იდეალური ქმარი (ნაწილი პირველი)

ღამის თერთმეტი საათია. მე და ჩემი ძვირფასი ქმარი დივანზე ვსხედვართ და საშინელებათა ფილმს ვუყურებთ. არა, მაინც როგორ მოსწონს ეს ჩეხვა-გლეჯა. მე კიდევ სისხლის დანახვაზე გული ისედაც მიმდის ხოლმე… ალბათ, ჩემს ჯიბრზე უყურებს.   ჰო, ნამდვილად ასე იქნება! ჯერ იმ თავისი “ხერხით” ხო გამიხერხა ნერვები… ყველა ნაწილი გადმოწერა და მაყურებინა. ახლა ეს საშინელება ჩართო. ამას იმიტომ აკეთებს, რომ ერთი კვირის წინ კინოში წაყვანა ვთხოვე… რა აუტანელია, ღმერთო ჩემო! ცდილობს, კინო შემაძულოს…

– უყურე ახლა, უყურე! მაგარი მომენტია!!! – ეკრანს შევხედე. კადრში საშინელი ურჩხული გამოხტა.

– ვაიმე, დედა! – შევყვირე.

– რა იყო, იცანი? – მითხრა და გადაიხარხარა.

– არ დაიხრჩო! – გაბრაზებული ავდექი და სამზარეულოში გამოვედი.

– ჩაი არ გინდა? – გამომძახა ოთახიდან.

– შენ თუ გინდა, პირდაპირ მითხარი!

– ჰო, კაი… მეც გამიკეთე…

ვუკეთებ. როგორ მიეჩვია ამ მირთმეულებს… თან შაქრის მორევასაც რომ აღარ კადრულობს. გამოლენჩებული სიფათით მეკითხება – “მორეულია”? და პასუხსაც აღარ ელოდება, ისე სვამს. არა, მისგან რა მინდა? ყველაფერი ჩემი ბრალია! ჩემი გათამამებულია! მიართვი-მოართვი. დილით გაუთოებული პერანგი დაახვედრე… ჰალსტუხსაც მე მაკვრევინებს. რაღა მე შემხვდა ასეთი უჟმური ქმარი?.. ღმერთო, რატომ მოახდინე ისე, როგორც მე მინდოდა და რატომ არ მოახდინე ისე, როგორც ჩემთვის უკეთესი იქნებოდა?.. რატომ დაუშვი ეს ქორწინება?.. რა დავაშავე ამისთანა, რომ მთელ დედამიწაზე ყველაზე უჟმური ქმარი მე მყავს?..

ისე, მარტო მე არა… ჩემს მეზობელ ლიასაც უჟმური ქმარი არ ჰყავდა?.. ისინი ცხოვრობდნენ დიდხანს და ცუდად! სიცოცხლის ბოლომდე “ეიაზვებოდნენ” ერთმანეთს. მერე, ერთ მშვენიერ დღესაც გარდაიცვალნენ, ერთმანეთის ჯიბრზე… – მე რომ არ მინდა ასეთი დასასრული?

ნერვები ამეშალა. ჩაის აღარ მოვურიე და ისე მივუტანე. კოვზი კი დავუდე მაინც, ლამბაქზე. ისევ იმ “უჟასს” უყურებს. ფინჯანი მექანიკურად გამომართვა. მეც სეირის საყურებლად დავდექი.

– მორეულია? – მკითხა და პასუხს არ დაელოდა, მოსვა. მოსვა და დაიჭყანა.

– შენი ჩაი მოსარევია! – ვუთხარი ამაყად, ზურგი ვაქციე და სამზარეულოში დავბრუნდი. სიამაყის გრძნობით ვარ აღვსილი. ამომივიდა ყელში მეც რაღაცეები… თუ სახლშია, ან გაზეთს კითხულობს, ან ტელევიზორს უყურებს. დიალოგის მცდელობას თავისი მოკლე და სარკაზმით აღსავსე პასუხებით დასაწყისშივე ჩაკლავს. ბავშვზე ხომ საერთოდ, არაფერში არ მეხმარება. მარტო – “მამიკო, უწუწუ-პუწუწუ, გენათალე”… ეგაა მამობა? ხანდახან ვფიქრობ, რომ ბავშვს ხელი დავავლო და ჩემებთან წავიდე… გავცილდე. მაგრამ, რომ ვუფიქრდები, ჩემებს პატარა ბინა აქვთ, ინტერნეტიც არ არის… კომპიუტერს კიდევ ეს ჟმოტი არ გამატანს. თან, მეზარება ეს აიბარგე-დაიბარგე.დაიწყება მერე, – აბა რა გეგონა, რა მიგარბენინებდა, რას თხოვდებოდი, რო თხოვდებოდი… ყველა რომ ჭკუას გარიგებს…

თავისუფლებას არაფერი ჯობია! ხშირად მახსენდება, როგორ წამიყვანა დედამ პირველ კლასში, დიდი ბაფთით თავზე და როგორ წამომიღო მამამ გამოსაშვები საღამოდან გატრეტილი მთვრალი… – რა ჯობია ბავშვობას…

ახლა გასცილდები ქმარს და ყველა ეჭვით დაგიწყებს ყურებას… სად იყავი, ვისთან იყავი, როდის წახვედი, როდის მოხვედი… მოკლედ, სტატუსი “განათხოვარი” არ მინდა!ისევ ამ უჟმურთან მირჩევნია ცხოვრება. თან, შევეჩვიე უკვე რაღაცნაირად… მაგას ჯობია, წავიდე სადმე და დავლიო. ალკოჰოლი აფართოვებს სისხლძარღვებს და მეგობრების წრეს. ცუდს არაფერს ვაკეთებ, პატიოსნება არ მაძლევს ამის უფლებას… ჩემს ქმარს კი არ ვგავარ, ამ მოღალატეს… ფაქტზე ვერ გამოვიჭირე, თორე მე ვიცი… დამამტკიცებელი საბუთი მინდა! ფაქტები! მერე ნახოს, როგორ ვაწრუწუნებ და ყველაფერს გავაკეთებინებ! ცუციკივით მეყოლება… რა ჰგონია თავი, ბოლოს და ბოლოს… ძუნწი ეს…უარესად ამეშალა ნერვები. იმისთვის გავთხოვდი, რომ სახლში ჯდომისა და მოწყენილობისაგან მოვკვდე?.. ამან კიდევ, იგულაოს!

ჯერ ის კახპა ჰყავდა, ბატივით კანი რომ ჰქონდა, მერე ჭორფლებიანი მარიკა. ესეც არ იკმარა და იმ მარიკას დაქალზე გადაერთო, მორივით სქელი კისერი რომ ჰქონდა! მერე ვინ ჰყავდა?.. მოიცა, მოიცა… ჰო, ჯუჯა თამრიკო. რამდენი რამე ვაპატიე! უარყოფდა ყველაფერს ვაჟბატონი… აქეთ გიჟი მიწოდა, მოჩვენებები გაქვსო… – მოიცა, მე ვიცი ახლა, რასაც ვიზამ!გამწარებულმა მასთან მივირბინე და სილა გავაწანი.  – ყველაფერი გავიგე! ამის გაკეთება როგორ შეძელი???

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s