ღამურების სახლი – კუპე-დიები (თავი მესამე)

Image

ხმაური რამდენიმე წუთი გაგრძელდა… მერე მინელდა და ბოლოს სულაც მიწყდა. თეი და ანდრო შიშისაგან კიდევკარგა ხანს ვერ ბედავდნენ ფეხზე ადგომას.

ანდრომ ოთახი მოათვალიერა და მხოლოდ მაშინ წამოდგა ფეხზე, როცა დარწმუნდა, რომ ეს ამბავი კედლებს გარეთ ხდებოდა.

თეი ისევ კანკალებდა.

– ეს რა იყო?.. – ძლივს ამოღერღა გოგომ და მიიხედ-მოიხედა.

– არ ვიცი… თითქოს მომეჩვენა…

– თქვი!.. – ღამურები, ხომ? 

ანდრომ აღარაფერი თქვა, მხოლოდ თავი დააქნია უხმოდ.

– ღამურები! – “ღამურების სახლი”… ამ ყველაფერს მე ვიწვევ, მე ვქმნი!.. 

– მოიცა რაა… – მაგათაც ეგ უნდათ, რომ ეგ ვიფიქროთ! ამას თვითონ აკეთებენ!..

– რისთვის? რა დავუშავეთ?.. ან ასე უცბად სად იშოვეს ამდენი ღამურა?.. ეს ხომ შეუძლებელია?!. ასეთი რამის გაკეთება ადამიანის ძალებს აღემატება! 

-მოიცა, უნდა დავფიქრდე… – ამ ოთახის გარეთ სივრცეა… რაღაც კოშკისმაგვარში ხომ არ ვართ, ნეტა?..

ანდრო ოთახში სცემდა ბოლთას და თავისთვის მსჯელობდა.

-კოშკისმაგვარში?.. 

-უცნაური ის არის, რომ აშკარად ოთხივე კედელს ეხეთქებოდნენ…

– კიი, მართალი ხარ! საერთოდ, ღამურებს მიტოვებული ადგილები უყვართ. გამოქვაბულები, დაცარიელებული შენობები… ასეთ ადგილებში იდებენ ბინას…

– გეთანხმები! უცებ გრაფი დრაკულა გამახსენდა ახლა და დამბურძგლა! იქნებ ჩვენც ძალიან შორს, მიტოვებულ შენობაში ვართ და… სადმე ახლოს ღამურების ბუდეა…

– ჩვენი მდგომარეობა იმდენად უცნაურია, რომ არაფერი გამიკვირდება! არ გამიკვირდება, თუ კუპე-დიების ტყვეები აღმოვჩნდებით…

– ვისი?

– კუპე-დიების… ლეგენდის თანახმად, ასე ჰქვია ღამურასფრთიან ხალხს…

– თეე, შენ ძალიან ფანტასტიკაში წახვედი…

– ვიცი… უცებ გამახსენდა ეს ლეგენდა… ესეც ბაბუას მითოლოგიის წიგნში მაქვს წაკითხული…

– და რა ლეგენდაა? მომიყვები?

– კიი… 

თეიმ საწოლზე ბალიში წამოსწია, წამოწვა და ანდროსაც ანიშნა, მის გვერდით წამოწოლილიყო. ანდრო დაემორჩილა, მისკენ გადაბრუნდა, თავქვეშ ხელი ამოიდო და მოსასმენად მოემზადა.

– სან-ვინსენტეში, მდინარე არაგუაის მახლობლად, მორსეგოს მთაა! მორსეგო, – ინდიელთა ენაზე – ღამურას ნიშნავს. ამ მთაში უზარმაზარი გამოქვაბულია. გამოქვაბულს დაბალი შესასვლელი და თაღში სარკმელივით პატარა ხვრელი აქვს დატანებული. 

გამოქვაბულში უხსოვარ დროს კუპე-დიები – ღამურასფრთიანი ადამიანები ცხოვრობდნენ.

ერთხელ ერთმა ინდიელმა მორსეგოს მთის მახლობლად ირემი დაიჭირა. გვიანი ღამე იყო და შინ დაბრუნებას გამოქვაბულში დარჩენა ამჯობინა. ვიდრე ინდიელს ეძინა, გარს კუპე-დიები შემოეხვივნენ და ნაჯახებით თავი გაუჭეჭყეს.

– საწყალი…

– მონადირეს მისმა ნათესავებმა დაუწყეს ძებნა და გვამი იპოვეს. მიწას უამრავი ნაფეხური აჩნდა. ეს ნაფეხურები თავს იყრიდა მიცვალებულის ირგვლივ და აღარსად მიდიოდა. მას მერე ინდიელები ამ ადგილს ძალიან უფრთხოდნენ, მაგრამ ერთხელ ორ მონადირეს სწორედ ამ მთასთან შემოაღამდა. მათ თან პატარა ბიჭი ახლდათ.

