მწერალთა სასახლის სევდიანი ისტორია

Image

შენობის ისტორიის ციკლი გრძელდება. ამჯერად, ერთ სახლზე მოგითხრობთ, რომელსაც მრავალფეროვანი ისტორია აქვს. ეს შენობა ყველას გეცოდინებათ. თბილისის ერთ-ერთი საინტერესო საერო ძეგლის ისტორია, ცნობილი მეწარმისა და მეცენატის – დავით სარაჯიშვილის სახელს უკავშირდება.

1903-1905 წლებში, სოლოლაკში, ივანე მაჩაბლის #13-ში, საცხოვრებელი სახლი აშენდა. შენობის არქიტექტორი – გერმანელი კარლ ცაარი გახლდათ.

თბილისის ხუროთმოძღვრებაში, მოდერნიზმის ერთ-ერთ პირველ ნიმუშს ეს სახლი წარმოადგენს. 1916 წლიდან აქ ასევე ცნობილი კომერსანტი აკაკი ხოშტარია ცხოვრობდა, 1921 წელს, სახლში ხელოვანთა კავშირის მთავარი კომიტეტი, მოგვიანებით კი საქართველოს მწერალთა კავშირი განთავსდა.

მაღალი მანსარდით დახურული ორსართულიანი ნაგებობა ხელოვნური ქვით არის მოპირკეთებული. სტილისტურად კი, მოდერნისა და ბაროკოს ელემენტებს ითავსებს. ეზო-ბაღისკენ თბილისისთვის ტრადიციული ღია ხის აივნებით არის მიმართული, რომელთა დეკორი განსაკუთრებული მხატვრულობით გამოირჩევა.

სახლს მრავალფეროვანი ისტორია აქვს. „მწერალთა კავშირი“ XX ს-ის საქართველოს ისტორიის დრამატული მოვლენების ეპიცენტრი იყო. მისი კედლები მრავალი ამაღელვებელი და ტრაგიკული ეპიზოდის მოწმეა, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის მის მემორიალურ ღირსებას.

შენობის ფასადზე უხვად გამოიყენება ტალღოვანი ფრონტონები, ნაძერწი ნიჟარები და მცენარეული ორნამენტი, ასევე ქალის თავის გამოსახულებიანი კონსოლები.

სარაჯიშვილს სურვილი ჰქონდა, რომ სახლი მწერლებისთვის გადაეცა, იმისთვის, რომ ხელოვანების შეკრების ადგილი ყოფილიყო. როდესაც შენობა აკკაკი ხოშტარიას საკუთრება გახდა, მან სახლი, თავისი ავეჯით, პაოლო იაშვილლს, ტიციან ტაბიძეს, კოტე მაყაშვილსა და სხვებს გადაულოცა.

მწერალთა კავშირის დამფუძნებლები – კოტე მაყაშვილი, პავლე ინგოროყვა, ტიციან ტაბიძე, გალაკტიონ ტაბიძე, პაოლო იაშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, შალვა დადიანი და გერონტი ქიქოძე არიან.

ყველაზე ამაღელვებელი და სევდიანი ისტორია, ამ ლამაზ შენობაში მოხდა.

როგორც მოგეხსენებათ, 30-იანი წლების რეპრესიები ყველა კლასს და სოციალურ ფენას შეეხო, მაგრამ განსაკუთრებით ინტელიგენცია დაზარალდა. რეპრესიის მსხვერპლნი გახდნენ გამოჩენილი მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი, ცნობილი დირიჟორი ევგენი მიქელაძე, ლიტერატურათმცოდნე ვახტანგ კოტეტიშვილი, სახელგანთქმული პოეტები პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე და სხვები.

ქართული კულტურის მოღვაწეთა დიდმა ნაწილმა, მრავალი წელი გადასახლებებში და ციხეებში გაატარა. პოლიტიკური რეპრესიები უმკაცრესად შეეხო ქართველ ბოლშევიკებსაც და ბევრი მათგანი სიკვდილით იქნენ დასჯილი.

