გადავიფიქრე და უკან გამოვბრუნდი, მაგრამ უცებ გიოს სახე გამახსენდა… როგორ მიყურებდა ბოლოს…

პირველი თვითონ ჩავიდა და ფლიგელში სინათლე აანთო. მეც უკან მივყევი. კიბის ბოლო საფეხური იატაკიდან დაახლოებით ერთი მეტრით იყო დაშორებული. სანდრომ წელზე ხელები მომხვია და ჩამომსვა. იქაურობა მოვათვალიერე.

_ რამხელა ყოფილა!

_ საკმაოდ დიდია! ნახე, რამსისქე კედლები აქვს…

_ ჰო… რა საინტერესოა, ნეტა რისთვის ააშენეს…

_ ეგ მეც მაინტერესებს! წამოდი, დაათვალიერე…

ცოტა ხანი უხმოდ ვიარეთ, მერე შეჩერდა და ფარანი რაღაცას მიანათა.

_ აი იქ ტუალეტია… უფრო სწორად, ხვრელია მხოლოდ. _ გაიცინა და პატარა, დაახლოებით სატვირთო ლიფტის ზომის ოთახის ფარანი მოატარა. აქ ძალიან სუუსტი განათება იყო. ეს ტუალეტი მაშინ არ შემიმჩნევია… როგორც ჩანს, გამომრჩა.

_ აქ აპირებთ “ნომერი ოცდახუთის” შენახვას?

_ რა ვიცი, ვფიქრობთ… დასასუფთავებელი და მოსაწესრიგებელია, თორე იდეალურია საცავად ამის გამოყენება.

ფლიგელის კორიდორებში დავყვებოდი და ვცდილობდი რაც შეიძლება ბუნებრივი სახე მიმეღო. რამოდენიმეჯერ რაღაც რეპლიკებსაც წამოვიძახებდი. სანდრო გვერდით მომყვებოდა და პერიოდულად უცნაურად გამომხედავდა ხოლმე…

როგორც იქნა იმ ოთახამდეც მივედით, სადაც სეიფი იდგა. ამჯერად, მაგიდა ცარიელი დამხვდა. ის გაზეთები, რომელიც მანამდე ვნახე, აღარ იყო…

_ ეს რა არის? _ ვკითხე და გულუბრყვილო გამომეტყველებით სეიფს მივუახლოვდი. თვითონ ცოტა მოშორებით დადგა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ირონიული გამომეტყველებით მიპასუხა:

_ სეიფია!

_ აქ რა უნდა მერე სეიფს?

_ რატომაც არა? იდეალური ადგილია რაღაცის შესანახად… არავის მოუვა თავში, რომ აქ რამე ეძებოს…

_ აა, შიგნით რამეა?

_ არა, არაფერი… ძველი სეიფია უბრალოდ… ასე დაგვხვდა…

_ იქნებ შიგნით დევს რამე, არ გიცდია გაღება?

_ როგორ არა! გავაღეთ კიდევაც… მე და გიომ გავაღეთ და ახალი კოდიც დავადეთ…

_ ვინ გიომ?.. კვეზერელმა?

_ ჰო… გაინტერესებს, როგორ იღება?

გამაჟრჟოლა. არანაირად არ ველოდი, რომ ამას მეტყოდა… რაში უნდა აწყობდეს სეიფის გაღება?.. ერთადერთი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ფლეშკა აიღო… მაშინ, დამარწმუნებს, რომ სეიფი ცარიელია, მაგრამ რაში სჭირდება ჩემი რამეში დარწმუნება?

_ კოდი გაინტერესებს-მეთქი? _ გამიმეორა და მომიახლოვდა.

_ არ ვიცი…

_ რატომ დაიბენი, ფისო?.. სეიფის გახსნა თუ გაინტერესებს, გეტყვი კოდს, რა პრობლემაა…

_ კარგი, თუ ასეა მითხარი…

_ კოდი ამოსვირინგებული მაქვს ტანზე!

_ სად?

_ ჭიპის ცოტა ქვემოთ…

მითხრა და კიდევ უფრო მომიახლოვდა.

_ მიდი, ნახე!

რამოდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე და ზურგით სეიფს ავეკარი.

_ გაგიჟდი?..

_ დავიჯერო, სულ არ გინდივარ?

ხელები წელზე შემომხვია და თავისკენ მიმიზიდა. გულის რევის შეგრძნება დამეუფლა. შევეწინააღმდეგე.

_ მომენდე… ისიამოვნე და კოდსაც გაიგებ…

ხელი ვკარი და სეიფის ამოვეფარე.

_ შენი მიკვირს… იტალიაში ხარ, მილიონერის სახლში… თან, პატარა გოგოც აღარ ხარ… რატომ არ უნდა მისცე თავს უფლება, რომ ისიამოვნო?

_ იმიტომ, რომ ამაში სულაც არ ვხედავ სიამოვნებას!..

_ აბა რას ხედავ?.. შუაღამეს რომ მიყვები ახალგაზრდა კაცს ასეთ ადგილას, რას ფიქრობ? იქნებ რამე სხვა მიზეზი გაქვს და მე ვერ ვხვდები…

_ სხვა რა მიზეზი უნდა მქონდეს?..

_ მაგალითად ეს…

სანდრომ ხელი შარვლის ჯიბეში ჩაიყო და გაკეცილი ბარათი ამოიღო.

_ ეგ რა არის?..

ფურცელი მაგიდაზე დააგდო.

_ ეს შენ უნდა მითხრა, _ ეს რა არის?..

მაგიდასთან მივედი, რომ ფურცელი ამეღო… გავშალე და უცებ, თითქოს მდუღარე გადამასხეს… ადგილზევე გავქვავდი.

“იყავი ფხიზლად! მოძებნე ალბა, გადაკვეთის დრო იგივე. იმოქმედე შეუმჩნევლად, რადგან ჩემი დახმარება მხოლოდ შენ შეგიძლია! ვიცი, შენ შეძლებ…”

ენა ჩამივარდა. ეს გზავნილი საერთოდ აღარ მახსოვდა… ფოტოაპარატის ჩანთაში რომ შევინახე… ეტყობა სანდრომ გადაღებიდან წამოღების დროს ნახა… ეს როგორ დამემართა… მაშინვე რატომ არ დავწვი…

_ თავს ვერ დაიძვრენ, ლუ… ვიცი, იმ ღამეს ფარნით რომ შემხვდი, აქედან მოდიოდი… შუქის გამორთვა დაგვიწყებია, ლამაზო…

_ არ ვიცი, რაზე მელაპარაკები…

_ ძალიან კარგად იცი! მითხარი, _ ვინ ხარ?…

ტყვე (ეპიზოდი XXII)

22

სანდროს სახის გამომეტყველება შეეცვალა. ირონიული ღიმილი გაუქრა. ისე მიყურებდა, როგორც ჯაშუშს, რომელიც ეს-ესაა დანაშაულში ამხილეს…

ფაქტიურად, მე მის თვალში ჯაშუში ვიყავი… ჩემი დაბნეულობაც უფრო უმყარებდა ეჭვს.

_ ეს რა წერილია? საიდან გაქვს?…

_ შენი კამერის ჩანთიდან!

_ პირველად ვხედავ!

_ და შენ გჯერა შენი სიტყვების? _ მკითხა და ჩემკენ რამოდენიმე ნაბიჯი გადმოდგა. მე უკან დავიხიე.

_ რა თქმა უნდა, მჯერა!… ათასჯერ გავიმეორებ, რომ ამ წერილს პირველად ვხედავ…

_ არ ვიცი, რა გიყო ლუ… შენ რას იზამდი ჩემს ადგილას? წარმოიდგინე, შენს სახლში არის სტუმარი, რომელსაც არ იცნობ… საკმაოდ უცნაურად იქცევა, _ ღამე მარტო ჩავიდა ფლიგელში, თანაც ისე, რომ არავის არაფერი უთხრა… ღამით მოინახულა გაურკვეველი “მეგობარი”, მერე პოულობ წერილს, სადაც ასეთი რამ წერია… მორჩი ეხლა აფერისტობას და დროზე დაფქვი, _ ვინ მოგაგზავნა?

_ დროზე დავფქვა?… მემუქრები, სანდრო?..

_ ლუ, ნუ მეთამაშები!

ჩემი დაჭერა სცადა, მაგრამ ხელიდან დავუსხლტი და მაგიდას ამოვეფარე.

_ დაჭერობანა ვითამაშოთ?

_ სანდრო, ეს შენობა მაშინ მართლა შემთხვევით ვიპოვნე, მერე მამაშენმა მომიყვა ფლიგელის შესახებ… დავინტერესდი… შენ არ გითხარი გასაგები მიზეზის გამო, შენთან ერთად აქ ჩამოსვლა, აუცილებლად სექსით დამთავრდებოდა… მე კიდევ არ მინდა შენთან სექსი!

_ და ახლა რატომ ჩამომყევი აბა?.. იმიტომ, რომ კოდი გაგეგო?..

_ არ მესმის რაზე მელაპარაკები… რაში მჭირდება შენი კოდი?

_ ერთი რამ მიკვირს… შენ ძველი კოდი არ იცი… რომ გცოდნოდა, მაშინ გააღებდი, როცა პირველად ჩამოხვედი აქ… ბაღში რომ შემხვდი ფარნით. იმ ღამესვე შევამოწმე სეიფი და მივხვდი ჩამოსული რო იყავი… როგორც კი ანთებული შუქი დავინახე. სეიფზე კოდი იმ ღამეს შევცვალე…

_ სანდრო, ძალიან გთხოვ, წავიდეთ აქედან…

_ შენ რა, დამცინი გოგო?.. თუ ვერ ხვდები რა სერიოზულად დაგენძრა, ჰა?

უცებ, მთელი ძალა მოვიკრიბე და კიბისკენ გავიქეცი… გამომეკიდა. გზა ზუსტად არ მახსოვდა და ვარაუდით მივრბოდი. გასასვლელ-გამოსასვლელებში სულ მთლად ავირიე… ერთ-ერთ ბნელ კუთხეში დავიმალე და მივაყურადე, მაინტერესებდა სად იყო… მისი ნაბიჯების ხმა მესმოდა…

ვიცოდი, რომ მიპოვიდა. მე ხომ მის ტერიტორიაზე ვიყავი… ალბათ თვალდახუჭულმა იცის ყოველი კუთხე-კუნჭული… ერთადერთი, იმის იმედი მქონდა, რომ პირველს მიმესწრო კიბესთან.

_ შენი გამოწვევა მივიღე, დაგიჭერ და მერე შენს თავს დააბრალე ყველაფერი!..

შიშმა მთლიანად მომიცვა… ვხვდებოდი, რომ სიტუაცია უკონტროლო გახდა და ახლა მხოლოდ სასწაული თუ მიხსნიდა… ჩემი საქმე წასული იყო.

_ შენ სუნს ვგრძნობ, იცი?… შენი გულის ფეთქვასაც…

ხმა ძალიან ახლოს გაისმა. დერეფნის განათებულ ადგილას მისი ჩრდილი გამოჩნდა. ძალიან გრძელი ჩრდილი ჰქონდა… შემზარავად აღიმართა ჩემს პირდაპირ, კედელზე…

ჩრდილი არ იძვროდა. ერთ ადგილას გაქვავებულიყო.

_ ლუ, იცი… დედა რომ მომიკვდა, ძალიან პატარა ვიყავი… ექვსი წლის. ხანდახან, თვალებს რომ ვხუჭავ, თითქოს ისევ ვგრძნობ ხოლმე მის სითბოს…

კუთხეში უფრო მივიკუნჭე. ნეტა რას აკეთებს?.. შეიძლება ჩემს ფსიქიკაზე უნდა გავლენა მოახდინოს… თავი შემაცოდოს…

_ მამაჩემი მკაცრი კაცია. ძალიან მკაცრად მზრდიდა, ზედმეტი წესებით ვიყავი სულ დამძიმებული… ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა… ხშირად მსჯიდა-ხოლმე… ამ მომენტებში, ყველაზე მეტად დედას ვნატრობდი… ერთხელ, რაღაც ვთხოვე მამაჩემს… მანამდე არასოდეს არაფერი მითხოვია, მაგრამ უარი მითხრა… ვიკამათეთ და სახეში შემომარტყა… ძალიან გავბრაზდი და სახლიდან წამოვედი… ერთი პერიოდი, სიცილიაში ვცხოვრობდი, სადაც ერთი კაცი გავიცანი, კაზინოში…

ჩრდილი ამოძრავდა და კედელზე გველივით გასრიალდა. _ სანდროც გამოჩნდა. გასასვლელში დადგა და ჩემი მიმართულებით გამოიხედა. მთელი სხეული მიკანკალებდა. მეტი ვეღარ გავძელი და ისევ გავიქეცი. მისი ნაბიჯების ხმა აღარ მესმოდა, ისევ ვარაუდით მივრბოდი…

ერთ-ერთ მოსახვევთან დამხვდა… ბოლო ხმაზე შევყვირე, მაგრამ ამჯერად ვეღარ დავუსხლტი, დამიჭირა და კედელზე მიმაყუდა. მთელი ტანით მაწვებოდა, რომ არ გავქცეულიყავი… ცოტა ხანს ვიბრძოლე, მერე ძალა გამომელია და მოვეშვი…

_ შემომხედე!

_ გამიშვი, თორე ვიყვირებ! _ ფრაზის დამთავრებამდე გავაცნობიერე ჩემივე სიტყვების იდიოტიზმი. დამცინავად შემომხედა.

_ რა გინდა ჩემგან?..

_ აღიარება!

_ რისი?.. მე არაფერი დამიშავებია, არაფერი ვიცი!…

_ დავით კვეზერელმა გამოგაგზავნა, ხო? აღიარე! გამოძიებასთან თანამშრომლობ… გადაგიხადეს?…

_ არ ვიცი რას ამბობ, სანდრო…

_ კარგი მაშინ… რახან ასეა საქმე…

უცებ, მხარზე ტომარასავით გადამიკიდა და ისევ იმ ოთახისკენ წამიყვანა. მაგიდაზე დამაგდო… მთელი ძალით ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ ქურთუკის გახდა მაინც მოახერხა. ჩემი მობილური იპოვნა და ჯიბეში ჩაიდო. მერე მაისურიც შემომახია და ლიფიც შემიმოწმა, იქაც ხომ არ მედო რამე…

თავზარდაცემული ვიყავი და დაყვირებაც კი ვერ შევძელი… ასეთი შეშინებული, დამცირებული და განადგურებული არასოდეს ვყოფილვარ…

როცა დარწმუნდა რომ მობილურის გარდა არაფერი მქონდა თან, მუცელზე გადმომაბრუნა. ხელი ზურგს უკან ამომიტრიალა და მარცხენა ხელით დამიჭირა. ტკივილისაგან ვეღარც ვინძრეოდი… მარჯვენა ხელით შარვალი ჩაიხსნა…

მხოლოდ ის მახსოვს, როგორ დაიხურა ფლიგელის ლუკი… ძალიან დიდხანს ვიწექი მაგიდაზე… ნელ-ნელა ცნობიერება მიბრუნდებოდა და პირველი, რაც დავინახე, სეიფი იყო. ის წყეული კოდის შესაყვანი მექანიზმი…

კიდევ რამოდენიმე ხნის მერე, როგორღაც ზურგზე გადავბრუნდი… მთელი სხეული მტკიოდა… ვიწექი და ფლიგელის ჭერს ვუყურებდი… სქლად გაბმული აბლაბუდიდან, ობობა ეშვებოდა ქვემოთ, რომელიც მხოლოდ ერთ წვრილ “ძაფზე” ეკიდა…

ტირილიც არ შემეძლო… როგორღაც წამოდგომა შევძელი… ფლიგელში ციოდა. ძირს დაგდებული ქურთუკი ავიღე და ჩავიცვი…

როგორღაც კიბეებისკენ წავედი… გზადაგზა კედლებს ვეყრდნობოდი, რომ არ ჩავკეცილიყავი… ძლივსძლიობით ავედი კიბეზე და ლუკს მთელი ძალით მივაწექი, ძვრა ვერ ვუყავი. რამოდენიმე წუთის განმავლობაში ვყვიროდი კიდეც… თუმცა, ვხვდებოდი რომ უშედეგოდ…

ალბათ კიდევ რამოდენიმე საათი გავიდა… შეიძლება გათენდა კიდეც. ისევ იმ ოთახში დავბრუნდი, რადგან ყველაზე კარგად განათებული იყო. ნათურასთან ახლოს მივიტანე სკამი და იქ ვიჯექი…

სხეული რომ აღარ მემორჩილებოდა, ის სკამი იმ წყეულ მაგიდასთან მივათრიე, რომ ხელებით მაინც დავყრდნობოდი… თავი ჩემს მკლავებში ჩავრგე, მხრის სახსარი საშინლად მტკიოდა…

გონებაში მიტრიალებდა ფრაგმენტები… ფაზლის ცალკეული სურათები… გიოს გახსენებამაც კი ვეღარ გამათბო… სულ ცარიელი ვიყავი… მომხდარის აღქმის უნარიც კი არ შემეძლო წესიერად…

მეხსიერებაში ამომიტივტივდა, წასვლის წინ რომ მომაძახა სანდრომ… _ “ჯერჯერობით აქ იქნები, სანამ მოვიფიქრებ რა მოგიხერხო”. _ არ მომკლა!.. ალბათ იქამდე დამტოვებს ცოცხალს, სანამ ჩემგან სიმართლეს არ გაიგებს…

დამეძინა…

ფლიგელში ვირთხები იყვნენ… სამარისებულ სიჩუმეს, მათი წრიპინი თუ დაარღვევდა მხოლოდ… გაღვიძებისას ოდნავ ძალა ვიგრძენი… ტუალეტის მიმართულებით წავედი.

ვცდილობდი, მხოლოდ ფლიგელის განათებულ ადგილებზე მევლო… თითქოს, სიბნელეში ბოროტება მელოდა ჩასაფრებული… საშინლად მეშინოდა…

“ლუს წინსაფარი უკეთია და სამზარეულოს გვის… ლუს სახლში მზეა და თბილა…”

აღარც ლუს ზღაპარმა მიშველა… თითქოს ჩემი სხეული მე აღარ მეკუთვნოდა, თითქოს წამართვეს…

ონკანი ვიპოვნე. ძალიან დიდხანს ვუჭერდი ხელს, მაგრამ ვერ გადავატრიალე… ჩაჟანგებული და ჩაქვავებული იყო… ნეტა ზემოთ რა ხდება?… ალბათ მეძებენ… ალბათ უჩემოდ გაემგზავრებიან თბილისში…

უცებ იმედის პატარა ნაპერწკალი მომეცა… ლაშა აეროპორტში დამელოდება და ყველაფერს გაიგებს… ვიცი, არ გაჩერდება სანამ არ მიპოვის… გიო ალბათ გაემგზავრა კიდეც… რომც გაიგოს, შეიძლება ვეღარ დაბრუნდეს აქ… სავარაუდოდ ყალბი პასპორტით გადმოლახავდა საზღვარს… ასე უცბად უკან ვეღარ დაბრუნდება, უვიზოდ ვინ გამოუშვებს?…

მთავარი მაინც ისაა, რამდენად უღირს მას ჩემი სიცოცხლე… უღირს კი იმდენად, რომ ჩემს გადასარჩენად მოვიდეს და ყველაფერი წყალში ჩაყაროს?…

დარწმუნებული ვარ, რომ უღირს… ვგრძნობ ამას…

ფლიგელი რამოდენიმეჯერ დავიარე… წყურვილით ვიხრჩობოდი. სანდრო თუ არა, წყურვილი უეჭველად მომკლავდა… რაღაცას ვეძებდი… ჩემს ბედზე არც ქვა ეგდო სადმე და არც რამე სხვა, წვეტიანი ნივთი…

სეიფსაც ვუტრიალე… ათასნაირი კომბინაცია ავკრიფე, მაგრამ ის მაინც ჯიუტად იდგა, არ იღებოდა…

ჩემი გათვლით, ალბათ მეორე დღეს, ან ღამეს გავიგე ლუკის გაღების ხმა. ფეხზე წამოვხტი და კედლის კუთხეს ავეკარი. რაღაცის დავარდნის ხმა გაისმა და ლუკი ისევ დაიხურა. დაახლოებით თხუთმეტი წუთი ადგილიდან ფეხიც არ მომიცვლია. მივხვდი, რომ ფლიგელში არავინ ჩამოსულა, ეტყობა სანდრომ რაღაც ჩამომიგდო…

ნელ-ნელა კიბის მიმართულებით წავედი. ფლიგელი უკვე კარგად მქონდა შესწავლილი. კიბის ქვეშ რაღაც დიდი ეგდო. ახლოს მივედი, თოკით შეკრული დახვეული ლეიბი აღმოჩნდა. საკმაოდ მძიმე იყო და დაგდებული წავათრიე “ჩემი ოთახისაკენ”…

ლეიბში შალის პლედი, ბოთლით წყალი და ქაღალდის პარკში გახვეული საჭმელი იყო. მაშინვე ბოთლი მოვიყუდე… ტუჩები სულ გამომშრალი მქონდა უწყლოობისაგან. მერე, პიცის ცივი ნაჭრები შევჭამე… როგორც ჩანს, არც შიმშილით და წყურვილით არ აპირებს ჩემს მოკვლას…

ლეიბი მაგიდაზე დავაფინე, რადგან ვირთხების მეშინოდა. დავწექი და პლედში გავეხვიე… ყველაფერს მექანიკურად ვაკეთებდი…

დრო საშინლად იწელებოდა. ყოველი წუთი, საათივით მეჩვენებოდა… ჩემი სახლი წარმოვიდგინე, ჩემი ფუმფულა საწოლი… დედა, მამა, თათია, ლუკა, ლექსო… “ჩვეულებრივი სამეულიც” კი… ვიგრძენი, რომ ყველა ათმაგად და ასმაგად უფრო მიყვარდა… ყველაფერს მივცემდი ახლა, რომ ჩემს სახლში ვყოფილიყავი…

სახე ლეიბში ჩავრგე და ავტირდი… დიდხანს, ძალიან დიდხანს ვტიროდი… მერე შვება ვიგრძენი, დავიცალე…

ერთადერთი, რისი გაკეთებაც აქ შემეძლო, _ ფიქრი იყო. განუწყვეტლივ ვიმეორებდი ყველა დეტალს გონებაში, რომ იქნებ როგორმე ამ თავსატეხის თავი ან ბოლო გამეგო…

“ოცნება ფრთხილად აირჩიე, შეიძლება მართლა ახდეს”, “ერიდე ყველაფერს, რაც შენს სინდისს არ მოსწონს”… _ თითქოს მაფრთხილებდა… რას ნიშნავდა ეს მესიჯები?..