შუაღამისას გამოქვაბულის სიღრმიდან სიმღერა შემოესმათ. პატარა ბიჭს შეეშინდა და იქვე, ახლოს დაიმალა. მალე ფრთების შრიალით მოფრინდნენ კუპე-დიები და ორივე მონადირე მოკლეს. ბიჭი ვერ დაინახეს. ბავშვმა ეს ამბავი მთელ სოფელს შეატყობინა…

– რა საინტერესოა, მერე? რა მოხდა მერე?

– აპინაჟეს ტომის ოთხივე სოფლის მეომრები კუპე-დიებთან საბრძოლველად გაემართნენ. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ ღამურასფრთიანი ხალხი სულ ამოეჟლიტათ. მივიდნენ მორსეგოს კლდესთან და გამოქვაბულის შესასვლელში ხმელი ფიჩხის გორა აღმართეს. ვიდრე მეომრების ერთი ჯგუფი კოცონს ანთებდა, მეორე კლდეს უვლიდა და გასასვლელს ეძებდა, მაგრამ ძალიან გაუძნელდათ მისი პოვნა. ფიჩხს ცეცხლი წაუკიდეს და კოცონი აბრიალდა…

– მერე, მერე? – ანდრო საწოლზე წამოჯდა და საწოლის საზურგეს მიეყრდნო.

– როგორც კი ცეცხლის სიმხურვალე იგრძნეს, თავგზააბნეულმა კუპე-დიებმა ფრთა-ფრთას შემოჰკრეს, გამოქვაბულის ზედა სარკმლიდან გამოფრინდნენ და სამხრეთისკენ აიღეს გეზი. ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ ინდიელებმა ისრით ერთი ღამურასფრთიანი ადამიანის დაჭერაც კი ვერ მოასწრეს. კუპე-დიები სამხრეთისკენ გაფრინდნენ… ლეგენდის თანახმად, ახლაც იქ ცხოვრობენ…

– ზღაპარია!

– ვიცი… ამ ისტორიას გაგრძელებაც აქვს…

– როგორი?

– კოცონი რომ მინელდა და კვამლი გაიფანტა, მეომრები გამოქვაბულში შევიდნენ. იქ კუპე-დიების ნაქონი უამრავი ნაჯახი იპოვეს. შუა გამოქვაბულში კი დიდ ქვას ამოფარებული ღამურასფრთიანი პატარა ბიჭი ნახეს, ასე, ექვსი წლის იქნებოდა. კვამლისაგან გაბრუებულს უნდოდა, სადმე დამალულიყო. მეომრებმა მისი მოკვლა დააპირეს, მაგრამ ერთ-ერთს შეეცოდა და თან წაიყვანა.

ბიჭს აპინაჟეს ტომის ინდიელებთან დიდხანს არ უცხოვრია. ერთხელ მიწაზე დაწოლილი ნახეს… ბიჭი ცას უყურებდა და სევდიანად მღეროდა: “უ-უა, კლუნა კლოსირე… კლუდ პესეტირე…” – წაიმღერა თეიმ.

– ასე კარგად როგორ გახსოვს? სიმღერაც… – მაოცებ!

– როცა სიმღერა დაასრულა, კისერზე ფრთიანი ხელები შემოიხვია, თვალები დახუჭა და… 

– მოკვდა?..

– კი…

– სევდიანი ლეგენდაა!

თეიმ ანდროს ნაღვლიანად შეხედა. ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. ანდრომ თეის ხელი გადახვია და თავისკენ მიიზიდა. თეიმ თავი მკერდზე დაადო. ყურში მისი აჩქარებული გულისცემა ესმოდა…

– ჩვენ არ ვართ კუპე-დიების ტყვეები, თეე… ასე რომ იყოს, აქამდე გაგვიჩეჩქვავდნენ თავებს ნაჯახებით…

– ჰო… ჩვენ უფრო საკუთარი თავის ტყვეები ვართ…

ანდრომ ზევით აიხედა და ჭერს დააკვირდა.

– იქნებ მაღლიდან ჩამოდიან? ან ქვემოდან…

თეიმ უცებ გააცნობიერა, რომ საწოლი არასოდეს გაუწევია… ანდროს შეხედა, თითქოს უსიტყვოდ ამოიკითხეს ერთმანეთის აზრი. ორივე ერთდროულად წამოხტა ფეხზე და ერთობლივი ძალებით საწოლი გვერდზე გასწიეს.

