ჯავის ქუჩის მოჩვენება – პარანორმალური მოვლენა თუ უბრალოდ, ჭორი?

Image

ალბათ, უკვე ყოველ მეორე ადამიანს სმენია, ცოტა ხნის წინათ აგორებული “სასწაულის” შესახებ, რომელიც ერთ სახლს უკავშირდება. ჯერ კიდევ არ გაჩერებულა მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ ნაძალადევის რაიონში, ჯავის ქუჩის ნომერ 62-ში, პარანორმალურ მოვლენებს აქვს ადგილი.
არ წყდება ცნობისმოყვარე ხალხის ნაკადი, რომლებიც “პარტია-პარტია” მიდიან ფოტოაპარატებითა და კამერებით მომარჯვებულნი და ნებისმიერ ფასად ცდილობენ სახლში შეღწევას. სახლს კი უზარმაზარი გალავანი აქვს შემოვლებული და როგორც ზღაპრებში იტყოდნენ – “შიგნით ბუზიც ვერ შეფრინდება”.

ამას წინათ ერთ-ერთ გაზეთში უზარმაზარი სტატია გამოქვეყნდა, სადაც ამ სახლის შესახებ ისეთი რაღაცები ეწერა, რომ კითხვის დროს შიშით თმა ყალყზე დაუდგებოდა ადამიანს. მოდი, ჯერ იმ “ლეგენდას” მოგიყვებით, მერე ჩემ მიერ გამორკვეულ ამბავს და თავად გადაწყვიტეთ, რომელი უფრო შეესაბამება სიმართლეს.

სახლი ერთ დროს ვინმე “მილიონერ” თათოზა დანელიანს ეკუთვნოდა. მას ცოლი და ორი ქალიშვილი ჰყავდა. როდესაც ცოლი გარდაეცვალა, ბორდელიდან ახალგაზრდა ქალი მოიყვანა, რომელთანაც კიდევ ერთი შვილი, – ვაჟი შესძენია.

თათოზას ოჯახი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. ისინი არ ეკონტაქტებოდნენ მეზობლებს, რაც ეჭვს და ჭორებს იწვევდა… გარკვეული პერიოდის მერე თათოზას სახლი გაუყიდია და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში წასულა. იქ გაკოტრებულა და მალევე გარდაცვლილა.

ამ ისტორიაში უცნაური არაფერია. მილიონერი მეზობელი, რომელსაც ვითომ ერთი ოთახი მხოლოდ სიმდიდრის შესანახად აქვს გამოყოფილი და არავის ეკონტაქტება, ცხადია, უფრო ადვილად გახდება ჭორაობის ადრესატი, ვიდრე ნებისმიერი სხვა.

თათოზას წასვლის შემდეგ სახლი რამდენჯერმე გაყიდულა და ვინც იქ ცხოვრობდა, თურმე ვერავის უხეირია. პარანორმალური მოვლენების ქარბორბალა კი რატომღაც მაშინ დატრიალდა, როდესაც სახლი სპორტსმენმა ლუკა კურტანიძემ შეიძინა. რამდენჯერაც შინ ბრუნდებოდა, სახლში ყველაფერი არეული ხვდებოდა.

სახლი მანაც გაყიდა და ახალმა მფლობელმა სახლის საკურთხებლად მღვდელი მოიყვანა. მღვდელი შეუძლოდ გამხდარა და უკან გაბრუნებულა.

სტატიას თუ დავუჯერებთ, სახლიდან ნაბიჯების ხმა, წივილ-კივილი, არაბუნებრივი ხარხარი ისმის, ოთახებში კი გამჭვირვალეკაბიანი გრძელთმიანი ახალგაზრდა გოგონას სული დასეირნობს, უცნაურად იკლაკნება და ცეკვავს. თან, თურმე ხანდახან სკაფანდრითაც ჩნდება. საინტერესოა, წყალში დახრჩობის ეშინია თუ კოსმოსში გაფრენაზე ოცნებობს…

თქვენი არ ვიცი და მე მაშინვე საშინელებათა ფილმი – “ზარი” გამახსენდა. ეს გოგონა თურმე თათოზას მეორე ცოლი – შორენა ყოფილა, რომელიც ქმარს მოუკლავს და სახლის ეზოში დაუმარხავს. თუ ასეა, საინტერესოა, რა ეცეკვება საწყალ სულს, რომელმაც “განსასვენებელი ვერ ჰპოვა”?

სახლს ცოტა ხნის წინ დაცვა იცავდა, რომლებმაც პოსტი დატოვეს (აბა, რომელი ნორმალური ადამიანი გაჩერდებოდა ასეთ ადგილას?). მერე, ვიღაც ბიჭები შესულან და ისეთი რაღაც უნახავთ, რომ ერთს შიშისაგან შარდი ვერ შეუკავებია.

ამ სტატიის წაკითხვის მერე გულმა არ მომითმინა და ჩემს ორ მეგობარ გოგონასთან ერთად მოჩვენების სანახავად, დიდი შემართებით ჯავის ქუჩას ვეწვიე.