სანდროს დავით კვეზერელის მოგზავნილი ვგონივარ… _ დავითის, და არა გიორგის… ეს იმას ნიშნავს, რომ დარწმუნებულია გიოს სიკვდილში, წინააღმდეგ შემთხვევაში კოდს ადრევე შეცვლიდა… ალბათ ფიქრობს, რომ გამწარებული მამა იბრძვის, რომ შვილის სიკვდილში დამნაშავეს გაუსწორდეს… საქმე ხომ ჯერ არ გახსნილა…

ძილშიც სულ კოშმარები მესიზმრებოდა. ხან “შავი ჭირის მკურნალის” ნიღაბს ვხედავდი, რომელიც შემზარავად მიყურებდა და თვალების ადგილას მხოლოდ ორი შავი ღრმული უჩანდა. ხან, სანდრო, რომელიც მიყურებდა და იცინოდა… ოღონდ, ეს სიცილიც ძალიან საზარელი იყო…

_ აბა, როგორ ხარ?..

მისი ხმა ძილში ჩამესმა და მომენტალურად გამოვფხიზლდი. კინაღამ მაგიდიდან გადმოვვარდი…

_ რა გადაწყვიტე? მომიყვები სიმართლეს?..

_ მე სიმართლე უკვე გითხარი!

მაგიდიდან გადმოვბობღდი და მოშორებით დავდექი…

_ ნუ გეშინია, აღარ მინდიხარ… თან, დასაბანიც იქნები… იცი, გუშინწინ დილით, შენს ოთახში შენი წერილი იპოვეს… გვანცასთვის დაგიწერია, ჩემმა ბავშვობის მეგობარმა დამირეკა და სასწრაფოდ უნდა ვნახოო… დილით დავბრუნდები და არ შეგეშინდეთო… ახლა, კარაბინერები გეძებენ… ნეტა სად წაგიყვანა შენმა ბავშვობის მეგობარმა, ჰა?

_ ნაძირალა!…

_ მე კიდევ, იოლი გზა შემოგთავაზე, მაგრამ შენ არ ისურვე… რა გიყო, ფისო?… მკვლელი რომ ვიყო, ეხლა ცოცხალი არ იქნებოდი… ბოლო შანსს გაძლევ, მომიყევი სიმართლე… ვინ და როდის მოგწერა ის წერილი?.. კიდევ ვინ არის აქ? ვის შეხვდი იმ ღამეს?.. ვინ არის ალბა?…

_ მე არაფერი ვიცი… გესმის? _ ა რ ა ფ ე რ ი!!!

დავუმარცვლე ბოლოს.

_ კარგი! რახან ასეა, მაშინ უფრო მკაცრ ზომებს მივმართავ… მაინც აგალაპარაკებ, ლუ!

_ რას აპირებ?…

ვკითხე და ცრემლები თავისით წამომივიდა.

_ აქ დიდხანს ვეღარ გაგაჩერებ! სხვაგან უნდა გადაგიყვანო…

_ სად სხვაგან?..

_ ზუსტი მისამართი გითხრა?.. _ გაიცინა ირონიულად და წასასვლელად მოემზადა.

_ სამწუხაროა, რომ არ დამიჯერე… შენთვისვე იქნებოდა უკეთესი! შენ ალბათ დავითი გგონია უფრთო ანგელოზი. გული აგიჩუყა მისი შვილის ტრაგიკულმა ამბავმა… ან, იქნებ შენც გიორგის ნაშა იყავი?… _ ეტყობა ეგრეა, რადგან აქამდე ვერ გაგტეხე! თუ ასეა და არ ვცდები, მაშინ ძალიან მეცოდები… ალბათ დარწმუნებული ხარ, რომ სიმართლის გულისთვის სწირავ თავს, სინამდვილეში კი ძალიან ცდები! არც დავითია ანგელოზი და მით უმეტეს, არც მისი ნაბიჭვარი შვილი იყო…

გასასვლელისკენ გაემართა. მერე უცებ შეჩერდა და ფეხით ძირს დაგდებულ პარკზე მიმანიშნა…

_ ტანსაცმელია…

კედელთან ისევ გაშეშებული ვიდექი და მისი ნათქვამის გაანალიზებას ვცდილობდი, როცა ფლიგელში ლუკის დახურვის ხმა გაისმა…

კონტროლის ქვეშ (ეპიზოდი XXIII)

1128347971-1

სანდროს ნათქვამმა ჩემზე ცუდად იმოქმედა. შეუძლებელია გიო მისნაირი ნაძირალა აღმოჩნდეს… როდესაც თვალებში ვუყურებ, ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს მის შინაგან სამყაროს ვხედავ… შეიძლება გულუბრყვილოდ ვიქცევი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად აღვიქვამ იმას, რასაც ჩემს მიმართ გრძნობს… ვიცი, რომ ეს არ არის ყალბი. ამის მიხვედრას სიტყვებიც არ სჭირდება…

პარკში ტანსაცმელი, სველი ხელსახოცები, ბოთლით წყალი, ფუნთუშები და წიგნი იდო, _ ლინ ფონ პალის “საიდუმლო საზოგადოებები”. როგორც ჩანს, სანდროს სადღაც ღრმად, გულში, ადამიანური თანაგრძნობის ნაწილაკი კიდევ აქვს შემორჩენილი…

ჩემი დახეული ტანსაცმელი გავიხადე, სველი ხელსახოცებით მთელი სხეული გავიწმინდე… თითქოს სანდროს შეხების კვალის წაშლა მინდოდა… ახალი ტანსაცმელი მაგიდაზე გავშალე. მხოლოდ საცვლებს ჰქონდა იარლიყი. დანარჩენი, აშკარად ვიღაცას გამოართვა. ალბათ მაღაზიაში ყიდვა ვერ გარისკა, შეეშინდა ვინმეს არ გაეგო შემთხვევით და ეჭვი არ აეღოთ… _ ნეტა ვის გამოართვა? იმ ქერა გოგოს ხომ არა, მე რომ ანა მგონია?…

ფეხზე თბილი წინდები ჩავიცვი. შარვალი ოდნავ გრძელი იყო და ტოტები გადავიკეცე. ზემოდან ჯერ გრძელმკლავიანი მაისური, შემდეგ კი ნაქსოვი ჯემპრი გადავიცვი.

ჩემი მაისური, რომელიც ტანზე შემომახია, სეიფსა და კედელს შუა ჩავტენე… იქნებ ჩემი წაყვანის შემდეგ ჩამოვიდეს აქ ვინმე და იპოვოს…

ნეტა სად აპირებს ჩემს წაყვანას? ან, რას მიპირებს საერთოდ?.. არ მინდა ისე მოვკვდე, რომ ერთხელ მაინც არ ვნახო გიორგი… არ გავიგო სიმართლე…

ამაზე ფიქრი აღარ შემეძლო, სკამი ნათურასთან ახლოს მივაჩოჩე, პლედი შემოვიხვიე და წიგნი გადავშალე. მგონი ყველაფერს მექანიკურად ვაკეთებდი. კითხვაც მექანიკურად დავიწყე…

_” წარსულის საიდუმლოებების მიმართ ინტერესი ყოველთვის არსებობდა. “და ვინჩის კოდის” გამოსვლის შემდეგ, ამ თემის მიმართ ინტერესმა საზოგადოების ყველაზე ფართო ფენებიც მოიცვა. უბედურება იმაშია, რომ ადამიანები, წარსულის საიდუმლოებებზე ცნობებს წინა საუკუნეების უტყუარი დოკუმენტებიდან კი არ იღებენ, არამედ იჯერებენ ყველაფერს, რასაც მათ ავტორი სთავაზობს.

… მაგრამ, წარსულის რეალური ისტორია სულაც არ ყოფილა დეტექტივი, არც სათავგადასავლო რომანი, _ ეს იყო ცხოვრება! …და იმ უხსოვარ დროს, ცხოვრობდნენ ადამიანები, რომელთაც საკუთარი წარმოდგენა ჰქონდათ სიკეთესა და ბოროტებაზე. ჰყავდათ მეგობრები და მტრები, წინაპრები და შთამომავლობა და რა თქმა უნდა, ჰქონდათ თავიანთი საიდუმლოებები…”

წიგნის კითხვამ გამიტაცა. ან უბრალოდ, შეიძლება მე მინდოდა რეალობისაგან მოწყვეტა…

დიდხანს ვიკითხე. წიგნში ტამპლიერების, როზენკრეიცერების, მასონებისა და ილუმინატების ისტორიაზე ეწერა. სკამიდან ჩემს ლეიბზე გადავინაცვლე. შეძლებისდაგვარად მოხერხებულად მოვეწყვე, ფუნთუშებიანი პარკი გვერდით დავიდე, რომ მეჭამა. თან წიგნს ვკითხულობდი… _ რა უცნაური ქმნილებაა ადამიანი, როგორ ეჩვევა ყველაფერს, _ ნებისმიერ მდგომარეობას, რომელშიც გარკვეული ხნის მანძილზე იმყოფება… და თითქმის ყოველთვის ახერხებს ადაპტაციას…

ჩამეძინა.

სანდრო ფლიგელში აღარ ჩამოსულა, მხოლოდ “ნობათი” ჩამომიგდო მაღლიდან. ნეტა რა ხდება ზემოთ?.. ალბათ გიომ ჯერ კიდევ არ იცის, რომ არ დავბრუნდი სახლში, თორემ აუცილებლად რაღაცას იღონებდა… ლაშა კი აეროპორტშივე გაიგებდა. _ თათიაც, დედაც და მამაც… წარმომიდგენია, რა დღეში იქნებიან… როგორ მინდა, რომ მათთან ვიყო… თათიას გაუთავებელ ბუზღუნს და მომაბეზრებელ დარიგეგებსაც კი სიამოვნებით ავიტანდი…

სანდროს თუ გადავურჩი, თათიას ნამდვილად ვეღარ გადავურჩები…

ჩემს საყვარელ ადამიანებზე ფიქრი, ძალიან მეხმარებოდა. საკუთარ თავში ერთი კარგი თვისება აღმოვაჩინე და გამიხარდა… თურმე როგორი ოპტიმისტი ვყოფილვარ… მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვცდილობდი რომ იმ საშინელებებზე არ მეფიქრა, რაც აქ გადამხდა.

ფლიგელში მძაფრი ნესტის სუნი იდგა, მაგრამ უკვე ამასაც შევეჩვიე. არადა, როგორ მინდოდა მზის დანახვა, ჟანგბადის ჩასუნთქვა… თურმე რა ბედნიერი ვყოფილვარ, რომ ეს ყველაფერი მქონდა და არ ვაფასებდი… ასეა, რაც გვაქვს, იმას არ ვაფასებთ ხოლმე.

ნეტა რამდენი დღე გავიდა?.. დროის შეგრძნება საერთოდ დავკარგე… ალბათ უკვე მეათასედ დავიარე ფლიგელი. ნუთუ ერთი საიდუმლო გასასვლელი არ უნდა დაეყოლებინათ, ვინც ეს თავშესაფარი ააშენა?

ზემოთ ავიხედე და დიდი, თუნუქის სავენტილაციო მილები დავინახე. როგორმე შიგნით რომ მოვხვდე?.. ვფიქრობ გაჭირვებით, მაგრამ მაინც შევძლებდი მილში გაძვრომას.

მაგიდაზე სკამი რომ დამედგა და ზედ შევმდგარიყავი, მაინც ვერ მივწვდებოდი, საკმაოდ მაღლა იყო. გადავწყვიტე კარგად დამეთვალიერებინა ეს მილები და იქნებ სადმე შესაძრომიც მეპოვნა…

საწყის წერტილად კიბე ავირჩიე და იქიდან გამოვყევი. სიმაღლე ყველგან ერთნაირი ჰქონდა. სავენტილაციო მილები, მთელს ფლიგელში იყო განაწილებული. ჰორიზონტალურ მილებს, რამოდენიმე ადგილას ვერტიკალურებიც უერთდებოდა და მაღლა, სიბნელეში იკარგებოდა. სასწაულებრივად მაინც რომ მოვხვედრილიყავი სავენტილაციო მილის შიგნით, ზევით მაინც ვერ ავფრინდებოდი.

ლუკი გაიღო. მომეჩვენა, რომ თითქოს კიბეებზე ფეხის ხმა გაორებულივით ისმოდა… ფლიგელის კორიდორში გავჩერდი და კიბის მიმართულებით გავიხედე. თან მივაყურადე…

აშკარად ორი ადამიანი მოდიოდა ჩემი მიმართულებით.

შემეშინდა და კედელს ავეკარი. სიბნელიდან გოგოს თხელი ფიგურა გამოიკვეთა. მალე მისი კარგად გარჩევაც შევძელი… ქერა, გაშლილი თმა ჰქონდა, თავზე შავი სათვალე ეკეთა და წითელი პალტო ეცვა, მუხლამდე სიგრძის. ჩემგან ოდნავ მოშორებით გაჩერდა და შემათვალიერა. ოდნავ დაბნეული მომეჩვენა.

_ აქ არის! _ გასძახა სანდროს, რომელიც მის უკან მოდიოდა. ხელში შავი ნაჭრის ჩანთა ეჭირა.

_ გამოგიცვლია ტანსაცმელი. _ მითხრა სანდრომ.

ხმა არ ამომიღია. ისევ კედელზე ვიყავი მიყუდებული და სანდროს შარვლის ჯიბეს მივჩერებოდი, რომლიდანაც დანა მოჩანდა.

_ უნდა მომკლათ? _ ვკითხე ხმის კანკალით და ნერწყვი ძლივს გადავყლაპე.

_ არა, ფისო… უკვე გითხარი, მკვლელი არ ვარ მეთქი. უბრალოდ, სხვაგან უნდა გადაგიყვანოთ…

_ არ მჯერა! _ ვთქვი და უკან დავიხიე.

_ ეს არაფერს ცვლის! გჯერა თუ არ გჯერა, უნდა წამომყვე!

ქერამ, თავისი წითელი პალტო გაიხადა და მკლავზე გადაიკიდა.

_ ეგ, რაც ზემოდან გაცვია, გაიხადე!

ჩემს ქურთუკზე მიმითითა. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. პირიქით, აქ ყოფნას, უკვე ყველაფერი მერჩივნა და დავემორჩილე. თან, სახეზე ვაკვირდებოდი, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, ნამდვილად ანა იაშვილი იყო თუ არა. სურათზე ნანახ გოგოს ნამდვილად ჰგავდა, მაგრამ ჰგავდა თუ ნამდვილად ის იყო, ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი…

ქურთუკი გამომართვა და თავისი წითელი პალტო გამომიწოდა.

_ ეს ჩაიცვი!

მერე, სანდროს ჩანთა გახსნა და ქერა პარიკი ამოაძვრინა. ყველაფერს მივხვდი. აქედან ისე გამიყვანს სანდრო, რომ ერთი შეხედვით, ყველას ეს გოგო ვეგონები… კარგად მოუფიქრებია!

პალტო ჩავიცვი და იმ გოგოს წინ მორჩილად დავდექი. მომიახლოვდა და თავისი ხელით დამახურა პარიკი. თვალები მასაც ცისფერი ჰქონდა, როგორც ანა იაშვილს… ნაკვთები ზუსტად არ მახსოვდა, მაგრამ, მგონი ის უნდა ყოფილიყო… თან, ქართულად ლაპარაკობდა… პარიკს რომ მახურავდა, ხელები ოდნავ შესამჩნევად უკანკალებდა.

_ ცოტა დაგემსგავსა, ხო იცი? _ გაეცინა სანდროს. ანამ სათვალეც მოიხსნა და თავზე გამიკეთა.

_ ზემოთ რომ ახვალთ, გააკეთებინე, მაინც!

_ ჰო…

_ და რაც შეიძლება მალე დაბრუნდი! აქ დიდხანს ვერ გავჩერდები… არ მიყვარს ჩაკეტილი სივრცე.

_ კარგი, შენ მანამდე ამის ნივთებს თავი მოუყარე. იმ ლეიბში გადაახვიე და თოკი გადაუჭირე, მერე დავწვავ სადმე ყველაფერს…

კიბესთან სამივე ერთად მივედით. ჯერ სანდრო ავიდა და ლუკი გააღო. მე პალტოს ღილები შევიკარი, რომ ხელი არ შეეშალა ასვლის დროს.

_ ფოკუსების გარეშე, დანა აქვს! _ მომაძახა ქერამ.

ლუკს რომ მივუახლოვდი, სანდრომ მკლავში ჩამჭიდა ხელი და ზევით ამიყვანა. როგორც იქნა, ჟანგბადი ჩავისუნთქე და ირგვლივ მიმოვიხედე. _ ღამე იყო. ოთახში გარედან ოდნავ შემოდიოდა სინათლე.

სანდრო ხელს ისე მიჭერდა მკლავზე, რომ ხმადაბლა ვკვნესოდი.

_ სახლიდან გავალთ და ჩემს მანქანაში ჩავჯდებით! ერთი არასწორი მოძრაობა და ტრუპი ხარ!

ყოველი შემთხვევისთვის დანა ამოიღო და ხელში დაიჭირა. შენობა დავტოვეთ… ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი… მანქანა მაშინვე დავინახე. ორივე მისკენ გავემართეთ. ლამპიონები მხოლოდ სახლის გარშემო ენთო. ჩვენ კი, მოშორებით ვიყავით… სიბნელეში კიდევ ორი მამაკაცის სილუეტი გავარჩიე, რომლებიც ჩვენსკენ ზურგშექცევით იდგნენ და სახლის მხარეს იყურებოდნენ.

სანდრომ ხმადაბლა დაუძახა იტალიურად. ორივე მანქანისკენ წამოვიდა. ერთი წინ ჩაჯდა, მეორემ უკანა კარი გამოაღო და მანიშნა, რომ ჯერ მე ჩავმჯდარიყავი. თვითონ გვერდით მომიჯდა და იარაღიანი ხელი ჩემი პალტოს ქვეშ შეაცურა.

სანდრომ მანქანა დაქოქა და დავიძარით. როგორც ჩანს, სახლში ყველას ეძინა. მხოლოდ დაცვა იყო თავის ადგილას შეყუჟული. მანქანის დანახვისთანავე ჭიშკარი გაგვიღო. სანამ ბაღი დავტოვეთ, სანდრო ხმადაბლა მიმეორებდა, რომ ფრთხილად და ჭკვიანად ვყოფილიყავი.

