“ეშმაკის სახლი” ინგოროყვას ქუჩაზე – მისტიკა თუ რეალობა

P1130153  ვაგრძელებთ ძველი, უცნაური სახლების ისტორიათა ციკლს – სახლების, რომელთაც საინტერესო და უცნაური ლეგენდები უკავშირდება. “ერთი ღამის სასახლიდან” – საკმაოდ შემზარავი სახელწოდების მქონე სახლზე გადავინაცვლებთ, რომელსაც ჩვენამდე მოღწეული ლეგენდების გამო – “ეშმაკის სახლი” შეარქვეს.
სახლი, რომელიც ინგოროყვას (ყოფილი დერჟინსკის ქ.) # 6-ში მდებარეობს, ვიზუალურადაც საკმაოდ მისტიკურია. განსაკუთრებით – მზის ჩასვლის შემდეგ. გარე ფასადზე იდაყვებზე დაყრდნობილი რქიანი და წაწვეტებულყურებიანი ფიგურაა გამოქანდაკებული, რომელიც საკმაოდ მრისხანე გამომეტყველებით გადმოჰყურებს გზას. მაცხოვრებლები ამ ფიგურას ეშმაკს ადარებენ, მაგრამ სინამდვილეში, ეს მითოლოგიური პერსონაჟი – პანი გახლავთ. პანის გამოსახულება ხშირად გამოიყენებოდა არქიტექტურაში.

esh

სახლზე კიდევ რამდენიმე პატარა უცნაური არსების თავებია გამოსახული. ზემოთ კი სხვენია, სადაც გადმოცემის თანახმად, მრავალი წლის წინ სომეხმა გოგონამ თავი ჩამოიხრჩო. სახლის შესახებ ასეთი ლეგენდა არსებობს:

XIX საუკუნეში სომეხმა ვაჭარმა ააშენა ეს სახლი. ის სატანიზმის მიმდევარი იყო. გოგო, რომელმაც სხვენზე თავი ჩამოიხრჩო, ერთი ვერსიით, მისი ცოლი იყო, მეორეთი კი – ქალიშვილი. სახლს აქვს სარდაფი და საიდუმლო გვირაბი, რომელსაც სარიტუალო დარბაზში მივყავართ.

ზოგი იმასაც ამბობს, რომ სახლის შიგნით დიდი ეშმაკის ფიგურაა, რომლის ფეხები სარდაფში მთავრდება, თავი კი – სხვენზე. სახლში არის ბუხარის მსგავსი რაღაც, რომელზეც ბავშვის ფიგურაა გამოსახული. გავრცელებული ვერსიით, სწორედ ეს უნდა იყოს საიდუმლო გვირაბში ჩასასვლელი კარი.

fechis detali

იმასაც კი ამბობენ, რომ თბილისში 10 სახლია, რომელშიც მსგავსი ბუხარი და გვირაბია. სახლები კი პენტაგრამას ქმნის, რომლის შეერთების ადგილიც დიდი სარიტუალო დარბაზია – რა თქმა უნდა – მიწის ქვეშ. შემზარავია, არა? ამავდროულად, ძალიან საინტერესოც.

მახსოვს, პირველ კურსზე ვსწავლობდი, როდესაც პირველად გავიგე ამ სახლის არსებობის შესახებ. ჩემი ჯგუფელი სახლთან ახლოს ცხოვრობდა და ყოველდღე უწევდა ამ ქუჩით სიარული. სწორედ მისგან შევიტყვე, რომ ასეთი სახლი არსებობდა. თურმე, მთელი მისი ბავშვობის პერიოდში სახლის შავი ფარდები შიშის ზარს სცემდა და როდესაც სკოლაში მიდიოდა და უკან ბრუნდებოდა, ერთ-ერთი ფანჯრიდან მოხუცი ქალი იყურებოდა.

სტუდენტობის დროსაც კი ახსენა, ის ქალი ისევ იყურება ხოლმე და ისევ ისე გამოიყურება, როგორც მაშინო. ერთხელ წავედით კიდევაც სანახავად. საღამო იყო და სახლი ზუსტად ისეთი შემზარავი იყო, როგორიც მისტიკურ ფილმებშია ხოლმე ნაჩვენები.

P1130152

იმასაც მოვკარი ყური, რომ ამ სახლში ვერავინ გაიხარაო. იმასაც ამბობდნენ, ავთო ვარსიმაშვილის სერიალი “სახლი ძველ უბანში” – სწორედ აქ მომხდარი ამბების ეკრანიზაციააო. მაგრამ ლეგენდები და ჭორები იქით იყოს, მთავარი სინამდვილეა. მეც გადავწყვიტე, რომ ძალ-ღონე არ დამეშურა რეალური ისტორიის გამოსარკვევად.

