ღამურების სახლი – ლოლიტა ( თავი მეორე)

Image

პირველად გოგომ გაიღვიძა. თავი ისევ დამძიმებული ჰქონდა, აზროვნება უჭირდა. საწოლზე წამოჯდა. ბიჭს ისევ ეძინა. სახეზე უდარდელი ღიმილი დასთამაშებდა.

– “რა ლამაზი ნაკვთები აქვს!..” – გაიფიქრა გოგომ. მერე წამოდგა, პირი დაიბანა, ჩალისფერი თმა თითებით დაივარცხნა და სარკეში თავის თავს დააკვირდა. ოდნავ ფერმკრთალი, მაგრამ ლამაზი ორეული უყურებდა.

-“რა კარგია, რომ მარტო აღარ ვარ!.. თუნდაც ცოტა ხნით…”

გაიფიქრა და ჩაის დასალევად მაგიდიდან ჭიქა აიღო. ერთი ყლუპი მოსვა და მოულოდნელობისაგან შეჰყვირა.

მის ყვირილზე ბიჭს გაეღვიძა და შეშინებული წამოხტა ფეხზე.

– რა მოხდა?

– ყავა!.. – ჭიქაში ყავაა!.. 

ბიჭი მასთან მივიდა, ჭიქა გამოართვა და ჩაიხედა. მერე მოსვა.

– კი, ყავაა!.. შენ არ ახსენე გუშინ ყავა?..

გოგო დაფიქრდა.

– კიი, – ვინატრე… ე.ი. რასაც ვინატრებთ, აგვისრულებენ?..

– მოიცა, გუშინ რაზე ვსაუბრობდით?

– რაღაც ვერსიებზე… მერე… მგონი, დაგვეძინა, არა? 

– არა, დაგვაძინეს! და რა ვერსიებზე ვსაუბრობდით?

გოგო დაფიქრდა. გონება დაეძაბა.

– როგორ მიჭირს გახსენება… თითქოს ჩემი ტვინის მხოლოდ 30% მუშაობს… – ჰო, იქ შევჩერდით, რომ ისინი უცხო… 

ბიჭმა პირზე ხელი ააფარა.

– შშშ! ჩუმად! აღარ გაიმეორო ეგ ხმამაღლა…

გოგომ ჩურჩულით განაგრძო.

– ჩემი არ გჯერა, ხომ? 

– არ ვიცი… ასეთი დაბნეული ცხოვრებაში არ ვყოფილვარ!

– არ გჯერა! 

გოგო მაგიდასთან ჩამოჯდა და ყავის სმა განაგრძო.

– დილით შემწვარი სოსისი მინდა, კვერც… არა, კვერცხით არა… უბრალოდ, შემწვარი სოსისი…

გოგომ ხმამაღლა წარმოთქვა თავისი სურვილი, ბიჭს გადახედა და თვალი ჩაუკრა. ბიჭი პირსაბანთან მივიდა და სახეზე წყალი შეისხა. მერე პირსაბანს დაეჯაჯგურა.

– რას აკეთებ?.. 

– რაღაცას ვამოწმებ!

ის მთელი ძალით ცდილობდა პირსაბანის ადგილიდან დაძვრას, მაგრამ ამაოდ.

– დავიჯერო, ამ ოთახში ერთი ხვრელი არ არის? სულ პაწაწინა… წყალი ხომ გადის რაღაცნაირად… 

დაღლილმა და ნერვებმოშლილმა პირსაბანს თავი დაანება და სარკეს დაეჯაჯგურა. ყველასდა გასაკვირად, სარკე ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მოსცილდა კედელს და ხელში შერჩა.

– ეს რა ჯანდაბაა!

ბიჭმა სარკე გადმოაბრუნა, მაგრამ საკიდი ვერ იპოვა.

მერე კედელს დააკვირდა. ხელითაც მოსინჯა, მაგრამ არც კედელზე იყო არაფერი.

– სარკე კედელზე მიმაგრებული არ არის! ასეთი რამ არასოდეს მინახავს…

– ხომ ხედავ, ახლაც არ დამიჯერებ? 

– მოიცა, აქ რაღაც ამბავია!!! მათ უნდათ, რომ სასოწარკვეთილებაში ჩავვარდეთ და ამ ფოკუსებსაც სპეციალურად აკეთებენ. არ გამოუვათ!!!

ბიჭმა ირონიული გამომეტყველებით გაიარ-გამოიარა ოთახში.

– მაშინ, როგორ ახსნი ამ “ფოკუსის” საიდუმლოს?

– არავითარი საიდუმლო არ არსებობს! სინამდვილეში სარკე და კედელი დ ა მ ა გ ნ ი ტ ე ბ უ ლ ი ა !

