ღამურების სახლი – გამოღვიძებული (დასასრული)

Image

თეთრად განათებული გრძელი გვირაბი…
რაც უფრო ღრმად შედიოდა თეი გვირაბში, მით უფრო გარკვევით ესმოდა ვიღაცეების ლაპარაკი და მით უფრო მკაფიოდ გრძნობდა იმ სპეციფიკურ სუნს, რომელიც რაღაც ადგილს აგონებდა…
ანდრო? – ანდრო დარჩა… ან შეიძლება, ისიც გვირაბში იყო. უბრალოდ, თეი უკან აღარ იხედებოდა…

– “თუ მისთვის ძვირფასი ვარ, დამეწევა…”

თეთრი სინათლე მატულობდა და თეის თვალს ჭრიდა. მან თვალებზე ხელები აიფარა…

***
– დაინახეთ?.. – თვალი გაახილა!.. ამ წუთას, – გაახილა და მერე ისევ დახუჭა!..

– დარწმუნებული ხართ?

– რა თქმა უნდა!

ნაცნობი შეგრძნება.

თავი ისევ დამძიმებული, თითქოს ერთი თვე ძილში გაეტარებინოს… აზროვნება შენელებული…

თეის თვალების გახელა უნდოდა, მაგრამ თითქოს წამწამებზე გირები ეკიდა…
ქალისა და კაცის ხმები გაარჩია.

– ანა!.. – ან… გესმის ჩემი?

– ასე ნუ აწუხებთ!.. ერთი თვე კომაშია ადამიანი… თუ მართლა გაახილა თვალი, დააცადეთ!..

– რას ჰქვია “თუ მართლა?..” – აბა, მომეჩვენა?..

თეიმ თვალები გაახილა. ბუნდოვნად ხედავდა… მამაკაცის სახე გაარჩია, რომელიც მას უყურებდა, ისე, როგორც ერთხელ ანდრო…

ფოკუსირება მის სახეზე გააკეთა და გამოსახულებაც ნელ-ნელა დაიწმინდა.

– “ეს ანდრო არ არის!..” – გაიფიქრა. მამაკაცის სახიდან მზერა ოთახზე გადაიტანა. კედლები ღია ნაცრისფრად იყო შეღებილი… ფანჯარაზე თეთრი ფარდა-ჟალუზი ეკიდა… მის საწოლთან სალათისფერ უნიფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი იდგა.

– “ეს, ალბათ, ექიმია ან ექთანი”…

– ანა! ჩემო პატარა…

მამაკაცი დაიხარა და თბილი ხელით სახეზე მიეფერა. თეის მისი ცრემლი სახეზე დაეცა.

– “ანა?.. ანა მქვია?..”

– მითხარი რამე!..

თეიმ დააპირა რაღაცის თქმა, მაგრამ თითქოს ვიღაცას მისთვის პირი ამოეკეროს, ტუჩები გაჭირვებით დააცილა ერთმანეთს და ძლივს აღმოხდა:

– მწყურია…

ექიმმა გრაფინიდან წყალი დაასხა ჭიქაში, საწრუპი ჩადო და თეის პირთან მიუტანა. თეიმ წყალი მოსვა და ცოტათი გამოცოცხლდა. ახლა მიხვდა, რომ ის სპეციფიკური სუნი, რომელსაც გრძნობდა, საავადმყოფოსი იყო.

– მიმიშვით პაციენტთან და გარეთ დამელოდეთ, თუ შეიძლება!

– ერთი თვეა, აქედან ფეხი არ მომიცვლია! ერთი თვეა ველოდები, რომ ჩემმა ცოლმა თვალი გაახილოს!..

– “ცოლმა?!.. მე მისი ცოლი ვარ?!.”

– ასე რომ… არსადაც არ წავალ! აქ დავრჩები, მასთან!..

– მაშინ ხელი არ შემიშალოთ!

– სად ვარ?..

თეის (თუ ენის) ისე გაუჭირდა სიტყვის დაძვრა, თითქოს მთელი ცხოვრებაა, არაფერი ეთქვას.

– რეანიმაციაში, ძვირფასო! ერთი თვეა, შენს სააქაოში მობრუნებას ვცდილობთ! – აუხსნა ექიმმა.

– ერთი თვე?.. ერთი თვე აქ ვიყავი?.. ამ საწოლზე?.. უცხოპლანეტელებმა არ გამიტაცეს?.. ღამურების სახლში არ მიცხოვრია?.. – მატყუებთ!..

– ვიცი, გიჭირს ახლა, მაგრამ უნდა გაგსინჯო… – შეგიძლია, შენი სახელი მითხრა?

– თქვენ ანას მეძახით, თუმცა მე არ მახსოვს… მხოლოდ ის მახსოვს, რომ თეი დამარქვეს… 

– ვინ დაგარქვა “თეი”?

– იმან, ვისაც მე “ანდრო” დავარქვი… “ღამურების სახლში” შევხვდით ერთმანეთს… ასე დავარქვი ადგილს, სადაც… სადაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიყავი… – შეგიძლიათ მითხრათ, რამდენი ხნის განმავლობაში ვიყავი იქ?.. ან აქ როგორ აღმოვჩნდი?..

– შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოს ჩემი სიტყვები, მაგრამ შენ ერთი თვე კომაში იყავი! ერთი თვის წინ მოგიყვანეს, ავარიაში მოყევი… სიცოცხლის ნიშანწყალი არ გეტყობოდა… ერთი თვეა, სიცოცხლეს ებრძვი, ანა! სიმართლე გითხრა, იმედიც კი დავკარგეთ…

– …ეს მართლა ჩემი ქმარია?
თეიმ ფანჯარასთან მდგომ მამაკაცს შეხედა, რომელსაც წვერი მოშვებული ჰქონდა და უძილობისაგან საკმაოდ ცუდად გამოიყურებოდა.

– ვერ მცნობ?.. – ექიმის ნაცვლად უპასუხა მან და საწოლს მოუახლოვდა.

ნელ-ნელა მეხსიერებაც აღდგა.

თეის მართლაც გაახსენდა ყველაფერი! ქმარი, შვილი, პროფესიაც! – ის ხომ მწერალია?!. ყველაფერი გაახსენდა…

ორი კვირის შემდეგ ფეხზეც წამოაყენეს. თავიდან ძლივს გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, მერე ნელ-ნელა მოძლიერდა და რამდენიმე დღეში უკვე ტუალეტში დამოუკიდებლად შეეძლო სიარული.

ბოლო ღამეს ჭექა-ქუხილის ხმამ გააღვიძა. კოკისპირული წვიმა წამოვიდა. პალატაში ფანჯარა ღია იყო და წვიმამ შიგნით შემოასხა. თეი ფანჯრის დასაკეტად წამოდგა.

ქუხილის ხმა სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ვეღარ დაიძინა და გადაწყვიტა, ცოტა ხნით საავადმყოფოს ჰოლში გასულიყო.

სიფრთხილისთვის კედელ-კედელ გადაადგილდებოდა. ჰოლში ტელევიზორი ჩართული დაეტოვებინათ. თეი დივანზე ჩამოჯდა. ტელევიზორში რაღაც ფილმი გადიოდა, ინგლისური სუბტიტრებით…

აქაც ვერ გაჩერდა დიდხანს… ყოველ წამს ცხადად ახსენდებოდა ღამურების სახლში გატარებული ყოველი წუთი; ახსენდებოდა ყველა დეტალი, რომელიც, წესით, მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი უნდა ყოფილიყო… მისი არაცნობიერის “ფოკუსები”… რომელმაც თეის ღრმა წარსულიდან ამოქექა რაღაც დავიწყებული, ხორცი შეასხა და აუხდენელი ოცნება მისივე წინააღმდეგ გამოიყენა… ანდრო… ანდრო ხომ…

ერთ-ერთი პალატის კარი ოდნავ ღია იყო. – საწოლი მოჩანდა, რომელზეც პაციენტი იწვა, გაფითრებულსახიანი ახალგაზრდა ბიჭი… მის დანახვაზე თეის ძარღვებში სისხლი გაეყინა… ადგილზე გაქვავდა და აკანკალებული ხელით ფრთხილად შეაღო კარი…

– ანდრო…

ხმა არ ამოუვიდა… ბიჭს მშვიდი გამომეტყველებით ეძინა.

– აქ რას აკეთებთ?

ზურგსუკან სანიტრის ხმა მოესმა და შებრუნდა.

– ამ პალატაში ვინ წევს?.. შეგიძლიათ მითხრათ?..

გული საშინლად უცემდა.

– “ნეტა მართლა ისაა, მე ვინც მგონია?”..

– იცანით?

სანიტარმა გაკვირვებული სახით შეუბრუნა კითხვა.

– ვფიქრობ… მაგრამ თქვენ… – უნდა მეცნო?.. 

თეი ძალიან დაბნეული იყო.

– არა მგონია!.. ეს მან დაგაჯახათ მანქანა! შემთხვევით, რა თქმა უნდა! უკნიდან… წესით, არ უნდა დაგენახათ… ყოველ შემთხვევაში, პოლიციამ ასე თქვა.

– დამაჯახა?.. 

თეის გაოცებისაგან თავზარი დასცემოდა.

– რა ჰქვია?.. მის შესახებ რა იცით?.. ყველაფერი მითხარით…

სწრაფად მიაყარა კითხვები გაკვირვებულ სანიტარს.

– ანდრო ჰქვია! გვარი არ მახსოვს… – საცოლე უვლის… სხვათა შორის, ზუსტად ერთსა და იმავე დღეს მოხვედით გონს! ნამდვილი სასწაულია! მთელი საავადმყოფო ლაპარაკობდა ამაზე…. – არ იცოდით?

– არა… არაფერი ვიცოდი…

თეის აღარაფერი უკითხავს!.. სანიტარმა საწოლამდე მიაცილა… ეს მისი უკანასკნელი ღამე იყო, რომელსაც აქ გაატარებდა…

დილით ექთანმა გორგოლაჭებიან სავარძელზე დასვა. თეის მთელი მედპერსონალი აცილებდა… რაც უფრო მეტად უახლოვდებოდა მისი სავარძელი ანდროს პალატას, მით უფრო მეტად ღელავდა.

