“გრანდ ოტელის” ბურუსით მოცული საიდუმლო

Image

ზედ მშრალ ხიდთან, ხიდის ქუჩა #1-ში, ცნობილი სასტუმრო – “გრანდ ოტელი”, ერთ დროს მშვიდად განაგრძობდა ქართველი თუ უცხოელი სტუმრების მიღებას. ბაროკოული ეკლექტიზმის სტილში აშენებული სასტუმრო კლასიცისტურ ელემენტებს შეიცავდა.

მისი გრძივი ფასადი ხიდის ქუჩას მიუყვებოდა. მდინარე მტკვარს კი ლამაზი, ხისრიკულებიანი თბილისური აივნებით გადმოჰყურებდა. მაშინ მტკვარი ჯერ კიდევ მშრალი ხიდის ქვეშ მიედინებოდა. XX საუკუნის 30-იან წლებში მტკვრის ტოტი დაშრა, ხიდი კი შემორჩა და მას “მშრალი ხიდი” დაერქვა.

იმ პერიოდის სასტუმროებში ერთი წესი არსებობდა: სასტუმროს მეპატრონეს, გამქირავებელს არ ჰქონდა უფლება, რომ ერთ ნომერში შეეშვა წყვილი, ქორწინების დამადასტურებელი მოწმობის ნახვის გარეშე. სასტუმრო “გრანდ ოტელის” რეგისტრატორმა ერთადერთხელ დაარღვია წესი და საბუთების ნახვის გარეშე გააფორმა ახალგაზრდა წყვილი…

რამოდენიმე ხნის შემდეგ სასტუმროში იარაღის გასროლის ხმა გაისმა. ეს იყო 1901 წლის 23 მაისი.

26 მაისს გამოცემული გაზეთი “კავკაზი” იტყობინება: “გრანდ ოტელის” ნომერში დიდი ხანია ბინადრობს ვარშავის გუბერნიის მემამულე ვლადისლავ ემერიკი. ერთი თვის წინ ემერიკი სამშობლოში გაემგზავრა და ორ კვირაში დაბრუნდა. თან ახლდა მანდილოსანი და მისი 5 წლის ვაჟი.

ემერიკმა მანდილოსანი თავის დად გაასაღა და ისე ჩაასახლა სასტუმროში, რომ მისი დოკუმენტები არ წარმოადგინა. ქალბატონი აღმოჩნდა დაგნი პშიბიშევსკა, პოლონელი მწერლის, სტანისლავ პშიბიშევსკის მეუღლე. იმ საბედისწერო 23 მაისს ემერიკმა ბავშვი გამოიყვანა დედის ნომრიდან და ნაცნობს მიაბარა.

თვითონ დაგნი პშიბიშევსკასთან დაბრუნდა და კარი ჩაკეტა. მალე ოთახიდან წყვილი გასროლა გაისმა. კარი შეამტვრიეს. პოლიციელებს თვალწინ საზარელი სურათი წარმოუდგათ: ლოგინზე სისხლის გუბეში იწვა მსხვერპლი, – დაგნი პშიბიშევსკა. შუბლზე ნატყვიარი აჩნდა. საწოლის ახლოს, ხალიჩაზე იწვა ემერიკი, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა”…

Image1

მოკლული დაგნი იუელ პშიბიშევსკა – 34 წლის იყო. ის ულამაზესი ნორვეგიელი ქალი გახლდათ, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც დიდ ხელოვანთა შთაგონების წყარო – ედვარდ მუნკის, ავგუსტ სტრინდბერის, კნუტ ჰამსუნგის მუზა. დაგნი უკრავდა ფორტეპიანოზე, წერდა ლექსებსა და პიესებს. ის ევროპული ბოჰემის სული და გული იყო.

ბერლინში ცხოვრების პერიოდში ის ხშირად სტუმრობდა ღვინის სარდაფ “შავ გოჭს”, სადაც თავს იყრიდნენ ბომონდის ნიჭიერი წარმომადგენლები – მხატვრები, პოეტები, მუსიკოსები… დაგნის გულის დაპყრობას არაერთი მამაკაცი ცდილობდა. დაგნი ნორვეგიულად “ცისკრის ვარსკვლავს” ნიშნავს. ის ამ სახელს ნამდვილად ამართლებდა.

ერთ საღამოს ცნობილი ნორვეგიელი მხატვარი ედვარდ მუნკი თავის მეგობრებთან ერთად “შავ გოჭს” სტუმრობდა. ლუდს მიირთმევდა და ხელოვნებაზე საუბრობდა, როდესაც კარი ახალგაზრდა ქალმა შემოაღო, მის მაგიდას მიუახლოვდა, დაჯდა და ღვინით სავსე ბოკალი ერთი მოსმით გამოსცალა. სწორედ ამ საღამოს შემდეგ დაარქვეს მას “ბოჰემის დედოფალი”.