დამარცვლით წარმოთქვა მან და სარკე გოგოს გადასცა ხელში. გოგომ სარკე გამოართვა და კედელთან მიიტანა. სარკე კედელს მიეკრა.

– დავუშვათ, მართალი ხარ! მაშინ შენ რა ვერსია გაქვს? სიამოვნებით მოვისმენდი. 

– ვერსია?.. ჰმ, მანამდე, მოდი, სახელები დავირქვათ!

– დავირქვათ? – გაუკვირდა გოგოს.

– ჰო, სანამ საკუთარი გაგვახსენდება! როგორღაც ხომ უნდა მივმართოთ ერთმანეთს?!

– კარგი, შენ დაიწყე! დამარქვი რაც გინდა! 

– მე თეის დაგიძახებ!

– თეის? თეი შენს შეყვარებულს ხომ არ ჰქვია?

– შეყვარებული არ მყავს!

– უცნაურია!.. როგორც წესი, შენნაირი ბიჭები მარტო არ დადიან ხოლმე. 

ბიჭს გაეღიმა.

– მითოლოგიაში “ჰე თეი” ქალღმერთს ნიშნავს!

– მერე მე ქალღმერთს ვგავარ? 

გაეღიმა გოგოს.

– სწორედაც!

– კარგი, იყოს თეი! მაშინ მე ანდროს დაგიძახებ! 

– ეგ რომელ ფილმში ნახე? თუ შენს შეყვარებულს ჰქვია?

– არ ვიცი… არაფერი მახსოვს, გარდა იმისა, როგორ გავიზარდე, ვისწავლე, ჩემი სამუშაოც მახსოვს… ყველაფერი, პირადი ცხოვრების გარდა.

– და იქნებ სწორედ შენს პირად ცხოვრებაშია დამარხული ძაღლის თავი?..

– შეიძლება… შეიძლება ანდრო ჩემს შეყვარებულს, ან თუნდაც ქმარს ჰქვია! – შენ ყველაფერი გახსოვს? 

ანდრო დაფიქრდა.

– მგონი, ყველაფერი, – სახელის გარდა, უცნაურია! ალბათ, ცოტა დრო უნდა გავიდეს, რომ ამ სახელს შევეჩვიო…

– რას ვიცინებ, შენი ნამდვილი სახელი ეს რომ აღმოჩნდეს… 

თეიმ გადაიკისკისა.

– “რა საყვარელი სიცილი აქვს! სახეც…” – გაიფიქრა ბიჭმა.

– მე მომწონს ჩემი ახალი სახელი! 

-ჰო, რაღაცნაირად გიხდება! მაშ, ასე… შენზე მომიყევი ყველაფერი… უფრო სწორად, რაც გახსოვს!.. ჩემზე მოსაყოლი ბევრი არაფერია! კარატეს ხელოვნებას დავეუფლე. სწავლას მოვრჩი და საჯარო სამსახურში ვმუშაობ. ძმა მყავს! საკმაოდ სიმპათიურია…

– მჯერა!

ორივეს გაეღიმა.

– მე ჩემი ბავშვობა მახსოვს. სულ პატარა ვიყავი, ერთი უცნაური თვისება რომ მქონდა. რაღაც კარგი მომენტი რომ იყო, გავშეშდებოდი და გონებას ვძაბავდი, მინდოდა, ეს მომენტი ისე ჩამებეჭდა გონებაში, რომ არასოდეს დამვიწყებოდა. სხვათა შორის, ეს მომენტები მახსოვს ყველაზე მკაფიოდ! 

– საინტერესო ბავშვი ყოფილხარ, თეი… და, თუკი ამბობ, რომ ესენი…

ჩურჩულით აგრძელებს:

– უცხოპლანეტელები არიან, მაშინ… იქნებ მაგ წუთების დროს გაუშვი რაღაც “მესიჯი”, შეტყობინება კოსმოსში… შენდაუნებურად… რეებს ვბოდავ…

– არა, არ ბოდავ!!! გამორიცხული არაფერია! თანაც ღამღამობით, საათობით ვაკვირდებოდი ცას… ვარსკვლავებს… და ვფიქრობდი სხვა ცივილიზაციებზე… გალაქტიკაში მარტო ჩვენი პლანეტა ხომ არ იქნება დასახლებული?.. 

თეი დაფიქრდა. იქნებ მართლა მისი ბრალია, რაც აქ ხდება?.. იქნებ “მსხვერპლი” კი არა, ინიციატორია?! თუ ასეა, მაშინ უნდა შეძლოს ამ ყველაფრიდან თავის დაღწევა! მაგრამ ესეც, როგორც ყველა დანარჩენი ვერსია, საფუძველს მოკლებულია.