 იმ პალატასთან ორი წუთით გამაჩერეთ… მხოლოდ ორი წუთით… – სთხოვა მან ექთანს.

კარი ისევ ღია იყო. ანდროს ამჯერად ეღვიძა… მის საწოლზე ახალგაზრდა გოგო იყო ჩამომჯდარი, კარისკენ ზურგშექცევით იჯდა და ანდროს ხელი ეჭირა…

ბიჭმა შეამჩნია თეი და სახეზე გამომეტყველება შეეცვალა… ერთმანეთს თვალს არ აცილებდნენ… ანდროს რეაქცია არც იმ გოგონას გამოჰპარვია. კარისკენ გამოიხედა…
ლამაზი იყო…

ამ დროს სავარძელი ადგილიდან დაიძრა და უკან მოიტოვა პალატაც და პაციენტიც…
თეის საავადმყოფოს შესასვლელთან ოჯახის წევრები ელოდებოდნენ…

***
ღამით, როდესაც ანდრო მარტო დარჩა პალატაში, სანიტარმა მას ცალხაზიანი რვეულის დაკეცილი ფურცელი გადასცა, წერილი, რომელიც თეიმ წინა ღამეს დაწერა:

– “ბავშვურ სიყვარულს სიყვარულად არ თვლიან… მაგრამ, ემოციურ დონეზე, ის ყველაზე ძლიერია!.. (ჰო, მართლა! – დამავიწყდა მეთქვა, მე არც ბავშვობაში ვყოფილვარ კონტაქტური… ალბათ, ასეთი დავიბადე) ეზოში, მხოლოდ ერთი ბიჭის გულისთვის ჩავდიოდი, რომელიც ჩემი მეზობელი იყო… ერთად არ ვთამაშობდით, მაგრამ ყოველთვის რაღაცნაირად მიყურებდა…

ჩემზე უფროსი იყო, სამი წლით… მხოლოდ ერთხელ გამომელაპარაკა და მითხრა: – “შეგიძლია ფლომასტერები მათხოვო?”.. – ღმერთო! ყველაფერს მივცემდი მაშინ, რომ ფლომასტერები მქონოდა… რომ სხვა პასუხის გაცემა შემძლებოდა… – “არ მაქვს”, – ვუთხარი და… – სულ ეს იყო ჩვენი დიალოგი… – პირველიც და უკანასკნელიც…

ყოველდღე ვნანობდი, რატომ არ ვიყავი უფრო თამამი…

ერთ საღამოს გადავწყვიტე, რომ რაღაც გამეკეთებინა… მთელი ჩემი გამბედაობა მოვიკრიბე და მისკენ გავემართე… ბიჭებთან ერთად იჯდა სკამზე…

შებინდებული იყო. მეც არ ვიცი, რა დამემართა… უცებ ცეკვა დავიწყე… მხოლოდ მისთვის ვცეკვავდი… ისიც მიყურებდა! – არაფერი უთქვამს… ცეკვას მოვრჩი თუ არა, სახლში გამოვიქეცი…

რამდენიმე დღე აღარ ჩავსულვარ ეზოში, – მრცხვენოდა… ბოლოს, როგორც იქნა, გავბედე… ის არ იყო. ბავშვებს საიდანღაციდან მანქანის ძველი საბურავები მოეთრიათ და თამაშობდნენ. საბურავზე ფეხებით დავდიოდი… – “ბასანოჟკები” მეცვა და შავი მაზუთით სულ დამესვარა ფეხები…

… დანარჩენს თვითონ მიხვდები!

ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე დავუსვამ ჩემს თავს კითხვას: – “რატომ?”

– რატომ შევხვდით, თუ ერთმანეთს ავცდებოდით?… – რატომ არ ვაყიდინე დედას ფლომასტერები, როცა შემომთავაზა?.. – რატომ გავიარე იმ საბურავებზე? – რატომ დამეჯახე მანქანით შენ და არა სხვა?.. – რატომ შეგხვდი ისევ… – რატომ ახლა და არა მანამ, სანამ…

…ყოველ შემთხვევაში, ის მაინც მეცოდინება ზუსტად, რომ არსებობ! ხარ სადღაც…

– ან იქნებ სულაც არ არის აუცილებელი მეორე ნახევართან ერთად ცხოვრება?..
კითხვები ბევრი მაქვს და პასუხები არც ერთი…

– გახსოვს, “ბიინაოს” ფრინველები?.. ის, ნახევარჩიტები? რომლებიც მხოლოდ მაშინ აფრინდებიან, როცა ერთმანეთს იპოვიან და შეერთდებიან?..

თურმე, ნახევარჩიტსაც შესძლებია არსებობა! – უბრალოდ, ის ვერასოდეს შეძლებს ფრენას…

შენი თეი…”

დასასრული

Advertisements

3 thoughts on “ღამურების სახლი – გამოღვიძებული (დასასრული)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s