სულ მიხვეულ-მოხვეული გზებით და პატარა ქუჩებით ვიარეთ. ტრასაზე გასვლას ერიდებოდა. ქუჩებში, მანქანები მხოლოდ კანტი-კუნტად თუ შეგვხვდებოდნენ. სახლებშიც ალაგ-ალაგ ენთო სინათლე…

შინაგანად ძალიან ვნერვიულობდი, ხომ შეიძლება მოსაკლავად მივყავდით? იქნებ სადმე მდინარეში მიპირებს სანდრო გადაგდებას… მაგრამ, ალბათ მანამდე იმის გაგებას მაინც შეეცდება, მართლა დავითმა გამომაგზავნა თუ სხვა ვინმემ…

საკმაოდ დიდხანს ვიარეთ. ქალაქს გავცდით და მთები გამოჩნდა. გზაში სამივე იტალიურად ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, მე არაფერი მესმოდა. მხოლოდ ერთი სიტყვა, _ მონტაგნია გავიგე, მე მგონი “მონტანას” მთას გულისხმობენ… ვიცი, რომ იტალიაშია… ალბათ იქით მივყავართ…

რაღაც სოფელში შევედით… სახლები ერთმანეთისაგან საკმაოდ დაშორებული იყო. ნაცნობი შეგრძნება დამეუფლა… თითქოს ეს ადგილი სადღაც მინახავს…

სავარაუდოდ, აქ სოციალურად შედარებით დაბალი ფენა უნდა ცხოვრობდეს… სახლებზე ეტყობა, საკმაოდ ღარიბული და ძველი იყო. ძალიან ჰგავდა იმ ადგილს, რომელიც ადრე სიზმარში ვნახე…

ახლა მივხვდი, რატომაც მეცნობოდა… ჩემი სიზმარი გამახსენდა. ღამით, უცნაურ სოფელში რომ მივდიოდი, სადაც ძველი, დაბრეცილი სახლები იდგა… მერე ერთ სახლთან მივედი, რომელსაც ერთი ფანჯარა ჰქონდა და ისიც ხის დარაბებით იყო დახურული. კედელზე ლამპიონი იყო მიმაგრებული და მწვანე შუქს გამოსცემდა. ამ სიზმარში, სახლს ნომერი ოცდახუთი ეწერა.

არ გამკვირვებია, სწორედ ხის დარაბებიან სახლს რომ მივადექით… სახლის წინ ერთი ლამპიონი იყო, რომელიც ოდნავ მომწვანო სინათლეს გამოსცემდა.

სანდრომ მანქანა ეზოში გააჩერა. გადმოვედით. ამჯერად, წინ მჯდომმა მომკიდა ხელი და სახლისკენ წამიყვანა.

სახლში ძალიან ძველებური ავეჯი იდგა. კედლებზეც ძველებური შპალერი იყო გაკრული. უცებ, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს წარსულში მოვხვდი…

სახლი მიტოვებული არ იყო, რადგან თითქმის ყველა საჭირო ნივთს ნახავდით… ავეჯს, ჭურჭელს და სხვა… როგორც ჩანს, ამ სახლს რაღაც გარკვეული მიზნებისთვის იყენებენ…

იმ ტიპმა, სამზარეულოს გავლით, კიბესთან მიმიყვანა. მალე სანდროც წამოგვეწია. კიბეზე ერთად ავედით და ხის ძველებურ კართან შევჩერდით. სანდრომ კარი გააღო და ოთახში შევიდა. ტუმბოზე დადგმული ღამის ნათურა აანთო. ვერზილამ ხელით მიბიძგა და ოთახში შემაგდო.

_ მისმინე, აქ იქნები მოკლედ… ფანჯარა საიმედოდაა აჭედილი და ტყუილად თითებს ნუ დაიმტვრევ, თან მეორე სართულიდან ვერ ჩახტები… მე დილით დავბრუნდები… _ არ მოიწყინო! თუ იცელქებ, ეს ტიპები დაგსჯიან, მიმიხვდი?..

_ მიგიხვდი…

_ ჰოდა, შკაფში რაღაც ტანსაცმელია, თუ გინდა ნახე…

სანდრო ოთახში დატანებულ კართან მივიდა და გამოაღო.

_ ეს აბაზანაა, შეგიძლია იბანაო! პირსახოციც კიდია…

_ რითი დავიმსახურე ეს კომფორტი, სანდრო?.. _ ვკითხე გაკვირვებულმა. უცნაურად შემომხედა.

_ მე მგონი ფლიგელში ცოტა ზედმეტი მომივიდა… არ იყო საჭირო… გიყურებ და სულ უფრო ვრწმუნდები, რომ საკმაოდ ძლიერი ხარ! დარწმუნებული ვარ, რომ შენს გარდა, ვერცერთი ქალი ვერ გაუძლებდა იმას, რასაც შენ გაუძელი… სხვა, შენს ადგილზე, აუცილებლად იტყოდა სიმართლეს!

_ მე სიმართლეს ვამბობ! ყოველთვის სიმართლეს გეუბნებოდი… იმიტომაც გავძელი, რომ სათქმელი არაფერი მქონდა!

_ ან კიდევ, ძალიან კარგი წრთობა-გამოვლილი ჯაშუში ხარ, გამოძიებასთან თანამშრომლობ…

_ რა კარგი წარმოდგენა გაქვს ჩემზე…

_ ხვალ ვილაპარაკოთ! საღამომდე დრო გაქვს კიდევ, ბევრ ლოლიავს აღარ დაგიწყებ, ლუ… ამდენი დრო არ მაქვს! სიმართლეს თუ არ მომიყვები, ჩემი ბიჭები მოგკლავენ!

_ და სიმართლე რომ მოგიყვე, მაშინ რას მიზავენ?.. ისეთი სულელიც არ ვარ, დავიჯერო, რომ გამიშვებთ… მე უკვე ბევრი რაღაც ვიცი, ასე არ არის?..

_ სხვა გამოსავალიც მოიძებნება! თუ დამეხმარები და ჩემს მხარეზე გადმოხვალ… კარგი ახლა, _ დროს მაკარგვინებ! პალტო მომეცი…

იმ გოგოს პალტო გავიხადე და გადავუგდე. სანდრო ოთახიდან გავიდა და კარი გარედან გადაკეტა.

ყველაფერი მოვათვალიერე. კარადა გამოვაღე, ყოველი უჯრა გავჩხრიკე, მხოლოდ ტანსაცმელი იყო…

აბაზანაში შევედი. კედლებზე ძველი კაფელი იყო გაკრული. გაყვითლებული აბაზანაც კი ძველებური იყო… ისევე, როგორც სხვა ყველაფერი…

ონკანი გადავატრიალე. ჯერ ფხუკუნი დაიწყო, მერე თბილი წყალი წამოვიდა. არ მჯეროდა, _ ნუთუ ბანაობას შევძლებდი?…

სააბაზანოს კარი მივხურე. არც მას ჰქონდა საკეტი… ტანსაცმელი სწრაფად გავიხადე და აბაზანაში ჩავდექი. მხოლოდ საპონი იდო. თმაც საპნით დავიბანე. ბოლოს ტანი პირსახოცით გავიმშრალე და ოთახში დავბრუნდი. მიხაროდა, რომ ბანაობის დროს არ შემომივარდა არავინ.

ჩავიცვი და საწოლზე გადავწექი… ჭერს მივჩერებოდი. სახურავიდან ჩამოსულ წვიმის ლაქებს, უცნაური ფორმები ჰქონდა. დაბლიდან ყრუდ ტელევიზორის ხმა ამოდიოდა. როგორც ჩანს, ჩემი ორივე გუშაგი ტელევიზორს უყურებდა.

აჭედილ ფანჯარასთან მივედი. სანდრო მართალი იყო, ვერანაირი ძალებით ვერ გავაღებდი მას.

ცოტა ხნის მერე, ნაბიჯების ხმა გავიგე და კარში საკეტმა გაიჩხაკუნა. ჯერ ერთმა შემოყო თავი, საწოლში რომ დამინახა, კარი გამოაღო და თავის მეწყვილეს დაუთმო გზა, რომელსაც ხელში ლანგარი ეკავა. მან ლანგარი ტუმბოზე დამიდო და ისევ გავიდა.

ჩამკეტეს.

ლანგარზე ძეხვიანი ბუტერბროდი და ჭიქით რძე იდგა. საშინლად მშიოდა… ბუტერბროდი შევჭამე და მიუხედავად იმისა, რომ რძე არ მიყვარს, მაინც სიამოვნებით დავლიე…

გვიანობამდე არ დამეძინა. მეშინოდა, რომ ჩემს ოთახში არ შემოსულიყვნენ დაუპატიჟებელი სტუმრები. ვიწექი და გიოზე ვფიქრობდი… მაინტერესებდა გაიგო თუ არა ჩემი ამბავი… იქნებ, მეძებს კიდეც?.. რომ გაეგო, ალბათ პირველ რიგში ფლიგელს შეამოწმებდა…

დილამდე მაინც არ დავიძინე. საუზმე ამომიტანეს… როგორც იქნა, ყავას ვეღირსე… არ ვიცი რომელი საათი იყო, რომ დამეძინა.

ხმაურმა გამაღვიძა. თითქოს ვიღაცეები კამათობდნენ. საწოლიდან წამოვხტი და კარებს ყური მივადე. სანდროს ხმა ვიცანი, _ დაბრუნებულა. აშკარად განერვიულებული იყო…

_ რას წარმოვიდგენდი, თუ სახლში გამომეცხადებოდა? არც გამაფრთხილა, ისე ჩამოვიდა! ეგ მინდოდა ეხლა ტოო…

პატარა პაუზის მერე, გოგომ უპასუხა.

_ რას ჩამოეთრა მერე?.. გააბრუნე უკან!

_ ეგრევე ვერ ვეტყვი, რამე არ იეჭვოს… აშკარად ამის გამო ჩამოვიდა… არ მომიწყო დილით სიურპრიზი?.. მე მაგის…

_ კიდევ კარგი, ღამე არ ჩამოვიდა და არ დაგინახათ… კარგია, რომ არ დაელაპარაკე… მოიფიქრე კარგად, რა უნდა უთხრა რომ მიხვალ სახლში…

_ მამაჩემს ელაპარაკება ალბათ… მალე მოვბრუნდები მეთქი, ვუთხარი… სანამ არ თბილისში არ დაბრუნდება, იქამდე აქ ვეღარ გავეძრობი… ძაან სარისკოა!

_ ჰო…

_ შენი იმედი მაქვს მოკლედ, ანუშ! კონტაქტზე იყავი. დაგირეკავ ხოლმე… ესენიც აქ იქნებიან ჯერ-ჯერობით. საჭმელი მარტომ არ შეუტანო ოთახში, ყოველთვის გაიყოლე რომელიმე…

_ ნუ გეშინია! არაფერი შემეშლება… შენ ეგ შენი ადვოკატი მოიშორე მალე…

_ ჰო, რამეს მოვიფიქრებ… ეტყობა რაღაც იყნოსა, თორე დამირეკავდა და მეტყოდა, ჩამოვდივარო…

_ იქნებ არ უნდა აგეყვანა არავინ… ძალიან გარისკე…

_ აბა, როგორ გამეკონტროლებინა ვინ ჩამოდიოდა რეკლამის გადასაღებად? ხომ ხედავ, გულმა მიგრძნო… მაგის მოვალეობაც ეგ იყო, უნდა შემძვრალიყო კომპანიაში და ენახა შიდა სამზარეულო… თუ რამეს საეჭვოდ ჩათვლიდა, ჩემთვის უნდა ეთქვა! როგორც ჩანს, რაღაც გამოეპარა… ან, მაგანაც ღრმად ჩაყო ცხვირი… გამოცდილი ტიპი ჩანს და კაი სივიც ჰქონდა, მაგიტომ ავიყვანე ეგ!

_ მთავარია დაბნეულობა არ შეგამჩნიოს!

მეტი მნიშვნელოვანი აღარაფერი უთქვამთ, სანდრო წავიდა. გაოგნებული ვიდექი კართან და ადგილიდან დაძვრას ვერ ვახერხებდი… ხელი გულზე მივიდე და თავისით აღმომხდა:

_ ლაშა….

მოკავშირე (ეპიზოდი XXIV)

სანდრო ორი დღის განმავლობაში აღარ გამოჩენილა. მხოლოდ რამოდენიმეჯერ დაურეკა ანას მობილურზე. სამწუხაროდ არ მესმოდა რაზე ლაპარაკობდნენ, მხოლოდ ანას გაღიზიანებული ტონი გავარჩიე. აშკარად მობეზრდა აქ ყოფნა და ჩემითვის თვალყურის დევნება. ძალიან მინდოდა რომ დავლაპარაკებოდი, მაგრამ ოთახში მარტო არასოდეს შემოდიოდა. ყოველთვის თან ახლდა იმ ორი მცველიდან ერთ-ერთი. ვამჩნევდი, რომ მასაც უნდოდა ჩემთან ლაპარაკი, მაგრამ თავს იკავებდა… არ ვიცი, სანდროსი ეშინოდა თუ სიმართლის მოსმენის…

ამ ოთახში ყოფნა აღარ შემეძლო, ინფორმაციულ ვაკუუმში ვიყავი. ლაშა ასე ახლოს იყო ჩემთან… ალბათ მასაც მოუყვებოდნენ იმ წერილის შესახებ, რომელიც ვითომ მე დავწერე. მთავარია არ დაიჯეროს ეს სისულელე…

აქამდე თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ლაშა იძიებდა კვეზერელის საქმეს, ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ სანდროსთან ექნებოდა რაიმე კავშირი. როგორც ჩანს, სანდრომ აიყვანა ლაშა იმისთვის, რომ გაეკონტროლებინა სიტუაცია… ე.ი. მან თავიდანვე იცოდა, რომელი სარეკლამო კომპანიის დაქირავებასაც აპირებდა “თეთრი არწივი” რეკლამის გადასაღებად. ალბათ იმ არასრულწლოვანთან დაკავშირებული ამბების შესახებაც იცოდა და თადარიგი დაიჭირა, იქამდე შემოაგზავნა “თავისი კაცი” ჩვენს კომპანიაში, სანამ “თეთრი არწივი” რეკლამას დაგვიკვეთავდა.

როგორც ვხვდები, ლაშას მხოლოდ ეს კონკრეტული დავალება ჰქონდა მიცემული. მახსოვს, როგორ გაუკვირდა, როდესაც ჩემი თხოვნით კვეზერელის საქმე ამოქექა. ალბათ მაშინ დაეჭვდა, იმიტომაც იყო ამ რეკლამის გადაღების წინააღმდეგი და არც ჩემი გაშვება უნდოდა იტალიაში…

დილით, ანა მარტო შემოვიდა ჩემს ოთახში და საუზმე შემომიტანა. ამჯერად, ეგრევე აღარ გაბრუნებულა, კართან შეყოვნდა. თითქოს ვერ გადაეწყვიტა დამლაპარაკებოდა თუ არა.

_ შენ იცი ხო, ვინც ვარ? _ მკითხა როგორც იქნა და კარადას ზურგით მიეყუდა.

_ კი, ვიცი! ნაბიჭვარი დამნაშავეს მოკავშირე ხარ!

შეცბა. აშკარად არ ელოდა ასეთ პასუხს.

_ ძალიან მიკვირს, რა საერთო გაქვს მაგ მკვლელთან…

_ სანდრო არ არის მკვლელი…

_ არც ბევრი უკლია… კაცი, რომელიც უდანაშაულო გოგოს გააუპატიურებს და ცხოველივით გამოამწყვდევს საშინელ პირობებში, ის არც მკვლელობაზე დაიხევს უკან…

ისე ავღელდი, რომ ბოლო სიტყვები ძლივს ამოვთქვი. ანას შევხედე, _ გაოგნებული მიყურებდა. მივხვდი, რომ გაუპატიურების ამბავი არ იცოდა.

_ რა გაუპატიურებაზე ლაპარაკობ?

_ არ მოგიყვა შენმა მეგობარმა?.. საინტერესოა, ნეტა რატომ დაგიმალა…

_ იტყუები! სანდრო ამას არ იზამდა!

_ რატომ არ იზამდა?

_ უბრალოდ, არ გააკეთებდა ამას…

_ კითხე! დაურეკე და კითხე… ან, ჩადი ფლიგელში და ჩემი დახეული ტანსაცმელი ნახე, შენს ჩამოყვანამდე რომ გამომაცვლევინა… მოაყოლე, როგორ გამაუპატიურა იმ საშინელ რკინის მაგიდაზე, რომელზეც მერე წოლა და ძილი მიწევდა… _ წარმოგიდგენია მაინც, რა საშინელებაა?

ნერვიულობისაგან კანკალი ამიტყდა. ანა გაუბედავად მოუახლოვდა საწოლს და კიდეზე ფრთხილად ჩამოჯდა.

_ რითი შეგიძლია დაამტკიცო?

_ ჩემი დახეული ტანსაცმელი ნახე-მეთქი, თუ არ დაწვა აქამდე… თუ გინდა გავიხდი და ჩემს დალურჯებულ სხეულს გაჩვენებ! მხარი ახლაც კი მტკივა… კინაღამ მკლავი ამომიგდო…

ჯემპრის გახდა დავაპირე, მაგრამ შემაჩერა.

_ არ გინდა, მჯერა…

მთხრა შეძრწუნებული სახით.

_ ეტყობა კონტროლი დაკარგა… რა კოშმარია…

_ რა უნდა ჩემგან? _ შენ მაინც მითხარი…

_ გამოძიებასთან თანამშრომლობ? _ მკითხა გაუბედავი ტონით.

_ არა! მე არავისთან არ ვთანამშრომლობ… ჩვეულებრივი ფოტოგრაფი ვარ! ვერ წარმოიდგენ, როგორ ვნანობ, იმ ფლიგელში რომ ჩავედი… რატომღაც ძალიან მიზიდავს ეგეთი უცნაური ადგილები… მეც არ ვიცი, რატომ! ვერ მოვითმინე და ჩავედი…

_ სანდროს რატომ არ უთხარი?..

_ იმიტომ, რომ მასთან ერთად იქ ჩასვლა, სექსის გარეშე არ გამოვიდოდა. რაც მათ სახლში ვარ, სულ ამაზე მიმანიშნებდა…

_ და მერე რატომ წაყევი, თუ სექსი არ გინდოდა?..

_ სულელი ვარ და იმიტომ! მითხრა, ფლიგელს დაგათვალიერებინებ და დავბრუნდებითო… უნახავი კი არ ვარ, რომ გეცეო და მეც დავუჯერე… მერე, რაღაც კოდის შესახებ მკითხა, წერილი ამოიღო ჯიბიდან, რომელიც ვითომ ჩემს ჩანთაში იპოვა… აღიარებას მთხოვდა. _ რა უნდა მეთქვა, რაც არ ვიცოდი? შენ მითხარი, რისთვის შევინახავდი ასეთ წერილს და რატომ ჩავიგდებდი თავს საფრთხეში, ჯაშუში რომ ვიყო? ნუთუ, ჯაშუშებს მეტი ტვინი არა აქვთ?..

ანა დაფიქრდა. შევატყე, რომ ვერ გადაეწყვიტა, დაეჯერა თუ არა ჩემთვის…

_ ახლა აზრი აღარ აქვს, დამნაშავე ვარ თუ არა… ნებისმიერ ვარიანტში დამთავრებულია ჩემი საქმე… თქვენ მე აღარ გამიშვებთ…

ანა ფეხზე წამოდგა და კარისკენ გადადგა ნაბიჯი.

_ შენ შეძლებ გააგრძელო ცხოვრება, როდესაც გეცოდინება, რომ უდანაშაულო ადამიანის სიკვდილში მიგიძღვის ბრალი?

ჩემკენ ზურგით იდგა, მაგრამ მაინც შევამჩნიე, როგორ ანერვიულდა. სახეზე ხელები აიფარა, მერე ფანჯარასთან მივიდა და ჩაილაპარაკა.

_ საშინელებაა ამ შეგრძნებით ცხოვრება… ეს ნამდვილი სასჯელია…

მივხვდი, რომ გიორგის გულისხმობდა. იმასაც მივხვდი, რომ არ იცოდა, ცოცხალი რომ იყო. მიზანთან სულ უფრო და უფრო ახლოს ვიყავი. ცოტაც და შეიძლება დახმარებაზე დამეთანხმებინა.

_ ანა, დამეხმარები?..

ვკითხე და საწოლიდან წამოვდექი. ჩემკენ შემობრუნდა. თვალები ცრემლიანი ჰქონდა.

_ სამწუხაროდ….

ფრაზის დამთავრება ვეღარ შეძლო, ხმა აუკანკალდა. მასთან მივედი და ხელები მოვკიდე.

_ მითხარი, რატომ ეხმარები სანდროს?..

შემომხედა. მერე, ხელები გამაშვებინა და ისევ საწოლზე ჩამოჯდა.

_ უბრალოდ, სანდრომ ძალიან ბევრი რამ გამიკეთა. მის გაცნობამდე არავინ არ ვიყავი, გესმის? სანდრომ ჭაობიდან ამომათრია… შეიძლება ბევრი რამე შეეშალა, მაგრამ ღრმად, გულში კარგი ადამიანია!