მოულოდნელობისაგან ორივემ ერთხმად შეჰყვირა. საწოლის ქვეშ დახვეული თოკი ეგდო.

– თოკი… – ანდრომ თოკი ხელში აიღო და შეათვალიერა.

– ჩვეულებრივია! – შენ მართალი იყავი! გვაკვირდებიან, ჩვენს თითოეულ მოქმედებას აკონტროლებენ…

 ამ თოკს ტყუილად არ დაგვიტოვებდნენ. იცოდნენ, რომ ადრე თუ გვიან ამ საწოლს გამოვწევდით! 

თეიმ ჭერს ახედა.

– ჭერი ძალიან მაღლაა. მაგიდაზე სკამიც რომ დავდგათ, ვერ მივწვდებით… სხვაგან კი ეს თოკი რაში გამოგვადგება?

– შემთხვევით არაფერი ხდება! ეს ყველაფერი თამაშს ჰგავს!!! 

– მაგაში მეც გეთანხმები… მართლა თამაშს ჰგავს…

– …და იქნებ ის ღამურების შეტევა სულაც არც იყო ღამურების შეტევა, ანდრო…

– მაგით რისი თქმა გინდა?

– იქნებ ეს მხოლოდ და მხოლოდ რაღაც სპეცეფექტი იყო?.. მხოლოდ ხმაური?!. 

– ჭკვიანური ვერსიაა! შენ ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ, თეე!.. ძალიან! ოდესმე აუცილებლად გაკოცებ!

თეის შერცხვა და მზერა მოარიდა. უცებ სახეზე ფერი დაეკარგა. ანდროს თოკი ხელიდან გამოგლიჯა და დააკვირდა…

– იქნებ ეს თოკი იმისთვის დადეს, რომ… – ხმა აუკანკალდა.

– რომ?..

– …რომ თავები ჩამოვიხრჩოთ!!! 

– რა საშინელი აზრები გიტრიალებს, ძვირფასო! მე პირადად არ ვაპირებ თავის ჩამოხრჩობას!

მტკიცედ თქვა ანდრომ, მაგრამ უსიამოვნოდ მაინც გააჟრჟოლა.

– ან იქნებ უარესიც… 

თეი მთლად თეთრი იყო სახეზე, საწოლზე მოწყვეტით დაეშვა.

– უფრო უარესი? რა უნდა იყოს ამაზე უარესი?..

– იქნებ უკვე მკვდრები ვართ!!! 

თეის ნათქვამმა ანდროც ჩააფიქრა.

– ჩვენ ხომ არ ვიცით, როგორია საიქიო?.. არ გვინახავს!

– ასეთი ნამდვილად არ წარმომედგინა!.. ცოდვები ხომ უნდა მოგვეკითხოს?

– იქნებ მოგვეკითხა და სასჯელს ვიხდით! 

– შენ ფიქრობ, რომ ეს ჯოჯოხეთია?..

– რაღაც ამგვარი! ან იქნებ განსაწმენდელში ვართ? 

– ეგ არამართლმადიდებლურია! მერე, სად არის ღმერთი?.. ანგელოზები?.. ან, თუ ეს ჯოჯოხეთია, სად არიან ჯოჯოები?..

– მაგდენი არ ვიცი… ძალიან მეშინია! ასე არასოდეს შემშინებია!

ყავა ხომ არ დაგისხა?..

თეიმ მხოლოდ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.

– მოდი, ცოტა ხნით წამოწექი!..

თეი დაემორჩილა. ანდრომ ბალიში წამოუწია, რომ მიყუდება შესაძლებელი ყოფილიყო. მერე მაგიდასთან მიბრუნდა ყავის დასასხმელად. ის იყო, დაასხა, რომ თეი ყვირილით წამოხტა.

ანდროს შეშლილივით ეცა, მხრებში ხელები მოჰკიდა და ნჯღრევა დაუწყო.

– მითხარი, ტუალეტში როდის იყავი ბოლოს?.. 

ანდრო გაშრა.

– მიხვდი?.. რაც აქ ვართ, ტუალეტი არც გაგვხსენებია!.. 

გაოგნებულმა ანდრომ თეი მოიშორა, სკამზე ჩამოჯდა და სახე ხელებში ჩარგო.

– ეს როგორ დაგვემართა?.. ეგ მხედველობიდან როგორ გამოგვრჩა?.. რატომ ვერ მივხვდით აქამდე?

– ჩვენ ცოცხლები აღარ ვართ, აღარ…

– მოიცა!.. დამშვიდდი… პრინციპში, რას ვჭამთ?..