პირველად ბატონ ავთანდილს დავუკავშირდი. მან ეჭვი გამიქარწყლა და მითხრა, რომ როდესაც სცენარს წერდა, ამ სახლის შესახებ არაფერი იცოდა. შემდეგ საჯარო ბიბლიოთეკას ვესტუმრე.

წიგნები გამოვიწერე და სანამ გადავშლიდი, ტანში ჟრუანტელმა დამიარა. მთელი არსებით შევიგრძენი ის, რასაც ალბათ შერლოკ ჰოლმსის გმირი გრძნობდა, როცა მორიგ საიდუმლოს ხდიდა ფარდას. მორიგ ლეგენდას ან დავამსხვრევდი, ან პირიქით – გავამყარებდი!

წიგნიდან შევიტყვე, რომ შენობა იმ დროისთვის საკმაოდ ცნობილმა არქიტექტორმა – ალექსანდრე შიმკევიჩმა 1888 წელს ააშენა. მას ეკუთვნის თბილისის ყველაზე ლამაზი შენობები: – ისლამური სახლი (1885 წ.), კავკასიის აბრეშუმის სახლი (1892 წ.), საქართველოს უზენაესი სასამართლო (1894 წ.), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი (არქიტექტორ კ. ტატიშჩევთან ერთად; 1901 წ.), კონსერვატორია (1904 წ.), ანდრიოლეტის სახლი (1901 წ.), ფუნიკულიორის შენობა (არქიტექტორ ბლუშემთან ერთად; 1905 წ.), ბათუმის გიმნაზია (1897 წ.).

P1130140

შიმკევიჩი მასშტაბურ პროექტებზე მუშაობდა და არა საკუთარ სახლებზე. საინტერესო ის არის, ვისი შეკვეთით ააშენა ეს კერძო პატარა სახლი. შეიძლება, მართლა იყო ზემოთ ხსენებული სომეხი ვაჭრის დაკვეთა. შიმკევიჩის სხვა შენობების სურათებიც მოვიძიე, მაგრამ მსგავსი რქიანი ფიგურა ვერსად ვნახე.

ბიბლიოთეკიდან გეზი პირდაპირ ინგოროყვას 6-ისკენ ავიღე. სახლი რესტავრაციას საჭიროებს. მას 2 სადარბაზო აქვს – ერთი ეზოს მხრიდან, მეორე – ქუჩის. ეზოს მხრიდან პატარა სადარბაზოა, სადაც 3 ოჯახი ცხოვრობს. ქუჩის მხრიდან კი – გაცილებით დიდი.

ბუხარი თუ საჰაერო მილი, რომელიც საიდუმლო გვირაბში ჩასასვლელი უნდა ყოფილიყო, არც მეტი და არც ნაკლები, ჩვეულებრივი კედლის “ფეჩი” აღმოჩნდა, საიდანაც ძველად მთელ სახლს ათბობდნენ.

kedlisfechi

სხვენში ასასვლელი კი მართლა უცნაურად გამოიყურება. ის საკმაოდ მაღლაა და კიბე მოხსნილი აქვს, სავარაუდოდ იმისთვის, რომ ყოველ გამვლელ-გამომვლელს არ შეეძლოს ასვლა. კიბის გარეშე შეუძლებელია იქ მოხვედრა.

sxvanze asasvleli

როდესაც სურათებს ვიღებდი, იმ სახლში მცხოვრები ახალგაზრდა, ხალათიანი ქალი გამოვიდა და მკითხა – რა გაინტერესებთო. მე ავუხსენი, რომ ჟურნალისტი ვარ და სახლის ისტორიით დავინტერესდი. სანამ რაიმეს ვკითხავდი, თვითონ მოასწრო და მითხრა, რომ საკმაოდ დიდი ხანია, რაც ამ სახლში ცხოვრობს და არანაირი ეშმაკი არ მოლანდებია.

არც უცნაური ხმები გაუგია, არც საგნები გადაადგილდება და არც ნივთები დაფრინავს. არავითარი ეშმაკის ფეხები და კუდი არ არის სარდაფში. სხვენიც ჩვეულებრივია და თვითონ სახლიც – ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლია! ადრე სომეხმა გოგომ ჩამოიხრჩო თავი სხვენში და მას მერე აგორდა ჭორები.

სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებული მეც ვერაფერი შევამჩნიე, გარდა იმისა, რომ თვითონ შენობა საკმაოდ დამაინტრიგებლად გამოიყურება. თუმცა გამოგიტყდებით, უცნაური შეგრძნება მართლა მქონდა სახლის უცნაური აურის გამო, მაგრამ, არა მგონია, ამაში ეშმაკის ხელი ერიოს.