_ ვერ წარმომიდგენია…

_ მე რუსეთში ვცხოვრობდი. დედა მყავდა რუსი, მამა ქართველი. დაქორწინებულები არ იყვნენ, ისე გამაჩინა დედამ. მამამ გვარი მომცა და ოთხი წლის რომ გავხდი, თბილისში წამომიყვანა. მეშვიდე კლასამდე მასთან ვცხოვრობდი. მერე, ინფარქტით გარდაიცვალა და დედასთან, მოსკოვში დამაბრუნეს. ჩემი აღზრდით თავი არ მოუკლავს, ბებია მივლიდა. სკოლაც ძლივს დავამთავრე. დედაჩემი სულ სვამდა, გაუბედურებული იყო მოკლედ… დაიკარგებოდა ხოლმე კვირაობით… მე სწავლა ვეღარ გავაგრძელე. ფაქტიურად, სულ გარეთ ვიყავი… გახსენებაც არ მინდა იმ პერიოდის, საშინელება იყო!

_ სანდრო იქ გაიცანი?

_ ჰო, შემთხვევით… ბარში გავიცანი. იქ ვმუშაობდი მიმტანად. ტელეფონზე ელაპარაკებოდა ვიღაცას ქართულად და გამოველაპარაკე… რაღაცნაირად გამიხარდა, ქართველი რომ აღმოჩნდა. ჩემი ცვლა რომ დამთავრდა, სასმელზე დამპატიჟა. მეც არ ვიცი რა დამემართა, ყველაფერი მოვუყევი… ვტიროდი თან…

_ აქ მაგან წამოგიყვანა?

_ კი… ახალი პასპორტი გამიკეთა, სამოდელო სააგენტოსთან დამაკავშირა. ფაქტიურად, რასაც ახლა წარმოვადგენ, მაგის დამსახურებაა…

დავფიქრდი. ვერ გადამეწყვიტა მეხსენებინა თუ არა ანა იაშვილი…

_ ეს ყველაფერი ძალიან კარგად მესმის, მაგრამ შენ არ ხარ ვალდებული ცუდ საქმეებში გაერიო…

_ უკვე დიდი ხანია ვმეგობრობთ და მენდობა…

_ გიორგი კვეზერელის გატაცება მასთან რაიმე კავშირშია?

გიოს სახელის ხსენებაზე ისევ აღელდა.

_ რატომ მეკითხები?

_ თვითონ მკითხა, დავითის მოგზავნილი ხარო?.. რატო მკითხავდა აბა…

_ მე ვერაფერს გეტყვი ამაზე… მხოლოდ ის ვიცი, რომ სანდროს გიორგის მოკვლა არასოდეს გაუვლია გულში… ის, უბედური შემთხვევა იყო…

_ პირველად შემოგხედე თუ არა, ძალიან მეცნო შენი სახე… აქ რომ წამომიყვანეთ, სულ ვფიქრობდი, საიდან მეცნობოდი… მერე გამახსენდა გაზეთში ნანახი ერთი სტატია…

ანა დაიძაბა და კარისკენ გაიხედა.

_ იქ სურათი ვნახე, სადაც სანდრო, გიორგი და გიორგის საცოლის ფოტო იყო დაბეჭდილი… მივხვდი, რომ იმ გოგოს მაგონებ ძალიან…

ანას ჩემთვის აღარ შემოუხედავს, კარისკენ წავიდა.

_ შენ ანა იაშვილი ხარ?

ვკითხე და მეც მისკენ წავედი. შეჩერდა. ისევ არ შემობრუნებულა, ისე ჩაილაპარაკა…

_ არა, რა სისულელეა…

მერე უცებ შემოტრიალდა და პირველად მომმართა სახელით.

_ ლუ, რაც ნაკლებ კითხვებს დასვამ, მით უკეთესი იქნება შენთვის…

_ უკვე გითხარი, შენი მეგობარი აქედან ცოცხალს აღარ გამიშვებს-მეთქი! ეს შენც ძალიან კარგად იცი… ამიტომ, მნიშვნელობა აღარ აქვს იმას, სიმართლე მეცოდინება თუ არა…

_ რა გეცოდინება და რა არა, ეგ ჩემი გადასაწყვეტი არ არის… შენთვის ცუდი ნამდვილად არ მინდა, მაგრამ აქ გაჩერებაც აღარ შემიძლია… მე მივდივარ და სანდრო მოგხედავს ალბათ… იმ ორი ტიპის ნუ შეგეშინდება, არაფერს დაგიშავებენ…

მიპასუხა და კარი გამოაღო. მივხვდი, რომ უკანასკნელ შანსს ვკარგავდი… მეც არ ვიცი, რა დამემართა, უცებ, თითქოს გაუცნობიერებლად წარმოვთქვი სიტყვები…

_ რა შეიცვლება შენთვის, თუ გეტყვი, რომ გიორგი კვეზერელი ცოცხალია?

თითქოს მდუღარე გადაასხეს, ადგილზევე გაქვავდა. რამოდენიმე წამის განმავლობაში ასე იდგა, ალბათ ჩემი ნათქვამის გაანალიზებას ცდილობდა. მერე შემობრუნდა და გაბრაზებული ტონით მითხრა.

_ სპეციალურად იქცევი ასე, ხომ? გაქცევა გინდა და აღარ იცი რა მოიგონო…. მსხვერპლის როლს თამაშობ, სინამდვილეში ძალიან ეშმაკი ხარ!.. მაგრამ, ეს ზედმეტი იყო… გიორგი ცოცხალი რომ იყოს, აქამდე გამოჩნდებოდა… გიორგი მკვდარია! და მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს…

_ გიორგი მკვდარია, ისევე როგორც შენ!

ვუპასუხე და თვალებში შევხედე.

_ გამოძიებასთან თანამშრომლობ!.. უკვე ეჭვი აღარ მეპარება…

_ აღარც მე მეპარება ეჭვი იმაში, რომ ანა იაშვილი ხარ! და თუ თავს დამნაშავედ გრძნობ გიორგის სიკვდილის გამო, მაშინ დამეხმარები, ვიცი…

_ გიორგი მაშინ მოკვდა, როცა მე გამოვყავდი… ფარდულში ველოდებოდი, როდესაც მოულოდნელად ცეცხლი გაჩნდა. მე დაბმული აღარ ვიყავი და ფარდულში გადაადგილება შემეძლო… ცეცხლს ვერიდებოდი, მაგრამ კვამლის გამო გონება დავკარგე… ბუნდოვნად, მაგრამ მაინც დავინახე როგორ შემოვიდა გიო და ხელში ამიყვანა… მახსოვს, გასასვლელისკენ რომ მივყავდი… მიწაზე დამაწვინა და უკან შებრუნდა, ალბათ იმ ეგვიპტელის გამოყვანაც უნდოდა, მაგრამ ჭერი ჩამოინგრა… მერე მეც გავითიშე…

_ დარწმუნებული ხარ, რომ გიორგის გამოყავდი? სახე დაინახე?

ანა გაშეშებული იდგა და სადღაც უსასრულობაში იყურებოდა.

_ სახე არ დამინახავს, რადგან რაღაც ჰქონდა აფარებული, მაგრამ ის იყო! ჩონჩხთან ერთად ის დანა იპოვეს, რომელიც იმ ეგვიპტელს წაართვა…

_ მერე რა, ხომ შეიძლება იმ ეგვიპტელებს ერთნაირი დანები ჰქონოდათ?

_ იმათ წაუკიდეს ცეცხლი ფარდულს და რაღატომ გადამარჩენდნენ? _ არალოგიკურია…

_ მე არ ვიცი იქ რა მოხდა, მხოლოდ ის ვიცი, რომ გიორგიმ ეგვიპტელს დანა წაართვა, დააბა, შენ ფარდულში დაგტოვა და მანქანის მოსაყვანად წავიდა… მერე, მოვიდნენ თქვენი გამტაცებლები და ცეცხლი წაუკიდეს ფარდულს. გიორგი გამოიქცა, რომ დაგხმარებოდა, მაგრამ თავში რაღაც ჩაარტყეს და საბარგულში ჩატენეს…

_ შენ საიდან იცი ეს ყველაფერი?

ანა შოკირებული იყო.

_ თვითონ მომიყვა…

_ დამიმტკიცე!..

_ ის დანა ისევ მას აქვს… ზედ უცნაური ნიშნებია ამოტვიფრული… ტარზე ნახევარი მთვარეა გამოსახული…

ანა საწოლზე მოწყვეტით დაეშვა. რეაქციაზე ეტყობოდა, რომ დამიჯერა.

_ კი მაგრამ, თვითონ რატომ არ დამიკავშირდა აქამდე?…

_ იმიტომ რომ სანდროს მოკავშირე ხარ… იცის, რომ ეგვიპტეში სპეციალურად წაიყვანე…

_ ღმერთო ჩემო!..

წამოიძახა და სახეზე ხელები აიფარა.

_ წესით, არაფერი არ უნდა მომხდარიყო… ჩვენი მოკვლის გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღეს… შეეშინდათ…

_ ახლა დამეხმარები?

ვკითხე ისევ და მის გვერდით დავჯექი.

_ სად არის ახლა? _ შემომხედა და ცრემლები მოიწმინდა.

_ არ ვიცი, ალბათ საქართველოში… მისმინე, შენგან არაფერი არ მინდა, მხოლოდ გამიშვი… ვითომ კარი დაგრჩა ღია და გავიპარები… შენ მხოლოდ ის ორი გაართე რამენაირად…

ანა ფეხზე წამოდგა. ცოტა ხანი ოთახში დადიოდა და ფიქრობდა. ეტყობა აზრებისთვის თავის მოყრა უჭირდა.

_ სანდროს საკმარისად დაეხმარე და ხედავ კიდეც, რა შედეგამდე მიხვედით…

_თუ ცოცხალია, რატომ იმალება?… რატომ არ განაცხადა პოლიციაში? _ მკითხა ანამ და საწოლის კიდეს დაეყრდნო ხელებით.

_ ეგ მეც არ ვიცი… მხოლოდ ის ვიცი, რომ დამამტკიცებელი საბუთები სჭირდება…

_ ფლეშკა… _ წამოიძახა უცებ. _ ფლეშკა, ფლეშკა სჭირდება იმ სეიფიდან… შენც იმიტომ ჩახვედი…

_ სამწუხაროდ მე ვერ დავეხმარე, მაგრამ შენ შეგიძლია…

ვუყურებდი ანას და ვფიქრობდი, რამხელა რისკზე წავედი… ინტუიციურად ვგრძნობდი, რომ ჩემი ნათქვამი მასზე ძალიან იმოქმედებდა.

რამოდენიმე წუთის განმავლობაში გაშტერებული იდგა, მერე უცებ მოწყდა ადგილს და ოთახიდან გავარდა. ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, კარი გადამიკეტა. თავზარდაცემული კარს მივვარდი და მუშტებით ბრახუნი ავტეხე… ვეძახდი, მაგრამ აღარ გამოჩენილა.

სასოწარკვეთილი იატაკზე ჩავიკეცე. ნუთუ, ისევ არასწორი სვლა გავაკეთე?.. ისევ შევცდი?.. სად გაიქცა ნეტა… თუ სანდროს მოუყვება ყველაფერს, მაშინ ჩემი ხელით მოვიკლავ თავს. ამჯერად ყველაზე მნიშვნელოვანი ფსონი დავდე, წაგება თამაშის დასასრული იქნება… ვეღარაფერს შევცვლი, ვეღარ გამოვასწორებ შეცდომას. მეც გამაქრობენ და ადრე თუ გვიან, გიოსაც იპოვნიან…

ცოტა ხნის მერე, ეზოში მანქანის დაქოქვის ხმა გაისმა. ვიღაც წავიდა. ალბათ ანა… უკანასკნელი იმედი მომიკვდა გულში.

ცოტა ხანში, კიბეებზე ნაბიჯების ხმა გავიგე. კარს ვიღაც მოუახლოვდა. ფეხზე ავდექი და ოდნავ უკან დავიხიე. საკეტმა გაიჩხაკუნა და კარი გაიღო, _ ანა იყო.

_ საყიდლებზე გავაგზავნე… ცოტა დრო გვაქვს! წამომყევი! _ მითხრა ჩუმად და კიბისკენ წავიდა. სიხარულისაგან კინაღამ გული გამიჩერდა. უკან გავყევი.

გარეთ ბნელოდა. ანას მანქანა ეზოში იდგა. მე ინსტინქტურად მანქანისკენ გადავდგი ნაბიჯი, მაგრამ შემაჩერა.

_ მანქანით ვერ წავალთ! ავტობუსების გაჩერებამდე ფეხით მოგვიწევს სიარული…

_ როგორც იტყვი! _ ვუთხარი და ჟაკეტის ღილები შევიკარი, ციოდა.

გაჩერებამდე ფეხით ვიარეთ. გზიდან საკმაოდ მოშორებით, ძირითადად ეზო-ეზო გადავადგილდებოდით. როგორც იქნა გაჩერებამდეც მივაღწიეთ და პირველივე ავტობუსში ავედით. მთელი გზა ხმა არც ერთს არ ამოგვიღია. ანა ფანჯარაში იყურებოდა.

სადღაც ჩამოვედით და გზა ფეხით გავარძელეთ.

_ იცი სად მივდივართ? _ ვკითხე ანას.

_ აქ ერთი პატარა სასტუმროა. დროებით მანდ გავჩერდებით! შენ საბუთები არა გაქვს, ხო?

_ არა…

_ მე ავიღებ ნომერს, შენ ცოტა ხანი გარეთ დამელოდე. საბუთების გარეშე არ შემოგიშვებენ!

სასტუმრო მალე გამოჩნდა, _ ALBEღGO “ჩEძAღI” ეწერა. პატარა სასტუმრო იყო, ორსართულიანი. ანა შიგნით შევიდა, მე გარეთ, სკამზე ჩამოვჯექი. კარგა ხანს მომიწია ლოდინი. როგორც იქნა ანაც გამოვიდა და ხელი დამიქნია. ჯერ სასტუმროს ბარში შევედით, ცოტა ხანი დავყავით, მერე კიბეები ავიარეთ და მეორე სართულის კორიდორში მოვხვდით. არავის არ დავუნახივართ.

ჩვენს ნომრამდე მშვიდობით მივაღწიეთ. პატარა ნომერი იყო… ანამ კარი რომ ჩაკეტა, მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქეთ…

_ მადლობა ყველაფრისთვის… ვიცოდი, რომ დამეხმარებოდი!

_ თუ აღმოჩნდა, რომ გიო არ არის ცოცხალი და მატყუებ, მაშინ სანდროს აღარ დაველოდები, ჩემი ხელით მოგკლავ!

_ ეგ არ დაგჭირდება!.. ახლა რას აპირებ?.. გაქვს რამე გეგმა?

ფანჯარასთან მივედი და “ჟალუზები” დავხურე.

_ იმ ადვოკატის მობილური იცი?

ეფექტი (ეპიზოდი XXV)

ანამ ნომერში დამტოვა და ქვემოთ ჩავიდა, ლაშასთვის რომ დაერეკა. თავისი მობილური სპეციალურად არ წამოიღო, ჩვენი ადგილმდებარეობა რომ არ დაედგინათ. მოუსვენრად ვიყავი. ნომერში ადგილს ვერ ვპოულობდი. რა უცნაურად განვითარდა მოვლენები… ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ სწორედ გიორგის საცოლე გახდებოდა ჩემი მოკავშირე. ახლა პირველად დავფიქრდი, რას იზავს გიო, როცა გაიგებს რომ ანა ცოცხალია… და როცა გაიგებს, რომ ჩემი ეჭვი არ გავუმხილე…

უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა. ვფიქრობ, რომ ანა არ უნდა იყოს გულგრილი გიოს მიმართ… მართალია, თავს დამნაშავედ გრძნობს და სინდისი ქენჯნის, მაგრამ მხოლოდ ამის გამო არ მგონია ჩემი დახმარება გადაეწყვიტა. ვიცი რომ ძალიან გაუჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა. როგორც მითხრა, სანდრომ მას ბევრი კარგი გაუკეთა… მისი საქციელი კი ფაქტიურად ღალატის ტოლფასია და ეს მან მშვენივრად იცის.

ფანჯარასთან მივედი და ფრთხილად გავიხედე. სასტუმროს წინ, ბენზინგასამართი სადგური იდგა. ქუჩა ცარიელი იყო. ანამ გზა გადაკვეთა და ტელეფონის ჯიხურისკენ გაემართა, რომელიც ქუჩის მოპირდაპირე მხარეს იდგა.

ასე მგონია, დასასრულს ვუახლოვდები. ოღონდ არ ვიცი, დასასრული კარგი იქნება თუ ცუდი… მთავარია ლაშაზე ადრე სანდრომ არ გვიპოვოს. ლაშა ნამდვილად მოიფიქრებს რამეს, ამის იმედი მაქვს…

ანა ჯიხურიდან მალევე გამოვიდა და სხვა მიმართულებით წავიდა. დავიძაბე. იქნებ ლაშას ჩემი ადგილმდებარეობა შეატყობინა და თვითონ გაქცევა გადაწყვიტა? ალბათ დაჭერის ეშინია… მოსახვევში თვალს მიეფარა და ვეღარ ვხედავდი. დაახლოებით 20 წუთში ისევ გამოჩნდა. უკან ბრუნდებოდა. ამჯერად სასტუმროს მიმართულებით წამოვიდა.

_ სად იყავი?… რა ქენი, დაუკავშირდი? _ მივაყარე კითხვები შემოსვლისთანავე და პასუხის მოლოდინში გული ამიჩქარდა.

_ ველაპარაკე… პირდაპირ ვერაფერი ვერ ვუთხარი, შემეშინდა. მივახვედრე, რომ საქმე შენ გეხება. ვუთხარი, ქალაქ რეგგიო Eმილია-ში ჩამოდი რაც შეიძლება სწრაფად, ოღონდ დარწმუნდი, რომ არავინ გამოგყვეს მეთქი… ალბათ მატარებლით წამოვა და დილით აქ იქნება! ბანკომატთანაც წავედი. ჩემი ანგარიშიდან ფული მთლიანად მოვხსენი, რომ არ დამიბლოკონ… ლუ, ლაშას მოსვლამდე უნდა წავიდე. მეშინია, პოლიცია არ მოიყვანოს. მანამდე ყველაფერს მოგიყვები, რაც ვიცი… არ მინდა პოლიციასთან გამოჩენა, ალბათ დამიჭერენ, როგორც გატაცების თანამონაწილეს…

_ მესმის…

ანამ ქურთუკი გაიხადა და სკამზე მიაგდო.

_ ვიცი, რომ განიცდი… ძალიან ვაფასებ რაც გააკეთე ანა! ამხელა რისკზე წახვედი…

_ გარისკვის არ მეშინია! უარესებიც გამიკეთებია… უბრალოდ, სანდროზე ვფიქრობ… ყველაფერი რომ დამთავრდება, დაიჭერენ…

_ შენ ფიქრობ, რომ არ დაიმსახურა?..

ანა საწოლზე ჩამოჯდა.

_ ფანჯარას მოშორდი! ლუ, შენ სანდროზე არაფერი არ იცი… ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ასე დავუახლოვდით ერთმანეთს, ჩვენი წარსულია… ჩემი ისტორია უკვე მოგიყევი, არ მქონდა ტკბილი ცხოვრება… არც სანდროს ჰქონდა. რაღაცით ერთმანეთს ვგავართ… მიუხედავად ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა…

_ და სანდროს რა ჭირდა? როგორც ვიცი, არაფერი აკლდა და არც ახლა აკლია… _ ფანჯარას მოვცილდი და ანას გვერდით, საწოლზე ჩამოვჯექი.

_ სანდრო დედაზე ძალიან ყოფილა მიჯაჭვული ემოციურად. მამამისმა და დავითმა ხო ერთად დააარსეს ის კომპანია?..

_ ჰო…

_ ჰოდა, ერთხელ, თამაზი ჩამოვიდა აქ, იტალიაში. ერთ-ერთ სასმელების სადისტრიბუციო ფირმასთან მოსალაპარაკებლად. სასმელების ექსპორტი უნდოდათ. აქ რო ნახა სიტუაცია, გადაუბრუნდა რაღაც თავში და იტალიაში მოუნდა ბიზნესის აწყობა. დავითს უთხრა, გავყიდოთ ქარხანა და იტალიაში გავაკეთოთ სადისტრიბუციო ქსელიო… თან, ერთ ტიპს მოელაპარაკა, ქალაქ ანდრია –ში ვენახების შესყიდვაზე…

_ დავითმა უარი უთხრა ალბათ…

_ უარი უთხრა! ეს მაინც წამოვიდა. რაღაცნაირი კაცია… რასაც იტყვის, უნდა გააკეთოს. თავისი წილი შესთავაზა დავითს, მოგყიდიო, მაგრამ არც ამაზე დათანხმდა ის… მოკლედ, დაეძაბათ სიტუაცია. რაღაცეები ვერ გაიყვეს… თამაზმა სახლი გაყიდა და კომპანიის შემოსავლებიდანაც აიღო თავისი წილი… ჩამოვიდა ნეაპოლში, კომპანიონი გამონახა და გააკეთა ის სადისტრიბუციო ქსელი, რაც ეხლა აქვს.

