“თამამშევის ქარვასლის თეატრის” ისტორია – “ფერიათა სასახლის” სევდიანი ბედი

267788_10150222816281044_3798359_nImage

შენობა, რომლის შესახებაც მინდა მოგითხროთ, აღარ არსებობს. მის ადგილას, თავისუფლების მოედანზე, ამჟამად ზურაბ წერეთლის “თავისუფლების მონუმენტი” დგას. ჩემი ინტერესი ამ ადგილის მიმართ ერთმა ფოტომ გამოიწვია, რომელზეც კარგად ჩანს გადათხრილი თავისუფლების მოედნის ქვეშ მოქცეული ძველი სარდაფების კედლები…

267370_10150222834031044_1962522_n

აქამდე არ ვიცოდი, რომ თურმე, თავისუფლების მოედნის ქვეშ დანგრეული ქარვასლის უზარმაზარი სარდაფებია.

არარსებული შენობის ძიებამ ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ ამბავთან მიმიყვანა, რომელიც 1847 წლის აპრილში დაიწყო.

როგორც მოგეხსენებათ, 1844 წელს კავკასიის მთავარმართებლად გრაფი მიხეილ ვორონცოვი დაინიშნა, რომლის ისტორიაც ჩვენი ჟურნალის წინა ნომერში გაგაცანით. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი მრავალ, სხვადასხვა სახის კულტურულ წამოწყებას საქართველოში. ჩვენი ქვეყნის კულტურულ განვითარებაში მას ლომის წილი უდევს.

იმ პერიოდში ქალაქს არ ჰქონდა სრულყოფილი თეატრი. რუსული წარმოდგენები მეფისნაცვლის სასახლის გვერდით, ყოფილ თავლაში იმართებოდა, რომელიც თეატრის ასპარეზად იყო გადაკეთებული. მოსახლეობის კულტურული დონე ძალიან დაბალი იყო. მიხეილმა გადაწყვიტა, აეშენებინა თეატრის შენობა. მან შეარჩია ადგილი – ერევნის მოედანზე (დღევანდელი თავისუფლების მოედანი) არსებული ტერიტორია, რომელიც ქართველი თავადი ესტატე ციციშვილის კერძო საკუთრებაში შედიოდა. მოლაპარაკების საფუძველზე ესტატე ციციშვილმა “ორ დოშად და ორი კაცის საკაბეთ” გაყიდა მიწის ნაკვეთი.

ხაზინას არ გააჩნდა თეატრის ასაშენებელი ბიუჯეტი. ამიტომ მისი აგება სავაჭრო დუქნების ქირის ხარჯზე გადაწყვიტეს. გეგმა ითვალისწინებდა ოთხსართულიანი ქარვასლის აგებას. ცენტრალურ ადგილს თეატრი დაიკავებდა, რომლის გარშემოც განლაგებული იქნებოდა მაღაზიები, სადაც ბაზაზხანის მოვაჭრეები შევიდოდნენ. თეატრი, თავისი შემოსავლით, ქალაქის საკუთრება უნდა ყოფილიყო.

404673_10150465347131044_1285077444_n268438230

ბაზაზებმა არ ისურვეს ძველი ტფილისის დატოვება, რადგან იქ მათ თავიანთი მუშტარი ჰყავდათ და ადგილის გამოცვლით გამოწვეული მოსალოდნელი გაკოტრების შეეშინდათ. ვორონცოვმა თხოვნით კერძო პირებს მიმართა. მხოლოდ ერთმა მათგანმა, თბილისელმა ვაჭარმა გაბრიელ თამამშევმა გამოთქვა სურვილი, მხოლოდ ერთი პირობით. მას სანაცვლოდ უსასყიდლოდ უნდა გადასცემოდა შენობის მიერ დაკავებული 1000 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთი.

თეატრის მშენებლობა 1847 წლის 15 აპრილს დაიწყო და მხოლოდ 4 წლის შემდეგ დასრულდა. მშენებლობას სპეციალურად მოწვეული იტალიელი არქიტექტორი ჯოვანი სკუდიერი ხელმძღვანელობდა. მშენებლობისას გამოყენებულ იქნა ევროპული თეატრალური არქიტექტურის გამოცდილება, ეგრეთ წოდებული აივნიანი თეატრის ტიპი ღრმა სცენით. თეატრი 700-მდე მაყურებელს იტევდა. კომერციული მიზნით, მას დამატებული ჰქონდა მაღაზიები და სავაჭრო საწყობები, რის გამოც “ქარვასლის თეატრი” შეარქვეს.