– კვერცხს, პურს, ჩაის, ყავას… ორივე შარდმდენია! 

– ალბათ, ისეთი საკვებია, რომ მთლიანად ვინელებთ, ან…

– არ მითხრა, რომ ძილში კუჭებსაც გვისუფთავებენ, თორემ…

ორივეს ძალაუნებურად გაეცინა.

– რა გინდა? პატივს გვცემენ, კეთილი უცხოპლანეტელები არიან! ყავაც გამოგვიგზავნეს!..

სიცილი ისტერიულ ხარხარში გადაიზარდა.

– ანდრო! ერთი მუცელი მოისინჯე… გაბერილი ხომ არ გაქვს? 

თეი საწოლზე გაგორდა. ანდრო ზემოდან მოექცა და ყელში ხელები წაუჭირა ნაზად. თეის თავი გვერდზე ჰქონდა გადაწეული და სარკეში ხედავდა საკუთარ თავს. უცებ სიცილი შეწყვიტა და ანდროს მკლავებიდან დაუსხლტა.

– რა მოხდა, გეწყინა?..

– არა! რაღაც გამახსენდა! 

– მაინც?

– ადრე ერთ თამაშს ვთამაშობდი კომპიუტერში… რაღაც მისტიკური დეტექტივი იყო! 

– მერე?

– იქ იყო ერთი ადგილი, მიტოვებული სახლიდან უნდა დაგეღწია თავი. ჰოდა, საწოლის ქვეშ თოკი ვიპოვე…

ანდრო ფეხზე წამოხტა.

– აქამდე როგორ არ გაგახსენდა?.. – მერე? რაში გამოიყენე თოკი?..

თეი გონებას ძაბავდა და ცდილობდა, გაეხსენებინა.

– გაიხსენე თეე, გაიხსენე! შეიძლება გასაღებიც მანდ იყოს!..

 გასაღები…. – გამახსენდა! თოკს მაგნიტი მოვაბი და მილში ჩავუშვი.

– მაგნიტი?.. – აქ რომ არ არის მაგნიტი?..

ანდრომ ოთახში მაგნიტის ძებნა დაიწყო.თეი სარკეს თვალს არ აშორებდა.

– შენ თქვი, რომ სარკე დამაგნიტებულია? 

– როგორ ვერ მოვიფიქრე! – ანდრომ სარკე ჩამოხსნა და დანით მოაცილა უკანა საფარი.

– არის?.. რას გაჩუმდი?.. 

გამარჯვებული სახით ბრტყელი მაგნიტი ამოაცურა. თეიმ სიხარულისგან შეჰყვირა!

მაგნიტი თოკის ერთ ბოლოზე გამოაბეს.

– როგორ თქვი?.. მილში ჩაუშვი?

– ჰო. 

– აქ არანაირი მილი არ არის!

– არის! – თეი პირსაბანთან მივიდა.

– არ შეგიმჩნევია, რომ ჩვენს პირსაბანს ჩვეულებრივზე უფრო ფართო ხვრელი აქვს?.. 

– მაოცებ…

ენდრიმ ხვრელში თოკის ჩაშვება დაიწყო.

– რა იპოვე იმ მილში?

– გასაღები! ოღონდ, ამისგან განსხვავებით, იმ ოთახს კარი ჰქონდა! 

– ჯერ გასაღები ვიპოვოთ და კარიც გამოჩნდება!

მაგნიტს რაღაც მიეკრა. ანდრომ სასწრაფოდ მოქაჩა თოკს. – პატარა, რკინის კოლოფი ამოჰყვა.

– ესეც ჩვენი გასაღები!

დარწმუნებულებმა იმაში, რომ გასაღები დახვდებოდათ, იმედის გაცრუება მიიღეს. კოლოფში, არც მეტი და არც ნაკლები… ცარცი იდო! უბრალო ცარცი.

– ცარცი!

– ცარცი?.. ეს რას უნდა ნიშნავდეს, ანდრო?.. 

– იმას, რომ გვეთამაშებიან! გვეკაიფებიან… დარწმუნებული ვარ, მაგრად ერთობიან კიდეც!

– ცარცი რაში უნდა გამოვიყენოთ?.. 

– ცარცს მხოლოდ ერთი დანიშნულებით იყენებენ, თეე… – წერენ!.. იმ თამაშში არ იყო ცარცი?

– არა! 

თეიმ ცარცი ხელში აიღო, ერთ-ერთ კედელთან მივიდა და ლათინური ასოებით თავისი და ანდროს სახელები დაწერა:

THEY & ENDRY

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s