_ მერე?

_ მერე, წამოიყვანა ცოლ-შვილიც. “თეთრი არწივის” შემოსავლებიდან ისევ ნახევარს იღებდა. ის ახალი კომპანიონი, ფრანჩესკო არ აღმოჩნდა პატიოსანი კაცი… სიცილიელ კრიმინალებს გაურიგდა და ამათი ქსელის საშუალებით კოკაინის საკმაოდ დიდი პარტია შემოაპარა… თამაზმა ეს შემთხვევით გაიგო. ფრანჩესკომ გააფრთხილა, პოლიცია არ გარიო, ძალიან საშიში ხალხიაო. უთხრა, რომ დიდ ფულს იხდიდნენ და ამასაც შესთავაზა მოკლედ… შუაზე გავიყოთო, მაგრამ თამაზი მაინც დაუკავშირდა პოლიციას. ფრანჩესკო დაიჭირეს და ნარკოტიკები ამოიღეს…

_ ის კრიმინალები არ დაიჭირეს?.. ფრანჩესკოსგან ხომ გაიგებდნენ მათ სახელებს…

_ რას გაიგებდნენ… ეგენი, სიცილიის პალერმოს მაფიის წევრები არიან. ძალიან დიდი ხანია უკვე, რაც იტალიის პოლიცია დასდევს, მაგრამ ვერ იჭერენ. მაგ ბანდას, ეგრეთწოდებული “კოზა ნოსტრას” აღდგენა უნდა. ხომ წარმოგიდგენია, რაზე არიან წამსვლელები?.. ფრანჩესკოს რომც სცოდნოდა მათი ნამდვილი სახელები ან ადგილმდებარეობა, შიშით როგორ იტყოდა?.. “კოზა ნოსტრას” ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოსთან თანამშრომლობაზე რომ დათანხმდა, არ გაგიგია მის შვილს რა უქნეს?

_ არა…

_ გაიტაცეს და თითქმის ორი წლის განმავლობაში ჩაკეტილი ჰყავდათ. ჯუზეპე დი მატეო… აწამებდნენ, ბოლოს მოკლეს და ცხედარი მჟავათი სავსე ავზში ჩააგდეს… 13 წლის იყო, ლუ…

_ რა საშინელებაა!

_ 15 წელი ეძებდნენ მაგის გამკეთებელს და ძლივს დაიჭირეს. ბერნარდო პროვენცანო არ გაგიგია? ეგეც 40 წლის განმავლობაში ემალებოდა პოლიციას, რამოდენიმე წლის წინ ეგეც დაიჭირეს. ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში კიდე, მაფიის 3500-მდე წევრი დააკავეს. ახლა ამათ ეძებენ… ეს ბანდა, ნარკოტიკების და იარაღის უკანონოდ ტრანსპორტირებით არის დაკავებული. გარდა მაგისა, ადამიანების გატაცებით, მკვლელობებით, ფულის გამოძალვით და ფინანსური მაქინაციებითაც…

_ სანდრო მაგათთან მოხვდა, ხო?

_ ფრანჩესკო რო დაიჭირეს, თამაზის დაუკავშირდნენ და ზარალის ანაზღაურება მოსთხოვეს. ის ნარკოტიკის პარტია ხო პოლიციამ ამოიღო… თამაზმა უარი უთხრა ფულის გადახდაზე. ისინი ადგნენ და საცოდავი ნანა გაიტაცეს…

_ ვინ?

_ თამაზის ცოლი… გამოსასყიდს სთხოვდნენ. გააფრთხილეს, რომ პოლიცია არ ჩაერია, მაგრამ არ დაუჯერა… პოლიციას შეატყობინა.

_ ფლიგელში რომ ვიყავით, სანდრომ დედამისი ახსენა… იმათ მოკლეს, ხო?..

_ ჰო, იმათ მოუკლეს და მერე შვილის მოკვლითაც დაემუქრნენ. ამჯერად მოლაპარაკებაზე წავიდა თამაზი და უკვე რამდენი წელია, ფულს ურიცხავს ყოველ თვე, ეშინია. გარდა მაგისა, პერიოდულად აიძულებდნენ არალეგალურად გაეშვა ბრუნვაში სასმელები. სანდრომ არაფერი არ იცოდა. ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა დარღვევები კომპანიაში და ანგარიშები შეამოწმა. ნახა, რომ სერიოზული თანხა ირიცხებოდა ვინმე ჯუზეპე ალოსოს ანგარიშზე. მამამისს მოსთხოვა პასუხი, თამაზმაც ვეღარ დაუმალა და უთხრა რაშიც იყო საქმე… ხომ წარმოგიდგენია რა დაემართებოდა სანდროს?.. გაგიჟდა… თამაზი დედამისის სიკვდილში დაადანაშაულა, რო გადაგეხადა ფული, ახლა ცოცხალი იქნებოდაო…

_ მერე?..

_ მამამისმა გაარტყა… ეს სახლიდან წამოვიდა. თავისი ანგარიშიდან მოხსნა მთელი ფული, რომ პლასტიკური ბარათი არ გამოეყენებინა ან თამაზის არ დაებლოკა… სიცილიაში გადავიდა. თამაზი ეძებდა კარგა ხანს… სანდრომ მოძებნა ის ჯუზეპე ალოსო, ვის სახელზეც ირიცხებოდა თანხა. აღმოჩნდა, რომ ეგ ტიპი ყალბ პასპორტებზე მუშაობს. კიდევ, ისიც გაიგო, რომ ერთ კაზინოში დადიოდა სათამაშოდ და თვითონაც იქ წავიდა.

_ გიომ მითხრა, რომ სანდრო ერთი პერიოდი თამაშობდა, საეჭვო ხალხს დაუკავშირდა და ნარკოტიკების მოხმარებაც დაიწყოო…

_ თავიდან, პოკერის თამაში დაიწყო ფულზე და ეგრე გაიცნო ის ტიპი. რამოდენიმეჯერ, ნარკოტიკიც შესთავაზა. ნელ-ნელა დაუახლოვდა. სხვა სახელით გაეცნო და როცა ნახა, რომ ჯუზეპე კარგად განეწყო მის მიმართ, უთხრა, რომ არალეგალურად იყო შემოპარული იტალიაში და სასწრაფოდ ყალბი პასპორტი სჭირდებოდა. ჯუზეპემ გაუკეთა პასპორტი, მერე ამან სამუშაოც სთხოვა… ფული მჭირდებაო. იმანაც დაასაქმა რაღაც წვრილმან საქმეებში.

_ ფლეშკით მაგ ტიპს მოპარა ის რაღაც კომპრომატები?

_ მანამდე, ერთმა ნარკო-დილერმა ჩაუშვა. იცნო და თქვა, ვისი შვილიც იყო… ეგრევე დაიჭირეს.

_ და როგორ დაიძვრინა თავი?

_ რა დაიძვრინა, ორი მილიონი მოსთხოვეს… ფულის მოსაგროვებლად ვადა მისცეს.

_ და გიოს გატაცება მოიფიქრა?

_ მაშინვე არა! მაგ დროს, თამაზიმ გაიგო რომ სანდრო სიცილიაში იყო და კაზინოში დადიოდა. გიოს დაურეკა და ჩამოსვლა სთხოვა. იქნებ შენ მაინც დაგიჯეროს და სახლში დაბრუნდესო…

_ ჰო, ეგეც მახსოვს…

_ გიო ჩავიდა სიცილიაში, სანდროსთან. ისიც მოუყვა ყველაფერს… გიო აწვებოდა, რომ პოლიციაში წაეყვანა, მაგრამ ვერ დაითანხმა. მხოლოდ ჯუზეპეს გაცემა შეეძლო სანდროს, დანარჩენების შესახებ არაფერი იცოდა. ეს ჯუზეპეც იმათი ერთ-ერთი ხელქვეითი იყო რა, ბევრ არაფერს წარმოადგენდა. თანაც, ჯუზეპეს თუ დაიჭერდნენ, სანდროს დაჭერაც მოუწევდათ, იმიტომ რომ გარკვეული პერიოდი მუშაობდა მასთან და რამოდენიმე სერიოზული დანაშაულის მონაწილე გახდა. გიო ერთი-ორჯერ გაყვა კიდეც სანდროს იმ ჯუზეპესთან. მის თანამშრომლობაზე დათანხმებას შეეცადნენ, მაგრამ უარი მიიღეს, ვერ გარისკა. სანდრომ უთხრა, რომ იმ ორ მილიონს პირადად მას გადაუხდიდა, თუ ისეთ ინფორმაციას მისცემდა, რაც ბანდის მთავარი წევრების დაჭერაში დაეხმარებოდა. ჯუზეპემ მოსაფიქრებლად რამოდენიმე დღე ითხოვა. სანდრომ ფული გიოს სთხოვა, მაგრამ გიომ რომ გაიგო, რასაც აპირებდა, კატეგორიული უარი უთხრა. ისევ თავისას აწვებოდა, რომ პოლიციისთვის მიემართათ. ბოლოს იჩხუბეს მაგრად და გიო დაბრუნდა თბილისში…

_ და საქმეში შენ ჩაერთე, ხო?

_ სამწუხაროდ…

_ სად იყავი ამ დროს, როცა ეს ამბები ხდებოდა?

_ თბილისში… სანდრომ მოსკოვიდან ჯერ საქართველოში ჩამომიყვანა. გიო იქ გავიცანი… მიუხედავად იმისა, რომ სანდრომ ჩემი ცხოვრება შეცვალა, მის მიმართ ისეთი ლტოლვა არ მქონია, როგორიც გიორგის შემთხვევაში… სანდროს უდიდეს პატივს ვცემდი და უზომოდ მადლიერი ვიყავი იმისთვის, რაც ჩემთვის გააკეთა, მაგრამ გიო გაცნობის წუთებიდანვე…

ანა გაჩუმდა და გადმომხედა. ალბათ სახეზე შემატყო, რასაც ვგრძნობდი.

_ შეგიყვარდა?..

_ არ მინდა ამაზე ლაპარაკი! _ გავაწყვეტინე სიტყვა და ფეხზე ავდექი.

_ იცი, სულ ვფიქრობ და ვერაფრით ამიხსნია, რატომ იმალება გიორგი… რა მიზეზი უნდა ქონდეს? იქნებ, ჰგონია, რომ მიზეზი აქვს… და სინამდვილეში არა აქვს…

_ ეგ როგორ?

_ იქნებ ვიღაც ცრუ ინფორმაციას აწვდის? იქნებ იმიტომ იმალება, რომ ჰგონია მოკლავენ?.. რა გითხრა, ვინ ეხმარება?

_ მხოლოდ გიორგი ანდრიაძე ახსენა და ვიღაც გამომძიებელი…

_ ჰო, გიორგი მაგისი უახლოესი მეგობარია და ძალიან ენდობა… რეკლამის იდეაც ძალიან ჭკვიანურად იყო მოფიქრებული… შენი ჩართვაც ამ საქმეში… გიორგი ძალიან ჭკვიანია და მართლა კარგი ფსიქოლოგია, ყველაფერთან ერთად.

_ ფსიქოლოგი?..

_ ჰო, პროფესიით… სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული.

_ არ ვიცოდი… შენ ფიქრობ, რომ გამომიყენა? _ ვკითხე ანას და ვიგრძენი როგორ შემეკუმშა გული.

_ გიორგი ძალიან კარგი ადამიანია, ყურადღებიანი, თბილი… ასე ვერ გეტყვი, ლუ. მე ხომ არ ვიცი რა ურთიერთობა გქონდათ და რა მოგიყვა… როგორ დაგითანხმა თანამშრომლობაზე.

_ საქმეც მაგაშია… არაფერი მოუყოლია და არც თანამშრომლობა უთხოვია. ყველაფერს ჩემი ნებით ვაკეთებდი. ისეთი რაღაცეები გავაკეთე, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი…

გაკვირვებული სახით შემომხედა.

_ ეგ როგორ?

ანას ყველაფერი მოვუყევი. კლუბის ღამიდან დაწყებული, არაფერი დამიმალავს. ტავერნას ხსენებაზე სახის გამომეტყველება შეეცვალა. მოყოლა რომ დავასრულე, ფეხზე წამოდგა და ოთახში გაიარ-გამოიარა. ფიქრობდა. ველოდებოდი, რას მეტყოდა. მისი აზრი მაინტერესებდა. მან გიოსთან ერთად ხომ რაღაც გარკვეული პერიოდი იცხოვრა. ჩემზე მეტი მას ეცოდინება მის შესახებ.

_ არ ვიცი რა გითხრა, ლუ… არ მინდა, რომ რაღაც ისე გამომივიდეს…

_ რასაც ფიქრობ ის მითხარი!

_ რასაც შენ მიყვები… ჩემთან ეგრე არასოდეს მოქცეულა. ყოველთვის პირდაპირ მეუბნებოდა ხოლმე სათქმელს. არ გამოვრიცხავ, რომ უყვარხარ… მაგრამ, როცა მასზე მიყვებოდი, ერთი რაღაც გამახსენდა…

_ მითხარი…

_ მისი სადისერტაციო თემა, _ “არაცნობიერი ცდუნება, ფარული გზავნილი”… მეც ფსიქოლოგიურზე ვსწავლობდი მოსკოვში, მოკლე კურსი გავიარე. მისი თემა წაკითხული მაქვს და გვისაუბრია კიდეც…

ვიგრძენი, როგორ უსიამოვნოდ დამიარა რაღაცამ სხეულში.

_ რას ნიშნავს არაცნობიერი ცდუნება და ფარული გზავნილი?

_ აი, მაგალითად, როგორ უნდა მოახდინო გავლენა ადამიანზე ისე, რომ ვერაფერს მიხვდეს. არაცნობიერი აღქმა ისეთი სიგნალების გადაცემის შედეგად წარმოიქმნება, რომლებიც მიმღებისთვის ცნობიერად აღქმადი არ არის. ასეთი გზავნილები, ეფექტიან გავლენას ახდენს ადამიანის ფიქრის სტილზე, გრძნობებზე, ქცევაზე… ადამიანი გაუთვითცნობიერებლად ინახავს ინფორმაციას, რომლის შესახებაც რეალურად არაფერი იცის. მიუხედავად ამისა, ამ ინფორმაციას მის ქცევაზე ზემოქმედება შეუძლია. ანუ, ეს სიგნალები, ადამიანის გონებაში ცნობიერად ვერ აღიქმება და შესაბამისად, წარმოადგენს ქვეცნობიერ გზავნილს. რაც ნიშნავს, რომ შენ, შესაძლოა ღებულობდი გზავნილებს და რეაგირებდი მასზე ისე, რომ საერთოდ ვერ აცნობიერებდი მათ არსებობას… მიხვდი? არ ვიცი, სხვანაირად როგორ აგიხსნა, მოკლედ, ოცდამეხუთე კადრის ეფექტივითაა…

ცივმა ოფლმა დამასხა.

_ რაც მითხარი, ყველაფერი გავიგე…

_ “ოცდამეხუთე კადრის ეფექტი”, თავის თემაშიც ჰქონდა განხილული. ადამიანები ხომ უწყვეტ სიუჟეტად აღვიქვამთ კადრების სწრაფ მონაცვლეობას… ჩვეულებრივ, წამში 24 კადრს აღიქვამს ჩვენი გონება, დანარჩენი ინფორმაცია ცნობიერების საზღვრებს ვერ აღწევს. ოცდამეხუთე კადრი, რომელიც შეუიარაღებელი თვალით შეუმჩნეველი რჩება, არაცნობიერად გვეძლევა, არაცნობიერადვე მუშავდება და შანსი არის, რომ გავლენას ახდენს ადამიანის მოქმედებაზე. გიომ მითხრა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში აიკრძალა ოცდამეხუთე კადრის გამოყენება, საქართველოში ასეთი კანონი არ არსებობსო… #25-ის რეკლამაში ფიქრობდა მაგ ეფექტის გამოყენებას. სასმელის სახელიც მანდედაც მოაფიქრდა…

ანას ზურგი ვაქციე და შუბლით კედელს მივეყრდენი. ნუთუ, ასე შეგნებულად იქცეოდა?.. ის ლტოლვა, რომელიც კლუბის ღამეს გამიჩნდა მის მიმართ და აქამდე მომყვება, მისი ეგრეთწოდებული “არაცნობიერი ცდუნების და ფარული გზავნილების” დამსახურებაა და მეტი არაფერი?.. ნუთუ, თავისი პროფესია გამოიყენა, რომ მე გამოვეყენებინე?… დავიჯერო, თავისი უცნაური საქციელებით, ჩემს გონებაზე გავლენის მოხდენას ცდილობდა? ოცდამეხუთე კადრის ეფექტივით…

თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი. ეს ანამაც შეამჩნია.

_ ლუ, გაითვალისწინე, რომ მე არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ ჩემი ვარაუდი გამოვთქვი… არ უნდა მეთქვა!

_ პირიქით, უნდა გეთქვა! თუ კიდევ რამე გაქვს სათქმელი, ბარემ ყველაფერი მომიყევი… არ მინდა ამაზე ვიფიქრო…

ანამ ჩანთა გახსნა და საფულედან ფული ამოიღო.

_ ამას გიტოვებ! მერე რომ არ დამავიწყდეს… სად გავჩერდი?..

_ მადლობა… შენზე და გიორგიზე ყვებოდი. მუსტანგი მაგან გაჩუქა, ხო?

_ კი…

_ საწარმოს ფარეხში ვნახე შემთხვევით… და ის ნომერი, _ 02:08 რას ნიშნავს?

_ ორ აგვისტოს… ჩვენი გაცნობის დღეა!.. ეგ მანქანა გიორგი ანდრიაძემ ჩამოაყვანინა და ალბათ მაგან დააყენა საწარმოს ფარეხში… მოკლედ, ბოლომდე მოგიყვები ყველაფერს და წავალ. ჩემს და გიოს შორის გრძნობა რომ გაჩნდა, გიო თავს იკავებდა, სანდროს გამო. სანდროს აშკარად აწუხებდა ეს საკითხი, ვხვდებოდი… მერე, დამელაპარაკა კიდეც, მკითხა რას ვგრძნობდი გიოს მიმართ. მე არაფერი დამიმალავს. მითხრა, ჩემზე არ იფიქრო და ისე მოიქეცი, როგორც გული გიკარნახებსო… მე და გიო გარკვეული პერიოდი ერთად ვცხოვრობდით, ცალკე…

_ ამერიკულ სოფელში? _ ვკითხე და ყელში ბურთი გამეჩხირა. გაკვირვებულმა შემომხედა.

_ მოგიყვა?..

_ რა მნიშვნელობა აქვს… მერე?

_ სანდროს შესახებ არაფერი ვიცოდი, სანამ თამაზმა არ დაურეკა გიოს. მაშინ გავიგე, რომ ცუდ ამბებში გაეხვა და ძალიან ვინერვიულე… მერე, გიო წავიდა და მალევე უკან დაბრუნდა. მომიყვა ყველაფერი… წარმოვიდგინე, რა დღეში იქნებოდა სანდრო… მე ხომ ვიცოდი, დედამისი მისთვის ყველაფერი იყო… ძალიან შემეცოდა. გიოს ვუთხარი კიდეც, როგორმე ესესხებინა ის ფული, მაგრამ ვერ გადავარწმუნე. ერთხელაც, სანდრომ დამირეკა და დიდხანს მელაპარაკა. მთხოვა, რომ გიო დამეთანხმებინა ეგვიპტეში წასვლაზე. დამპირდა, რომ ცუდი არაფერი მოხდებოდა, მითხრა, წარმოიდგინე, ვითომ სპექტაკლში უნდა ითამაშოო… ისიც მითხრა, რომ ადრე თუ გვიან, იმ ფულს აუცილებლად დაუბრუნებდა დავითს… უარი ვერ ვუთხარი, ლუ… რომ არ დავხმარებოდი, მოკლავდნენ… თუმცა, ამის გაკეთება ძალიან გამიჭირდა…

_ გასაგებია…

_ გატაცება ჯუზეპემ მოაწყო. თვითონ ჩამოვიდა ეგვიპტეში და მოელაპარაკა იქაურებს… რო გაგვიტაცეს, დავითმა ინტერპოლი ჩართო საქმეში. მერე, ყველაფერი აირია… ქაოსურად განვითარდა მოვლენები. გიომ დანა წაართვა ერთ-ერთს და თავი გაინთავისუფლა… მერე შენც იცი რაც მოხდა…

_ როგორ მოხდა, რომ შენ პოლიციამ არ გიპოვნა?