ძველი მერიის შენობის მხრიდან, ქარვასლა-თეატრი – ოთხსართულიანი, ხოლო ჩრდილოეთის მხრიდან სამსართულიანი გახლდათ. შენობის ქვეშ სარდაფები იყო. პირველ სართულზე 6 საცხოვრებელი ოთახი და 29 დუქანი იყო განლაგებული; მეორე სართულზე – 29 დუქანი, 16 საწყობი და ფულის გადასახურდავებელი 2 დუქანი; მესამე სართულზე – 19 მაღაზია, 80 შესანახი კარადა, ფულის გადასახურდავებელი 4 დუქანი; მეოთხე სართულზე კი – 21 მაღაზია ანტრესოლებით. სულ 266 დიდი და მცირე ზომის სავაჭრო სათავსო იყო.

p1030979

თეატრს შენობის ცენტრალური ნაწილის მეორე და მესამე სართული ეკავა. მთავარი შესასვლელი მოედნის დასავლეთ მხარეს ჰქონდა. თეატრის ფასადი იტალიური არქიტექტურის სტილში იყო გადაწყვეტილი, ხოლო ინტერიერი აღმოსავლური გახლდათ. მაყურებელთა დარბაზი და ფოიე გაფორმებული იყო მხატვარ, თავად გრიგოლ გაგარინის ესკიზებით.

1851 წლის 8 ნოემბერს თეატრი გაიხსნა გრანდიოზული მეჯლისით, რომელსაც თბილისის მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამავე წელს მოწვეულ იქნა იტალიური საოპერო დასი, რომელმაც სამი თვის მანძილზე 12 საოპერო დადგმა განახორციელა. ნოემბერში თბილისის პირველი საოპერო სეზონიც გაიხსნა. დამსწრე საზოგადოებამ წარმოდგენის შემდეგ მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ გადაინაცვლა, სადაც მთელი ღამე ტივებზე ქეიფში გაატარა, სეზონის გახსნის აღსანიშნავად.

1853 წელს ბალეტიც დაიდგა. ამ შესანიშნავმა თეატრმა მნიშვნელოვნად აამაღლა თბილისის კულტურული ცხოვრების საერთო დონე. XIX საუკუნის II ნახ-ში თბილისი, ფაქტობრივად, “ოპერომანიით” იყო შეპყრობილი.

იმპერატორისთვის გაგზავნილ წერილში მიხეილ ვორონცოვი წერდა: “არ შეიძლება, არ გავიკვირვოთ ის გარემოება, რომ 6 წლის წინათ საქართველოში არამც თუ არც ერთი თეატრი არ არსებობდა, არამედ არც არავინ ფიქრობდა ასეთ სანახაობაზე. მიმდინარე წელს კი ტფილისში არსებობს 3 თეატრი და აქაურმა ხალხმა, რომელიც, სხვათა შორის, კარგად ითვისებს ყველაფერ მშვენიერსა და კარგს, იტალიური ოპერა აღფრთოვანებით მიიღო.

მომსახურება, რომელიც ამ რამდენიმე ხნის წინათ ნახევრად ველური სპარსული მუსიკის გარდა სხვა სიმღერებს არც კი იცნობდა, აღტაცებული იყო როსინის, ბელლინის და დონიცეტის ოპერებით. ბევრ სახლში და წარმოიდგინეთ, ქუჩებშიაც კი, ისმის იტალიური მუსიკის მოტივები და ბევრი სამხრეთელი ადგილობრივი “ტუზემცი” სწავლობს სიმღერას და მუსიკას იტალიური ოპერის აქტიორებისაგან, – ქალებისაგან და ვაჟებისაგან”.

მიხეილ ვორონცოვისაგან განსხვავებით, ტფილისში მოღვაწე რუსი მოხელეები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ ქართული თეატრის მიმართ. მათი აზრით, ქართული თეატრი “აბორიგენი” ქართველების საბოლოო გარუსებას ხელს ძალიან შეუშლიდა, რაც ცხადია, ეწინააღმდეგებოდა იმპერატორის კარის ფარულ ინსტრუქციას.

თბილისში ჩამოსული ცნობილი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა თავის წიგნში “კავკასია” წერდა: “უნდა გამოგიტყდეთ, რომ ვესტიბიულში შესვლისთანავე განცვიფრებაში მომიყვანა ორნამენტის სადა და დახვეწილმა სტილმა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს პომპეუსის თეატრის ვესტიბიულში შევედი. ზემოთა ფოიეში ორნამენტი არაბული ჩუქურთმით შეიცვალა. შევედით დარბაზში, რომელიც ფერიათა სასახლე გეგონებოდათ, არა მისი მდიდრული მორთულობით, არამედ იმით, რომ უფაქიზესი გემოვნებითაა შესრულებული. შესაძლებელია, იქ სულ ასი მანეთის ვარაყიც კი არ არის დახარჯული, მაგრამ უყოყმანოდ შეიძლება ითქვას, რომ თბილისის სათეატრო დარბაზისთანა თვალწარმტაცი დარბაზი ჩემს სიცოცხლეში არსად მენახა… ფარდა საუცხოოა (ისიც გ. გაგარინს ეკუთვნოდა).

