ღამურების სახლი – მეორე ნახევარი (თავი მეოთხე)

Image

“გათენდა”.
შეგრძნება – ნაცნობი. აზროვნება – შენელებული… ვინ იცის, მერამდენედ გაიღვიძეს… აქ ხომ დრო პირობითია…
მაგიდაზე სიურპრიზი დახვდათ, – შემწვარი სოსისის სახით. რეაქციის გამოხატვის თავი არც ერთს ჰქონდა. მუნჯებივით მიუსხდნენ მაგიდას და მექანიკურად დაიწყეს ჭამა. თეის ლუკმა არ ჰქონდა გადაყლაპული, რომ ღეჭვა შეწყვიტა და ანდროს შეხედა…

– რაღაცის თქმა გინდა ხომ, თე? – უკვე შევისწავლე შენი მიმიკები… ახლა, სავარაუდოდ, რაიმე საშინელებას იტყვი…

ანდროს გაეცინა და თეის პასუხის მოლოდინში ჩანგლიანი ხელი ჰაერში გაუშეშდა.

– ნეტავ რისი ხორცია? ხომ შეიძლება, ადამიანისა იყოს? – ჩვენნაირების? იქნებ ჩვენს ხორცსაც აჭმევენ მერე ვინმეს… 

– როგორ გეხერხება, ადამიანს ხასიათი წაუხდინო! – მადაც…

– და რომ აღმოჩნდეს, რომ ადამიანის ხორცია?

– ამ სოსისს ჩვეულებრივი, სოსისისათვის დამახასიათებელი გემო აქვს!.. ადამიანს კი ტკბილი ხორცი ჰქონია!..

– რა იცი?.. – გასინჯულიც ხომ არ გაქვს?.. 

– არა, მსმენია!

– ეგ კი არა და… ამ ყოფას ხომ არ შევეგუეთ?..

– შევეგუეთ?

– თითქოს აღარ ვიბრძვით… 

– შეიძლება ასეცაა… ალბათ, რაღაცას ველოდებით!

– მერე, სწორია ეს? მგონი, მთავარი ისაა, რომ ბრძოლა არ შეწყვიტო! – არასოდეს!

– ჩვენ ისიც კი არ ვიცით, ვის ვებრძვით, თე…

– ან რას…

– ცოტა გამოვცოცხლდი… აშკარად რაღაცას უშვებენ ჰაერში…

– ან საჭმელში! 

თეიმ სოსისიანი თეფში გვერდზე გაწია.

– შიმშილობას აცხადებ? – დასუსტდები უფრო… ისედაც ფერმკრთალი ხარ!

– თუ საჭმელში ურევენ რაღაცას, მივხვდები! 

მცირე პაუზის შემდეგ თეიმ თავი დაბლა დახარა და ხმადაბლა დაილაპარაკა:

– ანდრო…

– გისმენ!

– შენ გინდა დაბრუნება?

– მიუხედავად იმისა, რომ შენთან ყოფნა ძალიან მომწონს, მინდა, ჩემს წარსულ ცხოვრებას დავუბრუნდე! ოღონდ მინდა, რომ იქ შენც იყო!

– არჩევანი რომ გქონდეს, მარტო დაბრუნდებოდი სახლში თუ ჩემთან ერთად დარჩებოდი აქ?

– შენთან ერთად დავბრუნდებოდი!

– არა, მარტო ის ორი ვარიანტი რომ იყოს… ან ჩემთან ერთად – აქ! ან უჩემოდ – იქ… – რომელს აირჩევდი?

ანდრო დაფიქრდა.

– ძალიან საშინელი კითხვა დამისვი, თეე…

– კარგი, დაივიწყე! ისედაც ვიცი, რომ დაბრუნდებოდი… შენ ძალიან გინდა დაბრუნება!

– შენ არა?

– მეც მინდა… თუმცა არის მომენტები, როდესაც ვფიქრობ, რომ აქ მირჩევნია… უბრალოდ, შენთან ერთად თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ… რომ დავბრუნდები, არ ვიცი, რა დამხვდება და მეშინია… ვიცი, სულელურად ჟღერს და მეტყვი, – აქაურობაზე საშიში სხვა რა უნდა იყოსო, მაგრამ… ალბათ, ყველაზე მეტად შენი დაკარგვის მეშინია!

ანდრო გაჩუმდა.