_ ახლაც ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ბუნდოვნად მახსოვს ყველაფერი… ცეცხლი რომ გაჩნდა და რომ მეგონა გიომ გამომიყვანა, მერე გონება დავკარგე. რეალობას ვერ აღვიქვამდი… როგორც ჩანს, ჯუზეპე ფეხდაფეხ მოყვა იმ ეგვიპტელებს… ფარდული იწვოდა, მე თავის მანქანაში დამაწვინა და წამიყვანა. მაშინ არ ვიცოდი იტალიური ენა… ყალბი პასპორტი გამიკეთა, ანა-მარია რუსოს სახელზე და იტალიაში გადამაფრინა. მას მერე აღარც მინახავს…

_ სანდროს არაფერი უთხარი?..

_ სანდრო საშინელ მდგომარეობაში დამხვდა. მეც სიცოცხლე აღარ მინდოდა. საერთოდ არ ვლაპარაკობდი. სანდრო დამპირდა, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანდა… მითხრა, რომ მსხვერპლის გარეშე ამხელა მასშტაბის “ოპერაცია” ვერ ჩაივლიდა…

_ დანაშაულის გრძნობა არ აწუხებდა?

_ როგორ არა… იმასაც და მეც… დღემდე მაწუხებს, ლუ…

_ მაგრამ ჯუზეპეს ვერ გადაუხადეთ ფული, გეგმა ჩაიშალა…

_ სანდრომ მითხრა, რომ როდესაც ჩვენ ეგვიპტეში ვიყავით, ჯუზეპემ ვიდეო მასალა გამოუგზავნა, რომელიც თვითონ უნდა დაემონტაჟებინა და დავითისთვის გადაეგზავნა. ვიდეოზე გადაღებული იყო, როგორ ვყავდით მე და გიო დაბმულები ფარდულში… ეს მასალა, დაშიფრული იგზავნებოდა და მხოლოდ ჯუზეპეს კომპიუტერში შეეძლო მისი მიღება სანდროს… სანდრომ მითხრა, რომ იმ კომპიუტერში ნახა სხვა ვიდეომასალებიც, ერთ-ერთზე იტალიელი პოლიტიკოსის გატაცებული შვილი იყო გადაღებული. კიდე რაღაცეები ნახა და ფლეშკაზე გადმოიწერა.

_ მაშინვე რატომ არ წაიღო პოლიციაში?

_ იმიტომ, რომ ეს ამბავი დაემთხვა… იტალიაში რომ ჩამომიყვანა ჯუზეპემ, იმ საღამოსვე გაიგო, რომ სანდრომ კომპიუტერიდან საიდუმლო ინფორმაცია მოპარა.

_ როგორ გაიგო?

_ ფარული კამერები ჰქონდა დაყენებული თავის კაბინეტში… მოუვარდა სანდროს, დაემუქრა… ამან კიდევ, უთხრა რომ თუ მას, ან მის რომელიმე ახლობელს თმის ერთი ღერი მაინც ჩამოუვარდებოდა თავიდან, მაშინვე პოლიციას ჩაუვარდებოდა ხელში ის ფლეშკა. ჯერჯერობით სეიფში ინახავს. მითხრა, შესაფერის დროს ველოდებიო… ეგ ფლეშკა სამართალდამცავების ხელში რომ აღმოჩნდება, გატაცების ამბავიც გასკდება და სანდროს დაიჭერენ. ძვლები რომ გადაასვენეს საქართველოში, სანდროც ჩავიდა, რომ დასაფლავებას დასწრებოდა. მერე, ისევ იტალიაში დაბრუნდა.

რამოდენიმეჯერ პოლიციაში დაიბარეს და დაკითხეს. მეტი არაფერი ვიცი.

_ ახალი კოდი იცი?

_ კი, მოიცა…

ანამ სასტუმროს მაგიდიდან კალამი აიღო.

_ მე დამაწერე სადმე, ჯობია! ვუთხარი და მასთან მივედი.

_ როდესაც გიორგის ნახავ, უთხარი, თუ შეძლებს, მაპატიოს…

_ კარგი, ვეტყვი…

ოთხი საათი ხდებოდა, როდესაც ანა დამემშვიდობა და წავიდა. დაახლოებით ერთ საათში, ქუჩიდან მანქანის ხმა შემომესმა და ფანჯარასთან მივედი.

სიმართლის ფასი (ეპიზოდი XXVI)

26

მანქანის ხმა გავიგე თუ არა, ფანჯარასთან მივედი და ფრთხილად გავიხედე. სასტუმროს წინ ტაქსი გაჩერდა. გული საშინლად ამიჩქარდა, როცა დავინახე როგორ გადმოვიდა მანქანიდან ლაშა. სასტუმროს ფანჯრები შეათვალიერა. იმ ფანჯრისკენაც გამოიხედა, რომელთანაც ვიდექი, მაგრამ ვერ დამინახავდა, რადგან “ჟალუზები” დახურული იყო.

ძალიან უცნაური განცდა დამეუფლა. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, სახლში რომ ბრუნდები და დიდი ხნის უნახავ ახლობელ ადამიანებს რომ შეხვდები, დაახლოებით ისეთი…

ლაშა შენობაში შემოვიდა. კართან დავდექი და მივაყურადე, მისი ფეხის ხმა რომ გამეგო. რა უცნაურია… ერთიანად მომაწვა ემოციები… თითქოს ახლა გავაცნობიერე რეალურად, რა საშინელებაც გადავიტანე. მივხვდი, რომ აქამდე მხოლოდ მექანიკურად ვაკეთებდი ყველაფერს. ვერ ვაცნობიერებდი იმ საშინელებას, რაც სანდრომ გამიკეთა…

კარი გავაღე და ლაშას სახე დავინახე, გაფართოვებული თვალებით შემომხედა და ისე ემოციურად წარმოთქვა ჩემი სახელი, რომ თავი ვეღარ შევიკავე და ტირილი ამივარდა. ჩამეხუტა.

მხარი ჯერ კიდევ მტკიოდა და რომ მომეხვია, ოდნავ წამოვიყვირე. მაშინვე მომცილდა და შემომხედა.

_ რა დაგიშავეს, მითხარი! ფიზიკურად შეგეხო ვინმე?

_ ისეთი არაფერი… _ ვუთხარი და ცრემლები მოვიწმინდე. შემეშინდა, გაუპატიურების შესახებ რომ მეთქვა. შეიძლება თავი ვერ შეეკავებინა და სპონტანურად ემოქმედა. სანდროს პირადად გასწორებოდა.

_ ლუ, მეგონა მოგკლეს… მაშინვე რატომ არ შეგაჩერე, როცა ეჭვი გამიჩნდა. შეგპირდი, რომ დაგიცავდი, მაგრამ ვერშევძელი… არ ვიყავი შენს გვერდით, როცა გჭირდებოდი…

_ ნუ ამბობ ეგრე… ასეთ რამეს ვინ წარმოიდგენდა, ლაშა…

_ ჩემი თავი პროფესიონალი მეგონა… ასე როგორ გამაბითურეს… მითხარი, რა გაგიკეთა იმ ახვარმა?.. სად წაგიყვანეს? ან, როგორ გამოექეცი?.. არაფერი დამიმალო!

ასეთი გამწარებული ლაშა არასოდეს მინახავს. საწოლისკენ წავედი და ჩამოვჯექი. ლაშაც ჩემს გვერდით დაჯდა და ჩემი ხელი თავის ხელებში მოიქცია.

_ იცი ვინც გამიტაცა?

_ სანდრომ…

_ როგორ მიხვდი? _ გაკვირვებულმა შევხედე.

_ ყველაფერს გეტყვი… ლუ, ვინ დამირეკა? ვინ იყო ის გოგო?

_ იქ ერთი გოგო იყო, საჭმელი შემოქონდა ხოლმე ჩემთვის… ყველაფერს მოგიყვები, ოღონდ დალაგებულად და თანმიმდევრობით…

_ სად წავიდა?

_ არ ვიცი… შეეშინდა, არ დამიჭირონო.

_ რატო დაგეხმარა ნეტა?.. დარწმუნებული ხარ, რომ აქ დარჩენა შეიძლება?

_ კი, ნუ გეშინია! შენ როგორ მიხვდი, რომ სანდრომ…

_ ეჭვები თბილისში ყოფნის დროს გამიჩნდა. შენ რაღაცეები არ იცი…

_ რა? სანდრომ რომ აგიყვანა და მისი დავალებით მოხვედი კომპანიაში?

გაოცებულმა შემომხედა.

_ საიდან გაიგე?

_ სანდრომ თქვა…

_ კომპანიაში შემოსვლამდე დამიკავშირდა. ჩემს პირად ელექტრონულ ფოსტაზე მომწერა. თქვენი სარეკლამო კომპანიის შესახებ უნდოდა ინფორმაციის გაგება. მთელი “სტაფის” ავტობიოგრაფიები… მერე დამირეკა კიდეც და მოვილაპარაკეთ. “თეთრი არწივის” ერთ-ერთი მფლობელის შვილი ვარო, მითხრა. კომპანიონთან კონფლიქტური სიტუაცია გვაქვს და მინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ რეკლამის საქმე ექსცესების გარეშე ჩაივლისო. ცოტა უცნაური კი მომეჩვენა ეს ყველაფერი… ვერ მივხვდი, რა ზიანი შეიძლებოდა მიეყენებინა დავით კვეზერელს და გიორგი ანდრიაძეს მათთვის ამ რეკლამით, მაგრამ დავთანხმდი. კარგად იხდიდნენ და თან, რამოდენიმეჯერ მომიწია მილიონერებთან ურთიერთობა. ყველა მათგანი რაღაცნაირი იყო. ყველაფერზე ეჭვობდნენ, ამოწმებდნენ… დარეკვითაც სულ დაფარული ნომრიდან რეკავდნენ. ამიტომ არ გამკვირვებია და ავიღე ეს საქმე.

_ ჩვენი ძველი ადვოკატი შეგნებულად მოიშორეს, ხო?

_ ჰო! დაუკავშირდნენ და სხვა სამსახური შესთავაზეს. უფრო მაღალანაზღაურებადი. გახსოვს, შენ რომ მკითხე, მანქანის ნომრის დადგენა შეგიძლიაო? აი, მაშინ გამიჩნდა პირველად ეჭვი… კვეზერელის საქმეს გავეცანი და არ მომეწონა სიტუაცია. შენს ბლოგზე რომ აკომენტარებდა ვიღაცა, არც ეგ მომეწონა. აეროპორტში ხო საერთოდ… ყველა რომ გამოვიდა და შენ ვერ დაგინახე, ლუ…

_ თბილისში რა ხდება? ჩემს მშობლებს ხომ არ დალაპარაკებიხარ შემთხვევით? ან თათიას მაინც?

_ ყველას ველაპარაკე… მამაშენთან სახლშიც ვიყავი მისული… აეროპორტში, გვანცას ველაპარაკე. ყველაფერი მოვაყოლე. მითხრა, გელაშვილების სახლთან ახლოს, ერთ ქუჩაზე რომ გამოიარეთ და შენი ბავშვობის მეგობარი გაგახსენდა… მერე მის სანახავად იყავი წასული. წერილის შესახებაც მომიყვა. ვისთან იყავი?.. ვიცი, რომ არავითარი ბავშვობის მეგობარს არ შეხვედრიხარ… დედაშენმა მითხრა, ერთადერთი ბავშვობის მეგობარი თათიააო.

_ ყველაფერს მოგიყვები… ჯერ შენ მითხარი რაც იცი… დედაჩემი თბილისში ჩამოვიდა? მამა როგორ იყო, როცა ნახე?..

_ ჯერ არა, მაგრამ აპირებს. მგონი ბილეთებიც აიღო… მამაშენი გაგიჟებულია. თათიაც. პირველად თათიას დავურეკე, მითხრა, რაც იტალიაში წავიდა, არ დაურეკავსო… მამაშენსაც ვკითხე, რამე საეჭვო ხომ არ შეგიმჩნევია-მეთქი და მომიყვა, დილით ადრე რომ მიხვედი მათთან სახლში და რაღაც თავშესაფრის სურათები აჩვენე. მითხრა, დაინტერესებული იყოო… მაჩვენა კიდევაც ამობეჭდილი. მისმა ცოლმა მითხრა, რომ გადაღებიდან მიხვედი. ლექსოს დავურეკე. აზრზე არ იყო საერთოდ… რა გადაღებაო… ვიცი, რომ შენ თბილისში დაგიკავშირდა ვიღაც… ის სურათები სად გადაიღე?

საშინლად დავიბენი და ავნერვიულდი. ვერ გადამეწყვიტა, როგორ მოვქცეულიყავი. მომეყოლა გიოს შესახებ თუ არა…

_ ლუ, გემუქრება ვინმე?.. იმიტომ ვერ მეუბნები?.. გეფიცები, მეორედ აღარ დავუშვებ, რომ რამე დაგიშავონ… ყველაფერს რომ მომიყვები, პოლიციაში წავალთ მე და შენ და ყველაფერს წერტილს დავუსვამთ!

_ ლაშა, არც ისე მარტივადაა ყველაფერი, შენ რომ გგონია!

_ ვიცი რომ არ არის მარტივად საქმე… სანდრო რაღაცნაირად კავშირშია იმ გატაცებასთან, არა?.. და შენ ეს იცი… ლუ, მითხარი, გცემეს? შენი დახეული მაისური ვნახე…

_ ნახე?… ფლიგელში იყავი? _ გაკვირვებულმა შევხედე.

_ ჰო… აქ დილით ჩამოვედი. თამაზმა კარგად მიმიღო. ვუთხარი, რომ მისი შვილის ადვოკატი ვარ და გარდა მაგისა, შენი დაკარგვის საქმეც მე ავიღე ოფიციალურად. შენი ოთახი დამათვალიერებინა. წერილი პოლიციას ჰქონდა წაღებული. სანდრომ პირველად რომ დამინახა, ისეთი რეაქცია ჰქონდა, თითქოს დანაშაულზე წაასწრეს. კი ცდილობდა ემოციების დამალვას, მაგრამ მე რას გამომაპარებდა… ეგრევე მოხია და სადღაც გავარდა. მალევე დაბრუნდა და იმის მერე, გვერდიდან არ მცილდებოდა. მივხვდი, რომ რაღაცის ეშინოდა. იმ დღესვე მივედი პოლიციაში და გავეცანი საქმის ვითარებას. ის ქუჩა დავიარე, სადაც შენი მეგობარი ცხოვრობდა ვითომ… ერთი შენობა მომეჩვენა საეჭვო. ძველი სასტუმრო აღმოჩნდა. დაბლა ტავერნაა გახსნილი… შევედი და შენი სურათი ვაჩვენე მომსახურე პერსონალს. დაწესებულების მენეჯერს სახეზე გამომეტყველება შეეცვალა, მაგრამ მხრები აიჩეჩა, Nონ ლო სო-ს იმეორებდა… მერე ზედა სართულები დავიარე, ყველა ოთახი ცარიელი იყო ერთის გარდა. იმ ერთ ოთახში იდგა მარტო ავეჯი. საფერფლე ვიპოვე, სიგარეტის ნამწვავები იყო შიგნით…

ტავერნას ხსენებაზე გამაჟრიალა.

_ მერე?

_ მაგ შენობაში შეხვდი ვინმეს, ლუ?

_ ჰო… ყველაფერს მოგიყვები მეთქი, ჯერ შენ დაასრულე… მერე რა ქენი?

_ ისევ იმ გამომძიებელთან მივედი და ვუთხარი, კარგად გადაემოწმებინათ ის შენობა. ის ოთახი აშკარად სპეციალურად იყო მოწყობილი. იდეალური სამალავია… პოლიციაში იმ ტავერნას მეპატრონის სახელი გავიგე, ვინმე ჯუზეპე ალოსოს ეკუთვნის…

_ შეუძლებელია! _ იმხელა ხმაზე წამოვიყვირე, რომ ლაშა შეკრთა.

_ ვინ არის, იცნობ?

_ ეგ ის არის, ვისიც სანდროს ეშინია… კრიმინალია! ბანდის წევრი… მაგან მოაწყო დავით კვეზერელის შვილის გატაცება!

საერთოდ ვეღარ გავიგე რა ხდებოდა… რა უნდოდა გიოს ჯუზეპე ალოსოს დაწესებულებაში? ნუთუ, მასთან თანამშრომლობს?.. ან, იქნებ ის აიძულებს ამ ყველაფრის კეთებას რომ ფლეშკა დაიბრუნოს?…

_ შენ ნანახი გყავს ეგ ტიპი?

_ ვინ, ჯუზეპე? არა, საიდან… მერე, რა გითხრეს პოლიციაში?

_ იმ შენობას შეამოწმებდნენ თვითონ. თუ რაღაცას გაიგებდნენ, დამირეკავდნენ… ჯერჯერობით არ დაურეკავთ. მე თამაზის სახლში დავბრუნდი. სასტუმროში ვაპირებდი გადასვლას, მაგრამ სანდრომ შემომთავაზა, მათთან დავრჩენილიყავი… ასე უფრო არ გამაკონტროლებდა? პრინციპში მეც მაწყობდა ეგ. მოკლედ, ბაღიც დავათვალიერე და ის ძველი სახლი ვნახე. საღებავით მიწერილ ცხრიანს შევხედე თუ არა, მაშინვე მივხვდი, სადაც იქნებოდა ფლიგელი… შენს ოთახში ნაპოვნი ფარანი გამახსენდა და დავაკავშირე ერთმანეთთან. თან, ეს ნაძირალა ცდილობდა, რომ მალე გამოვეყვანე იმ შენობიდან… ჩემი ყურადღების გადატანას ცდილობდა სხვა რაღაცაზე.

_ შიგნით როგორ ჩახვედი მერე? არ დაგინახა?

_ სახლი დავათვალიერე მხოლოდ. ფარდაგი დავინახე. იატაკი ძალიან მტვრიანი იყო და ნაფეხურები ემჩნეოდა. მივხვდი, რომ მანდ იქნებოდა ლუკი, მაგრამ სანდრო გვერდით მედგა და ვერაფერი მოვიმოქმედე. იარაღიც არ მქონდა… მხოლოდ დღეს ღამით შევძელი ჩასვლა. სანდროს დაურეკეს მობილურზე და ვეღარ დამალა ემოციები. ეტყობა შენი გაქცევის ამბავი შეატყობინეს. მე და თამაზის გვითხრა, ჩემს მეგობარს რაღაც შეემთხვა და სასწრაფოდ უნდა ვნახოო. როგორც კი წავიდა, მაშინვე ფლიგელში ჩავედი. ჯერ შენი დახეული მაისური ვნახე, რაღაც ძველი სეიფის უკან იყო ჩატენილი, მერე ლეიბიც ვიპოვე. შიგნით რაღაცეები იყო გახვეული… შენი მობილურიც იმ ნივთებს შორის იყო ლუ, კინაღამ გავგიჟდი…

_ ეტყობა ვერ მოასწრო დაწვა…

_ მობილურს ბარათი ამოცლილი ჰქონდა… რა უნდა მეფიქრა?.. მეგონა, რომ ცოცხალი აღარ იყავი… მაშინვე ზევით ამოვედი. ჯერ ვიფიქრე, პოლიციაში დავრეკავ-მეთქი, მაგრამ მერე დავფიქრდი… თუ ცოცხალი იყავი და სხვაგან გმალავდნენ, შეიძლება შეშინებოდათ და მართლა მოეკალი. ამ დროს ვიღაც გოგომ დამირეკა მობილურზე და მითხრა, რომ ცოცხალი ხარ, გამოიქეცი და დახმარება გჭირდება. მაშინვე წამოვედი… ეხლა მომიყევი ყველაფერი! რაში დასჭირდა სანდროს შენთვის ამის გაკეთება?

_ ჰგონია, რომ გამოძიებასთან ვთანამშრომლობ. ჯერ კიდევ თბილისში, რეკლამის შეკვეთამდე ერთი ბიჭი გავიცანი… მარიტას დაბადების დღეზე, კლუბში. ცუდად გავხდი და გარეთ გამიყვანა… მერე თავისი მანქანით წამიყვანა სახლში. წითელი მუსტანგით. სახელი არ უთქვამს… მხოლოდ მანქანის ნომერი დამამახსოვრდა, 02:08… მერე, ბლოგზე გაჩნდა კომენტარები ალტერ ეგოს სახელით…

_ ეგ ის მანქანა იყო, რომელიც უგოს რეკლამაში გადაღების დროს დაყვებოდა, არა?

_ არ დაყვებოდა უგოს… ეგ მე შენ გითხარი ეგრე… სპეციალურად! სიმართლეს ვერ გეტყოდი გარკვეული მიზეზების გამო…

_ მომატყუე? ვინ იყო ის ბიჭი? _ ლაშას სახეზე წყენა დაეტყო.