– თე, არის ვინმე შენს ცხოვრებაში, ვისაც შეიძლებოდა შენთვის ასეთი რაღაც გაეკეთებინა? მტერი ცოტა გადამეტებული ნათქვამია… იქნებ გაიხსენო რამე განსაკუთრებული შემთხვევა შენი ცხოვრებიდან?..

თეი დაფიქრდა.

– იყო რაღაც… რაღაც ძალიან საშინელი… რაც არასოდეს არავისთვის მომიყოლია…

– გასაგებია… თუ არ გინდა, მეც არ მომიყვე!

თეიმ ანდროს შეხედა.

– შენ წარმოიდგინე, ახლა პირველად გამიჩნდა სურვილი, რომ მოვყვე… უფრო სწორად, შენ მოგიყვე… იცი, პირადულ რაღაცეებზე არასოდეს ვლაპარაკობ, არავისთან… ყველაფერს შიგნით ვინახავ… ძალიან ჩაკეტილი პიროვნება ვარ… 

– არც მე მიყვარს იმის აფიშირება, რაც ჩემია! ყურადღებით მოგისმენ!

თეი საწოლზე ჩამოჯდა და მოყოლა დაიწყო.

– პატარა რომ ვიყავი, მამაჩემს ერთი მეგობარი ჰყავდა – გია ერქვა! რაღაც პატარა ბიზნესი წამოიწყეს და ხშირად მოდიოდა ხოლმე ჩვენთან. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ვიყავი და ქალისა და კაცის ურთიერთობებისა არაფერი გამეგებოდა, ვგრძნობდი, რომ მისი მზერა არ იყო ჩვეულებრივი…

– ანუ?

– სხვანაირად მიყურებდა! მაგრამ მე იმდენად პატარა ვიყავი, რომ ვერ ვხვდებოდი, რას ნიშნავდა ეს “სხვანაირობა”… როდესაც ოთახში მარტო ვრჩებოდით, დამიძახებდა ხოლმე, კალთაში ჩამისვამდა და მეფერებოდა… ოღონდ მამაშვილურად არა…

– რას ამბობ! რამხელა იყავი?

– 9-10 წლის… ზაფხული იყო. მე მოკლე კაბები მეცვა და ხელს შიშველ ფეხზე დამადებდა ხოლმე… მე გული გამალებით მიცემდა და მისგან თავის დაღწევა მინდოდა…

– მშობლებს არაფერი უთხარი?

– ვერც ვხვდებოდი, რა ხდებოდა… და ეს წლების განმავლობაში გრძელდებოდა, ანდრო… 14 წლის რომ ვიყავი, ავად გავხდი… საწოლში ჩამაწვინეს… მახსოვს, როგორ ვლოცულობდი, რომ არ მოსულიყო… ის წლები კოშმარივით მახსენდება! ისეთს არაფერს აკეთებდა, ვერ ბედავდა, მაგრამ მისი ისე მეშინოდა და მძულდა, ვერ აგიღწერ!

– ნაბიჭვარი! ისე მოვკლავდი, ხელი არ ამიკანკალდებოდა!

– მამასთვის რომ მეთქვა, მოკლავდა… ამიტომ ვდუმდი… ვერც მეგობრებთან ვამბობდი ვერაფერს… ავად რომ ვიყავი, მოვიდა და გვერდით წამომიწვა! შიშისაგან კინაღამ მოვკვდი… მერე ჩემს კლასელთან ვიყავი, დაბადების დღეზე და დაღამდა. ჩემები ნათესავის სანახავად იყვნენ წასულები და მამამ სთხოვა, რომ მათ მოსვლამდე თავისთან წავეყვანე…

– მერე?

ანდროს სახეზე ყველა კუნთი დაეძაბა.

– მანქანით მომაკითხა და თავის სახლში ამიყვანა… დივანზე დაჯდა, მითხრა, რომ მის გვერდით დავმჯდარიყავი… ვიდეო ჩართო… ფილმს ვუყუროთო, – მითხრა! ხელი გადამხვია და…

– რა ქნა?

ანდრო თეისთან მივიდა და მის გვერდით ჩამოჯდა.

– “ლოლიტა” როა ფილმი, ის ჩართო!

– მე მაგის დედა…

აღარ დაასრულა ანდრომ.

 კიდევ კარგი, მამამ მალე მომაკითხა… რამდენიმე დღის მერე გაიგეს, რომ თურმე, იმ საქმიდან თანხის დიდ ნაწილს იპარავდა… მამა მაგრად ეჩხუბა და გაწყვიტა მასთან კონტაქტი… 

– რა საშინელება გადაგიტანია, თეე… უნდა გეთქვა მამასთვის…

– ასე რომ მეძახი, თითქოს სხეულში სითბო მეღვრება, იცი?

– თეეს?

– ჰოო…

თეის გაეღიმა და თავი მორცხვად დახარა.