tiflis_city_theater2c_curtain

მოხატულობის ცენტრში აღმართულია ქანდაკების კვარცხლბეკი, ზედ დახატული ჯგუფით, რომელიც მაყურებლისაგან მარჯვნივ წარმოადგენს რუსეთს, მარცხნივ კი საქართველოს. რუსეთის ჯგუფში მოჩანს პეტერბურგი და ნევა, მოსკოვი თავისი კრემლით, ხიდები, რკინიგზები, გემები, ცივილიზაცია. საქართველოს მხარეზე მოჩანს თბილისი თავისი ციხის ნანგრევებით, ბაზრებით, წამოშვერილი კლდეებით, თავისი ბობოქარი, დაუოკებელი მტკვრით, სპეტაკი ცითა და მთელი თავისი პოეზიით. კვარცხლბეკის ძირში, რუსეთის მხარეზე მოჩანს კონსტანტინეს ჯვარი, წმინდა ვლადიმერის დევნა, ციმბირის ბეწვები, ვოლგის თევზები, უკრაინის ხორბალი, ყირიმის ხილი, ესე იგი, რელიგია, მიწათმოქმედება, კომერცია, სიუხვე.

საქართველოს მხარეზე მოჩანს საუცხოო ქსოვილები, შესანიშნავი იარაღი, ვერცხლის სევადიანი თოფები, სპილოს ძვლითა და ოქროთი დამშვენებული ხანჯლები, ვარაყიანი ხმლები, ოქროცურვილი ვერცხლის კულები, სადაფით მოჭედილი ჩონგურები, დოლები სპილენძის ეჟვნებით, შავი ხის ზურნა, ესე იგი, სამკაული, ომი, ღვინო, ცეკვა, მუსიკა…”

სამწუხაროდ, ზღაპრულმა თეატრმა მხოლოდ 23 წელი იარსება. 1874 წლის 11 სექტემბერს თეატრ-ქარვასლას ხანძარი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. ვინაიდან იმ დროს არ არსებობდა სახანძრო ჯგუფი, ხანძრის ჩაქრობა შეუძლებელი გახდა. თუმცა, აღსანიშნავია მეთულუხჩეების (წყლის მზიდავები, რომლებიც ცხენზე ან ვირზე დამაგრებული თულუხებით (ტიკი) ეზიდებოდნენ წყალს) თავდაუზოგავი შრომა, რომლებიც 16 საათის განმავლობაში ეზიდებოდნენ წყალს მდინარე მტკვრიდან.

193722995630290793tw2

გრიგოლ ორბელიანი: “დაიწვა თამამშევის ქარვასლა და მასთან ჩვენი თეატრი… მხოლოდ იმ ღამეს შევიტყვეთ, რომ თბილისში არ ყოფილა პაჟარნი კამანდა. შეგროვდა ხალხი და მწუხარებით შეჰყურებდა, როგორ ადიოდა ალი ვარსკვლავებამდის…”

იოსებ გრიშაშვილი: “1874 წლის 11 ოქტომბერს “ერევნის მოედნის” მახლობლად დიდი ჩოჩქოლი ატყდა. ამ საღამოს თეატრში უნდა დაედგათ “ნორმა”. არტისტებს უკვე გრიმი ჰქონდათ გაკეთებული, რომ უცბად ქარვასლის შენობაში გაჩნდა ცეცხლი. პირველი ალი ამოვარდნილა ლაზარევის მაღაზიიდან. ეს ყველას უკვირდა, რადგან მაღაზიები ადრე იკეტებოდა და მთავრობის განკარგულებით, არასდროს სანთელანთებულნი არ ვაჭრობდნენ. როგორც შემდგომ გამოძიებამ დაამტკიცა, ქარვასლის ვაჭრებს მაინცადამაინც როდი ეპიტნავებოდათ სავაჭრო სახლის შუაგულში თეატრის არსებობა. თურმე გაკოტრების მიზნით, ვინმე ლაზარევს თავის სავაჭროში შუქი განზრახ დაუტოვებია.”

გაზეთი დროება: “გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ ცეცხლი თამამშევის ქარვასლას თავისით ან შემთხვევით არ გასჩენია. ზოგიერთმა გარემოებამ და მოწმეების ჩვენებამ დაარწმუნა გამომძიებელი, რომ ამ საქმეში ვაჭარი ი. ლაზარევი უნდა ყოფილიყო დამნაშავე”.

სასამართლომ ლაზარევს 9 წელი კატორღაში მუშაობა და შემდეგ ციმბირში გადასახლება მიუსაჯა.

1879 წელი – ქარვასლის შენობა თეატრალური სათავსოს გარეშე აღადგინეს.

1934 წელი – მოედნის გაფართოების მიზნით ქარვასლა დაანგრიეს.

2013 წელი – სამწუხაროა, რომ ბევრს წარმოდგენაც კი არა აქვს ამ ისტორიული შენობის შესახებ, რომელსაც უნდა ვუმადლოდეთ ჩვენი კულტურული დონის განვითარებას.

(სტატიაში გამოყენებულია ფოტომასალა გოგა ქართველიშვილის (იგივე ტემპერას) პირადი არქივიდან. ასევე, გარკვეული ინფორმაცია თენგიზ ვერულავას ნაშრომიდან).

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s