_ თავიდან, მეგონა რომ გიორგი ანდრიაძე იყო, მაგრამ არ აღმოჩნდა…

_ შენგან რა უნდოდა, რას გეუბნებოდა?

_ კონკრეტულად არაფერს მთხოვდა. პერიოდულად გამოჩნდებოდა ხოლმე, მერე გაქრებოდა… დაიკარგებოდა. რაღაცას თუ მეტყოდა, ისიც გაურკვეველი იყო… უფრო რაღაც მინიშნებებს მაძლევდა. საოცარი მიზიდულობა მქონდა მის მიმართ… რაღაც აუხსნელი. მე თვითონ მიკვირდა ჩემი თავის… ჩემი პიროვნებისთვის შეუსაბამოდ ვიქცეოდი…

ლაშა ყურადღებით მისმენდა. ჩემი და გიოს ისტორია მოვუყევი. მხოლოდ ტავერნაში გატარებული ღამის შესახებ დავუმალე. ანაზეც მოვუყევი, რაც მისგან გავიგე, ისიც ვუთხარი. მოყოლა რომ დავასრულე, ლაშას კარგა ხანს ხმა არ ამოუღია. ჩუმად იჯდა და ფიქრობდა. ამ ინფორმაციის გადახარშვას ცდილობდა. ვიცოდი, რომ ძალიან ეტკინა გული… ვერაფერი ვუთხარი. თავის მართლებასაც არ ჰქონდა აზრი.

_ არადა, ეჭვი მქონდა… გახსოვს, ექსპერტიზის ცნობა რომ ვახსენე?.. სანამ აქ წამოვიდოდი, მაგ ბიჭის საქმეს კიდევ ერთხელ გადავხედე. ექსპერტიზა ეგვიპტეში იყო ჩატარებული. მაინტერესებდა, ვინ აწერდა ხელს დასკვნას. მონაცემთა ბაზა შევამოწმებინე. ექსპერტი, რომელმაც ეგ დასკვნა დაწერა, მალევე წამოსულა სამსახურიდან. უცნაურად მომეჩვენა ეს დამთხვევა…

_ ახლა რას ფიქრობ? რატომ იყო გიორგი იმ ტავერნაში?..

_ ვფიქრობ, რომ იმ ბანდის წევრებთანაა დაკავშირებული! თვითონ ხომ გითხრა, ანას გამოსაყვანად რომ გავიქეცი, თავში ჩამარტყესო?

_ ჰო…

_ ანამ თქვა, რომ ჯუზეპე ფეხდაფეხ მოყვა იმ ეგვიპტელებს და ნახა რომ ფარდული იწვოდა. ჯერ გონებადაკარგულ გიორგის დაინახავდა. იმ ეგვიპტელებს ეტყოდა, ხელები შეუკარით და მანქანის საბარგულში ჩააგდეთო. სავარაუდოდ, ერთ-ერთ მათგანს შეაგზავნიდა ანას გამოსაყვანად. ისიც დაინახავდა თავისიანს და შებრუნდებოდა საშველად. ამ დროს ჩამოინგრეოდა ჭერი. ეგეც შენი ორი დამწვარი ადამიანი…

_ კი, მაგრამ… ანამ მართლა არ იცოდა რომ გიო ცოცხალი იყო… ან, რატომ გაუშვებდა ანას ის ჯუზეპე? თუ გაიგებდა, რომ ფლეშკა მოპარეს?..

_ საქმეც მაგაშია! ფარულმა კამერამ თუ დააფიქსირა სანდრო, იმ ჯუზეპეს ეყოლებოდა ვინმე, დაცვა ან არ ვიცი, ვინმე თავისიანი, რომელმაც დაურეკა და შეატყობინა ეს ამბავი. თუ კომპიუტერში ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდა, მარტო არ დაეტოვებდა. როგორც წესი, ან დაცვას ტოვებენ ხოლმე, ან სხვადასხვა დამცავ პროგრამებს აყენებენ… პაროლებს ადებენ ფაილებს და რა ვიცი… ათასნაირი საშუალებები აქვთ… ახლა ნახე, ჯუზეპემ ანას დაბრუნებით რა გააკეთა… _ ანას დაბრუნებით, სანდრო დარწმუნდებოდა რომ გიორგი დაიწვა! რადგანაც ეგვიპტე მაგ ჯუზეპეს რჩევით შეარჩიეს, ესე იგი, იქ მას თავისი ხალხი ეყოლებოდა. თან, პირადად გაემგზავრა ეგვიპტეში… ექსპერტიზასაც გააყალბებინებდა ადვილად.

_ იქნებ გიო არ თანამშრომლობს თავისი სურვილით? იქნებ იძულებულია, რომ ჯუზეპეს მითითებები შეასრულოს?

_ ეგეც დასაშვებია. შეიძლება მოსასმენი აპარატიც მიემაგრებინათ და ამის გამო ვერ გეუბნებოდა პირდაპირ სათქმელს… უცნაურად იქცეოდა და მინიშნებებს გიტოვებდა. ეგ ანა, ეგრე მარტივად არ უნდა გაგეშვა. მეეჭვება მისი ასეთი მოულოდნელი გარდაქმნა და არც მაგის კეთილი საქციელის მჯერა…

ლაშა საწოლიდან ადგა და ფანჯარასთან მივიდა.

_ არა, ლაშა… ის გოგო მართლა დამეხმარა…

_ რა იცი? ვერ ხედავ, რა კარგი მსახიობი ყოფილა? თავისი საქმრო ისე მოატყუა, რომ აზრზეც ვერ მოვიდა… შენ ეხუმრები, ამხელა მასშტაბის ღალატს, ლუ?… რა სიკეთეც არ უნდა გაეკეთებინა მისთვის სანდროს, ეს არ ამართლებს მის საქციელს… საყვარელ ადამიანს ასეთ რამეს არ უკეთებენ! ამიტომაც, საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ეს მახეა… მე და შენ ერთად მოგვიყარეს თავი. გონივრული სვლაა… ერთად მოგვიშორებენ თავიდან!

_ მე მაინც არ მგონია ეგრე…

_ იარაღი მაინც მქონდეს… ადექი ლუ, მივდივართ აქედან!

ლაშა კართან ფრთხილად მივიდა და მიაყურადა. მერე, ოდნავ გამოაღო და გაიხედა. რომ დარწმუნდა, რომ კორიდორში არავინ იყო, ხმადაბლა მითხრა, წავედითო.

წინააღმდეგობა აღარ გავუწიე, უკან გავყევი. ლაშამ კორიდორი ბოლომდე გაიარა და თეთრად შეღებილ რკინის კართან მივიდა. სასტუმროს ეზოში სახანძრო კიბით ჩავედით. ისე აღარ ბნელოდა. სადაცაა გათენდებოდა-კიდეც.

_ ანა იქით წავიდა, ტაქსების გაჩერებააო…

_ ძალიან კარგი…

ლაშა ფრთხილობდა. ჯერ კარგად მოათვალიერა ქუჩა და მერე გაბედა გზაზე გადასვლა.

_ სად მივდივართ? _ ვკითხე ჩუმად. ჩემს გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა. ლაშამ სატელეფონო ჯიხური დაინახა და მისკენ გაემართა.

_ ლაშა, რას აპირებ? რატომ არაფერს მეუბნები?..

_ იმ გამომძიებელს უნდა დავურეკო! ინგლისური იცის. ჯობია კარაბინერები მოვიდნენ და თვითონ წაგვიყვანონ… ტაქსისტს რა უნდა გავაგებინოთ. წესიერად არც ვიცი, სად ვარ…

_ ლაშა, მოვიფიქროთ რა კარგად…

_ შენ ზედმეტად გაერიე ამ ამბავში და საკმარისადაც დაზარალდი! სხვა თუ არაფერი, შენი გატაცების ამბავი მაინც უნდა შევატყობინოთ… არ შეიძლება სხვანაირად!

ლაშა ჯიხურში შევიდა და ყურმილი აიღო. მე გარეთ დავდექი და ქუჩა მოვათვალიერე. ირიჟრაჟა. სიწყნარე იყო. ფიზიკურად და ემოციურად ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ რეალობას ვერ აღვიქვამდი წესიერად. ლაშა მალე გამოვიდა ჯიხურიდან. ბენზინგასამართი სადგურის წინ, სკამზე დავსხედით. ლოგიკურად აზროვნება აღარ შემეძლო, გადავიწვი… იქნებ ლაშა მართალია, იქნებ მართლა ჯობია პოლიციამ გაიგოს ყველაფერი…

_ რამოდენიმე წუთში მოვლენ!.. _ მითხრა ლაშამ და ხელი გადამხვია. მხარზე თავი დავადე და თვალები დავხუჭე. მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად ვიგრძენი სიმშვიდე. რაღაცნაირი სიმშვიდე დამეუფლა… უცნაური სიმშვიდე… ბურანში წავედი… ლაშას ხმა ჩამესმა.

_ ლუ, ის გიორგი, _ გიყვარს?..

_ ჰო… მგონი მიყვარს…

უცებ, ძალიან მომინდა ეს სიტყვები მასაც გაეგო… მისთვის ხომ არასოდეს მითქვამს ეს…

არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ გამომიყენა. მისი გამოხედვა, როგორც მიყურებდა, მისი ყოველი შეხება ძალიან გულწრფელი ჩანდა… არასოდეს გამჩენია სიყალბის განცდა. საშინელებაა, როდესაც ფიქრობ, რომ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შენთვის, რის გამოც უზარმაზარ რისკზე წახვედი და საკუთარი სიცოცხლეც საფრთხის ქვეშ დააყენე, სინამდვილეში შეიძლება ფარსი აღმოჩნდეს.

შორიდან მანქანის ხმა მოისმა. უცებ, ვიგრძენი როგორ მომიჭირა ლაშამ ხელი… თვალები გავახილე და შევხედე. მოსახვევს უყურებდა. მეც იქით გავიხედე. პოლიციის მანქანის ნაცვლად, მოსახვევიდან შავი ჯიპი გამოვარდა. ვეღარც გავაცნობიერე, ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები…

პირველი, რაც დავინახე, იმ ორი ტიპის სახეები იყო, ვინც იმ სახლში მყარაულობდა.

რაც შემეძლო ხმამაღლა დავიყვირე…

მახსოვს, ლაშას ხელი ეკიდა და გავრბოდით… მგონი ტაქსების გაჩერების მიმართულებით.

სროლის ხმაც მახსოვს… პოლიციის მანქანის სირენაც…

ზურგში ტკივილი ვიგრძენი და უცებ ფეხებში ძალა გამომეცალა… ჩავიკეცე. სახე ცივ ასფალტზე მედო… ვიღაცამ ზურგზე გადმომაბრუნა… სროლის ხმა არ წყდებოდა… შორიდან ჩემი სახელიც ჩამესმა, თითქოს ვიღაც მეძახდა, _ ლუუ… ლუუ…

ხმები ერთმანეთში აირია… გაერთიანდა…

მახსოვს, ცას ვუყურებდი… ვარდისფერი იყო… ტკივილს ვეღარ ვგრძნობდი. პირიქით, სასიამოვნო გრძნობა დამეუფლა… თითქოს ვიღვრებოდი…

თვალები თავისით დამეხუჭა და ვიგრძენი როგორ ამწიეს…

დაემშვიდობეთ ლუს (ფინალური ეპიზოდი)

ყოველდღიური იტალიური გაზეთი _ La Reppublica  24.11.2011

***

“ქალაქ რეგგიო Eმილია-ში მდებარე სასტუმრო ჩესარი –ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს, იტალიის პოლიციამ ცნობილი სასმელების სადისტრიბუციო ქსელის, _ ეფფეტტო-ს მფლობელის ვაჟი, _ სანდრო გელაშვილი დააკავა, რომელსაც ერთდროულად რამოდენიმე ბრალდება წაუყენეს. როგორც სამართალდამცავებისთვის გახდა ცნობილი, მას ბრალად ედება კრიმინალური დაჯგუფების წევრებთან კავშირი, სამი ადამიანის გატაცება, ძალადობა და სხვადასხვა სახის წვრილმან დანაშაულში მონაწილეობა. იტალიის პოლიციამ, მისი სახლიდან ამოღებული დოკუმენტაციის საშუალებით, კრიმინალური დაჯგუფების რამოდენიმე თავკაცის ვინაობა დაადგინა, რომლებიც ყოველთვის ახერხებდნენ სამართალდამცავი ორგანოებისაგან თავის არიდებას.

გავრცელებული ინფორმაციით, კარაბინერებმა და პოლიციის სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლებმა, დაკავებულ კრიმინალთაგან უმეტესობას, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მიაგნეს.

იტალიის საკასაციო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ მაფიას კვლავაც პირველი ადგილი უკავია დამნაშავეობის განსაკუთრებულ მოვლენათა სიაში და მათ დაუღალავად უნდა ებრძოლო. მისი განმარტებით, მაფიოზური კლანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარონ ეკონომიკურ სტრუქტურებში, წარმოებასა და საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროებში.

სასტუმრო ჩესარი-ს წინ გამართული სროლის შედეგად, დაიღუპა ორი კარაბინერი, ერთი ბანდის წევრი და მძიმედ დაშავდა გატაცებული გოგონა, რომელმაც გამტაცებლებისაგან გაქცევა შეძლო და ამ სასტუმროში იმალებოდა. მსხვერპლი, ფოტოგრაფი გოგონა, _ ლილუ მიქელაძე სპეციალურად იყო მოწვეული საქართველოდან გადამღებ ჯგუფთან ერთად. მათ სასმელების კომპანია “თეთრი არწივის” ახალი სასმელის, _ “#25”-ის რეკლამა უნდა გადაეღოთ, რომელიც იტალიის სასმელების ბაზარზე, სადისტრიბუციო ქსელის, _ ეფფეტტო-ს მეშვეობით უნდა შემოსულიყო. გადამღები ჯგუფი, თამაზ გელაშვილის სახლში რამოდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

გატაცებულ ლილუ მიქელაძეს ოპერაცია ჩაუტარდა. ბოლო მონაცემებით, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ორ კვირაზე მეტია, რაც ის ნეაპოლის ერთ-ერთ საავადმყოფოში, უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

გატაცებულის ადგილმდებარეობა პოლიციას, იმ სარეკლამო კომპანიის ადვოკატმა შეატყობინა, რომელიც რეკლამას იღებდა. ადვოკატი საქართველოდან გოგონას გაუჩინარების შემდეგ ჩამოვიდა და საქმის ვითარებას გაეცნო. მან განაცხადა, რომ სანდრო გელაშვილმა რეკლამის გადაღებამდე დაიქირავა იმ მიზნით, რომ გაცნობოდა სარეკლამო კომპანიის საქმიანობას, მოეძია ინფორმაცია გადამღები ჯგუფის წევრების შესახებ და თუ რაიმე საეჭვოს აღმოაჩენდა, დაუყოვნებლივ ეცნობებინა მისთვის. ადვოკატმა ეჭვი იტალიაში გამგზავრებამდე აიღო და დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებდა.

ის პირადად დაუკავშირდა გამომძიებელს, მარჩელო ლო ვულლოს, რომელიც გატაცებული გოგონას საქმეს იძიებდა და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა მას.

ბანდის ერთ-ერთ წევრთან, _ ჯუზეპე ალოსოსთან, რვა თვის განმავლობაში იძულებით თანამშრომლობდა ეფფეტტო-ს მფლობელის, თამაზ გელაშვილის კომპანიონის, ზემოთ ხსენებული კომპანია _ “თეთრი არწივის” მფლობელის შვილი, გიორგი კვეზერელი, რომელიც სანდრო გელაშვილის მიერ შეკვეთილი გატაცების მსხვერპლი აღმოჩნდა. გატაცებას თავად ჯუზეპე ალოსო კურირებდა. ის მთელი ამ ხნის მანძილზე ოფიციალურად გარდაცვლილად ითვლებოდა.

გიორგი კვეზერელის განცხადების თანახმად, ჯუზეპე ალოსო მშობლების მოკვლის მუქარით აიძულებდა, ფარულად ეთანამშრომლა მასთან და დაებრუნებინა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სანდრო გელაშვილმა ეგვიპტეში ყოფნის დროს, მისი კომპიუტერიდან გადაიწერა.

პოლიციამ გიორგი კვეზერელს, ქალაქ Mოდენა –ში, ჯუზეპე ალოსოს ადგილსამყოფელის აღმოჩენისას მიაგნო. მისი ჩვენების თანახმად, მან ვერ შეძლო მოცემულ დროში დავალების შესრულება და ვადის გაგრძელება ითხოვა. ერთი კვირის განმავლობაში, გიორგი სარდაფში ჰყავდათ დამწყვდეული, რადგან მათთვის ცნობილი გახდა, რომ თამაზ გელაშვილის სახლში პოლიცია შევიდა.

გიორგი კვეზერელმა, თამაზ გელაშვილის სახლში განვითარებული მოვლენების შესახებ არაფერი იცოდა.

ძებნაშია სანდრო გელაშვილის მოკავშირე, სამოდელო სააგენტო ბელლა Iტალიანა-ს მოდელი ანა მარია რუსო (ნამდვილი სახელი ანა იაშვილი), რომელიც მონაწილეობას იღებდა გიორგი კვეზერელისა და ლილუ მიქელაძის გატაცებაში.

ამჟამად იგეგმება დაკავებულების უძრავი და მოძრავი ქონების კონფისკაცია, რომლის საერთო ღირებულება, იტალიელი სამართალდამცავების გათვლით, დაახლოებით 100 მილიონ ევროს მიაღწევს. მაფიოზური კლანის წევრობა, მკვლელობები, ადამიანების გატაცებები, ფინანსური მაქინაციები, იარაღისა და ნარკოტიკის უკანონოდ ტრანსპორტირება, _ ეს ის ძირითადი ბრალდებებია, რომლებსაც დაკავებულ ბანდის წევრებს წარუდგენენ.”

***

ხშირად მიფიქრია იმ მოსაზრებაზე, რომ თითქოს, სიკვდილის წინ ადამიანები თავიანთ განვლილ ცხოვრებას კადრებად ხედავენ. თითქოს თვალწინ ჩაუვლით ყველა განსაკუთრებული მომენტი, რაც სიცოცხლეში ჰქონიათ. დამონტაჟებული ფილმივით, რომლის ფირიც აჩქარებულად მოძრაობს. ხანდახან მეც წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორი კადრები ჩაივლიდა ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთებში. იქნებოდა მათ შორის რაიმე განსაკუთრებული, თუ არა…

ამაზე ყველაზე ბევრი ფლიგელში ყოფნის დროს ვიფიქრე. მეგონა, რომ ყველაზე ახლოს სიკვდილთან სწორედ მაშინ ვიყავი… ჩემი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. განუწყვეტლივ ვატრიალებდი გონებაში მნიშვნელოვან მომენტებს ჩემი ცხოვრებიდან. მათგან ყველაზე ემოციური, ყველაზე მძაფრი და განსაკუთრებული გიოს უკავშირდებოდა…

როგორც უკვე გითხარით, მე ლილუ მქვია, მაგრამ ბავშვობიდან მოყოლებული, ყველა ლუს მეძახის. ისიც იცით, რომ ფოტოგრაფი ვარ და კომპანია “ნატურალ დრეამს”-ში ვმუშაობ. ნაკლებად კონტაქტური ვარ. არ მიყვარს ადამიანებთან ფამილარული ურთიერთობები. მეგობარი გოგოც მხოლოდ ერთი მყავს. არც ზედმეტი სენტიმენტები მახასიათებს და არც სიტყვა “მიყვარხარ” მიყვარს… ერთი შეხედვით “სტერვას” იმიჯი მაქვს, მაგრამ შინაგანად საკმაოდ მგრძნობიარე ვარ, რასაც ნაკლად მივიჩნევ და გამუდმებით მის გამოსწორებას ვცდილობ.