ექსტრავაგანტურად გამოწყობილი დაგნი ყველასგან განსხვავდებოდა. მომაჯადოებელ ღიმილს უხვად აფრქვევდა და მომენტალურად ატყვევებდა ირგვლივ ყველას.

artworks-000037552596-ahyvah-crop

დაგნი მუნკის მუზა გახდა. მას უკვე აღარ შეეძლო სხვა ქალის დახატვა და ყველა ტილოზე, ნებისმიერი ქალის პორტრეტს მას ამსგავსებდა. მოგვიანებით “შავ გოჭში” მუნკმა დაგნის შვედი მწერალი, ავგუსტ სტრინდბერგი გააცნო. ავგუსტსაც თავდავიწყებით შეუყვარდა დაგნი, მაგრამ მისგან უარი მიიღო. სწორედ ავგუსტისაგან გაიცნო დაგნიმ მომავალი ქმარი, ცნობილი პოლონელი მწერალი-სიმბოლისტი სტანისლავ პშიბიშევსკი.

დაგნის მეუღლე ედვარდ მუნკზე ეჭვიანობდა და ერთხელაც ის დუელში გამოიწვია, სადაც ტყვია მარჯვენა ხელში მოახვედრა და დამცინავად უთხრა: “აბა, ახლა ხატე, თუ ბიჭი ხარ!” მუნკმა მაინც შეძლო გაეგრძელებინა დაზიანებული ხელით ხატვა. დაგნისა და სტანისლავის ურთიერთობა კი არ აღმოჩნდა ბედნიერი…

d181d182d0b0d0bdd0b8d181d0bbd0b0d0b2-d0bfd188d0b8d0b1d18bd188d0b5d0b2d181d0bad0b8d0b9-dagny

მათ ორი შვილი შეეძინათ. დაგნის ქმარი ხშირად ღალატობდა. დაგნიმ ის მიატოვა, მაგრამ ბოლოს მაინც დაუბრუნდა. 33 წლის იყო, როდესაც სტანისლავის მეგობარს, ვლადისლავ ემერიკს შეუყვარდა. მას თბილისში საწარმოები ჰქონდა და ცოლ-ქმარი სტუმრად თავისთან მიიწვია. სტანისლავმა თავისი ცოლი და 5 წლის ვაჟიშვილი ემერიკს გააყოლა და დაპირდა, რომ თვითონ და მისი ქალიშვილი მოგვიანებით შეუერთდებოდნენ.

ასე აღმოჩნდა დაგნისთვის ის დღე საბედისწერო, როდესაც თბილისის სასტუმრო “გრანდ ოტელში” შედგა ფეხი…

ემერიკმა ორი წერილი დატოვა: ერთი დაგნის მეუღლის, ხოლო მეორე მისი 5 წლის ვაჟიშვილის სახელზე. არც ერთ წერილში მკვლელობის მიზეზი არ ჩანს. სტანისლავისთვის განკუთვნილ წერილში ის წერდა: “მე გავაკეთე ის, რაც შენ უნდა გაგეკეთებინა.

მე ვკლავ იმ მომენტში, როცა ის ამას ყველაზე ნაკლებად მოელის”… ეს სიტყვები საკმაოდ უცნაურად ჟღერდა გამოძიებისთვის. არსებობდა ვერსიაც, რომ ემერიკს მკვლელობა სტანისლავმა შეუკვეთა.

cgfa_munch2 jealousy_litho_3

მეორე, 5 წლის ზენონისთვის დატოვებულ წერილში ეწერა: “ის, პირველი დედოფალი, შენს წინაშე იყო მოთვინიერებული და მიაჩნდა, რომ შენ იყავი მთელი მისი ცხოვრების გამართლება”…

დაგნი იუელი იყო მუდამ თავგადასავლების მაძიებელი ქალი. მისი სიკვდილის შემდეგ სტანისლავ პშიბიშევსკი მისდამი მიძღვნილ წერილში “როცა მზე ჩადის”, წერს: “მისთვის სილამაზე, სიამაყე და გულწრფელობა ტრაგედია აღმოჩნდა. ის იყო ულამაზესი ყვავილი, რომელიც იშვიათად იფურჩქნება, მაგრამ განწირულია გასათელად”.

დაგნი იუელი დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე.

აი, ასეთ სევდიან ისტორიას ინახავს ახლა უკვე დროისაგან გაცვეთილი შენობა, რომელიც ხიდის ქუჩა №1-ში დგას და სანახევროდ შემორჩენილი, ლამაზი ხისრიკულებიანი თბილისური აივნებით გადაჰყურებს სამანქანო ტრასას…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s