– ძალიან პირდაპირი ვარ!

– მე მესმის შენი, თე…

– მართლა?

თეიმ თავი ასწია და ანდროს მზერა გაუსწორა.

– მართლა! შენ ისეთი გოგო ხარ, რომ… როგორ გითხრა…

– რომ რა?

– არ ვიცი… ძალიან ინდივიდუალური ხარ!

– და ჩემნაირი გოგო მარტო უნდა იყოს, ხო?

– ეგ არ მიგულისხმია…

– ასეა! ანდრო, – რა არის შენი ცხოვრების მიზანი?

– ჩემი ცხოვრების მიზანი ბანალურად გამოიყურება, თე… მე არ მეხერხება შენსავით ლამაზად და საინტერესოდ ლაპარაკი…

– მითხარი! – ხანდახან სიმართლე საკმაოდ ბანალურად ჟღერს…

– ჩემი მიზანი არის თვითრეალიზაცია, სტაბილური და მუდმივი შემოსავალი, ჯანმრთელობა და ლამაზი ოჯახის შექმნა!

– ჰოო… მართალი იყავი! – შენი მიზანი ბანალურია…

გაეღიმა თეის და სკამის საზურგეს მოხერხებულად მიეყრდნო.

– შენი მიზანი რა იყო?! მაგალითად?..

თეიმ მაგიდიდან ხელსახოცი აიღო, სამკუთხედად გაკეცა. დაბლა, ფართო ნაწილი, დანის წვერით წერტილებად დაჩხვლიტა.

– ნახე, მაგალითისათვის: -აი, აქ… ძალიან ბევრი ადგილია! 

ხელსახოცი წერტილებით დაფარა. ბოლოს დანა სულ მაღლა, სამკუთხედის წვერთან მიიტანა და ერთი წერტილი დაამჩნია.

– ხოლო აქ… მხოლოდ ერთი ადგილი! ჩემი მიზანიც ეს იყო! ეს ერთადერთი ადგილი დამეკავებინა მწვერვალზე… არ დავრჩენილიყავი დუნედ მოძრავ მასაში… ხვდები, რისი თქმაც მინდა?.. 

– კი! მერე, შეძელი?..

– არა მგონია, ასეთ ადგილას კიდევ ბევრი იყოს!.. 

გაეცინა თეის. მერე დაამატა:

– ჯერ ყველაფერი წინ მაქვს! მხოლოდ სტიმული მჭირდება! ვინმე რომ შემხვდებოდეს ცხოვრებაში… ვინც ამყვებოდა… ან, უბრალოდ, გამიგებდა…

– მე?

– როგორც კი პირველად დაგინახე, სწორედ ეგ ვიფიქრე… რომ მოგძებნეს და ჩემთან მოგიყვანეს… 

– მე მომწონხარ! თანაც, ძალიან!

მოწონება საკმარისი არ არის! მოწონებამ შეიძლება ნებისმიერ წამს გაგიაროს და რა დაგრჩება?.. არაფერი! კარგი, დავანებოთ ამას თავი!

– შენ გჯერა მეორე ნახევრების არსებობის?

– რომ ყველა ადამიანს ჰყავს თავისი მეორე ნახევარი?

– ჰო…

– მე იმის მჯერა, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთა შინაგანი სამყარო ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ, რომ უსიტყვოდაც დაამყარონ ერთმანეთთან კომუნიკაცია… ისინი ჟესტების ენაზე, გამოხედვით ხვდებიან ერთმანეთის აზრებს… ხშირად ერთდროულად წამოიძახებენ ხოლმე რაღაცას…

– გეთანხმები… და რა ვქნა, როცა შენს მიმართ ვგრძნობ ამ ყველაფერს?.. დაგინახე თუ არა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ თითქოს მთელი ცხოვრებაა, გიცნობ!

– თუ მოხდა ისე, რომ ორივე დავბრუნდით… და აღმოჩნდა, რომ მე გათხოვილი ვარ? რას გააკეთებ?

– არ ვიცი, თეე… საშინელება იქნება, მაგრამ ალბათ თავს შევიკავებ… 

– ანუ გამიშვებ?

– სხვის უბედურებაზე საკუთარს ვერ ააშენებ, თე…

 შენ აცნობიერებ, რამდენად ცოტას უმართლებს თავისი მსგავსის პოვნაში? და თუ ეს შანსი მოგეცა, როგორ ფიქრობ, უნდა გაუშვა? – იქნებ სწორედ ესაა შენი ბედნიერება?