ასე მიცნობდა ყველა და მეც ასე ვიცნობდი საკუთარ თავს მანამ, სანამ ერთ “მშვენიერ” ღამეს არ დავბრმავდი… მას შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა…

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ძალიან ახლოს არიან ჩვენს შინაგან სამყაროსთან. მათთან შეხვედრის დროს, ეს სულიერი სიახლოვე ცხადად იგრძნობა და ჩვენში ნამდვილი “მე” იღვიძებს. ეს შეგრძნება, როგორც წესი ორმხრივია და თან ძალიან ძლიერი. არ არის აუცილებელი, სრულ ინფორმაციას ვფლობდეთ მის შესახებ იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღოთ და მოულოდნელი ნაბიჯი გადავდგათ, რომელიც ჩვენს მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის. როგორც წესი, ასეთ მომენტებში ეს თავისთავად, ბუნებრივად ხდება და ჩვენ უძლურები ვართ ამ ძალის წინაშე…

ერთი ასეთი არაჩვეულებრივი შეხვედრის დროს განცდილ გრძნობას, შეუძლია მთლიანად გადაწონოს ჩვეულებრივი, მრავალწლიანი ურთიერთობებიც კი… ამ შეხვედრის შემდეგ, გვიჩნდება შეგრძნება, რომ არაბუნებრივად ვიქცევით, საკუთარი საქციელები გვიკვირს და ისეთ რაღაცას ჩავდივართ, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდით, სინამდვილეში სწორედ ეს არის ჩვენი რეალური სახე, რომელსაც აქამდე გარკვეული მიზეზების გამო ვმალავდით. ნელ-ნელა ვაცნობიერებთ, რომ აქამდე, თითქოს გვეძინა…

კომა ღრმა ძილს ჰგავს… გამიგია, რომ კომიდან გამოსული ადამიანების უმრავლესობას პერიოდულად ესმოდათ ახლობლების ხმა, მაგრამ ვერ რეაგირებდნენ. თითქოს სადღაც სხვა სივრცეში იყვნენ…

მეც ასე ვიყავი… პერიოდულად ჩამესმოდა ვიღაცეების ლაპარაკი, ძირითადად იტალიურ ენაზე. მინდოდა თვალები გამეხილა, მაგრამ ვერ ვახელდი… თითქოს საკუთარ არაცნობიერში ვიყავი ჩაკეტილი…

აზროვნებაც უცნაურად შემეძლო… უფრო სწორად, კი არ ვაზროვნებდი, თითქოს ვიღაც მკარნახობდა ფიქრებს… სიტყვებით ამის გადმოცემა შეუძლებელია. პერიოდულად ვხედავდი ნაწყვეტებს ჩემი ცხოვრებიდან, რომლებიც კადრებივით ცვლიდა ერთმანეთს. ოღონდ მე _ მე არ ვიყავი… თითქოს ვიღაც მესამე პირი ვიყავი და უბრალოდ თვალს ვადევნებდი მათ, ფილმივით ვხედავდი…

***

მე, დედა და მამა დივანზე ვსხედვართ და ფილმს ვუყურებთ, _ “ჩომინგ თო Aმერიცა”, ძალიან მიყვარს ეს ფილმი… ვუყურებ და ვოცნებობ, რომ ჩემს ცხოვრებაშიც მოხდეს რამე ზღაპრული…

***

სკოლის მოსწავლე ვარ. დედამ ზღვაზე წამიყვანა. საღამოა და მზე ჩადის… თვალებგაფართოვებული ვუყურებ, როგორ ეშვება სტაფილოსფერი ბურთი ზღვაში… ჩვენს გვერდით შეყვარებული წყვილია. მუხლებამდე წყალში დგანან. ისინიც მზეს უყურებენ… ბიჭი გოგოს უკან დგას და ხელები შემოხვეული აქვს… ბავშვური აღტაცებით ვუყურებ მათ და ვფიქრობ, ნეტა ეს ლამაზი სურათი არასოდეს წაიშალოს ჩემი მეხსიერებიდან… ვცდილობ კარგად დავიმახსოვრო ეს კადრი.

_ დეე, სკოლას რომ დავამთავრებ, აუცილებლად ფოტოგრაფი გამოვალ…

_ რატომ ლუ?

_ მინდა, რომ განსაკუთრებული კადრები დავაფიქსირო ხოლმე და ყველამ ნახოს, რა ლამაზია სამყარო. მინდა, რომ ვინც ნახავს, ყველას გაეღიმოს და რაღაც განსაკუთრებული გაახსენდეს თავისი ცხოვრებიდან…

***

დედაჩემის ხმა შორიდან ჩამესმის…

_ ლუ, შემომხედე დედა… აქ ვარ, შენთან! ვიცი, რომ გესმის… გაახილე თვალები, დედიკო…

***

ინსტიტუტში ვარ. ფოტოგრაფიის ლექტორი სიმპათიური კაცია. უცოლო… ჯგუფში მხოლოდ ოთხნი ვართ, მაგრამ დღეს მარტო მივედი ლექციაზე. მაინც ჩამიტარა… აუდიტორიაში მხოლოდ მე და ის ვართ… ჩემთვის ატარებს ლექციას…

_ 1957 წელს, რეკლამის ამერიკელმა სპეციალისტმა ჯეიმს ვაიქარიმ, ექსპერიმენტი ჩაატარა. კინოში ექვსი კვირის განმავლობაში უშვებდა 3 მილიწამის სიგრძის ფარულ სარეკლამო გზავნილებს _ “მიირთვით პოპკორნი” და “დალიეთ კოკა-კოლა”. ეს გზავნილები, იმდენად ხანმოკლე იყო, რომ ცნობიერად ვერ აღიქმებოდა, თუმცა, არაცნობიერში აღწევდა და გავლენას ახდენდა მაყურებლის ქცევაზე. შედეგად, ამ პერიოდში, პოპკორნისა და კოკა-კოლას გაყიდვები საგრძნობლად გაიზარდა. ჯეიმსმა თავისი მიგნება, _ “ოცდამეხუთე კადრის ეფექტი” დააპატენტა და სუბლიმინარული რეკლამის კომპანია შექმნა.

_ ბ-ნო მამუკა! ერთი ფილმი გამახსენდა. ვერნერ ჰერცოგის… _”შუშის გული” ჰქვია! ამ ფილმში, ყველა მსახიობი ჰიპნოზის ქვეშაა და ისე თამაშობს… ერთი პერიოდი, ამ ფილმის ჩვენება აკრძალეს კიდეც… ოცდამეხუთე კადრის ეფექტის გამოყენება არ არის აკრძალული?..

***

თათიას სახლში ვარ. მიყვარს აქ ყოფნა… სიმყუდროვეს ვგრძნობ და სიმარტოვის შეგრძნებაც ნაკლებად მაწუხებს… მხოლოდ აქ შევიგრძნობ იმ სითბოს, რასაც ოჯახი ჰქვია…

_ ეს ყველაფერი, რაც მომიყევი კონკიას თანამედროვე ვარიანტია, ცოტა “ექშენით” გაჯერებული: _ და აი, მოულოდნელად გამოჩნდა ის ერთადერთი, _არსაიდან, შურიანი “გერების”, მოცემულ სიტუაციაში იმ “სამეულის” კომპანიიდან დაგიხსნა, მერე თვალები აგიხილა. ბოლოს კი, მუსტანგით გაგაქროლა სახლში და შენ ისევ გოგრად გადაიქეცი…

***

მაჭკატების სუნია. ლალი ჩემთვის აცხობს. სამზარეულოში თბილა… მე და მამა კროსვორდს ვავსებთ…

***

ლაშას ხმა ჩამესმის.

_ მაპატიე, ლუ… ვერც მეორედ დაგიცავი… მაგრამ, ვიცი… შენ მაგარი გოგო ხარ და გამოძვრები!

***

ირგვლივ სიწყნარეა. მხოლოდ ბუხარში იწვის შეშა და ტკაცა-ტკუცი ისმის… მის გვერდით ვდგავარ… ბუხრიდან წამოსული სითბო მსიამოვნებს…

_ როგორ მოგმართო?

_ ჩვეულებრივ, შენობით მომმართე!

_ იუმორის გრძნობა კარგია, მაგრამ რამე სახელი მითხარი, რომ მოგმართო… თუ გინდა მოიგონე, ჩემთვის სულ ერთია…

_მართლა?

_ მართლა!

_ კარგი… დავუშვათ, გიორგი მქვია…

***

კომპიუტერის ეკრანს ვუყურებ…

Aლტერ Eგო

ოცნება ფრთხილად აირჩიე, შეიძლება მართლა ახდეს!

Lუ

მე ჩემი ოცნების არ მეშინია და შესაბამისად, მზად ვარ, მას პირისპირ შევხვდე!

Aლტერ Eგო

კვირას _ 19:05 სთ. ინგოროყვას ასახვევთან…

***

მანქანაში ვზივარ. პირდაპირ ვიყურები და ქუჩებს ვერ ვცნობ, თითქოს ჩემი მეხსიერებიდან ამოიშალა ყველაფერი…

_ ბედნიერების შენეული რეცეპტი როგორ ჟღერს?..

***

მე და ლაშა რესტორანში ვართ. ულამაზესი ხედია. მთელი თბილისი ჩანს…

_კონკრეტულს კი არ ვეძებ რამეს… არც ვიცი, რა და სად მოვძებნო…

_ ეს იმიტომ, რომ აქამდე არ გიფიქრია და არ გაქვს გაცნობიერებული რა გინდა! რისი პოვნა გინდა… მე დაახლოებით ვხვდები.

_ რას?

_ შენ ეძებ ადამიანს, _ მამაკაცს, რომელიც შენს ცხოვრებაში განსაკუთრებულად შემოვა… მოულოდნელად შემოიჭრება! გააკეთებს იმას, რასაც ვერ წარმოიდგენდი… გაგაოცებს, აგაფორიაქებს, დაგაინტრიგებს, თავსაც დაგაკარგინებს…

***

ლაშას ხმა ჩამესმის… მგონი დედას ესაუბრება…

_ კოდი ლუს დააწერა და წავიდა… არა მგონია მას დაერეკა და ეთქვა… მე ვფიქრობ, რომ ისინი მე გამომყვნენ. ალბათ მითვალთვალებდნენ…

_ შენ რომ არა, ჩემი შვილი მკვდარი იქნებოდა… ახლა იმედი მაინც მაქვს…

***

ჩემი სახლის აივანზე ვდგავარ. ვუყურებ და არ მჯერა, რომ ჩემს სახლშია…

_ ადამიანი ბედნიერია იმდენად, რამდენადაც სურს რომ ბედნიერი იყოს… ყველას უნდა, ბედნიერი იყოს, მაგრამ არც ერთ ადამიანს არ შეუძლია, ზუსტად განსაზღვროს რას ნიშნავს ბედნიერება… იმიტომ, რომ ის თვითონ ადამიანშია. ზოგი მხოლოდ ცხოვრების ბოლოს ხვდება, რომ თავს იტყუებდა და სჯეროდა, რომ ბედნიერი იყო… მაგრამ სინამდვილეში არ ყოფილა… ბედნიერება გონების განწყობის მიხედვით მოდის. ამიტომ, ეძებე ის შენში და არა სხვაგან… გახსოვდეს, რომ დრო არავის უცდის და რაც მეტ დროს დაუთმობ ბედნიერების ძებნას იქ, სადაც არ არის, მით უფრო ნაკლები დრო დაგრჩება იმისთვის, რომ ბედნიერებით ისიამოვნო!

_ შენ ბედნიერი ხარ?

_ უზომოდ… ვერ წარმოიდგენ, რა ბედნიერი ვარ ახლა, თუნდაც იმით, რომ შენ გელაპარაკები…

***

ჩემი გორგოლაჭებიანი სავარძლით ლუკას სკამთან მივსრიალდი.

_ ლუკაა, სიზმარში რიცხვების ნახვა რამეს ნიშნავს?

_ ეგ როგორაა იცი? სიზმარში, ციფრები და რიცხვები რაღაცის მაჩვენებლები არიან, რომლებიც რაღაც კონკრეტული დროისთვის ან მოვლენისთვის გვამზადებენ. ბიძგივითაა რა… თუ სიზმარში, რიცხვი ან თარიღი ჩაგესმის, ეს რაღაც ცუდის მანიშნებელია, უფრო იმის, რომ შენი აღსასრული ახლოსაა… მაგრამ, თუ ამ ციფრებს ხედავ ან კითხულობ, მაშინ რაღაცა მნიშვნელოვანი მოხდება, _ გასაგებად გიხსნი?

_ კიი, კიი… განაგრძე!

_ ანუ, რიცხვები ერთგვარი მანიშნებელია, რომელიც გაჩვენებს კონკრეტულად იმ მოვლენას, რამაც ეს სიზმარი განაპირობა. როდესაც ხშირად ნახულობ ერთი და იგივე ციფრებს, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ მოვლენის შესახებ იღებ წინასწარ მინიშნებას, რომელიც მომავალში გავლენას მოახდენს რეალობაზე…

***

“თეთრი არწივის” დირექტორის კაბინეტში ვარ. ბოკალი შევანჯღრიე და მოვსვი.

_ ეს არის #25, ორწლიანი დაძველებისაა. გამოირჩევა ციტრუსის, ნაზი ყვავილების, თამბაქოსა და ხის ტონებით…

_ უგემრიელესია…

***

ისევ დედას ხმა ჩამესმის.

_ არ შეიძლება, რომ სულ მასთან დავრჩე?.. გადაუთარგმნეთ რაა, ჩემს შვილთან მინდა ყოფნა… კიდევ რამდენ ხანს იქნება ასე?..

***

ვერ ვხედავ, მაგრამ მისი სუნამოს სუნს ვგრძნობ. რა ცხელი ხელები აქვს…

_ ვიმღეროთ?.. სიმღერა თერაპიის კურსში შედის? კაი, ვიმღეროთ, თუ სიმღერა მიშველის… ოღონდ “სულიკო” არა! ვერ ვიტან, რა უბედურებაა, დადის და საყვარლის საფლავს ეძებს… ჩემი პაპა იცი როგორ დაიღუპა? საყვარელთან მიდიოდა და მანქანა დაეჯახა, გზაზე რო გადადიოდა. აი, ზოგადად სიკვდილი ხო საშინელებაა? მაგრამ არსებობს სასაცილო სიკვდილი, მაგალითად ტროლეიბუსი რო გაგიტანს ან რამე ეგეთი… უჰჰ, რას ავიტეხე სიკვდილზე ლაპარაკი. რამდენს ვლაპარაკობ. საერთოდ ცოტას ვლაპარაკობ ხოლმე… თან, ყოველთვის ვიცი ვის ველაპარაკები…

_ “სულიკო” არც მე მიყვარს!

***

ჩემგან ცოტათი მოშორებით დგას… შავი სვიტრი აცვია. წვერი გასაპარსი აქვს, თვალები ოდნავ ამღვრეული. მასთან მე თვითონ მივდივარ და ხელს ვადებ მკერდზე… აჩქარებულად უცემს გული…

_ ცოცხალი ვარ, ლუ!

_ ვიცი…

თვითონაც მადებს ხელს გულზე…

_ შენ სულ ასეთი ცხელი ხელები გაქვს?..

_ კი…

_ მე კიდევ, ყოველთვის ცივი…

***

მამას ხმა ჩამესმის…

_ ეკა, თბილისში რომ გადავიყვანოთ როგორმე?.. თუ სიკვდილი უწერია, თავის მიწაზე მაინც…

_ არ გამაგიჟო, ზურა… ნუ ლაპარაკობ ეგრე!..

_ შენ გგონია ჩემთვის ადვილია ამის თქმა?.. ჩემი ერთადერთი გოგო…

***

სამზარეულოში ვდგავარ და მეეზოვეს ველოდები, რომელიც აივანს ასუფთავებს…

_ საცოდავი… იცი რა, ქალბატონო, ესე იციან ტრედმა! ცოტა ხანში, აი მაგის ქმარი, ფრთები დაკეცამს და გადავარდება!

_ ვაიმე, რას ამბობთ!

_ არ გაგიგიათ?

_ არაა, მტრედის სუიციდზე ნამდვილად არაფერი მსმენია!

***

მამას ხმა მესმის…

_ გადაეცით, აქ ფეხი არ მოადგას! მაგის გამოა ჩემი შვილი ამ დღეში…

***

მე და თათია ბარში ვართ.

_ რომელი ბიჭი, თათ?

_ აგერ ის, უჯრედებიანი პერანგი რო აცვია!

_ მეკაიფები?..

_ რა იყო?..

_ რას გავს…

_ მოკლედ რაა… შენი მოსაწონი ვერავინ ვნახე… ყველას რაღაცას უწუნებ!

***

შორიდან ნაცნობი ხმა ჩამესმის…

_ Fაი ენტრარე ან მინუტო…

_ ნონ è პოსსიბილე!

_ Vოგლიო შალუტარე… Pერ Fავორე… Fაი Eნტრარე უნ პო…

* _ ერთი წუთით შემიშვით…

_ შეუძლებელია!

_ მხოლოდ დავემშვიდობები… გთხოვთ… ცოტა ხნით შემიშვით… *

***

კლდეები ხავსითაა დაფარული. შუაში მდინარეა… ისეთი გამჭვირვალეა, რომ ფსკერი ჩანს. იმ ადგილას, სადაც ჩანჩქერი ეშვება ცისარტყელაა გადაჭიმული.

_ სოფი, ფეხზე გაიხადე და აი იქ დადექი, ჩანჩქერის წინ!.. წარმოიდგინე, რომ შენ ხარ დედოფალი… ეს არის ადგილი, სადაც შენს თავთან მარტო დარჩენა შეგიძლია და ისვენებ… არაფერზე არ ფიქრობ. ყველა ყოფითი პრობლემა გავიწყდება… თვალებს ხუჭავ, სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავ და ჩანჩქერის ხმას უსმენ…

***

შორიდან სიმღერა ჩამესმის…

_ ცისარტყელებიი… ათასფერებიი…

მინდა მეც ავყვე, მაგრამ არ გამომდის…

თითქოს ის გვირაბის ბოლოშია, მე თავში…

მის შეხებას ვგრძნობ. გულზე ხელს მადებს… სხეულში სასიამოვნო სითბო მეღვრება…. ცხელი ხელები აქვს, როგორც ყოველთვის…

_ მთებს, თოვლიან მთებს… ვუმღერებ ლამაზ სიმღერეებს…

მისი ხმა თითქოს ნელ-ნელა ახლოვდება… ხმა უკანკალებს…

_ შორს გავივლით გზეებს… გზაზე დაგიკრეფ ყვავილეებს….

მის სუნს ვგრძნობ… მგონი რეალობის აღქმა ნელ-ნელა მიბრუნდება…

ერთი ხელი კვლავაც ჩემს გულზე უდევს. მეორეთი ლოყაზე მეფერება…

_ ლუ…. გაახილე რა თვალები… გაახილე…

მისი ხმა უკვე გარკვევით მესმის…

ტუჩებით შუბლზე შემეხო…

ჰაერი ჩავისუნთქე და…

თვალები გავახილე…

დასასრული

Advertisements

32 thoughts on “ოცდამეხუთეს ეფექტი

  1. თეა, დღეს კიდევ ერთხელ გადავიკითხე ეს მოთხრობა(ვინ იცის მერამდენჯერ) და ისე მომინდა აქაც დამეწერა რამე… პირველად 4love-ზე წავიკითხე, არც ვიცოდი ვინ იყო ავტორი, არადა ისე მაინტერესებდა. მერე, სრულიად შემთხვევით, მეგობარმა მომცა შენი ბლოგის მისამართი და ასე აღმოვჩნდი აქ^^ ახლა კი, როცა შენი სხვა მოთხრობებიც აღმოვაჩინე, ნელ–ნელა დავიყვები ყველას:))

  2. სიტყვები არ მყოფნის ძალიან მაგარია ჟრუანტელის მომგვრელი…ყოჩაღ

  3. ერთი ამოსუნთქვით ჩავამთავრე, უძლიერესია!!! ასე არაფერი წამიკითხია დიდი ხანია. ყოჩაღ და დიდი მადლობა ამ სიამოვნებისთვის. თან სულ შემთხვევით აღმოვჩდი ამ ბლოგზე… ვაპირებ დანარჩენი მოთხრობებიც წავიკითხო 🙂

  4. საოცრად მარტივად არის გადმოცემული ყველაფერი…რელობის ტოლფასად აღიქმება რაცას კითხულობ…ყოჩაღ!საუკეთესოა ყველა რაც ამ გვერდზე წერია…მათ შორის ესეც… ❤

  5. sagooool !!! Aranormaluraad magaari rame iyo dasasrulic dzalian magaarii itokshiii kideee didi siamovnebit wavikitxavdi tavidaan.. Saaaagol magaria dzaaan !!!

  6. თეა, ემოციებს ვერ ვმალავ იმდენად საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი იყო, მშვენიერი, გულისამაჩუყებელი ფინალით. დიდი მადლობა რომ ასეთი ნიჭიერი ხართ ❤

  7. Sulmoutqmelad wavikitxe, dzalian kargad swert, sainteresoa da kargi wasakitxi, mixariacrom gipovet, minda warmateba gisurvot, gtxovt ,,tamashi”gaagrdzelet.

  8. ვაღიარო რომ ამ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში პირველად გამჩნდა ასეთი ინტერესი ნაწარმოებისადმი… ამაღელვებელი იყო და თავისე ურად საინტერესო.. დიდი მკითხველი არ ვარ ზოგადად დრო როცა მქონდა ამასაც მაშინ გადავხედედ ა დღეს დავაღამე და ჩავამთავრე მაინც 🙂 მადლობა თეა 🙂 ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s