ქართველ მწერალთაგან, პირველი, რომელიც რეპრესიებმა შეიწირეს, პაოლო იაშვილი იყო. ქართველი პოეტი, მთარგმნელი და ესეისტი.

ეს ტრაგედია მოულოდნელი არ ყოფილა. იგი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, ნელ-ნელა და თანდათანობით მზადდებოდა. გარდა შემოქმედებითი დისკუსიებისა, რომელსაც პაოლოს – „იდეოლოგიური მავნებლობის“ გამო უმართავდნენ, მკაცრად აკრიტიკებდნენ ახლო ურთიერთობისათვის „ხალხის გამომჟღავნებულ მტრებთან“: – ჯიქიასთან, ლომინაძესთან, ელიავასთან, აღნიაშვილთან. ხშირად იმართებოდა ხსდომები, სადაც მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი მსჯელობდა პოეტის „მოღალატოებრივ საქმიანობაზე“.

ბრალმდებლებად იქცნენ ძველი მეგობრები თუ თანამოაზრენი, ზიზღნარევი აღშფოთებით გმობდნენ „ხალხის მტრისა და დივერსანტის“ საქციელს და კატეგორიულად უსვამდნენ საკითხს, თუ მართალი ხარ დაგვიმტკიცეო.

ასე, ნელ-ნელა მზადდებოდა საფუძველი მისი ტრაგედიისათვის.

სანამ დააპატიმრებდნენ, პაოლო იაშვილმა, მწერალთა სახლში, 1937 წლის 22 ივლისს თავი მოიკლა.

მიხეილ ჯავახიშვილს უთქვამს: – „ის ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობა“-ო.

საბჭოთა ხელისუფლებამ, სხვა რომ ვერაფერი იღონა, მკვდარი პოეტიც არ დაინდო და სასამართლო მაინც მოუწყო.

სერგო კლდიაშვილის მოგონებიდან:

„1937 წელიწადი. ეს დღე უნდა გავიხსენო. მწერალთა კავშირში დაგვიძახეს. საღამო ხანია. არც თუ ბევრნი ვართ. თავმჯდომარეობს კავშირის თავჯმდომარე დემეტრაძე. აკაკი ბელიაშვილის საქმე უნდა გაირკვეს. ბრალდება აქვს ბელიაშვილს: სადღაც ცუდად უხსენებია სტალინი. ბელიაშვილი შეშფოთებულია. თავმჯდომარემ მოსთხოვა აღიაროს დანაშაული.

ბრალდებული კატეგორიულად უარყოფს და… დარბაზში სიჩუმეა. მხოლოდ ბელიაშვილის ხმა ისმის.

მესამე თუ მეოთხე რიგში გვერდიგვერდ ვზივართ პაოლო იაშვილი, ალექსანდრე ქუთათელი და მე. პაოლო ჩუმი ხმით მიმართავს ქუთათელს. სიგარეტს სთხოვს. ქუთათელმა მიაწოდა და ეუბნება: როდემდე უნდა იყო ჩემს ხარჯზე. პაოლო არაფერს პასუხობს. პაპიროსს მშვიდად ანთებს. ბელიაშვილი ისევ და ისევ უარყოფს ბრალდებას, მაგრამ თავმჯდომარე არ ეშვება და ისევ კატეგორიულად მოითხოვს, აღიაროს. რა თქვა სტალინზე. ისევ და ისევ ნერვიული, განწირული ხმა ბელიაშვილის. ის მოითხოვს გამოაცხადოს თავმჯდომარემ ვინ არის ის, ვისაც უთხრა. დარბაზში ისევ სიჩუმეა. მხოლოდ დემეტრაძის მოთხოვნა ისმის და ბელიაშვილის სასოწარკვეთილი ხმა…

მოითხოვს მთქმელი ამხილოს დემეტრაძემ.