– ცხოვრებაში ბევრი “მაგრამ”-ები არსებობს… შენ ჩემგან სხვა პასუხს ელოდი და ამის გამო იფიქრებ, რომ შეცდი… ჩემში შეცდი… იფიქრებ, რომ მე არ ვარ “ის”…

 ბიინაოს ფრინველებს მხოლოდ ნახევარი მხარე გააჩნიათ! წარმოიდგინე, ჩიტი რომ შუაზე გაჭრა… ყოველ მათგანს მხოლოდ ცალი ფრთა, ცალი ფეხი და ცალი თვალი აქვს… ზოგი წითელია, ზოგი მწვანე… მათ აფრენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ იპოვიან თავიანთ მეორე ნახევარს და შეუერთდებიან… – ადამიანებიც ასე ვართ… – ნახევარჩიტებივით…

– შენი მოსმენა არასოდეს მომბეზრდება, იციი?..

– მე კიდევ შენს შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცი… მომიყევი რამე!

ანდრომ ჭამას თავი დაანება, სკამის საზურგეს მიეყრდნო და მოყოლა დაიწყო:

– ბავშვობაში ერთი გოგო მიყვარდა, – ჩემს მეზობლად ცხოვრობდა… ეზოში მხოლოდ მისი გულისთვის ჩავდიოდი ხოლმე. ერთხელ ბავშვები ვისხედით სკამზე… შებინდებული იყო უკვე… ზაფხული იყო და თხელი, სიფრიფანა კაბა ეცვა…

– მერე?

– უცებ ჩემს წინ დადგა და ცეკვა დაიწყო. – ჩემთვის იცეკვა. იმ მომენტში თითქოს უცებ დრო გაჩერდა. აღარაფერი მესმოდა და ვერც ვერავის ვხედავდი… მხოლოდ მას…

– მერე?.. სად წავიდა ის გოგო?..

– არსად! ერთხელ, როდესაც ჩემს წინ მიდიოდა, ფეხებზე დავხედე… – “ბასანოშკები” ეცვა და ქუსლები ძალიან ჭუჭყიანი ჰქონდა, ჰოდა, უცებ დაკარგა ყველაფერმა ფასი… ყველაფერი გაუფერულდა…

ანდროს გაეცინა, მაგიდიდან წამოდგა, მერე თეის ხელები მოჰკიდა და ფეხზე წამოაყენა.

– შენ იცეკვებ ჩემთვის?

– ახლა? – დაიბნა თეი.

– ჰო… ახლა!

თეის გაეცინა და ანდროს ხელები გააშვებინა.

– მე არ მეხერხება დიდად ცეკვა!..

– თუ გრცხვენია?

– ცოტა კი… უხერხულად ვარ!

– კარგი, არ დაგაძალებ!

ანდრო საწოლზე წამოწვა. თეი გაუბედავად მიუახლოვდა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.

– არასოდეს გინანია?

– რა?

– რომ იმ გოგოზე გული აიცრუე დასვრილი ფეხების გამო?

– იცი, არასოდეს მიფიქრია მაგაზე!

– მისი სახელი გახსოვს?

– კი… ანა ერქვა! გარეგნულად კი არ მახსოვს,  სიმართლე გითხრა… ძალიან ბუნდოვნად მახსოვს… ქერა თმა ჰქონდა…

თეის გაეღიმა და ანდროს გვერდით გადაწვა. კარგა ხანს იწვნენ ასე, ხმაამოუღებლად და ჭერს მისჩერებოდნენ.

– ყველაფერს მივცემდი, რომ ამ ნაცრისფერი ჭერის ნაცვლად, ვარსკვლავიან ცას ვხედავდეთ ახლა…

– და ტალღების ხმაც გვესმოდეს…

– ან წვიმის…

– თვალები დახუჭე, ანდრო! მეც დავხუჭავ და წარმოვიდგინოთ, რომ ვითომ…

როგორც კი თვალები დახუჭეს, მექანიზმის ხმა გაისმა და ოთახში დღის განათება – ღამისამ შეცვალა.

თეიმ წინადადების დასრულებაც კი ვერ შეძლო, ისე დაეძინა ორივეს…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s