ამ იმედით მისულებს სამივეს კოვზი ნაცარში ჩაგვივარდა. სახლთან შეკრებილი გამწარებული მეზობლები დაგვხვდნენ, რომლებმაც ჩვენი დანახვისთანავე აგრესია გამოამჟღავნეს და ჩხუბი დაგვიწყეს. ჩვენც მშვიდად და წყნარად ავუხსენით, რომ მოჩვენებების არ გვჯერა და გვინდა გავიგოთ ის რეალური მიზეზი, რამაც ეს მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

ამ ორი ქალიდან ერთ-ერთი იმ “ავადსახსენებელი” სახლის მეზობელი აღმოჩნდა. მას ერთი კედელი ჰყოფს სახლთან და გასაღებიც მას აბარია. ჩვენ მალევე მოვიპოვეთ მეზობელი ქალის კეთილგანწყობა და უფრო მეტიც, ქალმა იმ სახლის მეპატრონის, განსვენებული თათოზას რძალთან მიმიყვანა.

აი, რა გავიგე მათგან:
“ის, რომ წერენ, ვითომ ამ ქუჩაზე მცხოვრებნი პანიკაში არიანო, – ტყუილია! ერთადერთ დისკომფორტს გვიქმნიან ადამიანები, რომლებიც გაუთავებლად მოდიან და გვაწუხებენ. ხან კამერებით მოგვადგებიან, ხან გალავანზე გადაცოცებას ცდილობენ… იქ კი დენის კაბელებია გაბმული და დღეს ახალგაზრდა ბიჭს კინაღამ დენმა დაარტყა.

ნერვები აღარ გვივარგა. არ მესმის, რაში დასჭირდა იმ გაზეთს ასეთი სტატიის დაწერა… რატომ არ ფიქრობენ, რომ ამით მეზობლებს საშინელ დღეში აგდებენ?.. ჩემს სახლს და ამას საერთო კედელი აქვს და როგორ ფიქრობთ, ასეთი რაღაც რომ ხდებოდეს, აქ გავჩერდებოდით?.. ბავშვები მყავს პატარა, ძაღლი მყავს, კატაც მყავს… ღამღამობით ჩვეულებრივ დავდივარ ეზოში… ბავშვებიც სულ დარბიან…

ერთხელ ჩემი კატა დაიკარგა და რამდენიმე დღე აღარ გამოჩენილა. მერე ერთმა მეზობელმა მითხრა, რომ დაცვის ბიჭებს დაუჭერიათ და თავისთან ჰყავდათ, რადგან ავ სულებს კატის ეშინიათო… ისეთი ჭორები დაყარეს ამ სახლზე, რომ რა გასაკვირია, შეშინებოდათ? აგერ, იმ კაცის რძალია და მას ჰკითხეთ, მაგაზე უკეთ ვინ მოყვება, რა იყო და როგორ?”

თათოზას რძალი:

“თათოზა იყო ჩემი მამამთილის ძმა, რომელიც ჩვეულებრივი “საპოჟნიკი” იყო. მერე ფული დააგროვა და “ცეხი” გახსნა. გამდიდრდა და საზღვარგარეთ წავიდა ოჯახთან ერთად. იქ გაკოტრდა და გზაში დაიღუპა. ჰოდა, ააგორეს კიდევაც ჭორები.

არავითარი ახალგაზრდა ქალი აქ არ მომკვდარა. მე დამეღუპა ოთხი თვის გოგონა, რომელიც მაგ სახლიდან გავასვენეთ. ჰოდა, ეს ამბავი გამოიყენეს და მოაბეს კუდები… ასე როგორ შეიძლება?

ამ სახლზე ძალიან დიდი დავაა. შეგიძლიათ ნახოთ რეესტრში, რომ ახლაც იპოთეკითაა დატვირთული. ყოფილი მფლობელი, ქალი გადაემტერა იმას, ვინც სახლი წაართვა და რომ ვერ გაყიდოს, გამწარებულმა დაუყარა ეს ჭორი. ესაა და ეს.

არ მესმის იმ ხალხის, აქ რომ მოდიან. რა ჰგონიათ, რომ მოჩვენება გამოვა და ხელს ჩამოართმევს?”

მეტი დამაჯერებლობისთვის ჩემმა რესპონდენტებმა საკუთარი შვილები და შვილიშვილები იფიცეს და მთელი საგვარეულო ამოიწყვიტეს იმის მტკიცებაში, რომ ეს სახლი ჩვეულებრივი სახლია და იქნებ ჩემი ბლოგით რამენაირად დავეხმარო მათ, რათა ამ გაუთავებელ მისვლა-მოსვლებს ბოლო მოეღოს.

მე წელიწადზე მეტია, რაც ძველი თბილისის ისტორიებს ვიკვლევ. ძალიან ბევრი ლამაზი და ცნობილი სახლი სწორედ სომეხი ვაჭრების აშენებულია, რომლებიც იმ დროისთვის მრავლად ცხოვრობდნენ ტფილისში და სხვადასხვა ქარხანას ფლობდნენ.

კონკრეტულად ამ სახლს იდეალური პირობა აქვს იმისთვის, რომ ასეთი ლეგენდა მოუფიქრო. მას გარშემო უზარმაზარი გალავანი აქვს შემოვლებული, რაც სახლის დანახვის შესაძლებლობას გამორიცხავს. ამიტომ უფრო ადვილად შეიძლება დაიჯერო ის, რისი დანახვაც არ შეგიძლია და რასაც პირადად ვერ შეეხები.

ყველას, ვისაც სკაფანდრიანი გოგონას მოჩვენების დანახვა გსურთ, იქ მისვლით იმედგაცრუება გელით. ასე რომ, აჯობებს, შინ დარჩეთ და ფილმი – “ზარის” ყურებით შემოიფარგლოთ.

begi-banernewspaper4

შატბერაშვილის სახლი-ბანერი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s