პაოლო ადგა, კარებისკენ ნელა მიემართება და გადის.

„აღიარე“ – მოითხოვს დემეტრაძე.

– „რა ვაღიარო, არაფერი მითქვამს და რა ვქნა, რა ბრალდება ავიღო ჩემს თავზე“ – ხმას უმატებს ბელიაშვილი.

დარბაზში ისევ სიჩუმეა. ასე გავიდა რამოდენიმე წუთი.

უეცრად თითქოს სროლის ხმა ისმის…

ვინ გაისროლა, რა მოხდა? – ორიოდე წუთი და დერეფნიდან კივილი გაისმა. მხოლოდ ერთი (არ მინდა ვინაობა დავასახელო) ადგა და გაიჭრა გასასვლელისაკენ. ქალის კივილი შეწყდა. დარბაზში წამოდგნენ, მაგრამ არავინ მოელოდა, რომ ის ახალგაზრდა, რომელიც რამოდენიმე წუთის წინ გაიჭრა დარბაზიდან… შეშფოთებული შემოდის, შემობრუნდა და ყვირის: -„თავი მოიკლა, პაოლომ თავი მოიკლა!“

ამბის სანახავად დარბაზიდან გავვარდით. საშინელება დავინახეთ: მეორე სართულზე კედელთან ადამიანი იყო ჩამოკიდებულივით… იმ პატარა ოთახიდანაც, მემანქანეთა ოთახიდანმ საიდანაც ტირილი ისმოდა, ჩანდა, პაოლოს თავის ქალის უკანა ნაწილი იატაკზე ეგდო. სისხლი კედლიდან მოწვეთავდა. პაოლოს თოფის ლულა პირში ჰქონდა გაჩხერილი. ზევიდან რომ ჩამოვედი, ტიციან ტაბიძე დავინახე, სახე დაფარული ჰქონდა ხელისგულებით. დარბაზში მყოფნი ჩუმად ისხდნენ.“

მან ვერ გაუძლო ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ასეთ ტალღას და 1937 წლის 22 ივლისს, მწერალთა სასახლეში, თავისივე სანადირო თოფით თავი მოიკლა.

პაოლო იაშვილის ცხედარი დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე დაკრძალეს. საფლავი რომ არ დაკარგულიყო, კოლაუ ნადირაძემ და მისმა ერთმა მეგობარმა თავსა და ბოლოში ღვინის ორ-ორი ბოთლი დაფლეს და მეგობრის საფლავი ამგვარად შემოინახეს. მოგვიანებით, მისი ცხედარი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადმოასვენეს.

„ჩემო შვილო, ჩემო კარგო მამიკო

ჩემო სიხარულო და ბედნიერებავ, მედეა!

მაპატიე,

გემუდარები მაპატიე ეს უდიდესი დანაშაული შენს წინაშე, მთელი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე.

მთელი ღამე არ მიძინია, დაგჩერებოდი მძინარეს, მაგრამ თავის მოკვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა და ვერც შენ გადამარჩინე.

არავის დააბრალო ჩემი სიკვდილი. გაიზრდები, დაუფიქრდები ჩემს ბედს და დარწმუნდები, რომ ჩემი სიკვდილი სჯობდა, შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა.

გიყვარდეს დედა და ყველა ჩემი ახლობლები. ისინი არ დაგტოვებენ არც ერთი წუთით და რამოდენიმედ მაინც გაგიადვილებენ ობლობას.

მეტის წერა აღარ შემიძლია.

მშვიდობით, მამიკო.

მედეა, მედეა, მშვიდობით.

ისწავლე, იშრომე, ყოველთვის მართალი სთქვი, ეცადე სასახელო ქალი გამოხვიდე, გიყვარდეს სამშობლო, მუდამ გახსოვდეს შენი ახლობლები და შენი მამა.

შენი უსაზღვროდ მოყვარული მამა

22.07.37“

Leave a comment