ძველად, ამ სახლში იმ დროის უმდიდრესი კაცი -ადელხანოვი ცხოვრობდა. მას თურმე საკუთარი კორტებიც ჰქონია, სადაც ჩოგბურთს თამაშობდა. ფოტოზე ის თავის მანქანასთან პოზირებს. ასეთი მანქანის ყოლა იმ დროს წარმოუდგენელი ფუფუნება იყო.

10800466_10202006341039414_359500513_o5215079133_faf31122f2_b5215645426_fdb97e1a93_b

სავსებით შესაძლებელია, შიმკევიჩისთვის მართლაც შეეკვეთა ვიღაცა სატანიზმის მიმდევარს ეს შენობა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ლეგენდა – ლეგენდად რჩება. რქებიანი ფიგურა კი მშვიდად განაგრძობს გამვლელ-გამომვლელის თვალიერებას…

ჟურნალი “და ქალი”

Advertisements

12 thoughts on ““ეშმაკის სახლი” ინგოროყვას ქუჩაზე – მისტიკა თუ რეალობა

  1. თეა, მადლობას გიხდით ასეთი საინტერესო ინფორმაციებისთვის. მეც დაინტერესბული ვარ ძველი შენობებით, მისტიკით და ყველაფერი ძველით.

    რადგანაც აქტიურად მიჰყავით ხელი, იქნებ ამ თემით დაინტერესდეთ: http://forum.ge/?showtopic=33982318 და სხვა სახლებზეც გაარკვიოთ რამე. კიდევ იყო რამდენიმე სახლი და თუ გამახსენდა, იმასაც დავწერ.

    • გამარჯობა 🙂 მაგ თემაზე დიდი ხნის წინ გავარკვიე უკვე. მოვძებნე გოგონა, რომელმაც გახსნა ეგ თემა და მითხრა, მე და ჩემმა ძმად მოვიგონეთ ეგ პენტარგამის ისტორია ადრეო. პატარები ვიყავითო. გარდა მაგისა, რუკაზეც ვნახე და შეუძლებელია, რადგან მტკვარი ჰყოფს. მანდ ჩამოთვლილი შენობებიდან სამში ნამყოფი ვარ და მსგავსი არაფერია. “ერთი ღამის სასახლე”-ში ამჟამად კინოს, თეატრის და მუსიკის მუზეუმია. 🙂

  2. )) თეა, ძალიან დიდი ბოდიში ისევ..ახლა ვნახე შემთხვევით თქვენი ბლოგი და ამიტომ კიდევ ერთ კომენტარს გავაკეთებ..ეს საფასადე ქანდაკება ეშმაკი არ არის. ეს ძველი ბერძნული მითების ერთერთი პერსონაჟია – პანი. არაფერი მისტიკური მასში არ არის. იმ პერიოდში, როცა ეს სახლი აშენდა ასეთი ქანდაკებებით სახლების ფასადების მორთვა მოდური იყო. თბილისში უამრავ სახლზეა მითების პერსონაჟების გამოსახულებები. )
    სახლი კი ტფილისელ ბანკირს დავიდ იუზბაშევს ეკუთვნოდა და 1990 წლებამდე იქ მისი ქალიშვილი ცხოვრობდა. სამწუხაროდ, დღეს სახლი სავალალო მდგონარეობაშია, არა და ძალიან ლამაზი და ისტორიული სახლია.

    • მეც მგონია რომ პანის ფიგურაა. სწორედ ამიტომ არ ვამტკიცებ სტატიაში, რომ ეშმაკია. “რქიანი ფიგურა” სპეციალურად დავწერე. და შევეცადე ლეგენდის საპირისპირო ხმარე მეჩვენებინა 🙂

  3. სახლი ძველ უბანში რომან პოლანსკის ფილმის ”როზმარის ბავშვის” რიმეიქია და არა ვარსიმაშვილის დაწერილი სცენარი

  4. გამარჯობათ, მე სხვა ვერსია მსმენია, ვერ ვიხსენებ ვისგან, მე ამ უბანში ბავშვები ეტიუდებზე დამყავდა და მსმენია რომ ეს ქანდაკება დაკვეთილი იყო ვიღაც ახალგაზრდა გერმანელი ქალის მიერ, იხუმრა და საძინებლის თავზე ეს გამოსახულება გაჩნდა

    • ბევრი ვერსიები არსებობს ამ სახლზე, მაგრამ სარწმუნო წყაროდან, სომეხმა ვაჭარმა ააშენებინა და ერთ დროს იქ კულტურის ცენტრი იყო 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s