– არადა, მანამდე ძალიან უშიშარი ბავშვი ვიყავი… ეს შემთხვევა რომ არა, ალბათ, სხვანაირად განვვითარდებოდი და ახლაც არ ვიქნებოდი ასეთი…

– ის ადამიანები, რომელთა ცხოვრებაშიც რაღაც ტკივილი ან პრობლემა არ ყოფილა, – უინტერესოები არიან, თეე…

– ერთხელ მითოლოგიის დიდი წიგნი გადმოვიღე… პაპაჩემს ჰქონდა წიგნების დიდი კოლექცია!.. ვარაუდით გადავშალე და ამოვიკითხე: “კიკიმორა” – სახლის ავი სული! აქვს გრძელი დინგი და ბატის ფეხები, აშინებს ბავშვებს, კერძოდ… გამოსცემს უცნაურ ხმებს, ბურდავს ძაფის გორგლებს… აფრთხობს ქათმებს… – ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ წიგნი ხელიდან გამვარდნოდა და შეშინებული დედასთან გავქცეულიყავი… მაგრამ შიში მალევე ცნობისმოყვარეობაში გადამეზარდა! რადგან სოფელში ვიყავი, მართლაც მესმოდა ღამით უცნაური ხმები… უცებ აკრიახდებოდნენ მძინარე ქათმები და… ბებია გამუდმებით მეჩხუბებოდა თავისი საქსოვი ძაფების აბურდვის გამო. 

მე ხომ ვიცოდი, რომ არ ამიბურდავს?.. მაგრამ ვინ დაუჯერებდა 10 წლის გოგოს?

– მერე, ძალიან დამაინტერესა!!!

 მერე შევიარაღდი და დავიწყე გამოძიება!.. ოთახში ვყრიდი ძაფის გორგლებს, პატარა ხმაურზე გამოვრბოდი ოთახიდან. ერთხელ საქათმეშიც წავედი, თან გული მისკდებოდა შიშისგან… 

– სიმართლე გითხრა, მაგას მე ვერ გავბედავდი!!! გაოცებული ვარ! მერე?..

– რა თქმა უნდა, არაფერი!.. – გაეღიმა თეის.

– სიმართლე გითხრა, გულიც კი დამწყდა, რომ აღარაფერი მომხდარა!

ცოტა ხნით უხერხული პაუზა ჩამოვარდა.

– ანდრო, იცი, ამ ოთახს რა დავარქვი? 

– არა…

– ღამურების სახლი!.. 

– ღამურების?.. საინტერესოა!..

 ჩემი თავი ღამურას მაგონებს, რომელიც დღე არავისთან კონტაქტობს, ფრთებს შემოიხვევს და არის ასე… საკუთარ თავში ჩაკეტილი. ღამით, როცა ყველას სძინავს და მას არავინ ხედავს, თამამდება…

მთელი ცხოვრება ჩემს მსგავს ადამიანს ვეძებდი… – ვერ ვიპოვე! ჩემი არავის ესმოდა! მერე იძულებული გავხდი, საკუთარი თავი შემეცვალა! საკუთარ პიროვნებაზე უარი ვთქვი!.. – წარმოგიდგენია მაინც, ეს რა არის?.. 

– კიი, დაახლოებით!..

 უხილავი ფრთები შემოვიხვიე, ღამურასავით… თავი დავიბრმავე. თავიდან მეგონა, შემთხვევით გავჩნდი აქ, სხვა პლანეტაზე უნდა გავჩენილიყავი…

თეიმ პაუზა გააკეთა, ანდროს თვალი-თვალში გაუყარა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა:

– იცი, მგონი, შენ ხარ ის ადამიანი… ვისაც ვეძებდი… – ის, ერთადერთი!.. რატომღაც ასე მგონია…

– მართლა?.. იქნებ მართლა მე ვარ ის ერთადერთი?.. გამორიცხული არაფერია, ჩემო პატარა ღამურავ!

ანდრო ხელით მის ფაფუკ თმას შეეხო. ყურთან გადაუწია, ნელ-ნელა მიუახლოვდა საკოცნელად… ერთმანეთის თბილ სუნთქვას გრძნობდნენ და ის-ის იყო, მათი ტუჩები ერთმანეთს შეეხო, რომ მოულოდნელად გამაყრუებელი ხმაური მოისმა. თითქოს ათასობით ფრინველი ეხეთქებოდა ოთახის კედლებს… შემზარავი წრიპინით.

გულგახეთქილი წყვილი საწოლის კუთხეში მიიყუჟა. თეი ანდროს ჩაეკრა, ყურებზე ხელები აიფარა და სახე მის მკერდში ჩამალა.

Advertisements

One thought on “ღამურების სახლი – ლოლიტა ( თავი მეორე)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s